ძებნის რეზულტატი:
ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით, მოვუწოდებთ მთავრობას, იმუშაოს პარტნიორებთან - ჯეიმს ო'ბრაიენი
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენი კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ შეერთებული შტატები ქართველი ხალხის გვერდით დგას. ვაშინგტონი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, ევროკავშირისკენ გზა პარტნიორებთან, მათ შორის, ამერიკის შეერთებულ შტატებთან მუშაობით გააგრძელოს. „ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ. მათ ნათლად განაცხადეს, რომ ევროატლანტიკურ ინტეგრაციას მხარს უჭერენ. ჩვენ საქართველოს მთავრობას მოვუწოდებთ, ევროკავშირისკენ გზა პარტნიორებთან, მათ შორის, ამერიკის შეერთებულ შტატებთან მუშაობით გააგრძელოს“, - წერს ჯეიმს ო'ბრაიენი X-ზე და აღნიშნავს, რომ ამის შესახებ „ამერიკის ხმის“ ჟურნალისტს ანი ჩხიკვაძეს ესაუბრა. ორი დღით ადრე ჯეიმს ო'ბრაიენი ე.წ „უცხოური აგენტების კანონპროექტთან“ დაკავშირებით ესაუბრა საქართველოს პარლამენტის დეპუტატებს, რომლებიც ვაშინგტონში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებიან. მწვავე განცხადება გაავრცელა აშშ-ის სენატმა - ორპარტიულმა ჯგუფმა, 14-მა სენატორმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრს 26 აპრილს წერილი გაუგზავნა, რომ თუკი ხელახლა ინიციირებული „უცხოური აგენტების კანონპროექტი“ კანონი გახდება, ისინი იძულებულნი იქნებიან, წაახალისონ აშშ-ის პოლიტიკის შეცვლა საქართველოს მიმართ. 2 მაისს შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში რობინ დანიგანმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობის მაღალი თანამდებობის პირებმა აშშ-ში მიწვევაზე უარი თქვეს. იმავე დღეს, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ტელეფონით ესაუბრა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩეველს დერეკ შოლეს და მასთან საუბარში გამოხატა „გულწრფელი იმედგაცრუება 2020-23 წლების ორი რევოლუციური მცდელობის გამო, რომელიც ამერიკის ყოფილი ელჩის მხარდაჭერით და გარედან დაფინანსებული „ენჯეოების“ მეშვეობით განხორციელდა.“ 2 მაისსვე, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა პრესკონფერენციაზე დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი „ძალიან ყურადღებით აკვირდება“ საქართველოში მიმდინარე პროცესებს. ჯერ კიდევ არის დრო, დაუბრუნდნენ გზას, რომელიც ქართველ ხალხს სურს - ბლინკენის მრჩეველი
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა. იერუსალიმის მართლმადიდებელი პატრიარქი აღდგომის ტაძარში უფლის საფლავზე 15:10 საათზე შევიდა, რის შემდეგაც საფლავი დაიხურა. ზეციური ცეცხლი საფლავზე თბილისის დროით 15:13 საათზე გადმოვიდა. წმინდა ცეცხლის გადმოსვლისთვის აღდგომის ტაძარში მომლოცველები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩავიდნენ. მათ შორის არიან მომლოცველები საქართველოდანაც. წმინდა ცეცხლი იერუსალიმის აღდგომის ტაძარში პირველად III საუკუნეში გადმოვიდა.
ქვეყანაში არსებული დაპირისპირებისა და რთული ვითარების მიუხედავად, უნდა გვაერთიანებდეს სამშობლოს სიყვარული - პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია მეორის სააღდგომო ეპისტოლე: საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ: „თქვა … იესომ: მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე, ვინც მე მიწამებს, თუნდაც რომ მოკვდეს, იცოცხლებს“ (ინ.11.25).აღსრულდა უფლის განკაცების დიადი საიდუმლოს მთავარი მიზანი, – ქრისტე აღდგა! ენით გამოუთქმელი და მიუწვდომელი ეს სასწაული თითოეული ადამიანის გულამდე აღწევს და საყოველთაო სიხარულით აღვსილნი ვხმობთ:ქრისტე აღდგა! ჭეშმარიტად აღდგა! საღვთო და ადამიანური ბუნების მქონე ძე ღვთისა და ძე კაცისა, მაცხოვარი სოფლისა და განმაახლებელი სამყაროსი, იშვა რჩეული ერის, ისრაელის, წიაღში.ადამიანური ბუნებით იგი მოიცავდა მთელ კაცობრიობას, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ არ ჰქონდა ცოდვა ისევე, როგორც ადამს ცოდვით დაცემამდე.მას მეორე ადამადაც სახელდებენ, რადგან არც ადამს ჰყავდა ხორციელი მამა და არც იესოს; პირველი ადამი მიწისგან შეიქმნა და შემოქმედისგან სული შთაებერა, მეორე, – წმინდა ქალწულ მარიამისგან სულიწმინდით მოევლინა ქვეყანას. პირველი ადამის შეცოდებით სამოთხე დავაკარგეთ და სიკვდილსა და ხრწნილებას დაედო სათავე, ხოლო მეორე ადამმა – ქრისტემ, ცოდვისა და სულიერი სიკვდილისაგან გვიხსნა, მარადიული სიცოცხლე მოგვანიჭა და სამოთხის კარი კვლავ განგვიღო. განკაცებულმა უფალმა განაახლა ჩვენი დაცემული ბუნება და აღგვიდგინა ცოდვით შებღალული თავდაპირველი ხატება ღვთისა. ამასთან, მან გვიჩვენა მაგალითი იმისა, თუ როგორი ურთიერთობა უნდა გვქონდეს ერთმანეთთან და ღმერთთან, რათა დასაბამისეული განგებულება ყოვლადწმინდისა სამებისა ჩვენში გაცოცხლდეს და აღორძინდეს. * *სულ რაღაც სამწელნახევრის მანძილზე იესო ქრისტემ თავისი ქადაგებებით მრავალი მიმდევარი შეიძინა, თუმცა მისი მაცხოვნებელი სწავლება ყველამ სიხარულით როდი მიიღო. ზოგი ეჭვით უყურებდა, ზოგიც გმობდა. თავად უფალი კი, განგებულების შესაბამისად, გარკვეულ ჟამამდე განერიდებოდა ხოლმე მათ და განკურნებულებს, მკვდრეთით აღდგინებულებს, აგრეთვე, ფერისცვალების სასწაულის მხილველ მოწაფეებს და თვით ბოროტ სულებსაც უკრძალავდა, გარკვეულ დრომდე, მესიად საჯაროდ ეღიარებინათ; სიტყვანი და საქმენი მისნი კი მაინც თავისთავად მოწმობდა, ვინ იყო იგი. უფალთან ურთიერთობისას ადამიანები გრძნობდნენ, რომ არამიწიერთან და, ამავე დროს, მშობლიურთან, ჰქონდათ შეხება და მუდამ არჩევანის წინაშე დგებოდნენ, – მიეტოვებინათ ძველი ცხოვრების წესი, ეზრუნათ სულიერ განწმენდაზე, როგორც ამას მაცხოვარი ქადაგებდა, თუ დარჩენილიყვნენ ცოდვაში და ძველებური ყოფა გაეგრძელებინათ. იერუსალიმში დიდებით შესვლამდე უარყოფითად განწყობილნიც კი, მართალია, ზოგჯერ დრტვინვით, მაგრამ უფრო ხშირად ინტერესით, უსმენდნენ მაცხოვარს; თუმცა ოთხი დღის მკვდარი ლაზარეს აღდგინების შემდეგ, როცა მთელმა ერმა პატივი მიაგო მას, როგორც მესიასა და მაცხოვარს და ჩვილებმაც კი სასწაულებრივად იგალობეს მხსნელის სადიდებელი: „ოსანა მაღალთა შინა, კურთხეულ არს უფლის სახელით მომავალი მეფე ისრაელისა“ (ინ. 12.13) – ვითარება რადიკალურად შეიცვალა; უფალი უკვე ყველას შეეხო და როგორც საერონი, ისე, განსაკუთრებით, სასულიერო დასი არჩევანის წინაშე დადგა, – ან უნდა მიეღოთ იგი მესიად, ან უარეყოთ. დაპირისპირებულმა ძალამ მისი სიკვდილით დასჯა განიზრახა. მოვლენები უსწრაფესად განვითარდა.ქრისტე შეიპყრეს ხუთშაბათს, ღამით, როდესაც მოსახლეობა პასექის ზეიმისთვის ემზადებოდა. პარასკევს, გამთენიისას, გაასამართლეს, განაჩენი გამოუტანეს და იმავე დღეს ჯვარს აცვეს. პასექის დღესასწაულთან დაკავშირებით, დამკვიდრებული ჩვეულებისამებრ, პილატეს სასამართლომდე ერთი ბრალდებულის შეწყალება იყო შესაძლებელი. მღვდელმთავრებისა და უხუცესების მიერ წაქეზებულმა ხალხმაც იესო ქრისტეს ბარაბა ამჯობინა…* * *იმ დროისათვის იუდეა რომის იმპერიას ექვემდებარებოდა, რის გამოც მაცხოვრის მთავარ ბრალმდებლებს, სინედრიონის წევრებს, იგი რომაელ პროკურატორთან, პილატესთან, უნდა მიეყვანათ, რადგან, რომის ხელისუფლებასთან შეთანხმების გარეშე, ჩამორთმეული ჰქონდათ სიკვდილის განაჩენის გამოტანის უფლება; ამასთან, უფლის უკიდურესი შეურაცხყოფის მიზნით, მისი სიცოცხლის ხელყოფა ჯვარცმით, – დასჯის ყველაზე დასაძრახი რომაული წესით, ჰქონდათ განზრახული.გარდა პილატესი, იგი მეოთხედმთავარსაც, იუდეის მეფე ჰეროდესაც მიჰგვარეს. ასე რომ, უმოკლეს დროში მოხდა იესო ქრისტეს წარდგენა სამ მმართველ ძალასთან:იუდეველმა მღვდელმთავარმა კაიაფამ ბრალად დასდო მოსეს რჯულის დარღვევა და ღვთის თანასწორად თავის მიჩნევა.წარმოშობით იდუმიელმა მეფე ჰეროდემ, რომელიც არ იყო დავითის შთამომავალი და ტახტის დაკარგვის შიში მუდამ ჰქონდა, იუდეველთათვის აღთქმულ ცრუ მეფედ მიიჩნია იგი და, დამცირების მიზნით, თავის მოსასხამმოცმული საბოლოო მსჯავრისთვის პილატეს გაუგზავნა. პროკურატორ პილატეს არ სურდა ქრისტეს დასჯა, მაგრამ მაინც ანგარიში გაუწია სინედრიონის, ჰეროდესა და მასთან წარმოდგენილი ხალხის პოზიციას და იმის შიშით, რომ არ დაეწამებინათ უძლეველი რომის კეისრის ძალაუფლების შემცილებლის დაცვა (ეუბნებოდენ, იესო თავს ამქვეყნიურ მეფედ აცხადებსო), აღარ შეეწინააღმდეგა მოთხოვნას – ჯვარს ეცვათ იგი.სამწუხაროდ, ვერცერთმა ხელისუფალმა ვერ შეიცნო მასში ზეციური მეუფე, სიბრძნე და ჭეშმარიტება, ნათელი და სიცოცხლე, სიყვარული და უმწვერვალესი თავმდაბლობა, რადგან მიწიერ გულისთქმებს შედგომილნი არ ესწრაფოდნენ ღვთის სამართლს და საკუთარ სიმართლეს მინდობილნი, უფლის სიმართლეს არ დაემორჩილნენ (შდრ. რომ. 10.3). „ამაონი იქმნენ თავიანთი ზრახვით, და დაბნელდა მათი უგონო გული; ბრძენკაცებად მოჰქონდათ თავი, და შლეგებად იქცნენ“ (რომ. 1.21-22), უსამართლო ბრალი დასდეს მაცხოვარს და სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს თავად სიმართლეს, სიცოცხლესა და ჭეშმარიტებას. ერთი შეხედვით, მიწიერმა სამართალმა გაიმარჯვა და, ადამიანური ლოგიკით, ჯვარცმის შემდეგ იესოსადმი რწმენა უნდა განელებულიყო, მაგრამ სინამდვილე საპირისპირო აღმოჩნდა.მიუხედავად იმისა, რომ დაპირისპირება სიმართლესა და უსამართლობას, ზეციურ და მიწიერ აზროვნებას შორის დღემდე გრძელდება და ხალხის არჩევანიც მაცხოვრისა და ბარაბას მიმართ კვლავ სასწორზე დევს, სიმართლით შენიღბული სიცრუე და ბოროტება ვერ ფარავს ქრისტეს სახარების ჭეშმარიტებას და იგი, ღვთის მადლითა და ძალით, მთელ მსოფლიოში კვლავაც ვრცელდება და იქადაგება.* * *მეტად მნიშვნელოვანია ზემოთქმულის სულიერი მხარე:როგორც ვიცით, შემოქმედი სასჯელით გვსჯიდა, როცა ხედავდა, როგორ ვეფლობოდით ცოდვაში და ვიღუპებოდით. ეს იყო მიზეზი იმისა, რომ წარღვნით აღხოცა კაცთა შორის გამრავლებული ბოროტება, ცეცხლით დაწვა სოდომი და გომორი, ბაბილონის გოდლის მშენებლობით გამოვლენილი ამპარტავნებისათვის ბოროტად შეთქმული ადამიანები ენათა შერევით განაცალკევა…ამიტომაც არის აზრი იმის შესახებაც, რომ დაცემულ ანგელოზებს ეგონათ, თუ უფალი კაცთაგან სასიკვდილოდ გაიწირებოდა, ღმერთი ადამის მოდგმას სამუდამოდ მოაკლებდა წყალობას, მისი რისხვა იქნებოდა შეუქცევადი და კაცობრიობა მთლიანად და საბოლოოდ ჯოჯოხეთის წილხვედრი გახდებოდა.თუმცა მოვლენები რეალურად როგორ განვითარდებოდა, არა თუ მათ, თვით ღვთის ანგელოზებმაც არ იცოდნენ.ქმნილ სამყაროს არ შეეძლო, წარმოედგინა, რომ ღმერთი თავის ჯვარცმას ჩვენი გამოხსნის ყველაზე დიდ მსხვერპლშეწირვად და ჩვენდამი თავისი სიყვარულის ზეიმად აქცევდა; ჩვენს უგულისხმობას საოცარი მიმტევებლობით უპასუხებდა და დასჯით სწორედ დემონთა სამყაროს დასჯიდა; მათ ძლიერებას დაამხობდა, ჯოჯოხეთის ბჭეთ შემუსრავდა და სიკვდილს განაქარვებდა. „დაინთქა სიკვდილი ძლევით! სადა არს ჯოჯოხეთო ძლევაი შენი, სადა არს სიკვდილო საწერტელი შენი?!“ (I კორ. 15.55).ამიერიდან, მართლმორწმუნეთათვის იმქვეყნად სატანჯველი აღარ არსებობს, რადგან ქრისტეში და ქრისტეთი ცოდვათგან განწმენდილი მათი სულები ღვთის სავანეთ იმკვიდრებენ და მეორედ მოსვლის შემდეგ, საყოველთაო აღდგომით, უხრწნელი სხეულის შემოსვითა და ცათა სასუფეველში დამკვიდრებით იხარებენ.მთელი ახალი აღთქმა ცათა სასუფევლისკენ მოწოდებაა, რადგან მისი მოპოვებაა ჩვენი მყოფობის არსი და აზრი. აღდგომილი მაცხოვარიც სწორედ ცათა სასუფევლის ცოდნას უზიარებდა თავის მოწაფეებს, განსაკუთრებით 40 დღის მანძილზე, როცა ზეცად ამაღლებამდე ეცხადებოდა მათ და სამოციქულო ღვაწლისთვის ამზადებდა და განამტკიცებდა.ამის შედეგი იყო ის, რომ მოციქულები, რომელთაც დაბრკოლებისა და შიშის გამო ჯვარცმისას მიატოვეს იესო და სინედრიონის მიერ წაქეზებული ხალხისა და ხელისუფალთაგან შეძრწუნებულნი გარეთ გასვლასაც ვერ ბედავდნენ, უხრწნელ სხეულში მკვდრეთით აღმდგარი მაცხოვრის არაერთგზისი ხილვითა და მასთან ურთიერთობით დარწმუნდნენ, რომ ასეთივე იქნებოდა საყოველთაო აღდგომისას ჩვენი სხეულებრივი მდგომარეობაც, რომ სიკვდილმა ძალა დაკარგა და მარადიული სიცოცხლისაკენ გაგვეხსნა გზა. ამიტომაც, სრულიად გაუქრათ მიწიერ სხეულთან გაყრის შიში და მათში სიკვდილზე სიცოცხლის გამარჯვებამ იზეიმა.ისინი იმდენად განმტკიცდნენ და იმდენად განიბრძნენ უფლის სწავლებით, რომ წმინდა მიწაზეც და მთელ მსოფლიოშიც უშიშრად დაიწყეს სახარების ქადაგება და მოწამეობრივი სიკვდილიც სიხარულით მიიღეს.* * *უფალმა, ადამის ცოდვის გამოსყიდვით, თავის მორწმუნეთათვის სინანული გახადა იმდენად ცხოველსმყოფელი, რომ ავაზაკს სიცოცხლის ბოლო წუთების აღმსარებლობითა და გულწრფელი სინანულით მთელი ამქვეყნიური ცოდვები მიუტევა და სამოთხის კარი გაუხსნა, რითაც თითოეულ ჩვენგანს მოგვცა იმედი სინანულის გზით ცხონებისა.ეკლესიის დიდი მოძღვრები გვასწავლიან იმასაც, რომ ჩვენს პირველმშობლებს ცოდვა სამოთხეშივე რომ მოენანიებინათ, დანაშაული რომ ერთმანეთისა და მაცდურისათვის არ გადაებრალებინათ, არამედ, თავიანთი ამპარტავნება და ურჩობა უფლის წინაშე გულწრფელად ეღიარებინათ, აღარ დაისჯებოდნენ.ღვთის წინაშე შენდობა რომ ეთხოვა და ღალატის გამო შესატყვისი სინანული გამოევლინა, თვით იუდაც, პეტრე მოციქულის მსგავსად, შეწყალებას მიიღებდა, მაგრამ იგი, სინანულის ნაცვლად, სასოწარკვეთილებამ მოიცვა, რაც მისთვის საბედისწერო აღმოჩნდა.გახსოვდეთ, რაც არ უნდა დიდი იყოს თქვენი ცოდვები, იმედი არ დაკარგოთ და სინანულის მადლით დაუბრუნდით ქრისტეს! ზეციურ მკურნალს არა ჰყავს უკურნებელი სნეულნი, რადგან მისი მოწყალება და შეწევნის ძალა უნაპიროა; ოღონდ უფალს გულმოდგინება და ნაყოფი სინანულისა უნდა ვუჩვენოთ. ადამიანს ღუპავს არა ჩადენილ ცოდვათა სიმრავლე, არამედ მათი მოუნანიებლობა, გაქვავებული და გასასტიკებული გული.* * *წინასააღდგომო მარხვას ეკლესია როგორც შემოქმედის, ასევე მოყვასის მიმართ სინანულისა და შენდობის მოწოდებით იმიტომ იწყებს, რომ ქრისტიანული ცხოვრება წესად გვექცეს, სულიერი წყლულები მოვიშუშოთ და ნაკლოვანებანი აღმოვფხრათ, რათა ჩვენში და ჩვენს გარშემო არსებულ გარემოში მოხდეს საღვთო წიაღისკენ მიბრუნება, – ურთიერთსიყვარულში დაბრუნება.ბოლო პერიოდშიც და, სამწუხაროდ, წელსაც პოლიტიკურმა პროცესებმა ხალხში ისეთი დაძაბულობა შემოიტანა, რომ, როგორც მძიმე მარხვის განცდა, ისე სააღდგომო სიხარულის განწყობა, ბევრში განელდა. მიუხედავად ქვეყანაში არსებული დაპირისპირებისა და რთული ვითარებისა, ჩვენ უნდა გვაერთიანებდეს სამშობლოს სიყვარული და, განსხვავებული აზრების მიუხედავად, შეგვეძლოს მშვიდობიანი თანაცხოვრება. ყველას მოგიწოდებთ, დღეს, შესაძლებლობისამებრ, ავმაღლდეთ სულიერად, მივეცეთ აღდგომის დღესასწაულის სიხარულს და საგალობლებით შევეგებოთ მაცხოვარს; გავერთიანდეთ ქრისტეში და ერთად შევთხოვოთ მას კეთილდღეობა და მშვიდობა როგორც საქართველოსთვის, ისე უკრაინის, ახლო აღმოსავლეთისა და მთელი მსოფლიოსათვის. უფალი თავისკენ უხმობს მწუხარეთ, სიმართლის მწყურვალთ, მოწყალეთ, მშვიდობისმყოფელთ, გულით წმინდანთ და რწმენაში მტკიცეთ; მათ, რომელნიც არ ბრკოლდებიან ცილისწამებით, უსამართლო დევნითა და დამცირებით და სჯერათ, რომ, როგორც განვლო სინანულისა და მარხვის დღეებმა, ასე გაივლის წუთისოფლის განსაცდელებიც და სიმართლე აუცილებლად იზეიმებს, ვითარცა იზეიმა ქრისტეს აღდგომამ. ამის დასტურია თუნდაც ის ფაქტი, რომ მსოფლიო ცივილიზაცია თავის ჟამთა სვლას და მოვლენებს ორ ძირითად ნაწილად ყოფს, – ქრისტემდე და ქრისტეს შემდეგ წელთაღრიცხვით, რადგან 2000 წლის მანძილზე სწორედ მას უკავშირდება უდიდესი სულიერ-კულტურული და საკაცობრიო ცვლილებები და ქრისტეს ეკლესიაც ხარობს წმინდა მამათა და დედათა და თავის სხვა ღირსეულ შვილთა სიმრავლით. დღეს ჩვენთან ერთად უფლის აღდგომას ზეიმობენ ჩვენი გარდაცვლილი ახლობლები და წინაპრებიც, ჭეშმარიტი რწმენით აღსრულებულნი; დღეს ერთიანდება ცა და მიწა, დრო და მარადიულობა, რაც მთელი არსებით შეგვაგრძნობინებს, რომ ქრისტეა განმსაზღვრელი მთელი სამყაროს აწმყოსი, წარსულისა და მომავლისა; რომ იესოა სიცოცხლე და ერთადერთი წყარო სიცოცხლისა მათთვის, რომელნიც შეუდგებიან – განურჩევლად ეროვნებისა, სოციალური მდგომარეობისა და ასაკისა.მაშ, ყველამ გულით აღმოვთქვათ:ქრისტე აღდგა!ჭეშმარიტად აღდგა!აღდგომილმა მაცხოვარმა დალოცოს თითოეული თქვენგანი და სრულიად საქართველო, ამინ!სიყვარულით მუდამ თქვენთვის მლოცველი, ილია IIსრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქიაღდგომა ქრისტესი,თბილისი, 2024 წელი
რუსეთმა ზელენსკი ძებნილთა სიაში შეიყვანა
რუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკიზე ძებნა გამოაცხადა. რუსული სახელმწიფო მედიის ცნობით, რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილთა სიაში სისხლის სამართლის კოდექსის ერთ-ერთი მუხლით შეიყვანა, თუმცა კონკრეტულად რომელი მუხლით მითითებული არ არის. რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე უკრაინის პრეზიდენტის ფოტო და მონაცემები გამოაქვეყნეს. 2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის პერიოდში ზელენსკი მისი ქვეყნის ლიდერია - ის შეუერთდა უცხოეთის ოფიციალურ პირთა გრძელ სიას, რომლებსაც სისხლის სამართლის სხვადასხვა ორდერი აქვთ შეფარდებული და რომელთა შორისაც არიან ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოთა ლიდერებიც. 2023 წლის მარტში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ჰააგაში გამოსცა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის დაპატიმრების ორდერი, ბრალდებებით, რომლებიც უკავშირდება უკრაინელი ბავშვების დეპორტაციას რუსეთში - რაც, საერთაშორისო კანონმდებლობით, ომის დანაშაულია.
პრეზიდენტი ელჩებს: ივანიშვილის განცხადებები ძალიან პროვოკაციული იყო, დაძაბულ ვითარებაში ვართ
4 მაისს, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს, საქართველოს პრეზიდენტმა პროვოკაციული უწოდა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის განცხადებებს, რომლებიც მან 29 აპრილს, კონტრაქციაზე გამოსვლისას გააკეთა. სალომე ზურაბიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები წარმოადგენს თავდასხმას საქართველოს კონსტიტუციაზე, სადაც „ძალიან ნათლად წერია, რა არის საქართველოს საგარეო პოლიტიკის მიმართულება და ორიენტაცია“. მანვე ხაზი გაუსვა, რომ ეს დღეს „აშკარად არ განმეორდა“ აზიის განვითარების ბანკის კონფერენციაზე, რაც მისთვის კიდევ სხვა კურსის არსებობაზე მიუთითებს. სალომე ზურაბიშვილის თქმით, პასუხისმგებლობა იმაზე, რაც ხდება დღეს ან მოხდება ხვალ, ზეგ, ეკისრება საქართველოს ხელისუფლებას - კანონპროექტის მეორედ ინიცირება იყო პროვოკაცია: „მხარს ვუჭერ იმას, რაც ხდება ჩვენი ევროპული ნების კვალდაკვალ,“ აღნიშნა პრეზიდენტმა. სალომე ზურაბიშვილმა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩებს მოუწოდა, რომ თავიანთ ქვეყნებში არსებულ სამთავრობო კონტაქტებს მათი პასუხისმგებლობის შესახებ ესაუბრონ. „ვფიქრობ, რომ პერიოდი, რომელიც ახლა იწყება, საკვანძო იქნება, რადგან დაგეგმილია მესამე მოსმენა. ის თუ როგორ არის არჩეული თარიღები, ასევე, ცოტათი პროვოკაციულია, ასე ვფიქრობ, რადგან ეს ყველაფერი ხდება სააღდგომო პერიოდში, როდესაც უნდა იყოს გაერთიანებისა და დეპოლარიზაციის დრო და ამის ნაცვლად საწინააღმდეგოდ მოხდა. ასევე, ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებული განცხადებები ძალიან პროვოკაციული იყო თქვენ მიმართ, მაგრამ, ასევე, საქართველოს მოსახლეობის მიმართ. ყველაფერი ეს იმას ნიშნავს, რომ დაძაბულ ვითარებაში ვართ და თქვენ, როგორც ჩვენს პარტნიორებს, ძალიან მნიშვნელოვანი როლი გაქვთ სტაბილურობის უზრუნველყოფაში ქართველი ხალხისთვის, რომელსაც იწვევს ის ფაქტი, რომ თქვენ არ განიხილოთ საქართველო დაკარგულად, არამედ აღიქვათ, რომ ის აგრძელებს თავის გზას ევროინტეგრაციისკენ და რომ საქართველო არ არის მარტო. ჩემი თხოვნაა, რომ განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები ამ პერიოდში, მაისის ბოლომდე, ამის შემდეგ მე ვიცი, რომ თავად ევროპელებისთვის მნიშვნელოვანი პერიოდი დგება, რაც დაკავშირებულია არჩევნებთან, ევროპარლამენტის არჩევნებთან და ჩვენს ამერიკელ მეგობრებსაც დაეწყებათ არჩევნების აქტიური პერიოდი,“ - განაცხადა ზურაბიშვილმა. პრეზიდენტის განცხადებით, კონსტიტუციაზე თავდასხმაც განხორციელდა, სადაც საქართველოს საგარეო პოლიტიკის კურსი ნათლად არის დაფიქსირებული. მისივე შეფასებით, ამ კანონპროექტის მეორედ ინიცირება ასევე იყო თავდასხმა ადამიანებზე, რომლებიც ევროკავშირს ყოველთვის აღიქვამდნენ ქვეყნის გრძელვადიანი თავდაცვის საშუალებას და დაცვის მექანიზმს რუსეთის შემდგომი იმპერიალისტური მცდელობების წინააღმდეგ. „ასევე, იყო პროვოკაცია და თავდასხმა კონსტიტუციაზე, რომელშიც მოგეხსენებათ, ძალიან ნათლად წერია, რა არის საქართველოს საგარეო პოლიტიკის მიმართულება და ორიენტაცია. სიტყვები, რომლებიც დღეს აზიის განვითარების ბანკის კონფერენციაზე აშკარად არ განმეორდა, ჩანს, რომ საქართველოსთვის დამახასიათებელი სხვა კურსი არსებობს. ეს კონსტიტუციაზე თავდასხმაა,“ - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
აშშ-ში, ხელოვნური ინტელექტის მხარდაჭერით, F16-მა საცდელი ფრენა წარმატებით შეასრულა
ხელოვნური ინტელექტის მიერ კონტროლირებულმა F-16-ის გამანადგურებელმა წარმატებული საცდელი ფრენა საჰაერო ძალების მდივან ფრენკ კენდალთან ერთად დაასრულა, რაც სამხედრო ავიაციაში მნიშვნელოვანი ეტაპია. ამ F-16-ს ხელოვნური ინტელექტი აკონტროლებდა და არა ადამიანი პილოტი. AI-ის გამოყენება ერთ-ერთი უდიდესი წინსვლაა სამხედრო ავიაციის სფეროში - 1990-იანი წლების დასაწყისში „სტელსის“ (ხელოვნური ინტელექტის მქონე გამანადგურებელი ბომბდამშენი) შემოღების შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ ტექნოლოგია ბოლომდე არ არის განვითარებული, დაგეგმილია 1000-ზე მეტი უპილოტო თვითმფრინავისგან შემდგარი ფლოტის შექმნა, რომელთაგან პირველი - 2028 წლისთვის დაიწყებს ოპერირებას.
ჰაკიმ ჯეფრისი: პუტინი შეიჭრა საქართველოში, მაგრამ არ შეჩერდა საქართველოში, პუტინი უკრაინაშიც არ შეჩერდება - მას საბჭოთა კავშირის აღდგენა სურს
წარმომადგენელთა პალატაში „დემოკრატების“ ლიდერის ჰაკიმ ჯეფრისის განცხადებით, შეერთებულმა შტატებმა უნდა გააგრძელოს უკრაინის მხარდაჭერა, რათა თავიდან აიცილოს უფრო ფართო ომი. „ჩვენ ვერ დავუშვებთ უკრაინას დაცემას, რადგან თუ ეს ასე მოხდა, მაშინ, დიდი ალბათობით, ამერიკას მოუწევს კონფლიქტში ჩართვა - არა უბრალოდ ჩვენი ფულით, არამედ ჩვენი სამხედრო მოსამსახურეებით,“ - განაცხადა ჯეფრისმა CBS-თან ინტერვიუში. ის მიიჩნევს, რომ პუტინი ცდილობს, საბჭოთა კავშირის ხელახლა შექმნას და ამით NATO-ს მოკავშირეებს საფრთხეს შეუქმნის. „თუ ვლადიმერ პუტინი წარმატებას მიაღწევს უკრაინაში, ის არ შეჩერდება. ვლადიმერ პუტინი შეიჭრა საქართველოში, მაგრამ ის არ შეჩერდა საქართველოში, ის შევიდა ყირიმში, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მხოლოდ ყირიმს არ ეხებოდა, რადგან უკრაინის მთელ ტერიტორიაზე შეიჭრა. უნდა გვჯეროდეს, რომ ასეთი თანმიმდევრული აგრესიის ფონზე, ვლადიმერ პუტინი უკრაინაში შეჩერდება? რა თქმა უნდა - არა. მოდით, ნუ დავუჯერებთ მის სიტყვებს, დავუჯეროთ მის მოქმედებებს და მისი მოქმედებები გვთავაზობს, რომ მას საბჭოთა კავშირის აღდგენა სურს, რაც საფრთხეს შუქმნის ნატო-ს მოკავშირეებს და ლოგიკური შედეგებით გამოიწვევს ამერიკული ჯარების ბრძოლაში ჩართვას,“ - აღნიშნა ჰაკიმ ჯეფრისმა.
უკრაინულმა დრონმა ყირიმში რუსების ჩქაროსნული კატერი გაანადგურა - დაზვერვა
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარმა სამმართველომ დროებით ოკუპირებულ ყირიმში საზღვაო დრონით რუსულ ჩქაროსნულ კატერს დაარტყა. შესაბამის ინფორმაციას უკრაინული მედია დაზვერვის მთავარ სამმართველოზე დაყრდნობით ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, Magura V5 ტიპის დრონმა ჩქაროსნულ კატერს უზკაიას ყურის მიდამოში დაარტყა. დაზვერვის მთავარმა სამმართველომ დაადასტურა დროებით ოკუპირებულ ყირიმში სპეცოპერაციის ჩატარება, რის შედეგადაც 6 მაისის ღამეს რუსების ჩქაროსნული კატერი განადგურდა და შესაბამისი ვიდეოც გაავრცელა.
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. უკრაინაში მებრძოლი ქართული სპეცდანიშნულების რაზმი „შავი არწივი“ იტყობინება, რომ ავდეევკის მიმართულებაზე მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში დაიღუპა მისი მებრძოლი სოსო გუგუტაშვილი. „ავდეევკის მიმართულებაზე საბძოლო მოქმედებების შედეგად დაიღუპა ქვედანაყოფი შავი არწივის მებრძოლი სოსო გუგუტაშვილი, ქვედანაყოფი შავი არწივი ოჯახს უსამძიმრებს ამ დიდი დანაკარგს. ბრძოლა გრძელდება სისხლის ბოლო წვეთამდე, ბოლო ამოსუნთქვამდე!!!!“ - წერს ქვედანაყოფი ფეისბუკში გამოქვეყნებულ პოსტში. ქართველი მებრძოლის დაღუპვის ფაქტს ადასტურებენ საქართელოს საგარეო საქმეთა სამინისტროშიც. რუსეთი უკრაინაში ომს 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. პირველივე დღეებიდან უკრაინაში მრავალი ქართველი მოხალისე იბრძვის. დღემდე საომარ ოპერაციებს 60-ზე მეტი ქართველი მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა.
რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ მიიღო კანონში ცვლილებები, რომლითაც „უცხოელ აგენტებს“ არჩევნებში კანდიდატად მონაწილეობა ეკრძალებათ
რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ ერთბაშად მეორე და მესამე, საბოლოო მოსმენით 6 მაისს დაამტკიცა შესწორებები, რომლითაც ე.წ. "უცხოეთის აგენტებად" წოდებულ პირებს ყველა დონის არჩევნებში უკრძალავს კანდიდატებად მონაწილეობას. კერძოდ, პირები, რომლებიც იუსტიციის სამინისტროს მიერ წარმოებულ "უცხოეთის აგენტების" სიაში, ასევე ექსტრემისტულ ან ტერორისტულ ორგანიზაციებად მიჩნეულ უწყებებთან კავშირების მქონეთა სიაში არიან შეყვანილნი, ვერ შეძლებენ იყვნენ კანდიდატები, არჩევნებზე დამკვირვებლები, კანდიდატების და საარჩევნო გაერთიანებების ნდობით აღჭურვილი პირები, ან მათი წარმომადგენლები. უკვე რეგისტრირებული პირების "უცხოეთის აგენტების" სიაში შეყვანა არ შეიძლება არჩევნების შედეგების შეჯამებამდე. შესწორებები ასევე ითვალისწინებს უფლებამოსილების ვადამდელ შეწყვეტას "უცხოეთის აგენტებისთვის", რომლებიც არიან სენატორები, სახელმწიფო სათათბიროს, რეგიონების საკანონმდებლო საბჭოების თუ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების დეპუტატები - თუკი კანონის ამოქმედებიდან 180 დღის განმავლობაში მათ რეესტრიდან არ ამოწერენ. რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში "უცხოეთის აგენტებად" მიჩნეული პირები ამჟამად არ არიან, თუმცა ასეთები არიან მოსკოვის საქალაქო სათათბიროში (დარია ბესედინა, მიხაილ ტიმონოვი, ევგენი სტუპინი), პეტერბურგის საკანონმდებლო საბჭოში (ბორის ვიშნევსკი), კომის რესპუბლიკის საკანონმდებლო საბჭოში (ვიქტორ ვორობიოვი), ასევე, მუნიციპალურ დეპუტატებს შორის.
გერმანიამ რუსეთიდან ელჩი ბერლინში გამოიძახა
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბერლინში კონსულტაციებისთვის გამოიძახა რუსეთში გერმანიის ელჩი, ალექსანდრ გრაფ ლამბსდორფიმას შემდეგ, რაც მოსკოვს ბრალი დასდეს ჰაკერული შეტევების წარმოებაში. ელჩი გერმანიაში ერთ კვირას დაჰყოფს და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ინაუგურაციას არ დაესწრება. გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის მონაცემებზე ჰაკერული შეტევის განხორციელებაში ბერლინმა რუსეთი 3 მაისს დაადანაშაულა. საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი აცხადებდა, რომ მოსკოვის ნაბიჯები "მიუღებელია და უშედეგოდ არ დარჩება". მოსკოვი ბრალდებას უარყოფს. 7 მაისს მოსკოვში დანიშნულია პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ინაუგურაცია, მარტში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ. ღონისძიების მოსაწვევი გაეგზავნათ ევროკავშირის ქვეყნების წარმომადგენლებს. მონაწილეობაზე უარი ღიად ევროკავშირის ქვეყნებიდან მხოლოდ ბალტიის ქვეყნებმა და ჩეხეთმა განაცხადეს, ასევე უარი თქვეს ბრიტანეთმა და კანადამ.
La Repubblica: არსებობს რუსეთთან ომში NATO-ს ჯარების ჩართვის ჰიპოთეზური სცენარები
ჩრდილოატლანტიკურმა კავშირმა პირველად უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ „ძალზე კონფიდენციალური ფორმით“, ოფიციალური შეტყობინებების გარეშე, განსაზღვრა ორი ე.წ. წითელი ხაზი, რუსეთის მიერ რომელთა გადალახვასაც შეიძლება მოჰყვეს კონფლიქტში NATO-ს პირდაპირი ჩარევა. ამის შესახებ იტალიური გამოცემა La Repubblica წერს საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით. ამის ფონია დასავლელი პოლიტიკოსების, კერძოდ, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის განცხადებები უკრაინაში ნატოს სამხედროთა შესაძლო გაგზავნის თაობაზე. როგორც La Repubblica წერს, ამჟამად ნატოს არ მოეპოვება არავითარი ოპერატიული გეგმა უკრაინაში სამხედრო მოსამსახურეების გაგზავნის თაობაზე. საქმე ეხება ამჟამინდელი კონფლიქტის გაფართოების ჰიპოთეზურ სცენარებს, რომლებმაც შესაძლოა დასავლელი მოკავშირეების ჩარევა მოითხოვოს. პირველი „წითელი ხაზი“, როგორც პუბლიკაციაშია ნათქვამი, არის ომში ბელარუსის ჩართვა რუსეთის მხარეზე. კერძოდ, კიევზე ახალი იერიში ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებიდან, ბელარუსის ტერიტორიიდან. კონფლიქტში ნატოს ჰიპოთეზური მონაწილეობის მეორე ვარიანტია ნატოს რეაგირება რუსეთის სამხედრო პროვოკაციებზე ბალტიის ქვეყნების მიმართ ან მოლდოვაზე თავდასხმა. პუბლიკაციაში ლაპარაკია, რომ რუსეთმა შეიძლება მიიჩნიოს, რომ დასავლეთი საკუთარი შინაგანი პრობლემებით არის გართული, და სცადოს ამ სახელმწიფოების დესტაბილიზაცია. „მაგრამ ნატო არ მოისურვებს ასეთ აგრესიასთან შეგუებას“, ნათქვამია პუბლიკაციაში. მასში ხაზგასმულია, რომ ნატო განასხვავებს რუსეთის ჯარების შეტევას, მაგალითად, დონბასში და, მაგალითად, კიევის ხელში ჩაგდების მიზნით სტრატეგიულ გარღვევას. უკანასკნელ შემთხვევაში არ არის გამორიცხული ნატოს პირდაპირი ჩართვა კონფლიქტში. ამაზევე ისაუბრა ახლახან საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, რომელმაც დასავლელ ლიდერთაგან ადრე პირველმა დაიწყო ლაპარაკი უკრაინაში ჯარების გაგზავნის შესაძლებლობაზე. მაკრონის თქმით, უკრაინაში დასავლეთის ჯარების გაგზავნაზე დაფიქრება აუცილებელი იქნება, თუკი რუსეთი ფრონტს გაარღვევს და თუკი შესაბამისი თხოვნა იქნება კიევის მხრიდან. უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიჰალმა კვირას CBC-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ „თუკი დადგება დრო“, კიევი მადლობელი იქნება პარტნიორებისა, თუკი ისინი უკრაინაში ჯარების გაგზავნას გადაწყვეტენ. მან აღნიშნა, რომ ჯერჯერობით უკრაინა პარტნიორებს მხოლოდ იარაღსა და სამხედრო ტექნიკას სთხოვს. იტალიურ გამოცემას არ მოჰყავს თავისი პუბლიკაციის წყაროების ვინაობა. პუბლიკაციიდან არ შეიძლება იმ დასკვნის გამოტანა, რომ საქმე ეხება რაიმე დამტკიცებულ გემებს. თავად ნატოს წარმომადგენლები უკიდურესად ფრთხილად ლაპარაკობდნენ რუსეთთან კონფლიქტში ნატოს სამხედროთა შესაძლო მონაწილეობის შესახებ. დასავლეთის ქვეყნების უმრავლესობა, მათ შორის იტალიის თავდაცვის მინისტრიც, გამორიცხავენ ასეთ შესაძლებლობას, თუკი რუსეთი თავს არ დაესხმება უშუალოდ NATO-ს წევრ ქვეყანას. ორშაბათს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ უახლოეს ხანებში ჩაატარებს წვრთნას „არასტრატეგიული ბირთვული ძალების მიერ საბრძოლო ამოცანების შესრულებისთვის მზადყოფნის ასამაღლებლად“. წვრთნას რუსეთი ასაბუთებს დასავლელი ლიდერების მუქარებით რუსეთის ფედერაციის მისამართით. რომელ პირებზეა ლაპარაკი, განცხადებაში არ არის დაკონკრეტებული.
სალომე ზურაბიშვილი: ვიღაცები მეგობრებსა და მტერს შორის რაღაც უღირს ტოლობის ნიშანს სვამენ
„ეგრეთ წოდებული ერთმორწმუნე და ვითომ ღირებულებების დამცველი! - არც აღდგომა იციან, არც საფლავი, არც ოჯახი და საერთოდ სამშობლო ხომ არ იციან,“ - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ოკუპირებულ სოფელ დისევის მიმდებარე ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქის უკანონოდ დაკავებას ეხმაურება. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მათ ასევე არ შეუძლიათ საკუთარი და მეზობლის მიწების გარჩევა. “ეგრეთ წოდებული ერთმორწმუნე და ვითომ ღირებულებების დამცველი! არც აღდგომა იციან, არც საფლავი, არც ოჯახი და საერთოდ სამშობლო ხომ არ იციან, და არ იციან - არც მისი ნამდვილი საზღვრები და არც გარჩევა საკუთარი და მეზობლის მიწებს შორის…. და ამ ყველაფრის მიუხედავად, ვიღაცები მეგობრებსა და მტერს შორის რაღაც უღირს ტოლობის ნიშანს სვამენ,” - წერს პრეზიდენტი. ცნობისთვის, გასულ კვირას რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ოკუპირებულ სოფელ დისევის მიმდებარე ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს.
რუსეთი ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენებით წვრთნას ჩაატარებს
რუსეთი უახლოეს ხანებში ჩაატარებს წვრთნას „არასტრატეგიული ბირთვული ძალების მიერ საბრძოლო ამოცანების შესრულებისთვის მზადყოფნის ასამაღლებლად.“ ამის შესახებ საუბარია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ორშაბათს გამოქვეყნებულ განცხადებაში. კერძოდ, წვრთნის ჩატარების განკარგულება გაცემულია უმაღლესი მთავარსარდლის, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მიერ. გენერალურმა შტაბმა დაიწყო მზადება წვრთნისთვის „სამხრეთის სამხედრო ოლქის სარაკეტო შენაერთებთან ერთად, ავიაციის, ასევე სამხედრო-საზღვაო ფლოტის ძალების მონაწილეობით“. როგორც აღნიშნავენ, წვრთნის დროს „განხორციელდება არასტრატეგიული ბირთვული იარაღის მომზადებასა და გამოყენებასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა კომპლექსი.“ ამასთან, აცხადებენ, რომ ასეთი იარაღის გამოყენებით წვრთნა გაიმართება „რუსეთის სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის უპირობოდ უზრუნველსაყოფად, პასუხად ზოგიერთი დასავლური სახელმწიფოს ოფიციალური პირების პროვოკაციულ განცხადებებსა და მუქარებზე რუსეთის ფედერაციის მისამართით“. რომელ პირებს გულისხმობენ, არ საუბრობენ. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ დასავლეთის ქვეყნები შიშობდნენ, რომ რუსეთმა შესაძლოა, გამოიყენოს ტაქტიკური ბირთვული იარაღი, კერძოდ - ფრონტზე წარუმატებლობის შემთხვევაში. რუსეთის სამხედრო დოქტრინა ითვალისწინებს, რომ მან პირველმა შეიძლება, გამოიყენოს ბირთვული იარაღი „თავად სახელმწიფოს არსებობისთვის საფრთხის შემთხვევაში.“ ვლადიმირ პუტინს პირდაპირ არ გამოუთქვამს უკრაინის მიმართ ბირთვული მუქარა, მაგრამ არაერთხელ გააფრთხილა დასავლეთის ქვეყნები, რომ რუსეთთან პირდაპირი კონფრონტაციის შემთხვევაში შესაძლებელია ბირთვული ომი. რუსეთის სტრატეგიული ბირთვული ძალები გაზრდილი საბრძოლო მზადყოფნის რეჟიმში არიან 2022 წლის თებერვლიდან. არასტრატეგიული ბირთვული იარაღი, რომელსაც ტაქტიკურსაც უწოდებენ, არის ბირთვული ჭურვები, რომელთა გადატანის საშუალებებად იყენებენ შედარებით მცირე რადიუსის რაკეტებს (ანუ არა სტრატეგიულ საკონტინენტთაშორისო რაკეტებს). ისინი უფრო მცირე სიმძლავრისაა სტრატეგიულ იარაღთან შედარებით. კერძოდ, ტაქტიკური იარაღი შეიძლება გამოყენებულ იქნეს სარაკეტო კომპლექს „ისკანდერზე“. ეს იარაღი ახლახან განათავსეს ბელარუსში. სხვადასხვა შეფასებით, რუსეთს ამგვარი შეიარაღების უდიდესი მარაგი აქვს მსოფლიოში. ბრძოლის ველზე ეს იარაღი არასოდეს გამოუყენებიათ. რას პასუხობს NATO პუტინის მუქარას
სახელმწიფო დეპარტამენტი კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ ე.წ. უცხოური აგენტების კანონი აშშ-საქართველოს ურთიერთობას ძირს გამოუთხრის
სახელმწიფო დეპარტამენტი კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ ე.წ. უცხოური "აგენტების კანონპროექტი ძირს გამოუთხრის აშშ-საქართველოს ურთიერთობებს და საფრთხის ქვეშ დააყენებს ევროატლანტიკურ გზას. ამის შესახებ ყოველდღიურ პრესკონფერენციაზე, შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ, სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა ისაუბრა. „მიგვაჩნია, რომ კანონმდებლობა, რომელსაც ისინი განიხილავენ, საქართველოს სახიფათო ტრაექტორიაზე დააყენებს, საქართველოს ევროატლანტიკურ გზას საფრთხეს შეუქმნის და აშშ-საქართველოს ურთიერთობას ძირს გამოუთხრის. ჩვენ ამის ახსნას გავაგრძელებთ და ისინი გადაწყვეტილებას თავად მიიღებენ,“ - განაცხადა მეთიუ მილერმა. ჟურნალისტმა მას, ასევე ჰკითხა მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილისა და "ქართული ოცნების" დეპუტატებისთვის სანქციების შესაძლო დაწესებაზე, რაზეც მილერმა უპასუხა: „არ ვაპირებ რაიმე განცხადება გავაკეთო სანქციებზე, იმაზე თუ რას ვაპირებთ, ან რის გაკეთებას განვიხილავთ. ასეთი რამ პრაქტიკაში არ გვაქვს." შეგახსენებთ, პირველ მაისს საქართველოს პარლამენტმა სადავო კანონპროექტი პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით მიიღო. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის ძალაში შესვლის შემთხვევაში, მედიასაშუალებებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოელი დონორებისგან იღებენ, დაავალდებულებენ, დარეგისტრირდნენ, როგორც „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია.“ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის ხელახალ შემობრუნებას ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეები, მათ შორის, ახალგაზრდები ხელისუფლებას კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი მიღების შემთხვევაში საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს. მთავრობის მტრული რიტორიკა და ანტიდემოკრატიული კანონმდებლობის მხარდაჭერა საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს რისკის ქვეშ აყენებს - ბლინკენის მრჩეველი
600-მდე მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს
მასწავლებლები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან სოლიდარობას უცხადებენ მათ კოლეგას, ლადო აფხაზავას, რომელსაც 5 მაისს განაცხადა, რომ თავს დაესხნენ. მათ განცხადებას ამ დროისთის [21:34] 555 მასწავლებელი აწერს ხელს და მათი რიცხვი მზარდია. „მასწავლებელი, თავისი საქმიანობიდან გამომდინარე, უნდა იყოს მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქე და თავისი მოსწავლეებისთვის მაგალითის მიმცემი. Სწორედ ასეთი ადამიანია ლადო აფხაზავა. მიგვაჩნია, რომ გუშინდელ დღეს მომხდარი ძალადობა სახიფათო პრეცედენტია, რომელიც ახალისებს ძალადობას აქტიური სამოქალაქო პოზიციის მქონე მასწავლებლების წინააღმდეგ. კატეგორიულად მიუღებლად მიგვაჩნია ნებისმიერი ადამიანის მიმართ განხორცილებული ძალადობა მისი სამოქალაქო და სხვა პოზიციის გამო. კიდევ უფრო მიუღებელია, როდესაც ძალადობა მასწავლებლის მიმართ ხორციელდება," - წერენ განცხადების ავტორები. ასევე აღნიშნავენ, რომ ძალადობაზე თვალის დახუჭვა ახალისებს ძალადობას, "ასეთ გარემოში კი არავინ არის დაცული". მოუწოდებენ სამართალდამცავ ორგანოებს დროულად და ეფექტურად გამოიძიონ ლადო აფხაზავაზე ძალადობის ფაქტი. შეგახსენებთ, აფხაზავას თქმით, ლანჩხუთში, საკუთარ სახლთან, 5 მაისის საღამოს დაესხა თავს სამი ჯოხებით შეიარაღებული ადამიანი. ის ამ დროს მის 20 წლის შვილთან ერთად იყო. აფხაზავა ამბობს, რომ სამივე თავდამსხმელს იცნობს, მათგან ერთი მისივე კორპუსში ცხოვრობს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ აფხაზავაზე თავდასხმის შემდეგ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო. ლადო აფხაზავა 2018 წელს გახდა მასწავლებლის ჯილდოს მფლობელი. ამავე წელს ის მასწავლებლის მსოფლიო ჯილდოს 10 ფინალისტს შორისაც მოხვდა - 2019 წლის 27 მარტს მას ჩიბათის საჯარო სკოლაში სიმბოლური ვარსკვლავი გაუხსნეს. ამ ცერემონილს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. მასწავლებლის ეროვნულმა ჯილდომ, რომელიც ყოველწლიურად ავლენს საუკეთესო მასწავლებლებს საქართველოს მასშტაბით, პედაგოგზე თავდასხმა დაგმო. „ვგმობთ ლადო აფხაზავაზე თავდასხმას და სოლიდარობას ვუცხადებთ მას. ლადო არა მხოლოდ გამორჩეული მასწავლებელი, არამედ გამორჩეული მოქალაქეა. მასზე განხორციელებული თავდასხმა განსაკუთრებით საეჭვოა მისი სამოქალაქო აქტიურობის ფონზე. ველით, რომ გამოძიება დროულად და ეფექტიანად განხორციელდება. ლადოს ვესაუბრეთ და საბედნიეროდ, ის და მისი ბავშვები კარგად არიან,“ - ნათქვამია განცხადებაში.
ფაშინიანი პუტინის ინაუგურაციას არ დაესწრება
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ვლადიმერ პუტინის ინაუგურაციას არ დაესწრება. შესაბამისი კომენტარი სომხეთის პარლამენტის სპიკერმა ალენ სიმონიანმა ჟურნალისტებთან გააკეთა. „მაგრამ მიმაჩნია, რომ ჩვენ, როგორც თავმჯდომარე ქვეყანამ ევრაზიის ეკონომიკური კავშირის შეხვედრაში მონაწილეობა უნდა მივიღოთ“, - აღნიშნა სომხეთის პარლამენტის სპიკერმა. თავად ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ევრაზიის ეკონომიკური კავშირის შეხვედრაში მისი მონაწილეობა განიხილება, მაგრამ პუტინის ინაუგურაციაზე დასწრების შესახებ დასმული შეკითხვა უპასუხოდ დატოვა. ფაშინიანმა უსაფრთხოების სფეროში რუსეთზე დამოკიდებულებას სტრატეგიული შეცდომა ბოლო პერიოდში არაერთხელ უწოდა. ფაშინიანი იყენებს მომენტს სომხეთის საგარეო პოლიტიკის რეორიენტაციისთვის - მეთიუ ბრაიზა სომხეთი ქვეყნის ტერიტორიაზე რუსული სამხედრო ბაზების შენარჩუნებაში, ერევნისთვის რაიმე სარგებელს ვერ ხედავს - ფაშინიანი
მაკრონი და ფონ დერ ლაიენი ჩინეთის ლიდერს მოუწოდებენ, რუსეთზე ზეწოლა მოახდინოს უკრაინაში ომის დასასრულებლად
საფრანგეთმა და ევროკომისიამ 6 მაისს ჩინეთის პრეზიდენტს განუცხადეს, რომ სურთ, სი ძინპინმა მოსკოვზე თავისი გავლენა გამოიყენოს უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომის დასასრულებლად და რომ ევროკავშირი არ შეასუსტებს უკრაინის მხარდაჭერას. ჩინეთის ლიდერს ემანუელ მაკრონი მასპინძლობს. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ეს სი ძინპინის პირველი ვიზიტია ევროპაში. მაკრონმა პარიზში მოლაპარაკება გამართა სი ძინპინთან და ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან. ჩინეთმა ბოლო წლებში რუსეთთან სავაჭრო და სამხედრო კავშირები გააღრმავა. „იმედი გვაქვს ჩინეთი რუსეთზე მის მთელ გავლენას გამოიყენებს, რათა დასრულდეს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის ომი," - განუცხადა ფონ დერ ლაიენმა ჟურნალისტებს. მაკრონის თქმით, უკრაინის საკითხზე ჩინეთთან კოორდინაცია "აბსოლუტურად გადამწყვეტია." შეგახსენებთ, პეკინს ამ დრომდე არ დაუგმია რუსეთის ქმედებები უკრაინაში. მას ხშირად მოუწოდებენ, რომ გამოიყენოს თავისი გავლენა, მოახდინოს მოსკოვზე ზეწოლა, რათა რუსეთმა უკრაინაში ომი დაასრულოს.
„ძალიან განსხვავდება იმ კანონისგან, რომელიც აშშ-ში გვაქვს“ - მილერი „უცხოური აგენტების კანონის“ FARA-სთან შედარებაზე
„თუ თქვენ საქართველოში კანონპროექტის ტექსტს შეხედავთ, ან კანონპროექტის ტექსტს, რომელიც სხვა ქვეყნებში კრემლის გავლენით მიიღეს, ისინი ძალიან განსხვავდება იმ კანონისგან, რომელიც ჩვენ აქ, აშშ-ში გვაქვს,“ - ასე უპასუხა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა შესაბამის შეკითხვას უწყებაში გამართულ ტრადიციულ პრესკონფერენციაზე. მეთიუ მილერის თქმით, "განსხვავება ამ კანონების ბუნებაში მდგომარეობს." „თუ შეხედავთ აშშ-ის უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტს, დაინახავთ, რომ ის ეხება იმ ადამიანებს, რომლებიც უცხოური მთავრობების სახელით მოქმედებენ და არა მათ, ვინც ლეგიტიმურ არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას ახორციელებს, ვინც ჰუმანიტარულ საქმიანობას ასრულებს, ვინც სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობას ეწევა. სრულიად განსხვავებული რამ არის,“ - განაცხადა მეთიუ მილერმა. მანვე აღნიშნა, რომ წარსულშიც უნახავს ცრუ შედარებები.
საია: სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20 ივნისის საჩივრებზე, სახელმწიფოს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევა დაუდგინა
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, 2019 წლის 20-21 ივნისს ანტისაოკუპაციო აქციის დროს დაზარალებული მოქალაქეების საჩივრებზე (26 პირის საქმე) სახელმწიფო ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დამრღვევად სცნო. საიამ პარტნიორ ორგანიზაციასთან - ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ ცენტრთან (EHRAC) ერთად ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს 2021 წლის 7 აპრილს 22 პირის სახელით მიმართა. მათ შორის, არიან მშვიდობიანი შეკრების უფლებით მოსარგებლე 10 პირი, მედიის 11 წარმომადგენლი და მოვლენების ეპიცენტრში შემთხვევით აღმოჩენილი ერთი პირი. წარდგენილ საჩივრებში მომჩივნები ევროპული კონვენციის მე-3 (წამების აკრძალვა), მე-10 (გამოხატვის თავისუფლება - მხოლოდ მედიის წარმომადგენლების შემთხვევაში), მე-11 (შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება - მხოლოდ დემონსტრანტების შემთხვევაში), და მე-13 (სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება) მუხლების დარღვევას ასაბუთებდნენ. „საიამ საფუძვლიანად შეისწავლა 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენები, მოიპოვა მტკიცებულებები და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს წინაშე, განაცხადა რომ სახეზე იყო შემდეგი დარღვევები: - გამოყენებული ძალის უკანონობა და არაპროპორციულობა; - დაკავების და შემდგომ პერიოდში არასათანადო მოპყრობა; - ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლა; გამოძიების არაეფექტიანობა - რომელიც თავის მხრივ მოიცავს: 1. დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე უარი და დაზარალებულთა არაეფექტიან ჩართულობას: 2. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნების მოპოვების გაჭიანურებას; 3. საჭირო საგამოძიებო მოქმედებათა ჩაუტარებლობას; 4. ჩადენილ დანაშაულთა არასწორ კვალიფიკაციასა; 5. დამნაშავეთა დაუსჯელობას. ზემოთხსენებულ დარღვევებთან ერთად, 2019 წლის 20-21 ივნისის საქმეებმა ასევე, გამოკვეთა აქტიური სპეციალური საშუალებების საკანონმდებლო რეგულირებასთან დაკავშირებული პრობლემები, სახელდობრ, აქტიური სპეციალური საშუალებების (მათ შორის, რეზინის ტყვიების) გამოყენების მომწესრიგებელი საკანონმდებლო ჩარჩო, კონკრეტულ შემთხვევებში მკაცრი სიზუსტით არ ადგენს ნორმის ადრესატებისთვის თუ რა შემთხვევაში, როდის, და რა მასშტაბით არის შესაძლებელი ძალის გამოყენება. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გაიზიარა საიას არგუმენტები და საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის (წამების აკრძალვა) უფლების დარღვევა დაადგინა, ამასთან, სასამართლომ მომჩივანთა სასარგებლოდ სახელმწიფოს ჯამში 153 600 ევროს გადახდა დააკისრა. სასამართლომ აღნიშნა, რომ სახელმწიფომ არ ჩაატარა ეფექტიანი გამოძიება, რის გამოც მთავრობას გამოძიების ჩატარება დაავალა, ხოლო დანარჩენ მუხლებთან მიმართებით აღინიშნა, რომ დარღვევები სუბსიდიარობის პრინციპიდან გამომდინარე გამოძიების წარმართვის შემდგომ შეფასდება. სასამართლომ აღნიშნა შემდეგი: - ოთხნახევარი წლის შემდგომ გამოძიება არანაირ დასკვნამდე არ მისულა (პარაგრაფი 217); - სახელმწიფომ სათანადოდ არ შეაფასა ხელმძღვანელი პირების პასუხისმგებლობის საკითხი, მიუხედავად იმისა, რომ ხსენებული პირდაპირ იყო მითითებული სახალხო დამცველის რეკომენდაციებში (პარაგრაფი 220); - სასამართლოს განმარტებით სახელმწიფოს არ ჩაუტარებია მოვლენების სისტემური ანალიზი (პარაგრაფი 221); - არ არსებობს ოფიციალური სრულყოფილი ანგარიში მოვლენათა ქრონოლოგიისა და აქციის დაშლის ოპერაციის თაობაზე, რაც მომავალში მსგავსი დარღვევების თავიდან აცილებას შესაძლებელს გახდის (პარაგრაფი 222); - სახელმწიფოს ვალდებულებაა, მსგავსი ფართომასშტაბიანი საპოლიციო ოპერაციის დროს დარწმუნდეს, რომ სამართალდამცავები, რომლებიც ეჭვმიტანილნი არიან ძალადობაში, ამოცნობადნი იყვნენ [...] სამართალდამცავები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან მართლწესრიგის დაცვასა და დაკავებაზე, ვალდებულნი არიან ატარონ განმასხვავებელი ნიშანი, მაგალითად, შესაბამისი კოდი (პარაგრაფი 223). ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება წარმოაჩენს იმ სისტემურ პრობლემებს, რომლებსაც სახელმწიფოს მხრიდან აქციების ძალის გამოყენებით დაშლის დროს ვლინდება. შედეგად, ნათელი ხდება, რომ სახელმწიფოს დღემდე არ აქვს დემონსტრაციების ეფექტიანი, ადამიანის უფლებების დაცვაზე ორიენტირებული, მართვის პოლიტიკა, რაც მყისიერ სისტემურ რეაგირებასა და გამოსწორებას საჭიროებს,“ წერს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. შეგახსენებთ, 2019 წლის ივნისში, საქართველოში "მართლმადიდებლობის საერთაშორისო ასამბლეის" სხდომა იმართებოდა, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი დაიკავა რუსეთის დუმის დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა. ამ ფაქტს საზოგადოების პროტესტი მოჰყვა და ათასობით ადამიანი თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან შეიკრიბა. 2019 წლის 20-21 ივნისის ღამეს, აქციის დაშლისას, რუსთაველის გამზირსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, ოფიციალური მონაცემებით, 240 ადამიანი დაშავდა. მათ შორის - 30-ზე მეტი ჟურნალისტი. ორმა ადამიანმა რეზინის ტყვიებით მიყენებული ტრავმისგან თვალი დაკარგა. თვალისა და თავის არეში მძიმე დაზიანებები მიიღო აქციის კიდევ რამდენიმე მონაწილემ. კლინიკებში გადაიყვანეს 80-მდე სამართალდამცველი. გავრილოვის საქართველოში ყოფნის დროს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, შს მინისტრი კი, გიორგი გახარია იყო.