ძებნის რეზულტატი:
პოლონეთი უკრაინისთვის საარტილერიო ჭურვების შესყიდვის ინიციატივას შეუერთდა
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ განაცხადა, რომ პოლონეთი უკრაინისთვის საარტილერიო ჭურვების შესყიდვის ინიციატივას შეუერთდა. რადოსლავ სიკორსკიმ არ დააკონკრეტა ის, თუ რა თანხას გამოყოფს პოლონეთის მთავრობა ჭურვების შესაძენად. „დიახ, ჩვენ შევუერთდით,“ - განაცხადა რადოსლავ სიკორსკიმ ვაშინგტონში ჟურნალისტებთან შეხვედრისას. ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა, პეტრ ფიალამ მანამდე განაცხადა, რომ უკრაინისთვის 800 000 საარტილერიო ჭურვის შეძენის ინიციატივას 18 სახელმწიფო შეუერთდა.
WSJ: პენტაგონი მზადაა, უკრაინას უფრო შორი მანძილის ATACMS-ის რაკეტები გადასცეს
პენტაგონი მზადაა უკრაინაში შორი დისტანციის (დაახლოებით 290 კმ) ATACMS-ის რაკეტები გაგზავნოს. ამის შესახებ The Wall Street Journal-ი წერს. „აშშ-ის თავდაცვის უწყება ახლა ღიაა უფრო დიდი დისტანციის ATACMS-ების გადაცემისთვის, რადგან აშშ-ის სამხედროებს ახლა შეუძლიათ, გამოიყენონ ზუსტი დარტყმის რაკეტების შემდეგი თაობა,“ აცხადებენ ამერიკელი ოფიციალური პირები. შეგახსენებთ, რომ შეერთებულმა შტატებმა უკრაინისთვის 300 მილიონი დოლარის ღირებულების უსაფრთხოების დახმარების პაკეტის გადაცემის შესახებ გამოაცხადა - ეს არის პირველი პაკეტი 2024 წელს, ამერიკის კონგრესში დამატებითი დაფინანსების დაბლოკვის ფონზე. მედიის ცნობით, დახმარება მოიცავს ATACMS რაკეტებს, რომელთა მანძილი 160 კილომეტრამდეა.
ქართველმა და უცხოელმა სამხედროებმა საზღვაო სწავლება ჩაატარეს - „ტროას ნაკვალევი 24“
მრავალეროვნული სწავლება „ტროას ნაკვალევი 24“ სახმელეთო და საზღვაო სწავლების კომპონენტებით მიმდინარეობს. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ქართველმა და უცხოელმა სამხედრო მოსამსახურეებმა დღეს საზღვაო სწავლება ჩაატარეს. მოკავშირე ძალებმა შავ ზღვაში კონტრაბანდული ტვირთის გადამზიდი გემის შეჩერების, რეიდის, ჩხრეკის, მძევლის გათავისუფლების, ეკიპაჟის დაკავებისა და ტვირთის ამოღების ოპერაციები განახორციელეს. სწავლება - „ტროას ნაკვალევი 24“ ევროპაში აშშ-ის სპეციალური ოპერაციების ძალების სარდლობის (US-SOCEUR) ორგანიზებით, პარალელურად სამ ქვეყანაში - რუმინეთში, საბერძნეთსა და საქართველოში ტარდება. საქართველოში ჩასატარებელ კომპონენტში აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, რუმინეთის, პოლონეთისა და ესპანეთის სპეციალური დანიშნულების ძალების წარმომადგენლები მონაწილეობენ. სწავლების ფარგლებში, ქართველი სამხედრო მოსამსახურეები, პარტნიორი ქვეყნების სპეციალური ოპერაციების ძალების წარმომადგენლებთან ერთად, სახმელეთო და საზღვაო კომპონენტებში მომზადებას აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში გადიან.
ომბუდსმენი აპარატის თანამშრომლის სარჩელზე: მის წინააღმდეგ მიმდინარე დისციპლინური წარმოების გადაფარვის მცდელობაა
სახალხო დამცველის განცხადებით, აპარატის თანამშრომლის ლევან პაპავას მხრიდან მედიაში გავრცელებული ინფორმაცია სამსახურში დისკრიმინაციული გარემოს შექმნასა და საქმიანობის დაბალი ქულით შეფასებასთან დაკავშირებით, მის წინააღმდეგ მიმდინარე დისციპლინური წარმოების გადაფარვის მცდელობას ემსახურება. სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ლევან პაპავას წინააღმდეგ მიმდინარეობს დისციპლინური საქმის წარმოება, აპარატის ქალი თანამშრომლის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, მისი მიზანმიმართული დისკრედიტაციისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვის შესწავლის მიზნით. ომბუდსმენის აპარატის ცნობით, ამავე მოხსენებით ბარათში თანამშრომელი პაპავას მხრიდან ზეწოლისა და სტრესული სამუშაო გარემოს შექმნის შესახებ უთითებს. „რაც შეეხება მისი, როგორც საჯარო მოხელის შეფასებას, მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებს შესაბამისი არგუმენტების არსებობისას შეფასების სხვადასხვა ქულის დაწერის შესაძლებლობას, რაც წინა წლებშიც იქნა გამოყენებული როგორც მისი, ასევე აპარატში დასაქმებული სხვა თანამშრომლების მიმართ. ლევან პაპავას წინა სახალხო დამცველის დროსაც ჰქონდა პრეტენზიები შეფასების ცალკეული კომპონენტების თაობაზე და აპარატში შექმნილი იყო არაერთი კომისია, რომელმაც სხვა საკითხებთან ერთად, დასავლეთ საქართველოს სამმართველოში თანამშრომელთა, მათ შორის ლევან პაპავას ქცევისა და კომუნიკაციის ეთიკურობის საკითხი შეისწავლა. შეფასებასთან დაკავშირებული მისი საჩივარი აპარატში შექმნილმა დამოუკიდებელმა კომისიამ განიხილა, რომლის მუშაობაში მოწვეულმა წევრმაც მიიღო მონაწილეობა. ამდენად, აპარატში მისი საჩივრის განხილვის პროცედურები ამოიწურა და შემდგომში დაველოდებით ამ საკითხზე სასამართლო განხილვას,“ - ვკითხულობთ სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს თანამშრომელი ლევან პაპავა უჩივის და თბილისის საქალაქო სასამართლოსგან განსხვავებული შეხედულებების ნიშნით დისკრიმინაციის დადგენას და მორალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვს.
ფინეთის პრემიერი: რუსეთი დასავლეთთან ხანგრძლივი კონფლიქტისთვის ემზადება
ფინეთის პრემიერ-მინისტრმა, პეტერი ორპომ განაცხადა, რომ რუსეთი დასავლეთთან ხანგრძლივი კონფლიქტისთვის ემზადება. მისი თქმით, რუსეთი ევროპისთვის მუდმივ და არსებით სამხედრო საფრთხეს წარმოადგენს. პეტერი ორპომ აღნიშნა, რომ რუსეთი დაუმარცხებელი არ არის და ევროკავშირის სახელმწიფოებს თავდაცვის ხარჯების გაზრდისკენ მოუწოდა. „თუ ჩვენ, როგორც გაერთიანებული ევროპა, ამ გამოწვევას შესაბამისად ვერ ვუპასუხებთ, მაშინ მომავალი წლები მოსალოდნელი თავდასხმის საშიშროებით სავსე იქნება“, - აღნიშნა ფინეთის პრემიერ-მინისტრმა. ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი რუსული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში ბირთვული იარაღის გამოყენებით დაიმუქრა, ფინეთისა და შვედეთის ნატო-ში გაწევრიანებას უაზრო ნაბიჯი უწოდა და განაცხადა, რომ ფინეთის საზღვართან ჯარებს განათავსებს.
გარემოს ეროვნული სააგენტო 22 მყინვარული მდინარის ხეობის კვლევას იწყებს
გარემოს ეროვნული სააგენტო ქვეყნის ტერიტორიაზე მყინვარულ არეალებში საფრთხეების გამოვლენასა და შეფასებას იწყებს. ამ მიზნით სააგენტო შვეიცარიულ კომპანია GEOTEST-თან თანამშრომლობას გეგმავს. „გარემოს ეროვნული სააგენტო საქართველოში არსებული 22 მყინვარული მდინარის ხეობის კვლევას იწყებს. მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის კლიმატის გრძელვადიანი პროგნოზის თანახმად, მიმდინარე და მომდევნო წლებში მოსალოდნელია ატმოსფერული ჰაერის ტემპერატურის მატება, რაც მყინვარებზე უარყოფითი პროცესების გამწვავებას შეუწყობს ხელს. შესაბამისად, როგორც მთელს მსოფლიოში, ისე საქართველოში შესაძლოა, სტიქიური პროცესების განვითარების რისკები გაიზარდოს. მყინვარულ ხეობებში საფრთხეების ზრდის ტენდენციის გათვალისწინებით, დასახლებული პუნქტებისა და ინფრასტრუქტურული ობიექტებისათვის საჭიროა გლაციალური, კასკადური საფრთხეების გამოვლენა და რისკების დეტალური შეფასება, ასევე, რისკის ზონებში არსებული დასახლებული პუნქტების იდენტიფიცირება და შესაბამისი ღონისძიებების შემუშავება. აღნიშნული კვლევების განხორციელება მიზნად ისახავს მყინვარულ ხეობებში კლიმატის ცვლილებით გამოწვეული, შესაძლო სტიქიური მოვლენების განვითარებით მიყენებული, უარყოფითი შედეგების მაქსიმალურ შერბილებას. კვლევის ჩატარება ორ ეტაპად იგეგმება. პირველი ეტაპი მყინვარებზე არსებული საფრთხეების განსაზღვრას, ხოლო მეორე ეტაპი, გამოვლენილი საფრთხეების საპრევენციო ღონისძიებების შემუშავებას მოიცავს. აღნიშნულ კვლევებს, მაღალკვალიფიციური, გამოცდილი, საერთაშორისო საკონსულტაციო შვეიცარიული კომპანია - “GEOTEST AG” შეასრულებს, რომელმაც დევდორაკ-ამალის ხეობაში განვითარებული გლაციალური ღვარცოფის შემდგომ განგაშის სისტემის ინსტალაცია, ასევე, კურორტ შოვში განვითარებული სტიქიური მოვლენების შეფასება და შესაბამისი ანგარიშის მომზადება განახორციელა,“ წერს სააგენტო.
საქართველოში ტიპიურ დასაქმებულს, რომელიც კვირაში 40 საათს მუშაობს, თვეში 1,706 ლარი ესაჭიროება - კვლევა
Wage Indicator Foundation-ის გამოთვლებით, საქართველოში ტიპიურ დასაქმებულს, რომელიც კვირაში 40 საათს მუშაობს, თვეში 1,706 ლარი ესაჭიროება აუცილებელი საჭიროებებისა და ღირსეული ცხოვრების უზრუნველსაყოფად. ეს თანხა საცხოვრებელ ხელფასს წარმოადგენს. საქართველოში მედიანური ხელფასი, რომელიც ამჟამად 1040-ს შეადგენს, საცხოვრებელი ხელფასის 60.9%-ს წარმოადგენს. სახელმწიფოს მონაცემების თანახმად, მედიანური ხელფასი - თანხა, რომელიც მშრომელებს ორ თანაბარ ჯგუფად ჰყოფს – 2022 წლისთვის თვეში 1040 ლარი იყო. ეს ნიშნავს, რომ დასაქმებულთა 50% ამ თანხაზე ნაკლებს იღებს. 2022 წელს საშუალო ხელფასი თვეში მხოლოდ 1543 ლარს შეადგენდა, რაც საცხოვრებელ ხელფასთან შედარებით დაბალია. საცხოვრებელი ხელფასი არის ხელფასის ის ოდენობა, რომელიც ფარავს მშრომელთა ღირსეული ცხოვრებისათვის აუცილებელ და ძირითად საჭიროებებს. საცხოვრებელი ხელფასი უნდა უზრუნველყოფდეს ისეთ საბაზისო ხარჯებს როგორიცაა კვება, ტანსაცმელი, საცხოვრებელი, განათლება, ჯანდაცვა, ტრანსპორტირება და სხვა მნიშვნელოვანი საჭიროებები. საცხოვრებელი ხელფასი ასევე უნდა ფარავდეს მოულოდნელ ხარჯებს და რაც მთავარია, მისი გამომუშავებისათვის მშრომელებს არ უნდა სჭირდებოდეთ ზეგანაკვეთური შრომა – საცხოვრებელი ხელფასის მიღება შესაძლებელი უნდა იყოს ერთ სამუშაოზე დასაქმების შემთხვევაშიც. საცხოვრებელი ხელფასი განსხვავდება „საარსებო ხელფასისგან“. საარსებო ხელფასი წარმოადგენს მინიმალურ ანაზღაურებას, რომელიც ვერ უზრუნველყოფს მშრომელის ღირსეულ ცხოვრებას და ის მხოლოდ საარსებოდ აუცილებელ ხარჯებს ფარავს. საცხოვრებელი ხელფასი მინიმალური ხელფასისგანაც უნდა განვასხვავოთ. ეს უკანასკნელი არის კანონმდებლობით განსაზღვრული მინიმალური ანაზღაურება, რომელიც დამსაქმებლებს შეუძლიათ, კანონიერად გადაუხადონ თანამშრომლებს. განსხვავების მიუხედავად, მინიმალური ხელფასი პრაქტიკაში შესაძლოა, დამოკიდებული იყოს საცხოვრებელი ხელფასზე ან/და მათი ოდენობა ემთხვეოდეს. საქართველოში არსებული ხელფასები ამჟამად საცხოვრებელ ხელფასზე გაცილებით დაბალია. კანონმდებლობით განსაზღვრული მინიმალური ხელფასი თვეში 20 ლარია და 1999 წლის შემდეგ არ განახლებულა. არასამთვრობო ორგანიზაცია დამოუკიდებელი პროფესიული კავშირებისა და ადამიანის უფლებების ორგანიზაციების ერთობის ცნობით, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა საქართველოში სოციალური და ეკონომიკური უფლებების რეალიზების შესახებ გაეროში ერთობლივი ანგარიში წარადგინეს, რომელშიც სხვა თემებთან ერთად, მიმოხილულია ისეთი საკითხები, როგორიცაა, ქვეყანაში მოქმედი მინიმალური ხელფასის უკიდურესი სიმწირე და არაადეკვატურობა, სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლება (მათ შორის, კულტურის სფეროში), არაფორმალურ შრომაში ჩართულ დასაქმებულთა სოციალური დაცვის გარანტიების არარსებობა, ღირსეული შრომის პირობებისა და შრომის უსაფრთხოების დაცვა. დოკუმენტით გაეროს კომიტეტს ასევე მიეწოდა ინფორმაცია სიღარიბესთან ბრძოლის ღონისძიებების (განსაკუთრებით, მიზნობრივი სოციალური დაცვისა და საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების პროგრამის ნაწილში) გამოწვევებთან, ასევე, სათანადო საცხოვრებლისა და გამოსახლების პოლიტიკის უკიდურეს ხარვეზიანობასთან დაკავშირებით. ორი თემატური ანგარიშის მომზადებაში მონაწილეობა ხუთმა ორგანიზაციამ (სოციალური სამართლიანობის ცენტრი, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA), პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR), ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG) და ღირსეული შრომის პლატფორმა) მიიღო. საქსტატი: 2023 წლის III კვარტლის მონაცემებით, საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 1 855.4 ლარია
78 წლის ასაკში გარდაიცვალა კაცი, რომელიც 6 წლიდან „რკინის ფილტვების“ დახმარებით სუნთქავდა
პოლ ალექსანდერი პოლიომიელიტით 1952 წელს დაავადდა, რამაც კისერს ქვემოთ პარალიზებული დატოვა. მას დამოუკიდებლად სუნთქვა არ შეეძლო, რის გამოც ექიმებმა ის მეტალის ცილინდრში მოათავსეს, სადაც მთელ ცხოვრებას გაატარებდა. ამ მოწყობილობას „რკინის ფილტვებსაც“ უწოდებენ. წლების შემდეგ პოლ ალექსანდერმა დამოუკიდებლად სუნთქვა ისწავლა, თუმცა მოწყობილობის დატოვება მხოლოდ დროის მოკლე პერიოდებში შეეძლო. 1960-იანი წლებიდან, „რკინის ფილტვები“ სუნთქვის უფრო პორტატიულმა მოწყობილობებმა ჩაანაცვლა, თუმცა ალექსანდერმა მოწყობილობის შეცვლაზე უარი განაცხადა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, მსოფლიოში პოლიომიელიტის შემთხვევები, ვაქცინაციის საშუალებით, 1988 წლის შემდეგ 99%-ით შემცირდა. შედეგად, დაახლოებით, მილიონ-ნახევარი ბავშვი სიცოცხლის გადარჩა.
ევროკავშირმა ხელოვნური ინტელექტის სფეროში პირველი ისტორიული წესები დაამტკიცა
ევროკავშირმა 13 მარტს საბოლოოდ დაამტკიცა ფართო მასშტაბის წესები ხელოვნური ინტელექტის მართვის სფეროში, მათ შორის, ისეთი მძლავრის სისტემის, როგორიცაა OpenAI-ის პროდუქტი ChatGPT. წესები, რომლებიც პირველად 2021 წელს წარადგინეს, მოქალაქეებს ელვისებური სისწრაფით ცვალებადი ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიისგან მომდინარე შესაძლო საფრთხეებისგან დაიცავს. ამავე დროს ეს წესები საფუძველს გაამყარებს ევროკავშირში ამ სფეროს განვითარებისთვის. ბრიუსელი განსაკუთრებით ჩქარობდა ახალი კანონის მიღებას მას შემდეგ, რაც 2022 წელს სცენაზე გამოჩნდა ხელოვნური ინტელექტის სფეროში მოღვაწე ორგანიზაცია OpenAI-ის პროგრამა ChatGPT, რომელსაც Microsoft-ი უჭერს მხარს.
„ყველა დასახლება, რომლის დაკავებას რუსული ძალები ცდილობენ, უკრაინის კონტროლქვეშ რჩება“ - სირსკი ფრონტის ხაზზე ჩავიდა
აღმოსავლეთ სექტორში რთული ვითარების მიუხედავად, ყველა დასახლება, რომლის დაკავებას რუსული ძალები ცდილობენ, უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტროლის ქვეშ რჩება. ეს განცხადება უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ალექსანდრ სირსკიმ ფრონტის ხაზზე ვიზიტის შემდეგ გააკეთა. სირსკის განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 12 მარტს განაცხადა, რომ მისმა ჯარებმა დონეცკის ოლქის ერთ-ერთი სოფელი დაიპყრეს, რაც თავის მხრივ, უკრაინულმხა მხარემ უარყო. თუმცა აღნიშნავენ, რომ „სიტუაცია თანდათან რთულდება და რუსების წინსვლის საფრთხე არსებობს.“ რუსეთი აგრძელებს წინსვლას რუსეთი აგრძელებს წინსვლას ტერნის, ივანივსკის, ბერდიჩის დასახლებებთან. ასევე, დონეცკისა და ზაპორიჟიეს ოლქებში. ფრონტის სხვა სექტორებში, რომლებიც სირსკიმ არ დააკონკრეტა, რუსული ძალების აქტივობა "შესანიშნავად შემცირდა,“ რაც ორკვირიანი სასტიკი ბრძოლის შემდეგ, მოსკოვის "უკიდურესად მძიმე დანაკარგებით“ აიხსნება. „ეს მოხდა მენეჯმენტის დროული გადაწყვეტილებების, საბრძოლო შესაძლებლობების დაკარგული დანაყოფების დროული ჩანაცვლების, ასევე, ჩვენი ჯარისკაცების გამბედაობისა და გამძლეობის გამო,“ - აღნიშნა სირსკიმ. უკრაინის შეიარაღებული ძალები საბრძოლო მასალის მწვავე დეფიციტს განიცდიან აშშ-ის დახმარების შეფერხების გამო.
შუა დერეფანი რეგიონის მიღმა მყოფი სხვა მოთამაშეების ყურადღებასაც იპყრობს - აზერბაიჯანი
ყაზახეთში აზერბაიჯანის საელჩოს მრჩეველმა როვშან კაზიმოვმა, აზერბაიჯან-ყაზახეთის ექსპერტთა საბჭოს მესამე შეხვედრის, ფარგლებში მრგვალი მაგიდის დროს განაცხადა, რომ შუა დერეფნის პოტენციალი მოთამაშეების ყურადღებას რეგიონის მიღმაც იპყრობს. „აზერბაიჯანსა და ყაზახეთს შორის ურთიერთობები ყველა სფეროში ვითარდება. მე მინდა, განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილო თანამშრომლობაზე სატრანსპორტო და ლოგისტიკის სექტორში. მიმდინარე გეოპოლიტიკური სიტუაცია და გლობალურ ეკონომიკაში დაფიქსირებული ტენდენციები მოითხოვს ამ სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებას. შუა დერეფანი იპყრობსარამხოლოდ რეგიონის ქვეყნების, არამედ, რეგიონის მიღმა მყოფი სხვა მოთამაშეების ყურადღებას,“ - განაცხადა კაზიმოვმა. მან ხაზი გაუსვა, რომ შუა დერეფნის გადამწყვეტი ელემენტია ზანგეზურის დერეფანი. „ამჟამად აზერბაიჯანი აქტიურად არის ჩართული ამ სატრანსპორტო არტერიის გახსნაში, რაც ხელს შეუწყობს რეგიონის ყველა ქვეყნის ეკონომიკურ აღმავლობას. ზანგეზურის დერეფნის მონაკვეთზე, რომელიც გადის აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, სამუშაოს მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე განხორციელდა,“ - დასძინა დიპლომატმა. შუა დერეფანი - სუეცის არხის ალტერნატივა: რეალობა და პერსპექტივები
პუტინი თუ უკრაინაში გაიმარჯვებს, ის სხვა სახელმწიფოებს დაესხმება თავს - დუდა
პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჯეი დუდამ, რომელიც ცდილობდა, შეერთებული შტატები დაერწმუნებინა კიევისთვის დახმარების გაგრძელების შესახებ, გამოვიდა გაფრთხილებით, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი თავს დაესხმება სხვა ქვეყნებს, თუ ის უკრაინის წინააღმდეგ ომში გაიმარჯვებს. დუდა Bloomberg-ს ესაუბრა. „ეს რუსული იმპერიალიზმია ხელახლა დაბადებული და ის ხარბია. (...) ამიტომ უნდა დაისაჯოს...“ განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა. დუდა და პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი თეთრ სახლს უკრაინის ომის კრიტიკულ მომენტში ეწვივნენ. Bloomberg- წერს, რომ აშშ, პოლონეთი და უკრაინის სხვა მოკავშირეები იკვლევენ კიევისთვის დამატებითი დახმარების უზრუნველსაყოფად, რადგან ომი მესამე წელია, გრძელდება და ქვეყნის იარაღის მარაგი მცირდება. დუდამ გაიმეორა მოკავშირეებისადმი მოწოდება, რომ მათ თავდაცვის ხარჯები გაზარდონ. ბაიდენმა შეაქო პოლონეთი მშპ-ს თითქმის 4%-ის დახარჯვისთვის თავდაცვაზე, რაც ორმაგად აღემატება მოკავშირეებისთვის დაწესებულ 2%-იან ბარიერს. თეთრმა სახლმა უკრაინისთვის უსაფრთხოებისა და თავდაცვის დახმარების 300 მილიონი დოლარის პაკეტის გადაცემის შესახებ ოფიციალურად, 12 მარტს გამოაცხადა - ეს დახმარება მოიცავს HIMARS-ის საბრძოლო მასალებს და სხვა იარაღს.
ლატვია და ესტონეთი რუსეთთან საზღვარზე კონტროლს გააძლიერებენ
რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნების დროს, ლატვიისა და ესტონეთის სასაზღვრო სამსახურები რუსეთთან საზღვარზე კონტროლს გააძლიერებენ. კერძოდ, ლატვიის სასაზღვრო სამსახურის უფროსმა გუნტის პუიატსმა განაცხადა, რომ განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა რუსეთის მოქალაქეების შემოწმებას. მანამდე ბალტიისპირეთის ქვეყნების პოლიციისა და სასაზღვრო სამსახურების წარმომადგენლებმა განიხილეს მომავალი შაბათ-კვირის უსაფრთხოების რისკები. უფრო ადრე ცნობილი გახდა, რომ ლატვიაში სახელმწიფო პოლიცია და სახელმწიფო მესაზღვრე ამოწმებენ იმ ადამიანებს, რომლებიც რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების დროს რიგაში რუსეთის საელჩოსთან მიდიან. გარდა ამისა, ლატვიის, ლიეტუვისა და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა დაგმეს რუსეთის განზრახვა უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე საპრეზიდენტო „არჩევნების“ ჩატარების შესახებ. რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 17 მარტს გაიმართება.
ევროპარლამენტი სომხეთისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესაძლებლობის განხილვას ითხოვს
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლებლობის განხილვის რეკომენდაციით გამოდის. რეზოლუციის მიღებას მხარი ევროპარლამენტის 504-მა დეპუტატმა დაუჭირა, 4 წინააღმდეგი იყო, 32-მა დეპუტატმა თავი შეიკავა. რეზოლუციის პროექტში ევროპარლამენტის წევრები კონკრეტულად გამოდიან რეკომენდაციით, რომ სომხეთისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესაძლებლობა იყოს განხილული. „თუ სომხეთი დაინტერესდება კანდიდატის სტატუსის მიღებით და გააგრძელებს სტაბილური რეფორმების გზას, რომელიც აძლიერებს მის დემოკრატიას, ეს შეიძლება, ევროკავშირ-სომხეთის ურთიერთობების ტრანსფორმაციის ეტაპის საფუძველი გახდეს,“ - ნათქვამია ევროპარლამენტის დეპუტატების ერთობლივი რეზოლუციის პროექტში. ასევე, ევროპარლამენტარები მოუწოდებენ ევროკომისიასა და საბჭოს, აქტიურად დაუჭირონ მხარი სომხეთის სურვილს, გაზარდოს თანამშრომლობა ევროკავშირთან, არამხოლოდ ეკონომიკური პარტნიორობის, არამედ, პოლიტიკური დიალოგის, ხალხთა შორის კონტაქტების, სექტორული ინტეგრაციისა და უსაფრთხოების სფეროში. სომხეთი მზადაა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატი გახდეს - პარლამენტის თავმჯდომარე
ავსტრიამ ორი რუსი დიპლომატი გააძევა
ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გადაწყვიტა რუსეთის საელჩოს ორი თანამშრომელი გამოაცხადოს პერსონა ნონ გრატად იმის გამო, რომ მათი საქმიანობა „დიპლომატიურ სტატუსთან შეუთავსებელია.“ ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ეს ინფორმაცია გაზეთ Heute-ის მოთხოვნის საპასუხოდ დაადასტურა. ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განმარტა, რომ დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის მე-9 მუხლის შესაბამისად, რუსეთის საელჩოს ორი თანამშრომელი „არასასურველ პირად“ გამოცხადდა. მათ ქვეყანა 19 მარტის ჩათვლით უნდა დატოვონ. ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ეს ნაბიჯი მას შემდეგ გადადგა, რაც მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთს შეეძლო თავისი დიპლომატების სადაზვერვო საქმიანობისთვის გამოყენება. შესაბამისი მასალა კვირის დასაწყისში ვენურმა გაზეთმა Falter-მა გამოაქვეყნა.
ევროკავშირის ელჩები უკრაინისთვის 5 მილიარდი ევროს სამხედრო დახმარების უზრუნველყოფაზე შეთანხმდნენ
ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები უკრაინისთვის 5 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარებაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჟოზეფ ბორელი სოციალურ პლატფორმა TWitter-ზე წერს. „ჩვენ შევძელით: მუდმივი წარმომადგენლების კომიტეტი [Coreper] უკრაინის დახმარების ფონდზე შეთანხმდა. ფონდი საშუალებას მოგვცემს უკრაინისთვის ჩვენი სამხედრო დახმარება კიდევ 5 მილიარდი ევროთი გავზარდოთ. მესიჯი ნათელია: უკრაინას დავეხმარებით, ყველაფრით, რაც საჭიროა, რათა გავიმარჯვოთ,” - წერს ბორელი. დამატებით 5 მილიარდი ევროს ოფიციალურად ორშაბათს, 18 მარტს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე დაამტკიცებენ.
ბრიტანეთმა პოლონეთში Sky Saber-ის საჰაერო თავდაცვის სისტემის განლაგება გაახანგრძლივა
დიდმა ბრიტანეთმა პოლონეთში Sky Saber-ის საჰაერო თავდაცვის სისტემის ყოფნა გაახანგრძლივა. ამის შესახებ პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა სოციალურ პლატფორმა Twitter-ზე (X) დაწერა. „ბრიტანული Sky Saber-ის სარაკეტო თავდაცვის სისტემა პოლონეთში, წლის ბოლომდე, NATO-ს აღმოსავლეთის ფლანგის გასაძლიერებლად დარჩება. ჩვენ ვაგრძელებთ ერთად მუშაობას უსაფრთხოებისთვის," - განაცხადა პოლონეთის თავდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა. თანამედროვე ბრიტანული Sky Saber საჰაერო თავდაცვის სისტემები პოლონეთში 2022 წლის ივლისში ჩაიტანეს. Sky Saber-ს შეუძლია, ერთდროულად აკონტროლოს 24 სამიზნე. ის შედგება სამი კომპონენტისგან: რადარი, მონაცემთა გადაცემის სისტემა და საზენიტო რაკეტები. თითოეული გამშვები შეიცავს რვა CAMM რაკეტას.
Bloomberg: ბრიტანეთი ჯაშუშობის საფრთხის გამო, ჩინეთის მოქალაქეებისთვის შეზღუდვას განიხილავს
დიდი ბრიტანეთის მთავრობა ჩინეთის მოქალაქეებისთვის ქვეყანაში შესვლის შეზღუდვის დაწესებას განიხილავს. მიზეზად ჯაშუშობის საფრთხე დასახელდა. ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ისთვის გახდა ცნობილი. სააგენტოს თანამოსაუბრეების თქმით, მინისტრები და უშიშროების სამსახურები განიხილავენ სასაზღვრო წესების გადახედვას, რომელიც ეხება დიპლომატებსა და ე.წ. ოფიციალურ სამსახურში მყოფ სხვა პირებს. „მიზანია, აიძულონ ჩინეთი და სხვა ქვეყნები უფრო დეტალური ინფორმაციაწარმოადგინონ და ბრიტანეთს მეტი დრო დაუთმონ შემოწმებისთვის,“ დასძინეს წყაროებმა. ვარიანტები მოიცავს იმ ადამიანების რაოდენობის შეზღუდვას, რომლებსაც შეუძლიათ დიპლომატიური ან მსგავსი წესებით მგზავრობა. ბრიტანეთის უსაფრთხოების სამსახურები მხარს უჭერენ მკაცრ წესებს რისკების შესამცირებლად. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ხელს აწერს აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც მიზნად ისახავს უცხოური სუბიექტების მიერ ამერიკელების პერსონალურ მონაცემებზე წვდომის თავიდან აცილებას იმის შიშით, რომ ისინი შეიძლება, გამოყენებული იყოს კომერციული და სამხედრო მიზნებისთვის, განსაკუთრებით, ჩინეთისა და რუსეთის ფედერაციის მიერ. აშშ-ის მიერ ჩინეთისთვის ტექნოლოგიების სფეროში შეზღუდვების დაწესება, დიდი ბრიტანეთისთვისაც აქტუალურია
წინასწარი შეფასებით, დიდუბეში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება გაზის გაჟონვამ გამოიწვია
თბილისის დიდუბის რაიონში, საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე მომხდარი აფეთქების გამომწვევ მიზეზად, წინასწარი ვერსიით, ბუნებრივი აირის გაჟონვა სახელდება. აფეთქება გვიან ღამით მოხდა სამტრედიის ქუჩის #2-ში მდებარე, 4-სადარბაზოიანი კორპუსის მე-3 სადარბაზოში. მსხვერპლი არ არის. დაზიანებულია რამდენიმე ბინა და შენობის სიახლოვეს გაჩერებული ავტომობილები. აფეთქების ტალღამ კორპუსის სხვა სადარბაზოების ბინებში ფანჯრები ჩაამსხვრია. თბილისის სახანძრო-სამაშველო ძალების მთავარი სამმართველოს უფროსმა ლევან მუსელიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პირველადი დათვალიერებით, გამომწვევი მიზეზი ბუნებრივი აირის გაჟონვაა. აფეთქება მოხდა შენობის პირველ სართულზე მდებარე კომერციულ ფართში, სადაც სარემონტო სამუშაო მიმდინარეობდა. კორპუსიდან ყველა მცხოვრები გაიყვანეს. შენობის მდგომარეობა ექსპერტებმა უნდა შეაფასონ. 14 მარტს, დილის 9 საათისთვის თბილისის მერიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დაზარალებულთა სასტუმროებში დაბინავება დიდუბის რაიონის გამგეობამ უზრუნველყო. მერიის მონაცემებით, კორპუსში, სადაც აფეთქება მოხდა, 93 ოჯახი ცხოვრობს. თბილისის მერიის თანახმად, შენობის მდგომარეობის შესწავლის შემდეგ გაირკვევა, მოსახლეობა საცხოვრებლად კორპუსს დაუბრუნდება, თუ სახლის გამაგრებამდე დროებით ქირით გადაიყვანენ.
ევროპარლამენტი: რუსეთში, საპრეზიდენტო არჩევნებზე დამკვირვებლებს არ ვაგზავნით
ევროპარლამენტი რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებს არ დააკვირდება და შესაბამისად, რუსეთში დამკვირვებლის სტატუსით გამგზავრების უფლებამოსილება არც ერთი ევროპარლამენტარისთვის არ მიუნიჭებია, - ამის შესახებ ევროპარლამენტის პრესრელიზშია აღნიშნული. "ევროპარლამენტი არ დააკვირდება ამ საარჩევნო პროცესს და, შესაბამისად, არ გააკეთებს კომენტარს არც თავად პროცესზე და არც მის შედეგებზე. ევროპარლამენტის არც ერთი წევრი არ არის უფლებამოსილი დააკვირდეს ამ საარჩევნო პროცესს ევროპარლამენტის სახელით არც რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე და არც უკანონოდ ანექსირებული ყირიმის და არც რუსეთის მიერ უკანონოდ ოკუპირებულ უკრაინის სხვა ტერიტორიებზე,“ - აღნიშნულია პრესრელიზში. დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ თუ ევროპარლამენტის რომელიმე წევრი გადაწყვეტს კომენტარის გაკეთებას ამ არჩევნებზე, ისინი ამას გააკეთებენ საკუთარი ინიციატივით და „არავითარ შემთხვევაში არ უნდა მიუთითონ ევროპარლამენტი თავიანთ განცხადებებში ან ქმედებებში“. შეგახსენებთ, რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 15-17 მარტს ჩატარდება. არჩევნებში ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ რეგისტრირებული ოთხი კანდიდატი მონაწილეობს : ვლადიმერ პუტინი, ლეონიდ სლუცკი, ნიკოლაი ხარიტონოვი და ვლადისლავ დავანკოვი.