ძებნის რეზულტატი:

აშშ-ის მობილური საწვრთნელი ჯგუფი სომხეთში ჩავიდა

სომხეთ-ამერიკის თავდაცვის თანამშრომლობის ფარგლებში, აშშ-ის მობილური საწვრთნელი ჯგუფი სომხეთში ჩავიდა. ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, ინსტრუქტორები სომხეთის თავდაცვის სამინისტროში საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციების სფეროში გამოცდილების გაცვლის მიმართულებით იმუშვებენ. სწავლება ითვალისწინებს თანამშრომლობას თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტთან, ასევე, სახელმწიფო დაწესებულება Zinuzh Media-ის თანამშრომლებთან. პროგრამა სომხეთის თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის და გენერალური შტაბის უფროსის, გენერალ-ლეიტენანტი ედუარდ ასრიანის სიტყვით გამოსვლით დაიწყო. ცნობისთვის, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, შეერთებული შტატები და ევროკავშირი ერევნის მთავარი პარტნიორები არიან. მირზოიანი: ბრიუსელთან და ვაშინგტონთან ეკონომიკურ და პოლიტიკურ ურთიერთობებს ვაღრმავებთ  

გერმანიამ ევროპაში რუსული დეზინფორმაციის მასშტაბების ზრდის შესახებ განაცხადა

გერმანია ევროპაში რუსული დეზინფორმაციული კამპანიების ზრდის შესახებ იტყობინება. ეს კამპანია მიზნად ისახავს უკრაინის მხარდაჭერის შელახვას. ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს კულტურისა და კომუნიკაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა რალფ ბესტემ Financial Times-თან ინტერვიუში ისაუბრა. ბესტემ აღნიშნა, რომ რუსული დეზინფორმაციული კამპანიები უფრო მასშტაბური, დახვეწილი და დახვეწილი გახდა. შეგახსენებთ, რომ ჩეხეთსა და პოლონეთში პრორუსული გავლენის ქსელების გამჟღავნების შემდეგ, ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა პეტრ ფიალამ განაცხადა, რომ ჩვენ უნდა ველოდოთ შემდგომ მსგავს განცხადებებს სხვა ქვეყნებში. გასულ კვირას ზოგიერთმა ევროპარლამენტარმა მოითხოვა გადაუდებელი დებატები და გამოძიება მას შემდეგ, რაც ამტკიცებდა, რომ რუსეთმა შესაძლოა, მოისყიდა ცალკეული ევროპარლამენტარები თავისი ინტერესების წინსვლისთვის.  

ავსტრია რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილის დაკავების გამო, ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომას იწვევს

ავსტრიაში 9 აპრილს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართება. მანამდე, ქვეყანამ კონსტიტუციის დაცვისა და ტერორიზმთან ბრძოლის ფედერალური სამსახურის (BVT) ყოფილი თანამშრომლის ეგისტო ოტის დაკავების შესახებ განაცხადა, რომელიც ჯაშუშობაშია ეჭვმიტანილი. ამის შესახებ Der Standard-ი წერს. ავსტრიის საზიანოდ საიდუმლო დაზვერვისა და სახელმწიფო საიდუმლოების დარღვევის საქმეს 2017 წლიდან იძიებენ. მის ბოლო დაკავებას წინ უძღოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ოტი ავსტრიელი ოფიციალური პირების მობილური ტელეფონებიდან მონაცემებს რუს ჯაშუშებს გადასცემდა. ცნობისთვის, უშისროების საბჭოს შეხვედრას ავსტრიის ფედერალური კანცლერი კარლ ნეჰამერი საპარლამენტო ჯგუფ მწვანეების მოთხოვნით მოიწვევს. „BVT-ის ყოფილი თანამშრომლის, ეგისტო ოტის მიმართ არის ბრალდებები ჯაშუშობის შესახებ. ეს ბრალდებები მძიმეა. ერთი მხრივ, ეს ბრალდებები ახლა სასამართლო ორგანოებმა უნდა გამოიკვლიონ. მეორე მხრივ, აუცილებელია ქვეყანაში უსაფრთხოების ვითარების შეფასება და გარკვევა,“ ნათქვამია ნეჰამერის განცხადებაში.  

უკრაინამ მარგარიტა სიმონიანის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა რუსი პროპაგანდისტი მარგარიტა სიმონიანი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობაზე თავდასხმაში დაადანაშაულა. სიმონიანის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. მას ბრალად ედება უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლის მიხედვით, მათ შორის, იგულისხმება უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობაზე თავდასხმა, სამხედრო მოქმედებების პროპაგანდა. გარდა ამისა, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა სიმონიანი გენოციდისკენ მოწოდებაში ეჭვმიტანილად გამოაცხადა. ორგანიზაციამ სიმონიანი დაადანაშაულა უკრაინელი ბავშვების მასობრივი მკვლელობის მოწოდებაში, უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე სარაკეტო თავდასხმებისა და დაბომბვების გაგრძელების კამპანიის წახალისებაში.. უკრაინამ სიმონიანი მსგავს ბრალდებებში 2022 წლის მარტშიც დაადანაშაულა.  

თალაკვაძე განმარტავს, რატომ დაუჭირა მხარი „ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო სიაში გენდერული კვოტირების გაუქმების თაობაზე „გირჩის“ ინიციატივას

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი და პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე განმარტავს, რატომ დაუჭირა მხარი „ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო სიაში გენდერული კვოტირების გაუქმების თაობაზე „გირჩის“ ინიციატივას. თალაკვაძის თქმით, ქალთა პოლიტიკაში ჩართულობა მონაწილეობა დღეს არსებითად უფრო მაღალია, ვიდრე წარსულში და მმართველი გუნდისთვის, ეს ცვლილება უკვე არ არის იმდენად მნიშვნელოვანი, რომ ოპოზიციის ეს ინიციატივა დაებლოკათ. უმრავლესობის დეპუტატი განმარტავს, რომ მიუხედავად ცვლილებებისა, ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიას ექნება სრული თავისუფლება, რომ თავისი პარტიული სია მეტი ქალით დააკომპლექტოს. „ჩვენი როგორც მმართველი პარტიის მხარდაჭერა ქალთა პოლიტიკაში ჩართულობის, მათი მონაწილეობის მიმართ, არ შესუსტდება. პირიქით, მომავალში გაიზრდება ეს მხარდაჭერა. რაც შეეხება ოპოზიციის ამ ინიციატივას, მინდა რამდენიმე არგუმენტი ვუთხრა ჩვენს საზოგადოებას. პირველი - როცა კვოტირების პრინციპი მივიღეთ თავის დროზე ჩვენ ვთქვით, რომ ეს იყო დროებითი ზომა, რომ მისი საჭიროება რაღაც დროში ამოიწურებოდა. მეორე - მიუხედავად იმისა, რომ ეს ცვლილება იქნებოდა მხარდაჭერილი და მიღებული, ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიას აქვს სრული თავისუფლება, რომ დააკომპლექტოს თავისი პარტიული სია მეტი ქალით. "ქართული ოცნების" პოზიციაა, რომ მომავალ საპარლამენტო სიაშიც "ქართულ ოცნებას" ეყოლება ქალთა მნიშვნელოვანი წარმომადგენლობა. მესამე - "ქართულმა ოცნებამ", ჩვენ უკვე შევქმენით ქალთა ძლიერი და წარმატებული ორგანიზაცია, რომელიც აერთიანებს ქვეყნის მასშტაბით ბევრ წარმატებულ ქალს, ვინც ჩართულია პოლიტიკაში. მათი ხმა ისმის უფრო ძლიერად და მათი მონაწილეობა არის დღეს არსებითად უფრო მაღალი, ვიდრე წარსულში. რეალურად, ჩვენთვის რეალურად, ეს ცვლილება არ არის უკვე იმდენად მნიშვნელოვანი რომ ოპოზიციას ეს ინიციატივა დავუბლოკოთ. გარდა ამისა, იცით რომ არჩევნების ნეიტრალურად მაღალი სანდოობით გამჭვირვალედ ჩასატარებლად საჭირო არის უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის შედგეს შეთანხმება ცესკოს თავმჯდომარის კანდიდატურასთან დაკავშირებით. შესაბამისად, უპირველესი პრიორიტეტი დღეს არის სწორედ ეს, რომ ცესკოს დაკომპლექტების პროცესში იყოს რაც შეიძლება ფართო კონსენსუსი და "გირჩმა" უკვე გამოხატა პოზიცია, რომ ამ კონსენსუსის ნაწილი გახდება," - განაცხადა თალაკვაძემ. პირველ აპრილს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დარეგისტრირდა „გირჩის“ კანონპროექტი „საარჩევნო კოდექსში" ცვლილებების შეტანის შესახებ. პროექტი საპარლამენტო არჩევნების პარტიულ სიებში ქალთა კვოტირების გაუქმებას ითვალისწინებს. როგორც ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრმა ბექა დავითულიანმა ბიუროს სხდომაზე კოლეგებს აცნობა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ მამუკა მდინარაძესა და „გირჩის“ თავმჯდომარე იაგო ხვიჩიას შორის კომუნიკაცია შედგა. ისინი შეთანხმდნენ, რომ უმრავლესობა მხარს დაუჭერს „გირჩის“ ინიციატივას, სანაცვლოდ, როგორც დავითულიანის განცხადებიდან ჩანს, „გირჩი“ ცესკოს თავმჯდომარის არჩევის დროს ხმას მისცემს „ოცნებისთვის" მისაღებ კანდიდატს. „პირველ რიგში, „გირჩის“ ინიციატივასთან დაკავშირებით - რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ბატონი იაგო დამეთანხმება, შედგა უმრავლესობის ლიდერსა და იაგო ხვიჩიას შორის კომუნიკაცია. პრინციპს ამ ცვლილებებთან დაკავშირებით, ეთანხმება უმრავლესობა, ასევე ეთანხმება დაჩქარებულ წესსაც. უმრავლესობის და ფრაქციის პოზიცია ასეთია. ამავდროულად, ერთ რემარკას გავაკეთებ, რომ სამაგიეროდ, „გირჩის“ მხრიდან მიღებული გვაქვს თანხმობა, რომ რაც შეეხება ცესკოს თავმჯდომარეს არჩევას, აქ ისინი [„გირჩის“ წევრები] იქნებიან მის კეთილსინდისიერებასა და პროფესიონალიზმზე დამოკიდებული და არ იქნება გარკვეული პირადი პოლიტიკური თემების აქტუალიზაციისთვის [გამოყენებული]“, - თქვა ბექა დავითულიანმა. ბიუროს სხდომაზე იაგო ხვიჩიამ თქვა, რომ „გირჩსა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის შეთანხმება უკვე მიღწეულია. მან ქალთა კვოტირების გაუქმების საკითხს „მორალურად მნიშვნელოვანი" უწოდა. „მე მინდა, პირველ რიგში მადლობა ვთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ პირველად, როგორც იქნა, რაღაც თვალსაზრისით, შესაძლებელი გახდა პარლამენტში საქმეზე დალაპარაკება და რაღაც შეთანხმების მიღწევა. ამ, ჩემი აზრით, მორალურად ძალიან მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით, მე მინდა ოპოზიციასაც ვთხოვო მხარდაჭერა, ამასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ არსებული რეალობით, გამოდის, რომ ჩვენ, საქართველოს პარლამენტმა, ვაღიარეთ, რომ ქალების ჩაგვრა გვქონდა მოწყობილი ოდესმე ამ ქვეყანაში ან წარსულში და ეს არის ჩვენი წინაპრების უპატივცემლობა, ან ცოტა მერე, ან დღეს გვაქვს ქალთა ჩაგვრა", - აღნიშნა ხვიჩიამ. პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე კი იაგო ხვიჩიამ განაცხადა: „[შეთანხმება] პოლიტიკური ვაჭრობის შედეგია. ჩვენ პოლიტიკურ ვაჭრობასაც მივესალმებით, ოღონდ, სხვა ვაჭრობისგან განსხვავებით, ჩვენი ვაჭრობა ყოველთვის ხდება საჯაროდ. ჩვენმა მაყურებელმა კაი ხანია იცის, რომ ჩვენ ეს გავცვალეთ ცესკოს თავმჯდომარის მხარდაჭერაში. ცესკოს მოქმედ თავმჯდომარეს ჩვენ ისედაც ვუჭერდით მხარს, ისე რომ საერთოდ არაფერში გაგვიცვლია. ახლა მოგვეცა საშუალება, რომ ის, რისთვისაც ვიბრძოდით საკონსტიტუციო სასამართლოში, გამოგვევაჭრებინა „ოცნებისგან.“ „ლელოს" საპარლამენტო ჯგუფის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, ცვლილების მიღების შემთხვევაში, პარტიული სიის შედგენისას "ლელო" მაინც დღევანდელ კანონმდებლობაში მოცემული პრინციპით იხელმძღვანელებს. „ლელო“ საპარლამენტო არჩევნებზე პარტიულ სიას წარადგენს იმ მოდელით, რაც დღეს საკანონმდებლო ბაზით არის დადგენილი... ეს საჭიროდ და აუცილებლად მიგვაჩნია ამ ეტაპზე. გავა წლები და ეს საჭირო არ იქნება. ამასობაში, დღეიდან მე ვერ ვუწოდებ „გირჩის“ პროექტს, ეს არის „ოცნების“ პროექტი, იმიტომ რომ „გირჩის“ იდეა იდეად დარჩებოდა, თუ არ იქნებოდა „ოცნების“ პოლიტიკური განზრახულობა," - განაცხადა უსუფაშვილმა. „საარჩევნო კოდექსის“ მოქმედი რედაქციით, საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებისა და ამ არჩევნების შემდგომი, 2028 წლამდე ჩასატარებელი საპარლამენტო არჩევნებისათვის, პარტიული სიის შედგენის წესს განსაზღვრავს პოლიტიკური პარტია, იმგვარად, რომ ცესკოს თავმჯდომარისათვის წარდგენილი პარტიული სიის ყოველ ოთხეულში ერთი პირი მაინც უნდა იყოს ქალი. საქართველოს პარლამენტის 2028 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებისა და ამ არჩევნების შემდგომი, 2032 წლის ჩათვლით ჩასატარებელი საპარლამენტო არჩევნებისათვის, პარტიული სიის შედგენის წესს განსაზღვრავს პოლიტიკური პარტია, იმგვარად, რომ ცესკოს თავმჯდომარისათვის წარდგენილი პარტიული სიის ყოველ სამეულში ერთი პირი მაინც უნდა იყოს ქალი.  

ერდოღანმა რუტეს NATO-ს გენმდივნის პოსტზე მისი კანდიდატურის დამტკიცების პირობები წარუდგინა

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სატელეფონო საუბარი გამართა ჰოლანდიის პრემიერ-მინისტრ მარკ რუტესთან, რომლის დროსაც, NATO-ს ახალი გენერალური მდივნის არჩევის პროცესი განიხილეს. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განაცხადა. თურქეთი ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან ქვეყნებს შორის, რომელიც შეიძლება, იენს სტოლტენბერგის შემცვლელად რუტეს დამტკიცებისთვის დაბრკოლება გახდეს. სატელეფონო საუბრისას ერდოღანმა განაცხადა, რომ ახალმა გენერალურმა მდივანმა „უკეთესად უნდა ემსახუროს“ ალიანსის წევრების უსაფრთხოებასა და ინტერესებს ტერორიზმთან და სხვა გამოწვევებთან ბრძოლაში, ასევე, უნდა გააძლიეროს ალიანსის ერთიანობა და უპირატესობა მიანიჭოს NATO-ს ძირითად როლს. „ერდოღანმა აღნიშნა, რომ ამ პრინციპების გათვალისწინებით, თურქეთი მიიღებს გადაწყვეტილებას ამ საკითხზე (ახალი გენერალური მდივნის არჩევა - რედ.) სტრატეგიული სიბრძნისა და სამართლიანობის ფარგლებში,“ - ნათქვამია ოფისის განცხადებაში. ბოლო დროს არაერთი დედაქალაქიდან მიიღეს სიგნალები, რომ მხარს უჭერენ რუტეს კანდიდატურას ალიანსის გენერალური მდივნის პოსტზე. მათ შორისაა ისეთი ძირითადი სახელმწიფოები, როგორიცაა, აშშ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და გერმანია.   

საბერძნეთი თურქეთთან დაძაბულობის შესამსუბუქებლად სპეციალურ სავიზო პროგრამას იწყებს

საბერძნეთის კუნძულ როდოსზე თურქი ტურისტებისთვის ახალი სავიზო ტერმინალი გაიხსნა, რაც საბერძნეთსა და თურქეთს შორის ხანგრძლივი დაძაბულობის შესამსუბუქებლად, დიპლომატიური ძალისხმევის ნაწილა. შეზღუდული დაშვების ვიზა საშუალებას მისცემს თურქ ტურისტებს, საბერძნეთის 10 კუნძულს ეწვიონ. ეს ვიზა მოქმედებს ერთ კვირამდე, შენგენის ვიზაზე განაცხადის საჭიროების გარეშე. ახალი ვიზა 60 ევრო ეღირება და მოიცავს პასპორტის შემოწმებას და თითის ანაბეჭდს, ხოლო ვიზიტორებს ევროკავშირის სხვა წევრ ქვეყნებში მოგზაურობის უფლება არ ექნებათ, აცხადებენ ბერძენი ოფიციალური პირები. პროგრამაში მონაწილე ყველა კუნძული მდებარეობს თურქეთის სანაპიროსთან - ეს არის ლესბოსი, ლიმნოსი, ქიოსი, სამოსი, ლეროსი, კალიმნოსი, კოსი, სიმი და კასტელორიზო. მცირე კუნძულები პროგრამას ივნისში უნდა შეუერთდნენ. დაძაბულობა NATO-ს წევრ ქვეყნებს შორის ხმელთაშუა ზღვაში ტერიტორიული დავების და კვიპროსის საკითხზე არაერთხელ გამწვავდა. 2023 წლის დეკემბერში ერდოღანი საბერძნეთში ჩავიდა, რაც მისი პირველი ასეთი ვიზიტი იყო ექვსი წლის განმავლობაში. იქ თურქმა და ბერძენმა ლიდერებმა ხელი მოაწერეს მეგობრობისა და კეთილმეზობლობის დეკლარაციას. ცოტა ხნის წინ, საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა განაცხადა, რომ ერდოღანის ვიზიტის საპასუხოდ, ორმხრივ ურთიერთობებში „დაძაბულობის დასაძლევად“, მაისში, ანკარაში ვიზიტს გეგმავდა.  

Reuters: სირიაში ისრაელის სარაკეტო დარტყმისას ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის მეთაური დაიღუპა

სირიაში, ირანის საელჩოს გვერდით მდებარე შენობაზე ისრაელის სარაკეტო დარტყმის შედეგად, ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის მეთაური დაიღუპა. Reuters-ის ინფორმაციით, ისრაელის სარაკეტო დარტყმის შედეგად დაღუპული ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის მეთაური, მოჰამედ რეზა ზაჰედია. ირანული მედიის ცნობით, სარაკეტო იერიშს სულ მცირე 6 ადამიანი ემსხვერპლა. განახლება: ირანის საგარეო საქმეთა სამინიტრო აცხადებს, რომ „ისრაელის მიერ დამასკოში განხორციელებული სარაკეტო დარტყმა ყველა დიპლომატიური ნორმისა და საერთაშორისო ხელშეკრულების დარღვევაა.“ „მიგვაჩნია, რომ ეს აგრესია ყველა დიპლომატიური ნორმისა და საერთაშორისო ხელშეკრულების დარღვევაა და მის შედეგებზე პასუხისმგებლობას სიონისტურ ორგანიზაციას ვაკისრებთ. საერთაშორისო საზოგადოებამ ამ დანაშაულების წინააღმდეგ გადამწყვეტი ზომები უნდა მიიღოს,“ - ნათქვამია განცხადებაში. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანმა სირიელ კოლეგასთან სატელეფონო საუბრისას აღნიშნა, რომ დამასკოში, ირანის საკონსულოზე განხორციელებული სარაკეტო დარტყმა ყველა საერთაშორისო კონვენციის დარღვევას წარმოადგენს.  

კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოდან გათავისუფლებულმა თანამშრომელმა სასამართლო დავა მოიგო

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს ყოფილმა თანამშრომელმა, ანი შეროზიამ სასამართლოში შრომითი დავა მოიგო. ამის შესახებ ინფორმაციას მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფკავშირი ავრცელებს. მათივე ცნობით, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილება 2024 წლის 29 მარტს გამოაცხადა საქმეზე ანი შეროზია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წინააღმდეგ, რომლითაც დაკმაყოფილდა მისი სარჩელი. „სასამართლომ უკანონოდ მიიჩნია ანი შეროზიას სამსახურიდან გათავისუფლება და ბათილად ცნო ბრძანება, რომლითაც ანი შეროზია სამსახურიდან გათავისუფლდა, ასევე საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ სააგენტოს დაეკისრა განაცდურის ანაზღაურება გათავისუფლების დღიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ამასთან სააგენტოს ანი შეროზიას სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაციის სახით 1000 ლარის ანაზღაურება, ვინაიდან სასამართლო, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ სააგენტოში ჩატარებული მავნებლური რეორგანიზაციის შემდეგ, სააეგენტოს ვერ დაავალდებულებს დასაქმებული აღადგინოს დაკავებულ თანამდებობაზე, რაც სააგენტოსთვის დიდი დანაკლისი იქნება," - წერია პროფკავშირის განცხადებაში. პროფკავშირის ინფორმაციით, ეს უკვე მე-19 სასამართლო პროცესია, რომელიც კულტურის სამინისტროს სისტემიდან გათავისუფლებულმა ადამიანებმა მოიგეს. ანი შეროზია სააგენტოში ეთნოგრაფიული და არქეოლოგიური მასალის ერთადერთი რესტავრატორი იყო. კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში 2022 წელს ორჯერ ჩატარდა რეორგანიზაცია, იანვარსა და ოქტომბერში. ამ პროცესის შედეგად 80-ზე მეტი ადამიანი სამსახურის გარეშე დარჩა - თითქმის ყველა მათგანის გათავისუფლებას წინ უძღოდა გასაუბრება, რომელსაც, თავად როგორც დაკითხვას, ისე იხსენებენ.  

სუს-ი: რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ალექსი ადეიშვილი თავისუფალია

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ოკუპირებულ სოფელ ახმაჯის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული ალექსი ადეიშვილი თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. სუს-ის ცნობით, ალექსი ადეიშვილის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა როგორც საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) უშუალო ჩართულობით მოქმედი „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ისე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა რელევანტური ინსტრუმენტი. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება ინფორმაციას მუდმივ რეჟიმში აწვდიდა საერთაშორისო პარტნიორებს. „საკითხი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ დაყენებული იქნა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფორმატის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე. საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა საოკუპაციო ძალას ეკისრება. ცენტრალური ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, განაგრძობს აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად,” - აღნიშნულია ინფორმაციაში.  

მოლდოვამ აშშ-დან თხევადი გაზის პირველი პარტია მიიღო

მოლდოვის მთავრობა აძლიერებს თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) შესყიდვის პროცედურას, რათა რუსეთზე დამოკიდებულება შეამციროს. განაცხადა მოლდოვის ენერგეტიკის მინისტრმა ვიქტორ პარლიკოვმა. მისი თქმით, მოლდოვამ უკვე მიიღო 2,6 მლნ კუბური მეტრი LNG-ის პარტია ამერიკული მწარმოებლისგან. გაზი გემით ალექსანდროპოლისის ტერმინალში, ჯერ საბერძნეთში, შემდეგ კი, გაზსადენებით მოლდოვაში გადაიტანეს. სს Energocom-ის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ვიქტორ ბინზარიმ აღნიშნა, რომ ეს არის საცდელი შესყიდვა ბერძნული DEPA-სგან. ამ LNG-ის ფასი კონკურენტუნარიანია. კიშინიოვი რუსულ გაზპრომზე დამოკიდებულების შემცირებას ცდილობს. ბოლო თვეებში რუსული კომპანიისგან მიწოდება დღეში 5,7 მლნ კუბურ მეტრამდე შემცირდა. მაგრამ ეს მოცულობა არ არის საკმარისი ცივ სეზონში ქვეყნის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. მოლდოვა აშშ-დან თხევადი გაზის პირველი საცდელი პარტიის იმპორტს განახორციელებს  

ესტონეთმა რუსული ეკლესიის წარმომადგენლები დაიბარა მას შემდეგ, რაც პატრიარქ კირილის ხელმძღვანელობით მოქმედმა საბჭომ უკრაინის ომს "წმინდა" უწოდა

ესტონეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოსკოვის საპატრიარქოს ესტონეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენლები საუბარზე მიიწვია იმის გამო, რომ გლობალური რუსეთის სახალხო კრებამ, რომელსაც პატრიარქი კირილი ხელმძღვანეობს, უკრაინაში მიმდინარე ომს „წმინდა“ უწოდა. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ლაური ლეანემეცმა განაცხადა. მინისტრმა აღნიშნა, რომ პატრიარქ კირილის განცხადებები მიუღებელია და შინაგან საქმეთა სამინისტროს სურს, იცოდეს ოფიციალური პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით, ამიტომ, ისინი სამშაბათს დილით მიიწვიეს საუბარზე. „სხვა საკითხებთან ერთად, პატრიარქმა თქვა, რომ ომი უკრაინის წინააღმდეგ არის ომი მთელი დასავლეთის, ანუ ჩვენ წინააღმდეგ (...) წარმოუდგენელია, 21-ე საუკუნეში რომელიმე დასავლურ სახელმწიფოში რელიგიურმა ლიდერმა ასე წაახალისოს ომი,“ - განაცხადა ლაენემეცმა. მინისტრმა გაიხსენა, რომ ესტონეთში სიძულვილის გაღვივება და რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის მხარდაჭერის გამოხატვა აკრძალულია. მან აღნიშნა, რომ მოსკოვის საპატრიარქოს ესტონეთის მართლმადიდებლურ ეკლესიას ესტონეთში 100 ათასამდე მორწმუნე ჰყავს. რუსული ეკლესია ნეონაცისტურ ნარატივებს ავრცელებს - უკრაინის ელჩი გაეროში 27 მარტს მოსკოვის საპატრიარქოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა „გლობალური რუსეთის სახალხო კრების“ ბრძანება (საზოგადოებრივი ორგანიზაცია, რომელსაც თავმჯდომარეობს მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილი) რომელშიც უკრაინის ომს "წმინდა" უწოდეს. მასში ნათქვამია. რომ „თანამედროვე უკრაინის მთელი ტერიტორია უნდა შევიდეს მხოლოდ რუსული გავლენის ზონაში.“ ფორმალურად, დოკუმენტს არანაირი კავშირი არ აქვს რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიასთან, თუმცა, VRNS-ის მუშაობაში მრავალი საეკლესიო იერარქი და ეკლესიასთან დაკავშირებული საზოგადო მოღვაწე მონაწილეობენ. ომის შემსწავლელი ინსტიტუტის შეფასებით, რუსეთის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ ჩამოაყალიბა უფრო ფართო ნაციონალისტური იდეოლოგია უკრაინის ომისა და რუსეთის ექსპანსიონისტური გეგმის გარშემო.

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: უკრაინა თუ დამარცხდება, ყველანი მასთან ერთად ვმარცხდებით

ა„რ არსებობს გეგმა “ბ”, თუკი უკრაინა მარცხდება, მაშინ ჩვენ, ყველანი მასთან ერთად ვმარცხდებით,„ - ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან განაცხადა, როდესაც ჰკითხეს - „რა მოხდება თუკი უკრაინა დამარცხდება? ემზადებით ასეთი სცენარისთვის?“ მარგუს ცაჰკნას განცხადებით, გეგმა, რომელიც არსებობს, ძალიან მარტივია: „მივცეთ უკრაინას ყველაფერი, რასაც ითხოვენ.“ „ჩვენ არ ვემზადებით სათადარიგო გეგმისთვის, რადგან უპირველესი გეგმის გაძლიერებაში უნდა ჩავდოთ ინვესტიცია. უნდა გვახსოვდეს ისიც, რომ პუტინის გეგმით ეს „სპეციალური ოპერაცია“ ერთ კვირაში უნდა დასრულებულიყო. ყველაზე მნიშვნელოვანი არის უკრაინელი ხალხის ნება, ბრძოლა. ჩვენთვის გეგმა სინამდვილეში ძალიან მარტივია: მივცეთ უკრაინას ყველაფერი, რასაც ითხოვენ. ისინი არ გვთხოვენ, რომ ჩვენმა ჯარისკაცებმა იბრძოლონ მათ მაგივრად. გვთხოვენ იარაღს, ამუნიციას, ფულს. ეს ყველაფერი გვაქვს. ამიტომ ვუხსნით ჩვენს პარტნიორებს, რომ უმთავრესი ისაა, არ გვეშინოდეს. გამუდმებით გვესმის საუბარი ესკალაციის [რისკის] შესახებ: რომ შესაძლოა ესა თუ ის ნაბიჯი იყოს ესკალაცია. მაგრამ მე გეკითხებით, თუკი ეს არაა ესკალაცია, მაშინ რაღაა? მე არ მჯერა პუტინის მუქარის, რომ ის ბირთვულ იარაღს გამოიყენებს. ბოლო ორი წლის განმავლობაში, ყოველთვის, როცა უკრაინას ახალ შეარაღებას, ტექნიკას ვაძლევთ, პუტინი ამბობს, რომ აი, ახლა ესკალაცია მოხდება, მაგრამ არაფერი მომხდარა. ის უბრალოდ ხოცავს უკრაინელ ხალხს. არღვევს ყველა წესსა და კანონს, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შევქმენით. ჩვენ ეს უნდა გვესმოდეს: არ არსებობს გეგმა “ბ”, თუკი უკრაინა მარცხდება, მაშინ ჩვენ, ყველანი მასთან ერთად ვმარცხდებით. ეს არაა მხოლოდ უკრაინის საკითხი, მეტიც, [რუსეთის მიერ] NATO-ს გამოცდის საკითხიც კი არაა, [ამ შემთხვევაში] ჩვენ დავმარცხდებით როგორც დემოკრატიები. ჩვენ არ ვმუშაობთ სათადარიგო გეგმაზე, უარესისთვის მომზადების თვალსაზრისით. ჩვენ უპირველეს გეგმაში ვდებთ ინვესტიციას. თუმცა, ცხადია, ვზრდით თავდაცვის ხარჯებს. გვესმის, რომ რუსეთი საფრთხედ დარჩება. 2016-17 წლებში, როცა თავდაცვის მინისტრი ვიყავი, ჩვენი საზღვრის მეორე მხარეს 120 000 რუსი ჯარისკაცი იდგა. 24 საათში შესვლის მზადყოფნაში. ეს ძალები აღარ არსებობს, ისინი უკრაინაში გაანადგურეს. ასე რომ, უკრაინა არა მხოლოდ თავისი თავისუფლებისთვის, ან ჩვენთვის იბრძვის, არამედ ჩვენ ნაცვლადაც. ესაა მიზეზი, რატომ ვაძლევთ ამდენ სამხედრო დახმარებას უკრაინას, რადგან ეს იარაღი იმ ძალებისგან ჩვენს დასაცავად იყო განკუთვნილი, რომელიც ახლა აღარ არსებობს. ამ იარაღს ძალიან კარგად იყენებენ უკრაინაში. ჩვენ ვიცით, რომ რუსეთი გეგმავს ამ შესაძლებლობების ჩვენი საზღვრის მეორე მხარეს კვლავ განთავსებას,“ - განაცხადა მარგუს ცაჰკნამ.  

საპარლამენტო უმრავლესობა აშშ-ის საელჩოს მიმართავს, მოეხსნათ მოსამართლეებს სანქციები

საპარლამენტო უმრავლესობა აშშ-ს საელჩოს მიმართავს, მოსამართლეებს სანქციები მოეხსნათ. შესაბამისი განცხადება „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძე უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. მდინარაძემ განაცხადა, რომ ქართულ მხარეს ამ დრომდე არ მიუღია მტკიცებულება, რომელიც მოსამართლეების დასანქცირების რელევანტურობას დაადასტურებდა. „საპარლამენტო უმრავლესობის სახელით გვინდა, მივმართოთ ჩვენი პარტნიორი და მეგობარი ქვეყნის ადგილობრივ წარმომადგენლობას, საელჩოს, ქალბატონ ელჩს და ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ მისი ელჩობის დროს საკითხი ობიექტურად გადაწყდება, რომ დაიწყოს საუბარი და სანქციები, რომელიც აშშ-ს მხრიდან მოსამართლეებს დაუწესდათ, მოეხსნათ. ამ დრომდე არ გვინახავს მტკიცებულება, რომელიც ამ სანქციების რელევანტურობასაც კი დაადასტურებდა, არა თუ სანქცირების რაიმე პირობას და რეალურ საფუძველს. ამავე დროს, მიგვაჩნია, რომ საქართველოში რამდენიმე მოსამართლე ყოველგვარი საფუძვლის გარეშე არის დასანქიცრებული, ეს ახალისებს სასამართლოს წინააღმდეგ იმ მდაბიო კამპანიას, რომელსაც „ენჯეო“ სექტორის რიგით წარმომადგენლები და „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი სხვადასხვა განშტოებები მიმართავენ,“ - განაცხადა მდინარაძემ. მდინარაძის თქმით, მმართველი გუნდი კატეგორიულია თავის მოთხოვნაში, მოეხსნათ სანქციები ქართველ მოსამართლეებს, ვინაიდან, მსგავსი სახის უსაფუძვლო გადაწყვეტილებები ანტიდასავლურ განწყობებს აღვივებს. „მაგალითად, ლაშა ჩხიკვაძის შემთხვევაში სტრასბურგმა დაადასტურა, რომ მის მიმართ აბსოლუტურად უსაფუძვლო კრიტიკა იყო და რეალურად, ეს იყო ბულინგი. ალბათ, დღეს ყველას, ვინც ამაში ირიბი მხარდაჭერაც კი რაღაც ფორმით დააფიქსირა, ბოდიში აქვს მოსახდელი ამ ადამიანის და მისი ოჯახის წევრების წინაშე. მან თავად განაცხადა, რომ მისი შვილი გარკვეულ სამედიცინო დახმარებასაც კი საჭიროებს ამ ბულინგის გამო. წარმოუდგენელია, თან მართალი იყო და თან შენ და შენი ოჯახის წევრებს ისე გაბულინგებდნენ, რომ გარკვეული სამედიცინო ჩარევებიც კი სჭირდებოდეს ამის გამოსწორებას.ამ ყველაფერს ახალისებს ყველაფერი უსაფუძვლო, მათ შორის უსაფუძვლო სანქცირება, განსაკუთრებით ისეთი ქვეყნისგან, როგორიც არის აშშ, რომელიც ჩვენთვის არის მთავარი სტრატეგიული პარტნიორი, ჩვენი მეგობარი. შესაბამისად, თუ რაიმე შეიძლება ანტიამერიკულ, ანტიდასავლურ განწყობებს აღვივებდეს, ეს არის უსაფუძვლო გადაწყვეტილებები, როგორიცაა მოსამართლეთა დასანქცირება. ამიტომ, ჩვენ კატეგორიულები ვართ ამ თხოვნაში თუ მოთხოვნაში, რომ მათ მოეხსნათ სანქციები და არ მისცეს ჩვენმა მეგობარმა რომელიმე მდაბიო და ბოროტ სუბიექტს ამ ფაქტით მანიპულირების უფლება," - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. ცნობისთვის, აშშ -მა ოთხ ქართველ მოსამართლეს - მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს სანქციები 2023 წლის აპრილში დაუწესა. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი მიხეილ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძის საჯარო სანქცირებას ახდენს, ვიზის აკრძალვის შესახებ 7031(c) წესის საფუძველზე, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის გამო. სახელმწიფო დეპარტამენტმა განმარტა, რომ აღნიშნულმა პირებმა, ბოროტად გამოიყენეს მათი თანამდებობა როგორც სასამართლოს თავმჯდომარეებმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა, რითაც ზიანი მიაყენეს სამართლის უზენაესობასა და საზოგადოების ნდობას საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ.  

პენტაგონი ადასტურებს, რომ NATO-ს 2023 წლის სამიტზე, აშშ-ის თავდაცვის მაღალჩინოსანს "ჰავანის სინდრომის" სიმპტომები ჰქონდა

პენტაგონის მაღალჩინოსანს, რომელიც ვილნიუსში, NATO-ს შარშანდელ სამიტს ესწრებოდა, „ჰავანის სინდრომის“ მსგავსი სიმპტომები ჰქონდა. AP-ის ცნობით, ამის შესახებ პენტაგონის პრესმდივანმა საბრინა სინგმა განაცხადა. „ოფიციალური პირი არ იყო თავდაცვის მდივნის ლოიდ ოსტინის ოფიციალური დელეგაციის წევრი, მაგრამ იქ იყო "ცალკე და მონაწილეობდა შეხვედრებში, რომლებიც NATO-ს სამიტის ნაწილი იყო," - აღნიშნა სინგმა. „მე შემიძლია, დავადასტურო, რომ თავდაცვის დეპარტამენტის მაღალჩინოსანს განუვითარდა სიმპტომები, რომლებიც დაფიქსირდა "ანომალიურ ინციდენტებში,” - აღნიშნა პენტაგონის წარმომადგენელმა. სინგს არ დაუკონკრეტებია, მიმართა თუ არა დაზარალებულმა სამედიცინო დახმარებას, ან იძულებული გახდა თუ არა, შეეწყვიტა მოვალეობის შესრულება ჯანმრთელობის პრობლემების გამო. როდესაც ჰკითხეს რუსეთის შესაძლო ჩართულობის შესახებ, სინგმ მედიას ურჩია, მიემართათ აშშ-ის სადაზვერვო საზოგადოებისთვის, რომელიც ჯერ კიდევ იძიებს ამ საკითხს. ცნობისთვის, "ჰავანის სინდრომის" სიმპტომები, რომელსაც აშშ-ის ოფიციალური პირები "ანომალიურ ინციდენტებად" (AHI) მოიხსენიებენ, შეიძლება, იწვევდეს თავის უკიდურეს ტკივილს, თავბრუსხვევას, გულისრევასა და ყურის ტკივილს. ამ მდგომარეობას ეწოდა "ჰავანას სინდრომი", რადგან ამერიკელი ოფიციალური პირების ავადმყოფობის შესახებ ინფორმაცია პირველად  აშშ-ის საელჩოში, კუბის დედაქალაქში 2016 წლის ბოლოს დაფიქსირდა. ჟურნალისტებმა "ჰავანის სინდრომსა" და GRU-ს შორის კავშირი აღმოაჩინეს: შემთხვევა თბილისშიც დაფიქსირდა  

უკრაინელებმა იერიში მიიტანეს რუსეთში მდებარე ქარხანაზე, რომელიც დრონებს აწარმოებს - მედია

დღეს დილით ძლიერი აფეთქებები იყო რუსეთის თათრეთის რესპუბლიკის ქალაქებში, ელაბუგასა და ნიჟნეკამსკში. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, საწარმოებზე უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა იყო. თათრეთის რესპუბლიკის მეთაურის პრესსამსახური საწარმოებს არ აკონკრეტებს. რუსული წყაროებით ვრცელდება დრონით დარტყმის შედეგად გამოწვეული აფეთქების ამსახველი ვიდეოები. გამოცემა „რბკ-უკრაინა" ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარმა სამმართველომ უპილოტო საფრენი აპარატებით შეუტია ელაბუგაში მდებარე ქარხანას, რომელიც უპილოტო საფრენ აპარატებს აწარმოებს. კრემლის მიერ კონტროლირებული სააგენტო „ტასის“ ცნობით, ელაბუგის რაიონში მდებარე განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის, „ალაბუგის“ ტერიტორიაზე დანგრეულია საერთო საცხოვრებლის შენობა. დაშავდა სულ მცირე 6 ადამიანი.  

უკრაინა იუწყება, რომ რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული დრონი ჩამოაგდეს

უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსეთის არმიას გაუნადგურეს ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული უპილოტო საფრენი აპარატი „ფორპოსტი“. პირველი ცნობა, რომ ოდესის საზენიტო-სარაკეტო ბრიგადამ შავი ზღვის აკვატორიაში „ფორპოსტი“ ჩამოაგდო, პირველ აპრილს, საღამოს გამოქვეყნდა უკრაინის საჰაერო ძალების სამხრეთის სარდლობის Facebook-ის გვერდზე გამოქვეყნდა. მოგვიანებით, უკრაინის საჰაერო ძალების სპიკერმა ილია ევლაშმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რუსული დრონი „ფორპოსტი“, რომელიც თურქული „ბაირაქთარის“ ანალოგს ჰგავს, დაახლოებით შვიდი მილიონი დოლარი ღირს. ევლაშის ინფორმაციით, დიდი ზომის ამ უპილოტო საფრენ აპარატს დაზვერვასთან ერთად შეუძლია ორი რაკეტით ან სხვა იარაღით ხმელეთზე სამიზნეების განადგურება. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს უკრაინელი სამხედროების მიერ შავ ზღვაში „ფორპოსტის“ ჩამოგდების შესახებ არაფერი უთქვამს.  

ქნესეთმა ისრაელის მთავრობას ტელეარხ Al-Jazeera-ს მაუწყებლობის აკრძალვის უფლება მისცა

ისრაელის პარლამენტმა ორშაბათს მხარი დაუჭირა კანონის მიღებას, რომელიც საშუალებას იძლევა, ისრაელში აიკრძალოს ისეთი უცხოური მედიის მაუწყებლობა და გავრცელება, რომელიც „ზიანს აყენებს ეროვნულ უსაფრთხოებას.“ კანონს ქნესეთში მხარი დაუჭირა 70-მა დეპუტატმა, 10 წინააღმდეგი იყო. პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ მოიპოვა შესაძლებლობა, დროებითი აკრძალვა დააწესოს კატარის ტელეარხის მაუწყებლობაზე და განკარგულება გასცეს, ისრაელში Al-Jazeera-ს ბიუროს დახურვის თაობაზე. Reuters-ი იტყობინება, რომ მთავრობის ხელმძღვანელი და უსაფრთხოების კაბინეტი ახლა შეძლებენ 45 დღით შეწყვიტონ მედიასაშუალების მუშაობა, რის შემდეგაც ის შეძლებს აღადგინოს მაუწყებლობა და გააგრძელოს ის ივლისის ბოლომდე ან ღაზის სექტორში ძირითადი სამხედრო ოპერაციების დასრულებამდე. ტელეარხი Al-Jazeera, რომელიც მწვავედ აკრიტიკებდა ისრაელის სამხედრო ოპერაციას ღაზის სექტორში, ისრაელს ბრალს სდებდა ასევე „სისტემატურ“ თავდასხმებში ტელეარხის ოფისებსა და მის პერსონალზე.  

სახალხო დამცველი გენდერული კვოტირების გაუქმების კანონპროექტს უარყოფთად აფასებს

საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება და უარყოფითად აფასებს საქართველოს პარლამენტში ინიციირებულ კანონპროექტს, რომლის მიზანიც საქართველოს ორგანულ კანონში, „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების განხორციელების გზით, გენდერული კვოტირების გაუქმებაა. ომბუდსმენი აღნიშნავს, რომ ქალები ყოველდღიურად აწყდებიან უხილავ ბარიერებს, რომლის აღმოფხვრის ერთ-ერთი გზა გენდერული კვოტირება და ამ მექანიზმის დახვეწაა. „აღნიშნული ცვლილებები განსაკუთრებით საყურადღებოა იმის ფონზე, რომ ხსენებულის საპირისპიროდ, საქართველოს პარლამენტმა 2022 წელს მხარი დაუჭირა გენდერული კვოტირების 2032 წლამდე გახანგრძლივებას და ამით მკაფიოდ გაუსვა ხაზი ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის მნიშვნელობას და შესაბამისი საჭირო ღონისძიებების განხორციელებას ქალთა ჩართულობის გასაზრდელად. გენდერული კვოტირების მექანიზმი არა ქალების მიმართ მინიჭებული პრივილეგია, არამედ ქალთა მიმართ დისკრიმინაციული მიდგომის აღმოფხვრის, სტერეოტიპებთან ბრძოლისა და საერთაშორისოდ ნაკისრი ვალდებულების შესრულების მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია. ქალები ყოველდღიურად აწყდებიან უხილავ ბარიერებს, რომელთა აღმოფხვრა და ქვეყანაში არსებითი თანასწორობის მიღწევა სავალდებულო გენდერული კვოტის პროპორციის დახვეწით და სხვა ხელშემწყობი ღონისძიებების განხორციელებითაა შესაძლებელი. დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებებით კი უგულებელვყოფთ ქალების მრავალწლიანი ბრძოლის შედეგებს და ვაუარესებთ თანასწორობის მისაღწევად არსებულ მექანიზმებს. ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის აუცილებელია ქალების ხმა მკაფიოდ ისმოდეს ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოსა და პოლიტიკის განმსაზღვრელ სხვა უწყებებში, რათა დღის წესრიგში იდგეს ქალთა საჭიროებები და გენდერული თანასწორობის ხელშემწყობი ღონისძიებები,“ - წერია სახალხო დამცველის, ლევან იოსელიასნი სახელით გავრცელებულ განცხადებაში. პირველ აპრილს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დარეგისტრირდა პარტია „გირჩის“ კანონპროექტი „საარჩევნო კოდექსში" ცვლილებების შეტანის შესახებ. პროექტი საპარლამენტო არჩევნების პარტიულ სიებში ქალთა კვოტირების გაუქმებას ითვალისწინებს.  

აშშ-მ უკრაინის საგანგებო სამსახურს 100-ზე მეტი გენერატორი და სხვა დახმარება გადასცა

გადაუდებელი დახმარების სამსახურისთვის უკრაინის მთელ რიგ ოლქებს შეერთებულმა შტატებმა კიდევ 100-ზე მეტი გენერატორი და სხვა აღჭურვილობა გადასცა. „რადგან რუსეთი აგრძელებს თავის სასტიკ თავდასხმებს უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე, USAID უზრუნველყოფს 109 გენერატორს, 19 გამათბობელს და ელექტროენერგიის კოგენერაციულ ერთეულს, 13 გადაუდებელ მანქანას სერვისების ონლაინ რეჟიმში შესანარჩუნებლად,“ - აღნიშნა უკრაინაში აშშ-ს ელჩმა ბრიჯიტ ბრინკმა. დახმარება მიეწოდება ქალაქებს დნიპროს, ვინიცას, ივანო-ფრანკოვსკს, ლვოვს, ჩერკასს და ჩერნივცის. გასულ კვირას გერმანიამ გამოაცხადა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი პარტია, რომელიც მოიცავს საარტილერიო და სატანკო საბრძოლო მასალას დრონებსა და განაღმვის მანქანებს.