ძებნის რეზულტატი:

ისრაელი საქართველოდან, დაავადებული ემბრიონების შეტანის საქმეს იძიებს - მედია

ისრაელის პოლიცია ხელოვნური განაყოფიერებისთვის განკუთვნილი დაავადებული ემბრიონების საქმეს იძიებს. გავრცელებული ინფორმაციით, ემბრიონები, რომლებიც გენეტიკურ დეფექტს შეიცავდნენ, ისრაელში საქართველოდან შეიტანეს. საქართველოში მოქმედი სუროგაციისა და დონაციის სააგენტოების მომსახურებით უმეტესად, უცხოელი წყვილები სარგებლობენ. ისრაელის მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, სისხლის სამართლის საქმის გამოძიება ისრაელის პოლიციამ ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად თვეების წინ დაიწყო. რადიო თავისუფლება იუწყება, რომ საქართველოს პროკურატურის ცნობით, ისრაელმა საგამოძიებო უწყებას სამართლებრივი დახმარების ფარგლებში მიმართა. როდის და კონკრეტულად, რა დახმარებას ითხოვდა ისრაელი და რა დახმარება გაუწია ქართულმა მხარემ, ამ დეტალებს პროკურატურა არ ასაჯაროებს. გენეტიკური დაავადების მქონე ემბრიონების საქმეზე, რამდენიმე დღის წინ, თელ-ავივში ორი ექიმი - ინ ვიტრო განაყოფიერების კერძო კლინიკის მთავარი ექიმი და ერთ-ერთი კლინიკის ლაბორატორიის ხელმძღვანელი დააკავეს. 18 მარტს, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ექიმები გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. გამოძიება მათ თაღლითობასა და მძიმე დაავადების გავრცელებას ედავება. ისრაელის მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოდან წაღებული ემბრიონები ისრაელის მოქალაქეებს გადაუტანეს. ერთი ახალშობილი თანდაყოლილი დაავადებით გაჩნდა. მეორე ნაყოფი მკვდარი დაიბადა. როგორც ისრაელის მედია იტყობინება, ამ დროისათვის, მხოლოდ სამი დაზარალებული ქალის შესახებ არის ცნობილი, თუმცა, გამოძიება არ გამორიცხავს, რომ ემბრიონები გენეტიკური დაავადებით, შესაძლოა მეტ ქალს გადაუტანეს. ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოდან გაგზავნილი ემბრიონები შეიცავდნენ ჰემოფილია B-ის გენს.  

პარლამენტმა საარჩევნო ადმინისტრაციის ფორმირების წესზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია

პარლამენტმა საარჩევნო ადმინისტრაციის ფორმირების წესზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია. პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის იმ მოადგილის თანამდებობა უქმდება, რომელიც ოპოზიციიდან არის დანიშნული. გარდა ამისა, პროექტი ცესკოს ე.წ. პროფესიული წევრებისა და თავმჯდომარის არჩევის პროცედურის ცვლილებას ითვალისწინებს. მათი არჩევის პროცედურა 3-ეტაპიანი ხდება - პირველ ეტაპზე, ცესკოს წევრის და თავმჯდომარის არჩევა შესაძლებელი იქნება პარლამენტის შემადგენლობის სამი მეხუთედის (90 ხმა) მხარდაჭერით. თუკი კანდიდატები ხმების საკმარის რაოდენობას ვერ მოიპოვებენ, პარლამენტი მეორე კენჭისყრაზე ჩვეულებრივი უმრავლესობით (76 ხმა) მიიღებს გადაწყვეტილებას. კანდიდატურების მორიგი ჩავარდნის შემთხვევაში, კენჭისყრა ანალოგიური პრინციპით გაიმართება. თუ პარლამენტი ვერც ამ შემთხვევაში შესძლებს ცესკოს პროფესიული წევრებისა და თავმჯდომარის არჩევას, კანდიდატურების დანიშვნის უფლებამოსილება პრეზიდენტს გადაეცემა. ამასთან, პარლამენტის მიერ მხარდაჭერილი პროექტით, ძალაში რჩება საარჩევნო კანონმდებლობასა და პარლამენტის რეგლამენტში განხორციელებული ცვლილებები, რომლის მიხედვით, კანდიდატების შესარჩევ კონკურსს პრეზიდენტის ნაცვლად, პარლამენტის თავმჯდომარე გამოაცხადებს და ცესკოს თავმჯდომარის და ცესკოს წევრების კანდიდატურებს პარლამენტს, პარლამენტის თავმჯდომარე წარუდგენს. პარლამენტის თავმჯდომარეს ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების კანდიდატების შესარჩევად კონკურსის გამოცხადებისთვის ვადა 2024 წლის პირველ მაისამდე აქვს. კანონპროექტი ხელმოსაწერად პრეზიდენტს კიდევ ერთხელ გაეგზავნება და თუ ის დადგენილ ვადაში კვლავ არ მოაწერს ხელს, კანონპროექტს პარლამენტის თავმჯდომარე მოაწერს ხელს და გამოაქვეყნებს. პრეზიდენტის თქმით, საჭიროა ცესკოს თავმჯდომარეს ოპოზიციონერი მოადგილე ჰყავდეს  

ლარი დოლართან გაუფასურდა, ევროსთან გამყარდა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7128 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7098 ლარი იყო. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9420 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9529 ლარს შეადგენდა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ხვალ შევა ძალაში. ცნობისთვის, გუშინ, 18 მარტს, ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა.  

ბორელი: გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლის 90% უკრაინისთვის იარაღის შესაძენად უნდა გამოვიყენოთ

ევროკავშირის ლიდერებს შესთავაზებენ, ევროპაში გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლების 90% უკრაინისთვის, ევროპის ფონდის მეშვეობით, იარაღის შესაძენად გამოიყენონ. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ ის ბლოკს ასევე შესთავაზებს, დარჩენილი 10% ევროკავშირის ბიუჯეტში გადაირიცხოს, რათა უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიის შესაძლებლობების გასაზრდელად გამოიყენონ. ამ წინადადებას ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ოთხშაბათს, 21-22 მარტს დაგეგმილი ევროკავშირის ლიდერების სამიტის წინ წარუდგენს. დასავლეთში რუსეთის ცენტრალური ბანკის კუთვნილი, 300 მილიარდ დოლარამდე ღირებულების აქტივებია გაყინული.  

ზელენსკი: რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ, მარტის დასაწყისიდან 130 რაკეტა, 320-ზე მეტი დრონი და 900-მდე მართვადი საავიაციო ბომბი გამოიყენა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ჯარებმა უკრაინის წინააღმდეგ მხოლოდ მარტის დასაწყისიდან სხვადასხვა ტიპის 130 რაკეტა, 320-ზე მეტი „შაჰედის“ დრონი და თითქმის 900 მართვადი საავიაციო ბომბი გამოიყენეს. ზელენსკის თქმით, რუსეთი ყოველ დღე და ყოველ ღამე აწარმოებს ტერორისტულ ომს უკრაინის ქალაქებისა და სოფლების წინააღმდეგ თვითმფრინავებით, რაკეტებით და მართვადი ბომბებით. „უკრაინამ დაამტკიცა, რომ მას შეუძლია, ეფექტიანად ჩამოაგდოს რუსი ტერორისტების ნებისმიერი რაკეტა და დრონი, ჩვენ შეგვიძლია, გავანადგუროთ რუსული სამხედრო თვითმფრინავი. ჩვენი ასეთი ქმედებები ათასობით ადამიანს სიცოცხლეს უნარჩუნებს და უკრაინის ეკონომიკას ფუნქციონირების შესაძლებლობას აძლევს, მაგრამ ჩვენ გვჭირდება მეტი დაცვა - საჰაერო თავდაცვის სისტემების საკმაოდ რეალური რაოდენობა, რომელიც ჩვენს პარტნიორებს აქვთ. Patriot-ებმა და სხვა სისტემებმა უნდა გააკეთონ ის, რისთვისაც შეიქმნენ, კერძოდ, დაიცვან სიცოცხლე და არა მტვერი დაედოთ საწყობში,“ - აღნიშნა ზელენსკიმ. მან მადლობა გადაუხადა მსოფლიოში ყველას, ვისაც ეს ესმის და ვინც ხელს უწყობს უკრაინაში ადამიანების სიცოცხლის გადარჩენას.  

ფინეთი უკრაინისთვის ჭურვების შესაძენად 30 მილიონ ევროს გამოყოფს

ფინეთი ჩეხეთის ინიციატივის ფარგლებში, უკრაინისთვის საარტილერიო საბრძოლო მასალის შესაძენად, 30 მილიონ ევროს გამოყოფს. ამის შესახებ ფინეთის თავდაცვის მინისტრმა ანტი ჰიაკანენმა Twitter-ზე (X) დაწერა. თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელმა ეს გადაწყვეტილება ჩეხეთის თავდაცვის ძალების მეთაურთან ევროპის თავდაცვისა და უკრაინის მხარდაჭერის გაუმჯობესების თაობაზე განხილვის შემდეგ გამოაცხადა.  

„მზარდ რუსულ საფრთხეზე საპასუხოდ პარტნიორებთან თანამშრომლობა“ - სამხრეთ კავკასია NATO-ს ფოკუსში

NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა 19 მარტს თავისი ტურნე სამხრეთ კავკასიაში, ერევანში, სომხეთში ვიზიტით დაასრულა, სადაც პრეზიდენტ ვაჰაგნ ხაჩატურიანს და პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა. ეს ამ რანგში სტოლტენბერგის სავარაუდოდ, ბოლო ვიზიტი იყო, რადგან ის NATO-ს გენმდივნის პოსტს წელს დატოვებს. ფოტო - ხავიერ კოლომინა სამხრეთ კავკასიის რეგიონში სტოლტენბერგის ვიზიტზე კომენტირებისას, კრემლმა სამშაბათსვე განაცხადა, რომ ბლოკის მცდელობებმა, „გააფართოოს თავისი ყოფნა ამ ტერიტორიაზე, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ხელი შეუწყოს სტაბილურობას.“ კრემლს ხშირად შეახსენებენ, რომ NATO დემოკრატიული ქვეყნების ალიანსია და მისი კარი ღიაა სხვა დემოკრატიული ქვეყნებისათვის, რომლებიც თავად წყვეტენ, შეუერთდნენ თუ არა NATO-ს. NATO არასოდეს აიძულებს ვინმეს, ალიანსში გაწევრიანდეს. „ჩვენ არ გვსურს ისეთ სამყაროში ცხოვრება, სადაც მოსკოვი წყვეტს, რა უნდა აკეთონ მისმა მეზობლებმა და რა არა, ეს გავლენის სფეროების სამყაროა და ჩვენ არ გვინდა ამ სამყაროში ცხოვრება,“ ამბობენ ალიანსში. როგორც ცნობილია, იენს სტოლტენბერგმა სამდღიანი ვიზიტისას მოლაპარაკებები გამართა აზერბაიჯანის, საქართველოსა და სომხეთის ლიდერებთან.“ საგულისხმოა, რომ სტოლტენბერგს სამივე ქვეყანაში ერთი გამოკვეთილი გზავნილი ჰქონდა - მეტი უნდა გაკეთდეს უკრაინის დასახმარებლად.  „თუ პუტინი წარმატებას მიაღწევს უკრაინაში, არსებობს რეალური რისკი იმისა, რომ მისი აგრესია აქ არ შეჩერდება და სხვა ავტორიტარული აქტორები გათამამდებიან,“ - განაცხადა ალიანსის გენმდივანმა დღეს, სომხეთში ვიზიტისას, სტოლტენბერგმა NATO-ს ყველა პარტნიორს მოუწოდა, „გააკეთონ ყველაფერი, რაც შეუძლიათ, რათა პუტინმა არ გაიმარჯვოს თავის აგრესიულ ომში.“ მან გაიმეორა ის, რაც თქვა მათ შორის, თბილისში, რომ „ბრძოლის ველზე ვითარება რთულია, ამიტომ, უკრაინის მიმართ მხარდაჭერა უნდა გაძლიერდეს.“ ვიზიტი სომხეთში - „სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობა NATO-სთვის მნიშვნელოვანია,“ ამ გზავნილით აღწერს ალიანსი სომხეთში ვიზიტს. ეს იყო სტოლტენბერგის პირველი ვიზიტი მას შემდეგ, რაც სომხეთმა NATO-სთან უფრო დაახლოების სურვილი დააფიქსირა. მოსალოდნელია, რომ ერევანი ალიანსის ახალ პროგრამებში ჩაერთვება, თუმცა „გაწევრიანება დღის წესრიგში არ არის.“ აღსანიშნავია, რომ ერევანმა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვების სურვილიც ღიად დააფიქსირა. მიუხედავად იმისა, რომ სომხეთი რუსეთი მოკავშირედ რჩება, მან არაერთხელ განაცხადა, რომ არ უჭერს მხარს მოსკოვის მიერ წარმოებულ ომს უკრაინაში და კიევში ჰუმანიტარული დახმარებაც გაგზავნა, რამაც რუსეთის გაბრაზებაც გამოიწვია. ერევანში ვიზიტისას კი, სტოლტენბერგმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი უკრაინის მიმართ „სოლიდარობის“ გამო შეაქო. ბოლო პერიოდში ერევანი ასევე ხშირად მიუთითებდა, რომ უსაფრთხოების სფეროში რუსეთზე დამოკიდებულება შეცდომა იყო. NATO-ს ცნობით, სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობის შესახებ საუბრისას, გენერალურმა მდივანმა მოუწოდა სომხეთსა და აზერბაიჯანს, მიაღწიონ შეთანხმებას ურთიერთობების ნორმალიზაციისა და გრძელვადიანი მშვიდობისთვის გზაზე.  „ეს მნიშვნელოვანია ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის, რადგან ჩვენ უფრო სახიფათო სამყაროს წინაშე ვდგავართ,” - ხაზგასმით აღნიშნა მან და გაიმეორა, რომ ”NATO მხარს უჭერს სომხეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და მის მშვიდობიან მისწრაფებებს.” ვიზიტის დროს გენერალურმა მდივანმა ისაუბრა სომხეთის რეფორმების პროგრესზე. „თქვენ ასევე აჩვენეთ რეალური ვალდებულება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის, თქვენი დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისა და კანონის უზენაესობის დაცვის მიმართ,” - აღნიშნა სტოლტენბერგმა. ვიზიტი აზერბაიჯანში - “სამხრეთ კავკასიაში მშვიდობა მნიშვნელოვანია შავი ზღვის რეგიონისთვის“ სტოლტენბერგმა ბაქოში განაცხდა, რომ მოუთმენლად ელის პარტნიორობის შემდგომ გაძლიერებას. „მშვიდობა ამ რეგიონში ძალზე მნიშვნელოვანია ხალხისთვის, რეგიონის ქვეყნებისთვის, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია შავი ზღვის რეგიონისთვის, ჩრდილო ატლანტიკური უსაფრთხოებისთვის და ამიტომ, მშვიდობა, სტაბილურობა მნიშვნელოვანია არამხოლოდ აქ, არამედ, უსაფრთხოება - უფრო ფართოდ. „სომხეთსა და აზერბაიჯანს ახლა აქვთ შესაძლებლობა, მიაღწიონ გრძელვადიან მშვიდობას წლების განმავლობაში კონფლიქტის შემდეგ. მე ვაფასებ იმას, რასაც ამბობთ, რომ თქვენ უფრო ახლოს ხართ სამშვიდობო შეთანხმებასთან, ვიდრე ოდესმე. და მე შემიძლია, უბრალოდ, მოგიწოდოთ, გამოიყენოთ ეს შესაძლებლობა სომხეთთან ხანგრძლივი სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად,“ განმარტა სტოლტენბერგმა. ამასთან, NATO-ს გენდმივანმა უკრაინასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა, რომ მიესალმება აზერბაიჯანის მხრიდან გაწეულ საჭირო მხარდაჭერას. მან თბილისისა და ერევნის მსგავსად, ბაქოშიც გაიმეორა, რომ უკრაინისთვის მეტი დახმარებაა საჭირო. სტოლტენბერგმა რეგიონის ქვეყნებს გააქტიურებისკენ მოუწოდა. „რა თქმა უნდა, როცა უფრო ფართო რეგიონს ვუყურებთ, უნდა აღინიშნოს, რომ უკრაინა შავი ზღვის ქვეყანაა. ეს არის NATO-ს პარტნიორი ქვეყანა და რუსეთი აგრძელებს აგრესიულ ომს უკრაინის წინააღმდეგ. მოკავშირეები უკიდურესად შეშფოთებულნი არიან მიმდინარე ომის შედეგებით და მხარს უჭერენ უკრაინას. მივესალმები იმ საჭირო მხარდაჭერას, რომელსაც აზერბაიჯანიც უწევს უკრაინას. ასევე, როდესაც საქმე ეხება ჰუმანიტარულ დახმარებას, ეს ძალიან საჭიროა, მაგრამ მეტი მხარდაჭერაა საჭირო, რადგან უკრაინაში მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა,“ აღნიშნა ალიანსის გენმდივანმა. აზერბაიჯანში ვიზიტისას მან ენერგოუსაფრთხოებაზეც ისაუბრა. „ენერგეტიკა მნიშვნელოვანია ჩვენი უსაფრთხოებისთვის. მივესალმებით, რომ აზერბაიჯანი ავითარებს უფრო და უფრო მჭიდრო კავშირებს NATO-ს რამდენიმე მოკავშირესთან და რომ თქვენი ქვეყანა უფრო და უფრო მნიშვნელოვან როლს თამაშობს ევროპაში NATO-ს მთავარი მოკავშირეებისთვის არამარტო გაზის, არამედ, მომავალში ელექტროენერგიის მიწოდებაში და, შესაბამისად, თქვენ მნიშვნელოვან როლს ასრულებთ ჩვენი საზოგადოებების გამძლეობისთვის,“ აღნიშნა სტოლტენბერგმა. ვიზიტი საქართველოში - „NATO მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“ - ამ გზავნილით აღწერს ალიანსი სტოლტენბერგის ჩამოსვლას საქართველოში „საქართველო NATO-ს ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორია. ჩვენ ძალიან ვაფასებთ თქვენს მნიშვნელოვან წვლილს NATO-ს მისიებსა და ოპერაციებში და სრულად ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. „სამხრეთ ოსეთი“ და აფხაზეთი საქართველოს ნაწილებია,“ - განაცხადა სტოლტენბერგმა NATO-ს ცნობით. მან მოუწოდა რუსეთს, გააუქმოს საქართველოს ტერიტორიების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება და დასძინა, რომ რუსეთის მიერ “არჩევნების“ ორგანიზება საქართველოსა და უკრაინის ოკუპირებულ ნაწილებში, სრულიად უკანონოა. ალიანსის გენმდივანმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველო მასპინძლობს ათასობით უკრაინელ ლტოლვილს და მათ მნიშვნელოვან ჰუმანიტარულ და ფინანსურ დახმარებას უწევს. "რუსეთი აგრძელებს იმპერიული ამბიციებისკენ სწრაფვას. უკრაინაში კი, ვითარება ბრძოლის ველზე მძიმე რჩება,“ - განაცხადა სტოლტენბერგმა. „მაგრამ, ჩვენი მხარდაჭერით, უკრაინამ უკან დახია - გაანადგურა ან დააზიანა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის მნიშვნელოვანი ნაწილი, რაც უკრაინას საშუალებას აძლევს, ხელახლა გახსნას მარცვლეულის მიწოდება, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მათი ეკონომიკისთვის და გლობალური სასურსათო უსაფრთხოებისთვის,“ აღნიშნა NATO-ს გენმდივანმა. ვიზიტის დროს გენერალურმა მდივანმა განიხილა საქართველოსთან NATO-ს პარტნიორობის შემდგომი გაძლიერების გზები. ალიანსი აძლიერებს თანამშრომლობას საქართველოსთან ისეთ სფეროებში, როგორიცაა, კრიზისების მართვა, კიბერუსაფრთხოება, სამხედრო ინჟინერია და უსაფრთხო კომუნიკაციები. სტოლტენბერგმა ხაზი გაუსვა NATO-ს ვალდებულებას, მხარი დაუჭიროს საქართველოს გზას უფრო ძლიერი დემოკრატიისა და სრული ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ, მათ შორის, 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებით, რომ საქართველო გახდება NATO-ს წევრი. აღსანიშნავია, რომ საქართველო, რომლის ტერიტორიები რუსული ჯარების მიერ არის ოკუპირებული, აპირებს, საბოლოოდ გახდეს NATO-ს წევრი, ხოლო აზერბაიჯანს მჭიდრო კავშირები აქვს NATO-ს წევრ თურქეთთან. სომხეთის შეფასებით კი, საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატობა, რეგიონში ვითარებას ცვლის. NATO-ს გენერალურმა მდივანმა თბილისს ვიზიტის დროს გადასცა, რომ რასაც ის აკეთებს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, მჭიდროდ დაკავშირებულია (თანხვედრაშია, შეესაბამება) ძალისხმევასთან, რომ ქვეყანა NATO-ს სრულფასოვანი მოკავშირე გახდეს. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის (ჯეიმს ბეიკერი - 1989 -1992) სპეციალური წარმომადგენელი და პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან ურთიერთობის საკითხებში მრჩეველი, პოლ გობლი, რომელსაც NATO-ს გენერალური მდივნის ტურნეს შეფასება ვთხოვეთ, ამბობს რომ სტოლტენბერგმა სამხრეთ კავკასიაში ვიზიტით ხაზი გაუსვა, რომ გლობალურად მზარდია რუსული საფრთხე დასავლეთისთვის და სწორედ მასზე საპასუხო ზომების ირგვლივ პარტნიორების კოორდინაციას ცდილობს სტოლტენბერგი.  „მჯერა, რომ ეს იყო ხაზგასმა გლობალურად მზარდი რუსული საფრთხისა დასავლეთისთვის და ასევე ერთგვარი ინფორმირება დასავლეთის მხრიდან საპახუხო ნაბიჯების შესახებ, რომლებიც უნდა გახდეს ხილვადი ყველასთვის, ვინც შეიძლება, ამ საფრთხის ქვეშ აღმოჩნდეს და აქედან გამომდინარე, მათ სურთ თანამშრომლობა,“ განუცხადა Europetime-ს სახელმწიფო დეპარტამენტში, დაზვერვისა და კვლევის ბიუროს ყოფილმა ანალიტიკოსმა პოლ გობლმა.  

კულება: პუტინის ამბიციები მხოლოდ საქართველოთი და მოლდოვით არ შემოიფარგლება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ მსოფლიოს 65 ქვეყნიდან მედიის 160-ზე მეტ წარმომადგენელთან გამართულ ონლაინ-ბრიფინგზე განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინის ამბიციები მხოლოდ საქართველოთი და მოლდოვით არ შემოიფარგლება, მისი გეგმები უფრო შორს მიდის.  კულებამ 2021 წლის ბოლოს რუსეთის მიერ გავრცელებული დოკუმენტი გაიხსენა, რომელშიც მოსკოვი NATO-სგან 1997 წლის საზღვრებამდე დაბრუნებას მოითხოვდა. „პუტინის ამბიციებს მხოლოდ საქართველოთი და მოლდოვით არ შევზღუდავდი. მისი გეგმები გაცილებით შორს მიდის და ისე შორს წავა, რამდენის უფლებასაც მისცემენ. სწორედ ამიტომ, ყველაზე ეფექტიანი საშუალება აღვკვეთოთ ვითარება, როდესაც ნატო და ცენტრალური ევროპის ქვეყნები საკუთარ ტერიტორიაზე რუს ჯარისკაცებთან იბრძოლებენ, არის უკრაინის დახმარება რუსეთის დასამარცხებლად, ჩვენს ტერიტორიაზე,” - განაცხადა კულებამ. მისი თქმით, იმის გათვალისწინებით, რომ პუტინს საბჭოთა კავშირის აღდგენა სურს, მისი ამბიციები უახლოესი მეზობლების საზღვრებს სცდება. „ის ბევრ სახელმწიფოს საკუთარ საერთაშორისო აღიარებულ საზღვრებში ყოფნის უფლებას არ აღიარებს, ამიტომ ცენტრალური აზიის ქვეყნები, ასევე, უნდა იყვნენ შეშფოთებულნი,” - განაცხადა კულებამ.  

ოსტინი: გავაგრძელებთ კონგრესთან მუშაობას, რომ უკრაინას გარანტირებულად დავეხმაროთ

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა “რამშტაინის” ფორმატში მე-20 სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ კონგრესში უკრაინის დახმარების დამტკიცების შესახებ ოპტიმისტურად არის განწყობილი.  მან აღნიშნა, რომ “რამშტაინის” ფორმატის მე-20 შეხვედრაზე დაახლოებით 50 ქვეყნის წარმომადგენლები შეიკრიბნენ, რათა უკრაინის დახმარება განეხილათ. „ახლაც მესმის ერთიანობა და ერთგულება იმაზე, რომ ამ მხარდაჭერის გაგრძელების საშუალება ვიპოვოთ, ამიტომ ვხედავთ, თუ როგორ აქტიურდებიან მოკავშირეები და პარტნიორები, მაგრამ აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა, რა თქმა უნდა, ძალიან-ძალიან მნიშვნელოვანია.“ „ჯერ კიდევ ვხედავ კონგრესის ორივე პალატაში უკრაინის ფართო მხარდაჭერას, ამიტომ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი იმასთან დაკავშირებით, რომ პროგრესს დავინახავთ. მაგრამ, კიდევ ერთხელ, ეს ისეთი რამ არის, რომლის ბოლომდე პროგნოზირება არ შეიძლება. გავაგრძელებთ კონგრესთან და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობას, რათა გარანტირებული იყოს, რომ უკრაინა მისთვის აუცილებელ დახმარებას მიიღებს,” - განაცხადა ოსტინმა.  

ლაიენი: თუ ყველა ევროპელს ევროკავშირის დროშის ქვეშ გავაერთიანებთ, მხოლოდ მაშინ იქნება მშვიდობა

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა სამეზობლო და გაფართოების მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატის (DG NEAR) წინაშე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა, რომ ევროკომისიის მუშაობის შედეგები თვალსაჩინოა. „თუ ყველა ევროპელს ევროკავშირის დროშის ქვეშ გავაერთიანებთ, მხოლოდ მაშინ იქნება მშვიდობა და კეთილდღეობა ჩვენს კონტინენტზე. ისტორია მოგვიწოდებს. ვიცი, რამდენად დაძაბული წელი იყო ყველა თქვენგანისთვის. დღედაღამ მუშაობდით ჩვენს მეზობლებთან დასაახლოებლად. უკრაინელების ყველაზე საბაზისო მოთხოვნილებებზე იზრუნეთ. რუსეთის ომის შედეგებს უმკლავდებოდით მთელი რეგიონის მასშტაბით, ჩრდილოეთ აფრიკიდან მთიან ყარაბაღამდე… და მხარს უჭერდით კანდიდატ ქვეყნებს მათ ევროკავშირის მისწრაფებებში. თქვენი მუშაობის შედეგები თვალსაჩინოა. გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები დაიწყეთ ალბანეთთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან, შემდგომ უკრაინასთან და მოლდოვასთან. და იმავეს გავაკეთებთ ბოსნია-ჰერცეგოვინასთან. საქართველო კანდიდატი ქვეყანა გახდა,” - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.  

კანადა უკრაინისთვის საარტილერიო ჭურვების შესაძენად $40 მილიონს გამოყოფს

კანადა 40 მილიონ კანადურ დოლარს გამოყოფს ჩეხეთის ინიციატივისთვის, რომელიც უკრაინისთვის 800 000 საარტილერიო ჭურვის შეძენას ისახავს მიზნად. შესაბამისი განცხადება კანადის თავდაცვის მინისტრმა ბილ ბლერმა გააკეთა. ამასთან, ჩეხეთის პრეზიდენტის თქმით, ჩეხეთის ინიციატივამ 18 ქვეყნის კონტრიბუციით უზრუნველყო საკმარისი დაფინანსება უკრაინისთვის 800 000 საარტილერიო ჭურვის შესაძენად. „ომის დაწყების შემდეგ კანადამ გამოყო 4 მილიარდი კანადური დოლარი უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის, მათ შორის ჰაუბიცები, ტანკები და ჯავშანტექნიკა,“ – ნათქვამია კანადის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.  

პენტაგონმა შექმნა ახალი ვებგვერდი, რათა ამერიკელებს უკრაინის დახმარების შესახებ მეტი ინფორმაცია მიაწოდოს

პენტაგონის გენერალური ინსპექტორის ოფისმა (IG) აამოქმედა ახალი ვებგვერდი, რათა ამერიკელებს უკრაინისთვის გადაცემული ამერიკული იარაღისა და აღჭურვილობის ზედამხედველობის შესახებ მეტი ინფორმაცია მიაწოდოს. ამის შესახებ The Hill-ი იტყობინება. როგორც აღინიშნა, ახალი ვებგვერდი, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გენერალურ ინსპექტორთან და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან კოორდინაციით შეიქმნა იმ დროს, როცა კონგრესში რესპუბლიკელები აგრძელებენ უკრაინისთვის ახალი დაფინანსების შეჩერებას და კითხვას სვამენ, სათანადოდ აღირიცხება თუ არა უკრაინისთვის გაგზავნილი იარაღი. პენტაგონის განცხადებაში ნათქვამია, რომ ვებგვერდი უზრუნველყოფს რესურსებს და ინფორმაციას იმ სამუშაოს შესახებ, რომელიც აშშ-ის საზედამხედველო 20-ზე მეტი უწყება, რომელიც  ცნობილია, როგორც უკრაინის ზედამხედველობის უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი - ეს ჯგუფი მუშაობს იმისთვის, რომ უკრაინის დახმარება ბოროტად არ იყოს გამოყენებული.  

საფრანგეთი რუსული დეზინფორმაციის სამიზნე კიდევ ერთხელ გახდა

საფრანგეთის თავდაცვის სამინისტრომ უარყო რუსეთის სამხედრო დაზვერვის სამსახურის უფროსის სერგეი ნარიშკინის განცხადება, რომ პარიზი სავარაუდოდ, 2000-ჯარისკაციან კონტიგენტს უკრაინაში გასაგზავნად ამზადებდა. საფრანგეთი რუსეთს პროვოკაციაში ადანაშაულებს. „რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორის, სერგეი ნარიშკინის მიერ გავრცელებული ინფორმაცია რუსეთის მიერ მასობრივი დეზინფორმაციის სისტემატური გამოყენების კიდევ ერთი მაგალითია. ჩვენ მოვუწოდებთ მაქსიმალური სიფხიზლისკენ, რათა თავიდან იყოს აცილებული ნებისმიერი ინსტრუმენტალიზაცია ამ ტიპის კამპანიების საშუალებით,“ - ნათქვამია განცხადებაში. საფრანგეთი რუსეთს საკვანძო საარჩევნო წელს დეზინფორმაციულ კამპანიაში ადანაშაულებს  

„ჩვენი მებრძოლები მტერს გეგმების განხორციელებაში ხელს უშლიან“ - სირსკიმ რუსული სამხედრო ტექნიკის განადგურების ვიდეო გამოაქვეყნა

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ალექსანდრე სირსკიმ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელზეც მისი თქმით, რუსული სამხედრო ტექნიკის განადგურება ჩანს. „მტრის აღჭურვილობისა და იარაღის განადგურების მკაფიო კადრები. ჩვენი მებრძოლები ხელს უშლიან მტერს გეგმების განხორციელებაში,“ - წერს მთავარსარდალი ვიდეოს აღწერაში. სირსკი: მტერზე უპირატესობის მოსაპოვებლად, ასიმეტრიულ გადაწყვეტილებებს ვეძებთ  

ელჩი: გაძლიერდა იმედი, რომ ერზურუმის საძვალეში აღმოჩენილი ნეშტები გურჯ ხათუნსა და მის ვაჟს ეკუთვნით, დნმ ანალიზი უკვე ჩატარდა

თურქეთში საქართველოს ელჩი გიორგი ჯანჯღავა გურჯი ხათუნის განსასვენებლის დადგენასთან დაკავშირებით ახალ ინფორმაციას ავრცელებს. ჯანღავა სოციალურ ქსელში წერს, რომ წერილობით, ასევე, ზეპირ წყაროებზე დაყრდნობით გაძლიერდა იმედი, რომ ერზურუმის საძვალეში აღმოჩენილი ნეშტები გურჯ ხათუნსა და მის ვაჟს ეკუთვნით. მისივე ინფორმაციით, დნმ ანალიზი უკვე ჩატარებულია. „ძვირფასო მეგობრებო, მსურს, გაგიზიაროთ ქართული საზოგადოებისა და ისტორიოგრაფიისათვის აქამდე უცნობი და მეტად მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც ეხება გურჯი ხათუნის განსასვენებლის ადგილმდებარეობის დადგენის საკითხს: მოგეხენებათ, ანატოლიის სელჩუკთა ისტორიის ამსახველი წყაროები მწირია. იბნ ბიბი (İbn Bîbî – el-Evâmirü’l-ʿAlâʾiyye), ქერიმუდდინ აქსარაი (Kerîmüddin Aksarâyî – Müsâmeretü’l-aḫbâr Tarih-i Âl-i Selçuk), აჰმედ ეფლაკი (Ahmed Eflâkî) და შუა საუკუნეების სხვა ავტორები, თავიანთ ძირითად შრომებში, მოგვითხრობენ ქართველთა სამეფოსა და მცირე აზიის სელჩუკთა რუმის სასულთნოს კავშირებსა და ისტორიაზე, იმდროინდელი მმართველების ურთიერთობებზე, ასევე, რასაკვირველია, გურჯ ხათუნზე. თუმცა, ცნობებში, მათ შორის, იბნ ბიბის Selçukname-ში არსად არ არის მოხსენიებული მისი საბოლოო განსასვენებელი. გურჯ ხათუნის საფლავის შესახებ არაფერს წერენ არც ევროპელი ისტორიკოსები და მკვლევრები, მათ შორის, ენდრიუ სპენსერ პიკოკი (Andrew Spencer Peacock), ჯონ ფრილი (John Freely), დევიდ ტელბოტ რაისი (David Talbot Rice) და სხვები. როგორც მოგეხსენებათ, ქართული ისტორიოგრაფიისთვისაც ბოლო პერიოდამდე უცნობი იყო გურჯი ხათუნის საფლავის ადგილმდებარეობა. ამ კონტექსტში, განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ სულ ახლახან მივაკვლიე ქართული საზოგადოებისთვის უცნობ, შუა საუკუნეების ავტორის, ნიღდელი ქადი აჰმედის (1286-1333) სპარსულენოვანი მანუსკრიპტის (el-Veledü’ş-şefîḳ) თურქულ თარგმანს, რომლის ორიგინალიც სულეიმანიეს ბიბლიოთეკის ხელნაწერთა საცავში ინახება. ამ სქელტანიან ნაშრომში არაერთხელაა ნახსენები საქართველო, ქართველები, თამარ მეფე და რა თქმა უნდა, გურჯი ხათუნიც. ხელნაწერში, სამ სხვადასხვა ადგილას, ავტორი აღნიშნავს, რომ გურჯი ხათუნი, მის ვაჟთან, სულთან ალაედდინ ქეიქუბად II-სთან ერთად, ქ. ერზურუმში განისვენებს. როგორც ადრეც გაუწყეთ, 2019 წელს, მქონდა პატივი, პირველს მომენახულებინა გურჯი ხათუნის ახლადაღმოჩენილი სავარაუდო განსასვენებელი, ქ. ერზურუმში. ზემოხსენებულ მწირ წერილობით და ასევე, ზეპირ წყაროებზე დაყრდნობით, გაღვივდა იმედი, რომ ერზურუმში აღმოჩენილი ეს სარკოფაგი სწორედ გურჯ ხათუნსა და მის ვაჟს ეკუთვნით. ამასთან, ისტორიული სიმართლის დასადგენად, ჩვენი მოთხოვნით, საძვალეში არსებულ ნეშტებს ჩაუტარდათ დნმ ანალიზი. თურქულ მხარესთან ერთად, ვაგრძელებთ მუშაობას აღნიშნული მიმართულებით და მაქვს დიდი იმედი, რომ მალე სასიხარულო სიახლეებს ვამცნობთ ფართო საზოგადოებას,“ – წერს ელჩი.  

უკრაინას, მოლდოვასა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება სურთ, ევროკავშირმაც გააცნობიერა გაფართოების გეოპოლიტიკური მნიშვნელობა - შოლცი

„უკრაინას, მოლდოვას და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება სურთ. ევროკავშირმაც გააცნობიერა ამ გაფართოების გეოპოლიტიკური მნიშვნელობა,“ ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ბერლინში, კონფერენციაზე სახელწოდებით - „ევროპა 2024“ ისაუბარა. „2022 წლის აგვისტოში, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის დაწყებიდან 6 თვის შემდეგ, პრაღაში კარლის უნივერსიტეტში ვისაუბრე ისტორიულ გამოწვევაზე, რომლის წინაშეც ევროპაში ვდგავართ. მაშინაც და ახლაც კითხვა ასეთია: როგორ დავიცვათ ევროპული სამშვიდობო წესრიგი ნეოიმპერიული რუსეთისგან, რომელსაც ძალის გამოყენებით საზღვრების შეცვლა სურს და რომელშიც დემოკრატია მხოლოდ ქაღალდზე არსებობს. მაშ, რა უნდა გააკეთოს თავისუფალმა, დემოკრატიულმა ევროპას თავისი ისტორიის ამ ეტაპზე? უპირველეს ყოვლისა, ჩვენ გვაქვს ისტორიული ამოცანა, განვავითაროთ ევროპის სამშვიდობო პროექტი, რაც საშუალებას მისცემს ევროკავშირს, უზრუნველყოს თავისი უსაფრთხოება, დამოუკიდებლობა და სტაბილურობა, თუნდაც გარე გამოწვევების ფონზე. სულ რამდენიმე წლის წინ, „ბრექსიტის“ შემდეგ და კოვიდპანდემიის დროს, ყველგან საუბრობდნენ ევროკავშირის დაშლასა და ევროპული პროექტის დასრულებაზე. ჩვენი კავშირი ფართოვდება. ჩვენ ახალი იმპულსი შევძინეთ დასავლეთ ბალკანეთის სახელმწიფოების ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს. უკრაინას, მოლდოვას და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება სურთ. ევროკავშირმაც აღიარა ამ გაფართოების გეოპოლიტიკური მნიშვნელობა,“ აღნიშნა შოლცმა. რას ცვლის კანდიდატის სტატუსი საქართველოსთვის  

კოსოვო უკრაინას სამხედრო დახმარებას უგზავნის

კოსოვოს თავდაცვის მინისტრმა ეიუპ მაჩედონსიმ განაცხადა, რომ უკრაინას გაუგზავნიან სამხედრო დახმარების მეორე პაკეტი, რომელიც ნაღმტყორცნებისაგან შედგება. ამის შესახებ მან Twitter-ზე (X) დაწერა. „კოსოვო გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ომში. დღეს უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაზე მე გამოვაცხადე უკრაინისთვის ჩვენი მეორე სამხედრო დახმარების პაკეტის შესახებ, რომელიც შედგება ნაღმტყორცნებისაგან,“ - დაწერა მაჩედონსიმ. შეგახსენებთ, რომ უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ რამშტეინის ფორმატში შეხვედრის შემდეგ გამოაცხადა ლუქსემბურგის გაწევრიანება „საარტილერიო კოალიციაში“, რომელსაც საფრანგეთი და გერმანია ხელმძღვანელობენ. დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები უკრაინას მხარდაჭერას უდასტურებენ ზელენსკი თებერვლის ბოლოს სიტყვით გამოვიდა სამიტზე, რომელშიც მონაწილეობდნენ ალბანეთის, ბულგარეთის, სერბეთის, ჩრდილოეთ მაკედონიის, კოსოვოს, ბოსნიისა და მომტენეგროს, ხორვატიის, მოლდოვისა და რუმინეთის სახელმწიფოთა და მთავრობების მეთაურები. უკრაინის შეხვედრის მონაწილეებს შესთავაზა, უკრაინა-ბალკანეთის თავდაცვითი ფორუმის შექმნა კიევში, ან რომელიმე სხვა ქვეყანაში, შეიარაღების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით.  

ლუქსემბურგი "საარტილერიო კოალიციაში" გაწევრიანდა

რამშტეინის ფორმატში შეხვედრის შემდეგ უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა ლუქსემბურგის გაწევრიანებაზე „საარტილერიო კოალიციაში“, რომელსაც საფრანგეთი და გერმანია ხელმძღვანელობენ. შეგახსენებთ, რომ ლუქსემბურგმა 8 მარტს განაცხადა, რომ შეუერთდება ჩეხეთის ინიციატივას უკრაინისთვის 800 ათასი საარტილერიო საბრძოლო მასალის შესყიდვის შესახებ. ჩეხეთის პრეზიდენტმა პეტრ პაველმა განაცხადა, რომ ჩეხეთის რესპუბლიკამ 800 ათასამდე ჭურვის შესაძენად საჭირო დაფინანსება თითქმის შეაგროვა. ლუქსემბურგი უკრაინისთვის 800 000 საარტილერიო ჭურვის შესყიდვის ინიციატივას უერთდება  

რუს და ბელორუს სპორტსმენებს პარიზის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიაში მონაწილეობის უფლებას არ მისცემენ

რუსეთისა და ბელორუსის სპორტსმენებს ამ ზაფხულს პარიზის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიალში მონაწილეობის ულება არ მიეცემათ, განაცხადა საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა (IOC) 19 მარტს. ეს სპორტსმენები ნეიტრალური სტატუსით (AIN) იასპარეზებენ. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის განცხადებით, რუსი და ბელორუსი სპორტსმენები 2024 წლის ოლიმპიადაზე ნეიტრალური სტატუსით იქნებიან დაშვებული, ომის აქტიურად მხარდამჭერი სპორტსმენები არ დაიშვებიან. განცხადების თანახმად, 2024 წლის პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე რუსეთისა და ბელორუსის სიმბოლიკა (დროშები, ჰიმნები, ფერები) აკრძალული იქნება, ხოლო ამ ქვეყნების მთავროვის წარმომადგენლები დაპატიჟებულნი არ იქნებიან. „რუსული და ბელარუსული პასპორტების მქონე სპორტსმენები, რომელთაც კვალიფიკაცია აქვთ გავლილი, დარეგისტრირებული იქნებიან როგორც ინდივიდუალური ნეიტრალური სპორტსმენები და შეჯიბრში მონაწილეობას მიიღებენ, როგორც ინდივიდუალური ნეიტრალური სპორტსმენები. სპორტსმენებს, რომლებიც აქტიურად უჭერენ მხარს ომს, შეჯიბრებებში მონაწილეობის უფლება არ ექნებათ,”- ნათქვამია განცხადებაში. არ დაიშვებიან სპორტსმენები, რომელთაც რუსულ ან ბელორუსულ შეიარაღებულ ძალებში ან სპეცსამსახურებში სამსახურზე კონტრაქტი აქვთ გაფორმებული. კულებას შეფასებით, კრემლი რუს და ბელორუს სპორტსმენებს იარაღად გამოიყენებს.    

“საქართველოს ევროპული მომავალი კონფლიქტის მძევალი ვერ და არ იქნება“ - რას ნიშნავს კანდიდატის სტატუსი საქართველოსთვის

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის გუნდმა საზოგადოებას, საქართველოში ევროკავშირის საქმიანობის და ევროკავშირის მხარდაჭერის შესახებ შეკითხვების დასმა შესთავაზა. სოციალური მედიის საშუალებით გაგზავნილ შეკითხვებს ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ და მისმა გუნდმა უპასუხეს. Europetime კითხვა-პასუხს უცვლელად გთავაზობთ. კითხვა: რას ნიშნავს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი საქართველოსთვის და მისი მოქალაქეებისთვის და რისი გაკეთება შეგიძლიათ, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე ხელი შეუწყოთ? ელჩის პასუხი: ბევრი თქვენგანი გამოეხმაურა ჩვენს მოწოდებას, კითხვები დაგესვათ – რაც 2023 წლის დეკემბერში შემოგთავაზეთ, როდესაც საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღო. მინდა, გულწრფელი მადლობა გადაგიხადოთ დაინტერესებისთვის და დაგარწმუნოთ, რომ ყველა თქვენს კითხვას ვუპასუხებთ. დავიწყებ იმით, თუ რას ნიშნავს საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. უპირველეს ყოვლისა, ეს არის საქართველოს მოსახლეობის მიერ მისი ევროპული მომავლის ძლიერი მხარდაჭერის აღიარება. საქართველოს მომავალი ევროკავშირში რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯის, ცნობილი 9 ნაბიჯის შესრულებას უკავშირდება. მათი შესრულება გადამწყვეტია საქართველოს შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნას მოიცავს. ყველა ამ ნაბიჯის და ეტაპის მიზანი არაა იყოს „ბრიუსელის მოსაწონი“; მათი მიზანი საქართველოს მოსახლეობის ცხოვრების გაუმჯობესება და საქართველოს ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოებაა. ვინაიდან საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების გზას დაადგა, პოლიტიკურმა ლიდერებმა კონსტრუქციულად ერთად უნდა იმუშაონ, ჩართონ სამოქალაქო საზოგადოება და ბიზნესი საქართველოს მოსახლეობის ევროპული მისწრაფებების განსახორციელებლად. შეგიძლიათ, დარწმუნებული იყოთ, რომ ევროკავშირი ამ გზის ყოველ ნაბიჯზე საქართველოს მხარს დაუჭერს. თეონამ ასევე იკითხა, თუ რისი გაკეთება შეუძლია მას, როგორც ჩვეულებრივ მოქალაქეს, წვლილის შესატანად საქართველოს მიზნის მიღწევაში – ერთ დღეს ევროკავშირის ნაწილი გახდეს. თეონა, ევროკავშირის ღირებულებებისადმი თქვენი მხარდაჭერის გამოხატვა წინ მიმავალი გზაა. როგორც თქვენ ამბობთ, კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები უნდა იყოს საქართველოს კომპასი ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. კითხვა: დაეხმარება თუ არა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი საქართველოში არსებული პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირებას? პასუხი: ევროკავშირს კარგად ესმის, რომ პოლიტიკური პოლარიზაცია საქართველოს მოსახლეობის სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. საქართველოში არსებული პოლიტიკური კლიმატის შესახებ ბევრმა თქვენგანმა იკითხა. პოლიტიკური პოლარიზაციის საკითხის გადაწყვეტა ფაქტობრივად მესამეა იმ 9 ნაბიჯიდან, რომელიც საქართველომ უნდა განახორციელოს გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებამდე. პოლარიზაცია დიალოგის ნაკლებობის შედეგია. ევროკავშირი ყველა პოლიტიკურ ლიდერს – მმართველ პარტიას და ოპოზიციას – პოლარიზაციის დასასრულებლად კონსტრუქციული ჩართულობისკენ მუდმივად მოუწოდებს. არსებობს პოლიტიკური კონსენსუსი საქართველოს ევროკავშირის გზის სასარგებლოდ, ამიტომ, შეთანხმების საკითხია, ეს ეროვნული მიზანი როგორ იქნება მიღწეული. ჩვენი მუშაობის გამოცდილება იმ ქვეყნებთან, რომლებიც ევროკავშირში უკვე შევიდნენ, არის ის, რომ ყველაფერი შეიძლება უფრო სწრაფად განხორციელდეს, როდესაც ევროკავშირში გასაწევრიანებლად აუცილებელ რეფორმებთან დაკავშირებით ეროვნული კონსენსუსი არსებობს. 9 ნაბიჯს რომ შეხედავთ, თითოეული მათგანის შესრულება, დეპოლარიზაციას იწვევს: საარჩევნო პროცესის გაუმჯობესებით და საპარლამენტო ზედამხედველობით დაწყებული, დასრულებული დეზინფორმაციასთან ბრძოლით და ისეთი ფუნდამენტური უფლებების უზრუნველყოფით, როგორებიცაა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება. ყველა ეს ნაბიჯი უნდა განხორციელდეს, რომ საქართველო ევროკავშირის გაფართოების პროცესში წინ წაიწიოს. ვიმედოვნებთ, რომ მთელი საზოგადოება ამ ამოცანას სერიოზულად მოეკიდება. კითხვა: როგორ ეხმარება საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი ინტერნეტში რუსულ პროპაგანდასთან და დეზინფორმაციასთან ბრძოლაში? პასუხი: ევროკავშირისა და მისი ღირებულებების წინააღმდეგ დეზინფორმაციასთან და უცხოეთიდან საინფორმაციო მანიპულაციასთან და ჩარევასთან ბრძოლა ევროკავშირის გზაზე საქართველოს 9 ნაბიჯიდან პირველია, რომელიც საქართველომ უნდა გადადგას, რომ ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებით წინ წავიდეს. დეზინფორმაცია კომპლექსური გამოწვევაა, რომელსაც უნდა გაუმკლავდეთ თანმიმდევრულად და მრავალი მხრიდან შესაბამისი სახელმწიფო უწყებების, სტრატეგიული კომუნიკაციების სპეციალისტების, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, ფაქტების შემმოწმებლების, აკადემიური წრეების, მედიისა და სხვა ძირითადი აქტორების მჭიდრო თანამშრომლობის საშუალებით. ევროკავშირი მხარს უჭერდა და გააგრძელებს საქართველოში დეზინფორმაციისა და უცხოეთიდან საინფორმაციო მანიპულაციისა და ჩარევის საწინააღმდეგო სხვადასხვა სახის აქტივობების მხარდაჭერას. ჩვენი ძალისხმევა ეხმარება საქართველოს საზოგადოების სიფხიზლის და მედეგობის გაძლიერებას და ხელს უწყობს მიდგომას, რომელიც მოიცავს მთელ საზოგადოებას, სადაც ყველას თავისი როლი აქვს. დეზინფორმაციასთან საბრძოლველად ძირითადი ადგილობრივი აქტორების შესაძლებლობებს ვაძლიერებთ და კრიტიკული აზროვნების ხელშეწყობისა და ისეთი მნიშვნელოვანი უნარების გაუმჯობესებაში ვეხმარებით, როგორებიცაა მთავარი ფაქტების შემოწმება, მედია წიგნიერება და ციფრული წიგნიერება. ეს საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებისთვის თემატური ტრენინგების საშუალებით კეთდება, მათ შორის ახალგაზრდებისა და უმცირესობებისთვის; ასევე, მასწავლებლებისთვის და სხვა ძირითადი გამავრცელებლებისთვის აუცილებელი რესურსების მიწოდების მეშვეობით. ევროკავშირი ასევე მხარს უჭერს დამოუკიდებელ მედიასა და საგამოძიებო ჟურნალისტიკას და თანამშრომლობს ფაქტების შემმოწმებლებთან საინფორმაციო სივრცის სანდო, ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაციით შესავსებად და მცდარი წარმოდგენების აღმოსაფხვრელად. გარდა ამისა, ჩვენი წარმომადგენლობა და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტები ასევე აქტიურად ურთიერთობენ საქართველოს საზოგადოებასთან, რომ ევროკავშირის, გაფართოების პროცესის და ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების შესახებ ინფორმაცია მიაწოდონ.ევროკავშირისკენ სვლის პროცესში, საქართველოს სჭირდება სრულყოფილი და ინკლუზიური ეროვნული სტრატეგია, რომელსაც თან ერთვის სექტორთაშორისი და გაზომვადი სამოქმედო გეგმა მკაცრი ზედამხედველობის მექანიზმებით. დეზინფორმაციასთან ბრძოლა როგორც ეროვნული, ასევე ევროპული უსაფრთხოების საკითხია. სხვა კითხვები დემოკრატიის შესახებ კითხვა: შეუწყობს თუ არა ხელს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი საქართველოს სასამართლო სისტემის გაუმჯობესებას? პასუხი: სამართლიანი, მიუკერძოებელი, ინკლუზიური, ხელმისაწვდომი და ეფექტიანი სასამართლო სისტემა კანონის უზენაესობის იმ ვალდებულების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს, რომელიც ევროკავშირის წევრ და ევროკავშირში გაწევრიანების მსურველ ყველა სახელმწიფოს ეკისრება. ევროკავშირის წევრმა და წევრობის კანდიდატმა სახელმწიფოებმა, მათ შორის, საქართველომ, უნდა უზრუნველყონ, რომ მართლმსაჯულების განხორციელების წესები და პროცედურები ემყარებოდეს ადამიანის უფლებებს და შეესაბამებოდეს ევროკავშირის კანონმდებლობას, ძირითად უფლებათა ქარტიასა და საერთაშორისო სტანდარტებს.   ამისათვის აუცილებელია სასამართლო სისტემაზე გარე გავლენების აღმოფხვრის მტკიცე ნება და შესაბამისი ფინანსური რესურსებისა და სწავლების უზრუნველყოფა. უნდა არსებობდეს სამართლიანი სასამართლო პროცედურების ჩატარების სამართლებრივი გარანტიები. ევროკავშირი საქართველოს კანონის უზენაესობის პრინციპებისა და სტანდარტების პატივისცემისა და დაცვის უზრუნველყოფაში ეხმარება. ევროკავშირი სრულად იზიარებს პასუხისმგებლობას, დაეხმაროს საქართველოს მართლმსაჯულების სისტემის მუშაობისა და ეფექტიანობის გაუმჯობესებასა და რეფორმების განხორციელებაში ევროკავშირის გაფართოების შესახებ ანგარიშში წარმოდგენილი რეკომენდაციების შესაბამისად. ევროკავშირის მხარდაჭერა ორიენტირებულია დანაშაულის პრევენციის, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების, ასევე პრობაციისა და პენიტენციური სისტემების შესაძლებლობების გაძლიერებაზე. ევროკავშირი გააგრძელებს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემის გაძლიერებას, გენდერული და ოჯახში არსებული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას, აღდგენითი მართლმსაჯულების და არასაპატიმრო ღონისძიებების ხელშეწყობას, ასევე სასამართლო გადაწყვეტილებების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას. კითხვა: ნიშნავს თუ არა კანდიდატის სტატუსი იმას, რომ ევროკავშირი უფრო მეტ ძალისხმევას გასწევს საქართველოში უმცირესობებისა და სხვა მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად? პასუხი: ადამიანის უფლებები და უმცირესობების დაცვა ევროკავშირის ძირითადი ღირებულებებია, რაც აუცილებელია სამართლიანი და ინკლუზიური დემოკრატიისათვის. კითხვა: როგორ აისახება საქართველოს ოკუპირებულ თვითგამოცხადებულ რეგიონებთან დაკავშირებული ვითარება ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე? აპირებს თუ არა ევროკავშირი საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას? პასუხი: ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ევროკავშირი აქტიურადაა ჩართული კონფლიქტის მოგვარების საკითხებში, მათ შორის, სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის, ასევე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) მეშვეობით, რომელიც ადგილზე იმყოფება 2008 წლიდან. საქართველოს ევროპული მომავალი კონფლიქტის მძევალი ვერ და არ იქნება. ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ იმისათვის, რომ ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესით სარგებელი საქართველოს მთელმა მოსახლეობამ მიიღოს. უნდა შეიქმნას მეტი შესაძლებლობა დეიზოლაციისათვის და გაყოფილ საზოგადოებებს შორის კონტაქტების დასამყარებლად, მათ შორის, უნდა ჩამოყალიბდეს უფრო სტრუქტურირებული კონტაქტები ოკუპირებული თვითგამოცხადებული რეგიონების სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან. ჩვენ გვჯერა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე საქართველოში დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის შემდგომი გაძლიერების შედეგად, საქართველო ოკუპირებულ თვითგამოცხადებულ რეგიონებში მცხოვრებთათვის აუცილებლად გახდება მიმზიდველი. ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა ის, რომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის სარგებელი საქართველოს ოკუპირებულ თვითგამოცხადებულ რეგიონებში მცხოვრებთათვისაც იყოს ცნობილი და მიმზიდველი. კითხვა: შეიძლება თუ არა შეასუსტოს შენგენის ზონის წევრობის პერსპექტივა იმ გარემოებამ, რომ საქართველოს ევროკავშირთან უშუალო სახმელეთო საზღვარი არ აქვს. პასუხი: შენგენის ზონა საზღვრის ტიპით არ განისაზღვრება. ევროკავშირის რამდენიმე წევრი ქვეყანა (მალტა, კვიპროსი, ირლანდია) შენგენის ზონის წევრია, თუმცა, ევროკავშირის სხვა ქვეყნებთან მათ სახმელეთო საზღვარი არ აქვთ. თუ საქართველო შენგენის ზონას შეუერთდება, შენგენის ზონის სხვა ქვეყნებთან საჰაერო ან საზღვაო საზღვრების გადაკვეთისას სასაზღვრო შემოწმება აღარ იქნება საჭირო. ანუ თბილისიდან ლისაბონში თვითმფრინავით ან ფოთიდან ვარნაში გემით გამგზავრება პასპორტის შემოწმების პროცედურის გავლის გარეშე იქნება შესაძლებელი. თუმცა შენგენის ზონაში გაწევრიანებამდე საქართველომ აღნიშნული ზონის საერთო წესები უნდა დააკმაყოფილოს. კერძოდ, ეს წესები შეეხება საქართველოს იმ სახმელეთო საზღვრებს, რომლებიც მას ევროკავშირის არაწევრ სახელმწიფოებთან აქვს, რადგან ეს საზღვრები ევროკავშირის გარე საზღვრები გახდება. მოთხოვნები შეეხება ევროკავშირის გარე საზღვრების კვეთას, მათ შორის, ისეთ ასპექტებს, როგორებიცაა სავიზო შემოწმება, შესვლის პირობების ჰარმონიზაცია, ტრანსსასაზღვრო საპოლიციო თანამშრომლობა და უფრო მჭიდრო სასამართლო თანამშრომლობა ექსტრადიციის და სისხლის სამართლის გადაწყვეტილებების აღსრულების უფრო სწრაფი სისტემის დანერგვის გზით. კითხვა: შეუძლია თუ არა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს, გააუმჯობესოს შრომითი უფლებები საქართველოში და საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირის ქვეყნებში ლეგალური დასაქმების შესაძლებლობა გაუადვილოს? ელჩის პასუხი: ევროკავშირი და საქართველო ერთად მუშაობენ საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაოსა და შრომის ბაზრის განვითარებაზე მაღალი ხარისხის პროფესიული განათლების გაფართოების, შრომის პოლიტიკის გაუმჯობესების და მეწარმეობის სწავლების მხარდაჭერის საშუალებით.  ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის ფარგლებში, საქართველომ დასაქმებისა და შრომის სფეროში არსებული მთელი თავისი კანონმდებლობა ევროკავშირის კანონთა კრებულთან, ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში უნდა მოიყვანოს, და მისი აღსრულება უზრუნველყოს. ეს სამუშაო პირობებთან, სამუშაო საათებთან, დისკრიმინაციის აკრძალვასთან და თანამშრომელთა სხვა უფლებებსა და მოვალეობებთან დაკავშირებულ დადებით ცვლილებებს მოიცავს. ვინაიდან ევროკავშირის წევრობა საბოლოო ჯამში „ოთხი თავისუფლების“ – საქონლის, კაპიტალის, მომსახურებისა და ადამიანების გადაადგილების თავისუფლების მიღებას და ამ თავისუფლებებით სარგებლობას ნიშნავს – როგორც კი საქართველო ევროკავშირში შევა, საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის მთელ ტერიტორიაზე სრული შრომითი უფლებებით ისარგებლებენ. მათ შორისაა სოციალური დაცვა და სავალდებულო დაზღვევა, ოფიციალური დასაქმება, ხელფასები და პენსიები. გაწევრიანების პროცესში საქართველოს მთავრობას მოუწევს საქართველოსა და ევროკავშირს შორის შრომის სტანდარტებისა და სოციალური დაცვის კუთხით არსებული აცდენები გამოასწოროს. კითხვა: ევროკავშირის პარტნიორობა საქართველოსთან ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას ხელს როგორ უწყობდა და საქართველოს კანდიდატის სტატუსი მას კიდევ უფრო მეტად როგორ გააძლიერებს? პასუხი: ევროკავშირსა და საქართველოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობა ძალიან ძლიერია და 30 წელზე მეტი ხნის მჭიდრო პარტნიორობას ეფუძნება. ევროკავშირი საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორი და უდიდესი საერთაშორისო დონორია.  ევროკავშირის ყველა პარტნიორს შორის საქართველო ერთ სულ მოსახლეზე ერთ-ერთ უმაღლესი დონის დახმარებას იღებს და ამჟამად ჩვენ ყოველწლიურად საქართველოს მისი ამბიციური რეფორმების დღის წესრიგის მხარდასაჭერად 85 მილიონ ევრომდე საგრანტო სახსრებს ვაძლევთ. ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად მუშაობს ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის განსახორციელებლად, რომლის ფარგლებშიც ევროკავშირმა უკვე მოახდინა საჯარო და კერძო ინვესტიციების სახით 1,9 მილიარდი ევროს მობილიზება ციფრული, ენერგეტიკული და სატრანსპორტო კავშირების გასაძლიერებლად როგორც საქართველოში, ასევე საქართველოსა და ევროკავშირს შორის და მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად. ევროკავშირი ხელს უწყობს საქართველოს ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდას, საქართველოს მოქალაქეებისთვის ქმნის დასაქმების შესაძლებლობებს, ადამიანებს ციფრული ტექნოლოგიების საშუალებით და ფიზიკურად აკავშირებს, საბოლოო ჯამში, საქართველოში ცხოვრების გასაუმჯობესებლად. უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმების ფარგლებში ევროპის ქვეყნებში თავისუფლად მოგზაურობის შესაძლებლობით ასევე მილიონზე მეტმა ქართველმა ისარგებლა. ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის წყალობით, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ეკონომიკური ინტეგრაციის ზრდა გაგრძელდება, რადგან საქართველო თავის კანონმდებლობას, კანონებსა და სტანდარტებს ევროკავშირის კანონმდებლობასთან აახლოებს. ევროკავშირთან მეტი დაახლოებით, საქართველო ევროკავშირის მომავალზე ორიენტირებული კანონმდებლობისგან სარგებელს მიიღებს ბევრ სფეროში, როგორიცაა ევროკავშირის მწვანე შეთანხმება, საერთო სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკა, კანონი ხელოვნური ინტელექტის შესახებ და მრავალი სხვა, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების, ექსპერტიზის, ინოვაციებისა და ფინანსური მხარდაჭერის საშუალებით. კითხვა: გააცოცხლებს თუ არა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი სოფლის მეურნეობას და დაეხმარება თუ არა საქართველოს სოფლის მოსახლეობას? პასუხი: სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სფეროში, საქართველოს კანდიდატის სტატუსი ნიშნავს, რომ მას საერთო სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკის ინტეგრირებისთვის მზადების პროცესში მეტი დაფინანსების მიღება შეუძლია. ზოგადად, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნები სოფლის მეურნეობის სფეროში მხარდაჭერას და შეღავათებს იღებენ, როგორც გაწევრიანების წინა დახმარების ნაწილს. ასე რომ, საქართველომ შესაძლოა დამატებითი მხარდაჭერა მიიღოს, რათა შესაბამისობაში მოვიდეს ევროკავშირის სურსათის უვნებლობის წესებთან და ევროკავშირის „ფერმიდან – ჩანგლამდე“ სტრატეგიასთან, რომელიც მწვანე შეთანხმების ფარგლებში შექმნილია, რომ სასურსათო სისტემები სამართლიანი, ჯანსაღი და მდგრადი გახდეს. საქართველოს ასევე შეუძლია, ბაზარზე სასარგებლო წვდომა მოიპოვოს. ახალი რეგულაციების შესრულების დაჩქარება, რომელიც უზრუნველყოფს სურსათის უვნებლობის და ხარისხის მენეჯმენტის შესაბამისობას ევროკავშირის სტანდარტებთან, საქართველოს სოფლის მეურნეობის პროდუქციის საერთაშორისო და ევროკავშირის ბაზრებზე წვდომას ხელს შეუწყობს. საქართველოს შეუძლია, ისარგებლოს სოფლის განვითარების ინიციატივებით, რადგან ევროკავშირი სოფლის განვითარებას დიდ ყურადღებას აქცევს. როგორც ევროკავშირის კანდიდატმა ქვეყანამ, საქართველომ შეიძლება მიიღოს იმ ინიციატივების მხარდაჭერა, რომლებიც მიზნად ისახავს ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, მდგრადი სოფლის მეურნეობის ხელშეწყობას და სოფლად ცხოვრებისა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას. ევროკავშირის საერთო სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკის შესაბამისად, ევროკავშირი ასევე ხელს უწყობს მდგრადი მეურნეობის პრაქტიკას. გაწევრიანების პროცესმა უნდა წაახალისოს საქართველო, მიიღოს ზომები, რომლებიც ხელს შეუწყობს პასუხისმგებლობიანი აგროეკოსისტემების განვითარებას, რაც სოფლის მიმზიდველობას შეინარჩუნებს, ფერმერებისთვის სამართლიან შემოსავალს და ასევე სასურსათო უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. უფრო მეტიც, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნები ხშირად იღებენ მხარდაჭერას სასწავლო და შესაძლებლობების გაძლიერების პროგრამებისთვის, რომლებიც ფერმერების, სოფლის მეურნეობის სპეციალისტების და ამ სფეროში პოლიტიკის შემქმნელების უნარებისა და ცოდნის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. ამან შეიძლება სოფლის მეურნეობის სექტორის მოდერნიზაციას და ეფექტიანობას ხელი შეუწყოს. ეს ყველაფერი საქართველოს სოფლის მეურნეობასა და სურსათის წარმოებას დაეხმარება. და თუ გავითვალისწინებთ საქართველოს პროდუქციის ხარისხს, მოუთმენლად ველი, რომ უფრო მეტი ეს პროდუქცია ევროკავშირის მაღაზიების თაროებზე დავინახო. სხვა კითხვები ეკონომიკური განვითარების შესახებ კითხვა: გეგმავს თუ არა ევროკავშირი ისეთი ინიციატივების განხორციელებას, რომლებიც საქართველოს სატრანსპორტო ქსელების მოდერნიზებაში და მისი ნებისმიერი მოქალაქისთვის ხელმისაწვდომობის გაზრდაში დაეხმარება? პასუხი: საქართველომ უკვე მიიღო ევროკავშირის დახმარება სატრანსპორტო სისტემების მოდერნიზებისა და მდგრადობის ხარისხის გასაზრდელად.  დახმარების ფარგლებში თბილისსა და ბათუმში შეიქმნა ისეთი ახალი ელექტრო ავტობუსების პარკი, რომელიც აკმაყოფილებს მაღალ ტექნიკურ სტანდარტებს და აქვს ექსპლუატაციის უსაფრთხოებისა და საიმედოობის მაღალი დონე, რაც მგზავრების კომფორტს უზრუნველყოფს. ახალი ავტობუსებით მგზავრობა გაადვილებულია ყველა მგზავრისთვის, მათ შორის, გადაადგილების შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებისათვის, როგორებიც არიან ხანდაზმულები და შშმ პირები. ევროკავშირმა საქართველოს ტექნიკური დახმარება სარკინიგზო ტრანსპორტის განვითარებაშიც გაუწია, კერძოდ, ევროკავშირი საქართველოს დაეხმარა რკინიგზის სექტორის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებულ ევროკავშირის შესაბამის სტანდარტებსა და რეგულაციებთან ეროვნული კანონმდებლობისა და სარკინიგზო სექტორის ეტაპობრივად ჰარმონიზაციაში. ბანკთან, KfW-თან ერთად, აპირებს, იმუშაოს ინტელექტუალური სატრანსპორტო სისტემის, აგრეთვე მდგრადი ტრანსპორტის სხვა ინფრასტრუქტურის განვითარების, მათ შორის, ავტობუსის პრიორიტეტული ზოლებისა და ფეხით მოსიარულეთათვის ხელმისაწვდომი ინფრასტრუქტურის შექმნის მიმართულებით. ახალგაზრდები კითხვა: გაზრდის თუ არა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი ქართველი ახალგაზრდებისთვის ევროკავშირში განათლების მიღებისა და საქართველოში გაცემული დიპლომის აღიარების შესაძლებლობას? რა გავლენას მოახდენს ეს საქართველოს განათლების სისტემაზე? პასუხი: ევროკავშირი საქართველოს დიდი ხნის პარტნიორია განათლების სფეროში. საქართველო სარგებლობს ევროკავშირის ერასმუს+ პროგრამით, რომელიც ქვეყანას სთავაზობს კრედიტების საერთაშორისო მობილობას, Erasmus Mundus-ის ერთობლივ სამაგისტრო პროგრამებს, შესაძლებლობების გაძლიერებას უმაღლეს განათლებაში, ჟან მონეს პროგრამას.  სტუდენტებს შეუძლიათ მოითხოვონ გრანტი თავიანთი უნივერსიტეტიდან მოკლევადიანი მობილობისთვის 2-დან 12 თვემდე ან ჩაირიცხონ Erasmus Mundus-ის ერთობლივ სამაგისტრო პროგრამებზე საკუთარი დაფინანსებით. კანდიდატის სტატუსის პირობებში, ევროკომისია მხარს დაუჭერს საქართველოს განათლების სისტემის ჰარმონიზაციას ევროკავშირის პრაქტიკასთან და რეკომენდაციებთან, რითიც ხელს შეუწყობს ქართველ სტუდენტებს, ჩამოყალიბდნენ ევროკავშირის ხვალინდელ მოქალაქეებად. მაგალითად, საქართველო მონაწილეობას მიიღებს ე.წ. „ევრიდიკეს ქსელში“ (Eurydice Network), რომელიც საშუალებას მისცემს საქართველოს, გაეცნოს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში განათლების სისტემების ორგანიზებასა და ფუნქციონირებას. გარდა ამისა, საქართველოს ცოტა ხნის წინ შესთავაზეს წარმომადგენლების წარდგენა ევროპის განათლების სივრცეში შექმნილ სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობის მისაღებად. 2007 წლიდან ევროკავშირი აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს მთავრობის მიერ პროფესიული განათლებისა და სასწავლო სისტემის რეფორმირებას, პროგრამების შინაარსობრივი მხარის მოდერნიზაციას, დამსაქმებლებთან პარტნიორობის შექმნას, მოქალაქეების ინფორმირებას არსებული შესაძლებლობების შესახებ და ასევე ახალი შესაძლებლობების შექმნას. საქართველოს კანდიდატის სტატუსი საშუალებას აძლევს პროფესიულ საგანათლებლო დაწესებულებებს, მათ პედაგოგებსა და სტუდენტებს, უფრო აქტიური მონაწილეობა მიიღონ ერთობლივ ინიციატივებში და გაცვალონ არსებული საუკეთესო პრაქტიკა ევროკავშირის სხვა წევრ ქვეყნებთან. კულტურა კითხვა: რას ნიშნავს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი საქართველოს კულტურისათვის? პასუხი: ევროპა არის საერთო ღირებულებების მქონე კულტურულად მრავალფეროვანი საზოგადოება, რომელშიც საქართველომ თავისი მდიდარი კულტურით მნიშვნელოვანი როლი უნდა შეასრულოს და საკუთარი წვლილი შეიტანოს მის განვითარებაში. საქართველოს მოქალაქეები უკვე სარგებლობენ „შემოქმედებითი ევროპის“ პროგრამის მიერ შემოთავაზებული შესაძლებლობებით, რაც ორგანიზაციებსა და ხელოვანებს საერთაშორისო დონეზე თანამშრომლობისა და ხელოვნების ნიმუშების ერთობლივად შექმნის საშუალებას აძლევს. მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ, ბალერინა ნათია ბუნტური, რომელსაც კულტურული მობილობის შესაძლებლობება მიეცა. პროგრამა „ევროკავშირი კულტურისათვის“ (EU4Culture) ფარგლებში მიმდინარე და დაგეგმილი რეგიონული პროექტები ხელს უწყობს კულტურათაშორის დიალოგს და ცოდნის გაზიარებას, მათ შორის, კულტურულ გაცვლა-გამოცვლას და ხალხთა შორის კონტაქტების დამყარებას, რაც, თავის მხრივ, სოციალური და ეკონომიკური განვითარების საწინდარია. საქართველოსთვის მინიჭებული ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი ხელს შეუწყობს ევროკავშირსა და საქართველოს შორის კულტურის სფეროში არსებულ თანამშრომლობას. გარდა ამისა, ევროკავშირი პატივს სცემს და ხელს უწყობს საქართველოს უნიკალურ კულტურას, რაც შემოქმედებითი დარგების შენარჩუნებასა და განვითარების დაფინანსებას ითვალისწინებს. საქართველოს დიდი და პატარა ისტორიული ქალაქები ხშირად ისეთი გამოწვევების წინაშე დგანან, რომლებიც მოსახლეობას უკეთესი ცხოვრების საძიებლად სხვა ადგილებში წასვლისკენ უბიძგებენ. ადგილობრივი მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებლად ევროკავშირი ხელს უწყობს იმ შესაძლებლობების გამოვლენას, რომლებიც კულტურულ მემკვიდრეობას განვითარებისა და მეწარმეობის წყაროდ გარდაქმნიან. ეს გულისხმობს კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების ეკონომიკური პოტენციალის გამოყენებას მდგრადი ტურიზმისა და ვაჭრობის საშუალებით. ევროკავშირის დახმარებით, ისტორიაში პირველად, საქართველოს რამდენიმე ქალაქმა კულტურული განვითარების სტრატეგიების მომზადება დაიწყო. ეს კულტურული და შემოქმედებითი დარგების პოტენციალის შესწავლისა და ადამიანების ცხოვრების გაუმჯობესების უნიკალური შესაძლებლობაა. გარემოს დაცვა კითხვა: გაუმჯობესდება თუ არა საქართველოში ნარჩენების მართვა ქვეყნის მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებით? პასუხი: ევროკავშირის სრულუფლებიან წევრად გახდომამდე საქართველომ ნარჩენების მართვის საკუთარი სისტემა ევროკავშირის ნორმებს უნდა დაუახლოვოს.  ევროპული მწვანე შეთანხმება ევროკავშირის ახლანდელ და მომავალ წევრ ქვეყნებს 2050 წლისთვის კლიმატნეიტრალურობისკენ, ხოლო 2030 წლისთვის – სათბურის აირების, სულ მცირე, 55%-ით შემცირებისკენ მოუწოდებს. ევროკავშირის ნარჩენების ჩარჩო დირექტივა ევროპული მწვანე შეთანხმების ფარგლებში ქვეყნებს ავალდებულებს, უზრუნველყონ ნარჩენების მართვა იმგვარად, რომ ადამიანის ჯანმრთელობას საფრთხე არ შეექმნას, გარემო და ბიომრავალფეროვნება რისკის ქვეშ არ დადგეს, არ გაიზარდოს ხმაური და სოფლად არაპროპორციულად უარყოფითი შედეგები არ მივიღოთ. განსაკუთრებული აქცენტი კეთდება ნარჩენების წარმოქმნის პრევენციაზე, ხოლო შემდეგ – ნარჩენების ხელახალი გამოყენებისთვის მომზადებაზე, გადამუშვებაზე, აღდგენასა და განთავსებაზე. მუნიციპალური ნარჩენების ხელახალი გამოყენებისა და გადამუშავების მაჩვენებელი ეტაპობრივად უნდა გაიზარდოს და 2025 წლისთვის 65%-ს მიაღწიოს. ეს შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ წარმოება და მოხმარება უფრო მდგრადი გახდება. ამისათვის აუცილებელია საზოგადოების სისტემური და პროაქტიური ცვლილება და წარმოების სტიმულირება. რეგიონული პროგრამების მეშვეობით, როგორებიცაა EU4Environment, აგრეთვე ნარჩენების მართვასა და ცირკულარულ ეკონომიკასთან დაკავშირებული ორმხრივი პროექტები, ევროკავშირმა მხარი დაუჭირა ისეთ ინიციატივებს, რომლებიც მიზნად ისახავდნენ ცირკულარული ეკონომიკის ინსტრუმენტების დანერგვასა და ნარჩენების პრევენციის ხელშეწყობას. ევროპული საფინანსო ინსტიტუტების მეშვეობით, ევროკავშირმა ინვესტიციები განახორციელა ისეთ მსხვილ ინფრასტრუქტურულ ობიექტებში, როგორებიცაა ნაგავსაყრელები და გამწმენდი ნაგებობები. გარდა ამისა, საქართველოს ცირკულარული ეკონომიკის შესახებ წარმოებულ დისკუსიებსა და ეროვნულ კანონმდებლობაში მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების (EPR) ცნების დანერგვა მწვანე შეთანხმებისა და ცირკულარულ ეკონომიკასთან დაკავშირებულ მის სამოქმედო გეგმასთან შესაბამისობის უზრუნველყოფისაკენ წინგადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს. საბოლოო ჯამში, ნარჩენების მართვის სექტორის გაუმჯობესება არა მხოლოდ ეხმარება ქვეყანას ევროკავშირისაკენ მომავალ გზაზე, არამედ აუმჯობესებს მისი მოსახლეობის საარსებო პირობებს, აძლიერებს ეკონომიკას და იცავს ქვეყნის ბიომრავალფეროვნებას. ციფრული ტრანსფორმაცია კითხვა: რა გავლენას მოახდენს საქართველოზე, როგორც ევროკავშირის კანდიდატ ქვეყანაზე, ევროკავშირის კანონი ხელოვნური ინტელექტის შესახებ? დაეკისრება თუ არა საქართველოს ახალი ვალდებულებები ხელოვნური ინტელექტის სფეროში? პასუხი: ევროკავშირის ახალი კანონი ხელოვნური ინტელექტის შესახებ მიზნად ისახავს ევროკავშირის უსაფრთხოების უზრუნველყოფას, ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისა და დემოკრატიის დაცვას, ხოლო ბიზნესს განვითარებისა და გაფართოების შესაძლებლობას აძლევს.  ევროკავშირის კანონი ხელოვნური ინტელექტის შესახებ მკაცრ ვალდებულებებს დაუწესებს ხელოვნური ინტელექტის მაღალი რისკის ქვეშ მყოფი სისტემების პროვაიდერებს. ის ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებით განსაზღვრავს ისეთ მოთხოვნებს, როგორებიცაა მონაცემთა ხარისხი, დოკუმენტირება და მიკვლევადობა, გამჭვირვალობა, ადამიანის მიერ გაწეული ზედამხედველობა, სიზუსტე, კიბერუსაფრთხოება და საიმედოობა. გარდა ამისა, ხელოვნური ინტელექტის პროვაიდერებს, ხელოვნური ინტელექტის სისტემის ბაზარზე განთავსებამდე, მოუწევთ შესაბამისობის შეფასების ჩატარება კანონთან მისი თავსებადობის დასამტკიცებლად. დაინერგება ხარისხისა და რისკების მართვის სისტემები მომხმარებლებისა და დაზარალებული პირებისათვის რისკების შესამცირებლად, აგრეთვე სავალდებულო გახდება რეგისტრაცია ევროკავშირის მონაცემთა ბაზაში. ყოველივე ზემოაღნიშნული სავალდებულო გახდება, რათა აღმოიფხვრას რისკების პრობლემა. ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის ფარგლებში, საქართველოს მოუწევს საკუთარი კანონმდებლობის ევროპულ ნორმებთან დაახლოება და მათი დანერგვა. ეს ხელოვნურ ინტელექტსაც შეეხება. ევროკავშირი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება უსაფრთხო და დემოკრატიული, თუ მისი ყველა ახლანდელი და მომავალი წევრი სახელმწიფო აღნიშნულ ნორმებს მიჰყვებიან.