ძებნის რეზულტატი:

უკრაინამ მსოფლიო ბანკის მექანიზმით, იაპონიიდან და დიდი ბრიტანეთიდან $1.5 მილიარდი მიიღო

უკრაინამ მსოფლიო ბანკის პროგრამის ფარგლებში დაფინანსების სახით 1.5 მილიარდი აშშ დოლარის მოცულობის ტრანში მიიღო. ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული თანხა ქვეყანას საბიუჯეტო ხარჯების დაფარვაში დაეხმარება. მსოფლიო ბანკის დახმარების ახალი პაკეტი ბრიტანეთმა და იაპონიამ დააფინანსეს. „984 მილიონი დოლარი მოდის იაპონიიდან და 516 მილიონი დოლარი გაერთიანებული სამეფოდან. თანხები დაფარავს საბიუჯეტო ხარჯებს სოციალური და ჰუმანიტარული საჭიროებებისთვის და რეკონსტრუქციისთვის,“ - დაწერა შმიგალმა სოციალურ პლატფორმა X-ზე.  

ზელენსკი: ტერორისტულ ქვეყანას, ხერსონის რეგიონში ეკოლოგიური კატასტროფის განმეორება სურს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უმაღლესი მთავარსარდლის შტაბის სხდომაზე განიხილებოდა რუსული მხრიდან თავდასხმისგან უკრაინის ენერგეტიკული ობიექტების დაცვა, ასევე, საჰაერო თავდაცვის რეზერვების შევსება. ზელენსკი აღნიშნავს, რომ რუსების მიერ კანევისა და დნესტრის ჰიდროელექტროსადგურების მიზანმიმართული დაბომბვა საფრთხეს წარმოადგენს არამხოლოდ უკრაინისთვის, არამედ, მოლდოვისთვისაც. „ტერორისტ ქვეყანას ხერსონის ოლქში მომხდარი ეკოლოგიური კატასტროფის გამეორება სურს. მაგრამ ახლა საფრთხის ქვეშ არამხოლოდ უკრაინა, არამედ, მოლდოვაცაა. წყალი სასაზღვრო ბოძების წინ არ გაჩერდება, ისევე როგორც არ გაჩერდება რუსული ომი, თუ ერთად და დროულად არ გავაჩერებთ მას უკრაინაში,“ - წერს ზელენსკი.  

უკრაინის საზღვაო ძალები: რუსეთმა ყირიმის თავზე საკუთარი SU-27 ჩამოაგდო

უკრაინის საზღვაო ძალების წარმომადგენელმა დმიტრო პლეტენჩუკმა განაცხადა, რუსულმა ძალებმა ოკუპირებული ყირიმის თავზე, „ამაღლებული საბრძოლო მზადყოფნის გამო“, საკუთარი გამანადგურებელი შემთხვევით ჩამოაგდეს. „შეგვიძლია, დავადასტუროთ, რომ თვითმფრინავი ეკუთვნოდა რუსეთს და რომ ის გაანადგურეს მათმა ძალებმა," - განაცხადა პლეტენჩუკმა. რუსული გამანადგურებელი სევასტოპოლში, ზღვაში ჩავარდა  

რუმინეთის პრემიერი დრონის ფრაგმენტების ჩამოვარდნაზე: მიმდინარეობს გამოძიება

რუმინეთის პრემიერ-მინისტრი მარჩელ ჩოლაკუ კომენტარი გააკეთა ქვეყნის ტერიტორიაზე დრონის ფრაგმენტების ჩავარდნის საკითხზე. მან დრონის წარმომავლობის დაზუსტებისგან თავი შეიკავა და აღნიშნა, რომ გამოძიებას უნდა დაველოდოთ. „რამდენიმე წუთის წინ თავდაცვის მინისტრს ველაპარაკე. პერიმეტრი წინა ღამიდან დახურულია. გამოძიება მიმდინარეობს. ეს პირველი [მსგავსი შემთხვევა] არ არის, მინდა, რომ ბოლო იყოს, მას არავის სიცოცხლე საფრთხის ქვეშ არ დაუყენებია,” - განაცხადა ჩოლაკუმ. მ ისი თქმით, დრონის ჩამოვარდნის კრატერიდან გამომდინარე, მას ფეთქებადი ელემენტები არ ჰქონდა და სხვა არეალში ჩამოვარდნის შემთხვევაშიც ზიანს არ გამოიწვევდა. ადგილობრივი გამოცემები აღნიშნავენ, რომ დრონმა რუმინეთის ტერიტორიაზე 23 კილომეტრი იფრინა და მასზე დატანილი წარწერები რუსულ მარკირებას ჰგავს, რომელსაც „შაჰედის“ ტიპის დრონებზე აკეთებენ. ცნობისთვის, დრონი ხუთშაბათს ადგილობრივი დროით დაახლოებით 21:45 საათზე ჩამოვარდა და თვითმხილველები აღნიშნავენ, რომ მისი ჩამოვარდნის დროს ხმამაღალი აფეთქების ხმა გაისმა. წყაროების ინფორმაციით, ეს რუსული დრონი იყო, რომლის სამიზნესაც დუნაიზე მდებარე უკრაინული პორტები წარმოადგენდნენ, თუმცა მას GPS ნავიგაციის სისტემამ უმტყუნა. რუმინეთში, უკრაინის საზღვართან „დრონის მსგავსი ფრაგმენტები“ იპოვეს  

კულება: თუ რუსეთი უკრაინაში არ დამარცხდება, პუტინი თავისი წარმატებით იქნება შთაგონებული და NATO-ს ქვეყნებში გადაინაცვლებს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, თუ რუსეთი უკრაინაში არ დამარცხდება, პუტინი თავისი წარმატებით იქნება შთაგონებული და NATO-ს ქვეყნებში გაემართება დმიტრო კულებამ ინდურ გამოცემა The Times of India-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთის სტრატეგიული მიზანია საერთაშორისო არენაზე საბჭოთა კავშირის აღდგენა „არ ვიცი როდის, მაგრამ რუსეთი ნამდვილად შეიძლება, თავს დაესხას NATO-ს - ერთი პირობით. თუ დასკვნამდე მივა, რომ NATO-ს პასუხი ადეკვატური არ იქნება. რუსეთი ალიანსის შიგნით უთანხმოებების გამოყენებას შეძლებს, რათა NATO-ს მხრიდან მყისიერი და გამანადგურებელი პასუხი არ მიიღოს. ყველას უნდა ესმოდეს, რომ რუსეთის სტრატეგიული მიზანი უბრალოდ უკრაინის დაპყრობა არ არის - ეს არის საერთაშორისო არენაზე საბჭოთა კავშირის დიდების აღდგენა. პუტინმა თქვა კიდეც, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა XX საუკუნის უდიდესი გეოპოლიტიკური კატასტროფა იყო,” - განაცხადა კულებამ. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის დარწმუნებულია, რომ რუსეთი ცენტრალური აზიის ქვეყნების დამოუკიდებლობას არ ეთანხმება და მათ დღემდე ყოფილ პროვინციებად განიხილავს. „ამდაგვარ, რუსეთის იმპერიალისტური პროექტის მომავალი უკრაინაზეა დამოკიდებული. როდესაც რუსეთი ამ ომს წააგებს, მას ახალი პოლიტიკური მოდელის მიღება მოუწევს, რომელიც იმპერიალისტურ ექსპანსიას არ მოიაზრებს. თუ რუსეთი უკრაინაში მარცხს არ განიცდის, მაშინ პუტინი თავისი წარმატებით იქნება შთაგონებული და ნატო-ს ქვეყნებში გაემართება,” - განაცხადა კულებამ.    

დანილოვი მოლდოვაში უკრაინის ახალი ელჩია

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოლდოვაში უკრაინის ელჩის თანამდებობაზე ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს ყოფილი მდივნის ოლექსი დანილოვის კანდიდატურა დაამტკიცა. ამის შესახებ ზელენსკიმ საღამოს ვიდეომიმართვაში განაცხადა. „ოლექსი დანილოვი გააგრძელებს მუშაობას დიპლომატიურ სექტორში, უფრო კონკრეტულად კი, მე დავამტკიცე მისი კანდიდატურა მოლდოვის რესპუბლიკაში ჩვენი სახელმწიფოს ახალ ელჩად,“ - განაცხადა ზელენსკიმ. როგორც ცნობილია, მანამდე ზელენსკიმ მარკ შევჩენკო უკრაინის ელჩის თანამდებობიდან გაათავისუფლა. ოლექსი დანილოვს უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის პოსტი ეკავა. დანილოვი ხსენებული თანამდებობიდან ზელენსკიმ 26 მარტს დანილოვი გაათავისუფლა. უკრაინის პრეზიდენტმა დანილოვის შემცვლელად საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი ოლექსანდრ ლიტვინენკო დაინიშნა.    

იტალიურმა გამანადგურებლებმა ბალტიის ზღვის თავზე რუსულ თვითმფრინავებს გზა ჩაუჭრეს

გასული 24 საათის განმავლობაში, იტალიის საჰაერო ძალებმა მოიერიშე თვითმფრინავები ბალტიის ზღვის თავზე რუსული თვითმფრინავების შესაკავებლად ორჯერ გაააქტიურეს. იტალიის საჰაერო ძალების ცნობით, თვითმფრინავებმა, რომლებიც საავიაციო ტაქტიკური ჯგუფის შემადგენლობაში, მალბორკის პოლონურ ბაზაზე არიან დისლოცირებულნი, რუსულ თვითმფრინავებს გზა ჩაუჭრეს. NATO-მ 2023 წელს 300-ზე მეტჯერ შეაკავა რუსული სამხედრო თვითმფრინავი  

ტუსკი: ომი აღარ არის წარსულის კონცეფცია ევროპაში, ომის წინა ეპოქაა

„არავის შეშინება არ მინდა, მაგრამ ომი აღარ არის წარსულის კონცეფცია ევროპაში,“ – ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა. დონალდ ტუსკმა აღნიშნა, რომ ევროპა „ომის წინა ეპოქაშია“, მაგრამ ჯერ კიდევ დიდი გზაა გასავლელი, ვიდრე მზად იქნება, წინ აღუდგეს საფრთხეს. მისი განცხადებით, ახლა ყველაზე შემაშფოთებელია ის, რომ ნებისმიერი სცენარი შესაძლებელია და ევროპას მსგავსი ვითარება 1945 წლის შემდეგ არ ჰქონია. „ვიცი, რომ ეს დამანგრევლად ჟღერს, განსაკუთრებით, ახალგაზრდა თაობის ადამიანებისთვის, მაგრამ გონებრივად უნდა შევეჩვიოთ ახალი ეპოქის მოსვლას. ომის წინა ეპოქაა. არ ვაჭარბებ. ეს ყოველდღე უფრო და უფრო თვალსაჩინო ხდება. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ. ევროპას ჯერ კიდევ დიდი გზა აქვს გასავლელი. პირველი ნაბიჯი არის, რომ ქვეყნებმა მიაღწიონ NATO-ს მიზანს, დახარჯონ მშპ-ს 2% თავდაცვაზე. დღეს ჩვენ უნდა დავხარჯოთ რაც შეიძლება მეტი, უკრაინისთვის აღჭურვილობისა და საბრძოლო მასალის შესაძენად, რადგან ჩვენ ვცხოვრობთ ყველაზე კრიტიკულ მომენტში მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ. მომდევნო ორი წელი გადაწყვეტს ყველაფერს. ჩვენ თუ ვერ დავუჭერთ მხარს უკრაინას საკმარისი ტექნიკითა და საბრძოლო მასალებით, უკრაინა თუ წააგებს, ევროპაში ვერავინ შეძლებს, თავი დაცულად იგრძნოს,“ – განაცხადა დონალდ ტუსკმა.  

ზელენსკი: ვცდილობთ, ვიპოვოთ გზა, რომ უკან არ დავიხიოთ

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, აშშ-ის დახმარების გარეშე უკრაინის შეიარაღებულ ძალებს უკან დახევა მოუწევთ. ამის შესახებ ზელენსკიმ The Washington Post-თან ინტერვიუში ისაუბრა. „თუ აშშ-ის მხარდაჭერა არ იქნება, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ საჰაერო თავდაცვა, Patriot-ის რაკეტები, 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები არ გვექნება. ეს ნიშნავს, რომ უკან დავიხევთ, ნაბიჯ-ნაბიჯ, პატარა ნაბიჯებით. ჩვენ ვცდილობთ ვიპოვოთ გზა, რათა უკან დახევა არ მოგვიწიოს,“ - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსეთის ტერიტორიაზე უკრაინის მიერ განხორციელებულ თავდასხმებზე ვაშინგტონის რეაქცია პოზიტიური არ იყო. „ჩვენ საკუთარი დრონები გამოვიყენეთ. ვერავინ გვეტყვის, რომ ჩვენ ეს არ შეგვიძლია. თუ ჩვენი ენერგეტიკული სისტემის დასაცავად საჰაერო თავდაცვა არ არის და რუსები მას თავს ესხმიან, ჩემი კითხვაა: რატომ არ შეგვიძლია, რომ მათ ვუპასუხოთ?,“ - აღნიშნა ზელენსკიმ. შეგახსენებთ, კანონპროექტი, რომელიც უკრაინას 60 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარებას უწევს, სენატმა თებერვლის შუა რიცხვებში დაამტკიცა. თუმცა წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, რესპუბლიკელი მაიკ ჯონსონი უარს ამბობს, კანონპროექტს სვლა მისცეს. კანონპროექტის მომხრეები იმედოვნებენ, რომ საპარლამენტო პროცედურებით შეძლებენ სპიკერის წინააღმდეგობის დაძლევას. აშშ-ის სადაზვერვო უწყების ხელმძღვანელობამ 11 მარტს გააფრთხილა ამერიკელი კანონმდებლები, რომ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდების შეფერხება რუსეთს შესაძლებლობას მისცემს, უკრაინის მეტი ტერიტორია დაიკავოს.  

ბაიდენის ადმინისტრაციამ ისრაელისთვის საბრძოლო თვითმფრინავებისა და ბომბების გადაცემა დაამტკიცა - WP

ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ ისრაელისთვის საბრძოლო თვითმფრინავებისა და ბომბების გადაცემა დაამტკიცა. შესაბამის ინფორმაციას The Washington Post-ი პენტაგონისა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს. კერძოდ, ისრაელი 1800-ზე მეტ MK84 ბომბს, 500 MK82 ბომბს, ასევე, 25 F-35 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავს და მათ ძრავებს მიიღებს. აშშ-ის კონგრესმა ისრაელისთვის შეიარაღების ხსენებული პაკეტის გადაცემას მხარი 2008 წელს დაუჭირა. The Washington Post-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის შესახებ თეთრ სახლს ოფიციალური კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია. „ბაიდენის ადმინისტრაციამ ბოლო დღეებში ჩუმად დაუშვა ისრაელისთვის მილიარდობით დოლარის ბომბების და გამანადგურებელი თვითმფრინავების გადაცემა, მიუხედავად ვაშინგტონის შეშფოთებისა, მოსალოდნელი სამხედრო შეტევის შესახებ სამხრეთ ღაზის სექტორში, რომელიც შეიძლება, ასობით ათასი პალესტინელი მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლეს დაემუქროს,“ წერს WP.  

Rolex-ის არადეკლარირებული საათების საქმეზე, პერუს პრეზიდენტის სახლში ჩხრეკა ჩატარდა

პერუს პრეზიდენტის სახლში ჩხრეკა ჩატარდა. პერუს პოლიციის ცნობით, პრეზიდენტის, დინა ბოლუარტეს სახლის ჩხრეკაში 40-მდე ოფიციალური პირი მონაწილეობდა და ისინი ბოლუარტეს მიერ არადეკლარირებულ „როლექსის“ საათებს ეძებდნენ. პოლიციამ ჩხრეკა დინა ბოლუარტეს წინააღმდეგ მიმდინარე კორუფციასთან დაკავშირებული გამოძიების ფარგლებში ჩაატარა. ბოლუარტეს მიმართ გამოძიება ამ თვის დასაწყისში, მას შემდეგ დაიწყო, რაც გაზეთში გამოქვეყნდა ცნობა პრეზიდენტის ძვირადღირებული საათების შესახებ, რომლებიც საჯარო ჩანაწერებში არ ფიქსირდება და რომელთა წარმომავლობა გასაიდუმლოებულია. ცნობისთვის, 2022 წლის დეკემბერში ბოლუარტე პერუს პირველი ქალი პრეზიდენტი მას შემდეგ გახდა, რაც ყოფილმა პრეზიდენტმა, პედრო კასტილიომ კონგრესის დაშლა სცადა, რამაც მისი გადაყენება გამოიწვია.  

უკრაინას სასწრაფოდ სჭირდება ATACMS-ის ტიპის რაკეტები - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინას ოკუპირებულ ყირიმში რუსული აეროდრომების დასაბომბად სასწრაფოდ სჭირდება ATACMS-ის ტიპის რაკეტები. The Washington Post-თან ინტერვიუში ზელენსკი ამბობს, რომ ყირიმში რუსული აეროდრომების დაბომბვა აუცილებელია, რადგან სწორედ აქედან უშვებს რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ მაღალი სიზუსტის რაკეტებს. ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინას სურს, გამოიყენოს უფრო შორი რადიუსის რაკეტები არა რუსეთის ტერიტორიაზე, არამედ, ყირიმის აეროდრომებზე თავდასხმისთვის. „რუსეთს როდესაც აქვს რაკეტები და ჩვენ არა, ისინი თავს ესხმიან ყველაფერს: გაზს, ენერგეტიკას, სკოლებს, ქარხნებს, სამოქალაქო შენობებს. რუსეთი როდესაც გაიგებს, რომ ჩვენ შეგვიძლია ამ თვითმფრინავების განადგურება, ისინი ყირიმიდან თავს არ დაგვესხმებიან. ეს იგივეა, როგორც საზღვაო ფლოტის შემთხვევა. ჩვენ ისინი გავიყვანეთ ჩვენი ტერიტორიული წყლებიდან. ახლა კი, მათ ყირიმის აეროდრომებიდან გავაძევებთ," - აღნიშნა ზელენსკიმ. WSJ: პენტაგონი მზადაა, უკრაინას უფრო შორი მანძილის ATACMS-ის რაკეტები გადასცეს

თბილისის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლებმა მეტრო „სადგურის მოედანთან“ და „დეზერტირების ბაზართან“ გარემოვაჭრეების დახლები დაშალეს

თბილისის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლებმა მეტრო სადგურის მოედნის და ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარე ტერიტორიიდან გარევაჭრობისთვის განკუთვნილი უნებართვო კონსტრუქციები გაიტანეს. შესაბამის ინფორმაციას „მუნიციპალური ინსპექცია ავრცელებს. მათივე ცნობით, ტერიტორია შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა დაასუფთავეს. „მუნიციპალურმა ინსპექციამ გარე მოვაჭრეები წინასწარ რამდენჯერმე გააფრთხილა, უნებართვო სამეწარმეო საქმიანობა შეეწყვიტათ. ბოლო პერიოდში, სადგურის მოედნის და მეტროს გამოსასვლელების მიმდებარედ უკანონო გარე ვაჭრობამ, სხვადასხვა სახის მსუბუქი კონსტრუქციების და დახლების გამოყენებით ტროტუარების შეზღუდვამ და მოქალაქეთა გადაადგილების შეფერხებამ სისტემატური ხასიათი მიიღო, გახშირდა საავტომობილო გზებზე გადმოსვლის და ტრანსპორტის მოძრაობისათვის ხელისშეშლის ფაქტებიც. აგრეთვე ტერიტორიაზე უკანონო საქმიანობიდან გამომდინარე ანტისანიტარია და გარემოს ნარჩენებით დაბინძურების ფაქტებიც ფიქსირდებოდა. თბილისის მუნიციპალური ინსპექცია აქტიურად ახორციელებს დედაქალაქში, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და საზოგადოებრივ სივრცეებში გარე ვაჭრობის კონტროლს, სხვადასხვა კონსტრუქციების და ნაგებობების უკანონო განთავსებით იერსახის დამახინჯების მონიტორინგსა და საზოგადოებრივი სივრცეების შეზღუდვის აღკვეთას. უკვე არაერთი ღონისძიება წარმატებით განხორციელდა მსგავსი ფაქტების აღკვეთის მიზნით, მოწესრიგდა სხვადასხვა მეტროსადგურის მიმდებარედ ტერიტორიები და საჯარო სივრცეები“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ბელგოროდის სკოლის მოსწავლეები დაბომბვის გამო ონლაინ სწავლაზე გადავლენ

ბელგოროდის, იაკოვლევსკის რაიონისა და ბელგოროდის რეგიონის სასაზღვრო რაიონების სკოლის მოსწავლეები სასწავლო წლის ბოლომდე ონლაინ სწავლებაზე გადავლენ. ამის შესახებ რეგიონის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა განაცხადა. „სამწუხაროდ, დღეს სახელმწიფო საზღვრიდან 30-კილომეტრიან ზონაში კლუბებში და განყოფილებებში გაკვეთილების ჩატარება შეუძლებელია,“ - აღნიშნა გლადკოვმა. „ხელისუფლებამ ასევე დაუშვა ქალაქში სავაჭრო ცენტრების გახსნა, რომელთა ფუნქციონირება მარტის შუა რიცხვებში შეჩერდა დაბომბვის გამო. ოღონდ გარკვეული პირობებით,“ წერს გუბერნატორი. მარტის შუა რიცხვებში, რეგიონში დაბომბვის გამო, სკოლის მოსწავლეებისთვის საგაზაფხულო არდადეგები ადრე გამოცხადდა. ზოგიერთი ბავშვის ევაკუაცია განხორციელდა: ქალაქის ხელისუფლების ცნობით, დაახლოებით 5000 ბავშვი გაგზავნეს სხვა რეგიონებში. რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის ფონზე, ბელგოროდის რეგიონში თავდასხმები გახშირდა. უკრაინა პირდაპირ მონაწილეობას ოფიციალურად არ ადასტურებს, თუმცა კიევში აცხადებენ, რომ ბელგოროდის ოლქის ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებებს რუსი მოხალისეები აწარმოებენ. ლეგიონმა „რუსეთის თავისუფლებამ“, „მოხალისეთა კორპუსმა“ და „ციმბირის ბატალიონმა“ 12 მარტს გამოაცხადეს, რომ უკრაინის ტერიტორიიდან რუსეთის საზღვარი გაარღვიეს ბელგოროდის და კურსკის ოლქებში. რუსეთის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციებად გამოცხადებული ამ შეიარაღებული ფორმირებების წევრები ამბობენ, რომ პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლი, უკრაინის მხარდამჭერი რუსი მოხალისეები არიან. განსაკუთრებით რთული ვითარება ბელგოროდის ოლქშია. ადგილობრივი ხელისუფლება იძულებული გახდა, რამდენიმე რაიონიდან მოსახლეობის ევაკუაცია დაეწყო და სკოლებში სასწავლო პროცესი შეეჩერებინა. მებრძოლები, რომლებიც რუსეთის ბელგოროდისა და კურსკის ოლქებში რეიდებს ახორციელებენ, მნიშვნელოვანი ძალა ხდებიან და უკრაინა მათ დაეხმარება - ბუდანოვი  

ბელგია უკრაინას F-16-ების ტექნიკური მომსახურებისთვის 100 მილიონ ევროს გამოუყოფს

ბელგიის ხელისუფლებამ 100 მილიონი ევრო გამოყო ამერიკული F-16-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავების შესანახად, რომელთა მიწოდებას ბრიუსელი კიევისთვის საერთაშორისო კოალიციის ფარგლებში აპირებს. „მინისტრთა საბჭომ დაამტკიცა უკრაინის დახმარების 25-ე პაკეტი: 100 მილიონი ევრო გამოიყოფა F-16-ის მოვლა-პატრონობისთვის და მხარდაჭერისთვის, საერთაშორისო კოალიციის ფარგლებში,“ - დაწერა ბელგიის თავდაცვის მინისტრმა ლუდივინ დედონდერმა სოციალურ პლატფორმა X-ზე. კოალიციის ფარგლებში ბელგია აპირებს, უკრაინას F-16-ის ტიპის თვითმფრინავები მიაწოდოს. ბელგიელი სამხედროები დანიის სასწავლო ცენტრში უკრაინელ პილოტებს ამზადებენ. გასული წლის აგვისტოში, ნიდერლანდების პრემიერი მარკ რუტე უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის ეინდჰოვენის საჰაერო ბაზაზე შეხვდა. რუტემ განაცხადა, რომ ნიდერლანდები და დანია უკრაინას გადასცემენ F-16-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებს, როგორც კი გადაცემის პირობები შესრულდება. ნიდერლანდებში ვიზიტისას ზელენსკიმ გამოაცხადა, რომ კიევი 42 ნიდერლანდებიდან ზელენსკი დანიაში ჩავიდა. დანიაში მისი ვიზიტისას გამოცხადდა, რომ კოპენჰაგენი უკრაინას F-16-ის ტიპის 19 თვითმფრინავს გადასცემს.  

ბაიდენის თქმით, რუსეთში დაკავებული Wall Street Journal-ის რეპორტიორის გათავისუფლებისთვის მუშაობა გრძელდება

აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებით, რუსეთში დაკავებული Wall Street Journal-ის რეპორტიორის ევან გერშკოვიჩის გათავისუფლების უზრუნველსაყოფად მუშაობა გრძელდება. „როგორც ევანის მშობლებს ვუთხარი, იმედს მეც არასდროს დავკარგავ. მისი გათავისუფლების უზრუნველსაყოფად ყოველდღიურ მუშაობას გავაგრძელებთ,“ - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა. ჯო ბაიდენმა აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ ამერიკელი რეპორტიორის დაკავება სრულიად უსამართლო და უკანონოა. ევან გერშკოვიჩი რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა ჯაშუშობის ბრალდებით 2023 წლის 29 მარტს ეკატერინბურგში დააკავა. მოსკოვის სასამართლოს გადაწყვეტილებით, Wall Street Journal-ის რეპორტიორი წინასწარ პატიმრობაში 30 ივნისამდე დარჩება.  

ევრო 2024-ის ბილეთები UEFA-ს ოფიციალური ვებგვერდის საშუალებით გაიყიდება - ფეხბურთის ფედერაცია

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ევრო 2024-ზე ბილეთების გაყიდვასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. როგორც აღნიშნავენ, ბილეთები UEFA-ს ოფიციალური ვებგვერდის საშუალებით გაიყიდება. „უპირველესად, კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ ისტორიულ გამარჯვებას! როგორც იცით, ევროპის ჩემპიონატზე საქართველო ერთადერთი დებიუტანტი ქვეყანაა. ევროპის ჩემპიონატის საგზურის მოპოვების შემდეგ, უეფა ევროპის ჩემპიონატის მონაწილეებთან სამუშაო პროცესსა და სხვადასხვა საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით მოლაპარაკებების აქტიურ ფაზაში გადავიდა. როგორც მოგეხსენებათ, ევროპის ჩემპიონატი უეფა-ს ეგიდით ტარდება. შესაბამისად, ბილეთების რეალიზაცია მათი უშუალო ჩართულობით იმართება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს საბოლოო დეტალების დაზუსტება ბილეთების გაყიდვის პროცედურასთან დაკავშირებით. ბილეთების გაყიდვა უეფა-ს ოფიციალური ვებგვერდის საშუალებით წარიმართება. უახლოეს დღეებში დეტალური ინფორმაციის მიღების შემდეგ, ფეხბურთის ფედერაცია სრულ ინფორმაციას მიაწვდის გულშემატკივარს საქართველოსთვის განკუთვნილი ბილეთების რეალიზაციასთან და თარიღთან დაკავშირებით. მადლობა მხარდაჭერისთვის, კიდევ ერთხელ გილოცავთ ისტორიულ გამარჯვებას და შევხვდებით გერმანიაში,“ – წერია სფფ-ის განცხადებაში.  

ნიდერლანდებში, ღამის კლუბში შეიარაღებულმა პირმა მძევლები აიყვანა

ნიდერლანდების ქალაქ ედეში, ერთ-ერთ პოპულარულ ღამის კლუბში შეიარაღებულმა პირმა მძევლები აიყვანა. BBC-ის ცნობით, კაცი თავის აფეთქებით იმუქრებოდა. ედეს პოლიციამ განაცხადა, რომ შემთხვევის ადგილზე სპეცდანიშნულების რაზმია მობილიზებული და ბართან ახლოს მდებარე 150 სახლიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა. პოლიციამ ტერიტორიიდან ხალხის ევაკუაცია მოახდინა, მაგრამ განაცხადა, რომ "ამ დროისთვის ტერორისტული მოტივის ნიშანი არ არსებობს." მოგვიანებით მათ განმარტეს, რომ სამი ადამიანი გაათავისუფლეს, მაგრამ „პროცესი ისევ გრძელდება.“ ქალაქის ცენტრი დაკეტილია. განახლება: ნიდერლანდის პოლიციის ცნობით, ქალაქ ედეში მძევლების აყვანის ინციდენტი დასრულდა, ყველა მძევალი თავისუფალია, დააკავეს ერით პირი. „ამ წუთში გათავისუფლდა ბოლო მძევალი, „ერთი პირი დაკავებულია, ამ ეტაპზე მეტის თქმა არ შეგვიძლია,“ იტყობინება პოლიცია X-ის საშუალებით.  

მნიშვნელოვანია, დავაჩქაროთ ძალისხმევა არსებული და ახალი სატრანსპორტო ქსელების განვითარებისთვის - ყაზახეთის პრეზიდენტი

ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი (TITR შუა დერეფანი) ეფექტიანად უზრუნველყოფს მიწოდების ჯაჭვებს აზიასა და ევროპას შორის, განაცხადა ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას, რომელიც ყოველწლიურად, ჩინეთში იმართება.  „მნიშვნელოვანია, რომ დავაჩქაროთ ჩვენი ძალისხმევა როგორც არსებული, ისე ახალი სატრანსპორტო ქსელების განვითარებისთვის. მათ შორისაა, ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი, რომელიც ხშირად ცნობილია როგორც შუა დერეფანი, რომელიც ეფექტიანად უზრუნველყოფს მიწოდების ქსელებს აზიასა და ევროპას შორის. გასულ წელს ამ მარშრუტზე ტვირთების გადაზიდვის მოცულობა ოთხჯერ გაიზარდა და მან 3 მილიონ ტონას მიაღწია,“ - აღნიშნა თოყაევმა. ცნობისთვის, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“(TITR) არის სატრანსპორტო და სავაჭრო მარშრუტი, რომელიც აზიასა და ევროპას აკავშირებს. ის რეგიონის რამდენიმე ქვეყანაზე გადის. მარშრუტი ჩინეთიდან იწყება და შუა აზიის ქვეყნებს (ყაზახეთი, უზბეკეთი და თურქმენეთი) კვეთს. ვიდრე ევროპას მიაღწევს, გადის კასპიის ზღვაში, აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში. რუსეთ-უკრაინის მიმდინარე ომის ფონზე, ყველა ლოგისტიკური მარშრუტი რუსეთის ფედერაციასა და დასავლეთს შორის შეწყვეტილია, ასევე ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტების ამჟამინდელმა ესკალაციამ, წითელ ზღვასა და სუეცის არხში გადაზიდვები შეაფერხა, ამდენად, შუა დერეფნის, როგორც უსაფრთხო მარშრუტის როლი მხოლოდ გაიზრდება, რასაც პროგნოზებიც ამყარებს: 2025 წლისთვის შუა დერეფნის გასწვრივ ტრანსპორტირების მოცულობა წელიწადში 10 მილიონ ტონა ტვირთს მიაღწევს. 2023 წელს ამ მარშრუტით 2,75 მილიონი ტონა ტვირთი გადაიზიდა, რაც 64%-ით მეტია 2022 წელთან შედარებით.  

ზელენსკიმ პირველი თანაშემწე და რამდენიმე მრჩეველი თანამდებობიდან გაათავისუფლა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავისი პირველი თანაშემწე, სერგეი შეფირი და რამდენიმე მრჩეველი თანამდებობიდან გაათავისუფლა. განკარგულებები უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. უკრაინული მედიის ცნობით, გათავისუფლებულებს შორის არიან: მიხაილ რადუცკის, სერგეი ტროფიმოვი და ოლეგ უსტენკო. ზელენსკიმ თანამდებობიდან ასევე გაათავისუფლა პრეზიდენტის აპარატის უფროსის ორი მოადგილე ანდრი სმირნოვი და ოლექსი დნიპროვი.  განკარგულებებიდან ირკვევა, რომ ზელენსკიმ ასევე დაითხოვა მოხალისეთა საქმიანობისა და უკრაინის დამცველთა უფლებების უზრუნველყოფის საკითხებში პრეზიდენტის ოფისის შტატგარეშე წარმომადგენლები ნატალია პუშკარევა და ალიონა ვერბიცკაია.