ძებნის რეზულტატი:
რუსეთი ადასტურებს უკრაინის მხრიდან შეიარაღებული ჯგუფების შეჭრას
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ადასტურებს უკრაინის მხრიდან შეიარაღებული ჯგუფების შეჭრას. მისი ცნობით, უკრაინის ტერიტორიიდან „თავდასხმა" მოსკოვის დროით 03:00 საათზე დაიწყო „სამოქალაქო ობიექტების ინტენსიური დაცხრილვით", შემდეგ კი, „უკრაინელმა ბოევიკებმა“ ტანკებით და საბრძოლო ჯავშანმანქანებით სცადეს ბელგოროდის ოლქის ერთდროულად სამი დასახლებული პუნქტის: ოდნორობოვკის, ნეხოტეევკის და სპოდარიუშინოს რაიონებში შეჭრა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, შეიარაღებულმა ძალებმა უშიშროების ფედერალური სამსახურის და სასაზღვრო სამსახურის ქვედანაყოფებთან ერთად, ავიაციის, რაკეტების და არტილერიის გამოყენებით „აღკვეთეს კიევის რეჟიმის მცდელობა" და მოწინააღმდეგეს „არსებითი დანაკარგებით უკან დაახევინეს“. რუსეთი ამტკიცებს, რომ ბელგოროდის ოლქში განადგურებულია 60-მდე „უკრაინელი ტერორისტი“ და 5 ტანკი. გარდა ამისა, როგორც რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, დღეს დილით, „უკრაინული დივერსიულ-სადაზვერვო ჯგუფების“ 4 შეტევა მოიგერიეს კურსკის ოლქის დასახლებული პუნქტის, ტეტკინოს რაიონში, სადაც „მოწინააღმდეგემ მნიშვნელოვანი დანაკარგებით“ უკან დაიხია. რუსეთში ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებული ლეგიონის, „რუსეთის თავისუფლების“ ტელეგრამ-არხზე 12 მარტს გამოქვეყნდა პოსტი: „საზღვარი გადავკვეთეთ“ და ტექნიკის გადაადგულების ამსახველი ვიდეო. ლეგიონის განცხადებით, არ დაუშვებს, რომ პუტინმა რუსეთი სიცოცხლის ბოლომდე მართოს, ყველა ზომას მიმართავენ მისი დიქტატურისგან ქვეყნის გასათავისუფლებლად, რათა რუსებს მშვიდად ეძინოთ, კარზე ზარის არ ეშინოდეთ, თავისუფლად თქვან, რასაც ფიქრობენ და ხმა მისცენ მას, ვისაც სურთ. რუსეთის მიერ ტერორისტულ დაჯგუფებად გამოცხადებულმა „ციმბირის ბატალიონმა“ ტელეგრამ-არხით რუსეთის მოქალაქეებს მოუწოდა ამ კვირაში დანიშნული საპრეზიდენტო არჩევნების იგნორირებისკენ. არჩევნები 15-17 მარტს ჩატარდება. უკრაინის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ რუსეთის მოქალაქეებით დაკომპლექტებული ფორმირებები დამოუკიდებლად მოქმედებენ. უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის ფონზე, რუსი მოხალისეების დაჯგუფებებმა არაერთხელ განაცხადეს რუსეთის ტერიტორიაზე, ძირითადად, ბელგოროდის ოლქში ჩატარებული ოპერაციების შესახებ.
ესტონეთში რუსული სანომრე ნიშნების მქონე მანქანების შემზღუდავი ზომები ხვალიდან ამოქმედდება
ესტონეთში ამოიწურა ვადა, რომლის დროსაც რუსული რეგისტრაციის მქონე მანქანების მფლობელებს, რეგისტრაცია ხელახლა უნდა გაევლოთ. ოთხშაბათს, 13 მარტს, სრულდება გარდამავალი პერიოდი, როდესაც რუსული სანომრე ნიშნების მქონე ავტომობილები ესტონურით უნდა შეცვლილიყო. 2023 წლის სექტემბერში ესტონეთმა ქვეყანაში რუსული სანომრე ნიშნებით მანქანების შესვლა აკრძალა და მათ, ვინც უკვე ესტონეთში იმყოფებოდა, ხელახალი რეგისტრაციისთვის დრო მისცა. ოთხშაბათიდან კი, რუსული სანომრე ნიშნების მქონე ავტომობილების მართვა შესაძლოა, 400 ევრომდე ჯარიმით დაისაჯოს. ოფიციალური მონაცემებით, გასულ წელს, ესტონეთში ხელახლა დაარეგისტრირეს 83 მანქანა, რომლებსაც თავდაპირველად რუსული რეგისტრაცია ჰქონდათ. 2024 წელს კიდევ 13 მანქანა დაარეგისტრირეს. რუსული სანომრე ნიშნების მქონე მანქანებმა ლიეტუვა 11 მარტამდე უნდა დატოვონ 2023 წლის 12 სექტემბრიდან ლიეტუვასა და ლატვიაში რუსული სანომრე ნიშნების მქონე მანქანების შესვლა აკრძალულია. შეზღუდვებს ესტონეთი ერთი დღის შემდეგ შეუერთდა. ბალტიისპირეთის ქვეყნებმა ეს შეზღუდვა ევროკომისიის მიერ 2023 წლის 8 სექტემბერს გამოქვეყნებული დირექტივით ახსნეს, რაც რუსეთის ფედერაციის მიმართ დაწესებულ სანქციებს მოიცავს უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის გამო. ამ დოკუმენტის მიხედვით, რუსეთში რეგისტრირებულ მანქანებს ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლის უფლება აღარ აქვთ. რუსული სანომრე ნიშნების მქონე მანქანებმა ფინეთი 16 მარტამდე უნდა დატოვონ.
საქართველოს ვიზიტით იტალიის თავდაცვის ძალების მეთაური ეწვია
საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იტალიის თავდაცვის ძალების მეთაური, ადმირალი ჯუზეპე კავო დრაგონე იმყოფება. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, იტალიელ ადმირალს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა უმასპინძლა. მინისტრმა საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაზრდის პროცესში, იტალიის, როგორც მნიშვნელოვანი საერთაშორისო პარტნიორის როლი აღნიშნა. ადმირალ ჯუზეპე კავო დრაგონეს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი მასპინძლობს. ოფიციალური დახვედრის ცერემონიის შემდეგ, ქართველმა და იტალიელმა კოლეგებმა თავდაცვის სფეროში მიმდინარე თანამშრომლობის საკითხები და პერსპექტივები განიხილეს. გაფართოებულ შეხვედრაზე, რომელსაც გენერალური შტაბისა და იტალიის დელეგაციის წარმომადგენლები დაესწრნენ, მხარეებმა მრავალეროვნულ სამხედრო წვრთნებში ერთობლივ მონაწილეობაზე, NATO-საქართველოს თანამშრომლობაზე, ასევე, რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს. ვიზიტის დასასრულს, იტალიის თავდაცვის ძალების მეთაურმა გმირთა მოედანზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაღუპული გმირების მემორიალი გვირგვინით შეამკო,“ იუწყება თავდაცვის სამინისტრო.
მოლდოვამ რუსეთს საპროტესტო ნოტა გადასცა
რუსეთის ფედერაციის ელჩს ოლეგ ვასნეცოვს, რომელიც დღეს დაიბარეს მოლდოვის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროში, სამინისტროს მოთხოვნის საწინააღმდეგოდ, დნესტრისპირეთის რეგიონში საარჩევნო უბნების გახსნასთან დაკავშირებით საპროტესტო ნოტა გადაეცა. „რუსეთის ფედერაცია არღვევს საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და პრინციპებს, ძირს უთხრის მოლდოვის რესპუბლიკის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. საგარეო საქმეთა სამინისტრო აგრძელებს სიტუაციის შეფასებას,“ - აცხადებენ მოლდოვის საგარეო უწყებაში.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა დავით არახამიას წინადადებას უპასუხეს
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ არახამიას დამოკიდებულებას „დასანანი “ და „სამწუხარო“ უწოდა, იმის გათვალისწინებით, რომ მყარად უჭერენ მხარს უკრაინელ ხალხს და „სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინის სახელმწიფოს.“ ირაკლი კობახიძის თქმით, მთავრობა კიდევ ერთხელ მოუწოდებს „უკრაინის ხელისუფლებას, მიიღონ ისეთი გადაწყვეტილებები, რომელიც ხელს შეუწყობს ისტორიული მეგობრობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავებას და ხელს არ შეუწყობს ხალხების, ქვეყნების ხელოვნურად დაშორებას.“ „როდესაც ასეთ ფონზე კეთდება ასეთ გაუგებარი განცხადებები, ეს ამყარებს ჩვენს რწმენას იმასთან დაკავშირებით, რომ რაღაცები არ ხდება ისე, როგორც უნდა ხდებოდეს. თუმცა უკრაინა დღეს არის ძალიან მძიმე ვითარებაში, უკრაინელი ხალხი არის ომის მდგომარეობაში, ძალიან მძიმე მდგომარეობაა უკრაინაში. აქედან გამომდინარე ჩვენ, პირველ რიგში, პატივს ვცემთ, რა თქმა უნდა, უკრაინელ ხალხს და არ ვაპირებთ არახამიასთან და სხვა პოლიტიკოსებთან პოლემიკაში შესვლას,“ - აღნიშნა კობახიძემ. „არახამიას ასეთი დამოკიდებულება არის იმ არამეგობრული დამოკიდებულების გაგრძელება, რაც არამხოლოდ არამეგობრულობას, არამედ ამ ქვეყნის მტრობას ნიშნავს. და მე იმედს ვიტოვებ, რომ მისი და მისი თანამზრახველების ამ საკითხში ასეთი დამოკიდებულება ვერასდროს, ამ ყველაფრის მიუხედავად, ვერ შეარყევს ორი ხალხის ისტორიულ მეგობრობას, როგორც ეს მათ შორის, მთავრობის გუშინდელ განცხადებაში იყო ნათქვამი,“ - განუცხადა ჟურნალისტებს თავის მხრივ, მამუკა მდინარაძემ. არახამია უკრაინასთან ურთიერთობის ნორმალიზებისთვის, საქართველოს მთავრობას „სამპუნქტიან გეგმას“ სთავაზობს
აზერბაიჯანის უსაფრთხოების საბჭოს მდივანი თბილისში შეხვედრებს მართავს
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი აზერბაიჯანის რესპუბლიკის უსაფრთხოების საბჭოს მდივანს რამილ უსუბოვს შეხვდა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მხარეებმა საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის სტრატეგიული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო კვლავ გამოხატავს მზაობას, საკუთარი წვლილი შეიტანოს სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარების პროცესში. „შეხვედრაზე საუბარი შეეხო თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხებს. აღინიშნა, რომ აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობა ყოველწლიური გეგმის მიხედვით ინტენსიურად მიმდინარეობს. ყურადღება გამახვილდა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატის მნიშვნელობაზე. ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, სამმხრივ თავდაცვის მინისტერიალს წელს საქართველო უმასპინძლებს,“ წერს თავდაცვის სამინისტრო. დღესვე აზერბაიჯანის რესპუბლიკის უსაფრთხოების საბჭოს მდივანს პრემიერ-მინისტრი შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, მხარეებმა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. შეხვედრისას ხაზი გაესვა რეგიონში სტაბილურობისა და გრძელვადიანი მშვიდობის მნიშვნელობას. საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის არსებულ მტკიცე სტრატეგიულ პარტნიორობას და რეგიონულ პროექტებს. „კობახიძემ აზერბაიჯანის მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის. ამასთან, აღინიშნა საქართველოს მტკიცე მხარდაჭერა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ,“ წერს მთავრობის პრესსამსახური.
ბელგოროდში, დრონით თავდასხმის შემდეგ, მერიის შენობა დაზიანდა
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ბელგოროდში, დრონის თავდასხმის შედეგად მერიის შენობა დაზიანდა. მოგვიანებით რეგიონის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა დაწერა, რომ დრონი ქალაქის ადმინისტრაციის შენობას შეეჯახა. „ბელგოროდში მტრის უპილოტო საფრენი აპარატი ქალაქის ადმინისტრაციის შენობას შეეჯახა. დაშავებულია ორი ადამიანი, რომლებიც ადმინისტრაციის თანამშრომლები არიან. ერთ-ერთი მათგანი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მეორეს კი, მკურნალობა ადგილზე ჩაუტარდა,” - წერს გუბერნატორი. მისი ინფორმაციით, დრონი შენობის შესასვლელ შეეჯახა. ჩამსხვრეულია მინები და დაზიანებულია ფასადი. ცნობისთვის, დილით ბელგოროდის ოლქში სარაკეტო საფრთხე გამოცხადდა. გლადკოვის ინფორმაციით, შებეკინოს დაბომბვისას სამი ადამიანი დაშავდა, ბელგოროდის რაიონზე თავდასხმის დროს კი, კიდევ ორი ადამიანი დაშავდა რუსეთი უკრაინის მხრიდან თავდასხმაზე საუბრობს ცნობისთვის, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, მის ცხრა რეგიონზე განხორციელდა შეტევები უკრაინის დრონებით, ამასთან, უკრაინის ცხრა რაკეტა ჩამოაგდეს ბელგოროდის რეგიონის თავზე. სამინისტროს თანახმად, სულ 25 დრონი "გადაიტაცეს და გაანადგურეს". 11 დრონი ჩამოაგდეს კურსკის თავზე, შვიდი - ბელგოროდის, დანარჩენები - ბრიანსკის, ლენინგრადის, მოსკოვის, ორიოლისა და ტულის რეგიონების თავზე, აცხადებს სამინისტრო. არის ცნობები კიდევ ერთი დრონის ჩამოგდებაზე ქალაქ ვორონეჟის თავზე, დასავლეთ რუსეთში.
ლევან დავითაშვილი: იმედი გვაქვს, რომ მიმდინარე წელს უკვე დაიწყება ნავთობის გატარება ბაქო-სუფსის მილსადენით
საქართველოს ეკონომიკის მინისტრი, ლევან დავითაშვილი იმედოვნებს, რომ ბაქო-სუფსის მილსადენით ნავთობის გატარება მიმდინარე წელს დაიწყება. ლევან დავითაშვილის განცხადებით, საკითხზე მოლპარაკებები ორი წელია, მიმდინარეობს. ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, მომავალში აღნიშნული მილსადენით მილიონ ტონაზე მეტი ნავთობის გატარების მოლოდინი არსებობს. „რაც შეეხება ყაზახური ნავთობის ბაქო-სუფსის მილსადენით გატარებასთან დაკავშირებით, ამაზე თითქმის ორი წელია გვაქვს საკმაოდ აქტიური საუბარი, ეს არის არა მხოლოდ საქართველოს საკითხი. აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი მჭიდრო თანამშრომლობა რამდენიმე ქვეყნის იმისთვის, რომ ეს ნავთობი ამ მილსადენში მოხვდეს. იცით, რომ მჭიდრო თანამშრომლობა არის საჭირო BP-სთან. BP-სთან ჩვენ ამაზე უშუალოდ კონტაქტი გვაქვს და პრინციპში პოზიციები აბსოლუტურად თანხვედრაშია. რაც შეეხება ნავთობსადენის გამოყენებას, აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი აზერბაიჯანული მხარის პოზიცია და აქაც ინტენსიური დიალოგი გვაქვს. საჭირო იყო შეთანხმება გარკვეულ პირობებზე. იცით, რომ განსხვავებული ტიპის ნავთობია ყაზახური და შერევა აზერბაიჯანულ ნავთობთან ვერ მოხდებოდა. ვფიქრობ, რომ ძირითადი საკითხებში ჩვენ ახლა გარკვეულობა გვაქვს და იმედი გვაქვს, რომ მიმდინარე წელს უკვე დაიწყება ნავთობის გატარება. მომავალში ვფიქრობთ, რომ ჩვენ შევძლებთ მილიონ ტონაზე მეტი ნავთობის გატარებას. იმედი მაქვს, რომ მიმდინარე წელსვე დაიწყება ნავთობის გატარება,” - განაცხადა დავითაშვილმა. ცნობისთვის, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ყაზახური ნავთობის სატრანზიტო მოცულობის ეტაპობრივი გაზრდის შესახებ შეთანხმება აქტაუ-ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მარშრუტზე, ყოველწლიურად, 2,2 მილიონ ტონამდე ყაზახური ნავთობის მოცულობის გაზრდას ითვალისწინებს. ამ შეთანხმების ფარგლებში მხარეები გააგრძელებენ აქტაუ-ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მარშრუტით ტრანსპორტირების ტარიფების შემცირების, ასევე, ბაქო-სუფსის მარშრუტზე ყაზახური ნავთობის ტრანსპორტირების საკითხების განხილვას გააგრძელებენ. „დოკუმენტები, რომლებსაც ჩვენ დღეს მოვაწერეთ ხელი, დამატებით წვლილს შეიტანს ჩვენს კომპანიებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის განმტკიცებაში ყაზახური ნავთობის გლობალურ ბაზრებზე ტრანსპორტირების თვალსაზრისით,“ - აღნიშნა მაგზუმ მირზაგალიევმა. ყაზახეთი ბაქო-სუფსის გავლით ნავთობის ტრანსპორტირებაზე აზერბაიჯანთან მოლაპარაკებებს აწარმოებს
ლიეტუვაში რუსული სანომრე ნიშნის მქონე პირველი ავტომობილი დააკავეს
ლიეტუველმა მებაჟეებმა რუსული სანომრე ნიშნის მქონე პირველი ავტომობილი დააკავეს. მისი შეჩერება ახალი ადმინისტრაციული მუხლის შესაბამისად განისაზღვრა, რომელიც კონფისკაციის შესაძლებლობასაც ითვალისწინებს. ქვეყნის საბაჟო დეპარტამენტის ინფორმაციით, ავტომობილი 11 მარტს მედინინკაის გამშვებ პუნქტზე დააკავეს. მძღოლი, მოლდოვის მოქალაქეა, რომელიც რუსული სანომრე ნიშნით Audi Q7-ს მართავდა, გეგმავდა ლიეტუვის გადაკვეთას და გზის ბელორუსისკენ გაგრძელებას. ქვეყნის ტერიტორიაზე ასეთი ტრანზიტი მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ მანქანაში მისი მფლობელი იმყოფება. „მძღოლის მიერ წარდგენილი საბუთების შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ მანქანის მფლობელი სრულიად განსხვავებული პიროვნებაა - რუსეთის მოქალაქე,“ - აღნიშნავენ საბაჟოს პრესსამსახურში. მძღოლის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შედგა, 41 690 ევროს ღირებულების ავტომობილი ამოღებულია. რუსული სანომრე ნიშნების მქონე მანქანებმა ლიეტუვა 11 მარტამდე უნდა დატოვონ 2023 წლის 12 სექტემბრიდან ლიეტუვასა და ლატვიაში რუსული სანომრე ნიშნების მქონე მანქანების შესვლა აკრძალულია. შეზღუდვებს ესტონეთი ერთი დღის შემდეგ შეუერთდა. ბალტიისპირეთის ქვეყნებმა ეს შეზღუდვა ევროკომისიის მიერ 2023 წლის 8 სექტემბერს გამოქვეყნებული დირექტივით ახსნეს, რაც რუსეთის ფედერაციის მიმართ დაწესებულ სანქციებს მოიცავს უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის გამო. ამ დოკუმენტის მიხედვით, რუსეთში რეგისტრირებულ მანქანებს ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლის უფლება აღარ აქვთ. რუსული სანომრე ნიშნების მქონე მანქანებმა ფინეთი 16 მარტამდე უნდა დატოვონ ესტონეთში რუსული სანომრე ნიშნების მქონე მანქანების შემზღუდავი ზომები ხვალიდან ამოქმედდება
ჯანდაცვის მინისტრის ორმა მოადგილემ თანამდებობები დატოვა
ირაკლი მხეიძემ და ილია ღუდუშაურმა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის პოსტები დატოვეს. ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. ვინ დაიკავებს მინისტრის მოადგილეების თანამდებობებს, უწყებაში კომენტარს არ აკეთებენ. თამარ გაბუნია, რომელიც ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობას ასრულებდა, ისევ ჯანდაცვის მინისტრის პირველ მოადგილედ დაინიშნა. ჯანდაცვის მინისტრად მიხეილ სარჯველაძე 11 მარტს დაინიშნა. დღეს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ახალი მინისტრი ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში თავად წარადგინა.
კიბოს საწინააღმდეგო თვისებების გარდა, ბროკოლის კიდევ ერთი უდიდესი სარგებელი აღმოაჩნდა
ქიმიურმა ნაერთმა, რომელიც ბროკოლიში ბუნებრივად გვხვდება, ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება ინსულტის გამომწვევი სისხლის თრომბებისგან დაგვიცვას — ამჟამად მსოფლიოში სიკვდილიანობის მეორე მთავარი მიზეზისგან. სიდნეის უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფმა ტესტირების მთელი სერია ჩაუტარა მცენარეებში არსებულ 23 სხვადასხვა ნაერთს, რათა დაედგინათ მათი მიდრეკილება ჩვენი სისხლის თრომბოციტების შეკავშირებისადმი. თრომბოციტები კრიტიკულ როლს ასრულებენ ჭრილობების შეკვრაში, რათა სისხლდენა შეწყდეს. მაგრამ გარკვეულ გარემოებებში შეიძლება ასევე წარმოქმნას სახიფათო თრომბები, რომლებიც სისხლის მიმოქცევას მთლიანად ბლოკავენ. სიცოცხლისთვის გადამწყვეტ ქსოვილებში, მაგალითად თავის ტვინსა და გულში, ჟანგბადის დაკარგვის ყოველი წამი გამოუსწორებელ ზიანს ნიშნავს. ქიმიურმა ნაერთმა, რომელიც ჯვაროსნების ოჯახის ბოსტნეულში გვხვდება, მაგალითად, ბროკოლიში, ყვავილოვან კომბოსტოში და ბროკოლის ყლორტებში, ანტიკოაგულაციური (შედედების საწინააღმდეგო) პოტენციალი აჩვენა. ამ ნაერთს სულფორაფანი (SFN) ეწოდება და წარსულში უკვე მიიქცია მეცნიერთა ყურადღება კიბოს პრევენციისა და ქოლესტერინის დონის შემცირების პოტენციალით. მოლეკულურ დონეზე სულფორაფანის ზემოქმედების დეტალურმა ანალიზმა ცხადყო, რომ მას თრომბების შეჯგუფების შენელება შეუძლია; ამავე დროს, ხელს უშლის თრომბების წარმოქმნას იმავე გარემოში, რაც ჩვენს არტერიებშია. ამას ის აშკარად ახერხებს ცილის, სახელად PDIA6-ის მოდიფიცირების გზით. „ბროკოლის ეს ნაერთი არა მხოლოდ ეფექტიანია ინსულტის შემდეგ მკურნალობისას თრომბის დამშლელი მედიკამენტების მოქმედების გაუმჯობესებაში, არამედ შესაძლებელია საპრევენციო აგენტად გამოყენება ინსულტის მაღალი რისკის მქონე პაციენტებში“, — ამბობს სიდნეის უნივერსიტეტის ბიოსამედიცინო მეცნიერი სუიუ ლიუ. კვლევის შედეგები ცხადყოფს, რომ სულფორაფანი, როგორც ინსულტის რისკის შემცირების გზა მისადმი ყველაზე მოწყვლად ჯგუფებში — ნამდვილად ღირს კვლევებისთვის. განსაკუთრებით გასათვალისწინებელი ისაა, რომ ის ბუნებრივად გვხვდება საკვებში, მათ შორის ბროკოლიში, რომელიც ისედაც კარგია გულის ჯანმრთელობისთვის. სულფორაფანის გამოყენება შესაძლებელი უნდა იყოს გადაუდებელ შემთხვევებშიც — ინსულტის მქონე პაციენტებში, რათა მინიმუმამდე შემცირდეს ტვინზე ზემოქმედება. მკურნალობის ასეთმა საშუალებამ შეიძლება მრავალი სიცოცხლე გადაარჩინოს. თრომბის დამშლელი საშუალება, რომელიც მედიცინაში ამჟამად გამოიყენება, სახელად ქსოვილის ტიპის პლაზმინოგენური აქტივატორი (tPA), ტვინს დაზიანებისგან შემთხვევათა მხოლოდ 20 პროცენტში იცავს. თაგვებზე ჩატარებულ ექსპერიმენტებში, როდესაც სულფორაფანი მკვლევრებმა tPA-სთან კომბინაციაში გამოიყენეს, წარმატების მაჩვენებელი 60 პროცენტამდე გაიზარდა. საინტერესოა, რომ ამ ბუნებრივმა ნაერთმა სისხლდენის არანაირი ნიშნები არ გამოიწვია, რაც სისხლის გამათხელებელი სამკურნალო საშუალებების საკმაოდ გავრცელებული გვერდითი ეფექტია“, — ამბობს ლიუ. კვლევა ჯერ ადრეულ ეტაპზეა და ადამიანებზე ჯერ არ დატესტილა. მეცნიერებმა დაზუსტებით არ იციან, საკმარისი იქნება თუ არა ინსულტის რისკის შესამცირებლად მხოლოდ ბროკოლით მდიდარი კვების რაციონი. თუმცა, ეს საკითხი ნამდვილად ღირს სამომავლო კვლევებისთვის. ფაქტი კი ის არის, რომ ინსულტი მსოფლიოში წელიწადში დაახლოებით 15 მილიონ ადამიანს ემართება, საიდანაც თითქმის მესამედი შემთხვევა ფატალურად სრულდება, მესამედს კი სამუდამოდ რჩება გარკვეული სახის უნარშეზღუდულობა. „ძლიერ გახარებული ვართ, რომ გამოვყავით ბუნებრივი ნაერთი, რომელსაც შეიძლება უზარმაზარი სასარგებლო ეფექტები ჰქონდეს. ამ მიმართულებით კვლევებს გავაგრძელებთ“, – ამბობს სიდნეის უნივერსიტეტის ბიოსამედიცინო მეცნიერი სუიუ ლიუ. წყარო
საპენსიო სააგენტოს აქტივები 4.6 მილიარდ ლარს შეადგენს
2024 წლის 29 თებერვლის სტატისტიკური მონაცემებით, საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1 მილიონ 496 ათასი ადამიანია, ხოლო საპენსიო აქტივების ღირებულება 4,6 მლრდ ლარს შეადგენს. სააგენტოს ინფორმაციით, ამავე პერიოდში წმინდა ამონაგებმა 941.1 მილიონი ლარი შეადგინა. 2024 წლის 29 თებერვლის მდგომარეობით, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა სხვადასხვა კატეგორიის 8 274-მა პირმა, მათზე პენსიის სახით გაიცა 26 354 795 ლარზე მეტი.
შვეიცარიამ ანტირუსული სანქციების დარღვევისთვის, სისხლის სამართლის საქმე პირველად აღძრა
შვეიცარიის ეკონომიკური საკითხებში სახელმწიფო სამდივნო (SECO) შვეიცარიული კომპანიების უცხოური შვილობილი კომპანიების მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შესაძლო დარღვევის რამდენიმე შემთხვევას იძიებს, იტყობინება Financial Times-ი. ორი მათგანისთვის SECO-მ გენერალურ პროკურატურას სისხლის სამართლის საქმის აღძვრის მოთხოვნით მიმართა. „ფედერალურმა პროკურორებმა მიიღეს ერთი საქმე და ხოლო მეორეზე უარი თქვეს,” - განუცხადა გაზეთს პროკურორის სპიკერმა ლინდა ფონ ბურგმა. ზოგადად, შვეიცარიული კომპანიების უცხოური შვილობილი კომპანიები იურიდიულად დამოუკიდებელნი არიან და შესაძლოა, არ დაემორჩილონ ბერნის სანქციებს. თუმცა, ხელისუფლებამ შეიძლება, მიიჩნიოს, რომ უცხოური შვილობილი კომპანიები არღვევენ შემაკავებელ ზომებს, თუ მათსა და მფლობელ კომპანიებს შორის კავშირი გამოვლინდება. მაგალითად, იგულისხმება სანქცირებულ საქმიანობასთან დაკავშირებული გადახდები. იურიდიული ფირმა Eversheds Sutherland-ის პარტნიორმა პატრიკ ებერჰარდტმა სისხლის სამართლის საქმის გახსნის გადაწყვეტილებას შვეიცარიის სანქციების განხორციელებაში „გარდამტეხი წერტილი“ უწოდა: „პირველ რიგში, შვეიცარიის ხელისუფლება სიგნალს აძლევს ბაზარს, რომ არ მოითმენს სანქციების გვერდის ავლას.“
ევროპარლამენტმა სანქციებისთვის გვერდის ავლის კრიმინალიზაციის შესახებ კანონი მიიღო
ევროპარლამენტმა ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების დარღვევის და მათთვის გვერდის ავლის კრიმინალიზაციის შესახებ კანონი მიიღო. დოკუმენტს ევროპარლამენტში მხარი დაუჭირა 543-მა დეპუტატმა, 45 წინააღმდეგი იყო. 27-მა თავი შეიკავა. ამ კანონის მიღების შემდეგ ევროკავშირის წევრი ქვეყნები მოვალე არიან, მიიღო თავიანთი კანონები, რომლებიც საერთო წესს შეესაბამება. სანქციებისთვის თავის აცილება სისხლის სამართლის დანაშაული უნდა იყოს და ხუთ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებდეს. კანონი ამარტივებს იმ აქტივების კონფისკაციას, რომლებსაც შეზღუდვა შეეხებათ. ახალი კანონით ასევე დადგინდა სანქციების დარღვევის განსაზღვრა და მათ გამო სასჯელის პრინციპები. უნებლიედ დარღვევის გარდა, ახალი კანონით დაისჯება იარაღით და ორმაგი დანიშნულების საქონლით სავაჭრო ქმედება, რომელიც დაუდევრობით განხორციელდება. კანონი ასევე ითვალისწინებს სანქციების გვერდის ავლით მიღებული შემოსავლის და ამისთვის გამოყენებული საშუალებების კონფისკაციას და ეხება აქტივებს, რომელთა მიმართ სანქციებისთვის გვერდის ავლა ხდებოდა. ეს ევროკავშირის ქვეყნებს საშუალებას მისცემს, სანქციებისთვის გვერდის ავლაში ეჭვმიტანილი რუსი მეწარმეებისა და რუსული კომპანიების ქონების კონფისკაცია მოახდინოს.
აშშ-მ უკრაინისთვის $300 მილიონის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტის გადაცემის შესახებ განაცხადა
აშშ უკრაინას 300 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს. ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა ბრიფინგზე გამოაცხადა. „დღეს პრეზიდენტ ბაიდენის სახელით უსაფრთხოების სასწრაფო დახმარების პაკეტის შესახებ ვაცხადებ, 300 მილიონი დოლარის ღირებულების იარაღითა და აღჭურვილობით, რათა დაკმაყოფილდეს უკრაინის ზოგიერთი, ყველაზე კრიტიკული საჭიროება,” - განაცხადა სალივანმა. მანვე აღნიშნა, რომ აღნიშნული პაკეტისთვის სახსრები „გაუთვალისწინებელი ეკონომიის” გამო გაჩნდა, პენტაგონის მიერ უკვე გაფორმებულ კონტრაქტებში კიევისთვის გადაცემული იარაღის ჩასანაცვლებლად, ამიტომ, ხსენებული პაკეტის გადაცემა ამერიკის უსაფრთხოებაზე არ აისახება. „ეს პაკეტი, რომელსაც ვაცხადებთ, მოიცავს დიდი რაოდენობით საარტილერიო ჭურვს, HIMARS-ის სისტემებისთვის GMLRS რაკეტებს. ეს დახმარება ალიან სჭირდება უკრაინას იმისთვის, რომ თავს იცავდეს რუსული თავდასხმებისგან,” - განაცხადა სალივანმა. ცნობისთვის, ეს უკრაინისთვის ამერიკული სამხედრო დახმარების პირველი პაკეტია 2023 წლის დეკემბრის შემდეგ, იმის ფონზე, რომ კიევისთვის დამატებითი სახსრების გამოყოფაზე (დაახლოებით 60 მილიარდი აშშ დოლარი) კენჭისყრის გამართვა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელების მიერ იბლოკება.
რუმინეთის პრეზიდენტმა NATO-ს გენმდივნობის სურვილი გამოთქვა
12 მარტს რუმინეთის პრეზიდენტმა კლაუს იოჰანისმა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნობა სურს. რუმინეთის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ NATO საჭიროებს განახლებულ ხედვას და აღმოსავლეთ ევროპამ ღირებული წვლილი უნდა შეიტანოს ალიანსის ფარგლებში მიღებულ დისკუსიებსა და გადაწყვეტილებებში. „გადავწყვიტე, მონაწილეობა მივიღო NATO-ს გენერალური მდივნის თანამდებობაზე კონკურსში. მე მჯერა, რომ NATO-ს, თავის მხრივ, სჭირდება განახლებული პერსპექტივა მის მისიაზე. აღმოსავლეთ ევროპას აქვს მნიშვნელოვანი წვლილი NATO-ს ფარგლებში დისკუსიებსა და გადაწყვეტილებებში," - განაცხადა იოჰანისმა. ამჟამინდელი გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგი ჯერ კიდევ 2022 წელს უნდა დაეტოვებინა თანამდებობა, მაგრამ იგი დაარწმუნეს, დარჩენილიყო, რადგან წევრი ქვეყნები ვერ შეთანხმდნენ კომპრომისზე მის მემკვიდრესთან დაკავშირებით - გენერალური მდივნის არჩევა ალიანსის ყველა წევრი ქვეყნის თანხმობას მოითხოვს. ამჟამად ყველაზე სავარაუდო კანდიდატი მარკ რუტეა, რომელიც ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრის პოსტზე მუშაობას ასრულებს. თუმცა, მის არჩევასთან დაკავშირებით შესაძლოა, სირთულეები წარმოიშვას უნგრეთის და თურქეთის პოზიციის, ასევე დონალდ ტრამპის პოლიტიკური გავლენის გამო, რომელსაც აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შანსი აქვს.
დანია უკრაინას სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს
დანიის მთავრობა უკრაინას სამხედრო დახმარებისთვის ახალ, 337 მილიონი დოლარის (2.3 მილიარდი დანიური კრონა) ოდენობის პაკეტს გადასცემს, რომელიც „კეისრის“ ტიპის საარტილერიო სისტემებსა და საბრძოლო მასალებს მოიცავს. ახალი დახმარების პაკეტისთვის დანიის პრემიერმინისტრ მეტე ფრედერიკსონს, უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ეს სამხედრო დახმარება ათასობით უკრაინელის სიცოცხლეს გადაარჩენს. „მადლობელი ვარ მეტე ორედერიკსონის, მისმა მთავრობამ და დანიის ხალხმა სამხედრო დახმარების პაკეტი დღეს გამოაცხადეს. ეს არის უკრაინაში პრემიერმინისტრის ფრედერიკსენის ბოლო ვიზიტის ერთ-ერთი შედეგი. ვაფასებ ჩვენი შეთანხმებების შესრულებას. ჩვენი მეომრები გაძლიერდებიან კრიტიკულად საჭირო არტილერიით, ნაღმმტყორცნებითა და საბრძოლო მასალებით. დანიამ უკვე დაამტკიცა 16 სამხედრო დახმარების პაკეტი, საერთო ჯამში 5 მილიარდი ევროს ღირებულების. ყოველი ასეთი პაკეტი გადაარჩენს ათასობით უკრაინელის სიცოცხლეს. ჩვენ ერთად აღვადგენთ მშვიდობას და თავისუფლებას. ჩვენ ერთად დავიცავთ უკრაინას და მთელ ევროპას რუსული ტერორისგან," - წერს ზელენსკი. უკრაინული მედიის ცნობით, ფრედერიკსენმა ასევე განაცხადა, რომ დანიის მიერ მიწოდებული F-16 მოიერიშე თვითმფრინავები უკრაინის ცაში მიმდინარე წლის ზაფხულისთვის გამოჩნდებიან, შეფერხება კი მხოლოდ ტექნიკური პრობლემის გამო მოხდა.
ევროკომისიამ ბოსნია-ჰერცეგოვინასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნას მხარი დაუჭირა
ევროკომისიამ ბოსნია-ჰერცეგოვინასთან ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების რეკომენდაცია გასცა. ევროკომისიის ანგარიშში ნათქვამია, რომ კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემდეგ, ბოსნია-ჰერცეგოვინამ გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები სასამართლო და პროკურატურის სისტემის გასაუმჯობესებლად, კორუფციული ორგანიზებული დანაშაულისა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლისა და მიგრაციის მართვის გასაუმჯობესებლად, ასევე მიაღწია და შეინარჩუნა ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან სრული თანხვედრა, რაც კომისიის შეფასებით, მნიშვნელოვანი პოზიტიური ნაბიჯია და გადამწყვეტი გეოპოლიტიკური ვითარების დროს. ევროკომისია ბოსნიასთან გაწევრიანების მოლაპარაკების დაწყების რეკომენდაციას გასცემს „მას შემდეგ, რაც კანდიდატის სტატუსი მივანიჭეთ, ბოსნია-ჰერცეგოვინამ ჩვენი მიმართულებით შთამბეჭდავი ნაბიჯები გადადგა. კერძოდ, ქვეყანამ წინ წაწია რეფორმები შემდეგი ნაბიჯებით: ინტერესთა კონფლიქტის აღკვეთაზე კანონის მიღებით; ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ მიმართული კანონის მიღებით; სასამართლო და პროკურატურის სისტემის გაუმჯობესებით, კორუფციის, ორგანიზებული დანაშაულისა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის გაუმჯობესებით; Frontex-ის სტატუსის შეთანხმებაზე მოლაპარაკებების მანდატის დამტკიცებით მიგრაციის მენეჯმენტის გაუმჯობესებით; ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან სრული თანხვედრის მიღწევითა და შენარჩუნებით,” - ნათქვამია ევროკომისიის განცხადებაში. ევროკომისია აღნიშნავს, რომ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ბოსნია-ჰერცეგოვინას მეტი პროგრესის მიღწევა სჭირდება, მაგრამ ქვეყანა აჩვენებს, რომ მას წევრობის კრიტერიუმების დაკმაყოფილება შეუძლია და ბოსნია-ჰერცეგოვინას მომავალი ევროკავშირშია.
უზენაესი სასამართლო „ვეტინგის“ შესახებ ინიციატივას სასამართლოს დამოუკიდებლობის შელახვის საფრთხედ აფასებს
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ შეშფოთება გამოთქვა მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმების საგანგებო პროცედურის – ე.წ. ,,ვეტინგის“ სისტემის დანერგვის ინიციატივასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ ის „ლახავს სასამართლოსა თუ ინდივიდუალური მოსამართლის დამოუკიდებლობას და ძირს უთხრის „საზოგადოების ნდობას მართლმსაჯულების სისტემისადმი“, რითიც აადვილებს „პოლიტიკური კონტოლის განხორციელებას სასამართლო ხელისუფლებაზე.“ ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის შესახებ ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ 2023 წლის მოხსენებაში ნათქვამია, რომ მნიშვნელოვანია, რომ სასამართლო სისტემის ყველა წამყვანი პოზიციისთვის შეიქმნას კეთილსინდისიერების შემოწმების სისტემა, საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით, და ჩამოყალიბდეს ქონებრივი დეკლარაციების ეფექტური სისტემა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ კონსტიტუციას ეწინააღმდეგება ევროკომისიის რეკომენდაცია, რომელიც მოსამართლეთა კეთილსინდისიერების გადამოწმებას გულისხმობს. 11 მარტს გამოქვეყნებულ განცხადებაში უზენაესმა სასამართლომ განაცხადა, რომ „მოსამართლეთა მიმართ გარეგანი ზეწოლა“ ქმნის „გონივრულ ეჭვს, რომ აღნიშნული ინიციატივა წარმოადგენს თითოეული მოსამართლისადმი ინდივიდუალურად მიმართულ გზავნილს-შესაბამისი დღის წესრიგით გაცხადებული პოლიტიკური კონტროლისათვის დაქვემდებარებაზე უარის გაცხადების პირობებში-მათ მიმართ შემოწმების საგანგებო მექანიზმების გავრცელება/გამოყენების დაშვების თაობაზე.“ უზენაესი სასამართლოს თქმით, კონტროლის არსებული მექანიზმები საკმარისია და ე.წ. ,,ვეტინგის’’ მოთხოვნა არის დაინტერესებული პირების მანიპულაციური, მოჩვენებითი ზრუნვა მართლმსაჯულების სისტემაზე. „ცხადია, რომ მითითებული აქტორების მოჭარბებული ინტერესი და მათი დღის წესრიგი მიზნად ისახავს სასამართლო სისტემის, როგორც ხელისუფლების ერთ-ერთი დამოუკიდებელი შტოს ლეგიტიმაციის შესუსტებას და მართვის მექანიზმების სასამართლოს მიღმა გატანას,“ – ნათქვამია განცხადებაში. უზენაესი სასამართლო აცხადებს, რომ ე.წ. ,,ვეტინგი“ არ მიეკუთვნება საერთაშორისო სტანდარტს, უხეშად ლახავს სახელმწიფოს სუვერენიტეტს, „ითვალისწინებს რა სახელმწიფო ხელისუფლების ერთ-ერთი შტოს – სასამართლოს დაკომპლექტების მექანიზმების გარე აქტორების ხელში გადატანას.“ უზენაესმა სასამართლომ ასევე განაცხადა, რომ საერთაშორისო პრაქტიკამ თვალნათლად აჩვენა, მსგავსი ე.წ. ,,საგანგებო პროცედურების შედეგი“, სამართლის უზენაესობის პრინციპის განმტკიცების ნაცვლად ამ პრინციპის მოსპობა. ცოტა ხნის წინ, ტელეკომპანია „პირველთან“ სატელეფონო ინტერვიუში, აშშ-ის მიერ დასანქცირებულმა მოსამართლემ და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა ლევან მურუსიძემ განაცხადა, რომ „ვეტინგის“ მიზანი „სასამართლო სისტემიდან მოსამართლეთა გაყრა და მათი იმ კადრებით ჩანაცვლებაა, რომლებიც არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის არიან მისაღები“. „ზოგადად, მე პრობლემა არ მაქვს კეთილსინდისიერების ტესტი ჩავაბარო. იძახიან, რომ ყველა მოსამართლეს არ ეხებაო. რეალურად, ეს ყველა მოსამართლეს ეხება, რადგან უკრაინაში შეეხო ყველა მოსამართლეს, ალბანეთში შეეხო ყველა მოსამართლეს,“ – განაცხადა მურუსიძემ. 27 თებერვალს, თორმეტმა არასამთავრობო ორგანიზაციამ გაწევრიანების მოლაპარაკებების დასაწყებად ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრული ცხრა ნაბიჯის შესასრულებლად დეტალური ხედვა წარმოადგინა. არასამთავრობოების თქმით, სასამართლოს რეფორმირებისთვის საჭიროა ფართო, ინკლუზიური და პოლიტიკურ პარტიებს შორის კონსენსუსზე დაფუძნებული პროცესის წარმართვა. მათი თქმით, უნდა მოხდეს კანდიდატების და სხვადასხვა ხელმძღვანელ პოზიციაზე არჩეული პირების, მათ შორის, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წევრების, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების, სასამართლოების თავმჯდომარეების კეთილსინდისიერების შემოწმების მექანიზმის შექმნა საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით, რომლებსაც ექნებათ გადამწყვეტი როლი. მათივე თქმით, უნდა ჩამოყალიბდეს ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების პერმანენტული და პერიოდული შემოწმების სისტემა ამ პროცესში საერთაშორისო ექსპერტების საზედამხედველო და საკონსულტაციო ფუნქციებით.
ევროკომისიამ უკრაინასთან და მოლდოვასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების წარმოების შესახებ დოკუმენტები მოამზადა
ევროკომისიამ უკრაინასთან და მოლდოვასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების წარმოების შესახებ დოკუმენტები მოამზადა. ევროკომისიის განცხადებაში აღნიშნულია, რომ 12 მარტს ევროკომისიამ ევროპულ საბჭოს ოფიციალურად წარუდგინა მოლაპარაკებების ჩარჩოს პროექტზე დოკუმენტები, რომლებიც უკრაინისა და მოლდოვის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების წარმოებაზე სახელმძღვანელო პრინციპებს მოიცავენ. უკრაინისთვისა და მოლდოვისთვის მოლაპარაკებების ჩარჩოების პროექტები წინა გაფართოებების გამოცდილებასა და გაწევრიანებაზე მიმდინარე მოლაპარაკებებს ეყრდნობა. მათში “ინტეგრირებულია გაფართოების გადახედილი მეთოდოლოგია და გათვალისწინებულია ევროკავშირის კანონმდებლობის განვითარება.” ორივე ქვეყნისთვის აღნიშნული დოკუმენტები სამი ნაწილისგან შედგება: 1) პრინციპები რომლებიც გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებს არეგულირებენ; 2) მოლაპარაკებების შინაარსი; 3) მოლაპარაკებების პროცედურა. ახლა ევროპულმა საბჭომ უნდა დაიწყოს პროექტების შიდა განხილვა და შემდეგ ის დაამტკიცოს. ამის შემდეგ, ევროპული საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა თითო ქვეყანასთან პირველ სამთავრობოთაშორის კონფერენციაზე ევროკავშირის შეთანხმებულ საერთო პოზიციას წარადგენს, რაც გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების ფორმალური დასაწყისი გახდება. მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი საქართველოსთან ერთად, 2022 წლის 3 მარტს შეიტანა. ომის დაწყებიდან 4 დღეში, 2022 წლის 28 თებერვალს, განაცხადი გააკეთა მოლდოვამაც.