ძებნის რეზულტატი:

რუსეთში MI8 ტიპის ვერტმფრენის ჩამოვარდნას მსხვერპლი მოჰყვა

რუსეთის მაგადანის ოლქში MI-8 ტიპის ვერტმფრენი ჩამოვარდა, რომელშიც 20 ადამიანი, მათ შორის, ეკიპაჟის 3 წევრი იმყოფებოდა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, დაიღუპა სულ მცირე 1 ადამიანი და დაშავდა კიდევ ორი. წინასწარი მონაცემებით, ინციდენტის მიზეზი ძრავის გაუმართაობა გახდა. რუსეთის შორეული აღმოსავლეთის სატრანსპორტო პროკურატურის ინფორმაციით, ვერტმფრენს ოქროს მაღაროს მუშები გადაჰყავდა.  

Bloomberg: ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე, რომლებსაც უკრაინამ დრონებით შეუტია, რუსეთის სიმძლავრეთა 12% მოდის

რუსეთის სამ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე, რომლებსაც ბოლო ორ დღეში უკრაინამ დრონებით შეუტია, რუსეთში ნავთობის გადამუშავების საერთო სიმძლავრის დაახლოებით 12% მოდის. ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი წერს. გამოცემის ინფორმაციით, რიაზანის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, რომელზეც უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა 13 მარტს იყო, წელიწადში 17,1 მილიონ ტონა ნავთობს აწარმოებს და მოსკოვის მახლობლად მდებარე რეგიონების ერთ-ერთი ძირითადი მომმარაგებელია. რიაზანის ქარხანა რუსეთის ნავთობის და გაზის უმსხვილესი კომპანიის, „როსნეფტის“ კონტროლქვეშაა. სააგენტო Reuters-ის ცნობით, დრონებით დარტყმის შედეგად გამოწვეული ხანძრის გამო, მუშაობა შეაჩერა ნავთობის გადამუშავების ორმა ძირითადმა დანადგარმა. სააგენტო Bloomberg-ის შეფასებით, ამ ეტაპზე, როცა უკრაინის აღმოსავლეთ ფრონტზე უპირატესობა რუსეთს აქვს, კიევი ენერგოობიექტებზე დარტყმით ცდილობს, ხელი შეუშალოს რუსული ნავთობის ექსპორტს და საწვავით რუსული არმიის მომარაგებას. რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებსა და საწვავის რეზერვუარებზე დრონებით არაერთი შეტევა იყო თებერვალშიც. Bloomberg-ის მონაცემებით, ამ პირველმა ტალღამ რუსეთის სიმძლავრეთა თითქმის მეხუთედის მუშაობა შეაფერხა, თუმცა მარტის დასაწყისისთვის ინდუსტრიამ ძალების აღდგენა დაიწყო. 12 მარტს დრონებით შეტევის შედეგად დაზიანდა კომპანია „ლუკოილის“ ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, რომელიც ნიჟნი-ნოვგოროდის ქალაქ კსტოვოში მდებარეობს. 13 მარტს უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა იყო რუსეთის როსტოვის ოლქის ქალაქ ნოვოშახტინსკში მდებარე ნავთობპროდუქტების ქარხანაზეც, რომელიც იძულებული იყო მუშაობა შეეჩერებინა. Bloomberg-ის მონაცემებით, ამ ქარხნის სიმძლავრე წელიწადში 5,6 მილიონი ტონაა. ასევე 13 მარტს დრონებით შეტევა იყო ლენინგრადის ოლქის ქალაქ კირიშიში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზეც. ქარხანა „კინეფი“ დიზელის საწვავის ექსპორტს აწარმოებს. ამავე დღეს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა, ანონიმურობის დაცვის პირობით, ბრიტანული BBC-ს უკრაინულ სამსახურს და გამოცემა „უკრაინსკა პრავდას“ განუცხადა, რომ რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დრონებით შეტევა უკრაინის სპეცოპერაცია იყო. ამავე წყაროს ცნობით, უკრაინის ამოცანაა რუსეთს წაართვას რესურსები და შეუმციროს ნავთობით მიღებული ფულის და საწვავის ნაკადები, რომლებსაც ომის და უკრაინის მოქალაქეების მკვლელობისთვის იყენებს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 13 მარტს, შედეგების დაკონკრეტების გარეშე განაცხადა, რომ დრონებით შეტევა იყო ათამდე ოლქზე, სადაც 60-ზე მეტი „უკრაინული“ უპილოტო საფრენი აპარატი „გაანადგურეს.“  

რუსეთსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებს შორის „რკინის ფარდა“ შეიქმნება, მამაცი გადაწყვეტილებების დროა - ლატვიის პრემიერი

ლატვიის პრემიერ-მინისტრმა ევიკა სილინამ განაცხადა, რომ რუსეთსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებს შორის „რკინის ფარდა“ შეიქმნება. „ყველე დებატი ევროპაში, უკრაინის საკითხით იწყება და სრულდება. ჩვენ ვცდილობთ, გავაძლიეროთ ჩვენი თავდაცვის შესაძლებლობები იმასთან შედარებით, რაც თუნდაც წლების წინ გვქონდა. ჩვენი მთლიანი შიდა პროდუქტის სამ პროცენტს ჩვენს თავდაცვაზე ვხარჯავთ. მჯერა, რომ ეს საკმაოდ ბევრია, მაგრამ ჩვენ გვჭირდება საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მუშაობა, მეტი თანამშრომლობა, რადგან მის გარეშე ჩვენ ასე ძლიერები ვერ ვიქნებით. ჩვენ გვჭირდება კარგი პარტნიორები, კარგი ალიანსები. ჩვენ ველით NATO-ს სამიტს და გადაწყვეტილებებს უკრაინასთან დაკავშირებით. ჩვენ გვჭირდება რუსეთის შეკავება, რადგან თუ მას არ შევაჩერებთ, თუ საკმარისს არ გავაკეთებთ, ის (რუსეთი) უფრო შორს წავა. ამიტომ, მამაცი გადაწყვეტილებების დროა. მერწმუნეთ, ჩვენთვის მარტივი არ ყოფილა, რომ რუსეთისგან უფრო მეტად დამოუკიდებელი გავხდეთ ეკონომიკურად, მისი ნავთობისგან და გაზისგან. ამას დრო სჭირდება, თუმცა გვჯერა, მომავალში იქნება „რკინის ფარდა“ რუსეთს, ბელორუსსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებს შორის,“ აღნიშნა სილინამ. მან იმედი გამოთქვა, რომ ევროპარლამენტის არჩევნების შემდეგ, ევროპა უფრო განსხვავებული იქნება, რადგან უკრაინის ომმა ყველაფერი შეცვალა,“ განაცხადა ლატვიის პრემიერმა ატლანტიკური საბჭოს ღონისძიებაზე, ვაშინგტონში. მან ხაზი გაუსვა, რომ უკრაინა თუ დამარცხდება, ამის შედეგები ყველაზე აისახება, ამიტომ, მამაცი გადაწყვეტილებების დროა. რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა და ამ დრომდე აწარმოებს სრულმასშტაბიან ომს. ბალტიისპირეთის ქვეყნები უკრაინის მტკიცე მოკავშირეები არიან.  

NATO-მ და ჩინეთმა სამხედრო დიალოგის დროს, უკრაინის ომი განიხილეს

NATO-მ და ჩინეთმა 13 მარტს პეკინში მერვე ყოველწლიური სამხედრო საშტატო მოლაპარაკებები გამართეს, რომლის დროსაც განიხილეს გლობალური და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები, მათ შორის, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული. მოლაპარაკებები გაიმართა მას შემდეგ, რაც ჩინეთი რუსეთთან და ირანთან ერთად, ომანის ყურეში საზღვაო წვრთნებს იწყებს, NATO კი ატარებს თავის უდიდეს სამხედრო წვრთნებს ბოლო ათწლეულების განმავლობაში. NATO-ს დელეგაციას კოოპერატიული უსაფრთხოების სამმართველოს დირექტორი გენერალ-მაიორი დაციან-ტიბერიუ სერბანი ხელმძღვანელობდა. ჩინეთის დელეგაციის ლიდერი იყო გენერალ-მაიორი იაო ცინი, საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის ოფისის დირექტორის მოადგილე. NATO-ს პრეს-ბრიფინგის თქმით, მხარეებმა განიხილეს "გლობალური და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები, რომლის დროსაც უკრაინაში რუსეთის უკანონო შეჭრაზე გამახვილდა ყურადღება. „ორივე მხარე შეთანხმდა ჩართულობის გაგრძელების მნიშვნელობაზე,“ - ნათქვამია NATO-ს პრესრელიზში როგორც ცნობილია, პეკინი მოსკოვთან მჭიდრო კავშირებს ინარჩუნებს, ზრდის ეკონომიკურ თანამშრომლობას. ჩინეთს რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომი არ დაუგმია. დასავლეთი მას ხშირად მოუწოდებს, რომ გამოიყენოს თავისი გავლენა და ზეწოლა მოახდინოს რუსეთზე, რათა მოსკოვმა უკრაინაში ომი შეწყვიტოს.  

უკრაინის გამარჯვება ტრანსატლანტიკური კავშირის სიძლიერეზეა დამოკიდებული - ბორელი

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ უკრაინის გამარჯვება რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში, დამოკიდებულია ტრანსატლანტიკური კავშირების სიძლიერესა და საიმედოობაზე. ბორელმა ეს განცხადება ვაშინგტონში აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენთან შეხვედრის დროს გააკეთა, იტყობინება Ukrinform, EEAS-ის პრესსამსახურზე დაყრდნობით. „უმაღლესმა წარმომადგენელმა ბორელმა ხაზი გაუსვა უკრაინისთვის მეტი, უფრო სწრაფი და მდგრადი სამხედრო დახმარების აუცილებლობას. მან შეაქო აშშ-ის ბოლო გადაწყვეტილება უკრაინისთვის დამატებითი სამხედრო დახმარების უზრუნველყოფის შესახებ და ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის გამარჯვება ჩვენი ძლიერი ტრანსატლანტიკური კავშირის შენარჩუნებაზეა დამოკიდებული," - ნათქვამია პრესრელიზში.  

კიმ ჩენ ინმა ახალი ტიპის ტანკი გამოსცადა და ჯარს ომისთვის მზადებისკენ მოუწოდა - მედია

ჩრდილოეთ კორეის ქვეყნის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა სატანკო სწავლების დროს, სამხედროები  მოინახულა და ჯარისკაცებს მოუწოდა, გაზარდონ ძალისხმევა ომისთვის მოსამზადებლად. შეხვედრის დროს ჩრდილოკორეელმა დიქტატორმა თავად მართა ახალი ტიპის ტანკი. კიმ ჩენ ინის მტკიცებით, ახალი ტიპის საბრძოლო ტანკი "მსოფლიოში ყველაზე ძლიერია." სამთავრობო მედიის ცნობით, ჩრდილოეთ კორეამ სატანკო წვრთნები აშშ-სა და სამხრეთ კორეის ყოველწლიური თერთმეტდღიანი სწავლებების პარალელურად დაიწყო. რეგიონში მზარდი დაძაბულობის ფონზე, ვაშინგტონისა და სეულის ერთობლივი წვრთნები 48 სახის სხვადასხვა საველე ტიპის წვრთნას მოიცავდა, რაც შარშანდელთან შედარებით ორჯერ მეტია. ცნობისთვის, კიმ ჩენ ინმა არაერთხელ მოუწოდა სამხედროებს, ომისთვის მზად იყვნენ.  

კანადელი სამხედროები ფარული ნაღმების აღმოსაჩენად უკრაინელ ჯარისკაცებს ამზადებენ

კანადის შეიარაღებულმა ძალებმა აჩვენეს, თუ როგორ ამზადებენ ქვეყნის სამხედროები უკრაინელ დამცველებს ფარული ასაფეთქებელი მოწყობილობების აღმოსაჩენად. Ukrinform-ის ცნობით, ამის შესახებ კანადური სასწავლო მისიის UNIFIER-ის გვერდზე განთავსებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. ოპერაცია UNIFIER-ის ფარგლებში კანადის სამხედრო პერსონალმა 2015 წლიდან 40000-ზე მეტი უკრაინელი ჯარისკაცი გაწვრთნა. რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ კანადელმა ინსტრუქტორებმა დატოვეს უკრაინის ტერიტორია, მაგრამ რამდენიმე თვეში სწავლება დიდ ბრიტანეთში, პოლონეთსა და ლატვიაში განახლდა.  

Reuters: ნიგერიის სკოლიდან 286-მდე გატაცებულის გასათავისუფლებლად $620 000-ს ითხოვენ

შეიარაღებულმა პირებმა ნიგერიაში 286 გატაცებული სკოლის მოსწავლისა და თანამშრომლის გასათავისუფლებლად, ჯამში, $620 000-ს ითხოვენ. ამის შესახებ გატაცებულთა ოჯახების წარმომადგენელმა Reuters-ს განუცხადა. როგორც აცხადებენ, გამტაცებლები კავშირეზე ტელეფონით 12 მარტს გავიდნენ. შეიარაღებულმა პირებმა  ნიგერიაში სკოლიდან 286 მოსწავლე და სკოლის თანამშრომელი 7 მარტს გაიტაცეს. ნიგერიის პრეზიდენტმა ბოლა აჰმედ ტინუბუმ გატაცებულების დასახსნელად შეიარაღებული ძალები გაგზავნა.  

აშშ-ის არმიის უსაფრთხოების სფეროში მხარდაჭერის სარდლობის მეთაური საქართველოს ეწვია

აშშ-ის არმიის უსაფრთხოების სფეროში მხარდაჭერის სარდლობის მეთაური საქართველოში იმყოფება. აშშ-ის არმიის უსაფრთხოების სფეროში მხარდაჭერის სარდლობის მეთაურს, ბრიგადის გენერალი ბრედ ნიკოლსონს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა და მინისტრის მოადგილემ პაატა პატიაშვილმა უმასპინძლეს. „შეხვედრებზე მხარეებმა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში აშშ-საქართველოს თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ქართულმა მხარემ ამერიკელ გენერალს აშშ-ის მტკიცე პოლიტიკური და პრაქტიკული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. მხარეებმა აშშ-ის უსაფრთხოების სფეროში მხარდაჭერის სარდლობასთან ნაყოფიერი თანამშრომლობის მიმდინარეობასა და პერსპექტივებზე იმსჯელეს. ხაზგასმით აღინიშნა საქართველოს თავდაცვის ძალების მოდერნიზაციისა და ტრანსფორმაციის პროცესში სარდლობის მიერ შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილი. საუბარი შეეხო საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივის (GDDEI) განხორციელების პროგრესს,“ წერია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

ამერიკის მთავრობამ USAID-ის პროგრამის ფარგლებში $23 მილიონის ინვესტიცია განახორციელა - აშშ-ის საელჩო

აშშ-ის საელჩო USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ფარგლებში განხორციელებულ ინვესტიციებზე წერს. „ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ამერიკის მთავრობამ მხოლოდ USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ფარგლებში 23 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩადო საქართველოს ეკონომიკის, ტურიზმის, ინფორმაციული ტექნოლოგიების, ონლაინ ვაჭრობის, მსუბუქი მრეწველობის, შემოქმედებითი ინდუსტრიისა და ნარჩენების გადამუშავების სფეროებში. შედეგად, შეიქმნა 5 000 სამუშაო ადგილი, 65 მილიონი დოლარით გაიზარდა გაყიდვები, გაძლიერდა 2 000 ბიზნესი და გადამზადდა 5 000 პროფესიონალი. ასევე, საქართველომ გაზარდა ექსპორტი ევროკავშირისა და სხვა მოგებიან ბაზრებზე. პროგრამის დახურვის ღონისძიებას ვიცეპრემიერ დავითაშვილთან ერთად ელჩი რობინ დანიგანი დაესწრო და აღნიშნა, რომ აშშ გააგრძელებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების მხარდაჭერას,“ შესაბამის პოსტს ამერიკის საელჩო Facebook-oს ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს.  

ნარკოდანაშაულის ბრალდებით ცხრა პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, თბილისის, იმერეთისა და აჭარის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 9 პირი დააკავეს, მათ შორის 5 უცხო ქვეყნის მოქალაქეა. უწყების ინფორმაციით, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების მცდელობის, საქართველოში უკანონოდ შემოტანის, მარიხუანას უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების მცდელობის, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანისა და კულტივირების ფაქტებზე დაკავებულები არიან: 2002 წელს დაბადებული მ.ს., 1994 წელს დაბადებული ა.ბ., 2001 წელს დაბადებული პ.ი., 2000 წელს დაბადებული ჰ.ბ, 1992 წელს დაბადებული ა.ი. 1991 წელს დაბადებული ი.დ., 2000 წელს დაბადებული გ.ა. და წარსულში ნასამართლევები: 1988 წელს დაბადებული ზ.ღ., 1984 წელს დაბადებული მ.თ. „დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ დაკავებულ უცხო ქვეყნის მოქალაქე მ.ს.-ს სხეულით განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება - 300 გრ. „ჰეროინი“ შემოჰქონდა, ხოლო, ამავე დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბრალდებულების - ი.დ.-ს, ზ.ღ.-ს და მ.თ.-ს პირადი, საცხოვრებელი ბინების და ფერმის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ნარკოტიკული საშუალება „მდმა“, „ექსტაზი“, „მარიხუანა“ და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე „კანაფი“ ამოიღეს. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისში უცხო ქვეყნის მოქალაქეების პ.ი.-ს და ჰ.ბ-ს პირადი და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ნარკოტიკული საშუალება „ალფა პვპ“, „მარიხუანა“ და „პსილოცინი“ ამოიღეს. იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის მოქალაქის ა.ბ.-ს პირადი და დროებითი საცხოვრებელი ადგილის ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად, ლოკაციებზე სარეალიზაციოდ განსათავსებლად გამზადებული ნარკოტიკული საშუალებები „კოკაინი“, „მდმა“, „მეთადონი“, „ამფეტამინი“ და „ლსდ“ ამოიღეს, ხოლო, ბრალდებული გ.ა.-ს ჩხრეკისას, ამავე დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნივთმტკიცებად ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“ ამოიღეს, რომელიც მან ინტერნეტაპლიკაციის საშუალებით შემდგომი რეალიზაციის მიზნით შეიძინა და სხვადასხვა ლოკაციაზე განათავსა. აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ბათუმში, ა.ი.- ს დროებით საცხოვრებელ ბინაში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად „მარიხუანა“ და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე „კანაფი“ ამოიღეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული აღნიშნული მცენარის კულტივირებას თავის დროებით საცხოვრებელ სახლში მოწყობილ სპეციალურ სათბურში ახდენდა. დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების მცდელობის, საქართველოში უკანონოდ შემოტანის, მარიხუანას უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების მცდელობის, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანისა და კულტივირების ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 262-ე, 265-ე, 19-260-ე, 273-ე პრიმა და 19-273-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს,“ - აღნიშნულია შსს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

ალიევი: სომხეთთან მშვიდობის მიღწევასთან ისე ახლოს ვართ, როგორც არასდროს

აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი მიიჩნევს, რომ ბაქო ახლა ისე ახლოსაა ერევანთან მშვიდობის მიღწევასთან, როგორც არასდროს. „ახლა სომხეთთან მშვიდობასთან ისე ახლოს ვართ, როგორც არასდროს,“ - განაცხადა აზერბაიჯანის ლიდერმა ბაქოს XI გლობალური ფორუმის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას. ალიევის თქმით, აზერბაიჯანი მზად არის, გააგრძელოს სამშვიდობო მოლაპარაკებები სომხეთთან, რადგან დადგა დრო, რომ რეგიონში არასტაბილურობა დასრულდეს. შეგახსენებთ, ვაშინგტონში აღიარებენ, რომ არ არიან კმაყოფილნი იმით, რაც მოხდა მთიან ყარაბაღში. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა, რომელიც Europetime-ს ანონიმურობის დაცვის პირობით, ვრცელ ინტერვიუში ესაუბრა, ხაზი გაუსვა, რომ მნიშვნელოვანია სამშვიდობო მოლაპარაკებებთან დაბრუნება. ამის დასტურად მოჰყავთ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის, ჯეიმს ო’ბრაიენის გამოსვლა კონგრესის მოსმენაზე, რასაც ბაქოს მწვავე რეაქცია მოჰყვა, თუმცა ვაშინგტონში მიაჩნიათ, რომ ბლინკენის თანაშემწის განცხადებები უსაფრთხოებისკენ საუკეთესო გზას ასახავს. ვაშინგტონი ბაქოს პროტესტის ფონზე, ო’ბრაიენის პოზიციას ამყარებს. გასული წლის 16 ნოემბერს ბაქომ, ვაშინგტონში სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. საპასუხოდ, აშშ-მ აზერბაიჯანს და სომხეთს სამშვიდობო მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებისკენ კვლავ მოუწოდა. „ჯეიმს ო’ბრაიენის განცხადებები აჩვენებს გზას გრძელვადიანი უსაფრთხოებისაკენ როგორც სომხეთისთვის, ასევე, აზერბაიჯანისთვის და, გულწრფელად რომ ვთქვათ, საქართველოს სასარგებლოდაც. განვითარების საუკეთესო გზა იქნება, თუ ჩვენ რეალურად შევძლებთ მშვიდობის დამყარებას ამ ორ ქვეყანას შორის. ეს არის ის, რაზეც მუშაობას გავაგვრძელებთ და ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი, რომ შევძლებთ, დავუბრუნდეთ სამშვიდობო მოლაპარაკებებს  - ვიმედოვნებთ, რომ შევძლებთ, დავიწყოთ უკეთესი სამხრეთ კავკასიის მშენებლობა ყველა ქვეყნისთვის, რადგან სტაბილურობა კარგია არამხოლოდ სომხეთისთვის და აზერბაიჯანისთვის, არამედ, საქართველოსთვისაც, უსაფრთხოების, ეკონომიკური განვითარების, დემოკრატიისა და გამჭვირვალობის შესახებ მიზეზთა გამო.“

უვადო ლამინირებული პირადობის მოწმობები უქმდება

რამდენიმე თვეში საქართველოში რამდენიმე ათეულ ათას ადამიანს, რომლებსაც უვადო ლამინირებული პირადობის მოწმობები აქვთ, დოკუმენტი გაუუქმდება. იუსტიციის სამინისტრო ID ბარათების აღებას მათ 15 მარტიდან უფასოდ სთავაზობს. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ცნობით, 2011 წლის 28 ივლისამდე გაცემული არაელექტრონული (ლამინირებული) პირადობის მოწმობის პირადობის ელექტრონული მოწმობით (ID ბარათით) უსასყიდლოდ ჩანაცვლების მიზნით, მოქალაქეებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით იუსტიციის სახლებსა და მობილურ იუსტიციის სახლებს უნდა მიმართონ. „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების თანახმად, 2024 წლის პირველი ივლისიდან უქმდება 2011 წლის 28 ივლისამდე გაცემული არაელექტრონული (ლამინირებული) პირადობის მოწმობები. საქართველოს პარლამენტმა 2023 წლის დეკემბერში მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც, 2024 წლის პირველი ივლისიდან გაუქმდება 2011 წლის 28 ივლისამდე გაცემული ყველა ლამინირებული პირადობის მოწმობა. განახლებული საარჩევნო კოდექსის მიხედვით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ხმის მიცემა შესაძლებელია მხოლოდ ელექტრონული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტით ან პასპორტით. პარლამენტმა კანონმდებლობა სწორედ ამ მიზეზით შეცვალა და ლამინირებული პირადობის მოწმობების გაუქმება გადაწყვიტა.  

ბალტიისპირეთის ქვეყნები და ფინეთი რუსული სანომრე ნიშნების მქონე მანქანებს კრძალავენ

ლიეტუვაში რუსული სანომრე ნიშნის მქონე პირველი ავტომობილი 13 მარტს დააკავეს. ესტონეთში რუსული სანომრე ნიშნების მქონე მანქანების შემზღუდავი ზომები ასევე 13 მარტიდან ამოქმედდა. 2023 წლის 12 სექტემბრიდან ლიეტუვასა და ლატვიაში რუსული სანომრე ნიშნების მქონე მანქანების შესვლა აკრძალულია. შეზღუდვებს ესტონეთი ერთი დღის შემდეგ შეუერთდა. ბალტიისპირეთის ქვეყნებმა ეს შეზღუდვა ევროკომისიის მიერ 2023 წლის 8 სექტემბერს გამოქვეყნებული დირექტივით ახსნეს, რაც რუსეთის ფედერაციის მიმართ დაწესებულ სანქციებს მოიცავს უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის გამო. ამ დოკუმენტის მიხედვით, რუსეთში რეგისტრირებულ მანქანებს ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლის უფლება აღარ აქვთ. რუსული სანომრე ნიშნების მქონე მანქანებმა ფინეთი 16 მარტამდე უნდა დატოვონ. ცნობისათვის, 15 თებერვლიდან, ლატვიაში ძალაში შევიდა კანონი, რომლითაც რუსული სანომრე ნიშნების მქონე მანქანების კონფისკაცია დაშვებული იქნება. ქვეყანაში დაშვებულია მხოლოდ ის მანქანები, რომლებიც მხოლოდ დიპლომატიური წარმომადგენლობებს მიეკუთვნებიან და ასევე, ტრანზიტულად კვეთენ ლატვიას.  

ევროკავშირი უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმს ამარტივებს

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩებმა მესამე ქვეყნებთან უვიზო რეჟიმის შეჩერების გამარტივებული წესების შესახებ კანონპროექტი შეათანხმეს. შესაბამის ინფორმაციას ევროკავშირის საბჭო ავრცელებს. დამტკიცების შემთხვევაში, ახალი კანონი მისცემს მეტ შესაძლებლობას ევროკავშირს, აღკვეთოს უვიზო რეჟიმი ბოროტად გამოიყენება ან ეს ევროკავშირის ინტერესებს ეწინააღმდეგება. უვიზო რეჟიმი მესამე ქვეყანასთან ევროკავშირმა, შესაძლოა, შეაჩეროს იმ შემთხვევაშიც, თუ ამ ქვეყანასთან მისი ურთიერთობები მნიშვნელოვნად გაუარესდება, კერძოდ, ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების მდგომარეობის გამო. კანონპროექტის მიხედვით, უვიზო რეჟიმის შეჩერების ვადა გაიზრდება ცხრიდან 12 თვემდე და შესაძლებელი იქნება მისი კიდევ 24 თვით გახანგრძლივება. განახლებული წესებით, ევროკავშირს უვიზო რეჟიმის შეჩერება შეეძლება ისეთ შემთხვევაში, თუკი მესამე ქვეყნის სავიზო პოლიტიკა ევროკავშირის სავიზო პოლიტიკას არ შეესაბამება, რასაც შესაძლოა, ევროკავშირში უცხო ქვეყნის მოქალაქეების ჩასვლის ზრდა მოჰყვეს, მაგალითად, ამ ქვეყნის ევროკავშირთან გეოგრაფიული სიახლოვის გამო. ასევე, უვიზო რეჟიმი, შესაძლოა, შეჩერდეს, თუკი ქვეყანაში მოქმედებს ინვესტორებისთვის მოქალაქეობის მინიჭების სქემა, აგრეთვე, ამ ქვეყნის დოკუმენტების უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ კანონმდებლობაში ან პროცედურებში არსებობს ჰიბრიდული საფრთხეები ან ნაკლოვანებები. ამასთან, ძალაში დარჩება ასევე უვიზო რეჟიმის შეჩერების აქამდე მოქმედი პირობები, მათ შორის, მესამე ქვეყნიდან თავშესაფრის მაძიებელთა დიდი რაოდენობით უსაფუძვლო განაცხადების მიღება, რეადმისიის ფარგლებში თანამშრომლობის შემცირება, უვიზო რეჟიმით დადგენილი ვადების დარღვევა.  

ყირგიზეთის პარლამენტმა „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ კანონი მიიღო

ყირგიზეთის რესპუბლიკის პარლამენტის დეპუტატებმა მესამე მოსმენით მიიღეს კანონპროექტი „არაკომერციული ორგანიზაციების შესახებ ყირგიზეთის რესპუბლიკის კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ.“ კანონპროექტს მხარი 66-მა სახალხო დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი 5 დეპუტატმა იყო. როგორც ადგილობრივი მედია წერს, კანონპროექტის კენჭისყრა რამდენიმე წუთში გაიმართა და პარლამენტის არცერთ წევრს შეკითხვა არ დაუსვამს. ახლა კანონის მისაღებად მხოლოდ ქვეყნის პრეზიდენტის ხელმოწერაა საჭირო. ყირგიზი უფლებადამცველები და არასამთავრობო ორგანიზაციები შეშფოთებულნი არიან იმის გამო, რომ კანონმდებლობა უცხოური აგენტების შესახებ, რუსეთის კანონის თითქმის იდენტურია. მათ მოუწოდეს კანონმდებლებს, უკან გაეწვიათ კანონპროექტი. ყირგიზეთის პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ კანონი ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მიზეზების გამო იყო საჭირო. კანონის თავდაპირველი ვერსია პატიმრობასაც ითვალისწინებდა, თუმცა ხსენებული მუხლი კანონპროექტიდან 20 თებერვალს ამოიღეს. კანონპროექტი სახელმწიფოს მხრიდან არაკომერციული არასამთავრობო ორგანიზაციების დამატებით კონტროლსა და შემოწმებას გულისხმობს. BBC: ყირგიზეთმა შესაძლოა, მალე მიიღოს „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონი, რომელიც რუსულის მსგავსია  

დიდი ბრიტანეთი ექსტრემიზმის განმარტებას ცვლის

ებრაელებისა და მუსლიმების წინააღმდეგ დანაშაულის გავრცელების საპასუხოდ, ბრიტანეთმა ექსტრემიზმის ახალი დეფინიცია გამოაქვეყნა, თუმცა კრიტიკოსებმა განაცხადეს, რომ ცვლილება სიტყვის თავისუფლების შელახვის რისკებს ქმნის. ახალ განმარტებაში ნათქვამია, რომ ექსტრემიზმი არის ძალადობაზე, სიძულვილზე ან შეუწყნარებლობაზე დაფუძნებული იდეოლოგიის წახალისება, რომელიც მიზნად ისახავს ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების განადგურებას. „დღევანდელი ზომები უზრუნველყოფს, რომ მთავრობამ გაუფრთხილებლობით არ მისცეს პლატფორმა მათ, ვინც საფრთხეს უქმნის დემოკრატიას და უარყოფს სხვების ფუნდამენტურ უფლებებს," - განაცხადა თემების მინისტრმა მაიკლ გოუვმა, რომელიც ექსტრემიზმის ახალი განმარტების შემუშავების პროცესს ხელმძღვანელობს. მანამდე, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი ამბობდა, რომ ბრიტანეთის მულტიეთნიკურ დემოკრატიას საფრთხეს უქმნიან ორივე, ისლამისტური და ულტრამემარჯვენე ექსტრემისტები და ბევრია გასაკეთებელი ამ გამოწვევის დასაძლევად.  როგორც Reuters-ი წერს, 2023 წელს ჰამასის ისრაელზე თავდასხმის შემდეგ დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე ანტისემიტური ინციდენტები 147%-ით, ხოლო ანტიმუსლიმური ინციდენტები 335%-ით გაიზარდა.   

უცხო ქვეყნის მოქალაქეებს არადეკლარირებული 18 000 850 რუბლი შემოჰქონდათ - შემოსავლების სამსახური

საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,ყაზბეგი”, მებაჟე ოფიცრებმა, არადეკლარირებული თანხის შემოტანის მცდელობის ორი ფაქტი აღკვეთეს. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით, მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქეების მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის დეტალური დათვალიერების შედეგად, სპეციალურად მოწყობილ სამალავებში, ჯამში, 18 000 850 რუსული რუბლი გამოავლინეს. არადეკლარირებული თანხის საერთო რაოდენობამ, ეროვნული ბანკის გაცვლითი კურსის მიხედვით 524 320,63 ლარი შეადგინა. „საქართველოს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სამართალდამრღვევ მოქალაქეებს, სანქციის სახით, თანხის სრულად ჩამორთმევა განესაზღვრათ,“ წერს უწყება.  

საქართველოში 83% ამბობს, რომ ქვეყნის დასაცავად იბძოლებს - Gallup-ის კვლევა

საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაცია Gallup international-ის ახალი კვლევით, საქართველო იმ ქვეყნების ხუთეულში მოხვდა, რომლის ყველაზე მეტი მოქალაქეც აცხადებს, რომ მზადაა, იბრძოლოს, თუ ქვეყანაში ომი იქნება. კვლევის ავტორების განცხადებით, ხუთეული ასე განაწილდა: სომხეთი — 96%; საუდის არაბეთი — 94%; აზერბაიჯანი — 88%; პაკისტანი — 86%; საქართველო — 83%. ხოლო იმ ქვეყნებს შორის, სადაც ომის შემთხვევაში ყველაზე მეტი ადამიანი აცხადებს, რომ თავად არ იბრძოლებს, მოხვდა: იტალია — 78%; ავსტრია — 62%; გერმანია — 57%; ნიგერია — 54%; ესპანეთი — 53%. ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ კვლევის ფარგლებში, ჯამში, 46 138 ადამიანი გამოიკითხა და თითოეული ქვეყნიდან  ინტერვიუერთა რეპრეზენატატული რაოდენობა იქნა შერჩეული. გამოკითხვა 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბრის პერიოდში ჩატარდა პირისპირი, სატელეფონო ან ონლაინ ინტერვიუს სახით. Gallup international-ის თქმით, კვლევის ცდომილების ზღვარი არის 3-5%.  

ტოივო კლაარი ოკუპირებულ ცხინვალსა და აფხაზეთში ჩავიდა

15 მარტს, ოკუპირებულ ცხინვალში ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეები ჩავიდნენ. სააგენტო რეს-ის ცნობით, ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარემ, ევროკავშირის მხრიდან ტოივო კლაარმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მოსახლეობას უნდა მიეცეს მეტი შესაძლებლობა „გამყოფი ხაზის“ გადაკვეთისთვის. მისი თქმით, აფხაზეთში საგუშაგოების რაოდენობა ისევ იმ რაოდენობის გახდა, როგორიც იყო კორონავირუსის პანდემიამდე. თანათავმჯდომარეებს ე.წ. სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტის სახელმწიფო მრჩეველი კონსტანტინე კოჩიევი შეხვდა. კოჩიევის განცხადებით, ჟენევის დისკუსიებს ალტერნატივა არ აქვს. „ჩვენ ვადასტურებთ შეფასებებს ჟენევის პროცესის მნიშვნელობის შესახებ და აღვნიშნავთ მის როლს არსებული უსაფრთხოების სტრუქტურის გაძლიერებაში. ჟენევის პროცესის გამოცდილება აჩვენებს, რომ მონაწილე მხარეებს შეუძლიათ საკამათო საკითხების გადაწყვეტილებების პოვნა. თავად ის ფაქტი, რომ პროცესი არსებობს და წარმატებით ფუნქციონირებს უკვე 15 წელია, გვაძლევს საშუალებას შევინარჩუნოთ გარკვეული სტაბილურობა რეგიონში, რაც უკვე შეიძლება ჩაითვალოს მნიშვნელოვან ელემენტად ამიერკავკასიაში უსაფრთხოების სტაბილურობისადმი ნდობის განმტკიცებისთვის,“ - განაცხადა კოჩიევმა. მანვე დასძინა, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთში შეუმჩნეველი არ რჩება საგარეო პოლიტიკური მოღვაწეების მოწოდება თბილისისადმი მეორე ფრონტის გახსნის თაობაზე. "ამაზე საქართველოს ხელისუფლებაც შეშფოთებით საუბრობს, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ შეგვიძლია დავაფიქსიროთ, რომ საზღვარზე სტაბილურობაა, ამ დროისთვის არ არსებობს მინიშნებები, რომ საქართველოს ხელისუფლებას სამხედრო მოქმედებების დაწყება სურს. თუმცა, ჩვენ ვამჩნევთ საქართველოსა და უცხოელ პარტნიორებს შორის სამხედრო თანამშრომლობის განვითარებას, რაც ზრდის უსაფრთხოების არსებულ რისკებს," - აღნიშნა კოჩიევმა რადიო თავისუფლების ცნობით. 13 მარტს ჟენევის დისკუსიის თანამთავმჯდომარე ტოივო კლაარი სოხუმს ესტუმრა. მანამდე დიპლომატს უარს ეუბნებოდნენ სამუშაო ვიზიტებზე. „აფხაზეთში ჩვენ მივაღწიეთ იმდენივე გადაკვეთის პუნქტების რაოდენობას, რამდენიც პანდემიის გავრცელებამდე იყო. აქ, სამხრეთ ოსეთში, ჩვენ გვინდა ვიხილოთ მსგავსი სურათი, რათა ხალხისთვის საზღვრების გადაკვეთა გაადვილდეს,“ - განაცხადა ტოივო კლაარმა. მისივე თქმით, შეხვედრაზე უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების საკითხიც განიხილეს. "აუცილებელია ამ პრობლემის გადაჭრის გზების მოძიება და ახლობლებისთვის პასუხის გაცემა მათი ნათესავების ბედზე. ჩვენ სრულად გვესმის ამ საკითხის მნიშვნელობა და გვსურს ვითანამშრომლოთ ყველა დაინტერესებულ მხარესთან გამოსავლის მოსაძებნად," - აღნიშნა კლაარმა. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ირაკლი ტუჟბამ შეხვედრები ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან, ტოივო კლაართან, ჯიჰან სულთანოღლუსთან (გაეროს წარმომადგენელი) და ზიგფრიდ ვებერთან (ეუთოს წარმომადგენელი) გამართა. „კონსულტაციების ფარგლებში მონაწილეებმა ყურადღება ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მუშაობის განახლების საკითხებსა და თავისუფალ გადაადგილებასთან დაკავშირებულ საკითხებზე გაამახვილეს,“ - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. შეხვედრის მთავარი თემა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მე-60 რაუნდის დღის წესრიგის განხილვა იყო, რომელიც 4-5 აპრილს გაიმართება. USAID ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მინისტრის გადაწყვეტილებაზე: ვაკვირდებით სიტუაციას ტოივო კლაარი: აფხაზეთის მხარდასაჭერად ევროკავშირმა დაახლოებით 180 მილიონი ევრო დახარჯა