ძებნის რეზულტატი:

პუტინმა ფაშინიანს ქვეყნებს შორის კავშირების გართულების ფონზე უმასპინძლა - WP

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სომხეთის პრემიერ-მინისტრ „ნიკოლ ფაშინიანს მოსკოვში საუბრის წინ განუცხადა, რომ რეგიონში უსაფრთხოების შეშფოთება არსებობს.“ შესაბამის ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს. მისივე ცნობით, პუტინმა აღნიშნა, რომ „რუსეთ-სომხეთის ორმხრივი ურთიერთობები წარმატებით ვითარდება, ვაჭრობის სფეროში გასულ წელს დიდი ზრდა დაფიქსირდა და ასეთი ზრდა აქამდე არ ყოფილა.“ თავის მხრივ, კრემლის ცნობით, პუტინმა და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ევრაზიული ეკონომიკური კავშირის სამიტის ფარგლებში, კრემლში ორმხრივი შეხვედრა გამართეს. პუტინმა შეხვედრის დასაწყისში განაცხადა, ეკონომიკური თანამშრომლობის გარდა, ფაშინიანთან რეგიონის უსაფრთხოების საკითხებს განიხილავდა. „ღია რეჟიმში ამაზე დეტალურ საუბარს არ დავიწყებთ, თუმცა არის შესაძლებლობა, ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ფარგლებში ვისაუბროთ ჩვენი ურთიერთობების მთელ კომპლექსზე, მათ შორის, შევეხოთ რეგიონული უსაფრთხოების საკითხებსაც,“ – განაცხადა პუტინმა. ნიკოლ ფაშინიანის ოფისის მიერ გავრცელებული ცნობით, სომხეთის პრემიერმა ვლადიმერ პუტინთან პირადი საუბარი გამართა. თავის მხრივ, ნიკოლ ფაშინიანმა აღნიშნა, რომ გასული წლის დეკემბრის შეხვედრის შემდეგ რუსეთის ლიდერთან ბევრი განსახილველი საკითხი დაგროვდა. „საბჭოს სხდომის დროს ეკონომიკური ბლოკი უკვე განვიხილეთ. და ახლა ვიმედოვნებ და დარწმუნებული ვარ, განვიხილავთ ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელოვან საკითხებს, რეგიონულ საკითხებს,“ – განაცხადა ფაშინიანმა კრემლის ცნობით. შეგახსენებთ, ვლადიმერ პუტინის ინაუგურაცია 7 მაისს გაიმართა. ფაშინიანმა გუშინ განმარტა, რატომ არ დაესწრო პუტინის ინაუგურაციას. ცნობილია, რომ უფრო ადრე, ფაშინიანმა უსაფრთხოების სფეროში რუსეთზე დამოკიდებულებას სტრატეგიული შეცდომა უწოდა. სომხეთი უარს ამბობს რუსეთის ხელმძღვანელობით მოქმედი ალიანსის (CSTO) დაფინანსებაზე Washington Post-ი წერს, რომ „სომხეთის კავშირები მის დიდი ხნის სპონსორთან და მოკავშირე რუსეთთან სულ უფრო დაიძაბა მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანმა ელვისებური სამხედრო კამპანია ჩაატარა სექტემბერში ყარაბაღის რეგიონის დასაბრუნებლად, რითაც დასრულდა იქ ეთნიკური სომეხი სეპარატისტების სამი ათწლეულის მმართველობა.“ კრემლი, თავის მხრივ, აღშფოთებულია ფაშინიანის მცდელობით, გააღრმაოს კავშირები დასავლეთთან და დაშორდეს თავისი ქვეყანა მოსკოვის დომინირებულ უსაფრთხოებასა და ეკონომიკურ ალიანსებს. რუსეთი ასევე აღშფოთებული იყო სომხეთის გადაწყვეტილებით, შეუერთდეს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს, რომელმაც შარშან პუტინს ბრალი წაუყენა სავარაუდო ომის დანაშაულში, რომელიც დაკავშირებულია უკრაინაში რუსეთის ქმედებებთან. მოსკოვი, რომელიც უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა, საჯაროდ გამოთქვა შეშფოთება ერევნის დასავლეთისკენ სვლის გამო, მაგრამ ცდილობდა, შეემცირებინა განსხვავებები. კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა სამშაბათს აღიარა, რომ "ორმხრივ ურთიერთობებში გარკვეული პრობლემებია", მაგრამ დასძინა, რომ "არსებობს პოლიტიკური ნება დიალოგის გასაგრძელებლად." უფრო ადრე, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა რუსეთი სომხეთის ხელისუფლების საწინააღმდეგო ქმედებებში, ხოლო კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია ვალდებულებების შეუსრულებლობაში დაადანაშაულა. ფრანგულ ტელეკომპანია France 24-თან ინტერვიუში ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთმა ორგანიზაციაში თავისი წევრობა გაყინა, რადგან ამ გაერთიანებამ არ შეასრულა უსაფრთხოების სფეროში სომხეთის მიმართ არსებული ვალდებულებები. შეკითხვას, დატოვებს თუ არა სომხეთი ორგანიზაციას, ნიკოლ ფაშინიანმა უპასუხა, რომ ამას მომავალი აჩვენებს. ფაშინიანმა განმარტა, რატომ არ დაესწრო პუტინის ინაუგურაციას ნიკოლ ფაშინიანი: რუსეთი აღარ შეიძლება, იყოს სომხეთის მთავარი სამხედრო პარტნიორი სომხეთი ქვეყნის ტერიტორიაზე რუსული სამხედრო ბაზების შენარჩუნებაში, ერევნისთვის რაიმე სარგებელს ვერ ხედავს - ფაშინიანი  

საფრანგეთში საქართველოს ელჩი თანამდებობას ტოვებს

გოჩა ჯავახიშვილი აცხადებს, რომ საფრანგეთსა და მონაკოში საქართველოს ელჩის თანამდებობას ტოვებს. დიპლომატის თქმით, უკვე მიმართა ხელმძღვანელობას თხოვნით, ვადამდე შეუწყდეს დაკავებულ თანამდებობაზე უფლებამოსილება. „ჩემი დუმილით გამოწვეული ეჭვი, რომ გავფანტო საქართველოს ევროპულ მომავალზე ჩემს დამოკიდებულებასთან დაკავშირებით, ევროპის დღესასწაულზე სიტყვა-სიტყვით გავიმეორებ, რაც შარშან იმ რთულ დღეებში გულწრფელად ვთქვი და დღესაც აქტუალური მგონია: „ევროპა არ არის მხოლოდ საზღვრებით გარშემორტყმული სივრცე. ევროპა უპირველესად ღირებულებათა ერთობლიობაა. ევროპელობა ამ ღირებულებათა ერთგულებაა. საქართველო, რომელსაც მე ვემსახურები, არ გახლავთ არც მხოლოდ მთავრობა და არც მხოლოდ ოპოზიცია. არც ერთი და არც მეორე არ აერთიანებს საკუთარ თავში ქვეყნის აწმყოსა და მომავალს. მხოლოდ ხალხი, მისი ისტორია, კულტურა განსაზღვრავს ქვეყნის ისეთ ფუნდამენტალურ მისიას, როგორიცაა მისი სულიერი და კულტურული იდენტობა. ჩვენ წინაპართა ნება და ანდერძია ჩვენი სამშობლოს ევროპული მომავალი. წარსულისა და მომავლის გააზრებით საქართველო ერთგული დარჩება ევროპული გეზის. მე ამ გეზს ვემსახურები ჩემი მოკრძალებული საქმით. ეს არის ჩემი მრწამსიცა და მოქალაქის პოზიციაც. დღემდე მთელი შეგნებით და გულწრფელობით ვემსახურები საქართველოს ევროპულ საქმეს. სხვა არც გეზი მესმის და არც საქმე.“ 30 წელია, ვმსახურობ ქართულ დიპლომატიაში, ათი წელი ვასწავლიდი ევროპულ ინტეგრაციას. მეც მჯერა და სტუდენტებსაც ვარწმუნებდი, რომ ევროპული კულტურისა და მომავლის ქვეყანა ვართ. ევროპაა ჩვენი ადგილი. ვარწმუნებდი, რომ ევროპას ჩვენ სტერილური ერი კი არ ვჭირდებით, არამედ ჩვენი თავისებურებებით, ჩვენი უნიკალური ენით, ანბანითა და პოლიფონიით, ჩვენი მდიდარი ტრადიციებითა და უძველესი კულტურით, ჩვენი ხიბლითა და ლაზათით უნდა გავამდიდროთ ევროპა მეთქი. ამის გულწრფელად რომ არ მჯეროდეს, აქამდეც ვერავინ გამაჩერებდა ამ სამსახურში. იმასაც დავამატებ, რომ მტკიცედ მჯერა, საქართველო უკვე საკმარისად გაძლიერდა ეროვნულ ღირებულებებში, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის ფასი ვიცით. ქართველმა ერმა რუსეთისაგან იმდენი ნახა და განიცადა, რომ ქართული მიწა ვეღარასოდეს იქნება ნოყიერი რუსული თესლისა და ნერგისთვის. პირადად მე არავის ვიცნობ ჩემ ირგვლივ, არც მთავრობაში და არც დიპლომატებში ღიად პრორუსს, მესმის, რომ ეს შეიძლება, ერთგვარი ტაქტიკა იყოს, გარკვეული მიზნის მისაღწევად. თუმცა, მე ვეღარ ვხედავ ჩემს როლსა და რესურსს ამ მიმართულებით: ევროპისკენ მივდიოდე და ევროპისგან ვიცავდე თავს. ის გარემო და განწყობა, რომელიც რეინკარნირებული კანონპროექტის გამო ჩვენს მეგობრებთან და უცხოელ პარტნიორებთან ურთიერთობაში შეიქმნა, უკიდურესად ართულებს პირადად ჩემი, როგორც საფრანგეთის რესპუბლიკასა და მონაკოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მისიას. შესაბამისად, უკვე მივმართე ჩემს უშუალო ხელმძღვანელობას თხოვნით, ვადამდე შემიწყდეს დაკავებულ თანამდებობაზე უფლებამოსილება. ასევე გულწრფელად ვიტყვი, რომ პროტესტიცა და კმაყოფილებაც არჩევნებზე უნდა გამოვხატოთ. არ მინდა, ჩემი გულწრფელი აზრი პოლიტიკურ დემარშად იქნას აღქმული ვინმეს სასარგებლოდ ან ვინმეს საზიანოდ. მინდა, დიდი ხნის ყოყმანის შემდეგ გავთავისუფლდე იმ ტვირთისგან, რომელსაც ვგრძნობ, ვეღარ ვერევი. თუნდაც ვცდებოდე, არ ვინანებ. მხოლოდ საკუთარი სინდისის კარნახით ვიქცევი. იმასაც ვაცნობიერებ, ბევრს გულს ვატკენ ამ გადაწყვეტილებით და ამას უფრო განვიცდი. მომავალშიც, სადაც არ უნდა ვიყო, მუდამ ვიქნები საქართველოს ევროპული მომავლის მხარდამჭერი და გულშემატკივარი,“ – წერს გოჩა ჯავახიშვილი. საგარეო უწყება საფრანგეთს არაობიექტურობაში ადანაშაულებს: „არაობიექტური შეფასებები ახალისებს ძალადობას“  

ტოივო კლაარი: საით მიდიხარ, საქართველო?

ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში ტოივო კლაარი სოციალურ პლატფორმა X-ზე გამოქვეყნებული პოსტში წერს, რომ 9 მაისი, ევროპის დღე, საერთო ზეიმის დღე უნდა იყოს, თუმცა „ხალხის მტრების“ და ანონიმური სატელეფონო ზარების ფონზე უჩნდება კითხვა, საით მიდის საქართველო. ის ამბობს, რომ საქართველოში განვითარებული მოვლენების გამო, გული სტკივა. „ჩვენი ურთიერთობა საერთო ღირებულებებსა და ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერაზე უნდა იყოს დაფუძნებული, სადაც „ხალხის მტრების“ სიების და ანონიმური სატელეფონო ზარების ადგილი არ არის. საით მიდიხარ, საქართველო?“ - წერს ტოივო კლაარი.  

ევროკავშირის ელჩი: ჯერ კიდევ არის დრო, წინ წავიწიოთ

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, ჩემს ლიდერებს ბრიუსელში, 27 წევრ სახელმწიფოსთან ერთად, მოუწევთ რეაგირება, გულწრფელი იმედი მაქვს, ნეგატიური მოვლენების სწრაფად განვითარებაზე არ გადავალთ - არ მინდა, ქართველი ხალხი დაისაჯოს,“ - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა განაცხადა. პაველ ჰერჩინკსის თქმით, ჯერ კიდევ არის დრო, რომ კანონი არ იყოს მიღებული. „ჯერ კიდევ არის დრო და ჯერ კიდევ არის პროცედურები იმისთვის, რომ ეს კანონი არ იქნას მიღებული. გულწრფელი იმედი მაქვს, რომ პარლამენტთან, პარლამენტის წევრებთან, ყველა პოლიტიკურ პარტიასთან ერთად განვიხილავთ და გამოვიყენებთ ყველა შესაძლებლობას ამ კანონის არ მისაღებად, რათა შედეგების განხილვა არ მოგვიწიოს. ამავდროულად, ამ კანონის მიღების შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ჩემს ლიდერებს ბრიუსელში, 27 წევრს სახელმწიფოსთან ერთან, მოუწევთ რეაგირება და გულწრფელი იმედი მაქვს, რომ ამ ეტაპზე, ნეგატიური მოვლენების სწრაფად განვითარებაზე არ გადავალთ. არ მინდა, რომ ქართველი ხალხი დაისაჯოს, ვინაიდან საბოლოო ჯამში ჩვეულებრივ ხალხს, თითოეულ პიროვნებას ნეგატიურად შეეხება. ამიტომ ვფიქრობ, რომ ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა უზრუნველვყოთ, რომ ამ ნეგატიურ ეტაპზე არ გადავალთ," - აღნიშნა მან. ელჩის თქმით, მალე ვენეციის კომისიის დასკვნა გახდება ცნობილი. მან კვლავ იმედი გამოთქვა, რომ კანონი დღევანდელი ფორმით არ იქნება მიღებული. „ხმამაღლა და ნათლად ვთქვით, რომ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ კანონპროექტი ახლანდელი ფორმით სერიოზული შეფერხებაა საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე. გულწრფელი იმედი გვაქვს, რომ გზა იქნება ნაპოვნი, რომ ეს კანონი გაწვეულ იქნას ან მნიშვნელოვნად შეიცვალოს. ყველამ ვიცით, რომ ვენეციის კომისიას სთხოვეს თავისი იურიდიული მოსაზრება წარედგინა. ძალიან მალე ველით ამ იურიდიული მოსაზრების გამოქვეყნებას, და გულწრფელი იმედი მაქვს, რომ საპარლამენტო პროცედურები იქნება ნაპოვნი, რათა ეს კანონი მისი ამჟამინდელი ფორმით არ იქნას მიღებული," - განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ. ამასთან, ელჩმა იმედი გამოთქვა, რომ ევროკავშირს არ მოუწევს შესაძლო ნეგატიური რეაქციების განხილვა. „რაც შეეხება მოვლენების შესაძლო ნეგატიურ განვითარებებს, ძალიან მწყდება გული, რომ საერთოდ მისვამთ ამ კითხვას. აქ იმისთვის ვართ, რომ დავრწმუნდეთ, რომ საქართველო წარმატებულია, რომ საქართველო წარმატებას მიაღწევს ევროკავშირში წევრობისკენ მის გზაზე, რაც ქართველი ხალხის უდიდესი უმრავლესობის სურვილია. ასე რომ, ამ მომენტისთვის იმედი ვიქონიოთ, რომ ეს კანონი არ იქნება მიღებული და ევროკავშირის მხრიდან შესაძლო ნეგატიური რეაქციების განხილვა არ მოგვიწევს," - დასძინა მან. ელჩმა ასევე იმედი გამოთქვა, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პრობლემა მოგვარდება, რადგან კანონი არ შეესაბამება ევროპულ ნორმებსა და ღირებულებებს. ჰერჩინსკის თქმით, იმედი აქვს, რომ ჯერ კიდევ არის დრო ყველა შესაძლო პროცედურის გამოსაყენებლად, რათა ის კანონად არ იქცეს. დიპლომატის განცხადებით, ევროკავშირს სურს, რომ საქართველომ გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები გახსნას და აღნიშნა, რომ საჭიროა ქვეყანამ 9 ნაბიჯის შესრულება დააჩქაროს. „ძალიან მეამაყება, რომ ამ [ევროპის დღეს] აღვნიშნავთ, მაგრამ, ამავდროულად, ნამდვილად შეშფოთებული ვარ, განსაკუთრებით ბოლო დროის მოვლენებით, რომლებმაც რაღაცები უსარგებლოდ გაართულა. ჯერ კიდევ არის დრო, რომ წინ წავიწიოთ. როგორც იცით, ჩვენ გულწრფელად გვსურს, რომ საქართველომ წარმატებას მიაღწიოს და ევროპული ინტეგრაციის შემდეგ საფეხურზე გადავიდეს - გახსნას გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები. ეს უკვე მოხდა უკრაინასთან და მოლდოვასთან, ასე რომ, უნდა დავეწიოთ,ეს ძალიან სწრაფად უნდა გავაკეთოთ. ძალიან მჭიდროდ ვიმუშავებთ მთავრობასთან, რათა ეს მოხდეს. გულწრფელი იმედი გვაქვს, რომ ეს მოხდება. მაგრამ ამისთვის "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ კანონპროექტის პრობლემა უნდა მოვაგვაროთ, რაც უკვე არაერთხელ ითქვა ყველა ევროპელი ლიდერის მიერ. ეს კანონი არ შეესაბამება ევროპულ ნორმებსა და ევროპულ ღირებულებებს და გულწრფელი იმედი გვაქვს, რომ ჯერ კიდევ არის დრო ყველა შესაძლო პროცედურის გამოსაყენებლად, რათა ეს კანონად არ იქცეს. ამავდროულად, 6 თვე გავიდა გაფართოების შესახებ ანგარიშის გამოქვეყნებიდან და საქართველოს 9 ნაბიჯი მოეცა შესასრულებლად, რათა წინ წაწეულიყო. დაჩქარება გვჭირდება 9 ნაბიჯის შესრულებაზე," - განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ „ინტერპრესნიუსის“ ცნობით. მას ასევე ჰკითხეს თავდასმხებთან დაკავშირებით. ელჩის შეფასებით, დაშინებების, მუქარების, ძალადობის ადგილი არცერთ დემოკრატიაში არ არის. ჰერჩინსკის თქმით, ნებისმიერი ფორმის დაშინება, მუქარა, ძალადობა უნდა შეწყდეს. „ჩვენი პოზიცია ყოველთვის ნათელი იყო: ნებისმიერი ფორმის დაშინება, ნებისმიერი მუქარები და ნებისმიერი ძალადობა ნებისმიერ ვითარებაში აბსოლუტურად, აბსოლუტურად მიუღებელია, ეს დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. შემიძლია, მხოლოდ გავიმეორო, რაც გენერალურმა დირექტორმა კოოპმანმა თქვა თავისი ვიზიტის დასასრულს: "ტემპერატურა უნდა დაიწიოს, სერიოზული საუბარი უნდა დაიწყოს, საქართველოს ინტერესებშია წინ წაიწიოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე.“ დაშინებების, მუქარების, ძალადობის ადგილი არაა არცერთ დემოკრატიაში, და საქართველო კანდიდატი ქვეყანაა, ასე რომ, ეს სრულიად მიუღებელია," - განაცხადა ჰერჩინსკიმ. მისივე თქმით, საქართველოში პოლარიზაცია მწვავედ დგას. „სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ პოლარიზაცია საქართველოში განსაკუთრებით მწვავეა. ამას, სამწუხაროდ, ყოველ ღამე ვუყურებთ ჩვენს სატელევიზიო ეკრანებზე. არის ცნობები დაშინებების შესახებ, ზარები ხორციელდება სხვადასხვა ადგილიდან სხვადასხვა ადამიანებთან მუქარებით. ვხედავთ ძალადობას, ვხედავთ ცემას, ეს უნდა შეწყდეს. ასეთი ქმედებების ადგილი არცერთ დემოკრატიულ ქვეყანაში არაა, განსაკუთრებით კი ისეთში, რომელსაც ევროკავშირში გაწევრიანება სურს," - განაცხადა ჰერჩინსკიმ.  

ევროკავშირის პრესსპიკერი: მიუღებელია დაშინება, მუქარა, ფიზიკური შეურაცხყოფა

ევროკავშირის პრესსპიკერი, ნაბილა მასრალი საქართველოში, ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით აცხადებს, რომ მიუღებელია აქტივისტების, პოლიტიკოსებისა და ჟურნალისტების მიმართ დაშინება, მუქარა და ფიზიკური შეურაცხყოფა. „სამოქალაქო აქტივისტების, პოლიტიკოსებისა და ჟურნალისტების მიმართ დაშინება, მუქარა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიუღებელია. ევროკავშირი მოუწოდებს ხელისუფლებას, უზრუნველყოს ყველა მოქალაქის ფუნდამენტური უფლებების დაცვა და ამ ქმედებების გამოძიება,” - წერს სოციალურ პლატფორმა X-ზე ნაბილა მასრალი, საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის პრესსპიკერი. 9 მაისს მარნეულის რაიონის სოფელ წერეთელში 4 ადამიანი თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრს, გიორგი მუმლაძეს. მისი თქმით, თავდამსხმელები მის საცხოვრებელ სახლთან ავტომობილით იდგნენ და უთვალთვალებდნენ, თავს კი მას შემდეგ დაესხნენ, რაც დაინახეს, რომ მათ ტელეფონით უღებდა ფოტოს და ვიდეოს. გასული 24 საათის განმავლობაში, ფიზიკურად გაუსწორდნენ ამავე პარტიის წევრ დიმიტრი ჩიქოვანს, დიპლომატ გია ჯაფარიძეს, აქტივისტ ლაშა ღვინიანიძეს, მუსიკოს გიორგი შენგელიას. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური „უცნობი პირების მიერ მოქალაქეთა სატელეფონო ნომრების დამუშავების კანონიერებას შეისწავლის“  

ვოლოდიმირ ზელენსკი: ჩვენს შვილებს მემკვიდრეობად უნდა გადავცეთ ერთიანი ევროპა, რომელსაც ვერ დაარღვევს ვერც ჰიტლერი და ვერც პუტინი

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, შთამომავლებს უნდა გადაეცეთ ერთიანი და მშვიდობიანი ევროპა, რომელსაც ვერც დიქტატორი ადოლფ ჰიტლერი დაარღვევს და ვერც აგრესორი რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი. „ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად და სამართლიანად დასრულდეს რუსეთის მიერ წარმოებული ეს ომი, რომელიც გრძელდება უკრაინის ტერიტორიაზე, მაგრამ რომლის სამიზნე მთელი ევროპა, ევროპული ერთობა, მთელი ევროპული პროექტია. თითოეული თქვენგანი ხედავს, რომ პუტინი მოვიდა ჩვენს მიწაზე ისევე, როგორც ჰიტლერი მივიდა სხვა ერების მიწებზე - დანაშაულებრივად, არაპროვოცირებულად და აბსოლუტურად საშინლად,“ - აღნიშნა ზელენსკიმ ქალაქებისა და რეგიონების საერთაშორისო სამიტზე სიტყვით გამოსვლისას. მისი თქმით, ახლა მნიშვნელოვანია, რომ ევროპამ არ გამოავლინოს სისუსტე თავის გადაწყვეტილებებში. პრეზიდენტმა ზელენსკიმ ხაზი გაუსვა, რომ  ევროპა არის ერების, თემების, ღირებულებების და მილიონობით ძალიან განსხვავებული ადამიანის ნებაყოფლობითი გაერთიანება - და ეს არის მისი რეალური ძალა. „ჩვენ ერთად უნდა გავაგრძელოთ ამ სიძლიერის გაზრდა, ვიზრუნოთ ჩვენს კონტინენტზე სიცოცხლისა და საერთო ღირებულებების დაცვაზე, რათა ჩვენს შვილებს მემკვიდრეობად გადავცეთ მთელი ევროპა - მშვიდობიანი, ერთიანი ევროპა, რომელსაც ვერ დაარღვევს ვერ ჰიტლერი და ვერც პუტინი. მათ შეუძლიათ ევროპას მშვიდობის წლები მოჰპარონ, მაგრამ არა ჩვენი საერთო ბედი - მათი ბედი, ვინც ამარცხებს ბოროტებას, იცავს სიცოცხლეს და აფასებს მშვიდობას,“ - აღნიშნა ზელენსკიმ.  

ჩრდილოეთ მაკედონიაში პირველი ქალი პრეზიდენტი აირჩიეს

ჩრდილოეთ მაკედონიამ პირველი ქალი პრეზიდენტი აირჩია - მმართველმა სოციალ-დემოკრატებმა ისტორიული მარცხი განიცადეს საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებში, იუწყება AP. 70 წლის, სამართლის პროფესორი, კონსერვატორების მიერ მხარდაჭერილი გორდანა სილიანოვსკა-დავკოვა გამარჯვებულად გამოცხადდა მას შემდეგ, რაც საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში თითქმის 65-იანი მხარდაჭერა მიიღო. სილიანოვსკა-დავკოვამ ხაზი გაუსვა ქალებისთვის ამ მნიშვნელოვან ეტაპს და პირობა დადო, რომ მათთან ერთად რეფორმებს ადვოკატირებას გაუწევს. იმავდროულად, სტევო პენდაროვსკიმ აღიარა დამარცხება მას შემდეგ, რაც ხმების 29%-ზე მეტი მიიღო. სილიანოვსკა-დავკოვამ მხარდაჭერა მოიპოვა მემარჯვენე VMRO-DPMNE პარტიისგან, რომელმაც საზოგადოების უკმაყოფილება გამოიწვია ევროკავშირში ინტეგრაციის ნელი ტემპით და ეკონომიკური სტაგნაციის გამო.  საპარლამენტო რბოლაში VMRO-DPMNE და მისი კოალიცია ხმების თითქმის 43%-ით ლიდერობდნენ, ხოლო SDSM-ის ხელმძღვანელობით დიდი ხნის კოალიცია მეორე ადგილის შესანარჩუნებლად იბრძოდა. SDSM-ის ლიდერმა დიმიტარ კოვაჩევსკიმ აღიარა თავისი პარტიის დამარცხება და გადადგომის შესახებ განაცხადა. საარჩევნო კამპანია ფოკუსირებული იყო ჩრდილოეთ მაკედონიის ევროკავშირში გაწევრიანების პროგრესზე, კანონის უზენაესობაზე, კორუფციასთან ბრძოლაზე, სიღარიბის დაძლევასა და ეკონომიკურ ზრდაზე. მიუხედავად იმისა, რომ ჩრდილოეთ მაკედონია დასავლეთ ბალკანეთის რეგიონის ადრეული ლიდერი იყო ევროკავშირში გაწევრიანებისკენ, 2005 წლიდან გაწევრიანების გზაზე გამოწვევებს წააწყდა.  

პრეზიდენტი: ოპონენტების ცემა, დაშინება, დემონსტრაციების დარბევა, რეპრესიები ავტორიტარული რეჟიმისთვის დამახასიათებელი მოქმედებებია

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ოპონენტების ცემა, დაშინება, დემონსტრაციების დარბევა, რეპრესიები ავტორიტარული რეჟიმისთვის დამახასიათებელი მოქმედებებია. ამის შესახებ მან 9 მაისს, რუსთაველის თეატრში ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა. სალომე ზურაბიშვილის თქმით, ქართველი ერი ბრძენია და სწორედ ამიტომ პროვოკაციებს არ აჰყვება. „ვხედავთ დღესდღეობით ძალადობას, ძალადობას ერის საწინააღმდეგოდ: ოპონენტების ცემა, ოპონენტების დაშინება, დემონსტრაციების დარბევა, რეპრესიები და სხვა სასტიკი მეთოდები, მაგრამ ამას არაფერი აქვს ევროპასთან, ეს არის სწორედ ავტორიტარული რეჟიმისთვის დამახასიათებელი მოქმედებები. დაბოლოს, ძალადობა და ზეწოლა პარტნიორებზე, რომლებიც გვეხმარებოდნენ, რომლებიც მხარში გვედგნენ და მხარს გვიჭერდნენ, სწორედ ეს არის ამ ძალადობის გამოხატულება. ქართველი ერი აღარ იარსებებდა, ასეთი ბრძენი რომ არ ყოფილიყო. სწორედ იმიტომ, რომ ქართველი ერი ბრძენია, ის არ აჰყვება პროვოკაციებს. იგი არ მიიღებს კონფრონტაციას, დაპირისპირებას, მაგრამ ის არ დანებდება, ის ბოლომდე მივა და მიყვება ევროპულ გზას,“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. პრეზიდენტის თქმით, საქართველო დღეს გზაჯვარედინზეა, ერთი მხრივ ესაა ევროპული მომავალი, მეორე მხრივ, ესაა რუსული იმპერიალისტური წარსული. „სამოქალაქო საზოგადოების უმრავლესობა ნათლად აცხადებს იმ მისწრაფებებს, სად ხედავენ მათ მომავალს. ესაა მშვიდობიანი, განვითარებული, პასუხისმგებლობით აღსავსე ევროპული მომავალი. ესაა ის გზა, რომელსაც მიუყვება ქართული საზოგადოება დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ: თვითგამორკვევა, თვითგამორკვევა, თვითგამორკვევა. როგორც მახსოვს უინსტონ ჩერჩილის სიტყვებია: არასდროს დანებდე! არასდროს დანებდე! არასდროს დანებდე!" 9 მაისს მარნეულის რაიონის სოფელ წერეთელში 4 ადამიანი თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრს, გიორგი მუმლაძეს. მისი თქმით, თავდამსხმელები მის საცხოვრებელ სახლთან ავტომობილით იდგნენ და უთვალთვალებდნენ, თავს კი მას შემდეგ დაესხნენ, რაც დაინახეს, რომ მათ ტელეფონით უღებდა ფოტოს და ვიდეოს. გასული 24 საათის განმავლობაში, ფიზიკურად გაუსწორდნენ ამავე პარტიის წევრ დიმიტრი ჩიქოვანს, დიპლომატ გია ჯაფარიძეს, აქტივისტ ლაშა ღვინიანიძეს, მუსიკოს გიორგი შენგელიას. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური „უცნობი პირების მიერ მოქალაქეთა სატელეფონო ნომრების დამუშავების კანონიერებას შეისწავლის“

ელჩი: ევროკავშირი აუცილებლად გაფართოვდება - საქართველოსთან ერთად თუ საქართველოს გარეშე, ეს დამოკიდებულია მხოლოდ თქვენზე, საქართველოს მოსახლეობაზე

„ევროკავშირის შემდეგი გაფართოება აუცილებლად მოხდება, მოხდება ეს საქართველოსთან ერთად თუ საქართველოს გარეშე, ეს დამოკიდებულია მხოლოდ თქვენზე, საქართველოს მოსახლეობაზე,“ - ევროპის დღისადმი მიძღვნილ გალა კონცერტზე მიმართვისას საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ საქართველო პირველად აღნიშნავს ამ დღეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსით, რაც მართლაც ისტორიული მოვლენაა. „ყოველწლიურად, ევროპის დღეს, ჩვენ ვზეიმობთ ევროინტეგრაციის საოცარი გზის, განსხვავებული ისტორიისა და კულტურის მქონე, მაგრამ საერთო ღირებულებებითა და მისწრაფებებით დაკავშირებული 27 ქვეყნის მშვიდობიან და წარმატებულ კავშირს. საქართველო პირველად აღნიშნავს ამ დღეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსით. ეს მართლაც ისტორიული მოვლენაა ჩვენს საერთო ევროპულ გზაზე. შარშან, როდესაც საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭა, მართლაც ამაღელვებელი ეროვნული დღესასწაულის მოწმე გავხდი. დავინახე ყველა თაობის და წრის ადამიანები მათთვის და მათი ოჯახებისთვის მშვიდობიანი, აყვავებული და უსაფრთხო მომავლის იმედით სავსე. ვამაყობდი, რომ ამ არაჩვეულებრივი მომენტის მონაწილე ვიყავი და არამარტო ყველა პოლიტიკურ ლიდერს არამედ, პირველ რიგში, საქართველოს მოსახლეობას, ეს ისტორიული მიღწევა გულწრფელად მივულოცე. სწორედ ამიტომ, დღეს, სულ რამდენიმე თვის შემდეგ, რაც ევროკავშირმა საბოლოოდ ფართოდ გაუღო კარი საქართველოს, გულდასაწყვეტია ყოყმანისა და დაეჭვების დანახვა. დაბნეულობის, დაყოფის და უფრო უარესი, დაშინების და ძალადობის დანახვა. როგორც პრეზიდენტმა ფონ დერ ლაიენმა თქვა, საქართველო გზაგასაყარზეა. ის ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე უნდა დარჩეს. ამ წლის ბოლოს ევროკავშირი გადაწყვეტს გადადგამს თუ არა საქართველო შემდეგ ნაბიჯს მისი წევრობისკენ. ამისთვის საქართველომ უნდა აჩვენოს ევროკავშირის ღირებულებებისადმი მტკიცე ერთგულება და საჭირო რეფორმები განახორციელოს. ეს შესაძლებლობა არსებობს სწორედ ახლა. ის ხელიდან არ უნდა გაუშვათ. არ გაუშვათ ის ხელიდან. ჩვენ გელოდებით. გვინდა, რომ საქართველო თავისი მშვიდობიანი და ეკონომიკურად სტაბილური მომავლის უზრუნველყოფაში წარმატებული იყოს. გვინდა, რომ გახდეთ ჩვენი კავშირის ნაწილი, რადგან პატივს ვცემთ საქართველოს  ამაყ ხალხს, რომელიც არის მშვიდობისმოყვარე, ნიჭიერი და ევროკავშირის ძირითად ღირებულებებს იზიარებს. ევროკავშირი ამაყობს თავისი მრავალფეროვნებით და მისი ყველა წევრი ქვეყნის უნიკალურ ისტორიასა და კულტურას სათუთად უფრთხილდება. გვინდა, რომ საქართველო თავისი მდიდარი კულტურითა და ტრადიციებით, ჩვენი ევროპული ოჯახის ნაწილი გახდეს. რუსთაველის ულამაზესი თეატრის შემხედვარე, ვხედავ ჩვენ პარტნიორებს, პოლიტიკოსებს, საჯარო მოხელეებს, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლებს. ვხედავ მუსიკოსებს, პოეტებს, მოსამართლეებს, ექიმებს, მასწავლებლებს და სტუდენტებს. თქვენი ქვეყნის, საქართველოს,  კეთილდღეობით აღსავსე და მშვიდობიან ევროპულ მომავალში შეტანილი წვლილისთვის და თქვენი თავდადებისთვის მინდა გულწრფელად მადლობა გადაგიხადოთ. ძალა ერთობაშია! ჩვენ გვჯერა თქვენი. საქართველოს შეუძლია, ეს გვერდი გადაფურცლოს და ევროკავშირის წევრობისკენ სვლა გააგრძელოს. დრო ჯერ კიდევ არის! ძალიან მკაფიო ვიქნები: ევროკავშირის შემდეგი გაფართოება აუცილებლად მოხდება, მოხდება ეს საქართველოსთან ერთად თუ საქართველოს გარეშე, ეს დამოკიდებულია მხოლოდ თქვენზე, საქართველოს მოსახლეობაზე. დარჩით ევროკავშირის გზაზე! ჩვენ თქვენ გვერდით ვართ, რომ მაქსიმალურად დაგეხმაროთ,“ აღნიშნა ელჩმა.  

ელჩი: ზღვა შესაძლოა, ხანდახან ღელავს, მაგრამ საქართველო - შენი გემი ევროპისკენ დაძრულია

ევროკავშირის ელჩის განცხადებით, საქართველო თავისი კულტურითა და ტრადიციებით გახდეს ევროპის ნაწილი. პაველ ჰერჩინსკის თქმით, ეს არის ქართველი ხალხის უმრავლესობის სურვილი. ელჩმა ხაზი გაუსვა, რომ მთავარია, პოლიტიკოსებს ესმოდეთ ეს ხმა, როგორც ევროკავშირში ესმოდათ ის გასულ წელს. „დღეს, ტრადიციულად,  ევროპის დღის აღსანიშნავად შევიკრიბეთ. საქართველო პირველად აღნიშნავს ამ დღეს, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსით. გილოცავთ ამ ისტორიულ მიღწევას! ევროპის დღეს ჩვენ ვზეიმობთ 27 განსხვავებული ისტორიისა და კულტურის მქონე სახელმწიფოს წარმატებას, რომელიც საერთო ფასეულობებზე დგას. ჩვენ გვსურს, რომ საქართველო, თავისი უნიკალური კულტურითა და ტრადიციებით, ამ ერთობის ნაწილი გახდეს. სწორედ ეს არის საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის ნებაც. მთავარია პოლიტიკურ ლიდერებს ისევე კარგად ესმოდეთ საკუთარი ხალხის ხმა, როგორც ეს ხმა ევროკავშირში ისმოდა, შარშან. სანუკვარი მიზანი, რომელისკენაც თაობები, წლებია, შეუპოვრად მიისწრაფვიან, არასოდეს ყოფილა ასე ახლო. სხვადასხვა დროს, მათი სიმამაცისა და თავდადების მაგალითები მრავალმა კადრმა შემოინახა. როგორ შეიძლება, მათი შემხედვარე, იგივე მიზანს არ ემსახურო. ზღვა, შესაძლოა, ხანდახან, ღელავს, მაგრამ, „საქართველო, შენი გემი, ევროპისკენ დაძრულია.“ შეინარჩუნეთ კურსი ევროკავშირისკენ! შეინარჩუნეთ კურსი ევროკავშირისკენ! ჩვენ ამ გზაზე თქვენ გვერდით ვართ. გილოცავთ ევროპის დღეს. წინ საქართველო წინ! წინ საქართველო წინ!“ განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ ქართულ ენაზე მიმართვისას. ათონელის ქუჩაზე, პრეზიდენტის ინიციატივით, ევროპის დღის აღსანიშნავი ღონისძიება მიმდინარეობს. ღონისძიება საქართველოსა და ევროკავშირის ჰიმნებით გაიხსნა. ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე შეკრებილებს სიტყვით მიმართეს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ. ღონისძიებაზე იმყოფებიან ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და აშშ-ის ელჩები.  

ბლოგერი უჩა აბაშიძე დააკავეს

პოლიციელებმა ბლოგერი უჩა აბაშიძე დააკავეს. პოლიციამ აბაშიძე სახლიდან ხელებაწეული გამოიყვანა და მანქანაში ჩასვა. უცნობია, სად გადაიყვანეს ბლოგერი. პოლიცია ბლოგერის სახლში რამდენიმე საათის წინ შევიდა. ახლობლების ინფორმაციით, მას ამ დროის განმავლობაში, ტელეფონის გამოყენებისა და ადვოკატთან დაკავშირების საშუალება არ ჰქონდა და ადვოკატებმა მისი ნახვა მხოლოდ ცოტა ხნის წინ შეძლეს. ადგილზე იმყოფებიან "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები, რომელთაც ბლოგერის სახლთან მას შემდეგ გადაინაცვლეს, რაც მედიაში გავრცელდა ინფორმაცია ჩხრეკის შესახებ. თავად უჩა აბაშიძეც კანონპროექტის აქტიური კრიტიკოსი და მოწინააღმდეგეა. ადვოკატის განცხადებით, უჩა აბაშიძის წინააღმდეგ გამოძიება სსკ-ის 236-ე მუხლით დაიწყო, რაც იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს. ადვოკატმა აღნიშნა, რომ საგამოძიებო მოქმედბები უჩა აბაშიძის მონაწილეობის გარეშე ჩატარდა. „იარაღის და საბრძოლო მასალების უკანონო შეძენა-შენახვაზეა გამოძიება დაწყებული. ჯერ ექსპერტიზები დაინიშნება ამ იარაღზე და შემდეგ იტყვის გამოძიება, რომელიმე რეგისტრირებული იყო თუ არ იყო,“ - განაცხადა ადვოკატმა.  

პრეზიდენტი საქართველოს ელჩის გადაწყვეტილებაზე: დღეს გაგვიჩნდა მაგალითი, რომ საჯარო სამსახური არ ნიშნავს მონობას

„დღეს გაგვიჩნდა მაგალითი, საჯარო სამსახური არ ნიშნავს მონობას, არ ნიშნავს საკუთარ პრინციპზე უარის თქმას, არამედ ნიშნავს იმას, რომ შენი ქვეყნის ერთგული უნდა იყო ბოლომდე და არანაირად რომელიმე პარტიის,“ - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროპის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე საფრანგეთში საქართველოს ელჩის მიერ თანამდებობის დატოვების შესახებ საუბრისას განაცხადა. სალომე ზურაბიშვილის თქმით, საქართველო სინდისითა და ყოველგვარი ღირსებით აღსავსე შევა ევროპაში. „მე არ დავამთავრებ ჩემს სიტყვას ისე, რომ არ აღვნიშნო ერთი მაგალითი, რომელიც მოგვდის გარედან, უცხოეთიდან. თავის დროზეც იყო ერთი მაგალითი ლევან მიქელაძე და დღეს გაგვიჩნდა მეორე მაგალითი იმისა, რომ ერთმა ადამიანმა შეიძლება, თავისი სინდისი შეინარჩუნოს და ჩვენ მოგვცეს მაგალითი. საჯარო სამსახური არ ნიშნავს მონობას. არ ნიშნავს საკუთარ პრინციპზე უარის თქმას, ნიშნავს შენი ქვეყნის ერთგული უნდა იყო ბოლომდე და არანაირად რომელიმე პარტიის. ასეთი საქართველო, სინდისით და ყველა ღირსებით აღსავსე, ნამდვილად შევა ევროპაში,“ განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. ზურაბიშვილმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ქვეყანამ უნდა იცოდეს, ვინ არის მისი მტერი და ვინ მოყვარე. „ძალიან რთულ გზას გავივლით ერთად და ჩვენი პარტნიორების დახმარებით. ჩვენ და თქვენ კარგად ვიცით, ვინ არის ჩვენი ქვეყნის მეგობარი, ვინ რა გააკეთა ჩვენი ქვეყნისთვის, რომ დღეს აქამდე მოვსულიყავით და ვინ არის ამ ქვეყნის მტერი. ქვეყნებისთვის იგივე ხდება, რაც ადამიანებისთვის პიროვნულ ცხოვრებაში. ადამიანმა თუ არ იცის, ვინ არის მოყვარე და ვინ არის მტერი, ვერ გაარჩევს თავის გზას. იმისი მიუხედავად, რომ ჩვენ პარტნიორებს ზოგმა ძალიან ბევრი შეურაცხყოფა მიაყენა, თუნდაც დღეს, ევროპის დღეს, იმ ცარიელი სკამებით, ამის მიუხედავად ჩვენ უნდა გავიაროთ ეს გზა ისე, რომ ჩვენ არ დავუშვათ, ვინმემ რამე პროვოკაციაზე წამოგვაგოს. არ უნდა დავუშვათ, რომ ვინმე რამე კონფრონტაციაში შეგვიყვანოს. როგორც აქამდე, მშვიდობიანად, ხალისიანად, იმედიანად მივდიოდით ამ გზაზე, ასევე უნდა გაგრძელდეს," - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.  

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი: ჯერ კიდევ არის დრო ერთობლივი მუშაობისთვის, ამისთვის საქართველოს მთავრობამ კურსი უნდა შეცვალოს

„ჯერ კიდევ არის დრო საქართველოსთან ერთობლივი მუშაობისთვის, მაგრამ ამისთვის საქართველოს მთავრობამ კურსი უნდა შეცვალოს,“ - ეს განცხადება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა ტრადიციულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. მანვე აღნიშნა, რომ აშშ ფლობს ცნობებს შევიწროების მზარდი ფაქტებისა და ფიზიკური შეურაცხყოფის შესახებ სამოქალაქო საზოგადოების, ოპოზიციური აქტივისტებისა და ჟურნალისტების მიმართ. მეთიუ მილერმა აღნიშნული ფაქტები დაგმო და დამოუკიდებელი გამოძიებისკენ მოუწოდა. „ღრმად შეწუხებულები ვართ მათ წინააღმდეგ განხორციელებული ქმედებებით, ვინც აპროტესტებს კანონპროექტს და მისი წინ წაწევის ქმედებებს. ვიცით შევიწროების მზარდი ცნობებისა და სამოქალაქო საზოგადოების, ოპოზიციური აქტივისტებისა და ჟურნალისტების ფიზიკური შეურაცხყოფის შესახებ. ამას ვგმობთ და დამოუკიდებელ, სრული, დროული და დამოუკიდებელი გამოძიებისკენ მოვუწოდებთ. და უფრო ფართო კითხვაზე პასუხად მხოლოდ ვიტყვი, რომ საქართველოსთან 30 წელზე მეტი ხნის წარმატებული თანამშრომლობა გვაკავშირებს და საქართველოსთან მუშაობის გაგრძელება გვსურს. ჯერ კიდევ არის დრო საქართველოსთან ერთობლივი მუშაობისთვის, მაგრამ საქართველოს მთავრობამ ამისთვის კურსი უნდა შეცვალოს,” - განაცხადა მილერმა. მისივე თქმით, აშშ-მ ნათელი გახადა, როგორია „ჩვენი პოლიტიკა და გავაგრძელებთ ამის ნათლად თქმას.“ „მაგრამ ამ მომენტში, წინასწარ არ განვიხილავ რაიმე ქმედებებს, რომლებიც შეიძლება, განვახორციელოთ," - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა.  

"გირჩი - მეტი თავისუფლების" წევრ ბორის ყურუასა და "ახალის" წევრ ნოდარ ჩაჩანიძეს თავს დაესხნენ

პარტია „ახალის“ წევრს ნოდარ ჩაჩანიძეს თავს დაესხნენ. ნოდარ ჩაჩანიძის განცხადებით, თავდამსხმელებს მანქანა ელოდებოდა და ადგილი მისი საშუალებით დატოვეს. „ორი ადამიანი მელოდებოდა სადარბაზოსთან, ორი ადამიანი კიდევ მანქანაში იჯდა. წამოვიდნენ ორი მხრიდან. მე და ჩელე ერთად წამოვედით და მასაც დახვდნენ და მეც. მირტყეს წიხლები, წავიქეცი და რამდენიმე წამში წავიდნენ. ძალიან მალე მოხდა ყველაფერი. ხალხი იყო ირგვლივ ბევრი და ვერ შეძლეს ცემის დიდხანს გაგრძელება,“ - განაცხადა ნოდარ ჩაჩანიძემ. თავს დაესხნენ პარტია "გირჩი - მეტი თავისუფლების" წევრს, ბორის ჩელე ყურუასაც. ის Facebook-ის გვერდზე წერს, რომ რამდენიმე პირმა სცემა. დაშავებულის ფოტოებს პარტია ავრცელებს. ის კლინიკაში გადაიყვანეს. 9 მაისს მარნეულის რაიონის სოფელ წერეთელში 4 ადამიანი თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრს, გიორგი მუმლაძეს. მისი თქმით, თავდამსხმელები მის საცხოვრებელ სახლთან ავტომობილით იდგნენ და უთვალთვალებდნენ, თავს კი მას შემდეგ დაესხნენ, რაც დაინახეს, რომ მათ ტელეფონით უღებდა ფოტოს და ვიდეოს. გასული 24 საათის განმავლობაში, ფიზიკურად გაუსწორდნენ ამავე პარტიის წევრ დიმიტრი ჩიქოვანს, დიპლომატ გია ჯაფარიძეს, აქტივისტ ლაშა ღვინიანიძეს, მუსიკოს გიორგი შენგელიას. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური „უცნობი პირების მიერ მოქალაქეთა სატელეფონო ნომრების დამუშავების კანონიერებას შეისწავლის“  

შარლ მიშელი: საქართველოსთვის და ქართველი ხალხისთვის ჩემი გზავნილი ნათელია - ევროკავშირი სრულიად უჭერს მხარს თქვენს სურვილს

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ევროპის დღესთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოსა და ქართველი ხალხის სურვილს. „ევროპის დღეს საქართველოსთვის და ქართველი ხალხისთვის ჩემი გზავნილი ნათელია - ევროკავშირი სრულიად უჭერს მხარს თქვენს სურვილს დემოკრატიული და თავისუფალი საზოგადოებისთვის, რომელიც კანონის უზენაესობას ეყრდნობა. ეს არის ევროკავშირისა და საერთო მომავლისკენ გზა. ეს არის გზა, რომელზეც ევროკავშირი მხარს დაუჭერს თქვენს ქვეყანას,“ წერს მიშელი სოციალურ პლატფორმა X-ზე. ელჩი: ევროკავშირი აუცილებლად გაფართოვდება - საქართველოსთან ერთად თუ საქართველოს გარეშე, ეს დამოკიდებულია მხოლოდ თქვენზე, საქართველოს მოსახლეობაზე  

საქართველოს წარმომადგენელი ნუცა ბუზალაძე ევროვიზიის ფინალში იმღერებს

საქართველოს წარმომადგენელი ნუცა ბუზალაძე ევროვიზიის ფინალში იმღერებს. ევროვიზია 2024-ის მეორე ნახევარფინალი დღეს გაიმართა, რომელზეც 16 ქვეყნის წარმომადგენელი წარდგა მაყურებლის წინაშე. მათ შორის იყო საქართველოს წარმომადგენელი, ნუცა ბუზალაძე, რომელმაც თავისი საკონკურსო სიმღერა Firefighter შეასრულა. მაყურებლის გადაწყვეტილებით, საქართველოსთან ერთად ფინალში კიდევ ცხრა ქვეყანა გადავიდა: ლატვია,ავსტრია, ნიდერლანდები, ნორვეგია,  ისრაელი, საბერძნეთი, ესტონეთი, შვეიცარია, სომხეთი. წლევანდელი წესების მიხედვით, ნახევარფინალიდან ფინალში გადასვლას მხოლოდ მაყურებელი წყვეტს და ჟიური არ მონაწილეობს ხმის მიცემაში. ევროვიზია 2024-ის ფინალურ კონკურსზე 26 ქვეყანა იმღერებს. აქედან პირველი ათი ქვეყანა – პირველი ნახევარფინალიდან, მეორე ათი ქვეყანა კი დღევანდელი კონცერტიდან გადავიდა ფინალში. ხოლო „დიდი ხუთეულის“ ქვეყნები და მასპინძელი ქვეყანა შვედეთი ფინალში ავტომატურად გადავიდნენ. ევროვიზია 2024-ის ფინალი 11 მაისს გაიმართება.  

შსს ბლოგერ უჩა აბაშიძის დაკავების შესახებ განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავა..უწყების განცხადებით, კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სხვადასხვა სამთავრობო უწყების, კერძოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს პარლამენტის ვებგვერდებზე განხორციელებული კიბერშეტევის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილით დაიწყეს, რაც კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის მიმართ ჩადენილ კომპიუტერული მონაცემის ან კომპიუტერული სისტემის ხელყოფას გულისხმობს. „აღნიშნული გამოძიების ფარგლებში, ჩატარდა და ამ დრომდე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები თბილისსა და ბათუმში, მათ შორის, თბილისში, ი. აბაშიძის #22-ში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში, საიდანაც სამართალდამცველებმა ჩატარებული ჩხრეკის შედეგად უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს. სამართალდამცველებმა სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, რაც ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა შენახვას გულისხმობს, 1984 წელს დაბადებული უ.ა. დააკავეს. გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილით და 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის მიმართ ჩადენილ კომპიუტერული მონაცემის ან კომპიუტერული სისტემის ხელყოფას და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს,“ წერს შსს. ადვოკატმა აღნიშნა, რომ საგამოძიებო მოქმედბები უჩა აბაშიძის მონაწილეობის გარეშე ჩატარდა. „იარაღის და საბრძოლო მასალების უკანონო შეძენა-შენახვაზეა გამოძიება დაწყებული. ჯერ ექსპერტიზები დაინიშნება ამ იარაღზე და შემდეგ იტყვის გამოძიება, რომელიმე რეგისტრირებული იყო თუ არ იყო,“ - განაცხადა ადვოკატმა. პოლიცია ბლოგერის სახლში რამდენიმე საათის წინ შევიდა. ახლობლების ინფორმაციით, მას ამ დროის განმავლობაში, ტელეფონის გამოყენებისა და ადვოკატთან დაკავშირების საშუალება არ ჰქონდა და ადვოკატებმა მისი ნახვა მხოლოდ ცოტა ხნის წინ შეძლეს.

გერმანია უკრაინისთვის 3 HIMARS-ს იყიდის

გერმანია უკრაინისთვის სამ HIMARS-ის მრავალჯერადი სარაკეტო გამშვებს შეიძენს. ეს განცხადება ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა 9 მაისს გააკეთა. ვაშინგტონში ვიზიტისას ბორის პისტორიუსმა განმარტა, რომ იარაღს აშშ-სგან შეიძენენ და მას კიევს გადასცემენ. ამ იარაღის მისი სრული სახელია M142 High Mobility Artillery Rocket System - ეს არის მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები სისტემა, რომელიც დამონტაჟებულია 6x6 FMTV სატვირთო მანქანის შასიზე, რომელიც უზრუნველყოფს დამანგრეველი ცეცხლსასროლი იარაღის გაშვებას მაღალი მობილური პლატფორმიდან. მისი რაკეტები არის რადარის მიერ მართვადი, 70 კილომეტრის მანძილზე მოქმედი (40 მილზე მეტი). მაღალ მობილურობასთან შერწყმისას, ეს არის იდეალური სისტემა მტრის იარაღსა და სამეთაურო პუნქტებზე დასამიზნებლად. HIMARS-ის წარმატების ისტორიები ხანგრძლივია. მაგრამ ბოლო დროს ისინი გამოიყენეს დონეცკის ოლქის ოკუპირებულ რაიონებში სამხედრო საწვრთნელ მოედანზე, სადაც რუსული ჯარები იყვნენ განლაგებულნი - ამ დარტყმის შედეგად სულ მცირე 60 რუსი სამხედრო დაიღუპა. შეგახსენებთ, რუსეთი 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა უკრაინაში და ამ დრომდე აგრძელებს ომს.  

სახალხო დამცველის აპარატი: თვალყურს ვადევნებთ ბლოგერ და სამხედრო ჟურნალისტ უჩა აბაშიძესთან დაკავშირებით მიმდინარე მოვლენებს

სახალხო დამცველის აპარატი თვალყურს ადევნებს ბლოგერ და სამხედრო ჟურნალისტ უჩა აბაშიძესთან დაკავშირებით მიმდინარე მივლენებს, მისი სახლის რამდენიმესაათიანი ჩხრეკის და შემდგომ მისი დაკავების ფაქტს. სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ამ ეტაპზე სახალხო დამცველის რწმუნებული მიემართება თბილისის დროებითი მოთავსების იზოლატორში დაკავებულთან შეხვედრის მიზნით. ამასთან, აპარატი მოუწოდებს საგამოძიებო უწყებას, დაუყოვნებლივ მისცეს უჩა აბაშიძის ადვოკატებს მათი დაცვის ქვეშ მყოფ პირთან შეხვედრის შესაძლებლობა. „მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით სახალხო დამცველის აპარატის რეაგირების შესახებ სრულ ინფორმაციას საზოგადოებას უახლოეს პერიოდში მივაწვდით. სამწუხაროდ, მოცემულ მომენტში სახალხო დამცველი არ იმყოფება საქართველოში, თუმცა მისი წარმომადგენლები მთელი დღის განმავლობაში ადგენენ დაკავებულთა ადგილმდებარეობას და ხვდებიან დაკავებულ პირებს, მათი ფიზიკური მდგომარეობისა და დაკავების პირობების გასარკვევად. აპარატი 24 საათიან რეჟიმში მუშაობს და მთელი გუნდი მობილიზებულია, რათა უფლებადარღვევის არცერთი ფაქტი არ დარჩეს რეაგირების გარეშე. შეგახსენებთ, რომ უფლებადარღვევის შემთხვევებზე შეტყობინების მიღების მიზნით, სახალხო დამცველის აპარატის ცხელი ხაზი - 14 81 - მუშაობს 24 საათიან რეჟიმში," წერია განცხადებაში.  

გერმანია უკრაინას, ენერგო სექტორის აღსადგენად, 45 მილიონ ევროს გამოუყოფს

გერმანია უკრაინის ენერგეტიკის სექტორის სწრაფი აღდგენისთვის 45 მილიონი ევროს ოდენობის გრანტს გამოყოფს. შესაბამის ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის ენერგეტიკის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. საგრანტო ხელშეკრულება ენერგეტიკის სამინისტროში, უკრაინის ენერგეტიკის მინისტრ ჰერმან გალუშჩენკოსა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალურ მინისტრს სვენია შულზეს შორის შეხვედრისას გაფორმდა. შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერეს „უკრენერგოს“ წარმომადგენელმა ვლადიმერ კუდრიცკიმ და გერმანიის განვითარების ბანკის, KfW-ის ხელმძღვანელობამ „ელექტროენერგიის გადაცემის ეფექტურობის გაზრდის“ პროექტის დასაფინანსებლად. გალუშჩენკოს თქმით, კიევისთვის ძალზე მნიშვნელოვანია, რომ სახსრები სხვადასხვა მიმართულებით იყოს მიმართული გადამცემი სისტემის ობიექტების სტაბილურობის აღსადგენად და გასაძლიერებლად, რომლებიც რუსეთის ფედერაციის მხრიდან თავდასხმას განიცდიან. გარდა ამისა, მისი თქმით, ამ თანხით ეროვნული ენერგეტიკული კომპანია „უკრენერგოს“ ენერგოეფექტური მოდერნიზაცია, ავტომატიზაცია და ქვესადგურების რეკონსტრუქციის აღჭურვილობის შეძენა იგეგმება. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, „უკრენერგომ“, საერთო ჯამში, გერმანიის განვითარების ბანკის (KfW-ის) მხარდაჭერით, ელექტროგადამცემი ქსელის აღდგენისა და განვითარებისთვის, გრანტისა და სესხის სახით, 177 მილიონ ევროზე მეტი მოიზიდა.