ძებნის რეზულტატი:
შოლცი: უკრაინას სამართლიანი მშვიდობისთვის ბრძოლაში მხარს ვუჭერთ, ვიდრე ეს საჭირო იქნება
გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ უკრაინას სამართლიანი მშვიდობისთვის ბრძოლაში მხარს იქამდე დაუჭერენ, ვიდრე ეს საჭირო იქნება. „მშვიდობა თავისუფლების გარეშე ჩაგვრას ნიშნავს. მშვიდობა სამართლიანობის გარეშე არ არსებობს. სწორედ ამიტომ, ჩვენ უკრაინას სამართლიანი მშვიდობისთვის ბრძოლაში მხარს ვუჭერთ, იქამდე, სანამ ეს საჭირო იქნება. ჩვენ ყველას უფრო მშვიდობიანი სამყარო გვსურს. ახლო აღმოსავლეთსა და უკრაინაში მცხოვრებ ხალხს მშვიდობაზე მეტად არაფერი სურს“, - განაცხადა ოლაფ შოლცმა. გერმანიის კანცლერმა აღნიშნა, რომ უკრაინის მხარდაჭერა გერმანიის უსაფრთხოებისთვისაც მნიშვნელოვანია. „უკრაინის მხარდაჭერა ჩვენთვის, ჩვენი უსაფრთხოებისთვისაც აუცილებელია. ათწლეულების განმავლობაში ევროპაში მშვიდობა ერთ ძალიან მნიშვნელოვან პრინციპს ემყარებოდა: საზღვრის ხაზების გადაადგილება ძალის გამოყენებით არ უნდა მოხდეს. აღარასდროს! ვლადიმერ პუტინის რუსეთმა ეს პრინციპი დაარღვია. ამ პრინციპის თავიდან ამოქმედება ჩვენს ხელშია. უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელებით - მტკიცედ და წინდახედულად,“ - აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.
ბორელი რუსეთის თავდასხმებზე: ევროკავშირის გადაწყვეტილება, დაიცვას უკრაინა, მხოლოდ გაძლიერდება
უკრაინის დაცვის შესახებ ევროკავშირის გადაწყვეტილება მხოლოდ გაძლიერდება, რუსეთის მიერ ქვეყნის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების ფონზე. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელმა სოციალურ პლატფორმა X-ზე განთავსებულ პოსტში განაცხადა. „ბუჩის გათავისუფლებიდან ორი წლის შემდეგ, რუსეთი იმეორებს მასიურ თავდასხმებს მშვიდობიანი მოსახლეობისა და უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ, რათა შეარყიოს ეკონომიკა და უკრაინელი ხალხის გამძლეობა. ევროკავშირის გადაწყვეტილება, დაიცვას უკრაინა, მხოლოდ გაძლიერდება,“ - განაცხადა ევროპელმა პოლიტიკოსმა. როგორც ცნობილია, 29 მარტის ღამეს რუსეთის ძალებმა უკრაინაში ენერგეტიკულ ობიექტებზე კიდევ ერთი ფართომასშტაბიანი შეტევა განახორციელეს. კერძოდ, დაზიანდა DTEK Group-ის კუთვნილი სამი თბოელექტროსადგური. წინა მასიური შეტევა კი, 22 მარტს მოხდა, დაზარალდა თბოელექტროსადგურები, დნეპროს ჰიდროელექტროსადგურები და მაღალი ძაბვის ქვესადგურები.
კონგრესმა უნდა დაამტკიცოს დახმარება, რადგან უკრაინას დამატებითი საჰაერო თავდაცვა სჭირდება - თეთრი სახლი
თეთრმა სახლმა კიდევ ერთხელ მოუწოდა, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატას, უკრაინის ენერგოსისტემაზე რუსეთის თავდასხმების ფონზე, დაამტკიცოს უკრაინას დახმარება, რომელიც კიევს ახალი საჰაერო თავდაცვის სისტემებით უზრუნველყოფს. თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა ედრიენ უოტსონმა განაცხადა, რომ 28-29 მარტის ღამეს რუსეთმა განხორციელდა ერთ-ერთი ყველაზე დიდი საჰაერო თავდასხმა უკრაინის ენერგოსისტემაზე სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, რამაც მთელი ქვეყნის მასშტაბით ბევრი ადამიანი ჩამოართვა სითბოს, წყალს და ელექტროენერგიას. „ეს დაბომბვა - უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსული თავდასხმების სერიის ნაწილია, რაც არის საშინელი შეხსენება ვლადიმერ პუტინის მცდელობების, გატეხოს უკრაინელი ხალხის სულისკვეთება,“ მისი თქმით, ამ ფონზე, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ უნდა მიიღოს ორპარტიული დამატებითი ეროვნული უსაფრთხოების კანონპროექტი. „ჩვენ შეგვიძლია, უკრაინას მეტი საჰაერო თავდაცვა გავუგზავნოთ. უკრაინის საჭიროება გადაუდებელია და ჩვენ არ შეგვიძლია რაიმე შემდგომი შეფერხება დავუშვათ,“ აღნიშნა უოტსონმა. შეგახსენებთ, კანონპროექტი, რომელიც უკრაინას 60 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარებას უწევს, სენატმა თებერვლის შუა რიცხვებში დაამტკიცა. თუმცა წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, რესპუბლიკელი მაიკ ჯონსონი უარს ამბობს, კანონპროექტს სვლა მისცეს. კანონპროექტის მომხრეები იმედოვნებენ, რომ საპარლამენტო პროცედურებით შეძლებენ სპიკერის წინააღმდეგობის დაძლევას. აშშ-ის სადაზვერვო უწყების ხელმძღვანელობამ 11 მარტს გააფრთხილა ამერიკელი კანონმდებლები, რომ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდების შეფერხება რუსეთს შესაძლებლობას მისცემს, უკრაინის მეტი ტერიტორია დაიკავოს.
უმეროვმა ოსტინს რუსეთის თავდასხმებზე მიაწოდა ინფორმაცია
უკრაინის თავდაცვის მინისტრმა რუსტემ უმეროვმა და აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა უკრაინის საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერების აუცილებლობა განიხილეს. Ukrinform-ის ცნობით, ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტრო იტყობინება. სატელეფონო საუბრისას უმეროვმა თავის კოლეგას მიაწოდა დეტალური ინფორმაცია უკრაინის ქალაქებზე რუსული სარაკეტო თავდასხმების შესახებ და ხაზი გაუსვა მათთვის მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და რაკეტების უზრუნველყოფის მნიშვნელობას. მინისტრმა ასევე მადლობა გადაუხადა ოსტინს მუდმივი მხარდაჭერისთვის. როგორც „უკრინფორმი“ იტყობინება, რუსტემ უმეროვმა NATO-უკრაინის საბჭოს საგანგებო სხდომაზე გამოსვლისას, პარტნიორებს დამატებითი საჰაერო თავდაცვის სისტემების უზრუნველყოფისკენ მოუწოდა. შეგახსენებთ, კანონპროექტი, რომელიც უკრაინას 60 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარებას უწევს, სენატმა თებერვლის შუა რიცხვებში დაამტკიცა. თუმცა წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, რესპუბლიკელი მაიკ ჯონსონი უარს ამბობს, კანონპროექტს სვლა მისცეს. კანონპროექტის მომხრეები იმედოვნებენ, რომ საპარლამენტო პროცედურებით შეძლებენ სპიკერის წინააღმდეგობის დაძლევას. აშშ-ის სადაზვერვო უწყების ხელმძღვანელობამ 11 მარტს გააფრთხილა ამერიკელი კანონმდებლები, რომ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდების შეფერხება რუსეთს შესაძლებლობას მისცემს, უკრაინის მეტი ტერიტორია დაიკავოს.
გერმანული MBDA Taurus-ის რაკეტების წარმოების განახლებას გეგმავს
გერმანიის MBDA-მ შესაძლოა განაახლოს Taurus-ის რაკეტების წარმოება, მაგრამ ეს მოითხოვს მთავრობის ბრძანებას. ამის შესახებ MBDA-ს მმართველმა დირექტორმა თომას გოტშილდმა Augsburger Allgemeine-თან ინტერვიუში განაცხადა, იტყობინება Ukrinform-ი. "Taurus-ის საწარმოო ხაზი, საცდელი აღჭურვილობა და შესაბამისი დარბაზები ჯერ კიდევ ადგილზეა. ჩვენ შეგვიძლია, დავიწყოთ Taurus-ის წარმოება ნებისმიერ დროს. მაგრამ ამისათვის დაგვჭირდება ამ იარაღის ახალი შეკვეთა," - განმარტა გოტშილდმა. მან აღნიშნა, რომ ხელისუფლების მხრიდან „ბევრი სიგნალია“, მაგრამ მწარმოებელს კონტრაქტები სჭირდება. „ახლა ჩვენ გვაქვს გარკვეული რწმენა, რომ ეს კონტრაქტები შესრულდება,” - განმარტა გოტშილდმა. მან ასევე გამოაცხადა Patriot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემისთვის რაკეტების წარმოების შესახებ. მისი თქმით, ამ მიმართულებით გერმანიის ინიციატივით რამდენიმე ქვეყანა გაერთიანდა. MBDA-მ გააფორმა კონტრაქტი თავის ამერიკულ პარტნიორ Raytheon-თან ერთობლივი საწარმოს მეშვეობით, შრობენჰაუზენში, ბავარიაში 1000-მდე რაკეტის წარმოებაზე კონტრაქტი ათწლიანია. პირველი რაკეტების მიწოდება სამი წლის განმავლობაში იგეგმება. „უკრაინის ომის მიმდინარეობას რომ გადავხედოთ, ცხადია, რომ ჩვენ გვჭირდება როგორც მაღალი ტექნოლოგია, ასევე მასშტაბები, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება საბრძოლო მასალას,“ - აღნიშნა გოტშილდმა. მან ასევე განმარტა, რომ MBDA გერმანია 200 მილიონ ევროზე მეტ ინვესტიციას განახორციელებს მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში საწარმოო ხაზების გასაძლიერებლად.
ისრაელი აშშ-ს სთავაზობს, ღაზის სექტორში არაბული ქვეყნების სამხედროები განთავსდნენ - Axios
გამოცემა Axios-ი თავის წყაროებზე - ისრაელის ორ მაღალი თანამდებობის პირზე დაყრდნობით წერს, რომ ვაშინგტონში ვიზიტისას ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა ახალი ინიციატივა წამოაყენა. ინიციატივა გულისხმობს ღაზის სექტორში მრავალეროვანი სამხედრო ძალის განთავსებას, რომელიც დაკომპლექტებული იქნება ისრაელისადმი კეთილად განწყობილი არაბული ქვეყნების მიერ. გამოცემა განმარტავს, რომ ისრაელს მიაჩნია, მრავალეროვნული ძალა, რომელსაც არაბული ქვეყნების სამხედროები დააკომპლექტებენ, იქნება ალტერნატივა ტერორისტული დაჯგუფება „ჰამასისა“, რომელიც ღაზის სექტორს აკონტროლებს. წყაროების ცნობით, მინისტრმა გალანტმა ამერიკელ მაღალჩინოსნებთან - სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენთან, თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინთან და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველთან, ჯეიკ სალივანთან, - შეხვედრისას აშშ-ს ამ იდეის მხარდაჭერა სთხოვა, თუმცა ამერიკელი სამხედროების განთავსება არ უთხოვია. საერთაშორისო ზეწოლის მიუხედავად, რომ დაუყოვნებლივ შეწყდეს ცეცხლი პალესტინელთა ტერიტორიაზე, ისრაელი სამხრეთი ღაზის დაბომბვას აგრძელებს. ისრაელი საერთაშორისო წნეხის ქვეშაა - მას მოუწოდებენ, შეწყვიტოს ცეცხლი პალესტინელთა წინააღმდეგ, და გააუმჯობესოს ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება. გაერო აცახდებს, რომ ღაზა შიმშილობის ზღვარზეა. ისრაელური ძალები უტევენ ღაზის სამხრეთში მდებარე ქალაქ რაფაჰს, რომელიც ღაზის უკანასკნელი ურბანული ცენტრია, რომლის წინააღმდეგაც ისრაელის სახმელეთო ჯარებს ჯერ არ განუხორციელებიათ იერიში. „ჰამასის“ მხრიდან ისრაელზე თავდასხმის საპასუხოდ, ისრაელმა ღაზის სექტორში სამხედრო მოქმედებები 7 ოქტომბერს დაიწყო. ისრაელმა „ჰამასის“ განადგურების პირობა დადო.
მომდევნო ორი წელი გადაწყვეტს ყველაფერს, უკრაინა თუ წააგებს, ევროპაში ვერავინ შეძლებს, თავი დაცულად იგრძნოს - ტუსკი
„ევროპას ჯერ კიდევ დიდი გზა აქვს გასავლელი. პირველი ნაბიჯი არის, რომ ქვეყნებმა მიაღწიონ NATO-ს მიზანს, დახარჯონ მშპ-ს 2% თავდაცვაზე.“ ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა. ტუსკი: ომი აღარ არის წარსულის კონცეფცია ევროპაში, ომის წინა ეპოქაა „დღეს ჩვენ უნდა დავხარჯოთ რაც შეიძლება მეტი, უკრაინისთვის აღჭურვილობისა და საბრძოლო მასალის შესაძენად, რადგან ჩვენ ვცხოვრობთ ყველაზე კრიტიკულ მომენტში მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ. მომდევნო ორი წელი გადაწყვეტს ყველაფერს. ჩვენ თუ ვერ დავუჭერთ მხარს უკრაინას საკმარისი ტექნიკითა და საბრძოლო მასალებით, უკრაინა თუ წააგებს, ევროპაში ვერავინ შეძლებს, თავი დაცულად იგრძნოს,“ – განაცხადა დონალდ ტუსკმა.
უკრაინის „ჯავშანტექნიკის კოალიცია“ 15 ქვეყანას მოიცავს
უკრაინის „ჯავშანტექნიკის კოალიციაში“ 15 ქვეყანას გაწევრიანდა. ვარშავამ ჯავშანტექნიკის კოალიციის შექმნა უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის ფარგლებში, რომელიც თითქმის 50 ქვეყანას მოიცავს, იანვარში დაიწყო. „გერმანიამ და იტალიამ კოალიციის ფუნქციონირებას თანათავმჯდომარეობით დაუჭირეს მხარი და კიდევ 12 ქვეყანა შეუერთდა მის მუშაობას, მათ შორის, რა თქმა უნდა, უკრაინა“, - აცხადებენ პოლონეთის თავდაცვის სამინისტროში. მისივე განცხადებით, კოალიციის შემდგომი ქმედებები დაიგეგმა მოკლე და გრძელვადიან პერსპექტივაში (ტექნიკისა და საბრძოლო მასალის მიწოდების კოორდინაცია, წვრთნა, შეკეთება, ძალების სტრუქტურა და ოპერატიული გამოყენება). ვარშავაში 26 მარტს უკრაინის მხარდამჭერი "ჯავშანტექნიკის კოალიციის" მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლების პირველი შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტრო იუწყება. ვარშავაში უკრაინის დელეგაციას თავდაცვის მინისტრის მოადგილე, გენერალ-ლეიტენანტი ივან გავრილიუკი ხელმძღვანელობდა. „ჯავშანტექნიკის კოალიცია მიზნად ისახავს უკრაინის თავდაცვის ძალების ჯავშანტექნიკის გაძლიერებას, ერთობლივი ძალისხმევით ჩვენი ჯარების შესაძლებლობების გაზრდის მიზნით რუსი აგრესორის წინააღმდეგ ბრძოლაში, რათა უზრუნველყოს აღჭურვილობისა და იარაღის ეფექტური ოპერაცია, ტექნიკური მომსახურება და შეკეთება. ჩვენი მოკავშირეების მიერ მოწოდებული“, - ხაზგასმით აღნიშნა გავრილუკმა. გრძელვადიან პერსპექტივაში, "სატანკო კოალიციის" და "ჯავშანტექნიკის კოალიციის" მონაწილე ქვეყნები დაეხმარებიან უკრაინის შეიარაღებული ძალების მომავალი ჯავშანფლოტის შექმნას და ინოვაციური სამრეწველო პარტნიორობის დამყარებას უკრაინასთან. "ჯავშანტექნიკის კოალიციის" შექმნა პოლონეთისა და გერმანიის ინიცირებული იყო და მხარს უჭერდნენ დიდმა ბრიტანეთი, შვედეთი და იტალია. შეგახსენებთ, რომ დიდი ბრიტანეთი, ლატვიასთან ერთად, უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის ფარგლებში შექმნილ საერთაშორისო „დრონების კოალიციას“ ხელმძღვანელობს. ვარშავაში უკრაინისთვის "ჯავშანტექნიკის კოალიცია" შეიქმნა
საქართველოში 4,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
საქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დღეს, თბილისის დროით 17:44 საათზე, ონთან მოხდა 4.8 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა. თბილისის დროით 17:50 საათზე, მოხდა მეორე მიწისძვრა ონთან, მაგნიტუდით 4.0 (ML).
მაშველებმა ბაკურიანში, თოვლის მასაში მოყოლილი კაცის ცხედარი იპოვეს
მაშველებმა ბაკურიანში, თოვლის მასაში მოყოლილი კაცის ცხედარი იპოვეს. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. გარდაცვლილის ცხედარი მაშველებმა თოვლის მასიდან ამოიყვანეს და შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები მიმდინარეობს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა ბორჯომის მუნიციპალიტეტში, დაბა ბაკურიანში, თოვლის მასაში მოყოლილი მამაკაცის ცხედარი, ინტენსიური საძიებო სამუშაოების შედეგად იპოვეს. „სამუშაოებში ჩართული იყო 200-ამდე მეხანძრე-მაშველი, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, სამაშველო დრონები, კინოლოგთა სამსახური და საქართველოს თავდაცვის ძალების წარმომადგენლები. გარდაცვლილის ცხედარი მაშველების მიერ ამოყვანილია თოვლის მასიდან და მიმდინარეობს შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.
საფრანგეთი უკრაინას ჯავშანტექნიკას და რაკეტებს მიაწვდის
საფრანგეთი უკრაინაში ასობით ჯავშანტექნიკას და „ასტერის“ რაკეტებს გაგზავნის. თავდაცვის მინისტრის სებასტიან ლეკორნუს განცხადებით, იარაღის მიწოდება 2024 წელს და 2025 წლის დასაწყისში იგეგმება. მისი თქმით, საუბარია ცნობილ VAB ჯავშანტრანსპორტიორებზე. „უკრაინის არმიას სჭირდება, მაგალითად, ჩვენი ფრონტის ჯავშანტექნიკა (VAB): ამას აბსოლუტურად საკვანძო მნიშვნელობა აქვს ჯარების მობილურობისთვის. ამ ძველ ტექნიკას, რომელიც ჯერ კიდევ შეუძლია უკრაინას მნიშვნელოვანი პირდაპირი სარგებელი მოუტანოს“, - აღნიშნა საფრანგეთის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა. მინისტრის თქმით, საჰაერო თავდაცვის გაძლიერების შესახებ კიევის მოთხოვნის საპასუხოდ, პარიზი გადასცემს საბრძოლო მასალა „ასტერ 30“-ს SAMP/T-ისთვის - რომელიც ამერიკული Patriot-ის ეკვივალენტია. სებასტიან ლეკორნუ არ გამორიცხავს, რომ პროცესის დაჩქარების მიზნით საფრანგეთმა პრიორიტეტი სამოქალაქო მწარმოებლიდან სამხედროზე გადაიტანოს.
ზელენსკი: თავს ვიცავთ, ვუძლებთ, ჩვენი სული არ ნებდება - სიცოცხლეს შეუძლია, გაიმარჯვოს
პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელებს, რომლებიც 31 მარტს გრიგორიანული კალენდრით აღნიშნავენ, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა. უკრაინის კათოლიკე, პროტესტანტი და ბერძენი მართლმადიდებელი ქრისტიანები აღდგომის კვირას აღნიშნავენ. „ჩვენ ვიცავთ თავს, ვუძლებთ, ჩვენი სული არ ნებდება და იცის, რომ სიკვდილის აცილება შესაძლებელია,“ - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ „აღდგომის“ დღესასწაულთან დაკავშირებით გავრცელებულ მიმართვაში განაცხადა. „ვულოცავ უკრაინელებს და ყველა ქრისტიანს, ვინც დღეს აღდგომას აღნიშნავს. ეს არის დღესასწაული, რომელიც გვახსენებს სულის ძალას, რომელიც სიბნელის გამარჯვებას არ დაუშვებს. არ დაუშვებს ნების დაჩრდილვას. ის აერთიანებს ოჯახებს, ერებს და კონტინენტებს,“ - აღნიშნულია უკრაინის პრეზიდენტის სააღდგომო მილოცვაში. მისი თქმით, რუსები ყოველდღე ცდილობენ, უკრაინელების ცხოვრების განადგურებას. „ახლა არ არსებობს ღამე და დღე, როდესაც რუსული ტერორი არ ცდილობს ჩვენი ცხოვრების დანგრევას. წუხელ მათ ხალხის წინააღმდეგ კვლავ ისროლეს რაკეტები და Shahed-ის დრონები. მაგრამ ჩვენ თავს ვიცავთ, ვუძლებთ, ჩვენი სული არ ნებდება და იცის, რომ სიკვდილის აცილება შესაძლებელია. სიცოცხლეს შეუძლია, გაიმარჯვოს,“ - აღნიშნა ზელენსკიმ.
საფრანგეთში „ანტინარკოტიკული რეიდები“ გრძელდება: დააკავეს 1700-ზე მეტი ადამიანი
საფრანგეთში გრძელდება ფართომასშტაბიანი ანტინარკოტიკული რეიდები, რომლის დროსაც სამართალდამცველებმა 1738 ადამიანი დააკავეს. საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ჟერალდ დარმანინმა განაცხადა, რომ ანტინარკოტიკული რეიდები გაგრძელდება. მან აღნიშნა, რომ ნარკოტიკებით ვაჭრობა უნდა აღმოიფხვრას. ბოლო 10 დღის განმავლობაში ჩატარებული ოპერაციების დროს ამოღებულია 2,4 მილიონი ევრო. სამართალდამცველებმა ასევე ამოიღეს 150 კილოგრამი ნარკოტიკი, ძირითადად კოკაინი და ჰეროინი. „300-ზე მეტი ადამიანი დააკავეს პარიზში და მხოლოდ დედაქალაქის ჩრდილო-აღმოსავლეთით სენა-სენ-დენის რეგიონში,“განაცხადა დარმანინმა. მინისტრმა აღნიშნა, რომ ნარკოტიკებთან ბრძოლა მხოლოდ უსაფრთხოების სფეროში არ უნდა მიმდინარეობდეს. „განათლების, ნარკომანიის კონტროლისა და მშობლების პასუხისმგებლობის საკითხები ასევე მნიშვნელოვან როლს თამაშობს,“ განმარტა მან. ორშაბათს საფრანგეთში ანტინარკოტიკული რეიდები დაიწყო, რომლის მიზანია ხელისუფლების განზრახვების სერიოზულობის დემონსტრირება ქალაქებში ნარკოტიკებით ვაჭრობის წინააღმდეგ საბრძოლველად. მარსელში ბოლო მოგზაურობისას, პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა პირობა დადო, რომ საფრანგეთში უახლოეს კვირებში დაახლოებით 10 ასეთი ოპერაცია ჩატარდება.
პრემიერი: სიღარიბე განახევრდა, ეკონომიკურ ზრდასთან ერთად, მაჩვენებელი კიდევ უფრო მეტად შემცირდება
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის შეფასებით, საქართველოში სიღარიბე განახევრდა. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ეკონომიკურ ზრდასთან ერთად, მაჩვენებელი კიდევ უფრო მეტად შემცირდება. მისივე განმარტებით, მთავრობის მთავარი ამოცანაა, ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნება. „ყველაფერზე მეტყველებს ის მონაცემები, რაც გვაქვს. რაც შეეხება სიღარიბის შემცირებას, სიღარიბის მაჩვენებელი 2012 წელს იყო მილიონ 100 ათასი ადამიანი, როდესაც ის [ხაზარაძე] და მისი პარტნიორი პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ ბიზნესის რეკეტით იყვნენ დაკავებული, მილიონ 100 ათასი ადამიანი იყო სიღარიბის ზღვარს მიღმა. დღევანდელი მაჩვენებელი წამოცდენილი 600 000-ს. ეს ნიშნავს იმას, რომ პრაქტიკულად, ჩვენს ქვეყანაში სიღარიბე განახევრდა. ეკონომიკურ ზრდასთან ერთად, ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო მეტად შემცირდება. ჩვენი მთავარი ამოცანა არის ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნება. წინა თვეში გვქონდა 9.5% ეკონომიკური ზრდა, რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია. ჩვენი მიზანია, რომ ეს ტენდენცია შევინარჩუნოთ. ასეთ პირობებში სიღარიბე კიდევ უფრო მეტად შემცირდება ჩვენს ქვეყანაში, რაც საშუალო ვადიან პერსპექტივაში მოგვცემს სიღარიბის სრულად აღმოფხვრის საშუალებას,“ - აღნიშნა კობახიძემ.
ფაშინიანი: აზერბაიჯანი ცდილობს, მოძებნოს მიზეზები რეგიონში ახალი ომის დასაწყებად
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ აშკარაა, აზერბაიჯანი ცდილობს, მოძებნოს მიზეზები რეგიონში ახალი ომის დასაწყებად. სომხეთის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, სომხეთის ხელისუფლებას არასდროს ჰქონია ამბიციები ტავუშის რეგიონის ოთხ სოფელთან დაკავშირებით, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც აშკარაა, რომ აზერბაიჯანი ცდილობს, მოძებნოს მიზეზები რეგიონში ახალი ფართომასშტაბიანი ომის დასაწყებად. „ჩვენი პოლიტიკური პოზიცია, გზავნილი არის ის, რომ სომხეთის რესპუბლიკას არ აქვს პრეტენზია საერთაშორისოდ აღიარებული, სუვერენული ტერიტორიის გარეთ, მათ შორის აზერბაიჯანის მიერ ნახსენები სოფლების ტერიტორიებზე, სოფელი ყიზილ ჰაჯილი კი დღეს 100 პროცენტით აზერბაიჯანის კონტროლის ქვეშაა. ჩვენი მთავრობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ხაზი გაუსვას, თუ სად არის სომხეთის საზღვარი და ვიმედოვნებთ, რომ აზერბაიჯანიც გადადგამს ნაბიჯს ამ მიმართულებით,“ – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.
რუსეთიდან უცხოელებს ასახლებენ
რუსეთის ხელისუფლების მტკიცებით, მიგრაციასთან დაკავშირებული კანონმდებლობის დარღვევის გამო, სანქტ-პეტერბურგში 400-ზე მეტი მიგრანტის დეპორტაციის გადაწყვეტილება მიიღეს. ინფორმაციას ქალაქის სასამართლოების პრესსამსახური ავრცელებს. კვირის განმავლობაში, რუსეთის სამართალდამცავი სტრუქტურები მიგრანტების აღმოსაჩენად მასობრივ რეიდებს აწყობდნენ, როგორც სანქტ-პეტერბურგში, ასევე ქვეყნის სხვა ქალაქებში. ბოლო 5 დღის განმავლობაში, ქალაქის სასამართლოებში, თითქმის 600 პირის საქმე შევიდა. 418 პირთან დაკავშირებით, ჯარიმის დაწესებასთან ერთად, მიღებულია დეპორტაციის გადაწყვეტილებაც. კიდევ 50 უცხოელს ქვეყნის დამოუკიდებლად დატოვება დაევალა. "Фонтанка"-ს ცნობით, დეპორტაციის წინ, 418 პირი უცხო ქვეყნების მოქალაქეების დროებითი განთავსების ცენტრში გადაიყვანეს. მანამდე გავრცელებული ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, ხსენებული ცენტრი მხოლოდ 336 ადამიანს იტევს. რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო ტასს-ი იტყობინება, რომ ტერაქტის დროს 551 ადამიანი დაშავდა. AP-ის თანახმად, ადრე გამოცხადებული რიცხვი მნიშვნელოვნად დაბალი იყო და ეს განსხვავება ჯერ აუხსნელია. თავდასხმის დროს 144 ადამიანი მოკლეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა მსოფლიოში ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებული „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთმა განშტოებამ (ხორასანი) აიღო. რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ცნობით, დაკავებულია 11 პირი, მათ შორის, თავდასხმის 4 უშუალო მონაწილე, რომლებიც ტაჯიკეთის მოქალაქეები არიან. რამდენიმე პირი დააკავეს ასევე ტაჯიკეთში. 24, 25 და 26 მარტს, სასამართლომ წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა 8 ბრალდებულს. ოთხს ტერაქტში უშუალო მონაწილეობაში ადანაშაულებენ, დანარჩენებს კი - მათ დახმარებაში.
თურქეთში „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში ეჭვმიტანილი 51 პირი დააკავეს 51 პირი დააკავეს
თურქეთის სპეცსამსახურებმა ტერორისტულ დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში ეჭვმიტანილი 51 ადამიანი დააკავეს. მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ალი ერლიკაია სოციალურ ქსელში წერს. მინისტრის თქმით, ეჭვმიტანილების დაკავების ოპერაციები თურქეთის 21 პროვინციაში ჩატარდა. ტერორისტული დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში ეჭვმიტანილი ყველაზე მეტი, 10 პირი ანკარის პროვინციაში დააკავეს. ოპერაციაში მონაწილეობდნენ პროვინციების პოლიციის დეპარტამენტები და კოორდინაციას უწევდნენ პროკურატურა, უსაფრთხოების სამსახურის მთავარი დეპარტამენტი, დაზვერვის დეპარტამენტი და ანტიტერორისტული დეპარტამენტი. მინისტრის ინფორმაციით, ოპერაციების დროს დიდი რაოდენობით დოკუმენტაცია და ციფრული მასალა ამოიღეს. 26 მარტს თურქმა სამართალდამცავებმა ჯიჰადისტურ დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში ეჭვმიტანილი 147 ადამიანი დააკავეს.
რუმინეთი და ბულგარეთი შენგენის ზონას ნაწილობრივ შეუერთდნენ
ევროკავშირის ორი წევრი ქვეყანა, ბულგარეთი და რუმინეთი, 31 მარტს, ევროპის თავისუფალი გადაადგილების შენგენის ზონას ნაწილობრივ შეუერთდნენ და გახსნეს საჰაერო და საზღვაო მგზავრობის შესაძლებლობა სასაზღვრო შემოწმებების გარეშე. თუმცა სახმელეთო სასაზღვრო კონტროლი მაინც დარჩება, რადგან ავსტრია, თავშესაფრის მაძიებელთა შემოდინების შიშის გამო, წინააღმდეგია, რომ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები შენგენის ზონის სრულუფლებიანი წევრები გახდნენ. ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი შენგენის ზონის გაფართოებას მიესალმება და აცხადებს, რომ ეს ორივე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი წარმატებაა და ისტორიული მომენტია. „ბულგარეთი და რუმინეთი შენგენის ოჯახს შეუერთდებიან. მივესალმები შიდა საჰაერო და საზღვაო სასაზღვრო შემოწმებების გაუქმებას. ერთად ჩვენ ვაშენებთ უფრო ძლიერ და ერთიან ევროპას ჩვენი მოქალაქეებისთვის,“ - წერს ლაიენი სოციალურ პლატფორმა X-ზე. რუმინეთის მთავრობის განცხადებით, შენგენის წესები გავრცელდება ოთხ საზღვაო პორტსა და 17 აეროპორტზე - ქვეყნის ოტოპენის აეროპორტი, დედაქალაქ ბუქარესტის მახლობლად, შენგენის ფრენების უდიდეს ცენტრს წარმოადგენს. ბულგარეთი და რუმინეთი ევროკავშირის წევრი ქვეყნები 2007 წლიდან არიან. ქვეყნების ინტეგრაცია შენგენის ზონაში წლების განმავლობაში იბლოკებოდა, ავსტრია და ნიდერლანდი ამის მიზეზად არალეგალური მიგრანტების ნაკადის ზრდას ასახელებდნენ. შენგენის ზონაში ბულგარეთის შეერთების წინააღმდეგი იყო ასევე უნგრეთი, თუმცა წლის ბოლოს მან პოზიცია შეცვალა. თავდაპირველი შენგენის ხელშეკრულება 1985 წელს გაფორმდა, როდესაც ევროპის რამდენიმე მეზობელი სახელმწიფო ( გერმანია, საფრანგეთი, ბელგია, ნიდერლანდი და ლუქსემბურგი) სასაზღვრო კონტროლის გაუქმების შესახებ შეთანხმდა. მომდევნო წლებში ზონა ეტაპობრივად გაფართოვდა და 2007 წელს მას ყოფილი სოციალისტური ბანაკის და საბჭოთა კავშირის რამდენიმე ქვეყანა შეუერთდა.
ბუდანოვი: რუსეთმა „კალიბრის“ რაკეტები დააგროვა და შესაძლოა, მათი გამოყენება მალე დაიწყოს
რუსეთი დიდი ხანია, აგროვებს კალიბრის ფრთოსან რაკეტებს, რომელთა გამოყენებაც მას უკრაინაზე თავდასხმისთვის შეულია. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელმა კირილო ბუდანოვმა უკრაინის ტელევიზიით განაცხადა. „კალიბრებს“ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში აგროვებდნენ. ისინი აბსოლუტურად მზად არიან გამოსაყენებლად,“ - აღნიშნა ბუდანოვმა. მისი თქმით, ოკუპანტებმა არ გამოიყენეს „კალიბრის“ რაკეტები, რადგან ისინი ნაკლებად ეფექტიანია, ვიდრე X-101 ტიპის რაკეტები. „ვფიქრობ, უახლოეს მომავალში ჩვენ კვლავ ვიხილავთ „კალიბრს“, რადგან საგრძნობლად შემცირდა X-101 რაკეტების რაოდენობა,“ - განაცხადა მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელმა. მისი თქმით, რუსეთმა ადრე მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც ითვალისწინებდა ფლოტის სარაკეტო რეზერვების განახლებას და მათ გარკვეულ რაოდენობამდე გაზრდას. „მათ ეს დავალება შეასრულეს. ანუ ახლა ტექნიკურად მზად არიან მათ გამოსაყენებლად. ვიდრე ფლოტი აგროვებდა რაკეტებს, რუსეთის საჰაერო კოსმოსური ძალები იყენებდნენ X-101-ს," - განმარტა ბუდანოვმა.
ზელენსკი: უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ წარმოებული ომი არის გლობალური მნიშვნელობის - არავინ უნდა გადგეს განზე
რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებულ ომს გლობალური მნიშვნელობა აქვს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ Facebook-ზე გამოქვეყნებულ პოსტში განაცხადა. პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბუჩაში დროებითი ოკუპაციის დროს რუსი ოკუპანტების მიერ მოკლული უკრაინელების ხსოვნას პატივი მიაგო. „ეს არის გლობალური მნიშვნელობის ომი. ეს არის ომი ჩვენი სახელმწიფოს არსებობის, ისევე როგორც ყველას სიცოცხლის უფლებისთვის. ეს არის ომი ჩვენი ხალხის ღირსებისთვის. ეს არის ომი იმისთვის, რომ სხვამ არ გაბედოს სხვების მიმართ გახდეს მხეცი. ჩვენი ხალხის ცხედრები, რომლებიც ბუჩას ქუჩებში იპოვეს, არის დემონსტრირება იმის, რომ მსოფლიოში არავინ უნდა გადგეს ამ ბრძოლისგან განზე,“ - განაცხადა ზელენსკიმ.