ძებნის რეზულტატი:

30 მარტიდან რუსული „მირის“ ბარათების გამოყენებას სომხეთის თითქმის ყველა ბანკი შეწყვეტს - მედია

30 მარტიდან სომხეთში რუსული „მირის“ საბანკო ბარათები აღარ მიიღება, „ვითიბი-ს„ სომხური შვილობილი კომპანიის ინფრასტრუქტურის გარდა. ამის შესახებ RBC VTB სომხეთის წარმომადგენელსა და რუსეთის გადახდის ბაზარზე არსებულ წყაროზე დაყრდნობით წერს. RBC-ის ცნობით, Mir ბარათები შეწყვეტენ ფუნქციონირებას სომხეთის ყველა ბანკის ბანკომატებსა და პოს ტერმინალებში. რუსეთის ბანკმა და Mir გადახდის სისტემის ოპერატორმა (NSPK) განაცხადეს, რომ თითოეული ქვეყანა იღებს გადაწყვეტილებას ბარათების დამოუკიდებლად მიღების შესახებ და მათი მხრიდან არ არსებობს შეზღუდვები ბარათების გამოყენებაზე. 2024 წლის თებერვალში, NSPK აშშ-ის სანქციებს რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის გამო დაექვემდებარა.  ორგანიზაციების თანამშრომლობამ სანქცირებულ კომპანიასთან შესაძლოა, გამოიწვიოს მეორადი სანქციების დაწესება თავად ამ ორგანიზაციების მიმართ. NSPK 2014 წელს, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის გამო სანქციების დაწესების შემდეგ შეიქმნა, რაც საერთაშორისო გადახდის სისტემებიდან ბარათების გათიშვის შემთხვევაში ფუნქციონირებას გულისხმობდა. პირველი ბარათები 2015 წელს გამოვიდა. სომხურმა ბანკებმა მათი მიღება 2017 წელს დაიწყეს. გარდა სომხეთისა, Mir ბარათების გამოყენება შესაძლებელია ყაზახეთში, ბელორუსში, ყირგიზეთში, ტაჯიკეთში, ვიეტნამში, ვენესუელასა და კუბაში. ამერიკული სანქციების შემოღების შემდეგ, მათ Mir ბარათების მიღებაზე უარის თქმა დაიწყეს.  

პრემიერი: ინოვაციური სტარტაპის სტატუსის მქონე კომპანიებს 3 წლის განმავლობაში ყველა გადასახადი გაუნულდება

საქართველოში განისაზღვრება ინოვაციური სტარტაპის სტატუსი და ამ სტატუსის მქონე კომპანიებს 3 წლის განმავლობაში ყველა გადასახადი გაუნულდება,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრემიერის თქმით, შესაბამისი კანონპროექტი უახლოეს მომავალში დაინიცირდება საქართველოს მთავრობის მიერ. „ინოვაციური ეკოსისტემის შემდგომი გაძლიერებისთვის ძალზე მნიშვნელოვანია ახალი ინიციატივები, მათ შორის, მინდა გამოვყო გადაწყვეტილება, რომელიც აუცილებლად ძალიან მნიშვნელოვან როლს შეასრულებს სისტემის განვითარებაში. საქართველოში განისაზღვრება ინოვაციური სტარტაპის სტატუსი და ამ სტატუსის მქონე კომპანიებს 3 წლის განმავლობაში ყველა გადასახადი გაუნულდება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა. შესაბამისი კანონპროექტი უახლოეს მომავალში დაინიცირდება საქართველოს მთავრობის მიერ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.  

ბლინკენი: მსოფლიოში გამორჩეული საარჩევნო წელია, დეზინფორმაციასთან საბრძოლველად ქვეყნებმა მეტი უნდა გააკეთონ

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ სხვადასხვა ავტორიტარული მთავრობები საარჩევნო პროცესებში ჩაერევიან, ხოლო აშშ რუსეთისა და ჩინეთის მიერ დეზინფორმაციის გავრცელების მცდელობებთან გამკლავებას გააგრძელებს. ბლინკენის თქმით, დემოკრატიულმა სახელმწიფოებმა დეზინფორმაციასთან საბრძოლველად მეტი უნდა გააკეთონ, მათ შორის, სოციალური მედიის კომპანიების წახალისებით, რათა ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ყალბი შინაარსის ინფორმაცია გამოავლინონ. „მიმდინარე წელს, მსოფლიოს მოსახლეობის თითქმის ნახევარი არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გამორჩეული საარჩევნო წელია. მაგრამ მოქალაქეები და კანდიდატები სიცრუის ნაკადს წააწყდებიან, რომელიც სერიოზულ საჯარო დებატებს ჩაახშობს. ჩვენი კონკურენტები და მოწინააღმდეგეები დეზინფორმაციის საშუალებით, ჩვენს დემოკრატიებში არსებული ბზარების გამოყენებასა და ჩვენი ინსტიტუტების დისკრედიტაციას ცდილობენ. ციფრული ტექნოლოგია, სოციალური მედია და ახლა ხელოვნური ინტელექტი ცვლილებების ისედაც წარმოუდგენლად სწრაფ ტემპს მკვეთრად აჩქარებს, მაგრამ დეზინფორმაციის ერთგვარი ტალღებიც შეიქმნა, რაც პოლარიზაციას და დაბნეულობას აძლიერებს,“ აღნიშნავს ბლინკენი. ბორელი: 2024 წელს არჩევნები მთელ მსოფლიოში დეზინფორმაციისა და საგარეო ჩარევის მთავარი სამიზნე გახდება შეგახსენებთ, 24 ოქტომბერს, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ საქართველოში და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა Europetime-ს დაუდასტურეს, რომ აშშ-მ 100-ზე მეტ ქვეყანას მიაწოდა ინფორმაცია რუსეთის მცდელობის შესახებ, ძირი გამოუთხაროს გლობალურ დემოკრატიულ პროცესებს, არჩევნებზე გავლენის მოხდენის გზით. ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დემოკრატიებისადმი რუსეთის ძირგამომთხრელი საქმიანობის გამოაშკარავების მიზნით, მრავალმხრივი კამპანია დააანონსა. 8 ნოემბერს, ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა. კომისიის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრულ ახალ 9 ნაბიჯში, წინა რეკომენდაციებისგან განსხვავებული, ორი ახალი ჩანაწერია. მათ შორის პირველი არის ევროკავშირისა და მისი ღირებულებების შესახებ დეზინფორმაციასთან და „უცხოურ საინფორმაციო მანიპულაციებთან“ ბრძოლა. მეორე - საქართველოს შესაბამისობა ევროკავშირის ერთიან საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან. ამასთანავე, რეკომენდაციებშია სამართლიანი არჩევნების ჩატარების პირობა „განსაკუთრებით 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში.“ ამასთან, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში არჩევნების თემაზე ვრცლად ისაუბრა.  

რუმინეთმა უკრაინისთვის გარკვეული ტიპის იარაღის ტრანზიტი და F-16-ებისთვის უკრაინელი მფრინავების მომზადება დაამტკიცა

რუმინეთის პრეზიდენტმა კლაუს იოჰანისმა უკრაინისთვის გარკვეული ტიპის იარაღის ტრანზიტი დაამტკიცა. მან ასევე დაადასტურა ქვეყანაში უკრაინელი მფრინავების მომზადება F-16-ებზე.  გარდა ამისა, იოჰანისი დათანხმდა დაახლოებით 50 უკრაინელი სამხედრო მოსამსახურის მომზადებას. ეს საკითხი ორშაბათს რუმინეთის პარლამენტის ორივე პალატის ლიდერების შეხვედრაზე განიხილება. პალატაში კენჭისყრა სავარაუდოდ, მომავალ ერთობლივ პლენარულ სხდომაზე გაიმართება. კონკრეტულად როდის დაიწყება უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეების წვრთნა, ხელისუფლებას არ დაუკონკრეტებია. თუმცა უკრაინული მედია წერს, რო სწავლება სავარაუდოდ, ზაფხულში გაიმართება. მოსალოდნელია, რომ F-16-ის პილოტების მომზადება წლის ბოლომდე დასრულდება. რუმინეთში, ევროპის მასშტაბით, NATO-ს ყველაზე დიდი სამხედრო ბაზა შენდება  

უკრაინა რუსული შორი რადიოსის სათვალთვალო კომპლექს Murom-ის განადგურების შესახებ იუწყება

ეროვნული გვარდიის მეთაურის, ალექსანდრე პივნენკოს განცხადებით, უკრაინის ეროვნული გვარდიის მებრძოლებმა გაანადგურეს რუსული შორი მანძილის თერმული გამოსახულების სადამკვირვებლო კომპლექსი Murom. „განადგურდა კიდევ ერთი ღირებული შორ მანძილზე მოქმედი თერმოგამოსახულებითი ვიდეო კომპლექსი მურომი," - წერს პივნენკო. Murom მობილური სათვალთვალო სისტემაა. იგი განკუთვნილია დისტანციური ვიდეოთვალთვალის, ღია ტერიტორიების, მისადგომების, პერიმეტრის და მარშრუტების მონიტორინგისა და დაცვისთვის, რომელიც განკუთვნილია დისტანციური ვიდეო მეთვალყურეობისთვის.  

დავითაშვილი აცხადებს, რომ Red Wings-ს ფრენების დამატების თაობაზე ქართული მხარისთვის არ მიუმართავს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ავიაკომპანია Red Wings-ს რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით დამატებით ფრენების დაწყების თაობაზე არ მოუმართავს. დავითაშვილმა აღნიშნა, რომ ავიაკომპანიის მიმართ არ არსებობს სანქციები, ამასთან შესაბამისობაშია მოთხოვნებთან. „ერთი ნაწილია, რომ რუსულმა მხარემ თავის კომპანიას რაღაც ნებართვა მისცა, ანუ, მათ აიღეს თავისი ადმინისტრაციისგან ნებართვა, საქართველოში ფრენაზე, მაგრამ ჩვენ თუ არ მოგვმართეს, ეს ხომ არ ნიშნავს, რომ ჩვენთან დაიწყებენ ფრენას. იქ კონკრეტული თარიღები და მიმართულებები უნდა შეთანხმდეს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსთან, რა მომართვაც არ შემოსულა ჩვენთან დამატებით ამ ფრენებზე. თუმცა, რამდენადაც ხომალდები, რომელსაც ეს კომპანია იყენებს სხვა შემთხვევაში, შესაბამისობაშია იმ მოთხოვნებთან, რომელიც გავაჟღერეთ, ასევე ავიაკომპანიის მიმართ არ არსებობს სანქციები, ამ კომპანიამ შესაძლოა მიიღოს ნებართვა თუ მოგვმართავს, მაგრამ ჯერ ჩვენთვის არავის მოუმართავს,“ - აღნიშნა დავითაშვილმა. მისივე თქმით, საქართველოში სანქცირებული ხომალდები და ავიახაზები არ დაფრინავენ, საერთაშორისო პრინციპების შესაბამისად ყველა კომპანიას აქვს ძალიან მარტივი ურთიერთობა სამოქალაქო ავიაციის საზოგადოებასთან. „სამოქალაქო ავიაციის საზოგადოება იღებს გადაწყვეტილებას სამინისტროს გარეშე,“ - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა. მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალურმა სააგენტომ, ავიაკომპანია Red Wings -ზე გასცა წინასწარი ნებართვა, დაიწყოს დამატებითი ფრენები რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით.  

ირაკლი კობახიძე: დავით ხიდაშელს არავითარ ინფორმაციაზე, მით უმეტეს, საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომა არ ჰქონია

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თავდაცვის სამინისტროში დავით ხიდაშელის საქმიანობასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მას არავითარ ინფორმაციაზე, მით უმეტეს, საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომა არ ჰქონია. პრემიერის თქმით, ხიდაშელთან იყო გარკვეული შრომითი ურთიერთობა, რომელიც თებერვლიდან შეწყდა. ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ახალმა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა, ვერ დაინახა საჭიროება, ხიდაშელთან ეს შრომითი ურთიერთობა გაგრძელებულიყო. „როგორც ვიცი, ამასთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია. თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ტექსტში ძალიან მკაფიოდ ეწერა, რომ არავითარ ინფორმაციაზე, მით უმეტეს, საიდუმლო ინფორმაციაზე დავით ხიდაშელს წვდომა არ ჰქონია. რაც შეეხება ჩვენს გადაწყვეტილებას, ჩვენ პასუხისმგებელი ვართ საკუთარ გადაწყვეტილებებზე. საბოლოოდ, ამ თემასთან დაკავშირებით მსჯელობა გვქონდა. იყო გარკვეული შრომითი ურთიერთობა, რომელიც თებერვლიდან შეწყდა. ეს არის ის, რაც მოხდა,“ განაცხადა კობახიძემ. კითხვას, არის თუ არა პრობლემა ევტუშენკოვთან კავშირები, კობახიძემ უპასუხა, რომ ამ თემაზე სპეკულაციები ზედმეტია. ცნობისთვის, ცნობისთვის, „მთავარმა არხმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თავდაცვის სამინისტროში, წლების განმავლობაში მინისტრის მრჩევლად დავით ხიდაშელი მუშაობდა. ეს ინფორმაცია ამავე ტელევიზიასთან საუბრისას, ყოფილმა მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ დაადასტურა. მოგვიანებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა, რომ 2020 წლიდან 2024 წლის 9 თებერვლამდე დავით ხიდაშელი თავდაცვის სამინისტროში მრჩევლად მუშაობდა. უწყების განმარტებით, თავდაცვის მინისტრისთვის უფლებამოსილების შეჩერების შემდეგ, კანონმდებლობის შესაბამისად, დავით ხიდაშელს საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის 81-ე მუხლის, მე-2 პუნქტის მიხედვით, შეუწყდა ადმინისტრაციული ხელშეკრულება და მას შემდეგ თავდაცვის უწყებაში აღარ მუშაობს.  

სტოლტენბერგი ფაშინიანთან შეხვედრაზე: NATO-ს ყველა პარტნიორმა უნდა გააკეთოს ყველაფერი, რათა პუტინმა უკრაინაში არ გაიმარჯვოს

პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა NATO-ს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს უმასპინძლა. სომხური მედიის ცნობით, მხარეებმა სომხეთ-NATO-ს თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. გაცვალეს აზრები რეგიონულ პროცესებზე, სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო ხელშეკრულებასთან დაკავშირებულ დისკუსიებზე. მოგვიანებით, ნიკოლ ფაშინიანისა და იენს სტოლტენბერგის შეხვედრა დელეგაციების მონაწილეობით გაგრძელდა. სომხეთის მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, აცნობეს, პირისპირ შეხვედრისას თანამოსაუბრეებმა სომხეთ-NATO-ს ურთიერთქმედების საკითხები განიხილეს.  სტოლტენბერგმა შეაქო სომხეთი მისი ხანგრძლივი პარტნიორობისა და NATO-ს ოპერაციებში შეტანილი წვლილისთვის, მათ შორი,ს KFOR-ის სამშვიდობო მისიაში ჯარისკაცების რაოდენობის გაზრდისთვის. „თითქმის 20 წლის განმავლობაში, სომხეთი არის მთავარი პარტნიორი NATO-ს KFOR-ის სამშვიდობო მისიაში, რომელიც ეხმარება კოსოვოს ყველა თემისთვის უსაფრთხო და დაცული გარემოს უზრუნველყოფას,“ - აღნიშნა სტოლტენბერგმა. NATO-ს პრესსამსახურის ცნობით, სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობის შესახებ გენერალურმა მდივანმა მოუწოდა სომხეთსა და აზერბაიჯანს, მიაღწიონ შეთანხმებას ურთიერთობების ნორმალიზაციისა და გრძელვადიანი მშვიდობისთვის გზაზე. „ეს მნიშვნელოვანია ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის, რადგან ჩვენ უფრო სახიფათო სამყაროს წინაშე ვდგავართ,” - ხაზგასმით აღნიშნა მან და გაიმეორა, რომ ”NATO მხარს უჭერს სომხეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და მის მშვიდობიან მისწრაფებებს.” მან ისაუბრა უკრაინაზეც. „თუ პუტინი წარმატებას მიაღწევს უკრაინაში, არსებობს რეალური რისკი იმისა, რომ მისი აგრესია აქ არ შეჩერდება და სხვა ავტორიტარული აქტორები გათამამდებიან,“ - განაცხადა ალიანსის გენმდივანმა. სტოლტენბერგმა NATO-ს ყველა პარტნიორს მოუწოდა, „გააკეთონ ყველაფერი, რაც შეუძლიათ, რათა პუტინმა არ გაიმარჯვოს თავის აგრესიულ ომში.“ მან გაიმეორა, რომ „ბრძოლის ველზე ვითარება რთულია, ამიტომ, უკრაინის მიმართ მხარდაჭერა უნდა გაძლიერდეს. ვიზიტის დროს გენერალურმა მდივანმა ისაუბრა სომხეთის საშინაო რეფორმების პროგრესზე.  „თქვენ ასევე აჩვენეთ რეალური ვალდებულება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის, თქვენი დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისა და კანონის უზენაესობის დაცვის მიმართ,” - აღნიშნა სტოლტენბერგმა.  

ბელგოროდიდან 9000-მდე ბავშვის ევაკუაციას გეგმავენ

უკრაინის მხრიდან იერიშების გამო, რუსეთის ბელგოროდის ოლქიდან 9000-მდე ბავშვს სხვა რეგიონებში გადაიყვანენ. ამის შესახებ, როგორც კრემლის მიერ კონტროლირებული სააგენტო „ტასი“ წერს. გუბერნატორ გლადკოვის თქმით, 9000-მდე ბავშვს გაიყვანენ ქალაქ ბელგოროდიდან და ბელგოროდის, შებეკინოს და გრაივორონის რაიონებიდან. გლადკოვის თქმით, გასული ერთი კვირის განმავლობაში ბელგოროდის ოლქში დაიღუპა 16 და დაშავდა 98 ადამიანი. რუსეთი ზედიზედ მერვე დღეა აცხადებს, რომ უკრაინის ტერიტორიიდან გრძელდება ბელგოროდის ოლქზე შეტევ. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, დილით სარაკეტო შეტევა იყო გრაივორონის ოლქზე, სადაც სკოლის და საავადმყოფოს შენობები დაზიანდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, დღის პირველ ნახევარში, საჰაერო თავდაცვის საშუალებებით, ბელგოროდის ოლქში „გაანადგურეს“ ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა „ვამპირის“ 9 რეაქტიული ჭურვი და 2 უპილოტო საფრენი აპარატი. სხვა წყაროებით ეს ცნობები არ არის დადასტურებული. რუსეთის ხელისუფლებას ლეგიონი „რუსეთის თავისუფლება“, „მოხალისეთა კორპუსი“ და „ციმბირის ბატალიონი“ ტერორისტულ ორგანიზაციებად ჰყავს გამოცხადებული. მოხალისეთა შეიარაღებულმა ჯგუფებმა უკრაინასთან მოსაზღვრე ბელგოროდის ოლქში რამდენიმე ოპერაცია 2023 წელსაც ჩაატარეს.  

რუსეთის პროკურატურა ხუბუტიას ცოლისგან მიწის ნაკვეთის სახელმწიფოსთვის დაბრუნებას მოითხოვს

რუსეთის გენერალური პროკურატურა სოფელ ბარვიხასა და სოფელ ჟუკოვკაში 13 მიწის ნაკვეთის ჩამორთმევას და სახელმწიფოსთვის უკან დაბრუნებას სულ ექვსი კერძო პირისგან ითხოვს, რომელთა შორის არის პუტინთან დაახლოებული ბიზნესმენის, მიხეილ ხუბუტიას ცოლიც. სააგენტო „ლენტა.რუ“ წერს, რომ საზედამხედველო ორგანო მიიჩნევს, რომ საჯარო მოხელეებისთვის განკუთვნილ სანატორიუმ "ბარვიხას" კუთვნილი, დაახლოებით 100 ჰექტარი ფართობის მიწის ნაკვეთის პრივატიზება და გასხვისება 2000-იანი წლების დასაწყისში უკანონოდ მოხდა. პროკურატურის სარჩელზე მოპასუხე რუსეთის ექვსი მოქალაქეა, მათ შორის არის რუსეთში სამამულო იარაღის ბიზნესის ერთ-ერთი დამფუძნებლის, მიხეილ ხუბუტიას ცოლი ეკატერინა ჯანაშია. რუსული მედიის თანახმად, თავად მიხეილ ხუბუტიამ, რომელიც საქმეში მესამე პირად ითვლება, უკანონობა უწოდა პროკურატურის გადაწყვეტილებას და განაცხადა, რომ ბარვიხაში მდებარე, მისი მეუღლის კუთვნილი მიწის ნაკვეთის ნაციონალიზება ხდება „რუსეთის პრეზიდენტის საქმეთა სამმართველოს მიერ შემუშავებული დეველოპერული პროექტის რეალიზების გამო.“ საქართველოში, ქალაქ ზუგდიდში, დაბადებული მიხეილ ხუბუტია რუსეთში გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან ცხოვრობს. მუშაობდა სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურაში, დღეს კი, ფლობს რამდენიმე კომპანიას, მათ შორის მოსკოვის უდიდესი საგამოფენო კომპლექსის მმართველ სავაჭრო სახლს და იარაღის მაღაზიათა ქსელს, „კოლჩუგას.“ ხუბუტია, რომელიც "რუსეთში მცხოვრებ ქართველთა კავშირის" ხელმძღვანელიცაა, პრეზიდენტ პუტინთან დაახლოებული პირი და მმართველი პარტიის, „ედინაია როსიას“ წევრია. დაჯილდოებულია რუსეთის პრეზიდენტის მედლით, „მოქალაქეთა პატრიოტულ აღზრდაში აქტიური მონაწილეობისა და მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 60 წლისთავის აღნიშვნაში დიდი წვლილის შეტანისთვის.“ 2018 წლის მაისში, საზოგადოების ნაწილის პროტესტი გამოიწვია მიხეილ ხუბუტიას სტუმრობამ ზუგდიდის პირველ საჯარო სკოლაში, რომელსაც, როგორც კურსდამთავრებულმა მიულოცა 150 წლის იუბილე და მოსწავლეებს და პედაგოგებს საჩუქრები გადასცა.  

ესტონეთი რუს დიპლომატს აძევებს

19 მარტს ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის საქმეთა დროებითი რწმუნებული დაიბარა და აცნობა, რომ რუსეთის საელჩოს დიპლომატიური სტატუსის მქონე თანამშრომელი პერსონა ნონ გრატად გამოცხადდა. ამის შესახებ ესტონური მაუწყებელი ERR სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება. ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის საელჩოს წარმომადგენელს აცნობა, რომ ესტონეთი არ მოითმენს მოსკოვის ქმედებებს ესტონეთის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის წინააღმდეგ. ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის სპეცსამსახურების კოორდინირებული ჰიბრიდული ოპერაციები ესტონეთის რესპუბლიკის უსაფრთხოების წინააღმდეგ უნდა შეწყდეს. „ესტონეთი ასევე განიხილავს ამ საკითხს პარტნიორებთან და მოკავშირეებთან და მზად არის, საჭიროების შემთხვევაში, მიიღოს დამატებითი ზომები ჩვენი საზოგადოებისა და ჩვენი ღირებულებების დასაცავად,“ - აცხადებენ ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.  

დნესტრისპირეთში „საარჩევნო უბნების“ გახსნის გამო, მოლდოვამ რუსი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა

დნესტრისპირეთში საარჩევნო უბნების გახსნის გამო, მოლდოვამ რუსი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა, - ამის შესახებ ინფორმაციას მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის ელჩი, ოლეგ ვასნეცოვი დაიბარეს და ერთ-ერთი რუსი დეპუტატის ქვეყნიდან გაძევების შესახებ აცნობეს. „ამ კონტექსტში, რუსეთის ელჩს ოფიციალურად ეცნობა, რომ საელჩოს ერთ-ერთი თანამშრომელი მოლდოვაში პერსონა ნონ გრატად გამოცხადდა და მან ქვეყანა უნდა დატოვოს“, - ნათქვამია მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.  

Tbilisi Open Air 2024-ის მონაწილეები ცნობილია

Tbilisi Open Air 2024-ის ლაინაფი ცნობილია. ფესტივალი, რომელიც წელს 15 წლის იუბილეს აღნიშნავს, ოთხ სცენაზე 60-ზე მეტ შემსრულებელს უმასპინძლებს. ღონისძიების ჰედლაინერები იქნებიან ბრიტანელი რეპერი M.I.A., ნორვეგიელი მუსიკოსი Aurora, იამაიკური წარმოშობის ამერიკელი შემსრულებელი Masego და ინგლისური ჯგუფი Archive. მათ გარდა, ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ ფრანგული ბენდი La Femme, ამერიკული კოლექტივი She Wants Revenge, პოსტპანკ დუეტი Lebanon Hanover-ი და სხვები. ფესტივალზე წარდგებიან გერმანელი ელექტრონული მუსიკოსი Ellen Allien-ი, ნიდერლანდელი დიჯეი Speedy J, იაპონელი პროდიუსერი Ken Ishii და სხვა. ქართველი არტისტებიდან კი, ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ LOUDspeakers-ი, Killages-ი, MokuMoku, Psychonaut 4, AVARA, Circus Mircus-ი, ბაჩო ჯიქიძე და სხვები. ფესტივალი 21, 22 და 23 ივნისს ტრადიციულ ლოკაციაზე, Lisi Wonderland-ში, გაიმართება. წელს ფესტივალს KHIDI უერთდება და ელექტრონული მუსიკის ერთ-ერთ სცენას სწორედ ეს კლუბი დაიკავებს.  

ლოიდ ოსტინი: აშშ უკრაინის დამარცხებას არ დაუშვებს

აშშ უკრაინის დამარცხებას არ დაუშვებს. შესაბამისი განცხადება აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა „რამშტაინის“ შეხვედრაზე გააკეთა. „ჩვენ ვიცით, რომ ის პირობები, რომელშიც უკრაინის არმია იბრძვის, უკიდურესად რთულია. სამწუხაროდ, მშვიდობიანი მოსახლეობა რუსული დრონების თავდასხმების შედეგად იტანჯება. ამიტომ ჩვენი დღევანდელი გზავნილი საკმაოდ ნათელია. აშშ უკრაინის დამარცხებას არ დაუშვებს. ამას ჩვენი კოალიცია და თავისუფალი სამყარო არ დაუშვებს,“ - განაცხადა ლოიდ ოსტინმა. აშშ-ის თავდაცვის მდივანმა აღნიშნა, რომ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ 315,000 რუსი ჯარისკაცი დაიღუპა ან დაიჭრა. „ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, რომ უკრაინას ის რესურსები მივაწოდოთ, რომელიც მას კრემლის აგრესიისთვის წინააღმდეგობის გასაწევად სჭირდება“, - აღნიშნა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა.  

“გადაწყვეტილებები საქართველოსა და უკრაინაზე ერთმანეთზე მიბმული არ არის, [NATOში] ცალ-ცალკე მიიღება“ - სტოლტენბერგი

“ისინი სხვადასხვა დონეზე არიან, სხვადასხვა ასპექტში. მე არ ვამბობ, რომ უკრაინა საქართველოს ყველა ასპექტში უსწრებს, მაგრამ ისინი ინდივიდუალურად ფასდებიან, მათი მხარდაჭერაც ინდივიდუალურად ხდება და გადაწყვეტილებებიც, მათთან დაკავშირებით, ცალ-ცალკე მიიღება. ერთმანეთზე მიბმული არ არიან, არანაირად.” - განუცხადა NATO-ს გენერალურმა მდივანმა რადიო თავისუფლებას სამხრეთ კავკასიური ტურნეს დროს თბილისში ვიზიტისას. მას ჟურნალისტმა საქართველოსთვის ვაშინგტონის საიუბილეო სამიტისგან მოსალოდნელ შედეგებზეც ჰკითხა. „მაქვს მოლოდინი, რომ მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომელიც უკრაინას კიდევ უფრო ახლოს მიიყვანს NAT-სთან. გასულ წელსაც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მივიღეთ და წელსაც მაქვს [მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების] მოლოდინი, რათა უკრაინა უფრო ახლოს მივიდეს წევრობასთან. ეს ერთი მხრივ, ნიშნავს იმას, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები ოპერაციულ დონეზე სრულად ინტეგრირებული გახდნენ NATO-ს სტანდარტებთან და მეორე მხრივ, პოლიტიკური ინტეგრაციის გაღრმავების ხელშეწყობას უკრაინასა და NATO-ს შორის. ჩვენ ვახორციელებთ იმას, რაზეც უკვე შევთანხმდით და ასევე ახალ გადაწყვეტილებებს ველით. რაც შეეხება საქართველოს: ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც შეგვიძლია საქართველოსთვის გავაკეთოთ, არის ის, რომ დაგეხმაროთ საჭირო რეფორმების გატარებაში, გამჭვირვალობის, კორუფციასთან ბრძოლის, კანონის უზენაესობის და ინსტიტუციების განმტკიცების კუთხით. ეს რეფორმები თავისთავად მნიშვნელოვანია, რადგან ისინი გააძლიერებენ საქართველოს, იმის მიუხედავად, ახლო მომავალში გახდება თქვენი ქვეყანა NATO-ს წევრი თუ შედარებით შორეულში.“ _წლების განმავლობაში, საქართველო და უკრაინა ერთგვარ ტანდემად განიხილებოდა, როდესაც გაწევრების მისწრაფებებზე მიდგებოდა საქმე. დღესაც ასეა? საქართველოსაც იმავე კალათაში მოიაზრებენ, ისევ არსებობს ბმა ამ ორ ქვეყანას შორის? სტოლტენბერგმა ამ შეკითხვასაც უპასუხა. „არის განსხვავებები. ეს განსხვავებები თავიდანვე იყო საქართველოსა და უკრაინას შორის. მართალი ხართ იმაში, რომ ამ ორმა ქვეყანამ ერთდროულად მიიღო დაპირება ალიანსისგან, რომ NATO-ს წევრები გახდებოდნენ, მეც იქ ვიჯექი, იმ სამიტზე ბუქარესტში. მაგრამ, რა თქმა უნდა, არსებობს გასაგები განსხვავებები: საქართველო გახდა სრულმასშტაბიანი შეჭრის მსხვერპლი მისი მეზობლის მხრიდან, რუსეთი დღეს წარმოდგენილია აფხაზეთსა და “სამხრეთ ოსეთში“, მაგრამ ეს მაინც სხვა რამეა, ვიდრე ის ომი, რასაც დღეს უკრაინაში ვხედავთ. ამას გარდა, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ უკრაინისთვის მაპ-ის პროცესი გავაუქმოთ, საქართველოსთან დაკავშირებით მსგავსი გადაწყვეტილება არ მიგვიღია. ვფიქრობ, კონცენტრაცია საჭიროა სწორედ იმაზე, რომ საქართველოს და უკრაინას ერთმანეთისგან დამოუკიდებელი პასუხისმგებლობები აქვთ.“ დამატებით შეკითხვას, საქართველოში საკმაოდ ბევრი მოიძებნება, ვინც არ დაგეთანხმებოდათ და იტყოდა: ომი ომია, სისხლი ორივეგან დაიღვარა. რატომ იმსახურებს ერთი მხარე მეტს, ვიდრე მეორე? სტოლტენბერგი ასე პასუხობს: „განსხვავება ისაა, რომ ეს ორი განსხვავებული ქვეყნანაა და თუ შევხედავთ მათ სხვადასხვა ინსტიტუციას, რეფორმებსდა ა.შ., დავინახავთ, რომ ისინი სხვადასხვა დონეზე არიან, სხვადასხვა ასპექტში. მე არ ვამბობ, რომ უკრაინა საქართველოს უსწრებს ყველა ასპექტში, მაგრამ ისინი ინდივიდუალურად ფასდებიან, მათი მხარდაჭერაც ინდივიდუალურად ხდება და გადაწყვეტილებებიც, მათთან დაკავშირებით, ცალ-ცალკე მიიღება. ერთმანეთზე მიბმული არ არიან, არანაირად.“ ამავე ინტერვიუში ალიანსის გენმდივანმა ხაზი გაუსვა, რომ NATO არასოდეს აიძულებს ვინმეს ალიანსში გაწევრებას, ისტორიას ასეთი შემთხვევა არ ახსოვს. „თუ დემოკრატიული საზოგადოება ხართ, ჩვენი კარი ღიაა, მაგრამ გადაწყვეტილება თქვენ უნდა მიიღოთ. თუ გადაწყვეტთ, რომ NATO-ს წევრობა არ გსურთ, ჩვენ ამ გადაწყვეტილებას პატივს ვცემთ. და რაღა თქმა უნდა, პატივს ვცემთ თქვენ სურვილსაც, გახდეთ ალიანსის წევრი. ჩვენ არ გვსურს ისეთ სამყაროში ცხოვრება, სადაც მოსკოვი წყვეტს, რა უნდა აკეთონ მისმა მეზობლებმა და რა არა, ეს გავლენის სფეროების სამყაროა და ჩვენ არ გვინდა ამ სამყაროში ცხოვრება.“  

ფაშინიანმა პუტინს „რუსეთის პრეზიდენტად ხელახლა არჩევა მიულოცა“

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ვლადიმერ პუტინს რუსეთის პრეზიდენტად ხელახლა არჩევა მიულოცა.„ძვირფასო ვლადიმერ, ჯანმრთელობას, ბედნიერებას და თქვენს საქმიანობაში შემდგომ წარმატებებს გისურვებთ,“ – ნათქვამია ფაშინიანის გზავნილში.მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ „სომხეთისა და რუსეთის ხალხების საკეთილდღეოდ, ორმხრივი ინტერესის ყველა სფეროში დიალოგი განვითარდება.“   დასავლეთი რუსეთში ჩატარებულ არჩევნებს არასამართლიანს უწოდებს.  

გერმანია უკრაინას 500 მილიონი ევროს სამხედრო დახმარებას გადასცემს

გერმანია უკრაინისთვის 500 მილიონი ევროს ღირებულების ახალი სამხედრო დახმარების გადასაცემად ემზადება. უკრაინული მედიის ინფორმაციით, შესაბამისი განცხადება გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა რამშტაინის ფორმატში მიმდინარე შეხვედრაზე განაცხადა. პისტორიუსის თქმით, საუბარია საბრძოლო მასალის დამატებით მიწოდებაზე, რაც გულისხმობს 10 ათას საარტილერიო ჭურვს. დახმარების ახალ პაკეტში ასევე შედის 100 ჯავშანმანქანა და 100 სატრანსპორტო მანქანა. აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა რამშტაინის ფორმატის შეხვედრის გახსნისას განაცხადა, რომ ამერიკა უკრაინის დამარცხებას არ დაუშვებს.  

ფინეთმა უკრაინას საბრძოლო კატარღები გადასცა

ფინეთმა უკრაინას საბრძოლო კატარღები გადასცა, რომლებსაც ქვეყანა რუმინეთის გავლით მიიღებს. რუმინეთი ასევე მოამზადებს 50-მდე უკრაინელ ჯარისკაცს ამ დახმარების გამოსაყენებლად. გადაწყვეტილების შესახებ პარლამენტს რუმინეთის პრეზიდენტმა კლაუს იოჰანისმა აცნობა. საბრძოლო კატარღების ტიპი და რაოდენობა არ მჟღავნდება. ფინეთის ხელისუფლება უკრაინის სამხედრო დახმარების დეტალებს არ ასაჯაროებს.  

ჰაერის ხარისხი WHO-ს ნორმებს მხოლოდ შვიდ ქვეყანაში შეესაბამება

ჰაერის მაკონტროლებელმა კომპანია IQAir-მა გამოაქვეყნა 2023 წლის მონაცემები, რომლსი თანახმად, ჰაერის ხარისხი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ნორმებს მხოლოდ შვიდ ქვეყანაში შეესაბამება. ჰაერში მყარი მიკრონაწილაკების, PM2.5-ის, მათ შორის ჭვარტლისა და მტვრის, - შემცველობა, რომელთა ჩასუნთქვა მრავალ პრობლემას იწვევს ჯანმრთელობისთვის, ყველაზე დაბალია მავრიკიში. მას მოსდევენ ისლანდია, ახალი ზელანდია, ავსტრალია, ესტონეთი და ფინეთი. 2023 წელს ყველაზე დაბინძურებული ჰაერი იყო ბანგლადეშში: საშიში მიკრონაწილაკების რაოდენობა იქ 16-ჯერ აღემატებოდა ნორმას - კუბურ მეტრ ჰაერზე ხუთ მიკროგრამს, რაც WHO-მ 2021 წელს დააწესა. ყველაზე დაბინძურებული ჰაერის მქონე ქვეყნების სამეულში ასევე შედიან პაკისტანი და ინდოეთი. საქართველო 62-ე ადგილზეა კატეგორიაში, სადაც შემავალ ქვეყნებშიც ჰაერის დაბინძურება ნორმას 3-5-ჯერ აღემატება. მყარი მიკრონაწილაკების, PM2.5-ის, ემისია ძირითადად ხდება ისეთი საწვავის წვის შედეგად, როგორებიცაა, ნახშირი, ხეტყე, დიზელის საწვავი, და მოცულობის გამო დიდხანს რჩება ჰაერში. WHO-ს მონაცემებით, დაბინძურებული ჰაერი იწვევს შვიდი მილიონი ადამიანის ნაადრევ სიკვდილს, ასევე, ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობას საშუალოდ 2,2 წლით ამცირებს. The Guardian-ი წერს რომ, ზოგიერთი კვლევით, ჰაერის მცირე დაბინძურებაც კი ახდენს გავლენას სამედიცინო დაწესებულებებისთვის მიმართვის რაოდენობის ზრდაზე სასუნთქი გზებისა და გულის პრობლემების გამო. ჰაერის ხარისხის გასაუმჯობესებლად IQAir-ის ექსპერტები ქვეყნებს ურჩევენ, გაზარდონ ფეხით მოსიარულეთა წილი, შეცვალონ სატყეო მეურნეობის წარმოების მეთოდები და უფრო სწრაფად შეცვალონ წიაღისეული ენერგომატარებლები სუფთა ენერგიით.  

საქსტატი: 2022 წელს ემიგრანტების რიცხოვნობამ 125 269 კაცი შეადგინა

ქვეყნიდან მოქალაქეების გადინების შესახებ დღეს დებატებმა პარლამენტში გადაინაცვლა. ოპოზიციის მიერ წადმოდგენილ ციფრებს მმართველი გუნდაი „დეზინფორმაციას“ უწოდებს. „ნაციონალური მოძრაობის“ აღმასრულებელმა მდივანმა დავით კირკიტაძემ პარლამენტში პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ  დღითიდღე იზრდება იმ ადამიანების რიცხვი, ვინც საქართველოს ოჯახებით ტოვებენ. „დიახ, დიდი პრობლემაა ის, როდესაც საქართველო 800 000-მა მოქალაქემ დატოვა, 800 000-მა მოქალაქემ და ეს იმიტომ, რომ ამ ქვეყანაში არის მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა, ამ ქვეყანაში მდიდრდება ელიტა, მმართველ პარტიასთან დაახლოებული ჯგუფი, ხალხი კი ღარიბდება. ამ ციფრზე თქვენ გაქვთ რეაქცია, ამას სჭირდება არა წამოძახილი ადგილიდან, არამედ, ეკონომიკის გაუმჯობესება, თქვენ აპროტესტებთ, ცდილობთ ხელი შეგვიშალოთ საუბარში და ეს ნამდვილად არ გამოგივათ, რადგან ეს არის რეალობა! თქვენ ამ ციფრს ეწინააღმდეგებით, ეწინააღმდეგებით იმას, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, მაგრამ რა ვუყოთ იმ ციფრს, რომელსაც აქვეყნებს ევროპის თავშესაფრის სააგენტო?! ევროპის თავშესაფრის სააგენტოზე დაყრდნობით, ამ ციფრებზე დაყრდნობით, თუ 2012 წელს მხოლოდ ერთ ქვეყანაში, იტალიაში მაგალითად, მუდმივად 7 083 საქართველოს მოქალაქე ცხოვრობდა, 2022 წელს ეს ციფრი უკვე სამჯერ გაიზარდა 22 900 მიაღწია. თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა კი 54-ჯერ არის გაზრდილი მხოლოდ ერთ ქვეყანაში, იტალიაში,“ განაცხადა კირკიტაძემ. პლენარულ სესიაზე გამოსვლისას მამუკა მდინარაძემ ოპონენტები ტყუილში დაადანაშაულა. „წარმოჩენა, რომ ხალხი ტოვებს საქართველოს, არის დეზინფორმაცია და მანიპულაცია - თითქმის იმდენივეა შემოსული, რამდენიც არის გასული,“ განაცხადა თავის მხრივ, საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა მედიასთან. მისივე თქმით, "ნაციონალური მოძრობის" წარმომადგენლები საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების, მათთვის პოლიტიკურად საჭირო საკითხებით გადაფარვას ცდილობენ. „ეს ხომ მარტივი მანიპულაციაა - როდესაც ამბობ, რომ ადამიანი გადის, საზღვარს ტოვებს და თუ არ იტყვი, რამდენი შემოდის, აქ განცდა ჩნდება, რომ ადამიანი წავიდა და თითქოს არ დაბრუნებულა. ეს არის ტყუილი, ეს არის დეზინფორმაცია. "ნაციონალური მოძრობის" წარმომადგენლები ცდილობენ, წვალობენ, რომ ის კონკრეტული საკითხები, რომელიც, რეალურად, ჩვენი მოქალაქეების ინტერესებისთვის შეიძლება, იყოს მნიშვნელოვანი, გადააფარონ მათთვის პოლიტიკურად საჭირო საკითხებით და აქაც მანიპულაციას მიმართავენ. თუ სტატისტიკას ნახავთ, იმდენივეა შემოსული, რამდენიც არის გასული თითქმის," - განაცხადა ოხანაშვილმა. „დეზინფორმაციის ხარისხი ნახეთ? 800 000-მა ადამიანმა დატოვა ქვეყანა - დეზინფორმაციის რა ხარისხთან გვაქვს საქმე წარმოიდგინეთ. თინა ბოკუჩავა პარლამენტში კი არ არის, გეჩვენებათ, გასულია. იმ 800 000-ში თვითონაც ითვლება. ანუ, შემოსვლას აღარ ითვლიან. ანუ, თუ მისი განცხადება მართალია, ის აქ არ არის. უცხოეთიდან აკეთებს ამ განცხადებას. ამ დეზინფორმაციის ხარისხთან გვაქვს საქმე და ამ სიგიჟეს აჯერებენ ხალხს. თავის მიერ გამოგონებულ სიგიჟეში აცხოვრებენ ადამიანებს, ასე ჰგონიათ, მაგრამ უკვე მათ აღარავინ უჯერებს, ამ სიგიჟეში არავინ არ მიჰყვება, იმიტომ, რომ 800 000 ადამიანი რომ გავიდა 800 000 შემოვიდა და შეიძლება, მეტი ან ნაკლები, რამდენიმე ათეული, ასეული ან ათასეული ადამიანი. ასეთი უარყოფითი სალდო ჩვენ არ გვაქვს. 2022 წლის ბოლოს 50 000 იყო უარყოფითი სალდო, ანუ, 5-ჯერ ნაკლები. ესენი უბრალოდ ითვლიან გამსვლელების რაოდენობას და არავინ არ შემოსულა უკან თურმე. თქვენ აქ არ ხართ, თვითონ აქ არ არის,” -აღნიშნა მდინარაძემ მოგვიანებით მედიასთან. როგორია სტატისტიკა სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2022 წელს ემიგრანტების რიცხოვნობამ 125 269 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით, 25.3 პროცენტით მეტია, ხოლო იმიგრანტების რიცხოვნობა 142.9 პროცენტით გაიზარდა და 179 778 კაცი შეადგინა. საქსტატის ცნობით, ამავე პერიოდში იმიგრანტების 84.3 პროცენტი და ემიგრანტების 86.7 პროცენტი შრომისუნარიან ასაკში მყოფ მოსახლეობას, 15-64 წლის ასაკობრივი ჯგუფს წარმოადგენენ. ამასთან, 2022 წელს იმიგრანტების – 30.3 პროცენტს, ემიგრანტების 80.5 პროცენტს კი, საქართველოს მოქალაქეები წარმოადგენენ. ინფორმაციისთვის, ემიგრანტი არის პირი, რომელმაც საქართველო დატოვა და ბოლო 12 თვის განმავლობაში სულ მცირე 183 დღით (შესაძლებელია, ეს იყოს რამდენიმე გასვლის კუმულაციური ჯამი) იმყოფებოდა სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე, საქართველო კი, იყო მისთვის მუდმივი საცხოვრებელი ქვეყანა (მას ქვეყნიდან გასვლამდე წინა 12 თვეში საქართველოში გატარებული ჰქონდა სულ მცირე 183 დღე). NDI-ის კვლევა 2023 წლის დეკემბრის კვლევით, მოქალაქეები - განურჩევლად პოლიტიკური სიმპათიებისა - ემიგრაციის ნეგატიურ შედეგებზე წუხან. 16 პროცენტი ემიგრაციაში წასვლას გეგმავს, უმრავლესობა კი, ამბობს, რომ პირადად იცნობს ვინმეს, ვინც ბოლო 12 თვის განმავლობაში ემიგრაციაში წავიდა. მოსახლეობის აზრით, ემიგრაციას დაბალი ხელფასები და სამუშაო ადგილების ნაკლებობა იწვევს.  ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევით, 10-დან დაახლოებით, ერთი მოქალაქე ემიგრაციაზე ფიქრობს. ემიგრაციის სურვილი ყველაზე მაღალი ეთნიკური უმცირესობების დასახლებებში, ახალგაზრდებში, კაცებში, ოპოზიციის მხარდამჭერებსა და გადაუწყვეტელ ამომრჩეველშია. ამავე კვლევით ირკვევა, რომ 10-დან ერთ მოქალაქეს მაინც ჰყავს ოჯახის წევრი, რომელიც უცხოეთში ცხოვრობს და ფულს უგზავნის. გარდა ამისა, მოსახლეობის 62% იცნობს ერთ ადამიანს მაინც, ვინც ბოლო ერთი წლის განმავლობაში საცხოვრებლად საზღვარგარეთ წავიდა. მოსახლეობის უმრავლესობა ფიქრობს, რომ ემიგრაციის ძირითადი მიზეზები საქართველოში დაბალი ხელფასები (65%) და/ან სამუშაო ადგილების არარსებობაა (56%). ემიგრაციის მიზეზებად სახელდება მაღალი ფასები (28%) და ცხოვრების დაბალი ხარისხი (24%). აღსანიშნავია, რომ 2023 წლის მაისში ჩატარებული კვლევით, ყოველი მეექვსე ფიქრობდა ემიგრაციაში წასვლაზე. NDI: ათიდან ერთ მოქალაქეს საკვების ფული არ აქვს, ოთხიდან ერთს ფული მხოლოდ საკვებზე ჰყოფნის