ძებნის რეზულტატი:

ვაშინგტონის შეფასებით, ჩინეთთან სადავო არუნაჩალ პრადეში ინდოეთს ეკუთვნის

აშშ-ის მთავრობა არუნაჩალ პრადეშს ინდოეთის ნაწილად აღიარებს და "მტკიცედ ეწინააღმდეგება" ტერიტორიული პრეტენზიების ნებისმიერ ცალმხრივ მცდელობას ინდოეთის ჩრდილო-აღმოსავლეთში, ჩინეთის საზღვართან მდებარე ამ შტატზე. შესაბამისი კომენტარი სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა პრესკონფერენციაზე გააკეთა. ნიუ დელი უარყოფს პეკინის პრეტენზიას და ამბობს, რომ არუნაჩალ პრადეში ყოველთვის ინდოეთის ნაწილი იყო. ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სამშაბათს განაცხადა, რომ ჩინეთი „აბსურდულ პრეტენზიებს“ აყენებს არუნაჩალ პრადეშის მიმართ და რომ ის ყოველთვის იქნება „ინდოეთის განუყოფელი და განუყოფელი ნაწილი.“ ბირთვული იარაღის მქონე ორ მეზობელს შორის ურთიერთობები გაუარესდა მას შემდეგ, რაც 2020 წლის ივნისში, ლადახის რეგიონში, სადავო საზღვარზე ჯარისკაცებს შორის შეტაკება მოხდა, რის შემდეგაც, 20 ინდოელი და ოთხი ჩინელი ჯარისკაცი დაიღუპა. ამ შეტაკებების შემდეგ, ორივე ქვეყნის სამხედროებმა პოზიციები გაამაგრეს და საზღვრის გასწვრივ დამატებითი ჯარები და აღჭურვილობა განათავსეს. ორივე მხარე 1962 წელს იბრძოდა სასაზღვრო ომში. ჩინეთის ახალი რუკა ინდოეთის შემდეგ, ფილიპინებმა, მალაიზიამ და ტაივანმა გააკრიტიკეს ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ბოლო წლებში შეერთებულმა შტატებმა და ინდოეთმა ორმხრივი კავშირები, აზიისა და ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონებში ჩინეთის მზარდი გავლენის დასაძლევად გააძლიერეს. შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს წლების განმავლობაში აქვთ დაძაბული ურთიერთობები ისეთი საკითხების გამო, როგორიცაა, სავაჭრო ტარიფები, COVID-19-ის პანდემიის წარმოშობა, ადამიანის უფლებები, ტაივანი, ჩინეთის ეროვნული უსაფრთხოების კანონი ჰონგ კონგში და სხვა. ინდოეთმა გასული წლის აგვისტოში ჩინეთს მტკიცე პროტესტი გამოუცხადა ახალი რუკის გამო, რომლის თანახმადაც, პეკინი „ინდოეთის ტერიტორიაზე აცხადებს პრეტენზიას.“ შესაბამის ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ნიუ-დელის პროტესტი მოჰყვა ინდურ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ პეკინმა გამოაქვეყნა ოფიციალური „სტანდარტული რუკა", რომელშიც „ინდოეთის შტატი, არუნაჩალ პრადეში და აქსაიჩინის პლატო ჩინეთის ოფიციალურ ტერიტორიად არის გამოცხადებული.“ პეკინი აცხადებს, რომ აღმოსავლეთ ჰიმალაის არუნაჩალ პრადეში სამხრეთ ტიბეტის ნაწილია. აქსაიჩინი არის სადავო პლატო დასავლეთ ჰიმალაის მთებში, რომელზეც ინდოეთი აცხადებს პრეტენზიას, მაგრამ მას ჩინეთი აკონტროლებს.  

ესტონეთი უკრაინას 20 მილიონი ევროს მოცულობის სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს

ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა ჰანო პევკურმა ხუთშაბათს კიევში ვიზიტისას განაცხადა, რომ მისი ქვეყანა უკრაინას 20 მილიონი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გაუგზავნის. პევკურმა კიევში თავდაცვის მინისტრ რუსტემ უმეროვთან შეხვედრა გამართა. ახალი პაკეტი მოიცავს, საარტილერიო საბრძოლო მასალას, ტანკსაწინააღმდეგო იარაღს, ასაფეთქებელ ნივთიერებებს, გაზის ნიღბებს, სნაიპერულ აღჭურვილობას და მცირე კალიბრის საბრძოლო მასალას. „ჩვენ შევკრიბეთ ეს პაკეტი უკრაინისთვის მაქსიმალური სარგებელის უზრუნველსაყოფად და ამავე დროს იმის უზრუნველსაყოფად, რომ ეს არ შეამცირებს ესტონეთის თავდაცვის მზადყოფნას,“ - აღნიშნა ჰანო პევკურმა. დახმარების პაკეტში შედის 155 მმ-იანი ჭურვები, რაც ესტონეთის დამატებითი წვლილია ევროკავშირის ინიციატივაში - უკრაინისთვის მილიონი ჭურვის გაგზავნის ძალისხმევაში. ესტონეთის კონტრიბუცია ნაწილობრივ დანიის მიერ დაფინანსდება. საბრძოლო მასალის ზუსტი რაოდენობა უსაფრთხოების მიზნით არ სახელდება. პევკურმა აღნიშნა, რომ ზაფხულის მოახლოებასთან ერთად, უკრაინას ესაჭიროება, პირველ რიგში, საბრძოლო მასალა, საჰაერო თავდაცვის ყველა ელემენტი, ასევე, სათადარიგო ნაწილები და ელექტრონული საბრძოლო აღჭურვილობა. მანამდე ევროკომისიამ განაცხადა, რომ 2024 წლის მარტის ბოლოს უკრაინაში მიწოდებული ჭურვების რაოდენობა, ევროკავშირის ინიციატივის ფარგლებში, მილიონი საარტილერიო საბრძოლო მასალისთვის, დაახლოებით 500 ათასს მიაღწევს. იანვარში, ევროკომისარმა განაცხადა, რომ ევროპული თავდაცვის ინდუსტრია 2024 წლის ბოლომდე სულ მცირე 1,3 მილიონი ჭურვის წარმოებას შეძლებს.  

ოკუპირებულ ყირიმში აფეთქების შესახებ იუწყებიან

21 მარტს ყირიმში ოკუპირებულ სიმფეროპოლში აფეთქებები იყო. ადგილობრივი Telegram არხების ცნობით, რუსები უჩიოდნენ "თავდასხმას, რის გამოც ყირიმის ხიდი გადაკეტეს. გავრცელებული ინფორმაციით, სიმფეროპოლში რამდენიმე აფეთქების ხმა გაისმა. გააქტიურდა საჰაერო თავდაცვა. იმავდროულად, პროპაგანდისტები აცხადებდნენ, რომ რამდენიმე თვითმფრინავის ჯგუფი ყირიმის ტერიტორიაზე შევიდა და, სავარაუდოდ, რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემები ამუშავდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ყირიმის თავზე სამი უპილოტო თვითმფრინავი "ჩამოაგდეს“, რაშიც ტრადიციულად უკრაინას ადანაშაულებდნენ. რუსეთის მიერ 2014 წლიდან ანექსირებულ ყირიმში არსებულ სამხედრო და სხვა ობიექტებს, მათ შორის, ყირიმის ხიდს, რომელიც უკრაინის ნახევარკუნძულს აკავშირებს რუსეთის ფედერაციასთან, კიევი ლეგიტიმურ სამიზნედ მიიჩნევს. 2022 წლის ოქტომბერში და 2023 წლის ივლისში მომხდარმა ძლიერმა აფეთქებებმა ხიდი მნიშვნელოვნად დააზიანა. რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა და ამ დრომდე განაგრძობს სრულმასშტაბიან ომს. ვოლოდიმირ ზელენსკი: ნაბიჯ-ნაბიჯ ვახდენთ ყირიმის დეოკუპაციას  

ლარი დოლართან გამყარდა, ევროსთან გაუფასურდა

22 მარტისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.7060 ლარი, ევრო კი, 2.9544 ლარი ეღირება. დღეს ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.7106 ლარი ღირდა, ევრო – 2.9383 ლარი. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 22 მარტს ამოქმედდება.    

სლოვენიამ რუსი დიპლომატი გააძევა

„დიპლომატის სტატუსთან შეუთავსებელი საქმიანობის“ გამო, სლოვენიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ლუბლიანაში რუსეთის საელჩოს თანამშრომელი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა, იუწყება STA. თანამშრომელმა სლოვენია 28 მარტამდე უნდა დატოვოს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პირობა დადო, რომ საპასუხო ზომებს მიიღებს. სლოვენია მეოთხე ქვეყანაა იმ სახელმწიფოებს შორის, რომლებმაც გასულ კვირაში რუსი დიპლომატები გააძევეს. 19 მარტს მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ არასასურველ პირად გამოაცხადა რუსეთის საელჩოს თანამშრომელი, რომელიც მონაწილეობდა რუსეთის პრეზიდენტის „არჩევნების“ ორგანიზებაში დნესტრისპირეთის ტერიტორიაზე. ასევე 19 მარტს ესტონეთის ხელისუფლებამ რუსეთის საელჩოს თანამშრომელი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა და სახელმწიფოს შიდა საქმეებში ჩარევის გამო ქვეყნიდან გააძევა. 13 მარტს ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაცხადა რუსეთის საელჩოს ორი თანამშრომლის გაძევების შესახებ, ასევე - “დიპლომატიურ სტატუსთან შეუთავსებელი ქმედებების გამო.“ ეს ფორმულირება ჩვეულებრივ გამოიყენება, როდესაც საქმე ეხება ჯაშუშობაში მონაწილეობას ან უცხო სახელმწიფოს სადაზვერვო სამსახურებში მუშაობას. ავსტრიაში რუსეთის საელჩომ ამ გადაწყვეტილებას "პოლიტიკური" უწოდა, რუსეთის საგარეო უწყება კი, საპასუხო ზომებით დაიმუქრა.  

“ებრძვიან ადამიანს, რომელმაც ქვეყანას სიკეთე მოუტანა“ - ანდრია ჯაღმაიძე დავით ხიდაშელზე

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე დეზინფორმაციულ კამპანიაზე საუბრობს. მის განცხადებას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს. „წარმოგიდგენთ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებას დავითგარეჯის საკითხის შესახებ: ბოლო დღეებში კვლავ დაიწყო მორიგი დეზინფორმაციული შეტევა დავითგარეჯისა და მის მიმდებარე სასაზღვრო ზოლის საქმის შესახებ.  სამწუხაროდ, პერიოდულად, სახელმწიფოსა და სამშობლოს ინტერესების დაცვისგან შორს მყოფი ხალხი თავს ესხმის ამ ეროვნულ და საკრალურ საკითხს და ცდილობს, დეზინფორმაციითა და ღვარძლით ჩირქი მოსცხოს იმ სიმართლეს, რაც საზოგადოებისა და ქართველი ერისთვის თავზარდამცემი გახდა.  ალბათ, ასეთი რამ მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში არ მომხდარა, როდესაც ქვეყანა, რომელიც თავისი ათასწლეულობით კუთვნილი ტერიტორიების საერთაშორისო სტანდარტით აღიარებულ საკუთრებას ადასტურებს, კერძოდ, კარტოგრაფიული და იურიდიული დოკუმენტაციით, და ამ დროს იმავე ქვეყნის მოქალაქეთა თუნდაც უმცირესი ნაწილი აღნიშნულ პროცესს ეწინააღმდეგება და ებრძვის.  დღეს ამ საკითხისადმი ახალი დეზინფორმაციის საშუალებად ბატონი დავით ხიდაშელის სახელი წამოწიეს. აბრალებენ და შეურაცხყოფენ ადამიანს იმის გამო, რომ მან საქართველოში ჩამოიტანა უმნიშვნელოვანესი კარტოგრაფიული მასალა, რომელიც საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის მდგომარეობას 1936-41 წწ. ჩათვლით გვიჩვენებს. მოგეხსენებათ, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის 1996 წელს ჩარჩო ხელშეკრულების ფარგლებში შედგა პრინციპული და ერთადერთი დოკუმენტი, რომელიც სახელმწიფოთაშორის საზღვრის დამდგენ ხაზს 1938 წლის მდგომარეობით აღიარებს. ბატონი დავითის მიერ სწორედ ამ წლების კარტოგრაფიული მასალა იქნა გადაცემული სახელმწიფოსთვის, მათ შორის, არა მარტო რუსული რუკა, არამედ ამერიკულიც და გერმანულიც, რომლებიც საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარს 1936-41 წლებში საქართველოს სასარგებლოდ საზღვრავს. გარდა ამისა, ბატონმა დავითმა საქართველოს გადასცა 200-ამდე უნიკალური კარტოგრაფიული მასალა, რაც უდავოდ ქვეყნის სიმდიდრეა. დეზინფორმაციის შემქმნელები ხაზს უსვამენ მხოლოდ რუსულ, 1936-38 წლების რუკას და დიახ, ეს უმნიშვნელოვანესი კარტოგრაფიული მასალაა, რომელიც იურიდიულად დამოწმებული სახით არ მოგვეპოვებოდა და ის გადამწყვეტ როლს ასრულებს სახელმწიფოთაშორის სასაზღვრო საკითხის სამართლებრივად გადაწყვეტაში, მაგრამ მათი მიკერძოებულობა იქიდან ჩანს, რომ ისინი არაფერს ამბობენ ამერიკულ და გერმანულ კარტოგრაფიულ მასალებზე, რომლებიც ბატონმა დავითმა ჩამოიტანა და ზუსტად, იდენტურად იმეორებენ 1936-38 წლებში რუსეთში გამოშვებული კარტოგრაფიული მასალის სასაზღვრო ხაზს! ებრძვიან ადამიანს, რომელმაც ქვეყანას სიკეთე მოუტანა და იცავენ ადამიანებს, რომელნიც, რომ არა ეკლესიის და ქართველი ერის ერთად დგომა, ქვეყანას, ჩვენს დედასამშობლოს, არა მარტო ისტორიულ, არამედ საკრალურ ტერიტორიებსაც დააკარგვინებდნენ. დიახ, ყველამ უნდა გააცნობიეროს, რომ გარეჯი საქართველოა და ის ასეც დარჩება მომავალში!" “მთავარი არხის” ცნობით, მათ მოიპოვეს დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც, ბიზნესმენი დავით ხიდაშელი თავდაცვის მინისტრის მრჩევლის პოსტს იკავებდა. კერძოდ, ხიდაშელთან გაფორმებული იყო ადმინისტრაციული ხელშეკრულება და მისი ყოველთვიური ანაზღაურება 1000 ლარი უნდა ყოფილიყო. თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე დავით ხიდაშელთან თავდაცვის უწყების მიერ გაფორმებულ კონტრაქტზე დეტალურად არ საუბრობს. „დავით ხიდაშელი ჩემს მრჩევლად?… იყო რაღაც პერიოდი, როცა გარეჯაზე ვმუშაობდით, იცით თქვენ, რომ დავით გარეჯის საკითხზე ვმუშაობდით და მაშინ დავითიც [ხიდაშელი] ჩართული იყო ამ საკითხზე. ამ საკითხთან დაკავშირებით თუ დაგვჭირდებოდა კითხვები.” კითხვა, მისი ინფორმაციით, დღესაც არის თუ არა ის მრჩეველი, ასე პასუხობს: “არ მგონია, დღეს არ იქნება ალბათ გაფორმებული.” თავდაცვის ახალი მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი უწყების თანამშრომლებს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ 9 თებერვალს წარუდგინა. თავდაცვის სამინისტროს 15 მარტის განცხადებით, 2020 წლიდან 2024 წლის 9 თებერვლამდე დავით ხიდაშელი თავდაცვის სამინისტროში მრჩევლად მუშაობდა. უწყების განმარტებით, იმჟამინდელი თავდაცვის მინისტრისთვის უფლებამოსილების შეჩერების შემდეგ, კანონმდებლობის შესაბამისად, დავით ხიდაშელს საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის 81-ე მუხლის, მე-2 პუნქტის მიხედვით, ადმინისტრაციული ხელშეკრულება შეუწყდა და მას შემდეგ თავდაცვის უწყებაში აღარ მუშაობს.  

ბრიტანულმა დაზვერვამ დაასახელა სავარაუდო მიზეზი, რის გამოც, რუსეთის წინსვლა დონბასში შენელდა

რუსული საოკუპაციო ძალები აგრძელებენ ოპერაციებზე კონცენტრირებას დონეცკის რეგიონში, მაგრამ მცირე წარმატებას აღწევენ. ამის შესახებ ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს 21 მარტის დაზვერვის მიმოხილვაშია ნათქვამი. დაზვერვა აღნიშნავს, რომ რუსული ჯარების წინსვლა შენელდა ბოლო კვირებში, სავარაუდოდ, ნაწილობრივ ავდეევკის წინააღმდეგ შეტევითი კამპანიის დროს მნიშვნელოვანი დანაკარგების გამო. ანალიტიკოსების აზრით, რუსები დონეცკის ჩრდილო-დასავლეთით კონტროლის ზონების გაფართოებას ცდილობდნენ რამდენიმე სოფელში, კერძოდ ორლოვკაში, ტონენკოეში, პერვომაისკოეში და ნეველსკოეში. „სიტუაცია რჩება არასტაბილური, უკრაინელებს აკლიათ პერსონალი და საბრძოლო მასალა, რაც, სავარაუდოდ, ზღუდავს მათ პოზიციების დაკავების შესაძლებლობას,“ - ნათქვამია დაზვერვის მოხსენებაში. წინა მიმოხილვაში, ბრიტანულმა დაზვერვამ განაცხადა, რომ რუსეთი ცდილობს, გაზარდოს და გააუმჯობესოს შენიღბვის საშუალების გამოყენება, რათა შეამსუბუქოს შავი ზღვის ფლოტისა და საჰაერო კოსმოსური ძალების (ASF) მძიმე დანაკარგები ბოლო ორი წლის განმავლობაში. მანამდე ბრიტანულმა დაზვერვამ განაცხადა, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იძულებული გახდა, გაეძლიერებინა ძალისხმევა შავ ზღვაში ფლოტის შესანარჩუნებლად, ხოლო უკრაინა აგრძელებს შორიდან დარტყმის შესაძლებლობის ძიებას. მანამდე ბრიტანულმა დაზვერვამ ისაუბრა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ახალი მთავარსარდლის, ალექსანდრე მოისეევის დანიშვნაზე, ნიკოლაი ევმენოვის ნაცვლად და იმ ამოცანების შესახებ, რაც უკრაინის თავდასხმების გამო, რუსული გემების არაერთი დანაკარგის შემდეგ აწყებიან.   

სირსკი: უკრაინის თავდაცვის ძალებმა აღმოსავლეთში ვითარების სტაბილიზება შეძლეს

თავდაცვის ძალებმა აღმოსავლეთში ვითარების სტაბილიზება შეძლეს.  უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, ალექსანდრ სირსკი საფრანგეთის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელთან, ტიერი ბიურკართან გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ “ტელეგრამის” პირად არხზე წერს. „ინფორმაცია მივაწოდე ბრძოლის ველზე არსებულ ვითარებაზე. კერძოდ, იმის შესახებ, რომ ამ მომენტისთვის უკრაინის თავდაცვის ძალებმა უკრაინის აღმოსავლეთში ვითარების სტაბილიზება შეძლეს,” - წერს სირსკი. მან მადლობა გადაუხადა საფრანგეთის მთავრობასა და ხალხს “უკრაინის უწყვეტი და თანმიმდევრული მხარდაჭერისთვის.” სირსკიმ, ასევე, მადლობა გადაუხადა ფრანგ კოლეგას საფრანგეთის ტერიტორიაზე უკრაინელი სამხედროების მომზადებაში მხარდაჭერისთვის.  

„შეგვიძლია, თქვენი იმედი გვქონდეს“ - ზელენსკიმ NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს უმასპინძლა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს ადმირალ რობ ბაუერს კიევში შეხვდა. მათ უკრაინის მხარდაჭერაში ალიანსის საკოორდინაციო როლის გაძლიერების შესაძლებლობა განიხილეს. "მადლობა სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ უკრაინაში პირველი ვიზიტისთვის. ეს არის ჩვენი საზოგადოების მხარდაჭერის სერიოზული სიგნალი. NATO-ს და ალიანსის წევრი ქვეყნების მხარდაჭერა, უპირველეს ყოვლისა, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ჯარისკაცების და მშვიდობიანი უკრაინელების ზნეობისთვის. ჩვენ ნამდვილად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ შეგვიძლია, თქვენი იმედი გვქონდეს," - განაცხადა ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტმა NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს უკრაინის პრიორიტეტული თავდაცვის საჭიროებების შესახებ აცნობა და ხაზი გაუსვა დამატებითი საჰაერო თავდაცვის სისტემების გადაუდებელ აუცილებლობას, რათა საიმედოდ დაიცვან უკრაინელები მუდმივი სარაკეტო და თვითმფრინავების თავდასხმებისგან. ზელენსკიმ ბაუერს ასევე გააცნო უკრაინული მხარის მოლოდინები, ვაშინგტონში, NATO-ს წლევანდელი სამიტიდან. „ჩვენი იმედი გვაქვს ჩვენი ქვეყნის მიღწევებისა და ვაშინგტონის სამიტის გადაწყვეტილებების სამართლიან შეფასებაზე, რომელიც შეძლებს უკრაინის ალიანსში გაწევრიანებასთან დაახლოებას," - აღნიშნა ზელენსკიმ. NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე კიევს პირველი ოფიციალური ვიზიტით ეწვია.  

უკრაინა ევროპის ფარის როლს ასრულებს, ამიტომ, ევროკავშირი უნდა იყოს უკრაინის ფარი - მეცოლა

21 მარტს ბრიუსელში EU-ის ორდღიანი სამიტი დაიწყო. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ, ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ უკრაინა ევროპის ფარის როლს ასრულებს, ამიტომ ევროკავშირი უნდა იყოს უკრაინის ფარი. „მე ძალიან მკაფიოდ ავუხსენი ევროპარლამენტის პოზიცია ლიდერებს. ჩვენ უნდა გავაკეთოთ ის, რაც უნდა გავაკეთოთ, რათა დავეხმაროთ უკრაინას თავის დაცვაში. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ გვაქვს კოლექტიური პასუხისმგებლობა, ჩვენ უნდა დავაჩქაროთ და გავაძლიეროთ ჩვენი ძალისხმევა, რათა უკრაინას მივაწოდოთ მისთვის საჭირო აღჭურვილობა. რიტორიკიდან მოქმედებაზე გადასვლის დრო დადგა. უკრაინა ევროპის ფარის როლს ასრულებს. ასე რომ, ჩვენ ასევე გვაქვს პასუხისმგებლობა, ვიმოქმედოთ, როგორც უკრაინის ფარი," - განაცხადა მეცოლამ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ეს პოზიცია მან, გუშინ 20 მარტს, უკრაინის პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალთან შეხვედრისას დააფიქსირა. „ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ჩვენი სანქციები, დავხუროთ ყველა ხარვეზი და მათი გვერდის ავლის გზები. ჩვენ უნდა გადავდგათ შემდეგი ნაბიჯი გაფართოების პროცესში და გამოვიყენოთ რუსული გაყინული აქტივებიდან მიღებული შემოსავლები. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ავტონომიური სავაჭრო ზომები და ამავე დროს დავიცვათ ჩვენი ფერმერები და ჩვენი შიდა ბაზარი. ამ შემთხვევაში დროს ნამდვილად აქვს მნიშვნელობა," - აღნიშნა მეცოლამ. მისივე თქმით, ევროპამ გადამწყვეტი ნაბიჯები უნდა გადადგას საკუთარი უსაფრთხოების გასაძლიერებლად. „ეს არის ზუსტად ის, რასაც ევროკავშირის ყველა ქვეყნის მოქალაქე ელის ევროკავშირისგან და რისკენაც ევროპარლამენტი მოუწოდებს - "გაფართოებული ევროკავშირი, მკაფიო მიზნებზე, კრიტერიუმებსა და დამსახურებებზე დაფუძნებული წევრობით, იქნება საუკეთესო ინვესტიცია მშვიდობის, უსაფრთხოების, სტაბილურობისა და კეთილდღეობისთვის ჩვენს კონტინენტზე," - განაცხადა მეცოლამ.  

ევროკავშირი ბოსნია-ჰერცეგოვინასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებს დაიწყებს

ევროპელი ლიდერები ბოსნია-ჰერცეგოვინასთან ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებაზე შეთანხმდნენ. ინფორმაციას ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი სოციალურ ქსელში ავრცელებს. „ევროპულმა საბჭომ ახლახან მიიღო გადაწყვეტილება ბოსნია-ჰერცეგოვინასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნასთან დაკავშირებით. თქვენი ადგილი ჩვენს ევროპულ ოჯახშია. დღევანდელი გადაწყვეტილება არის მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი ევროკავშირსკენ მიმავალ თქვენს გზაზე,“ – წერს მიშელი. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სამუშაო უნდა გაგრძელდეს ქვეყნის მდგრადი განვითარებისთვის. ევროკავშირმა გასული წლის დეკემბერში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები გახსნა უკრაინასთან და მოლდოვასთან. საქართველოს კი, კანდიდატის სტატუსი მიანიჭა.  

ბელგიამ კიეისთვის საბრძოლო მასალის შესაძენად 200 მილიონი ევრო გამოყო

ბელგიამ უკრაინას 200 მილიონი ევრო გამოუყო ევროკავშირის მიღმა ქვეყნებში საბრძოლო მასალის შესაძენად, განაცხადა ბელგიის პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრ დე კროომ. „ბევრ ქვეყანასთან ერთად ვმუშაობთ. ეს არის საერთო შესყიდვა ევროკავშირის გარეთ, რომელსაც კოორდინაციას უწევს ჩეხეთი," - განაცხადა დე კროომ. პ ბელგიის პრემიერის თქმით, ეს დახმარება ფინანსდება ბელგიაში გაყინული რუსული აქტივების ინვესტიციიდან მიღებული მოგების გადასახადებით. დე კროომ ხაზი გაუსვა, რომ გარიგება უახლოეს მომავალში დასრულდება. ჩეხეთს უკრაინისთვის პირველი 300 000 ჭურვის შესაძენად საკმარისი დაფინანსება უკვე აქვს. ამის შესახებ ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა პეტრ ფიალამ განაცხადა. ფიალას თქმით, ჩეხეთის ინიციატივამ, უკრაინას საბრძოლო მასალა მიაწოდონ, ამ დროისთვის 300 000 საარტილერიო ჭურვის შესაძენად საკმარისი დაფინანსება მოიპოვა, თუმცა პარტნიორების ძებნას გაარძელებენ. „ჩვენი მიზანია, მივაწოდოთ ბევრად მეტი. ჩვენი მუშაობა და დახმარება უკრაინისთვის აქ არ მთავრდება. ვაგრძელებთ პარტნიორების ძებნას, რათა გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა რუსი აგრესორის წინააღმდეგ გაბედულ ბრძოლაში,“ – აღნიშნა ფიალამ. ჩეხეთის ინიციატივას სხვა ქვეყნებთან ერთად, ნორვეგია, გერმანია და საფრანგეთიც უერთდებიან.  

ნიდერლანდების პრემიერი: ვმუშაობთ, რომ F-16-ები უკრაინის ცაზე რაც შეიძლება მალე გამოჩნდნენ

ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა მარკ რუტემ განაცხადა, რომ მუშაობა გრძელდება უკრაინის ცაზე F-16-ის გამანადგურებლების უსწრაფესად უზრუნველსაყოფად. ამის შესახებ მან კიევის უსაფრთხოების მე-16 ყოველწლიურ ფორუმზე ვიდეომიმართვაში განაცხადა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნიდერლანდები გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას ვიდრე საჭირო იქნება. „წელს ნიდერლანდები კიდევ 2 მილიარდ ევროს გამოყოფს უკრაინის სამხედრო მხარდაჭერისთვის," - აღნიშნა რუტემ. მან ასევე გაიხსენა, რომ ნიდერლანდებმა 250 მილიონი ევრო გამოუყო კიევს ჩეხეთის რესპუბლიკის ინიციატივის ფარგლებში, საარტილერიო ჭურვების შესაძენად. „და ეს არ იქნება ჩვენი ბოლო წვლილი. ჩვენ ასევე ვმუშაობთ იმისთვის, რომ F-16-ებმა უკრაინის ცაში რაც შეიძლება მალე იფრინონ," - აღნიშნა რუტემ. მანვე განმარტა, რომ არანაკლებ მნიშვნელოვანია ომის დასრულების შემდეგ პასუხისმგებლობისა და სამართლიანობის აღდგენის საკითხი და რომ 2 აპრილს ნიდერლანდები, როგორც თანაორგანიზატორები, უმასპინძლებს კონფერენციას „სამართლიანობის აღდგენა უკრაინისთვის.“    

ევროკავშირი საქართველოს პრიორიტეტულ რეფორმებში წინსვლისკენ მოუწოდებს

ევროკავშირი აცხადებს, რომ გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას, რათა გაძლიერდეს ქვეყნის მდგრადობა და ქვეყანამ მოაგვაროს ის გამოწვევები, რომლის წინაშეც რუსეთის ქმედებების გამო დგას. ამასთან, ევროკავშირი საქართველოს პრიორიტეტულ რეფორმებში წინსვლისკენ მოუწოდებს  „ევროკავშირი გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას მისი მდგრადობის გაძლიერებაში და იმ გამოწვევების მოგვარებაში, რომლის წინაშეც ის დგას საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობის ძირის გამოთხრისკენ მიმართული რუსეთის ქმედებების შედეგად და ასევე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის შედეგად,“ - აღნიშნულია ევროპული საბჭოს დასკვნაში, რომელიც საბჭოს ორდღიანი სამიტის პირველი დღის დასრულების შემდეგ გამოქვეყნდა. დოკუმენტის თანახმად, კომისიის 2024 წლის 12 მარტის რეკომენდაციის საფუძველზე, ევროპული საბჭო იღებს გადაწყვეტილებას გახსნას გაწევრიანების მოლაპარაკებები ბოსნია და ჰერცეგოვინასთან. „ევროპული საბჭო იწვევს კომისიას, მოამზადოს მოლაპარაკებების ჩარჩო, მისი მიღების მიზნით იმ მომენტში, როდესაც გადაიდგმება ყველა შესაბამისი ნაბიჯი, რომელიც მითითებულია კომისიის 2022 წლის 12 ოქტომბრის რეკომენდაციაში“, - აღნიშნულია დოკუმენტში. ევროპული საბჭო მიესალმება უკრაინისა და მოლდოვას რესპუბლიკის პროგრესს ევროკავშირის გზაზე აუცილებელი რეფორმების კუთხით წინსვლის საქმეში. ევროპული საბჭო ყურადღებას აპყრობს საქართველოს მიმდინარე ძალისხმევას და ქვეყანას პრიორიტეტული რეფორმების კუთხით წინსვლისკენ მოუწოდებს, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს დასკვნაშია აღნიშნული, რომელიც გუშინ, საბჭოს ორდღიანი სამიტის პირველი დღის დასრულების შემდეგ გამოქვეყნდა. “უკრაინისა და მოლდოვას რესპუბლიკისთვის მოლაპარაკებების ჩარჩოს პროექტის წარდგენის შემდეგ, ევროპული საბჭო იწვევს ევროკავშირის საბჭოს, სწრაფად მიიღოს ისინი და შეუფერხებლად განახორციელოს მუშაობა“, - აღნიშნულია დოკუმენტის იმ თავში, რომელიც გაფართოების პოლიტიკას ეხება. ევროკავშირის ლიდერები აცხადებენ, რომ ევროპული საბჭო მომავალ შეხვედრაზე შიდა რეფორმებს განიხილავს, რათა მიიღოს დასკვნები მომავალი მუშაობის საგზაო რუკის შესახებ. „ევროპულმა საბჭომ შეაფასა გაფართოებისა და შიდა რეფორმებისთვის მზადება და განაცხადა, რომ ორივე გზაზე მუშაობა პარალელურად უნდა განვითარდეს, რათა უზრუნველყოფილ იქნას, რომ როგორც მომავალი წევრი სახელმწიფოები, ასევე ევროკავშირი მზად იქნებიან გაწევრიანების დროს. ევროპული საბჭო მომავალ შეხვედრაზე შიდა რეფორმებს განიხილავს, რათა 2024 წლის ზაფხულისთვის მიღებულ იქნეს დასკვნები მომავალი მუშაობის საგზაო რუკის შესახებ“, - აცხადებენ ევროკავშირის ლიდერები.

უკრაინა საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან მორიგ ტრანშს, 880 მილიონ დოლარს მიიღებს

საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელმა საბჭომ უკრაინის გაფართოებული დაკრედიტების პროგრამის მესამე მიმოხილვა დაამტკიცა, რაც იმას ნიშნავს, რომ უკრაინა დაახლოებით 880 მილიონი აშშ დოლარის, მიღებას შეძლებს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. „სსფ-ის აღმასრულებელმა საბჭომ დღეს დაასრულა გაფართოებული დაფინანსების პროგრამის მესამე მიმოხილვა უკრაინისთვის. ეს დაახლოებით 880 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ტრანშის გამოყოფის საშუალებას იძლევა“, - განაცხადა უკრაინაში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა, გევინ გრეიმ. მისი თქმით, დაფინანსების ახალი პაკეტის უკრაინაში ანგარიშებზე გადარიცხვა, შესაძლოა, უახლოეს ორ-სამ დღეში განხორციელდეს. ფონდში აცხადებენ, რომ აუცილებელია, უკრაინამ რეფორმების სტაბილური იმპულსი შეინარჩუნოს. ეს, უპირველეს ყოვლისა, მნიშვნელოვანია მაკროეკონომიკური სტაბილურობის შესანარჩუნებლად, ფისკალური მდგრადობის აღსადგენად, ინსტიტუციური რეფორმების გასაძლიერებლად და რეკონსტრუქციისა და ევროინტეგრაციის მცდელობებისთვის საფუძვლის ჩასაყრელად.  

„არსებობენ ქვეყნები, რომლებიც დაინტერესებულები არიან ამ იდეით“: საფრანგეთის ელჩი უკრაინაში ჯარების გაგზავნაზე

უკრაინაში საფრანგეთის ელჩი, გაელ ვეისიერი აცხადებს, რომ არსებობენ ქვეყნები, რომლებიც დაინტერესებულები არიან პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის იდეით, საჭიროების შემთხვევაში უკრაინაში ჯარების გაგზავნასთან დაკავშირებით, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მათივე ცნობით, ელჩმა გაიხსენა, რომ საფრანგეთის პოზიციის მიხედვით, არ არსებობს წითელი ხაზები და არ არის საჭირო არაფრისგან თავის შეკავება. "შეიძლება ვთქვათ, რომ არ არის გამორიცხული. ეს არის ძალიან ძლიერი სიგნალი, რომ ვაძლიერებთ უკრაინის მიმართ მხარდაჭერას. ჩვენ თავს არ შევიკავებთ რაიმე საზღვრებით", - განაცხადა გაელ ვეისიერმა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ საფრანგეთი არ აპირებს რუსეთის ფედერაციაზე თავდასხმას, მაგრამ მზადაა გააკეთოს ყველაფერი, რაც საჭიროა უკრაინის მხარდასაჭერად. "მაგრამ ჩვენ უკვე მზად ვართ გავაკეთოთ ყველაფერი, რაც საჭიროა უკრაინის მხარდასაჭერად. ეს არის ის, რის გაკეთებასაც ვცდილობთ. ეს არ არის ის, რაც შეთანხმებულია ჩვენს მეგობრებთან და პარტნიორებთან. მაგრამ არის რამდენიმე ქვეყანა, რომელიც დაინტერესებულია. ეს იდეები განიხილება“, - განმარტა დიპლომატმა.  

ისტორიაში პირველად, გაეროს გენასამბლეამ ხელოვნური ინტელექტის რეგულირებაზე რეზოლუცია მიიღო

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 21 მარტს მიიღო ისტორიაში პირველი რეზოლუცია ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების განვითარებისა და გამოყენების გლობალური რეგულირების შესახებ. დოკუმენტში, რომელიც შეერთებულმა შტატებმა შეიმუშავა, ლაპარაკია ხელოვნური ინტელექტის რეგულირების ერთიანი საერთაშორისო სისტემის შექმნის აუცილებლობაზე. გენერალურმა ასამბლეამ რეზოლუცია ერთხმად მიიღო. აშშ-ის მუდმივი წარმომადგენელი გაეროში, ლინდა ტომას-გრინფილდი სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს შეხვდა. მან ისაუბრა თავის არგუმენტებზე ასეთი რეზოლუციის მიღების სასარგებლოდ. „რატომ უნდა იყოს ხელოვნური ინტელექტით დაკავებული ეს ორგანიზაცია, რომელსაც ამდენი ეგზისტენციალური საკითხის განხილვა უწევს? პასუხი მარტივია - ვინაიდან ხელოვნური ინტელექტი ეგზისტენციალურია,“ - განაცხადა ტომას-გრინფილდმა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციას მიესალმა. „შეერთებული შტატები კვლავაც გააგრძელებს მუშაობას მთავრობებთან და სხვა პარტნიორებთან, რათა გარანტირებული იყოს, რომ ახალი ტექნოლოგიების, მათ შორის ხელოვნური ინტელექტის, პროექტირება, განვითარება, დანერგვა და გამოყენება, იყოს უსაფრთხო, საიმედო და სანდო,“ - აღნიშნა ენტონი ბლინკენმა. ხელოვნური ინტელექტი უკვე გამოიყენება დაავადებათა დიაგნოსტიკისა და ბუნებრივი კატაკლიზმების პროგნოზისთვის, ის ფერმერებს ეხმარება მეტი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის მოყვანაში, მასწავლებლებს კი - მეტი რაოდენობის მოსწავლეთათვის სწავლებაში.  

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 11 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, თბილისის, აჭარის, კახეთისა და გურიის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 11 პირი დააკავეს. დაკავებულებს შორის არიან, როგორც საქართველოს, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეები. „დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების მომზადების, მარიხუანას უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების, გასაღების მცდელობის, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანისა და კულტივირების ფაქტებზე დაკავებულები არიან: 1988 წელს დაბადებული გ.კ., 1995 წელს დაბადებული ე.მ., 1984 წელს დაბადებული გ.ტ., 2000 წელს დაბადებული ლ.ჩ., 1998 წელს დაბადებული მ.პ., 1999 წელს დაბადებული მ.ი., 1979 წელს დაბადებული გ.ჯ., 1969 წელს დაბადებული კ.დ. 1974 წელს დაბადებული შ.გ., ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეები: 1989 წელს დაბადებული ა.ც. და 1993 წელს დაბადებული ა.გ.დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ჩატარებული კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დადგინდა, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქე ა.ც. ინტერნეტაპლიკაცია „ტელეგრამში“ ნარკოტიკების სარეალიზაციო ე.წ. მაღაზიას ფლობდა. აღნიშნული აპლიკაციის მეშვეობით ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანას“ რეალიზაცია ხდებოდა.გამოძიების ფარგლებში, ამავე საქმეზე, დაკავებულია ა.ც.-ს მოკავშირე - გ.კ.-ც. სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას, ნივთმტკიცების სახით, ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“ და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე „კანაფი“ ამოიღეს. ამავე, დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, დაკავებული ე.მ.-ს პირადი ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ და „მარიხუანა“. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, თბილისში, გ.ტ.-ს პირადი ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად 20 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება "ალფა პვპ" ამოიღეს, რომლის განთავსებასაც ბრალდებული სხვადასხვა ლოკაციაზე, შემდგომი რეალიზაციის მიზნით გეგმავდა.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამი პირის - ლ.ჩ. -ს, მ.პ-ს. და მ.ი. -ს პირადი ჩხრეკისას, ასევე, მათ მიერ მითითებული სხვადასხვა ლოკაციიდან, ნივთმტკიცებად, სარეალიზაციოდ გამზადებული ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“ ამოიღეს. აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ბათუმში, უცხო ქვეყნის მოქალაქე ა.გ.-ს საცხოვრებელ ბინაში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს "მარიხუანა" და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე „კანაფი“. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული აღნიშნული მცენარის კულტივირებას საცხოვრებელ სახლში მოწყობილ სპეციალურ სათბურებში ახდენდა. კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგარეჯოს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი, გ.ჯ.-ს საცხოვრებელ სახლსა და დამხმარე სათავსოებში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად „მარიხუანა“ ამოიღეს. გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, კ.დ.-ს და შ.გ.-ს პირადი ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინი“ ამოიღეს. დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების მომზადების, მარიხუანას უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების, გასაღების მცდელობის, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანისა და კულტივირების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 18-260-ე, 265-ე, 273-ე პრიმა და 19-273-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს,“ ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.  

„უკრაინის მხარდაჭერა შეიძლება, იარაღის მიწოდებას აღემატებოდეს“ - ფრანგი გენერალი

რუსეთი არ უნდა ელოდოს, რომ დასავლეთი უკრაინის მხარდაჭერაში მხოლოდ იარაღის მიწოდებით შემოიფარგლება. ამის შესახებ ფრანგმა გენერალმა ჟურნალისტებს NATO-ს ახალი წევრის შვედეთის შეიარაღებული ძალების მეთაურთან, გენერალ მიქაელ ბოდენთან პარიზში გამართული მოლაპარაკების შემდეგ განუცხადა. საფრანგეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა გენერალმა ტიერი ბურკჰარდმა აღნიშნა, ომი დასრულდება, როდესაც რუსეთი შეწყვეტს შეტევას. მისი თქმით, პუტინი ავითარებს საკუთარ ლოგიკას იმის შესახებ, რომ დასავლეთი არასდროს წავა უკრაინაში, არამედ, უბრალოდ მიაწოდებს იარაღს. „ჩვენ უნდა ვაჩვენოთ მას, რომ ის ვერ შეძლებს ამ ლოგიკის გამოყენებას ბოლომდე, რადგან ეს აზრი არ არის სწორი,” - აღნიშნა ბურკჰარდმა. „უკრაინის ომი ჩვენ გვეხება, რადგან ჩვენ ჩართული ვართ მის შედეგებში. ამიტომ ევროპელებს უნდა შეეძლოთ რისკების შეფასება, რათა უზრუნველყონ ევროპის უსაფრთხოება მომდევნო ათწლეულში," - განაცხადა გენერალმა. საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა კიდევ ერთხელ განცხადა, რომ უკრაინაში დასავლური ჯარების გაგზავნა, შესაძლოა, საჭირო გახდეს. „ალბათ რაღაც მომენტში, იმის მიუხედავად, რომ მე არ მინდა ამის გაკეთება და არ ვიქნები ინიციატორი, საჭირო იქნება ადგილზე ოპერაციების ჩატარება, როგორიც არ უნდა იყოს ეს, რუსეთის ძალებთან დასაპირისპირებლად.    

უკრაინა აცხადებს, რომ რუსეთმა „დნეპროჰესზე“ იერიში მიიტანა

უკრაინის ხელისუფლების განცხადებით, რუსეთის დღევანდელი მასირებული სარაკეტო შეტევა უკრაინის ენერგოსისტემის წინააღმდეგ იყო მიმართული. ზაპოროჟიეს საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, დარტყმის ერთ-ერთი სამიზნე გახდა ჰიდროელექტროსადგური „დნეპროჰესი“. ზაპოროჟიეში მდებარე უდიდეს ჰესზე შეტევა ენერგოკომპანია „უკრჰიდროენერგომ“ დაადასტურა და რუსეთი დაადანაშაულა კახოვკის შემდეგ, ახალი ეკოლოგიური კატასტროფის გამოწვევის მცდელობაში. კომპანიის ცნობით, საოკუპაციო ძალებმა „დნეპროჰესის“ კაშხალსა და ჰიდრონაგებობებზე იერიში მიიტანეს. სადგურზე ხანძარს ებრძვიან, კაშხალზე სიტუციას აკონტროლებენ და ნგრევის საფრთხე არ არსებობს. როგორც ხარკოვის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლეგ სინეგუბოვის აცხადებს, ხარკოვში ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებზე 15-ზე მეტი დარტყმა განხორციელდა. ქალაქი თითქმის მთლიანად ელექტროენერგიის და წყლის გარეშეა დარჩენილი.  „მიზანი, არამხოლოდ ზიანის მიყენება, არამედ ის იყო, რომ წინა წლის მსგავსად, ქვეყნის ენერგეტიკული სისტემის მასშტაბური დარღვევა გამოეწვია. სამწუხაროდ, რამდენიმე ბომბი მიზანს მოხვდა - დაზიანებულია გენერაციის ობიექტები და გადამცემი სისტემები. ასევე, მწყობრიდან გამოვიდა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მომწოდებელი ერთ-ერთი ელექტროგადამცემი ხაზი,“ - წერს გალუშენკო Facebook-ზე. ამასთან, როგორც ზაპოროჟიეს რეგიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ივან ფედოროვი აცხადებს, 12 სარაკეტო დარტყმა განხორციელდა ზაპოროჟიეს ოლქზე. წინასწარი ცნობით, დაინგრა 7 სახლი, 35 კი დაზიანდა. არიან დაშავებულები, თუმცა მათი ზუსტი ოდენობა ჯერჯერობით უცნობია. შეგახსენებთ, რომ 2023 წლის ივნისში უკრაინის ხერსონის ოლქში, მდინარე დნეპრზე მდებარე კახოვკის ჰესის კაშხალი, რომელიც რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზეა მოქცეული, დაინგრა. უკრაინამ რუსეთი დაადანაშაულა ჰესის აფეთქებასა და ეკოციდში. თავის მხრივ, რუსეთმა განაცხადა, რომ დივერსია უკრაინულმა მხარემ მოაწყო. კაშხლის დანგრევამ ათეულობით ადამიანის სიკვდილი, მასშტაბური წყალდიდობა და ეკოლოგიური კატასტროფა გამოიწვია. საცხოვრებლის გარეშე დარჩა ათასობით ადამიანი. უკრაინის მთავრობის ცნობით, კახოვკის კაშხლის ნგრევამ გარემოს 1,5 მილიარდი დოლარის ზარალი მიაყენა.