ძებნის რეზულტატი:

პრეზიდენტი აქციის მონაწილეებს: არ მეშინია, თქვენ ხელში ეს ქვეყანა იქნება ევროპულიც, დემოკრატიულიც, რაც მთავარია დამოუკიდებელი და ძალიან ქართული

„არ მეშინია, თქვენ ხელში ეს ქვეყანა იქნება ევროპულიც, დემოკრატიულიც, რაც მთავარია დამოუკიდებელი და ძალიან ქართული -ამ გზას გავივლით ერთად! - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს. ზურაბიშვილი აქციის მონაწილეებს, რომლებიც პრეზიდენტის სასახლესთან მივიდნენ, მადლობას უხდის. „ამაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს შენი ქვეყნის ახალგაზრდობა, ქვეყნის მომავალი, რომ მადლობის სათქმელად მოდის პრეზიდენტის სასახლესთან. მეც მადლობას გიძღვნით, რომ ხართ თავისუფალნი და ღირსეულნი, ძლიერნი და მართალნი. არ მეშინია, თქვენ ხელში ეს ქვეყანა იქნება ევროპულიც, დემოკრატიულიც, და რაც მთავარია დამოუკიდებელი და ძალიან ქართული. ამ გზას გავივლით ერთად!“ - წერს ზურაბიშვილი.  

სალომე ზურაბიშვილი: უკრაინა თითოეული ჩვენგანისთვის იბრძვის და სრულ მხარდაჭერას იმსახურებს - დიდება უკრაინას!

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ უკრაინისთვის 61 მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტის გადაცემის მნიშვნელობას უსვამს ხაზს. ზურაბიშვილი აღნიშნავს, რომ უკრაინა თითოეული ჩვენგანისთვის იბრძვის და სრულ მხარდაჭერას იმსახურებს. „აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ უკრაინის დახმარების პაკეტის ორპარტიული მხარდაჭერა მნიშვნელოვანი მოვლენაა. უკრაინა თითოეული ჩვენგანისთვის იბრძვის და სრულ მხარდაჭერას იმსახურებს. დიდება უკრაინას!“ - წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ X-ზე. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ უკრაინისთვის 60,8 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტი დაატკიცა  

უკრაინამ ლიეტუვიდან სამხედრო დახმარების კიდევ ერთი ტვირთი მიიღო

ლიეტუვამ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების კიდევ ერთი პაკეტის გადაცემის შესახებ გამოაცხადა. ამის შესახებ ლიეტუვის თავდაცვის სამინისტრო იტყობინება. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უკრაინაში დღეს ლიეტვის სამხედრო დახმარების კიდევ ერთი ტვირთი ჩავიდა. „უკრაინის შეიარაღებულ ძალებს მივაწოდეთ დაშლილი, მსუბუქი თავდასხმის თვითმფრინავი L-39ZA Albatros,“ - ნათქვამია ინფორმაციაში. პოსტში ასევე ნათქვამია, რომ ლიეტუვის არმიამ გამოიყენა თვითმფრინავი L-39 ოფიცრების მოსამზადებლად, მფრინავების საბრძოლო მზადყოფნის უზრუნველსაყოფად.“ 2021 წლის აპრილში ლიეტუვის შეიარაღებული ძალების მეთაურის ბრძანებით, თვითმფრინავი გამოუყენებლად გამოცხადდა გაუმართაობის გამო. ეს „ალბატროსი“ 2019 წლის შემდეგ არ დაფრინავს ძრავის გაუმართაობის გამო. უწყების ცნობით, მიწოდებული აღჭურვილობა უკრაინაში უკვე ჩავიდა. ლიეტუვის ხელისუფლებამ თითქმის 15 მილიონი ევრო გამოყო სპეციალური სარეაბილიტაციო პროგრამისთვის, რომელიც უკრაინელი სამხედროებისთვის არის შექმნილი.  

ბაიდენი: უკრაინისთვის დახმარების პაკეტის მიღება ამერიკის ლიდერობაზე ნათელ სიგნალს აგზავნის

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა წარმომადგენელთა პალატის მიერ უკრაინისთვის დახმარების პაკეტის დამტკიცების შემდეგ განაცხადა, რომ უკრაინისთვის დახმარების პაკეტის მიღება ამერიკის ლიდერობაზე ნათელ სიგნალს აგზავნის. „დღეს წარმომადგენელთა პალატის ორივე პარტიის წევრებმა ხმა მისცეს ჩვენი ეროვნული ინტერესების წინ წაწევას და ნათელი მესიჯის გაგზავნას მსოფლიო არენაზე ამერიკული ლიდერობის ძალის შესახებ. ასეთ კრიტიკულ გარდამტეხ მომენტში ისინი გაერთიანდნენ, რათა ისტორიის მოწოდებისთვის ეპასუხათ და მიიღეს სასწრაფოდ საჭირო ეროვნული უსაფრთხოების კანონპროექტი, რომლის დამტკიცებისთვისაც თვეების განმავლობაში ვიბრძოდი. მოვუწოდებ სენატს, სწრაფად გამოაგზავნონ ეს პაკეტი, რათა შემეძლოს, ხელმოწერა და კანონად მისი ქცევა; სწრაფად შევძლოთ უკრაინისთვის იარაღისა და აღჭურვილობის გაგზავნა, რომ გადაუდებელი საბრძოლო საჭიროებები დაიკმაყოფილონ,” - განაცხადა ბაიდენმა. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ უკრაინისთვის 60,8 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტი დაატკიცა  

კულება: ცუდი დღეა პუტინისთვის

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ დახმარების დამტკიცების შემდეგ ამბობს, რომ ცუდი დღეა პუტინისთვის და ყველასთვის, ვინც ბედავდა, ეფიქრა, რომ ამერიკა შეიძლება, შედრკეს. „ცუდი დღე პუტინისთვის. ცუდი დღეა ყველასთვის, ვინც გაბედა დაჯერება იმისა, რომ ამერიკას შეუძლია მერყეობა, როდესაც საქმე ეხება იმის დაცვას, რისკენ და ვისკენაც დგას. მადლობელი ვართ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის, მისი სპიკერისა და ორივე პარტიის წევრების, უკრაინის დახმარების დიდი ხნის ნანატრი კანონპროექტის მიღებისთვის. ყველამ, ვინც ეს გადაწყვეტილება რეალობად აქცია, სწორი არჩევანი გააკეთა. შეერთებულმა შტატებმა კვლავ დაადასტურა თავისი გლობალური ლიდერობა. ველით, რომ კანონპროექტი სწრაფად იქნება მიღებული სენატში, ხელი მოეწერება პრეზიდენტის მიერ და მას ფრონტის ხაზზე ჩვენი მეომრები იგრძნობენ,” - წერს კულება. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ უკრაინისთვის 60,8 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტი დაატკიცა  

იენს სტოლტენბერგი: აშშ-ის ეს მნიშვნელოვანი დახმარება, უკრაინისადმი ევროპელი მოკავშირეების დახმარებას შეავსებს

NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების დამტკიცებას მიესალმა. „მივესალმები ამ კანონპროექტის წარმომადგენელთა პალატაში მიღებას. ეს აჩვენებს უკრაინის ორპარტიულ მხარდაჭერას, რომელიც გრძელდება. დახმარების ეს მნიშვნელოვანი გაძლიერება შეავსებს ათობით მილიარდის დახმარებას, რომელსაც უკრაინას ევროპელი მოკავშირეები აწვდიან. მოვუწოდებ სენატს სწრაფად იმოქმედოს და გაუგზავნოს ეს კანონპროექტი [ხელმოსაწერად] პრეზიდენტი ბაიდენს,“ - განაცხადა სტოლტენბერგმა. აღსანიშნავია, რომ 19 აპრილს NATO-უკრაინის საბჭოზე თავდაცვის მინისტრები შეთანხმდებოდნენ უკრაინისთვის შემდგომ სამხედრო დახმარებაზე, მათ შორის, საჰაერო თავდაცვის სფეროში. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ უკრაინისთვის 60,8 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტი დაატკიცა  

ვაზიანის პოლიგონზე საველე წვრთნები საბრძოლო სროლებით დასრულდა

საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის მე-4 ქვეითი ბრიგადის 42-ე შერეული ჯავშანსატანკო ბატალიონის 44-ე საარტილერიო ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებმა ვაზიანის პოლიგონზე საველე სწავლება ჩაატარეს. საველე წვრთნები საბრძოლო სროლებით დასრულდა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სწავლების მიზანს მასირებული ცეცხლის წარმოებით პირობითი მოწინააღმდეგის განადგურება წარმოადგენდა. ასეულის დონის ქვედანაყოფების ჯარისკაცებმა ტაქტიკური გადაადგილების, საფრთხეზე რეაგირებისა და პირობითი მოწინააღმდეგის განადგურების ამოცანები შეასრულეს. მსგავსი სახის სწავლებები ხელს უწყობს თავდაცვის ძალების მზადყოფნის დონის ამაღლებასა და ქვედანაყოფებს შორის სინქრონიზებულ მოქმედებას.  

ევროპარლამენტარი მიჰაილ გალარი საქართველოზე: საზოგადოებას აქვს შანსი, გააერთიანოს ძალები და მოაწყოს სანდო პროევროპული ალტერნატივა მომავალი არჩევნებისთვის

ევროპარლამენტარი (EPP, გერმანია) მიჰაილ გალარი თბილისში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებთით აცხადებს, რომ საზოგადოებას მომავალ არჩევნებზე შანსი აქვს. „საქართველოს ხელისუფლება, მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ და მათი ნათლია ივანიშვილი ნამდვილად არასწორ გზაზე დგანან. საკმაოდ დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოებას, რომელიც საპროტესტო აქციებს მართავს, აქვს შანსი, გააერთიანოს ძალები და მოაწყოს სანდო პროევროპული ალტერნატივა მომავალი არჩევნებისთვის!“ - წერს გალერი სოციალურ პლატფორმა X-ზე. შეგახსენებთ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის ხელახალ შემობრუნებას ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეები, მათ შორის, ახალგაზრდები, რომლებიც პარლამენტთან ყოველდღე იკრიბებიან, ხელისუფლებას კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი მიღების შემთხვევაში საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს.

დაბალბიუჯეტურმა ავიაკომპანია Transavia-მ ამსტერდამი-თბილისის მიმართულებით პირველი ფრენა შეასრულა

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაბალბიუჯეტურმა ნიდერლანდურმა ავიაკომპანია Transavia-მ დაიწყო ოპერირება. ნიდერლანდების სამეფოს ავიახაზებმა ამსტერდამი-თბილისის მიმართულებით პირველი ფრენა შეასრულა, თბილისში 187 მგზავრი ჩამოფრინდა, ხოლო ამსტერდამში 185 გაემგზავრა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ინფორმაციით, ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე ავიაკომპანია ამსტერდამი-თბილისის მიმართულებით რეისებს კვირაში ორჯერ, ყოველ ოთხშაბათსა და შაბათს, Boeing 737-8 ტიპის საჰაერო ხომალდით შეასრულებს. Transavia ნიდერლანდების სამეფოს ნომერ პირველი ბიუჯეტური და სიდიდით მეორე ავიაგადამზიდავია. Air France – KLM ჯგუფის წევრი ავიაკომპანია, 50 წელია, ნიდერლანდებიდან 20-ზე მეტი ქვეყნის 100-ზე მეტი მიმართულებით დაფრინავს და ყოველწლიურად ცხრა მილიონი მგზავრი გადაჰყავს. Transavia-ს შვიდი ბაზა აქვს. ავიაკომპანიის ხომალდები ბაზირებულია ნიდერლანდების სამეფოს, საფრანგეთისა და გერმანიის აეროპორტებში.  

აშშ განიხილავს კიევში ახალი სამხედრო მრჩევლების გაგზავნის საკითხს

აშშ მსჯელობს კიევში, ამერიკის საელჩოში, ახალი სამხედრო მრჩევლების გაგზავნის საკითხზე. ამის შესახებ Politico იტყობინება. პენტაგონის წარმომადგენლის გენერალ-მაიორ პატრიკ რაიდერის სიტყვებით, მრჩევლები არ მიიღებენ მონაწილეობას საომარ მოქმედებებში, ისინი კონსულტაციას გაუწევენ და მხარს დაუჭერენ უკრაინის ხელისუფლებასა და შეიარაღებულ ძალებს. „ოპერატიული უსაფრთხოებიდან გამომდინარე“, რაიდერს არ დაუსახელებია მრჩევლების ზუსტი რაოდენობა. Politico წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ კიევში შესაძლოა, 60 ადამიანი გაემგზავროს. „დამატებითი ძალები უკრაინას დაეხმარებიან ლოგისტიკურ საკითხებში, ასევე, იმ შეიარაღების მეთვალყურეობაში, რომელსაც აშშ უკრაინას უგზავნის,“ - განუცხადა გამოცემას ამერიკელმა მაღალჩინოსანმა, რომელთა ვინაობაც დასახელებული არ არის. 20 აპრილს, აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ მრავალთვიანი დისკუსიების შემდეგ დაამტკიცა უკრაინისთვის დახმარების გამოყოფა. ეს ნაწილია უფრო ფართო პაკეტისა, რომელიც ასევე ითვალისწინებს დახმარებას ვაშინგტონის სხვა მოკავშირეებისთვისაც, მათ შორის, ისრაელისთვის და ტაივანისთვის. მთლიანობაში პაკეტი მოიცავს 95,3 მილიარდ დოლარს, რაც შეესაბამება იმ თანხას, რომელიც აშშ-ის სენატმა თებერვალში დაამტკიცა. მაგრამ წარმომადგენელთა პალატის პაკეტში რამდენიმე განსხვავებაა სენატის დოკუმენტთან შედარებით. მიმომხილველთა აზრით, ამ განსხვავებების მიზანი იყო, დაეშოშმინებინა წარმომადგენელთა პალატის კონსერვატორები. დოკუმენტის თანახმად, უკრაინა მიიღებს 60,84 მილიარდ დოლარს. Politico აშშ-ის მაღალი რანგის მოხელეებზე დაყრდნობით წერს, რომ პენტაგონი ემზადება, სწრაფად დაამტკიცოს უკრაინისთვის უკიდურესად აუცილებელი იარაღის სია, მათ შორის, საარტილერიო ჭურვები და საჰაერო თავდაცვის საშუალებები. საგარეო საქმეთა სამინისტრო საამისოდ ელოდებოდა დახმარების კანონპროექტის დამტკიცებას. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ უკრაინისთვის 60,8 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტი დაატკიცა  

აშშ უკრაინას იარაღსა და საბრძოლო მასალას რამდენიმე დღეში მიაწვდის

აშშ-ის თავდაცვის უწყების პრესსპიკერმა პატრიკ რაიდერმა განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინისთვის იარაღისა და საბრძოლო მასალის მიწოდებას სამხედრო დახმარების შესახებ კანონპროექტზე ხელმოწერიდან რამდენიმე დღეში შეძლებს. „ჩვენ გვაქვს ძალიან ძლიერი ლოგისტიკური ქსელი, რომელიც საშუალებას გვაძლევს გადავიტანოთ აღჭურვილობა ძალიან სწრაფად, როგორც ამას ადრე ვაკეთებდით,“ - ციტირებს The New York Times-ი პატრიკ რაიდერს. გამოცემას ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა განუცხადეს, რომ იარაღს პენტაგონის საწყობებიდან სარკინიგზო ტრანსპორტით გერმანიაში გადაიტანენ. კონკრეტულად რა შედის უკრაინის დახმარების ახალ პაკეტში, არ არის დაზუსტებული, მაგრამ, რაიდერის თქმით, სავარაუდოდ, იქნება დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალა საჰაერო თავდაცვისა და არტილერიისთვის. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ უკრაინისთვის 61 მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტის გადაცემას მხარი დაუჭირა. სენატის მიერ დატკიცების შემდეგ, კანონპროექტს ხელს ჯო ბაიდენი მოაწერს. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ უკრაინისთვის 60,8 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტი დაატკიცა  

ლიეტუვა და პოლონეთი სუვალკის დერეფნის დასაცავად წვრთნებს ატარებენ

ლიეტუვისა და პოლონეთის სამხედროები, NATO-ს მოკავშირეების მონაწილეობით, სუვალკის დერეფნის მიდამოებში წვრთნებს ატარებენ. იუწყება ლიეტუვის არმიის სარდლობა. წვრთნებში 1500 სამხედრო მოსამსახურე, ასევე, დაახლოებით 200 ერთეული სამხედრო ტექნიკა მონაწილეობს. სწავლებაში ამერიკელი და პორტუგალიელი სამხედრო მოსამსახურეებიც ჩაერთნენ. წვრთნები 26 აპრილამდე გაგრძელდება. ჯერ კიდევ იანვარში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლიეტუვა და პოლონეთი ემზადებოდნენ ერთობლივი სამხედრო წვრთნების ჩასატარებლად სუვალკის დერეფნის გასწვრივ, რომლის მდებარეობა მას უკიდურესად დაუცველს ხდის NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგზე რუსეთის თეორიული აგრესიის მიმართ. ეს ინფორმაცია Delfi-სთან ერთობლივ ინტერვიუში ორივე ქვეყნის პრეზიდენტებმა გიტანას ნაუსედამ და ანდჯეი დუდამ დაადასტურეს. ცნობისთვის, ასი კილომეტრის სიგრძის დერეფანი ქალაქების სუვალკის, ავგუსტოვისა და სეინის გარშემო არსებული ტერიტორიაა, რომელიც პოლონეთსა და ლიეტუვას ერთმანეთთან აკავშირებს. ის ერთმანეთისგან ჰყოფს რუსეთის კალინინგრადის ოლქსა და ბელორუსს. დერეფნის უსაფრთხოების შესახებ შეშფოთება ლიეტუვისა და პოლონეთის მხრიდან უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრამდე დიდი ხნით ადრე გამოითქვა. ჯერ კიდევ 2019 წელს ქვეყნები შეთანხმდნენ საზღვრის ამ მონაკვეთის დაცვის გაძლიერებაზე, ხოლო 2022 წლის ივლისში დუდამ და ნაუსედამ ერთობლივად მოინახულეს სუვალკის დერეფანი.  

NATO საჰაერო თავდაცვის გაძლიერების მიზნით, ახალ წვრთნებს ჩაატარებს

თავდაცვის გაძლიერების მიზნით, NATO-ს 13 მოკავშირე ქვეყნის საჰაერო, საზღვაო და სახმელეთო ძალები საბერძნეთში, პელოპონესში, წვრთნებს  - Ramstein Flag 24 ჩაატარებენ. Ramstein Flag არის მოკავშირეთა საჰაერო სარდლობის უახლესი სწავლება, რომელიც უზრუნველყოფს დახვეწილ მრავალდომენიან ტაქტიკური დონის ცოცხალ სწავლებას, რომელიც მოიცავს რეალისტურ პრობლემათა კომპლექტს რთულ ოპერაციულ გარემოში. ალიანსში მიაჩნიათ, რომ გეოპოლიტიკური დაძაბულობის განვითარებასთან ერთად,  NATO-ს წვრთნების გავითარება და მოდიფიცირებაა საჭირო - Ramstein Flag-ი კი, NATO-ს მომავლის წვრთნებია. მოკავშირეთა 140-ზე მეტი თვითმფრინავი, საზღვაო, სახმელეთო და სპეციალური ოპერაციების ძალებთან ერთად შეასრულებს ერთობლივი საჰაერო ძალის შემადგენელ კომპონენტებს. Ramstein Flag-ის სწავლების დროს ფოკუსში იქნება პოტენციური მოწინააღმდეგის შესაძლებლობების დაქვეითება. ყურადღება გამახვილდება არსებულ და მომავალ საფრთხეებზე. Ramstein Flag 24-ის მთავარი მიზანია, თანამშრომლობის  თავსებადობის, ინტეგრაციის გაძლიერება და NATO-ს გადაწყვეტილების, ვალდებულების და უნარის დემონსტრირება პოტენციური მოწინააღმდეგეების შეკავებისა და ალიანსის დაცვის მრავალდომენიანი ოპერაციების საშუალებით. წვრთნები 30 სექტემბრიდან 11 ოქტომბრამდე ჩატარდება.  

ზელენსკი: აშშ-ის დახმარება უკრაინას გამარჯვების შანსს აძლევს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის „გამარჯვების შანსს“ ხედავს მას შემდეგ, რაც შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ მიიღო კანონპროექტი, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია უკრაინის თავდაცვისთვის. ამის შესახებ მან NBC-სთან ინტერვიუში ისაუბრა. „ვფიქრობ, ეს დახმარება მართლაც გააძლიერებს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს. და ჩვენ გამარჯვების შანსი გვექნება, თუკი უკრაინა მართლაც მიიღებს შეიარაღების სისტემას, რომელიც ასე ძალიან გვჭირდება,“ განაცხადა ზელენსკიმ 21 აპრილს NBC-სთან ინტერვიუში. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ უკრაინისთვის 60,8 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტი დაატკიცა მრავალთვიანი დისკუსიების შემდეგ, აშშ-ის კონგრესის ქვედა პალატამ - წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა უკრაინისთვის 60,8 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტს. კანონპროექტს მხარი წარმომადგენელთა პალატის 311 წევრმა დაუჭრა, 112 წინააღმდეგი იყო. „უკრაინელი სამხედროების მთავარი პრიორიტეტებია შორ მანძილზე მოქმედი იარაღი და საჰაერო თავდაცვის სისტემები, განუცხადა ზელენსკიმ NBC-ს.  ამერიკელმა დემოკრატმა სენატორმა მარკ უორნერმა 21 აპრილს განაცხადა, რომ შორ მანძილზე მოქმედ ტაქტიკური სარაკეტო სისტემები (ATACMS), რომელსაც შეუძლია 300 კილომეტრამდე მიღწევა, შესაძლოა, უკრაინაში გასაგზავნად "კვირის ბოლომდე" იყოს მზად. ზელენსკის თქმით, უკრაინის შესაძლებლობა, ხელახლა აიღოს ინიციატივა რუსეთისგან, დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად სწრაფად შეძლებს ახალი ამერიკული იარაღის ადგილზე ჩაღწევას. „ახლა ჩვენ გვაქვს სიტუაციის სტაბილიზაციისა და ინიციატივის აღების შანსი და სწორედ ამიტომ გვჭირდება, რეალურად გვქონდეს იარაღის სისტემები,“ აღნიშნავს უკრაინის პრეზიდენტი. ცნბისთვის, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებული პაკეტი გადაინაცვლებს დემოკრატების კონტროლქვეშ მყოფ სენატში, სადაც თითქმის გარანტირებულია მისი სწრაფი დამტკიცება. ამის შემდეგ მას ხელი შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უნდა მოაწეროს. ეს დახმარება ნაწილია უფრო ფართო პაკეტისა, რომელიც ასევე ითვალისწინებს დახმარებას ვაშინგტონის სხვა მოკავშირეებისთვისაც, მათ შორის, ისრაელისთვის და ტაივანისთვის. „მადლობელი ვარ შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის, ორივე პარტიის და პირადად სპიკერის მაიკ ჯონსონის გადაწყვეტილებისთვის, რომელიც ისტორიის სწორ გზას აგრძელებს. დემოკრატიას და თავისუფლებას ყოველთვის ექნება გლობალური მნიშვნელობა და არასოდეს დამარცხდება, ვიდრე ამერიკა მათ დაცვაში დაეხმარება. აშშ-ის დახმარების სასიცოცხლო კანონპროექტი, რომელიც დღეს მიიღო პალატამ, ხელს შეუშლის ომის გაფართოებას, გადაარჩენს ათასობით ადამიანის სიცოცხლეს და ორივე ჩვენს ერს უფრო გააძლიერებს. მშვიდობა და უსაფრთხოება მხოლოდ სიძლიერით მიიღწევა. ვიმედოვნებთ, რომ კანონპროექტები სენატში იქნება მხარდაჭერილი და შემდეგ პრეზიდენტ ბაიდენს გადაეგზავნება,“ წერს პრეზიენტი ვოლოდიმი ზელენსკი სოციალურ პლატფორმა X-ზე. ზელენსკი: აშშ-ის კონგრესის მიერ პაკეტის დამტკიცების შემდეგ, უკრაინა შეერთებულ შტატებთან უსაფრთხოების ორმხრივ შეთანხმებას გააფორმებს მედიის ცნობით, ამერიკული იარაღის ნაწილი უკვე განლაგებულია ევროპის მასშტაბით საწყობებში და მისი უკრაინაში დაუყოვნებლივ გადატანა შესაძლებელია. ზოგიერთი აღჭურვილობა შეიძლება, უკრაინაში რამდენიმე დღეში ჩაიტანონ, ზოგს კი, შესაძლოა, კვირები დასჭირდეს. პენტაგონის სპიკერმა პატრიკ რაიდერმა უარი თქვა დეტალების დაკონკრეტებაზე იმის შესახებ, თუ რას მოიცავს სამომავლო დახმარების პაკეტი. მაგრამ, მისი თქმით, შეერთებულ შტატებს აქვს ძალიან საიმედო ლოგისტიკური ქსელი, რომელიც საშუალებას აძლევს მას, ძალიან სწრაფად გადაიტანოს მატერიალური აქტივები. ეს შეიძლება, დღეების საკითხი იყოს. აშშ-ის კონგრესის მიერ დამატებითი დაფინანსების დამტკიცების შემდეგ აშშ უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას დაუყოვნებლივ დაიწყებს. შესაბამისი განცხადება თეთრი სახლის პრესმდივანმა, კარინ ჟან-პიერმა გააკეთა. „როგორც უკვე არაერთხელ ვთქვით, უკრაინელებმა კონგრესის უმოქმედობის გამო ტერიტორიები დათმეს. მაგრამ ჩვენ მოხარული ვართ, რომ კონგრესი წინ ორპარტიულ საფუძველზე მიიწევს. ჩვენ გვსურს, რომ კონგრესმა, სენატმა ეს დაამტკიცოს და იგი პრეზიდენტის მაგიდაზე მოხვდეს და პრეზიდენტი ამ დახმარებას ხელს დაუყოვნებლივ მოაწერს,“ - განაცხადა კარინ ჟან-პიერმა. კარინ ჟან-პიერმა აღნიშნა, რომ პუტინის მიზანი უკრაინის სუვერენული ტერიტორიების ხელში ჩაგდებაა. „და ჩვენ ამას ვერ დავუშვებთ. ჩვენ ვიცით, რა ხდება, როდესაც ტირანსა და დიქტატორს ვერ აჩერებენ და ჩვენ ვერ დავუშვებთ, რომ ისტორია განმეორდეს,“ - აღნიშნა თეთრი სახლის პრესმდივანმა. სენატმა, რომელსაც დემოკრატები აკონტროლებენ, დახმარების შესახებ კანონპროექტი თებერვალში მიიღო, სოლიდური 70%-იანი ორპარტიული უმრავლესობით, ხოლო პაკეტის მომხრეებმა განაცხადეს, რომ ის ასეთივე პროპორციით გავიდოდა წარმომადგენელთა პალატაში, ჯონსონს კენჭისყრის ნება რომ დაერთო. ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა პირობა დადო, რომ კანონპროექტის მიღების შემთხვევაში ის მას ხელს მოაწერს. აშშ-ის სადაზვერვო უწყების ხელმძღვანელობამ 11 მარტს გააფრთხილა ამერიკელი კანონმდებლები, რომ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდების შეფერხება რუსეთს შესაძლებლობას მისცემს, უკრაინის მეტი ტერიტორია დაიკავოს. რუსეთი ვერ გაიმარჯვებს მაშინაც კი, თუ მისმა სამხედროებმა უკრაინა დაიკავეს“: ორი წელი ომიდან  

პარლამენტთან შეკრების შემდეგ, აქციის მონაწილეებმა საპროტესტო მსვლელობა მოაწყვეს

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, ახალგაზრდები „უცხოური აგენტების კანონის“ გასაპროტესტებლად კვლავ შეიკრიბნენ. რუსთაველის გამზირი გადაკეტილი იყო. აქციის მონაწილეებმა მსვლელობით უზენაესი სასამართლოსკენ გადაინაცვლეს. მსვლელობა იუსტიციის სახლთან დასრულდა. ხვალიდან, პროტესტი კვლავ გაგრძელდება. შეგახსენებთ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის ხელახალ შემობრუნებას ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეები, მათ შორის, ახალგაზრდები, რომლებიც პარლამენტთან ყოველდღე იკრიბებიან, ხელისუფლებას კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი მიღების შემთხვევაში საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს. ცნობისთვის,  პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ სადავო კანონპროექტი, პირველი მოსმენით, პროტესტის ფონზე მიიღო. კანონის საბოლოოდ მისაღებად საჭიროა მეორე და მესამე მოსმენა, რომელიც მაისისთვის იგეგმება. ვინ დაუჭირა მხარი ე.წ. „უცხოური აგენტების კანონპროექტს“ პირველი მოსმენით  

სკოლების ნაწილში სამძებრო-საგამოძიებო მოქმედებები უკვე დასრულდა, ნაწილში - გრძელდება

სუს-ში აცხადებენ, რომ ინფორმაცია, თითქოს ერთ-ერთ სკოლაში იარაღი ან ბომბი იყო აღმოჩენილი, სიმართლეს არ შეესაბამება სუს-ში აცხადებენ, რომ ოპერატიული სამძებრო-საგამოძიებო მოქმედებები რამდენიმე სკოლაში მიმდინარეობს. მათივე ცნობით, სკოლების ნაწილში მუშაობა უკვე დასრულდა, ნაწილში კი გრძელდება. სუს-ის ინფორმაციით, იარაღი ან ასაფეთქებელი მოწყობილობა ამ დროისთვის არც ერთ სკოლაში არ არის აღმოჩენილი. ოპერატიული სამძებრო-საგამოძიებო მოქმედებები ტელეგრამარხებით გავრცელებულ მუარის შემცველ შეტყობინებებს უკავშირდება. ერთ-ერთ Telegram არხზე ტერორიზმთან დაკავშირებული ინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს, რომ „შესაბამისი სამსახურები ახორციელებენ პროტოკოლით გათვალისწინებულ ყველა გადაუდებელ და საჭირო ღონისძიებას”. განათლების სამინისტროში განაცხადეს, რომ "შესაბამისი უწყებები საქმის კურსში არიან" და "აუცილებლად მოხდება რეაგირება." ახლად შექმნილ რუსულენოვან ტელეგრამ-არხზე მუქარის შემცველი ინფორმაცია გავრცელდა. ამ დროისთვის აღნიშნული არხი წაშლილია.  

აშშ-ის დახმარების ახალი პაკეტი უკრაინისთვის ATACMS-ების მიწოდებასაც ითვალისწინებს

შეერთებულმა შტატებმა შეიძლება, დაიწყოს უკრაინაში შორი დისტანციის ტაქტიკური სარაკეტო სისტემების (ATACMS) გადაცემა, ვიდრე თეთრი სახლი ელოდება სამხედრო დახმარების პაკეტის დამტკიცებას, რომელიც ახლახან მიიღო წარმომადგენელთა პალატამ. ამის შესახებ ამერიკელმა დემოკრატმა სენატორმა მარკ უორნერმა CBS-ს განუცხადა.  „იმედი მაქვს, რომ მას შემდეგ, რაც ის [კანონი] პრეზიდენტთან მოხვდება სამშაბათს ან ოთხშაბათს, ეს ნაკადი ჩაეშვება შორი მოქმედების რაკეტებთან, ATACMS-ებთან [ერთად], მე იმედი მაქვს, როდესაც მას პრეზიდენტი მოაწერს ხელს, ეს ტვირთები კვირის ბოლოსთვის უკვე გზაში იქნება,“ - განუცხადა სენატორმა უორნერმა ტელეკომპანია CBS-ს. მან დაადასტურა, რომ საუბრობდა სწორედ შორი მოქმედების რაკეტა ATACMS-ებზე და რომ ეს კანონში წერია. გასულ კვირას ამერიკული მედია წერდა, რომ უკრაინის სამხედრო დახმარების მოზრდილი პაკეტი პენტაგონმა წინასწარ მოამზადა, შესაბამისად, ასიგნებების დამტკიცების შემდეგ, უკრაინის არმიისთვის იარაღისა და საბრძოლო მასალის მიწოდებას კვირაზე ნაკლები დასჭირდება. შორი მანძილის სარაკეტო სისტემები დიდი ხანია, კიევის მთავარი პრიორიტეტია, თუმცა ზოგიერთი დასავლური მთავრობა თავს იკავებს იარაღის მიწოდებაზე რუსეთთან ესკალაციის შიშის გამო. შეერთებულმა შტატებმა ATACMS-ის რაკეტები პირველად უკრაინას 2023 წლის ოქტომბერში მიაწოდა, თვეების განხილვის შემდეგ. პაკეტში შედიოდა მხოლოდ ძველი მოდელები, რომელთა მანძილი 165 კილომეტრია. ATACMS-ის უახლეს ვარიანტებს აქვთ მაქსიმალური დიაპაზონი დაახლოებით 300 კილომეტრი და ჯერჯერობით, ისინი არ მიუწოდებიათ უკრაინისთვის.  თებერვლის ბოლოს NBC News-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ თეთრი სახლი მზად არის, მიაწოდოს კიევს უფრო დიდი დისტანციის ATACMS-ის რაკეტების ვარიანტები, თუ კონგრესი დაამტკიცებდა დაფინანსების ახალ პაკეტს. ინფორმაციისთვის, MGM-140 ATACMS - ამერიკული კომპანია Lockheed Martin-ის წარმოების ხმელეთი-ხმელეთი ტიპის ტაქტიკურ-ბალისტიკური რაკეტაა. ATACMS-ის გაშვება შესაძლებელია ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან, როგორიცაა, M270 და M142 HIMARS. ტაქტიკური სარაკეტო სისტემა ATACMS-ის მოქმედების რადიუსი 310 კილომეტრია. Europetime-თან ინტერვიუში, უკრაინასა და უზბეკეთში აშშ-ის ყოფილი ელჩი, ატლანტიკური საბჭოს ევრაზიის ცენტრის დირექტორი, ჯონ ჰერბსტი ამახვილებდა ყურადღებას უკრაინისთვის საჭირო იარაღის ტიპსა და მის უპირატესობაზე. „სიაში შედის უფრო შორ მანძილზე მოქმედი არტილერია, ATACMS-ის ტიპის ტაქტიკური სარაკეტო სისტემა, თანამედროვე ტანკები და ჯავშანტრანსპორტიორები. საგულისხმოა, რომ ATACMS-ებით უკრაინას ნამდვილად შეეძლო, ყირიმში მდებარე ინსტალაციის განადგურება, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ, ირანული თვითმფრინავების გასაშვებად გამოიყენებოდა, რაც ასევე მკვეთრად შეამცირებდა მის ინფრასტრუქტურაზე მიყენებულ ზიანს,“ - აღნიშნავდა ჯონ ჰერბსტი Europetime-თან. შეგახსენებთ, მრავალთვიანი დისკუსიების შემდეგ, აშშ-ის კონგრესის ქვედა პალატამ - წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა უკრაინისთვის 60,8 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტს. კანონპროექტს მხარი წარმომადგენელთა პალატის 311 წევრმა დაუჭრა, 112 წინააღმდეგი იყო. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის „გამარჯვების შანსს“ ხედავს მას შემდეგ, რაც შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ მიიღო კანონპროექტი, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია უკრაინის თავდაცვისთვის.  

სუს-ი განცხადებას ავრცელებს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური „ტელეგრამში“ ტერორიზმთან დაკავშირებული ინფორმაციის გავრცელების საქმეზე განცხადებას ავრცელებს. უწყების ცნობით, რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა. „მიმდინარე წლის 21 აპრილს, სოციალურ ქსელებში, კერძოდ ინტერნეტ აპლიკაცია ტელეგრამში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, თბილისის მასშტაბით საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და სავაჭრო ცენტრებში შესაძლო ასაფეთქებელი მოწყობილობების განთავსებისა და მოსალოდნელი თავდასხმების შესახებ მუქარის ფაქტებზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული დანაყოფების მიერ მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა შესაბამისი ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები. სპეციალური კონტრტერორისტული ღონისძიებების შედეგად რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა. აღნიშნულთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესაბამისი დანაყოფი აგრძელებს ოპერატიულ-სამძებრო ღონისიძიებებსმ“ წერს სუს-ი. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს განცხადებით, უწყებას „ტელეგრამში“ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით სწავლის შეწყვეტის გადაწყვეტილება არ მიუღია. სკოლებში ყველა საჭირო ღონისძიება ტარდება. სკოლების ნაწილში სამძებრო-საგამოძიებო მოქმედებები უკვე დასრულდა, ნაწილში - გრძელდება  

რას შეცვლის ATACMS-ის რაკეტები უკრაინისთვის

უკრაინის დახმარების ახალი პაკეტი, რომელიც აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მიიღო, დასამტკიცებლად სენატს გადაეგზავნა. პაკეტი შორ მანძილზე მოქმედ ATACMS-ის რაკეტებსაც მოიცავს, რომელსაც შეუძლია, რომ სამიზნეს 300 კილომეტრამდე მანძილზე დაარტყას. ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, Atlantic Council-ის მკვლევარი პიტერ დიკინსონი მიიჩნევს, რომ ATACMS-ის რაკეტები უკრაინას საშუალებას მისცემს, სამიზნეებზე დარტყმა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყველა რეგიონში განახორციელოს. ანალიტიკოსების აზრით, ATACMS-ის რაკეტები განსაკუთრებით ეფექტიანია ისეთი სამიზნეების წინააღმდეგ, როგორიცაა, თვითმფრინავები აეროდრომებზე, საჰაერო თავდაცვის სისტემები, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები და ლოგისტიკური ცენტრები. ამასთან, კიევის მიერ შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების ახალი პარტიების მიღებამ, შესაძლოა, რუსეთის სარდლობა აიძულოს, ბაზები და სამეთაურო პუნქტები ფრონტის ხაზიდან გადაიტანოს, რაც, თავის მხრივ, ოკუპირებული ტერიტორიების თავდაცვას შეასუსტებს. ინფორმაციისთვის, MGM-140 ATACMS - ამერიკული კომპანია Lockheed Martin-ის წარმოების ხმელეთი-ხმელეთი ტიპის ტაქტიკურ-ბალისტიკური რაკეტაა. ATACMS-ის გაშვება შესაძლებელია ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან, როგორიცაა, M270 და M142 HIMARS. ტაქტიკური სარაკეტო სისტემა ATACMS-ის მოქმედების რადიუსი 310 კილომეტრია. Europetime-თან ინტერვიუში, უკრაინასა და უზბეკეთში აშშ-ის ყოფილი ელჩი, ატლანტიკური საბჭოს ევრაზიის ცენტრის დირექტორი, ჯონ ჰერბსტი ამახვილებდა ყურადღებას უკრაინისთვის საჭირო იარაღის ტიპსა და მის უპირატესობაზე. „სიაში შედის უფრო შორ მანძილზე მოქმედი არტილერია, ATACMS-ის ტიპის ტაქტიკური სარაკეტო სისტემა, თანამედროვე ტანკები და ჯავშანტრანსპორტიორები. საგულისხმოა, რომ ATACMS-ებით უკრაინას ნამდვილად შეეძლო, ყირიმში მდებარე ინსტალაციის განადგურება, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ, ირანული თვითმფრინავების გასაშვებად გამოიყენებოდა, რაც ასევე მკვეთრად შეამცირებდა მის ინფრასტრუქტურაზე მიყენებულ ზიანს,“ - აღნიშნავდა ჯონ ჰერბსტი Europetime-თან. შეგახსენებთ, მრავალთვიანი დისკუსიების შემდეგ, აშშ-ის კონგრესის ქვედა პალატამ - წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა უკრაინისთვის 60,8 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტს. კანონპროექტს მხარი წარმომადგენელთა პალატის 311 წევრმა დაუჭრა, 112 წინააღმდეგი იყო. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის „გამარჯვების შანსს“ ხედავს მას შემდეგ, რაც შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ მიიღო კანონპროექტი, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია უკრაინის თავდაცვისთვის. ამავე თემაზე: ზელენსკი: რუსული ტერორის შესაჩერებლად უკრაინას ATACMS-ის ტიპის ტაქტიკური სარაკეტო სისტემა სჭირდება

ბზის მოჭრაზე კონტროლი მკაცრდება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბზის მოჭრაზე კონტროლს ამკაცრებს. უწყების განცხადებით, ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯადი ქმედებაა - სანქციის ოდენობა გაზრდილია და 500-დან 2000 ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს. „იმ შემთხვევაში, თუ გარემოსთვის მიყენებული ზიანი 1000 ლარს აჭარბებს, საქმეს სისხლის სამართლის კვალიფიკაცია ენიჭება. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბზის მოჭრაზე კონტროლს ამკაცრებს. ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯადი ქმედებაა. სანქციის ოდენობა გაზრდილია და 500-დან 2000 ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს; იმ შემთხვევაში, თუ გარემოსთვის მიყენებული ზიანი 1000 ლარს აჭარბებს, საქმეს სისხლის სამართლის კვალიფიკაცია ენიჭება. ბზის მოპოვება შესაძლებელია მხოლოდ კერძო საკუთრებაში არსებული სანერგეებიდან და ხელოვნურად გაშენებული პლანტაციებიდან, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი ადგილწარმოშობის ცნობის საფუძველზე,“ - ნათქვამია ინფორმაციაში. „კოლხური ბზა წითელი ნუსხით დაცული სახეობაა და მისი მოპოვება სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე აკრძალულია. ეროვნული სატყეო სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, ნუ დაარღვევენ კანონს. თითოეულ გამოვლენილ დარღვევაზე მკაცრი სანქციები გატარდება”, - აცხადებს ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი კახა ცერცვაძე. „ქვეყნის ტერიტორიაზე ბზის ხმობა ბოლო რამდენიმე წელიწადია განსაკუთრებულ პრობლემას წარმოადგენს. გარდა პათოგენური სოკოსა, კოლხური ბზის ბუნებრივი წარმოშობის კორომებს დიდ საფრთხეს უქმნიდა ინვაზიური მავნებელი - ბზის ალურა. ეროვნული სატყეო სააგენტო მართვას დაქვემდებარებულ ტყის ტერიტორიაზე არსებული დაზიანებული კოლხური ბზის კორომებში კომპლექსურ ღონისძიებებს 2016 წლიდან ახორციელებს, რაც, მავნებელ-დაავადებებთან ბრძოლის გარდა, სახეობის საკონსერვაციო ქმედებებსაც მოიცავს. მნიშვნელოვანია, რომ წლების განმავლობაში განხორციელებული ღონისძიებების შედეგად, მავნებლის რიცხოვნობა მკვეთრად შემცირებულია,“ - წერია გავრცელებულ ინფომრაციაში.