ძებნის რეზულტატი:

ირაკლი ღარიბაშვილი: მამაჩემი შეიძლება, პენსიონერია, მაგრამ მრავალმილიონიანი ბიზნესი და ქონება აქვს

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ანტიკორუფციული ბიურო მის დეკლარაციებს ყოველ წელს ამოწმებს და არცერთხელ ყოფილა შემთხვევა, როცა მას პასუხი არ გაუცია. „ანტიკორუფციული ბიურო ამოწმებს და შეამოწმებს ხელისუფლების წარმომადგენლების ქონებრივ დეკლარაციას. თითქმის ყოველ წელს ჩემი დეკლარაცია მოწმდება არამხოლოდ უშუალოდ ბიუროს მიერ, არამედ იცით, რომ იქ ამის კომისიაა. არც ერთხელ არცერთ საკითხზე არ ყოფილა კითხვა, რაზეც მე პასუხი არ გამიცია. ჩემს ოჯახს აქვს აბსოლუტურად ლეგალური შემოსავლები, აბსოლუტურად ლეგალური ბიზნეს საქმიანობა. თუ ამის შესახებ დაინტერესდებით, მე მზად ვარ, რომ მთელი ინფორმაცია მოგაწოდოთ. თუ თქვენ ნამდვილად ხართ დაინტერესებული, საიდან აქვს მამაჩემს, როგორ თქვენ მოიხსენიებთ, პენსიონერს თანხა. მამაჩემი შეიძლება, პენსიონერია, მაგრამ მას ოფიციალურ საკუთრებაში მრავალმილიონიანი ბიზნესი და ქონება აქვს, რომელიც მან სხვადასხვა საშუალებით შექმნა. თუ ნამდვილად ხართ დაინტერესებული, მზად ვარ, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს გავუზიარო ეს ინფორმაცია. ეს ინფორმაცია არ არის დამალული, პირიქით, საჯარო ინფორმაციაა,“ – განუცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს. ცნობისთვის, ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის რაჟდენ კუპრაშვილის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილის დეკლარაცია კანონის სრული დაცვით შემოწმდება. კუპრაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ წარმოდგენილი 2022 წლის დეკლარაცია დადებითად შეფასდა. „ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის დეკლარაცია 2022 წლის საანგარიშო პერიოდში დამოუკიდებელი კომისიის მოთხოვნის საფუძველზე შემოწმდა, დეტალურად იქნა შესწავლილი წარმოდგენილი ინფორმაცია და დეკლარაცია დადებითად შეფასდა. რაც შეეხება მიმდინარე წლის დეკლარაციას, რომელიც წარმოადგინა ახლახან, ეს არის 2023 წლის საანგარიშო პერიოდი, ასევე შესამოწმებელ პირთა სიაში დასახელებული არის და მიმდინარე წელს აღნიშნული დეკლარაცია კანონის სრული დაცვით შემოწმდება," - განაცხადა კუპრაშვილმა. დაინტერესდა თუ არა ანტიკორუფციული ბიურო ირაკლი ღარიბაშვილის მიერ განხორციელებული ავიარეისების საკითხის შესწავლით, რაჟდენ კუპრაშვილმა განმარტა, რომ ანტიკორუფციული ბიურო ამ საკითხზე ჟურნალისტურ გამოძიებებსაც ეცნობა და ეს საკითხიც შემოწმდება. „რაც შეეხება ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის დეკლარაციებს და ე.წ. ჟურნალისტურ გამოძიებებს, ანტიკორუფციული ბიუროს მანდატში შედის მამხილებლის მანდატი, ეს იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერ ინფორმაციას ვიღებთ და ვამუშავებთ, ნებისმიერი განცხადებული ინფორმაცია ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, თვალყურს ვადევნებთ როგორც ჟურნალისტურ გამოძიებას, ისე შემოსულ განცხადებებს და ინფორმაცოებს. რაც შეეხება თავად ამ დეკლარაციის შინაარსს, ბატონი ღარიბაშვილის დეკლარაციაში წარმოდგენილი არის გარკვეული სახის ინფორმაცია, რომელიც მიმდინარე წელს შემოწმდება, მათ შორის, თქვენ მიერ დასახელებულ ამ ნაწილშიც," - განაცხადა კუპრაშვილმა. ირაკლი ღარიბაშვილის ქონებრივი დეკლარაცია გამოქვეყნდა  

WSJ: "ბაირაქტარების" შემქმნელი შესაძლოა, ერდოღანის მემკვიდრე გახდეს

სელჩუკ ბაირაქტარი შესაძლოა, თურქეთის პრეზიდენტის პოსტზე, რეჯეფ თაიფ ერდოღანის ერთ-ერთი შესაძლო მემკვიდრე გახდეს, წერს The Wall Street Journal. სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ გამოკითხვის თანახმად, სელჩუკ ბაირაქტარი ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საზოგადო მოღვაწეა. „სელჩუკ ბაირაქტარი არ გამორიცხავს, ​​რომ ერდოღანმა მას მომავალ, 2028 წლის არჩევნებში მონაწილეობა სთხოვოს. „შეიძლება, მე ვიტყოდი დიახ, მაგრამ ეს დამოკიდებული იქნება გარემოებებზე," - აღნიშნა მან The Wall Street Journal-თან ინტერვიუში. თურქეთის კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტს შეუძლია, ზედიზედ არაუმეტეს ორი ვადით იყაროს კენჭი. 2023 წლის მაისში ერდოღანი ხელახლა მეორე ვადით ხუთწლიანი აირჩიეს. ცნობისთვის, Bayraktar არის თვითმფრინავების მწარმოებელი, რომელსაც უკრაინა თავდაცვისთვის, აქტიურად იყენებდა რუსული შეჭრის დასაწყისში. აზერბაიჯანმა ისინი სომხური ძალების წინააღმდეგ 2020 წელს გამოიყენა. Bayraktar-ის დრონები ლიბიაშიც გამოიყენებოდა და ცოტა ხნის წინ ისინი რუმინეთმა და პოლონეთმაც შეისყიდეს.  

ილია მეორე: 33 წლის წინ, საყოველთაო რეფერენდუმის საფუძველზე მოხდა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის აქტის მიღება - გილოცავთ ამ ღირსშესანიშნავ თარიღს

„დღევანდელი დღე უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში, რადგან 33 წლის წინ, 31 მარტს, საყოველთაო რეფერენდუმის (მათ შორის, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ჩატარებულის) საფუძველზე მოხდა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის აქტის მიღება,“ - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს პატრიარქის ილია მეორის წერილში, რომელსაც საპატრიარქო ავრცელებს. „საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა სწორედ ამ მოვლენებს ეყრდნობა, რაც პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას, მაშინდელი უზენაესი საბჭოს, ჩვენი ერისა და, საერთოდ, საქართველოს მთელი მოსახლეობის დამსახურებაა. გილოცავთ ამ ღირსშესანიშნავ თარიღს. გილოცავთ ბატონ ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეს. ღმერთმა ნათელი დაუმკვიდროს მის უკვდავ სულს," - წერია პატრიარქის წერილში.  

ერდოღანმა დამარცხება აღიარა - თურქეთის დიდ ქალაქებში ოპოზიციამ გაიმარჯვა

თურქეთში მუნიციპალური არჩევნების წინასწარი შედეგებით, ოპოზიციის კანდიდატებმა პრაქტიკულად, ყველა დიდ ქალაქში გაიმარჯვეს. პრეზიდენტმა ერდოღანმა თავისი „სამართლიანობის და განვითარების პარტიის“ მარცხი აღიარა. სტამბოლში ერდოღანის პარტიას წინა მუნიციპალური არჩევნების შედეგად დაკარგული პოზიციების აღდგენა სურდა, თუმცა ეს ვერ შეძლო. სტამბოლის მოქმედმა მერმა, „რესპუბლიკური სახალხო პარტიის“ კანდიდატმა ექრემ იმამოღლუმ ხმების 51%-ზე მეტით თანამდებობა შეინარჩუნა. დახლოებით 39% მიიღო „სამართლიანობის და განვითარების პარტიის“ კანდიდატმა მურატ ქურუმმა. ოპოზიციის კანდიდატი, მოქმედი მერი მანსურ იავასი ლიდერობს დედაქალაქ ანკარაშიც. მუნიციპალური არჩევნების წინასწარი შედეგებით, თურქეთის დედაქალაქ ანკარაში ხმების 60%-ზე მეტით გაიმარჯვა მოქმედმა მერმა, „რესპუბლიკური სახალხო პარტიის“ კანდიდატმა მანსურ იავაშმა. მის კონკურენტს ერდოანის პარტიიდან თურგუტ ალტინოკს ხმა მისცა დაახლოებით 32%-მა. არჩევნების წინასწარი შედეგებით, პრეზიდენტ ერდოანის ოპოზიციაში მყოფი „რესპუბლიკური სახალხო პარტიის“ კანდიდატები მერის არჩევნებში ლიდერობენ 20-ზე მეტ დიდ ქალაქში, მათ შორის იზმირსა და ანტალიაში. BBC-ი წერს, რომ არჩევნების შედეგები მნიშვნელოვანი დარტყმაა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანისთვის, რომელიც იმედოვნებდა, რომ მისი პარტია ქალაქებზე კონტროლს დაიბრუნებდა. ერდოღანმა აღიარა, რომ მისმა პარტიამ ვერ მიაღწია იმ შედეგს, რისი სურვილი და იმედიც ჰქონდა. „შედეგების მიუხედავად, ამ არჩევნებში გამარჯვებული ჩვენი დემოკრატია და ეროვნული ნებაა. თურქმა ხალხმა საარჩევნო ყუთი პოლიტიკოსებისთვის თავისი გზავნილების გადასაცემად გამოიყენა. ჩვენი პარტია ყოველთვის დემოკრატიისა და საარჩევნო ყუთის მხარესაა. დღეს ჩვენ ვმოქმედებთ იგივე პასუხისმგებლობის გრძნობით და არ ვაღიარებთ არანაირ ძალაუფლებას ერის ნებაზე მაღლა. ჩვენ არ გამოვიჩენთ უპატივცემულობას ჩვენი ერის გადაწყვეტილების მიმართ და არ ვიმოქმედებთ ეროვნული ნების საწინააღმდეგოდ.“ „ჩვენს პარტიაში ღიად შევაფასებთ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგებს და თვითკრიტიკაში ჩავერთვებით“, - აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა. არჩევნებში მონაწილეობის უფლება დაახლოებით 61 მილიონ თურქს ჰქონდა. ქვეყნის 81 პროვინციაში ამომრჩეველთა აქტივობამ 77%-ს გადააჭარბა. მუნიციპალური არჩევნები 31 მარტს ჩატარდა. ერდოღანი თურქეთის პრეზიდენტია 2014 წლიდან. მანამდე ის ათი წლის განმავლობაში ერდოანი თურქეთის პრემიერ-მინისტრი იყო.  

მირზოიანი: ბრიუსელთან და ვაშინგტონთან ეკონომიკურ და პოლიტიკურ ურთიერთობებს ვაღრმავებთ

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა განაცხადა, რომ ერევანი ევროკავშირთან და შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გაღრმავებისკენ მიისწრაფვის პორტალ Todos Noticias-თან ინტერვიუში მირზოიანმა განაცხადა, რომ სომხეთს სურს, გააძლიეროს დემოკრატიული ინსტიტუტები. „ჩვენ ვხედავთ, რომ, მაგალითად, შეერთებული შტატები და ევროკავშირი მთავარი პარტნიორები არიან. ჩვენ ასევე დავინახეთ, რომ ევროკავშირი მზად იყო, გამოეგზავნა სამოქალაქო მისია და საზღვარზე ვითარება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, მათი ყოფნა მნიშვნელოვნად უწყობს ხელს მშვიდობას რეგიონსა და სომხეთის ნაწილში. ახლა ჩვენ ვაღრმავებთ ეკონომიკურ და პოლიტიკურ ურთიერთობებს ბრიუსელთან და ვაშინგტონთან. ჩვენ ვცდილობთ ჩვენი უსაფრთხოებისა და განვითარების დემოკრატიული გზით და ინსტიტუტებით უზრუნველყოფას და ვხედავთ, რომ ამისთვის დასავლეთში კარგი პარტნიორები არიან,“ - განაცხადა მირზოიანმა. სტოლტენბერგის ვიზიტი სომხეთში - „სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობა NATO-სთვის მნიშვნელოვანია,“ ამ გზავნილით აღწერს ალიანსი სომხეთში ვიზიტს. ორი კვირის წინ, სამხრეთ კავკასიაში ტურნეს ფარგლებში, ეს იყო სტოლტენბერგის პირველი ვიზიტი მას შემდეგ, რაც სომხეთმა NATO-სთან უფრო დაახლოების სურვილი დააფიქსირა. მოსალოდნელია, რომ ერევანი ალიანსის ახალ პროგრამებში ჩაერთვება, თუმცა „გაწევრიანება დღის წესრიგში არ არის.“ აღსანიშნავია, რომ ერევანმა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვების სურვილიც ღიად დააფიქსირა. მიუხედავად იმისა, რომ სომხეთი რუსეთი მოკავშირედ რჩება, მან არაერთხელ განაცხადა, რომ არ უჭერს მხარს მოსკოვის მიერ წარმოებულ ომს უკრაინაში და კიევში ჰუმანიტარული დახმარებაც გაგზავნა, რამაც რუსეთის გაბრაზებაც გამოიწვია. ერევანში ვიზიტისას კი, სტოლტენბერგმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი უკრაინის მიმართ „სოლიდარობის“ გამო შეაქო. ბოლო პერიოდში ერევანი ასევე ხშირად მიუთითებდა, რომ უსაფრთხოების სფეროში რუსეთზე დამოკიდებულება შეცდომა იყო. NATO-ს ცნობით, სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობის შესახებ საუბრისას, გენერალურმა მდივანმა მოუწოდა სომხეთსა და აზერბაიჯანს, მიაღწიონ შეთანხმებას ურთიერთობების ნორმალიზაციისა და გრძელვადიანი მშვიდობისთვის გზაზე.  „ეს მნიშვნელოვანია ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის, რადგან ჩვენ უფრო სახიფათო სამყაროს წინაშე ვდგავართ,” - ხაზგასმით აღნიშნა მან და გაიმეორა, რომ ”NATO მხარს უჭერს სომხეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და მის მშვიდობიან მისწრაფებებს.” ვიზიტის დროს გენერალურმა მდივანმა ისაუბრა სომხეთის რეფორმების პროგრესზე. „თქვენ ასევე აჩვენეთ რეალური ვალდებულება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის, თქვენი დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისა და კანონის უზენაესობის დაცვის მიმართ,” - აღნიშნა სტოლტენბერგმა. სომხეთი არ შეურთდა ОДКБ-ს განცხადებას, რომელიც რუსეთში მომხდარ ტერაქტს გმობს

ომის დაწყების შემდეგ, ისრაელში ყველაზე მრავალრიცხოვანი ანტისამთავრობო აქცია გაიმართა

პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს გადადგომის მოთხოვნით, ისრაელის ქუჩებში ათასობით დემონსტრანტი გამოვიდა, რაც ოქტომბერში ღაზის სექტორში ომის დაწყებიდან ყველაზე მრავალრიცხოვანი ანტისამთავრობო აქცია იყო. დემონსტრანტებმა მთავრობას მოუწოდეს, მიაღწიოს შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, რათა „ჰამასის მიერ დაკავებული ათეულობით მძევალი გათავისუფლდეს და ვადამდელი არჩევნები ჩატარდეს. დემონსტრანტები ნეთანიაჰუს გადადგომისა და ვადამდელი არჩევნების დანიშვნის გარდა მოითხოვდნენ შეთანხმების დაუყოვნებლივ გაფორმებას ღაზის სექტორში დარჩენილი 134 ისრაელელი მძევლის გასათავისუფლებლად.   მძევლების ოჯახები და მეგობრები, ისევე როგორც მომიტინგეები შიშობენ, რომ რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ომი შეთანხმების გარეშე, კიდევ მით მეტი მძევალი დაიღუპება. 31 მარტს განახლდა მოლაპარაკება კაიროში, სადაც ისრაელის დელეგაცია ჩავიდა. ნეთანიაჰუს მიმართ აღძრულია სასამართლო საქმეები კორუფციის ბრალდებით და მისი ოპონენტები მიიჩნევენ, რომ მისი გადაწყვეტილებები პოლიტიკურ გადარჩენას უფრო ემსახურება, ვიდრე სახელმწიფო ინტერესებს.  

ზელენსკი: უკრაინა აუცილებლად გაიმარჯვებს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინა რუსეთთან ომში აუცილებლად გაიმარჯვებს. ზელენსკიმ მიმართვა ჩაწერა ბოროდიანკაში, ტარას შევჩენკოს ძეგლის ფონზე, რომელიც ოკუპანტებმა დაცხრილეს. „უკრაინა აუცილებლად გაიმარჯვებს. მთავარია, საკუთარი თავის, ჩვენი ხალხის რწმენა არ დაკარგოთ და არცერთი დღე არ დაკარგოთ, როცა უკრაინისთვის შედეგის მოტანა შეგიძლიათ,“ - აღნიშნა ზელენსკიმ. მისი თქმით, ორი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც უკრაინელმა ჯარისკაცებმა კიევიდან რუსი ოკუპანტები უკუაგდეს. ბოროდიანკა, ბუჩა, ირპენი, გოსტომელი, მოშჩუნი იყო ბრძოლის ადგილები, უკრაინელების ბრძოლის ადგილები, რომლებიც იბრძოდნენ თავიანთი ქვეყნისთვის, სახლებისთვის, სიცოცხლისთვის. უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც ეხმარება უკრაინას, მათ შორის სამხედროებს.  

UEFA-ს პრეზიდენტი ირაკლი კობახიძეს ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე დასასწრებად გერმანიაში იწვევს

UEFA-ს პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრს ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე დასასწრებად გერმანიაში იწვევს. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ოფიციალურ წერილში, რომელიც ირაკლი კობახიძემ ალექსანდერ ჩეფერინისგან მიიღო, აღნიშნულია, რომ ჩემპიონატი 14 ივნისიდან 14 ივლისამდე 10 ქალაქში ჩატარდება. „თქვენო აღმატებულებავ, ჩემთვის ძალიან სასიხარულოა, რომ მაქვს შესაძლებლობა, უეფას სახელით მოგიწვიოთ ევრო 2024 ჩემპიონატზე დასასწრებად უეფას ვიპ-პროგრამის ფარგლებში. ტურნირი, რომელიც გამოავლენს ევროპის მე-17 ჩემპიონ გუნდს მამაკაცთა შორის, 14 ივნისიდან 14 ივლისამდე 10 მასპინძელ ქალაქში გაიმართება. მას დაესწრებიან ფეხბურთის მოყვარულები მთელი ევროპიდან. უეფას ევროპის ტურნირი ყოველთვის ბევრად უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე უბრალოდ ჩემპიონატს - ეს არის მაღალი კლასის, გუნდური თამაშის და ფეხბურთის გამაერთიანებელი ძალის ზეიმი. თქვენი დასწრება საქართველოს მიერ გამართულ მატჩებზე იქნება ამ ღირებულებების მიმართ თქვენი ერთგულების და ჩვენი საერთო რწმენის დადასტურება, რომელიც ასახულია ტურნირის დევიზში: „ერთიანობა ფეხბურთში. ერთიანობა ევროპის გულში“. მოუთმენლად ველი გერმანიაში თქვენი მასპინძლობის შესაძლებლობას. ვიმედოვნებ, ერთად გავხდებით ამ ისტორიული მოვლენის მოწმენი,“ - აღნიშნულია ოფიციალურ მოსაწვევში.  

ჯონსონი ამბობს, რომ უკრაინის დახმარებაზე კენჭისყრა სააღდგომო შესვენების შემდეგ გაიმართება

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა მაიკ ჯონსონმა 31 მარტს განაცხადა, რომ აშშ-ის კონგრესი უკრაინის დახმარებაზე კენჭისყრას აღდგომის დღესასწაულის დასრულების შემდეგ გამართავს. შესაბამის ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. ჯონსონი მოელის, რომ პაკეტი „რამდენიმე მნიშვნელოვან ინოვაციას“ მოიცავს. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა მაგალითის სახით მოიყვანა უკრაინაზე სესხის გაცემის შესაძლებლობა - იდეა, რომელსაც ბაიდენის ადმინისტრაცია არ ემხრობა. ჯონსონმა ასევე ახსენა უკრაინის დახმარების კანონპროექტი (REPO for Ukrainians Act), რომელიც აშშ-ის პრეზიდენტს უფლებას აძლევს, აშშ-ში გაყინული რუსული სუვერენული აქტივების კონფისკაცია მოახდინოს და ის უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ გამოსაყენებლად გადასცეს. „როგორც იცით, REPO-ს კანონპროექტით, თუ შევძლებთ და რუსი ოლიგარქებისგან ჩამორთმეული აქტივებით უკრაინელებს მათთან ბრძოლის შესაძლებლობას მივცემთ, ეს უბრალოდ სუფთა პოეზიაა," - აღნიშნა ჯონსონმა. შეგახსენებთ, კანონპროექტი, რომელიც უკრაინას 60 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარებას უწევს, სენატმა თებერვლის შუა რიცხვებში დაამტკიცა. თუმცა წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, რესპუბლიკელი მაიკ ჯონსონი უარს ამბობს, კანონპროექტს სვლა მისცეს. კანონპროექტის მომხრეები იმედოვნებენ, რომ საპარლამენტო პროცედურებით შეძლებენ სპიკერის წინააღმდეგობის დაძლევას. აშშ-ის სადაზვერვო უწყების ხელმძღვანელობამ 11 მარტს გააფრთხილა ამერიკელი კანონმდებლები, რომ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდების შეფერხება რუსეთს შესაძლებლობას მისცემს, უკრაინის მეტი ტერიტორია დაიკავოს.  

შვედეთმა უკრაინის ჰუმანიტარული დახმარებისთვის $3,7 მილიონი გამოყო

შვედეთის მთავრობამ უკრაინის ჰუმანიტარული დახმარებისთვის დამატებით დაახლოებით 40 მილიონი შვედური კრონი (3,7 მილიონი დოლარი) გამოყო. უკრაინული მედია იუწყება, რომ სტოკჰოლმი ამ მხარდაჭერას გაეროს კვების პროგრამის მეშვეობით უზრუნველყოფს. მანამდე, დეკემბერში შვედეთმა უკრაინელების მხარდასაჭერად 1,4 მილიარდი კრონი გამოყო. გასულ კვირას კი, შვედეთის თავდაცვის მინისტრმა, პოლ ჯონსონმა დაადასტურა, რომ NATO-ში საბოლოო გაწევრიანების შემდეგ, ქვეყანა არ გამორიცხავს, რომ უკრაინას თავისი Gripen-ები (გამანადგურებელი თვითმფრინავები) მიაწოდოს.  

რუსული ეკლესია ნეონაცისტურ ნარატივებს ავრცელებს - უკრაინის ელჩი გაეროში

უკრაინის მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში სერგი კისლიცამ გაეროს ეკონომიკური და სოციალური საბჭოს (ECOSOC) პრეზიდენტს წინადადებით მიმართა, ჩამოერთვას გლობალური რუსეთის სახალხო კრებას სპეციალური საკონსულტაციო სტატუსი ქსენოფობიური და ნეონაცისტური ნარატივის გავრცელებისთვის.  „უკრაინა გამოხატავს ღრმა შეშფოთებას იმის გამო, რომ „გლობალური რუსეთის სახალხო კრება“, რომელიც ხელს უწყობს რასისტულ, ქსენოფობიურ, ნეონაცისტურ და ნეოკოლონიალურ ნარატივებს, აგრძელებს ECOSOC-ის სპეციალური საკონსულტაციო სტატუსის გამოყენებას," - განაცხადა მუდმივმა წარმომადგენელმა. 27 მარტს მოსკოვის საპატრიარქოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა „გლობალური რუსეთის სახალხო კრების“ ბრძანება (საზოგადოებრივი ორგანიზაცია, რომელსაც თავმჯდომარეობს მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილი) რომელშიც უკრაინის ომს "წმინდა" უწოდეს. მასში ნათქვამია. რომ „თანამედროვე უკრაინის მთელი ტერიტორია უნდა შევიდეს მხოლოდ რუსული გავლენის ზონაში.“ ფორმალურად, დოკუმენტს არანაირი კავშირი არ აქვს რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიასთან, თუმცა, VRNS-ის მუშაობაში მონაწილეობს მრავალი საეკლესიო იერარქი და ეკლესიასთან დაკავშირებული საზოგადო მოღვაწე. ომის შემსწავლელი ინსტიტუტის შეფასებით, რუსეთის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ ჩამოაყალიბა უფრო ფართო ნაციონალისტური იდეოლოგია უკრაინის ომისა და რუსეთის ექსპანსიონისტური გეგმის გარშემო.  

ჟურნალისტებმა "ჰავანის სინდრომსა" და GRU-ს შორის კავშირი აღმოაჩინეს: შემთხვევა თბილისშიც დაფიქსირდა

რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის (ყოფილი GRU) მთავარი დირექტორატის სამხედრო ნაწილის თანამშრომლებს შეეძლოთ, ამერიკელ დიპლომატებზე, ოფიციალურ პირებსა და დაზვერვის ოფიცრებზე გავლენა მოეხდინათ საიდუმლო იარაღით, რომელიც ე.წ. „ჰავანის სინდრომს“ იწვევს. ამ დასკვნამდე მივიდნენ The Insider-ის, ამერიკული ტელეარხის - CBS News-ის გადაცემა 60 წუთის და გერმანული ყოველკვირეული გაზეთ Der Spiegel-ის ჟურნალისტები.  მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში „ჰავანის სინდრომის“ შემთხვევებთან რუსეთის სამხედრო დაზვერვის აგენტების მოგზაურობის შესახებ მონაცემების შედარებით, ჟურნალისტებმა მკაფიო კორელაცია აღმოაჩინეს. როგორც გამოძიებამ აჩვენა, "ჰავანას სინდრომის" სიმპტომები ამერიკელებში გამოჩნდა იმავე პერიოდებსა და იმავე ადგილებში, სადაც განყოფილება 29155-ის თანამშრომლები მიდიოდნენ. კერძოდ, გენერალური შტაბის მთავარი დირექტორატის აგენტების გადაადგილება ევროპის მასშტაბით 2014 წელს, მაინის ფრანკფურტში ამერიკის საკონსულოს თანამშრომლებზე „უცნაური თავდასხმების სერიას“ დაემთხვა. 2016-2017 წლებში ჩინეთში, 29155 აგენტების ჯგუფის ჩასვლის შემდეგ, ამერიკელი დიპლომატები ჯანმრთელობის უცნაური პრობლემების შესახებ საუბარს იწყებენ. 2021 წელს საქართველოში, სადაც განყოფილება 29155-ის თანამშრომლები იმყოფებოდნენ, ამერიკელი დიპლომატის მეუღლეს, რომლის ვინაობაც არ სახელდება, მინორის სინდრომი დაუდგინდა. „უცნაური დამთხვევები“ ასევე დაფიქსირდა ბელგრადსა და ჰანოიში 2021 წელს. თბილისი გამოძიების მასალებში დაზარალებული 2021 წლის 7 ოქტომბერს თბილისში, დიღომში - სადაც „ამერიკული სოფელი“ მდებარეობს, მომხდარ შემთხვევას აღწერს.  ჟურნალისტებთან ამერიკელი დიპლომატის - იუსტიციის დეპარტამენტის ატაშეს ცოლი ჰყვება, რომ თბილისში, დიღომში სახლში ყოფნისას მოულოდნელად დაეწყო ყურისა და თავის გაუსაძლისი ტკივილი და გულისრევა [მისი სახელი, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, შეცვლილია]. უსაფრთხოების ტრენინგის გათვალისწინებით, მას შემდეგ, რაც უცნაურად იგრძნო თავი, კამერა შეამოწმა; ნახა, რომ გარეთ შავი ფერის მერსედესის მარკის ავტომობილი იდგა; გარეთ გავიდა და დაინახა, რომ იქვე ქერა ახალგაზრდა კაცი იდგა. როგორც კი ფოტოს გადასაღებად კამერა ასწია, ახალგაზრდა, მაღალი კაცი მანქანაში ჩაჯდა და გაიქცა. რესპონდენტი ამბობს, რომ მოგვიანებით, ეს პირი ამოიცნო, როგორც ალბერტ ავერიანოვი, რუსეთის გენშტაბის მთავარი სამმართველოს, GRU-ს აგენტი. გამოძიების თანახმად, ავერიანოვი მუშაობს GRU-ს ელიტურ ქვედანაყოფში, - „ქვედანაყოფი 29155“ - რომელიც მსოფლიოს მასშტაბით არაერთ ოპერაციაზე პასუხისმგებელი, მათ შორის, სკრიპალების მოწამვლასა და ჩეხეთში, ქალაქ ვრტებიცეში საბრძოლო მასალების საწყობში 2014 წელს მომხდარ აფეთქებასთან. გამომძიებელი ჟურნალისტები - ხრისტო გროზევი, მაიკლ ვაისი და რომან დობროხოტოვი - წერენ, რომ მოიპოვეს დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ „ქვედანაყოფი 29155-ის“ ერთმა ოფიცერმა მიიღო სახელფასო ბონუსი „არა-ლეტალური აკუსტიკური იარაღის პოტენციური შესაძლებლობის“ შესახებ მუშაობის გამო. მათი განმარტებით, ეს ტერმინი რუსეთის სამხედრო-სამეცნიერო ლიტერატურაში აღწერს „ულტრაბგერით და რადიოტალღებზე დაფუძნებულ ენერგიის მოწყობილობებს.“ როგორც ჟურნალისტების საგამოძიებო მასალებშია ნათქვამი, მედიის ერთობლივმა გამოძიებამ "ჰავანას სინდრომთან“ დაკავშირებით ახალი მტკიცებულებები გამოავლინა.  გადაცემა 60 წუთის, The Insider-ისა და Der Spiegel-ის ხუთწლიანი გამოძიების დასკვნები მიუთითებს, რომ რუსეთის GRU-ს განყოფილება - 29155 შესაძლოა, ე.წ. „ჰავანის სინდრომის“ უკან დგას. „ახალი მტკიცებულება გვთავაზობს, რომ „სავარაუდოდ, თავდასხმები მანამდე, ორი წლით ადრე ფრანკფურტში, გერმანიაშიც მოხდა, როდესაც აშშ-ის მთავრობის თანამშრომელი, რომელიც იქ მდებარე საკონსულოში იმყოფებოდა, უგონო მდგომარეობაში ჩავარდა, “იუწყება The Insider. მას მოგვიანებით, ტვინის ტრავმის დიაგნოზი დაუსვეს. გრეგ ედგრინმა, ახლახან გადამდგარმა არმიის ლეიტენანტმა-პოლკოვნიკმა, რომელიც "ჰავანის სინდრომის" შესახებ, 2021 წლიდან 2023 წლამდე თავდაცვის სადაზვერვო სააგენტოს გამოძიებას აწარმოებდა, CBS-ს განუცხადა, რომ მისი აზრით, აშშ-ის თავს ესხმის პუტინის რეჟიმი. ის დარწმუნებულია, რომ რუსეთი დგას ამ თავდასხმების უკან და რომ ისინი შეერთებული შტატების ოფიციალური პირების განეიტრალების მიზნით, მსოფლიო კამპანიის ნაწილია. ედგრინმა აღნიშნა, რომ სააგენტოს მასშტაბით მოქმედი ოფიცრების 5%-10% დაზარალდა და აქ თანმიმდევრულად არსებობდა რუსეთის კავშირი.“ მან საჯაროდ პირველად ისაუბრა ამ საკითხზე. ცნობისთვის, "ჰავანის სინდრომის" სიმპტომები, რომელსაც აშშ-ის ოფიციალური პირები "ანომალიურ ინციდენტებად" (AHI) მოიხსენიებენ, შეიძლება, იწვევდეს თავის უკიდურეს ტკივილს, თავბრუსხვევას, გულისრევასა და ყურის ტკივილს. ამ მდგომარეობას ეწოდა "ჰავანას სინდრომი", რადგან ამერიკელი ოფიციალური პირების ავადმყოფობის შესახებ ინფორმაცია პირველად  აშშ-ის საელჩოში, კუბის დედაქალაქში 2016 წლის ბოლოს დაფიქსირდა.

ხვალ და ზეგ დასავლეთ საქართველოში +29 გრადუსია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემებით 2 და 3 აპრილს როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოში მკვეთრად დათბება. ხვალ და ზეგ მოსალოდნელია უმეტესად თბილი და უნალექო ამინდი, 4 აპრილს კი ზოგან ხანმოკლე წვიმა ელჭექით და ძლიერი ქარი. თბილისში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +22, +24 გრადუსამდე მოიმატებს. 4 აპრილს იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი; სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 2-3 აპრილს თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27, +29 გრადუსამდე მოიმატებს. 4 აპრილს დილის საათებში ხანმოკლე წვიმა ელჭექით და ძლიერი ქარია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურაც დაიკლებს; დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 2-3 აპრილს თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27, +29 გრადუსი დაფიქსირდება. 4 აპრილს დილის საათებში ხანმოკლე წვიმა ელჭექით და ზოგან ძლიერი ქარია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურაც დაიკლებს; დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): 2-3 აპრილს თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +25, +27 გრადუსამდე მოიმატებს. 4 აპრილს დილის საათებში ხანმოკლე წვიმა ელჭექით და ზოგან ძლიერი ქარია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურაც დაიკლებს; დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): 2-3 აპრილს თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +22, +24 გრადუსამდე მოიმატებს. 4 აპრილს დილის საათებში ხანმოკლე წვიმა ელჭექით და ზოგან ძლიერი ქარია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურაც დაიკლებს; ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): 2-3 აპრილს თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +24, +26 გრადუსამდე მოიმატებს. 4 აპრილს, სითბოს ფონზე, ზოგან ხანმოკლე წვიმა ელჭექით და ძლიერი ქარია მოსალოდნელი; კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 2-3 აპრილს თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +24, +26 გრადუსამდე მოიმატებს. 4 აპრილს, სითბოს ფონზე, ზოგან ხანმოკლე წვიმა ელჭექით და ძლიერი ქარია მოსალოდნელი; აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური, დედოფლისწყარო): 2-3 აპრილს თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +24, +26 გრადუსამდე მოიმატებს. 4 აპრილს, სითბოს ფონზე, ზოგან ხანმოკლე წვიმა ელჭექით და ძლიერი ქარია მოსალოდნელი; აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): 2-3 აპრილს თბილი და უნალექო ამინდი იქნება. 4 აპრილს, სითბოს ფონზე, ზოგან ხანმოკლე წვიმა ელჭექით და ძლიერი ქარია მოსალოდნელი.  

მოლდოვაში აშშ-სა და რუმინეთის სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობით წვრთნები დაიწყო

პირველ აპრილს, მოლდოვის ეროვნული არმიის საწვრთნელ პოლიგონზე საერთაშორისო სწავლება JCET 2024 (Joint Combined Exchange Training) რუმინეთისა და შეერთებული შტატების სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობით დაიწყო. მოლდოვის ეროვნული არმიის სასწავლო გეგმის მიხედვით, წვრთნები 19 აპრილამდე გაგრძელდება. წვრთნა მოლდოვის არმიის სასწავლო ცენტრებსა და საწვრთნელ მოედნებზე ჩატარდება. ეროვნულმა არმიამ აღნიშნა, რომ წვრთნებში წელს სახელმწიფო დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურისა და პანტერას სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლებიც ჩაერთვებიან. „სწავლების მიზანია ერთობლივი წვრთნა და გამოცდილების გაცვლა მოლდოვას, რუმინულ და ამერიკულ სპეცრაზმებს შორის, ასევე - ღონისძიებებში მონაწილე კონტიგენტებს შორის ურთიერთთავსებადობის დონის ამაღლება,“ - აღნიშნავს მოლდოვური მხარე. არმიამ ასევე გააფრთხილა მოსახლეობა, რომ ამ წვრთნებში ჩართული სამხედრო ტექნიკა უახლოეს დღეებში ქვეყნის გზებზე იმოძრავებს.   

ევრო 2024-სთვის ავიაბილეთების ფასი 295 ევროდან დაიწყება - „ჯორჯიან ეარვეისი“

„ჯორჯიან ეარვეისი“ ევრო 2024-სთვის დანიშნულ სპეციალურ პირდაპირ ფრენებზე ავიაბილეთების გაყიდვას იწყებს. როგორც კომპანიაში აცხადებენ, ბილეთების გაყიდვა დღეს, 13:00 საათიდან დაიწყება და ბილეთის ფასი 295 ევროდან იქნება. „პირდაპირი ფრენები შესრულდება შემდეგი განრიგით: თბილისიდან დორტმუნდში 17 ივნისს (გამოფრენა დორტმუნდიდან თბილისში 19 ივნისს); თბილისიდან ჰამბურგში 21 ივნისს (გამოფრენა ჰამბურგიდან თბილისში 23 ივნისს); თბილისიდან დუსელდორფში 25 ივნისს (გამოფრენა დუსელდორფიდან თბილისში 27 ივნისს). პირდაპირი რეისები შესრულდება მგზავრებისთვის მატჩებზე დასასწრებად კომფორტულ დროს. ავიაბილეთები ხელმისაწვდომი იქნება ავიაკომპანიის ვებგვერდზე, გაყიდვების ოფისებსა და პარტნიორ სააგენტოებში. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ სპეციალურ რეისებზე ავიაბილეთები დაბრუნებას არ ექვემდებარება. ერთად ვუგულშატკივროთ ეროვნულ ნაკრებს!“ – აღნიშნულია „ჯორჯიან ეარვეისის“ ინფორმაციაში. „ჯორჯიან ეარვეისი“ ევრო-2024-სთვის სპეციალურ პირდაპირ ფრენებს შეასრულებს  

მერლინ მონროს კაბა აუქციონზე 325 000 დოლარად გაიყიდა

მერლინ მონროს კაბა და Playboy-ის დამფუძნებლის ჰიუ ჰეფნერის სმოკინგი და ჩუსტები შაბათ-კვირას აუქციონზე გაიყიდა. Hollywood Reporter-ის ცნობით, Pucci-ს აბრეშუმის კაბა 325 000 დოლარად შეფასდა. ორგანიზატორ Julien's Auctions-ის თანახმად, სამდღიან აუქციონზე, რომელიც შაბათს დასრულდა, გრძელმკლავიანი აბრეშუმის მაისური, Pucci-ის კაბა გამარჯვებულ პრეტენდენტს $325,000-ად გადაეცა, რაც რეკორდია აუქციონზე გაყიდულ Pucci-ს კაბებს შორის.  

ჯუდ ბელინგემი მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ნახევარმცველია - სია

Transfermarkt-მა მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ნახევარმცველების ტოპ-ათეული წარმოადგინა. მადრიდის რეალის ინგლისელი ფეხბურთელი 20 წლის ჯუდ ბელინგემი სიის სათავეშია: 1) ჯუდ ბელინგემი (მადრიდის რეალი, 180 მილიონი ევრო) 2) ფლორიან ვირცი (ლევერკუზენი, 110 მილიონი ევრო) 3) ჯამალ მუსიალა (მიუნხენის ბაიერნი, 110 მილიონი ევრო) 4) დეკლან რაისი (არსენალი, 110 მილიონი ევრო) 5) როდრი (მანჩესტერ სიტი, 110 მილიონი ევრო) 6) ფედერიკო ვალვერდე (მადრიდის რეალი, 100 მილიონი ევრო) 7) მარტინ ოდეგაარდი (არსენალი, 95 მილიონი ევრო) 8) გავი (ბარსელონა, 90 მილიონი ევრო) 9) ედუარდო კამავინგა (მადრიდის რეალი, 90 მილიონი ევრო) 10) აურელიენ ჩუამენი (მადრიდის რეალი, 90 მილიონი ევრო).  

Reuters-ი: ირანი რუსეთს ტერაქტის თაობაზე აფრთხილებდა

ირანმა რუსეთი გააფრთხილა რუსეთში მსხვილი „ტერორისტული ოპერაციის“ მოწყობის შესაძლებლობაზე, ვიდრე მოსკოვის მახლობლად საკონცერტო დარბაზზე თავდასხმა მოხდებოდა, იტყობინება Reuters-ი სამ წყაროზე დაყრდნობით. კრემლის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მას ირანის გაფრთხილებაზე ინფორმაცია არ ჰქონია. ბოლო 20 წელიწადში ყველაზე სისხლიანი ტერორისტული თავდასხმა მოსკოვის მახლობლად 22 მარტს მოხდა. შეიარაღებულმა პირებმა საკონცერტო დარბაზში მყოფ ადამიანებს გაუხსნეს ცეცხლი და 144 ადამიანი მოკლეს. პასუხისმგებლობა ამ ტერორისტული აქტისთვის ექსტრემისტულმა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. 19 იანვარს ირანმა გამოაცხადა, რომ „ისლამური სახელმწიფო - ხორასანის“, ავღანეთში მოქმედი განშტოების მეთაური დააკავა. ირანში 3 იანვარს მოწყობილ სისხლიან თავდასხმაზე, რომლის დროსაც სამი ადამიანი დაიღუპა, პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. Reuters-ი ცნობით, აშშ-ის სადაზვერვო წყაროების ცნობით, „ისლამურმა სახელმწიფომ“ მოაწყო ირანში 3 იანვრის ტერაქტიც და მოსკოვში 22 მარტის თავდასხმაც. თეთრი სახლი: ვაშინგტონმა შესაძლო თავდასხმის შესახებ ინფორმაცია რუსეთის ხელისუფლებას ამ თვის დასაწყისში გაუზიარა  

მოლდოვა აშშ-დან თხევადი გაზის პირველი საცდელი პარტიის იმპორტს განახორციელებს

მოლდოვის ენერგეტიკულმა კომპანიამ Energocom-მა პირველ აპრილს განაცხადა, რომ აშშ-დან თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) პირველი სატესტო მოცულობის იმპორტს განახორციელებს. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ Newsmaker-ი იუწყება. როგორც Energocom-ის ხელმძღვანელმა ვიქტორ ბრინზარმა განაცხადა, პირველ და 2 აპრილს მოლდოვა საბერძნეთის ალექსანდროპოლისის პორტიდან დღეში 14 ათასი მეგავატ/სთ ბუნებრივ აირს მიიღებს. „ეს არის 2,6 მილიონი კუბური მეტრი გაზის ექვივალენტი კონკურენტულ ფასში. თუ შევთანხმდებით ამ თანამშრომლობის გაგრძელებაზე, მოქალაქეებს შევატყობინებთ," - აღნიშნა ბრინზარმა. ამავე დროს, ბრინზარმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ LNG ტრანსპორტირება რუსული გაზის კარგი ალტერნატივაა. „გაზის წყაროების დივერსიფიკაცია ხელს შეუწყობს მოლდოვის ენერგეტიკული უსაფრთხოების კიდევ უფრო გაძლიერებას," - თქვა Energocom-ის ხელმძღვანელმა და გაიხსენა, რომ უკრაინის გავლით რუსული გაზის ტრანზიტის ხელშეკრულებას ვადა 2024 წლის ბოლოს ეწურება. უკრაინის ხელისუფლებამ ადრე განაცხადა, რომ ხელშეკრულების გაგრძელების შესახებ მოლაპარაკებებს არ აპირებდა.   

ყირგიზეთი მკითხავებისა და ექსტრასენსების რეკლამის აკრძალვას გეგმავს

ყირგიზეთის უმაღლესი საბჭოს სოციალური პოლიტიკის კომიტეტმა პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი „რეკლამის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ“, რომლის მიხედვითაც, რესპუბლიკაში მკითხავებისა და ექსტრასენსების რეკლამა აიკრძალება. უწყების ცნობით, დოკუმენტის ინიციატორი 25 დეპუტატი იყო. კანონპროექტის ინიციატორმა, დეპუტატმა მარლენ მამატალიევმა აღნიშნა, რომ რთულ მდგომარეობაში მყოფი მოქალაქეები ხშირად მიმართავენ ექსტრასენსებსა და მკითხავებს, რომლებიც ზებუნებრივი შესაძლებლობების დახმარებით ჰპირდებიან ხალხს მათი პრობლემებისგან გათავისუფლებას. კანონპროექტი მიზნად ისახავს მოქალაქეების ცნობიერების მანიპულირების შეჩერებას. „სასოწარკვეთილი ადამიანი მზადაა, დაუჯეროს ყველას, ვინც ყველა პრობლემის აღმოფხვრას ჰპირდება. ამ გრძნობებზე თამაშობენ ეგრეთ წოდებული ჯადოქრები და ექსტრასენსები. მათ აქვთ ხალხის ცნობიერების მანიპულირების დიდი გამოცდილება. სამწუხაროა, იმის დანახვა, რომ მაღალი ტექნოლოგიებისა და მეცნიერული პროგრესის ეპოქაში ბევრი მოქალაქე ერევა ე.წ. ექსტრასენსებისა და ჯადოქრების ხრიკებში,“ - ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში. კანონპროექტი ძალაში შესვლამდე სამი მოსმენით უნდა დამტკიცდეს. ამის შემდეგ ის ხელმოწერისთვის პრეზიდენტს ეგზავნება . პრეზიდენტის მიერ ხელმოწერის შემდეგ კანონი ძალაში შედის.