ძებნის რეზულტატი:

EBRD-ის პრეზიდენტი: „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტმა შესაძლოა, საქართველოს ეკონომიკასა და ინვესტორების ნდობას ზიანი მიაყენოს

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) პრეზიდენტმა, ოდილ რენო ბასომ განაცხადა, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტმა, შესაძლოა, საქართველოს ეკონომიკასა და ინვესტორების ნდობას ზიანი მიაყენოს მისი თქმით, ამ კანონპროექტის დაბრუნება გასაკვირი იყო და შეშფოთებულები არიან იმით, რაც ხდება. ოდილ რენო ბასომ აღნიშნა, რომ საქართველომ წარმატებული რეფორმების შედეგად ეკონომიკური სარგებელი მიიღო. „მაგრამ ამ (კანონპროექტის) ირგვლივ არსებულმა ახალმა ტენდეციამ და დაძაბულობამ შესაძლოა, კერძო სექტორსა და ქვეყანაში ინვესტიციების განხორციელების სურვილზე ეკონომიკური ზეგავლენა იქონიოს. ამიტომ, ჩვენს პარტნიორებთან კონტაქტზე ვართ,“ - განაცხადა EBRD-ის პრეზიდენტმა. შეგახსენებთ, პირველ მაისს საქართველოს პარლამენტმა სადავო კანონპროექტი პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით მიიღო. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის ძალაში შესვლის შემთხვევაში, მედიასაშუალებებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოელი დონორებისგან იღებენ, დაავალდებულებენ, დარეგისტრირდნენ, როგორც „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია.“ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის ხელახალ შემობრუნებას ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეები, მათ შორის, ახალგაზრდები ხელისუფლებას კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი მიღების შემთხვევაში საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს.  მთავრობის მტრული რიტორიკა და ანტიდემოკრატიული კანონმდებლობის მხარდაჭერა საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს რისკის ქვეშ აყენებს - ბლინკენის მრჩეველი  

„საქართველომ ახლა უნდა შეინარჩუნოს კურსი“ - გერმანიის ეკონიმიკის სამინისტროს სახელმწიფო მდივანი

გერმანიის ეკონომიკისა და კლიმატის დაცვის ფედერალური სამინისტროს სახელმწიფო მდივანი სვენ გიგოლდი აცხადებს, რომ საქართველომ ახლა უნდა შეინარჩუნოს კურსი და გადადგას სწრაფი ნაბიჯები შეთანხმებული რეფორმების განსახორციელებლად. „საქართველოს საზოგადოება მზად არის ევროკავშირისთვის. საქართველო ჩვენთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია სამხრეთ კავკასიაში. ჩვენ გვსურს, კიდევ უფრო ინტენსიური გავხადოთ ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთოებები. გერმანიის ფედერალური მთავრობა აძლიერებს გერმანულ კომპანიებს მათი საქმიანობისას რეგიონში და ამით აძლევს დადებით იმპულსს რეფორმების განხორციელებას ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში,“ - განაცხადა სვენ გიგოლდმა. გერმანიის საელჩოს განცხადებით, ეკონომიკისა და კლიმატის დაცვის ფედერალური სამინისტრო ეხმარება საქართველოს სავაჭრო და საინვესტიციო ინსტრუმენტებით (ექსპორტის საკრედიტო გარანტიები, საინვესტიციო გარანტიები, ევროკავშირის ტვინინგის პროექტები, პარტნიორობა ადმინისტრაციულ დარგში, პროგრამა „პარტნიორობა ბიზნესში გერმანიასთან“). მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ბაზრის გაფართოების პროგრამის ფარგლებში ხდება მცირე და საშუალო კომპანიების მხარდაჭერა უცხოურ ბაზარზე შესვლისას. „ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს მონაწილეობას ევროკავშირის ჩართულობის ინიციატივაში,“ ნათქვამია გერმანიის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ცნობისთვის, გერმანიის გერმანიის ეკონომიკისა და კლიმატის დაცვის ფედერალური სამინისტროს სახელმწიფო მდივანი სვენ გიგოლდი 7 მაისს იწყებს საქართველოს ვიზიტს და ეკონომიკური პოლიტიკისა და ევროკავშირის პოლიტიკის საკითხებთან დაკავშირებით შეხვედრებს გამართავს. მას თან ახლდება გერმნული კერძო კომპანიების დელეგაცია. გერმანიის საელჩოს ცნობით, სახელმწიფო მდივანი დელეგაციასთან ერთად შეხვედრებს გამართავს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში და სამოქალაქო საზოგადოებრივ ორგანიზაციებში. შეხვედრებზე ისაუბრებენ ევროკავშირთან დაახლოებისთვის საქართველოს ძალისხმევის, გერმანიის მხარდაჭერისა და ამასთან დაკავშირებული რეფორმების შესახებ, ასევე განიხილავენ ისეთ თემებს, როგორებიცაა ტურიზმი, ვაჭრობა და ინვესტიციები (მაგ. საჰაერო მიმოსვლა, გადახდის ოპერაციები, როუმინგი). დელეგაცია ასევე ესტუმრება ქართულ კერძო კომპანიებსა და ისაუბრებს ორმხრივ პროექტებზე. „ამ ვიზიტით ბატონ გიგოლდს სურს, განსაკუთრებული მხარდაჭრა გამოხატოს საქართველოს მიმართ ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე,“ აცხადებენ გერმანიის საელჩოში.  

პუტინის ინაუგურაცია გაიმართა

დღეს, 7 მაისს, მოსკოვში, კრემლში ვლადიმერ პუტინის ინაუგურაციის ცერემონია გაიმართა. 71 წლის პუტინმა პრეზიდენტის ფიცი დადო, რის შემდეგაც ოფიციალურად, ექვსწლიანი ვადით რუსეთის პრეზიდენტის თანამდებობა ისევ დაიკავა. პუტინი რუსეთს თითქმის 25 წელია, მართავს. ფიცის დადების შემდეგ, მან განაცხადა, რომ რუსეთის მოქალაქეებმა დაადასტურეს ქვეყნის კურსის სისწორე, რისთვისაც მადლობას უხდის, მისთვის „უპირველესი იქნება რუსეთის ხალხის უსაფრთხოება და ინტერესები", დღევანდელ „სირთულეებს ღირსეულად გადალახავენ და კიდევ უფრო გაძლიერდებიან." ის დარწმუნებულია, რომ „მრავალსაუკუნოვანი ოჯახური ფასეულობების და ტრადიციების მხარდაჭერა“ ისევ იქნება საზოგადოებრივი და რელიგიური ორგანიზაციების, პოლიტიკური პარტიების და ხელისუფლების ერთიანობის საფუძველი.“ პუტინის მტკიცებით, რუსეთს „ღია და კეთილი ურთიერთობების" გაძლიერება სურს ქვეყნებთან, რომლებიც რუსეთს „საიმედო და პატიოსან პარტნიორად„ მიიჩნევენ და „მსოფლიოს უმრავლესობაში არიან.“ პუტინის განცხადებით, უარს არც დასავლეთის სახელმწიფოებთან დიალოგზე არ ამბობენ, თუმცა არჩევანი მათზეა - „მომავალშიც გააგრძელებენ რუსეთის განვითარების შეფერხების მცდელობას, აგრესიის პოლიტიკას და ზეწოლას თუ მოძებნიან გზებს თანამშრომლობისა და მშვიდობისთვის." ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე პუტინის ინაუგურაციის ცერემონიას არ ესწრებოდა. ინაუგურაციაზე არ იყვნენ აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოსა და კანადის წარმომადგენლები. ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, მარტში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში ვლადიმერ პუტინმა ხმების 87% პროცენტით გაიმარჯვა. შეგახსენებთ, რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა და ამ დრომდე აგრძელებს ომს.  

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა ე.წ. მინისტრი თანამდებობიდან გაათავისუფლა

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ ინალ არძინბა ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან გაათავისუფლა. ბჟანიამ შესაბამის „ბრძანებას“ ხელი დღეს, 7 მაისს, მოაწერა. 33 წლის „მინისტრის" გადაყენების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ბჟანიამ ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შესრულება დაავალა მოადგილეს, ირაკლი ტუჟბას. ინალ არძინბა ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრად 2021 წლის 17 ნოემბერს დაინიშნა. მანამდე არძინბა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მუშაობდა. ხელმძღვანელობდა რუსეთის პატრიარქთან არსებულ ახალგაზრდულ საქმეთა საზოგადოებრივ საბჭოსაც. ინალ არძინბა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პარლამენტში ინიცირებული „აგენტების კანონის" აქტიური მხარდამჭერია.  

უკრაინა: SBU-მ გამოავლინა რუსი აგენტების ქსელი, რომელიც ზელენსკის, ბუდანოვის და სხვა მაღალჩინოსნების მკვლელობას გეგმავდა

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, მათ ჩაშალეს რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის გეგმა, რომელიც მიზნად ისახავდა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და უმაღლესი სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის სხვა წარმომადგენლების ლიკვიდაციას. მათ შორის დასახელებული არიან უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის და თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელები ვასილ მალიუკი და კირილ ბუდანოვი. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მიერ დღეს, 7 მაისს გამოქვეყნებული ინფორმაციით, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის გეგმა უნდა განეხორციელებინა აგენტების ქსელს, რომელშიც ჩართული იყო უკრაინის სახელმწიფო დაცვის სამმართველოს ორი პოლკოვნიკი. კერძოდ, ისინი რუსეთს აწვდიდნენ საიდუმლო ინფორმაციას. ორივე მათგანი დაკავებულია და დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში სამუდამო პატიმრობა ემუქრებათ. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, რუსეთის აგენტების ქსელის ერთ-ერთი ამოცანა იყო მოძიება პრეზიდენტის დაცვასთან დაახლოებული სამხედროების, რომლებიც შეძლებდნენ ვოლოდიმირ ზელენსკის მძევლად აყვანას და შემდეგ ლიკვიდაციას. ოფიციალური ინფორმაცით, აღდგომის წინ, დრონების გამოყენებით იგეგემებოდა სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელის კირილ ბუდანოვის მკვლელობა. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის, ვასილ მალიუკის განცხადებით, რუსეთის გეგმის ჩასაშლელად სპეცოპერაციის შესახებ ინფორმირებული იყო პირთა ვიწრო წრე და ოპერაციას პირადად აკონტროლებდა. მალიუკის თქმით, ტერაქტით პუტინისთვის საჩუქარი უნდა გაეკეთებინათ მისი ინაუგურაციისთვის, თუმცა რუსეთის სპეცსამსახურების კრახად იქცა. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ტერაქტის ორგანიზების კურატორები იყვნენ რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის მეხუთე განყოფილების ოპერატიული ინფორმაციის დეპარტამენტის თანამშრომლები მაქსიმ მიშუსტინი, დმიტრი პერლინი და ალექსეი კორნევი. სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სახელმწიფო ღალატის და ტერაქტის მომზადების მუხლებით. რუსეთი უკრაინის ბრალდებას ჯერჯერობით არ გამოხმაურებია.  

სვანეთში, მდინარეში გადავარდნილი მესამე მოზარდის ცხედარიც იპოვეს

სვანეთში დაკარგული მესამე ახალგაზრდის ცხედარიც იპოვეს. ადგილობრივის ინფორმაციით, მაშველებმა მას მდინარე ენგურში მიაგნეს. შეგახსენებთ, რომ ავტომობილი, სადაც სამი ახალგაზრდა - ერთი გოგო და ორი ბიჭი იმყოფებოდნენ, მდინარეში 2 მაისს გადავარდა. მაშველებმა რამდენიმე დღის წინ მე-12 კლასელი გოგოს ცხედარი იპოვეს. დღეს დილით, მაშველებმა 14 წლის ბიჭის ცხედარს მიაგნეს.  

30-ზე მეტი ევროპარლამენტარი ბორელს საქართველოს კანდიდატის სტატუსის შეჩერებისა და ევროკავშირის დაფინანსების გადახედვისკენ მოუწოდებს

30-ზე მეტი ევროპარლამენტარი ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ჯოზეფ ბორელს მოუწოდებენ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის შეჩერებისა და ევროკავშირის დაფინანსების გადახედვისკენ. ევროპარლამენტის დეპუტატის პეტრას აუსტრევიჩუსის მიერ სოციალურ ქსელ X-ში გავრცელებულ წერილში ნათქვამია, რომ საქართველოს ხელისუფლების არადემოკრატიულმა ქცევამ, მათმა აგრესიულობამ უცხოური აგენტების შესახებ „რუსული სტილის“ კანონის გატანის, მშვიდობიანი დემონსტრანტების გაჩუმებისა და მათ წინააღმდეგ ძალის გამოყენების თვალსაზრისით, “ზღვარი გადალახა.” ასეთმა მოქმედებამ მეტად გაამწვავა დაძაბულობა და პოლარიზაცია ქართულ პოლიტიკასა და საზოგადოებაში. “რაც ეწინააღმდეგება ცხრა ნაბიჯს, რომლის შესრულების ვალდებულებაც აიღო საქართველოს მთავრობამ, საქართველოსთვის ევროკავშირის სტატუსის მინიჭებისას და, რაც არ შეიძლება უგულებელყოფილი იყოს ევროკავშირის მიერ.” ევროპარლამენტარები ბორელს მოუწოდებენ, დაიჭიროს “მტკიცე პოზიცია და მიიღოს შემდგომი ზომები, რომლებიც გაუგზავნის მკაფიო სიგნალს საქართველოს ხელისუფლებას.” “პირველი, საქართველოს ხელისუფლების და მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ საქციელი ევროკავშირის კანდიდატის ქვეყნის ვალდებულებებთან წინააღმდეგობაშია. შესაბამისად, საქართველოს კანდიდატის სტატუსი უნდა შეჩერდეს გაწევრიანების პროცესში ყოველგვარი შემდგომი პროგრესის გარეშე. მეორე, უნდა გადაიხედოს ევროკავშირის მიერ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის და სამთავრობო პროგრამების დაფინანსება. მესამე, უნდა შეფასდეს ევროკომისიის 2023 წლის 8 ნოემბრის რეკომენდაციის შესრულებაში საქართველოს პროგრესი შემდგომი გადავადების გარეშე,” - წერენ ევროპარლამენტის დეპუტატები. ისინი ასევე აღნიშნავენ, რომ ბოლო წლებში დაუღალავად მუშაობდნენ ქართველი ხალხისა და მათი მისწრაფების მხარდასაჭერად გახდენენ ევროკავშირის წევრები. „ვინარჩუნებთ მზადყოფნას, ამის საკეთებლად, თუმცა დემოკრატიული კრიტერიუმი ევროკავშირის ყველა კანდიდატი ქვეყნისთვის ერთნაირია და დაცული უნდა იყოს,“ - ნათქვამია 31 დეპუტატის ერთობლივ წერილში. ჯოზეფ ბორელისადმი წერილის ხელმომწერები არიან პეტრას აუსტრევიჩუსი, ვიოლა ფონ კრამონი, ანდრიუს კუბილიუსი, მირიამ ლექსმანი, რასა იუკნევიჩიენე, სანდრა კლიენტე, მიხაელ გალერი და თიის როიტენი სხვები.  

შვედეთის მთავრობა განმარტავს, რა დახმარებით უზრუნველყოფს სტოქჰოლმი საქართველოს

7 მაისს, საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობისა და საგარეო ვაჭრობის მინისტრმა იოჰან ფორსელმა სახელმწიფო მდივან დიანა იანსესთან ერთად, თბილისში ვიზიტი დაიწყო. როგორც შვედური მხარეი უწყება, მაღალი თანამდებობის პირები სამოქალაქო საზოგადოების, ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს ხვდებიან. როგორც დღეს, ოპოზიციის წარმომადგენლებმა შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადეს, საუბრის მთავარი თემა "უცხოური გავლენის შესახებ გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი და მის ირგვლივ ქვეყანაში განვითარებული მოვლენები იყო. "გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, შეხვედრაზე მკაფიოდ ითქვა, რომ თუ საქართველოს ხელისუფლება "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს მიიღებს, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მხრივ პრობლემები შეექმნება. „საუბრის ძირითადი თემა იყო "რუსული კანონი". საუბარი იყო იმაზე, რომ ამ კანონის მიღების შემთხვევაში, არა მხოლოდ მოლაპარაკებები აღარ გაიხსნება საქართველოსთან ევროკავშირში გაწევრიანებაზე, არამედ სხვა ტიპის პრობლემები შეგვექმნება. საკმაოდ ცხადი და გასაგები გზავნილები იყო, მათ შორის გვითხრა, რომ ეს წუხილი საჯაროდაც გამოთქვა და კიდევ აპირებს გამოთქვას. აინტერესებდა გეგმები, ჩვენ როგორ ვუყურებთ პროცესს, მათ შორის დეტალურად აინტერესებდა, როდის შეიძლება იყოს მესამე მოსმენა, ვეტოს დაძლევა და ა.შ. ასევე, ვისაუბრეთ 9 პუნქტზე, მართლმსაჯულებაში არსებულ პრობლემებზეც, არჩევნებზეც, მაგრამ ძირითადი საკითხი იყო ეს "რუსული კანონი" და ის პრობლემები, რომელიც შეგვექმნება," - განაცხადა ჯაფარიძემ. მისი თქმით, ოპოზიციის გეგმა არის პროტესტი, რომ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ კანონპროექტი ვერ მიიღონ. თავის მხრივ, შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობისა და საგარეო ვაჭრობის მინისტრმა იოჰან ფორსელმა ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შვედეთი საქართველოს მეგობარია და მხარს უჭერენ რეფორმების პროცესს. „გვინდა, საქართველო ევროკავშირის ნაწილი გახდეს და გვჯერა, არსებობს დიდი შესაძლებლობი, რომ საქართველო ევროპის ნაწილი იყოს. ამის მიზეზი ბევრია, მათ შორის, ინვესტიციები, თანამშრომლობა. ჩვენ საქართველოს ზურგს არ შევაქცევთ, ჩვენ გვინდა, საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს, მაგრამ ასევე შეშფოთებული ვართ ახალი კანონპროექტით, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების შესაძლებლობებს ზღუდავს. გვწამს, რომ ეს არ შეესაბამება იმ თანამშრომლობას, რომელიც გვქონდა, ასევე, ჩვენს მოსაზრებებს სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელობასთან დაკავშირებით. ამიტომ, მე აქ ვარ იმისთვის, რომ შევხვდე პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტს, ასევე, სამოქალაქო საზოგადოებას, რათა განვიხილოთ მიმდინარე სიტუაცია და მომდევნო ნაბიჯები. ჩვენ გვინდა, საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი, ამიტომ გავაგრძელებთ და უფრო ინტენსიურს გავხდით ჩვენს მხარდაჭერას როგორც რეფორმების პროცესისადმი, ასევე მნიშვნელოვანი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის,“ – განაცხადა იოჰან ფორსელმა. მან იმედი გამოთქვა, რომ “ახალი ნაბიჯები გადაიდგება დიალოგისა და ახალი ძლიერი თანამშრომლობისთვის.“ „ჩვენ პატივს ვცემთ ქართველ ხალხს და გადაწყვეტილებებს. ვიცით, საქართველოს მოსახლეობაში არსებობს დიდი ინტერესი, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი. შვედეთი მხარს უჭრეს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას, მაგრამ როდესაც ხარ მეგობარი, ეს ასევე ნიშნავს, რომ შეიძლება იყო გულწრფელი. ინიცირებული კანონპროექტი შემაშფოთებელია, ასევე, შემაშფოთებელია რიტორიკა, რაც ვნახეთ. იმედი გვაქვს, რომ ახალი ნაბიჯები გადაიდგება დიალოგისა და ახალი ძლიერი თანამშრომლობისთვის, როგორც შვედეთთან, ისე სრულაც ევროკავშირთან,“ აღნიშნა ფორსელმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით. მის ვიზიტზე ინფორმაცია გაავრცელა შვედეთის მთავრობამაც. „მთავრობა ყურადღებით ადევნებს თვალს საქართველოში განვითარებულ შემაშფოთებელ მოვლენებს. შვედეთი სიდიდით მესამე ორმხრივი დონორია საქართველოსთვის და რეფორმების სფეროში ჩვენი თანამშრომლობა რამდენიმე ათწლეულს ითვლის. საქართველოს ძლიერ და დამოუკიდებელ სამოქალაქო საზოგადოებას გადამწყვეტი როლი აქვს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე,“ - ამბობს ფორსელი. შვედეთის მხარდაჭერა საქართველოს შვედეთის ჯამური მხარდაჭერა საქართველოსთვის ბოლო ათწლეულების განმავლობაში შეადგენს 3 მილიარდ კრონს (735 602 203,08 ლარი) 2024 წელს საქართველოსთან რეფორმების სფეროში თანამშრომლობა, სავარაუდოდ, 200 მილიონ კრონზე მეტი იქნება, რაც შვედეთს უმსხვილეს ორმხრივ დონორად აქცევს. შვედეთის დახმარების მნიშვნელოვანი ნაწილი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებზე მოდის.

ესპანეთმა უკრაინას Patriot-ის რაკეტები გაუგზავნა

უკრაინამ მადრიდიდან Patriot-ის ტიპის საზენიტო რაკეტები მიიღო. ამის შესახებ ესპანეთის თავდაცვის მინისტრმა მარგარიტა რობლესმა განაცხადა. „ეს რაკეტები შექმნილია საჰაერო თავდაცვისთვის და ძალიან ცხადი უნდა იყოს, რომ ისინი შექმნილია იმისთვის, რომ დაიცვან უკრაინა იმ თავდასხმებისგან, რომელსაც ის განიცდის,“ - აღნიშნა მინისტრმა ქალაქ სარაგოსაში სამხედრო ობიექტების მონახულებისას, სადაც უკრაინელი ჯარისკაცები წვრთნიან. რობლესმა არ უთქვამს, რამდენი რაკეტა მიიღო უკრაინამ.  

უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

გავრცელებული ცნობებით, ქართველი მებრძოლები დავით გოგაძე და ბესო ლომინაძე ავდეევკის მიმართულებაზე საბრძოლო მოქმედებების შედეგად დაიღუპნენ, ისინი ქართული სპეცდანიშნულების რაზმის "შავი არწივის" მებრძოლები იყვნენ. "ავდეევკის მიმართულებაზე საბძოლო მოქმედებების შედეგად დაიღუპნენ ქვედანაყოფი შავი არწივის მებრძოლები დავით გოგაძე და ბესო ლომიძე ქვედანაყოფი შავი არწივი ოჯახებს უსამძიმრებს ამ დიდი დანაკარგს. ბრძოლა გრძელდება სისხლის ბოლო წვეთამდე, ბოლო ამოსუნთქვამდე!!!!"- წერია "შავი არწივის" განცხადებაში. 6 მაისს ავდეევკის მიმართულებაზე „შავი არწივის“ კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, სოსო გუგუტაშვილი დაიღუპა.  

20 მაისიდან ბაქო-თბილისი-ყარსის ახლად გარემონტებულ სარკინიგზო ხაზზე სატვირთო მატარებლების მოძრაობა დაიწყება - რუსტამოვი

20 მაისიდან ბაქო-თბილისი-ყარსის (BTK) ახლად გარემონტებულ სარკინიგზო ხაზზე სატვირთო მატარებლების მოძრაობა დაიწყება. ამ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს. მისივე ცნობით, საქართველოზე გამავალი BTK-ის სარკინიგზო ხაზის 184-კილომეტრიანი მონაკვეთის სარემონტო-აღდგენითი, რეკონსტრუქციისა და გაფართოების სამუშაო უკვე დასრულებულია. ამის შესახებ „აზერბაიჯანის რკინიგზის" თავმჯდომარემ როვშან რუსტამოვმა განაცხადა. „20 მაისიდან, განახლებული BTK-ის სარკინიგზო ხაზით სატვირთო გადაზიდვები დაიწყება. ამ რკინიგზის მოდერნიზაციის უპირველესი მიზანი იყო შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობის ამაღლება და სარკინიგზო მარშრუტის სტატუსის ამაღლებ. მე მჯერა, რომ ეს განვითარება აზერბაიჯანს, როგორც სატრანსპორტო კვანძს აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტზე დააყენებს,“ - აღნიშნა რუსტამოვმა. ბაქო-თბილისი-ყარსის (BTK) სარკინიგზო მარშრუტი, რომელიც შუა დერეფნის სასიცოცხლო მნიშვნელობის კომპონენტია, 2024 წლის 20 მაისს მოდერნიზაციის შემდეგ გაზრდის მის სატრანსპორტო გამტარუნარიანობას წელიწადში ხუთ მილიონ ტონამდე, რაც ხუთჯერ მეტია წინა სიმძლავრეზე, იუწყება აზერბაიჯანის რკინიგზა CJSC.  ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ქართული ნაწილი სარემონტო-აღდგენითი სამუშაოს გამო, 2023 წლის 16 მაისიდან დაიკეტა. სარკინიგზო ხაზი აზიისა და ევროპის სარკინიგზო ქსელებს აკავშირებს. ეს არის უმოკლესი გზა არამხოლოდ სამ ქვეყანას შორის, არამედ, აზიასა და ევროპას შორის. BTK შესაძლებელს ხდის საქონლის ტრანსპორტირების დროის განახევრებას. რკინიგზა ამარტივებს ცენტრალური აზიის ქვეყნების - თურქმენეთის, ყაზახეთის, უზბეკეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთისა და ავღანეთის წვდომას ევროპულ და მსოფლიო ბაზრებზე. რკინიგზის საერთო სიგრძე 846 კმ-ია. აზერბაიჯანის ტერიტორიაზე გადის 504 კმ, საქართველოს გავლით - 263 კმ, თურქეთის გავლით - 79 კმ. საწყის ეტაპზე BTK-ით ტვირთის გადაზიდვის მოცულობა წელიწადში 6,5 მლნ ტონა იქნება, ხოლო დაგეგმილია 1 მილიონამდე მგზავრის გადაყვანა. შუა დერეფანი - სუეცის არხის ალტერნატივა: რეალობა და პერსპექტივები      

სუს-ი განცხადებას ავრცელებს

ე.წ. უცხოური აგენტების კანონის საწინააღმდეგო მასობრივი საპროტესტო აქციების ფონზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ არსებობს „90-იანი წლების სამოქალაქო დაპირისპირების მსგავსი მოვლენების პროვოცირების” საფრთხე. სუს-ი საუბრობს „მაიდანის სცენარზე" და პროცესების უცხოეთიდან დაფინანსებაზე. „სახელმწიფო უსაფრთხოებისა და მოქალაქეთა მშვიდობიანი თანაცხოვრების ინტერესებიდან გამომდინარე, გვსურს, საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ მიღებული ინფორმაციით, პირთა გარკვეული ჯგუფები ცდილობენ საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე აქციების დროს მოაწყონ პროვოკაციები, რაც მიზნად ისახავს დესტრუქციული და ძალადობრივი სცენარების განვითარებას და რომელიც იმართება უცხო ქვეყნებიდან მომდინარე დაფინანსებით, საპარლამენტო და არასაპარლამენტო კონკრეტული პოლიტიკური პარტიების ლიდერების და არასამთავრობო ორგანიზაციათა ხელმძღვანელების მიერ. აღნიშნულ დანაშაულებრივ გეგმებში აქტიურად არიან ჩართული ქვეყნის გარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები, კერძოდ, უკრაინაში მებრძოლი ქართველების კონკრეტული ნაწილი, რომლებიც აცხადებენ მზადყოფნას, ჩამოვიდნენ საქართველოში და აქტიური მონაწილეობა მიიღონ პოლიციის წინააღმდეგ დაგეგმილ ძალადობაში. ზემოთ აღნიშნული პირები აქტიურ კომუნიკაციაში არიან საქართველოში მყოფ თავის თანამოაზრეებთან და განიხილავენ პარლამენტის, მთავრობის ადმინისტრაციისა და სხვა სამთავრობო შენობების ბლოკირების და პარალიზების გეგმებს. კონკრეტული პირები აქტიურად განიხილავენ საჭიროების შემთხვევაში სპეციალური დანიშნულების რაზმზე იერიშის მიტანის გეგმებს, რასაც მოჰყვება სიტუაციის სრული დაძაბვა. სპეციალური დანიშნულების რაზმის და პოლიციის განეიტრალების მიზნით, დანაშაულებრივი ქმედების ორგანიზატორები, ხშირ შემთხვევაში რეალური მიზეზების გამხელის გარეშე, საპროტესტო მუხტის მატარებელ ახალგაზრდებს ავალებენ, პარლამენტის წინ მიიტანონ ადვილად აალებადი ნივთიერებები, რაც შემდგომში გამოყენებული იქნება ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილების“ დამზადების მიზნით, აგრეთვე, სამართალდამცავებთან დაპირისპირებისთვის გამოსაყენებლად გაცემული აქვთ აქციაზე ქვების და რკინის ხელკეტების ფარულად მიტანის დავალება. მიმდინარე საპროტესტო აქციების მსვლელობისას მისი ორგანიზატორები მასობრივი არეულობის, ქაოსის და სამართალდამცავი ორგანოების პროვოცირების მიზნით, იმართებიან უცხოეთის ინსტრუქტორების მიერ გაცემული დავალებებით და აქტიურად იყენებენ ორგანიზაცია „CANVAS“-ის და პიტერ აკერმანის მიერ ჩატარებული ძალადობრივი სწავლებების მეთოდებს, რომლის მიზანია მიმდინარე პროცესების ე.წ. „მაიდანიზაცია“ და ქვეყანაში 90-იანი წლების სამოქალაქო დაპირისპირების მსგავსი მოვლენების პროვოცირება. აღნიშნული დესტრუქციული გეგმის ნაწილად, ცალკეული პოლიტიკოსები და აქციის რადიკალი ორგანიზატორები აუცილებლად მიიჩნევენ თბილისის სატრანსპორტო კვანძების პარალიზებას, სამთავრობო დაწესებულებებთან მისასვლელი და სტრატეგიული ობიექტების გზების ბლოკირება-ბარიკადირებას, რკინიგზის ბლოკირებას, ცენტრალურ გამზირებზე ე.წ. კარვების ქალაქების მოწყობას, სამართალდამცავი ორგანოების დისლოკაციის ბაზების ბლოკირებას. აღნიშნული დანაშაულებრივი გეგმების რეალიზებისთვის გამოიყენება უცხოეთიდან შემოსული ფინანსები, ხოლო მათი აზრით, კვალის დაფარვის მიზნით ხშირ შემთხვევაში იყენებენ კრიპტოვალუტას. კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული ტრანზაქციების შესახებ, უცხოელი ინსტრუქტორების მიერ, საქართველოში მიმდინარე წლის აპრილის ბოლოს ჩატარდა ტრენინგები, სადაც აქციის ორგანიზატორებმა მიიღეს ინსტრუქციები რადიკალური ქმედებების დაფინანსების ფარულად მიღების თაობაზე. აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების ხელშესაწყობად და წარმატების მისაღწევად მიიჩნევენ, რომ უნდა მოხდეს სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომელთა პროვოცირება. უფრო მეტიც, დაინტერესებული მხარის მხრიდან ერთი გასროლაც კი გამოიწვევს პანიკას, ჭყლეტას და შესაბამისად დემონსტრანტთა შორის მძიმედ დაშავებულ პირებსა და მსხვერპლს. აქციის ორგანიზატორებისთვის სასურველია საპროტესტო აქციებს მოჰყვეს ადამიანური მსხვერპლი. მათი აზრით, აღნიშნული სავალალო შედეგები გაზრდის საპროტესტო მუხტს და რადიკალიზმს. საპროტესტო აქციის ორგანიზატორების აგრესიის განსაკუთრებულ სამიზნეს წარმოადგენენ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლები. მათი დემორალიზების და პროვოცირების მიზნით გამოიყენება ე.წ. „ფერადი რევოლუციების“ მოწყობასთან დაკავშირებული ისეთი მეთოდები, როგორიც არის მათ მიმართ მუქარა, მოსყიდვა, საპროტესტო აქციის მონაწილეთა მხარეს მათი გადასვლის ინსცენირება, რაც საბოლოო ჯამში მიზნად ისახავს სახელმწიფო სტრუქტურების ჩამოშლას და ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობას. მოვუწოდებთ საპროტესტო აქციებში მონაწილე ახალგაზრდებს, არ აჰყვნენ პროვოკაციებს, ხოლო ორგანიზატორებს მივმართავთ, რომ მათი დესტრუქციული გეგმების განხორციელების შემთხვევაში, სამართალდამცავი უწყებების მიერ, გატარდება მყისიერი სამართლებრივი ღონისძიებები, რათა არ მოხდეს მოვლენათა ესკალაცია, გამოირიცხოს ქვეყანაში არეულობა, სამოქალაქო დაპირისპირება და შენარჩუნებული იქნეს მშვიდობა,“ - ნათქვამია სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.  

პაპუაშვილი: ძალადობაში, სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში, მუქარასა და შანტაჟში ჩართული პირების შესახებ მონაცემთა ბაზა შეიქმნება

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, შეიქმნება მონაცემთა ბაზა, სადაც განთავსდება ინფორმაცია ადამიანებზე, „რომლებიც ძალადობაში, სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში, მუქარასა და შანტაჟში არიან ჩართულნი, ან ამგვარ ქმედებებს საჯაროდ იწონებენ.“ ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით პარტიული სტრუქტურების მეშვეობით ვიწყებთ მონაცემთა ბაზის შექმნას, სადაც თავს მოიყრის ინფორმაცია ყველა იმ პირის შესახებ, რომელიც ძალადობაში, სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში, მუქარასა და შანტაჟში არის ჩართული, ან ამგვარ ქმედებებს საჯაროდ იწონებს. ეს მონაცემთა ბაზა განთავსდება სპეციალურ ვებ-გვერდზე და იქნება საჯარო და გამჭვირვალე საქართველოს მოქალაქეებისთვის. ამ პირთა წინააღმდეგ კონსტიტუციისა და კანონის ფარგლებში მიღებული იქნება ყველა ზომა, რათა კანონდარღვევა, ძალადობა და მუქარა არ დარჩეს სახელმწიფოს თუ საზოგადოების რეაგირების გარეშე,“ - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, იმ მონაცემთა ბაზის შექმნის მიზანი, რომელშიც „ძალადობასა და შანტაჟში მონაწილე პირები შევლენ, მათი კამპანიის მორალური შეფასებაა.“ „მნიშვნელოვანია მორალური შეფასება იმ კამპანიისა, რომელიც „ნაციონალური მოძრაობას“ აქვს წამოწყებული, ზიზღის მუქარის, შანტაჟის, ზეწოლის კამპანია, როგორც ცალკეულ ადამიანებზე, ისე მათი ოჯახის წევრებზე. ჩვენ, მაგალითად, გვახსოვს, რომ ახლახან, სპორტსმენებზე, ხელოვანებზე და მათ ოჯახის წევრებზე მიდიოდა ზეწოლა. საჯარო გახდა, ზეწოლა მიდიოდა იმისთვის, რომ მათთვის სასურველი განცხადებები გაეკეთებინათ, სხვადასხვა ადამიანების პერსონალური ინფორმაცია ქვეყნდებოდა იმისთვის, რომ მათზე ზეწოლა მომხდარიყო და ა.შ. ამიტომ მნიშვნელოვანია ეს ყველაფერი იყოს გამჭვირვალე, ვინ დგას ამის უკან, კონკრეტულად ვინ არიან ის ადამიანები, ვინც ამ ზიზღის კამპანიას იწყებენ, აღვივებენ, მხარს უჭერენ, ახალისებენ და შესაბამისად, შემდეგ საზოგადოება ჩამოიყალიბებს თავის აზრს ამ ადამიანებთან დაკავშირებით,“ - განაცხადა პაპუაშვილმა.

აშშ-ში ბრალი წაუყენეს რუს ჰაკერს და მის დასაკავებლად 10 მილიონი დოლარის ჯილდო დააწესეს

ამერიკის შეერთებულ შტატებში 26-პუნქტიანი ბრალდება დაუსწრებლად წაუყენეს რუსეთის მოქალაქეს, 31 წლის დმიტრი ხოროშევს, რომელიც ამერიკელი და ბრიტანელი გამომძიებლების ინფორმაციით, ინტერნეტ-გამომძალველთა დაჯგუფების, LockBit-ის დამაარსებელი და ხელმძღვანელია. ვორონეჟელ ხოროშევს თაღლითობისა და გამოძალვისთვის ბრალი 7 მაისს წაუყენა ნიუ-ჯერსის საოლქო სასამართლომ. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 10 მილიონი დოლარის ჯილდო დააწესა ინფორმაციისთვის, რომელიც ხელს შეუწყობს ხოროშევის დაკავებას. გარდა ამისა, შეერთებულმა შტატებმა, დიდმა ბრიტანეთმა და ავსტრალიამ დმიტრი ხოროშევის წინააღმდეგ სანქციები აამოქმედეს. ხოროშევი ცნობილია სახელებით LockBitSupp-ი, LockBit-ი და putinkrab-ი. აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს თანახმად, დმიტრი ხოროშევის მიერ 2019 წელს შექმნილმა LockBit-მა თაღლითური პროგრამების მეშვეობით შეერთებულ შტატებსა და სხვა ქვეყნებში 2000-ზე მეტ ადამიანს გამოსძალა 100 მილიონ დოლარზე მეტი. 2024 წლის თებერვალში საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფმა განაცხადა, რომ LockBit-ის ინფრასტრუქტურა მწყობრიდან გამოიყვანეს და დაადგინეს ჰაკერთა დაჯგუფებასთან კავშირში ეჭვმიტანილი 200-მდე პირის ვინაობა. მალევე LockBit-მა გამოაცხადა, რომ თავისი სერვერების მუშაობა აღადგინა.  

აშშ-ის საელჩო: არჩევნების პატიოსნად ჩატარება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოს ევროატლანტიკურ გზაზე

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი რობინ დანიგანი და USAID-ის მისიის დირექტორი, ჯონ პენელი ISFED-ის წარმომადგენლებს შეხვდნენ. საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველოში საარჩევნო პროცესის მონიტორინგში ISFED-ის მნიშვნელოვან საქმიანობაზე ისაუბრეს. „ნებისმიერ დემოკრატიაში სამოქალაქო საზოგადოება მნიშვნელოვან როლს ასრულებს თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების მხარდასაჭერად. არჩევნების პატიოსნად ჩატარება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოს ევროატლანტიკურ გზაზე,“ - ნათქვამია განცხადებაში.  

დანია უკრაინის ჰუმანიტარული დახმარებისთვის 33,5 მილიონი ევროს გამოყოფს

დანია უკრაინის ჰუმანიტარული დახმარებისთვის 33,5 მილიონი ევროს გამოყოფს. დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პაკეტი უზრუნველყოფს ყველაზე მეტად დაზარალებული ოლქებიდან უკრაინელებისთვის ძირითად დახმარებას, როგორიცაა - საკვები, წამლები, წყალი, თავშესაფარი. „ამ ახალი პაკეტით ჩვენ მიზნად დავისახავთ, რომ უზრუნველვყოთ გადაუდებელი და სიცოცხლის გადამრჩენი ჰუმანიტარული დახმარება და დაცვა ყველაზე დაუცველი ჯგუფებისთვის," - განაცხადა დანიის განვითარების თანამშრომლობისა და გლობალური კლიმატის პოლიტიკის მინისტრმა დენ იორგენსენმა.  

ფაშინიანმა განმარტა, რატომ არ დაესწრო პუტინის ინაუგურაციას

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ერევანში გამართულ პრესკონფერენციაზე განმარტა, რომ ის არ დაესწრო კრემლის მმართველის "ინაუგურაციას", რადგან ის არ იყო მიწვეული ამ ღონისძიებაზე. News.am-ის ცნობით, ფაშინიანმა განაცხადა, რომ ფაშინიანს რუსეთიდან მიწვევა არ მიუღია. „მე მივიღე მიწვევა თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანისგან მის ინაუგურაციაზე დასასწრებად. მაგრამ მე მიწვევა არ მიმიღია რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინისგან," - განაცხადა ფაშინიანმა. ფაშინიანმა ასევე კომენტარი გააკეთა მოსკოვში 9 მაისის აღსანიშნავად წასვლის შესახებ.   „შარშან ვმონაწილეობდი 9 მაისის ღონისძიებაში და არ მგონია, ყოველწლიურად მივიღო მონაწილეობა... უცნაურად არ მოგეჩვენებათ, თუ სომხეთის ლიდერი ყოველწლიურად დაესწრება 9 მაისის სამხედრო აღლუმს [მოსკოვში]?” - განაცხადა ფაშინიანმა.  

რუმინეთის პრეზიდენტი ბაიდენთან შეხვედრის შემდეგ: მზად ვარ, უკრაინაში Patriot-ის სარაკეტო სისტემის გაგზავნის საკითხი განვიხილო

რუმინეთის პრეზიდენტ კლაუს იოჰანისის განცხადებით, ის მზადაა, უკრაინაში Patriot-ის სარაკეტო სისტემის შესაძლო გაგზავნის საკითხი განიხილოს. ამერიკელ კოლეგასთან, ჯო ბაიდენთან ვაშინგტონში გამართული შეხვედრის შემდეგ, იოჰანისმა განაცხადა, ბოლო კვირებში მიმდინარეობს დისკუსია იმის შესახებ, თუ ვის შეუძლია უკრაინისთვის Patriot-ის მიწოდება. „პრეზიდენტმა ბაიდენმა ეს ახსენა ჩვენს შეხვედრაზე და მე ვთქვი, რომ მზად ვარ დისკუსიისთვის. ეს საკითხი თავდაცვის უმაღლეს საბჭოში უნდა განვიხილო, რათა ვნახოთ, რისი შეთავაზება და სანაცვლოდ რისი მიღება შეგვიძლია, რადგან მიუღებელია რუმინეთის დატოვება საჰაერო თავდაცვის გარეშე,“ - განაცხადა იოჰანისმა.  

ევროკავშირი რუსეთს ევროპაში პარტიებისა და მედიის დაფინანსებას აუკრძალავს - მედია

ევროკავშირი გეგმავს, რუსეთს ევროპაში პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის დაფინანსება აუკრძალოს. ასეთი შეზღუდვები გათვალისწინებულია სანქციების მე-14 პაკეტში, რომელსაც რადიო თავისუფლება გაეცნო. პაკეტის მიღება 2024 წლის ივლისისთვის იგეგმება. რუსეთიდან დაფინანსების აკრძალვა დაიცავს ევროკავშირს „ბოროტი ჩარევისგან“, - ნათქვამია დოკუმენტში. ქვეყნებს შეეძლებათ გამონაკლისების დაშვება, მაგრამ მათ შესახებ ევროკომისიას უნდა აცნობონ. გამოცემა EUobserver-ს, რომელიც ამ აკრძალვაზე წერს, მოყვანილი აქვს აშშ-ის დაზვერვის მონაცემები, რომელთა მიხედვით, 2014 წლიდან 2022 წლამდე რუსეთმა დაახლოებით 280 მილიონი ევრო დახარჯა პოლიტიკური პარტიების დაფინანსებაზე 24-ზე მეტ ქვეყანაში. სანქციების ახალი პაკეტით აიკრძალება ევროკავშირის ნავსადგურების გავლით რუსეთის თხევადი გაზის მესამე ქვეყნებისთვის მიწოდება და შეჩერდება უკრაინაში მოპარული ხელოვნების ნიმუშებით ვაჭრობა. გარდა ამისა, პაკეტი გაამკაცრებს არსებულ შეზღუდვებს რუსეთის ავიაციისა და მინერალების იმპორტის მიმართ და ასევე გააფართოებს იმ კომპანიების სიას, რომლებიც ეჭვმიტანილია სანქცირებული საქონლით ვაჭრობაში. ევროკავშირი 2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის საპასუხოდ იღებს სანქციების პაკეტებს, რომლებიც ზღუდავს რუსეთთან ვაჭრობას და რუსული პოლიტიკური ელიტის საქმიანობას.  

უკრაინელ ოლიგარქ იგორ კოლომოისკის შეკვეთილი მკვლელობის ორგანიზებაში დასდეს ბრალი - მედია

უკრაინელი ბიზნესმენი იგორ კოლომოისკი შეკვეთილი მკვლელობის ორგანიზებაშია ეჭვმიტანილი. შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურის ცნობებში ეჭვმიტანილის ვინაობა არ არის ნახსენები. პროკურატურის შეტყობინებებში მას ეწოდება ცნობილი ბიზნესმენი, პოლიციის ცნობებში კი - ოლიგარქი. Ukrainska Pravda აზუსტებს, რომ საუბარია კოლომოისკიზე. გამოძიების ვერსიით, ეჭვმიტანილმა 20 წელზე მეტი ხნის წინ შეუკვეთა იურიდიული ფირმის დირექტორის მკვლელობა. ბრალდება ამტკიცებს, რომ ბიზნესმენმა ადვოკატის მკვლელობა შეუკვეთა იმიტომ, რომ ამ უკანასკნელმა უარი განაცხადა, ბათილად ეცნო მისი ერთ-ერთი კომპანიის აქციონერთა შეკრების გადაწყვეტილება. პოლიციის განცხადებაში ნათქვამია, რომ თავდასხმა 2003 წლის აგვისტოში მოხდა ფეოდოსიაში. ოთხმა თავდამსხმელმა სცემა და დანით დაჭრა ადვოკატი, მაგრამ ის გადარჩა. მაშინ სამართალდამცავმა ორგანოებმა თავდასხმის შემსრულებლები დააკავეს. მათ 6-დან 12 წლამდე პატიმრობა მიუსაჯეს. პოლიცია აცხადებს, რომ დამკვეთის ვინაობის თაობაზე უტყუარი მტკიცებულებები მოიპოვა. კოლომოისკი უკრაინის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანია. ის დნეპროპეტროვსკის ყოფილი გუბერნატორია. 2021 წლის მარტიდან ის და მისი ოჯახი აშშ-ის სანქციების სიაში არიან. შარშან სექტემბრიდან კოლომოისკი უკრაინის საგამოძიებო იზოლატორში იმყოფება. თავდაპირველად მას ბრალი დასდეს უცხოეთში 12,5 მილიარდი დოლარის გატანაში 2013-დან 2020 წლამდე პერიოდში. მოგვიანებით ბიზნესმენს კიდევ ორი ბრალდება წარუდგინეს „პრივატბანკის“ 233 მილიონი დოლარის უკანონოდ ხელში ჩაგდების თაობაზე. კოლომოისკი ბრალდებებს უარყოფს. კოლომოისკი პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ერთ-ერთ სპონსორად ითვლებოდა 2019 წლის საპრეზიდენტო კამპანიისას.