ძებნის რეზულტატი:

ბელორუსში, პოლონეთის, ლიეტუვისა და უკრაინის მოსაზღვრე რეგიონებში სამხედრო წვრთნები დაიწყო

ბელორუსის შეიარაღებულმა ძალებმა სამშაბათს დაიწყო მანევრები უკრაინის, ლიეტუვისა და პოლონეთის მოსაზღვრე რეგიონებში. ამის შესახებ ბელორუსის თავდაცვის სამინისტრო იტყობინება. გომელის რეგიონის ტერიტორიული თავდაცვის ყოვლისმომცველი შემოწმების ფარგლებში, 2 აპრილიდან 4 აპრილამდე, გომელის რაიონის სამხედრო კომისრის ხელმძღვანელობით, ტერიტორიული თავდაცვის ძალებთან ერთად ჩატარდება სამეთაურო სწავლება. „სწავლების მიზანია, შეაფასოს ტერიტორიული ჯარების სამხედრო ნაწილების თანამდებობის პირების მზადყოფნა საბრძოლო მომზადების დავალებების შესასრულებლად, ასევე -  რეზერვის ოფიცრების კვალიფიკაციის ამაღლება ქვეშევრდომების მართვაში და პერსონალის მომზადება ტერიტორიული თავდაცვის ამოცანების გადასაჭრელად. მსგავსი სწავლებები 2 აპრილიდან 4 აპრილამდე ჩატარდება გროდნოს ოლქის ვორონოვოს რაიონში,“ აცხადებენ ბელოურუსის თავდაცვის უწყებაში.  

მედია: აშშ ისრაელისთვის 18 მილიარდი დოლარის მოცულობის იარაღის გადაცემას განიხილავს

აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია განიხილავს, გადასცეს თუ არა ისრაელს 18 მილიარდი დოლარის იარაღი, მათ შორის, ათობით F-15-ის ტიპის თვითმფრინავი. ამის შესახებ Reuters-ს ხუთმა ინფორმირებულმა წყარომ განუცხადა. ისრაელის პაკეტი მოიცავს 50 ერთეულ F-15-ის თვითმფრინავს, დამატებით, თვითმფრინავების მრავალწლიან მომსახურებასა და წვრთნას. სააგენტოს თანამოსაუბრის თქმით, ისრაელისთვის 25 ერთეული F-15-ის მოიერიშე თვითმფრინავის მიყიდვა განიხილება მას შემდეგ, რაც აშშ-მ მიიღო ოფიციალური მოთხოვნა 2023 წლის იანვარში, ღაზის სექტორში ისრაელის ექვსთვიანი სამხედრო კამპანიის დაწყებამდე დიდი ხნით ადრე. ეს ოპერაცია გაზრდის F-15-ის საბრძოლო თვითმფრინავების რაოდენობას 50-მდე. სხვა წყარომ აღნიშნა, რომ თვითმფრინავების მიწოდების დაჩქარება ისრაელის თავდაცვის მინისტრის იოავ გალანტის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო, რომელიც გასულ კვირას ეწვია ვაშინგტონს და მოლაპარაკებები გამართა აშშ-ის ოფიციალურ პირებთან, კერძოდ, ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველთან ჯეიკ სალივანთან და თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინთან. ამერიკელი ოფიციალური პირის თქმით, თვითმფრინავის ყველაზე ადრეული მიწოდება 2029 წელია და ეს იმ პირობით, რომ ხვალ კონგრესს ოფიციალური შეტყობინება გაეგზავნება და შეთანხმება დაუყოვნებლივ გაფორმდება.  ეს გარიგება განცალკევებით განიხილება ისრაელისთვის 14 მილიარდი დოლარის დახმარებისგან, რომლის დამტკიცებას ბაიდენმა კონგრესს სთხოვა. ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ ისრაელისთვის საბრძოლო თვითმფრინავებისა და ბომბების გადაცემა დაამტკიცა. შესაბამის ინფორმაციას The Washington Post-ი პენტაგონისა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით 30 მარტს ავრცელებდა. მანამდე აშშ-ის გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელმა ჩარლზ ბრაუნმა განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებს სურს, მიიღოს მეტი ინფორმაცია ისრაელის სახმელეთო ოპერაციის გეგმების შესახებ. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მიიჩნევს, რომ ქალაქ რაფაში სრულმასშტაბიანი სამხედრო ოპერაციის განხორციელება ისრაელის კიდევ უფრო დიდ იზოლაციას გამოიწვევს.  

ფინეთის სკოლაში სროლას მსხვერპლი მოჰყვა

ფინეთის სკოლაში სროლის შედეგად, ერთი ბავშვი დაიღუპა და ორი მძიმედ დაიჭრა. სამივე 12 წლისაა. ამის შესახებ პოლიცია იუწყება.  დააკავეს ეჭბმიტანილი, რომელიც ასევე 12 წლის არის. მშობლებმა ფინურ მედიას განუცხადეს, რომ სროლა დედაქალაქ ჰელსინკის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ ვანტაას სკოლის კლასში მოხდა. სკოლას სულ 800 მოსწავლე და 90 თანამშრომელი ჰყავს. ვანტაა ფინეთის სიდიდით მეოთხე ქალაქია, სადაც დაახლოებით 240 000 ადამიანი ცხოვრობს. როგორც BBC წერს, 5,5 მილიონიანი ფინეთი საყოველთაოდ ცნობილია, როგორც მონადირეების და იარაღის მოყვარულთა ქვეყანა და მას 430,000 ლიცენზირებული იარაღის მფლობელი ჰყავს.  

მილერი „ჰავანის სინდრომზე“: დაზვერვის დასკვნით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ უცხოელი მოწინააღმდეგე იყოს პასუხისმგებელი, ახალ ინფორმაციას შევისწავლით

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში კომენტარი გააკეთეს ჟურნალისტურ გამოძიებასთან დაკავშირებით, რომელიც „ჰავანის სინდრომის“ რუსეთთან კავშირებზე მიუთითებს. სპიკერმა მეთიუ მილერმა კონკრეტული ინფორმაციის დადასტურებისგან თავი შეიკავა და დაზარალებულების უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის უზრუნველყოფაზე გაამახვილა ყურადღება. „ჩვენი პერსონალის უსაფრთხოება რჩება მდივნის უმთავრეს პრიორიტეტად და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ დაზარალებულთა დასახმარებლად,“ აღნიშნა მილერმა. არიან თუ არა სახელმწიფო დეპარტამენტის დაზვერვისა და კვლევის ბიუროში დარწმუნებულნი, რომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ უცხოელი მოწინააღმდეგე იწვევს „ჰავანის სინდრომს?“ „2023 წლის მარტიდან დაზვერვის საზოგადოების ფართო დასკვნაა, რომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ უცხოელი მოწინააღმდეგე იყოს პასუხისმგებელი ჯანმრთელობის ამ „ანომალიურ ინციდენტებზე.“ ეს არის ის, რაც დაზვერვის საზოგადოებამ ინტენსიურად გამოიძია და აგრძელებს შესწავლას. ჩვენ შევხედავთ ახალ ინფორმაციას და გავაკეთებთ შეფასებებს სახელმწიფო დეპარტამენტში და ჩვენი დაზვერვის საზოგადოების კოლეგებთან ერთად,“ უპასუხა მილერმა ხსენებულ შეკითხვას. მანამდე, პენტაგონის მაღალჩინოსანს, რომელიც ვილნიუსში, NATO-ს შარშანდელ სამიტს ესწრებოდა, „ჰავანის სინდრომის“ მსგავსი სიმპტომები ჰქონდა. AP-ის ცნობით, ამის შესახებ პენტაგონის პრესმდივანმა საბრინა სინგმა განაცხადა. ჟურნალისტებმა "ჰავანის სინდრომსა" და GRU-ს შორის კავშირი აღმოაჩინეს: შემთხვევა თბილისშიც დაფიქსირდა ცნობისთვის, "ჰავანის სინდრომის" სიმპტომები, რომელსაც აშშ-ის ოფიციალური პირები "ანომალიურ ინციდენტებად" (AHI) მოიხსენიებენ, შეიძლება, იწვევდეს თავის უკიდურეს ტკივილს, თავბრუსხვევას, გულისრევასა და ყურის ტკივილს. ამ მდგომარეობას ეწოდა "ჰავანას სინდრომი", რადგან ამერიკელი ოფიციალური პირების ავადმყოფობის შესახებ ინფორმაცია პირველად  აშშ-ის საელჩოში, კუბის დედაქალაქში 2016 წლის ბოლოს დაფიქსირდა.  

ეროვნული ბანკი მომხმარებელს ახალი თაღლითური სქემის შესახებ აფრთხილებს

საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებით, ბოლო პერიოდში დაფიქსირდა თაღლითური შემთხვევები, რომლებიც სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფის (მათ შორის, "AnyDesk") გამოყენებით ხორციელდება. ერძოდ, სხვადასხვა მეთოდით - სარეკლამო რგოლებით, სოციალური ინჟინერიით, თანხის დაბანდების სანაცვლოდ მაღალი საშემოსავლო უკუგების დაპირებით და სხვა მეთოდით - მომხმარებლებს უბიძგებენ კუთვნილ ელექტრონულ მოწყობილობებში, მათ შორის, მობილური ტელეფონის აპარატში გადმოწერონ და დააინსტალირონ სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფა/აპლიკაცია, რომელიც თაღლითებს აღნიშნული მოწყობილობისა თუ სხვადასხვა აპლიკაციების, მათ შორის, მობილური ბანკის, ე.წ. "SMS" შეტყობინებების და ა.შ. დისტანციურად კონტროლისა და მასზე ზეგავლენის საშუალებას მისცემს. „დაფიქსირდა ისეთი შემთხვევებიც, როცა ზემოთქმულის გათვალისწინებით თაღლითებმა შეძლეს მომხმარებლის სახელით სესხის/კრედიტის გააქტიურება, დეპოზიტების ვადამდე შეწყვეტა და თანხების სხვადასხვა ანგარიშებზე გადარიცხვა, მათ შორის, ვირტუალური აქტივების შესაძენად.საქართველოს ეროვნული ბანკი მოუწოდებს მოქალაქეებს, განსაკუთრებული ყურადღება და სიფრთხილე გამოიჩინონ ინტერნეტ/ვირტუალურ სივრცეში გავრცელებული შეთავაზებების მიმართ, ასევე, საკუთარი პერსონალური, მათ შორის, ფინანსური მონაცემების გამჟღავნებისას. პირველ ყოვლისა, მოიძიონ შეთავაზების გამავრცელებელი კომპანიის სანდოობისა და საქმიანობის შესახებ მონაცემები, ხოლო თუ კომპანია, ერთი შეხედვით, სანდო და ნაცნობია, გადაამოწმონ შეთავაზების ნამდვილობა კომპანიასთან,“ წერია სებ-ის განცხადებაში და მომხმარებელს დამატებით ინფორმაციას აწვდის:„დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ საქართველოს ეროვნული ბანკის ცხელ ხაზზე - (+995)0322406406.საქართველოს ეროვნული ბანკის გაფრთხილებები კი შეგიძლიათ იხილოთ აქ.ფინანსურ თაღლითობასთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ ფინანსური განათლების ვებგვერდზე.“  

3-5 აპრილს, ღამის საათებში რიკოთის ძველ გვირაბში შეზღუდვები დაწესდება

საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 143-ე კმ-ზე მდებარე რიკოთის საავტომობილო გვირაბში (ძველი გვირაბი), პროფილაქტიკური და დასუფთავების სამუშაოების ჩატარების მიზნით, 2024 წლის 3 აპრილიდან 5 აპრილამდე 01:00 სთ-დან 06:00 სთ-მდე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა სავალი ნაწილის ერთ ზოლზე რევერსულად განხორციელდება. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. დროის აღნიშნულ პერიოდში, საავტომობილო გზის სურამის კვანძი-ზესტაფონის (კმ132-კმ200) მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.  

სამხედრო პოლიციის თანამშრომელი დააკავეს

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მეუღლის მიმართ მუქარის ფაქტზე თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის თანამშრომელი დააკავა. ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, მუქარის ფაქტზე, დაკავებულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი ი.მ. გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 წლის 23 თებერვალს, ბრალდებული აზარტულ თამაშებში თანხის წაგების შემდეგ, საღამოს საათებში სახლში დაბრუნდა, რა დროსაც მეუღლესთან უთანხმოება მოუხდა და მას სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. აღნიშნულის შემდეგ ბრალდებული კვლავ აგრძელებდა მეუღლის მიმართ მუქარას. მიმდინარე წლის მარტში, საყოფაცხოვრებო საკითხებზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს, იგი მეუღლეს ფიზიკური ანგარიშსწორებით დაემუქრა როგორც უშუალოდ, ასევე მოკლეტექსტური შეტყობინებით. დაზარალებულს ყველა შემთხვევაში მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში გაუჩნდა. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, დაზარალებული ქალის მომართვის შემდეგ, გამოძიება მყისიერად დაიწყო და პროკურატურასთან თანამშრომლობით სამართალდამცავის დანაშაულში მამხილებელი მტკიცებულებები მოიპოვა, რის შემდეგაც სასამართლოს განჩინების საფუძველზე იგი დაკავებული იქნა. სამხედრო პოლიციელს ბრალდება 48 საათში წარედგინება. დანაშაული 3-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სპეციალური საგამოძიებო სამსახური საქმეზე გამოძიებას აგრძელებს,“ - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

ოკუპირებულ აფხაზეთში სამხედრო ვერტმფრენი MI-24 ჩამოვარდა

ოკუპირებული აფხაზეთის გულრიფშის რაიონში, დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი ვერტმფრენი MI-24 ჩამოვარდა. „ეკიპაჟის სამივე წევრი ცოცხალია,“ განუცხადა ადგილობრივ სააგენტო „აფსნიპრესს" ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საჰაერო ძალების სარდალმა ადგურ გუმბამ. შემთხვევის გამომწვევ მიზეზებს იძიებენ. ადგილზე იმყოფება დე ფაქტო საგანგებო სიტუაციების მინისტრი ლევ კვიცინია.  

Bloomberg: დრონების თავდასხმების გამო, რუსეთი დიზელის ექსპორტის შემცირებას გეგმავს

ბოლო ხუთ თვეში უკრაინული თვითმფრინავების თავდასხმების გამო, რუსეთი აპრილში შავი და ბალტიის ზღვის პორტებიდან დიზელის ექსპორტის შემცირებას გეგმავს.   წიაღისეული საწვავი არის რუსეთის ეკონომიკის ძირითადი მამოძრავებელი ძალა და კრემლის ომის მანქანის შემოსავლის მთავარი წყაროა. როგორც Bloomberg-ი წერს, დასავლეთის სანქციების მიუხედავად, რუსეთი კვლავ აწვდის ნავთობს და გაზს მსოფლიოს სხვა ქვეყნებს, პირველ რიგში, ინდოეთსა და ჩინეთს. ბოლო თვეების განმავლობაში უკრაინა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმებს აწყობდა. Bloomberg-ის ცნობით, 17 მარტის თავდასხმის სამიზნე იყო ათეულობით რუსული ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, რაც რუსეთის ნავთობის გადამამუშავებელი სიმძლავრის დაახლოებით 12%-ს შეადგენს. „ინდუსტრიის მონაცემები აჩვენებს, რომ დიზელის ექსპორტი აპრილში დაახლოებით 2,29 მილიონ ტონამდე შემცირდება,“ წერს გამოცემა ინდუსტრიის მონაცემებზე დაყრდნობით.   „ეს დღეში 569 000 ბარელზე ოდნავ მეტს უდრის, რაც 21%-ით ნაკლებია მარტში იმავე პორტებიდან დაახლოებით 724 000 ბარელის დღიურ ექსპორტთან შედარებით,“ - წერს Bloomberg-ი. 29 მარტს „ვაშინგტონ პოსტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსული ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის სამიზნედ ქცევა ლეგიტიმური სამხედრო სტრატეგიაა. „დარტყმები შეესაბამება უკრაინის სამხედრო მიზნებს,“ აღნიშნა ზელენსკიმ. ეს ინტერვიუ მოჰყვა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ შეერთებულმა შტატებმა უკრაინას სთხოვა ,შეწყვიტოს შეტევა რუსეთის ნავთობის ინდუსტრიაზე. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა უარყო ეს ინფორმაცია და აღნიშნა, რომ კიევს მსგავსი მოწოდებები ვაშინგტონიდან არ მიუღია.

ავსტრია ქვეყანაში რუსეთის ჯაშუშური ქსელების შეღწევის აღსაკვეთად, ზომებს იღებს

ავსტრიაში 9 აპრილს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართება. მანამდე, ქვეყანამ კონსტიტუციის დაცვისა და ტერორიზმთან ბრძოლის ფედერალური სამსახურის (BVT) ყოფილი თანამშრომლის ეგისტო ოტის დაკავების შესახებ განაცხადა, რომელიც ჯაშუშობაშია ეჭვმიტანილი. ამის შესახებ Der Standard-ი წერს. ავსტრიის საზიანოდ საიდუმლო დაზვერვისა და სახელმწიფო საიდუმლოების დარღვევის საქმეს 2017 წლიდან იძიებენ. მის ბოლო დაკავებას წინ უძღოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ოტი ავსტრიელი ოფიციალური პირების მობილური ტელეფონებიდან მონაცემებს რუს ჯაშუშებს გადასცემდა. ცნობისთვის, უშისროების საბჭოს შეხვედრას ავსტრიის ფედერალური კანცლერი კარლ ნეჰამერი საპარლამენტო ჯგუფ მწვანეების მოთხოვნით მოიწვევს. „BVT-ის ყოფილი თანამშრომლის, ეგისტო ოტის მიმართ არის ბრალდებები ჯაშუშობის შესახებ. ეს ბრალდებები მძიმეა. ერთი მხრივ, ეს ბრალდებები ახლა სასამართლო ორგანოებმა უნდა გამოიკვლიონ. მეორე მხრივ, აუცილებელია ქვეყანაში უსაფრთხოების ვითარების შეფასება და გარკვევა,“ ნათქვამია ნეჰამერის განცხადებაში. მისი თქმით, ავსტრიისთვის აუცილებელია, რომ მიიღოს უსაფრთხოების ზომები საფრთხის გამო, რასაც წარმოადგენს ქვეყანაში რუსეთის სადაზვერვო სამსახურების შეღწევა.  

ესტონეთი 18 Caesar-ის შესყიდვას და გემის აშენებას გეგმავს

ესტონეთის თავდაცვის ძალებმა შესაძლოა, „კეისრის“ ტიპის 18 თანამედროვე ფრანგული თვითმავალი საარტილერიო დანადგარი (SPG) მიიღოს. ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ჰანო პევკურმა Postimees-თან ინტერვიუში განაცხადა. პევკურის თქმით, 155 მმ-იანი თვითმავალი საარტილერიო დანაყოფები თავდაცვის ძალების გაძლიერების პაკეტში იარაღის ყველაზე მნიშვნელოვანი შესყიდვაა. დაგეგმილია მათგან ცალკე ბატალიონის ჩამოყალიბება, რომელიც უშუალოდ პირველ დივიზიას მოემსახურება. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დაგეგმილი ინვესტიცია ესტონეთის საზღვაო ძალებისთვის ახალი გემის მშენებლობაა. „ჩვენ თვითონ ვგეგმავთ ახალი გემის აშენებას, ვიდრე მის შეკვეთას,“ - აღნიშნა პევკურმა და დაამატა, რომ მისი სავარაუდო ღირებულება 30-40 მილიონი ევრო იქნება. შეგახსენებთ, რომ ჰანო პევკურმა 21 მარტს კიევში ვიზიტისას განაცხადა, რომ მისი ქვეყანა უკრაინას 20 მილიონი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გაუგზავნის. ესტონეთის მთავრობის ხელმძღვანელმა კაია კალასმა 29 მარტს, ესტონეთის NATO-ში გაწევრიანების-მე-20 წლისთავზე, მოუწოდა ყველას, მხარი დაუჭირონ უკრაინის ალიანსში გაწევრიანებას.  

რუმინეთმა აზერბაიჯანს შესთავაზა, საქართველოს გავლით ტვირთის მულტიმოდალური ტრანსპორტირების ორგანიზება დააჩქაროს

რუმინეთმა შესთავაზა აზერბაიჯანს, ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან კასპიის ზღვის, აზერბაიჯანის, საქართველოსა და შავი ზღვის გავლით კონსტანცის პორტში, საქონლის მულტიმოდალური ტრანსპორტირების ორგანიზება დააჩქაროს. შესაბამისი განცხადება რუმინეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მდივანმა ადრიან ჯორჯ ფოგისმა გააკეთა. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება ცენტრალური აზიის ქვეყნებსა და მათ მეზობლებს შორის, ისევე როგორც სხვა მსოფლიო მოთამაშეებთან, არის დადებითი ფაქტორი ტვირთების გადაზიდვის მოცულობის გაზრდისთვის. მნიშვნელოვანია ინვესტიციები ინფრასტრუქტურაში, როგორიცაა, გზების, რკინიგზის, პორტებისა და ტვირთის გადაზიდვის ტერმინალების მშენებლობა ან მოდერნიზაცია - რეგიონის ქვეყნებს შორის ან სხვა ქვეყნებთან სავაჭრო ხელშეკრულებების გაფორმებამ შეიძლება, ხელი შეუწყოს ტვირთების ტრანსპორტირებას და ტრანზიტს ცენტრალურ აზიაში. რეგიონში პოლიტიკური სტაბილურობა ასევე მნიშვნელოვან როლს ასრულებს ტვირთების გადაზიდვის უსაფრთხოებისა და პროგნოზირებადობის უზრუნველყოფაში. მსოფლიო ბანკი შუა დერეფნის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის გაზრდას პროგნოზირებს  

რაზე ამახვილებს სახალხო დამცველი ყურადღებას 2023 წლის ანგარიშში

სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა 2023 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ წლიური საპარლამენტო ანგარიში წარადგინა.  ლევან იოსელიანი სხვა საკითხებთან ერთად შეეხო კონფლიქტის ზონაში მცხოვრები ადამიანების მდგომარეობას. მისი განცხადებით, მძიმე გამოწვევად რჩება საოკუპაციო ხაზზე უკანონო დაკავებები და არასათანადო მოპყრობის ფაქტები. ამასთან, გახშირებულია უკანონო პატიმრობის შემთხვევები. „კონფლიქტის ზონაში მცხოვრები ქართველი, ოსი და აფხაზი მოსახლეობა დღემდე მწვავედ განიცდის ოკუპაციის დამანგრეველ შედეგებს - დღემდე დაუსჯელები არიან დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიას, არჩილ ტატუნაშვილის და ირაკლი კვარაცხელიას მკვლელობაში უშუალოდ მონაწილე საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები, რაზეც პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციას ეკისრება,“ ამბობს ომბუდსმენი. „ოთხოზორიას საქმეზე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ უკვე გამოაქვეყნა გადაწყვეტილება. დიდი იმედებით ველოდებით, სასჯელის შესახებ მათ გადაწყვეტილებას, რომელმაც ჩვენი მოქალაქეების მკვლელობა, გატაცება და განგრძობად ოკუპაცია სამართლებრივად უნდა შეაფასოს. მძიმე გამოწვევად რჩება საოკუპაციო ხაზზე უკანონო დაკავებები და არასათანადო მოპყრობის ფაქტები, გახშირებულია უკანონო პატიმრობის შემთხვევები. საკუთრების უფლებების დარღვევა საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ჩვენი მოქალაქეების ყოველდღიური ყოფის ნაწილია. თითქმის უწყვეტია საოკუპაციო ძალების “ბორდერიზაციის” პროცესი. ეთნიკურ ქართველებს ამ დრომდე არ ეძლევათ საშუალება ოკუპირებულ რეგიონებში მშობლიურ ენაზე განათლების მიიღონ. ბავშვებს მრავალი სახიფათო კილომეტრის გავლა უწევთ ქართულ ენაზე წერა-კითხვის შესასწავლად. მტკივნეულია საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ქალების უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობა. 35 შეხვედრა გვქონდა საოკუპაციო ხაზის მომდებარე მცხოვრებ ქალებთან. შემაძრწუნებელია ისტორიები, რომლებსაც ისინი მიზიარებენ. ქალები ხშირად დაუცველები არიან ძალადობის შემთხვევებში, ყოველთვის ვერ ახერხებენ ჯანდაცვის საბაზისო სერვისების მიღებას, არ აქვთ ინფორმაცია ისეთ მომსახურებაზე, რაც ხშირ შემთხვევაში უფასოა, მაგალითად, სკრინინგი. როგორც იცით, რელიგიური დღესასწაული ახლოვდება, საანგარიშო პერიოდში და წლების განმავლობაშიც დღესასწაულების დროს ხელოვნურად უშლიან ადამიანებს გადაადგილებას. მინდა იმედი გამოვთქვა, რომ წელს იქნება გამონაკლისი და აღდგომის დღესასწაულზე ჩვენი მოქალაქეები შეძლებენ წინაპართა სალოცავების და საფლავების მონახულებას,” - განაცხადა ლევან იოსელიანმა. პენიტენციური დაწესებულებების გადატვირთულობა სახალხო დამცველის 2023 წლის ანგარიშშია აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში, უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა - საანგარიშო პერიოდში, პენიტენციურ დაწესებულებებში ასევე კვლავ პრობლემური იყო დეესკალაციის ოთახსა და სამარტოო (უსაფრთხო) საკანში პატიმრების ხანგრძლივი, არამიზნობრივი და დასჯის მიზნით მოთავსება, რაც, სახალხო დამცველის შეფასებით, სასტიკ, არაადამიანურ და ღირსების შემლახავ მოპყრობას უტოლდება. ანგარიშის მიხედვით, ასევე პრობლემური იყო არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოვლენა და დოკუმენტირება, პატიმართა ადეკვატური სამედიცინო სერვისით უზრუნველყოფა და პენიტენციური დაწესებულებების ფიზიკური გარემო. „წლების განმავლობაში, უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა. გასული წლების მსგავსად, კვლავ სერიოზულ გამოწვევად რჩება დაწესებულებების გადატვირთულობა და არაფორმალური მეთოდებით მმართველობის ცალკეული შემთხვევები. ნიშანდობლივია, რომ 2021 წლის მაისში წამების პრევენციის ევროპული კომიტეტი ad hoc ვიზიტით საქართველოს სპეციალურად ეწვია ნახევრად ღია ტიპის დაწესებულებებში არსებული მდგომარეობის შესამოწმებლად. შემოწმების შედეგად, 2022 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში წამების პრევენციის ევროპულმა კომიტეტმა მიუთითა, რომ პენიტენციური დაწესებულებების მენეჯმენტსა და იერარქიის წარმომადგენელ პატიმრებს შორის ნებისმიერი კონფლიქტი თავდაპირველად არაფორმალურად, ადმინისტრაციის ფორმალურად გაფრთხილების გარეშე უნდა მოგვარებულიყო. საანგარიშო პერიოდში, პენიტენციურ დაწესებულებებში ასევე კვლავ პრობლემური იყო დეესკალაციის ოთახსა და სამარტოო (უსაფრთხო) საკანში პატიმრების ხანგრძლივი, არამიზნობრივი და დასჯის მიზნით მოთავსება, რაც, სახალხო დამცველის შეფასებით, სასტიკ, არაადამიანურ და ღირსების შემლახავ მოპყრობას უტოლდება. ასევე პრობლემური იყო არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოვლენა და დოკუმენტირება, პატიმართა ადეკვატური სამედიცინო სერვისით უზრუნველყოფა და პენიტენციური დაწესებულებების ფიზიკური გარემო. სამწუხაროდ, კვლავ გადაუჭრელია პატიმართა პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების მექანიზმთან დაკავშირებული ის პრობლემები, რომელთა გადაჭრის მნიშვნელობაზეც სახალხო დამცველი, წლებია, საუბრობს. კერძოდ, მოქმედი პრაქტიკა და საკანონმდებლო ჩარჩო ვერ ადგენენ ერთიან, განჭვრეტად და მკაფიო საფუძვლებს იმისა, თუ ვის ეკუთვნის საკანონმდებლო შეღავათით სარგებლობის შესაძლებლობა. აუცილებელია დაიხვეწოს ნორმატიული ბაზა და პირობით ვადამდე გათავისუფლებისა თუ სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის პროცესში უფრო მეტ კრიტერიუმს მიექცეს ყურადღება, მათ შორის, ისეთ ასპექტებს, რომლებიც მსჯავრდადებულის სამომავლო გეგმებს, პერსპექტივებს, შესაძლებლობებსა და სხვა საკითხებს მიემართება. ასევე საგულისხმოა, რომ სასჯელის გადასინჯვის მექანიზმის ეფექტიანი ფუნქციონირება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უვადო თავისუფლებააღკვეთილი მსჯავრდადებულებისთვის. სამწუხაროდ, კვლავ შეუსრულებელია სახალხო დამცველის წინადადება უვადოდ თავისუფლებააღკვეთილი მსჯავრდადებულის მიერ პირობით ვადამდე გათავისუფლების მოთხოვნით სასამართლოსთვის მიმართვის ვადის რამდენიმე წლით შემცირებასთან დაკავშირებით,“ - აღნიშნულია სახალხო დამცველის ანგარიშში. შეკრების თავისუფლება ანგარიშის მიხედვით, შეკრებებისა და აქციების დროს მონაწილეთა დაკავება, დღევანდელ კონსტიტუციურ წესრიგთან შეუთავსებელ, 1984 წელს მიღებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს ეფუძნება - საბჭოთა პერიოდის მოქმედი კოდექსი ადამიანის უფლებებთან და ძირითად თავისუფლებებთან თავსებადობის მინიმალურ სტანდარტსაც კი ვერ აკმაყოფილებს. ამასთან, 2023 წელს შეკრების თავისუფლებასთან დაკავშირებული რიგი გამოწვევები უცვლელი რჩებოდა, ხოლო ცალკეულ შემთხვევაში, შეკრების თავისუფლებით სარგებლობა - კიდევ უფრო გართულებული. „2023 წელი სხვადასხვა მასშტაბის, შინაარსისა და ფორმის მრავალი შეკრებით გამოირჩეოდა. რადიკალური ჯგუფების შეკრებების ფონზე, აქტუალური იყო მშვიდობიანი შეკრების სარგებლობასთან დაკავშირებული გამოწვევები, შეკრების ფორმისა და შინაარსის შეზღუდვასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ინიციატივები, შეკრების დაშლის მიზნით განხორციელებული არაპროპორციული და, ზოგიერთ შემთხვევაში, არალეგიტიმური ღონისძიებები. კვლავ გამოიყენებოდა შეკრების მონაწილეთა ადმინისტრაციული დაკავების პრაქტიკა. საერთო ჯამში, საანგარიშო პერიოდში შეკრების თავისუფლებასთან დაკავშირებული რიგი გამოწვევები უცვლელი რჩებოდა, ხოლო ცალკეულ შემთხვევაში, შეკრების თავისუფლებით სარგებლობა - კიდევ უფრო გართულებული. შეკრებებისა და აქციების დროს მონაწილეთა დაკავება, დღევანდელ კონსტიტუციურ წესრიგთან შეუთავსებელ, 1984 წელს მიღებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს ეფუძნება. სახალხო დამცველი, წლებია, საუბრობს ახალი კოდექსის შემუშავების აუცილებლობაზე, რადგანაც საბჭოთა პერიოდის მოქმედი კოდექსი ადამიანის უფლებებთან და ძირითად თავისუფლებებთან თავსებადობის მინიმალურ სტანდარტსაც კი ვერ აკმაყოფილებს. ამის ნათელი მაგალითია 2023 წლის 2-3 ივნისს პოლიციის მხრიდან ამ მოძველებული კანონმდებლობის საფუძველზე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა დაკავების ფაქტები, რომლებთან მიმართებითაც სახალხო დამცველის აპარატმა ხუთ საქმეზე სასამართლოში მეგობრის მოსაზრება წარადგინა. სამწუხაროდ ეს საქმეებიც ადასტურებს, რომ ხშირად გამოხატვის თავისუფლებასა თუ შეკრების უფლების რეალიზაციაში ჩარევა მხოლოდ პროტესტის გამოხატვის შინაარსს ან/და ფორმას უკავშირდება, რაც სრულიად ეწინააღმდეგება შესაბამის ადამიანის უფლების დაცვის სტანდარტებს. 2023 წელს განსაკუთრებით პრობლემური იყო პარლამენტის მხრიდან კანონპროექტის ინიცირება, რომელიც მკვეთრად ზღუდავდა შეკრება/მანიფესტაციების მონაწილეთა მხრიდან დროებითი კონსტრუქციების (მათ შორის, კარვის) აღმართვის შესაძლებლობას. ეს ინიციატივა, სახალხო დამცველის მიმართვის საფუძველზე, ასევე უარყოფითად შეაფასა ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა. მათი შეფასებით, შეთავაზებული ცვლილებები შესაძლოა გამოყენებული ყოფილიყო განსხვავებული პოლიტიკური აზრის დისკრიმინაციულად ჩასახშობად. დასკვნაში უარყოფითად შეფასდა კანონპროექტის დაჩქარებულად მიღების წესიც. კანონპროექტს, რომელიც პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო, ვეტო დაადო საქართველოს პრეზიდენტმა და ამ ეტაპზე კანონის მიღების პროცესი შეჩერებულია. სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ უაღრესად მნიშვნელოვანია, საქართველოს პარლამენტმა, შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით, უარი თქვას კანონის მიღებაზე,” - აღნიშნულია სახალხო დამცველის 2023 წლის ანგარიშში. გენდერული ნიშნით ჩადენილი მკვლელობა და ბავშვების მიმართ ძალადობა   სახალხო დამცველის შეფასებით, წლების განმავლობაში ნარჩუნდება გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალთა მკვლელობების (ფემიციდის) კუთხით არსებული გამოწვევები - 2023 წელს 24 ქალის მკვლელობისა და 27 ქალის მკვლელობის მცდელობის ფაქტი გამოვლინდა. ანგარიშის მიხედვით, ამასთან, პრობლემურია ბავშვების მიმართ ძალადობის დროული გამოვლენა, ეფექტიანი, კოორდინირებული და ბავშვზე მორგებული რეაგირება, რაც დასტურდება 2023 წელს, აითაჯ შახმაროვას მკვლელობით. „პრობლემურია ბავშვების მიმართ ძალადობის დროული გამოვლენა, ეფექტიანი, კოორდინირებული და ბავშვზე მორგებული რეაგირება. ამგვარი კომპლექსური რეაგირების არარსებობამ, შესაძლოა, ტრაგიკულ შედეგებამდე მიგვიყვანოს, რაც დასტურდება 2023 წელს, აითაჯის მკვლელობით. სამწუხაროდ, 14 წლის აითაჯ შახმიროვას გენდერული ნიშნით ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტი არ არის განყენებული შემთხვევა და ძალადობის პრევენციის, აღკვეთის, მსხვერპლთა დაცვის და დახმარების მიმართულებით არსებული ხარვეზების შედეგია. მომხდარი კიდევ ერთხელ ადასტურებს მუშაობის გაძლიერების საჭიროებას პრევენციის მიმართულებით - დამოკიდებულებების გარდასაქმნელად, გენდერულ სტერეოტიპებზე დაფუძნებული ტრადიციებისა და მავნე პრაქტიკების აღმოსაფხვრელად. წლების განმავლობაში ნარჩუნდება გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალთა მკვლელობების (ფემიციდის) კუთხით არსებული გამოწვევები. 2023 წელს 24 ქალის მკვლელობისა და 27 ქალის მკვლელობის მცდელობის ფაქტი გამოვლინდა,“ - წერია სახალხო დამცველის ანგარიშში. ამავე დოკუმენტის თანახმად, ფსიქიატრიულ დაწესებულებებში პაციენტებს კვლავ თვითნებურად აქვთ შეზღუდული ტელეფონით სარგებლობის უფლება- კვლავ არის ფსიქიატრიული დაწესებულებები, სადაც პაციენტების მნახველების მისაღებად არ არის ხელმისაწვდომი სათანადო ინფრასტრუქტურა, ანგარიშის მიხედვით, პაციენტებს კვლავ არ აქვთ სტაციონარიდან გაწერის გარეშე, სტაციონარის ხანმოკლე ვადით დატოვების შესაძლებლობა, მათი ფსიქიკური მდგომარეობის გათვალისწინებით. „ფსიქიატრიულ დაწესებულებებში პაციენტებს კვლავ თვითნებურად აქვთ შეზღუდული ტელეფონით სარგებლობის უფლება. მათ მხოლოდ ექიმისა და დამხმარე პერსონალის ნებართვისა და კეთილგანწყობის შემთხვევაში შეუძლიათ ისარგებლონ ტელეფონზე დარეკვის შესაძლებლობით. დამატებით, პაციენტებს, კვლავ არ აქვთ სტაციონარიდან გაწერის გარეშე, სტაციონარის ხანმოკლე ვადით დატოვების შესაძლებლობა, პაციენტის ფსიქიკური მდგომარეობის გათვალისწინებით. კვლავ შენარჩუნებულია ამანათების მიღების პრობლემა ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში (ყოფილ. აკად. ბ. ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი). ამგვარი შეზღუდვა ვრცელდება სამოქალაქო განყოფილებაში ნებაყოფლობით მოთავსებული პაციენტების მიმართაც, რომელთაც ისედაც უნდა შეეძლოთ დაწესებულების ხანმოკლე დროით დატოვება და მათთვის სასურველ ადგილას, მათთვის სასურველი პროდუქტების შეძენა. მიუხედავად იმისა, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა ჯანდაცვის სამინისტროს მიაწოდა ინფორმაცია შეფერხების აღმოფხვრის შესახებ, სახალხო დამცველის პრევენციის ეროვნული მექანიზმის მონიტორინგის შედეგად, გამოვლინდა, რომ ეს პრობლემა კვლავ აქტუალურია. სახალხო დამცველი მიესალმება ჯანდაცვის სამინისტროს ნაბიჯს, რომლის შედეგადაც, განახლდა ფსიქიატრიული სტაციონარული მომსახურების პირობები. განახლებული პირობებით: დაწესებულებას მოეთხოვება პაციენტთან შეხვედრების სივრცის/ოთახის ქონა, სადაც დაცული უნდა იქნეს პაციენტის პრივატულობა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის პრინციპები. თუმცა, მიუხედავად ამისა, კვლავ არის ფსიქიატრიული დაწესებულებები, სადაც პაციენტების მნახველების მისაღებად არ არის ხელმისაწვდომი სათანადო ინფრასტრუქტურა. სახალხო დამცველის შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ ყველა დაწესებულებაში მყოფ პაციენტებს ჰქონდეთ შესაძლებლობა პირისპირ და კონფიდენციალურ გარემოში შეხვდნენ ოჯახის წევრებს და მეგობრებს. პრევენციის ეროვნულმა მექანიზმმა ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე პირთა თავშესაფრებისა და ალტერნატიული საცხოვრისების მონიტორინგის შედეგად პრობლემები გამოკვეთა ბენეფიციართა გარე სამყაროსთან კონტაქტის კუთხით. აღმოჩნდა, რომ მათ არ აქვთ, ან ჩამორთმეული აქვთ მობილური ტელეფონები, ხოლო დამხმარე პერსონალის სამუშაო ტელეფონის გამოყენების შესაძლებლობა მხოლოდ პერიოდულად ეძლევათ. დაწესებულებებში არიან ბენეფიციარები, რომლებიც ოჯახის წევრებს ვერ უკავშირდებიან, რადგან არ აქვთ მათი ტელეფონის ნომრები და მათ მოძიებაშიც არავინ ეხმარება. გარდა ამისა, ხელმისაწვდომი არ არის ინტერნეტი, რაც ხელს შეუწყობდა როგორც ბენეფიციარების გარე სამყაროსთან კონტაქტის გაუმჯობესებას, ისე მათ ფსიქოსოციალურ რეაბილიტაციას,“ - აღნიშნულია სახალხო დამცველის ყოველწლიურ ანგარიშში.  

გერმანია უკრაინას 180,000 საარტილერიო ჭურვს გადასცემს

ჩეხეთის ინიციატივის ფარგლებში, გერმანია უკრაინას 180,000 საარტილერიო ჭურვს გადასცემს. შესაბამის ინფორმაციას გერმანიის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. გერმანიის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ჩეხეთის ინიციატივის ფარგლებში, გერმანია უკრაინისთვის 576 მილიონი ევროს ღირებულების 180,000 საარტილერიო ჭურვს შეიძენს. გასულ თვეში გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა უკრაინისთვის 478 მილიონი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტის გადაცემის შესახებ გამოაცხადა. „შესაბამისად, დახმარების ორივე ღონისძიების ჯამური ღირებულება ერთ მილიარდ ევროზე მეტია,“ - აღნიშნა გერმანიის თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა.  

ხელოვნური ინტელექტის მხარდაჭერის მქონე დრონის პროტოტიპები შესაძლოა, ბრძოლის ველზე წლის ბოლომდე გამოჩნდეს - უკრაინა

უკრაინასა და რუსეთს შორის ტექნოლოგიური ომი რეალურად შეიძლება, დრონების ომში გადაიზარდოს. ამის შესახებ უკრაინის ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრმა მიხაილო ფედოროვმა გერმანულ საინფორმაციო გამოცემა Welt-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, AI თვითმფრინავების პროტოტიპები შესაძლოა, წლის ბოლომდე გამოჩნდეს ბრძოლის ველზე. მისი თქმით, უკრაინა ასრულებს პირველ მნიშვნელოვან ნაბიჯს უპილოტო საჰაერო ხომალდებში ხელოვნური ინტელექტის გამოყენებაში. ზოგადად, დრონები უკვე ნაწილობრივ ანაცვლებენ არტილერიას. შარშანდელთან შედარებით, უკრაინამ ათჯერ გაზარდა შორი მოქმედების დრონების წარმოება. ფედოროვმა განმარტა, რომ უპილოტო თვითმფრინავების უმეტესობა 700-დან 1000 კილომეტრამდე მანძილზე მოქმედებს. „ახლა ეს ტექნოლოგია ტესტირების ეტაპზეა. ტექნოლოგიურად, მე აქ პრობლემას ვერ ვხედავ. ეს შეიძლება, სწრაფად მოგვარდეს. შემდეგი ნაბიჯი არის დრონით კომუნიკაცია. დრონები ქმნიან გუნდებს მტრის მანქანებთან დასაკავშირებლად. მაგრამ ამ ამოცანის შესასრულებლად, პირველ რიგში, საჭიროა წინა ამოცანების გადაჭრა: რადიოსიხშირული დაგეგმვა, სამიზნე ინსტრუქცია და ა.შ.“ - განაცხადა ფედოროვმა და იმედი გამოთქვა, რომ პროტოტიპები ბრძოლის ველზე წლის ბოლომდე გამოჩნდებიან, მაგრამ არა დიდი რაოდენობით. გარდა ამისა, ფედოროვის თქმით, ასევე აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა ელექტრონული საომარი ტექნიკისა და სპეციალური ანტენების შემუშავებაზე, რომლებიც გამოიყენება თვითმფრინავებში. დიდი ბრიტანეთი და მოკავშირეები უკრაინისთვის ხელოვნური ინტელექტის მხარდაჭერის მქონე დრონების მიწოდებას გეგმავენ - Bloomberg  

აზერბაიჯანმა რუსეთიდან ნავთობის იმპორტი მკვეთრად შეამცირა

აზერბაიჯანმა რუსეთიდან ნავთობის იმპორტის მკვეთრი კლება დააფიქსირა. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია სახელმწიფო სტატისტიკის კომიტეტზე დაყრდნობით ავრცელებს. 2024 წლის იანვარში, აზერბაიჯანმა რუსეთიდან 15 436 580 დოლარის ღირებულების 27 617,99 ტონა ნედლი ნავთობი შეიტანა. „იანვარში აზერბაიჯანმა ნედლი ნავთობის იმპორტის მოცულობა შვიდჯერ შეამცირა, 2024 წლის იანვარში აზერბაიჯანმა 15 მლნ 436,58 ათასი დოლარის ღირებულების 27 ათას 617,99 ტონა ნედლი ნავთობი შემოიტანა,“ წერს მედია.  

3 აპრილის დღის მეორე ნახევრიდან მოსალოდნელია ძლიერი ქარი - ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 3 აპრილის დღის მეორე ნახევრიდან 4 აპრილის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. მათივე ცნობით, ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. საღამოს საათებში ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, შესაძლებელია სეტყვაც.  

Scorpions-ის კონცერტის ბილეთების ფასები 145 ლარიდან იწყება

გერმანული ჰარდ როკ ჯგუფის Scorpions-ის კონცერტის ბილეთების ფასები 145 ლარიდან იწყება, შემდეგი კატეგორიები კი – 165 ლარი, 220 ლარი, 280 ლარი და 550 ლარი ღირს. ბილეთების გაყიდვა 3 აპრილს, 10:00 საათიდან BSA.ge-სა და TKT.ge-ზე დაიწყება. BSA.ge-ზე მომხმარებელს მხოლოდ კატეგორია "Star Ring"-ის ბილეთებს შეძენა შეეძლება, TKT.ge-ზე კი ნებისმიერი კატეგორიას. გერმანული ჯგუფი კონცერტს Black Sea Arena-ს 2-წლიანი კამპანიის - Starring Georgia-ს ფარგლებში, 31 მაისს გამართავს.  

უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე დრონების ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა - Reuters

უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე დრონებით ფართომასშტაბიანი იერიში მიიტანა. Reuters-ის ცნობით, თათრეთში რუსეთის სიდიდით მესამე გადამამუშავებელი ქარხანა და „შაჰედის“ ტიპის დრონების ქარხანა დაზიანდა. უკრაინული თვითმფრინავები თავს დაესხნენ ქარხანას ფრონტის ხაზიდან დაახლოებით 1300 კმ-ში და დაარტყეს მთავარ საწარმოს, რომელიც დღეში დაახლოებით 155 000 ბარელ ნედლ ნავთობს ამუშავებს. უკრაინულმა დაზვერვის წყარომ სააგენტოს კიევში განუცხადა, რომ უკრაინის მიზანი რუსეთის ნავთობით მიღებული შემოსავლების შემცირებაა. რუსეთის სხვადასხვა რეგიონში მდებარე საწარმოებზე, მათ შორის, ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე, დრონებით შეტევა საკმაოდ გახშირდა. ამ რეგიონებს შორის თათრეთზე შეტევა პირველად განხორციელდა. „უკრაინსკა პრავდას“ ცნობით, რუსეთის თათრეთის რესპუბლიკაში მდებარე სანავთობო და სამხედრო დანიშნულების საწარმოებზე შორი მოქმედების დრონებით იერიში უკრაინის დაზვერვისა და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურების ერთობლივი სპეცოპერაციის ფარგლებში განხორციელდა. უკრაინული წყაროების ცნობით, დრონის იერიშის შედეგად განადგურდა ნიჟნეკამსკში მდებარე ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ადრეული ნავთობის გადამამუშავებელი დანადგარი. გასულ წელს Washington Post-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთი დრონებს მასობრივად თათრეთში, ელაბუგის სპეციალურ ეკონომიკურ ზონაში მდებარე ქარხანაში აწარმოებდა.  შეგახსენებთ, რუსეთი უკრაინაში 2022 წლის თებერვალში შეიჭრა და სრულმასშტაბიან ომს ამ დრომდე აწარმოებს .  

ადეიშვილის ექსტრადირების მიზნით, პროკურატურამ ნიდერლანდებს მიმართა

საქართველოს პროკურატურამ საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის დაკავებისა და საქართველოში ექსტრადირების მიზნით ნიდერლანდების კომპეტენტურ უწყებებს მიმართა. პროკურატურის განმარტებით, მიმართვა საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდა. „საქართველოს პროკურატურა, საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, ყველა კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებას ახორციელებს საქართველოში დანაშაულის ჩამდენი პირების ქართული მართლმსაჯულების წინაშე წარსადგენად, მიუხედავად მათი ადგილსამყოფელისა. აღნიშნულ შემთხვევაშიც, საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, პროკურატურამ მიმართა ნიდერლანდების კომპეტენტურ უწყებებს ზურაბ ადეიშვილის დაკავებისა და საქართველოში ექსტრადირების მიზნით”, - აცხადებენ პროკურატურაში. უწყების განმარტებით, ზურაბ ადეიშვილი ბრალდებულია პატიმრების წამების, ბუტა რობაქიძის მკვლელობის, კობა დავითაშვილის ცემის და სხვა სისხლის სამართლის საქმეებზე.