ძებნის რეზულტატი:
აშშ დამასკოში მდებარე ავიაბაზაზე სამხედრო ძალების განლაგებას გეგმავს - Reuters
Reuters-ის ინფორმაციით, აშშ დამასკოში მდებარე ავიაბაზაზე სამხედრო ძალების განლაგებას გეგმავს. გამოცემის ინფორმაციით, ამერიკელი სამხედროების სირიის დედაქალაქში მდებარე საჰაერო ბაზაზე განლაგება, დამასკოსა და ისრაელს შორის პოტენციური უსაფრთხოების ხელშეკრულების გაფორმებას ხელს შეუწყობს. წყაროების ცნობით, ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის მოხდება ამერიკელი სამხედროების დამასკოში გაგზავნა, თუმცა ტექნიკურ საკითხებზე მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს. ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ორშაბათს თეთრ სახლში მიიღებს სირიის პრეზიდენტ აჰმედ ალ-შარაას. ტრამპი გახდა აშშ-ის პირველი პრეზიდენტი 25 წლის განმავლობაში, რომელიც სირიის ლიდერს შეხვდა. აშშ-ის და სირიის პრეზიდენტების შეხვედრა მაისში, საუდის არაბეთში გაიმართა. ტრამპმა ალ-შარაას ისრაელთან ურთიერთობების ნორმალიზებისკენ მოუწოდა. ივნისის ბოლოს ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომლითაც გააუქმა სირიის წინააღმდეგ ამერიკული სანქციების უმეტესობა, რამაც დემოკრატების იშვიათი მოწონება დაიმსახურა.
ერდოღანი: „დიდი მწუხარებით შევიტყვეთ, რომ ჩვენი სამხედრო თვითმფრინავი საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე ჩამოვარდა“
„დიდი მწუხარებით შევიტყვეთ, რომ ჩვენი C130 სამხედრო თვითმფრინავი საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე ჩამოვარდა, ნამსხვრევებამდე მიღწევის ჩვენი მცდელობები ეროვნულ ხელისუფლებასთან კოორდინაციაში გრძელდება,“ - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა. “დღეს დიდი მწუხარებით შევიტყვეთ, რომ ჩვენი C130 სამხედრო თვითმფრინავი, რომელიც აზერბაიჯანიდან ჩვენს ქვეყანაში მოემართებოდა, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე ჩამოვარდა. ნამსხვრევებამდე მიღწევის ჩვენი მცდელობები ეროვნულ ხელისუფლებასთან კოორდინაციაში გრძელდება. ღვთის ნებით, ამ კატასტროფას მინიმალური დანაკარგებით გადავიტანთ. ღმერთმა შეინდოს ჩვენი დაღუპულები და მათთან ერთად ვართ ლოცვებში,” - განაცხადა ერდოღანმა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან დაახლოებით 5 კილომეტრში, ჩამოვარდა თურქული სამხედრო თვითმფრინავი, რომელიც პირველადი ინფორმაციით, ასრულებდა რეისს აზერბაიჯანი-თურქეთის მიმართულებით. ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც საჰაერო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. მედიის ცნობით, საქართველოს საზღვართან ჩამოვარდნილი თურქული სამხედრო თვითმფრინავის ბორტზე 20 ადამიანი იმყოფებოდა. ამის შესახებ აზერბაიჯანული გამოცემა APA-ს თურქული ბიურო, თურქეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან დაახლოებით 5 კილომეტრში, ჩამოვარდა თურქული სამხედრო თვითმფრინავი, რომელიც პირველადი ინფორმაციით, ასრულებდა რეისს აზერბაიჯანი-თურქეთის მიმართულებით. ილჰამ ალიევმა თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს სამძიმარი გამოუცხადა. ერდოღანმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს მადლობა უთხრა სატელეფონო ზარისთვის და გამოთქმული მწუხარებისთვის. „სატელეფონო საუბრის დროს აღინიშნა რომ აზერბაიჯანისა და თურქეთის შესაბამისი სახელმწიფო ორგანოები კონტაქტში იმყოფებიან ინციდენტთან დაკავშირებით”, - ნათქვამია განცხადებაში. ასევე, აზერბაიჯანული მხარის ინფორმაციით, თურქული სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის თაობაზე ალი ასადოვი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს ესაუბრა და დახმარება შესთავაზა საძიებო-სამაშველო ოპერაციებისთვის.
სიღნაღის მუნიციპალიტეტში თურქეთის სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა
სიღნაღის მუნიციპალიტეტში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან დაახლოებით 5 კილომეტრში, ჩამოვარდა თურქეთის სამხედრო თვითმფრინავი, რომელიც პირველადი ინფორმაციით, ასრულებდა რეისს აზერბაიჯანი-თურქეთის მიმართულებით. ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც საჰაერო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. ამ ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ამასთან, განცხადება გაავრცელა „საქაერონავიგაციამაც“, რომელშიც აღნიშნულია, რომ თურქეთის „C-130“ ტიპის საჰაერო ხომალდი რადარებიდან საქართველოს ტერიტორიის გადმოკვეთიდან რამდენიმე წუთის შემდეგ, განგაშის სიგნალის გადმოცემის გარეშე გაქრა, რის შემდეგადაც, ძებნა-შველის სამუშაო დაიწყო. თურქეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ჩამოვარდნილი თურქული თვითმფრინავის ბორტზე 20 სამხედრო იმყოფებოდა. ერდოღანი: „დიდი მწუხარებით შევიტყვეთ, რომ ჩვენი სამხედრო თვითმფრინავი საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე ჩამოვარდა“
რა ტიპის არის თურქეთის შეიარაღებული ძალების თვითმფრინავი, რომელიც სიღნაღის მუნიციპალიტეტში ჩამოვარდა
11 ნოემბერს, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან დაახლოებით 5 კილომეტრში, ჩამოვარდა თურქეთის სამხედრო თვითმფრინავი, რომელიც პირველადი ინფორმაციით, ასრულებდა რეისს აზერბაიჯანი-თურქეთის მიმართულებით. ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც საჰაერო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. Lockheed C-130 Hercules-ს, რომელსაც თურქეთის საჰაერო ძალები 1963 წლიდან იყენებს, აქტიურად გამოიყენება 60-ზე მეტ ქვეყანაში. რა მახასიათებლები აქვს C130 სამხედრო-სატვირთო თვითმფრინავს? რამდენი მგზავრის გადაყვანა შეუძლია, რა დიაპაზონისაა, რა სიჩქარის და რომელ ქვეყანას ეკუთვნის? ამ საკითხზე მოამზადა სტატია თურქულმა მედია, რომლის მიხედვითაც, ხსენებული თვითმფრინავი შექმნილია სამხედრო ტვირთის, ჯარისკაცების და საევაკუაციო პერსონალის გადასაყვანად და შეერთებულ შტატებში 1956 წელს შევიდა ექსპლუატაციაში. Lockheed C-130 Hercules არის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი ოთხი ტურბოპროპელერიანი ძრავით, რომელიც შექმნილი და წარმოებულია ამერიკული Lockheed Martin-ის მიერ. ის მალევე გამოიყენა მრავალმა ქვეყანამ, განსაკუთრებით - ავსტრალიამ. თავისი ექსპლუატაციის განმავლობაში, Hercules-ი მონაწილეობდა მრავალ სამხედრო, სამოქალაქო თუ ჰუმანიტარული დახმარების ოპერაციაში. 2007 წელს ის გახდა მეხუთე თვითმფრინავი, რომელიც თავის თავდაპირველ მომხმარებელს, აშშ-ის საჰაერო ძალებს, 50 წლის განმავლობაში უწყვეტად ემსახურებოდა. 2024 წლის მონაცემებით, მისი წარმოების 70 წელი შესრულდა, რაც მას უწყვეტი წარმოების ყველაზე ხანგრძლივ სამხედრო თვითმფრინავად აქცევს. 1954 წლიდან სულ წარმოებულია 2500-ზე მეტი თვითმფრინავი და მას 60-ზე მეტი ქვეყანა, მათ შორის, აშშ, კანადა და ავსტრალია აქტიურად იყენებენ. თურქეთის საჰაერო ძალები 1963 წლიდან იყენებს ამ თვითმფრინავს, რომელსაც სრულად აღჭურვილი 74 ჯარისკაცის გადაყვანა შეუძლია. ფრენის დიაპაზონი 2,000 კმ-ია. მაქსიმალური სიჩქარე: 620 კმ/სთ. ტევადობა: 92 მგზავრი/72 სრულად აღჭურვილი ჯარისკაცი/ 64 მედესანტე.
თურქეთი საქართველოში, სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილას საძიებო-სამაშველო ჯგუფსა და დრონს აგზავნის
სამხედრო სატვირთო თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილას თურქეთი საძიებო-სამაშველო ჯგუფსა და დრონს აგზავნის. ინფორმაციას აზერბაიჯანული გამოცემა APA-ს თურქული ბიურო ავრცელებს. მედია წერს, რომ საქართველოში თურქეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს (AFAD) საძიებო-სამაშველო ჯგუფი მიემართება. ვინაიდან, თვითმფრინავი მთიან რეგიონში ჩამოვარდა, საქართველოში განსაკუთრებული ტიპის სამაშველო ჯგუფი მიემართება. ამავე ინფორმაციით, თურქეთმა საძიებო-სამაშველო სამუშაოში დასახმარებლად, Akıncı-ს დრონი გამოუშვა, რომელიც საძიებო სამუშაოს რამდენიმე საათში შეუერთდება. სიღნაღის მუნიციპალიტეტში თურქული სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა
თურქეთის თვითმფრინავს, რომელიც საქართველოში ჩამოვარდა, F-16-ების სათადარიგო ნაწილები გადაჰქონდა - მედია
თურქეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს განცხადების თანახმად, თურქეთის სამძებრო-სამაშველო და ავარიების გამოძიების ჯგუფმა, ადგილობრივ ხელისუფლებასთან კოორდინაციით დაიწყო საქართველოში ჩამოვარდნილი სამხედრო-სატვირთო თვითმფრინავის ნარჩენების შესწავლა. კატასტროფის შედეგად, თურქეთის საჰაერო ძალების C-130 ტიპის სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავის ეკიპაჟის ყველა წევრი დაიღუპა. ნარჩენები ქოლაგირის მონასტრის მახლობლად იყო მიმოფანტული და პირველად ადგილობრივმა მცხოვრებლებმა აღმოაჩინეს. გარდა ამისა, საქართველოში აღძრულია სისხლის სამართლის საქმე ავიაციის უსაფრთხოების შესაძლო დარღვევებთან დაკავშირებით. გამოძიება კოორდინირებული წესით, თურქეთისა და აზერბაიჯანის პირდაპირი მხარდაჭერით მიმდინარეობს. თურქეთის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავში C-130, რომელიც აზერბაიჯანიდან თურქეთში დაბრუნებისას საქართველოს ტერიტორიაზე ჩამოვარდა, ასაფეთქებელი ნივთიერებები ან ასაფეთქებელი მოწყობილობები არ ყოფილა. ამის შესახებ აზერბაიჯანული სააგენტო apa იუწყება. სააგენტოს მიერ ინფორმირებული წყაროსგან ექსკლუზიურად მოპოვებული ცნობებით, თვითმფრინავი დატვირთული იყო მხოლოდ გამანადგურებლების, F-16 სათადარიგო ნაწილებით და ბორტზე იმყოფებოდნენ სპეციალისტები, რომლებიც ამ გამანადგურებლებს ემსახურებოდნენ. თურქეთის არმიის F-16-ები 8 ნოემბერს ბაქოში მონაწილეობდნენ ყარაბაღისთვის ომში გამარჯვებისადმი მიძღვნილ სამხედრო აღლუმში, რომელსაც აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან ერთად დაესწრო თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანიც. სააგენტო apa ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ თურქეთის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი 10 ნოემბერს დაეშვა აზერბაიჯანის ქალაქ განჯის აეროპორტში, ეკიპაჟს აეროპორტის ტერიტორია არ დაუტოვებია, თურქეთში გაფრენამდე კი, უსაფრთხოების წესების დაცვით ჩატარდა შემოწმების პროცედურა, რაც აეროპორტის ვიდეოკამერებითაა დაფიქსირებული. სააგენტოს წყაროს ცნობით, თვითმფრინავის(მისი ბოლო კაპიტალური რემონტი 2020 წელს ჩატარდა) კატასტროფის მიზეზთა გამოძიება კონცენტრირებულია ორ შესაძლო ვერსიაზე - ხანგრძლივ ექსპლუატაციასთან დაკავშირებული ტექნიკური გაუმართაობა და კორპუსის შესაძლო კოროზია, რომელსაც მაღალი წნევის ზემოქმედებით შესაძლოა, კონსტრუქციის დაშლა მოჰყოლოდა და ტვირთის არასწორად დამაგრება, რასაც ტურბულენტობის ან მკვეთრი მანევრის დროს შესაძლოა, გამოეწვია ტვირთის გადაადგილება და სერიოზული შიდა დაზიანება. ცნობისთვის, 11 ნოემბერს სიღნაღის მუნიციპალიტეტში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან დაახლოებით 5 კილომეტრში, თურქეთის სამხედრო თვითმფრინავმა ავიაკატასტროფა განიცადა. თვითმფრინავი რეისს აზერბაიჯანი-თურქეთის მიმართულებით ასრულებდა. თურქეთის თავდაცვის უწყების ცნობით, ბორტზე 20 პირი იმყოფებოდა. მომხდარს გამოეხმაურა NATO-ს გენმდივანი. "ღრმა მწუხარებას ვუცხადებთ ჩვენს მოკავშირე თურქეთს და თურქეთის სამხედრო თვითმფრინავის ტრაგიკული ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულთა ახლობლებს. ჩვენ პატივს ვცემთ მათ სამსახურს და ღრმად მადლიერები ვართ ყველაფრისთვის, რასაც თურქეთის შეიარაღებული ძალები და ალიანსის ყველა, ჩვენს სამხედრო ფორმაში მყოფი კაცი და ქალი ყოველდღიურად აკეთებენ ჩვენი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად," - წერს მარკ რუტე X-ზე. დღეს, 12 ნოემბერს, თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების სახელები გამოაქვეყნა. The Associated Press-ი თურქეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებაზე დაყრდნობით წერს, რომ საქართველოში ჩამოვარდნილი სამხედრო სატვირთო თვითმფრინავის ბორტზე მყოფი 20-ვე პირი დაიღუპა. „ჩვენი გმირი თანამებრძოლები 2025 წლის 11 ნოემბერს დაიღუპნენ, როდესაც ჩვენი C-130 სამხედრო სატვირთო თვითმფრინავი, რომელიც აზერბაიჯანიდან აფრინდა და ჩვენი ქვეყნისკენ მოემართებოდა, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან ჩამოვარდა,“ - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა იაშარ გულერმა. ამასთან, თურქეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტრო დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების სახელებს და ფოტოებს ავრცელებს. რა ტიპის არის თურქეთის შეიარაღებული ძალების თვითმფრინავი, რომელიც სიღნაღის მუნიციპალიტეტში ჩამოვარდა
ტრამპმა თეთრ სახლში მიიღო სირიის პრეზიდენტი ალ-შარაა
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ორშაბათს, თეთრ სახლში მიიღო სირიის პრეზიდენტი აჰმედ ალ-შარაა. ის სირიის სახელმწიფოს პირველი ლიდერია, რომელიც თეთრ სახლს ოფიციალური ვიზიტით ესტუმრა. BBC-ის ცნობით, ტრამპის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა დაადასტურა, რომ სირია შეუერთდება საერთაშორისო კოალიციას „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ საბრძოლველად, რაც აშშ-ის საგარეო პოლიტიკის ცვლილებას აღნიშნავს ახლო აღმოსავლეთში. Fox News-თან ინტერვიუში ალ-შარაამ განაცხადა, რომ ვიზიტი „ახალი ეპოქის“ ნაწილია და მისი ქვეყანა აშშ-სთან ითანამშრომლებს. ტრამპმა მხარდაჭერა გამოუცხადა ალ-შარაას, რომელიც აშშ-ის მთავრობამ ადრე ტერორისტად გამოაცხადა. შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ ალ-შარაას, ბევრი სხვა ადამიანის მსგავსად, მძიმე წარსული ჰქონდა. შეერთებული შტატების პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ აჰმედ ალ-შარაამ ტელეკომპანია Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „ალ-ყაიდასთან“ მისი თანამშრომლობა წარსულია და დონალდ ტრამპთან ეს საკითხი არ განუხილავს. სირია ამიერიდან 90-ე ქვეყანა გახდება, რომელიც გლობალურ კოალიციას შეუერთდება ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ დარჩენილი ელემენტების განადგურებისა და ახლო აღმოსავლეთში უცხოელი მებრძოლების ნაკადის შეჩერების მიზნით. შეხვედრის შემდეგ, ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა ასევე დაადასტურა, რომ აშშ-ის ფინანსთა სამინისტრო, სახელმწიფო და ვაჭრობის დეპარტამენტებთან ერთად, გამოაცხადებს ახალ ზომებს სირიისთვის ეკონომიკური შეზღუდვების მოხსნისა და „ინვესტორებისთვის შესაბამისობის გარკვევის“ უზრუნველყოფის მიზნით. ამ ზომების ფარგლებში, ადმინისტრაცია ასევე 180 დღით აჩერებს „კეისრის აქტს“, რომელიც 2019 წლიდან სირიის ყოფილ მთავრობას სანქციებს უწესებდა. ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას ალ-შარაას უწოდა ძალიან ძლიერი ლიდერი, რომელიც მოსწონს და განაცხადა, რომ ყველაფერს გააკეთებენ, რათა სირიამ წარმატებას მიაღწიოს. სირიის პრეზიდენტის ინფორმაციით, მან დონალდ ტრამპთან განიხილა ორი ქვეყნის ურთიერთობების განვითარების გზები და ის რეგიონული და საერთაშორისო საკითხები, რომლებიც ორივე მხარის ინტერესების სფეროშია. „ჩვენ გვსურს, სირია ძალიან წარმატებულ ქვეყნად იქცეს.“ და, მე ვფიქრობ, რომ ამ ლიდერს ამის გაკეთება შეუძლია,“ - აღნიშნა ტრამპმა. აჰმედ ალ-შარაა აბუ მუჰამედ ალ-ჯულანის ფსევდონიმით, ერაყის ომში შეერთებული შტატების ხელმძღვანელობით მოქმედი საერთაშორისო კოალიციის წინააღმდეგ იბრძოდა ტერორისტული ორგანიზაცია „ალ-ქაიდას“, მოგვიანებით კი, „ისლამური სახელმწიფო ერაყის“ მხარდასაჭერად. 2006 წელს ის ამერიკელმა სამხედროებმა დააპატიმრეს. 2011 წელს გათავისუფლების შემდეგ, ალ-შარაა სირიაში „ალ-ქაიდას“ დანაყოფის ერთ-ერთი ლიდერი იყო. ალ-შარაა „ალ-ქაიდას“ 2016 წელს გაემიჯნა, მოგვიანებით კი, სათავეში ჩაუდგა ახალ რადიკალურ ისლამისტურ ორგანიზაციას, „ჰაიათ ტაჰრირ ალ შამს“, რომელმაც 2024 წლის დეკემბერში სირიაში დაასრულა ბაშარ ასადის მმართველობა. 2025 წლის მაისში საუდის არაბეთში გაიმართა დონალდ ტრამპის და აჰმედ ალ-შარაას პირველი, არაოფიციალური შეხვედრა. 2025 წლის ივლისში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა „ჰაიათ ტაჰრირ ალ შამს“ უცხოური ტერორისტული ორგანიზაციის სტატუსი მოუხსნა. ეს ორ ლიდერს შორის მესამე შეხვედრაა, მეორე შეხვედრა სექტემბერში, გაეროს გენერალური ასამბლეის დროს ვახშმის დროს გაიმართა. სირიასა და აშშ-ს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 2012 წლიდან შეჩერებულია, თუმცა აშშ ახლა სირიას ვაშინგტონში საელჩოს ხელახლა გახსნის უფლებას მისცემს. დონალდ ტრამპის და აჰმედ ალ-შარაას შეხვედრის შემდეგ, შეერთებული შტატების ფინანსთა სამინისტრომ ნაწილობრივ შეაჩერა სირიის წინააღმდეგ სანქციების მოქმედება. კონგრესმა კანონპროექტი სანქციების შესახებ 2019 წელს მიიღო. სანქციების სრულად გაუქმებასაც კონგრესის თანხმობა სჭირდება. ვაშინგტონში ალ-შარაას ოფიციალური ვიზიტის წინ ის სანქცირებულთა სიიდან ამოიღო გაეროს უშიშროების საბჭომ. გაერომ აჰმედ ალ-შარაას სანქციები 2014 წელს დაუწესა ტერორისტული ორგანიზაციის წევრობის გამო. სააგენტო Reuters-ი წერს, რომ 10 ნოემბერს თეთრ სახლში ალ-შარაას სტუმრობას უფრო მოკრძალებული ხასიათი ჰქონდა, ვიდრე ეს სხვა უცხოელი ლიდერების ვიზიტისას ხდება. კერძოდ, სირიის დროებითი პრეზიდენტი თეთრ სახლში არა ცენტრალური, არამედ გვერდითი შესასვლელიდან შევიდა და შეერთებული შტატების პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ თეთრი სახლი ამავე გასასვლელიდან დატოვა.
რა შეთანხმება გააფორმა ამერიკამ ცენტრალური აზიის ქვეყნებთან
აშშ და ცენტრალური აზიის ქვეყნები „ტრამპის მარშრუტთან“ "შუა დერეფნის" დაკავშირებაზე შეთანხმდნენ. აშშ ცენტრალური აზიის 5 ქვეყანასთან - ყაზახეთთან, ყირგიზეთთან, ტაჯიკეთთან, თურქმენეთთან და უზბეკეთთან სავაჭრო შეთანხმებებს აფორმებს. 6 ნოემბრის საღამოს, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში უმასპინძლა ცენტრალური აზიის ხუთი ქვეყნის - ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, თურქმენეთისა და უზბეკეთის ლიდერებს. დასავლური მედიის ცნობით, C5+1 ფორმატის ბოლო სამიტი ერთ-ერთ ყველაზე სტრატეგიულად მნიშვნელოვან საკითხს ეხებოდა: რეგიონის მდიდარ მინერალურ რესურსებზე წვდომას, სადაც ჩინეთი და რუსეთი დიდი ხანია, გავლენისთვის იბრძვიან. თუმცა ახლა შეერთებული შტატები მკაფიო პოლიტიკის ცვლილებას ადასტურებს იმ რეგიონის მიმართ, რომელიც ტრადიციულად პეკინისა და მოსკოვისკენ იყო მიმართული. „ჩვენ ვაძლიერებთ ჩვენს ეკონომიკურ პარტნიორობას, ვაუმჯობესებთ თანამშრომლობას უსაფრთხოების სფეროში და ვაფართოებთ ჩვენს საერთო კავშირებს,“ - განაცხადა პრეზიდენტმა ტრამპმა ცენტრალური აზიის ლიდერებთან ოფიციალური ვახშმის წინ. აშშ-ის საგარეო პოლიტიკის ამ ახალი ორიენტაციის ხაზგასმით მან აღნიშნა: „ჩვენი დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი საკითხი კრიტიკული მინერალებია.“ იშვიათ მიწათა ელემენტებს, რომლებიც აუცილებელია მოწინავე წარმოებისა და სუფთა ენერგიის ტექნოლოგიებისთვის, ამჟამად ჩინეთის უპირატესობით კონტროლდება. პეკინს დაახლოებით 44 მილიონი ტონა მარაგი აქვს, რაც მსოფლიოში ცნობილი მარაგის ნახევარზე მეტია. ეს მაჩვენებელი 50%-ზე მეტით აღემატება შემდეგი ექვსი ქვეყნის კომბინირებულ მარაგს, რაც პეკინს ამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სექტორში უდაოდ გლობალურ ლიდერად აქცევს. ამ მიზეზით, ვაშინგტონი მარაგის ალტერნატიულ წყაროებს ეძებს და ცენტრალური აზია პერსპექტიულ პარტნიორად წარმოჩინდა. თეთრ სახლში შეხვედრის დროს რამდენიმე მნიშვნელოვან შეთანხმებას ხელი მოეწერა. პრეზიდენტმა ტრამპმა მოგვიანებით სოციალურ მედიაში ისინი „წარმოუდგენელ სავაჭრო და ეკონომიკურ გარიგებად“ შეაფასა. ამ შეთანხმებების ცენტრალურ ნაწილს უზბეკეთი წარმოადგენს, რომელმაც, აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, აიღო ვალდებულება, რომ მომდევნო სამი წლის განმავლობაში თითქმის 35 მილიარდი დოლარი და მომდევნო ათწლეულის განმავლობაში 100 მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიცია ჩადოს ამერიკული ეკონომიკის ძირითად სექტორებში, მათ შორის, ავიაციაში, სოფლის მეურნეობასა და საინფორმაციო ტექნოლოგიებში. ყაზახეთი მსოფლიოში ურანის უდიდესი მწარმოებელია; თურქმენეთი ბუნებრივი აირით მდიდარია; უზბეკეთი ასევე ფლობს ოქროს უზარმაზარ მარაგებს. ყირგიზეთისა და ტაჯიკეთის რესპუბლიკები აგრძელებენ ძვირფასი მინერალების ახალი საბადოების აღმოჩენას. თეთრ სახლში გამართული სამიტის დროს, ცენტრალური აზიის ლიდერებმა განსაკუთრებით შეაქეს პრეზიდენტი ტრამპი, რაც ასახავდა ნამდვილ სტრატეგიულ გათვლას და არა უბრალო დიპლომატიას. თითოეული ეს ქვეყანა ცდილობს, შეინარჩუნოს თავისი სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა ძლიერი მეზობლების მზარდი გავლენის ფონზე. მათთვის შეერთებულ შტატებთან უფრო მჭიდრო კავშირების დამყარება წარმოადგენს არამხოლოდ ეკონომიკურ შესაძლებლობას, არამედ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ „კედელსაც.“ პარალელურად, ყაზახეთმა „აბრაამის შეთანხმებებთან“ შეერთების განზრახვის შესახებ განაცხადა, ესაა დიპლომატიურ ჩარჩო, რომელიც მიზნად ისახავს ისრაელთან ურთიერთობების გაღრმავებას და აშშ-ის ძალისხმევის მხარდაჭერას ახლო აღმოსავლეთში. ყაზახეთის მთავრობამ ეს ნაბიჯი „ბუნებრივ და ლოგიკურად“ შეაფასა, ისრაელთან მისი დიდი ხნის დიპლომატიური ურთიერთობების გათვალისწინებით. AFP-მ ეს გადაწყვეტილება რეგიონში აშშ-ის დიპლომატიის მხარდაჭერის სიმბოლურ ჟესტად შეაფასა. C5+1 სამიტები, რომლებიც შეერთებულ შტატებსა და ცენტრალური აზიის ხუთ ქვეყანას აერთიანებს, 2015 წლიდან იმართება, პირველი შეხვედრა კი, უზბეკეთის დედაქალაქ სამარყანდში გაიმართა. ამ შეხვედრების უმეტესობა ადრე საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე ტარდებოდა. სახელმწიფო მეთაურების პირველი შეხვედრა 2023 წელს შედგა, როდესაც პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა იგივე ხუთ ლიდერს უმასპინძლა გაეროს 78-ე გენერალური ასამბლეის ფარგლებში. ცნობისთვის, ურანის მარაგი განსაკუთრებით კრიტიკულია შეერთებული შტატებისთვის, რომელიც ამჟამად ამ ლითონის დაახლოებით 20%-ს რუსეთიდან იმპორტით იღებს. საბჭოთა ეპოქიდან მოყოლებული, მოსკოვი ინარჩუნებს ძლიერ გავლენას ცენტრალური აზიის ენერგეტიკულ სექტორში და აშენებს ატომურ ელექტროსადგურებს მთელ რეგიონში. ამასობაში, ჩინეთმა, რომელიც ესაზღვრება ყაზახეთს, ყირგიზეთს და ტაჯიკეთს, გააფართოვა თავისი გავლენა მასშტაბური ინფრასტრუქტურული ინვესტიციების გზით. მხოლოდ წელს, რეგიონს რამდენიმე მსოფლიო ლიდერი ეწვია, მათ შორის, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი. ცენტრალურ აზიაში გავლენისთვის ბრძოლა სულ უფრო და უფრო თვალსაჩინო ხდება. პეკინი და ბრიუსელი მხარს უჭერენ ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის - შუა დერეფნის პროექტს, რომელიც ევროპასა და ცენტრალურ აზიას კავკასიის გავლით და რუსეთის ტერიტორიის გვერდის ავლით დააკავშირებს. შეერთებული შტატებისთვის რუსეთი შედარებით მცირე გამოწვევას წარმოადგენს, ვიდრე ჩინეთი, რომელთანაც გლობალური კონკურენცია კვლავ მწვავდება. ამ ფონზე, თეთრ სახლში შეხვედრას ცენტრალური აზიის მონაწილეებისთვის დიდი სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა. ინგლისურ ენაზე წარმოთქმულ სიტყვაში ყაზახეთის პრეზიდენტმა პრეზიდენტ ტრამპის მმართველობის ამჟამინდელი ეპოქა „ახალ ოქროს ხანად“ შეაფასა. მან შეაქო ტრამპის ლიდერობა და განაცხადა, რომ ის შთაგონებულია ძლიერი და დამოუკიდებელი ყაზახეთის ხედვის გატარებისთვის. სამიტის შემდეგ ტრამპი და თოყაევი ერთობლივად მიესალმნენ ორ ქვეყანას შორის 17 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების ორმხრივი შეთანხმებების ხელმოწერას. სამიტის მნიშვნელობას ასევე ხაზი გაუსვა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ, რომელიც სამიტის წინა დღეს, 5 ნოემბერს, ცენტრალური აზიის სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა. რუბიომ აღიარა, რომ ვაშინგტონმა ბოლო ათწლეულის განმავლობაში უგულებელყო რეგიონი, მაგრამ ახლა გადაწყვეტილი აქვს, შეცვალოს ეს კურსი. მან გამოაცხადა პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან სავაჭრო და საინვესტიციო კავშირების გაძლიერების გეგმები და დაადასტურა, რომ თეთრმა სახლმა კონგრესს წარუდგინა კანონპროექტი ჯექსონ-ვანიკის შესწორების გაუქმების შესახებ, რომელიც ცივი ომის ეპოქის შეზღუდვა იყო სსრკ-სთან და სხვა სოციალისტურ სახელმწიფოებთან ვაჭრობაზე. „მიუხედავად იმისა, რომ შესწორება რუსეთზე 2012 წელს აღარ ვრცელდებოდა, ტექნიკურად ის კვლავ ძალაში რჩება უზბეკეთის, ტაჯიკეთის, თურქმენეთის, ყირგიზეთისა და ყაზახეთისთვის. ვაშინგტონში 6 ნოემბრის სამიტი უაღრესად პროდუქტიული აღმოჩნდა როგორც შეერთებული შტატებისთვის, ასევე, ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვის. მან საფუძველი ჩაუყარა მომავალ თანამშრომლობას მრავალ ფრონტზე: ენერგეტიკა, სამთო მოპოვება, ვაჭრობა, ინფრასტრუქტურა და ინოვაციები. რადგან დიდ სახელმწიფოებს შორის კონკურენცია ცენტრალური აზიის უზარმაზარი რესურსებისა და სტრატეგიული მარშრუტების გამო მწვავდება, თეთრ სახლში გამართული ეს შეხვედრა შეიძლება, კარგად დაამახსოვრდეთ, როგორც გადამწყვეტი მომენტი - რომელმაც რეგიონი გლობალური გეოპოლიტიკის ცენტრში გადაიტანა და აშშ-ცენტრალური აზიის ურთიერთობებში ახალი ფაზის დასაწყისი აღნიშნა,“ წერს Caspian Post-ი. შეგახსენებთ, აშშ ცენტრალური აზიის 5 ქვეყანასთან სავაჭრო შეთანხმებას აფორმებს, რომელიც მათ აზერბაიჯანთან და სომხეთთან დააკავშირებს. ამის თაობაზე შეერთებული შტატებისა და ცენტრალური აზიის ხუთი ქვეყნის (ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი და უზბეკეთი) მთავრობების ერთობლივ განცხადებას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს. კერძოდ, აშშ და ცენტრალური აზიის ხუთი ქვეყანა (მოხსენიებული როგორც “C5+1 ქვეყნები”) შეთანხმდნენ “ტრანსკასპირიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის” განვითარებაზე. იგეგმება მარშრუტის დაკავშირება TRIPP-თან (“ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის”), რომელიც აზერბაიჯანსა და სომხეთს დააკავშირებს. “[ვაპირებთ] მიწოდების ჯაჭვის დაკავშირებულობისა და სიმყარის გაძლიერებას ტრანსკასპიური სავაჭრო გზის (იგივე ტრანსკასპიური საერთაშორისო სავაჭრო მარშრუტი) გაძლიერებითა და მისი “ტრამპის მარშრუტთან საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის” (TRIPP) დაკავშირებით, რათა უზრუნველვყოთ ტვირთების, ინფორმაციისა და ენერგეტიკის მოძრაობის უსაფრთხოება C5+1 ქვეყნებისა და მსოფლიოს სასარგებლოდ; [ვაპირებთ] ჰარმონიზებული, გამჭვირვალე საბაჟო რეჟიმებისკენ მისწრაფების გაგრძელებას; [ვაპირებთ] C5+1 ქვეყნებს შორის საავიაციო დაკავშირებულობის გაფართოებას, რათა ხელის შევუწყოთ უფრო დიდ კომერციულ და კულტურულ კავშირებს; [ვაპირებთ] კომერციული კავშირების გამყარებას და სამუშაო ძალის პროფესიონალიზაციის მხარდაჭერას საგანმანათლებლო გაცვლითი პროგრამებით, რომლებიც ხელს შეუწყობენ ტექნოლოგიების, მოპოვებისა, და სხვა დიდი ზრდის მქონე სექტორებში წვრთნას,” - ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში. დონალდ ტრამპმა დიპლომატიურ და წიაღისეულის სფეროში გარიგებების შესახებ გამოაცხადა. ყაზახეთმა ამერიკულ კომპანიასთან 1,1 მილიარდი დოლარის შეთანხმება გააფორმა ვოლფრამის მოპოვების სფეროში. სხვა შეთანხმებებს შორის არის Boeing-ის თვითმფრინავების შესყიდვა და 17,5 მილიარდი დოლარის ინვესტიციები. გარიგების ფარგლებში ამერიკული კომპანია Cove Kaz Capital Group აქციების 70%-ს შეიძენს ერთობლივ საწარმოში, რომელშიც მისი პარტნიორი იქნება ყაზახეთის სახელმწიფო სამთო-სამადნო კომპანია. გარიგების ღირებულება 1,1 მილიარდი დოლარია. აშშ-ის ექსპორტ-იმპორტის ბანკმა გამოაქვეყნა დაინტერესების წერილი, რომლის თანახმადაც ის ამ გარიგებას 900 მილიონი დოლარით დააფინანსებს. სამიტის სხვა შედეგებს შორისაა კიდევ ერთი გარიგება, რომელიც ჯერ არ არის დასრულებული და რომელიც შეეხება ამერიკული კომპანია Boeing-ის 37-მდე თვითმფრინავის შეძენას ყაზახეთის, ტაჯიკეთისა და უზბეკეთის ნაციონალური ავიაკომპანიების მიერ. ყაზახეთმა ასევე გამოაცხადა ამერიკულ კომპანიებთან ხელმოწერილი 30-ზე მეტი შეთანხმების შესახებ, რომელთა საერთო ღირებულება 17,2 მილიარდი დოლარია.
ამერიკამ და შვეიცარიამ სავაჭრო შეთანხმება გააფორმეს
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და შვეიცარიამ სავაჭრო შეთანხმება გააფორმეს. შედეგად, შვეიცარიული პროდუქციის იმპორტის ტარიფები 39%-დან 15%-მდე შემცირდება. შვეიცარიის მთავრობის განცხადებით, შვეიცარიულმა კომპანიებმა ვალდებულება აიღეს, 2028 წლის ბოლომდე აშშ-ში 200 მილიარდი დოლარის ინვესტიცია განახორციელონ. შვეიცარიის ეკონომიკის მინისტრმა გი პარმელინმა აღნიშნა, რომ ახალი შეთანხმება ქვეყანას ევროკავშირთან თანაბარ პირობებში აყენებს. პარმელინის თქმით, შეთანხმება დიდი შვებაა შვეიცარიის ეკონომიკისთვის, რადგან 39%-იანმა ტარიფმა უკვე „მნიშვნელოვანი ზიანი“ მიაყენა ქვეყანას. შვეიცარიის მთავრობაში განმარტეს, რომ შეთანხმება შეამცირებს შვეიცარიის საიმპორტო გადასახადებს ამერიკულ სამრეწველო პროდუქტებზე, თევზსა და ზღვის პროდუქტებზე, აგრეთვე სოფლის მეურნეობის გარკვეულ პროდუქტებზე. თეთრ სახლში განაცხადეს, რომ ამ შეთანხმებით შვეიცარიულმა და ლიხტენშტაინის კომპანიებმა ვალდებულება აიღეს, სულ მცირე, 200 მილიარდი დოლარის ინვესტიცია განახორციელონ აშშ-ში. ინვესტიციები განხორციელდება შემდეგ სექტორებში: ფარმაცია, საავიაციო ინდუსტრია, მშენებლობა, ოქროს წარმოება, ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა და სხვა.
უკრაინაში აზერბაიჯანის საელჩოს შენობის დაზიანების გამო, ბაქომ რუსეთის ელჩი დაიბარა
აზერბაიჯანის პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, 14 ნოემბერს, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს ტელეფონით დაუკავშირდა. განცხადების თანახმად, ვოლოდიმირ ზელენსკიმ „დაგმო კიდევ ერთი სარაკეტო დარტყმა უკრაინაში აზერბაიჯანის საელჩოს ადმინისტრაციულ შენობაზე, რაც რუსეთის მიერ განხორციელებული სარაკეტო დარტყმის შედეგი იყო და სერიოზული შეშფოთება გამოთქვა ამ ინციდენტთან დაკავშირებით.“ „სახელმწიფოს მეთაურმა, თავის მხრივ, ასევე დაგმო უკრაინაში ჩვენი ქვეყნის საელჩოს შენობაზე განხორციელებული კიდევ ერთი სარაკეტო დარტყმა და სერიოზული შეშფოთება გამოთქვა ამასთან დაკავშირებით, ხაზგასმით აღნიშნა, რომ დიპლომატიური მისიების წინააღმდეგ მსგავსი თავდასხმები მიუღებელია საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და პრინციპების მიხედვით,“ - ნათქვამია განცხადებაში. ცნობისთვის, კიევში აზერბაიჯანის საელჩოზე იერიშის გამო, აზერბაიჯანის საგარეო უწყებამ რუსეთის ელჩი დაიბარა და საპროტესტო ნოტა გადასცა. „შეხვედრის დროს მწვავე პროტესტი გამოითქვა 14 ნოემბერს დაახლოებით 01:00 საათზე უკრაინის დედაქალაქ კიევზე სარაკეტო და დრონების თავდასხმის შედეგად, ერთ-ერთი „ისკანდერის“ ტიპის რაკეტის აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩოს ტერიტორიაზე ჩამოვარდნასთან დაკავშირებით და მიხეილ ევდოკიმოვს შესაბამისი ნოტა გადაეცა. რუსულ მხარეს შეატყობინეს, რომ ბოლო აფეთქებამ გამოიწვია საელჩოს პერიმეტრის კედლის ნაწილის სრული განადგურება, სტრუქტურების, სამსახურებრივი მანქანების, ადმინისტრაციული შენობის, საელჩოს საკონსულო სექციის და ასევე დიპლომატიური მისიის შენობის სერიოზული დაზიანება. საბედნიეროდ, ამ დარტყმას მსხვერპლი არ მოჰყოლია… შეხვედრის დროს აღნიშნულ იქნა, რომ ჩვენს დიპლომატიურ მისიებზე მსგავსი დარტყმები მიუღებელია და მოთხოვნილ იქნა, რომ რუსულმა მხარემ საკითხზე შესაბამისი გამოძიება ჩაატაროს და დეტალური ახსნა მოგვაწოდოს,“ - ნათქვამია აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. აზერბაიჯანის საგარეო უწყება ასევე აღნიშნავს, რომ მსგავსი სარაკეტო დარტყმები, რომლებიც „საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და პრინციპებს ეწინააღმდეგება“, აქამდეც ხორციელდებოდა. კერძოდ აღინიშნება, რომ 2022 წლის 10 მარტს ხარკოვში აზერბაიჯანის საპატიო საკონსულოს შენობაზე ავიადარტყმის შედეგად ადმინისტრაციული შენობა მნიშვნელოვნად დაზიანდა. ასევე აღნიშნულ იქნა აქამდე აზერბაიჯანის საელჩოს მახლობლად ჩამოვარდნილი რუსული რაკეტების შემთხვევები (2024 წლის 2 იანვარსა და 2025 წლის 28 აგვისტოს) და ოდესის ოლქში SOCAR-ის ნავთობსაცავის დაბომბვა (2025 წლის 18 აგვისტოს). „აღნიშნულ იქნა, რომ ყველა ეს ფაქტი კითხვებს ბადებს სარაკეტო დარტყმების განზრახ განხორციელებასთან დაკავშირებით“, - ნათქვამია განცხადებაში. უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის მორიგი მასირებული შეტევა საგანგებოდ იყო გათვლილი ისე, რომ რაც შეიძლება დიდი ზიანი მიეყენებინა ხალხისთვის და სამოქალაქო ინფრასტრუქტურისთვის. ზელენსკიმ ევროპას და აშშ-ს კიდევ ერთხელ მოუწოდა, უკრაინას საჰაერო თავდაცვის დამატებითი სისტემებით დაეხმარონ. ზელენსკისთან საუბრისას, ალიევმა Socar-ის ნავთობის საცავ ობიექტზე რუსეთის იერიში დაგმო პუტინმა აღიარა, რომ აზერბაიჯანული თვითმფრინავის მახლობლად რუსული რაკეტები აფეთქდა - BBC
აშშ-მ მის წყლებთან ახლოს რუსული ხომალდის გამოჩენის საპასუხოდ, საპატრულო ხომალდი გაგზავნა
აშშ-ის ოაჰუს სამხრეთით, დაახლოებით 24 კილომეტრის მანძილზე, ამერიკის წყლებთან ახლოს, რუსული სამხედრო ხომალდი შენიშნა. შესაბამისი განცხადება სანაპირო დაცვამ გააკეთა. კერძოდ, რუსეთის ფედერაციის სამხედრო-საზღვაო ძალების საერთო სადაზვერვო გემის - Kareliya-ს გამოჩენის საპასუხოდ თვითმფრინავი და საპატრულო ხომალდი გააგზავნეს. „საერთაშორისო სამართლის ნორმების ფარგლებში, სანაპირო დაცვა აშშ-ის სახელმწიფო წყლებთან ახლოს რუსული ხომალდების მოქმედებებს აკვირდება, რათა შეინარჩუნოს ამერიკის ხომალდების უსაფრთხო მოქმედების შესაძლებლობა და აშშ-ს სახმელეთო თავდაცვის ძალისხმევას მხარი დაუჭიროს,“ - წერია განცხადებაში. სანაპირო დაცვამ ასევე განაცხადა, რომ საერთაშორისო სამართლის მიხედვით, უცხოურ საზღვაო ხომალდებს უფლება აქვთ, „სატრანზიტო ოპერაციები სხვა სახელმწიფოს ტერიტორიული წყლებიდან 12 საზღვაო მილის დაშორებით წარმართონ.“
გაერთიანებული სამეფო საიმიგრაციო პოლიტიკას ამკაცრებს
გაერთიანებული სამეფოს მთავრობის განცხადებით, ლტოლვილის სტატუსი დროებითი გახდება. მუდმივი ბინადრობის უფლების მისაღებ ვადას უკანონო მიგრანტებისთვის ხუთიდან 20 წლამდე იზრდება. აღნიშნული ზომების გატარება ქვეყნის მიერ თანამედროვე დროში თავშესაფრის მაძიებლებთან დაკავშირებული პოლიტიკის ყველაზე მასშტაბური რეფორმის ფარგლებში იგეგმება. გაერთიანებული სამეფოს მთავრობაში აცხადებენ, რომ მათი სტიმული იქნება დანიის მიდგომა, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მკაცრია ევროპაში. გაერთიანებული სამეფოს შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ცვლილებების ფარგლებში გაუქმდება გარკვეული თავშესაფრის მაძიებლებისთვის მხარდაჭერის უზრუნველყოფის კანონიერი ვალდებულება, მათ შორის საცხოვრებლითა და ყოველკვირეული დახმარებებით. სამინისტროს ხელმძღვანელის, შაბანა მაჰმუდის თქმით, ეს ზომები გავრცელდება თავშესაფრის მაძიებლებზე, რომლებსაც შეუძლიათ იმუშაონ, მაგრამ არ სურთ. მისი თქმით, ზომები ასევე შეეხებათ მათ, ვინც კანონს არღვევს. სამინისტროში განმარტავენ, რომ გადასახადის გადამხდელების მიერ დაფინანსებული მხარდაჭერა პრიორიტეტული იქნება იმ პირებისთვის, რომლებიც ეკონომიკასა და ადგილობრივ თემებში წვლილს შეიტანენ. უწყების განცხადებით, ლტოლვილთა დაცვა დროებითი იქნება, რეგულარულად გადამოწმდება და გაუქმდება, თუ მშობლიური ქვეყანა უსაფრთხოდ ჩაითვლება. „ჩვენი სისტემა განსაკუთრებით გულუხვია ევროპის სხვა ქვეყნებთან შედარებით - ხუთი წლის შემდეგ ადამიანი ფაქტობრივად ავტომატურად სახელდება ამ ქვეყანაში. ჩვენ ამას შევცვლით“, - განაცხადა მაჰმუდმა. მისი განმარტებით, ცვლილებების თანახმად, ლტოლვილის სტატუსი გადაიხედება ყოველ ორწელიწად-ნახევარში ქვეყანაში მუდმივი დასახლების 20 წლიანი გზის განმავლობაში. მაჰმუდმა განაცხადა, რომ ცვლილებების შესახებ დამატებით დეტალებს ორშაბათს გაავრცელებს. მედიის ცნობით, დიდი ბრიტანეთის გეგმა დაეფუძნა დანიაში გატარებულ რეფორმებს - იქ თავშესაფრის მთხოვნელთა რაოდენობა 40-წლიან მინიმუმამდე შემცირდა.
უკრაინა ზამთრის სეზონზე გაზის იმპორტს საბერძნეთიდან უზრუნველყოფს
უკრაინა გაზის იმპორტს საბერძნეთიდან განახორციელებს, რათა ზამთრის საჭიროებებს გაუმკლავდეს. უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნული განცხადება საბერძნეთში დღეს დაგეგმილ ვიზიტამდე გააკეთა, საიდანაც ის საფრანგეთსა და ესპანეთში გაემგზავრება. „ჩვენ უკვე მოვამზადეთ შეთანხმება საბერძნეთთან უკრაინისთვის გაზის მიწოდების შესახებ, რაც კიდევ ერთი მარშრუტი იქნება ზამთრისთვის იმპორტის მაქსიმალურად უზრუნველსაყოფად. უკვე გვაქვს შეთანხმებები გაზის იმპორტის დაფინანსების შესახებ, ჩვენ დავფარავთ თითქმის ორ მილიარდ ევროს, რომელიც საჭიროა გაზის იმპორტისთვის, რათა კომპენსირდეს რუსეთის დარტყმების შედეგად მიღებული ზარალი,“ – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას.
ალიევი: შუა დერეფნის განვითარებას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვის
„დღეს აზერბაიჯანი და ცენტრალური აზია აღმოსავლეთსა და დასავლეთს, ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის სასიცოცხლო კავშირსა და ხიდს წარმოადგენს. შუა დერეფნის განვითარებას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნებისთვის,“ - განაცხადა პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ტაშკენტში ცენტრალური აზიის სახელმწიფოების მეთაურების მე-7 საკონსულტაციო შეხვედრაზე. „ტრანსპორტისა და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის, საბაჟო პროცედურების სინქრონიზაციისა და დიგიტალიზაციის ერთობლივი ძალისხმევა ფართო შესაძლებლობებს ქმნის ტვირთების მოცულობის გაზრდის, ეკონომიკური მდგრადობის გაძლიერებისა და საერთაშორისო ბაზრებზე ჩართულობის გაფართოებისთვის,“ - აღნიშნა ალიევმა. მისი თქმით, ბოლო სამი წლის განმავლობაში, აზერბაიჯანის გავლით შუა დერეფნის გასწვრივ ტვირთების გადაზიდვა 90 პროცენტით გაიზარდა. ცნობისთვის, შუა დერეფანი წარმოადგენს აზიასა და ევროპას შორის დამაკავშირებელ სატრანსპორტო და სავაჭრო მარშრუტს, რომელიც გადის რეგიონის რიგ ქვეყნებში. მარშრუტი იწყება ჩინეთიდან და გადის ცენტრალური აზიის ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ყაზახეთი, უზბეკეთი და თურქმენეთი, შემდეგ კასპიის ზღვაში, აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში, ვიდრე ევროპას მიაღწევს. 15 ნოემბერს ტაშკენტში დაიწყო „ცენტრალური აზიის სახელმწიფოების მეთაურთა მეშვიდე საკონსულტაციო შეხვედრა.“ მოელიან, რომ გაფორმდება მრავალმხრივი თანამშრომლობის არაერთი შეთანხმება. სამიტში მონაწილეობენ ცენტრალური აზიის ხუთი ქვეყნისა და აზერბაიჯანის ლიდერები. რა შეთანხმება გააფორმა ამერიკამ ცენტრალური აზიის ქვეყნებთან
კასპიის ზღვის ფსკერზე ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის გაყვანა სავარაუდოდ, ზაფხულში დაიწყება
ყაზახეთიდან აზერბაიჯანამდე კასპიის ზღვის ფსკერზე ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის გაყვანის სამუშაოს დაწყება მომავალი წლის ზაფხულში იგეგმება. ამის შესახებ მედიას აზერბაიჯანის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრის მოადგილემ სამედინ ასადოვმა განუცხადა. ასადოვის თქმით, პროექტის სრულად დასრულება და ექსპლუატაციაში გაშვება 2026 წლის ბოლოსთვის იგეგმება. კაბელის გაყვანილობის ზღვის ფსკერის მონაკვეთის მარშრუტის ანალიზი უკვე დასრულებულია და პროექტის განმახორციელებელი კომპანია მალე პროექტის ოპერატორებს სრულ ანგარიშს წარუდგენს. კაბელის წარმოებაც დაიწყო და მისი დასრულება 2026 წლის ზაფხულისთვის იგეგმება. ასადოვმა აღნიშნა, რომ კაბელი კასპიის ზღვაზე გადამკვეთი ძირითადი ციფრული დერეფნის მნიშვნელოვან სეგმენტს შექმნის. „როგორც ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის სამინისტრო, ჩვენ ვაგრძელებთ პროექტის ოპერატორების მხარდაჭერას. დარწმუნებულები ვართ, რომ ეს საკომუნიკაციო რგოლი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ჩვენი ქვეყნის რეგიონულ ცენტრად გარდაქმნაში ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სექტორში და ხელოვნური ინტელექტის გამოყენებაში,“ - აღნიშნა სამედინ ასადოვმა. აზერბაიჯანი და ყაზახეთი კასპიის ზღვის ფსკერზე, ოპტიკურ-ბოჭკოვანი საკომუნიკაციო ხაზის მშენებლობას იწყებენ
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ფაშინიანს: „ტრამპის მარშრუტი“ მნიშვნელოვან სარგებელს მოუტანს ამერიკელებსა და სომხებს
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა პოლიტიკის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ალისონ ჰუკერის ხელმძღვანელობით დელეგაცია მიიღო. იტყობინება პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაცია. ფაშინიანმა ჰუკერის ვიზიტს მიესალმა და აღნიშნა, რომ ბოლო დროს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა ახალ დონეზე ავიდა. სომხეთის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, აშშ-სთან მათი პარტნიორობა ახლებურად აღიქმება როგორც მთავრობაში, ასევე, სომხურ საზოგადოებაში. ფაშინიანმა მაღალი შეფასება მისცა აშშ-ის და პირადად პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წვლილს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის დამყარებაში. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა მიღწეული შეთანხმებების და მათი განხორციელების მიმართულებით 8 აგვისტოს ვაშინგტონში გამართული მშვიდობის სამიტის ფარგლებში დაგეგმილი გრაფიკის შესაბამისად განხორციელების მნიშვნელობას. გარდა ამისა, სომხეთის მთავრობის ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა აშშ-სთან ორმხრივ ურთიერთობებში ჩამოყალიბებული მდიდარი დღის წესრიგის ფაქტს, რომელიც მოიცავს სხვადასხვა სექტორსა და მიმართულებას. თავის მხრივ, სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ალისონ ჰუკერმა განაცხადა, რომ ის სომხეთის დედაქალაქ ერევანში ჩავიდა, რათა ხელი შეეწყო პრეზიდენტ ტრამპისა და პრემიერ-მინისტრ ფაშინიანის მიერ აგვისტოში გამართული შეხვედრების დროს დასახული ხედვის წინსვლისა და ვაჭრობის, ინვესტიციების, ინფრასტრუქტურის, რეგიონული კავშირებისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების განსახილველად. გარდა ამისა, მან ხაზი გაუსვა ორმხრივი სამუშაო ჯგუფების მუშაობის დაწყებას, რომელსაც ხელმძღვანელობს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე, რუსეთისა და ცენტრალური ევროპის მიმართ პოლიტიკის ხელმძღვანელად, სონატა კოულტერი, რომლის მიზანია ისტორიულ სამიტზე მიღწეული ორმხრივი შეთანხმებების განხორციელება და საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობის ტრამპის მარშრუტის (TRIPP) შემუშავება. სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ-სა და სომხეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სრული სამშვიდობო შეთანხმების პროგრესთან და სომხეთისა და თურქეთის ურთიერთობების ნორმალიზებასთან ერთად, სამხრეთ კავკასიას, როგორც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სავაჭრო მარშრუტს გახსნის. მისი აზრით, ეს მნიშვნელოვან სარგებელს მოუტანს როგორც ამერიკელ, ასევე, სომეხ ხალხებს, რაც შესაძლებელი გახდა პრეზიდენტ ტრამპისა და პრემიერ-მინისტრ ფაშინიანის ხელმძღვანელობის წყალობით. შეხვედრის დროს თანამოსაუბრეებმა განიხილეს პრემიერ-მინისტრ ფაშინიანსა და პრეზიდენტ ტრამპს შორის მიღწეული შეთანხმებების შესრულება, სამუშაო ჯგუფების მუშაობა, TRIPP პროექტის განხორციელება და მომავალი პროგრამები. რას მოიცავს 8 აგვისტოს თეთრ სახლში გაფორმებული დეკლარაცია
მაკრონმა და ზელენსკიმ უკრაინის თავდაცვის გასაძლიერებლად შეთანხმება გააფორმეს
უკრაინის და საფრანგეთის პრეზიდენტებმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ემანუელ მაკრონმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც უკრაინის გაძლიერებას ითვალისწინებს. ხელმოწერის ცერემონია დღეს, 17 ნოემბერს გაიმართა პარიზის მახლობლად მდებარე სამხედრო ბაზაზე. lemonde-ს ცნობით, მაკრონმა და ზელენსკიმ ხელი მოაწერეს შეთანხმებას უკრაინისთვის 100-მდე ფრანგული გამანადგურებლის შესყიდვის შესახებ. ორი ლიდერის მიერ ხელმოწერილ განზრახულობის წერილში „განსაზღვრულია უკრაინისთვის შესაძლო სამომავლო კონტრაქტები 100 Rafale-ის ტიპის გამანადგურებლის შესაძენად და „მათთან დაკავშირებული იარაღის ჩათვლით,“ - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა. ასევე განსაზღვრულია შემუშავების პროცესში მყოფი ახალი თაობის SAMP-T საჰაერო თავდაცვის სისტემების, რადარის სისტემებისა და დრონების შესყიდვის გარიგებები. შეთანხმება ითვალისწინებს უკრაინისთვის Rafale-ის გამანადგურებლებისა და SAMP/T საჰაერო თავდაცვის სისტემის გადაცემას, რომელსაც ბალისტიკური რაკეტების განადგურება შეუძლია. შეგახსენებთ, ვოლოდიმირ ზელენსკი საფრანგეთში დღეს ჩავიდა. 18 ნოემბერს ზელენსკი ესპანეთს ეწვევა.
„როგორ შეძლებს საქართველო, მხარი დაუჭიროს „ტრამპის მარშრუტს“ - სახელმწიფო დეპარტამენტის უფროსი მრჩევლის ვიზიტი
საქართველოს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი ჯონათან ასკონასი ეწვია. ინფორმაციას აშშ-ის საელჩო სოციალურ ქსელში ავრცელებს. საელჩოს ცნობით, სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის ვიზიტის მიზანია, განიხილოს, როგორ შეძლებს საქართველო მხარი დაუჭიროს „ტრამპის მარშრუტს საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის.“ საელჩოს ცნობით, ჯონათან ასკონასი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და მთავრობის ადმინისტრაციის, ასევე, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებს შეხვდა. „მოხარულები ვართ, ვუმასპინძლოთ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელს (უფროს მრჩეველს) ჯონათან ასკონასს საქართველოში! მისი ვიზიტის მიზანია, განიხილოს, როგორ შეძლებს საქართველო მხარი დაუჭიროს „ტრამპის მარშრუტს საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის“ (TRIPP). ეს სატრანსპორტო მარშრუტი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შეერთებული შტატების შუამავლობით 8 აგვისტოს გამართული სამშვიდობო სამიტის შედეგია. დღეს დილით დოქტორი ასკონასი ესტუმრა საბაჟო გამშვებ პუნქტს - "სადახლო საავტომობილო", რომლის მშენებლობა და აღჭურვა დიდწილად აშშ-ის მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი. ვიზიტის ფარგლებში ის ასევე შეხვდება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და მთავრობის ადმინისტრაციის, ასევე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებს,“ - ნათქვამია განცხადებაში. თავის მხრივ, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ადმინისტრციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის უფროსი მრჩევლის, ჯონათან ასკონასის ხელმძღვანელობით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციას შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრისას ყურადღება დაეთმო საქართველოს ხელისუფლების მიერ ქვეყნის სატრანზიტო და ე.წ. დაკავშირებადობის ფუნქციის გაძლიერების კუთხით გადადგმულ ნაბიჯებს. „ლევან ჟორჟოლიანმა აშშ-ის მხარეს ინფორმაცია მიაწოდა იმ მნიშვნელოვანი ინვესტიციების შესახებ, რომელსაც საქართველოს მთავრობა, აღნიშნული ფუნქციის განვითარების მიზნით, სარკინიგზო, საგზაო და საპორტო ინფრასტრუქტურაში ახორციელებს. მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა აშშ-თან ურთიერთობების დღეს არსებული დონით კმაყოფილი არ არის და კიდევ ერთხელ ადასტურებს მზაობას სტრატეგიული პარტნიორობის სუფთა ფურცლიდან, კონკრეტული გზამკვლევით განახლებისთვის. შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს პოზიცია ე.წ. „ტრამპის მარშრუტთან“ დაკავშირებით. აღინიშნა „საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის ტრამპის მარშრუტის“ (TRIPP) შესაძლო პოზიტიური ეფექტი რეგიონზე აშშ-ის მხარის მიერ ტვირთების მოძრაობის უსაფრთხოების გარანტიების შექმნის თვალსაზრისით. შეხვედრისას, ყურადღება დაეთმო ტრამპის ადმინისტრაციის ძალისხმევის მნიშვნელობას რეგიონში მშვიდობის დამყარების კუთხით. აგრეთვე, დადებითად შეფასდა საქართველოს როლი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზების თვალსაზრისით. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი და აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოში ალან პერსელი დაესწრნენ“, - ნათქვამია ინფორმაციაში. რას მოიცავს 8 აგვისტოს თეთრ სახლში გაფორმებული დეკლარაცია
ევროკომისია ევროკავშირში „სამხედრო შენგენის“ შექმნის იდეით გამოდის
ევროკომისია ევროკავშირში „სამხედრო შენგენის“ შექმნის იდეით გამოდის. შესაბამისი განცხადება ევროკომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსდა. ევროკომისიის თანახმად, „სამხედრო შენგენით“ გათვალისწინებული ზომები ევროკავშირის მასშტაბით სამხედრო მობილურობის სივრცეებს შექმნიან, სადაც სამხედროებს, აღჭურვილობასა და სამხედრო აქტივებს სწრაფად და შეუფერხებლად გადაადგილების შესაძლებლობა ექნებათ. „სამხედრო შენგენის“ მისაღწევად ევროკომისიის მიერ შემოთავაზებული ზომები: გააუქმებენ რეგულაციურ ბარიერებს; საგანგებო ჩარჩოს შექმნიან; გაზრდიან სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მზაობას; შეაგროვებენ და გაანაწილებენ შესაძლებლობებს (ტრანსპორტისთვისა და ლოგისტიკისთვის); გააძლიერებენ მმართველობასა და კოორდინაციას; გააღრმავებენ ევროკავშირის თანამშრომლობას ნატოსთან და სხვა პარტნიორებთან. ევროკომისიამ ასევე საგზაო რუკა წარადგინა, რომელიც სამხედრო სფეროში რევოლუციურ ინოვაციებს შეუწყობს ხელს და ევროპის თავდაცვით მრეწველობას გააძლიერებს. აღნიშნული საგზაო რუკა ოთხ პრიორიტეტზე იქნება ფოკუსირებული: თავდაცვით კომპანიებში ინვესტიციების მხარდაჭერაზე; ახალი ტექნოლოგიების განვითარების დაჩქარებაზე; თავდაცვით შესაძლებლობებზე წვდომის გაფართოებაზე და ევროპის ტექნოლოგიური უპირატესობის შესანარჩუნებლად საჭირო უნარების განვითარებაზე.
ზელენსკი: უკრაინა შეიძლება, ძალიან რთული არჩევანის წინაშე აღმოჩნდეს
უკრაინის პრეზიდენტი ერისადმი ვიდეომიმართვაში ამბობს, რომ ახლა უკრაინის ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე რთული მომენტია. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ახლა უკრაინაზე ზეწოლა ერთ-ერთი ყველაზე რთულია. მისი თქმით, ახლა უკრაინა შეიძლება, ძალიან რთული არჩევანის წინაშე აღმოჩნდეს - ან ღირსების დაკარგვა, ან მთავარი პარტნიორის დაკარგვის რისკი. „ახლა ჩვენი ისტორიის ერთ-ერთი ურთულესი მომენტია. ახლა უკრაინაზე ზეწოლა ერთ-ერთი ყველაზე მძიმეა. ახლა უკრაინა შეიძლება, ძალიან რთული არჩევანის წინაშე დადგეს - ან ღირსების დაკარგვა, ან საკვანძო პარტნიორის დაკარგვის რისკი. ან შემადგენელი 28 პუნქტი, ან უკიდურესად მძიმე ზამთარი, უმძიმესი, და შემდგომი რისკები. თავისუფლების, ღირსებისა და სამართლიანობის გარეშე ცხოვრება, და რომ გვჯეროდეს იმისა, ვინც უკვე ორჯერ დაგვესხა თავს. ჩვენგან პასუხს მოელიან, თუმცა სინამდვილეში, მე ეს უკვე გავაკეთე. 2019 წლის 20 მაისს, როდესაც უკრაინისადმი ერთგულების ფიცი დავდე. კერძოდ, ვთქვი, რომ მე, ვოლოდიმირ ზელენსკი, ხალხის ნებით არჩეული უკრაინის პრეზიდენტი, ვფიცავ, რომ ყველა ჩემს ქმედებაში დავიცავ უკრაინის სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას, დავიცავ მოქალაქეთა უფლებებსა და თავისუფლებებს, დავიცავ უკრაინის კონსტიტუციასა და კანონებს, შევასრულებ ჩემს მოვალეობებს ყველა თანამემამულის ინტერესებიდან გამომდინარე და ავამაღლებ უკრაინის ავტორიტეტს მსოფლიოში. ჩემთვის ეს არ არის პროტოკოლური ფორმალობა - ეს არის ფიცი. და ყოველდღე ერთგული ვარ მისი ყოველი სიტყვის. არასდროს ვუღალატებ მას. უკრაინის ეროვნული ინტერესები უნდა იყოს გათვალისწინებული,“ – განაცხადა ზელენსკიმ. „ჩვენ არ ვაკეთებთ ხმამაღალ განცხადებებს. ჩვენ მშვიდად ვიმუშავებთ ამერიკასთან და ყველა ჩვენს პარტნიორთან. ჩვენ კონსტრუქციულად ვეძებთ გადაწყვეტილებებს ჩვენს მთავარ პარტნიორთან. მე წარმოვადგენ არგუმენტებს, დავარწმუნებ, შევთავაზებ ალტერნატივებს, მაგრამ ჩვენ ნამდვილად არ მივცემთ მტერს რაიმე საბაბს საიმისდო, რომ თქვას - უკრაინას არ სურს მშვიდობა, ის არღვევს პროცესს და რომ უკრაინა არ არის მზად დიპლომატიისთვის,“ – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა. დასავლური მედიის ცნობით, ტრამპის „სამშვიდობო გეგმის“ მიხედვით, „რუსეთი მეზობელ ქვეყნებში არ შეიჭრება, NATO არ გაფართოვდება, ყირიმი, ლუგანსკი და დონეცკი დე ფაქტო აღიარებულნი იქნებიან რუსულ რეგიონებად“. აშშ მოითხოვს, რომ უკრაინა გეგმას 27 ნოემბრამდე დაეთანხმოს. ზელენსკიმ 21 ნოემბერს სატელეფონო საუბარი გამართა გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცთან, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონსა და ბრიტანეთის პრემიერმინისტრ კირ სტარმერთან, მოგვიანებით კი, აშშ-ის ვიცეპრეზიდენტ ჯეი დი ვენსთან. „ყველას გვსურს, რომ ეს ომი დასრულდეს, მაგრამ მნიშვნელოვანია, როგორ დასრულდება. რუსეთს არანაირი იურიდიული უფლება არ აქვს, რაიმე დათმობები მოითხოვოს იმ ქვეყნისგან, რომელშიც ის შეიჭრა. საბოლოო ჯამში, ნებისმიერი შეთანხმების პირობები უკრაინამ უნდა განსაზღვროს,“ - განუცხადა თავის მხრივ, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითებში უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა ჟურნალისტებს.