ძებნის რეზულტატი:
„ქართული ოცნება“: 29 აპრილს, პარლამენტის წინ ვატარებთ საყოველთაო-სახალხო შეკრებას
„ქართული ოცნების“ ორგანიზებით, 29 აპრილს, საქართველოს პარლამენტის სასახლის წინ საყოველთაო-სახალხო შეკრება ჩატარდება. შესაბამის განცხადებას მმართველი პარტია ავრცელებს. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი ჯერ კიდევ განხილვის პროცესშია. თუმცა, უკვე ცხადია, რომ შარშანდლისგან განსხვავებით, წელს რადიკალურმა ოპოზიციამ შეცდომაში ჩვენი თანამოქალაქეების მხოლოდ მცირე ნაწილის შეყვანა შეძლო. პოლიტიკური ოპოზიციის მიერ ორგანიზებული აქციების მონაწილეთა რაოდენობამ პიკზე 9,500 შეადგინა. აშკარაა, რომ კეზერაშვილის, ხაზარაძის და მდიდარი „ენჯეოების“ არაკეთილსინდისიერი დონორების მიერ რადიკალური ოპოზიციის გაძლიერებაში ჩადებულმა მრავალმილიონიანმა ინვესტიციამ არ გაამართლა. ქართული საზოგადოება უკვე იმდენად არის პოლიტიკურად მომწიფებული, რომ ვერავითარი ფულით მას შეცდომაში ვერ შეიყვან. სოციოლოგიური კვლევების თანახმად, დღეს „ქართული ოცნების“ რეიტინგი 60 პროცენტს აჭარბებს, ხოლო ერთადერთ ოპოზიციურ პარტიას, რომელიც ბარიერის გადალახვას ახერხებს, მხოლოდ 12-პროცენტიანი რეიტინგი აქვს. ამ ფონზე, პოლიტიკურად გაკოტრებული რადიკალური ოპოზიცია, მდიდარი „ენჯეოები“ და ე.წ. პრეზიდენტი ხალხის სახელით გვესაუბრებიან, რაც ჩვენი მხარდამჭერების, საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის სამართლიან გაღიზიანებას იწვევს. ვითვალისწინებთ ჩვენი მხარდამჭერების თხოვნას და მომავალ ორშაბათს, 29 აპრილს, საქართველოს პარლამენტის სასახლის წინ ვატარებთ საყოველთაო-სახალხო შეკრებას. მოგიწოდებთ, ჩვენი ქვეყნის პატრიოტმა თანამოქალაქეებმა მთელი ქვეყნიდან ერთად ვუთხრათ უარი შავი ფულით საქართველოში რევოლუციის, მართლმადიდებელ ეკლესიაზე თავდასხმის, რელიგიური სარჩულით პოლიტიკური ინტერვენციის, ლგბტ-პროპაგანდის, ნარკოტიკების პროპაგანდის, სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციის, რადიკალიზმისა და ე.წ. პოლარიზაციის დაფინანსებას. პოლიტიკურად და მორალურად გაკოტრებულ პოლიტიკურ უმცირესობას ვერ მივცემთ სპეკულირებისა და ხალხის სახელით საუბრის უფლებას. ყველას დავანახებთ, სად დგას ქართველი ხალხის უდიდესი უმრავლესობა, რომლისთვისაც ძვირფასია სიმართლე და ჭეშმარიტი ევროპული ფასეულობები, რომლისთვისაც ძვირფასია ჩვენი ტრადიციული ეროვნული ღირებულებები - მამული, ენა და სარწმუნოება. ერთად ვუთხრათ არა - შავ ფულს და ერთად ვუთხრათ კი - გამჭვირვალობას, ჭეშმარიტ ევროპულ გზას, დამოუკიდებელ და სუვერენულ საქართველოს!“ ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის ხელახალ შემობრუნებას ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეები, მათ შორის, ახალგაზრდები, რომლებიც პარლამენტთან ყოველდღე იკრიბებიან, ხელისუფლებას კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ. ახალგაზრდები პარლამენტთან ყოველდღე იკრიბებიან და შემდეგ მსვლელობებს აწყობენ. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი მიღების შემთხვევაში საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს. ცნობისთვის, პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ სადავო კანონპროექტი, პირველი მოსმენით, პროტესტის ფონზე მიიღო. კანონის საბოლოოდ მისაღებად საჭიროა მეორე და მესამე მოსმენა, რომელიც მაისისთვის იგეგმება. ვინ დაუჭირა მხარი ე.წ. „უცხოური აგენტების კანონპროექტს“ პირველი მოსმენით
შოლცი ამბობს, რომ წიაღისეული საწვავის ეპოქა მალე დასრულდება
გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ჰანოვერში სავაჭრო ბაზრობის გახსნაზე განაცხადა, რომ წიაღისეული საწვავის ეპოქა დასასრულს უახლოვდება. კანცლერის თქმით, გერმანია ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ 2030 წლისთვის ენერგიის 80% განახლებადი წყაროებიდან გამოიმუშაოს. შოლცმა ნორვეგიის პრემიერ-მინისტრს, რომელიც ასევე დაესწრო გამოფენას, მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მანვე დასძინა, რომ ენერგეტიკული ბაზრის ამჟამინდელ პირობებში, ნორვეგია შეიძლება, ეკოლოგიურად სუფთა რესურსების - ქარისა და ჰიდროენერგეტიკის მთავარი მიმწოდებელი გახდეს. „რა თქმა უნდა, ჩვენ ყველანი მკაფიონი ვართ: წიაღისეული საწვავის ეპოქა დასასრულს უახლოვდება. ყველა ჩვენგანისთვის ეს ნიშნავს სამრეწველო პროცესების შეცვლას,“ - განმარტა შოლცმა.
SIPRI: მსოფლიოში სამხედრო ხარჯებმა რეკორდულ ნიშნულს, თითქმის 2,5 ტრილიონ დოლარს მიაღწია
გლობალურმა სამხედრო ხარჯებმა 2023 წელს 2,443 ტრილიონ აშშ დოლარს მიაღწია, რაც 6,8%-ით მეტია წინა წელთან შედარებით და 2009 წლის შემდეგ ყველაზე სწრაფი ზრდის ტემპია. ამის შესახებ სტოკჰოლმის მშვიდობის კვლევის ინსტიტუტის (SIPRI) კვლევაშია ნათქვამი. მსოფლიოში სამხედრო ხარჯები უკვე მეცხრე წელია, იზრდება. პირველად 2009 წლის შემდეგ, სამხედრო ხარჯები SIPRI-ის მიერ განსაზღვრულ ხუთივე გეოგრაფიულ რეგიონში გაიზარდა, განსაკუთრებით, ძლიერი ზრდა დაფიქსირდა ევროპაში, აზიასა და ოკეანიასა და ახლო აღმოსავლეთში. „სამხედრო ხარჯების უპრეცედენტო ზრდა პირდაპირი პასუხია მშვიდობისა და უსაფრთხოების გლობალურ გაუარესებაზე,” - აღნიშნა ნან ტიანმა, SIPRI-ის სამხედრო ხარჯებისა და იარაღის წარმოების პროგრამის უფროსმა თანამშრომელმა. 2023 წლის 10 უმსხვილესმა მოთამაშემ – შეერთებული შტატების, ჩინეთისა და რუსეთის ხელმძღვანელობით – სამხედრო ხარჯები გაზარდა. რუსეთის სამხედრო ხარჯები 2023 წელს 24%-ით გაიზარდა და მან 109 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც 57%-ით მეტია 2014 წლის შემდეგ, როდესაც რუსეთმა ყირიმის ანექსია მოახდინა. 2023 წელს რუსეთის სამხედრო ხარჯები მთლიანი სახელმწიფო ხარჯების 16%-ს შეადგენდა, ხოლო სამხედრო ტვირთი (სამხედრო დანახარჯები მთლიან შიდა პროდუქტში, მშპ) 5,9%-ს შეადგენდა. 2023 წელს უკრაინამ მერვე ადგილი დაიკავა, ხარჯების მკვეთრი ზრდის შემდეგ 51%-ით 64,8 მილიარდ დოლარამდე. ეს მთლიანი სახელმწიფო ხარჯების 58%-ს შეადგენს. აშშ-ის სამხედრო ხარჯები 2023 წელს 2,3%-ით გაიზარდა და მან 916 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც NATO-ს მთლიანი სამხედრო ხარჯების 68%-ს წარმოადგენს. 2 2023 წელს NATO-ს ევროპელმა წევრებმა სამხედრო ხარჯები გაზარდეს. მათი ერთობლივი წილი NATO-ში 28% იყო, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ბოლო ათწლეულების განმავლობაში.
ირაკლი კობახიძე უნგრეთში გამგზავრებას გეგმავს
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გამოსცა ბრძანება, რომლითაც ცნობილი გახდა, რომ ის სამთავრობო დელეგაციასთან ერთად უნგრეთში მიემგზავრება. რადიო თავისუფლება მთავრობის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით წერს, რომ ეს არ არის ოფიციალური ვიზიტი და პრემიერ-მინისტრი უნგრეთში კონფერენციაზე დასასწრებად (24-25 აპრილს) ჩავა. ჯერჯერობით მთავრობის ადმინისტრაცია არ ასახელებს ღონისძიებას, რომელშიც ირაკლი კობახიძე მიიღებს მონაწილეობას. კობახიძესთან ერთად დელეგაციაშია საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი. ირაკლი კობახიძე უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში ვიზიტით ბოლოს 2023 წლის დეკემბერში იმყოფებოდა, ჯერ კიდევ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის რანგში. 2023 წლის მაისში, იმდროინდელმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მონაწილეობა მიიღო უნგრეთში გამართულ ულტრაკონსერვატორების კონფერენციაში (CPAC-ში) დევიზით: „ლიბერალების კოშმარი: ეროვნული ძალების საერთაშორისო შერწყმა.“ კონფერენციის ბევრი მონაწილე ცნობილია რუსეთ-უკრაინის ომში ღიად პრორუსული, იზოლაციონისტური პოზიციით და თანაც ქსენოფობიური და ჰომოფობიური გზავნილებით. ღარიბაშვილის ეს ნაბიჯი დაგმო „ევროპელი სოციალისტების პარტიამ“ (PES-მა), რომლის დამკვირვებელი წევრიც იყო „ქართული ოცნება“. PES-მა განაცხადა, რომ „ოცნებასთან“ თანამშრომლობას გადახედავდა, თუმცა „ოცნებამ“ უფრო ადრე განაცხადა, რომ PES-ს ტოვებდა. უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი საქართველოში გასული წლის ოქტომბერში ვიზიტით იმყოფებოდა. საქართველომ და უნგრეთმა 2022 წლის 27 ოქტომბერს, პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის უნგრეთში ვიზიტისას მოაწერეს ხელი სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ დეკლარაციას.
შალვა პაპუაშვილი: ქორწინებისთვის დასაშვები ასაკი - 18 წელი, კონსტიტუციაში ჩაიწერება
პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ქორწინებისთვის დასაშვები ასაკი, 18 წელი, კონსტიტუციაში ჩაიწერება. ამის შესახებ მან ქუთაისში, ე.წ. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო სახალხო განხილვის მიმდინარეობისას განაცხადა. „2017 წელს უკვე გამყარდა, რომ ქორწინება არის მხოლოდ ქალის და მამაკაცის კავშირი. რაც ახლა, ამ ცვლილებით ხდება, არის ერთი - სხვა ქვეყნებშიც იყო ეს ჩანაწერები კონსტიტუციებში, თუმცა ალტერნატივად სხვადასხვა ქვეყანაში ჩამოყალიბდა ე.წ. სამოქალაქო პარტნიორობის ხელშეკრულება, სამართლებრივი ფორმა, რომელიც, ფაქტობრივად, იმავე სამართლებრივ განზომილებაში აყენებდა ამ კავშირს. ამ ჩანაწერის მიზანი ესაა, რომ ქორწინება და ოჯახი იყოს ის, რაც არის განსაზღვრული კონსტიტუციით და არანაირი სამართლებრივი ალტერნატივები არ იყოს დაშვებული. ამავე დროს, მყარდება კონსტიტუციურად საქორწინო ასაკიც, 18 წელი. სხვადასხვა დროს, ეს ასაკიც იცვლებოდა ხოლმე და ესეც კონსტიტუციურად გამყარებული ასაკი იქნება," - განაცხადა პაპუაშვილმა „ინტერპრესნიუსის“ ცნობით.
დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა +36, +38 გრადუსამდე მოიმატებს - ამინდის პროგნოზი
23-24 აპრილს აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში სითბოს ფონზე შესაძლოა, ხანმოკლე წვიმა ელჭექით და სეტყვა აღინიშნოს, 25 აპრილს კი, უნალექო ამინდია მოსალოდნელი. თბილისში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +28, +30 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): მოსალოდნელია უნალექო ამინდი. 25 აპრილს ჰაერის ტემპერატურა დღისით +34, +36 გრადუსამდე მოიმატებს, ზოგან იქროლებს სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): მოსალოდნელია უნალექო ამინდი. 25 აპრილს ჰაერის ტემპერატურა დღისით +36, +38 გრადუსამდე მოიმატებს, ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): მოსალოდნელია უნალექო ამინდი. 25 აპრილს ჰაერის ტემპერატურა დღისით +34, +36 გრადუსამდე მოიმატებს, ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +23, +28 გრადუსი იქნება. ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): 23-24 აპრილს ზოგან შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით და სეტყვა აღინიშნოს, 25 აპრილს კი უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +29, +31 გრადუსი დაფიქსირდება. კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 23-24 აპრილს ზოგან შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით და სეტყვა აღინიშნოს, 25 აპრილს კი, უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +30, +32 გრადუსი დაფიქსირდება. აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური, დედოფლისწყარო): 23-24 აპრილს ზოგან შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით და სეტყვა აღინიშნოს, 25 აპრილს კი უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +28, +30 გრადუსი დაფიქსირდება. აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო, დედოფლისწყარო): 23-24 აპრილს ზოგან შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით და სეტყვა აღინიშნოს, 25 აპრილს კი, უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +21, +23 გრადუსი დაფიქსირდება.
ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე ოთხი პირი დააკავეს
საქართველოს პროკურატურამ ტრანსნაციონალური თაღლითური ქოლცენტრების წინააღმდეგ ევროპელ კოლეგებთან ერთად მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, 18 აპრილს, თაღლითური ქოლცენტრების მოწყობისა და ორგანიზების ბრალდებით, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის კიდევ 4 წევრი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. „საქართველოს პროკურატურა აგრძელებს აქტიურ თანამშრომლობას ევროჯასტთან და პარტნიორი ქვეყნების კომპეტენტურ უწყებებთან საერთაშორისო მასშტაბით მოქმედი თაღლითური ქოლ-ცენტრების გამოვლენის მიზნით. ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ ორგანიზებული ჯგუფის წევრების საქმიანობა მოიცავდა საქართველოში კომპანიების დაფუძნებას და მათ ბაზაზე, სხვადასხვა ლოკაციაზე ე.წ. თაღლითური ქოლ-ცენტრების მოწყობასა და ორგანიზებას. ქოლ-ცენტრების გამართულად ფუნქციონირებისთვის, ჯგუფის წევრები ქმნიდნენ სხვადასხვა საფირმო სახელწოდების ელექტრონულ სავაჭრო პლატფორმებს, ვებგვერდების გამოყენებით ტოვებდნენ სანდო საინვესტიციო კომპანიების შთაბეჭდილებას და დაზარალებულებს სხვადასხვა სახის სარფიან, ფინანსურ გარიგებებს სთავაზობდნენ. შემდგომში კი, დაზარალებულების კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლებას და გათეთრებას ახდენდნენ. აღნიშნული გზით, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები თაღლითურად დაეუფლნენ შვეიცარიის კონფედერაციის მოქალაქეების კუთვნილ დაახლოებით 3 მილიონ შვეიცარიულ ფრანკს. ხოლო შემდგომში, თაღლითურად დაუფლებული თანხებისთვის კანონიერი სახის მისაცემად, მოახდინეს ხსენებული თანხების მათივე კონტროლის ქვეშ არსებულ საბანკო ანგარიშებზე განთავსება და ჩართვა ეკონომიკურ ბრუნვაში, მათ შორის უძრავი ქონებების შეძენის გზით. გამოძიების მიერ ყადაღა დაედო ბრალდებულების საკუთრებაში არსებულ 6 მილიონ ლარამდე ღირებულების უძრავ და მოძრავ ქონებას, რითაც არ მიეცათ მათი შემდგომი განკარგვისა და გადამალვის შესაძლებლობა. დანაშაულებრივი წარმომავლობის ქონებების სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამორთმევის უზრუნველსაყოფად, პროკურატურა შესაბამის სამართლებრივ პროცედურებს გაატარებს. დაკავებულებს ბრალდება ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილ თაღლითობისა და ფულის გათეთრების ფაქტებზე წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლომ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ევროპელ კოლეგებთან თანამშრომლობის შედეგად, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე, 2024 წლის 3 თებერვალს საქართველოს პროკურატურამ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 7 ორგანიზატორის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა უკვე დაიწყო. საქართველოს პროკურატურა, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, ევროჯასტის კოორდინაციით ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებს გამოძიებას სხვადასხვა ქვეყნებში ე.წ. თაღლითური ქოლცენტრების საქმიანობით დაკავებული სხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირების, მათ შორის ტრანსნაციონალური დანაშაულების სხვა ორგანიზატორების გამოვლენისა და მხილების მიზნით,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.
როინ შავაძის მკვლელობის საქმეზე, სასამართლომ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსი და ოთხი სპეცრაზმელი დამნაშავედ ცნო
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილის როინ შავაძის განზრახ უკანონო დაკავებისა და უმწეო მდგომარეობაში მყოფის ჯგუფური მკვლელობის, ასევე, სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსი და ოთხი სპეცრაზმელი დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. „საქართველოს პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 2008 წლის 16 აგვისტოს, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს თანამშრომლები, ამავე სამმართველოს უფროსისა და მისი მოადგილის ხელმძღვანელობით, თითქოსდა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობის ბრალდებით, ქალაქ ბათუმში, კაფეში მყოფ როინ შავაძეს თავს დაესხნენ და ავტომატის კონდახების გამოყენებით სასტიკად გაუსწორდნენ. როინ შავაძემ ძალადობის შედეგად სიცოცხლისთვის სახიფათო, სხეულის მძიმე ხარისხის დაზიანებები მიიღო. სპეცდანიშნულების რაზმის წევრებმა თავდასხმის შედეგად გონებადაკარგული როინ შავაძე ავტომობილით შემთხვევის ადგილიდან წაიყვანეს და აჭარა-გურიის საზღვართან ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღებიდან მრავალჯერადი გასროლებით მოკლეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ ხუთივე ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად 16-16 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. დანიშნული სასჯელი „ამნისტიის შესახებ“ კანონით შემცირდა და საბოლოოდ ბრალდებულებს 12 -12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ აღნიშნულ საქმეზე სისხლისსამართლებრივი დევნა ჯამში 12 პირის მიმართ დაიწყო. აქედან, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის და ერთი სპეცრაზმელის საქმე, უკვე განიხილა ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ და ორივე ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში. მოცემულ ეტაპზე სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება, დანაშაულში მონაწილე სხვა პირთა გამოვლენის და მხილების მიზნით,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.
ევროკავშირის სანქციების შემდეგი პაკეტი რუსულ „ჩრდილოვან ფლოტს“ უნდა შეეხოს - შვედეთი
ევროკავშირის შემდეგი სანქციების პაკეტი უნდა მოიცავდეს ნაბიჯებს „ჩრდილოვანი ფლოტის“ წინააღმდეგ, რომლებსაც რუსული ნავთობი სანქციების გვერდის ავლით გადააქვთ, განაცხადა შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ტობიას ბილსტრომმა ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის წინ. „მე-14 სანქციების პაკეტის მიღება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია,“ - განაცხადა ბილსტრომმა. „ჩვენ ვიზრუნებთ, რომ ეს ზომები მოიცავდეს თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტის აკრძალვას და ასევე, ნაბიჯებს რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ შესაკავებლად. სანქციების პაკეტზე მსჯელობა ადრეულ ეტაპზეა და მისი მიღება ლუქსემბურგის შეხვედრაზე არ არის დაგეგმილი,“ განმარტა მინისტრმა. Bloomberg-ის ცნობით, 2023 წელს, საზღვაო გზით მიწოდებული ბარელი რუსული ნავთობი 60 დოლარზე ძვირად იყიდებოდა. სანქციების გვერდის ავლით რუსული კომპანიები იყენებენ ეგრეთ წოდებულ „ჩრდილოვან ფლოტს“ - ტანკერებს, რომლებიც იმ ქვეყნების დროშის ქვეშ ცურავდნენ, რომლებიც სანქციებს არ შეუერთდნენ, მაგრამ სინამდვილეში რუსული კომპანიების საკუთრებაა. 2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ევროპისა და მსოფლიოს ბევრმა ქვეყანამ დაიწყო ან მალე შეამცირებს რუსეთის ენერგორესურსებზე დამოკიდებულებას. ევროკავშირის ქვეყნებში საზღვაო გზით მიწოდებულ რუსულ ნავთობზე ემბარგო 5 დეკემბერს ამოქმედდა. ევროკავშირის ქვეყნებს შორის შეთანხმების არარსებობის გამო რუსეთის გაზის მიწოდებაზე ემბარგო სანქციების წინა პაკეტში არ იყო გათვალისიწინებული, ავსტრია და უნგრეთი რუსული გაზის მიწოდებაზე ძლიერ დამოკიდებულნი რჩებიან. რუსეთი. აშშ-ის შემდგ ევროკავშირში თხევადი გაზის მიწოდების მონაცემებით მეორე ადგილზეა და გასული წლის მონაცემებით ბაზრის 16% უჭირავს. ანალიტიკური კომპანია Kpler-ის მონაცემებით, 2023 წელს ევროკავშირის ქვეყნებმა 15 მილიონი ტონა რუსული თხევადი გაზი მოიხმარეს, რაც თითქმის 40%-ით მეტია 2021 წელთან შედარებით.
ალიევი მოსკოვში ჩავიდა
აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი მოსკოვში ჩავიდა, სადაც ვლადიმერ პუტინს შეხვდება. შესაბამის ინფორმაციას ალიევის ოფისი ავრცელებს. „22 აპრილს აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიწვევით სამუშაო ვიზიტით მოსკოვში გაემგზავრა. აზერბაიჯანის სახელმწიფოს მეთაურს საერთაშორისო აეროპორტ „ვნუკოვო-2“-ში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხეილ გალუზინი და სხვა ოფიციალური პირები დახვდნენ,“ - ნათქვამია განცხადებაში. ამასთან, კრემლის ინფორმაციით, „რუსეთისა და აზერბაიჯანის ლიდერები ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი განვითარების საკვანძო საკითხების განხილვას და რეგიონულ აქტუალურ საკითხებზე მოსაზრებების გაცვლას გეგმავენ.“
დუდა: NATO თუ გადაწყვეტს, პოლონეთის ტერიტორიაზე ბირთვული იარაღი განათავსოს, ამისთვის მზად ვართ
პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჯეი დუდამ განაცხადა, რომ პოლონეთი მზად არის, ქვეყნის ტერიტორიაზე ბირთვული იარაღის განთავსებას დასთანხმდეს, თუკი ნატო ამ გადაწყვეტილებას მიიღებს იმ ფონზე, როცა რუსეთი აძლიერებს შეიარაღებას ბელარუსსა და კალინინგრადში. „თუ ჩვენი მოკავშირეები გადაწყვეტენ ჩვენს ტერიტორიაზე ბირთვული იარაღი განათავსონ, NATO-ს აღმოსავლეთი ფლანგის გასაძლიერებლად, ჩვენ მზად ვართ ამისთვის,“ - აღნიშნა დუდამ გამოცემა Fakt-თან ინტერვიუში. მისი თქმით, დისკუსია პოლონეთსა და აშშ-ს შორის ბირთვული თანამშრომლობის შესახებ გარკვეული პერიოდის განმავლობაში გრძელდება. „ამაზე უკვე რამდენჯერმე ვისაუბრე. უნდა ვაღიარო, რომ როცა მკითხეს, მზადყოფნა გამოვთქვი. რუსეთი სულ უფრო მეტად ახორციელებს კალინინგრადის მილიტარიზაციას. ბოლო დროს მან თავისი ბირთვული იარაღი ბელარუსში გადაიტანა,“ - განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა. დუდა პოლონურ მედიას ნიუ-იორკში ვიზიტის შემდეგ ესაუბრა, სადაც გაეროში შეხვედრები გამართა და აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან უკრაინის ომის საკითხი განიხილა. დუდა მარტში ვაშინგტონს ეწვია, სადაც აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს შეხვდა. პოლონეთისთვის მიზანშეწონილი იქნება, თუ მის ტეროტორიაზე აშშ-ის ბირთვული ქობინები განთავსდება - დუდა
ლატვია უკრაინაში მოკლე რადიუსის საჰაერო თავდაცვის სისტემებს გაგზავნის
ლატვია უკრაინისთვის შექმნილ „საჰაერო თავდაცვის კოალიციაში“ მონაწილეობას მიიღებს. ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ანდრის სპრუდსმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ლატვია კიევისთვის იარაღის შესაძენად შექმნილი „უპილოტო საფრენი აპარატების“ და „რაკეტების კოალიციის“ აქტიური მონაწილეა. „არსებობენ ქვეყნები Patriot-ის სისტემებით და მათ გარეშე. თუ ვსაუბრობთ საჰაერო თავდაცვის სისტემებზე, მაშინ ლატვია ასევე წვლილს შეიტანს საჰაერო თავდაცვის აღჭურვილობის გაგზავნით,“ აღნიშნა მინისტრმა. მან ასევე განაცხადა, რომ 2023 წელს ლატვიაში 4000-ზე მეტი უკრაინელი ჯარისკაცი გაწვრთნეს და მსგავსი სწავლება 2024 წელსაც გაგრძელდება.
მთავრობა თბილისის ახალ აეროპორტთან სტადიონის აშენებას აანონსებს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ თბილისში ახალი სტადიონის აშენება იგეგმება. მისი თქმით, „ეს იქნება ბრიტანული სტილის სტადიონი.“ როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, სტადიონის სავარაუდო ლოკაცია იქნება ახალი აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია. „სტადიონი იქნება უმაღლესი, თანამედროვე სტანდარტების, რომელიც მოგვცემს საშუალებას, ვუმასპინძლოთ უმაღლესი რანგის მატჩებს ჩვენს დედაქალაქში, მათ შორის ჩემპიონთა ლიგის ჩათვლით. ეს იქნება ბრიტანული სტილის სტადიონი. მოგეხსენებათ, ბრიტანული სტილის სტადიონებს არ აქვს სარბენი ბილიკები, ასეთ დროს მაქსიმალურად ემოციურია კავშირი გულშემატკივარსა და გუნდს შორის. ეს ყველაფერი გუნდის წარმატებაზე კიდევ უფრო მეტად აისახება. ეს იქნება უმაღლესი სტანდარტის სტადიონი. სავარაუდო ლოკაცია იქნება ახალი აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია და კომპლექსურად შეიძლება, განვითარდეს ეს ტერიტორია ასეთ პირობებში. ახალი აეროპორტის მშენებლობა წაადგება სტადიონის სწორად დატვირთვას. აქვე მინდა, განვაცხადო, რომ ჩვენ შევიტანთ განაცხადს 2028 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობაზე, უკვე ახლად აშენებულ სტადიონზე. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი საჩუქარი ქართული ფეხბურთისთვის და ქართველი გულშემატკივრისთვის. თბილისს ექნება უნიკალური სტადიონი 60 ათას გულშემატკივარზე გათვლილი და სათანადო განხორციელდება ეს პროექტი. საჭირო იქნება აქტიური მუშაობა. კულტურისა და სპორტის სამინისტრო იქნება დაკავებული ამ პროექტით. სამინისტროს უნდა ვთხოვოთ ამ პროექტის უზრუნველყოფა. უახლოეს მომავალში ჩვენს ქალაქს უნდა ჰქონდეს ახალი, უნიკალური სტადიონი,“ განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
გერმანიაში ჩინეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილები დააკავეს
გერმანიაში ჩინეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილები, სამი პირი დააკავეს. ორი კაცსა და ერთ ქალს ბრალად ედებათ ჩინეთის საიდუმლო სამსახურებთან თანამშრობლობა, სამხედრო ტექნოლოგიების შესახებ ინფორმაციის გადაცემის მიზნით. დაკავების მომენტში ეჭვმიტანილებს მოლაპარაკება ჰქონდათ კვლევით პროექტებზე, რომლებიც შესაძლოა გამოყენებული ყოფილიყო ჩინეთის საზღვაო საბრძოლო ძალის გაფართოების მიზნით - ამბობენ პროკურორები. ჩინეთს ამ ცნობებზე ჯერჯერობით განცხადება არ გაუვრცელებია.
აშშ-ის კონგრესის ორპარტიული დელეგაცია კიევში ჩავიდა
ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის ორპარტიული დელეგაცია კიევს ეწვია. აშშ-ის საელჩოს ცნობით, დელეგაციის შემადგენლობაში არიან აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ოთხი წევრი : „რესპუბლიკელები“ თომას კინი და ნატანიელ მორინი და „დემოკრატები“: ბილ კიტინგი და მადლენ დინი. საელჩოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს ვიზიტი კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ უკრაინის მიმართ აშშ-ის მხარდაჭერა ურყევი რჩება. შაბათს, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ, რამდენიმეთვიანი დებატების შემდეგ, დაამტკიცა პროექტი, რომელიც უკრაინის შემდგომი მხარდაჭერით, მისი მიღება უახლოეს დღეებშია მოსალოდნელი. შეგახსენებთ, წარმომადგენელთა პალატამ საკანონმდებლო პაკეტი მიიღო, რომელიც უკრაინის, ისრაელისა და ტაივანის უსაფრთხოების მხარდასაჭერად 95 მილიარდი აშშ დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს.
სუს-ი: რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს
სუს-ის განცხადებით, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს ორი მოქალაქე. „აღნიშნული ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული „ცხელი ხაზი“. ინფორმაცია უკანონო დაკავების მორიგი ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს. ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის საოკუპაციო ძალას,“ აცხადებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.
ირაკლი კობახიძე თბილისის "დინამოს“ ე.წ. „უცხოური აგენტების კანონზე“ განცხადების გამო აკრიტიკებს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საფეხბურთო კლუბ „დინამო თბილისს" „უცხოური აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო განცხადების გამო აკრიტიკებს. მან მთავრობის სხდომა კლუბის ხელმძღვანელობის კრიტიკით დაიწყო, ისაუბრა სპორტში „ქართული ოცნების“ მმართველობის განმავლობაში არსებულ მიღწევებზე და გააკრიტიკა „ნაციონალური მოძრაობა.“ „ეს ადამიანები „თბილისის დინამოს“ სახელით ავრცელებენ პოლიტიკურ განცხადებებს. რამდენიმე დღის წინაც გაავრცელეს პოლიტიკური განცხადება „თბილისის დინამოს“ სახელით და გააპროტესტეს გამჭვირვალობის შესახებ კანონი. როგორც ფეხბურთში ერკვევა, ისე ერკვევა როგორც ჩანს პოლიტიკაში „თბილისის დინამოს“ მფლობელი. ეს არის ყველაფერი იმ პოლიტიკის გამოვლინება, რომელიც ჰქონდა წინა ხელისუფლებას და რომელმაც მიიყვანა ჩვენი სპორტი წარუმატებლობამდე და ჩვენ დაგვჭირდა წლები მაში, რომ სპორტისთვის მიყენებული ზიანი გამოგვესწორებინა და მივსულიყავით იმ უნიკალურ წარმატებამდე, რომელიც ჩვენ სპორტს აქვს ყველა სახეობაში დღეს. ასევე მინდა, გავიხსენო კონკრეტული ფეხბურთელების მონაყოლი, ერთ-ერთი ფეხბურთელის მონაყოლი, რომელმაც პირადად მე მითხრა, რომ პოლიტიკური მიზეზების გამო უარი უთხრეს ნაკრებში გამოძახებაზე ერთ-ერთ უცხოელ მწვრთნელს, მაშინ ფეხბურთის ნაკრების მწვრთნელი იყო უცხოელი და მას აიძულებდნენ, რომ არ გამოეძახებინა კონკრეტული ფეხბურთელი, ერთ-ერთ ტოპ ლიგაში მოთამაშე ფეხბურთელი არ გამოეძახებინა საქართველოს საფეხბურთო ნაკრებში. პოლიტიკური მიზეზები ჰქონდა ამ ყველაფერს. ძალიან ხშირად, ასევე კონკრეტული ფეხბურთელის მონაყოლი, ნაკრების ფეხბურთელებს უწევდათ თბილისში ჩამოფრენა თამაშებზე საკუთარი ხარჯით,“ - აღნიშნა პრემიერმა. წინა ხელისუფლებისა და თბილისის "დინამოს“ ხელმძღვანელების კრიტიკის შემდეგ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ თბილისში ახალი აეროპორტის გვერდით ახალი საფეხბურთო სტადიონის აშენება იგეგმება. აეროპორტის მშენებლობა ჯერ არ დაწყებულა - ეკონომიკის მინისტრის თქმით, 2025 წლის ბოლოს იქნება მშენებლობის დეტალური გეგმა, სამი წლის შემდეგ კი, თბილისს ახალი აეროპორტი მოემსახურება.
ჯანდაცვის მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ მიხეილ სარჯველაძეს ახალი მოადგილეები ჰყავს - თეა გიორგაძე, ირინე წაქაძე და გიორგი პატარიძე მოვალეობის შესრულებას უკვე შეუდგნენ. შესაბამის ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ინფორმაციით, თეა გიორგაძე „საპარტნიორო ფონდის“ სამედიცინო კონსულტანტი იყო. სხვადასხვა წლებში, ის, ჯანდაცვის სამინისტროში არაერთ პოზიციაზე მუშაობდა. მიხეილ სარჯველაძის მოადგილედ დაინიშნა ირინე წაქაძეც, რომელიც,აღნიშნულ პოზიციამდე იუსტიციის სამინისტროში, სამართალშემოქმედების დეპარტამენტის უფროსად მუშაობდა. მას სახელმწიფო უწყებაში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა გიორგი პატარიძე. ის, 2021 წლამდე იუსტიციის სამინისტროს „სპეციალური პენიტენციური სამსახურის” - გენერალური დირექტორის პოზიციას იკავებდა. მანამდე, კი იუსტიციის მინისტრის მოადგილე იყო. სახელმწიფო უწყებების გარდა, გიორგი პატარიძეს აქვს კერძო სექტორში მუშაობის წარმატებული გამოცდილებაც.
წულუკიანი: კანონპროექტის უკან გაწვევა არ იგეგმება
კულტურის მინისტრის განცხადებით, „ქართული ოცნება“ ქართველი ხალხის დაკვეთას ასრულებს. მისი თქმით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონი აუცილებლად იქნება მიღებული. „არავის მითითებებზე ასკინკილით სიარულს არ ვაპირებ. მე ვარ ქართველი, ვარ ამაყი, რომ ვარ ქართველი და პირველ რიგში, ვხელმძღვანელობ იმით, რაც არის ქართული საქმის ინტერესში,“ – განაცხადა თეა წულუკიანმა. „ჩვენ ვაჩვენებთ, რომ ვართ უფრო მეტნი. ამ კანონპროექტის უკან გაწვევა არ იგეგმება, ეს იცით. ისევე როგორც უმცირესობას, ასევე, ჩვენ, უმრავლესობას, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, გვაქვს კონსტიტუციით უზრუნველყოფილი შეკრების და გამოხატვის თავისუფლება, რომლით სარგებლობასაც ვაპირებთ სულ ნეტარად და ნარნარად და ბედნიერად, ისევე როგორც აკეთებთ ამას,“ ამბობს კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ. „ქართული ოცნების“ ორგანიზებით, 29 აპრილს, საქართველოს პარლამენტის სასახლის წინ საყოველთაო-სახალხო შეკრება ჩატარდება. შეგახსენებთ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის ხელახალ შემობრუნებას ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეები, მათ შორის, ახალგაზრდები, რომლებიც პარლამენტთან ყოველდღე იკრიბებიან, ხელისუფლებას კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ. ახალგაზრდები პარლამენტთან ყოველდღე იკრიბებიან და შემდეგ მსვლელობებს აწყობენ. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი მიღების შემთხვევაში საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს. ცნობისთვის, პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ სადავო კანონპროექტი, პირველი მოსმენით, პროტესტის ფონზე მიიღო. კანონის საბოლოოდ მისაღებად საჭიროა მეორე და მესამე მოსმენა, რომელიც მაისისთვის იგეგმება. ვინ დაუჭირა მხარი ე.წ. „უცხოური აგენტების კანონპროექტს“ პირველი მოსმენით
სლოვაკეთის მოქალაქეებმა უკრაინისთვის 3 მილიონ ევროზე მეტი შეაგროვეს
სლოვაკეთის მოქალაქეებმა უკრაინისთვის ჭურვების შესაძენად, 3 მილიონ ევროზე მეტი უკვე შეაგროვეს. შვიდ დღეში 3 071 405 ევრო შეგროვდა, შემოწირულობა თითქმის 50 ათასმა ადამიანმა გაიღო. როგორც ცნობილია, ჩეხეთის მთავრობამ ახლახან წამოიწყო გლობალური ინიციატივა უკრაინისთვის საბრძოლო მასალის შესაძენად. სლოვაკეთის რესპუბლიკის მთავრობამ და პრემიერ-მინისტრმა ფიცომ, რომელიც პრორუსული პოზიციით გამოირჩევა, უარი თქვა ამ ინიციატივაში ჩართვაზე.