ძებნის რეზულტატი:
სპიკერმა ჯონსონმა პირობა დადო, რომ განბლოკავს უკრაინას დახმარებას, მაგრამ - ფუნდამენტური ცვლილებებით
წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა მაიკ ჯონსონმა რესპუბლიკელ სენატორებთან საუბრისას განაცხადა, რომ პალატა მოამზადებს საკუთარ კანონპროექტს უკრაინის მხარდასაჭერად, ოღონდ მნიშვნელოვნად განსხვავებული ფორმით, ვიდრე სენატის მიერ უკვე დამტკიცებული პროექტია. ამის შესახებ The Hill-ი იუწყება. ოთხშაბათს გვიან ჟურნალისტებთან საუბრისას ჯონსონმა განმარტა, რომ „იმუშავებს იმისთვის, რომ პალატა შეთანხმდეს“ უკრაინის მხარდაჭერის გადაწყვეტაზე და გააცნობიეროს მისი მნიშვნელობა. „არავის უნდა ვლადიმერ პუტინის ხელში ჩავარდნა. მე ვფიქრობ, რომ ის არ გაჩერდება უკრაინაზე და წავა ევროპისკენ... ამ სიტუაციაში არის სწორი და არასწორი მხარე, სიკეთე ბოროტების წინააღმდეგ და უკრაინა არის მსხვერპლი,“ - აღნიშნა ჯონსონმა. სენატორების თქმით, რომლებიც ესწრებოდნენ დისკუსიას, ჯონსონმა განაცხადა, რომ პალატის კანონპროექტს შეუძლია, კიევს შესთავაზოს მხარდაჭერა სესხის ან Lend-Lease სახით ამერიკელი გადასახადის გადამხდელთა ინტერესების დასაცავად. პოტენციურ ახალ კანონპროექტს დასჭირდება საკმარისი ხმების მიღება როგორც პალატაში, ასევე სენატში. ამავდროულად, ჯონსონს არ უთქვამს, აპირებს თუ არა ამ პროექტში კიდევ ერთხელ ჩართოს შეერთებული შტატების სამხრეთ საზღვართან დაკავშირებით რაიმე წესი, რაც შესაძლოა, ისევ „წითელ ხაზად“ იქცეს დემოკრატებისთვის. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა, სესხის სახით დახმარების იდეაზე კომენტირებისას განაცხადა, რომ „უკრაინის დატვირთვა მილიარდი დოლარის საგარეო ვალით,“ სრულმასშტაბიანი ომის კონტექსტში შეუსაბამოა. NBC News: აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი და „რესპუბლიკელები“ უკრაინის დახმარების საკუთარ პაკეტს ამზადებენ
ზელენსკი მოხალისე მებრძოლებს: თქვენი სიმამაცით ვინარჩუნებთ ეროვნულ დამოუკიდებლობას
უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა უკრაინელ მოხალისეებს გამბედაობისთვის, რომლებიც ინარჩუნებენ ეროვნულ დამოუკიდებლობას. ამის შესახებ მან უკრაინელი მოხალისე მებრძოლების დღისადმი მიძღვნილ პოსტში ისაუბა. ზელენსკის ტექსტი მის Facebook-ზე გავრცელდა. „დღეს არის მათი დღე, ვინც არჩევანი გააკეთა უკრაინისთვის გადამწყვეტ მომენტში - არჩევანი ჩვენი ქვეყნისა და ხალხის დასაცავად. ჩვენი უღრმესი პატივისცემა ყველა უკრაინელს, რომელთა გამბედაობა ინარჩუნებს ეროვნულ დამოუკიდებლობას! კურთხეული და მარადი იყოს ყველას ხსოვნა, ვინც სიცოცხლე გასწირა უკრაინისთვის. დიდება უკრაინას!" - განაცხადა ზელენსკიმ. უმაღლესმა რადამ ეს დღესასწაული 2017 წლის 17 იანვარს შემოიღო, რათა პატივი მიაგონ უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დამცველთა გამბედაობასა და გმირობას, ხელი შეუწყონ საზოგადოებაში პატრიოტული სულისკვეთების შემდგომ განმტკიცებას.
სტოლტენბერგი საქართველოს ეწვევა
საქართველოს უახლოეს მომავალში NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ეწვევა. ეს განცხადება იენს სტოლტენბერგმა დღეს პრესკონფერენციაზე გააკეთა. სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ საქართველო NATO-ს ღირებული პარტნიორია. „ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ საქართველოს აქვს უფლება, ისევე როგორც ყველა სხვა ევროპულ ქვეყანასა თუ სახელმწიფოს, აირჩიოს საკუთარი გზა. საქართველოში რამდენჯერმე ვყოფილვარ. უახლოეს მომავალში კიდევ ერთხელ ვეწვევი საქართველოს, რათა კიდევ უფრო გავაძლიერო ჩვენი პარტნიორობა და მჭიდროდ თანამშრომლობის გზები განვიხილოთ. ჩემი გზავნილი საქართველოს მიმართ, რა თქმა უნდა, არის ის, რომ რეფორმები მნიშვნელოვანია და რომ NATO ეფუძნება ძირითად ღირებულებებს - დემოკრატიას, კანონის უზენაესობას. და რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე შეესაბამებოდეს ამ სტანდარტებს,“ – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
ალიანსის მასშტაბით, მოსახლეობის ორ მესამედს სურს, რომ უკრაინის მხარდაჭერა გაგრძელდეს - სტოლტენბერგის წლიური ანგარიში
NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ხუთშაბათს (2024 წლის 14 მარტი) 2023 წლის ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც ალიანსის მუშაობის ყველა ასპექტს მოიცავს. გენერალურმა მდივანმა გამოაცხადა საზოგადოებრივი აზრის ყოველწლიური გამოკითხვის შედეგები, რომელიც ასევე პირველად მოიცავდა გამოკითხვებს ფინეთიდან და შვედეთიდან. სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ NATO-ს მიმართ მხარდაჭერა ძალზედ ძლიერია - ატლანტის ოკეანის ორივე მხარეს. „მაგალითად, შეერთებულ შტატებში მხოლოდ 13 პროცენტი მისცემდა წინააღმდეგ ხმას. ჩვენი მოქალაქეების 80%-ზე მეტს მიაჩნია, რომ ჩრდილოეთ ამერიკამ და ევროპამ უნდა გააგრძელონ ერთად მუშაობა ჩვენი საერთო უსაფრთხოებისთვის. ეს შედეგები მიუთითებს, რომ ალიანსის მასშტაბით, NATO-ს მიმართ მტკიცე მხარდაჭერა ნარჩუნდება,“ აღნიშნა ალიანსის გენმდივანმა. მისივე თქმით, NATO-ს მოქალაქეები ასევე აგრძელებენ მტკიცე სოლიდარობის გამოხატვას მამაცი უკრაინელების მიმართ. ალიანსის მასშტაბით, მოსახლეობის ორ მესამედს სურს, რომ მათმა ქვეყანამ გააგრძელოს უკრაინის მხარდაჭერა. „ეს მხარდაჭერა „მნიშვნელოვანია, რადგან NATO-ს მოკავშირეები უზრუნველყოფენ მთელი სამხედრო დახმარების 99%-ს.“ 2023 წელს მოკავშირეებმა განაგრძეს უპრეცედენტო დონის მხარდაჭერა უკრაინასთვის. „პირველად, მოკავშირეებმა ასევე გაგზავნეს შორ მანძილზე მოქმედი სისტემები - UK Storm Shadow-ს და ფრანგული SCALP-ის რაკეტები და მოკავშირეები შეთანხმდნენ F-16-ის ტიპის თვითმფრინავების გაგზავნაზე.“ სტოლტენბერგმა დასძინა, რომ რამდენიმე მოკავშირემ ხელი მოაწერა ორმხრივ შეთანხმებას უკრაინასთან უსაფრთხოების შესახებ. მან ხაზგასმით აღნიშნა, „უკრაინას კიდევ უფრო მეტი მხარდაჭერა სჭირდება და მათ ეს სწორედ ახლა სჭირდებათ. „უკრაინელებს გამბედაობა ამოუწურავია. ტყვია-წამალი იწურება. ეს არის კრიტიკული მომენტი და პუტინისთვის გამარჯვების უფლების მიცემა მძიმე, ისტორიული შეცდომა იქნება. ჩვენ არ შეგვიძლია, დავუშვათ, რომ ავტორიტარულ ლიდერებს ძალის გამოყენებით შეეძლოთ წინსვლა,“ განაცხადა სტოლტენბერგმა. მოკავშირეები ევროპაში ჯამურად 470 მილიარდი დოლარის ინვესტიციას განახორციელებენ თავდაცვაში, რაც პირველად მათი ერთობლივი მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ს შეადგენს. „წელს, მოკავშირეთა ორი მესამედი დააკმაყოფილებს 2%-იან მიზანს, 2014 წელს მხოლოდ სამი მოკავშირის ნაცვლად. ველით, რომ მოკავშირეები გადადგამენ შემდგომ ნაბიჯებს უკრაინის მხარდასაჭერად, გააძლიერებენ NATO-ს თავდაცვას და გააღრმავებენ პარტნიორობას მთელ მსოფლიოში NATO-ს 75-ე საიუბილეო სამიტზე, რომელიც ივლისში გაიმართება,“აღნიშნა ალიანსის გენმდივანმა.
საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის დღის წესრიგი და თანამშრომლობის პერსპექტივები - დარჩიაშვილი ლუის ბონოს შეხვდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა შეხვედრა გამართა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის უფროს მრჩეველთან კავკასიის მოლაპარაკებების საკითხებში ლუის ბონოსთან. საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის მიმდინარე დღის წესრიგი და იმსჯელეს თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებზე. ხაზი გაესვა აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ. მხარეები მიესალმნენ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების ისტორიულ გადაწყვეტილებას. ამასთან, ყურადღება გამახვილდა რეგიონსა და მსოფლიოში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზე. საუბარი შეეხო საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში შექმნილ რთულ უსაფრთხოების და ჰუმანიტარულ მდგომარეობას. ამერიკულმა მხარემ გამოხატა მხარდაჭერა საქართველოს კონფლიქტის დარეგულირების სამშვიდობო პოლიტიკის მიმართ. ამ კონტექსტში განიხილეს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მიმდინარეობა.
ბაქო საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრების სამმხრივ შეხვედრას ხვალ უმასპინძლებს
15 მარტს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი, აზერბაიჯანელ და თურქ კოლეგებთან, ჯეიჰუნ ბაირამოვთან და ჰაქან ფიდანთან ერთად მონაწილეობას მიიღებს საქართველოს, აზერბაიჯანის რესპუბლიკისა და თურქეთის რესპუბლიკის თანამშრომლობის სამმხრივი ფორმატის საგარეო საქმეთა მინისტრების მეცხრე შეხვედრაში. საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეები განიხილავენ სამმხრივი ფორმატის ფარგლებში, ქვეყნებს შორის არსებული თანამშრომლობის საკითხებს და მისი გაძლიერების პერსპექტივებს. ყურადღება გამახვილდება თანამშრომლობის სამმხრივი ფორმატის ფარგლებში სექტორული კავშირების განვითარების შესაძლებლობასა და მის მნიშვნელობაზე, ისევე როგორც სამი ქვეყნის ჩართულობით მიმდინარე საერთაშორისო ხასიათის სატრანზიტო და ენერგეტიკულ პროექტებზე. სამმხრივი საგარეო საქმეთა მინისტერიალის ფარგლებში, ილია დარჩიაშვილი ორმხრივ შეხვედრებს გამართავს აზერბაიჯანელ და თურქ კოლეგებთან. დაგეგმილი შეხვედრის შესახებ პირველად, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაკან ფიდანმა თავის ქართველ კოლეგა ილია დარჩიაშვილთან ანკარაში შეხვედრისას ისაუბრა. საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრების სამმხრივი შეხვედრა გაიმართება
საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებას და ურთიერთთავსებადობის გაუმჯობესებას განვაგრძობთ - სტოლტენბერგის ანგარიში
NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გამოაქვეყნა ყოველწლიური ანგარიში, რომელშიც საქართველოზეც არის საუბარი. „საქართველო NATO-ს ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორი და ალიანსის წევრობის ასპირანტია. დროთა განმავლობაში, პრაქტიკული თანამშრომლობის ფართო სპექტრმა ხელი შეუწყო საქართველოს რეფორმების ძალისხმევას და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიზანს,“ – ნათქვამია ანგარიშში. მისივე თაანახმად, NATO-საქართველოს არსებითი პაკეტი არის საქართველოსთან პრაქტიკული თანამშრომლობის მთავარი ინსტრუმენტი. 2014 წელს უელსის სამიტზე მისი დამტკიცებიდან, ის გახდა NATO-ს ერთ-ერთი უმსხვილესი პაკეტი, რომელიც საქართველოს შესაძლებლობის გაძლიერებისკენ არის მიმართული. „უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის ომის შედეგად გაუარესებული უსაფრთხოების გარემოს კონტექსტში, რაც მნიშვნელოვნად აისახა საქართველოზე, NATO-საქართველოს ყოვლისმომცველი პაკეტი კიდევ უფრო გაძლიერდა 2023 წელს მადრიდის გადაწყვეტილების შესაბამისად, რათა საქართველო უზრუნველყოფილი იყოს მასზე მორგებული მხარდაჭერით. პაკეტისა და მისი 18 ინიციატივის შესრულება განაგრძობს საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებას და ურთიერთთავსებადობის გაუმჯობესებას. თებერვალში NATO-ს თავდაცვის მინისტრებმა მხარი დაუჭირეს ორ ახალ ინიციატივას, რომლებიც ფოკუსირებულია საწვრთნელ ობიექტებზე და ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიოლოგიურ და ბირთვულ თავდაცვაზე,“ – ნათქვამია ანგარიშში.
„რეფორმები მნიშვნელოვანია, NATO ეფუძნება ძირითად ღირებულებებს - დემოკრატიას, კანონის უზენაესობას“ - სტოლტენბერგის გზავნილი საქართველოს
საქართველოს უახლოეს მომავალში NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ეწვევა. ეს განცხადება იენს სტოლტენბერგმა დღეს პრესკონფერენციაზე გააკეთა. სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ საქართველო NATO-ს ღირებული პარტნიორია. „ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ საქართველოს აქვს უფლება, ისევე როგორც ყველა სხვა ევროპულ ქვეყანასა თუ სახელმწიფოს, აირჩიოს საკუთარი გზა. საქართველოში რამდენჯერმე ვყოფილვარ. უახლოეს მომავალში კიდევ ერთხელ ვეწვევი საქართველოს, რათა კიდევ უფრო გავაძლიერო ჩვენი პარტნიორობა და მჭიდროდ თანამშრომლობის გზები განვიხილოთ. ჩემი გზავნილი საქართველოს მიმართ, რა თქმა უნდა, არის ის, რომ რეფორმები მნიშვნელოვანია და რომ NATO ეფუძნება ძირითად ღირებულებებს - დემოკრატიას, კანონის უზენაესობას. და რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე შეესაბამებოდეს ამ სტანდარტებს,“ – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. შავი ზღვის ტერიტორიის სტრატეგიულ მნიშვნელობაზე კითხვის საპასუხოდ, სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ NATO მჭიდროდ თანამშრომლობს პარტნიორებთან უკრაინასთან და საქართველოსთანაც. NATO ეხმარება საქართველოს სანაპირო დაცვის მომზადებასა და განვითარებაში. „ასე რომ, რა თქმა უნდა, შავი ზღვის ირგვლივ არის NATO-ს სამი სანაპირო სახელმწიფო, ასევე არიან უკრაინა და საქართველო, როგორც მჭიდრო პარტნიორები, რა თქმა უნდა, NATO-ს ძლიერი წარმომადგენლობა ჰყავს შავ ზღვაში და შავ ზღვას დიდი სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. მე ძალიან მივესალმები იმ მიღწევებს, რომლებსაც მამაცმა უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მიაღწიეს რუსეთის შავი ზღვის ფლოტის უკან დახევით,“ აღნიშნა სტოლტენბერგმა.
პრემიერი: უწმინდესის დიდი ღვაწლით ქართული გალობა თავის კერას, ეკლესიას დაუბრუნდა, ანზორ ერქომაიშვილისა და მის თანამოაზრეთა დიდი მეცადინეობით კი, ეს უნიკალური მემკვიდრეობა მთელმა მსოფლიომ აღიარა
„ქართული გალობა ჩვენი უძველესი კულტურის ფასდაუდებელი მონაპოვარია. ქართული მრავალხმიანობა აერთიანებს, ერთი მხრივ, თითოეული ადამიანის უნიკალურობის, და მეორე მხრივ ადამიანებს შორის ჰარმონიის, სიყვარულის იდეას. მასში საუკეთესოდ ვლინდება ქართველი კაცის თვითმყოფადი ბუნება, მისი დამოკიდებულება მოყვასისადმი, სამშობლოსადმი თუ ზოგადად სამყაროსადმი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში, ქართული გალობის მრავალტომეულის წარდგენის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრემიერმა აღნიშნა, რომ ქართული გალობის ნამდვილი აღორძინება გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან დაიწყო. მისივე თქმით, ეს პროცესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს და სახელოვან მუსიკოსსა და ლოტბარს, ანზორ ერქომაიშვილს უკავშირდება. „ქართული გალობა იმ უზენაეს ქრისტიანულ იდეალებს გამოხატავს, რომლებიც ასწლეულების განმავლობაში ქმნიდნენ ქართულ იდენტობას. ქართული გალობის ტრადიციამ, ისევე, როგორც მთლიანად ჩვენმა კულტურამ, არაერთი რთული ისტორიული პერიოდი გამოიარა; საქართველოს დამოუკიდებლობის დაკარგვის შემდეგ ის გაქრობის საფრთხის წინაშეც კი აღმოჩნდა. დღეს ჩვენ უდიდესი მადლიერებით უნდა გავიხსენოთ ილია ჭავჭავაძე, დიმიტრი ყიფიანი, ფილიმონ ქორიძე, ზაქარია ფალიაშვილი და სხვა დიდი ქართველი მოღვაწეები, რომლებმაც უდიდესი წვლილი შეიტანეს ტრადიციული მრავალხმიანობის, მათ შორის გალობის გადარჩენასა და ჩვენამდე მოტანაში. ქართული გალობის ნამდვილი აღორძინება გასული საუკუნის 70-ანი წლებიდან დაიწყო. გალობის აღორძინება უპირველეს ყოვლისა ჩვენს პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს, ილია მეორეს და ჩვენს სახელოვან მუსიკოსსა და ლოტბარს, ანზორ ერქომაიშვილს უკავშირდება. საბჭოთა რეჟიმის ურთულეს პირობებში ეს საქმე ნამდვილ თავდადებას მოითხოვდა; უწმინდესისა და უნეტარესის დიდი ღვაწლით ქართული გალობა თავის კერას, ეკლესიას დაუბრუნდა, ხოლო ანზორ ერქომაიშვილისა და მის თანამოაზრეთა დიდი მეცადინეობით, ეს უნიკალური ქართული მუსიკალური მემკვიდრეობა მთელმა მსოფლიომ გაიცნო და აღიარა,“ - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა ბიძინა ივანიშვილს ქველმოქმედებისა და მრავალი წლის განმავლობაში ფოლკლორის ცენტრის მხარდაჭერისათვის. „დღეს ამ ტრადიციის განვითარებაში საკვანძო როლს ფოლკლორის ცენტრი ასრულებს. ცენტრმა საქართველოს მასშტაბით დააარსა სალოტბარო სკოლები. ცენტრი მხარს უჭერს სამეცნიერო კვლევებს გალობის შესახებ, ხელს უწყობს ახალგაზრდობის მეტ ჩართულობას ამ უმნიშვნელოვანეს საქმეში. მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომლის ქველმოქმედებამაც ამ საქმის კეთება შესაძლებელი გახადა და რომელიც მხარს უჭერდა ბატონ ანზორ ერქომაიშვილს და მის ცენტრს მრავალი წლის განმავლობაში. ცენტრის მიერ გაკეთებულ დიდ საქმეებს შორის გამორჩეული მნიშვნელობისაა ქართული საგალობლების სანოტო ჩანაწერების გაციფრება და ქართული გალობის ანთოლოგიის გამოცემა. დღეს ჩვენს წინაშეა თითქმის ათწლიანი, მართლაც ტიტანური შრომის შთამბეჭდავი შედეგი: ეს არის ანთოლოგიის 29 ტომი, 6 ათასზე მეტი საგალობელი, რომელთა უმრავლესობა პირველად დაიბეჭდა; ჩემთვის ცნობილია, რომ ეს დასახული მიზნების მხოლოდ ერთი ნაწილია, რადგან ჯერ ხელნაწერთა დაახლოებით ნახევარია გამოცემული. წინ კიდევ დიდი სამუშაოა და მინდა წარმატებები გისურვოთ ამ საშვილიშვილო საქმეში. მინდა ქართული გალობის ფონდის დამფუძნებელს, ბატონ ვანო ჩხარტიშვილს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ამ საქმეში შეტანილი ძალიან დიდი წვლილისთვის. მადლობას ვუხდი ყველას, ვისაც ანთოლოგიის შექმნაში საკუთარი წვლილი შეაქვს - ესენი არიან პროექტის ხელმძღვანელები, შემოქმედებითი ჯგუფი, მუსიკოსები, მეცნიერები; მადლობა თითოეულ თქვენგანს. პირადად ჩემი და საქართველოს მთავრობის სახელით მინდა გამოვთქვა კიდევ ერთხელ თანადგომა და გპირდებით მხარდაჭერას. მინდა გისურვოთ შემდგომი წარმატებები ამ ძალიან დიდ, საქვეყნო საქმეში,“ - განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი კობახიძე ანაკლიის პორტზე: ივნისიდან ვგეგმავთ ინფრასტრუქტურული სამუშაოს დაწყებას
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ინფრასტრუქტურული სამუშაოს დაწყება ივნისში იგეგმება. პრემიერის თქმით, მაისის ბოლოს გამოვლინდება ის კომპანია, რომელიც სათავეში ჩაუდგება სამუშაოს. „ანაკლიას რაც შეეხება, პროცედურები უკვე დაწყებულია. მაისის ბოლოსთვის სავარაუდოდ, გამოვლინდება ის კომპანია, რომელიც სათავეში ჩაუდგება სამუშაოებს. უფრო მეტიც, ჩვენ ვგეგმავთ, რომ უკვე ივნისიდან დავიწყოთ ინფრასტრუქტურული სამუშაოები. როგორც მოგეხსენებათ, მთავრობაც ახორციელებს ინვესტიციებს ანაკლიის პორტის განვითარების კუთხით, შესაბამისად, არამხოლოდ პროცედურებს დავასრულებთ, არამედ, ივნისიდან ვგეგმავთ კონკრეტული სამუშაოს დაწყებას ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით. პროცედურები დაიწყება მარტში. მარტი, აპრილი და მაისი დასჭირდება ტენდერის დასრულებას. მაისის ბოლოსთვის უკვე დასრულებული იქნება ტენდერის პროცედურა და ივნისიდან უკვე იქნება შესაძლებელი სამუშაოების დაწყება. ეს არის მკაფიო გეგმა, რომელიც აქვს მთავრობას და ამ გეგმას რა თქმა უნდა, გავყვებით,“ - განაცხადა პრემიერმა.
ძიუდოში მოქმედ ქართველ ჩემპიონს ერთწლიანი დისკვალიფიკაცია მისცეს
ძიუდოში მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი ლუკა მაისურაძე პარიზის ოლიმპიადაზე ვერ იასპარეზებს. ანტიდოპინგური სადისციპლინო საბჭოს გადაწყვეტილებით, 26 წლის სპორტსმენს ორგანიზმში აკრძალული ნივთიერების აღმოჩენის გამო, ერთწლიანი დისკვალიფიკაცია ექნება. როგორც საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტოს (GADA) ვებგვერდზე გამოქვეყნებული განცხადებაში წერია, სპორტსმენმა 2023 წლის 12 აპრილს, არასაშეჯიბრო ტესტირების დროს ჩააბარა ნიმუში, რომელიც გაიგზავნა მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს მიერ (WADA) აკრედიტებულ ლაბორატორიაში, გერმანიის ქალაქ კიოლნში. სადისციპლინო საბჭოს გადაწყვეტილებაში წერია, რომ გერმანულ ლაბორატორიაში მაისურაძის ნიმუშში „ოსტარინი” აღმოჩნდა, რომელიც WADA-ს აკრძალული სიის S1 კლასის მიხედვით ითვლება აკრძალულ განუსაზღვრელ (არა-სპეციფიკური) ნივთიერებად. სააგენტოში აცხადებენ, რომ ლუკა მაისურაძეს არ ჰქონდა თერაპიული გამოყენების გამონაკლისი , რომელიც გაამართლებდა მის ორგანიზმში აღნიშნული ნივთიერების არსებობას. დოკუმენტის თანახმად, აღნიშნულის შემდეგ, „ოსტარინის“ წყაროს აღმოსაჩენად, მაისურაძის და მისი გუნდის მიერ ჩატარებული გამოძიების ფარგლებში, გაკეთდა ყველა საკვები დანამატის ანალიზი, რომლებსაც ძიუდოისტი სინჯის ჩაბარების წინა პერიოდში იყენებდა. შედეგად, საკვებ დანამატ „Brain“ -ის გახსნილ ქილაში აღმოაჩინეს ზემოხსენებული აკრძალული ნივთიერება, რომელიც არ იყო მითითებული არც ეტიკეტზე და არც მწარმოებლის ვებგვერდზე. სააგენტოში აღნიშნავენ, რომ ლუკა მაისურაძის საკითხის შუალედური განხილვის დროს საქმეში წარმოდგენილი იყო საქართველოს ძიუდოს ეროვნული ნაკრების რეაბილიტოლოგის – დიმიტრი ბაღათურიას ახსნა-განმარტებაც, რომელიც აღნიშნავდა, რომ სპორტსმენი მასთან კონკრეტული ჩივილებით მივიდა მარტის ბოლოს და მისი მდგომარეობის გათვალისწინებით მოიძია ახალი ამერიკული პრეპარატი Brain. საბჭომ მიიჩნია, რომ ლუკა მაისურაძემ (მისმა რეაბილიტოლოგმა-დიმიტრი ბაღათურიამ) არ გამოიყენა სიფრთხილის ყველა ზომა, კერძოდ, არ ჰკითხა ნაკრების ექიმს(დიმიტრი ბაღათურია რეაბილიტოლოგია და არა ექიმი) და შემოიფარგლა მხოლოდ ინტერნეტის ზოგადი მონაცემებით (Google search). საბჭოს თქმით, მაისურაძემ არ შეამოწმა ისეთი მნიშვნელოვანი, დოპინგისთვის სპეციალიზებული და ყველა სპორტსმენისთვის გასაცნობად სავალდებულო – საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტოს ოფიციალური ვებგვერდი gada.ge, სადაც განთავსებულია იმ პროდუქტების ჩამონათვალი, რომელშიც აღმოჩენილია დამაბინძურებლები. ანტიდოპინგური სადისციპლინო საბჭო აღნიშნავს, რომ gada.ge-ზე გამოქვეყნებულ ნუსხაში ის საკვები დანამატიც იყო (Brain, Dioxyme), რომლის მოხმარებასაც ლუკა მაისურაძე ადასტურებს: 26 წლის ძიუდოისტს აღნიშნულ საკითხზე მედიასთან კომენტარის გაკეთება არ სურს. „ერთი წლის წინ აღებულ დოპინგ ტესტში ვითომ მიპოვეს რაღაც ოსტარინი, რომელიც იყო რაღაც დანამატებთან ერთად. ადვოკატი ავიყვანე, ვიბრძოლე, მაგრამ ვერაფერს მივაღწიე. დიდ კაცთან პატარა კაცს როდის გასვლია მართალი — ამ სიტუაციაში ვარ ზუსტად,“ – განუცხადა სპორტსმენმა „ლიდერ სპორტს“. ლუკა მაისურაძემ 2023 წელს ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე ფინალში ლაშა ბექაური დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა.
ლატვია რუსი მოქალაქეების დეპორტაციას გეგმავს
ლატვიის მოქალაქეობისა და მიგრაციის ოფისი (OCMA) მოახდენს დეპორტაციას რუსეთის იმ 800 მოქალაქიე, რომლებმაც ქვეყანაში ბინადრობის ნებართვა არ მიირეს და ენის გამოცდა არ ჩააბარეს. როგორც ლატვიური მხარე განმარტავს, ამ მოქალაქეებს მუდმივი ბინადრობის ნებართვისთვის საჭირო დოკუმენტაცია არ წარუდგენიათ. „გარდა ამისა, აუცილებელი იყო ლატვიური ენის ცოდნის შესახებ გამოცდის შედეგების მოწოდება ... 800 ადამიანი არ პასუხობს ხელისუფლების მოთხოვნას საცხოვრებელი ადგილის ნებართვის შესახებ. ჩვენ ამ პირთა შესახებ ინფორმაცია გადავიტანეთ სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურში, შემდგომი გადამოწმებისთვის. უახლოეს კვირებში გაირკვა, არის თუ არა ეს ხალხი ჯერ კიდევ ლატვიაში. თუ ისინი აქ არიან, დატოვების ბრძანებები გაიცემა 30 დღის განმავლობაში, ” - აღნიშნა OCMA-ს წარმომადგენელმა.
ირაკლი კობახიძე უახლოეს დღეებში აზერბაიჯანსა და სომხეთში ვიზიტს გეგმავს
შემთხვევითი არ არის, რომ ბრიუსელში ვიზიტის შემდეგ ვიზიტები შედგება მეზობელ ქვეყნებში. შაბათს იქნება ვიზიტი აზერბაიჯანში, ამას მოყვება ერთ კვირაში ვიზიტი სომხეთში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. პრემიერის თქმით, ყველა საკითხზე გვექნება საუბარი, რომელიც უკავშირდება ორმხრივ თანამშრომლობას და რეგიონში მშვიდობის უზრუნველყოფას. „მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობის გაღრმავება არის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი, აქედან გამომდინარე, შემთხვევითი არ არის, რომ ბრიუსელში ვიზიტის შემდეგ ვიზიტები შედგება მეზობელ ქვეყნებში. შაბათს იქნება ვიზიტი აზერბაიჯანში, ამას მოყვება ერთ კვირაში ვიზიტი სომხეთში. ყველა საკითხზე გვექნება საუბარი, რომელიც უკავშირდება ორმხრივ თანამშრომლობას. მნიშვნელოვანია რეგიონში მშვიდობის უზრუნველყოფა და აქ იცით, რომ ჩვენი ქვეყანა ყოველთვის ასრულებდა ხოლმე დადებით როლს. შესაბამისად, ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ გაღრმავდეს ორმხრივი ურთიერთობები და ხელი შევუწყოთ მშვიდობას, სტაბილურობას ჩვენს რეგიონში -სამხრეთ კავკასიაში,“ - განაცხადა პრემიერმა.
ირანში სასამართლომ ოსკაროსან რეჟისორს, ფარჰადის პლაგიატის ბრალდება მოუხსნა
ირანის სასამართლომ „ოსკარის“ ორგზის მფლობელს, ირანელ კინორეჟისორს, აშღარ ფარჰადის მოუხსნა პლაგიატის ბრალდება მისი ფილმშის, „გმირის,“ გამო რომელსაც კანის კინოფესტივალზე მთავარი პრიზი მიენიჭა. ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს. ყოფილმა სტუდენტმა, აზადე მასიჰზადემ ფარჰადის ბრალად დასდო, რომ მოიპარა დოკუმენტური ფილმის იდეა, რომელიც მან გადაიღო რეჟისორის მიერ 2024 წელს თეირანში ჩატარებული სემინარის დროს. ფარჰადის კომპანიამ, რომელიც საზოგადოებასთან ურთიერთობას მართავს, გაავრცელა ცნობა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება ემყარება თეირანის უნივერსიტეტის გამოჩენილი პროფესორების, ასევე ინტელექტუალური და სახელოვნებო საკუთრების სამართლის პედაგოგების და ექსპერტების დასკვნებს.
სუს-ი: რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებულები გათავისუფლდნენ
რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული გიორგი მელაძე და დიტო კორინთელი გათავისუფლდნენ და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. სუს-ის ცნობით, გიორგი მელაძისა და დიტო კორინთელის დაუყოვნებელი გათავისუფლების მიზნით აქტიურად გამოიყენებოდა როგორც „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ასევე, ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა სხვა ინსტრუმენტი. „საკითხი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ მწვავედ იქნა დაყენებული ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებისა (GID) და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფორმატების ფარგლებში. საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა საოკუპაციო ძალას ეკისრება. ცენტრალური ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, განაგრძობს აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად,” - ნათქვამია ინფორმაციაში.
Rheinmetall- ს უკრაინაში სულ მცირე ოთხი ქარხნის გახსნა სურს
საბრძოლო მასალის უმსხვილესმა გერმანულმა მწარმოებელმა Rheinmetall-მა განაცხადა, რომ უკრაინაში სულ მცირე ოთხი ქარხნის გახსნა სურს. უკრაინაში მდებარე ქარხნები უკვე აწარმოებენ სამხედრო აღჭურვილობას და სხვა იარაღს. „უკრაინა ახლა ჩვენთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია. აქ ჩვენ ვხედავთ ორიდან სამ მილიარდ ევროს პოტენციალს (გაყიდვები. - რედ.) წელიწადში,” - დასძინა Rheinmetall– ის გენერალურმა დირექტორმა. გასულ თვეში, სამხედრო აღჭურვილობის უმსხვილესმა მწარმოებელმა უკვე გამოაცხადა შეთანხმება უკრაინაში საარტილერიო ჭურვების წარმოების შესახებ. მოსალოდნელია, რომ ქარხნის მშენებლობა უახლოეს მომავალში დაიწყება. მისი ადგილმდებარეობა უსაფრთხოების მიზეზების გამო არ არის გამჟღავნებული. ის შეიქმნება საბრძოლო მასალის იმ ქარხნის მოდელის გათვალისწინებით, რომ რომელსაც კომპანია გერმანიაში აშენებს.
შვედეთი ჩეხეთს 30 მილიონ ევროს გადასცემს უკრაინისთვის საბრძოლო მასალის შესაძენად
შვედეთმა მხარი დაუჭირა ჩეხეთის ინიციატივას უკრაინისთვის საარტილერიო ჭურვების მიწოდების შესახებ და მის მხარდასაჭერად პრაღას 30 მილიონი ევრო გადასცემს. შვედეთის მთავრობამ ამის შესახებ 14 მარტს განაცხადა. „უკრაინის საბრძოლო მასალის საჭიროება დიდია, განსაკუთრებით, საარტილერიო. ჩეხეთის რესპუბლიკამ განსაზღვრა შესაძლებლობები მსოფლიო ბაზარზე დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალის შეძენის მიზნით, ხოლო ჩვენს მთავრობას სურს, მხარი დაუჭიროს ჩეხეთის რესპუბლიკას ამ საქმეში,“განაცხადა შვედეთის თავდაცვის მინისტრმა პალ ჯონსონმა.
შოლცმა ზელენსკის მხარდაჭერა აღუთქვა
უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. ამის შესახებ განცხადებებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი სოციალურ პლატფორმა Twitter-ის პირად გვერდებზე ავრცელებენ. „ურყევად უკრაინის მხარეს ვდგავართ, ეს კიდევ ერთხელ გავიმეორე პრეზიდენტ ზელენსკისთან სატელეფონო საუბარში. უკრაინის მხარდაჭერას გავაგრძელებთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციაში. იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება,” - წერს შოლცი. თავის მხრივ, უკრაინის პრეზიდენტი ევროკომისიის მიერ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების ჩარჩოს პროექტის დამტკიცებას მიესალმა. „აზრები გავცვალეთ პარიზის 26 თებერვლის უკრაინის მხარდაჭერის შესახებ კონფერენციის შედეგებზე და პოზიციების კოორდინაცია მოვახდინეთ ვეიმარის სამეულის ლიდერების შეხვედრამდე, რომელიც პარასკევს ბერლინში ოლაფ შოლცის, ემანუელ მაკრონისა და დონალდ ტუსკის მონაწილეობით გაიმართება,” - წერს ზელენსკი. შეგახსენებთ, რომ შოლცმა მაკრონი და ტუსკი უკრაინის საკითხის განსახილველად ბერლინში მიიწვია.
სტოლტენბერგი: საპრეზიდენტო არჩევნები რუსეთში არ იქნება არც თავისუფალი და არც სამართლიანი
NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მომავალი საპრეზიდენტო არჩევნები რუსეთში არ იქნება არც თავისუფალი, არც სამართლიანი. NATO-ს გენერალურმა მდივანმა სრულიად უკანონი უწოდა არჩევნებს, რომელთა ორგანიზებასაც რუსეთი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცდილობს. „თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ნებისმიერი დემოკრატიის საფუძველია. და არჩევნები რუსეთში არ იქნება არც სამართალი და არც თავისუფალი. ვიცით, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ციხეში არიან, ზოგიერთი მოკლულია, ხოლო ბევრი გადასახლებულია… ასე რომ, ფაქტობრივად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ისინი [არჩევნები] არ იქნება არც თავისუფალი და არც სამართლიანი,” - განაცხადა სტოლტენბერგმა.
გვარამია არ გამორიცხავს მის გუნდში "ქართული ოცნების" ყოფილი წევრების გაერთიანებას
ახალი პოლიტიკური გაერთიანება "ახალის" ლიდერ, ნიკა გვარამია საუბრობს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მათი პოლიტიკური ძალის სასურველ შედეგსა და გზებზე, რამაც შეიძლება, საზოგადოების ფართო მხარდაჭერა მოაპოვებინოს. გვარამიას თქმით, შედეგი დამოკიდებული იქნება იმაზე, რამდენად შედგება ფართო გაერთიანება. მისი და მელიას უკვე შემდგარი ერთიანობის პირობებში კი ვარაუდობს, რომ ისინი 20%-იან შედეგს აჩვენებენ. ის თვლის, რომ იმ ახალი პოლიტიკური გაერთიანების ამომრჩეველი, რომელიც 11 მარტს წარადგინა, იქნებიან როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი ამომრჩევლები, ასევე „ქართული ოცნების“ ყოფილი მხარდამჭერებიც. გვარამია ამბობს, რომ მოსალოდნელია მის პოლიტიკურ ძალაშიც იხილოს საზოგადოებამ მმართველი პარტიის ყოფილი წევრები. "გედიზე [გედევან ფოფხაძე - რ.თ.] რომ ამბავი ატყდა, ყოფილი „ქოცი“…ყოფილი „ქოცები“ კიდევ იქნებიან. გედი საკმაოდ ადრე წამოვიდა “ქართული ოცნებიდან”, იმის მერე წამოსულებიც იქნებიან. ყველა, ვისაც აქვს რესურსები, უნდა იყოს გამოყენებული. ყველა უნდა იქნას გამოყენებული ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის შეცვლისთვის და თუ ყოფილი “ქოცი” ბედავს, სურვილი აქვს და შესაძლებლობა, ბიძინა ივანიშვილი თავადვე შეცვალოს, გამოასწოროს თავისი შეცდომა, რატომაც არა. მე მინდა მათ ამის შესაძლებლობა მივცე. მე მინდა ჩვენ ყველამ ერთად გადავწყვიტოთ, რომ ერთად უნდა ვმართოთ ეს ქვეყანა," - ამბობს ნიკა გვარამია რადიო თავისუფლებასთან.