ძებნის რეზულტატი:

თურქეთი ვაშინგტონს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესრულების მექანიზმის შემუშავებაზე დათანხმდა - მედია

თურქეთის ხელისუფლება შეერთებულ შტატებთან რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაცვის ახალ სქემაზე შეთანხმდა, წერს თურქული გაზეთი Hürriyet. მანამდე ვაშინგტონმა თურქული კომპანიების მიმართ შეზღუდვები წარადგინა, თუ ისინი რუსეთთან კომერციულ კავშირში იქნებიან შემჩნეულნი, თუმცა, ვაშინგტონი ჯერ ანკარას შეატყობინებს თავისი ეჭვების შესახებ და საჭირო ინფორმაციას მოითხოვს. „თურქეთმა, თავის მხრივ, დადო პირობა, რომ გამოძიებებს შეერთებული შტატების მოთხოვნით ჩაატარებს და მისი შედეგების შესახებ ვაშინგტონს აცნობებს. ასევე, „საჭიროების შემთხვევაში“, ანკარა თავად მიიღებს ზომებს რუსეთთან თანამშრომლობაში შემჩნეული კომპანიების წინააღმდეგ,“ წერს Hürriyet. მარტის დასაწყისში რამდენიმე თურქმა ბიზნესმენმა შეერთებული შტატები რუსეთთან ვაჭრობისთვის მეორადი სანქციების დაწესების მუქარაში დაადანაშაულა და პირობა დადო, რომ უჩივლებდა ამერიკელ ოფიციალურ პირებს. მათივე ინფორმაციით, სტამბოლის გენერალურ საკონსულოში მომუშავე აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტის თანამშრომლები თურქულ კომპანიებსა და ფინანსურ ინსტიტუტებს რუსეთთან ტრანზაქციების შეწყვეტის მოთხოვნით ეწვივნენ. გასული წლის დეკემბრის ბოლოს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვითაც, ფირმები, რომლებიც რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარებიან, აშშ-ს ფინანსურ სისტემაზე წვდომის დაკარგვის რისკის ქვეშ არიან. „ამავდროულად, ფინანსური ინსტიტუტები, რომლებიც ბიზნესს აშშ-ის სანქციების ქვეშ მყოფთა სახელით აწარმოებენ, რისკის ქვეშ არიან,“ ნათქვამია განკარგულებაში. შედეგად, იანვარში თურქეთიდან რუსეთში ექსპორტი 39%-ით შემცირდა, იტყობინება Reuters-ი. წლის პირველ თვეში თურქულმა კომპანიებმა რუსეთის ბაზარს 631 მილიონი დოლარის ღირებულების საქონელი მიაწოდეს, 2023 წლის იანვარში თითქმის 1 მილიარდ დოლართან შედარებით. რიგ საქონელთან დაკავშირებით ვაჭრობა მთლიანად შეჩერებულია, კერძოდ, შეჩერებულია ტექნიკის ექსპორტი, რადგან ის სამხედრო აღჭურვილობას წააგავს, განუცხადა Reuters-ს ინფორმირებულმა წყარომ. გასული წლის ბოლოს თურქეთმა რუსეთს რეკორდული 10,9 მილიარდი დოლარის საქონელი მიაწოდა - ორჯერ მეტი ვიდრე უკრაინის ომამდე. მან ასევე მკვეთრად გაზარდა რუსული ნავთობის შესყიდვები, რომელმაც 2022 წელს 12 მილიონი ტონა, ხოლო გასული წლის იანვარ-ნოემბერში თითქმის 9 მილიონი - შეადგინა.  

პუტინთან ინტერვიუს რუსეთის სკოლებში უჩვენებენ

ამერიკელ ჟურნალისტ ტაკერ კარლსონის მიერ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინთან ჩაწერილი ინტერვიუს ჩვენება რუსულ სკოლებში დაიწყეს, წერს RTVI. 11 მარტს სამ საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩატარდა გაკვეთილები, რომლის დროსაც, ინტერვიუები მოსწავლეებს აჩვენეს. „საგანმანათლებლო პროცესი“ ჩატარდა კრასნოიარსკის No1 სკოლაში, ურალის სამშენებლო, არქიტექტურისა და მეწარმეობის კოლეჯში და დიდ რუსულ საბაზო საშუალო სკოლაში, ომსკის რეგიონში. ასეთი გაკვეთილის მთავარი მიზანია, „მოსწავლის ღირებულებითი დამოკიდებულების ჩამოყალიბება სამშობლოს მიმართ.“ გაკვეთილის შემდეგ მოსწავლეებმა უნდა უპასუხონ ვიქტორინის კითხვებს „რუსეთიდან რუსეთამდე.“ კერძოდ, მათ ჰკითხეს, რა სიტყვიდან წარმოიშვა სიტყვა „უკრაინელი.“ გარდა ამისა, ბავშვებმა უნდა შეისწავლონ ის ქვეყნები, სადაც ე.წ. „ფერადი რევოლუციები“ მოხდა. 22 თებერვალს რუსეთის განათლებისა და რუსეთის განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, პუტინის ინტერვიუს შესასწავლად საგანმანათლებლო მასალა გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით, მასწავლებლებს მოუწოდებენ, „მოაწყონ საკლასო დებატები“, სადაც ინტერვიუებს განიხილავდნენ.  მასწავლებლებს ურჩევენ, გამოიჩინონ „განსაკუთრებული ყურადღება ბავშვების ემოციურ მდგომარეობაზე“, არ შეზღუდონ ისინი გრძნობების გამოხატვაში და ასევე ხაზი გაუსვან „ამ საკითხზე რუსეთის საზოგადოების ეროვნულ მხარდაჭერას და ერთიანობას.“ ტაკერ კარლსონი დენაციფიკაციის ნარატივზე: ყველაზე სულელური რამაა, რაც კი ოდესმე მსმენია  

ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმების გამო, რუსეთი დღეში 600 ათას ბარელ ნავთობპროდუქტს კარგავს - Gunvor

ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უპილოტო თვითმფრინავების თავდასხმების შედეგად, რუსეთი დღეში 600 000 ბარელ გადამუშავებულ ნავთობს კარგავს. უკრაინაში შეჭრამდე რუსული ნავთობით ერთ-ერთმა მსხვილმა მოვაჭრე, ნავთობის საერთაშორისო კომპანია Gunvor Group-ის ხელმძღვანელმა ტორბიორნ ტორნკვისტმა ამის შესახებ Bloomberg-თან ინტერვიუში ისაუბრა. გამცოენის ცნობით, დიზელის საწვავის ფიუჩერსები ოთხჯერ, ბენზინის ფიუჩერსები კი - ექვსჯერ გაიზარდა. ბანკ JPMorgan-ის ანალიტიკოსების შეფასებით, უპილოტო თვითმფრინავების თავდასხმების გამო, რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების სიმძლავრე დღეში 900,000 ბარელით შემცირდა. ბოლო ორი კვირის განმავლობაში რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე რამდენიმე მსხვილ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას ძლიერი ხანძარი გაუჩნდა და მწყობრიდან გამოვიდა. 13 მარტს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა, ანონიმურობის დაცვის პირობით, ბრიტანული BBC-ს უკრაინულ სამსახურს და გამოცემა „უკრაინსკა პრავდას“ განუცხადა, რომ რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დრონებით შეტევა უკრაინის სპეცოპერაცია იყო. Bloomberg-ის ცნობით, ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე, რომლებსაც უკრაინამ ბოლო პერიოდში დრონებით შეუტია, რუსეთის სიმძლავრეთა 12% მოდის.  

ევროკომისიამ უკრაინას მაკროფინანსური დახმარების სახით 4,5 მილიარდი ევრო გამოუყო

ევროკომისიამ უკრაინას მაკროფინანსური დახმარების სახით 4,5 მილიარდი ევრო გადაურიცხა.  ევროკომისიამ უკრაინას მაკროფინანსური დახმარების პირველი ტრანში დღეს, 50 მილიარდი ევროს ოდენობის მხარდაჭერის პაკეტიდან გადაურიცხა. „დღეს, უკრაინის აღდგენის, რეკონსტრუქციისა და მოდერნიზაციის მხარდამჭერი ჩვენი 50 მილიარდი ევროს პაკეტიდან 4,5 მილიარდი ევროს გადახდა განვახორციელეთ,“ - განაცხადა ჯოზეფ ბორელმა. მანვე აღნიშნა, რომ ხვალ ევროპული საბჭო უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების დაჩქარების გზებს განიხილავს.  

გომელაური: ემიგრაციაში ხალხი იქიდან გამომდინარე მიდის, რომ ვიზალიბერალიზაციაა, ადვილად გადიან ქვეყნიდან

ვახტანგ გომელაურმა რამდენიმე დეპუტატის შეკითხვის საპასუხოდ ისაუბრა მიგრაციის მაღალი დონის შესახებ. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას შს მინისტრმა განაცხადა, რომ მიგრაციის სტატისტიკას არ ითვლის და მონაცემებს უწყებას „საქსტატი“ აწვდის. შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურის განცხადებით, მიგრაციის პრობლემა აღმოსავლეთ ევროპის ბევრ ქვეყანას აქვს. მისი განმარტებით, არასწორია ოპოზიციის მტკიცება, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში 800 000-მა მოქალაქემ დატოვა ქვეყანა. გომელაურის თქმით, „იგივე შემოვიდა თითქმის.“ „მიგრაციაზე ბევრი კითხვა იყო - შსს მიგრაციას არ ითვლის, „საქსტატს“ აქვს გაკეთებული 2003 წლიდან დღემდე. 2023 წლის რომ მოვიკითხეთ, „საქსტატმა“, დაახლოებით ივნისში გვექნება პასუხებიო. შინაგან საქმეთა სამინისტრო მიგრაციის კუთხით სტატისტიკას არ აკეთებს, არ ვითვლით ჩვენ. 2012 წლამდე 247 585-ია გასული - რაც „საქსტატმა მოგვაწოდა“, ჩვენი დათვლილი არაა. პირიქით, მატებაა - 2 420 ადამიანის შემოსვლა საქართველოში; 2013-დან 2022 წლის ჩათვლით. ემიგრაციაში ხალხი იქიდან გამომდინარე მიდის, რომ ვიზალიბერალიზაციაა, ადვილად გადიან ქვეყნიდან. მარტო ჩვენს ქვეყანაში არ ხდება ეს მგონი. ჩემს კოლეგებს, მათ შორის, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების შინაგან საქმეთა მინისტრებსაც აქვთ ეს პრობლემა - მაგალითად, პოლონეთიდან, ლატვიიდან, ლიეტუვიდან მიდიან გერმანიაში. სხვა ქვეყნებიდანაც მიდიან იქ, სადაც ფიქრობენ, რომ უფრო მეტი ანაზღაურება ექნებათ. გამიხარდება, რომ ჩვენი ყველა მოქალაქე დაბრუნდეს, საუკეთესო პირობები ჰქონდეთ ჩვენთანაც. ჩვენ არ ვითვლით,“ - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა. საქსტატი: 2022 წელს ემიგრანტების რიცხოვნობამ 125 269 კაცი შეადგინა        

აზერბაიჯანმა საზღვაო გადაზიდვები 16%-ით გაზარდა

2024 წლის იანვარ-თებერვალში აზერბაიჯანში საზღვაო ტრანსპორტით 1 273 900 ტონა ტვირთი გადაიზიდა, რაც წინა წელთან შედარებით, 15,9%-ით მეტია, იტყობინება სახელმწიფო სტატისტიკური კომიტეტი. ტვირთის ნახევარზე მეტი (50,5%) ნავთობი და ნავთობპროდუქტები იყო.  

უკრაინა საკუთარი 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვების წარმოებას იწყებს

უკრაინის თავდაცვის საწარმოები ცდილობენ, დააკმაყოფილონ არმიის კრიტიკული საჭიროებები და NATO-ს სტანდარტების შესაბამისად საკუთარი 155 მმ ჭურვები აწარმოონ. ფრონტის ხაზზე ამ საბრძოლო მასალის დეფიციტია. სახელმწიფო თავდაცვის კომპანიის Ukroboronprom-ის წყარომ განაცხადა, რომ წარმოება არ დაიწყება "ამ წლის მეორე ნახევრამდე." უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განმარტა, რომ მიმდინარე წლის მარტის ბოლომდე ევროკავშირი უკრაინას დაახლოებით 170 000 საარტილერიო ჭურვს მიაწვდის. გარდა ამისა, ჩეხეთი ხელმძღვანელობდა ათზე მეტი ქვეყნის კოალიციას უკრაინისთვის საბრძოლო მასალის შესაძენად. 2024 წლის თებერვლის შუა რიცხვებში ჩეხეთის პრეზიდენტმა პეტრ პაველმა გამოაცხადა, რომ ჩეხეთმა უზრუნველყო 155 მმ და 122 მმ კალიბრის 800 000 საარტილერიო ჭურვი უკრაინისთვის. ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩეხეთის ინიციატივით ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან შეძენილი საბრძოლო მასალები შესაძლოა, უკრაინას ივნისის დასაწყისში მიეწოდოს.    

პუტინი უკრაინის წინააღმდეგ ჩადენილი ომის დანაშაულებისთვის, მართლმსაჯულებას ვერ გაექცევა - ჰააგის სასამართლოს ხელმძღვანელი

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა ტომოკო აკანემ გამოხატა მტკიცე რწმენა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, რომლის მიმართაც ჰააგაში დაფუძნებულმა სასამართლომ, გასულ წელს გამოსცა დაპატიმრების ორდერი, სასამართლოს წინაშე წარსდგება უკრაინაში მისი ომის დანაშაულებისთვის. ამის შესახებ მან Kyodo News-თან ინტერვიუში განაცხადა. აკანემ მოიყვანა ჩინური ანდაზა - „სამოთხის შურისძიება ნელია, მაგრამ სარწმუნოა" - იმის მანიშნებლად, რომ პუტინი საბოლოოდ მიიღებს იმას, რასაც იმსახურებს. მან ასევე აღიარა ICC-ის წინაშე მდგარი გამოწვევები და აღნიშნა, რომ „ბოლო ორი წლის განმავლობაში არ ყოფილა არცერთი საქმე, რის შედეგადაც, ბოლო ორი წლის განმავლობაში დაპატიმრებები დაფიქსირდა.“ ვიდრე არსებობს მტკიცებულებები და საჭიროება, ჩვენ უნდა გამოვცეთ (დაკავების ორდერი) განურჩევლად გარემოებისა და პოლიტიკური ფონისა,“ აღნიშნა აკანემ. მოსამართლე, რომელმაც ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერი გასცა, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ხელმძღვანელად დაინიშნა. იაპონელი ტომაკო აკანე ამ თანამდებობაზე 2027 წლამდე აირჩიეს. აკანე იყო ერთ-ერთი იმ სამი მოსამართლიდან, რომლებმაც რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინისა და რუსეთის პრეზიდენტის ბავშვთა უფლებების კომისრის, მარია ლვოვა-ბელოვას მიმართ დაკავების ორდერები გასცეს. შეგახსენებთ, ვლადიმერ პუტინისა და მარია ლვოვა-ბელოვას წინააღმდეგ დაკავების ორდერი სასამართლომ 2023 წლის მარტში გასცა. ტომოკო აკანემ ამ თანამდებობაზე პოლონელი მოსამართლე პიოტრ ჰოფმანსკი შეცვალა.        

ლიეტუვა უკრაინისთვის ჭურვების შესაძენად $38 მილიონს გამოყოფს

ლიტვა ჩეხეთის ინიციატივას, რომელიც უკრაინისთვის საარტილერიო ჭურვების შეძენას გულისხმობს, 35 მილიონი ევროს (დაახლოებით 38 მილიონი აშშ დოლარი) გამოყოფით დაუჭერს მხარს. შესაბამისი განცხადება ლიეტუვის პრემიერ-მინისტრმა ინგრიდა შიმონიტემ გააკეთა. ფრონტის ხაზზე ამ საბრძოლო მასალის დეფიციტია. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განმარტა, რომ მიმდინარე წლის მარტის ბოლომდე ევროკავშირი უკრაინას დაახლოებით 170 000 საარტილერიო ჭურვს მიაწვდის. გარდა ამისა, ჩეხეთი ხელმძღვანელობდა ათზე მეტი ქვეყნის კოალიციას უკრაინისთვის საბრძოლო მასალის შესაძენად. 2024 წლის თებერვლის შუა რიცხვებში ჩეხეთის პრეზიდენტმა პეტრ პაველმა გამოაცხადა, რომ ჩეხეთმა უზრუნველყო 155 მმ და 122 მმ კალიბრის 800 000 საარტილერიო ჭურვი უკრაინისთვის. ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩეხეთის ინიციატივით ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან შეძენილი საბრძოლო მასალები შესაძლოა, უკრაინას ივნისის დასაწყისში მიეწოდოს. საარტილერიო ჭურვები უკრაინისთვის გადამწყვეტი შესაძლებლობებია, რადგან ქვეყანა საბრძოლო მასალის კრიტიკულ დეფიციტს განიცდის. აშშ-ის სამხედრო დახმარების გაჭიანურებამ, რომელიც გამოწვეულია კონგრესში დავებით, უკვე პირდაპირი გავლენა იქონია ბრძოლის ველზე, რამაც ხელი შეუწყო ქალაქ ავდიივკის დაკარგვას.  

დააკავეს პირი, რომელიც მოქალაქეებს ჩინეთიდან ნივთების გამოწერას დაჰპირდა და თანხა მიითვისა - პროკურატურა

პროკურატურის ინფორმაციით, ბრალი წარუდგინეს ერთ პირს, რომელიც სოციალურ ქსელ Facebook-ის მეშვეობით, მოქალაქეების დიდი ოდენობით თანხას თაღლითურად დაეუფლა. გამოძიების ვერსიით, ბრალდებული მოქალაქეებს გარკვეული თანხის სანაცვლოდ, ჩინეთიდან სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ავეჯისა და ტექნიკის დაბალ ფასში გამოწერას დაჰპირდა, თუმცა ნივთები არ გამოწერა და 14 მოქალაქის კუთვნილ 149 259 ლარს მოტყუებით დაეუფლა. პროკურატურის ცნობით, სამართალდამცველებმა იგი 20 მარტს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (თაღლითობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი დიდი ოდენობით) წარედგინა. დანაშაული 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურაში აცხადებენ, რომ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს მიმართავენ. მათივე ინფორმაციით, ამ საქმეზე შსს-ში გრძელდება გამოძიება სხვა დანაშაულებრივი ეპიზოდების დადგენის მიზნით. უწყება არ გამორიცხავს, რომ დაზარალებულთა რიცხვი გაიზარდოს. საქართველოს პროკურატურა მოუწოდებს მოქალაქეებს ანალოგიური ქმედების არსებობის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართონ სამართალდამცავ ორგანოებს.  

„ცინიკური პოზიცია მოვისმინეთ გინტურის მკვლელობაზე" - ანთაძე ერგნეთის შეხვედრის შემდეგ

„თამაზ გინტურის მკვლელობის ირგვლივ, სამწუხაროდ, მოვისმინეთ იგივე ცინიკური პოზიცია, რაც აქამდე არაერთხელ გააჟღერეს რუსეთის საოკუპაციო ძლების წარმომადგენლებმა,“ - ამის შესახებ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში, ერგნეთში გამართული რიგით 118-ე შეხვედრის დასრულების შემდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ირაკლი ანთაძემ განაცხადა. ირაკლი ანთაძემ აღნიშნა, რომ ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან დასმულ კითხვებზე პასუხად იღებენ, რომ ე.წ. მესაზღვრეები ,,მოქმედებდნენ განაწესის სრული დაცვით“. „პირველ რიგში, ჩვენ დავინტერესდით თამაზ გინტურის მკვლელობის ირგვლივ რა ნაბიჯები იქნა გადადგმული რუსეთის ფედერაციის მხრიდან და გვქონდეს თუ არა მოლოდინი, რომ მოხდებოდა სამართლის აღსრულება. სამწუხაროდ, მოვისმინეთ იგივე ცინიკური პოზიცია, რაც აქამდე არაერთხელ გააჟღერეს რუსეთის საოკუპაციო ძლების წარმომადგენლებმა. სამწუხაროდ, დღესაც მოვისმინეთ იგივე ნარატივი რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობასთან დაკავშირებით, რომ ე.წ. მესაზღვრეები "მოქმედებდნენ განაწესის სრული დაცვით,“ - აღნიშნა ირაკლი ანთაძემ. სუს-ის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის ინფორმაციით, შეხვედრაზე ვრცელი დისკუსია გაიმართა უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის საკითხზეც. "რაც შეეხება უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესს, ამაზეც შედგა საკმაოდ ვრცელი დისკუსია. ჩვენს მიერ დასახელდა ის ლოკაციები, სადაც შეხვედრებს შორის პერიოდში დაფიქსირდა უკანონო ბორდერიზაციის პროცესი, ამაზეც, სამწუხაროდ, საოკუპაციო ძალების პოზიცია არის უცვლელი, ისინი აბსურდული არგუმენტებით ცდილობენ ამ უკიდურესად დესტრუქციული პროცესის ლეგალიზებას, პროცესის, რასაც ჩვენი მხრიდან ყოველთვის ხაზი ესმება ერთ გარემოებას, რომ უკანონო ინსტალაციების აღმართვა არ ნიშნავს მხოლოდ ღობის ან მავთულხლართის გავლებას და პირველ რიგში, სწორედ ეს გახლავთ შემდგომი იმ თანამდევი პროცესის წინამორბედი, როგორიც არის მშვიდობიანი მოქალაქეების უკანონო დაკავება და ეს მსხვერპლი სახეზეა დღესაც, ჩვენი 6 თანამოქალაქე უკანონო პატიმრობაში იმყოფება ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ცენტრალური ხელისუფლების მოთხოვნა ყოველთვის არის უცვლელი - მოხდეს, უკანონოდ დაკავებული ყველა მოქალაქის უპირობოდ გათავისუფლება. დღეს, როგორც მოგახსენეთ, უკანონო პატიმრობაში არის ჩვენი ექვსი თანამოქალაქე, მათ უმეტესობას მისჯილი აქვს ე.წ. წინასწარი პატიმრობა ორი თვის ვადით, ერთი მათგანის საქმე არის დაბრუნებული ხელახალი ე.წ. გამოძიების მიზნით, ერთს კი, ვგულისხმობ ხეთერელს, "მისჯილი“ აქვს 1 წელი და 3 თვე,“ - განაცხადა ირაკლი ანთაძემ.  

სიკორსკიმ უკრაინაში დასავლელი ჯარისკაცების ყოფნა დაადასტურა

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ დაადასტურა, რომ უკრაინაში დასავლელი ჯარისკაცები იმყოფებიან. როგორც ბრიტანელი, ასევე ფრანგი სამხედროები უკრაინაში არიან, რათა, მაგალითად, „Storm Shadow-“ს ტიპის ბრიტანული ფრთოსანი რაკეტების დამიზნებისას რჩევები მისცენ კოლეგებს. პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განმარტა, რომ პოლონეთი არ აპირებს უკრაინაში თავისი სამხედროების გაგზავნას. მან განმარტა, რომ უკრაინას და პოლონეთს 400 წელიწადი ჰქონდათ საერთო სახელმწიფო და ამიტომ, პოლონელი სამხედროები უკრაინის მიწაზე კრემლისთვის იოლი პროპაგანდისტული საკვები იქნება. NATO-ს ქვეყნების უმრავლესობამ, მათ შორის აშშ-მ, დიდმა ბრიტანეთმა და გერმანიამ, უკრაინაში მათი სამხედროების გაგზავნის შესაძლებლობა გამორიცხეს. უკრაინაში სამხედროების გაგზავნის შესაძლებლობა NATO-ს გენერალურმა მდივანმაც გამორიცხა. მაკრონის სიტყვები დადებითად შეაფასეს ბალტიისპირეთის კიდევ ერთ ქვეყანაში, ლიეტუვაში. საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა აღნიშნა, რომ მადლობელი იყო ამ ინიციატივისთვის და დაამატა, რომ "არცერთ შესაძლებლობაზე არ უნდა ითქვას უარი. 8 მარტს საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა უკრაინაში დასავლეთის სახელმწიფოების ჯარების შესაძლო გაგზავნის შესახებ კომენტარი კიდევ ერთხელ გააკეთა და აღნიშნა, რომ რაღაცის არგამორიცხვა მის გაკეთებას არ ნიშნავს. პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, მაკრონის სიტყვების უკან კარგი ზრახვებია. რადოსლავ სიკორსკის თქმით, უკრაინაში NATO-ს ძალების ყოფნა "არ არის წარმოუდგენელი" და, რომ ის აფასებს საფრანგეთის პრეზიდენტის მხრიდან ამ იდეის არგამორიცხვას. მაკრონი მზადაა, ჯარი გაგზავნოს უკრაინაში, თუ ფრონტის ხაზი ოდესაში ან კიევში გაივლის - მედია მაკრონმა 17 მარტს კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ უკრაინაში დასავლური ჯარების გაგზავნა შესაძლოა, საჭირო გახდეს.  

უკრაინა 640 კილომეტრზე მოქმედ რაკეტებსა და NASAMS– ის მსგავს საჰაერო თავდაცვის სისტემებს აწარმოებს - WP

უკრაინამ ამერიკული და ნორვეგიული NASAMS–ის მსგავსი საზენიტო სარაკეტო სისტემის წარმოება დაიწყო. Washington Post-ის ცნობით, მიუხედავად უკრაინის წარმოების შესაძლებლობებისა და ნედლეულის სპეციფიკური რესურსებისა, საკმაოდ რთული იყო იარაღის წარმოების სწრაფად შექმნა. ეს იმიტომ ხდება, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, უკრაინაში თავდაცვის ინდუსტრია პრაქტიკულად დაიშალა. NASAMS მობილური საზენიტო სარაკეტო სისტემაა, რომელსაც 12 წამში 72 რაკეტის გასროლა შეუძლია. იგი გამოიყენება თვითმფრინავების, ვერტმფრენების და საკრუიზო რაკეტების 40 კილომეტრამდე რადიუსში მოსაგერიებლად. უკრაინის სტრატეგიული ინდუსტრიის მინისტრმა, ოლეკსანდრ კამიშინმა აღნიშნა, რომ უკრაინამ ადგილობრივად წარმოებული რაკეტა შექმნა, რომლის ფრენის დიაპაზონი 640 კილომეტრზე მეტია. მან სხვა დეტალებზე არ ისაუბრა. სტრატეგიული ინდუსტრიის მინისტრის თქმით, უკრაინამ მნიშვნელოვნად გაზარდა საბრძოლო მასალის წარმოება.   

აშშ უკრაინაში გაგზავნის მიზნით, სამხედრო აღჭურვილობის მოძიებას სამხრეთ ამერიკაში ცდილობს

სამხრეთ ამერიკის ცხრა ქვეყანა ფლობს რუსულ სამხედრო აღჭურვილობას, რომლის გაგზავნაც პოტენციურად, უკრაინისთვის არის შესაძლებელი. ამის შესახებ აშშ-ის სამხრეთ სარდლობის მეთაური ლორა რიჩარდსონი აცხადებს. აშშ-ს ამ აღჭურვილობის ამერიკულ იარაღში გაცვლა სურს, სამხრეთ ამერიკის ქვეყნების კუთვნილი იარაღი კი, უკრაინას უნდა გადაეცეს. ამერიკელმა გენერალმა მოცემული ქვეყნები არ დაასახელა, თუმცა არსებობს ინფორმაცია, რომ არგენტინის, გაიანის, ვენესუელისა და ჰაიტის გარდა, ურუგვაის, ეკვადორს, კუბასა და ნიკარაგუას აქვთ საბჭოთა აღჭურვილობა თავიანთ შეიარაღებულ ძალებში. არგენტინამ უკრაინაში უკვე გაგზავნა ორი მრავალმხრივი MI-171E ტიპის ვერტმფრენი, რომლებიც ადრე რუსეთში იყო შეძენილი.   

უკრაინას წელიწადში 2 მილიონი დრონის წარმოება შეუძლია - ფედოროვი

უკრაინის ვიცე პრემიერმა მიხაილო ფედოროვმა განაცხადა, რომ უკრაინას წელიწადში 2 მილიონი უპილოტო საფრენი აპარატის წარმოება შეუძლია ამერიკის შეერთებული შტატების, დასავლური ქვეყნების მთავრობებისა და მოქალაქეების ფინანსური მხარდაჭერით. ეს დღეს არსებული წარმოების გაორმაგებას ნიშნავს. ვიცე-პრემიერი აღნიშნავს, რომ არსებობს ყველა ტიპის დრონის წარმოების გაზრდის პოტენციალი, თუმცა, მისივე თქმით, საჭირო კომპონენტები უცხოეთიდან მუდმივად უნდა შემოდიოდეს.  „ჩვენ ბაზრის იმდენად გაფართოება მოვახერხეთ, რომ შეგვიძლია, ერთ ან თუნდაც ორ მილიონზე მეტი დრონი ვაწარმოოთ წელიწადში,“ - ამბობს უკრაინის ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრი.  

აშშ-მ სანქციები დაუწესა რუსებს, რომლებიც პროპაგანდას ავრცელებდნენ და ქსელს, რომელიც ირანში რაკეტების წარმოებას აფინანსებდა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ახალი სანქციები დაუწესა რუსებს, რომლებიც ლათინურ ამერიკაში, ახლო აღმოსავლეთსა და ევროპაში პროპაგანდასა და ყალბ ინფორმაციას ავრცელებდნენ. ამის შესახებ აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ განაცხადა. აშშ-ის ფინანსთა დეპარტამენტის საგარეო აქტივების კონტროლის ოფისმა (OFAC) დააწესა სანქციები ორი ფიზიკური და ორი იურიდიული პირის წინააღმდეგ, რომლებიც "საინფორმაციო მომსახურებას" უწევდნენ რუსეთის მთავრობას. „მოსკოვი იყენებს უამრავ ინსტრუმენტს, მათ შორის, მავნე გავლენის კამპანიებს და უკანონო კიბერ აქტივობებს, რათა ძირი გამოუთხაროს შეერთებული შტატების და მისი მოკავშირეებისა და პარტნიორების ინტერესებს, განსაკუთრებით ლათინურ ამერიკაში, ახლო აღმოსავლეთსა და ევროპაში," - ნათქვამია ინფორმაციაში. გარდა მისა, აშშ-მ ახალი სანქციები დაუწესა ქსელს, რომელიც ირანში რაკეტების წარმოებას აფინანსებდა. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის საგარეო აქტივების კონტროლის ოფისმა (OFAC) სანქციები დააწესა სამი შესყიდვის ქსელის წინააღმდეგ, რომლებიც ირანში, თურქეთში, ომანსა და გერმანიაშია დაფუძნებული. უწყების ცნობით, ისინი მხარს უჭერდნენ ირანის ბალისტიკურ რაკეტებს, ბირთვულ და თავდაცვის პროგრამებს, ასევე, ყიდულობდნენ ნახშირბადის ბოჭკოებს, ეპოქსიდურ ფისებს და სხვა მასალებს რაკეტებისთვის, რომლებსაც ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის აეროკოსმოსური ჯიჰადის ორგანიზაცია, ირანის თავდაცვისა და ლოგისტიკის სამინისტრო და სანქცირებული სხვა სუბიექტები იყენებდნენ.  

ესპანეთი უკრაინას Leopard 2A4-ის ტიპის 20 ტანკს გაუგზავნის

ესპანეთმა უკრაინაში ტანკების ახალი პარტიის მიწოდება დაამტკიცა. მედიის ცნობით, უკრაინას Leopard 2A4-ის ტიპის 20 ტანკი მიეწოდება. გასულ ზაფხულს ესპანეთმა უკრაინას ასეთი ტიპის ტანკები უკვე გაუგზავნა.    

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა რეზოლუცია, რომლითაც რუსეთის მიერ უკრაინელი ბავშვების გატაცებას გმობს

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა ორპარტიული რეზოლუცია, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინელი ბავშვების გატაცებას გმობს. რეზოლუციის თანაავტორმა, დემოკრატმა კონგრესმენმა, სიუზან უაილდმა განაცხადა, რომ რუსეთის ქმედებები ბავშვების წინააღმდეგ გენოციდის შესახებ საერთაშორისო კონვენციას არღვევს. „უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ძალადობის კამპანიაში ბავშვების წინააღმდეგ დანაშაულები ყველაზე ამაზრზენი ასპექტია,“ – აღნიშნა კონგრესმენმა. უაილდი ამბობს, რომ ის კოლეგებთან ერთად გააგრძელებს მუშაობას, რათა რეზოლუციამ კონგრესისგან სრული მხარდაჭერა მიიღოს. „რუსეთი ცდილობს, გაანადგუროს უკრაინელი ბავშვების თაობა,“ – აღნიშნა კონგრესმენმა. უკრაინელი მოზარდები, რომლებიც გადაურჩნენ რუსეთის მიერ გატაცებასა და წამებას, აშშ-ის ჰელსინკის კომისიას იანვარში, მოსმენების დროს ჩვენება მისცეს. რეზოლუციის საბოლოოდ დასამტკიცებლად კონგრესის ორივე პალატის მხარდაჭერა იქნება საჭირო. უკრაინის მთავრობის შეფასებით, რუსეთის ხელისუფლებამ 2022 წელს უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ 19500-ზე მეტი ბავშვის დეპორტაცია მოახდინა და/ან იძულებით გადაასახლა. ჰააგის სასამართლოს ლვოვა-ბელოვას და პუტინის დაკავების ორდერები აქვს გაცემული უკრაინიდან ბავშვების უკანონო დეპორტაციის გამო.  

ნიდერლანდები უკრაინისთვის F-16-ების საბრძოლო მასალისა და დრონების შესაძენად, 350 მილიონ ევროზე მეტს გამოყოფს

ნიდერლანდები უკრაინისთვის F-16 ტიპის თვითმფრინავების საბრძოლო მასალის შესაძენად 150 მილიონ ევროზე მეტს გამოყოფს, დრონების შესაძენად კი - 200 მილიონ ევროზე მეტს. ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა, კაისა ოლონგრენმა განაცხადა. ნიდერლანდები F-16-ისთვის ჰაერი-მიწა კლასის საბრძოლო მასალას შეიძენს. გარდა ამისა, ქვეყანა რუმინეთში უკრაინელი და რუმინელი პილოტების მოსამზადებლად ადრე დაპირებულ F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებს გაგზავნის. „ეს ეხება არამხოლოდ თავად თვითმფრინავს, არამედ მასთან დაკავშირებულ ყველა სათადარიგო ნაწილს და საბრძოლო მასალას,“ - აღნიშნულია ოლონგრენის განცხადებაში. ნიდერლანდები ასევე 200 მილიონ ევროზე მეტს გამოყოფს დრონებისთვის. კერძოდ, იგეგმება მნიშვნელოვანი რაოდენობის სათვალთვალო-სადაზვერვო დანიშნულების დრონების შეძენა და უკრაინაში გაგზავნა. ეს კეთდება სხვა პარტნიორებთან და უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან კონსულტაციების შემდეგ. ”ეს დრონები უკვე გამოიყენება და კარგად წარმოაჩინეს თავი ბრძოლის ველზე,” - განაცხადა ოლონგრენმა.  

კანადამ უკრაინას $1.5 მილიარდი გამოუყო

უკრაინამ კანადისგან, ფინანსური დახმარების სახით, 2 მილიარდი კანადური დოლარი (1.5 მილიარდი აშშ დოლარი) მიიღო. ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა განაცხადა. შმიგალის თქმით, თანხები დაეხმარება უკრაინის მთავრობას დეფიციტის, კერძოდ სოციალური დახმარების პროგრამების დაფინანსებაში. „მადლობელი ვართ კანადელი ხალხისა და მთავრობის, რომლებიც ამ რთულ დროს ჩვენს საიმედო მოკავშირეებად რჩებიან,“ - წერს შმიგალი.   უკრაინის მთავრობის მეთაურის ინფორმაციით, ქვეყანაში რუსეთის შეჭრის შემდეგ კანადის ფინანსური დახმარების მთლიანი მოცულობა თითქმის 7 მილიარდ კანადურ დოლარს (5 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი) შეადგენს.