ძებნის რეზულტატი:
ესტონეთში შეჭრილი ორი დრონიდან ერთ-ერთი NATO-ს ძალებმა ჩამოაგდეს — მედია
ესტონურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, NATO-ს მოკავშირე ძალებმა ესტონეთის სამხრეთ ნაწილში მდებარე „Reedo“-ს სამხედრო ბანაკის თავზე უცნობი წარმოშობის დრონი ჩამოაგდეს. ესტონეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის (ERR) ცნობით, შემთხვევა 17 ოქტომბერს მოხდა, როცა ორი უპილოტო საფრენი აპარატი დაფიქსირდა აშშ-ის სამხედროების საცხოვრებელ ბანაკთან ახლოს. „მოკავშირეებმა დრონები დააფიქსირეს ბრიგადის კამპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, 17 ოქტომბერს, 16:30 საათზე, რომელთაგან ერთ-ერთი ჩამოაგდეს,“ — განუცხადა ესტონეთის თავდაცვის ძალების შტაბის სპიკერმა ლის ვაქსმანმა Postimees-ს. ერთ-ერთი დრონის ჩამოგდების შემდეგ, მისი ნამსხვრევების პოვნა ვერ მოხერხდა. ესტონეთის თავდაცვის ძალების განცხადებით, ისინი მსგავს უსაფრთხოების ინციდენტებზე დეტალურ კომენტარს არ აკეთებენ.დრონების წარმომავლობა ამ დროისთვის უცნობია.
სირიამ კოსოვოს დამოუკიდებლობა ოფიციალურად აღიარა
სირიამ ოფიციალურად აღიარა კოსოვო, როგორც დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო დამასკო აცხადებს, რომ მოუთმენლად ელის კოსოვოსთან დიპლომატიური ურთიერთობების რაც შეიძლება მალე დამყარებას. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ სირიის პრეზიდენტ აჰმად ალ-შარაას, საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინც მოჰამედ ბინ სალმანსა და კოსოვოს პრეზიდენტ ვიოსა ოსმანის შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ორმხრივი ურთიერთობებისა და ურთიერთგაგების გაღრმავებაზე, მათ შორის, ურთიერთაღიარებისა და თანამშრომლობის საკითხზე. „ამ კონტექსტში, სირიის არაბული რესპუბლიკა აცხადებს კოსოვოს რესპუბლიკის დამოუკიდებელ და სუვერენულ სახელმწიფოდ ოფიციალურ აღიარების შესახებ, რაც ეფუძნება ხალხების თვითგამორკვევის უფლების რწმენას და ბალკანეთსა და მსოფლიოში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობისადმი ერთგულებას,“ - ნათქვამია განცხადებაში. სირიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება შეესაბამება მის უფრო ფართო პოლიტიკას, რომელიც გულისხმობს მსოფლიოს ქვეყნებთან თანამშრომლობისა და გახსნილობის გაფართოებას საერთო ინტერესების სამსახურში და ხალხებს შორის მეგობრობის განმტკიცებაში.
რუმინეთი აცხადებს, რომ აშშ NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგიდან ჯარების ნაწილს გაიყვანს
რუმინეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, აშშ ევროპაში განლაგებული სამხედროების რაოდენობას ამცირებს. რუმინეთში, მიხაილ კოგელნიჩანუს სახელობის საჰაერო ბაზაზე განლაგებული ამერიკელი სამხედროების როტაცია შეწყდება. „რუმინეთსა და მოკავშირეებს ევროპაში განლაგებული ამერიკული ჯარების რაოდენობის შეცვლასთან დაკავშირებით აშშ-ის გადაწყვეტილების შესახებ აცნობეს. თავდაცვის სამინისტროს აცნობეს ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგზე განლაგებული ამერიკელი ჯარისკაცების ნაწილის შემცირების შესახებ, აშშ-ის შეიარაღებული ძალების გლობალური განლაგების გადახედვის პროცესის ფარგლებში“, - აცხადებს რუმინეთის თავდაცვის სამინისტრო. სამინისტრომ განაცხადა, რომ გადაწყვეტილება მოსალოდნელი იყო ვაშინგტონის პრიორიტეტების ცვლილებების გათვალისწინებით და რომ რუმინეთში დაახლოებით 1000 ამერიკელი ჯარისკაცი კვლავაც დარჩება. განცხადებაში ნათქვამია, რომ 1000-დან 1200-მდე ამერიკელი ჯარისკაცი რუმინეთში ერთი თვის წინ ჩავიდა როტაციით და ისინი არ ჩანაცვლდებიან.
Bloomberg: ამერიკული სანქციების ფონზე, ინდოეთისკენ მიმავალი რუსული ნავთობით დატვირთული ტანკერი უკან გაბრუნდა
Bloomberg-ის ცნობით, რუსული ნავთობის გადამტანი ტანკერი ბალტიის ზღვაში უკან გაბრუნდა მას შემდეგ, რაც აშშ-მ „როსნეფტსა“ და „ლუკოილს“ სანქციები დაუწესა. მედია წერს, რომ ინდოეთში მიმავალი რუსული ნავთობის გადამტანმა ტანკერმა კურსი მარშრუტის შუაში შეიცვალა და ამჟამად ბალტიის ზღვაშია გაჩერებული. გემზე არსებული ნავთობი „როსნეფტის“ კომპანიას ეკუთვნის, რომელსაც აშშ-მ ერთი კვირის წინ სანქციები დაუწესა. ინდური ნავთობგადამამუშავებელი კომპანიების უფროსმა ხელმძღვანელებმა სააგენტოს განუცხადეს, რომ ახლა მოსალოდნელია რუსული ნავთობის ნაკადის მკვეთრი შემცირება. გავრცელებული ცნობით, 20 ოქტომბერს ტანკერზე რუსეთის ბალტიისპირეთის პორტ პრიმორსკში თითქმის 730,000 ბარელი ურალის ნედლი ნავთობი გადაიტვირთა. Bloomberg-ის ცნობით, ვაშინგტონის სანქციებმა შესაძლოა, მნიშვნელოვნად შეამციროს რუსული ნავთობის ექსპორტი — განსაკუთრებით, ინდოეთში, რომელიც სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყებიდან რუსული ენერგორესურსების ერთ-ერთი მთავარი მყიდველი გახდა.
ფაშინიანი: სომხეთის ევროკავშირში ინტეგრაცია საქართველოს ევროპულ პერსპექტივასთან არის დაკავშირებული
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა თავი შეიკავა აზერბაიჯანის ევროპული ინტეგრაციის პოტენციალზე კომენტარისგან, თუმცა ხაზი გაუსვა სომხეთის ევროპულ მისწრაფებებს. სომხური მედიის ცნობით, პარიზის მშვიდობის ფორუმზე გამოსვლისას ფაშინიანმა ასევე ხაზი გაუსვა სომხეთის მისწრაფებების რეგიონულ კონტექსტს და აღნიშნა, რომ მეზობელი საქართველოს ევროპულმა პერსპექტივამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა სომხეთის ამბიციებში. „ვერ ვისაუბრებ აზერბაიჯანის სახელით და ეს არ იქნება სწორი. თუმცა თქვენ იცით, რომ ჩვენ მივიღეთ კანონი სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ; ეს ჩვენი განზრახვების, ჩვენი ამბიციების ნათელი დასტურია,“ უპასუხა სომხეთის პრემიერმა შეკითხვას, შეიძლება თუ არა სომხეთისა და აზერბაიჯანის შეთანხმება იყოს პირველი ნაბიჯი ევროპული ინტეგრაციისკენ ორივე ქვეყნისთვის. „ეს, გარკვეულწილად, კვლავ დაკავშირებულია რეგიონის კიდევ ერთი ქვეყნის - საქართველოს ევროპულ პერსპექტივასთან. ამ კანონის მიღება სომხეთში შესაძლებელი გახდა, რადგან ერთი წლის წინ, საქართველომ მიიღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. ვერ გეტყვით, რადგან ეს ასევე გეოგრაფიის საკითხია. თუმცა სომხეთის შემთხვევაში, ვფიქრობ, რომ საქართველოს ევროპული პერსპექტივები ძალიან მნიშვნელოვანია,“ - აღნიშნა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.
რაზე შეთანხმდნენ ტრამპი და სი ძინპინი პუსანში გამართულ შეხვედრაზე
სამხრეთ კორეის ქალაქ პუსანში, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის და ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინის შეხვედრა ერთ საათსა და ორმოც წუთს გაგრძელდა. 30 ოქტომბერს გამართული შეხვედრის შემდეგ არცერთ ლიდერს პრესისთვის განცხადება არ გაუკეთებია. მოლაპარაკების დახურულ კარს მიღმა გაგრძელებამდე დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ძალიან წარმატებულ შეხვედრას მოელის, სი ძინპინმა კი თქვა, რომ აშშ და ჩინეთი მეგობრები და პარტნიორები უნდა იყვნენ. აშშ-ის ლიდერის თქმით, შეხვედრაზე ბევრ საკითხზე შეთანხმდნენ. „საერთო ჯამში, ნულიდან 10-მდე შკალის მიხედვით, სადაც 10 საუკეთესოა, ვიტყოდი, რომ შეხვედრა 12-ზე იყო. ძალიან მნიშვნელოვანია, იცით, რომ მთელი ურთიერთობა ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანია და ვფიქრობ, რომ ეს მართლაც კარგი იყო,“ - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს Air Force One-ის ბორტზე. მოლაპარაკების წინ გავრცელებული ცნობებით, დონალდ ტრამპს და სი ძინპინს შეთანხმების დეტალებზე უნდა ემსჯელათ, რომელთა თანახმად, ჩინეთმა ერთი წლით უნდა გადაავადოს იშვიათ მიწათა მეტალების ექსპორტის შეზღუდვა, განაახლოს ამერიკული აგრარული პროდუქციის შეძენა და მიმართოს მცდელობებს შეერთებულ შტატებში ხელოვნური ნარკოტიკის, ფენტალინის შეღწევის აღსაკვეთად. თავის მხრივ, შეერთებულმა შტატებმა უარი უნდა თქვას ჩინური პროდუქციის იმპორტისთვის 100%-იანი საბაჟო გადასახადის დაწესებაზე. ვაშინგტონისკენ მიმავალმა ტრამპმა პრეზიდენტის თვითმფრინავში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „საოცარი“ შეხვედრისას ის და სი ძინპინი თითქმის ყველაფერზე შეთანხმდნენ. დონალდ ტრამპის თქმით, ჩინეთი განაახლებს ამერიკული აგრარული პროდუქციის იმპორტს, ბარიერებს აღარ შეუქმნის იშვიათ მიწათა ელემენტების ექსპორტს და მიიღებს ზომებს აშშ-ში ხელოვნური ნარკოტიკის, ფენტალინის შეღწევის აღსაკვეთად. მისი თქმით, „ჩინეთი დათანხმდა, რომ ამერიკული ენერგორესურსების შეძენის პროცესს დაიწყებს.“ „შესაძლოა, ალასკიდან ნავთობისა და გაზის შეძენის შესახებ მასშტაბური შეთანხმება მოხდეს. ჩვენი გუნდები მსგავსი შეთანხმების შემუშავების შესახებ შეხვედრას გამართავენ. დღეს მიღწეული შეთანხმებები მილიონობით ამერიკელს კეთილდღეობასა და უსაფრთხოებას მოუტანს,“ - აცხადებს აშშ-ის პრეზიდენტი. თავის მხრივ, აშშ შეამცირებს ჩინური პროდუქციის იმპორტის საბაჟო გადასახადს. ამერიკული მედიის ცნობით, ტარიფი 57%-დან 47%-მდე შემცირდება. ტრამპის განცხადებით, აშშ და ჩინეთი ერთად იმუშავებენ უკრაინის საკითხზეც. მისი თქმით, შეთანხმდნენ, რომ ერთად იმუშავებენ, იმის სანახავად, შეძლებენ თუ არა ამ ომის დასრულებას. „სი დაგვეხმარება და ჩვენ ერთად ვიმუშავებთ უკრაინის საკითხზე. ბევრი მეტი არაფრის გაკეთება შეგვიძლია,“ - აღნიშნა ტრამპმა. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჟურნალისტებს ასევე აცნობა, რომ მომავალი წლის აპრილში ჩინეთს ვიზიტით ეწვევა. ჩინეთის სახელმწიფო სააგენტო „სინხუას“ მიერ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციით, სი ძინპინმა დონალდ ტრამპთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკურმა ჯგუფებმა ღრმა მოლაპარაკებების შედეგად მიაღწიეს კონსენსუსს პრობლემების მოსაგვარებლად. მისივე თქმით, მხარეები მომავალშიც კონცენტრირებული უნდა იყვნენ გრძელვადიან მომგებიან თანამშრომლობაზე და არ უნდა მოხვდნენ საპასუხო ზომების საზიანო წრეში. სი ძინპინის განცხადებით, ჩინეთი და აშშ პარტნიორები და მეგობრები უნდა იყვნენ და მზად არის დონალდ ტრამპთან გააგრძელოს მუშაობა, რათა ორივე ქვეყნის განვითარებისთვის ხელსაყრელი გარემო შეიქმნას. ცნობისთვის, BBC წერს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და მისი ჩინელი კოლეგა სი ძინპინი, ექვსი წლის შემდეგ პირველად შეხვდნენ ერთმანეთს, რამაც მსოფლიოს ორ უდიდეს ეკონომიკას შორის დაძაბულობის დეესკალაციის იმედი გააჩინა. ტრამპმა სამხრეთ კორეაში გამართულ მოლაპარაკებებს „გასაოცარი“ უწოდა, პეკინმა კი, განაცხადა, რომ მათ „ძირითადი სავაჭრო საკითხების“ გადასაჭრელად კონსენსუსს მიაღწიეს. ურთიერთობები დაიძაბა მას შემდეგ, რაც ტრამპმა ჩინეთისთვის ტარიფების დაწესება დაიწყო, რასაც პეკინმა საკუთარი ტარიფებით უპასუხა. მხარეები მაისში ზავზე შეთანხმდნენ, თუმცა დაძაბულობა მაღალი დარჩა. ხუთშაბათის მოლაპარაკებებს ოფიციალური შეთანხმება არ მოჰყოლია, მაგრამ განცხადებები იმაზე მიუთითებს, რომ ისინი შეთანხმებასთან უფრო ახლოს არიან - რომლის დეტალებიც დიდი ხანია, კულისებში მოლაპარაკებების საგანია.
ტრამპი: დავავალე ომის დეპარტამენტს, დაიწყოს ჩვენი ბირთვული იარაღის გამოცდა
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავდაცვის უწყებას დაავალა, დაუყოვნებლივ დაიწყოს აშშ-ის ბირთვული იარაღის გამოცდა სხვა ქვეყნებთან თანაბარ პირობებში. ტრამპმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში დაწერა, რომ აშშ-ის ყველა სხვა ქვეყანაზე მეტი ბირთვული იარაღი აქვს, რუსეთი მეორე ადგილზეა, ჩინეთი - მესამეზე. „უზარმაზარი დამანგრეველი ძალის გამო, მძულდა ამის გაკეთება, მაგრამ არჩევანი არ მქონდა! რუსეთი მეორე ადგილზეა, ჩინეთი კი - შორეულ მესამეზე, თუმცა 5 წელიწადში გაგვითანაბრდება. სხვა ქვეყნების მიერ პროგრამების გამოცდის გამო, დავავალე ომის დეპარტამენტს, რომ დაიწყოს ჩვენი ბირთვული იარაღის გამოცდა თანაბარ საფუძველზე. ეს პროცესი დაუყოვნებლივ დაიწყება,“ - განაცხადა ტრამპმა. „ჩვენ სხვებზე მეტი ბირთვული იარაღი გვაქვს, ამიტომ, მიზანშეწონილია, რომ გამოცდა ჩვენც ჩავატაროთ. ბირთვული იარაღის გამოცდას ყველა ატარებს. ჩვენ გამოცდებს არ ვატარებთ, მაგრამ, როდესაც სხვები ამას აკეთებენ, ვფიქრობ, მიზანშეწონილია, რომ გამოცდა ჩვენც ჩავატაროთ,“ - განუცხადა დონალდ ტრამპმა უფრო ადრე ჟურნალისტებს Air Force One-ის ბორტზე. მისი თქმით, აშშ რუსეთთან ბირთვული განიარაღების საკითხზე მოლაპარაკებებს აწარმოებს. „დენუკლეარიზაციის ხილვა მსურს. ამის შესახებ რუსეთთან ვსაუბრობთ და შესაძლოა ჩინეთიც შემოგვიერთდეს,“ - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
აშშ-ის მიერ სანქცირებული „ლუკოილი“ უცხოურ აქტივებს შვეიცარიულ კომპანიას მიჰყიდის
რუსული ენერგეტიკული გიგანტი „ლუკოილი“ აშშ-ის სანქციების საპასუხოდ, შვეიცარიაში დაფუძნებულ კომპანიას თავის უცხოურ აქტივებს მიჰყიდის. კომპანიის განცხადებით, მისი უცხოური აქტივების შვეიცარიაში დაფუძნებული ენერგეტიკული სავაჭრო კომპანია Gunvor-ისთვის მიყიდვა, „გარკვეული სახელმწიფოების მიერ კომპანიისა და მისი შვილობილი კომპანიების წინააღმდეგ დაწესებულ შემზღუდავ ზომებს“ უკავშირდება. Politico-ს ცნობით, კომპანია Gunvor-ის თანადამფუძნებელი რუსი მილიარდერი და პუტინის ახლო მოკავშირე გენადი ტიმჩენკოა. გამოცემა წერს, რომ ტიმჩენკომ კომპანიაში თავისი წილი 2014 წელს მას შემდეგ გაყიდა, რაც რუსეთის მიერ ყირიმში შეჭრის გამო, სანქციები დაწესდა. შეგახსენებთ, „ლუკოილმა“ უცხოური აქტივების გაყიდვის განზრახვის შესახებ მიმდინარე კვირის დასაწყისში გამოაცხადა. ამჟამად „ლუკოილი“ მსოფლიოში დაახლოებით 5000 ავტოგასამართ სადგურს მართავს და „როსნეფტთან“ ერთად, მოსკოვის ნედლი ნავთობის ექსპორტის დაახლოებით ორ მესამედს ითვლის. ამერიკამ ორი უდიდესი რუსული ნავთობკომპანია - “როსნეფტი” და “ლუკოილი” დაასანქცირა
დაკავებულია ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე, ყოფილ მინისტრთან ჩხრეკა ჩატარდა
სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, ფინანსთა სამინისტრომ და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე კობა გაბუნია დააკავეს. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილემ, ია ახალაიამ ბრიფინგზე განაცხადა. ახალაიამ აღნიშნა, რომ გამოძიების ფარგლებში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრის ირაკლი ქარსელაძის სახლიც გაიჩხრიკა. გამოძიების თანახმად, საქმე ეხება 30 საბავშვო ბაღის რეაბილიტაციის საქმეს. „ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთობლივი ღონისძიების ფარგლებში სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე კობა გაბუნია დააკავეს, რომელიც სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის კურატორი გახლდათ. ასევე, კომპლექსური ღონისძიების ფარგლებში პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკები ჩატარდა დაკავებულ კობა გაბუნიასთან, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილ მინისტრ ირაკლი ქარსელაძესთან და სხვა პირებთან - სულ 20 სხვადასხვა ობიექტზე. როგორც უკვე ცნობილია, დაკავებულები იყვნენ სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი დავით ტაბიძე, ფონდის პროგრამის მენეჯერი და ამავე სამსახურის პროექტის მენეჯერი, რომლებმაც სრულად ითანამშრომლეს გამოძიებასთან და მათ აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლოს მიერ გირაო შეეფარდათ. საზოგადოებისთვის ასევე ცნობილია, რომ მუნიციპალური განვითარების ფონდიდან, 30 საბავშვო ბაღის რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი 9 365 801 ლარის თაღლითურად დაუფლებისა და 1 211 000 ლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დაკავებულები არიან შპს „ლაგი კაპიტალის“ ხელმძღვანელი პირები. გამოძიების მასალების მიხედვით, შპს „ლაგი კაპიტალის“ მიერ 2023 წლის ივლისიდან 2024 წლის მაისამდე პერიოდში, ფონდში წარდგენილი ავანსის მოთხოვნები იყო დაუსაბუთებელი და მხოლოდ ნაწილობრივ უზრუნველყოფილი. დასახელებულმა პირებმა, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილის კობა გაბუნიას დავალებით სამსახურებრივი უფლებამოსილება ბოროტად გამოიყენეს და უპირატესობის მინიჭების მიზნით, მიუხედავად იმისა, რომ კომპანიის მიერ 2023 წლის ივლისის თვეში მიღებული ავანსი არ იყო დახარჯული მიზნობრივად, 2023-2024 წლებში შპს „ლაგი კაპიტალზე“ საბავშვო ბაღების რეაბილიტაციისთვის მაინც გასცეს 11 218 380 ლარის დაუსაბუთებელი ავანსი, საიდანაც შპს „ლაგი კაპიტალის“ ხელმძღვანელი პირები თაღლითურად დაეუფლნენ 9 365 801 ლარს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 180-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, 194-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 9-იდან 12 წლამდე ვადით ითვალისწინებს. აღნიშნულ და მსგავსი კატეგორიის საქმეებზე საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთად ვაგრძელებთ ინტენსიურ ოპერატიულ და საგამოძიებო მოქმედებებს რათა უზრუნველყოფილი იქნას კორუფციულ დანაშაულებში მონაწილე პირთა მხილება, პასუხისგებაში მიცემა და კორუფციული ფაქტების მაქსიმალური პრევენცია,“ - განაცხადა ახალაიამ.
ერდოღანი მერცს: გერმანია ვერ ხედავს ისრაელის „გენოციდს“ ღაზის სექტორში?
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მკაცრად გააკრიტიკა „ისრაელის ქმედებები“ ღაზის სექტორში და მოუწოდა გერმანიას, შეუერთდეს ჰუმანიტარული კრიზისის დასრულების მცდელობებს. ამის შესახებ ერდოღანმა გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცთან ერთად, ანკარაში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ „არ ეთანხმება გერმანიის კანცლერის მიერ ისრაელის მხარდაჭერის შესახებ ადრე გაკეთებულ განცხადებებს და რომ ისრაელის თავდასხმების შედეგად, თითქმის 60 000 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, ბავშვები, ქალები და მოხუცები.“ ერდოღანმა განაცხადა, რომ „ჰამასს“ „არც ბომბები აქვს და არც ბირთვული იარაღი, მაგრამ ისრაელს აქვს“ და რომ ისრაელმა ისინი გუშინ ღაზაზე თავდასხმისთვის გამოიყენა.“ „გერმანია, ვერ ხედავ ამას?“ იკითხა ერდოღანმა. მერცმა განაცხადა, რომ მისი მთავრობა ისრაელის გვერდით იდგა 2023 წლის 7 ოქტომბერს „ჰამასის“ მიერ განხორციელებული თავდასხმის შემდეგ და რომ მისი აზრით, ისრაელი თავდაცვის უფლებას იყენებდა. „უამრავი მსხვერპლის თავიდან ასაცილებლად მხოლოდ ერთი გადაწყვეტილება იქნებოდა საჭირო. „ჰამასს“ უფრო ადრე უნდა გაეთავისუფლებინა მძევლები და იარაღი დაედო,“ - თქვა მერცმა და აღნიშნა, რომ იმედოვნებს, აშშ-ის შუამავლობით და თურქეთის მხარდაჭერით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებით, ომი დასრულდება. თურქეთის ლიდერმა განაცხადა, რომ მან მერცს გადასცა ანკარის შეხედულებები ღაზას სექტორში განახლებული სისასტიკის თავიდან აცილების შესახებ და ხაზი გაუსვა ორი სახელმწიფოს გადაწყვეტის მხარდაჭერას, როგორც ხანგრძლივი მშვიდობისკენ მიმავალ გზას. „ისევე, როგორც ჩვენ გვსურს რუსეთ-უკრაინის ომის დასრულება, ჩვენ ასევე ვუჭერთ მხარს ისრაელის ომის დასრულებას ღაზის სექტორში.“ „თურქეთი და გერმანია ორი მთავარი ქვეყანაა, რომლებსაც შეუძლიათ ამის მისაღწევად ძალების გაერთიანება,“ - განაცხადა ერდოღანმა. მან ისრაელი გენოციდის განხორციელებაში კვლავ დაადანაშაულა. ისრაელი გენოციდის შესახებ ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ მისი სამხედრო კამპანია „ჰამასის“ წინააღმდეგაა მიმართული და არა ღაზის სექტორის მშვიდობიანი მოსახლეობის. ისრაელი აცხადებს, რომ ის ნაბიჯებს დგამს მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ზიანის მინიმიზაციისთვის. წელს გერმანიამ ისრაელში სამხედრო ექსპორტი შეაჩერა, ჰუმანიტარული მდგომარეობის გაუარესების მოტივით. თუმცა თავი შეიკავა გენოციდის ბრალდებების მხარდაჭერისგან და აცხადებს, რომ ისრაელის კრიტიკა არ უნდა გახდეს ანტისემიტიზმის საბაბი. ერდოღანმა განაცხადა, რომ მას კვლავ სჯერა, რომ გერმანიას და თურქეთს შეუძლიათ თანამშრომლობა შიმშილის დასასრულებლად ღაზის სექტორში დახმარების მიწოდების უზრუნველყოფით. მან ასევე აღნიშნა NATO-ს მოკავშირეების პოტენციალი, ყურადღება გაამახვილონ თავდაცვის ინდუსტრიის ერთობლივ პროექტებზე და კიდევ ერთხელ დაადასტურა ანკარის სურვილი, გაწევრიანდეს ევროკავშირში. მერცმა განაცხადა, რომ თურქეთს ევროკავშირის ახლო პარტნიორად მიიჩნევს და სურს ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება, მათ შორის, ტრანსპორტის სექტორსა და მიგრაციის საკითხებში Reuters-ი წერს, რომ NATO-ს მოკავშირეებს შორის საჯარო დაპირისპირება, მერცის მიერ თანამდებობის დაკავების შემდეგ, თურქეთში პირველი ვიზიტის დროს გამოიკვეთა. ერდოღანმა შოლცთან შეხვედრაზე ისრაელი გააკრიტიკა
მერცი: გერმანიას სურს, თურქეთი ევროკავშირში იხილოს
გერმანია თურქეთს ევროკავშირის ახლო პარტნიორად მიიჩნევს. გერმანიის კანცლერმა კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი ქვეყნის მხარდაჭერა თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების დიდი ხნის შეფერხებული მცდელობის მიმართ და ხაზი გაუსვა დემოკრატიული სტანდარტების წინსვლის მნიშვნელობას. „პირადად მე და გერმანიის მთავრობა თურქეთს ევროკავშირის ახლო პარტნიორად მივიჩნევთ. ჩვენ გვსურს, გავაგრძელოთ ევროპისკენ გზის გასწორება,“ - განაცხადა მერცმა ანკარაში თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე. თურქული მედიის ცნობით, კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ ბერლინს სურს, ანკარა ევროკავშირში იხილოს. მან ხაზი გაუსვა თურქეთის როლი საგარეო პოლიტიკაში. „თურქეთი ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშეა ყველა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხში, რომელიც გვაღელვებს,“ - განაცხადა მერცმა, რომელიც თურქეთს კანცლერის რანგში პირველად ეწვია. თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან ერთად დედაქალაქ ანკარაში გამართულ პრესკონფერენციაზე მან პირობა დადო, რომ გერმანია უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში თურქეთთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობას გააგრძელებს.
პრინცი ენდრიუ „პრინცის“ ტიტულს კარგავს და სამეფო სასახლეს ტოვებს
BBC-ის ცნობით, პრინცი ენდრიუ „პრინცის“ ტიტულს კარგავს და უინძორის სასახლეს ტოვებს, მას შემდეგ, რაც სექსუალური ტრეფიკინგის საქმეში ბრალდებულ ჯეფრი ეპშტეინთან მისი კავშირის შესახებ რამდენიმე კვირის განმავლობაში ინტენსიური მოკვლევა მიმდინარეობს. ბუკინგემის სასახლის მიერ გავრცელებული განცხადებით, მეფის ძმა ამიერიდან ენდრიუ მაუნტბატენ უინძორის სახელით იქნება ცნობილი. სასახლის განცხადებით, მეფემ „დღეს დაიწყო ოფიციალური პროცესი პრინც ენდრიუს სტილის, ტიტულებისა და პატივის ჩამორთმევის მიზნით.“ ამასთან, ის სასახლეს დატვებს და კერძო საცხოვრებელში, სანდრინგემის მამულში გადავა. ბუკინგემის სასახლეში აცხადებენ, რომ ეს „ზომები აუცილებელია“ იმის მიუხედავად, რომ პრინცი ენდრიუ მის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებს უარყოფს. სასახლე ასევე გამოხატავს მხარდაჭერას „ნებისმიერი და ყველა ფორმის ძალადობის“ მსხვერპლთა მიმართ. ფინანსისტ ჯეფრი ეპშტეინს სექსუალური ტრეფიკინგის საქმეზე ბრალი 2019 წელს წაუყენეს. ის ციხეში გარდაიცვალა. 2022 წელს დედის, დედოფალ ელისაბედ მეორის თანხმობით, პრინც ენდრიუს ჩამოართვეს სამხედრო წოდებები და სამეფო პატრონაჟი მას შემდეგ, რაც პრინცის ადვოკატებმა ამერიკული სასამართლო ვერ დაარწმუნეს, შეეწყვიტა სექსუალური ძალადობის შესახებ ენდრიუს მიმართ არსებული ბრალდების განხილვა. დაახლოებით ორი კვირის წინ პრინცმა ენდრიუმ თავად თქვა უარი, რომ საჯარო სივრცეში მოხსენიებული ყოფილიყო იორკის ჰერცოგად და სხვა ტიტულებით, თუმცა ბრიტანეთის პოლიტიკური და საზოგადოებრივი წრეების წარმომადგენლები მოითხოვდნენ ენდრიუსთვის ტიტულების ოფიციალურად ჩამორთმევას. უინძორის სასახლის რეზიდენცია Royal Lodge-ს დატოვებს ენდრიუს ყოფილი ცოლი სარა ფერგიუსონი. 1996 წელს განქორწინების შემდეგაც სარა ფერგიუსონი ამ რეზიდენციაში ცხოვრობდა. მამისთვის პრინცის ტიტულის ჩამორთმევის მიუხედავად, პრინცესის ტიტული შეინარჩუნეს ენდრიუს ქალიშვილებმა ბეატრისმა და ევგენიამ.
ტრამპმა ლტოლვილთა დასაშვები რაოდენობა რეკორდულად დაბალ ნიშნულამდე შეამცირა
აშშ მომავალ წელს ქვეყანაში დაშვებული თავშესაფრების მაძიებლების რაოდენობას 125 000-დან 7 500-მდე შეამცირებს. ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ პრიორიტეტი თეთრკანიან სამხრეთაფრიკელებს მიენიჭებათ. BBC წერს, რომ ეს ქვეყნის ისტორიაში ყველაზე დაბალი ლიმიტია.
საქართველოს მთავრობა უკრაინას გენერატორებს უგზავნის
საქართველოს მთავრობა უკრაინას გენერატორებს გაუგზავნის. განკარგულება, რომელსაც ხელს აწერს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცა. განკარგულების თანახმად, 1 500 000 ლარის ღირებულების სხვადასხვა ტიპის გენერატორებს უკრაინისთვის გადასაცემად საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი შეისყიდის. საქართველოს მიერ გაგზავნილი გენერატორები უკრაინაშია
ირანმა სომხეთსა და საქართველოში ახალი ელჩები დანიშნა
ირანმა თბილისსა და ერევანში ახალი ელჩები დანიშნა. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ განაცხადა. ალი მოჯანი საქართველოში ირანის ელჩის თანამდებობას დაიკავებს, ხოლო ხალილ შირღოლამი დიპლომატიურ მისიას სომხეთში უხელმძღვანელებს. ალი მოჯანი ადრე ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს არქივებისა და დიპლომატიური ისტორიის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა და გერმანიაში ისლამური რესპუბლიკის კულტურის სფეროს მრჩევლად მუშაობდა. შირღოლამი მუშაობდა თეირანში მდებარე წამყვან ირანულ საგარეო პოლიტიკის კვლევით ცენტრში — პოლიტიკურ და საერთაშორისო კვლევათა ინსტიტუტში — კვლევების საკითხებში ვიცე-პრეზიდენტის პოზიციაზე.
მედიის ცნობით, აშშ-მ ვენესუელის წინააღმდეგ დარტყმების განხორციელება გადაწყვიტა
რეპორტიორმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ჰკითხა: არსებობს ინფორმაცია, რომ თქვენ ვენესუელაში დარტყმების განხორციელებას განიხილავთ. ეს სიმართლეა? ტრამპის პასუხი შემდეგია: არა, ეს საიმართლე არ არის. მანამდე გავრცელდა ცნობა, რომ აშშ-მ ვენესუელის წინააღმდეგ დარტყმების განხორციელება გადაწყვიტა. ამ ცნობებს ამერიკული გამოცემები Miami Herald-ი და Wall Street Journal-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებენ. Miami Herald-ის წყაროების ინფორმაციით, დარტყმები ნებისმიერ დროს შეიძლება, განხორციელდეს. Wall Street Journal-ის ინფორმაციით კი, დარტყმების მიზანი სამხედრო ობიექტების განადგურება იქნება, რომლებიც ნარკოტიკების უკანონო ბრუნვისთვის გამოიყენება. აშშ-ში თვლიან, რომ ამ ნარკოტრაფიკით დაკავებულია ორგანიზაცია, რომელსაც ვენესუელელი დიქტატორი ნიკოლას მადურო ხელმძღვანელობს და მისი რეჟიმის მაღალი თანამდებობის პირების მიერ იმართება. Miami Herald-ის წყაროების ინფორმაციით, ამერიკულმა დარტყმებმა „რამდენიმე დღეში ან თუნდაც საათში“ გაანადგურონ არამხოლოდ სამხედრო ობიექტები, არამედ, ნარკოკარტელის ხელმძღვანელობის ლიკვიდაციაც მოახდინონ. Wall Street Journal-ის ცნობით, ტრამპის ადმინისტრაციამ ვენესუელაში სამიზნეები განსაზღვრა, რომელთა შორის სამხედრო ობიქტებია, რომლებიც ნარკოტიკების კონტრაბანდისთვის გამოიყენება. თუ აშშ-ის ხელმძღვანელობა საჰაერო დარტყმების განხორციელებას გადაწყვეტს, ეს მკაფიო სიგნალი იქნება ნიკოლას მადუროსთვის, რომ გადადგომის დრო მოვიდა. Miami Herald-ის წყაროებმა უარი თქვეს, დაეკონკრეტებინათ, არის თუ არა სამიზნე თავად მადურო, მაგრამ ერთ-ერთმა წყარომ აღნიშნა, რომ მისი დრო დასარულს უახლოვდება. „მადურო შეიძლება მალე ხაფანგში აღმოჩნდეს და შეიძლება მალე აღმოაჩინოს, რომ ქვეყნიდან გაქცევა არ შეუძლია, რომც გადაწყვიტოს. რაც უარესია მისთვის, ახლა ერთ გენერალზე მეტია, ვისაც მისი დაკავება და გადმოცემა სურს, იმის სრულიად გააზრებით, რომ ერთია სიკვდილზე ისაუბრო, და მეორეა - მის მოახლოებას ხედავდე,“ - განაცხადა ერთ-ერთმა წყარომ.
პენტაგონმა უკრაინისთვის Tomahawk-ის რაკეტების გადაცემა დაამტკიცა, საბოლოო გადაწყვეტილება ტრამპზეა - CNN
პენტაგონმა უკრაინისთვის Tomahawk რაკეტების გადაცემაზე ნებართვა გასცა, საბოლოო გადაწყვეტილება ტრამპზეა. შესაბამის ინფორმაციას CNN-ი სამ ამერიკელ და ევროპელ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის ცნობით, აშშ-ის ომის დეპარტამენტმა უკრაინისთვის Tomahawk-ის რაკეტების გადაცემაზე ნებართვა გასცა მას შემდეგ, რაც შეაფასა, რომ ეს უარყოფითად არ აისახება ამერიკულ მარაგებზე. საბოლოო გადაწყვეტილება აშშ-ის პრეზიდენტზე, დონალდ ტრამპზეა. ამერიკულ Tomahawk რაკეტებს დაახლოებით 1,600 კილომეტრის მოქმედების რადიუსი აქვთ. ტრამპი: გვირჩევნია, რომ უკრაინას Tomahawk-ები არ დასჭირდეს, გვირჩევნია, რომ ომი დასრულდეს
თურქეთმა სირიელი სამხედროების წვრთნა დაიწყო
სირიის თავდაცვისა და უსაფრთხოების შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით, ერთობლივი წვრთნებისა და კონსულტაციების შესახებ ხელმოწერილი ურთიერთგაგების მემორანდუმის (MoU) ფარგლებში, თურქეთის სამხედრო აკადემიებში 49 სირიელი კურსანტი დაიწყებს წვრთნას. ამის შესახებ ეროვნული თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა. სირიასთან თანამშრომლობაზე საუბრისას, პრესსპიკერმა აღნიშნა, რომ სირიის მთავრობა „აგრძელებს გულმოდგინე ძალისხმევას ყველა ინსტიტუტის რესტრუქტურიზაციისა და ქვეყანაში სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიმართულებით.“ ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტის სამხედრო აკადემიებსა და ოფიცერთა პროფესიულ სკოლებში ამჟამად 29 მეგობარი და მოკავშირე ქვეყნის 696 კურსანტი და 241 სერჟანტი გადის სწავლებას. „წვრთნა სირიის თავდაცვისა და უსაფრთხოების შესაძლებლობების გაძლიერების ძალისხმევის ნაწილია,“ - აცხადებს სამინისტროს წარმომადგენელი
ტრამპის გუნდი ყაზახეთში, ვოლფრამის საბადოზე ამერიკული კომპანიის წვდომას მხარს უჭერს - Bloomberg
Bloomberg-ის ცნობით, ტრამპის ადმინისტრაციამ მოლაპარაკებები დაიწყო, რათა ყაზახეთში, მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს, გამოუყენებელ ვოლფრამის საბადოზე წვდომა უზრუნველყოს - რაც მიზნად ისახავს კრიტიკული მინერალების სფეროში ჩინეთზე დამოკიდებულების შემცირებას. საკითხთან დაკავშირებული პირების ცნობით, ვაჭრობის მინისტრი ჰოვარდ ლუტნიკი Cove Kaz Capital Group LLC-სა და ყაზახეთის სუვერენულ ფონდ Samruk-Kazyna-ს შორის მოლაპარაკებებს ხელს უწყობს. „ვაშინგტონი გარიგების ფინანსურ მხარდაჭერას განიხილავს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციისა და ექსპორტ-იმპორტის ბანკის მეშვეობით, თუმცა „ადმინისტრაცია არ ცდილობს აქციების შეძენას,“ - განაცხადა აშშ-ის ოფიციალურმა პირმა. თუ პროექტი დასრულდება, ვოლფრამის პროექტი ყაზახეთს „მსოფლიო ვოლფრამის ბაზრის ერთ-ერთ მთავარ მონაწილედ“ აქცევს. ლითონს პენტაგონი საბრძოლო მასალისა და ჯავშანტექნიკისთვის იყენებს, ჩინეთი კი, გლობალური მიწოდების დაახლოებით 80%-ს აწარმოებს.
ევროკავშირი შუა დერეფნის შესახებ ახალ წინადადებას წარადგენს
Trend-ის ცნობით, ევროკავშირმა განაცხადა, რომ მზადაა, მხარი დაუჭიროს თავის წევრებსა და პარტნიორ ქვეყნებს ახალი თანამშრომლობის ჩარჩოს შემუშავებაში, რათა წინ წავიდნენ „დაკავშირებადობის დღის წესრიგის“ რეალიზების მიზნით. ახალ წინადადებას განსახილველად და შემდგომი მუშაობისთვის ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის ინვესტორებისა და კავშირგაბმულობის ფორუმზე ტაშკენტში, 27 ნოემბერს წარადგენენ. განცხადება მოჰყვა 20 ოქტომბერს ლუქსემბურგში გამართულ რეგიონთაშორისი უსაფრთხოებისა და კავშირის მინისტერიალის შეხვედრას, რომელშიც მონაწილეობდნენ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების, ასევე, სომხეთის, აზერბაიჯანის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, მოლდოვის რესპუბლიკის, ტაჯიკეთის, თურქეთის, თურქმენეთის, უკრაინისა და უზბეკეთის წარმომადგენლები. შეხვედრას თანათავმჯდომარეობდნენ ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენელი და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი, კაია კალასი, გაფართოების საკითხებში კომისარი მარტა კოსი და საერთაშორისო პარტნიორობის საკითხებში კომისარი იოზეფ სიკელა. განხილვები ეხებოდა შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოებას, სტაბილურობასა და მდგრადობას; ფოკუსირებული იყო ცენტრალური აზიის ქვეყნებთან რეგიონთაშორის კავშირზე. მონაწილეებმა ცვალებადი გეოპოლიტიკური გარემოს ფონზე, ევროპას, სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიას შორის კავშირების გაძლიერების გზები განიხილეს. ტრანსპორტის სფეროში, მოლაპარაკებებისას ხაზი გაესვა ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის გაძლიერებას და დიალოგის დაწყებას ევროკავშირს, შავი ზღვის ქვეყნებს, თურქეთს, სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიას შორის კავშირების გაფართოების მიზნით. თანათავმჯდომარეების დასკვნების თანახმად, მომავალი წინადადება არსებულ პლატფორმებს დაეფუძნება და მასში საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები, კერძო ინვესტორები და პარტნიორები ჩაერთვებიან.