ძებნის რეზულტატი:
კასპიის ზღვაში, ქაშაგანის საბადოს მახლობლად ნავთობი ჩაიღვარა - მედია
სპეციალისტების ვარაუდით, კასპიის ზღვის ყაზახეთის სექტორში ნავთობი დაიღვარა, რის გამოც ადგილზე გარემოსდამცველები ნიმუშებს აიღებენ. report.az-ს ცნობით, თუ ინფორმაცია დადასტურდა, ყაზახეთის ატირაუს რეგიონის ეკოლოგიის დეპარტამენტი NCOC (ჩრდილოეთ კასპიის ოპერაციული კომპანია) დაუგეგმავ შემოწმებას ჩაატარებს. მანამდე NCOC-მა გარემოსდაცვითი მოთხოვნების დარღვევის ფაქტები გამოავლინა. 29 მარტს კომპანია 2,4 მილიარდი ტენგეით (27,7 მილიონი დოლარი) დაჯარიმდა. გავრცელებული ინფორმაციით, დაღვრის ფართობი დაახლოებით 7 კვადრატული კილომეტრს მოიცავდა, ხოლო ნალექი კასპიის ზღვის ჩრდილოეთით გადავიდა. განახლება: კასპიის ზღვაში ყაზახეთის ოფშორული ქაშაგანის ნავთობის საბადოს ოპერატორმა 2 აპრილს უარყო ცნობები იმის შესახებ, რომ ქაშაგანის საბადოს მახლობლად ნავთობი ჩაიღვარა. კომპანიამ განაცხადა, რომ შეისწავლა ტერიტორია და არ აღმოაჩინა რაიმე დარღვევა. NCOC-მა გარემოსდამცველების შეკითხვებზე კომენტარი არ გააკეთა. ქაშაგანი, ყაზახეთის ერთ-ერთი უდიდესი ნავთობის საბადოა, განავითარა NCOC-მ, რომელიც მოიცავს Shell-ს, Eni-ს, TotalEnergies-ს და Exxon Mobil-ს.
უკრაინა ყოველთვიურად Bohdana-ს ტიპის 8 თვითმავალ ჰაუბიცას აწარმოებს - NYT
უკრაინამ Bohdana-ს ტიპის თვითმავალი ჰაუბიცის წარმოება თვეში 8 ერთეულამდე გაზარდა. The New York Times-ის ცნობით, ადრე ეს რიცხვი 6 ერთეული იყო. მანამდე, წარმოების 6 ერთეულამდე ზრდის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. „ახლა უკრაინის იარაღის ინდუსტრია ყოველთვიურად აშენებს რვა თვითმავალ Bohdana-ს საარტილერიო სისტემას და მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური პირები არ აცხადებენ, თუ რამდენი დაამზადეს მათ მთლიანობაში, გაზრდილი გამომუშავება მიანიშნებს ქვეყნის შიდა იარაღის წარმოების პოტენციურ ბუმზე,“ ნათქვამია სტატიაში. მისივე თანახმად, უკრაინის თავდაცვის საწარმოებმა ჯავშანტექნიკის წარმოება სამჯერ, ტანკსაწინააღმდეგო რაკეტების წარმოება კი, ოთხჯერ გაზარდეს. Bohdana არის უკრაინული წარმოების ბორბლებიანი 155 მმ თვითმავალი საარტილერიო სისტემა. მისი განვითარება სულ მცირე 2018 წელს დაიწყო. Bohdana გახდა პირველი უკრაინული SPH, რომელიც NATO-ს სტანდარტით შეიქმნა. 2022 წელს ჰაუბიცა პირველად გამოიყენეს რუსეთის მიერ იმჟამად ოკუპირებულ კუნძულ ზმეინისთვის ბრძოლაში. წელს ის ოფიციალურად უკრაინის შეიარაღებულ ძალებშია.
სტამბოლის ღამის კლუბში ხანძრის შედეგად, ათობით ადამიანი დაიღუპა
თურქეთში ღამის კლუბში, ხანძრის შედეგად სულ მცირე 29 ადამიანი დაიღუპა. სტამბოლის მერის ექრემ იმამოღლუს განცხადებით, ქალაქის ცენტრში მდებარე ღამის კლუბში ხანძარი სარემონტო სამუშაოების დროს გაჩნდა. სტამბოლის გუბერნატორმა დავუთ გიულმა მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. უცნობია, დაღუპულები კონტრაქტორები იყვნენ თუ ღამის კლუბის თანამშრომლები. იმამოღლუმ ასევე აღნიშნა, რომ ხანძრის შედეგად, რვა ადამიანი დაშავდა, რომელთაგან შვიდის მდგომარეობა მძიმეა. ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია და მომხდარზე გამოძიება დაიწყო.
ბლინკენი საფრანგეთში: უკრაინა რუსეთთან ომის "კრიტიკულ მომენტში" იმყოფება, კიევს მეტი მხარდაჭერა სასწრაფოდ სჭირდება
უკრაინა რუსეთთან ომის "კრიტიკულ მომენტში" იმყოფება და სასწრაფოდ სჭირდება მეტი დასავლური მხარდაჭერა, განაცხადა 2 აპრილს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა, რომელიც კიევისთვის მრავალმილიარდ დოლარიანი სამხედრო პაკეტის ირგვლივ არსებული ჩიხის გამო წუხს. ”აბსოლუტურად მნიშვნელოვანია, რომ უკრაინელებმა მიიღონ ის, რაც მათ სჭირდებათ საკუთარი თავის დასაცავად, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება საბრძოლო მასალას და საჰაერო თავდაცვას,” - განუცხადა ბლინკენმა ჟურნალისტებს საფრანგეთში ვიზიტის დროს. „ეს არის კიდევ ერთი მიზეზი იმისა, რომ დამატებითი დახმარების მოთხოვნა, რომელიც პრეზიდენტმა (ჯო) ბაიდენმა მიმართა (აშშ) კონგრესს, უნდა შესრულდეს რაც შეიძლება სწრაფად,” განმარტა ამერიკელმა დიპლომატმა. საფრანგეთში ვიზიტის დროს ბლინკენი საფრანგეთის თავდაცვის მინისტრს, სებასტიან ლეკორნუს შეხვდა, რომელთან ერთადაც კომპანია Nexter-ის ქარხანა მოინახულა, სადაც Caesar ჰაუბიცების წარმოება მიმდინარეობს. მოგვიანებით სახელმწიფო მდივანი ფრანგ კოლეგა სტეფან სეჟურნესა და საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონსაც შეხვდება. შეგახსენებთ, კანონპროექტი, რომელიც უკრაინას 60 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარებას უწევს, სენატმა თებერვლის შუა რიცხვებში დაამტკიცა. თუმცა წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, რესპუბლიკელი მაიკ ჯონსონი უარს ამბობს, კანონპროექტს სვლა მისცეს. კანონპროექტის მომხრეები იმედოვნებენ, რომ საპარლამენტო პროცედურებით შეძლებენ სპიკერის წინააღმდეგობის დაძლევას. აშშ-ის სადაზვერვო უწყების ხელმძღვანელობამ 11 მარტს გააფრთხილა ამერიკელი კანონმდებლები, რომ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდების შეფერხება რუსეთს შესაძლებლობას მისცემს, უკრაინის მეტი ტერიტორია დაიკავოს. რუსეთი ვერ გაიმარჯვებს მაშინაც კი, თუ მისმა სამხედროებმა უკრაინა დაიკავეს“: ორი წელი ომიდან
სამტრედიაში, ქმრის მკვლელობის ბრალდებით 29 წლის ქალი დააკავეს
სამართალდამცავებმა სამტრედიაში, მეუღლის მკვლელობის ბრალდებით 29 წლის ქალი დააკავეს. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, დაკავებულმა ქალმა ქმარი ყოფით ნიადაგზე არსებული კონფლიქტის შედეგად, ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა. დაჭრილი მამაკაცი მიყენებული დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის და სამტრედიის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1995 წელს დაბადებული ნ.ხ., ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 2 აპრილს, სამტრედიის მუნიციპალიტეტში, ყოფით ნიადაგზე არსებული კონფლიქტის შედეგად, მეუღლე - 1987 წელს დაბადებულ მ.გ. ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა. დაჭრილი მამაკაცი მიყენებული დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა. საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებისა და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, პოლიციამ ნ.ხ. ცხელ კვალზე დააკავა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის "კ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს,“ - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ტრამპმა თაღლითობის საქმეზე $175 მილიონიანი გირაო გადაიხადა
აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თაღლითობის საქმეზე გირაოს სახით დაკისრებული 175 მილიონი დოლარი გადაიხადა, რითაც თავიდან აიცილა აქტივების, მათ შორის, ნიუ-იორკში მდებარე ცათამბჯენ "ტრამპ-ტაუერისა" და ფლორიდის "მარ-ა-ლაგოს" რეზიდენციის ჩამორთმევა. მიმდინარე წლის თებერვალში ტრამპი დამნაშავედ ცნეს განზრახ ფინანსურ თაღლითობაში. სასამართლოს გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ ექსპრეზიდენტი ათი წლის განმავლობაში განზრახ ბერავდა საკუთარი ქონების ღირებულებას, რათა შეცდომაში შეეყვანა ბანკები და მიეღო უკეთესი სასესხო პირობები. თავდაპირველად ნიუ-იორკის სასამართლომ ტრამპს გირაოდ 464 მილიონი დოლარი დაუწესა, მაგრამ ტრამპმა ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრა, რის შედეგადაც, გირაოს ოდენობა შემცირდა. თუ ტრამპი აპელაციას წააგებს, მას 464 მილიონის გადახდა მაინც მოუწევს. მანამდე ადვოკატებმა განაცხადეს, რომ ტრამპი ვერ შეძლებდა 464 მილიონი დოლარის ოდენობის ჯარიმის დაფარვას, მიუხედავად იმისა, რომ მრავალ ფინანსურ კომპანიას მიმართა დახმარებისთვის.
მძიმე დანაკარგების შემდეგ, პუტინმა შავი ზღვის ფლოტის ახალი მეთაური დანიშნა
რუსეთის თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს განცხადებით, ვლადიმერ პუტინმა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ახალ მეთაურად სერგეი პინჩუკი დანიშნა, რომელმაც ვიქტორ სოკოლოვი შეცვალა. შოიგუმ შეხვედრა გამართა რუსეთის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობასთან და გაახმოვანა პუტინის განკარგულება რუსეთის საზღვაო ძალებში საკადრო ცვლილებების შესახებ. პუტინმა დანიშნა: ადმირალი ალექსანდრე მოისეევი საზღვაო ძალების მთავარსარდლად; ვიცე-ადმირალი კონსტანტინე კაბანცოვი ჩრდილოეთ ფლოტის მეთაურად; ვიცე-ადმირალი სერგეი პინჩუკი შავი ზღვის ფლოტის მეთაურად. რუსეთის მიერ 2022 წლის თებერვლიდან დაწყებული ომის განმავლობაში, უკრაინამ მოახერხა ფლოტის ფლაგმან, კრეისერ „მოსკვის“, უახლესი კლასის კორვეტ „სერგეი კოტოვის“, დიდი სადესანტო გემების „სარატოვის, „ნოვოჩერკასკის“, „ცეზარ კუნიკოვის და ასევე რამდენიმე სადესანტო და საპატრულო კატარღის ჩაძირვა. უკრაინამ რამდენჯერმე წარმატებით შეუტია შავი ფლოტის სახმელეთო ობიექტებს, მათ შორის, საშტაბო და მართვის შენობებს. უკრაინა ძირითადად საზღვაო დრონებითა და ფრთოსანი რაკეტებით აწარმოებს იერიშებს. მოსალოდნელი იერიშების შიშით რუსეთმა გემების უმეტესობა სევასტოპოლის ბაზიდან ნოვოროსიისკში გადაიყვანა. ზელენსკი: რუსი ტერორისტებისთვის შავ ზღვაში უსაფრთხო ნავსადგური აღარ არის და არც არასდროს იქნება
საქართველო NATO-ს ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორია, სომხეთი და აზერბაიჯანი ასევე ეძებენ გზებს NATO-სთან ურთიერთობის გასაღრმავებლად - NATO-ში აშშ-ის ელჩი
NATO-ში აშშ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა ჯულიან სმიტმა ცოტა ხნის წინ ჟურნალისტებისთვის ონლაინ ბრიფინგი გამართა. მან სხვა საკითხებთან ერთად შეაჯამა ალიანსის გენმდივნის ვიზიტი სამხრეთ კავკასიაში. სმიტმა ხაზი გაუსვა, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის თანამშრომლობა სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთან ძალიან ღირებულია. მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველო ალიანსის ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორია. აზერბაიჯანი და სომხეთი ასევე ამყარებენ ურთიერთობებს NATO-სთან, თუმცა სმიტმა აქვე აღნიშნა, რომ ყველა პარტნიორი არ ცდილობს ალიანსში გაწევრიანებას. NATO-ში აშშ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ NATO მხარს უჭერს საქართველოს სურვილს, გახდეს ალიანსის ნაწილი. „გენერალური მდივანი ცოტა ხნის წინ იმყოფებოდა კავკასიის რეგიონში, რაც მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოგზაურობა იყო. მან შეძლო რამდენიმე სხვადასხვა დედაქალაქის მონახულება. და ეს უფრო ფართოდ მეტყველებს NATO-ს პარტნიორობის ღირებულებაზე. ეს არის ყველა ქვეყანა, რომელსაც აქვს ურთიერთობა NATO-ს ალიანსთან. საქართველო ჩვენი ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორია. რა თქმა უნდა, გახსოვთ, 2008 წელს ჩვენ ვთქვით, რომ უკრაინაც და საქართველოც გახდებიან ალიანსის წევრები და ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას ჩვენს მეგობრებთან ერთად საქართველოში იმ რეფორმებზე, რომლებიც საჭიროა მათი გაწევრიანების მისწრაფებებისთვის. მაგრამ არიან სხვა ქვეყნებიც. სომხეთი და აზერბაიჯანი ასევე ეძებენ გზებს NATO-ს ალიანსთან ურთიერთობის გასაღრმავებლად. ეს მეტყველებს ამ პარტნიორობის ღირებულებაზე, სადაც ყველა პარტნიორი თავისთავად არ ისწრაფვის გაწევრიანებისკენ, მაგრამ მსოფლიოს მრავალი ქვეყნისთვის მოკავშირეებთან შეხვედრა ძალიან სასარგებლოა, რათა განიხილებოდეს უსაფრთხოების ზოგიერთი ჩვენი საერთო გამოწვევა, იქნება ეს დეზინფორმაციის თუ კიბერშეტევების ან საზღვაო უსაფრთხოების საკითხები. არის მთელი რიგი თემები, რომლებსაც ჩვენ განვიხილავთ ჩვენს პარტნიორებთან მთელ მსოფლიოში, და ჩვენი მეგობრებისთვის კავკასიაში ცხადია, რომ ისინი ნამდვილ ღირებულებით პარტნიორობას პოულობენ ალიანსთან და ეჭვგარეშეა, რომ NATO-ს მოკავშირეებისთვისაც ღირებულია ეს პარტნიორობა,“ აღნიშნა ჯულიან სმიტმა. „მზარდ რუსულ საფრთხეზე საპასუხოდ პარტნიორებთან თანამშრომლობა“ - სამხრეთ კავკასია NATO-ს ფოკუსში
გერმანიაში, სანქცირებული ტვირთის გადამზიდავი რუსული გემი დააკავეს - მედია
გერმანიაში დააკავეს რუსული გემი სანქცირებული საქონლით, რომელიც შეერთებულ შტატებში უნდა მიეწოდებინათ. შემოწმების დროს საბაჟო ინსპექტორებმა ბორტზე აღმოაჩინეს საქონელი, რომელიც ევროკავშირის სანქციებს ექვემდებარებოდა. უკრაინული Unian-ის ცნობით, როგორც გაზეთი Ostseezeitung-ი იტყობინება, ხომალდს არყის ხე და გამდიდრებული ურანი გადაჰქონდა ამერიკული ატომური ელექტროსადგურებისთვის და ის სწორედ ხის გამო დააკავეს. ტვირთის საერთო ღირებულება დაახლოებით 40 მილიონი ევროა. დაზიანებული გემი იმყოფება გადამზიდავი კომპანიის ფლოტში, რომელსაც აქვს ფილიალები და ოფისები კანადაში, აშშ-ში, რუსეთში (სანკტ-პეტერბურგი) და უკრაინაში (ოდესა) და სხვა ქვეყნებში. 193 მეტრის სიგრძის გემი მარშალის კუნძულების დროშის ქვეშ მიცურავდა და ტექნიკური პრობლემების გამო, 4 მარტს როსტოკის პორტში იძულებით გაჩერდა. გემ Atlantic Navigator 2-ისა და მის ტვირთის გარშემო გერმანია აწარმოებს გამოძიებას, რომლის დასრულებამდე სატვირთო გემს პორტის დატოვების უფლება არ აქვს. შეგახსენებთ, უკრაინაშინ წარმოებული ომის გამო, რუსეთი დასავლური სანქციების ქვეშაა.
Forbes-მა მსოფლიოს 20 უმდიდრესი ადამიანის ახალი რეიტინგი შეადგინა, მათი მთლიანი ქონება 2,5 ტრილიონ დოლარზე მეტია
ფინანსურმა და ეკონომიკურმა ჟურნალმა Forbes USA-მ 2 აპრილს, განახლებული, მსოფლიოს 20 უმდიდრესი ადამიანის 38-ე რეიტინგი გამოაქვეყნა. მათი მთლიანი ქონება 2,48 ტრილიონ დოლარად არის შეფასებული. რეიტინგში პირველ ადგილს ზედიზედ მეორე წელია, Louis Vuitton Moët Hennessy-ის კომპანიების ჯგუფის პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი ბერნარ არნო 223 მილიარდი დოლარის ქონებით იკავებს. მეორე და მესამე ადგილები ასევე შეინარჩუნეს შემდეგმა მილიარდერებმა: ილონ მასკი ($195 მილიარდი; ძირითადი აქტივები: Tesla და SpaceX) და ჯეფ ბეზოსი ($194 მილიარდი, Amazon). მარკ ცუკერბერგი დაწინაურდა და მან მეოთხე ადგილზე გადაინაცვლა ($177 მილიარდი, Meta*). ლარი ელისონი ($141 მილიარდი), პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებელი Oracle-ის დამფუძნებელი, მეოთხედან მეხუთე ადგილზე გადავიდა. რეიტინგში მეექვსე ადგილს იკავებს უორენ ბაფეტი 133 მილიარდი დოლარის ქონებით, მეშვიდეა Microsoft-ის აღმასრულებელი დირექტორი ბილ გეითსი (128 მილიარდი დოლარი), მერვე - Microsoft-ის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი სტივ ბალმერი (121 მილიარდი დოლარი), მეცხრე - ნავთობგიგანტის Reliance Industries-ის ხელმძღვანელი მუკეშ ამბანი (116 მილიარდი დოლარი) და მეათე ადგილი - Google-ის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი ლარი პეიჯი (114 მილიარდი დოლარი). მე-11 ადგილი - სერგეი ბრინი (Google-ის თანადამფუძნებელი და აქციონერი; $114 მილიარდი); მე-12 ადგილი - მაიკლ ბლუმბერგი (Bloomberg LP, $106 მილიარდი); მე-13 ადგილი - ამანსიო ორტეგა (ზარა, $103 მილიარდი); მე-14 ადგილი - კარლოს სლიმ ჰელუ (ტელეკომუნიკაციები; $102 მილიარდი); მე-15 ადგილი - ფრანსუა ბეტანკურ-მაიერსი (L'Oréal, $99,5 მილიარდი); მე-16 ადგილი - მაიკლ დელი (Dell, $91 მილიარდი); მე-17 ადგილი - გაუტამ ადანი (ინდოეთის უმსხვილესი აეროპორტის ოპერატორ ადანის თავმჯდომარე, $84 მილიარდი); მე-18 ადგილი - ჯიმ უოლტონი (Walmart-ის ქსელი, $78,4 მილიარდი); მე-19 ადგილი - რობ უოლტონი (ჯიმ უოლტონის ვაჟი; $77,4 მილიარდი); მე-20 ადგილი - Jensen Huang (გრაფიკული ჩიპების მწარმოებელ Nvidia-ს თანადამფუძნებელი; $77).
ბლინკენი ჩინეთს ეწვევა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ჩინეთს ეწვევა. როგორც მედია ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს, ვიზიტის თარიღი ჯერ დადგენილი არ არის, თუმცა ის უახლოეს მომავალში გაიმართება. მანამდე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის (PRC) პრეზიდენტ სი ძინპინსა და აშშ-ის პრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ბოლო ვიზიტი ჩინეთში 2023 წლის ივნისში შედგა, როდესაც ბლინკენმა რამდენიმე შეხვედრა გამართა ჩინეთის ხელმძღვანელობის წარმომადგენლებთან. გაზეთი Politico 23 მარტს იტყობინებოდა, რომ აშშ-ის ხაზინის ხელმძღვანელი ჩინეთს მალე ეწვევა. ბოლოს იელენი ჩინეთში გასული წლის ივლისში იმყოფებოდა.
ლუკაშენკომ განაცხადა, რომ ბელორუსს ომისთვის ამზადებს
ბელორუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო აცხადებს, რომ რესპუბლიკა ომისთვის ემზადება. მისი თქმით, ქვეყანაში მიმდინარეობს შესაბამისი ქვედანაყოფების საჭირო მომზადება, ჯარებს სხვადასხვა ტიპის იარაღი და აღჭურვილობა მიეწოდება. „არავის დაუჯეროთ, რომ ომი გვინდა. ჩვენ ვემზადებით ომისთვის, ამაზე გულახდილად ვსაუბრობ. "თუ მშვიდობა გინდა, ემზადე ომისთვის," - ძალიან სწორად არის ნათქვამი, “- ციტირებს მედია ლუკაშენკოს. „თუ ვინმე იქიდან [არამეგობრული ქვეყნებიდან] ყვირის და გვაკრიტიკებს, იცოდეთ: ჩვენ სწორად ვიქცევით. თუ იქ ქებას დაგვიწყებენ, უბედურებაა,“ - აღნიშნა ლუკაშენკომ. ის ამბობს, რომ ბელორუსი არავის ემუქრება. „ჩვენ არ გვინდა სხვისი მიწა. ღმერთმა ქნას, ჩვენი დავამუშაოთ," - განაცხადა ლუკაშენკომ. ცნობისთვის, დასავლეთი ლუკაშენკოს მიიჩნევს რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის თანამონაწილედ.
ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს, რითაც სამხედრო მობილიზაციის ასაკი 27-დან 25 წლამდე მცირდება
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მობილიზაციის შესახებ კანონს მოაწერა ხელი. ინფორმაციას უკრაინის უმაღლესი რადას ვებგვერდი ავრცელებს. კანონის თანახმად, მობილიზაციის ასაკი 27 წლიდან 25 წლამდე მცირდება. შესაბამისი “სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ” კანონპროექტის თანახმად, კანონპროექტი პრეზიდენტის ხელმოწერით უმაღლეს რადაშია დაბრუნებული. ცნობისთვის, უმაღლესმა რადამ აღნიშნულ კანონპროექტს 2023 წლის 30 მაისს დაუჭირა მხარი.
უკრაინამ მსოფლიოში პირველი მიწისქვეშა სკოლა ააშენა
ხარკოვში მსოფლიოში პირველი მიწისქვეშა სკოლის მშენებლობა დასრულდა. ამის შესახებ ხარკოვის მერი იჰორ ტერეხოვი აცხადებს. „პირველი მიწისქვეშა სკოლის მშენებლობა დასრულებულია. ამჟამად ვასრულებთ ბოლო დეტალებს, ვიდრე გაკვეთილებს დავიწყებთ. შენობა აშენდა უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტებით, 20 საკლასო ოთახით და გათვლილია ორ ცვლისთვის - 900 მოსწავლისთვის," წერს ტერეხოვი. მან ასევე აღნიშნა, რომ მომდევნო სასწავლო წელს სტუდენტების ჩარიცხვა თითქმის დასრულებულია. წელს უკვე 600 ბავშვი მიუსხდება მერხს. „მადლობას ვუხდით ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, სამშენებლო კომპანიებსა და პედაგოგებს ხარკოვისთვის ამ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პროექტის უმოკლეს დროში რეალიზებისთვის! ჩვენ ვგეგმავთ, გავაგრძელოთ მსგავსი სკოლების მშენებლობა ქალაქის სხვა რაიონებში, რათა ყველა ჩვენს შვილს ჰქონდეს თანაბარი ხელმისაწვდომობა ხარისხიან და რაც მთავარია, უსაფრთხო განათლებაზე,“ - აღნიშნა ხარკოვის მერმა. ხარკოვის განათლების დეპარტამენტის დირექტორმა ოლჰა დემენკომ განაცხადა, რომ პირველ მიწისქვეშა სკოლას ექნება რესურს ოთახი, საკონფერენციო დარბაზი, კაფეტერია და 20 საკლასო ოთახი. 2023 წელს ხარკოვის რეგიონმა მეორე ადგილი დაიკავა იმ რეგიონების სიაში, სადაც საჰაერო თავდასხმები ყველაზე დიდი ხანგრძლივობით იყო. 2024 წლის განმავლობაში რუსეთი თითქმის ყოველდღიურად ბომბავს ხარკოვს. შესაბამისად, ასეთ პირობებში მოსწავლეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფა რეალურად მხოლოდ მიწისქვეშა სკოლაშია შესაძლებელი.
რუსი ტერორისტები უკრაინაზე დარტყმებისთვის სულ უფრო შორი მანძილის პასუხებს იღებენ - ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ „რუსი ტერორისტები უკრაინაზე დარტყმებისთვის პასუხს იღებენ.“ ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ამ მომენტისთვის ქალაქ დნიპროში სამაშველო სამუშაოები გრძელდება რუსული სარაკეტო დარტყმის შემდეგ, რომლის შედეგადაც 13 ადამიანი დაიჭრა, მათ შორის 5 ბავშვი. „ყველა სამსახური ადგილზეა. და მადლობას ვუხდი ყველას, ვინც რეაგირებას ახდენს, ვინც დარტყმების ადგილზე გადის, რათა რაც შეიძლება სწრაფად გაუწიოს ხალხს დახმარება. ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. არანაკლებ მნიშვნელოვანია ისიც, რომ რუსი ტერორისტები პასუხს იღებენ თავიანთი დარტყმებისთვის. და ყოველ ჯერზე სულ უფრო შორი მანძილის პასუხებს. მადლობა ყველა ჩვენს მეომარს, ყველა უკრაინელ კაცსა და ქალს, ვინც ამას უზრუნველყოფს,” - განაცხადა ზელენსკიმ. მისივე თქმით, ომის რუსულმა სისტემამ და ყველამ, ვინც ამ აგრეასიაშია ჩართული, რეალურად უნდა იგრძნონ, რომ აგრესია ასე მარტივად არ გაუვათ. შეგახსენებთ, 2 აპრილის ღამეს თათრეთის რესპუბლიკაში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა. მოგვიანებით, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა და დაზვერვის მთავარმა სამმართველომ განაცხადეს, რომ ეს მათი ერთობლივი ოპერაცია იყო.
Bloomberg: NATO უკრაინისთვის $100 მილიარდიანი ფონდის შექმნის იდეით გამოდის
NATO უკრაინისთვის 100 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის ფონდის შექმნის იდეით გამოდის. ამის შესახებ გამოცემა Bloomberg საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს. გამოცემის ცნობით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ფონდის შექმნის იდეით გამოვიდა, რომელშიც 5 წლის განმავლობაში წევრი სახელმწიფოები ჯამში 100 მილიარდი დოლარის ოდენობის შენატანებს დაგეგმავენ. გამოცემის წყარო ამბობს, რომ ალიანსის წევრები ჯერ კიდევ განიხილავენ სტოლტენბერგის იდეას და შენატანების გადანაწილების მექანიზმს. წყაროები აღნიშნავენ, რომ წინადადება, დიდი ალბათობით, შეიცვლება იქამდე, სანამ მოკავშირეები შეთანხმებას მიაღწევენ. პაკეტის ნაწილად, NATO-მ ასევე შეიძლება, თავის თავზე აიღოს უკრაინის თავდაცვის საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფის (“რამშტაინის” ფორმატი) ოპერატიული ვალდებულებები, რომელსაც აშშ ხელმძღვანელობს და რომელიც კიევისთვის იარაღის მიწოდებების კოორდინაციას ახდენს. NATO-სა და თეთრ სახლში აღნიშნულ საკითხზე კომენტარები არ გაუკეთებიათ.
CNN: უკრაინა დრონების დასამიზნებლად ხელოვნურ ინტელექტს იყენებს
უკრაინამ დაიწყო ზოგიერთი თავდასხმის დრონების აღჭურვა ხელოვნური ინტელექტის (AI) სამიზნე შესაძლებლობებით. ამის შესახებ CNN წყაროზე დაყრდნობით წერს. AI-ზე მომუშავე დრონები რუსეთის ენერგეტიკული ინდუსტრიის სამიზნეებზე გამოიყენეს. CNN-ს წყარომ განუცხადა, რომ ზოგიერთ თვითმფრინავზე დაიწყო ხელოვნური ინტელექტის მარტივი ვერსიის გამოყენება, რომელიც ეხმარება დრონებს ზუსტ დამიზნებაში და ასევე ხელს უშლის მათ ჩახშობას. უპილოტო თვითმფრინავები სასიცოცხლო მნიშვნელობის იარაღს წარმოადგენდნენ უკრაინის თავდაცვისთვის რუსეთის წინააღმდეგ და როგორც პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ იანვარში განაცხადა, დრონების ოპერაციები 2024 წლის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. წიაღისეული საწვავი არის რუსეთის ეკონომიკის ძირითადი მამოძრავებელი ძალა და კრემლის ომის მანქანის შემოსავლის მთავარი წყაროა. როგორც Bloomberg-ი წერს, დასავლეთის სანქციების მიუხედავად, რუსეთი კვლავ აწვდის ნავთობს და გაზს მსოფლიოს სხვა ქვეყნებს, პირველ რიგში, ინდოეთსა და ჩინეთს. ბოლო თვეების განმავლობაში უკრაინა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმებს აწყობდა. Bloomberg-ის ცნობით, 17 მარტის თავდასხმის სამიზნე იყო ათეულობით რუსული ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, რაც რუსეთის ნავთობის გადამამუშავებელი სიმძლავრის დაახლოებით 12%-ს შეადგენს. დიდი ბრიტანეთი და მოკავშირეები უკრაინისთვის ხელოვნური ინტელექტის მხარდაჭერის მქონე დრონების მიწოდებას გეგმავენ - Bloomberg 29 მარტს „ვაშინგტონ პოსტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსული ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის სამიზნედ ქცევა ლეგიტიმური სამხედრო სტრატეგიაა. „დარტყმები შეესაბამება უკრაინის სამხედრო მიზნებს,“ აღნიშნა ზელენსკიმ. ეს ინტერვიუ მოჰყვა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ შეერთებულმა შტატებმა უკრაინას სთხოვა ,შეწყვიტოს შეტევა რუსეთის ნავთობის ინდუსტრიაზე. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა უარყო ეს ინფორმაცია და აღნიშნა, რომ კიევს მსგავსი მოწოდებები ვაშინგტონიდან არ მიუღია. ხელოვნური ინტელექტის მხარდაჭერის მქონე დრონის პროტოტიპები შესაძლოა, ბრძოლის ველზე წლის ბოლომდე გამოჩნდეს - უკრაინა
NATO-ს სურს, უკრაინა ნახოს გამარჯვებული - ჯულიან სმიტი
NATO-ში აშშ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ უკრაინას აქვს სრული უფლება, დაიცვას თავისი ტერიტორია რუსეთის არაპროვოცირებული აგრესიისგან. ჯულიან სმიტმა აღნიშნა, რომ NATO-ს მოკავშირეები აგრძელებენ უკრაინის გვერდით დგომას, იქნება ეს მათი უსაფრთხოების ორმხრივი დახმარების საშუალებით, თუ ყოვლისმომცველი დახმარების პაკეტით. „ჩვენ გვჯერა, რომ უკრაინას აქვს სრული უფლება, დაიცვას თავისი ტერიტორია რუსეთის არაპროვოცირებული აგრესიისგან. ჩვენ, შეერთებულმა შტატებმა,უკვე გადავეცით უკრაინას 44 მილიარდ აშშ დოლარზე მეტის დახმარება უსაფრთხოების მიზნით, რათა მათ ამის ეფექტიანად გაკეთება შეეძლოთ. და როგორც აღვნიშნე, ჩვენ ვაგრძელებთ კონგრესში ჩვენი მეგობრების წახალისებას, რომ დამატებითი დახმარება უზრუნველყონ, რათა მეტი მხარდაჭერა იგრძნონ უკრაინელმა სამხედრო მეთაურებმა. ჩვენ ორიენტირებულები ვართ უკრაინელების უფლებაზე, დაიცვან თავიანთი ტერიტორია და განდევნონ რუსები მისი ტერიტორიიდან, სადაც უკრაინელებმა მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს. და კიდევ, ჩვენი მიზანია, დავეხმაროთ მათ გააგრძელონ ამ გამარჯვებების უზრუნველყოფა ბრძოლის ველზე. NATO-ს მოკავშირეები აგრძელებენ უკრაინის გვერდით დგომას, იქნება ეს მათი უსაფრთხოების ორმხრივი დახმარების საშუალებით, თუ ყოვლისმომცველი დახმარების პაკეტით. ალიანსი მოწოდებულია, ნახოს უკრაინა გამარჯვებული და ჩვენ ვდგავართ უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის წევრებთან ერთად, მუდმივად ვეძებთ გზებს, მივაწოდოთ ჩვენს მეგობრებს უკრაინაში ის, რაც მათ სჭირდებათ ბრძოლის ველზე,“ აღნიშნა სმიტმა. შეგახსენებთ, კანონპროექტი, რომელიც უკრაინას 60 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარებას უწევს, სენატმა თებერვლის შუა რიცხვებში დაამტკიცა. თუმცა წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, რესპუბლიკელი მაიკ ჯონსონი უარს ამბობს, კანონპროექტს სვლა მისცეს. კანონპროექტის მომხრეები იმედოვნებენ, რომ საპარლამენტო პროცედურებით შეძლებენ სპიკერის წინააღმდეგობის დაძლევას. აშშ-ის სადაზვერვო უწყების ხელმძღვანელობამ 11 მარტს გააფრთხილა ამერიკელი კანონმდებლები, რომ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდების შეფერხება რუსეთს შესაძლებლობას მისცემს, უკრაინის მეტი ტერიტორია დაიკავოს. რუსეთი ვერ გაიმარჯვებს მაშინაც კი, თუ მისმა სამხედროებმა უკრაინა დაიკავეს“: ორი წელი ომიდან
„კონკურენცია მოითხოვს ინტენსიურ დიპლომატიას გაუთვალისწინებელი კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად“ - ბაიდენი სი ძინპინს ესაუბრა
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და მისმა ჩინელმა კოლეგამ სი ძინპინმა სატელეფონო საუბარი გამართეს. როგორც ბაიდენის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა ჟურნალისტებს ბრიფინგზე განუცხადა, ბაიდენმა გაიმეორა „რომ ჩინეთმა უნდა გამოიყენოს თავისი ბერკეტები რუსეთთან და ირანთან, როგორც უკრაინის ომის გარშემო, ასევე, ახლო აღმოსავლეთში არეულობის ფონზე.“ „ინტენსიური კონკურენცია მოითხოვს ინტენსიურ დიპლომატიას დაძაბულობის სამართავად, არასწორი აღქმისა და გაუთვალისწინებელი კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად. ეს ზარიც ამის მიღწევის ერთ-ერთი გზაა," - აღნიშნა ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა ჟურნალისტებთან საუბრისას. მისივე თქმით, გასული წლის ნოემბერში პრეზიდენტი ბაიდენი და პრეზიდენტი სი ძინპინი შეთანხმდნენ, რომ შეეცდებოდნენ კომუნიკაციის ხაზის შენარჩუნებას და რომ ორივე მხარე აცნობიერებს, რომ მნიშვნელოვანია ამის გაკეთება, რათა რეალურად, ურთიერთობები უფრო მეტი პასუხისმგებლობით მართონ.” ბაიდენი და სი ძინპინი ბოლოს, კალიფორნიაში 2023 წლის ნოემბერში შეხვდნენ. პეკინი ინარჩუნებს მჭიდრო კავშირებს მოსკოვთან, ზრდის ეკონომიკურ თანამშრომლობას და აფერხებს დასავლეთის მცდელობებს, მოახდინოს რუსეთის იზოლაცია. უკრაინა პეკინთან ღია დიპლომატიურ არხებს ინარჩუნებს, ხოლო დასავლელი ოფიციალური პირები პეკინს მოუწოდებენ, გამოიყენოს თავისი გავლენა მოსკოვზე, რათა კრემლმა უკრაინაში ომი დაასრულოს. ბაიდენის მთავარი ეკონომიკური წარმომადგენელი, ფინანსთა მინისტრი ჯანეტ იელენი ჩინეთში ოთხშაბათს გაემგზავრება, რათა გამართოს პირისპირ შეხვედრები თავის კოლეგებთან ხუთი დღის განმავლობაში/ სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ასევე გეგმავს ჩინეთში ჩასვლას ამ წლის ბოლოს. „უდავოდ, აშშ-ჩინეთის ეკონომიკური ურთიერთობები ახლა უფრო მყარ საფუძველზე დგას, ვიდრე ეს ორი წლის წინ იყო,“ - განაცხადა სახაზინო სამსახურის მაღალჩინოსანმა პრესასთან საუბრისას. „ჩვენ ვიცით, რომ ამ ურთიერთობაში არის ღრმა გამოწვევები და უთანხმოება,“ აღნიშნა მაღალჩინოსანმა. სი ძინპინმა არ დაგმო რუსეთის ქმედებები უკრაინაში და არაერთხელ შეიკავა თავი ომის შესახებ გაეროს რეზოლუციების კენჭისყრისგან. ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვან იმ მარტში განაცხადა, რომ ჩინეთი არის "ძალა მშვიდობისთვის." საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სტეფან სეჟურნმა პირველ აპრილს პეკინში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საფრანგეთს სურს, „ჩინეთმა გაუგზავნოს ძალიან მკაფიო გზავნილები რუსეთს“ უკრაინაში მის ,მიერ წარმოებული სრულმასშტაბიანი ომის გამო. ჩინეთის ელჩმა შვეიცარიაში ვან შიჰტინმა 2024 წლის მარტში განაცხადა, რომ პეკინი განიხილავს მონაწილეობას შვეიცარიაში დაგეგმილ მომავალ მოლაპარაკებებში, რომლებიც უკრაინის სამშვიდობო ფორმულას ეხება.
ქართველი ბიზნესმენი მიხეილ ლომთაძე Forbes-ის მილიარდერთა რეიტინგში 581-ე ადგილზეა
Forbes-ის 2024 წლის მილიარდერების სიაში 48 წლის ქართველი ბიზნესმენი მიხეილ ლომთაძე 581-ე ადგილს იკავებს. მისი ქონების ღირებულება 2023 წლის შემდეგ $3.7 მილიარდიდან $5.2 მილიარდამდე გაიზარდა. რაც შეეხება „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილი 624-ე ადგილზეა და მისი ქონების ღირებულება $4.9 მილიარდს შეადგენს. ცნობისთვის, მიხეილ ლომთაძე ყაზახური საფინანსო ტექნოლოგიური [ფინტექ] კომპანიის, Kaspi-ს მმართველი საბჭოს ხელმძღვანელი და კომპანია Kaspi Bank-ის ერთ-ერთი მფლობელია. საქართველოს უმდიდრესი მოქალაქე მიხეილ ლომთაძე ყაზახეთში საუკეთესო ხელმძღვანელად დასახელდა Forbes-მა მსოფლიოს 20 უმდიდრესი ადამიანის ახალი რეიტინგი შეადგინა, მათი მთლიანი ქონება 2,5 ტრილიონ დოლარზე მეტია