ძებნის რეზულტატი:
სუნაკი და სტოლტენბერგი 23 აპრილს პოლონეთში ჩავლენ
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი და NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი 23 აპრილს პოლონეთს ეწვევიან. დონალდ ტუსკის განცხადებით, აღნიშნული ვიზიტი არის პოლონეთის გეგმის ნაწილი უსაფრთხოების პოლიტიკასთან დაკავშირებით. „ეს არის ჩემი მისიის გაგრძელება, რათა აღვადგინო და გავაფართოო პოლონეთის პოზიციები უსაფრთხოების პოლიტიკაში. ვზრუნავ, რომ მოკავშირეებად გვყავდეს განსაკუთრებით ისინი, ვისთანაც მჭიდროდ ვთანამშრომლობთ – ბრიტანელები, სკანდინავიელები, ჩვენი რეგიონის ქვეყნები, რათა ჩვენი მუშაობა უკეთ იყოს კოორდინირებული,“ – განაცხადა დონალდ ტუსკმა. დონალდ ტუსკს კითხვა დაუსვეს, შეუერთდება თუ არა პოლონეთი უკრაინისთვის „პეტრიოტის“ ტიპის სისტემების მიწოდების ინიციატივას, რაზეც ტუსკმა აღნიშნა, რომ ეს შეუძლებელია. მისივე თქმით, არსებობს სხვა ტიპის იარაღებიც, რომლებიც ცის დაცვას უწყობს ხელს და ამ კუთხით პოლონეთი უკრაინის დახმარებას შეძლებს.
პუტინს უკრაინის მხარდაჭერის შესუსტების იმედი არ უნდა ჰქონდეს - შოლცი
გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინს არ უნდა ჰქონდეს იმედი, რომ უკრაინის მხარდაჭერა მისი პარტნიორების მხრიდან შესუსტდება. კანცლერმა განმარტა, რომ დარწმუნებულია, რომ პარტნიორების მხრიდან დახმარება არ შემცირდება. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბაერბოკმა, თავის მხრივ, ევროკავშირის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრების შეხვედრის წინ განაცხადა, რომ აშშ-ის კონგრესმენების მიერ უკრაინის დახმარების პაკეტის დამტკიცების შემდეგ „აშშ-სა და ევროპის გული ისევ ერთხმად ცემს.“ „ის ფაქტი, რომ წარმომადგენელთა პალატამ მიიღო გადაწყვეტილება უკრაინის შემდგომი ფინანსური მხარდაჭერის შესახებ, განსაკუთრებით იარაღის მხარდაჭერის შესახებ, არის [...] ძალიან მკაფიო გზავნილი, მათ შორის რუსეთის პრეზიდენტისთვის, რომ მან არ უნდა ჩათვალოს, რომ მას შეუძლია, გააგრძელოს ეს ომი, რადგან უკრაინას დახმარება აშშ-დან და ევროპიდან შემცირდება,“ - განაცხადა შოლცმა. შეგახსენებთ, წარმომადგენელთა პალატამ საკანონმდებლო პაკეტი მიიღო, რომელიც უკრაინის, ისრაელისა და ტაივანის უსაფრთხოების მხარდასაჭერად 95 მილიარდი აშშ დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს.
ბუდანოვი: არმაგედონი არ მოხდება, როგორც ზოგიერთი ლაპარაკობს, მაგრამ მაისის შუა რიცხვებში პრობლემები იქნება
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელის, კირილ ბუდანოვის განცხადებით, მაისის შუა რიცხვებში - ივნისის დასაწყისში უკრაინას მძიმე ვითარება შეიქმნება, მაგრამ კატასტროფული შედეგები არ მოჰყვება. „ჩვენი შეფასებით, საკმაოდ მძიმე ვითარება გველოდება, მაგრამ ეს არ არის კატასტროფული, არმაგედონი არ მოხდება, როგორც ზოგიერთი ლაპარაკობს, მაგრამ მაისის შუა რიცხვებში პრობლემები იქნება,“ - აღნიშნა ბუდანოვმა. დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა განმარტა, რომ მისი პროგნოზი მთლიანად უკრაინას ეხება და არა მხოლოდ ფრონტზე არსებულ ვითარებას. მისი თქმით, „რუსები გამოიყენებენ ინტეგრირებულ მიდგომას.“ ”ისინი განახორციელებენ კომპლექსურ ოპერაციას. ამაზე თქვენთან ბევრს არ ვილაპარაკებთ, მაგრამ მაისის შუა რიცხვებში, ივნისის დასაწყისში რთული პერიოდი იქნება,“ - აღნიშნა ბუდანოვმა. ევროკავშირის სახელმწიფოთა საგარეო საქმეთა მინისტრები ლუქსემბურგში მართავენ შეხვედრას, რათა კიევის მიმართ ბლოკის მხარდაჭერა განიხილონ.
შვედეთის თავდაცვის მინისტრი უკრაინისთვის Patriot-ის თავდაცვის სისტემების გაგზავნას არ გამორიცხავს
შვედეთის თავდაცვის მინისტრი პალ ჯონსონი უკრაინისთვის Patriot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემების გაგზავნას არ გამორიცხავს, იტყობინება Guardian-ი. უკრაინა რუსეთის თავდასხმების ფონზე, საჰაერო თავდაცვის სისტემების დეფიციტს განიცდის. აშშ-ის წარმოების აღნიშნული სისტემები კი, ძალზედ ეფექტიანია რუსეთის ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტების ჩამოსაგდებად. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინას სჭირდება Patriot-ი, რათა დაიცვას ქვეყანა რუსეთის თავდასხმებისგან, მაგრამ საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ აღნიშნა, რომ ის ამჟამად უკრაინის უდიდესი ქალაქების დაცვაზეა ორიენტირებული. კითხვას, გაგზავნის თუ არა შვედეთი Patriot-ის სისტემებს კიევში, ჯონსონმა უპასუხა, რომ ის არ გამორიცხავს ამ შესაძლებლობას. „მაგრამ ახლა ჩვენ ორიენტირებულნი ვართ ფინანსურ კონტრიბუციაზე, მაგრამ ასევე (მეტ) RBS 70-ზე (ადამიანზე გადასატანი საჰაერო თავდაცვის სისტემები), რადგან ამან შეიძლება, შეამსუბუქოს Patriot-ებზე ზეწოლა,” - დასძინა მან. შეგახსენებთ, წარმომადგენელთა პალატამ საკანონმდებლო პაკეტი მიიღო, რომელიც უკრაინის, ისრაელისა და ტაივანის უსაფრთხოების მხარდასაჭერად 95 მილიარდი აშშ დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს.
ბორელი: მინისტრებმა გამოხატეს შეშფოთება საქართველოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონის“ გამო
საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ „საგარეო საქმეთა მინისტრებმა გამოხატეს შეშფოთება საქართველოში „საგარეო გავლენის გამჭვირვალობის კანონის გამო.“ მისი თქმით, ეს კანონი „არ შეესაბამება ევროკავშირის ღირებულებებს.“ „განვიხილეთ საქართველოს ვითარება. ეს კანონი იყო წარდგენილი პარლამენტში და მთავრობის მხრიდან იყო აღებული ვალდებულება, გაეწვია ეს კანონპროექტი, არ წარედგინა ის კვლავ. ეს არ შესრულდა. მე და ევროკომისარმა ვარჰეიმ გამოვაქვეყნეთ განცხადება გასულ კვირას, რომელშიც ხაზი გავუსვით, რომ ეს კანონი შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან. ვიმეორებ, ეს შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან. ევროკომისიამ უნდა წარადგინოს ყოველწლიური ანგარიში ამ მოვლენასთან დაკავშირებით, თუმცა ჩვენ ძალიან შეშფოთებული ვართ იმ ფაქტით, რომ ეს კანონი კვლავ წარუდგინეს პარლამენტს," - განაცხადა ბორელმა. რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს რედაქტორი რიკარდ იოზვიაკი იუწყება, რომ საბჭოზე გაისმა მოწოდება, გაგზავნონ მინისტრები საქართველოში ვიზიტით, ან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიიწვიონ ევროკავშირის მომდევნო საგარეო ურთიერთობათა საბჭოზე. მომდევნო საბჭო შვიდ მაისსაა დანიშნული. თუმცა ამ საკითხზე ბორელს კომენტარი არ გაუკეთებია. შეიძლება თუ არა გაწევრიანების პროცესის გაყინვა საკამათო კანონის გამო - მიშელის პასუხი შეგახსენებთ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის ხელახალ შემობრუნებას ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეები, მათ შორის, ახალგაზრდები, რომლებიც პარლამენტთან ყოველდღე იკრიბებიან, ხელისუფლებას კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ. ახალგაზრდები პარლამენტთან ყოველდღე იკრიბებიან და შემდეგ მსვლელობებს აწყობენ. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი მიღების შემთხვევაში საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს. ცნობისთვის, პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ სადავო კანონპროექტი, პირველი მოსმენით, პროტესტის ფონზე მიიღო. კანონის საბოლოოდ მისაღებად საჭიროა მეორე და მესამე მოსმენა, რომელიც მაისისთვის იგეგმება. ვინ დაუჭირა მხარი ე.წ. „უცხოური აგენტების კანონპროექტს“ პირველი მოსმენით
საგარეჯოს რამდენიმე სოფელი დაისეტყვა
22 აპრილს, საღამოს, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სულ მცირე სამი სოფელი - კაკაბეთი, მანავი და დიდი ჩაილური დაისეტყვა. შესაბამის ინფორმაციას, ფოტო და ვიდეომასალას მოსახლეობა სოციალურ ქსელ ავრცელებს. ადგილობრივების ინფორმაციით, დაისეტყვა საკარმიდამო ნაკვეთები, ხეხილის ბაღები და ვენახები, თუმცა მათ ჯერ არ იციან, რამდენად დიდია ზარალი. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის განმარტებით, სეტყვისგან მიყენებული ზიანის შესახებ ინფორმაცია ხვალ გახდება ცნობილი. ამ დროისთვის, კახეთის ზოგ მუნიციპალიტეტში წვიმიანი ამინდია.
ზელენსკისა და ბაიდენს შორის სატელეფონო საუბარი შედგა
უკრაინის სამხედრო დახმარების შესახებ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. „წარმომადგენელთა პალატაში კენჭისყრის შედეგების შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან სატელეფონო საუბარი გავმართე. პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ სენატის მიერ კანონის დამტკიცების შემთხვევაში მას ხელს დაუყოვნებლივ მოაწერს. მადლობელი ვარ ჯო ბაიდენის მიერ უკრაინის დაუღალავი მხარდაჭერისთვის და ნამდვილი გლობალური ლიდერობისთვის,“ - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ჯო ბაიდენთან სატელეფონო საუბრისას უკრაინის დახმარების კანონპროექტის მიმართ ორპარტიულ მხარდაჭერას და წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, მაიკ ჯონსონისა და უმცირესობის ლიდერის, ჰაკიმ ჯეფრისის პირად როლს ხაზი გაუსვა. „კანონის მიღების შემდეგ თავდაცვის პირველი პაკეტი განვიხილეთ. მე პრეზიდენტის გარანტიები მაქვს, რომ ეს სწრაფი და ძლიერი იქნება და იგი ჩვენს საჰაერო თავდაცვასა და საარტილერიო შესაძლებლობებს გააძლიერებს. ასევე, ჩვენ უსაფრთხოების შესახებ ორმხრივ შეთანხმებაზე ხელმოწერისა და მომავალი მშვიდობის სამიტის მომზადების საკითხები განვიხილეთ,“ - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. შეგახსენებთ, მრავალთვიანი დისკუსიების შემდეგ, აშშ-ის კონგრესის ქვედა პალატამ - წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა უკრაინისთვის 60,8 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტს. კანონპროექტს მხარი წარმომადგენელთა პალატის 311 წევრმა დაუჭრა, 112 წინააღმდეგი იყო. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის „გამარჯვების შანსს“ ხედავს მას შემდეგ, რაც შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ მიიღო კანონპროექტი, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია უკრაინის თავდაცვისთვის.
რუსეთში Meta-ს კომუნიკაციების დირექტორს 6-წლიანი პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯეს
მოსკოვის სამხედრო სასამართლომ კომპანია Meta-ს კომუნიკაციების დირექტორს თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად მიუსაჯა. ინფორმაციას დამოუკიდებელი რუსული მედიასაშუალება „მედიაზონა“ ავრცელებს. კერძოდ, მოსკოვის სასამართლომ „მეტას“ კომუნიკაციების დირექტორს, ენდი სტოუნს „ინტერნეტში ტერორიზმის გამართლების“ ბრალდებით ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. საქმე ეხება სტოუნის მიერ 2022 წლის 11 მარტს გამოქვეყნებულ პოსტს, რომელშიც სტოუნი „მეტას“ გადაწყვეტილებაზე საუბრობს, რომლის მიხედვითაც 2022 წლის თებერვალში რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ „მეტა“ „ფეისბუქისა“ და „ინსტაგრამის“ იმ მომხმარებლებს არ დაბლოკავდა, რომლებიც „რუსი დამპყრობლებისა“ და ვლადიმერ პუტინის სიკვდილის შესახებ მოწოდებებს აკეთებდნენ. აღნიშნული ფაქტის შემდეგ რუსეთის ხელისუფლებამ „მეტას“ ექსტრემისტული ორგანიზაციის სტატუსი მიანიჭა და რუსეთში „ფეისბუქი“ და „ინსტაგრამი“ დაბლოკა.
შსს: მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს
შსს განცხადებას ავრცელებს და „მოუწოდებს აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს.“ „შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მობილიზებული არიან "ქართული ოცნების" ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე და იცავენ საზოგადოებრივ წესრიგს.მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს, დაიცვან საზოგადოებრივი წესრიგის ნორმები და დაემორჩილონ პოლიციელთა კანონიერ მითითებებს. კანონდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მხრიდან დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი,“ ნათქვამია შსს-ს განცხადებაში. ახალგაზრდები, რომლებიც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტს აპროტესტებენ, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან “ქართული ოცნების” ოფისამდე მსვლელობით მივიდნენ. ადგილზე მისულ სტუდენტებს პოლიციელების კორიდორი დახვდათ. ახალგაზრდები სკანდირებენ: “არა რუსულ კანონს!” მომიტინგეებმა “ქართული ოცნების” მიმდებარე ტერიტორიაზე საავტომობილო გზა გადაკეტეს. მანამდე აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს. შეგახსენებთ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის ხელახალ შემობრუნებას ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეები, მათ შორის, ახალგაზრდები, რომლებიც პარლამენტთან ყოველდღე იკრიბებიან, ხელისუფლებას კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ. ახალგაზრდები პარლამენტთან ყოველდღე იკრიბებიან და შემდეგ მსვლელობებს აწყობენ. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი მიღების შემთხვევაში საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს. ცნობისთვის, პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ სადავო კანონპროექტი, პირველი მოსმენით, პროტესტის ფონზე მიიღო. კანონის საბოლოოდ მისაღებად საჭიროა მეორე და მესამე მოსმენა, რომელიც მაისისთვის იგეგმება. ვინ დაუჭირა მხარი ე.წ. „უცხოური აგენტების კანონპროექტს“ პირველი მოსმენით
რა წერია სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში საქართველოს შესახებ
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ადამიანის უფლებების შესახებ 2023 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ "წლის განმავლობაში ქართველები მხარს უჭერდნენ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას.” აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში შევიდა 2023 წლის მარტში პარლამენტში ინიცირებული "აგენტების კანონის" საწინააღმდეგო აქციებიც. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ის მკაცრად გააკრიტიკა როგორც საქართველოს, ასევე საერთაშორისო საზოგადოებამაც და ფართო საპროტესტო გამოსვლების ფონზე, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი გაიწვია. ანგარიშში ვკითხულობით, რომ ასევე იყო საზოგადოების ფართო საპროტესტო აქციები კანონპროექტის წინააღმდეგ, რომელიც საფრთხეს შეუქმნიდა საქართველოს ევროკავშირში წევრობის კანდიდატობას. „დეკემბერში, ევროპულმა საბჭომ მხარი დაუჭირა ქვეყანას კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, და გასცა რეკომენდაცია ცხრა სფეროში შემდგომო პროგრესისთვის, რომელიც მოიცავს დემოკრატიულ არჩევნებს, მართლმსაჯულების რეფორმებს და ადამიანის უფლებების დაცვის გაუმჯობესებას”, წერს სახელმწიფო დეპარტამენტი. ანგარიშში შეფასებულია ადამიანის უფლებების მდგომარეობა. „ადამიანის უფლებების შესახებ მნიშვნელოვანი საკითხები მოიცავდა სარწმუნო ცნობებს: წამების ან სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის შესახებ; თვითნებური დაპატიმრებების ან დაკავებების შესახებ; სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემების შესახებ, ასევე, გამოძიებებთან და სისხლისსამართლებრივ დევნასთან დაკავშირებით, რომელიც ფართოდ აღიქმება, როგორც პოლიტიკურად მოტივირებული; პირად ცხოვრებაში თვითნებური ან უკანონო ჩარევის შესახებ, სიტყვის თავისუფლებისა და მედიის თავისუფლების სერიოზული შეზღუდვების, მათ შორის ჟურნალისტების მიმართ ძალადობისა და ძალადობის მუქარის შესახებ, მშვიდობიანი შეკრებისა და გაერთიანების უფლებაში მნიშვნელოვანი ჩარევის შესახებ; სერიოზული სამთავრობო კორუფციის შესახებ; და დანაშაულების შესახებ, რომლებიც ძალადობას ან ძალადობის მუქარას მოიცავს, ლესბოსელ, გეი, ბისექსუალ, ტრანსგენდერ, ქვიარ აn ინტერსექს პირებისა და აქტივისტების მიმართ,” - ნათქვამია ანგარიშში. ანგარიშის თანახმად, მთავრობამ ადამიანის უფლებების დარღვევის გამო ზოგიერთი თანამდებობის პირის მიმართ გამოძიების კუთხით ნაბიჯები გადადგა, მაგრამ დაუსჯელობა პრობლემად რჩებოდა. ანგარიშში საუბარია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებზე და აღნიშნულია, რომ 2023 წელს რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონები, აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი ცენტრალური ხელისუფლების კონტროლის მიღმა რჩებოდა და დე ფაქტო ხელისუფლებას რუსული ძალები მხარს უჭერდნენ. „ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების შესახებ მნიშვნელოვანი საკითხები მოიცავდა სარწმუნო ცნობებს: უკანონო მკვლელობების შესახებ; თვითნებური დაპატიმრებების ან დაკავებების შესახებ; თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვის შესახებ, განსაკუთრებით ეთნიკური ქართველებისთვის; ეთნიკური ქართველების მიერ საკუთრების, ბიზნესის დარეგისტრირების და მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შესაძლებლობის შეზღუდვის შესახებ; რუსეთისა და დე ფაქტო ხელისუფლებამ დანაშაულები ორივე რეგიონში დაუსჯელად ჩაიდინა,“ - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში. მოსამართლეები როგორც სახელმწიფო დეპარტამენტი წერს, მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუცია და კანონი დამოუკიდებელ სასამართლოს ითვალისწინებდა, მთავრობა სასამართლოს დამოუკიდებლობას და პოლიტიკურად მგრძნობიარე საქმეებში მის მიუკერძოებლობას პატივს არ სცემდა. ანგარიშის თანახმად, „მოსამართლეები პოლიტიკური ზეწოლის მიმართ დაუცველები იყვნენ, როგორც სასამართლოს შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ, როდესაც წყვეტდნენ საქმეებს, რომლებიც პოლიტიკურად მგრძნობიარე თემებს ან პირებს ეხებოდა. „მსოფლიოს მართლმსაჯულების პროექტის კანონის უზენაესობის ინდექსის მიხედვით, დაბალია ნდობა, რომ სასამართლო სისტემა ხელისუფლების არასათანადო გავლენისგან თავისუფალია. სახალხო დამცველის აპარატი, არასამთავრობო კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის და საერთაშორისო თანამეგობრობა სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის ნაკლებობასთან დაკავშირებით შეშფოთების გამოხატვას განაგრძობდნენ. მათ პრობლემებზე მიუთითეს, მათ შორის მოსამართლეთა ჯგუფის გავლენაზე, რომელიც ძირითადად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებისა და სასამართლოების თავმჯდომარეებისგან შედგება, რომელთაც სავარაუდოდ, სასამართლო სისტემაში კრიტიკული ხმა დაახშეს და სასამართლოს დამოუკიდებლობის გაძლიერების წინადადებებს ხელი შეუშალეს. არასამთავრობო ორგანიზაციებმა გავლენიან, კარგად დაკავშირებულ და არარეფორმატორ მოსამართლეთა ჯგუფს „კლანი“ უწოდეს. სხვა პრობლემებთან ერთად მათ ხაზი გაუსვეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილების გავლენას ცალკეული მოსამართლეების დამოუკიდებლობაზე, საქმის განაწილების სისტემის მანიპულირებაზე, ასევე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობაში გამჭვირვალობის ნაკლებობასა და იუსტიციის უზენაესი საბჭოს მიერ მოსამართლეთა და სასამართლოს თავმჯდომარეების დანიშვნაში ხარვეზებს. ზოგიერთმა ყოფილმა და მოქმედმა მოსამართლემ საჯაროდ განაცხადა, რომ მათ მაღალი რანგის მოსამართლეების მხრიდან ზეწოლა განიცადეს, რათა კონკრეტულ საქმეებში გარკვეული გადაწყვეტილებები მიეღოთ. 2013 წლიდან სასამართლო რეფორმისა და სხვა საკანონმდებლო ცვლილებების ოთხი ტალღის გაანალიზებისას, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები შეთანხმდნენ, რომ დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის შექმნის პოლიტიკური ნების არარსებობის გამო რეფორმები არაეფექტური იყო, ვინაიდან კანონმდებლობაში დადებითი ცვლილებების დიდი უმრავლესობა განუხორციელებელი დარჩა ან მხოლოდ ნაწილობრივ განხორციელდა. 8 ნოემბერს ევროკომისიამ რეკომენდაცია გასცა, რომ ევროპულ საბჭოს საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი იმ პირობით მიენიჭებინა, რომ საქართველო განახორციელებს ცხრა რეფორმას, მათ შორის, სასამართლოს ეფექტურ რეფორმას, განსაკუთრებული აქცენტი იუსტიციის უმაღლეს საბჭოზე კეთდება,“ - ნათქვამია ანგარიშში. ანგარიშის თანახმად, 2023 წელს საქართველოში პოლიტპატიმრებისა და დაკავებულების შესახებ იყო ცნობები. როგორც დოკუმენტში ვკითხილობთ, იყო შემთხვევები, როდესაც ხელისუფლებამ საზოგადო მოღვაწეების, პოლიტიკური ოპონენტების და ჟურნალისტების შესაძლებლობა, გაეკრიტიკებინათ მთავრობა ან განეხილათ საზოგადოებრივი ინტერესის საკითხები, შეზღუდა. „22 ივნისს პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ოპოზიციური ტელეარხის „მთავარი არხის“ ხელმძღვანელი, ნიკა გვარამია შეიწყალა, რომლის პატიმრობაც სახალხო დამცველის და საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შეფასებული იყო, როგორც პოლიტიკურად მოტივირებული. იყო შემთხვევები, როდესაც ხელისუფლებამ საზოგადო მოღვაწეების, პოლიტიკური ოპონენტების და ჟურნალისტების შესაძლებლობა, გაეკრიტიკებინათ მთავრობა ან განეხილათ საზოგადოებრივი ინტერესის საკითხები, შეზღუდა. მაგალითად, ნიკა გვარამია, უმსხვილესი ოპოზიციური ტელეარხის „მთავარი არხის“ დამფუძნებელი და ყოფილი გენერალური დირექტორი, 2022 წლის მაისიდან პრეზიდენტის შეწყალებამდე 22 ივნისამდე ციხეში იმყოფებოდა. ის სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით გაასამართლეს. Amnesty International-მა და ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა განაცხადეს, რომ მისი გასამართლება მედიის თავისუფლების მიმართ შეშფოთებას იწვევდა. სახალხო დამცველის შეფასებით, საქმე პოლიტიკურად მოტივირებული იყო და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-18 მუხლს არღვევდა. თუმცა, სააპელაციო სასამართლომ და უზენაესმა სასამართლომ გვარამიას განაჩენი 2022 წლის ნოემბერში და 19 ივნისს ძალაში დატოვა,“ - ნათქვამია ანგარიშში. ანგარიში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შესახებაც არის საუბარი. კერძოდ, ნათქვამია, რომ ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ოპოზიციური პარტიის წევრები პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევდნენ. „სახალხო დამცველმა ხელისუფლებას არაერთხელ მოუწოდა, რომ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის დროული და ადეკვატური სამედიცინო დახმარება გაეწია. 2022 წლის დეკემბერში სახალხო დამცველის აპარატმა განაცხადა, რომ სამედიცინო ექსპერტთა დამოუკიდებელმა ჯგუფმა სააკაშვილი გასინჯა და აღნიშნა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა „მკვეთრად გაუარესდა“ მას შემდეგ, რაც მათ ბოლოს 2022 წლის აპრილში გამოიკვლიეს და მისი მდგომარეობა „მძიმედ“ შეაფასეს. ასევე, სახალხო დამცველის აპარატმა გაავრცელა ცნობები იმის შესახებ, რომ ექსპერტებმა დაასკვნეს, რომ ქვეყანაში არსებული მკურნალობის ყველა მეთოდის გავლის მიუხედავად, მისი მდგომარეობა „სწრაფად უარესდებოდა“. სახალხო დამცველის აპარატმა შეაფასა, რომ სააკაშვილის საქმემ შესაძლოა არაადამიანური მოპყრობისთვის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლი დაარღვიოს. 2021 წლის ოქტომბერში, ქვეყანაში დაბრუნებამდე, სააკაშვილი დაუსწრებლად სხვადასხვა ბრალდებით გაასამართლეს, მათ შორის უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის, 2018 წელს პარლამენტის ყოფილ წევრზე ფიზიკური თავდასხმის ბრძანების გაცემის გამო. სააკაშვილის წინააღმდეგ სამართალწარმოება დამატებითი ბრალდებების გამო გრძელდებოდა, რომლებიც იმ დანაშაულებს უკავშირდება, რომელიც მან სავარაუდოდ, ხელისუფლებაში ყოფნისას ჩაიდინა და 2021 წელს მის მიერ საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის. მან ყველა ბრალდება, როგორც პოლიტიკურად მოტივირებული, უარყო,“ - ნათქვამია ანგარიშში.
რაფაელ გროსი: ირანს ატომური ბომბის შექმნამდე კვირები აშორებს
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა, რაფაელ გროსიმ „დოიჩე ველესთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ ირანს ატომური ბომბის შესაქმნელად გამდიდრებული ურანის საკმარისი რაოდენობის ფლობამდე კვირები და არა თვეები აშორებს. მისი შეფასებით, „მიუხედავად იმისა, რომ შეშფოთებას იწვევს ის, რომ ირანში ურანის გამდიდრების დონემ თითქმის მიაღწია ბირთვული იარაღის შესაქმნელად საჭირო დონეს, არ შეიძლება დავასკვნათ, რომ ირანს უკვე აქვს ასეთი იარაღი.“ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელის განცხადებით, მოქმედი ბირთვული ქობინის შექმნა, გამდიდრებული ურანის წარმოების გარდა, მოითხოვს „ბევრ სხვა რამეს“ - მაგალითად, დატესტვას. როგორც რაფაელ გროსი აღნიშნავს, ირანის მტკიცება, რომ ქვეყანას ბირთვული ტექნოლოგია სამედიცინო და სამოქალაქო მიზნებისთვის სჭირდება, დამატებით კითხვებს აჩენს. „მაგალითად, რატომაა საჭირო ამ მიზნებისათვის გამდიდრებული ურანის „ასეთი მოცულობა“ და მისი წარმოების „ასეთი სიჩქარე“?“ - აღნიშნა გროსიმ. ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ირანელი კოლეგიების საქმიანობასთან წვდომის საჭირო დონე არ აქვს. ჟურნალისტის კითხვას, შეიძლება თუ არა ის, რომ ირანი ეფექტიანად აწარმოებდეს ბირთვულ იარაღს და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ არ იცის ამის შესახებ, გროსიმ უპასუხა, რომ მას ამაზე სპეკულირება არ შეუძლია. ირანმა გამდიდრებული ურანის წარმოება 60%-მდე გაზარდა - IAEA
მალაიზიაში ორი ვერტმფრენი სწავლების დროს ერთმანეთს შეეჯახა, დაიღუპა 10 ადამიანი
მალაიზიაში ორი ვერტმფრენი ერთმანეთს შეეჯახა, რასაც 10 ადამიანი ემსხვერპლა. ისინი სამხედროები იყვნენ, რომლებიც წვრთნებში მონაწილეობდნენ. ოფიციალური ინფორმაციით, ვერტმფრენები ერთმანეთს ქვეყნის დასავლეთ ნაწილში, ლუმუტის საზღვაო ბაზაზე სამხედრო აღლუმისთვის მოსამზადებელი სწავლების დროს შეეჯახნენ. როგორც BBC წერს, ვერტმფრენების პილოტებმა რეკომენდებული დისტანცია არ დაიცვეს, რამაც კატასტროფა გამოიწვია. დაწყებულია გამოძიება.
ბუნდესტაგის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარემ ე.წ. აგენტების კანონზე სასაუბროდ საქართველოს ელჩი მიიწვია
ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთი აცხადებს, რომ მან „უცხოური აგენტების“ კანონპროექტზე სასაუბროდ საქართველოს ელჩი მიიწვია. „მე მოვიწვიე საქართველოს ელჩი, ლევან იზორია, რათა ვისაუბრო მასთან "აგენტების კანონზე." მადლობა ამისთვის. მე მხარს ვუჭერ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების მრავალპარტიულ პროტესტს - კანონი შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან და საფრთხეს უქმნის საქართველოს გზას ევროკავშირისკენ,“ წერს როთი სოციალურ პლატფორმა X-ზე. შეგახსენებთ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის ხელახალ შემობრუნებას ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეები, მათ შორის, ახალგაზრდები, რომლებიც პარლამენტთან ყოველდღე იკრიბებიან, ხელისუფლებას კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ. ახალგაზრდები პარლამენტთან ყოველდღე იკრიბებიან და შემდეგ მსვლელობებს აწყობენ. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი მიღების შემთხვევაში საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს. ცნობისთვის, პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ სადავო კანონპროექტი, პირველი მოსმენით, პროტესტის ფონზე მიიღო. კანონის საბოლოოდ მისაღებად საჭიროა მეორე და მესამე მოსმენა, რომელიც მაისისთვის იგეგმება. ვინ დაუჭირა მხარი ე.წ. „უცხოური აგენტების კანონპროექტს“ პირველი მოსმენით
დიდი ბრიტანეთი უკრაინას სამხედრო დახმარების უმსხვილეს პაკეტს გადასცემს
რიში სუნაკი უკრაინისთვის 500 მილიონი ფუნტის სამხედრო დახმარების პაკეტის გადაცემის შესახებ გამოაცხადებს. დიდი ბრიტანეთის მთავრობა უკრაინას უმსხვილეს პაკეტს მიაწვდის მას შემეგ, რაც 2022 წლის თებერვალში უკრაინაში შეიჭრა. პაკეტი მოიცავს 160 Husky-ს ტიპის ჯავშანმანქანას, 162 სხვა ტიპის ჯავშანმანქანას, 78 ყველგანმავალ მანქანას, 60 ნავსა და კატერს, 1 600 თავდასხმისა და საჰაერო თავდაცვის რაკეტებს, მათ შორი,ს Storm Shadow-ს ტიპის ფრთოსანი რაკეტების ახალ პარტიას, დაახლოებით, ოთხ მილიონ ვაზნას. აღნიშნული პაკეტი ბრიტანეთის მიერ უკრაინისთვის წელს აღმოჩენილ სამხედრო დახმარებას 3 მილიარდ ფუნტამდე გაზრდის. სუნაკის განცხადებით, უკრაინის დაცვა რუსეთის სასტიკი ამბიციებისგან, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია უსაფრთხოებისთვის და მთელი ევროპისთვის. დიდი ბრიტანაეთის პრემიერი ხაზს უსვამს, რომ თუ პუტინს მიეცემა საშუალება, მიაღწიოს წარმატებას ამ აგრესიულ ომში, ის არ გაჩერდება პოლონეთის საზღვარზე.
ო'ბრაიენი კიევში: უკრაინა სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ძალიან მალე მიიღებს
უკრაინის მომავალი დახმარება პარტნიორი ქვეყნებისგან, დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად განხორციელდება და რამდენად ეფექტიანი იქნება რეფორმები, განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენმა კიევში ჟურნალისტებთან შეხვედრაზე. მისი თქმით, ამჟამად უკრაინა დახმარებას რუსეთის შეჭრის ფონზე იღებს. „ჩვენი დახმარება აქ არის იმის გამო, რომ უკრაინაში უკანონოდ შეიჭრნენ; რადგან უკრაინა დემოკრატიულია; რადგან უკრაინა რეფორმებს ატარებს თავისი დემოკრატიის გასაუმჯობესებლად,“ - თქვა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. მისი თქმით, შემდგომი დახმარებისთვის უკრაინამ უნდა მიაღწიოს პროგრესს რეფორმების ყველა ელემენტში. „ასე რომ, ეს ნამდვილად არის პირობა - მეტი პროგრესის დანახვა, რაც ნიშნავს დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოების გაძლიერებას, ინსტიტუტების გაძლიერებას, რომლებიც წყვეტენ დავებს, იქნება ეს სასამართლოები, საგადასახადო და საბაჟო სამსახურები, რათა დავრწმუნდეთ, რომ ყველა მათგანს შეუძლია, გააკეთოს თავისი საქმეები ფავორიტიზმისა და ჩარევის გარეშე, ამდენად, ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას,“ აღნიშნა ო'ბრაიენმა. მან უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროს ანდრი ერმაკთან გამართულ შეხვედრაზე განიხილა უკრაინასა და აშშ-ს შორის უსაფრთხოების შეთანხმების მომზადება და კოორდინირებული ნაბიჯები ამ დოკუმენტის შემდგომი განვითარებისთვის. ჯეიმს ო'ბრაიენმა განაცხადა, რომ უკრაინა ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს „ძალიან მალე“ მიიღებს, როგორც კი სენატი მას დაატმიცებს და პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ხელს მოაწერს შესაბამის კანონს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა უარი თქვა დაკონკრეტებაზე, თუ რას შეიძლება, მოიცავდეს პაკეტი, მაგრამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ "ეს იქნება ის, რაც უკრაინას სჭირდება ბრძოლის ველზე წარმატების მისაღწევად." „იქნება ელემენტები, რომლებიც მოიცავს საჰაერო თავდაცვას. ეს არ ეხება მხოლოდ Patriot-ებს, ასევე ეხება სისტემებს, რომლებსაც დარტმა მიაქვს თვითმფრინავებზე. იქნება ელემენტები, რომლებიც დაეხმარება უკრაინას,“ - აღნიშნა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა. შეგახსენებთ, მრავალთვიანი დისკუსიების შემდეგ, აშშ-ის კონგრესის ქვედა პალატამ - წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა უკრაინისთვის 60,8 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტს. კანონპროექტს მხარი წარმომადგენელთა პალატის 311 წევრმა დაუჭრა, 112 წინააღმდეგი იყო. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის „გამარჯვების შანსს“ ხედავს მას შემდეგ, რაც შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ მიიღო კანონპროექტი, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია უკრაინის თავდაცვისთვის.
რა შევა დახმარების პაკეტში, რომელსაც აშშ უკრანისთვის ამზადებს
ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მორიგ პაკეტს ამზადებს. დახმარების პაკეტი ჩვეულებრივზე მსხვილი იქნება. ის სასწრაფოდ საჭირო საარტილერიო და საჰაერო თავდაცვასთან ერთად, ჯავშანტექნიკას მოიცავს. პენტაგონს სურს, რომ პაკეტი მზად იყოს დაუყოვნებლივ გადასაცემად მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ხელს მოაწერს უკრაინის დახმარების კანონპროექტს, როდესაც ის სამშაბათს სენატის სხდომას გაივლის. პაკეტი, რომელზეც პენტაგონი ახლა მუშაობს, მოიცავს, ბრედლის ტიპის ქვეითთა საბრძოლო მანქანებს, Humvees-ის ჯავშანტრანსპორტირებს, M113-ის ტიპის ჯავშანტრანსპორტიორებს, ასევე - რაკეტებს. „ადმინისტრაცია ამზადებს "დიდ პაკეტს, რომელიც დაეხმარება უკრაინის ბრძოლის ველზე მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას," განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა Politico-ს ცნობით, და დასძინა, რომ ის ასევე მოიცავს საარტილერიო და საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობებს. მანამდე, თავდაცვის მდივნის თანაშემწემ საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში სელესტ ვალანდერმა განუცხადა კანონმდებლებს, რომ პენტაგონი გეგმავს დახმარების მიწოდებას მისი დამტკიცებიდან „ერთი ან ორი კვირის განმავლობაში.“ ასევე, აშშ განიხილავს უკრაინაში 60-მდე სამხედრო მრჩევლის განთავსებას. შეგახსენებთ, მრავალთვიანი დისკუსიების შემდეგ, აშშ-ის კონგრესის ქვედა პალატამ - წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა უკრაინისთვის 60,8 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტს. კანონპროექტს მხარი წარმომადგენელთა პალატის 311 წევრმა დაუჭრა, 112 წინააღმდეგი იყო. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის „გამარჯვების შანსს“ ხედავს მას შემდეგ, რაც შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ მიიღო კანონპროექტი, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია უკრაინის თავდაცვისთვის.
პაპუაშვილის თქმით, საქართველოში ევროკავშირის დაფინანსება გაუმჭვირვალეა
„ეს შეიძლება, არ შედიოდეს მათ ინტერესებში, ვისი ფინანსებიც საქართველოში შემოდის გაუმჭვირვალედ და სამწუხაროდ, ევროკავშირის დაფინანსებაც საქართველოში არის გაუმჭვირვალე - აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, ჯოზეფ ბორელს არ აქვს წაკითხული ეს კანონპროექტი,“ - ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა, რითაც, მათ შორის, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელის განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც ამბობს, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი ევროკავშირის ღირებულებებთან შეუთავსებელია. პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ „საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პოლიტიკური პარტიების ფარულად დაფინანსება არის არასწორი საქციელი.“ „როცა ჩვენ გამჭვირვალობის კანონზე ვსაუბრობთ, უნდა ვიცოდეთ, რომ ეს არის ქართველი ხალხის ინტერესიდან გამომდინარე კანონი. ეს შეიძლება არ შედიოდეს სხვების ინტერესებში, განსაკუთრებით მათ ინტერესებში, ვისი ფინანსებიც საქართველოში შემოდის გაუმჭვირვალედ და სამწუხაროდ, ევროკავშირის დაფინანსებაც საქართველოში არის გაუმჭვირვალე. ჩვენ ვიცით მაგალითები, მაგალითად „ევროპის დემოკრატიის ფონდი“, რომელიც საქართველოში საკუთარ დაფინანსებას მალავს, რაც არის სწორედაც, რომ ევროპული ღირებულებების საწინააღმდეგო. სამწუხაროდ, ერთი წლის განმავლობაში, ევროკავშირის სხვადასხვა სტრუქტურასთან კომუნიკაციით ვცდილობდი, რომ დამერწმუნებინა თავად ევროკავშირის წარმომადგენლები, რომ ევროპული ღირებულებებისგან გადახვევით, საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პოლიტიკური პარტიების ფარულად დაფინანსება არის არასწორი საქციელი. სამწუხაროდ, ვერ შევძელი, ამიტომაც გვიწევს კანონის მიღება. მე სხვების ნაცვლად ვერ გიპასუხებთ, მაგრამ პრობლემა არის შემდეგში. სინამდვილეში, არის მცდელობა აიკრძალოს დისკუსია, რაც არის ანტიევროპული ქცევა. სინამდვილეში, არის მცდელობა ჩაიხშოს საღი აზრი, რაც არის ანტიევროპული ქცევა. სინამდვილეში, ეს არის მცდელობა, რომ იყოს საუბარი ლოზუნგებით და არა შინაარსით. ჩვენ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში რასაც ვაკეთებთ, ვთავაზობთ შინაარსს და რადიკალური ოპოზიციის ქცევას ვხედავთ, რას აკეთებს? - ხევს პლაკატებს, სადაც არის კანონპროექტის ლინკი მითითებული. უნდათ საზოგადოება ამყოფონ ამ ინფორმაციის გარეშე... დარწმუნებული ვარ, ჯოზეფ ბორელს არ აქვს წაკითხული ეს კანონპროექტი, აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ,“ - განაცხადა პაპუაშვილმა. საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ „საგარეო საქმეთა მინისტრებმა გამოხატეს შეშფოთება საქართველოში „საგარეო გავლენის გამჭვირვალობის კანონის გამო.“ მისი თქმით, ეს კანონი „არ შეესაბამება ევროკავშირის ღირებულებებს.“ „განვიხილეთ საქართველოს ვითარება. ეს კანონი იყო წარდგენილი პარლამენტში და მთავრობის მხრიდან იყო აღებული ვალდებულება, გაეწვია ეს კანონპროექტი, არ წარედგინა ის კვლავ. ეს არ შესრულდა. მე და ევროკომისარმა ვარჰეიმ გამოვაქვეყნეთ განცხადება გასულ კვირას, რომელშიც ხაზი გავუსვით, რომ ეს კანონი შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან. ვიმეორებ, ეს შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან. ევროკომისიამ უნდა წარადგინოს ყოველწლიური ანგარიში ამ მოვლენასთან დაკავშირებით, თუმცა ჩვენ ძალიან შეშფოთებული ვართ იმ ფაქტით, რომ ეს კანონი კვლავ წარუდგინეს პარლამენტს," - განაცხადა ბორელმა. შეიძლება თუ არა გაწევრიანების პროცესის გაყინვა საკამათო კანონის გამო - მიშელის პასუხი შეგახსენებთ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის ხელახალ შემობრუნებას ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეები, მათ შორის, ახალგაზრდები, რომლებიც პარლამენტთან ყოველდღე იკრიბებიან, ხელისუფლებას კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ. ახალგაზრდები პარლამენტთან ყოველდღე იკრიბებიან და შემდეგ მსვლელობებს აწყობენ. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი მიღების შემთხვევაში საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს. ცნობისთვის, პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ სადავო კანონპროექტი, პირველი მოსმენით, პროტესტის ფონზე მიიღო. კანონის საბოლოოდ მისაღებად საჭიროა მეორე და მესამე მოსმენა, რომელიც მაისისთვის იგეგმება. ვინ დაუჭირა მხარი ე.წ. „უცხოური აგენტების კანონპროექტს“ პირველი მოსმენით
ლიეტუვაში გერმანული არმიის სამხედრო წვრთნები იწყება
ლიეტუვაში გერმანული არმიის სამხედრო წვრთნები იწყება. ლიეტუვის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, დღეს ლიეტუვაში ბუნდესვერის მასშტაბური სამხედრო წვრთნები Grand Quadriga 2024 იწყება. ბუნდესვერის სამხედრო წვრთნებში ლიეტუვის არმიის ქვედანაყოფებიც ჩაერთვებიან. სამხედრო წვრთნებში მონაწილეობას 3 ათასზე მეტი გერმანელი სამხედრო მოსამსახურე და 200 ერთეული სამხედრო ტექნიკა მიიღებს. ლიეტუვაში გერმანული არმიის სამხედრო წვრთნები მაისის ბოლომდე გაგრძელდება. გერმანიამ ლიეტუვაში ბრიგადის მუდმივად განლაგება დაიწყო
ევროპარლამენტარის თანამშრომელი ჩინეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაშია ეჭვმიტანილი
მემარჯვენე პოპულისტური პარტიის, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) ერთ-ერთი წევრის თანამშრომელი დრეზდენში ჩინეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს. ეჭვმიტანილი, 43 წლის ციან გ. პარტია “ალტერნატივა გერმანიისთვის” წევრ ევროპარლამენტარ მაქსიმილიან კრაგის გუნდში მუშაობს. კრაგის ოფიციალურ ვებგვერდზე მის პოზიციად მითითებულია "აკრედიტებული თანაშემწე." ციან გ. ეჭვმიტანილია უკანონო ჯაშუშურ საქმიანობაში, მათ შორის ჩინელი ოპოზიციონერების თვალთვალში და გერმანიის პარლამენტის მუშაობის შესახებ ინფორმაციის პეკინისთვის გადაცემაში. გერმანიის გენერალურმა პროკურორმა განაცხადა, რომ ციან გ. ჩინეთის სადაზვერვო სამსახურის თანამშრომელია და რომ მიმდინარე წლის იანვარში მან თავის დამკვეთებს გადასცა ინფორმაცია ევროპარლამენტში მოლაპარაკებებისა და გადაწყვეტილებების შესახებ. “ალტერნატივა გერმანიისთვის” პრესსპიკერმა განაცხადა, რომ ციან გ.-ს დაკავების შესახებ ცნობები "ძალიან შემაშფოთებელია."
ოკუპირებული ცხინვალიდან ანექსირებულ ყირიმში ლუდის მიწოდება დაიწყო
რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან ლუდის მიწოდება დაიწყო, ინფორმაციას დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. დე ფაქტო უწყების ინფორმაციით თებერვალში „ცხინვალის დელეგაციამ ყირიმის წარმომადგენლებთან განიხილა თანამშრომლობის საკითხების მთელი სპექტრი" და მხარეები შეთანხმდნენ „ერთმანეთისთვის კონკრეტული საქონლის მიწოდებაზე.“ „შეხვედრაზე მიღწეული შეთანხმებების შემდგომ, საწარმომ „მაღალმთიანი ყელის ლუდსახარშმა“ (სოფელი ლენინგორი) (რედ. ახალგორი) განახორციელა სამი სახეობის ლუდის პირველი პარტიის მიწოდება 26 000 ბოთლის ოდენობით,“ – ნათქვამია განცხადებაში. გავრცელებული ინფორმაციით, პროდუქცია ანექსირებული ყირიმის მაღაზიაში გამოჩნდება და მოთხოვნის შესაბამისად გათვალისწინებულია მოცულობის გაზრდა. 2008 წლამდე ლუდს ახალგორში ქართული კომპანია „ლომისი“ აწარმოებდა. ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების ინფორმაციით, ახალი ქარხანა "მაღალმთიანი ყელის ლუდსახარში“ 2022 წელს ყოფილი სახელმწიფო საწარმოს „ალუტონის“ ბაზაზე გაიხსნა.