ძებნის რეზულტატი:

თამარ იოსელიანი: ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურში პირველი გემი 2029 წლისთვის შემოვა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, თამარ იოსელიანის განცხადებით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი პირველ გემს 2029 წლისთვის მიიღებს. ამის შესახებ თამარ იოსელიანმა „აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში გამართულ პანელური დისკუსიაზე – „ინფრასტრუქტურული პროექტები საქართველოს მეტი დაკავშირებადობისთვის“ ისაუბრა. „ანაკლია არ არის პორტი, ეს არის პლატფორმა იმისთვის, რომ გარკვეული მიმართულებით მომსახურება განხორციელდეს. ანაკლიის საზღვაო პორტის მახლობლად იქნება საჭირო ინფრასტრუქტურა შექმნილი და ყურადღება მიექცევა ინოვაციების დანერგვას იმის მიხედვით, თუ რას მოითხოვს სამუშაო რეჟიმი,“ -  განაცხადა მინისტრის მოადგილემ. თამარ იოსელიანმა განმარტა, რომ აქ საუბარია საკმაოდ მედეგ ინფრასტრუქტურაზე. „ჩვენ უკვე კონკრეტულად ვიცით, თუ რა სარგებელს მოუტანს ქვეყანას ეს პორტი. საწყის ფაზაში, დაახლოებით, 300 სამუშაო ადგილი უკვე არის შექმნილი და ვფიქრობთ, რომ ამავე, საწყის ეტაპზე სამუშაო ადგილების რაოდენობა ათასს მიაღწევს,“ – აღნიშნა თამარ იოსელიანმა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის განმარტებით, საქართველოს მთავრობა აქტიურად ახორციელებს ინვესტიციებს ხსენებულ პროექტში. „ანაკლიის პორტი არ არის ერთადერთი პროექტი, რომლითაც საქართველო ცდილობს, რომ მომავალში გაიხედოს,“ – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ.  

სუს-ი: ირაკლი ღარიბაშვილმა სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან და აღიარა წლების განმავლობაში უკანონო შემოსავლების მიღების ფაქტი

სუს-ის ანტიკორუფციულ სააგენტოში ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გამოიკითხა. ამის შესახებ სუს-ში გამართულ ბრიფინგზე ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორმა, ემზარ გაგნიძემ განაცხადა. ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილმა სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან და აღიარა წლების განმავლობაში უკანონო შემოსავლების მიღების ფაქტი. სუს-ში აცხადებენ, რომ მომდევნო დღეების განმავლობაში გამოძიება არსებული და დამატებითი მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე იმსჯელებს როგორც ირაკლი ღარიბაშვილის ქმედების დაკვალიფიცირების, ასევე, მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შერჩევის საკითხზე. „როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, მიმდინარეობს ინტენსიური, კომპლექსური, ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებები სისხლის სამართლის საქმეებზე, რომლებთან დაკავშირებითაც წინა დღეების განმავლობაში ჩატარდა სხვადასხვა, მათ შორის, ყოფილი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და მათთან დაკავშირებული პირების საცხოვრებელი ბინების ჩხრეკები. მოგეხსენებათ, რომ რამდენიმე წუთის წინ საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გაიმართა ბრიფინგი ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეზე და ხსენებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად ერთ-ერთ დაკავებულ პირთან დაკავშირებით. დამატებით, საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ დღეს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოში გამოიკითხა ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელმაც სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან და აღიარა წლების განმავლობაში უკანონო შემოსავლების მიღების ფაქტი. შესაბამისად, მომდევნო დღეების განმავლობაში გამოძიება არსებული და დამატებითი მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე იმსჯელებს მის მიმართ, როგორც მისი ქმედების დაკვალიფიცირების, ასევე, მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შერჩევის საკითხზე, რაც ასევე ეცნობება საზოგადოებას,“ - განაცხადა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორმა, ემზარ გაგნიძემ.  

აშშ-მ უკრაინას რუსეთის სიღრმეში შორი რადიუსის რაკეტების გამოყენებაზე შეზღუდვა მოუხსნა - WSJ

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ გააუქმა ძირითადი შეზღუდვა, რომელიც უკრაინის მიერ რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებისთვის დასავლური შორი მოქმედების რაკეტების გამოყენებას ზღუდავდა, იტყობინება The Wall Street Journal-ი. გამოცემა, აშშ-ის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ეს გადაწყვეტილება უკრაინას საშუალებას აძლევს, დაარტყას მტრის სამხედრო სამიზნეებს რუსეთის სიღრმეში. კერძოდ, კიევს შეუძლია, გამოიყენოს ბრიტანული Storm Shadow რაკეტები, რომელთა მოქმედების რადიუსი 180 მილზე (თითქმის 300 კმ) მეტია. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ეს რაკეტა ბრიანსკში ქიმიურ ქარხანაზე იერიშისას გამოიყენა. ეს გადაწყვეტილება მიღებულია მას შემდეგ, რაც ასეთი ოპერაციების დამტკიცების კონტროლი აშშ-ის თავდაცვის მდივნისგან ევროპაში ამერიკული ძალების სარდლობას გადაეცა. აშშ-მ არ დაადასტურა, გეგმავს თუ არა უკრაინისთვის ამერიკული Tomahawk რაკეტების მიწოდებას. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსებს ეშინიათ არა იმდენად თავად „ტომაჰავკის“ რაკეტების, არამედ იმის, თუ როგორ შეძლებს უკრაინა მათ სხვა შეიარაღებასთან შერწყმას. მანვე აღნიშნა, რომ ამ რაკეტების მიწოდების შესაძლებლობის ხსენებაც კი კრემლში პანიკას იწვევს. განახლება: აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სიცრუეს უწოდებს WSJ-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ აშშ უკრაინას შორი რადიუსის რაკეტების რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენებაზე შეზღუდვებს უხსნის.  

Kardesa-ს წყალქვეშა საკაბელო სისტემაში ბულგარეთი, თურქეთი, საქართველო და უკრაინა ჩაერთვებიან - მედია

Vodafone Ukraine [NEQSOL Holding-ის ნაწილი] და Vodafone Group-ი შავ ზღვაში ახალი მაღალი სიმძლავრის წყალქვეშა საკაბელო სისტემის მშენებლობას მალე დაიწყებენ - პროექტი ევროპასა და აზიას შორის ულტრათანამედროვე ციფრულ დერეფანს შექმნის. Kardesa-ს წყალქვეშა საკაბელო სისტემაში ბულგარეთი, თურქეთი, საქართველო და უკრაინა ჩაერთვებიან, რაც ციფრული მარშრუტების მრავალფეროვნებას გაზრდის. პროექტი ინტერნეტის საიმედოობას, მდგრადობას და სიჩქარეს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს, რაც ახალი ინვესტიციების მოზიდვასა და ადგილობრივი ციფრული ეკონომიკის ზრდის დაჩქარებას შეუწყობს  ხელს. ბულგარეთში პროექტის ამუშავება 2027 წლისთვის იგეგმება, რასაც მიჰყვებიან თურქეთი, საქართველო და უკრაინა. პროექტს გლობალური ლიდერი Xtera განახორციელებს, რომლის საერთო ინვესტიცია 100 მილიონ ევროს აჭარბებს.  

ამერიკამ ორი უდიდესი რუსული ნავთობკომპანია - “როსნეფტი” და “ლუკოილი” დაასანქცირა

აშშ-მ რუსეთის მსხვილ ნავთობმწარმოებელ კომპანიებს Rosneft-სა და Lukoil-ს სანქციები დაუწესა. ვაშინგტონმა მოუწოდა მოსკოვს, დაუყონებლივ დათანხმდეს ცეცხლის შეწყვეტას. შესაბამის ინფორმაციას აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტი ავრცელებს. მისი განმარტებით, აშშ-ის სანქციები “რუსეთის მხრიდან უკრაინაში ომის დასარულებლად სერიოზული ერთგულების ნაკლებობის შედეგია.” აშშ მოუწოდებს რუსეთს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ცეცხლი. დასანქცირებულია "როსნეფტისა" და "ლუკოილის" 34 შვილობილი კომპანიაც. განცხადებაში აღნიშნულია, რომ დღევანდელი სანქციები ზეწოლას ზრდის რუსეთის ენერგეტიკის სექტორზე და ამცირებს კრემლის შესაძლებლობას, “მისი ომის მანქანისთვის შემოსავლების მოსაპოვებლად და თავისი დასუსტებული ეკონომიკის მხარდასაჭერად.” „ახლა მკვლელობების შეწყვეტისა და დაუყოვნებლივი ცეცხლის შეწყვეტის დროა. პრეზიდენტი პუტინის უარის გათვალისწინებით, დაასრულოს ეს უაზრო ომი, სახაზინო დეპარტამენტი რუსეთის ორ უდიდესი ნავთობკომპანიას ასანქცირებს, რომლებიც კრემლის ომის მანქანას აფინანსებენ. სახაზინო დეპარტამენტი მზად არის, შემდგომი ქმედებებისთვის, თუ საჭირო იქნება, რათა მხარი დაუჭიროს პრეზიდენტ ტრამპის მცდელობებს, დაასრულოს კიდევ ერთი ომი. ჩვენს მოკავშირეებს მოვუწოდებთ, შემოგვიერთდნენ და დაიცვან ეს სანქციები,” - განაცხადა აშშ-ის სახაზინო მდივანმა, სკოტ ბესენტმა. სახაზინო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ “როსნეფტი” ვერტიკალურად ინტეგრირებული ენერგოკომპანიაა, რომელიც სპეციალიზირებულია ბენზინის, ბუნებრივი აირისა და ნავთობპროდუქტების აღმოჩენაში, მოპოვებაში, გადამუშავებაში, ტრანსპორტირებასა და გაყიდვაში. “ლუკოილი” კი, თავის მხრივ, ჩართულია ნავთობისა და ბუნებრივი აირის მოპოვებაში, წარმოებაში, გადამუშავებაში, მარკეტინგსა და გავრცელებაში, როგორც რუსეთში, ასევე, საერთაშორისოდ.  

მკვლევრებმა შექმნეს ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტი, რომელიც სასაუბრო აპლიკაციებში პროპაგანდას ავლენს

შვეიცარიის ლოზანის ფედერალური პოლიტექნიკური სკოლის (EPFL) მკვლევრებმა, გერმანიის მაქს პლანკის ინსტიტუტისა და ბოხუმის რურის უნივერსიტეტთან ერთად, შექმნეს ხელოვნური ინტელექტის ინოვაციური ინსტრუმენტი, რომელიც სასაუბრო აპლიკაციებში, [როგორიცაა Telegram-ი] პროპაგანდას ავლენს. 13.7 მილიონი პოლიტიკური კომენტარის ანალიზის შედეგად, სისტემამ ამოიცნო განმეორებადი კონტენტის ნიმუშები 97.6%-იანი სიზუსტით, რაც მნიშვნელოვნად აღემატება ადამიანის შესაძლებლობებს. აღნიშნული ნიმუშები დეზინფორმაციის ქსელების არსებობაზე მიუთითებს.   

ტრამპი: გავაუქმეთ პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრა - ვფიქრობ, სანქციებს აუცილებლად ექნება გავლენა

აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტების, დონალდ ტრამპის და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა, რომელიც უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში უნდა გამართულიყო, არ შედგება. ტრამპმა 22 ოქტომბერს, თეთრ სახლში NATO-ს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან შეხვედრის შემდეგ მედიას განუცხადა, რომ პუტინთან შეხვედრა გააუქმა. შეერთებული შტატების პრეზიდენტის შეფასებით, შეხვედრა არასწორი იქნებოდა, რადგან შედეგს არ მოიტანდა. ტრამპის განცხადებით, პუტინთან ყოველთვის კარგი საუბრები აქვს, მაგრამ ამას არაფერი მოაქვს. ამასთანავე, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა არ გამორიცხა, რომ შეხვედრა მომავალში შედგება. „არ მეჩვენებოდა, რომ მივიდოდით იმ ადგილამდე, სადაც უნდა მივსულიყავით, ამიტომ გავაუქმე. მაგრამ ამას მომავალში გავაკეთებთ,“ - დასძინა ტრამპმა. ტრამპი აღნიშმავს, რომ პუტინთან მისი „კარგი საუბრები“ „არსად არ მიდის.“ „ერთადერთი, რისი თქმაც შემიძლია, არის ის, რომ ყოველ ჯერზე, როცა ვლადიმერთან ვსაუბრობ, კარგი საუბრები მაქვს და შემდეგ, ისინი არსად მიდის,“ - აცხადებს ტრამპი და დასძენს: „მე ვიტყოდი, რომ შეთანხმების დადების დროა. ბევრი ადამიანი იღუპება." დონალდ ტრამპს ასევე ჰკითხეს რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობმწარმოებელ კომპანიაზე - „როსნეფტზე“ და „ლუკოილზე“ აშშ-ის მიერ ახლახან გამოცხადებული სანქციების პოტენციურ გავლენაზე. „ვფიქრობ, რომ მათ აუცილებლად ექნებათ გავლენა. ეს არის მასშტაბური სანქციები და სანქციები ნავთობზე, ორ უდიდეს ნავთობკომპანიაზე," - აღნიშნა ტრამპმა. ტრამპი იმედოვნებს, რომ პუტინი გახდება გონივრული. „იმედია, ის [ვლადიმერ პუტინი] გონივრული გახდება და იმედია, [ვოლოდიმირ] ზელენსკიც გონივრული იქნება. ტანგოსთვის ორია საჭირო, როგორც ამბობენ,“ - აღნიშნავს ტრამპი. რუტე თავის მხრივ, აცხადებს, რომ დღეს უფრო მეტს ისაუბრებენ იმაზე, თუ როგორ შეუძლიათ უკრაინაში-რუსეთის ომის დასრულების „შემდეგ ეტაპზე“ გადაყვანა. ამერიკამ ორი უდიდესი რუსული ნავთობკომპანია - “როსნეფტი” და “ლუკოილი” დაასანქცირა  

კალასი: ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-19 პაკეტი დაამტკიცა - პუტინისთვის ამ ომის დაფინანსება სულ უფრო რთული ხდება

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-19 პაკეტი დაამტკიცა. შესაბამის ინფორმაციას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასი სოციალურ ქსელში ავრცელებს. „ახლახან სანქციების მე-19 პაკეტი მივიღეთ. ის მიზანში იღებს რუსულ ბანკებს, კრიპტო ბირჟებს, ინდოეთსა და ჩინეთში არსებულ სუბიექტებს,“ - წერს კაია კალასი X-ზე. სანქციების ახალი პაკეტი დეზინფორმაციის გავრცელებასთან ბრძოლის მიზნით ევროკავშირში რუსი დიპლომატების გადაადგილებას ზღუდავს. „პუტინისთვის ამ ომის დაფინანსება სულ უფრო რთული ხდება,“ - აღნიშნავს კალასი. ევროკავშირის დანიის თავმჯდომარეობის განცხადებით, სანქციები ევროკავშირში რუსული თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტის აკრძალვას ითვალისწინებს. „მე-19 პაკეტი მოიცავს შეზღუდვებს „ჩრდილოვანი ფლოტის“ 100-ზე მეტ ტანკერზე. აკრძალვა დაწესდა რუსული თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტზე. რუსი დიპლომატების გადაადგილება მათი აკრედიტაციის ქვეყნების ტერიტორიით შემოიფარგლება,“ - აღნიშნულია განცხადებაში. ევროკავშირში რუსული თხევადი ბუნებრივი აირის მიწოდება ეტაპობრივად შეწყდება. მოკლევადიანი კონტრაქტები მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში გაუქმდება, ხოლო გრძელვადიანი კონტრაქტების შეჩერება 2027 წლის 1-ელი იანვრიდან დაიწყება. ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, „მე-19 პაკეტი მოიცავს შეზღუდვებს „ჩრდილოვანი ფლოტის“ 100-ზე მეტ ტანკერზე. აკრძალვა დაწესდა რუსული თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტზე. რუსი დიპლომატების გადაადგილება მათი აკრედიტაციის ქვეყნების ტერიტორიით შემოიფარგლება,“ - აცხადებს ევროკავშირის დანიის თავმჯდომარეობა.  

500 წლის შემდეგ პირველად, რომის პაპმა და გაერთიანებული სამეფოს მეფემ ერთად ილოცეს

ბოლო 500 წლის განმავლობაში პირველად, გაერთიანებული სამეფოს მონარქმა, მეფე ჩარლზმა რომის პაპთან ერთად საჯაროდ ილოცა. ლოცვა სიქსტეს კაპელაში, მიქელანჯელოს ცნობილ ფრესკასთან [„უკანასკნელი განკითხვა“] , ინგლისურ და ლათინურ ენებზე შესრულდა. Guardian-ის ცნობით, ეს მოვლენა სიმბოლური ნაბიჯია კათოლიკურ და ანგლიკანურ ეკლესიებს შორის შერიგების გზაზე. მეფე ჩარლზ III და დედოფალი კამილა ვატიკანში დღეს, 23 ოქტომბერს ჩავიდნენ ისტორიული ვიზიტით, რომელიც მიზნად ისახავს ეკლესიებს შორის ურთიერთობების განმტკიცებას.  

ირაკლი ღარიბაშვილს ბრალი წარუდგინეს, პროკურატურა ერთმილიონიან გირაოს ითხოვს

საქართველოს პროკურატურა ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით ერთი მილიონი ლარის ოდენობის გირაოს შეფარდებას ითხოვს. გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ ცნობს. „ირაკლი ღარიბაშვილს ბრალი წარედგინა „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის“ 194-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. ბრალდებულმა წარდგენილ ბრალდებაში თავი სრულად ცნო დამნაშავედ. პროკურატურამ სასამართლოს მიმართა შუამდგომლობით აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს 1 მილიონი ლარის შეფარდების შესახებ, რომლის უზრუნველყოფა შესაძლებელია როგორც ფულადი თანხით, ასევე, უძრავი ქონებით. აღკვეთის ღონისძიებასთან ერთად პროკურატურამ მოითხოვა ბრალდებულისთვის ისეთი დამატებითი ვალდებულებების დაკისრება, როგორიცაა საქართველოს პასპორტის სამართალდამცავი უწყებისთვის ჩაბარება და ქვეყნის ფარგლებს გარეთ გამგზავრების აკრძალვა,“ - განაცხადა გვარაკიძემ. პროკურატურის ცნობთ, ირაკლი ღარიბაშვილი ფარულად ახორციელებდა ბიზნესსაქმიანობას და იღებდა არალეგალურ შემოსავლებს - დეკლარაციებში უთითებდა, თითქოს საჩუქრად იღებდა დიდი ოდენობით თანხებს - მისი ბინიდან 6.5 მლნ აშშ დოლარი ამოიღეს. განახლება:  ირაკლი ღარიბაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით ერთმილიონიანი გირაო შეეფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ეკა ბარბაქაძემ მიიღო. მოსამართლის გადაწყვეტილებით, ღარიბაშვილს პასპორტი ჩამოერთვა და ქვეყნის ფარგლებს გარეთ გასვლა აეკრძალა. სუს-ი: ირაკლი ღარიბაშვილმა სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან და აღიარა წლების განმავლობაში უკანონო შემოსავლების მიღების ფაქტი  

ბრიტანეთის საზღვაო ძალებმა რუსული სამხედრო ხომალდი NATO-ს ბრძანების შესაბამისად, პირველად დააკავა

სამეფო საზღვაო ძალებმა შეაფერხეს რუსული სამხედრო ხომალდი, რომელიც დიდი ბრიტანეთის ტერიტორიულ წყლებში მოძრაობდა. Sky News-ის ცნობით, ჩრდილოეთ ზღვაში, ბრიტანულმა გამანადგურებელმა HMS Duncan-მა და Wildcat-ის ვერტმფრენმა რუსული წყალქვეშა ნავების საწინააღმდეგო გემი - „ვიცე-ადმირალი კულაკოვი“ შეაკავა. რუსული გემი ბრიტანეთის სათვალთვალო ზონაში, ჩრდილოეთის ზღვის სანაპიროზე მოძრაობდა. „ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც სამეფო საზღვაო ძალების სამხედრო გემი ალიანსის პირდაპირი სარდლობის ქვეშ აიყვანეს გაააქტიურეს ასეთი ოპერაციისთვის,“ განაცხადა საზღვაო ძალების წარმომადგენელმა. ოპერაცია 17-დან 19 ოქტომბრამდე ჩატარდა, რომელშიც საფრანგეთის საზღვაო ძალები და ჰოლანდიის NH90 ვერტმფრენი მონაწილეობდნენ. დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ალისტერ კერნსმა განაცხადა, რომ „სამეფო საზღვაო ძალები მზად არის, უპასუხოს რუსეთის საზღვაო ძალების ნებისმიერ აქტივობას“ ქვეყნისა და მისი ტერიტორიული წყლების დასაცავად. კაპიტანმა დენ ლიმ თავის მხრივ, აღნიშნა, რომ მისიამ აჩვენა ბრიტანეთის ერთგულება „NATO-ს მოკავშირეებთან კოორდინირებული მოქმედების მიმართ, რათა უზრუნველყოფილი იყოს საერთო საზღვაო სივრცეების უსაფრთხოება.“  HMS Duncan, ფრეგატ HMS Somerset-თან ერთად, ალიანსის SNMG1 ჯგუფის ნაწილია, რომელიც ჩრდილოეთ ევროპის წყლებში პატრულირებს.   

ევროკავშირმა და უზბეკეთმა პარტნიორობისა და თანამშრომლობის გაძლიერების შესახებ შეთანხმება გააფორმეს

24 ოქტომბერს, ბრიუსელში, უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ შავკათ მირზიიოევის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ანტონიო კოშტას და ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენის თანდასწრებით, უზბეკეთის რესპუბლიკასა და ევროკავშირს შორის პარტნიორობა-თანამშრომლობის გაძლიერების შესახებ შეთანხმებაზე ხელმოწერის საზეიმო ცერემონია გაიმართა. დოკუმენტი უზბეკეთსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის სამართლებრივ ჩარჩოს აახლებს და მნიშვნელოვნად აფართოებს. ევროკავშირი და უზბეკეთი პარტნიორობის ახალ ეტაპზე გადავიდნენ.  ხსენებული დოკუმენტი, რომელსაც ევროკავშირის სახელით, კომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა და საბჭოს პრეზიდენტმა ანტონიო კოშტამ მოაწერეს ხელი, 1996 წელს გაფორმებულ შეთანხმებას ჩაანაცვლებს. ამ პაქტით ევროკავშირი ცენტრალური აზიის ქვეყნებთან კავშირების გაღრმავების სურვილს ავლენს. ახალი შეთანხმევა აძლიერებს პოლიტიკურ დიალოგს ბრიუსელსა და ტაშკენტს შორის. თუმცა ის ასევე აერთიანებს მრავალ სფეროს, როგორიცაა - ვაჭრობა, ინვესტიციები, კვლევა, მდგრადი განვითარება და ინტელექტუალური საკუთრება.  „გაძლიერებული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმება შესანიშნავ ჩარჩოს შექმნის ჩვენი პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის გასაღრმავებლად. ევროკავშირი უზბეკეთისთვის საიმედო პარტნიორად დარჩება ამ საერთო გზაზე, მაშინ, როცა ჩვენ, არჩევანის საფუძველზე, მეზობლობიდან სტრატეგიულ პარტნიორობაზე ვინაცვლებთ,“ - აცხადებს კოშტა. ევროკავშირსა და ტაშკენტს შორის ვაჭრობამ გასულ წელს 4.8 მილიარდ ევროს მიაღწია, რაც 2020 წლიდან მაჩვენებლის თითქმის გაორმაგებაზე მიუთითებს. ევროკავშირი უზბეკეთის მესამე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია.   

პუტინის თქმით, რუსეთმა ბირთვული ძრავის მქონე ახალი ფრთოსანი რაკეტა „ბურევესტნიკი“ გამოსცადა

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთმა წარმატებით გამოსცადა ბირთვული ძრავით აღჭურვილი ფრთოსანი რაკეტა „ბურევესტნიკი.“ მისი თქმით, ამ იარაღის საბრძოლო მზადყოფნაში მოსაყვანად ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი. „ყველა რეგულაცია უნდა დაკმაყოფილდეს. მიუხედავად ამისა, ძირითადი მიზნები მიღწეულია,“ - განაცხადა პუტინმა. მან რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსს, ვალერი გერასიმოვს დაავალა, განსაზღვროს რაკეტის კლასი და მოამზადოს ინფრასტრუქტურა მისი განლაგებისთვის. გერასიმოვმა პუტინთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ რაკეტა 21 ოქტომბერს გამოცადეს, მან 14 000 კმ-ის მანძილზე იფრინა და ჰაერში დაახლოებით 15 საათის განმავლობაში იმყოფებოდა.  

ტაილანდმა და კამბოჯამ, ტრამპის თანდასწრებით, სამშვიდობო შეთანხმება გააფორმეს

კუალა-ლუმპურში გამართულ ცერემონიაზე, ტაილანდის პრემიერ-მინისტრმა ანუტინ ჩარნვირაკულმა და კამბოჯის პრემიერ-მინისტრმა ჰუნ მანეტმა აშშ-ის პრეზიდენტ­, დონალდ ტრამპის თანდასწრებით, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას“ მოაწერეს ხელი. „ეს დეკლარაცია, თუ სრულად განხორციელდება, მდგრადი მშვიდობის საფუძველს შექმნის, მაგრამ რაც მთავარია, ის ჩვენი კავშირების აღდგენის პროცესს დაიწყებს,“ - განაცხადა ჰუნ მანეტმა. აშშ-ის პრეზიდენტმა შეთანხმებას ისტორიული უწოდა. ცერემონიაზე პრემიერ-მინისტრმა ჰუნ მანეტმა აშშ-ის პრეზიდენტი შეაქო და აღნიშნა, რომ მისმა მთავრობამ ტრამპი ნობელის მშვიდობის პრემიაზე წარადგინა. ცერემონიის შემდეგ, ტაილანდის საგარეო საქმეთა მინისტრმა კი, დღევანდელი ღონისძიება „მშვიდობისკენ მიმავალ გზად“ შეაფასა. ტაილანდი ყოველთვის ამტკიცებდა, რომ დავა ორმხრივად უნდა მოგვარდეს, გარე შუამავლების გარეშე. განცხადებაში ნათქვამია, რომ „აფასებს“ პრეზიდენტ ტრამპის მხარდაჭერას და აშშ-სა და მალაიზიას მხოლოდ ამ შეთანხმების „ხელშემწყობ“ პირებად აღწერს. ივლისში, ტრამპის ეკონომიკურმა ზეწოლამ ორ ქვეყანას შორის საზღვართან დაკავშირებული კონფლიქტის გამო დაწყებული 5-დღიანი შეტაკებები შეაჩერა და ცეცხლის შეწყვეტა გამოიწვია. ორივე ქვეყანა შეთანხმდა, რომ სადავო საზღვრიდან მძიმე შეიარაღებას გაიყვანს და მისი მონიტორინგისთვის დროებითი დამკვირვებლების ჯგუფი შექმნიან. აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მალაიზიაში სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის სამიტზე დასასწრებად ჩავიდა. დონალდ ტრამპის ერთკვირიანი ტურნე აზიაში ასევე მოიცავს იაპონიაში ვიზიტს ქვეყნის ახალ კონსერვატორ ლიდერთან შესახვედრად და სამხრეთ კორეაში აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური ფორუმის (Apec) ლიდერების სამიტზე დასასწრებად.  

რუსული მწარმოებლების წინააღმდეგ სანქციების დაწესების შემდეგ, ინდურმა კომპანიამ ნავთობი ახლო აღმოსავლეთიდან და აშშ-დან შეიძინა - მედია

რუსი მწარმოებლის წინააღმდეგ აშშ-ის სანქციების შემდეგ, ინდურმა კონგლომერატმა Reliance Industries-მა ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან და შეერთებული შტატებიდან მილიონობით ბარელი ნავთობი შეიძინა. ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს. ტრეიდერების თქმით, კომპანიამ ნედლი ნავთობის რამდენიმე სახეობა, მათ შორის, საუდის არაბეთიდან Khafji, ერაყიდან Basrah Medium და ყატარიდან Al-Shaheen, ასევე, აშშ-ის West Texas Intermediate შეიძინა. მიწოდება დეკემბერსა და იანვარში იგეგმება. წელს Reliance ინდოეთში რუსული ნავთობის უმსხვილესი იმპორტიორი იყო. კომპანია ნედლ ნავთობს Rosneft-თან გრძელვადიანი კონტრაქტით იღებდა - Rosneft-ი ერთ-ერთი კომპანიაა, რომელიც აშშ-ის სანქციების სამიზნეა. „როსნეფტისა“ და „ლუკოილის“ წინააღმდეგ სანქციების შემდეგ, რუსული ნავთობის ინდოეთში მიწოდება შესაძლოა, მკვეთრად შემცირდეს. გამონაკლისი იქნება „ნაიარა ენერჯი“, რომელსაც ნაწილობრივ „როსნეფტი“ აკონტროლებს. ამასობაში, ახლო აღმოსავლეთის ნავთობის ფასების ზრდა დაიწყო. Brent-ის საორიენტაციო ფასი 5%-ზე მეტით გაიზარდა, რაც ინვესტორების შეშფოთებას ასახავს. ნავთობის ფასები 24 ოქტომბერს სტაბილიზდა წინა დღის მკვეთრი ზრდის შემდეგ. Bloomberg-ის წყაროებმა უკვე გაავრცელეს ინფორმაცია, რომ რუსული ნავთობის ინდოეთში მიწოდება, რომელიც რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ გაიზარდა, მალე თითქმის ნულამდე დაეცემა. Reuters-ის წყაროების ცნობით კი, სანქციების გამო ჩინეთის სახელმწიფო ნავთობკომპანიებმა რუსული ნედლი ნავთობის შესყიდვები დროებით შეაჩერეს. ამერიკამ ორი უდიდესი რუსული ნავთობკომპანია - “როსნეფტი” და “ლუკოილი” დაასანქცირა  

აზერბაიჯანი, საქართველო და ყაზახეთი პორტების, რკინიგზისა და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განახლებაზე ერთად იმუშავებენ - ასადოვი

აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვის განცხადებით, აზერბაიჯანი, საქართველო და ყაზახეთი შეთანხმდნენ, რომ ერთად იმუშავებენ პორტების, რკინიგზისა და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განახლებაზე, არსებული შეფერხებების აღმოფხვრაზე, დიგიტალიზაციის გაფართოებასა და დერეფნის საერთო გამტარუნარიანობის გაზრდაზე. „დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევა ხელს შეუწყობს რეგიონის სრული სატრანსპორტო და ლოგისტიკური პოტენციალის გამოვლენას, სავაჭრო ბრუნვისა და საინვესტიციო ნაკადების გაზრდას და ეკონომიკური კავშირების განმტკიცებას,“ - აღნიშნა ასადოვმა. მან ხაზი გაუსვა, რომ აზერბაიჯანი და საქართველო არამხოლოდ ინფრასტრუქტურის განვითარების, არამედ, რეგიონული კავშირის გასაძლიერებლად ადმინისტრაციული და სამართლებრივი მექანიზმების გაუმჯობესებაზე არიან კონცეტრირებულნი. ასადოვის თქმით, საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით მნიშვნელოვანი ნაბიჯები იდგმება ერთიანი სატარიფო პოლიტიკის ჩამოყალიბების, საბაჟო და სასაზღვრო პროცედურების გამარტივებისა და მულტიმოდალური ტრანსპორტის ხელშეწყობის მიმართულებით.  

“რუსეთის ეკონომიკის ზრდა პრაქტიკულად ნულის ტოლია“ - აშშ-ის ფინანსთა მინისტრი

აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბესენტმა კრემლის სპეციალურ წარმომადგენელს კირილ დმიტრიევს „რუსი პროპაგანდისტი“ უწოდა მას შემდეგ, რაც დმიტრიევმა განაცხადა, რომ დასავლეთის სანქციებს რუსეთის ეკონომიკისთვის ზიანი არ მიუყენებია. „ვფიქრობ, რუსეთი იგრძნობს ტკივილს. შემიძლია, გითხრათ, რომ ჩვენ უკვე ვნახეთ, ინდოეთმა მთლიანად შეაჩერა რუსული ნავთობის შესყიდვები. ჩინეთის ბევრმა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეწყვიტა,“- განაცხადა ბესენტმა. მან ხაზი გაუსვა, რომ არ შეუძლია, ისაუბროს სანქციების რეალურ გავლენაზე რუსეთის ეკონომიკაზე. „რა თქმა უნდა, რუსეთის ეკონომიკა საომარი პერიოდის ეკონომიკაა. ზრდა პრაქტიკულად ნულის ტოლია. ვფიქრობ, ინფლაცია 20%-ზე მეტია და ყველაფერი, რასაც ვაკეთებთ, პუტინს [მოლაპარაკებების] მაგიდასთან დასვამს. სწორედ ნავთობიდან მიღებული შემოსავლით ფინანსდება რუსეთის საომარი მანქანა და ვფიქრობ, ჩვენ შეგვიძლია, მნიშვნელოვნად შევამციროთ მისი მოგება,“ - აღნიშნა ბესენტმა. მან ასევე განაცხადა, რომ რუსეთს სანქციებისგან  ეკონომიკის დაცვა არ შეუძლია და რომ მისი ნავთობიდან მიღებული შემოსავალი გასულ წელთან შედარებით, 20%-ით შემცირდა და ახალმა სანქციებმა შესაძლოა, ის კიდევ 20 ან 30%-ით შეამციროს. ტრამპის თქმით, რუსეთის ეკონომიკა ჯოჯოხეთისკენ მიდის

თურქეთმა Eurofighter-ის თვითმფრინავების შესყიდვაზე, დიდ ბრიტანეთთან შეთანხმებას მოაწერა ხელი

თურქეთმა და გაერთიანებულმა სამეფომ Eurofighter Typhoon-ის ტიპის გამანადგურებლების მიწოდებაზე შეთანხმებას ხელი მოაწერეს. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ანკარაში, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ერდოღანმა განაცხადა, რომ შეთანხმებას ხელი 27 ოქტომბერს ანკარაში თურქეთისა და ბრიტანეთის დელეგაციებს შორის შეხვედრის დროს მოეწერა.  მან შეთანხმებას თურქეთ-დიდი ბრიტანეთის სტრატეგიული ურთიერთობების „ახალი ნიშანი“ უწოდა, რომელიც ერთობლივი თავდაცვის პროექტების განვითარებას გაუხსნის გზას. თურქეთი გაერთიანებული სამეფოსგან 10.7 მილიარდი დოლარის ღირებულების, Eurofighter Typhoon-ის ტიპის 20 გამანადგურებელს შეიძენს.   

ტრამპი მომავალ კვირას ცენტრალური აზიის ლიდერებს შეხვდება — Reuters

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მომავალ კვირას ცენტრალური აზიის ხუთი ქვეყნის ლიდერებს შეხვდება. ამის შესახებ Reuters-ს შეხვედრის შესახებ ინფორმირებულმა წყარომ განუცხადა. სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, კრისტოფერ ლანდაუმ, ცენტრალური აზიის ქვეყანაში უზბეკ ოფიციალურ პირებთან შეხვედრების შემდეგ განაცხადა, რომ უზბეკეთის პრეზიდენტი შავკატ მირზიიოევი მომავალ კვირას ვაშინგტონში ტრამპს შეხვდება. თეთრი სახლის წარმომადგენლებმა არ უპასუხეს Reuters-ის თხოვნას 6 ნოემბრის დაგეგმილ შეხვედრასთან დაკავშირებით, რომელშიც წყაროს თქმით, უზბეკეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთისა და თურქმენეთის ხელმძღვანელები მიიღებენ მონაწილეობას. ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა შაბათ-კვირას განაცხადა, რომ სამიტში მონაწილეობას მიიღებდა და ტრამპს მოწვევისთვის წერილში მადლობა გადაუხადა, ნათქვამია Telegram-ზე მისი ოფისის პოსტში. ტრამპი ამ კვირაში აზიის ტურნეში იმყოფება, მათ შორის, ხუთშაბათს დაგეგმილია ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან შეხვედრა.   

სამი მსხვილი კომპანია SpaceX-ის ევროპულ ანალოგს ქმნის

ევროპული კომპანიები SpaceX-თან კონკურენციისთვის ერთიანდებიან. სამი ევროპული მსხვილი კომპანია SpaceX-ის ევროპულ ანალოგს ქმნის.  Airbus-მა, Leonardo-მ და Thales-მა კოსმოსური ბიზნესის გაერთიანების შესახებ მემორანდუმი გააფორმეს, რათა შეიქმნას ერთიანი ევროპული ტექნოლოგიური კომპანია, რომელიც ილონ მასკის SpaceX-ს კონკურენციას გაუწევს.  Airbus (AIR.PA), Thales (TCFP.PA) [ორივე საფრანგეთიდან] და იტალიური კომპანია Leonardo (LDOF.MI) შექმნიან ერთობლივ საწარმოს, რომელიც ტულუზაში დაფუძნდება და საქმიანობას 2027 წელს დაიწყებს. „ევროპის კოსმოსური ჩემპიონის“ სახელით წარდგენილი ახალი კომპანიის შტაბბინა ტულუზაში განთავსდება. კომპანია დაახლოებით 25 000 ადამიანს დაასაქმებს და მისი წლიური ბრუნვა 6.5 მილიარდ ევროს (7.5 მილიარდი აშშ დოლარი, 5.6 მილიარდი ფუნტი სტერლინგი) შეადგენს. სამი კომპანია გააერთიანებს თავის ინტერესებს ისეთ სფეროებში, როგორიცაა, კოსმოსური კვლევა, დედამიწის დაკვირვება, კოსმოსური საფრთხეები და თანამგზავრული ნავიგაცია. Airbus-ის აღმასრულებელმა დირექტორმა,გიიომ ფორიმ, Leonardo-ს აღმასრულებელმა დირექტორმა რობერტო ჩინგოლანიმ და Thales-ის აღმასრულებელმა დირექტორმა პატრის კეინმა ერთობლივ განცხადებაში აღნიშნეს, რომ ახალი კომპანიის შექმნა „ევროპის კოსმოსური ინდუსტრიისთვის გადამწყვეტ ეტაპს“ უსვამს ხაზს. საჭიროების შემთხვევაში, ეროვნული ინტერესების დასაცავად, ახალი ბიზნესი გააერთიანებს ხუთ ახალ ეროვნულ კომპანიას დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში, იტალიაში, გერმანიასა და ესპანეთში. ის გამოიყენებს თავდაცვის გიგანტის MBDA-ს მსგავს სტრუქტურას, რომელიც ასევე ჩამოყალიბდა რამდენიმე ეროვნული ოპერაციის შერწყმის შედეგად. ცნობისთვის, SpaceX მილიარდერმა ილონ მასკმა 2002 წელს დააარსა, თავდაპირველად, მისი მიზანი NASA-ს ეკონომიურ ალტერნატივად ჩამოყალიბება იყო. ეს კი, ევროპული აერონავტიკის აქტივების ყველაზე ამბიციური გაერთიანებაა 2001 წელს რაკეტების მწარმოებელი MBDA-ს შექმნის შემდეგ. სამ ჯგუფს შორის მოლაპარაკებები გასულ წელს დაიწყო.