ძებნის რეზულტატი:
დიდ ბრიტანეთს სომხეთში ახალი ელჩი ჰყავს
დიდმა ბრიტანეთმა სომხეთში ახალი ელჩი დანიშნა. ჯონ გალაგერს, რომელიც ერევანში დიპლომატიურ მისიას 2020 წლიდან ხელმძღვანელობდა, ალექსანდრა კოული ჩაანაცვლებს. ელჩი მოვალეობის შესრულებას 2025 წლის სექტემბერში შეუდგება. ადრე (2018-2020) კოული საქართველოში, შემდეგ კი, კატარში მისიის ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. ახალ დანიშვნამდე კი, ის ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის რეგიონში საგანგებო სიტუაციების დაგეგმვის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.
თეთრი სახლის პრესსპიკერის თქმით, თუ 50 დღეში ცეცხლის შეწყვეტის ან სამშვიდობო შეთანხმება არ იქნება, რუსეთის წინააღმდეგ ზომები ამოქმედდება
თეთრი სახლის პრესსპიკერმა ქეროლაინ ლევიტმა განაცხადა, რომ თუ 50 დღეში ცეცხლის შეწყვეტის ან სამშვიდობო შეთანხმება არ იქნება, რუსეთის წინააღმდეგ ძალიან დიდი ტარიფები და მეორადი სანქციები იქნება გამოყენებული. მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აღნიშნავდა, რომ კიევს დამატებით შეიარაღებას მიაწვდიან. „როგორც პრეზიდენტმა ცხადად თქვა, 50 დღეში თუ ცეცხლის შეწყვეტის ან სამშვიდობო შეთანხმება არ იქნება, თუ რუსეთი უარს იტყვის ცეცხლის შეწყვეტის სამართლებრივ შეთანხმებაზე, ძალიან დიდი ტარიფები და მეორადი სანქციები იქნება გამოყენებული. ასე რომ, ქვეყნები, რომლებიც ნავთობს ყიდულობენ რუსეთისგან, ასევე, დასანქცირდებიან და ეს, რა თქმა უნდა, დიდ ზიანს მიაყენებს რუსეთის ეკონომიკას,” - განაცხად ლევიტმა. სააგენტო Reuters-ი წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ კიევში შესაძლოა, მომავალ კვირაში გაიმართოს Patriot-ის ტიპის სისტემების მქონე ქვეყნების კონფერენცია. თავის მხრივ, NATO-ს მეთაური ალექსუს გრინკევიჩი აცხადებს, რომ უკრაინას Patriot-ის სისტემები რაც შეიძლება სწრაფად გადაეცემა.
ირაკლი კობახიძემ ევროკომისიის წერილთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ევროკომისიის წერილთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. მანამდე, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასი განმარტავდა წერილის შინაარს, რომელიც საქართველოსთვის რეკომენდაციებს მოიცავს და „დედლაინად“ აგვისტოს ბოლო სახელდება. კალასის თქმით, არის რეკომენდაციები, რომლებიც საქართველოს ვიზალიბერალიზაციის შეჩერების ანგარიშშია მოცემული. კერძოდ, როგორც ცნობილია, ევროკომისია მაკა ბოჭორიშვილს წერილს უგზავნის, რომელშიც ხელისუფლებისგან 8 რეკომენდაციის შესრულებას მოითხოვს. ირაკლი კობახიძის თქმით, ევროპაში მოქალაქე ვიზით წავა, თუ უვიზოდ, ეს არ არის ეგზისტენციალური საკითხი, ხოლო „რასაც გვთავაზობენ, რომ მშვიდობა დაგვირღვიონ და სტაბილურობა“, ეს, მისივე თქმით, ეგზისტენციალურ საკითხია. „ყველაფერთან დაკავშირებით გვაქვს მკაფიო პასუხი. როდესაც საუბარია პატიმრებზე, ძალიან მკაფიო პასუხი გვაქვს იმასთან დაკავშირებით, რომ თითოეულმა პატიმარმა კონკრეტული დანაშაული ჩაიდინა. ამაზე დაგვიწყონ საუბარი. კეთილი ინებონ და დაგვისაბუთონ, თუ აქვთ სამართლებრივი კითხვები რომელიმე საქმესთან დაკავშირებით. ასეთი კითხვები არ არსებობს და ცარიელი პოლიტიკური ულტიმატუმებია, რაც სამწუხაროა. რაც შეეხება კანონებს, ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის კანონი, რომელიც უკავშირდება ოჯახურ ღირებულებებს, არასრულწლოვნების ინტერესების დაცვას, გამჭვირვალობას. ეს კანონები გამჭვირვალობის შესახებ არის, არის კანონი რევოლუციების გამჭვირვალობის შესახებ, თუ ვინმეს უნდა საქართველოში დააფინანსოს რევოლუციური პროცესები, ეს გააკეთონ გამჭვირვალედ, თუ ეს არ უნდათ, ეს გაუგებარია. მზად ვართ, ჯანსაღი დისკუსია გავმართოთ ყველა სუბიექტთან ყველა საკითხზე. მნიშვნელოვანია, ქართულ საზოგადოებას არ წარმოუჩინონ ევროკავშირი, როგორც საბჭოთა კავშირი. საბჭოთა კავშირში რა ხდებოდა? მოდიოდა დირექტივები მოსკოვიდან, თუ არ შესრულდებოდა, დაგსჯიდნენ. რისგან განსხვავდება მოსკოვისგან ბრიუსელი?! ბრიუსელი არ უნდა დაემსგავსოს საბჭოთა მოსკოვს. ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებთან პირდაპირ შესაბამისობაშია ყველა ნაბიჯი, რაც გადაიდგა ჩვენი მხრიდან. ჩვენ პასუხისმგებელი ვართ, საქართველოში მშვიდობა იყოს შენარჩუნებული, სტაბილურობა და განვითარება. არ არის სწორი ქართველი ხალხის შანტაჟი იმის გამო, რომ მან ხელისუფლებაში არ დააბრუნა სისხლიანი პოლიტიკური ძალა. თუ ვინმე ასე აყენებს საკითხს, ან მშვიდობა და სტაბილურობა, ან ვიზალიბერალიზაციაა.... გამჭვირვალობის კანონის მიღებას რომ გვიკრძალავენ, ეს ნიშნავს, რომ ჩვენთვის უნდათ მშვიდობის და სტაბილურობის წართმევა. როდესაც გეუბნებიან, შენ არ უნდა მიიღო კანონი, რომელიც უცხო ძალას უზღუდავს ქვეყანაში რევოლუციის მოწყობას, ეს მაგას ნიშნავს, რომ გემუქრებიან სტაბილურობის და მშვიდობის დაკარგვით. თუ ასე დადგება საკითხი, ან მშვიდობა და სტაბილურობა, ან ვიზალიბერალიზაცია, რა თქმა უნდა, უპირატესობას მივანიჭებთ მშვიდობასა და სტაბილურობას. ეს ქართველი ხალხის არჩევანია, ასე გვიყენებენ საკითხს. ჩვენ მშვიდობას და სტაბილურობას ვირჩევთ, არ დავთმობთ!.... ვიზალიბერალიზაცია ნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქეს დასჭირდება ვიზა, რათა საქართველოდან გაემგზავროს ევროპაში, რაც შეეხება დანარჩენს, მშვიდობა, სტაბილურობა, ოჯახური ღირებულებები, ეს არის ეგზისტენციური საკითხები. ევროპაში წახვალ ვიზით, თუ უვიზოდ, ეს არ არის ეგზისტენციალური საკითხი. რასაც გვთავაზობენ მშვიდობა დაგვირღვიონ, სტაბილურობა, ეს არის ეგზისტენციალური საკითხები. როდესაც ეგზისტენციალური საკითხი უპირისპირდება არა ეგზისტენციალურს, უპირატესობა უნდა მიანიჭო ეგზისტენციალურს,“ - აღნიშნა პრემიერმა. რაც შეეხება ევროკავშირის რეაგირებას, თუ რეკომენდაციები არ შესრულდება, კალასის თქმით, ამას შედეგები მოჰყვება, რათა საზოგადოებამაც დაინახოს, რომ მისი მთავრობა ევროპულ გზაზე არ არის და კანდიდატის სტატუსს სერიოზულად არ აღიქვამს. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა წერილის გარკვეული პუნქტები დაასახელა. „საქართველოსადმი გაგზავნილ წერილს რაც შეეხება: როგორც იცით, უვიზო მოგზაურობის რეჟიმი საქართველოსთვის 2017 წლიდან გვაქვს. ეს დიდი სარგებელია, რომელსაც ევროკავშირი აძლევს ქვეყნებს და, შესაბამისად, არის რეკომენდაციები, რომლებიც გადაეცა საქართველოს ვიზალიბერალიზაციის შეჩერების [მექანიზმის] ანგარიშში. ამას მთლიანად არ წავიკითხავ აქ, უბრალოდ აღვნიშნავ რაღაცებს. მაგალითად ვალდებულებები, რომლებიც საქართველოს მთავრობას აქვს - უზრუნველყოს და დაიცვას საქართველოს ყველა მოქალაქის ფუნდამენტური უფლებები, მათ შორის შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებები, პრივატულობის უფლება, საჯარო საქმეებში მონაწილეობის უფლება, და ასევე დისკრინიმაციის აკრძალვა - ეს მხოლოდ ერთი პუნქტია. კიდევ 8 მსგავსი პუნქტია. ასე რომ, ვინაიდან, მათ ეს “დედლაინი” მიეცათ აგვისტოს ბოლომდე ამის შესასრულებლად, კითხვაა - როგორ რეაგირებას მოვახდენთ, თუ რეკომენდაციები არ შესრულდება? და როდესაც გვესმის, მაგალითად, რომ 8-დან 7 ოპოზიციონერი ლიდერი ციხეში ჩასვეს, ეს არ შეესაბამება პირველ პუნქტს, რომელიც აღვნიშნე. ასე რომ, აქამდე პოზიცია გვქონდა, რომ არ გვინდა ქართველი ხალხისთვის ზიანის მიყენება უვიზო მიმოსვლის გაუქმებით, რომელსაც მართლა აქვს მათთვის მნიშვნელობა, თუმცა, ამავდროულად, ეს ასევე, ევროკავშირის სანდოობის საკითხია. თუ ეს რაღაცები გვაქვს და ეს სარგებლიანი რამეა - ბონუსია, რომელსაც ქვეყანას ვაძლევთ, რომელიც არ ასრულებს პირობებს - ამას შედეგები მოყვება, რათა საზოგადოებამაც დაინახოს, რომ მთავრობა ევროპულ გზაზე არაა და კანდიდატის სტატუსს სერიოზულად არ აღიქვამს,” - განაცხადა კალასმა 15 ივლისს.
დიდი ბრიტანეთი განიხილავს პორტებისა და სარკინიგზო ინფრასტრუქტურის პროექტებს ყაზახეთსა და საქართველოში
„დიდი ბრიტანეთის ექსპორტის ფინანსურმა სააგენტომ (UKEF) უკვე დაასრულა თავისი პირველი გარიგება აზერბაიჯანის ავიაციის სექტორში და ის ამჟამად სწავლობს პორტებისა და სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის პროექტებს ყაზახეთსა და საქართველოში,“ განაცხადა აზერბაიჯანსა და ცენტრალურ აზიაში დიდი ბრიტანეთის სპეცწარმომადგენელმა ვაჭრობის საკითხებში, ლორდთა პალატის წევრმა ჯონ ოლდერდაისმა, კასპიის რეგიონის სატრანსპორტო კავშირის საკითხებზე ლონდონში გამართულ კონფერენციაზე. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია იტყობინება. მანვე აღნიშნა, რომ ლონდონის ინტერესი შუა დერეფნის გასწვრივ ინფრასტრუქტურული პროექტების მიმართ (სტრატეგიული მარშრუტი, რომელიც აზიას ევროპასთან ყაზახეთის, სამხრეთ კავკასიისა და თურქეთის გავლით აკავშირებს) სწრაფად იზრდება. „შუა დერეფნის განვითარება პრიორიტეტი უნდა გახდეს რეგიონის ყველა ქვეყნისთვის. ეს მიმართულება უზარმაზარ ეკონომიკურ პოტენციალს ქმნის,“ — აღნიშნა ოლდერდისმა. გარდა ამისა, ოლდერდისმა ხაზი გაუსვა სავაჭრო სტანდარტების ჰარმონიზაციას, საბაჟო პროცედურების გამარტივებასა და ციფრულ პლატფორმებზე გადასვლას. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) შეფასებით, ამ დერეფნის სრული პოტენციალის გამოყენებისთვის საჭირო იქნება დაახლოებით 18.5 მილიარდი ევროს ინვესტიცია მყარ ინფრასტრუქტურაში — პორტების გაფართოებაში, მოძრავი შემადგენლობის განახლებასა და ლოგისტიკური ჰაბების მშენებლობაში. ოფიციალური მონაცემებით, 2024 წელს ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (TITR) ტვირთბრუნვა 62%-ით გაიზარდა და 4.5 მილიონ ტონას მიაღწია. 2025 წელს მოსალოდნელია 5.2 მილიონ ტონამდე ზრდა, საიდანაც 4.2 მილიონი ტონა მარშრუტის მონაწილე ქვეყნებზე გაივლის. მოსალოდნელია, რომ 2.5 მილიონი ტონა იქნება მშრალი ტვირთი (დაახლოებით 96,000 TEU), ხოლო 1.7 მილიონი ტონა — ნავთობი. მარშრუტის საერთო გამტარიანობამ 2027 წლისთვის შეიძლება, 10 მილიონ ტონას მიაღწიოს.
დიდმა ბრიტანეთმა და გერმანიამ „ისტორიული შეთანხმება“ გააფორმეს
დიდი ბრიტანეთი და გერმანია ლონდონსა და ბერლინს შორის პირდაპირი რკინიგზის შექმნაზე შეთანხმდნენ. დიდი ბრიტანეთი და გერმანია ახალ, პირდაპირი სარკინიგზო ხაზის შექმნაზე შეთანხმდნენ. ეს შეთანხმება შედის ფართო კავშირების სამოქმედო გეგმაში, რომელსაც ხელი მოეწერა გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცის პირველი ოფიციალური ვიზიტისას დიდ ბრიტანეთში. ცნობისთვის, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა და გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა 17 ივლისს ლონდონში ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, რომელიც ეხება კავშირების განმტკიცებას თავდაცვის სფეროში და სამართალდამცავთა შორის თანამშრომლობის გაძლიერებას ლა-მანშის სრუტის გამოყენებით ადამიანთა ტრეფიკინგის აღსაკვეთად. „ეს ისტორიულ დღეა გერმანიისა და ბრიტანეთის ურთიერთობაში. ჩვენ გვსურს, უფრო მეტად ვითანამშრომლოთ, განსაკუთრებით მას მერე, რაც გაერთიანებული სამეფო ევროკავშირს გამოეყო," - განაცხადა მერცმა. ხელშეკრულება დიდ ბრიტანეთსა და გერმანიას შორის შარშან გაფორმებულ პაქტს ეფუძნება. თავდაცვის სფეროს ნაწილში თანამშრომლობა გულისხმობს იმას, რომ ორი ქვეყანა უფრო მჭიდროდ ითანამშრომლებს რუსეთის მხრიდან მომდინარე, მზარდი საფრთხის მოსაგერიებლად. როგორც ცნობილია, დიდი ბრიტანეთი და გერმანია უკრაინის ყველაზე ძლიერ ევროპელ მხარდამჭერ სახელმწიფოებს შორის არიან.
მერცის თქმით, უკრაინას „ძალიან მალე“ ექნება სისტემები, რომლითაც დიდ მანძილზე დარტყმა შესაძლებელია
ფრიდრიხ მერცის თქმით, უკრაინას „ძალიან მალე“ ექნება სისტემები, რომლებსაც დიდ მანძილზე დარტყმა შეუძლიათ. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ 17 ივლისს განაცხადა. მას დეტალები არ დაუკონკრეტებია. „უკრაინა გაცილებით უკეთეს მდგომარეობაში იქნება, გამოიყენებს ამ სისტემებს და მიიღებს ჩვენგან მხარდაჭერას ამ სისტემებთან დაკავშირებით, მომდევნო კვირებისა და თვეების განმავლობაში.“ მერცის თქმით, ახლა გერმანია, როგორც საფრანგეთი, ბრიტანეთი და აშშ, აღარ დაარღვევენ მიწოდებული იარაღის მოქმედების რადიუსს, რაც იმას ნიშნავს, რომ უკრაინა შეძლებს ამ იარაღის გამოყენებას თავდაცვისთვის, მათ შორის - რუსეთის ტერიტორიაზე არსებულ სამიზნეებზე. გერმანია და უკრაინა ასევე შეთანხმდნენ ერთობლივად რაკეტების წარმოებაზე, რომლის პირველი პარტია უახლოეს კვირებში იქნება მზად. მერცმა აღნიშნა, რომ ეს ნაბიჯი მიზნად ისახავს უკრაინის თავდაცვის შესაძლებლობების გაზრდას, და გერმანია დაეხმარება უკრაინას ამ ტიპის იარაღის წარმოებაში როგორც საკუთარ ტერიტორიაზე, ასევე, უკრაინაში.
კოფეინის ზემოქმედების შესახებ კვლევა ჩატარდა
კოფეინი შესაძლოა, ხელს უწყობდეს ქრონიკული სტრესით გამოწვეული დეპრესიის პრევენციას, ნაწლავებისა და ტვინის ურთიერთკავშირის გავლენით — ასეთია ჩინეთის ჩუნცინის სამედიცინო უნივერსიტეტის მეცნიერების დასკვნა. კვლევა გამოქვეყნდა ჟურნალში European Journal of Pharmacology (EJP). ექსპერიმენტისას, რომელიც ლაბორატორიულ თაგვებზე ჩატარდა, მეცნიერებმა მოახდინეს ქრონიკული სტრესის სიმულაცია — რაც ადამიანებში დეპრესიულ სიმპტომებთან ასოცირდება. ერთ ჯგუფს ექსპერიმენტის დაწყებამდე კოფეინი მიაწოდეს. მათი ქცევა, ნაწლავის მდგომარეობა და ანთებითი მარკერები შეადარეს იმ თაგვებს, რომლებიც სტრესის ზემოქმედების ქვეშ იყვნენ, მაგრამ კოფეინი არ მიუღიათ. შედეგები შთამბეჭდავი აღმოჩნდა: კოფეინის მიღების მქონე თაგვები ისე აქტიურად იქცეოდნენ, როგორც კონტროლის ჯგუფის თაგვები, რომლებიც სტრესს არ გამოუცდიათ. მათ არ დაუკარგავთ ინტერესი ტკბილი წყლის მიმართ, არ დაუკარგავთ წონა და არ ჰქონიათ დეპრესიის ნიშნები. ამავე ჯგუფში არ დაფიქსირდა ნაწლავის ბარიერის დაზიანება, ანთებითი მოლეკულების დონე კი, სისხლსა და ჰიპოკამპში (ტვინის ის ნაწილი, რომელიც განწყობას აკონტროლებს) ნორმის ფარგლებში დარჩა. ნაწლავის კედლის მთლიანობისთვის პასუხისმგებელი ცილების დონე არ შემცირებულა, ხოლო მათი ნაწლავის მიკრობიოტა ჯანმრთელ თაგვებთან მსგავსად შენარჩუნდა. ავტორები ხაზს უსვამენ, რომ კვლევა ჯერ კიდევ წინასწარ ეტაპზეა. ის მიანიშნებს კოფეინის პრევენციულ ეფექტზე — ჯერჯერობით არ არის ცნობილი, შეუძლია თუ არა მას უკვე არსებული დეპრესიის შემსუბუქება. თუმცა აღმოჩენები აძლიერებს მოსაზრებას, რომ საჭიროა დამატებითი კვლევა კვებას, ნაწლავის მიკრობიოტასა და მენტალურ ჯანმრთელობას შორის კავშირის გასარკვევად.
რუსეთის შეჭრის შემდეგ პირველად, უკრაინულმა მწარმოებელმა სატვირთო თვითმფრინავი An-124 გერმანიაში გადაიყვანა
უკრაინულმა კომპანიამ „Antonov“-მა 17 ივლისს განაცხადა, რომ განახლებული სატვირთო თვითმფრინავი An-124 „რუსლანი“ გასულ კვირას უკრაინიდან გერმანიაში გადაიყვანეს, რაც იშვიათი შემთხვევაა ომის პირობებში. „თვითმფრინავის გადატანა არ არის მხოლოდ ტექნიკური მიღწევა - ის სიმბოლურად გამოხატავს უკრაინელი ავიამშენებლების მდგრადობას, პროფესიონალიზმს და ერთიანობას,“ - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში. განახლებული თვითმფრინავი ახლა საერთაშორისო ოპერაციებს მოემსახურება. კომპანიამ ასევე დაადასტურა, რომ მისი ამჟამინდელი ფლოტი გადაყვანილია უსაფრთხო ადგილებში, შიდა უსაფრთხოების პროტოკოლების შესაბამისად. თვითმფრინავი კიევიდან 11 ივლისს გაფრინდა — ეს იყო მისი პირველი ფრენა მას შემდეგ, რაც უკრაინული ცა 2022 წლის თებერვალში, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, უსაფრთხოების მიზნით დაიხურა. Antonov-ის კიდევ ერთი თვითმფრინავი, მსოფლიოში ყველაზე დიდი სატვირთო თვითმფრინავი, An-225 Mriya a, რუსული საჰაერო დარტყმის დროს, კიევის მახლობლად განადგურდა.
პოლონეთმა უნგრეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დონე შეამცირა
პოლონეთი ამცირებს დიპლომატიური ურთიერთობების დონეს უნგრეთთან, რადგან ვარშავასა და ბუდაპეშტს შორის „ბევრი პრობლემა“ არსებობს, – განაცხადეს პოლონური მხარის წარმომადგენლებმა. მათივე თქმით, პირველი და უმთავრესი მიზეზი ამ ნაბიჯის მიღებისა იყო პოლონეთის ყოფილი ვიცე-მართლის მინისტრის, მარჩინ რომანოვსკისათვის უნგრეთის მიერ პოლიტიკური თავშესაფრის მინიჭება. 15 ივლისს პოლონეთმა უნგრეთიდან თავისი ელჩი გაიწვია და მის ნაცვლად ბუდაპეშტში მხოლოდ დროებითი წარმომადგენელი (chargé d'affaires) დატოვა. ეს ოფიციალურად ნიშნავს დიპლომატიური ურთიერთობების დონის შემცირებას. დაპირისპირება უკავშირდება უნგრეთის მიერ პოლიტიკური თავშესაფრის მიცემას მარჩინ რომანოვსკისთვის — პოლონეთის ყოფილი ვიცე-მართლის მინისტრისთვის, რომელსაც 11 სხვადასხვა ბრალდება ედება, მათ შორის ორგანიზებულ დანაშაულში მონაწილეობა და ბიუჯეტის თანხების უკანონო გამოყენება. პოლონეთმა ეს ნაბიჯი შეაფასა როგორც „მტრული აქტი“, რომელიც არღვევს ევროკავშირის წევრებს შორის თანამშრომლობის პრინციპებს. უნგრეთმა თავის მხრივ განაცხადა, რომ მაინც სურთ პოლონეთთან ისტორიული მეგობრობის შენარჩუნება. პოლონეთსა და უნგრეთს შორის დაძაბულობა გრძელდება 2022 წლიდან, როცა რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. პოლონეთი მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინას და ევროკავშირის ღირებულებებს. უნგრეთის პრემიერი ვიქტორ ორბანი კი, ხშირად პრორუსულ პოზიციებს იკავებს.
ფიცოს თქმით, სლოვაკეთი რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-18 პაკეტს აღარ დაბლოკავს
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა ფიცომ ოფიციალურად დაადასტურა, რომ 18 ივლისს „მწვანე შუქს“ აუნთებს რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-18 პაკეტს. რობერტ ფიცომ აღნიშნა, რომ სლოვაკეთი აღარ დაბლოკავს სანქციების მე-18 პაკეტს. ფიცომ განაცხადა, რომ სლოვაკეთმა ამ ეტაპზე მიაღწია ყველაფერს, რაც შეეძლო. „ამ ეტაპზე კონტრპროდუქტიული იქნება ხვალ, სანქციების მე-18 პაკეტის ბლოკირების გაგრძელება,” – განაცხადა ფიცომ.
უზბეკეთმა, ავღანეთმა და პაკისტანმა ტრანსავღანური რკინიგზის პროექტზე შეთანხმებას მოაწერეს ხელი
ქაბულში, ავღანეთის, უზბეკეთისა და პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის პირველი შეხვედრა გაიმართა. გაფორმდა სამთავრობათაშორისი ჩარჩო შეთანხმება უზბეკეთ-ავღანეთ-პაკისტანის ტრანსავღანური რკინიგზის პროექტისთვის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების (Feasibility Study, FS) შემუშავების თაობაზე, იტყობინება Trend. „დღევანდელი პირველი სამმხრივი შეხვედრა უზბეკეთის, ავღანეთისა და პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის ისტორიულ წინგადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს ურთიერთნდობის გაღრმავების, კეთილმეზობლური ურთიერთობებისა და რეგიონული თანამშრომლობისკენ. ავღანეთის, უზბეკეთისა და პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ხელი მოაწერეს სამმხრივ ჩარჩო შეთანხმებას უზბეკეთ-ავღანეთ-პაკისტანის ტრანსავღანური რკინიგზის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების შესამუშავებლად — პროექტისთვის, რომელიც სტრატეგიულ მნიშვნელობას ატარებს მთელი ევრაზიისთვის. აღნიშნული დერეფანი ხელს შეუწყობს ვაჭრობის გაძლიერებას, ავღანეთის ეკონომიკურ აღდგენას და მისცემს მას წვდომას გლობალურ ბაზრებზე სამხრეთული პორტების მეშვეობით. უზბეკეთმა კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი ერთგულება ვაჭრობის გაძლიერების, სოფლის მეურნეობაში, ფარმაცევტიკაში, ტექსტილსა და სამშენებლო სექტორებში თანამშრომლობის გაფართოებისა და ტერმეზის საერთაშორისო სავაჭრო ცენტრის გამოყენების გაზრდის მიმართ,“ – აღნიშნა საიდოვმა.
ასტრონომებმა ვარსკვლავის გარშემო პლანეტარული სისტემის დაბადება პირველად დააფიქსირეს
ასტრონომთა საერთაშორისო ჯგუფი, ვარსკვლავების გარშემო პლანეტარული სისტემის დაბადების მოწმე გახდა — მომავალში ის შეიძლება, ჩვენს მზის სისტემას დაემსგავსოს. „პირველად ჩვენ დავაფიქსირეთ ის ყველაზე ადრეული მომენტი, როცა პლანეტების ფორმირება ვარსკვლავის გარშემო იწყება — მზის გარდა სხვა ვარსკვლავის გარშემო,“ — აცხადებს მელისა მაკლური, ნიდერლანდების ლაიდენის უნივერსიტეტის მკვლევარი და ჯგუფის ხელმძღვანელი. მეცნიერებმა პლანეტარული სისტემის დაბადების მომენტი ზუსტად განსაზღვრეს — მაშინ, როდესაც მატერიის ნაწილაკებმა ახალგაზრდა ვარსკვლავ HOPS-315-ის გარშემო ფორმირება დაიწყეს. ვარსკვლავი დედამიწიდან დაახლოებით 1,300 სინათლის წლითაა დაშორებული, და სწორედ ამ მატერიიდან უნდა ჩამოყალიბდეს მომავალში პლანეტები. ამ მნიშვნელოვანი აღმოჩენის გაკეთება შესაძლებელი გახდა ჩილეს ჩრდილოეთ ნაწილში, უდაბნოში მდებარე ALMA-ის რადიოტელესკოპების ქსელის (66 ტელესკოპი) მონაცემებისა და ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის დაკვირვებების შედეგად.
„მტკიცე სული 2025“ საქართველოსა და თურქეთში ჩატარდება
25 ივლისიდან 6 აგვისტოს ჩათვლით საქართველოში მრავალეროვნული საერთაშორისო სწავლება „მტკიცე სული 2025“ (Agile Spirit 2025) გაიმართება. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, Agile Spirit 2025 მიზნად ისახავს მონაწილე ქვეყნების თავდაცვის ძალებს შორის მზადყოფნის დონის ამაღლებას, ურთიერთთავსებადობისა და ოპერატიული შესაძლებლობების გაძლიერებას. სწავლების მთავარი შემადგენელი კომპონენტებია სამეთაურო-საშტაბო ნაწილი, ქართულ-ამერიკული ტაქტიკური კონვოი სენაკი-ვაზიანის საავტომობილო გზის მონაკვეთზე, კომბინირებული სწავლება საბრძოლო სროლებით, სპეციალური ოპერაციების ძალების ერთობლივი აქტივობები და საქართველოს თავდაცვის ძალების საბრძოლო მომზადების ცენტრის (CTC) ვალიდაცია. Agile Spirit 2025 საქართველოსა და თურქეთში ჩატარდება. საქართველოში დაგეგმილ Agile Spirit 2025-ს ერთობლივად უხელმძღვანელებენ საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობა და აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდია. მასში საქართველოს, აშშ-ის, თურქეთის, პოლონეთის, გერმანიის, იტალიის, საბერძნეთის, მოლდოვის, რუმინეთის, ბულგარეთის, სლოვაკეთის, ლიეტუვის და უკრაინის სამხედრო მოსამსახურეები მიიღებენ მონაწილეობას. სწავლებაში დამკვირვებლებად იქნებიან წარმოდგენილნი სომხეთისა და იაპონიის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები. „Agile Spirit 2025 რამდენიმე ლოკაციაზე ჩატარდება, კერძოდ: კრწანისში, NATO-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში, ვაზიანში - საბრძოლო მომზადების ცენტრსა და ვაზიანის პოლიგონებზე, ნორიოს საწვრთნელ არეალში, მუხროვანსა და სენაკში - მე-2 ქვეით ბრიგადაში. სწავლებაში წარმოდგენილი იქნება საქართველოს თავდაცვის ძალების შეიარაღებაში არსებული ჯავშანტექნიკა და საჰაერო საშუალებები. სწავლებაში მონაწილეობისთვის საქართველოში მოზიდულია აშშ-ის არმიის საბრძოლო მანქანები და მრავალფუნქციური ვერტმფრენები UH60 „შავი ქორი“, ასევე, თურქეთის რესპუბლიკის შეიარაღებულ ძალებში არსებული შვეულმფრენი პუმა AS332. სწავლების აღსრულება დაიწყება 21 ივლისს ამერიკულ-თურქული ერთობლივი საჰაერო სადესანტო ოპერაციით თურქეთში, ადანის პროვინციასთან ახლოს,“ ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. სწავლებას საქართველო მეთორმეტედ უმასპინძლებს.
რას მოიცავს რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-18 პაკეტი
ევროკავშირმა რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების ახალი, მე-18 პაკეტი მიიღო. მანამდე, 17 ივლისს სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ განაცხადა, რომ მე-18 პაკეტს ვეტოს აღარ დაადებდნენ. ევროკავშირის ინფორმაციით, დღევანდელი პაკეტით, ევროკავშირი რუსეთის ენერგეტიკული შემოსავლების შემცირებას სხვადასხვა ზომების მეშვეობით ახდენს. კერძოდ, ერთი ბარელი ნედლი ნავთობის ფასის ზედა ზღვარს 60 აშშ დოლარიდან 47.6 აშშ დოლარამდე ამცირებს. სანქციების მე-18 პაკეტი ეხება ჩინურ ბანკებსაც, რომლებიც რუსეთს ეხმარებიან უკვე არსებული სანქციებისთვის გვერდის ავლაში, დრონების წარმოებისთვის საჭირო ტექნოლოგიების ექსპორტის აკრძალვას და ასევე - რუსული კომპანია „როსნეფტის“ ქარხანას ინდოეთში. გადაწყვეტილების შესაახებ დღეს, 18 ივლისს ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასმა გამოაცხადა. მან სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა, რომ ეს არის რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი პაკეტი. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის თქმით, სანქციები შეეხება რუსეთის ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის კიდევ 105 გემს, დაფინანსებისადმი რუსული ბანკების წვდომის მეტად შეზღუდვას, გაზსადენების, „ჩრდილოეთის ნაკადების“ გამოყენების შემდგომ აკრძალვას და რუსული ნავთობის ფასის ზედა ზღვარის შემცირებას. „მივესალმები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-18 პაკეტზე შეთანხმებას. ჩვენ ვურტყამთ რუსეთის საომარი მანქანის გულს,“ - დაწერა თავის მხრივ, ურსულა ფონ დერ ლაიენმა X-ზე რას მოიცავს სანქციები - დეტალურად სასანქციო სია მოიცავს 14 ფიზიკურ და 41 იურიდიულ პირს. „დღევანდელი პაკეტი მოიცავს ეკონომიკურ და ინდივიდუალურ ზომებს, რომლებიც მიზნად ისახავს რუსეთზე ზეწოლის გაზრდას და უკრაინისთვის სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მიღწევას. საბჭო შეთანხმდა სიაზე, რომელიც შედგება 55 პირისგან - 14 ფიზიკური და 41 იურიდიული პირისგან - რომლებიც პასუხისმგებლები არიან უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის საფრთხის შემცველი ან ძირის გამომთხრელი ქმედებებისთვის“, - აღნიშნულია ევროპული საბჭოს პრესრელიზში. ევროკავშირი ასევე დამატებით სანქციებს უწესებს რუსეთის ჩრდილოვან ფლოტს. კერძოდ, კიდევ 105 გემს პორტში შესვლა და საზღვაო ტრანსპორტთან დაკავშირებული ფართო სპექტრის მომსახურების მიწოდება ეკრძალება, რაც სიაში შემავალი გემების საერთო რაოდენობას 444-მდე ზრდის. „ეს ზომა მიმართულია ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების ტანკერების მიმართ, რომლებიც ვლადიმერ პუტინის ჩრდილოვანი ფლოტის ნაწილია და გვერდს უვლიან ნავთობის ფასების ზედა ზღვარს, რომლებიც მხარს უჭერენ რუსეთის ენერგეტიკულ სექტორს ან გადააქვთ სამხედრო აღჭურვილობა რუსეთისთვის ან მოპარული უკრაინული მარცვლეული“, - აღნიშნულია ინფორმაციაში. გარდა ამისა, ევროკავშირი აწესებს აკრძალვას რუსული ნედლი ნავთობისგან დამზადებული და ნებისმიერი მესამე ქვეყნიდან შეტანილი რაფინირებული ნავთობპროდუქტების იმპორტზე - კანადის, ნორვეგიის, შვეიცარიის, გაერთიანებული სამეფოსა და აშშ-ის გარდა რითაც ხელს უშლის რუსული ნედლი ნავთობის ევროკავშირის ბაზარზე „უკანა კარიდან“ მოხვედრას. „ევროკავშირი ასევე აწესებს სრულ ტრანზაქციულ აკრძალვას „ჩრდილოეთის ნაკადი 1“-სა და „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ზე, მათ შორის საქონლის ან მომსახურების მიწოდებაზე, რითაც ხელს უშლის „ჩრდილოეთის ნაკადი 1“-სა და „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მილსადენების დასრულებას, მოვლა-პატრონობას, ექსპლუატაციას და მომავალში მათ გამოყენებას. საბჭომ გადაწყვიტა გააუქმოს რუსეთიდან ჩეხეთში ნავთობის იმპორტის გამონაკლისი,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში. ამასთან, ევროკავშირი ბლოკის ტერიტორიაზე დაფუძნებული სპეციალიზებული ფინანსური შეტყობინებების მომსახურების მიწოდების არსებულ აკრძალვას გარკვეული რუსული ბანკებისთვის სრულ ტრანზაქციულ აკრძალვამდე ამკაცრებს. აკრძალვა კიდევ 22 რუსულ ბანკს შეეხება, იმ 23 ბანკის გარდა, რომლებისთვისაც ეს აკრძალვა უკვე მოქმედებს. აკრძალვა წესდება რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდთან (RDIF) და მის ქვე-ფონდებთან და კომპანიებთან ნებისმიერი ტრანზაქციის განხორციელებაზე და საბჭომ შეიმუშავა ინსტრუმენტი, რათა გაავრცელოს ასეთი აკრძალვა გარკვეულ კომპანიებზე, რომლებშიც RDIF-მა ინვესტიცია განახორციელა და იმ სუბიექტებზე, რომლებიც თავად RDIF-ს აწვდიან საინვესტიციო მომსახურებას ან სხვა ფინანსურ მომსახურებას. გარდა ამისა, ევროკავშირი შეთანხმდა 2.5 მილიარდ ევროზე მეტი ღირებულების ექსპორტზე შემდგომი აკრძალვების დაწესებაზე. იმ პროდუქტების სიაში, რომელსაც რუსეთის თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის ტექნოლოგიურ გაუმჯობესებაში წვლილი შეაქვს შევა რუსეთის სამხედრო სისტემების შემუშავებისა და წარმოების ისეთი პროდუქტები, როგორიცაა კომპიუტერული რიცხვითი კონტროლის (CNC) მანქანები და საწვავის შემადგენელი ქიმიკატები. გარდა ამისა, რუსეთის ტერიტორიის გავლით არსებული ტრანზიტის აკრძალვა გაფართოვდა და მოიცავს მშენებლობისა და ტრანსპორტირებისთვის გამოყენებული ეკონომიკურად კრიტიკულად მნიშვნელოვან საქონელს. საბჭო სანქციებს უწესებს კიდევ ერთ პირს, რომელიც აქტიურად არის ჩართული რუსეთის მხრიდან უკრაინელი ბავშვების „სამხედრო განათლებაში“. პრესრელიზში აღნიშნულია, რომ ამით უკრაინელი ბავშვების დეპორტაციასა და ინდოქტრინაციასთან დაკავშირებული სიების საერთო რაოდენობა 90-ს გადააჭარბებს.
ლაიენი: ზეწოლა გაგრძელდება, ვიდრე პუტინი ომს არ დაასრულებს
ევროკომისიის პრეზიდენტი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-18 პაკეტზე შეთანხმებას მიესალმა. ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, რუსეთზე ზეწოლა იქამდე გაგრძელდება, ვიდრე ვლადიმერ პუტინი უკრაინაში ომს არ დაასრულებს. „მივესალმები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-18 პაკეტზე შეთანხმებას. ჩვენ ვურტყამთ რუსეთის საომარი მანქანის გულს. მიზანში ვიღებთ მის საბანკო, ენერგეტიკულ და სამხედრო-სამრეწველო სექტორებს და ნავთობის ფასების ახალ დინამიკურ ზედა ზღვარს. ზეწოლა გაგრძელდება, ვიდრე პუტინი ამ ომს არ დაასრულებს,“ – დაწერა ურსულა ფონ დერ ლაიენმა. რას მოიცავს რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-18 პაკეტი
თურქეთი საბურღი გემების რაოდენობას ზრდის
პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთის ღრმაწყლოვანი საბურღი გემების რაოდენობა ოთხიდან ექვსამდე გაიზრდება. ანკარაში, მინისტრთა კაბინეტის სხდომის შემდეგ, ერდოღანმა გაიხსენა, რომ 2020 წელს თურქეთმა შავ ზღვაში ბუნებრივი აირის ყველაზე დიდი საბადო აღმოაჩინა. მისი თქმით, საქარიას გაზის საბადოზე პირველი ეტაპი დასრულებულია, სადაც 12 ჭაბურღილიდან ყოველდღიურად მოპოვება 9.5 მილიონ კუბურ მეტრს შეადგენს. გაზს ამ ეტაპზე ოთხი მილიონი თურქული ოჯახი მოიხმარს. ერდოღანმა ასევე აღნიშნა, რომ ქვეყნის საერთო ნავთობის ყოველდღიური მოპოვება — როგორც შიდა, ისე საგარეო წყაროებიდან — 170,000 ბარელს აღწევს. „მუშაობას გავაგრძელებთ და ახალ ინვესტიციებს დავამატებთ, ვიდრე ენერგეტიკაში სრულად დამოუკიდებელ თურქეთს არ მივაღწევთ,“ — განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა. ერდოღანმა აღნიშნა, რომ ახალი გემების დამატებით, მსოფლიოში ღრმაწყლოვანი ფლოტის მიმართულებით, თურქეთი მე-4 ადგილზე გადავა.
აშშ-უკრაინის ერთობლივი საინვესტიციო ფონდის მმართველი კომპანიის შერჩევა დაიწყო
აშშ იწყებს აშშ-უკრაინის საინვესტიციო ფონდის მმართველი კომპანიის შერჩევას — ფონდი კრიტიკული რესურსებისა და თავდაცვითი პროექტების განვითარებას დააფინანსებს. ამის შესახებ უკრაინის ეკონომიკის სამინისტრო იუწყება. ეს ნაბიჯი ნაწილია რიტიკული მინერალების შესახებ შეთანხმების, რომელსაც აშშ-მა და უკრაინამ ხელი 30 აპრილს მოაწერეს. ფონდის მმართველი კომპანიის საბოლოო შერჩევა ერთხმად გადაწყდება — პირველი საინვესტიციო პროექტები 2025 წლის ბოლოსკენ იგეგმება. აშშ-უკრაინის ერთობლივი საინვესტიციო ფონდის მმართველ კომპანიას საბოლოოდ სამეთვალყურეო საბჭო შეარჩევს. საბჭოში შედის ექვსი წარმომადგენელი — სამი უკრაინიდან და სამი აშშ-დან. მმართველის შერჩევის ტექნიკური პროცესი მიმდინარეობს ფონდის პირველი საინვესტიციო პროექტებისთვის მზადებასთან პარალელურად. ინტერესი გამოაცხადეს რამდენიმე კანდიდატმა, ხოლო განაცხადების წარდგენის ვადა 27 ივლისს იწურება. 13 მაისს, ფონდმა ფორმალურად დაიწყო ფუნქციონირება მას შემდეგ, რაც მხარეებმა ორი კომერციული შეთანხმება გააფორმეს. ფონდი შექმნილია აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის (DFC) და უკრაინის საჯარო-კერძო პარტნიორობის სააგენტოს შორის პარტნიორობის საფუძველზე. მიუხედავად იმისა, რომ კომერციული ხელშეკრულებების შინაარსი ჯერ კიდევ კონფიდენციალურია, მხარეები თანდათან ამჟღავნებენ მათ ძირითად პირობებს. ფონდის საწყისი კაპიტალი ჩამოყალიბდება შემდეგი წყაროებიდან: უკრაინის მიერ გაცემულ ახალ საბადოებზე ლიცენზიებიდან მიღებული საკონცესიო მოსაკრებლების 50% აშშ-ის მხრიდან პირდაპირი ფინანსური წვლილი უკრაინის სტარტაპ-კაპიტალი გარდა ამისა, ამჟამინდელი ამერიკული სამხედრო დახმარება კლასიფიცირებულია როგორც აშშ-ის პირობითი წვლილი ამ ფონდში.
ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-19 პაკეტზე მუშაობას იწყებს
ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ მომდევნო სასანქციო ზომების მომზადებაზე უკვე მუშაობს. კერძოდ, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცაჰკნამ განაცხადა, რომ ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ მე-18 სანქციების პაკეტის მიღების შემდეგ, უკვე დაიწყო მუშაობა მომდევნო, მე-19 პაკეტზე. რას მოიცავს რუსეთის წინა
ეროვნული ბანკის განცხადებით, ჩინური CIPS დამატებითი საშუალებაა და არა SWIFT - ის ალტერნატივა
ეროვნული ბანკის განცხადებით, ჩინეთის ტრანსსასაზღვრო ბანკთაშორისი გადახდების სისტემა არ წარმოადგენს SWIFT - ის ალტერნატივას. სებ-ის განცხადებით, ხსენებული სისტემა განიხილება როგორც გადახდების დამატებითი საშუალება, რეგიონული დივერსიფიკაციის მექანიზმი და არა SWIFT-ის ჩამნაცვლებელი სისტემა. „ჩინეთის ტრანსსასაზღვრო ბანკთაშორისი გადახდების სისტემასთან (CIPS) თანამშრომლობა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, რადგან ახალ შესაძლებლობებს ქმნის სისტემაში ჩართული ბანკებისთვის, გააუმჯობესონ გადარიცხვების ეფექტიანობა საქართველოსა და ჩინეთს შორის ვაჭრობით დაკავებული კომპანიებისთვის. კერძოდ, CIPS სისტემით შესაძლებელია შუამავალი ფინანსური ინსტიტუტების გარეშე პირდაპირი ტრანზაქციები იუანით, რაც ამცირებს ხარჯებს გადახდის განხორციელების დროს. ეს იქნება დამატებითი არხი, რომ ქართული და ჩინური ბანკების ურთიერთგადარიცხვები იუანით გახდეს უფრო გამჭვირვალე, პირდაპირი და ხარჯთეფექტური, ხოლო თავად გადახდების პროცესი კიდევ უფრო მდგრადი და საიმედო. აქვე აღსანიშნავია, რომ ეს იქნება დამატებითი ფაქტორი ქვეყნის ეკონომიკური გაძლიერებისთვის იმის გათვალისწინებით, რომ ჩინეთი საქართველოს ერთ-ერთი მსხვილი სავაჭრო პარტნიორია. რაც შეეხება ამ თემასთან დაკავშირებით გავრცელებულ სპეკულაციურ განცხადებებს, რომ CIPS - ი თითქოსდა SWIFT - ის ალტერნატივაა და მას ჩაანაცვლებს, ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ იგი არ წარმოადგენს SWIFT - ის ალტერნატივას. აღსანიშნავია, რომ 2025 წლის ივნისის მონაცემებით, CIPS - ის ქსელში ჩართულია 189 ქვეყნის 4 900 - ზე მეტი ფინანსური ინსტიტუტი. მათ შორის, ევროპის - 261, ჩრდილოეთ ამერიკის - 34, სამხრეთ ამერიკის - 34, ავსტრალია/ოკეანეთის - 22 საბანკო დაწესებულება, რომელთა უმრავლესობაც ერთდროულად სარგებლობს SWIFT-ით და CIPS-ით ისევე როგორც შესაძლოა სხვა რეგიონალური საგადახდო სისტემებით. CIPS - ი ძირითადად ჩინური იუანით გადარიცხვებზეა ორიენტირებული, ხოლო SWIFT - ი მრავალ ვალუტას მოიცავს. შესაბამისად, CIPS - ს განვიხილავთ მხოლოდ როგორც გადახდების დამატებით საშუალებას, რეგიონალური დივერსიფიკაციის მექანიზმს და არა - SWIFT-ის ჩამნაცვლებელ სისტემას. აქედან გამომდინარე, ნებისმიერი მოსაზრება, რომელიც უკავშირდება SWIFT - ის რომელიმე სისტემით, მათ შორის CIPS-ით ჩანაცვლებას, სრული დეზინფორმაციაა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის SWIFT - თან ურთიერთობას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს და ეს ურთიერთობა ბოლო პერიოდში უფრო და უფრო ღრმავდება. საქართველოს ეროვნული ბანკი ზედამხედველობს SWIFT - ის ახალი ფორმატის - ISO 20022 დანერგვას ქართულ საბანკო სისტემაში, ხელმძღვანელობს SWIFT - ის ეროვნული ჯგუფს საქართველოში და აქტიურად მონაწილეობს SWIFT - ის ახალი პროდუქტებისა და ფუნქციონალობის საპილოტე პროგრამებში. ეს პარტნიორობა ათწლეულებს მოიაცავს და მომავალშიც უცვლელად გაგრძელდება, რაც უზრუნველყოფს ქვეყნის მაღალი ხარისხის ინტეგრირებულობას გლობალურ საფინანსო ინფრასტრუქტურასთან,“ - ნათქვამია ინფორმაციაში. ცნობისთვის, ევროპარლამენტის რეზოლუციით ევროკავშირს მოუწოდებენ, განიხილონ შემდგომი შემზღუდავი ზომები, როგორიცაა SWIFT-იდან გათიშვა.
აღმოსავლეთ საქართველოში ტემპერატურამ შესაძლებელია, 38-40 გრადუსს მიაღწიოს - პროგნოზი
21-23 ივლისს, აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მომატება, ბარში ჰაერის ტემპერატურამ შესაძლებელია 38-40, მთაში კი, 34-36 გრადუსს მიაღწიოს. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ჰაერის მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურა სითბური სტრესისა და ტყის ხანძრების რისკის ხელშემწყობ პირობას წარმოადგენს.