ძებნის რეზულტატი:
ჩრდილოეთ კორეამ უცხოელებს ახლად გახსნილ, ზღვისპირა კურორტზე შესვლა აუკრძალა - BBC
ჩრდილოეთ კორეამ უცხოელებისთვის ახლად გახსნილი ზღვისპირა კურორტი დახურა. BBC-ს ცნობით, ჩრდილოეთ კორეამ გამოაცხადა, რომ ახლად გახსნილი ზღვისპირა კურორტი – Wonsan Kalma Coastal Tourist Zone – უცხოელ ტურისტებს დროებით არ მიიღებს. კურორტი ოფიციალურად პირველ ივლისს გაიხსნა და ის ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინის, ერთ-ერთ მნიშვნელოვან პროექტად ითვლება, რომლის მიზანიც ქვეყანაში ტურიზმის განვითარებაა. თუმცა ამ კვირიდან ჩრდილოეთ კორეის ოფიციალურ ტურისტულ ვებგვერდზე გამოქვეყნდა გაფრთხილება, რომ უცხოელებისთვის ვიზიტები "დროებით შეჩერებულია." ეს განცხადება გავრცელდა მას შემდეგ, რაც გასულ კვირას კურორტზე რუსი ტურისტების პირველი ჯგუფი ჩავიდა. მათი ვიზიტი დროში დაემთხვა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის ვიზიტს ვონსანში, სადაც ის პირადად შეხვდა კიმ ჩენ ინს. ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებას არ დაუკონკრეტებია, თუ რა გახდა გადაწყვეტილების მიზეზი ან რამდენ ხანს გასტანს უცხოელებზე შეზღუდვა.
თეთრმა სახლმა ტრამპის სამედიცინო კვლევის შედეგები გაასაჯაროვა
რამდენიმე დღის განმავლობაში მედიაში ფოტოებისა და ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, რომ ტრამპს ხელზე სილურჯეები ჰქონდა, თეთრმა სახლმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ აშშ-ის პრეზიდენტს ქრონიკული ვენური დაავადება აქვს. ინფორმაციას BBC ავრცელებს. კერძოდ, ტრამპს ქრონიკული ვენური უკმარისობა დაუდგინდა — ვენური დაავადება, რომელიც, ექიმების თქმით, საკმაოდ გავრცელებულია ხანდაზმულ ასაკში. თეთრი სახლის პრესმდივანმა კეროლინ ლევიტმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა ფეხების შესიების გამო გაიარა სრულფასოვანი გამოკვლევა.
ბათუმში მკვლელობა მოხდა
ბათუმში, ერთ-ერთ რესტორანში მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. შსს-ში აცხადებე, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებითაა დაწყებული. უწყების ცნობით, მოკლულია უცხო ქვეყნის მოქალაქე. „შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112-ში“ შემოვიდა შეტყობინება, ბათუმში, ნინოშვილის ქუჩაზე, მდებარე ერთ-ერთ ობიექტში განხორციელებული სროლის თაობაზე. შეტყობინების მიღებისთანავე ადგილზე დაუყოვნებლივ გამოცხადდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების წარმომადგენლები. დადგინდა, რომ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად, მოკლულია უცხო ქვეყნის მოქალაქე. განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს. სამართალდამცველების მიერ ტარდება ყველა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედება,“ - აცხადებენ შსს-ში.
ჩეხეთში კომუნისტური იდეოლოგიის პროპაგანდა კრიმინალიზდება და ნაციზმს გაუტოლდება
ჩეხეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც კომუნისტური პროპაგანდა დაისჯება. კანონს პრეზიდენტმა პეტრ პაველმა მოაწერა ხელი. Euractiv წერს, რომ კანონმდებლობაში ცვლილებები ჩეხეთის ისტორიის შემსწავლელი ინსტიტუტების, მათ შორის, ტოტალიტარული რეჟიმების შესწავლის ინსტიტუტის მოწოდებების შემდეგ მიიღეს. კანონის მიხედვით, ჩეხეთის სისხლის სამართლის კოდექსში შევიდა შესწორება, რომლის საფუძველზეც: აკრძალულია კომუნისტური, ნაცისტური ან სხვა ნებისმიერი მოძრაობის მხარდაჭერა ან პოპულარიზაცია, თუ ისინი ზღუდავენ ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს ან წაახალისებენ რასობრივ, ეთნიკურ, ეროვნულ, რელიგიურ ან სოციალურ სიძულვილს. დამრღვევებს დაეკისრებათ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა და თავისუფლების აღკვეთა 5 წლამდე ვადით.
ევროკავშირი თურქეთის მოქალაქეებისთვის შენგენის ვიზის გაცემის წესს ამარტივებს
ევროკავშირმა თურქეთის მოქალაქეებისთვის შენგენის ღია საზღვრის მქონე ზონის გამოყენების წესები შეამსუბუქა. ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა განაცხადა. დიპლომატმა თურქებისთვის უვიზო მიმოსვლის შესახებ მოლაპარაკებების სასწრაფოდ განახლებისკენ მოუწოდა. თურქეთის მოქალაქეები, რომლებიც წლებია, ევროკავშირის „ბიუროკრატიული და ნელი სავიზო სისტემაზე“ ჩივიან, გარკვეულ შეღავათებს იღებენ: ევროკომისიის ახალი გადაწყვეტილება, რომელიც ძალაში 15 ივლისიდან შევიდა, მრავალჯერადი შესვლის ვიზების გაცემის პროცესს ამარტივებს. თურქები, რომლებიც ადრე ვიზებით კეთილსინდისიერად სარგებლობდნენ, ექვსთვიან ვიზას მეორე განაცხადისთანავე მიიღებენ, რასაც მოჰყვება ერთწლიანი, სამწლიანი და ხუთწლიანი მრავალჯერადი ვიზები.
ესტონეთმა კიდევ 19 ქართველი ოფიციალური პირი დაასანქცირა
ესტონეთმა კიდევ 19 ქართველი ოფიციალური პირი დაასანქცირა, მათ შორის არიან იუსტიციის მინისტრი, გენერალური პრიკურორი და მოსამართლეები. ამის შესახებ განცხადებას ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ჯამში ესტონეთს სავიზო შეზღუდვა საქართველოს აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების 102 წარმომადგენლისთვის აქვს დაწესებული. კერძოდ, დასანქცირებულთა შორის არიან: ნინო გალუსტაშვილი (მოსამართლე), გიორგი გვარაკიძე (გენერალური პროკურორი), ალუდა ღუდუშაური (პარლამენტის წევრი), ილია ინჯია (პარლამენტის წევრი), ირაკლი ქადაგიშვილი (პარლამენტის წევრი), ანი ხუბეჯაშვილი (პროკურორი), მარიამ ლაშხი (პარლამენტის წევრი), გურამ მაჭარაშვილი (პარლამენტის წევრი), მარი მეშველიანი (პროკურორი), ვიქტორ მეტრეველი (მოსამართლე), ჯვებე ნაჭყებია (მოსამართლე), ნინო სახელაშვილი (მოსამართლე), პაატა სალია (იუსტიციის მინისტრი), თენგიზ შარმანაშვილი (პარლამენტის წევრი), ირაკლი შვანგირაძე (მოსამართლე), სოზარ სუბარი (პარლამენტის წევრი), ალექსანდრე ტაბატაძე (პარლამენტის წევრი), სულხან თამაზაშვილი (აჭარის მთავრობის თავმჯდომარე) და ნათია თათიაშვილი (პროკურორი). „ეს პირები პირდაპირ ან არაპირდაპირ პასუხისმგებელი არიან მშვიდობიანი დემონსტრანტების, ჟურნალისტებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების დევნაზე. ძალადობა, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება იყენებს, პოლიტიზებული სასამართლო პროცესები, და დემონსტრანტებისა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების წინააღმდეგ არაპროპორციული დასჯები ეწინააღმდეგება დემოკრატიის ძირეულ ღირებულებებსა და პირობებს, რომლებიც საქართველოს ევორკავშირის კანდიდატის სტატუსს უკავშირდება. ესტონეთი გააგრძელებს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების, დამოუკიდებელი მედიისა და ევროპული ინტეგრაციის მხარდაჭერას ქართველი ხალხის უფლებებისა და ღირსების დაცვით,” - განაცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ. დღეს ევროკავშირის წარმომადგენლობამ ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმებთან დაკავშირებით და ამის საწინააღმდეგოდ ხელისუფლების მიერ გადასადგმელი ნაბიჯების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. ევროკავშირი საქართველოსგან ელოდება განახლებულ ინფორმაციას აგვისტოს ბოლომდე და თუ საკითხები გადაუჭრელი დარჩება შესაძლოა, ამას უვიზო რეჟიმის სრული შეჩერება მოჰყვეს. „უვიზო მიმოსვლა ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების პატივისცემაზეა დამოკიდებული. 2025 წლის იანვარში ევროკავშირმა შეაჩერა უვიზო მიმოსვლა საქართველოს სამსახურებრივი და დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის. 2024 წლის დეკემბერში ევროკომისიის ანგარიშში საქართველოზე სერიოზული შეშფოთება გამოითქვა. (იხილეთ სრული ანგარიში (ინგლისურად) https://bit.ly/3IPF0Lk) ევროკავშირის რეკომენდაციებია ფუნდამენტური უფლებების დაცვა და თავისუფლებების შემზღუდავი კანონების გაუქმება. ანტიკორუფციული ძალისხმევის გაძლიერება. (იხილეთ რეკომენდაციების სრული სია (ინგლისურად) https://bit.ly/4lCWqJS) ევროკავშირი საქართველოსგან ელოდება განახლებულ ინფორმაციას აგვისტოს ბოლომდე. თუ საკითხები გადაუჭრელი დარჩება შესაძლოა ამას უვიზო რეჟიმის სრული შეჩერება მოჰყვეს,“ - ნათქვამია ინფორმაციაში. ელჩ პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, „რეპრესიების შეჩერება, უსამართლოდ დაკავებულთა გათავისუფლება, რეპრესიული კანონმდებლობის გაუქმება და ღია დიალოგი არის ერთადერთი გზა კრიზისის მოგვარებისა და ევროკავშირის გზაზე დაბრუნებისთვის.“ თავის მხრივ, საფრანგეთის ელჩმა დაწერა X-ზე, რომ „უვიზო მიმოსვლა ორმხრივ ვალდებულებებს ეფუძნება. „უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმი წინასწარ შეთანხმებული პროცედურაა ვალდებულებების დარღვევის დროს სწორ გზაზე დასაბრუნებლად. ორმხრივი პატივისცემა საკვანძოა ორმხრივი სარგებლების დასაცავად,“ - წერს შერაზ გასრი. ირაკლი კობახიძემ ევროკომისიის წერილთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა
რუმინეთი უკრაინასთან ერთად დრონების აწყობას გეგმავს
რუმინეთი უკრაინასთან ერთად დრონების ერთობლივი წარმოების პროექტის დასაწყებად ემზადება, რომლის მიზანიც ქვეყნის შიგნით დრონების აწყობა და სხვა ევროპულ ქვეყნებში გაყიდვაა. რუმინეთის თავდაცვის სამინისტრომ ჟურნალისტებთან შეხვედრისას დაადასტურა ეს ცნობები და განაცხადა, რომ რუმინეთის თავდაცვის მინისტრი იონუტ მოსტიანუ მალე მოლაპარაკებებს გამართავს თავის უკრაინელ კოლეგასთან.
დიდმა ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა რუსულ ქვედანაყოფს, რომელიც კიბერთავდასხმებს საქართველოზეც აწყობდა
ბრიტანეთის მთავრობამ რუსეთის ფედერაციას მავნე კიბერაქტივობის ხანგრძლივი კამპანიისთვის, მათ შორის, გაერთიანებულ სამეფოში ჩატარებული ოპერაციებისთვის ახალი სანქციები დაუწესა. უახლესი შემზღუდავი ზომების სამიზნედ იქცნენ რუსეთის სამხედრო დაზვერვის სააგენტოს (ГРУ) სამი დანაყოფი და 18 სამხედრო დაზვერვის ოფიცერი, რომლებიც მრავალი წლის განმავლობაში მავნე კიბერაქტივობის მდგრადი კამპანიის წარმოებაზე არიან პასუხისმგებელნი. დიდი ბრიტანეთის მთავრობამ აღნიშნა, რომ 2022 წელს, 26165-ე დანაყოფი, რომელსაც დღეს სანქციები დაუწესდა, ონლაინ დაზვერვას აწარმოებდა მარიუპოლის წინააღმდეგ სარაკეტო დარტყმების მიზანში ამოღების მიზნით, მათ შორის, იმ დარტყმის, რომელმაც მარიუპოლის თეატრი გაანადგურა და სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის, ბავშვები მოკლეს. „დანაყოფმა 74455-მა შეასრულა ფართომასშტაბური დესტრუქციული კიბერთავდასხმები საქართველოს სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებზე, ასევე ეროვნულ მაუწყებლებზე,“ - ბრიტანეთის სამთავრობო ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციით, საქართველოს წინააღმდეგ ჩადენილ კიბერთავდასხმებში მონაწილეობდა დანაყოფი 74455, რომელიც ასევე ცნობილია APT44-ისა და Sandworm-ის სახელით. 2018 წელს ეს ჯგუფი თავს ესხმოდა ქართულ კომპანიებსა და სახელმწიფო დაწესებულებებს.
2014 წლის შემდეგ პირველად, პლატინის ფასმა 1500 დოლარს გადააჭარბა
ლატინის ფასი პარასკევს გაიზარდა და უნციაზე 1,500 დოლარს გადააჭარბა, რაც ბოლო ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში პირველად მოხდა — იუწყება Reuters. მეტალის ღირებულება ვაჭრობის სესიის განმავლობაში 2%-ზე მეტად გაიზარდა, რაც სამდღიანი ზრდის სერია გაგრძელდა — ამ პერიოდის განმავლობაში საერთო ჯამში 5.1%-იანი მატება დაფიქსირდა. ბოლოს პლატინის ფასმა 1,500 დოლარს 2014 წლის ივლისში მიაღწია.
ზანგეზურის დერეფნის მართვის ინიციატივა ამერიკის უფრო დიდი ამბიციის ნაწილია - Forbes
„ამერიკის მაღალი ფსონი ზანგეზურზე: როგორ შეიძლება, რომ აშშ-ის ხელმძღვანელობით დერეფნის ამოქმედებამ შეამციროს ევროპის ენერგეტიკული ხარჯები და წინააღმდეგობა გაუწიოს რუსეთს,“ Forbes-ი სტატიაში განიხილავს აშშ-ის მცდელობას, შეამციროს რუსეთის გავლენა სამხრეთ კავკასიაში და გააძლიეროს ევროპისთვის ალტერნატიული ენერგომომარაგების გზები. ენერგეტიკული უსაფრთხოების კონტექსტში სტატიაში მიმოხილულია, რომ ზანგეზურის დერეფანი უზრუნველყოფს აზერბაიჯანის ენერგორესურსების პირდაპირ მიწოდებას თურქეთში და შემდეგ ევროპაში, რაც ხელს შეუწყობს რუსეთის გაზზე დამოკიდებულების შემცირებას. Forbes-ის მიერ მომზადებული სტატიის მიხედვით, ზანგეზურის დერეფნის მართვის ინიციატივა ამერიკის უფრო დიდი ამბიციის გამოვლინებაა - გამოიყენოს „ძალთა იშვიათი ვაკუუმი“ სამხრეთ კავკასიაში, რეგიონში, სადაც ისტორიულად რუსეთი დომინირებდა, მაგრამ ახლა მზადაა გადალაგებისთვის, მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანის მიერ 2023 წლის სექტემბერში, მთიან ყარაბაღში გადამწყვეტი შეტევის დროს, მოსკოვმა თავისი მოკავშირე სომხეთი ვერ დაიცვა. რუსეთის, როგორც უსაფრთხოების გარანტორის სანდოობა ახლა სრულად დანგრეულია. მიუხედავად იმისა, რომ 2020 წლის ნოემბრის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების საფუძველზე, რეგიონში განთავსებულნი იყვნენ რუსი „სამშვიდობოები“, მოსკოვმა ვერ შეძლო ჩარევა მაშინ, როცა აზერბაიჯანმა კვლავ აიღო კონტროლი მთიან ყარაბაღზე და შედეგად, 100,000 ეთნიკური სომეხი იძულებით გადაადგილდა. ეს უმოქმედობა ერევანში ღალატად აღიქვეს, რამაც რუსეთის მიმართ ნდობა არსებითად შეარყია და სომხეთის ისტორიულ გეოპოლიტიკურ შემობრუნებას დასავლეთისკენ, მნიშვნელოვანი ბიძგი მისცა. გეოპოლიტიკური გათვლები და კონკურენტთა რეაქციები სატრანზიტო დერეფნის შესაძლო წარმატება ძირეულად შეცვლის ძალთა ბალანსს რეგიონში. ირანს საკუთარი სატრანზიტო როლის 20-30 პროცენტით შემცირება ემუქრება. რუსეთი კი, შესაძლოა, ათწლეულის განმავლობაში 10-დან 20 მილიარდ დოლარამდე შემოსავლის გარეშე დარჩეს და ევროპის ენერგეტიკულ ბაზრებზე თავისი ზეგავლენის 10-15 პროცენტი დაკარგოს. ჩინეთისა და თურქეთის ინტერესები ჩინეთი გეგმავს, რომ 2030 წლისთვის ზანგეზურის დერეფნის საშუალებით მოიპოვოს 20-30 მილიარდი დოლარის ეკონომიური სარგებელი „სარტყელი და გზის“ ინიციატივის ფარგლებში. თურქეთი კი, დერეფნის ამოქმედებით, გადაიქცევა ენერგეტიკულ ჰაბად, რომელსაც პირდაპირი წვდომა ექნება თურქულენოვან ქვეყნებზე და შესაძლოა, ქვეყანამ 10-15 მილიარდი დოლარის სატრანზიტო შემოსავალი მიიღოს. თურქეთის როლი რეგიონში თურქეთი აქტიურად ცდილობს ქურთული კონფლიქტის დეესკალაციას, რაც ხელს შეუწყობს ზანგეზურის ინიციატივის წარმატებას. აღმოსავლეთ ანატოლიის პროვინციებში თურქული ბიზნესი ექსპორტის 310%-იან ზრდას ელოდება, რაც დიპლომატიურ ჩართულობას დამატებით წაახალისებს. ენერგეტიკული კომპანიების ინტერესი SOCAR-ი მილსადენებს აფართოებს, ADNOC კი, წყალბადზე ერთობლივ პროექტებს განიხილავს. BP და Chevron მზად არიან, გაზარდონ ინვესტიციები 5-10 მილიარდ დოლარამდე. თუმცა პოლიტიკური უთანხმოებები და რეგულაციური შეფერხებები პროექტის ვადებსა და ხარჯებს საფრთხეს უქმნის. რისკები და პოლიტიკური დაბრკოლებები მოლაპარაკებების წარუმატებლობის ალბათობა 60%-ია, რამაც შესაძლოა, პროექტის დაწყება 1-1.5 წლით შეაფერხოს. სომხეთმა მკაფიოდ უარყო თავისი ტერიტორიის გადაცემა, რაც უმთავრეს ბარიერს წარმოადგენს. მომავალი პერსპექტივები თუ პროექტი წარმატებით განხორციელდება, შუა დერეფნის გაძლიერებული ტევადობის მეშვეობით, 2027 წლისთვის სავაჭრო ნაკადები 20-50 მილიარდ დოლარს მიაღწევს, რაც მნიშვნელოვნად გააძლიერებს ევრაზიულ ლოგისტიკას. კომპანიებმა უნდა გაითვალისწინონ სუვერენიტეტთან დაკავშირებული რისკები და აქტიურად ითანამშრომლონ აშშ-ის შუამავლებთან. გეოპოლიტიკური გავლენა: ამერიკის მიერ ინიცირებული პროექტი მიზნად ისახავს რუსეთის გავლენის შემცირებას რეგიონში და აშშ-ის სტრატეგიული პოზიციის გაძლიერებას სამხრეთ კავკასიაში. დასკვნა ზანგეზურის დერეფანი არამხოლოდ ინფრასტრუქტურული პროექტია, არამედ, ეს არის ამერიკული დიპლომატიის ტესტი გლობალურ მულტიპოლარულ სამყაროში. მისი წარმატება რეგიონულ გამოწვევებთან გამკლავებისა და ენერგეტიკული დივერსიფიკაციის მხარდაჭერის მხრივ, აშშ-ის შესაძლებლობებს დაამტკიცებს.
ავსტრალიამ უკრაინას Abrams-ის ტანკების პირველი პარტია გადასცა
ავსტრალიის არმიის შემადგენლობიდან ჩამოწერილი 49 ერთეული M1A1 Abrams-ის ტიპის ტანკების პირველი პარტია უკრაინას მიეწოდა. ტანკების გადაცემის შეფერხება გამოწვეული იყო აშშ-ს თანხმობის საჭიროებით, ასევე - ლოგისტიკური სირთულეებით. kyivindependent-ის ცნობით, ტანკებს კიევს 2024 წლის ოქტომბერში დაჰპირდნენ, თუმცა მიწოდება ცხრა თვით გადაიდო.
თურქეთში აშშ-ის ელჩი: ისრაელი და სირია ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმდნენ
თურქეთში აშშ-ის ელჩი, ტომ ბარაკი აცხადებს, რომ ისრაელი და სირია ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ. შესაბამის ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ბარაკის განცხადებით, ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ და სირიის პრეზიდენტი, აჰმედ ალ-შარაა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმდნენ, რომელსაც მხარს თურქეთი, იორდანია სხვა მეზობელი ქვეყნები უჭერენ. „მოვუწოდებთ დრუზებს, ბედუინებსა და სუნიტებს, დაყარონ იარაღი და სხვა უმცირესობებთან ერთად მეზობლებთან მშვიდობისა და კეთილდღეობის პირობებშიახალი და ერთიანი სირიული იდენტობა შექმნან,“ - აცხადებს თურქეთში აშშ-ის ელჩი. ცნობისთვის, სირიის ომის მონიტორის ცნობით, მიმდინარე კვირაში ქალაქ სუვეიდასა და მის შემოგარენში დრუზების მებრძოლებს, მთავრობის უსაფრთხოების ძალებსა და ბედუინთა ტომების წევრებს შორის დაპირისპირების შედეგად, 350-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. შეგახსენებთ, უკანასკნელი ერთი კვირის განმავლობაში სირიის ქალაქ სუვეიდასა და მის შემოგარენში დრუზებსა და ბედუინ მებრძოლებს შორის შეტაკებები მიმდინარეობდა. მოგვიანებით შეტაკებების შესაჩერებლად სუვეიდაში სირიის სამთავრობო ძალები შევიდნენ, თუმცა ისრაელმა განაცხადა, რომ სირიის სამთავრობო ძალები დრუზების წინააღმდეგ თავდასხმებს ახორციელებდნენ. სუვეიდაში განვითარებული მოვლენების ფონზე და დრუზების დაცვის მიზნით, ისრაელმა ოთხშაბათს სირიაში საჰაერო დარტყმები განახორციელა. ისრაელის საჰაერო იერიშების შემდეგ, სირიის სამთავრობო ძალებმა სუვეიდადან გამოსვლა დაიწყეს. პარასკევს სირიის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ სტაბილურობის აღდგენის მიზნით, ხელისუფლება სამხრეთში ჯარებს განალაგებს.
რუსი ოფიციალური პირის თქმით, მესამე ღამეა, უკრაინა მოსკოვს დრონებით უტევს
გავრცელებული ცნობებით, 19 ივლისის ღამით, უკრაინულმა დრონებმა მოსკოვი დაბომბეს - მესამე ღამეა, რუსეთის დედაქალაქი ცეცხლის ქვეშ მოექცა. მერმა სერგეი სობიანინმა განაცხადა, რომ „რუსეთის საჰაერო თავდაცვის დანაყოფებმა ორ საათზე ნაკლებ დროში, 13 დრონი გაანეიტრალეს.“ დაშავებულების ან ზარალის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
ტრამპი აცხადებს, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი სამშვიდობო შეთანხმებასთან „საკმაოდ ახლოს“ არიან
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი „საკმაოდ ახლოს არიან“ სამშვიდობო შეთანხმების მიღწევასთან. რესპუბლიკელ სენატორებთან ერთად, თეთრ სახლში გამართულ სადილზე სიტყვით გამოსვლისას, ტრამპმა გლობალურად კონფლიქტების მოგვარების კუთხით, თავისი ადმინისტრაციის მიღწევები ჩამოთვალა და ასევე ახსენა სომხეთ-აზერბაიჯანი. „ჩვენ საოცრად ვიმუშავეთ და ეს საკმაოდ ახლოსაა, თუ უკვე მიღწეული არა,“ აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ამერიკამ ბრაზილიის ყოფილი პრეზიდენტის საქმის მოსამართლეს სავიზო შეზღუდვები დაუწესა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ბრაზილიის ყოფილი პრეზიდენტის ჟაირ ბოლსონარუს საქმის მოსამართლეს სავიზო შეზღუდვები დაუწესა. სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტი აქვეყნებს. სავიზო შეზღუდვები ასევე დაუწესდა მოსამართლის, ალექსანდრე მორაეშის ოჯახის წევრებს, მის მოკავშირეებს ბრაზილიის სასამართლო სისტემაში და მათი ოჯახების წევრებს. „პრეზიდენტმა ტრამპმა ნათლად განაცხადა, რომ მისი ადმინისტრაცია პასუხისმგებლობას დააკისრებს იმ უცხოელ მოქალაქეებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან შეერთებულ შტატებში დაცული გამოხატვის თავისუფლების ცენზურაზე. ბრაზილიის უზენაესი ფედერალური სასამართლოს მოსამართლის, ალექსანდრე დე მორაეშის მხირიდან ჟაირ ბოლსონაროს წინააღმდეგ პოლიტიკურმა „კუდიანებზე ნადირობამ“ შექმნა იმდენად მასშტაბური დევნისა და ცენზურის სისტემა, რომ ის არამხოლოდ არღვევს ბრაზილიელების ძირითად უფლებებს, არამედ, ვრცელდება ბრაზილიის სანაპიროებს მიღმა და ამერიკელებსაც ესხმის თავს. ამიტომ, მე გავეცი ბრძანება მორაეშისა და მისი მოკავშირეებისთვის სასამართლოში, ასევე მათი ოჯახების წევრებისთვის ვიზების გაუქმების შესახე,ბ რაც დაუყოვნებლივ ამოქმედდება,“ – ნათქვამია მარკო რუბიოს განცხადებაში. ბრაზილიის სასამართლომ ყოფილ პრეზიდენტს, ჟაირ ბოლსონარუს ელექტრონული სამაჯურის ტარება და კომენდანტის საათი დაუწესა. მოსამართლემ, ასევე, ბოლსონარუს აუკრძალა სოციალური ქსელების გამოყენება და კომუნიკაცია შვილთან, ბრაზილიელ კანონმდებელთან ედუარდო ბოლსონარუსთან, რომელიც მამის მხარდასაჭერად აშშ-ში, ასევე უცხოელ დიპლომატებთან ლობირებს. ბოლსონარუს, რომელიც პრეზიდენტის თანამდებობას 2019-2022 წლებში იკავებდა, სახელმწიფო გადატრიალების დაგეგმვაში ადანაშაულებენ. ის ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება იყო პასუხი მისი სასამართლო პროცესის მიმართ დონალდ ტრამპის კრიტიკაზე. ტრამპი ბოლსონარუს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეს პოლიტიკურ დევნად აფასებს და აღნიშნავს, რომ მისი მხრიდან ტარიფების დაწესების მუქარის მიზანი ბოლსონარუსთვის ბრალის მოსახსნელად ბრაზილიის ხელისუფლებაზე ზეწოლის განხორციელებაა. თავის მხრივ, ბრაზილიის პრეზიდენტმა, ლულა და სილვამ განაცხადა, რომ ბრაზილია არის სუვერენული სახელმწიფო დამოუკიდებელი ინსტიტუტებით და არავინ დგას კანონზე მაღლა. გასულ კვირას აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ბრაზილიურ პროდუქტებზე 50%-იანი ტარიფების დაწესებით დაიმუქრა და ბოლსონარუსადმი ბრაზილიის ხელისუფლების მოპყრობა გააკრიტიკა.
ვენესუელამ 10 ამერიკელი პატიმარი გაათავისუფლა
Reuters-ის ცნობით, აშშ-მ ელ-სალვადორში დეპორტირებული, ვენესუელის 200-ზე მეტი მოქალაქე კარაკასში გაგზავნა, ხოლო სანაცვლოდ, ვენესუელამ 10 ამერიკელი პატიმარი გაათავისუფლა. „ვენესუელაში დაკავებული 10 ამერიკელი თავისუფალია,“ - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ. მან ელ-სალვადორის პრეზიდენტს, ნაიიბ ბუკელეს დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. ვენესუელის ხელისუფლების განცხადებით, სულ გათავისუფლდა ვენესუელის 252 მოქალაქე, რომლებიც სალვადორის მაღალი უსაფრთხოების დაწესებულებაში იხდიდნენ სასჯელს.
ასტრონომებმა აღმოაჩინეს გიგანტური უცხო პლანეტა, რომელიც დედამიწაზე 35-ჯერ მასიურია
space.com-ის ცნობით, მეცნიერებმა, ცნობილ ვარსკვლავურ სისტემაში — Kepler‑139 — დაფარული უცხოპლანეტა Kepler‑139f აღმოაჩინეს. პლანეტა დედამიწიდან დაახლოებით 2000 სინათლის წლის დაშორებით მდებარეობს. სპეციალისტები არ გამორიცხავენ, რომ შესაძლებელია, სისტემაში სხვა უხილავი პლანეტებიც არსებობდეს, თუმცა მათი პოვნა ახლა მეცნიერებისთვის გამოწვევაა. Kepler-139f-ის აღმოჩენა ეგზოპლანეტური კვლევის სფეროში მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს და ადასტურებს ჰიბრიდული აღმოჩენის ტექნიკის ეფექტიანობას. მიუხედავად უზარმაზარი მასისა, ეს პლანეტა აქამდე მეცნიერების თვალთახედვის მიღმა რჩებოდა. მისი აღმოჩენა თავიდან აყალიბებს ჩვენს წარმოდგენას Kepler-139-ის სისტემაზე და მიანიშნებს, რომ შესაძლოა, მრავალი მასიური, არატრანზიტული ეგზოპლანეტა ჯერ კიდევ აღმოსაჩენი იყოს.
ევროპარლამენტი: სამართლიანი არჩევნების ჩატარებამდე, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად შეჩერებულია
ევროპარლამენტის განცხადებით, საქართველო ევროკავშირში გაწევრიანებას ვერ შეძლებს, ვიდრე მისი მთავრობა ავტორიტარულ კურსს არ შეცვლის. როგორც ცნობილია, ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ ბოლო რეზოლუცია 9 ივლისს მიიღო. „ევროპარლამენტი ქართველი ხალხის გვერდით დგას. პარლამენტი საქართველოს ამჟამინდელ მთავრობას არ აღიარებს და აცხადებს, რომ სამართლიანი არჩევნების ჩატარებამდე მისი ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად შეჩერებულია,“ - წერია ევროპარლამენტის მიერ X-ზე განთავსებულ პრესრელიზში.
ალიევი: სომხეთი თუ ზანგეზურის დერეფანს დაბლოკავს, ტრანზიტულ ქვეყნად მისი გადაქცევის შანსი ნულამდე შემცირდება
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ „სომხეთი თუ გააგრძელებს ზანგეზურის დერეფნის გახსნასთან დაკავშირებული პროცესის დაბლოკვას, მისი შანსები, რომ ოდესმე სატრანზიტო ქვეყნად იქცეს, ნულს მიუახლოვდება. „სამწუხაროდ, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში სომხურ მხარეს ზანგეზურის დერეფანთან დაკავშირებული არანაირი სამუშაო არ ჩატარებულა. ეს საკითხი განზრახ იხსნება დღის წესრიგიდან. ამ შემთხვევაში, სომხეთის შანსები, რომ ოდესმე სატრანზიტო ქვეყნად იქცეს, ნულს მიუახლოვდება. თუ ისინი გააგრძელებენ ამ პროცესის დაბრკოლებას, მე მჯერა, რომ ისინი არამხოლოდ ისედაც განცდილ სატრანსპორტო იზოლაციაში აღმოჩნდებიან, არამედ, გარკვეულწილად, პოლიტიკურ იზოლაციაშიც,“ - აღნიშნა ალიევმა.
ზელენსკის თქმით, რუსეთ-საქართველოს საზღვრიდან მოქალაქეების დასაბრუნებლად, კიევი მუშაობს
უკრაინის მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად უკრაინელი დიპლომატები მუშაობენ. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე წერს. „საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრი სიბიჰამ რუსეთ-საქართველოს საზღვარზე არსებული ვითარების შესახებ მაცნობა, რაც უკრაინული და ქართული მხარეების წინასწარი გაფრთხილების გარეშე, რუსეთის ტერიტორიიდან დოკუმენტაციის გარეშე უკრაინის მოქალაქეების ფაქტობრივ „გამოყრას“ უკავშირდება. კერძოდ, ესენი არიან უკრაინელები, რომლებიც რუსებმა გაათავისუფლეს რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე არსებული ციხეებიდან და კოლონიებიდან,“ - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი. თავის მხრივ, სიბიჰას შეფასებით, რუსეთი უკრაინის მოქალაქეების საქართველოს გავლით დეპორტაციას იარაღად იყენებს.