ძებნის რეზულტატი:

დუდა: რუსეთი NATO-ს შესაძლოა, 2026-2027 წლებშის დაესხას თავს

რუსეთმა NATO-ზე თავდასხმა, შესაძლოა, 2026-2027 წლებში განახორციელოს, წევრმა ქვეყნებმა სასწრაფოდ უნდა გაზარდონ თავდაცვის ხარჯები და შემაკავებელი მექანიზმი შექმნან. შესაბამისი განცხადება პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჯეი დუდამ CNBC-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, პუტინი აორმაგებს ომის ეკონომიკაზე გადასვლის ტემპს ნატო-ზე თავდასხმის მიზნით, რაც შეიძლება რამდენიმე წელიწადში მოხდეს. „განგაშის ზარი რეკავს: 2-3 წელი გვაქვს, რომლის დროსაც შეგვიძლია გავზარდოთ ჩვენი ძალისხმევა, მოვაგროვოთ საბრძოლო მასალა და ვაწარმოოთ იარაღი, რათა მაქსიმალურად გავზარდოთ ევროპული უსაფრთხოება, მოვამზადოთ და უზრუნველვყოთ, რომ შეჭრა არ მოხდეს. ეს ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ომში არ ჩავერთოთ. მიზანი ისეთი შემაკავებელი მექანიზმის შექმნაა, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ჩვენზე თავდასხმა არ მოხდეს,“ - აღნიშნა პოლონეთის პრეზიდენტმა. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ გერმანიის სადაზვერვო სამსახურებმა მთავრობისთვის მოამზადეს რუსეთის მხრიდან სამხედრო საფრთხის ანალიზი, რომელიც პროგნოზირებს, რომ მან, 2026 წლიდან, შესაძლოა, NATO-ს წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე თავდასხმის განხორციელება. რუსეთთან კონფლიქტისთვის მზადების შესახებ გაფრთხილებები სულ უფრო ინტენსიურად ისმის. ნიდერლანდელმა ადმირალმა, NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე რობ ბაუერმა კვლავ განაცხადა, რომ მაშინ, როცა შეიარაღებული ძალები უკვე მზად არიან კონფლიქტისთვის, მოქალაქეებიც ასევე მზად უნდა იყვნენ ამისთვის, რაც მათ ცხოვრებაში მნიშვნელოვან ცვლილებას მოითხოვს. მისი ეს გაფრთხილება წინ უსწრებდა NATO-ს ყველაზე მასშტაბურ წვრთნებს ცივი ომის შემდეგ. Steadfast Defender 2024 - 90 000 სამხედრო მოსამსახურის მონაწილეობით მაისამდე გასტანს. რუსეთთან ომის გაფრთხილების შესახებ გამოვიდა ბორის პისტორიუსიც. „ჩვენი ექსპერტები ელიან 5-დან რვა წლამდე პერიოდს, როდესაც ეს შესაძლებელი იქნება,” - განუცხადა მან გერმანულ გამოცემა Der Tagesspiegel-ს. „თითქმის ყოველდღე გვესმის მუქარა კრემლიდან, ამიტომ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ვლადიმერ პუტინი შესაძლოა, ერთ დღეს NATO-ს წევრ ქვეყანასაც დაესხას თავს. მაგრამ ეს ნაკლებად სავარაუდოა "ამჟამად," აღნიშნა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა.  

რა შემთხვევაში გავემგზავრებით თბილისიდან ლისაბონში თვითმფრინავით ან ვარნაში გემით, პასპორტის შემოწმების გარეშე

შეიძლება თუ არა შეასუსტოს შენგენის ზონის წევრობის პერსპექტივა იმ გარემოებამ, რომ საქართველოს ევროკავშირთან უშუალო სახმელეთო საზღვარი არ აქვს. ეს ერთ-ერთია იმ შეკითხვებიდან, რომლებიც ევროკავშირის წარმომადგენლობამ მოქალაქეებისგან მიიღო. პასუხებს ელჩმა და მისმა გუნდმა უპასუხეს. პასუხი: შენგენის ზონა საზღვრის ტიპით არ განისაზღვრება. ევროკავშირის რამდენიმე წევრი ქვეყანა (მალტა, კვიპროსი, ირლანდია) შენგენის ზონის წევრია, თუმცა, ევროკავშირის სხვა ქვეყნებთან მათ სახმელეთო საზღვარი არ აქვთ. თუ საქართველო შენგენის ზონას შეუერთდება, შენგენის ზონის სხვა ქვეყნებთან საჰაერო ან საზღვაო საზღვრების გადაკვეთისას სასაზღვრო შემოწმება აღარ იქნება საჭირო. ანუ თბილისიდან ლისაბონში თვითმფრინავით ან ფოთიდან ვარნაში გემით გამგზავრება პასპორტის შემოწმების პროცედურის გავლის გარეშე იქნება შესაძლებელი. თუმცა შენგენის ზონაში გაწევრიანებამდე საქართველომ აღნიშნული ზონის საერთო წესები უნდა დააკმაყოფილოს. კერძოდ, ეს წესები შეეხება საქართველოს იმ სახმელეთო საზღვრებს, რომლებიც მას ევროკავშირის არაწევრ სახელმწიფოებთან აქვს, რადგან ეს საზღვრები ევროკავშირის გარე საზღვრები გახდება. მოთხოვნები შეეხება ევროკავშირის გარე საზღვრების კვეთას, მათ შორის, ისეთ ასპექტებს, როგორებიცაა, სავიზო შემოწმება, შესვლის პირობების ჰარმონიზაცია, ტრანსსასაზღვრო საპოლიციო თანამშრომლობა და უფრო მჭიდრო სასამართლო თანამშრომლობა ექსტრადიციის და სისხლის სამართლის გადაწყვეტილებების აღსრულების უფრო სწრაფი სისტემის დანერგვის გზით.“  

ავლაბარში შენობის ნაწილი ჩამოინგრა

ავლაბარში, შენობის ნაწილი ჩამოინგრა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, მაშველებმა ნანგრევებიდან ერთი პირი ამოიყვანეს, რომელიც სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი. დაშავებული კონტაქტურია.  

მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი ქვეყანა ფინეთია - კვლევა

ოქსფორდის უნივერსიტეტმა ტრადიციული ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც გაეროს მხარდაჭერით და სხვადასხვა კვლევითი ორგანიზაციის თანამშრომლობით მზადდება. 2024 წლის ანგარიშის თანახმად, მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი ქვეყანა ფინეთია. მეორე ადგილზეა დანია, მესამეზე - ისლანდია, მეოთხეზე - შვედეთი და მეხუთეზე - ისრაელი. ბოლო, 143-ე ადგილზე ავღანეთია. ბედნიერი ქვეყნების ჩამონათვალში საქართველო 91-ე ადგილზეა. სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის საქართველოზე უფრო ბედნიერი სომხეთია (82). აზერბაიჯანი 101-ე ადგილზეა. ფინეთი ზედიზედ რამდენიმე წელია, პირველ ადგილზეა. ფინელები ყველაზე ბედნიერი იყვნენ კორონავირუსის პანდემიის დროსაც. ანგარიშის არსებობის ისტორიაში პირველად, ამერიკის შეერთებული შტატები და გერმანია წელს აღარ არიან ბედნიერი ქვეყნების პირველ ოცეულში. მათი ადგილები დაიკავეს კოსტა-რიკამ და ქუვეითმა. ანგარიშს საფუძველად საზოგადოებრივი აზრის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის, Gallup-ის მიერ მსოფლიოს 140-ზე მეტ ქვეყანაში ჩატარებული გამოკითხვის შედეგები დაედო. ბედნიერების ხარისხი განისაზღვრება რამდენიმე ფაქტორით, მათ შორის, ცხოვრების საშუალო დონით, ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებლით, სოციალური მხარდაჭერით, შემოსავლების დონით, ჯანმრთელობით და ქვეყანაში კორუფციის მაჩვენებლით. ანგარიში 2012 წლიდან მზადდება. 20 მარტი ბედნიერების საერთაშორისო დღეა.  

სავარაუდოდ, 2 000-მდე მომხმარებლის მონაცემების უნებართვო გამჟღავნების შესაძლო ფაქტზე მოკვლევა მიმდინარეობს - სილქნეტი

კომპანია „სილქნეტში“ მომხმარებელთა მცირე ჯგუფის, სავარაუდოდ 2 000-მდე პირის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების უნებართვო წვდომისა და გამჟღავნების შესაძლო ფაქტთან დაკავშირებით, კომპიუტერულ ინციდენტზე რეაგირების ღონისძიებები მიმდინარეობს. ამის შესახებ „სილქნეტის“ განცხადებაში წერია. კომპანიის განცხადებით, სავარაუდო კომპიუტერული ინციდენტის ფაქტთან დაკავშირებით კომპანია მჭიდროდ თანამშრომლობს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოპერატიულ-ტექნიკურ სააგენტოსთან. „კომპანია სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ არ მომხდარა აბონენტთა ზარების, ტექსტური შეტყობინებებისა და სხვა ტელეკომ სერვისების ინფორმაციის კანონსაწინააღმდეგო გავრცელება. აქვე ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ პერსონალური მონაცემების დაცვა, გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება კომპანიის ფუნდამენტური საკითხებია. სავარაუდო კომპიუტერული ინციდენტის ფაქტთან დაკავშირებით კომპანია მჭიდროდ თანამშრომლობს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოპერატიულ-ტექნიკურ სააგენტოსთან, როგორც კიბერუსაფრთხოების რეგულატორთან, „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, და მასთან ერთად ახორციელებს მოცემული ინციდენტის აღკვეთის, კვლევისა და სამომავლო პრევენციისათვის საჭირო ღონისძიებებს. უახლოეს პერიოდში, ინციდენტის კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, გადაწყდება შემდგომი სამართლებრივი რეაგირების საკითხებიც. თემის მნიშვნელოვნებიდან გამომდინარე, კომპანია „სილქნეტი“ პირველი შესაძლებლობისთანავე ეტაპობრივად გაასაჯაროებს აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებულ ყველა საჭირო ინფორმაციას იმ მოცულობით, რომ საფრთხე არ შეექმნას მიმდინარე კიბერუსაფრთხოების უზრუნველმყოფი ღონისძიებების ეფექტიანობასა და შემდგომი გამოძიების ინტერესებს,“ – აღნიშნულია განცხადებაში.  

აშშ-ის საჰაერო ძალებმა ჰიპერბგერითი იარაღი გამოსცადა

აშშ-ის საჰაერო ძალებმა ჰიპერბგერითი იარაღი წარმატებით გამოსცადა. შესაბამის ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს. აშშ-ის საჰაერო ძალებმა გამოცდა კვირას ჩაატარეს, მას შემდეგ, რაც ბომბდამშენი B-52 გუამიდან აფრინდა და ARRW სწრაფი რეაგირების რაკეტა გაუშვა. აშშ-ის საჰაერო ძალებს ჰიპერბგერითი იარაღის ფრენის სიჩქარის შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია. ცნობისთვის, აშშ ერთადერთი სახელმწიფო არ არის, რომელიც ჰიპერბგერითი იარაღის განვითარებაზე მუშაობს. ამერიკელი სამხედრო ოფიციალური პირების ცნობით, რუსეთმა ჰიპერბგერითი რაკეტა უკრაინაში გამოიყენა, ხოლო ჩინეთმა გასული წლის ოქტომბერში ჰიპერბგერითი იარაღის გამოცდის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია უარყო.  

ოზურგეთი-თბილისის მატარებელი ლიანდაგებიდან გადავიდა

ოზურგეთი-თბილისის მატარებელი სოფელ ნატანებთან ლიანდაგიდან გადავიდა და გზის გაგრძელება ვეღარ შეძლო. ინფორმაცია „გურია TV-მ“ გაავრცელა. „საქართველოს რკინიგზაში“ აცხადებენ, რომ ფაქტზე მოკვლევა მიმდინარეობს. „ოზურგეთი-თბილისის მატარებლის ელმავალი და პირველი ვაგონი სოფელ ნატანებთან ლიანდაგს ასცდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ამ დროისათვის მიმდინარეობს მოკვლევა და შემთხვევის გამომწვევი მიზეზის დადგენა,” - აცხადებენ „საქართველოს რკინიგზაში.“  

შიდა ქართლს ახალი რწმუნებული ჰყავს

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დაინიშნა. პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ახალ გუბერნატორს დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა. მთვრობის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე აგრეთვე განიხილეს შიდა ქართლის განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით დაგეგმილი პროექტები. ახალი გუბერნატორი პროფესიით სამართალმცოდნეა. ის დღემდე იკავებდა შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობას; აქვს მენეჯერულ პოზიციებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. შიდა ქართლის გუბერნატორმა მიხეილ შაყულაშვილმა თანამდებობის დატოვების შესახებ 8 მარტს განაცხადა. გურიის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად პოლიციის პოლკოვნიკი, ლაშა გოგნიაშვილი დაინიშნა. შსს-ს ცნობით, ამ დრომდე მას ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის თანამდებობა ეკავა. ლაშა გოგნიაშვილს შინაგან საქმეთა სამინისტროში ხელმძღვანელ პოზიციებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.  

მოლდოვა რუსეთის დელეგაციას გაეროს მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე არ დაუშვებს

მოლდოვა არ დაუშვებს რუსეთის ოფიციალურ წარმომადგენლებს გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის რეგიონულ კონფერენციაში, რომელიც მიმდინარე წლის მაისში კიშინიოვში გაიმართება. ამის შესახებ Newsmaker-ი წერს. კონფერენციაზე, რომელიც 14-დან 17 მაისამდე მოლდოვაში გაიმართება, რუსული დელეგაცია მიწვეული იყო ონლაინ გამოსვლისთვის. „უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიმდინარე აგრესიულ ომთან დაკავშირებით, რომელიც უხეშად არღვევს გაეროს წესდებას, იწვევს მრავალრიცხოვან კრიზისს და ძირს უთხრის სასურსათო უსაფრთხოებას საერთაშორისო დონეზე, საგარეო საქმეთა სამინისტრომ გადაწყვიტა, არ დაუშვას რუსეთის ფედერაციის ოფიციალური წარმომადგენლების პირადი მონაწილეობა,“ აცახდებს მოლდოვის მხარე. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ კიშინიოვი „აშკარად ბოროტად იყენებს თავის სტატუსს, როგორც მხარე, რომელიც იღებს ზომებს გაეროს მეშვეობით, რაც ეჭვქვეშ აყენებს მოლდოვის ხელისუფლების შესაძლებლობას, იმოქმედოს ამ კუთხით მომავალში. კიშინიოვის ქმედებები უპასუხოდ არ დარჩება რუსეთის მხრიდან“, - განაცხადა ზახაროვამ. შეგახსენებთ, რომ 19 მარტს მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ დნესტრისპირეთის რეგიონში რუსეთის პრეზიდენტის „არჩევნების“ ორგანიზების გამო, რუსი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოცხადდა.  

რა საკითხებს დააყენებს ქართული მხარე ერგნეთის შეხვედრაზე

ერგნეთში ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) 118-ე შეხვედრა მიმდინარეობს. გავრცელებული ინფორმაციით, დღევანდელ შეხვედრაზე ქართული მხარე უკანონო „ბორდერიზაციისა" და უკანონო დაკავებების საკითხებს დააყენებს. შეხვედრის წინ მედიასთან კომენტარი სუსის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ირაკლი ანთაძემ გააკეთა. „დღევანდელ შეხვედრაზე განვიხილავთ წინა შეხვედრიდან დღემდე დაფიქსირებულ ყველა ინციდენტს. ესენი გახლავთ უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი და უკანონო ე.წ. დაკავებები. უკანონო „ბორდერიზაციის“ კუთხით, წინა შეხვედრიდან დღემდე დაფიქსირდა სამი ფაქტი, რომელმაც მოიცვა გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტები. ეს გახლდათ უკანონო ინსტალაციების - მავთულხლართების - დამონტაჟებისა და განახლების პროცესი. ქარელის მუნიციპალიტეტში სოფელ კნოლევსა და სოფელ ჩოლიბაურის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე ხორციელდებოდა აღნიშნული პროცესი. რაც შეეხება გორის მუნიციპალიტეტს, აღნიშნული პროცესი დაფიქსირდა სოფელ ზარდიანთკარის მიმდებარედ," - განაცხადა ანთაძემ. სუსის წარმომადგენლის თქმით, დღეის მდგომარეობით, უკანონო პატიმრობაშია საქართველოს ექვსი მოქალაქე. „დღევანდელ შეხვედრაზე მათი გათავისუფლება იქნება დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი თემა," - განაცხადა ანთაძემ. შეხვედრაზე ქართული მხარე ასევე შეეცდება, გაარკვიოს გასული წლის 6 ნოემბერს სოფელ კირბალთან მოკლული თამაზ გინტურის საქმის დეტალები. „დადგება საკითხი, არის თუ არა აღძრული საქმე თამაზ გინტურის მკვლელობასთან დაკავშირებით და გამოვლენილნი არიან თუ არა დამნაშავეები," - აღნიშნა ირაკლი ანთაძემ. ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფარგლებში 117-ე შეხვედრა მიმდინარე წლის 13 თებერვალს გაიმართა.  

დანილოვი: უკრაინა ყურადღებით აკვირდება მათ, ვინც პუტინს ე.წ. გამარჯვებას ულოცავს

უკრაინის ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისა საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა განაცხადა, რომ უკრაინა ყურადღებით აკვირდება მათ, ვინც ვლადიმერ პუტინს არჩევნებში ე.წ. გამარჯვებას ულოცავს. დანილოვმა აღნიშნა, რომ ბევრ ქვეყანას ავიწყდება, რომ „ისტორია ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენს.“ „ჩვენ ახლა ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით, ვინ მიესალმება „პრეზიდენტ“ პუტინის ე.წ. გამარჯვებას. საკმაოდ საინტერესო სიაა. არსებობს გაგება, ვინ რა ინტერესებით ხელმძღვანელობს ამ დროს და ვის რა ინტერესები აქვს იმაში, რომ მიესალმოს ამ თანამედროვე ჰიტლერის თითქოსდა ხელახლა არჩევას,“ – განაცხადა დანილოვმა. შეგახსენებთ, პუტინს გამარჯვება მიულოცეს ინდოეთის პრემიერმა, თურქეთის პრეზიდენტმა, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა. ვლადიმირ პუტინს რუსეთის პრეზიდენტად ახალი ვადით არჩევა მიულოცეს ჩრდილოეთ კორეის მეთაურმა კიმ ჩენ ინმა, ჰონდურასის პრეზიდენტმა სიომარა კასტრომ, ბოლივიის პრეზიდენტმა ლუის არსემ, კუბის პრეზიდენტმა მიგელ დიას-კანელმა, ნიკარაგუის პრეზიდენტმა დანიელ ორტეგამ და ვენესუელის პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ. კრემლის მიერ კონტროლირებული სააგენტო „ტასის“ ცნობით, პუტინს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა ტაჯიკეთის პრეზიდენტმა ემომალი რაჰმონმაც.  

კანადამ ისრაელში იარაღის ექსპორტი შეაჩერა

კანადის საგარეო საქმეთა მინისტრი, მელანი ჯოლი აცხადებს, რომ კანადა ისრაელში იარაღის ექსპორტს აჩერებს. მანამდე კანადის თემთა პალატამ ამ საკითხთან დაკავშირებით არასავალდებულო ინიციატივა მიიღო. ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ისრაელ კაცმა აღნიშნა, რომ კანადის ქმედებებს "ისტორია მკაცრად განსჯის." კანადა, შეერთებული შტატების მთავარი მოკავშირეა, რომელიც ისრაელს ყოველწლიურად მილიარდობით დოლარის სამხედრო დახმარებას უწევდა. „ადგილზე არსებული ვითარებიდა გამომდინარე, ჩვენ არ შეგვიძლია რაიმე სახის სამხედრო აღჭურვილობის ექსპორტი,“ განუცხადა კანადელმა ოფიციალურმა წყარომ AFP-ს ანონიმურობის პირობით. „იანვრის შემდეგ ექსპორტი არ განხორციელებულა,“ დასძინა მთავრობის წყარომ.

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი საქართველოს მოუწოდებს, დროულად განაახლოს მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიება - SJC

სოციალური სამართლიანობის ცენტრის ცნობით, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა 2024 წლის 11-14 მარტს ცინცაბაძის საქმეების ჯგუფის აღსრულების საკითხი განიხილა, რომელშიც მაჩალიკაშვილის საქმეც არის გაერთიანებული. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ამ საქმეების ჯგუფი შეეხება სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მიერ მკვლელობის, წამებისა და არასათანადო მოპყრობის და მათი არაეფექტიანი გამოძიების საქმეებს, რომლებზეც ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლების დარღვევა დაადგინა. „მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილება იზიარებს თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმეზე სოციალური სამართლიანობის ცენტრის მიერ გაცხადებულ მოთხოვნებს ინდივიდუალური და ზოგადი ღონისძიებების განხორციელებაზე. მინისტრთა კომიტეტმა ღრმა შეშფოთება გამოხატა ცინცაბაძის საქმეთა ჯგუფში გაერთიანებულ რამდენიმე საქმეზე, მათ შორის, მაჩალიკაშვილის საქმეზე, გაჭიანურებული გამოძიების გამო და ხელისუფლებას მკაცრად მოუწოდა ყველა აუცილებელი ღონისძიების განხორციელებისკენ, მათი სწრაფად და ამომწურავად დასრულებისთვის. ასევე, კომიტეტმა სახელმწიფოს მოუწოდა, წარუდგინოს კომიტეტს აღნიშნული საქმეების გამოძიების პროცესში წარმოშობილი დაბრკოლებების აღმოსაფხვრელად გადადგმული და დაგეგმილი ნაბიჯების შესახებ გაერთიანებული ინფორმაცია. კერძოდ კი, კომიტეტმა სახელმწიფოს მოუწოდა, რომ სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა სწრაფად განიხილოს მაჩალიკაშვილის საქმის მასალები ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების დასკვნების შესაბამისად და კომიტეტს და გარდაცვლილის ოჯახს აცნობოს გამოძიების განახლების გადაწყვეტილების შესახებ. მინისტრთა კომიტეტმა მნიშვნელოვანი რეკომენდაციები გასცა არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებული სისტემური პრობლემების აღმოფხვრის საკითხთან დაკავშირებითაც. კერძოდ, კომიტეტმა სახელმწიფოს მოუწოდა, გადადგას დამატებითი ნაბიჯები სპეციალური საგამოძიებო სამსახურის დამოუკიდებლობისა და ეფექტიანობის გასაუმჯობესებლად, მათ შორის, უზრუნველყოს სამსახურის ძლიერი დამოუკიდებლობა პროკურატურისგან და მისი საგამოძიებო ფუნქციების შესაბამისობა თავის უპირველეს ინსტიტუციურ როლთან - სახელმწიფოს წარმომადგენლების მიერ ჩადენილი ადამიანის უფლებათა მძიმე დარღვევების გამოძიებასთან. გარდა ამისა, კომიტეტმა ხელისუფლებას მოუწოდა, დაუსჯელობის პრევენციის და ეროვნული კანონმდებლობის კონვენციის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით, გადადგას დამატებითი ნაბიჯები, მათ შორის, შესაძლო საკანონმდებლო ცვლილებები. ასევე, გააძლიეროს არასათანადო მოპყრობის პრევენციის საშუალებები, მათ შორის, სამართალდამცავებსა და ინდივიდებს შორის კომუნიკაციის დროს ვიდეო/აუდიო ჩანაწერების ეფექტიანობის და მასშტაბის გაზრდით. კომიტეტმა ასევე ღრმა შეშფოთება გამოთქვა დაზარალებულების სტატუსის მინიჭების განგრძობად ხარვეზზე, რაც გამოძიების პროცესში დაზარალებულების არსებითი მონაწილეობის წინაპირობაა და ხელისუფლებას მოუწოდა, განახორციელოს აუცილებელი საკანონმდებლო და პრაქტიკული ღონისძიებები ამ პრობლემის სისტემური და მდგრადი ფორმით აღმოსაფხვრელად. ბოლოს, კომიტეტმა ხელისუფლების ორგანოებს მუწოდა, განაგრძოს არასათანადო მოპყრობის გამოძიების საქმეებზე სტატისტიკური მონაცემების მიწოდება და ანალიზი, მათ შორის, სრულყოფილი სტატისტიკის მიწოდება დაზარალებულის სტატუსის მინიჭების პრაქტიკისა და გამოძიების პროცესში სამართალდამცავთა უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ. ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციები ადასტურებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მოსაზრებებს, რომ სიცოცხლის ხელყოფისა და  არასათანადო მოპყრობის პრევენციის მიმართულებით არსებული სისტემური პრობლემების აღმოფხვრისთვის სისტემური რეფორმების გატარება აუცილებელია. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციის შესაბამისად, დაუყოვნებლივ განაახლოს თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიება და უზრუნველყოს ყველა აუცილებელი საგამოძიებო მოქმედების ჩატარება,“ წერს SJC.  

უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე კიდევ ორი ​​მოზარდი დააბრუნეს

კიდევ ორი ​​მოზარდი, 13 და 15 წლის ბიჭები უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დააბრუნეს. ამის შესახებ ხერსონის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსმა ალექსანდრე პროკუდინმა განაცხადა.  11 მარტს ხერსონის ოლქის დროებით ოკუპირებული ტერიტორიიდან უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ხუთი ბავშვი და 18 წლის ობოლი დააბრუნეს. უკრაინამ საკუთარ ოჯახებს კიდევ ხუთი ბავშვი 29 თებერვალს, 10 ბავშვი კი, 9 მარტს დაუბრუნა. ოფიციალური მონაცემების თანახმად, უკრაინიდან რუსეთში, იძულებით, სულ მცირე 19 546 ბავშვი გადაასახლეს. ეს ციფრი მხოლოდ ოფიციალურად დადასტურებულ ინფორმაციას ასახავს, თუმცა, უფლებადამცველები ვარაუდობენ, რომ რეალური მაჩვენებელი ბევრად მაღალია.  

რუსეთის სარატოვის ოლქზე დრონებით შეტევა უკრაინის სპეცოპერაცია იყო - მედია

უკრაინის სამხედრო დაზვერვის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ რუსეთის სარატოვის ოლქის ქალაქ ენგელსზე დრონებით შეტევა უკრაინის სპეცოპერაცია იყო. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს წარმომადგენელმა ანონიმურობის დაცვის პირობით, გამოცემა „RBC-უკრაინას“ განუცხადა, რომ ეს მათი „გეგმური სამუშაო“ იყო და შედეგები ჯერ საბოლოოდ დაზუსტებული არ არის. გამოცემა „უკრაინსკა პრავდას“ ინფორმირებულმა წყარომ დაზვერვის მთავარი სამმართველოდან ასევე განუცხადა, რომ უკრაინული წარმოების კამიკაძე-დრონი „ლიუტი“ თავს „შესანიშნავად აჩვენებს“ და ენგელსის „დემილიტარიზაცია და დეკომუნიზაცია გაგრძელდება“. წყაროს თანახმად, დრონებით დარტყმის შედეგები დაზუსტების ეტაპზეა. სარატოვის ოლქის გუბერნატორმა რომან ბუსარგინმა დილით, ტელეგრამით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქალაქ ენგელსზე უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა იყო, თუმცა საჰაერო თავდაცვის სისტემამ „დროულად და ეფექტიანად იმუშავა“. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ სარატოვის ოლქში „გაანადგურეს“ თვითმფრინავის ტიპის ოთხი უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი. შეტევის შედეგების შესახებ რუსეთის ხელისუფლებას არაფერს ამბობს. ენგელსზე, სადაც რუსეთის სამხედრო-საავიაციო ბაზა მდებარეობს, უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში 20 მარტს, გამთენიისას განხორციელდა. ადგილობრივი ტელეგრამ-არხები ოთხი აფეთქების შესახებ იუწყებოდნენ. რუსეთის სარატოვის ოლქის ქალაქი ენგელსი უკრაინის ტერიტორიიდან დაახლოებით 600 კილომეტრში მდებარეობს. ამ რაიონზე უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა ადრეც იყო. მათ შორის, 2022 წლის დეკემბერში, როცა რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა, რომ ენგელსის სამხედრო აეროდრომზე დრონებით შეტევის შედეგად სამი რუსი სამხედრო დაიღუპა.  

შს მინისტრი: უახლოეს მომავალში საქართველო კიდევ ორ შვეულმფრენს მიიღებს

გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, ,,Airbus Helicopters“-თან მოლაპარაკებების საფუძველზე, შვეულმფრენების ჩაბარების ვადები შემცირდა და ჩვენ უკვე გადმოგვეცა „H 145“-ის პირველი ბორტი, ხოლო შემდეგი ორი ბორტის გადმოცემა ქართული მხარისთვის უახლოეს პერიოდში იგეგმება, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, შვეულმფრენი არის მრავალფუნქციური, რომელსაც შეუძლია პოლიციური, სატრანსპორტო, სამძებრო და სამაშველო ფუნქციების შესრულება. „სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციის დეპარტამენტის მფრინავებმა და ბორტ-ტექნიკოსებმა თეორიული და პრაქტიკული მომზადება გერმანიაში, „Airbus Helicopters“-ის სასწავლო აკადემიაში გაიარეს. მოგახსენებთ, რომ ეს არის მრავალფუნქციური შვეულმფრენი, რომელსაც შეუძლია პოლიციური, სატრანსპორტო, სამძებრო და სამაშველო ფუნქციების შესრულება. ის სრულადაა დაკომპლექტებული ხანძართან ბრძოლისა და სამთო-სამაშველო აღჭურვილობით. ახალი შვეულმფრენი მაღალ სიმაღლეზე ოპერირებისა და მანევრის შესაძლებლობებით გამოირჩევა, რაც საქართველოს მაღალმთიანი რელიეფის გათვალისწინებით, არსებულ ამოცანებთან სრულად თავსებადია“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.  

ვახტანგ გომელაური: რეგისტრირებული დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი 64%-ს აღემატება - შემცირებულია მკვლელობები

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა, საკანონმდებლო ორგანოში მინისტრის საათის ფორმატში გასული წლის ანგარიშის წარდგენისას სტატისტიკურ მონაცემებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ რეგისტრირებული დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი 64%-ს აღემატება.„2023 წელს, დანაშაულის გახსნის მაჩვენებლის მატების ტენდენცია გაგრძელდა. რეგისტრირებული დანაშაულის გახსნა 64%-ს აღემატება. ასევე გრძელდება დანაშაულის კლების ტენდენციაც. შემცირებულია ისეთი მნიშვნელოვანი დანაშაულების ფაქტები, როგორიც არის მკვლელობები და მკვლელობის მცდელობები, ასევე, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებები,“ - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა. მისი თქმით, „კიდევ ერთი ფაქტი, რომელიც ქართველი სამართალდამცავების წარმატებით მუშაობას ასახავს, არის ტრეფიკინგის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის გასული წლის ანგარიში, რომლის თანახმად, ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ სახელმწიფოების მიერ განხორციელებული ღონისძიებების მიხედვით, 2023 წელსაც საქართველო მსოფლიოს მასშტაბით უმაღლეს საფეხურზეა.“  

ვახტანგ გომელაური: 2023 წელს ნარკოდანაშაულის გამოვლენის მაჩვენებელი, 2022 წელთან შედარებით, 21%-ით გაიზარდა

2023 წელს, მნიშვნელოვან გამოწვევას ნარკოტიკებით უკანონო ვაჭრობა წარმოადგენდა, პოლიციის და სხვა სამართალდამცავი უწყებების აქტიური ბრძოლის შედეგად, ნარკოდანაშაულის გამოვლენის მაჩვენებელი 2022 წელთან შედარებით 21%-ით გაიზარდა, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს საქმიანობის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობით, „ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის 2023-2024 წლების სამოქმედო გეგმა“ შემუშავდა. „რაც შეეხება ორგანიზებულ დანაშაულს: ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა გასულ წელსაც პრიორიტეტად დარჩა. უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს საქმიანობის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობით, შემუშავდა „ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის 2023-2024 წლების სამოქმედო გეგმა“, რომელიც აერთიანებს კომპლექსურ უწყებათაშორის აქტივობებს და შემუშავებულია შემდეგი 3 ძირითადი მიზნის ფარგლებში: „კანონიერი ქურდებისა“ და „ქურდული სამყაროს“ წევრების წინააღმდეგ ბრძოლის სისტემური გაძლიერება; კიბერდანაშაულის პრევენციული მექანიზმებისა და გამოძიების ეფექტიანობის ამაღლება/გაუმჯობესება; ნარკოტრანზიტის და ნარკოვაჭრობის ბრძოლის მიმართულებით გამოძიების ხარისხის გაუმჯობესება. სამოქმედო გეგმის ფარგლებში, დაინერგა დანაშაულის სტატისტიკის წარმოების განახლებული ფორმა, რომელიც, სხვა საკითხებს შორის, უზრუნველყოფს ორგანიზებული დანაშაულის მიმართულებით სტატისტიკის დეტალური ფორმით დამუშავებას. ევროკომისიამ გაცემული რეკომენდაციების შესრულების ანგარიშში დადებითად შეაფასა და ხაზი გაუსვა აღნიშნული პოლიტიკის დოკუმენტების არსებობის მნიშვნელობას,“ - აღნიშნა შინაგან საქმეთა მინისტრმა.  

რუსეთი დასავლეთთან დაპირისპირებისთვის კოალიციაის შექმნას ცდილობს - ISW

ირანთან, ჩრდილოეთ კორეასთან და ჩინეთთან ორმხრივი ურთიერთობების განვითარებით, რუსეთი განაგრძობს დასავლეთის წინააღმდეგ კოალიციის შექმნას, - აღნიშნავს თავის ანგარიშში ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტი (ISW). „კრემლი უკრაინაში ომს დასავლეთთან დაპირისპირებისთვის რიგ სახელმწიფოებთან ორმხრივი ურთიერთობების შესანარჩუნებლად და კოალიციის შესაქმნელად იყენებს, რაც დიდი ხანია რუსეთის საგარეო პოლიტიკის ცენტრალურ ასპექტს წარმოადგენს," - ნათქვამია ანგარიშში. რუსეთი, კერძოდ, ცდილობს, გააძლიეროს ურთიერთობები ჩრდილოეთ კორეასთან და მიიღო ბალისტიკური რაკეტები და საარტილერიო საბრძოლო მასალა ფხენიანისგან სავარაუდო ტექნოლოგიური თანამშრომლობისა და სხვა უცნობი მხარდაჭერის სანაცვლოდ, რამაც სეულში ნახევარკუნძულის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ შეშფოთებას იწვევს. თებერვალში The New York Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთმა, საბრძოლო მასალის სანაცვლოდ, ჩრდილოეთ კორეას მისცა გლობალურ ფინანსურ სისტემაზე წვდომის საშუალება და ასევე განბლოკა ჩრდილოეთ კორეის ზოგიერთი აქტივი, რომლებიც გაეროს სანქციებს ექვემდებარებოდა. ISW-ს ანალიტიკოსებმა აღნიშნეს, რომ ორეის ნახევარკუნძულზე არსებული ვითარების განსახილველად, 19 მარტს მოსკოვში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ანდრეი რუდენკო კორეის ნახევარკუნძულის საკითხებში ჩინეთის სპეციალურ წარმომადგენელს ლიუ სიაომინგს შეხვდა კ. რუდენკომ და ლიუმ დაადანაშაულეს შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები ჩრდილო-აღმოსავლეთ აზიაში სამხედრო სიტუაციის გაუარესების გამო და გააფრთხილეს შეერთებული შტატები, თავი შეიკავოს ცივი ომის სტილის "ბლოკური აზროვნების" გავრცელებისგან. 2023 წლის შემოდგომაზე ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ, თავისი სადაზვერვო სამსახურების მონაცემებზე დაყრდნობით აცხადებდა, რომ ირანთან და ბელორუსთან ერთად, ჩრდილოეთ კორეა შეიძლება გახდეს იარაღის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მომწოდებელი რუსეთისთვის. ახლახან სამხრეთ კორეის სამხედრო უწყებამ განაცხადა, რომ 2023 წლიდან ჩრდილოეთმა კორეამ რუსეთში გაგზავნა დაახლოებით 7000 კონტეინერი, რომლებიც დატვირთული იყო საბრძოლო მასალითა და სხვა სამხედრო აღჭურვილობით. „ჩრდილოეთი კორეა თავდაპირველად გემებს იყენებდა, მაგრამ ახლა სულ უფრო ხშირად მიმართავს სარკინიგზო საშუალებებს იარაღის ტრანსპორტირებისთვის,“ - განაცხადა სამხრეთ კორეის თავდაცვის სამინისტრომ რამდენიმე საათში მას შემდეგ, რაც სეულის ცნობით, ფხენიანმა იაპონიის ზღვისკენ მოკლე რადიუსის ბალისტიკური რაკეტები გაუშვა. აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ 4 იანვარს განაცხადა, რომ ჩრდილოეთმა კორეამ რუსეთს მიაწოდა ბალისტიკური რაკეტების გასაშვები დანადგარები და რამდენიმე ბალისტიკური რაკეტა და ერთი მათგანი რუსეთმა უკრაინაში 30 დეკემბერს გამოიყენა. ამერიკული წყაროების ცნობით, რუსეთმა ფხენიანისგან შეძენილი რაკეტა უკრაინის წინააღმდეგ გამოიყენა 2 იანვარსაც.  

2023 წელს საქართველოს ეკონომიკა 10,1%-ით გაიზარდა - საქსტატი

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, გასულ, 2023 წელს საქართველოს ეკონომიკა 10,1 პროცენტით გაიზარდა. თუკი 2022 წელს მშპ მიმდინარე ფასებში 72 860,1 ათასი ლარი იყო, გასულ წელს 80 246,1 ათასი გახდა. შემცირებულია სოფლის სატყეო და თევზის მეურნეობით მიღებული შემოსავლები. საქართველოს ეკონომიკის ყველაზე დიდი წილი მოდის საცალო და საბითუმო ვაჭრობაზე, შემდეგ ადგილზეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებილი საქმიანობები, მესამეზე კი - მრეწველობა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2023 წელს საქართველოში მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მიმდინარე ფასებში 80 246.1 მლნ. ლარს გაუტოლდა, რაც 10.1 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს, ხოლო რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 2023 წელს, წინა წელთან შედარებით, 7.5 პროცენტი შეადგინა. საქსტატის ცნობით, მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორის პროცენტული ცვლილება 2023 წელს 2.5 პროცენტით განისაზღვრა. უწყების ანგარიშის მიხედვით, მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები. შემდგომ პოზიციებს იკავებს დამამუშავებელი მრეწველობა, მშენებლობა, სოფლის სატყეო და თევზის მეურნეობა, სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება, ტრანსპორტი და დასაწყობება, ინფორმაცია და კომუნიკაცია, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები. „2023 წელს, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი (13.6 პროცენტი), მშენებლობა (17.2 პროცენტი), ინფორმაცია და კომუნიკაცია (27.4 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება (13.7 პროცენტი), ტრანსპორტი და დასაწყობება (13.3 პროცენტი), განათლება (18.9 პროცენტი), პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები (19.1 პროცენტი), დამამუშავებელი მრეწველობა (3.3 პროცენტი), საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები (7.1 პროცენტი). კლება აღინიშნა შემდეგ დარგებში: ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები (-15.4 პროცენტი), უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (-2.5 პროცენტი), სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა (-2.8 პროცენტი),“ – აღნიშნულია საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში. გასულ წელს მშპ-მა ერთ სულ მოსახლეზე 8 210.1 აშშ დოლარი შეადგინა.