ძებნის რეზულტატი:

ყოვლად მიუღებელი და უკანონოა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება - პრეზიდენტი

საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება ყოვლად უკანონო და მიუღებელია. ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებაში, რომელსაც პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. პრეზიდენტი მიმართავს საერთაშორისო საზოგადოებას, სათანადო რეაგირება მოახდინოს რუსეთის უკანონო და ქვეყნის სუვერენიტეტის შემლახავ ქმედებებზე. „ყოვლად მიუღებელი და უკანონოა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება. ეს კიდევ ერთხელ უხეშად ლახავს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და სრულად ეწინააღმდეგება საერთაშორისო ნორმებს. დღეს, როცა კვლავ ოკუპირებულია აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი, მივმართავ საერთაშორისო საზოგადოებას, სათანადო რეაგირება მოახდინოს რუსეთის ფედერაციის ამ უკანონო და ქვეყნის სუვერენიტეტის შემლახავ ქმედებებზე,” - ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში. ადმინისტრაციის ცნობით, აღნიშნული საკითხი საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა NATO-ს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრისას დააყენა და კიდევ ერთხელ დაგმო.  

პაკისტანმა ავღანეთის ტერიტორიაზე საჰაერო იერიში მიიტანა

ავღანეთის თალიბანის გაერთიანება, რომელიც ქვეყანას მართავს, იტყობინება, რომ რამდენიმე ადამიანი დაიღუპა პაკისტანის მიერ ავღანეთის ტერიტორიაზე განხორციელებული საჰაერო იერიშის შედეგად. 18 მარტს ავღანეთის თალიბანის მთავრობამ განაცხადა, რომ პაკისტანის სამხედრო თვითმფრინავებმა ავღანეთის ტერიტორიაზე დაბომბეს პაკისტანის თალიბანის - „თეჰრიქ-ე თალიბანის“ (TTP) „მეამბოხეთა თავშესაფრები.“ ამავე ცნობით, თავდასხმის შედეგად, დაიღუპა სულ მცირე რვა სამოქალაქო პირი, მათ შორის, სამი ბავშვი. ავღანეთის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ზაბიჰულა მუჯაჰიდმა განაცხადა, რომ აფეთქებები მოხდა ფაქთიკის და ხოსტის პროვინციებში. პაკისტანის მთავრობა ამ იერიშის შესახებ დუმს, მაგრამ პაკისტანელი მოხელეები, რომლებიც ვინაობას არ ამხელენ, იტყობინებიან, რომ იერიშის სამიზნე იყო სახლი „თეჰრიქ-ე თალიბანის“ ერთ-ერთი მეთაურის, აბდულა შაჰისა, რომელიც, ზოგიერთი მონაცემით, ავღანეთს აფარებს თავს. პაკისტანმა მეზობელ ირანზე საპასუხო სარაკეტო იერიში მიიტანა  

„ზოგიერთი ორგანიზაცია კვლავ აგზავნის არასასურველ სარეკლამო SMS-ებს" - პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური

არასასურველი სარეკლამო SMS-ების გაგზავნის შეზღუდვის მიუხედავად, პირდაპირი მარკეტინგის მიზნით, პერსონალურ მონაცემთა სავარაუდო უკანონო დამუშავების ფაქტების არსებობაზე განცხადება გაავრცელა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა. როგორც ის აღნიშნავს, ამ პრობლემით სამსახურს მოქალაქეებმა მიმართეს. „სამსახური დადგენილ ვადებში განიხილავს სათანადო წესით წარმოდგენილ თითოეულ განცხადებას და შეაფასებს მათში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს,“ - ნათქვამია განცხადებაში. „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონი 1 მარტიდან მოქმედებს. მონაცემთა პირდაპირი მარკეტინგის მიზნით დამუშავება დასაშვებია მხოლოდ ინფორმირებული, კონკრეტული, თავისუფალი, მკაფიო, აქტიური ქმედებით გამოხატული თანხმობის საფუძველზე. „ზოგიერთი ორგანიზაცია კვლავ აქტიურად აგრძელებს მონაცემთა სუბიექტების სარგებლობაში არსებულ სატელეფონო ნომრებზე სარეკლამო შინაარსის მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნას. ამგვარი ქმედება კანონიერად მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიჩნევა, თუ იგი სატელეფონო ნომრით მოსარგებლე პირის მიერ გაცემული შესაბამისი თანხმობის საფუძველზე ხორციელდება," - ვკითხულობთ განცხადებაში. კანონის თანახმად, თუკი სარეკლამო შეტყობინების გაგზავნის წესი დაირღვევა, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური მიმართვის საფუძველზე განიხილავს საჩივარს და დააკისრებს ჯარიმას, რომლის ოდენობაა: 500 ათას ლარამდე ბრუნვის მქონე კომპანიაზე ან მეწარმეზე - 2000 ლარი; უფრო დიდი ბრუნვის მქონე კომპანიებისთვის - 3000 ლარი; დამამძიმებელი გარემოების აღმოჩენის შემთხვევაში ჯარიმები იზრდება. მნიშვნელოვანი გარემოებები: ადამიანს ნებისმიერ დროს შეუძლია, მოითხოვოს ინფორმაცია, რა წყაროებითაა მოპოვებული მისი საკონტაქტო მონაცემები; თუ თქვენ უარს არ იტყვით სარეკლამო შეტყობინების მიღებაზე, ამას კომპანია თანხმობად ვერ ჩათვლის.

პრეზიდენტმა NATO-ს გენერალური მდივანი ორბელიანების სასახლეში მიიღო

საქართველოს პრეზიდენტმა NATO-ს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს ორბელიანების სასახლეში უმასპინძლა და საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესსა და მიღწეული პროგრესის შესახებ ისაუბრა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, საუბარი შეეხო უკრაინაში მიმდინარე ომს, რუსეთის აგრესიას და საერთაშორისო პარტნიორებისა და თანამეგობრობის მხრიდან უკრაინის მიმართ სოლიდარობის მნიშვნელობასა და საჭიროებას. ასევე, უკრაინის ომისა და რუსეთის აგრესიული ქმედებების გამო რეგიონში გაზრდილი საფრთხეების ფონზე, მხარეებმა ხაზი გაუსვეს შავი ზღვის უსაფრთხოების მნიშვნელობას. NATO-ს გენერალურმა მდივანმა პრეზიდენტთან შეხვედრისას კიდევ ერთხელ დააფიქსირა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერა. შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ეს უხეშად ლახავს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და სრულად ეწინააღმდეგება საერთაშორისო ნორმებს. პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მდგომარეობაზე, ბიჭვინთის აგარაკების, ოჩამჩირეში სამხედრო-საზღვაო ფლოტისა და სოხუმის აეროპორტის საკითხზე.      

მდინარაძე: ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონპროექტს მიმდინარე კვირაში დავაინიცირებთ

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონპროექტი პარლამენტში მიმდინარე კვირაში დაინიცირდება. 18 მარტს, "ქართული ოცნების" მთავარ ოფისში გამართული პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ, მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ოპონენტები "დაურეგისტრირბელი კანონპროექტის წინააღმდეგ საბრძოლველად ემზადებიან." „როგორც უკვე ჩვენ ორი კვირის წინ დავაანონსეთ და გამოხმაურება ჩვენი ოპონენტების მხრიდან არ ყოფილა, გარდა ირიბი დათანხმებისა ლგბტ პროპაგანდის მხარეს დგომაზე, ჩვენ დავაინიცირებთ მიმდინარე კვირაში კანონპროექტს ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ,“ - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ. "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა ისაუბრა ტრენინგებზე, რომელიც მისივე ინფორმაციით, "პრაიდის" ორგანიზებითა და გაეროს განვითარების ფონდის დაფინანსებით გაიმართა. მდინარაძემ მოუწოდა გაეროს განვითარების ფონდს და სხვა დონორ ორგანიზაციებს, კარგად გაერკვნენ, რას აფინანსებენ რეალურად. „როგორც იცით, ამით ჩვენი ოპონენტები დაინტერესდნენ და ჯერ კიდევ დაურეგისტრირბელი კანონისწინააღმდეგ საბრძოლველად ემზადებიან. მათ ჩაუტარდათ ტრენინგები. ტრენინგები პრაიდის ორგანიზებითა და გაეროს განვითარების ფონდის დაფინანსებით გაიმართა, რაზეც პრაიდის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ სემინარი რუსული დეზინფორმაციის წინააღმდეგ ტარდებოდა, ხოლო გაეროს განვითარების ფონდმა თქვა, რომ მათ დააფინანსეს ტრენინგები, რომლებიც უმცირესობების უფლებებს ეხებოდა. სინამდვილეში, სასაუბრო თემა ფსევდოლიბერალური პროპაგანდის დაცვა იყო და ამის შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტებმა თავიდანვე გაავრცელეს. მოვუწოდებთ როგორც გაეროს განვითარების ფონდს, ასევე, სხვა დონორ ორგანიზაციებს, კარგად გაერკვნენ, რეალურად რას აფინანსებენ. ეს იმისთვის, რომ უმცირესობების უფლებები ლგბტ პროპაგანდის მავნე შედეგებში არ ავურიოთ,“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) განმარტებით, უდიდეს ყურადღებას უთმობს ადამიანის უფლებების, თანასწორობისა და ჩართულობის პრინციპების დაცვას ყველგან და ყველასთვის. „გაერთიანებული ერების ორგანიზაცია ეფუძნება ადამიანის უფლებების საყოველთაო დეკლარაციის პრინციპებს, რაც ჩვენი საქმიანობის საყრდენს წარმოადგენს. UNDP-ის ხელშეწყობით მუდმივად ტარდება სხვადასხვა სახის ღონისძიებები, სემინარები თუ ტრენინგი, რომლებიც დისკუსიისა და მსჯელობის სივრცეს ქმნის ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებზე, მათ შორის, უმცირესობათა უფლებების დაცვაზე, ამ პროცესში სახელმწიფოს როლის გაძლიერებაზე, ქალებისა და ახალგაზრდობის ჩართულობაზე, თუ დეზინფორმაციასა და მცდარ ინფორმაციასთან ბრძოლაზე. შეხვედრებში მონაწილეობენ როგორც სამოქალაქო საზოგადოების, ისე სამთავრობო უწყებების, ადგილობრივი თვითმმართველობის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენელები. ჩვენი მიზანია, კონსტრუქციული მსჯელობის ხელშეწყობა ადამიანის უფლებების დაცვის შესახებ. 2024 წლის 15-17 მარტის შეხვედრა, რომელიც UNDP-ის ხელშეწყობითა და არასამთავრობო ორგანიზაცია „თბილისი პრაიდთან“ თანამშრომლობით გაიმართა, სწორედ ასეთი სემინარების რიცხვს მიეკუთვნება. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს რეგიონული მედიის წარმომადგენლები. სემინარზე გამართული მსჯელობა შეეხო ეთიკური მედია გაშუქების საკითხებს, მედიის როლს ადამიანის უფლებების დაცვასა და სწორი ინფორმაციის გავრცელებაში. მონაწილეებმა ასევე იმსჯელეს უმცირესობათა უფლებების დაცვაზე, მათ შორის ლგბტქი+ თემის უფლებებზე და დეზინფორმაციის საფრთხეებზე,“ ნათქვამია კომენტარში, რომელიც UNDP-მ Europetime-ს მიაწოდა.  

ევროკავშირი უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის დამატებით 5 მილიარდ ევროს გამოყოფს

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომაზე, რომელშიც უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელიც მონაწილეობდა, ევროპის მშვიდობის ფონდის ფარგლებში, უკრაინის სამხედრო მხარდაჭერისთვის დამატებით 5 მილიარდი ევროს გამოყოფის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღეს. განცხადებას უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ევროკავშირი უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის დამატებით 5 მილიარდ ევროს გამოყოფს.  უკრაინისთვის დამატებით 5 მილიარდი ევროს გამოყოფა და ევროპის მშვიდობის ფონდის ფარგლებში უკრაინის დახმარების ფონდის შექმნის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება ევროკავშირის საბჭომაც გამოაცხადა. „ევროკავშირი თავის ვალდებულებებს ასრულებს. უკრაინის დახმარების ფონდი ჩვენს სიტყვებს ქმედებად აქცევს. ფონდის დახმარებით რუსული აგრესიისგან თავდაცვაში უკრაინის მხარდაჭერას ყველა საშუალებით იქამდე გავაგრძელებთ, სანამ საჭირო იქნება,“ - განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა. ევროკავშირის ელჩები უკრაინისთვის 5 მილიარდი ევროს სამხედრო დახმარების უზრუნველყოფაზე 13 მარტს შეთანხმდნენ.  

შოლცი პუტინისთვის არჩევნების შედეგების მილოცვას არ აპირებს

ბერლინში მიიჩნევენ, რომ რუსეთში ჩატარებული არჩევნები არც თავისუფალი და არც დემოკრატიული ყოფილა. შესაბამისად, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი რუსეთის პრეზიდენტს არჩევნებში გამარჯვებას არ მიულოცავს. შოლცის პრესმდივნის, კრისტინა ჰოფმანის თქმით, არჩევნების შედეგები წინასწარვე იყო ცნობილი. „ეს არ იყო დემოკრატიული და თავისუფალი არჩევნები. რუსეთში ახლა დიქტატურაა და მას მართავს პუტინი ავტორიტარულ რეჟიმში,“ – განაცხადა ჰოფმანმა. მანამდე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა აღნიშნა, რომ რუსეთში ჩატარებულ არჩევნებზე ხალხს არჩევანის გაკეთების საშუალება არ ჰქონდა.  

პოლონეთი და გერმანია უკრაინის მხარდასაჭერად, ჯავშანტექნიკის კოალიციას ქმნიან

პოლონეთი და გერმანია შექმნიან ჯავშანტექნიკის კოალიციას, რომელიც უკრაინის მხარდაჭერისკენ იქნება მიმართული, აცხადებს პოლონეთის თავდაცვის მინისტრი ვლადისლავ კოსინიაკ კამიში. მისი თქმით, ევროპაში სწრაფი რეაგირების ძალებზე პასუხისმგებლობას პოლონეთი და გერმანია იღებენ. „ივლისიდან ჩვენი საბრძოლო ჯგუფები, რომლებიც შედგება 2,500 პოლონელი ჯარისკაცისგან და 2,500 გერმანელი ჯარისკაცისგან, მზადყოფნაში იქნება სწრაფი რეაგირებისთვის. ეს არის ძალები, რომლებიც ასრულებენ სტრატეგიული კომპასის ამოცანებს," - აღნიშნა კოსინიაკ კამიშმა. კერძოდ, 26 მარტს ვარშავაში, პოლონეთი და გერმანია ააქტიურებენ ჯავშანტექნიკის კოალიციას უკრაინის მხარდასაჭერად. „მეტი პარტნიორი უკვე დარეგისტრირდა. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კოალიცია," - აღნიშნა კამიშმა. უკრაინაში ჯარების გაგზავნასთან დაკავშირებით თებერვლის ბოლოს საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა არ გამორიცხა, რომ დასავლეთის ქვეყნებს შეეძლოთ ჯარის გაგზავნა უკრაინის დასახმარებლად. თუმცა, მისი თქმით, ამ საკითხზე კონსენსუსი არ არსებობს. მოგვიანებით, საფრანგეთის ლიდერმა რამდენჯერმე განმარტა, რომ უკრაინაში ძალების გაგზავნა შესაძლოა, საჭირო გახდეს. ბოლოს, მაკრონმა ასეთი განცხადება 17 მარტს გააკეთა. NATO-ს რამდენიმე ქვეყანა ეწინააღმდეგებოდა ამ იდეას, მათ შორის გერმანია, ჩეხეთი, ბულგარეთი, პოლონეთი, ესპანეთი და იტალია. თუმცა, არის ქვეყნები, რომლებსაც სურთ, განიხილონ ასეთი შესაძლებლობა, მათ შორის, ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი.   

ჩრდილოეთმა კორეამ რუსეთში საბრძოლო მასალებით დატვირთული დაახლოებით 7000 კონტეინერი გააგზავნა - სეული

სამხრეთ კორეის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ 2023 წლიდან ჩრდილოეთმა კორეამ რუსეთში გაგზავნა დაახლოებით 7 ათასი კონტეინერი, რომლებიც დატვირთული იყო საბრძოლო მასალითა და სხვა სამხედრო აღჭურვილობით. ამასთან, ჩრდილოეთ კორეა თავდაპირველად გემებს იყენებდა, მაგრამ ახლა სულ უფრო ხშირად მიმართავს სარკინიგზო საშუალებებს იარაღის ტრანსპორტისთვის. თავდაცვის მინისტრმა ეს განცხადება გააკეთა რამდენიმე საათში მას შემდეგ, რაც სამხრეთ კორეის სამხედროებმა განაცხადეს, რომ ფხენიანმა იაპონიის ზღვისკენ მოკლე რადიუსის ბალისტიკური რაკეტები გაუშვა. შინ უონ-სიკის თქმით, ფხენიანმა, სავარაუდოდ, რუსეთისგან სამხედრო მხარდაჭერის სანაცვლოდ 9000-ზე მეტი კონტეინერი დახმარების სახით მიიღო. აშშ-მ და სამხრეთ კორეამ ადრე ჩრდილოეთ კორეა დაადანაშაულეს უკრაინის ომის დროს რუსეთისთვის ჭურვებისა და სხვა სამხედრო დახმარების გაგზავნაში. როგორც რუსეთმა, ასევე ჩრდილოეთ კორეამ უარყვეს ეს ბრალდებები. თებერვალში The New York Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთმა, საბრძოლო მასალის სანაცვლოდ, ჩრდილოეთ კორეას გლობალურ ფინანსურ სისტემაზე წვდომის საშუალება მისცა და ასევე განბლოკა ჩრდილოეთ კორეის ზოგიერთი აქტივი, რომელიც გაეროს სანქციებს ექვემდებარებოდა.  

ISW: პუტინი ცდილობს, საარჩევნო „რეკორდი“ უკრაინაში ხანგრძლივი ომისთვის გამოიყენოს

ამერიკული ანალიტიკური ცენტრი ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) შეფასებით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, რომელმაც ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, 15-17 მარტის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 87%-ით გაიმარჯვა, ცდილობს, ეს შედეგი უკრაინაში ხანგრძლივი ომისთვის გამოიყენოს.  18 მარტს რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ელა პამფილოვამ განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინის შედეგი და ამომრჩეველთა აქტივობა(77,44%) რუსეთის უახლეს ისტორიაში „სარეკორდო“ და „უპრეცედენტო“ მაჩვენებელია. რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი, ოფიციალური შედეგების გამოცხადება 18 მარტს დაემთხვა, როცა რუსეთში ყირიმის „დაბრუნების“ მეათე წლისთავს აღნიშნავდნენ. რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემების მიხედვით, პუტინმა 2014 წლიდან ანექსირებულ ყირიმში და უკრაინის წინააღმდეგ 2022 წლის თებერვალში დაწყებული ომის შედეგად ოკუპირებულ და ანექსირებულ დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონის და ზაპოროჟიეს ოლქებში მიიღო ხმების 88,12%-დან 95,23%-მდე. ამერიკელი ანალიტიკოსები ყურადღებას ამახვილებენ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაზეც, რომ არმიის პირადი შემადგენლობის 97,27%-მა ხმა პუტინს მისცა. ISW წერს, რომ უკრაინის რეგიონებში პუტინის „სარეკორდო“ მხარდაჭერა, როგორც ჩანს, რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ ორგანიზებული გაყალბების და იქ მცხოვრები უკრაინის მოქალაქეების იძულების შედეგია. პუტინმა განაცხადა, რომ ასეთი დიდი მხარდაჭერა მოულოდნელი იყო, აჩვენებს, რომ ხალხი რუსეთის მადლიერია და რუსეთიც ისევ ყველაფერს გააკეთებს მათ „დასაცავად". ამერიკელი ანალიტიკოსების შეფასებით, პუტინი განაგრძობს საინფორმაციო ველის შექმნას დაცვის საბაბით უკრაინაში ხანგრძლივი ომის და ოკუპაციის გასამართლებლად, მაშინ როცა უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე დარჩენილი ადამიანებისთვის რეალური საფრთხე მხოლოდ რუსეთის აგრესიაა. დასავლეთის შეფასებით, არჩევნები ხალხის ნებას არ გამოხატავდა და არ იყო არც სამართლიანი და არც თავისუფალი.  

ჯონ პენელი: ვმუშაობთ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უზრუნველსაყოფად - გრძელვადიანი დამკვირვებლები მომავალ თვეში ჩამოვლენ

„ვმუშაობთ დასახმარებლად, რომ უზრუნველყოფილი იქნას თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ოქტომბერში - ჩვენ არ ვართ ორიენტირებული შედეგზე, არამედ, რა თქმა უნდა, მხოლოდ პროცესზე,“ -USAID-ის კავკასიის მისიის დირექტორ ჯონ პენელმა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ მომავალ თვეში საქართველოში საერთაშორისო გრძელვადიანი დამკვირვებლები ჩამოვლენ. „დეკემბერში საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მინიჭების შემდეგ, ჯერ კიდევ რჩება ცხრა პუნქტი, რომლებზეც საქართველოს მთავრობამ უნდა იმუშაოს. USAID, ისევე როგორც შეერთებული შტატების მთავრობა უფრო ფართოდ, ევროკავშირი და ბევრი საერთაშორისო ორგანიზაცია, საქართველოს მთავრობასთან მუშაობს ზოგიერთ დარჩენილ პუნქტზე, მათ შორის, სასამართლო რეფორმის მიმართულებით და ბევრ სხვა სფეროში. ასევე, ვმუშაობთ იმაში დასახმარებლად, რომ უზრუნველყოფილი იქნას თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ოქტომბერში, დავეხმაროთ კანონის უზენაესობისა და სასამართლო სექტორში არსებული საკითხების მოგვარებაში, დავეხმაროთ დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლაში ან ინფორმაციის მანიპულაციის თავიდან აცილებაში. ეს სფეროები მოითხოვს კერძო სექტორთან, სამოქალაქო საზოგადოებასა და მთავრობასთან ერთობლივ მუშაობას. ეს მიმდინარე პროცესებია, რომელთაგან ბევრი ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებამდეც მიმდინარეობდა. საბედნიეროდ, ჩვენ გვაქვს ძალიან ძლიერი საარჩევნო მხარდაჭერის პროგრამა, რომელიც ფოკუსირებულია საქართველოს მთავრობისა და ყველა დაინტერესებული მხარის დახმარებაზე, რათა თავად პროცესი იყოს თავისუფალი და სამართლიანი. ჩვენ არ ვართ ორიენტირებული შედეგზე, არამედ, რა თქმა უნდა, მხოლოდ პროცესზე. ასე რომ, ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან არჩევნების ადმინისტრირების შესაძლებლობის დასახვეწად, განსაკუთრებით, ახალი ელექტრონული ხმების დათვლის გათვალისწინებით, რაც ამ არჩევნებზე მოხდება. ჩვენ მათთან ვთანამშრომლობთ ამომრჩეველთა განათლების პროგრამის ჩაშვებაზე, რათა ამომრჩევლებმა ზუსტად იცოდნენ, რა არის ეს პროცესი. ასევე მუშაობთ საარჩევნო უბნების თანამშრომლებთან მთელი ქვეყნის მასშტაბით იმისთვის, რომ თუ საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველს რაიმე კითხვა ექნება მათ იცოდნენ, როგორ გასცენ პასუხი ამომრჩეველს. ვმუშაობთ როგორც გრძელვადიან, ისე მოკლევადიან სადამკვირვებლო ჯგუფებთან საერთაშორისო და ადგილობრივ დონეზე. „გლობალური დახმარების პოლიტიკის” ფარგლებში, ჩვენ ასევე ვმუშაობთ პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერის მიმართულებით. მათი სურვილის შემთხვევაში, პოლიტიკურ პარტიებს ვეხმარებით პლატფორმის შემუშავებაში სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით და ასევე იმაში, თუ როგორ განავითარონ ურთიერთობა ამომრჩევლის სხვადასხვა სეგმენტთან, რათა რეალურად შეეცადონ შექმნან უფრო ძლიერი დემოკრატიული გარემო იმისთვის, რომ ინდივიდუალურ ამომრჩეველს ჰქონდეს არჩევანის სპექტრი. რამდენიმე კვირის წინ ჩამოსული იყო წინასაარჩევნო შეფასების მისია, რომელსაც “ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტი” [ენ-დი-აი] ხელმძღვანელობდა. დაგეგმილია კიდევ რამდენიმე ასეთი მისია. სადღაც მომავალ თვეში ჩამოვლენ საერთაშორისო გრძელვადიანი დამკვირვებლები. რეალურად ვსაუბრობთ ათასობით დამკვირვებელზე, როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივი წარმომადგენლობით. ამ რაოდენობის უმეტესობა ადგილობრივი ორგანიზაციებიდან იქნება და ეს იქნება ძალიან, ძალიან ძლიერი პროცესი. ეს არის მხოლოდ ის, რასაც შეერთებული შტატების მთავრობა აკეთებს, რა თქმა უნდა, სხვა ორგანიზაციები და სხვა ქვეყნებიც გამოგზავნიან დამკვირვებლებს, რომლებთანაც ძალიან მჭიდროდ ვითანამშრომლებთ,“ - განაცხადა ჯონ პენელმა. ჯონ პენელის თქმით, მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში ცვლილებები დასრულდება და ვაკანტური თანამდებობები შეივსება, იგეგმება მინისტრის მოადგილეების დონეზე შეხვედრები ჩვენი ყველა პროგრამის შესახებ განახლებული ინფორმაციის მისაწოდებლად.  

მიშელი: თუ გვინდა მშვიდობა, უნდა მოვემზადოთ ომისთვის

„თუ ევროპას სურს მშვიდობიანად არსებობა, ის უნდა გადავიდეს „ომის ეკონომიკის“ რეჟიმში და მნიშვნელოვნად გააძლიეროს თავდაცვის შესაძლებლობები რუსეთისგან მომდინარე საფრთხის წინაშე,“ განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა 18 მარტს. რამდენიმე ევროპულ გაზეთში გამოქვეყნებულ სტატიაში, მიშელმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის ქვეყნებმა უნდა აიღონ პასუხისმგებლობა საკუთარ უსაფრთხოებაზე, რადგან ისინი ებრძვიან უსაფრთხოების უდიდეს გამოწვევას მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. „თუ ჩვენ სწორად არ ვუპასუხებთ გამოწვევებს და არ მივცემთ უკრაინას საკმარის მხარდაჭერას რუსეთის შესაჩერებლად, ჩვენ ვიქნებით შემდეგნი. ამიტომ, ჩვენ მზად უნდა ვიყოთ თავდაცვისთვის და გადავიდეთ „ომის ეკონომიკის“ რეჟიმში,“ - წერს მიშელი. მისი შეფასებით, „რუსეთი სერიოზული სამხედრო საფრთხეა ევროპის კონტინენტისა და გლობალური უსაფრთხოებისთვის.“ "თუ ჩვენ გვინდა მშვიდობა, ჩვენ უნდა მოვემზადოთ ომისთვის,“ წერს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი. „მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვაძლიერებთ თავდაცვისუნარიანობას, ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ უკრაინა მიიღებს იმას, რაც მას სჭირდება ბრძოლის ველზე,“ აღნიშნა შარლ მიშელმა და ხაზი გაუსვა, რომ „უკრაინელ ჯარისკაცებს სასწრაფოდ სჭირდებათ ტყვიები, რაკეტები და საჰაერო თავდაცვის სისტემები ცის გასაკონტროლებლად. „ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ევროპული ბიუჯეტი უკრაინისთვის სამხედრო აღჭურვილობის შესაძენად და გამოვიყენოთ რუსეთის იმობილიზებული აქტივებიდან მიღებული მოგება უკრაინისთვის იარაღის შესაძენად,“ წერს მიშელი.  

ირაკლი კობახიძე ილია თოფურიას შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე UFC-ის ჩემპიონს ილია თოფურიას შეხვდა. მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, ირაკლი კობახიძემ სპორტსმენს გამარჯვება მიულოცა და აღნიშნა, რომ საქართველოსა და ქართველი ხალხისთვის მისი გამარჯვება ძალიან საამაყო და მნიშვნელოვანია.   ირაკლი კობახიძე ილია თოფურიას სამომავლო გეგმებითაც დაინტერესდა და წარმატებები უსურვა. ჩემპიონთან საუბრისას პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ ესპანეთის მოქალაქეობის მინიჭების პარალელურად მნიშვნელოვანია, რომ მას შეუნარჩუნდეს საქართველოს მოქალაქეობა. ირაკლი კობახიძე იუსტიციის სამინისტროსა და პრეზიდენტს მიმართავს, რათა ყველაფერი გაკეთდეს ილია თოფურიასთვის მოქალაქეობის შესანარჩუნებლად. UFC-ის ჩემპიონი, რომელიც საქართველოში პრემიერ-მინისტრის მოწვევით ჩამოვიდა, 21 მარტს საქართველო-ლუქსემბურგის საფეხბურთო მატჩზე საჩემპიონო ქამარს წარადგენს,“ ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

სირსკი: მტერზე უპირატესობის მოსაპოვებლად, ასიმეტრიულ გადაწყვეტილებებს ვეძებთ

უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდლობა უკრაინის არმიაში ინოვაციური ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების დანერგვის დაჩქარებაზე მუშაობს. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ალექსანდრ სირსკიმ განაცხადა. მან ხაზი გაუსვა, რომ ტექნოლოგია და ტექნოლოგიური ეფექტიანობა, მტერზე უპირატესობის მოპოვების გასაღებია. „უპილოტო სისტემები აქ მთავარ როლს თამაშობს. ამიტომ, უპილოტო სისტემების გამოყენების განვითარება ჩემი პრიორიტეტია," - აღნიშნა სირსკიმ. „კერძოდ, უკრაინის შეიარაღებული ძალები აღჭურვილი უნდა იყოს ყველაზე ეფექტიანი და უახლესი იარაღით. განსაკუთრებული აქცენტი კეთდება სპეციალისტების მომზადებაზე ელექტრონულ ომში, უპილოტო სისტემებში, ავტომატური მართვის სისტემებში და ა.შ." - აღნიშნა სირსკიმ. მან განმარტა, რომ თავის გუნდთან ერთად ეძებს ასიმეტრიულ გადაწყვეტილებებს რიცხობრივად აღმატებულ მტერზე თვისებრივი უპირატესობის მოსაპოვებლად. „ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანა, რომელიც უნდა შესრულდეს ტექნოლოგიებისა და ინოვაციების მიერ, არის ჩვენი ჯარისკაცების სიცოცხლის გადარჩენა," - განმარტა სირსკიმ.  

Bloomberg: ევროკავშირმა რუსული აქტივების უკრაინისთვის გამოყენების წინადადება მოამზადა

ევროკავშირმა მოამზადა საკანონმდებლო წინადადება, რომლის მიხედვითაც, უკრაინა რუსეთის გაყინული სუვერენული აქტივებიდან შემოსავლის მიღებას ივლისიდან დაიწყებს. Bloomberg-ის ცნობით, საუბარია წელიწადში დაახლოებით 3 მილიარდი ევროს გამოყენებაზე უკრაინაში იარაღის მიყიდვისა და მისი თავდაცვის ინდუსტრიის განვითარების დასაფინანსებლად. წინადადების თანახმად, 15 თებერვლის შემდეგ მიღებული შემოსავლების ჯერჯერობით განსაზღვრული წილი გადაეცემა ევროკავშირს წელიწადში ორჯერ, ვიდრე რუსეთზე სანქციები არ გაუქმდება. თავდაპირველად, თანხები გადაირიცხება ევროპის მშვიდობის ფონდში, კიევისთვის მიწოდებული იარაღის ღირებულების ანაზღაურებისთვის, ასევე, უკრაინის ფონდისთვის ევროკავშირის ბიუჯეტში. მოგების ნაწილი დარჩება ცენტრალურ დეპოზიტარებში, რომლებიც რეზერვებს აქტივების მართვის ხარჯებისა და ნებისმიერი რისკის დასაფარად ინახავენ, მათ შორის, რუსეთის მხრიდან პოტენციური ანგარიშსწორების ჩათვლით. 18 მარტს, ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე, ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა განიხილეს რუსეთის ფედერაციის გაყინული აქტივებიდან მიღებული შემოსავლების უკრაინის სასარგებლოდ გამოყენება, მაგრამ გადაწყვეტილება არ მიუღიათ. მანამდე პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ განაცხადა, რომ უმჯობესი იქნება ევროკავშირში გაყინული რუსული ფული უკრაინის დაცვაზე დაიხარჯოს და არა მისი აღდგენისთვის.  

მაკრონს აქვს სრული უფლება, თავისი ჯარების უკრაინაში გაგზავნა განიხილოს - სალივანი

როგორც სუვერენული სახელმწიფოს ლიდერს, საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს აქვს სრული უფლება, განიხილოს თავისი ჯარების უკრაინაში გაგზავნა. ამის შესახებ თეთრის სახლის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანმა განაცხადა. „პრეზიდენტ მაკრონის სახელით ვერ ვისაუბრებ. ცხადია, ის აგრძელებს თავისი მოსაზრებების საჯაროდ განხილვას და ცხადია, მას ამის სრული უფლება აქვს," - აღნიშნა სალივანმა. ამასთან, მან გაიხსენა, რომ შეერთებულმა შტატებმა მკაფიოდ დააფიქსირა თავისი პოზიცია, რომ არ აპირებს ჯარების გაგზავნას უკრაინაში, და რომ პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ფაქტობრივად გაიმეორა ეს ამერიკელი ხალხის წინაშე. „ჩვენ ამ პოზიციაზე ვრჩებით,“აღნიშნა სალივანმა. მაკრონმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ უკრაინაში დასავლური ჯარების გაგზავნა შესაძლოა, საჭირო გახდეს  

ერდოღანმა პუტინს მიულოცა და სამშვიდობო მოლაპარაკებებზე ესაუბრა

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სატელეფონო საუბრისას ვლადიმერ პუტინს განუცხადა, რომ თურქეთი მზად არის, შუამავლის როლი შეასრულოს უკრაინისა და რუსეთის მოლაპარაკებების მაგიდასთან დასაბრუნებლად. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტის კომუნიკაციების დირექტორატმა X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში განაცხადა. იტყობინება Ukrinform-ი. „თურქეთი მზადაა, ფასილიტატორის როლი შეასრულოს უკრაინასთან მოლაპარაკების მაგიდასთან დასაბრუნებლად," - ნათქვამია განცხადებაში. ამასთან, თურქული მხარის ცნობით, ერდოღანმა პუტინს „არჩევნებში გამარჯვება“ მიულოცა. ერდოღანმა უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის თურქეთში ოფიციალური ვიზიტის დროს განაცხადა, რომ მისი ქვეყანა ურყევად უჭერს მხარს უკრაინის, მათ შორის, ყირიმის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ერდოღანი პერიოდულად იმეორებს პოზიციას, რომ ანკარა მოლაპარაკებების გზით ომის დასრულების მომხრეა და მზად არის, მხარეებს შესთავაზოს პლატფორმა შესაბამისი „მოლაპარაკებებისთვის.“ ერდოღანი ამბობს, რომ სამშვიდობო გეგმები, რომლებიც გამორიცხავს რუსეთის მონაწილეობას, „არანაირ შედეგს არ გამოიღებს.“  

ირაკლი კობახიძის თქმით, საპატრიარქოს საგანმანათლებლო პროექტების დაფინანსება 5 მლნ-ით გაიზარდა

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საპატრიარქომ შეძლოს საკუთარი პროექტების განხორციელება, განსაკუთრებით საგანმანათლებლო სფეროში. აქედან გამომდინარე, არსებობს 25-მილიონიანი საერთო დაფინანსება, მაგრამ ამის მიღმა, ჯერ კიდევ შარშან, წლევანდელ ბიუჯეტში ჩაიდო 30 მლნ-იანი ასიგნება, რომელიც ხმარდება საპატრიარქოს საგანმანათლებლო პროექტებს და ეს დაფინანსება გაიზარდა დამატებით 5 მლნ-ით,“ - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვის პასუხად განაცხადა. მისივე თქმით, ყველაფერი არის გამჭვირვალე და საუბარია რამდენიმე ათეული საგანმანათლებლო დაწესებულების დაფინანსებაზე. „რაც შეეხება საპატრიარქოს დაფინანსებას, 30 მლნ იყო გამოყოფილი საგანმანათლებლო პროექტების დაფინანსებისთვის, ანუ კონკრეტული მიზნობრიობა აქვს, მიმართულია საპატრიარქოსკენ და მიმართულია კონკრეტულად საპატრიარქოს საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსებისკენ. 30 მლნ იყო გამოყოფილი, თუმცა იყო გარკვეული საჭიროებები, რის გამოც აუცილებელი გახდა 5 მლნ-ით შესაბამისი ბიუჯეტის გაზრდა, რაც მთავრობის განკარგულებით დამტკიცდა. ანუ, მთლიანობაში იყო 30 მილიონიანი დაფინანსება, დავამატეთ 5 მლნ, რაც არის მნიშვნელოვანი, რომ საპატრიარქოს შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამები შესაბამისად განხორციელდეს. ეს დაფინანსება შარშან ჩაიდო წლევანდელ ბიუჯეტში, ამიტომ არჩევნებთან კავშირი არ აქვს, ეს არ არის ახლახანს მიღებული გადაწყვეტილება, უშუალოდ არჩევნებამდე მიღებული გადაწვეტილება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საპატრიარქომ შეძლოს საკუთარი პროექტების განხორციელება, განსაკუთრებით საგანმანათლებლო სფეროში. აქედან გამომდინარე, არსებობს 25-მილიონიანი საერთო დაფინანსება, მაგრამ ამის მიღმა, ჯერ კიდევ შარშან, წლევანდელ ბიუჯეტში ჩაიდო 30 მლნ-იანი ასიგნება, რომელიც ხმარდება საპატრიარქოს საგანმანათლებლო პროექტებს და ეს დაფინანსება გაიზარდა დამატებით 5 მლნ-ით. საჭიროება იყო შესაბამისი, ყველაფერი არის გამჭვირვალე, საუბარია რამდენიმე ათეული საგანმანათლებლო დაწესებულების დაფინანსებაზე, რამდენიმე ათეულ სკოლაზე, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე, სასკოლო დაწესებულებებზე, ანუ მთლიანობაში მოხდა 5 მლნ-ით მათი დაფინანსების გაზრდა,“ - განაცხადა პრემიერმა. პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განკარგულებით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაევალა, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების დაფინანსების პროგრამის 2024 წლის ბიუჯეტიდან 35 მილიონი ლარი მიმართოს საპატრიარქოს მიერ დაფუძნებულ 50 დაწესებულებაზე. დახმარების მიმღებთა შორის არიან საპატრიარქოს დაფუძნებული სკოლები, თბილისისა სასულიერო აკადემია და სემინარია, ახალგაზრდული სახლი, საპატრიარქოს განათლებისა და კულტურული ღონისძიებების განვითარების ფონდი და სხვა. პრემიერ-მინისტრის განკარგულება 15 მარტით არის დათარიღებული. საქართველოდს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო, კონკორდატის შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყოველწლიურად ასევე ფინანსდება 25 მილიონი ლარით.  

UNDP: გაეროს განვითარების პროგრამა ადამიანის უფლებებისა და თანასწორობის პრინციპების დაცვას უდიდეს ყურადღებას უთმობს

გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) განმარტებით, UNDP-ი უდიდეს ყურადღებას უთმობს ადამიანის უფლებების, თანასწორობისა და ჩართულობის პრინციპების დაცვას ყველგან და ყველასთვის. UNDP-ის ხელშეწყობით მუდმივად ტარდება სხვადასხვა სახის ღონისძიებები, სემინარები თუ ტრენინგი, რომლებიც დისკუსიისა და მსჯელობის სივრცეს ქმნის ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებზე, მათ შორის, უმცირესობათა უფლებების დაცვაზე, ამ პროცესში სახელმწიფოს როლის გაძლიერებაზე, ქალებისა და ახალგაზრდობის ჩართულობაზე, თუ დეზინფორმაციასა და მცდარ ინფორმაციასთან ბრძოლაზე.  გაეროს განვითარების პროგრამის განმარტებით, 15-17 მარტის შეხვედრა, რომელიც UNDP-ის ხელშეწყობითა და არასამთავრობო ორგანიზაცია „თბილისი პრაიდთან“ თანამშრომლობით გაიმართა, სწორედ ასეთი სემინარების რიცხვს მიეკუთვნება.  „გაერთიანებული ერების ორგანიზაცია ეფუძნება ადამიანის უფლებების საყოველთაო დეკლარაციის პრინციპებს, რაც ჩვენი საქმიანობის საყრდენს წარმოადგენს. UNDP-ის ხელშეწყობით მუდმივად ტარდება სხვადასხვა სახის ღონისძიებები, სემინარები თუ ტრენინგი, რომლებიც დისკუსიისა და მსჯელობის სივრცეს ქმნის ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებზე, მათ შორის, უმცირესობათა უფლებების დაცვაზე, ამ პროცესში სახელმწიფოს როლის გაძლიერებაზე, ქალებისა და ახალგაზრდობის ჩართულობაზე, თუ დეზინფორმაციასა და მცდარ ინფორმაციასთან ბრძოლაზე. შეხვედრებში მონაწილეობენ როგორც სამოქალაქო საზოგადოების, ისე სამთავრობო უწყებების, ადგილობრივი თვითმმართველობის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენელები. ჩვენი მიზანია, კონსტრუქციული მსჯელობის ხელშეწყობა ადამიანის უფლებების დაცვის შესახებ. 2024 წლის 15-17 მარტის შეხვედრა, რომელიც UNDP-ის ხელშეწყობითა და არასამთავრობო ორგანიზაცია „თბილისი პრაიდთან“ თანამშრომლობით გაიმართა, სწორედ ასეთი სემინარების რიცხვს მიეკუთვნება. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს რეგიონული მედიის წარმომადგენლები. სემინარზე გამართული მსჯელობა შეეხო ეთიკური მედია გაშუქების საკითხებს, მედიის როლს ადამიანის უფლებების დაცვასა და სწორი ინფორმაციის გავრცელებაში. მონაწილეებმა ასევე იმსჯელეს უმცირესობათა უფლებების დაცვაზე, მათ შორის ლგბტქი+ თემის უფლებებზე და დეზინფორმაციის საფრთხეებზე,“ ნათქვამია კომენტარში, რომელიც UNDP-მ Europetime-ს მიაწოდა. შეგახსენებთ, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონპროექტი პარლამენტში მიმდინარე კვირაში დაინიცირდება. 18 მარტს, "ქართული ოცნების" მთავარ ოფისში გამართული პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ, მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ოპონენტები "დაურეგისტრირბელი კანონპროექტის წინააღმდეგ საბრძოლველად ემზადებიან." "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა ისაუბრა ტრენინგებზე, რომელიც მისივე ინფორმაციით, "პრაიდის" ორგანიზებითა და გაეროს განვითარების ფონდის დაფინანსებით გაიმართა. მდინარაძემ „მოუწოდა გაეროს განვითარების ფონდს და სხვა დონორ ორგანიზაციებს, კარგად გაერკვნენ, რას აფინანსებენ რეალურად.“  

ომის თავიდან აცილების მიზნით, აზერბაიჯანთან საზღვრის დელიმიტაცია დაიწყო - ფაშინიანი

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის დაწყების შესახებ განაცხადა. ამის შესახებ სომხეთის მინისტრთა კაბინეტის ხელმძღვანელმა ტავუშის რეგიონის საზღვრისპირა სოფლების მცხოვრებლებთან შეხვედრისას ისაუბრა, იუწყება რადიო თავისუფლების სომხური სამსახური. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ სომხეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, დაიწყოს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის პროცესი, რათა თავიდან აიცილოს ომი. ფაშინიანის თქმით, ეს პროცესი პრაქტიკულ ეტაპზე გადადის. პრემიერ-მინისტრმა განმარტა, რომ სპეციალური კომისიები უნდა წავიდნენ და გადაწყვიტონ, სად იწყება სომხეთის რესპუბლიკა და ეს უნდა გახდეს სახელმწიფო საზღვარი. როგორც შეხვედრის მონაწილეებმა რადიო „აზათუთიუნს“ განუცხადეს, ნიკოლ ფაშინიანმა არ გასცა მკაფიო პასუხი საზღვრისპირა სოფლების მცხოვრებთათვის შემაშფოთებელ კითხვებზე, მაგრამ პირობა დადო, რომ ყველა მათი შეფასება იქნება გათვალისწინებული.