ძებნის რეზულტატი:

დუდა და ტუსკი აშშ-ში ჩადიან

პოლონეთის პრეზიდენტი ანდჯეი დუდა და პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი 12 მარტს, ვაშინგტონში აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს შეხვდებიან. თეთრი სახლის ცნობით, ლიდერები რუსეთის სასტიკი დამპყრობლური ომისგან უკრაინის დასაცავად, ურყევ მხარდაჭერას დაადასტურებენ. თეთრი სახლის შეხვედრა პოლონეთის NATO-ში გაწევრიანების 25 წლისთავს ემთხვევა და ხაზს უსვამს შეერთებული შტატებისა და პოლონეთის ერთობლივ, ურყევ ერთგულებას ალიანსის მიმართ. დუდა, ტუსკი და ბაიდენი, ვაშინგტონში NATO-ს მომავალი სამიტის წინ, თავიანთ ქმედებებს კოორდინაციას გაუწევენ. ისინი ასევე განიხილავენ აშშ-პოლონეთის სტრატეგიულ პარტნიორობას ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე, ეკონომიკურ ურთიერთობებზე და, დემოკრატიული ღირებულებებისადმი შეერთებული შტატებისა და პოლონეთის ერთობლივ ერთგულებაზე. სამიტზე ვაშინგტონში, სხვა საკითხებთან ერთად უნდა განიხილონ უკრაინისა და ალიანსის შემდგომი დაახლოება. NATO-ში აშშ-ის ელჩი ჯულიან სმიტი არ ელის, რომ უკრაინა ვაშინგტონში სამიტზე ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების მოწვევას მიიღებს. ცნობისთვის, პოლონეთი რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე მტკიცე მოკავშირეა. დუდა ასებე შეხვდება კონგრესის მთავარ კანონმდებლებს, მათ შორის, პალატის სპიკერს მაიკ ჯონსონს, პალატის დემოკრატიული უმცირესობის ლიდერს ჰაკიმ ჯეფრისს და სენატის რესპუბლიკური უმცირესობის ლიდერს მიჩ მაკკონელს. გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი და „რესპუბლიკელები“ უკრაინის დახმარების საკუთარ პაკეტს ამზადებენ. შესაბამის ინფორმაციას NBC News-ი სამ ოფიციალურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. „უკრაინის დახმარების პაკეტის შემუშავების გეგმები ადრეულ ეტაპზეა, თუმცა იმ „რესპუბლიკელებს“, რომლებიც უკრაინას მხარს უჭერენ, სურთ, რომ კანონპროექტზე მუშაობა მას შემდეგ დაიწყონ, როგორც კი კონგრესი 22 მარტს აშშ-ის მთავრობის დაფინანსების პაკეტს დაამტკიცებს,“ წერს გამოცემა. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, მაიკ ჯონსონი და წარმომადგენელთა პალატის მთავარი კომიტეტების „რესპუბლიკელი“ ხელმძღვანელები უკრაინისთვის არასამხედრო დახმარების სესხის სახით გადაცემას განიხილავენ. დემოკრატები და რესპუბლიკელები დღემდე ვერ თანხმდებიან რამდენად მკაცრი და ზუსტად როგორი უნდა იყოს საზღვრის დაცვის პოლიტიკა და უკანონო იმიგრაციასთან გამკლავების გზები. სწორედ ესაა მთავარი მიზეზი, რატომაც არ თანხმდებიან რესპუბლიკელები უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გადაცემას. რესპუბლიკელების ნაწილს სურს, რომ საზღვრის კვეთისა და საიმიგრაციო საკითხები მათი პრიორიტეტების მიხედვით გადაწყდეს და მხოლოდ ამის შემდეგ დათანხმდებიან უკრაინისთვის დახმარების გადაცემას. ბაიდენმა 7 მარტს კონგრესისადმი მიმართვისას კიდევ ერთხელ ისაუბრა, რამდენად მნიშვნელოვანია მის მიერ წარდგენილი პაკეტის დამტკიცება უკრაინის დასახმარებლად.  

პრემიერის თქმით, ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ უფრო ეფექტიანი ბრძოლისთვის ერთიანი, განახლებული გეგმა უნდა შემუშავდეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ უფრო ეფექტიანი ბრძოლისთვის ერთიანი, განახლებული გეგმა უნდა შემუშავდეს. მა შესაბამისი თხოვნით ძალოვან უწყებებს მიმართა. ირაკლი კობახიძის თქმით, დაუშვებელია ნებისმიერი ლოიალური დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ; მომხმარებლებს სჭირდებათ ზრუნვა, თუმცა რეალიზატორებთან საჭიროა მაქსიმალური სიმკაცრე და ეს უნდა იყოს მთავრობის პოლიტიკა ამ მიმართულებით. „ნარკოპოლიტიკა არის საზოგადოებაში ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული პრობლემა, რაზეც ჩვენი პოლიტიკური გუნდის წევრებიც ხშირად საუბრობენ; მინდა, მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა მინისტრს, ბატონ ვახტანგ გომელაურს, იმისთვის, რომ რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი ოპერაცია ჩატარდა გასული პერიოდის განმავლობაში, მოხდა რეალიზატორების იდენტიფიცირება, ქსელების იდენტიფიცირება, თუმცა კიდევ უფრო მეტია საჭირო, გამომდინარე იქიდან, რომ კვლავაც სახეზეა ნარკოტიკების რეალიზაციის, მოხმარების ფაქტები. „არის გარკვეული სისტემური მოვლენებიც, რაც ამას უკავშირდება. არის ასეთი ტერმინი მათ შორის დამკვიდრებული - ლიბერალური ნარკოპოლიტიკა, რაც მე ვიტყოდი, რომ არის იმ იდეოლოგიის გაგრძელება, რომელსაც ჩვენ ვუწოდებთ ფსევდოლიბერალურ იდეოლოგიას, ანუ ეს არის ამ იდეოლოგიური ხაზის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი, რასაც ვფიქრობთ, რომ უნდა დავუპირისპირდეთ. ეს არ არის ის იდეოლოგია, რომელიც შეიძლება რომ მისაღები იყოს ჩვენი საზოგადოებისთვის და რომელიც შეიძლება წაადგეს ჩვენს საზოგადოებას. ნარკოტიკები ანადგურებს არა მხოლოდ ჯანმრთელობას, არამედ ღირებულებებსაც და ეს არის ამ ე.წ. ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა, რომ ახალგაზრდებში განადგურდეს ღირებულებები, რასაც ჩვენ აუცილებლად უნდა დავუპირისპირდეთ. ერთი პერიოდი ამ ადამიანებმა მიაღწიეს წარმატებას ლიბერალური ნარკოპოლიტიკის იდეოლოგიის პროპაგანდის მიმართულებით. თუმცა, ჩვენ ამას არავითარ შემთხვევაში არ უნდა შევეგუოთ. დაუშვებელია ნებისმიერი ლოიალური დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ. რა თქმა უნდა, არ ვსაუბრობ მომხმარებლებზე, ჩვენ გვჭირდება პირიქით ზრუნვა მომხმარებლების მიმართ, იმისათვის, რომ მათ უარი ვათქმევინოთ ნარკოტიკების მოხმარებაზე. ეს უნდა იყოს ჩვენი ნარკოპოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება, თუმცა რაც შეეხება რეალიზაციას, რეალიზატორებს, აქ გვჭირდება მაქსიმალური სიმკაცრე, ეს უნდა იყოს ჩვენი პოლიტიკა. ასევე ყურადღება არის მისაქცევი ფსიქოტროპულ აფთიაქებზე, ამას ცალკე უნდა გაესვას ხაზი, რაზეც საზოგადოებაშიც ხშირად საუბრობენ და მინდა, ვთხოვო ყველა შესაბამის სამინისტროს, განსაკუთრებით ძალოვან უწყებებს, რომ შევიმუშაოთ ერთიანი, განახლებული გეგმა იმისათვის, რომ კიდევ უფრო ეფექტიანი გახდეს ჩვენი ბრძოლა ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ,“ - განაცხადა პრემიერმა.  

საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 2023 წელს 24%-ით შემცირდა - საქსტატი

2023 წელს, წინა წელთან შედარებით, საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა შემცირებულია. საქსტატის განმარტებით, 24%-იანი კლების ძირითადი მიზეზი სავალო ვალდებულებების შემცირებაა. 2023 წლის წინასწარი მონაცემებით, ქვეყანაში $1594,7 მილიონის ინვესტიცია შემოვიდა, 503,2 მილიონი დოლარით ნაკლები, ვიდრე წინა წელს. თუ არ გავითვალისწინებთ 2022 წელს, უცხოური ინვესტიციების კუთხით ეს არის საუკეთესო მონაცემები, ბოლო 6 წლის განმავლობაში. გასულ წელს საქართველოს სამი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყანა იყო: გაერთიანებული სამეფო (24,6%), ნიდერლანდი (22,6%) და თურქეთი (10,6%). ყველაზე დიდი თანხა, მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 39,5 პროცენტი, ჩაიდო ($630,1 მლნ) საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობაში. მეორე ადგილზეა დამამუშავებელი მრეწველობის სექტორი ($291,7 მლნ - 18,3%), მესამეზე - ტრანსპორტის სექტორი ($138,2 მლნ - 8,7%).  

ნიკა მელია და ნიკა გვარამია გაერთიანდნენ

პარტია "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილმა თავმჯდომარემ და "მთავარი არხის" ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა პარტია - „ახალი“ შექმნეს. პარტიის შესახებ ნიკა მელიამ და ნიკა გვარამიამ თბილისში, სასტუმრო "შერატონში" ისაუბრეს. „ახალი“ არჩევნებში 4 ნომრით მიიღებს მონაწილეობას. „ჩვენი პარტია არის „ახალი“. ჩვენ ვართ ერთად და ვიბრძვით საქართველოში ახალი გზებით ცვლილებისთვის. ჩვენ შევცვლით, იმიტომ, რომ ჩვენ ვიცით ბრძოლა, ჩვენ ვიცით, რა ფასი აქვს მოუსყიდაობას, ვიცით, რა ფასი აქვს სამშობლოს მსახურებას, ჩვენ ვიცით, როგორ დავძლიოთ სირთულეები და როგორ ვუპასუხოთ გამოწვევებს. ჩვენ ეს ვიცით, ჩვენ შევცვლით, მაგრამ ჩვენ ასევე ვიცით, როგორ ვმართოთ და ჩვენ გავაგრძელებთ ამ ქვეყნის ისტორიას წარმატებული ხელისუფლებით, წარმატებული ნაბიჯებით და ევროინტეგრაციით. ეს არის ჩვენი გადაწყვეტილება, ეს არის ჩვენი ამოცანა, ეს არის ჩვენი მიზანი და ჩვენ ამ მიზანს თქვენთან ერთად აუცილებლად მივაღწევთ.“ - განაცხადა ნიკა გვარამიამ. გვარამიამ გაერთიანება "ახალის" ფერებსა და ლოგოსთან დაკავშირებითაც ისაუბრა. „ჩვენი ფერია მწვანე, ეს არის სიახლის, ახალი დასაწყისის ფერი. ჩვენი ფერია ნარინჯისფერი, ეს არ არის მხოლოდ მელიის ფერი, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არის დაუცხრომელი ენერგიის, წინსვლის და იმედის ფერი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არის ჩვენი მთავარი ფასეულობები და თეთრთან ერთად რომელიც სისუფთავის, მოუსყიდაობის და ბედნიერების ფერია, ვფიქრობთ, რომ გავალთ წინ. ეს არის ჩვენი სიმბოლოები, ეს არის ჩვენი წინ მიმართული ისარი, რომელიც სწრაფი გადახვევის ისარია, ეს არის სწრაფად მოძრაობა წინ ამ დაპაუზებულ ქვეყანაში, ქვეყანაში, სადაც მხოლოდ წარსულზე ლაპარაკობენ. ვფიქრობ, რომ ეს არის მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი განაცხადი. ჩვენ ვივლით მხოლოდ წინ, არ გავიხედავთ უკან და მივაღწევთ წარმატებას,“ - განაცხადა გვარამიამ. "ახალის" წევრები არიან: "ნაციონალური მოძრაობის" ბათუმის ორგანიზაციის ყოფილი ხელმძღვანელი - გიორგი კირთაძე, საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე - მაია კოპალეიშვილი და ა.შ.  

უნივერსიტეტებში თეორიული ცოდნის მიღება ონლაინ გახდება შესაძლებელი

საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში თეორიული კურსების გავლა სტუდენტებს დისტანციურად შეეძლებათ. განათლების მინისტრ გიორგი ამილახვრის თქმით, საკითხი 11 მარტის მთავრობის სხდომაზე განიხილეს. მთავრობა მუშაობს კანონპროექტზე, რომლის მიხედვითაც, საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები, რომელიც თეორიულ სწავლებას მოიცავს, ეს კურსები სრულად ელექტრონულ სივრცეში ჩაატარონ. მათ ამისთვის სპეციალური აკრედიტაციის მიღება დასჭირდებათ - ამ უფლებას განათლების სამინისტრო გასცემს. "შესაძლებელი იქნება სრულად დისტანციური პროგრამების შემუშავება იმ მიმართულებებში, რომელიც არ საჭიროებს პრაქტიკულ-ლაბორატორიულ სწავლებას," - აცხადებენ განათლების სამინისტროში. საქართველოში ონლაინ განათლების მიღება უცხო ქვეყნის მოქალაქეებსაც შეეძლებათ. ამ დრომდე საქართველოში დისტანციური სწავლების შესაძლებლობები მხოლოდ კორონავირუსის პანდემიის დროს გამოიყენებოდა. იგივე კანონპროექტი დაარეგულირებს საქართველოს მოქალაქეების უცხოეთში დისტანციურად სწავლებას. საწყის ეტაპზე, საქართველოს ტერიტორიიდან უცხოეთში დისტანციური ფორმით მიღებული უმაღლესი განათლების აღიარება შესაძლებელი იქნება იმ შემთხვევაში, თუ საგანმანათლებლო პროგრამა აკრედიტებული იქნება ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთის ან აშშ-ის განათლების ხარისხის დამდგენი უწყებების მიერ.  

სუს-მა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის ყოფილი წარმომადგენელი დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით სახელმწიფოს კუთვნილი ქონების თაღლითურად დაუფლების, თაღლითურად დაუფლებაში დახმარებისა და სამსახურებრივი სიყალბისთვის თ. ც. დააკავა, რომლიც 2019-2022 წლებში ნინიგორის ადმინისტრაციულ ერთეულში ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის თანამდებობას იკავებდა. ამის შესახებ ინფორმაცის სახელწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგენილია, რომ თ.ც-ის მიერ გაცემული ყალბი ცნობების საფუძველზე, მოქალაქეები თაღლითურად დაეუფლნენ 1 746 934 ლარის ღირებულების სახელმწიფოს და კერძო საკუთრებაში არსებულ, ჯამში 37 864 მ2 მიწის ნაკვეთს. გარდა ამისა, თ. ც. პირთა ჯგუფთან ერთად მართლსაწინააღმდეგოდ, თაღლითურად დაეუფლა 105 199 ლარის ღირებულების 1928 კვადრატულ მეტრ მიწის ნაკვეთს. აღნიშნულ მიწის ნაკვეთებს ამ დროისთვის ადევს ყადაღა. „როგორც ცნობილია, 2023 წლის 15 ნოემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, პირი თავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, თუ სახელმწიფოს საკუთრებაში დააბრუნებს თაღლითურად დაუფლებულ მიწის ნაკვეთს ან აანაზღაურებს ეკვივალენტურ ღირებულებას იმ შემთხვევაში, თუ მიწის ნაკვეთი გასხვისებულია კეთილსინდისიერ შემძენზე. აღნიშნული კანონი არ ვრცელდება საჯარო მოხელეების მიერ ჩადენილ დანაშაულზე. აღნიშნულის გამო, მოქალაქეებს, რომლებიც თ.ც-ის დახმარებით თაღლითურად დაეუფლნენ სახელმწიფოს კუთვნილ მიწის ნაკვეთებს, განემარტათ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები, რომელთა შესრულების შემთხვევაშიც არ დაეკისრებათ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა. გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, 25,180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და 341-ე მუხლით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე“,- ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

კარასინი ზურაბ აბაშიძის თანამდებობიდან გადადგომას გამოეხმაურა

რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის გრიგორი კარასინის შეფასებით, საქართველოსთან არაფორმალური დიალოგის განვითარება გიორგი ქაჯაიას პირობებშიც მოთხოვნადი იქნება. კარასინი ამბობს, რომ ზურაბ აბაშიძესთან არაფორმალური დიალოგის დროს ბოლო 11 წლის განმავლობაში ბევრი რამ გაკეთდა და დადებითი შედეგებიც მიღწეულია. „დარწმუნებული ვარ, რომ ეს მოვლენები კვლავაც მოთხოვნადი იქნება. რუსეთი დაინტერესებულია პრაგმატული დიალოგით და ქართველ პარტნიორებთან სრულფასოვანი ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის დაბრუნებით,“ - განაცხადა კარასინმა. მან 11 წლის განმავლობაში საქართველოსა და რუსეთს შორის დიალოგში მიღწეული შედეგები, მათ შორის, სავაჭრო ბრუნვის, სატრანსპორტო და ჰუმანიტარულ სფეროები გამოყო. ზურაბ აბაშიძეს გიორგი ქაჯაია ჩაანაცვლებს. ქაჯაიას მრავალწლიანი დიპლომატიურ კარიერა აქვს. ბოლო წლებში იყო რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოში საქართველოს ინტერესების სექციაში საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი. გიორგი ქაჯაია ასევე მუშაობდა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ–მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის მრჩევლად. აბაშიძე, რომელსაც აღნიშნული თანამდებობა 12 წელი ეკავა, ამბობს, რომ პოსტის დატოვება თავად სურდა. მისი თქმით, რამდენიმე თვის წინ იმჟამინდელ პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს წინადადებით მიმართა, რომ მის შემცვლელზე ეფიქრათ. აბაშიძის თქმთ, მის შემცვლელად თავიდანვე გიორგი ქაჯაია დასახელდა, რადგან რუსეთთან ურთიერთობის საკითხებს კარგად იცნობს. „ლოგიკა ძალიან მარტივია – 2012 წლის შემდეგ გავიდა 12 წელი, ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული. მან [პრემიერმა] დადებითად მიიღო ჩემი წინადადება და, ბუნებრივია, ასეთ შემთხვევაში ჩნდება კითხვა, ვინ იქნება შემცვლელი. იმთავითვე დასახელდა გიორგი ქაჯაიას კანდიდატურა, რომელიც ჩვენი სექციის ხელმძღვანელი გახლდათ მოსკოვში 4 წლის განმავლობაში, მაგრამ ის უნდა დაბრუნებულიყო საქართველოში. გიორგი დაბრუნდა, ამ წლის იანვარში დაუსრულდა მას იქ მუშაობის ვადა და ახლა ის ინიშნება ამ თანამდებობაზე. მე წლებია ვიცნობ გიორგი ქაჯაიას, ის მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტროში, დიდი გამოცდილება აქვს, მუშაობდა უშიშროების საბჭოში… კარგად იცნობს ამ თემას, კვალიფიცირებული და სერიოზული ადამიანია. მე ვფიქრობ, ის შესაბამისად წარუძღვება ამ საქმიანობას,“ – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ. ზურაბ აბაშიძეს რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის პოსტი 2012 წლის ბოლოდან ეკავა. ის "აბაშიძე- კარასინის" ფორმატში მოლაპარაკებებს მართავდა. ცნობისთვის, რუსეთში შვეიცარიის საელჩოსთან არსებული საქართველოს ინტერესების სექციის ახალ ხელმძღვანელად მამუკა მერკვილაძე დაინიშნა.  

ალიევი თოყაევთან შეხვედრაზე: შუა დერეფანი თავის სრულ პოტენციალს ახლა წარმოაჩენს

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა დღეს ყაზახ კოლეგას უმასპინძლა. საუბარი სხვა საკითხებთან ერთად შეეხო შუა დერეფანსაც. ალიევის შეფასებით, შუა დერეფანი თავის სრულ პოტენციალს ახლა წარმოაჩენს. ამის შესახებ მან ყაზახეთის პრეზიდენტ ყასიმ-ჟომართ თოყაევთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „ჩვენც (აზერბაიჯანი და ყაზახეთი - რედ.) მეზობლები ვართ. მხოლოდ კასპიის ზღვა გვყოფს. მაგრამ ის (კასპიის ზღვა - რედ.) დღეს არ არის ბარიერი. პირიქით, კასპიის ზღვა არის ხიდი არამხოლოდ ჩვენს ქვეყნებს შორის, არამედ, ბევრ სხვა სახელმწიფოს შორის, რადგან ტრანსკასპიური სატრანსპორტო მარშრუტი ახლა წარმოაჩენს თავის სრულ პოტენციალს,“ - აღნიშნა ალიევმა. დღესვე, ყაზახეთის ელჩმა აზერბაიჯანში ალიმ ბაილმა ყაზახეთ-აზერბაიჯანის ბიზნეს საბჭოს მე-2 შეხვედრის დროს განაცხადა, რომ აზერბაიჯანი და ყაზახეთი მსხვილ რეგიონულ პროექტებს ახორციელებენ. მისივე თქმით, ეს მოიცავს შუა დერეფნის განვითარების პროექტებს, კასპიის ზღვის ფსკერზე ოპტიკურ-ბოჭკოვანი საკომუნიკაციო ხაზის გაყვანას და ა.შ. „გასულ წელს ორ ქვეყანას შორის ვაჭრობამ 530 მილიონ დოლარს მიაღწია, რაც ბოლო წლების რეკორდული მაჩვენებელია,“ - განაცხადა ელჩმა და დასძინა, რომ არსებობს სავაჭრო ბრუნვის შემდგომი გაფართოების პოტენციალი. ბაიელმა აღნიშნა, რომ აუცილებელია ბიზნესსაბჭოს საქმიანობის გაფართოება, როგორც მსხვილი, ისე საშუალო ბიზნესის მოზიდვა. შუა დერეფნის გასწვრივ ტვირთის გადაზიდვის მოცულობა 10 მილიონ ტონას მიაღწევს - ყაზახეთის პრეზიდენტი შუა დერეფანი - სუეცის არხის ალტერნატივა: რეალობა და პერსპექტივები  

უკრაინა 2000-კილომეტრიან სიმაგრეებს აშენებს - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამხედრო მეთაურებთან და მინისტრებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ქვეყანა 2000-კილომეტრიან სიმაგრეებს აშენებს. ზელენსკიმ განაცხადა, რომ შეხვედრის დროს მან მიიღო მოისმინა ანგარიში პრემიერ შმიგალისგან „ახალი თავდაცვის ხაზების მშენებლობის ტემპის შესახებ.“ „2000 კილომეტრის (1240 მილი) სიმაგრეების მშენებლობა თავდაცვის სამი ხაზის გასწვრივ არის დიდი ამოცანა, მაგრამ ტემპი კარგია," - განაცხადა ზელენსკიმ. ზელენსკიმ განმარტა, რომ მან ასევე მოისმინა "დეტალური ანგარიშები სარდლობისგან ბრძოლის ველზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით", ასევე თავდაცვის მინისტრ რუსტემ უმეროვისა და სტრატეგიული მრეწველობის მინისტრის ალექსანდრ კამიშინის ანგარიშები ფრონტის ხაზზე საბრძოლო მასალის მიწოდებასთან დაკავშირებით. Wall Street Journal (WSJ) 7 მარტს წერდა, რომ უკრაინის ჯარები აშენებენ სიმაგრეებს გაზაფხულზე რუსეთის შეტევის მოლოდინში, თუმცა არსებობს შეშფოთება, რომ პროგრესი საკმარისად სწრაფი არ არის.  

უკრაინამ საკუთარ ოჯახებში კიდევ რამდენიმე ბავშვი დააბრუნა

ხერსონის ოლქის დროებით ოკუპირებული ტერიტორიიდან უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ხუთი ბავშვი და 18 წლის ობოლი დააბრუნეს. ამის შესახებ ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ალექსანდრ პროკუდინმა განაცხადა. „ჩვენი შვილების ოკუპირებული ტერიტორიიდან დაბრუნება მუდმივი ძალისხმევაა. ახლა კი, ისევ კარგი ამბავი გვაქვს. ოჯახებმა ხუთი შვილით და 18 წლის ობოლით შეძლეს უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გამგზავრება," - აღნიშნა პროკუდინმა. მისივე თქმით, ბავშვებიდან ყველაზე პატარა  - ორი წლისაა. „ახლა ბავშვები და მოზარდები უსაფრთხოდ არიან. მათთან ფსიქოლოგები და ექიმები მუშაობენ.“ გუბერნატორმა მადლობა გადაუხადა ორგანიზაცია Save Ukraine-ს, რომელიც აღნიშნულ საკითხში აქტიური მონაწილეა. უკრაინამ საკუთარ ოჯახებს კიდევ ხუთი ბავშვი 29 თებერვალს, 10 ბავშვი კი, 9 მარტს დაუბრუნა. ოფიციალური მონაცემების თანახმად, უკრაინიდან რუსეთში, იძულებით, სულ მცირე 19 546 ბავშვი გადაასახლეს. ეს ციფრი მხოლოდ ოფიციალურად დადასტურებულ ინფორმაციას ასახავს, თუმცა, უფლებადამცველები ვარაუდობენ, რომ რეალური მაჩვენებელი ბევრად მაღალია.  

საქართველოს პროკურატურამ, ადეიშვილის დაკავების მიზნით, ბელგიასა და გერმანიას მიმართა

საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, საქართველოს პროკურატურამ მიმართა გერმანიის და ბელგიის კომპეტენტურ უწყებებს, ზურაბ ადეიშვილის დაკავებისა და საქართველოში ექსტრადირების მიზნით. ინფორმაციას რადიო თავისუფლება პროკურატურის პრესცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს. „საქართველოს პროკურატურა, საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, ყველა კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებას ახორციელებს საქართველოში დანაშაულის ჩამდენი პირების ქართული მართლმსაჯულების წინაშე წარსადგენად, მიუხედავად მათი ადგილსამყოფლისა," - აცხადებს პროკურატურა. მანამდე საქართველოს მთავრობამ უკრაინის ხელისუფლებას ზურაბ ადეიშვილისა და გიორგი ლორთქიფანიძის გადაცემა მოსთხოვა. საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი ამჟამად უკრაინის გენერალური პროკურორის მრჩევლის თანამდებობას იკავებს. შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილეს გიორგი ლორთქიფანიძე ამჟამად უკრაინის კონტრდაზვერვის ხელმძღვანელის მოადგილის პოსტს იკავებს. იუსტიციის ყოფილი მინისტრი, ზურაბ ადეიშვილი ბრალდებულია პატიმრების წამების, ბუტა რობაქიძის მკვლელობის, კობა დავითაშვილის ცემის და სხვა სისხლის სამართლის საქმეებზე. აღსანიშნავია, რომ გერმანიის ფედერაციულმა რესპუბლიკამ პატიმრების წამების საქმეზე კიდევ ერთი ბრალდებული დავით ჭაკუა საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ქართულ მხარეს 2020 წელს გადასცა. ინფორმაციისთვის, გერმანიაში გამართული შეხვედრების ამსახველი ფოტოები, რომლებზეც ზურაბ ადეიშვილი ჩანს, უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ Facebook-ის გვერდზე გამოაქვეყნა. უკრაინის პროკურატურის ინფორმაციით, უკრაინის გენერალურმა პროკურურმა ანდრი კოსტინმა ბუნდესტაგის ვიცე-პრეზიდენტთან შეხვედრაზე განიხილა ომის დანაშაულების მსხვერპლებთან და მოწმეებთან მუშაობის კოორდინაციისა და მათთვის მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის საკითხები. საქართველოში გერმანიის საელჩომ განმარტა, რომ ზურაბ ადეიშვილი 22 თებერვალს დებატების დროს იმყოფებოდა გერმანიის ბუნდესთაგის სტუმრებისთვის განკუთვნილ ტრიბუნაზე, როგორც უკრაინის ელჩის დელეგაციის წევრი. გერმანიაში არ არსებობდა სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებზე დაფუძნებული მიზეზი იმისათვის, რომ მისთვის აეკრძალათ პარლამენტში შესვლა. „ეს ფაქტი არანაირად არ უკავშირდება გერმანიასა და საქართველოს შორის არსებული ურთიერთობებისადმი დამოკიდებულებას. ყველასთვის ცნობილია, რომ ურთიერთობები გერმანიასა და საქართველოს შორის ძალიან კარგია,“ - აღნიშნა საელჩომ განცხადებაში. დღეს, 11 მარტს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოში ევროკავშირის ელჩთან პაველ ჰერჩინსკისთან და საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩთან პეტერ ფიშერთან შეხვედრა გაიმართა, რა დროსაც ელჩებს ოფიციალურად გადაეცათ "ქართული მხარის შეშფოთება ევროკავშირსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში გამართულ ვიზიტებსა და შეხვედრებში საქართველოს სასამართლოს მიერ სისხლის სამართლის დამნაშავედ აღიარებული და ძებნილი პირის, ზურაბ ადეიშვილის მონაწილეობის გამო." მთავრობა: ურთიერთობების მოსაწესრიგებლად, აუცილებელია, უკრაინის ხელისუფლებამ საქართველოს გადასცეს დამნაშავეები, რომლებიც დღეს უკრაინის ხელისუფლებაში არიან ევროკავშირის წარმომადგენლობა: უკრაინის გენერალურ პროკურორთან გერტ იან კოპმანის შეხვედრის სხვაგვარად წარმოჩენა დეზინფორმაციაა  

საფრანგეთის რამდენიმე სამთავრობო უწყებაზე „უპრეცედენტო ინტენსივობის“ კიბერშეტევა განხორციელდა

10 მარტის საღამოს შემდეგ, საფრანგეთის რამდენიმე სამთავრობო უწყება კიბერშეტევების სამიზნე გახდა. შეტევა ამ დრომდე წარმატებით მოიგერიეს. ამის შესახებ საფრანგეთის მთავრობის პრესსამსახური იტყობინება. AFP წერს, რომ საფრანგეთის რამდენიმე სამთავრობო დეპარტამენტი "უპრეცედენტო ინტენსივობის" კიბერშეტევას განიცდის. თავდასხმების საწინააღმდეგოდ განლაგდა კრიზისული განყოფილება, რომელიც უზრუნველყოფდა IT ინფრასტრუქტურის შეუფერხებელ მუშაობას. საფრანგეთის მთავრობამ არ დააკონკრეტა ინციდენტის დეტალები, მხოლოდ აღნიშნა, რომ კიბერშეტევების გავლენა ამ დრომდე შემცირდა და სამთავრობო ვებგვერდებზე წვდომა აღდგენილია.  

რუმინეთში არასრულწლოვანებისთვის ენერგეტიკული სასმელების მიყიდვა აკრძალულია

რუმინეთმა საბოლოოდ დაამტკიცა კანონი, რომელიც არასრულწლოვანთათვის ენერგეტიკული სასმელების მიყიდვას კრძალავს. ამის შესახებ Digi24 იუწყება. რუმინეთის პრეზიდენტმა კლაუს იოჰანისმა შესაბამის დოკუმენტს ხელი უკვე მოაწერა. წესების დარღვევისთვის ეკონომიკურ ოპერატორებს 30 ათასი ლეის (6000 ევრო) ოდენობით ჯარიმა ემუქრებათ, ხოლო განმეორებითი დარღვევის შემთხვევაში შესაძლებელია საქმიანობის იძულებითი შეჩერება. შ ეგახსენებთ, რომ დანია ემზადება შეზღუდოს თინეიჯერებისთვის დაბალალკოჰოლური სასმელების გაყიდვა და მზარდი პოპულარობის გამო, საღეჭ თამბაქოზე ფასები გაზარდოს. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა წამოიწყო მკაცრი კამპანია ოქტომბერში, რომელიც საბოლოოდ აკრძალავს სიგარეტის გაყიდვას ყველასთვის, ვინც 2009 წლის პირველ იანვარს ან მის შემდეგ დაიბადა.  

სტოლტენბერგი: ახლა უკრაინელების დანებების შესახებ საუბრის დრო არ არის

NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი უკრაინის მიერ „თეთრი დროშის“ აღმართვის შესახებ რომის პაპის განცხადებასთან დაკავშირებით ამბობს, რომ ახლა უკრაინელების დანებების შესახებ საუბრის დრო არ არის. „ახლა უკრაინელების დანებების შესახებ საუბრის დრო არ არის. ეს უკრაინელებისთვის ტრაგედია იქნება. ასევე, ეს ყველა ჩვენგანისთვის საშიში იქნება,“ - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. სტოლტენბერგის თქმით, ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევის ერთადერთი გზა უკრაინის მხარდაჭერაა. „ის, რაც მოლაპარაკებების მაგიდასთან ხდება, ბრძოლის ველზე არსებულ სიძლიერესთან არის დაკავშირებული. თუ ჩვენ მოლაპარაკებების გზით მშვიდობიანი, ხანგრძლივი გადაწყვეტა გვსურს, მაშინ ამის მიღწევის გზა უკრაინის სამხედრო მხარდაჭერით უზრუნველყოფაა,“ - აღნიშნა NATO-ს გენერალურმა მდივანმა.  

სამხრეთ კორეის მოქალაქე ჯაშუშობის ბრალდებით, რუსეთში პირველად დააკავეს

რუსეთში ჯაშუშობის ბრალდებით სამხრეთ კორეის მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS-ი ავრცელებს. კრემლის მიერ კონტროლირებადი სააგენტოს ცნობით, რუსულმა სამართალდამცავმა ორგანოებმა სამხრეთ კორეელი მამაკაცი, პარკ ვონ-სუნი, ქალაქ ვლადივოსტოკში იანვრის დასაწყისში დააკავეს და თებერვლის ბოლოს საგამოძიებო მოქმედებებისთვის მოსკოვში გადაიყვანეს. დღეს, მოსკოვის ლეფორტოვოს სასამართლომ სამხრეთ კორეელ მამაკაცს პატიმრობა სამი თვით, 15 ივნისამდე გაუხანგრძლივა. TASS-ის ინფორმაციით, პარკ ვონ-სუნი სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციას უცხოურ დაზვერვის სამსახურებს გადასცემდა. სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტროს რუსეთის მიერ კორეელი მამაკაცის დაკავების შესახებ კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.  

რა პოზიცია აქვს სტოლტენბერგს უკრაინისთვის Taurus-ის რაკატების გადაცემაზე

გერმანია რჩება წამყვან ქვეყნად უკრაინას სამხედრო დახმარების კუთხით და ამ ძალისხმევას მხარს უჭერს ალიანსის მრავალი სხვა მოკავშირე, მათ მცდელობებში, რათა უკრაინამ თავდაცვის უფლების გამოყენება შეძლოს. ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. ჟურნალისტების კითხვას უკრაინისთვის შორი მანძილის Taurus-ის რაკეტების შესაძლო მიწოდების შესახებ, სტოლტენბერგმა უპასუხა: „თქვენ უნდა გახსოვდეთ, რა არის ეს: ეს არის აგრესიის ომი რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ და უკრაინას, რომელიც გაეროს წესდების ნაწილია, საკუთარი თავის დაცვის უფლება აქვს და ჩვენ გვაქვს უფლება, დავეხმაროთ მათ თავდაცვის უფლების დაცვაში. მაგრამ მე კონკრეტულ სისტემებზე კონკრეტული მოკავშირეებისთვის გადაცემის საკითხზე, დეტალებში ვერ შევალ. მე უბრალოდ მივესალმები, რომ მოკავშირეები უფრო მეტს აკეთებენ, მათ შორის, გერმანია, რომელიც მნიშვნელოვან მხარდაჭერას უწევს უკრაინას,“ აღნიშნა სტოლტენბერგმა. ქემერონი: დიდ ბრიტანეთს გერმანიისგან Taurus-ის რაკეტების მიღებს სურს, რათა უკრაინას მეტი Storm Shadow-ს რაკეტა გადავცეთ „მე ასევე მივესალმები იმას, რომ რამდენიმე მოკავშირე უკრაინას ახლა ასევე აწვდის შორ მანძილზე მოქმედ სისტემებს. დიდი ბრიტანეთი აწვდის Storm Shadow-ს, საკრუიზო რაკეტებს, საფრანგეთი - მსგავს საკრუიზო რაკეტებს, SCALP-ს და მრავალი მოკავშირე ახლა ერთად არიან კოალიციაში, ეხმარებიან უკრაინას მფრინავების მომზადებაში, რომლებიც ამზადებენ მათ F-16-ების მისაღებად. ასე რომ, მოკავშირეები ასევე აწვდიან შორ მანძილზე მოქმედ სისტემებს, რათა დაეხმარონ უკრაინას საკუთარი თავის დაცვაში,“ - აღნიშნა სტოლტენბერგმა.      

რომის პაპის განცხადებების გამო, უკრაინამ ვატიკანის წარმომადგენელი დაიბარა

რომის პაპის განცხადებების გამო, ვატიკანის წარმომადგენელი უკრაინის საგარეო უწყებაში დაიბარეს. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში რომის პაპის სამოციქულო დესპანს, ვისვალდას კულბოკასს განუმარტეს, რომ პაპი ფრანცისკეს განცხადების გამო უკრაინაში იმედგაცრუებულები არიან. „ასეთი მოწოდებები საერთაშორისო სამართლის ნორმების შემდგომი უგულებელყოფის წახალისებას ახდენს,“ - ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. უკრაინის საგარეო უწყებაში ვისვალდას კულბოკასს განუცხადეს, რომ უკრაინას სურს მშვიდობას მიაღწიოს, რომელიც სამართლიანი და გაერო-ს წესდების პრინციპებზე დაფუძნებული იქნება. კულება: ჩვენი დროშა ყვითელი და ლურჯია, ამით ვცხოვრობთ, ვკვდებით და ვიმარჯვებთ უკრაინაში სახლებისა და ეკლესიების ბევრი თეთრი კედელი ახლა დამწვარი და დანგრეულია, ეს მეტყველებს იმაზე, თუ ვინ უნდა გაჩერდეს ომის დასასრულებლად - ზელენსკი  

რუსეთი, ჩინეთი და ირანი ერთობლივ საზღვაო წვრთნებს ჩაატარებენ

რუსეთი, ჩინეთი და ირანი ომანის ყურეში ერთობლივ საზღვაო წვრთნებს ჩაატარებენ. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სწავლების პრაქტიკული ნაწილი არაბეთის ზღვის ომანის ყურის წყლებში ჩატარდება. უწყების განცხადებით, ერთობლივ წვრთნებში, სახელწოდებით „საზღვაო უსაფრთხოების სარტყელი - 2024“, სამხედრო ხომალდები და ავიაცია ჩაერთვება და მის მიზანს საზღვაო ეკონომიკური საქმიანობის უსაფრთხოების შემუშავება წარმოადგენს. პაკისტანის, ყაზახეთის, აზერბაიჯანის, ომანის, ინდოეთისა და სამხრეთ აფრიკის საზღვაო ძალების წარმომადგენლები წვრთნებში მონაწილეობას დამკვირვებლების სტატუსით მიიღებენ.  

ბაიდენი კონგრესს რუსეთის გავლენის წინააღმდეგ საბრძოლველად $1,5 მილიარდს სთხოვს

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი კონგრესს რუსეთის გავლენის წინააღმდეგ საბრძოლველად, 2025 ფისკალური წლისთვის 1,5 მილიარდ დოლარს სთხოვს. როგორც ბიუჯეტის პროექტშია ნათქვამი, დოკუმენტი ითვალისწინებს 1,5 მილიარდ დოლარის გამოყოფას რუსეთის ფედერაციის გავლენებთან ბრძოლისთვის ევროპაში, ევრაზიასა და ცენტრალურ აზიაში, მათ შორის, 300 მილიონ დოლარზე მეტი ამერიკული აღჭურვილობის შესყიდვის მხარდაჭერას. ამ თანხიდან აშშ-ის ადმინისტრაცია უკრაინის დასახმარებლად 482 მილიონ დოლარს ითხოვს. გარდა ამისა, ბაიდენს სურს, კონგრესმა გამოყოს $400 მილიონი ჩინეთის წინააღმდეგ, ასევე, $241 მილიონი სამხედრო დახმარების სახით, რათა დაადასტუროს ამერიკის ერთგულება ეროვნული უსაფრთხოების მიმართ ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში. გარდა ამისა, კიდევ 25 მილიონი დოლარია გათვალისწინებული ახალი ფონდისთვის აფრიკაში, რუსი მავნე აქტორებთან დასაპირისპირებლად, ასევე, უსაფრთხოების ძალების რეაგირების გაზრდის მიზნით. ბიუჯეტის პროექტში ასევე შედის 50 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიციები ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის კაპიტალის გაზრდის მიზნით. აშშ-ის პრეზიდენტის მოთხოვნა განსახილველად კონგრესს წარედგინება. ბორელი: 2024 წელს არჩევნები მთელ მსოფლიოში დეზინფორმაციისა და საგარეო ჩარევის მთავარი სამიზნე გახდება ცნობისთვის, 24 ოქტომბერს, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ საქართველოში და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა Europetime-ს დაუდასტურეს, რომ აშშ-მ 100-ზე მეტ ქვეყანას მიაწოდა ინფორმაცია რუსეთის მცდელობის შესახებ, ძირი გამოუთხაროს გლობალურ დემოკრატიულ პროცესებს, არჩევნებზე გავლენის მოხდენის გზით. ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დემოკრატიებისადმი რუსეთის ძირგამომთხრელი საქმიანობის გამოაშკარავების მიზნით, მრავალმხრივი კამპანია დააანონსა. 8 ნოემბერს, ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა. კომისიის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრულ ახალ 9 ნაბიჯში, წინა რეკომენდაციებისგან განსხვავებული, ორი ახალი ჩანაწერია. მათ შორის პირველი არის ევროკავშირისა და მისი ღირებულებების შესახებ დეზინფორმაციასთან და „უცხოურ საინფორმაციო მანიპულაციებთან“ ბრძოლა. მეორე - საქართველოს შესაბამისობა ევროკავშირის ერთიან საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან. ამასთანავე, რეკომენდაციებშია სამართლიანი არჩევნების ჩატარების პირობა „განსაკუთრებით 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში.“ ამასთან, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში არჩევნების თემაზე ვრცლად ისაუბრა.  

არახამია უკრაინასთან ურთიერთობის ნორმალიზებისთვის, საქართველოს მთავრობას „სამპუნქტიან გეგმას“ სთავაზობს

უკრაინის რადას ფრაქცია "ხალხის მსახურის" თავმჯდომარე დავით არახამია საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება, რომლითს თანახმად, ურთიერთობების მოსაწესრიგებლად, აუცილებელია, უკრაინის ხელისუფლებამ საქართველოს გადასცეს დამნაშავეები, რომლებიც დღეს უკრაინის ხელისუფლებაში არიან. "საქართველოს პროკრემლისტური ხელისუფლება რაღაც მოთხოვნებს გვიყენებს, რომ ჩვენი მოქალაქეები გადავცეთ "ურთიერთობების ნორმალიზების" მოტივით. თუ მართლა ვისაუბრებთ "ნორმალიზებაზე", მაშინ ამისთვის არსებობს გეგმა: გაათავისუფლონ და დაგვიბრუნონ ჩვენი მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი. შეწყვიტონ რუსეთის ფედერაციასთან პირდაპირი ავიამიმოსვლა, რასაც თვითონ ქართველი ხალხი ითხოვს. შეწყვიტონ აგრესორის დახმარება სანქციების თავიდან არიდების ნაწილში. ასეთ შემთხვევაში ურთიერთობების ნორმალიზება მარტივად წარიმართება," - წერს დავით არახამია სოციალურ ქსელში. საქართველოს პროკურატურამ, ადეიშვილის დაკავების მიზნით, ბელგიასა და გერმანიას მიმართა