ძებნის რეზულტატი:
ზელენსკი: პუტინის დამარცხება დემოკრატიული სამყაროსთვის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია
უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ პუტინმა უნდა წააგოს და ეს დემოკრატიული სამყაროსთვის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია. ვოლოდიმირ ზელენსკი თქმით, როდესაც პუტინი დამარცხდება, დემოკრატიული სამყარო „კარგ პერსპექტივას მიიღებს მომავალი თაობისთვის.“ „ჩვენ უნდა ვიყოთ მედეგები სხვადასხვა გამოწვევებთან მიმართებაში, ჩვენ უნდა ვიყოთ შორს მსროლელები, რათა დავამარცხოთ პუტინი და არ ვიყოთ ისეთ სიტუაციაში, როდესაც დასავლეთის სიმტკიცესთან დაკავშირებული ეჭვი ამ შეშლილს ეხმარება,“ - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა. ზელენსკის თქმით, შეხვედრა გამართა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველთან, ჯეიკ სალივანთან. „გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან კონკრეტული საუბარი თავდაცვის სფეროში თანამშრომლობაზე და ერთობლივ პოლიტიკურ შედეგებზე, რომელიც უნდა მივაღწიოთ,“ - ვოლოდიმირ აღნიშნა ზელენსკიმ.
“ვაგრძელებთ თქვენს მხარდაჭერას“ - ევროკავშირი მედიის წარმომადგენლებს ქართული ჟურნალისტიკის დღეს ულოცავს
ევროკავშირის წარმომადგენლობა ქართული ჟურნალისტიკის დღესთან დაკავშირებით მილოცვის ტექსტს ავრცელებს. "ჟურნალისტებო, გილოცავთ ქართული ჟურნალისტიკის დღეს! კანდიდატის სტატუსი მეტი დამოუკიდებლობის, ეთიკისა და პროფესიონალიზმისკენ სწრაფვას ნიშავს. ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ ზუსტი ინფორმაციის გავრცელება აუცილებელია და ამ საკითხში თქვენი იმედი გვაქვს. ვაგრძელებთ თქვენს მხარდაჭერას მედიის განვითარებისკენ მიმართული აქტივობებითა და ჟურნალისტიკის პრიზით."
ირაკლი კობახიძემ და შალვა პაპუაშვილმა ილია თოფურია ღირსების ორდენზე წარადგინეს
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ UFC-ის ჩემპიონი ილია თოფურია ღირსების ორდენზე წარადგინეს. „ირაკლი კობახიძემ და შალვა პაპუაშვილმა, კანონით განსაზღვრული პროცედურების თანახმად, შესაბამისი წარდგინებით საქართველოს პრეზიდენტს უკვე მიმართეს. UFC-ის ჩემპიონი ილია თოფურია საქართველოში პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მოწვევით 18 მარტს ჩამოვიდა,“ იუწყება საქართველოს მთავრობის პრესსამსახური.
აშშ-მ ილია ღამბაშიძე და ნიკოლაი ტუპიკინი, დეზინფორმაციული კამპანიის გამო დაასანქცირა
აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა დასანქცირა მოსკოვში დაფუძნებულ კომპანია Social Design Agency და მისი დამფუძნებელი, ილია ღამბაშიძე, ასევე რუსეთში დაფუძნებულ კომპანია Group Structura და მისი მფლობელი და დირექტორი, ნიკოლაი ტუპიკინი. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტი განმარტავს, რომ Social Design Agency კამპანიის მთავარი მოქმედ აქტორებს შორისაა. კერძოდ, ყველა აღნიშნული კომპანიები ჩართულები იყვნენ ლათინურ ამერიკაში საინფორმაციო კამპანიის კოორდინაციაში, რომელიც მიზნად ისახავდა უკრაინის მხარდაჭერის შესუსტებას. ისინი მართავდნენ 60-ზე მეტი ვებგვერდის ქსელს, რომლის მეშვეობითაც, ლათინური ამერიკის ქვეყნებში ვრცელდებოდა ყალბი ინფორმაცია უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის შესახებ და კონტინენტზე აშშ-ისა და NATO-ს პოლიტიკის დისკრედიტაციის შესახებ. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამ კომპანიებმა ასევე დაამყარეს თანამშრომლობა მედიასთან და ლათინურ ამერიკაში გავლენიან პირებთან, რომლებიც გამოიყენეს კრემლის ნარატივის პოპულარიზაციისთვის. გასული თვის თებერვალში Washington Post-ი წერდა, რომ ევროპული დაზვერვის მიერ მოპოვებული დოკუმენტების მიხედვით, ილია ღამბაშიძე და ნიკოლაი ტუპიკინი უშუალოდ სერგეი კირიენკოსთან და კიდევ ერთ კრემლის მაღალჩინოსან - ევროპისა და უკრაინის კოორდინატორთან სოფია ზახაროვასთან თანამშრომლობენ. სტატიაში ნათქვამია, რომ ილია ღამბაშიძე ცრუ ვებგვერდების შექმნის გამო, ევროკავშირის მიერ უკვე სანქცირებულია. ილია ღამბაშიძე: უბრალო, დეზინფორმაციული კამპანიის “ჯარისკაცი“ თუ რუსეთის ტროლების მეფე? ამ სათაურით სტატია France24-მა 28 თებერვალს გამოაქვეყნა. როგორც გამოცემა წერს, ღამბაშიძე შეიძლება, არ იყოს ცნობილი, მაგრამ ის როგორც ჩანს, ჩართულია რუსეთის თითქმის ყველა უახლეს დეზინფორმაციულ ოპერაციაში მთელ მსოფლიოში. მისმა მავნე კიბერ ქმედებებმა ღამბაშიძეს ევროპული სანქციების სიაში ადგილი შარშან მოუტანა. ილია ღამბაშიძის სახელი პირველად 2023 წლის ივლისში რუსი მოქალაქეების სანქციების სიაში გამოჩნდა. ეს სია ევროკავშირის საბჭომ შეადგინა. სოციალური პროექტირების სააგენტო (SDA) და Structura-ს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აღწერს, როგორც „გავლენის მქონე ფირმებს“, რომლებსაც აქვთ „ღრმა ტექნიკური შესაძლებლობები, ღია საინფორმაციო გარემოს ექსპლუატაციის გამოცდილება და დეზინფორმაციისა და პროპაგანდის გავრცელების ისტორია, რუსეთის საგარეო გავლენის მიზნების განსახორციელებლად. „მას შემდეგ, რაც მისი სახელი ევროპული სანქციების სიაში მოხვდა, ღამბაშიძე დაკავებული იყო საფრანგეთის მუსლიმურ და ებრაულ თემებს შორის დაძაბულობის გაღვივებით, რომელიც ისრაელის მიერ 7 ოქტომბრის ჰამასის თავდასხმის საპასუხოდ იყო წამოწყებული,“ წერს France 24 „კრემლმა ღამბაშიძე მოიხსენია, როგორც უკრაინაში ახალი ანტიდასავლური პროპაგანდისტული კამპანიის მთავარ ორგანიზატორად, დოკუმენტების მიხედვით, სადაც დეტალურად არის აღწერილი დეზინფორმაციის გეგმა, ხელს აწერს SDA-ს ბოსი,“ - ამ ინფორმაციამ უკრაინულ მედიაში გაჟონა. ფრანგული მედია კი წერს, რომ ღამბაშიძეს ჯერ არ მიუღწევია პრიგოჟინის დონის დეზინფორმაციულ სტატუსამდე. „მიუხედავად იმისა, რომ პრიგოჟინი ცნობილი იყო თავისი საჯარო ტრაბახებითა და ხრიკებით, ღამბაშიძის მოდუსი დისკრეციული ჩანს. მისი პირადი ცხოვრების შესახებ ძალიან ცოტაა ცნობილი, ინტერნეტი კი, მის შესახებ მწირ ინფორმაციას გვაწვდის - რუსი გამომძიებელი ჟურნალისტის სერგეი ეჟოვის თქმით, ღამბაშიძე 46 წლისაა,“ წერს France24. „ადრე მუშაობდა პიოტრ ტოლსტოის მრჩევლად. საყურადღებო დეტალია. პიოტრ ტოლსტოი, ლევ ტოლსტოის შვილიშვილია. უმცროსი ტოლსტოი არის რუსეთის პარლამენტის ქვედა პალატის, დუმის თავმჯდომარის მოადგილე. ის ასევე იყო ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარის მოადგილე, ვიდრე რუსეთს 2022 წელს უკრაინაში შეჭრის შემდეგ გარიცხავდნენ ორგანიზაციიდან,“ წერს France24.
უკრაინა რუსების მიერ კიევის მიმართულებით გაშვებული 31-ვე რაკეტის ჩამოგდების შესახებ იუწყება
21 მარტის ღამეს, რუსებმა კიევზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც, კიევის დედაქალაქის სამ რაიონში ხანძარი გაჩნდა და ბოლო მონაცემებით, 13 ადამიანი დაშავდა. უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, საჰაერო თავდასხმის მოგერიებაში საზენიტო-სარაკეტო ქვედანაყოფები და უკრაინის თავდაცვის ძალების მობილური საცეცხლე ჯგუფები მონაწილეობდნენ. უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსების მიერ კიევის მიმართულებით გაშვებული 31-ვე რაკეტა ჩამოაგდეს. „21 მარტის ღამეს მტერმა თავდასხმა 11 „ტუ-95“-ის ტიპის ბომბდამშენიდან 2 „ისკანდერ-მ“-ის ბალისტიკური რაკეტით და 29 ფრთოსანი რაკეტით განახორციელა. (გაშვების ადგილები - ვოლგოდონსკი, ენგელსი - რუსეთის ფედერაცია),“ - აცხადებს უკრაინის საჰაერო ძალები.
ჯეიკ სალივანი კიევში: დარწმუნებული ვარ, უკრაინის დახმარების პაკეტი დამტკიცდება
რომ აშშ უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს. აშშ-ის აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანმა კიევში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ უკრაინა გაიმარჯვებს თუ ამ ომიდან თავისუფალ, დემოკრატიულ, სუვერენულ ქვეყნად გამოვა. სალივანმა აღნიშნა, რომ კონგრესის მიერ შეჩერებული დახმარების პაკეტი უკრაინაში აუცილებლად მოხვდება, თუმცა გაგზავნის ზუსტი დრო არ დაუსახელებია. მისი განცხადებით, ჯო ბაიდენი ყველაფერს აკეთებს, რათა სენატის მიერ უკრაინისთვის დამტკიცებული 60 მილიარდი დოლარის დახმარება წარმომადგენელთა პალატაშიც დამტკიცდეს. „ვთქვი, რომ დღეს უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს. და რას ნიშნავს ეს? -ეს ნიშნავს, რომ უკრაინა ამ ომიდან გამოვა სუვერენულ, დამოუკიდებელ, თავისუფალ, სამომავლო აგრესიის შეკავების შესაძლებლობის მქონე ქვეყნად, ძლიერი, დონამიური დემოკრატიით, ღრმა დემოკრატიული ინსტიტუტებით, ეკონომიკით, რომელიც იზრდება არა მხოლოდ ტრადიციულ დარგებში, არამედ, მაღალი ტექნოლოგიების სფეროშიც, სფეროში, რომელშიც თქვენ ინოვაციებს ნერგავთ, და რუსული თავდასხმების ფონზეც ინოვაციებს ნერგავთ. აი რას ნიშნავს გამარჯვება,” - განაცხადა სალივანმა.
აშშ და სამხრეთ კორეა ერთობლივ წვრთნებს ატარებენ
სამხრეთ კორეა და შეერთებული შტატები კომბინირებულ ურბანულ საბრძოლო წვრთნას ატარებენ, რათა ურბანულ რაიონებსა და მიწისქვეშა ობიექტებში საფრთხის წინააღმდეგ მზადყოფნა გააძლიერონ. წვრთნები სეულიდან ჩრდილო-დასავლეთით ,37 კილომეტრში დაიწყო. სწავლებაში დაახლოებით 400 ჯარისკაცი, მათ შორის, სამხრეთის მე-9 ქვეითი დივიზიის ჯარისკაცები, აშშ-ის ქვეითი ოცეული და სხვა დანაყოფები, ასევე ტანკები, ვერტმფრენები და თვითმფრინავები მონაწილეობენ.
„სანქტ-პეტერბურგის დიდმა პორტმა“ დრონების თავდასხმების ფონზე, რიგი გადაზიდვები შეწყვიტა - მედია
„სანქტ-პეტერბურგის დიდმა პორტმა“ (BPSPb) თებერვალში დრონების თავდასხმების ფონზე, რიგი ქიმიური ნივთიერებების გადაზიდვა შეწყვიტა. მომავალში გადაზიდვა უსტ-ლუგაში ან სხვა დასახლებულ ზონაში გადაიგზავნება, წერს კომერსანტი წყაროებზე დაყრდნობით. ოპერაციები შეწყდა ხელისუფლების ბრძანებით და ქალაქგარეთ გადატანის მითითებით, განაცხადეს გამოცემის თანამოსაუბრეებმა. ერთ-ერთი მათგანის ცნობით, სანქტ-პეტერბურგის ნავთობტერმინალზე იანვრის თავდასხმის შემდეგ, გუბერნატორი ალექსანდრე ბეგლოვი შესაძლო დივერსიაზე შიშობს, რამაც ქალაქისთვის შეიძლება, დამანგრეველი შედეგები მოიტანოს, გამომდინარე იქედან, რომ ამონიუმის ნიტრატი პოტენციურად ფეთქებადია. „გადაზიდვის მოცულობა ყოველწლიურად დაახლოებით 3 მილიონი ტონაა,“ ამბობს გაზეთის თანამოსაუბრე. როგორც გამოცემა აღნიშნავს, პორტისთვის, რომელიც ისედაც მძიმე მდგომარეობაშია ევროპასთან სავაჭრო ოპერაციების შეჩერების გამო, ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი დარტყმაა. 2022 წლის შედეგების მიხედვით, საერთაშორისო სანქციებით ყველაზე მეტად საზღვაო პორტი „სანქტ-პეტერბურგის დიდი პორტი“ დაზარალდა, ტვირთბრუნვა 37,5%-ით შემცირდა. 2023 წლის ბოლოს ტვირთბრუნვა გაიზარდა 28%-ით, მაგრამ 2021 წლის მაჩვენებელს 20%-ით მაინც ჩამორჩება. შეგახსენებთ, რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის ფონზე, რუსეთის ტერიტორიაზე შეტევების შესახებ ცნობები ხშირია.
ილია თოფურია ღირსების ორდენით დაჯილდოვდება
UFC-ს ქართველ ჩემპიონს დღეს ორბელიანების სასახლეში, ღირსების ორდენით დააჯილდოვებენ. „როგორც გუშინ შეთანხმდა ილია თოფურიასთან, მისი დაჯილდოების ცერემონია დღეს ორბელიანების სასახლეში 19:00 საათზე ჩატარდება. საქართველოს პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებას მიესალმება და ეთანხმება. პრეზიდენტი დაჯილდოების ცერემონიაზე პრემიერ-მინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს ეპატიჟება. სამივე შტოს მონაწილეობა ამ ცერემონიაში ასეთ საკითხებზე ეროვნული თანხმობის ნიშანია,“ წერია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ირაკლი კობახიძემ და შალვა პაპუაშვილმა ილია თოფურია ღირსების ორდენზე წარადგინეს.
აზოტის დიოქსიდის ნორმის გადაჭარბება ფიქსირდება - ასეთი ადგილი დედაქალაქში ბევრია - სპეციალისტი
„გარემოს ეროვნული სააგენტოს“ გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის, მარინა არაბიძის განცხადებით, დედაქალაქში იმ ადგილებში, სადაც ინტენსიური მოძრაობაა, აზოტის დიოქსიდის ნორმის გადაჭარბება ფიქსირდება. როგორც მან აღნიშნა, ქალაქ რუსთავში მყარი ნაწილაკების შემცველობის კლება აღინიშნება. „შეგვიძლია, ვთქვათ, რომ დღეს ქვეყანაში ნახშირბადის მონოქსიდი, ოზონი, გოგირდის დიოქსიდი არანაირ გამოწვევას არ წარმოადგენს, ისინი თითქმის ნორმის ფარგლებში გვაქვს. თუმცა, მყარი ნაწილაკები, რომელიც პერიოდულად ხან ტრანსსასაზღვრო დაბინძურებაა და ხან ადგილობრივი, გარკვეულ დღეებში შეიძლება ნორმას აჭარბებდეს. ასევე, გამოვკვეთდით აზოტის დიოქსიდის შემცველობას, რომლის წყარო არის ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვი. შესაბამისად, შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ყველა იმ ლოკაციაზე, სადაც ჩვენი ინდიკატორები განთავსებულია გზისპირა ადგილებში, იმ ადგილებში, სადაც ინტენსიური მოძრაობა გვაქვს, აზოტის დიოქსიდის ნორმის გადაჭარბება შეიმჩნევა, განსაკუთრებით, დედაქალაქში გვაქვს ასეთი ბევრი ლოკაცია. მოგეხსენებათ, ტრანსპორტის ყველაზე მეტი რაოდენობა სწორედ აქ არის თავმოყრილი. ასევე, არ შეიძლება არ აღინიშნოს, რომ გვაქვს მყარი ნაწილაკების შემცველობის კლება, მაგალითად, ქალაქ რუსთავში, რომელიც მოგეხსენებათ, სამრეწველო ქალაქია და ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება აქ მნიშვნელოვანი გამოწვევაა. მთავრობის მიერ დამტკიცებული იყო ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების გეგმა, რომლის განხორციელების შემდეგ, საკმაოდ გაუმჯობესდა ამ კუთხით მდგომარეობა. რაც შეეხება აზოტის დიოქსიდებს, აქ მდგომარეობა უცვლელია, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მატება არ ფიქსირდება,“ - განაცხადა მარინა არაბიძემ.
როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებში
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 22 მარტიდან 24 მარტის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, მაღალ მთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ნისლი. სინოპტიკოსების პროგნოზით, მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება, ხოლო მაღალმთიან რეგიონებში ზვავების ფორმირება გამოიწვიოს. „ხილვადობის გაუარესების და ზვავსაშიშროების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდოს,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.
კალაძე: სხვადასხვა მარშრუტს ავტობუსები დაემატება, რაც მოცდის ინტერვალს შეამცირებს
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქში, სხვადასხვა მარშრუტს ავტობუსები დაემატება, რაც მოცდის ინტერვალს შეამცირებს. კალაძემ მთავრობის სხდომის დაწყებისას განმარტა, რომ პროცესი 23 მარტიდან დაიწყება და ოთხი კვირის განმავლობაში გაგრძელდება. „საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიმართულებით გვაქვს სიახლეები - კერძოდ, დედაქალაქში მოქმედ საზოგადოებრივი ტრანსპორტის სხვადასხვა მარშრუტს ავტობუსები დაემატება, რაც მოცდის ინტერვალს შეამცირებს. ეს ის 12-მეტრიანი ავტობუსებია, რომლებიც აქამდე N301, N302, N308-სა და N314 მარშრუტებზე მოძრაობდნენ. პროცესი 23 მარტიდან დაიწყება და ოთხი კვირა გასტანს. პირველ ეტაპზე ავტობუსები გადანაწილდება შვიდ მარშრუტზე: N293 მარშრუტზე მოძრავი „ისუზუს“ მარკის 8-მეტრიანი ავტობუსები ჩანაცვლდება „ბიემსის“ მარკის 12-მეტრიანი ავტობუსებით და მოლოდინის დრო შემცირდება 10 წუთამდე; N387 მარშრუტზე „ისუზუს“ მარკის 8-მეტრიანი ავტობუსების ნაცვლად, „ბიემსის“ მარკის 12-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ, რის შედეგადაც, ინტერვალი იქნება 11 წუთი; N393 მარშრუტზე მოძრავი „მანის“ მარკის 10-მეტრიანი ავტობუსები, ჩანაცვლდება „ისუზუს“ მარკის 8-მეტრიანი ავტობუსებით და ინტერვალი 20 წუთიდან შემცირდება 15 წუთამდე; ავტობუსების დამატებით, N305 მარშრუტზე მოლოდინის დრო გახდება 8 წუთი, N319 მარშრუტზე - 7 წუთი, N321 მარშრუტზე -10 წუთი, N336 მარშრუტზე - 9 წუთი. გამოთავისუფლებული ავტობუსები სწორედ იმ მარშრუტებზე გადანაწილდებიან, სადაც ყველაზე დიდი დატვირთვაა,“ - განაცხადა კალაძემ.
ფაშინიანი, ლაიენი და ბლინკენი ბრიუსელში შეხვედრისას, სამმხრივი თანამშრომლობის გზებს განიხილავენ
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი 5 აპრილს ბრიუსელში შეხვედრას გამართავენ და სამმხრივი თანამშრომლობის გზებს განიხილავენ. შესაბამის ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის უშიშროების საბჭოს მდივანზე, არმენ გრიგორიანზე დაყრდნობით ავრცელებს. „მიმდინარე წლის 5 აპრილს ბრიუსელში დაგეგმილია შეხვედრა ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს, პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანსა და სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს შორის, რათა განიხილონ სამმხრივი თანამშრომლობის გზები, რომლებიც ხელს შეუწყობს სომხეთის განვითარებას. ღონისძიება ასევე მიზნად ისახავს სომხეთის მდგრადობის გაზრდას,“ - ციტირებს მედია არმენ გრიგორიანს. ცნობისთვის, 2023 წლის 5 ოქტომბერს ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან გრანადაში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ სომხეთის მხარდასაჭერად ევროკავშირი-აშშ-ის ერთობლივი ღონისძიება მზადდებოდა. ერევანმა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვების სურვილი ღიად დააფიქსირა. მიუხედავად იმისა, რომ სომხეთი რუსეთი მოკავშირედ რჩება, მან არაერთხელ განაცხადა, რომ არ უჭერს მხარს მოსკოვის მიერ წარმოებულ ომს უკრაინაში და კიევში ჰუმანიტარული დახმარებაც გაგზავნა, რამაც რუსეთის გაბრაზებაც გამოიწვია. ბოლო პერიოდში ერევანი ასევე ხშირად მიუთითებდა, რომ უსაფრთხოების სფეროში რუსეთზე დამოკიდებულება შეცდომა იყო.
სპეციალისტების ნაკლებობის გამო, რუსული კომპანიებს 62% კიბერშეტევებისგან თავს ვერ იცავს - Forbes
პერსონალის დეფიციტმა, რომელიც რუსეთის ეკონომიკის ერთ-ერთ მთავარ პრობლემად იქცა უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების შემდეგ, გავლენა იქონია კომპანიების ინფორმაციულ უსაფრთხოებაზე. შესაბამისი სპეციალისტების ნაკლებობის გამო, რუსული საწარმოების 62% კიბერშეტევებისგან ვერ იცავს თავს. ეს MTS RED-ის გამოკითხვამ აჩვენა, რომლის შედეგებსაც Forbes-ი აქვეყნებს. კომპანიების კიდევ 32%-მა განაცხადა, რომ მათ სპეციალიზებულ თანამშრომლებს არ აქვთ საკმარისი დრო ჰაკერების შეტევებით გამოწვეული პრობლემების გადასაჭრელად. კომპანიების 24%-ისთვის იმპორტის ჩანაცვლება გართულებულია მაღალი ხარისხის შიდა საინფორმაციო უსაფრთხოების სისტემების არარსებობით; 17%-ს აქვს სირთულეები ლიცენზიების განახლების შეუძლებლობისა და უცხოელი მოვაჭრეების ტექნიკური მხარდაჭერის არარსებობის გამო. ასევე, კომპანიების 14% უჩიოდა კიბერშეტევებისგან დაცვის ფინანსური შესაძლებლობების ნაკლებობას. გამოკითხვის თანახმად, 2023 წელს რუსეთში ყოველი მეოთხე კომპანია კომპლექსურ თავდასხმებს განიცდიდა. საწარმოთა დაახლოებით 17%-მა განაცხადა, რომ თავდასხმების სამიზნეები იყვნენ, ხოლო 8%-მა განაცხადა, რომ თავს დაესხნენ კონტრაქტორის მეშვეობით. კვლევის დროს რუსული კომპანიების 100-ზე მეტი წარმომადგენელი გამოიკითხა ფინანსური სექტორის, მრეწველობისა და ენერგეტიკის, IT, საჯარო სექტორის, ტელეკომუნიკაციების, ჯანდაცვის, საცალო ვაჭრობის, მშენებლობისა და განვითარების სფეროდან. ბიზნესებზე ჰაკერული თავდასხმების რიცხვი ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში გაიზარდა. MTS RED-ის მონაცემებით, გასულ წელს სპეციალისტებმა 50 ათასზე მეტი ინციდენტი, 43%-ით მეტი, ვიდრე - წინა წელს გამოავლინეს, მაგრამ მხოლოდ 12 ათასი, დაახლოებით 25%, იყო ძალიან კრიტიკული ბიზნესისთვის შესაძლო შედეგების თვალსაზრისით. ერთი წლით ადრე, ეს მაჩვენებელი უფრო მაღალი იყო - 40-45%.
უკრაინაზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმის ფონზე, პოლონეთმა საბრძოლო თვითმფრინავები გაააქტიურა
პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიული სარდლობის ცნობით, პოლონეთმა თავისი მოიერიშე თვითმფრინავები გაააქტიურა, რადგან რუსეთის არმიამ 21 მარტის ღამეს უკრაინის ტერიტორიაზე სარაკეტო დარტყმები მიიტანა. „შეიარაღებული ძალების ოპერატიული სარდლობა აკვირდება რუსეთის ფედერაციის შორ მანძილზე მყოფი ავიაციის ინტენსიურ აქტივობას უკრაინის ტერიტორიაზე მდებარე ობიექტებზე,“ - ნათქვამია განცხადებაში. პოლონეთის თავდაცვის სამინისტრო სიტუაციის მონიტორინგს აგრძელებს. რუსეთმა 21 მარტს ღამით უკრაინაზე სარაკეტო შეტევა განახორციელა. უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, კიევის რეგიონში ყველა რაკეტა განადგურდა. თუმცა რაკეტების ნამსხვრევებმა კიევში ზიანი და ხანძარი გამოიწვია. დედაქალაქში დაზიანდა შენობები, საბავშვო ბაღები და მანქანები. რუსეთის თავდასხმის შედეგად 10-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, მათ შორის, ერთი ბავშვი.
უკრაინას კიდევ უფრო მეტი მხარდაჭერა სჭირდება - სტოლტენბერგი
NATO-ს გენერალური მდივნის თქმით, უკრაინაში ბრძოლის ველზე ვითარება რთულია, რადგან უკრაინას საბრძოლო მასალა ეწურება. სტოლტენბერგმა ხაზი გაუსვა, რომ კიევს მეტი მხარდაჭერა სჭირდება. „დიდი დანაკარგების მიუხედავად, პრეზიდენტი პუტინითავის საომარ მიზნებზე უარს არ ამბობს. ბრძოლის ველზე ვითარება კვლავ ძალიან მძიმეა. უკრაინას საბრძოლო მასალა ეწურება. ასე რომ, უკრაინას კიდევ უფრო მეტი მხარდაჭერა სჭირდება. და მათ ეს ახლა სჭირდებათ,“ აღნიშნა სტოლტენბერგმა სლოვენიის პრემიერთან შეხვედრაზე. სტოლტენბერგის მიიჩნევს, რომ ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევის ერთადერთი გზა უკრაინის მხარდაჭერაა. „ის, რაც მოლაპარაკებების მაგიდასთან ხდება, ბრძოლის ველზე არსებულ სიძლიერესთან არის დაკავშირებული. თუ ჩვენ მოლაპარაკებების გზით მშვიდობიანი, ხანგრძლივი გადაწყვეტა გვსურს, მაშინ ამის მიღწევის გზა უკრაინის სამხედრო მხარდაჭერით უზრუნველყოფაა,“ - აღნიშნა NATO-ს გენერალურმა მდივანმა.
ბათუმში დააჯარიმეს კაფეები, რომლებსაც მენიუ მხოლოდ რუსულ ენაზე ჰქონდათ
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს მიერ დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო 6 მოვაჭრეს ჯარიმა დაეკისრა. საკითხი ეხება - „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტს, რომლის საფუძველზეც, სააგენტოს გადაწყვეტილების შესაბამისად, მოვაჭრეებს ევალებოდათ - თავისი სავაჭრო პოლიტიკის კანონის შესაბამისი მუხლების მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა. სააგენტოს მიერ წარმოებული მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ უწყების მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ შესრულდა. შესაბამისად, ი/მ მარია კალუსტიანს - 600 ლარი, შპს „დარიას“ - 1 088.27 ლარი, ი/მ ვლადისლავ კირიაკოვს - 600 ლარი, ი/მ ალეკსანდრ ვასილევის - 600 ლარი, შპს „ინვესტ ინ ჯორჯიას“ - 1 789.22 ლარი და შპს „ჰარვიდენტის“ - 600 ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრა. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ჯარიმის დაკისრება მოვაჭრეს სააგენტოს გადაწყვეტილების შესრულების ვალდებულებისგან არ ათავისუფლებს. ასევე, დაჯარიმების პროცედურას უწყება ახორციელებს მას შემდეგ, რაც დარღვევის დადასტურების შემდეგ - კომპანია მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით გაცემულ ვალდებულებებს არ შეასრულებს. ინფორმაციისთვის: დარღვევის დადასტურების შემთხვევაში, სააგენტოს გადაწყვეტილების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მოვაჭრეს ეკისრება ჯარიმა. ჯარიმის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს მოვაჭრის წინა ფინანსური წლის წლიური ბრუნვის 2%-ს. ამასთანავე, იგი 600 ლარზე ნაკლები არ უნდა იყოს. 12 თვის განმავლობაში მოვაჭრის მიერ დარღვევის გამეორება გამოიწვევს დაკისრებული ჯარიმის გაორმაგებას. 2024 წლის იანვარი - თებერვლის თვის მონაცემებით, მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 4 დარღვევის ფაქტი დადასტურდა. სააგენტოს მიერ დაკისრებული ვალდებულების არშესრულების გამო 11 მოვაჭრეს, 9 700 ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრა. მომხმარებლის სასარგებლოდ, პირობითი ვალდებულების აღების შესახებ 23 საქმეზე - 21 შეთანხმება გაფორმდა. რადიო თავისუფლების ცნობით, დააჯარიმეს ბათუმის კაფეები, რომლებსაც მენიუ მხოლოდ რუსულ ენაზე ჰქონდათ. ეს გარემოება კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნახსენები არ არის. საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით, ქვეყნის ტერიტორიაზე ნებისმიერი სერვისის მიღება სახელმწიფო ენაზე უნდა იყოს შესაძლებელი. ჯარიმის დაკისრების მიუხედავად, ყველა ეს კვების ობიექტი ვალდებულია, კლიენტებს სახელმწიფო ენაზე მკაფიოდ და გასაგებად შესთავაზოს მომსახურება.
NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე კიევს პირველი ოფიციალური ვიზიტით ეწვია
NATO-ს უმაღლესი სამხედრო ლიდერი კიევში პირველად ჩავიდა ომის დაწყების შემდეგ. „NATO-ს პირველი სამხედრო დელეგაცია ეწვია უკრაინას ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ეს ვიზიტი იმის დასტურია, რომ NATO და უკრაინა უფრო ახლოს არიან ერთმანეთთან, ვიდრე ოდესმე ყოფილან,“ - აღნიშნა ბაუერმა. მან აღნიშნა, რომ ვიზიტი საშუალებას აძლევს მას, გამოხატოს თავისი „ღრმა პატივისცემა“ უკრაინელების სიმამაცისა და სიძლიერის მიმართ, რაც მათ გამოავლინეს როგორც ბრძოლის ველზე, ისე მის გარეთ. „ჩვენ ერთად ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ უკრაინა ჩვენი ალიანსის წევრი გახდეს. შვედეთის დროშა არ იქნება ერთადერთი ლურჯი და ყვითელი დროშა NATO-ს შტაბ-ბინაში," - აღნიშნა ბაუერმა. მან ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ დასავლეთი „ზედმეტად ოპტიმისტურად“ იყო განწყობილი 2023 წელს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის მიმდინარეობის მიმართ. ბაუერი: 2024 წელს ზედმეტად პესიმისტები არ უნდა ვიყოთ
ავსტრალია უკრაინისთვის "დრონების კოალიციას" უერთდება
ავსტრალიის თავდაცვის მინისტრმა რიჩარდ მარლსმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა უკრაინისთვის შექმნილ დრონების კოალიციას შეუერთდა. ამის შესახებ The Guardian იტყობინება. „ავსტრალია შეუერთდება გაერთიანებულ სამეფოს და ლატვიას უკრაინისთვის უპილოტო თვითმფრინავების მიწოდების ძალისხმევაში, რუსული ძალების მოსაგერიებლად და ეს არის „დრონების კოალიციის“ შეთანხმების ნაწილი,“ - განმარტა მან ბრიტანელ კოლეგა გრანტ შაპსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე. მისი თქმით, ავსტრალია გააგრძელებს „ჩვენი წვლილი შეიტანოს იმ მცდელობებში, რომ უკრაინამ შეძლოს „ამ კონფლიქტის თავისი პირობებით გადაჭრა.“
კონკრეტული ძალები, საეჭვო დაფინანსებით, ანტიჩინურ კამპანიას აწარმოებენ - კობახიძე
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მარნეულში, ჟურნალისტის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ კონკრეტული ძალები, საეჭვო დაფინანსებით, ანტიჩინურ კამპანიას აწარმოებენ. მისივე თქმით, ნებისმიერი ასეთი ანტისახელმწიფოებრივი ქმედება შემაშფოთებელია. „ასეთი კამპანიების მიზანიც არის ჩვენი სახელმწიფოებრივი ინტერესების დაზიანება. ჩვენ შარშან ხელი მოვაწერეთ სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას ჩინეთთან. ამ პარტნიორობას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა ჩვენი სახელმწიფო ინტერესების რეალიზებისთვის, საქართველოსა და ჩინეთს შორის სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებისთვის, მათ შორის ეკონომიკური პარტნიორობის განვითარებისთვის. როდესაც ასეთ პირობებში კონკრეტული ძალები, თან საეჭვო დაფინანსებით, აწარმოებენ ანტიჩინურ კამპანიას, რა თქმა უნდა, ესეც არის შემაშფოთებელი. ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ყველას ქონდეს სათანადო პოზიცია ყველა იმ აქტზე, რომელიც სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგ არის მიმართული. ძალიან შემაშფოთებელია ნებისმიერი ასეთი ანტისახელმწიფოებრივი მოქმედება,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.