ძებნის რეზულტატი:

ნათია თურნავა: განვიხილავთ, რომ უსაფრთხო რესტორნის,  ღამის კლუბისა და სასტუმროს სტატუსები იყო

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, საქართველოში შესაძლოა, გაჩნდეს უსაფრთხო რესტორანი, ღამის კლუბი, სასტუმროები, სადაც ვაქცინირებულ ადამიანებს შეეძლებათ სტუმრობა. როგორც თურნავამ ,,რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა, გუნდი პრემიერ-მინისტრის დავალებით მუშაობს ღონისძიებათა გეგმაზე, რომელიც წაახალისებს ბიზნესს, მოსახლეობას, რომ უფრო აქტიურად მიმართონ ვაქცინაციას. „ბიზნესს კარგად ესმის, რომ ერთადერთი ხსნა არის ვაქცინაცია. ვმუშაობთ და განვიხილავთ, რომ გარკვეული უსაფრთხო რესტორნის, უსაფრთხო ღამის კლუბის, უსაფრთხო სასტუმოს სტატუსები იყოს, რომელიც იქნება მიმზიდველი არამარტო ადგილობრივი მოსახლეობისთვის, არამედ ტურისტებისთვისაც. იცით, რომ მიუხედავად ყველა მოლოდინისა და რისკისა, მაინც გადავწყვიტეთ, რომ გაგვეხსნა საერთაშორისო ფრენები, გაგვეხსნა ჩვენი ბაზარი საერთაშორისო ვაქცინირირებული ტურისტებისთვის, ასევე 40-მდე ქვეყანაა, საიდანაც ტურისტები უბრალოდ „პისიარ“ ტესტით შემოდიან, იმიტომ რომ ეს ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია,“- განაცხადა თურნავამ.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი ირაკლი ღარიბაშვილს სწრაფად გამოჯანმრთელებას უსურვებს

თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს სწრაფად გამოჯანმრთელებას უსურვებს. ოფიციალურ წერილში, პრეზიდენტი ერდოღანი ადასტურებს მზადყოფნას, საჭიროების შემთხვევაში მკურნალობის პროცესში მხარდაჭერისთვის. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. „პატივცემულო პრემიერ-მინისტრო, ძვირფასო მეგობარო, ძალიან ვწუხვარ იმის გამო, რომ თქვენი ტესტი კოვიდ-19ზე დადებითი აღმოჩნდა. გისურვებთ სწრაფად განკურნებას და ძალიან მალე სრულად გამოჯანმრთელებას. მსურს, იცოდეთ, რომ თქვენთან ერთად ვართ მკურნალობის პერიოდში და საჭიროების შემთხვევაში, არ დავიშურებთ ძალისხმევას თქვენს გამოსაჯანმრთელებლად. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და თქვენს აღმატებულებას ვუსურვო ჯანმრთელობა და ბედნიერება, ხოლო მეგობარ ქართველ ხალხს - კეთილდღეობა და აღმავლობა“, - აცხადებს რეჯეფ თაიფ ერდოღანი.

ილია მეორე: ჩვენ ვცხოვრობთ ურთულეს დროს, იმ დროს, როცა ბოროტი და კეთილი დაპირისპირებული არიან ერთმანეთთან

,სიხარული გამოვლინდება სიყვარულიდან. თუ სიყვარული არ გააჩნია ადამიანს, სიხარული არ ექნება", – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა. ილია მეორემ მრევლს ხარების დღესასწაული მიულოცა. როგორც უწმინდესმა და უნეტარესმა ქადაგების დროს განაცხადა, ჩვენ ვცხოვრობთ ურთულეს დროს, იმ დროს, როცა ბოროტი და კეთილი დაპირისპირებული არიან ერთმანეთთან. მისივე თქმით, გაგვიადვილდება ბრძოლა ბოროტთან, თუ ვიზრუნებთ გაჭირვებულ ხალხზე. „ჩვენთან არს ღმერთი, გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს – ხარებას. ეს სიხარულის და სიყვარულის დღესასწაულია. მე არაერთხელ მითქვამს თქვენთვის – ძველი ქრისტიანები, მართლმადიდებლები ამბობდნენ, რომ ჩიტი ბუდესაც არ იკეთებს ხარების დღეს, დღესასწაულობს მთელი სამყარო. დღეს თითქოს ცა და ქვეყანა შეუერთდა ერთმანეთს და ღმერთი ლოცავს მიწიერ და ზეციურ სამყაროს. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ სიხარული გამოვლინდება სიყვარულიდან. თუ სიყვარული არ გააჩნია ადამიანს, სიხარული არ ექნება. ჩვენ ვცხოვრობთ ურთულეს დროს, იმ დროს, როცა ბოროტი და კეთილი დაპირისპირებული არიან ერთმანეთთან. ჩვენ ვგრძნობთ, რამდენად მძიმეა ეს ბრძოლა. წმინდა მამები ამბობენ: როცა ეშმაკი იგრძნობს, რომ მოახლოებულია მისი დასასრული, ის გააძლიერებს ბრძოლას. განსაკუთრებით ებრძვის ახალგაზრდობას. ჩვენ ვცხოვრობთ იმ დროს, როცა ადამიანი უნდა ცხოვრობდეს სხვებისათვის, გაჭირვებული ხალხისათვის. ეს ერთ-ერთი სახეობაა ბრძოლისა. ჩვენ გაგვიადვილდება ბრძოლა ბოროტთან, თუ ვიზრუნებთ გაჭირვებულ ხალხზე. ღმერთმა ძალა მოგცეთ, ღმერთმა დაგლოცოთ.სულიწმინდა მოვიდეს თქვენ ზედა და ძალი მაღლისა გფარვიდეთ თქვენ. დალოცვილი და გახარებული იყავით. ღმერთმა ბედნიერი და სასიხარულო აღდგომა გაგვითენოს. ჩვენთან არს ღმერთი“, – განაცხადა ილია მეორემ.

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის კორონავირუსის ტესტზე პასუხი უარყოფითია. ამის შესახებ პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს.­ „ტესტი უარყოფითია! მადლობა ყველას ვინც მომიკითხა“,- წერს სალომე ზურაბიშვილი. პრეზიდენტი თვითიზოლაციაში კოვიდინფიცირებულ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან კონტაქტის გამო გუშინ გადავიდა.

მოქალაქეები, განურჩევლად ჯგუფისა, სპეციალურ პორტალზე წინასწარ დარეგისტრირდებიან ვაქცინაციისთვის

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, შეიქმნება სპეციალური ვებპორტალი, რომელზეც მოქალაქეები, განურჩევლად ჯგუფისა, წინასწარ დარეგისტრირდებიან ვაქცინაციისთვის და გააკეთებენ არჩევანს ყველა იმ ვაქცინას შორის, რომელიც უახლოეს პერიოდში იქნება ხელმისაწვდომი საქართველოში. ამის შესახებ მინისტრმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. „დღეს მივიღეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენი მოქალაქეების ინტერესების დაცვას და მათ არჩევანს გაუფართოებს. ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე და დაავადებათა კონტროლის ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნდება ვებპორტალი, რომელზეც ჩვენს მოქალაქეებს, განურჩევლად ჯგუფისა, საშუალება ექნებათ წინასწარ დარეგისტრირდნენ ვაქცინაციისთვის და გააკეთონ არჩევანი ყველა იმ ვაქცინას შორის, რომელიც უახლოეს პერიოდში იქნება ხელმისაწვდომი საქართველოში. ჩვენი აზრით, ეს კვლევა დაგვეხმარება სტრატეგიული გადაწყვეტილების მიღებაში და ამის საფუძველზე მივიღოთ გადაწყვეტილება, თუ რომელი ვაქცინა შემოვიტანოთ შემდეგში საქართველოში“, - განაცხადა ტიკარაძემ.

დონბასში კიდევ ორი უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა

დონბასის კონფლიქტის ზონაში კიდევ ორი უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გაერთიანებული ძალების სარდლობა ავრცელებს. ერთი-ერთი მებრძოლი ასაფეთქებელ მოწყობილობაზე აფეთქდა, ხოლო მეორე მოწინააღდეგე მხარის მიერ ცეცხლის გახსნის შედეგად. უკრაინის არმიის გაერთიანებული ძალების სარდლობის ცნობით, წუხელ ღამით, მსხვილკარიბლიანი ტყვიამფრქვევებისა და ნაღმსატყორცნების გამოეყენებით, მოწინააღმდგის ძალებმა 14-ჯერ დაარღვიეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი. სეპარატისტული დონეცკის სარდლობა კი უკრაინას ადანაშაულებს ქალაქ დონეცკის გარეუბნის და სოფლის დაბომბვაში. ბოლო დღეებში, ეუთოს სპეციალური სადამკვირვებლო მისიამ უკრაინაში, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ასობით დარღვევის შესახებ განაცხადა. აღნიშნულ ინციდენტამდე, პენტაგონის პრესმდივანმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ ბოლო კვირების განმავლობაში რუსულ ოპერაციებს 4 უკრაინელი ჯარისკაცი ემსხვერპლა და ორი დაიჭრა. აღმოსავლეთ უკრაინაში, სადაც 2014 წლის ზაფხულიდან მიმდინარეობს საომარი კონფლიქტი პრორუსულად განწყობილ დონბასელ სეპარატისტებსა და კიევის სამთავრობო ჯარებს შორის, ორივე მხრიდან, 13 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. 6 აპრილს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, განაცხადა, რომ დონბასში მიმდინარე ომის დასრულების ერთადერთ გზად უკრაინის ნატოში გაწევრიანებაა, და პირდაპირ მიმართა ნატოს გენერალურ მდივანს ალიანსში გაწევრიანების სამოქმედო პროგრამის (MAP) მიცემის თხოვნით. უკრაინის საზღვარზე რუსული სამხედრო მანევრების შესახებ გავრცელებული ცნობების გამო, ოფიციალურ კიევსა და მოსკოვს შორის დაძაბულობა იზრდება. Euronews-ის ინფორმაციით, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ გადაუმოწმებელ კადრებზე ჩანს, რომ რუსული ტანკები გადაადგილდნენ იმ ადგილებში, რომლებიც მოიცავს ანექსირებულ ყირიმს და მოსკოვის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებს. .უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოსკოვს მოუწოდა ,,შეწყვიტოს სამხედრო ესკალაცია" და ,,დაუყოვნებლივ და უპირობოდ დაადასტუროს თავისი ვალდებულება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ". ამასთან, რუსეთმა უპასუხა, რომ თავისუფლად შეუძლია შეიარაღებული ძალების განთავსება საკუთარ ტერიტორიაზე, როგორც თავად აირჩევს. საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა თქვა, რომ "სამხედრო მაღალჩინოსნებს ესმით, რომ ნებისმიერი ქმედება, რომელიც მიზნად ისახავს კონფლიქტის გაჩაღებას, საზიანო იქნება" . რამდენად სავარაუდოა რუსეთის შეტევა და სად უნდა იყოს აქცენტირებული? პიტერ დიკინსონმა, უკრაინისი ატლანტიკური საბჭოს კვლევითი ცენტრის რედაქტორმა, Euronews- ს განუცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრა არ არის გამორიცხული. ,,2014 წელს არავის სჯეროდა, რომ უკრაინაში შეიძლება შეჭრილიყო. ვერაფერს გამორიცხავთ. რუსეთი და უკრაინა საერთოდ ვერ პოულობენ რაიმე სახის საერთო ენას. სამშვიდობო პროცესი თითქმის სრულ ჩიხშია", - განაცხადა დიკინსონმა. მისივე თქმით, ზელენსკის პრეზიდენტად არჩევისას მოსკოვში გაჩნდა მოლოდინები, რომ პოზიციები შერბილდებოდა, მაგრამ ,,ქვეყანა საკმაოდ მკაცრი დარჩა საკუთარ პოზიციებში". დიკსონი მიიჩნევს, რომ თუ შეჭრა ნამდვილად მოხდება, ,,ყველაზე ლოგიკური საფრთხე იქნებოდა უკრაინის სამხრეთით”. კერძოდ, ,,ე.წ. სახმელეთო ხიდს შორის ოკუპირებული აღმოსავლეთ უკრაინის ტერიტორიასა და ყირიმს შორის, შესაძლოა ამ ორი ანკლავის დაკავშირება უკრაინის შიგნით და უფრო კონტროლირებადი ტერიტორიის მასის შექმნა”.

ეკატერინე ტიკარაძე: ვაქცინაცია ქრონიკული დაავადების მქონე პირებისთვის მეტად ხელმისაწვდომი გახდება

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ქრონიკული დაავადების მქონე პირებისთვის ვაქცინაცია მეტად ხელმისაწვდომი გახდება. როგორც მინისტრმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, შედგება სიები, რომლებიც განთავსდება დაავადებათა კონტროლის ცენტრის პორტალზე და შესაძლებელი იქნება ყველა იმ ადამიანის იდენტიფიცირება, ვისაც აქვს მაღალი რისკი. ,,მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენ მივიღეთ ჩვენი მოქალაქეების მხრიდან საკმაოდ დიდი მოთხოვნიდან გამომდინარე, ეს არის ქრონიკული დაავადების მქონე პირების მეტად ინტენსიური ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა. ამისთვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ცენტრი ჩვენს პარტნიორ დაწესებულებებთან ერთად, ვინც ჩართულია ვაქცინაციის პროცესში, დამატებით იმუშავებს შემდეგი კვირის განმავლობაში. ჩვენ შევადგენთ სიებს იმ არსებული ბაზებიდან, რომელიც ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოში გვაქვს მრავალი წლის გამოცდილებიდან. ეს სიები განთავსდება დაავადებათა კონტროლის ცენტრის პორტალზე, რითაც პროგრამა შეძლებს ყველა იმ ადამიანის იდენტიფიცირებას, ვისაც აქვს მაღალი რისკი და შესაბამისად, ეს ადამიანები შეძლებენ დარეგისტრირებას“, – განაცხადა ტიკარაძემ.

საგარეო უწყება: ენგურის ტრაგედიაზე სრული პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციას ეკისრება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების მდინარე ენგურში დაღუპვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და პასუხისმგებლობას რუსეთის ფედერაციას აკისრებს. სამინისტროს განცხადებით, მომხდარი ტრაგედია წარმოადგენს, რუსეთის უკანონო ოკუპაციის, მორიგ, უმძიმეს ადამიანურ საფასურს. "ნათლად წარმოაჩენს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების მოსახლეობის აუტანელ საცხოვრებელ პირობებსა და ადგილზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ ურთულეს ვითარებას. საქართველოს სამი მოქალაქე, რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაწესებული დისკრიმინაციული ზომების, საოკუპაციო ხაზზე თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვის პირობებში, უკანონო დაკავებისათვის თავის არიდების მიზნით, ცდილობდა საქართველოს მთავრობის კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადმოსვლას, რაც ფატალური შედეგით დასრულდა.საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ღრმა შეშფოთებას გამოხატავს, ოკუპირებული გალის რაიონის მკვიდრი საქართველოს მოქალაქეების მდინარე ენგურის გადმოკვეთის მცდელობისას დაღუპვის გამო. წლებია, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრები ადამიანები რუსეთის ოკუპაციის მძევლებად იქცნენ, რასაც არაერთი მათგანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამ ტრაგედიაზე ისევე, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევებზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას, როგორც ადგილზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ ძალას, რაც კიდევ ერთხელ დადასტურდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 21 იანვრის გადაწყვეტილებით. საგარეო საქმეთა სამინსტროს ამოქმედებული აქვს მის ხელთ არსებული ყველა დიპლომატიური ბერკეტი, რათა საკითხი დასვას უმაღლეს დონეზე ყველა შესაბამის საერთაშორისო ფორმატში. დღევანდელი ტრაგიკული ფაქტი უკვე განხილული იქნა მინისტრის შეხვედრაზე ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში, საქმის კურსში არიან ჟენევის საერთაშორისო მოლაპარკებების თანათავმჯდომარეები და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, გააქტიურდა ცხელი ხაზი, ხდება საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ჩვენი პარტნიორების ინფორმირება. საქართველო ყველა ღონეს მიმართავს, რათა საბოლოოდ დასრულდეს ადგილზე მიმდინარე უკანონო ოკუპაცია, შეწყდეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დარღვევები და ადგილობრივ მოსახლეობას მიეცეს თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობა", - ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონასთან, მდინარე ენგურში, სამი მოქალაქის ცხედარი დღეს დილით აღმოაჩინეს.

ამირან გამყრელიძე ახალგაზრდებს ფეხით სიარულისკენ მოუწოდებს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ახალგაზრდებს მოუწოდებს, მოკლე მანძილზე ტრანსპორტის ნაცვლად, ფეხით იარონ. „ყველანაირი დაუცველი თავშეყრა, რა თქმა უნდა, მომატებული რისკია, მაგრამ მარტო კონტროლი, მარტო შოლტი და მათრახი არ მუშაობს. მთავარი ჩვენი თვითშეგნება და თვითდისციპლინაა. გაზაფხულია ახლა და ფეხით მეტად ვიაროთ. ახალგაზრდები ხართ, არ გინდათ ახლა ორ გაჩერებაზე ავტობუსით მგზავრობა. რა ჯობია ახლა თბილისის ქუჩებში გასეირნებას. ორი-სამი კილომეტრი რომ გაიაროთ, ცუდია?“, – განაცხადა გამყრელიძემ.

სალომე ზურაბიშვილი: დღევანდელ ტრაგედიაზე სრული პასუხისმგებლობა საოკუპაციო რეჟიმს ეკისრება

"დღევანდელ ტრაგედიაზე სრული პასუხისმგებლობა საოკუპაციო რეჟიმს ეკისრება", - საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საოკუპაციო ხაზთან მომხდარი ტრაგიკული შემთვევას ეხმიანება და დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს. "მიუღებელია საოკუპაციო რეჟიმის მიერ თავისუფალ გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვები, რომელიც ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს უხეშად არღვევს და უგულვებელყოფს. საგანგაშოა, რომ ამას ეწირება უდანაშაულო და მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლე, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში შექმნილ მძიმე ჰუმანიტარული კრიზისით გამოწვეულ სირთულეების გადალახვას ცდილობს. დღევანდელ ტრაგედიაზე სრული პასუხისმგებლობა საოკუპაციო რეჟიმს ეკისრება. თანავუგრძნობ დაღუპულთა ოჯახებს და ვიზიარებ მათ მწუხარებას", - ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში. ცნობისთვის, დღეს, ენგურში სამი ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სავარაუდოდ ოკუპირებული აფხაზეთიდან, ენგურით გადმოსვლას ცდილობდნენ. სუს-ი ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსვლისას სამი ადამიანის დაღუპვის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს

ამირან გამყრელიძე: კორონავირუსის ახალი შტამი ინფიცირებულთა 20-30 პროცენტს აქვს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ცნობით, საქართველოში, კორონავირუსის ახალი შტამი ინფიცირებულთა დაახლოებით 20-30 პროცენტს აქვს. გამყრელიძის განცხადებით, აღნიშნულ მონაცემები, ჯანმრთელობის გაზომვათა ინსტიტუტზე დაყრდნობით აქვს. "ახალი შტამის 80-ზე მეტი შემთხვევაა იდენტიფიცრებული, მაგრამ ეს არის, რაც ლაბორატორიულად იდენტიფივცირდება. რა თქმა უნდა, შემთხვევების რაოდენობა გაცილებით მეტია. სხვადასხვა შეფასებითი მაჩვენებლით, მათ შორის ჯანმრთელობის გაზომვათა ინსტიტუტის მაჩვენებლებით, დღეს ბრიტანული შტამის ცირუკულაცია არის დაახლოებით, საერთო ცირკულირების 20-30 პროცენტამდე", - განაცხადა გამყრელიძემ. ბოლო 24 საათში გამოვლენილია კორონავირუსის 687 შემთხვევა. ნახევარზე მეტი - 351 თბილისში. 2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 285 645 შემთხვევა. მათგან 275 547 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 3840 ადამიანი.

პაატა იმნაძე: ჩვენი პირველი მტერი არის სუფრა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, ყველა ეპიდაფეთქება ქეიფებსა და ჭირის სუფრებს უკავშირდება. მისივე თქმით, კორონავირუსთან ბრძოლის გზაზე პირველი მტერი არის სუფრა. იმნაძის განმარტებით, იმისათვის, რომ ქვეყანაში ეპიდვითარება არ გაუარესდეს და შემზღუდავი ღონისძიებების გამკაცრება საჭირო არ გახდეს, აუცილებელია, მოსახლეობამ რეკომენდაციები სათანადოდ დაიცვას. „შეზღუდვები თუ არ გვინდა, უნდა დავიცვათ ელემენტარული რეგულაციები. ყველა ეპიდაფეთქება, რაც დღეს გვაქვს ქვეყანაში, ეგრეთ წოდებული კლასტერები, გარდა ოჯახურისა, არის ქეიფის, ჭირის სუფრის, ქორწილების შემდეგ. გასაგებია, რომ პირბადით სუფრასთან ვერ დაჯდები. ჩვენი პირველი მტერი არის სუფრა. სადაც არის რეგულაციები დაცული, იქ კორონავირუსის გავრცელების რისკი არის დაბალი. ჩვენ ხომ ვხედავთ, სადაც ეპიდაფეთქებებია, იმ დასახლებულ პუნქტებში მკაცრდება რეჟიმი“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

ენგურში დაღუპული სამი ადამიანიდან, ორი ახალგაზრდა ქალია

მდინარე ენგურის გადაცურვისას დაღუპული სამი ადამიანიდან ორი, 30 და 38 წლის ქალია. მესამე გარდაცვლილი 65 წლამდე ასაკის მამაკაცია. ამის შესახებ, ერთ-ერთი გარდაცვლილის ახლობელზე დაყრდნობით, ინფორმაციას "რადიო თავისუფლება" ავრცელებს. გარდაცვლილები ზუგდიდის პროზექტურაში გადაასვენეს. მაშველები ამ დრომდე ეძებენ ერთ-ერთი გარდაცვლილი ქალის ქმარს. არსებული ინფორმაციით, მოქალაქეები ოკუპირებული სოფელ თაგილონიდან, ზუგდიდის მუნიციპალიტეტ სოფელ შამგონაში მდინარე ენგურის გავლით გადმოსვლას ცდილობდნენ, რადგან ენგურის ხიდი ჩაკეტილია და საოკუპაციო ძალები ადგილობრივებს, საქართველოს კონტროლირებას ტერიტორიაზე გადმოსვლის უფლებას არ აძლევენ. სოფელ შამგონას მოსახლის თქმით, გალის რაიონიდან, მოქალაქეები საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, პენსიის ასაღებად და მედიკამენტების საყიდლად გადმოდიან. ენგურის ხიდის ჩაკეტვის გამო რთული სოციალური პრობლემების წინაშე რჩებიან და მდინარის გადმოლახვის მცდელობისას, საკუთარ სიცოცხლეს რისკავენ. საგარეო უწყება: ენგურის ტრაგედიაზე სრული პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციას ეკისრება

Tbilisi Open Air-ი წელსაც არ ჩატარდება

Tbilisi Open Air-ი არც წელს ჩატარდება. ამის შესახებ განცხადება ფესტივალის ორგანიზატორებმა Facebook-ზე გამოაქვეყნეს. „მეგობრებო, სამწუხაროდ, გვიწევს, გითხრათ, რომ 2021 წელიც Tbilisi Open Air-ის გარეშე ჩაივლის. მთელი ამ დროის განმავლობაში დიდი იმედი გვქონდა, რომ სიტუაცია განიმუხტებოდა და ფესტივალის ჩატარებას წელს მაინც შევძლებდით, თუმცა ამჟამინდელი ეპიდემიოლოგიური ვითარება, სახელმწიფოს მიერ დაწესებული მოქმედი ან მოსალოდნელი რეგულაციები და ვაქცინაციის ტემპი არ გვაძლევს საშუალებას, რომ სრულფასოვნად ჩავატაროთ დიდი მასშტაბის საერთაშორისო ფესტივალი, თუნდაც შემოდგომაზე. ამ პირობებში, ფაქტობრივად, შეუძლებელია, თქვენი უსაფრთხოება სათანადოდ უზრუნველვყოთ და პასუხისმგებლობა ავიღოთ უცხოელი შემსრულებლების ქვეყანაში ჩამოყვანაზე. დარწმუნებულები ვართ, რომ ამ ურთულეს პერიოდს ერთად გადავლახავთ და 2022 წელს ისეთ ფესტივალს შემოგთავაზებთ, რომელიც სამწლიან მოლოდინს სრულად აანაზღაურებს. ვაუქმებთ Tbilisi Open Air 2021-ის ფეისბუქის ივენთს (facebook.com/events/501806750721717), 2022 წლის ფესტივალის თარიღებსა და ლაინაფს კი მომავალი წლის გაზაფხულზე გამოვაცხადებთ. ოფიციალური ივენთის გარდა, სამწუხაროდ, უცნობი პირების მიერ შექმნილია ფესტივალის რამდენიმე ფეიქ-ივენთი, რომელზეც ჩვენ პასუხისმგებლობას არ ვიღებთ. წელს, ისევე როგორც შარშან, აუცილებლად ჩავატარებთ მცირე მასშტაბის ღონისძიებებს, როგორც კი რეგულაციები ჩვენთვისაც შემსუბუქდება და ეპიდსიტუაცია ამის საშუალებას მოგვცემს. ათწლიანი და ორწლიანი სასაჩუქრე საშვების მფლობელთა საყურადღებოდ: თქვენ უფასოდ დაესწრებით 2022 წლის ფესტივალს + 10 წელი და 2 წელი, შესაბამისად. ვისაც საშვები ჯერ არ წაუღია, გთხოვთ, მოგვწეროთ ელ. ფოსტის მისამართზე info@altervision.ge ან გამოგვიგზავნოთ პირადი შეტყობინება. P. S. უახლოეს დღეებში გამოვაცხადებთ აპრილში დაგეგმილი ორი ივენთის (Lisi Wonderland: Chapter #5 და Lisi Wonderland: Chapter #6) სავარაუდო თარიღებს. 17 და 24 აპრილს მათი ჩატარება, ბუნებრივია, არსებული ვითარების გათვალისწინებით, ვერ მოხერხდება. კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით ერთგულებისა და მხარდაჭერისათვის. იმედია, 2022-ში ყველანი ერთად დავუბრუნდებით ნორმალურ ცხოვრებას, რომლის ნაწილი ჩვენი ფესტივალიცაა“, - აცხადებენ ორგანიზატორები.

ბათუმში, შარაშიძის ქუჩაზე მშენებარე სახლის ნგრევის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, 2 კი დაშავდა

ბათუმში, შარაშიძის ქუჩაზე მშენებარე სახლის ნგრევის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, 2 კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებაში არიან გადაყვანილები. „შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში შემოვიდა შეტყობინება ბათუმში, შარაშიძის ქუჩაზე არსებული სახლის ნგრევის შესახებ. ინიციატორის გადმოცემით, ჩამონგრეული იყო მშენებარე კერძო საცხოვრებელი სახლი, რომელშიც მიმდინარეობდა სამშენებლო სამუშაოები. მისამართზე მისულ მეხანძრე-მაშველებს ადგილობრივებმა განუცხადეს, რომ სახლში, სავარაუდოდ, უნდა ყოფილიყვნენ მუშები. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა, არსებული ინფორმაციის საფუძველზე, ოპერატიულად დაიწყო მოქალაქეების საძიებო-სამაშველო ღონისძიებები. სამუშაოების შედეგად, მეხანძრე-მაშველებმა ნანგრევებიდან სამი ადამიანი გამოიყვანეს, რომელთაგან ერთი გარდაცვლილი, ხოლო ორი დაშავებული იყო. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფების მიერ გადაყვანილები არიან სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც გაეწევათ შესაბამისი დახმარება. ბათუმში, შარაშიძის ქუჩაზე სულ მუშაობდა 8 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი, 30 მეხანძრე-მაშველის შემადგენლობით“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური: დაცვის პოლიციის თანამშრომელმა მოქალაქეს თავში "რაცია" რამდენჯერმე ჩაარტყა

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს ბრალი წარედგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, დაცვის პოლიციის თანამშრომელს, რომელიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა თბილისის იუსტიციის სახლის ტერიტორიაზე, შელაპარაკება მოუვიდა იუსტიციის სახლში სერვისის მისაღებად მისულ მოქალაქესთან, რა დროსაც მან ე.წ. ,,რაცია’’ რამდენჯერმე ჩაარტყა მოქალაქეს თავის არეში. "სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 4 დეკემბერს, შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის უმცროს ინსპექტორს, რომელიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა თბილისის იუსტიციის სახლის ტერიტორიაზე, შელაპარაკება მოუვიდა იუსტიციის სახლში სერვისის მისაღებად მისულ მოქალაქესთან. ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის უმცროსმა ინსპექტორმა, სამსახურებრივ სარგებლობაში არსებული ხელის რადიოსადგური (ე.წ. ,,რაცია’’) რამდენჯერმე ჩაარტყა მოქალაქეს თავის არეში. აღნიშნულის შედეგად ამ უკანასკნელმა მიიღო ჯანმრთელობის დაზიანება. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტში, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე, გამოძიება 2020 წლის 8 დეკემბერს, საქართველოს პროკურატურიდან შემოსული შეტყობინების საფუძველზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო - სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, ჩადენილი ძალადობით. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის მიერ ჩატარდა ათობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება: დათვალიერდა შემთხვევის ადგილი და ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტები, გამოიკითხა 20-მდე მოწმე, ამოღებულ იქნა დანაშაულის იარაღი, გამოთხოვილი იქნა ვიდეოჩანაწერები და სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია, ჩატარდა სამედიცინო და სხვა სახის ექსპერტიზები. საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ 2021 წლის 7 აპრილს გამოიტანა დადგენილება შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის უმცროსი ინსპექტორის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ბრალდებით სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების შესახებ. აღნიშნული ბრალდება, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის მიერ წარედგინა", - ნათქვამია განცხადებაში.

მარინა კალიურანდი: დანიელსონი ქართველი პოლიტიკოსების ნაცვლად ვერ გადაწყვეტს საქართველოს მომავალს, ეს ქართველების გასაკეთებელია

ევროპარლამენტის სამხრეთ კავკასიის დელეგაციის ხელმძღვანელის მარინა კალიურანდის განცხადებით, ელჩ კრისტიან დანიელსონს არ შეუძლია ქართველი პოლიტიკოსების ნაცვლად გადაწყვიტოს ქვეყნის მომავალი და პოლიტიკური გადაწყვეტილებები მიიღოს. ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ,,საქართველოს პოლიტიკური ინსტიტუტის" მიერ ორგანიზებულ დისკუსიაზე განაცხადა. მისივე თქმით, მოლაპარაკებები განსაზღვრავს საქართველო-ეროკავშირის ურთიერთობის მომავალს. ,,ევროპარლამენტარების განცხადებაში ჩვენ ვაკრიტიკებთ საქართველოს ყველა პოლიტიკურ ლიდერს, რომელიც ჩართულია მედიაციის პროცესში იმიტომ, რომ მედიაცია ვერ შედგება ევროკავშირის მიერ, კომპრომისი ვერ მიიღწევა ევროკავშირის მიერ, დანიელსონი ვერ გადაწყვეტს საქართვლოს მომავალს და ვერ მიიღებს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს ქართველი პოლიტიკური ლიდერების ნაცვლად, ეს ქართველების გასაკეთებელია. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, უყურებ მმართველ პარტიას და მათგან ცოტათი მეტს ელი ვიდრე სხვებისგან, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ოპოზიციამ პატივი არ უნდა სცეს და არ უნდა გასცეს გარანტია, არ ჰქონდეს პატივისცემა და თავდადება იმაზე თუ რას აკეთებს მმართველი პარტია. ამიტომ, ეს უნდა იყოს ძალიან დაბალანსებული პროცესი, ვალდებულობა ყველა მხარისგან. დიახ, ჩვენ ველით შემდგომ ნაბიჯს მმართველი პარტიისგან, თუმცა სხვებსაც უნდა ჰქონდეთ პატივისცემა და მიჰყვეს ამას. ალბათ პირველად, მნიშვნელოვანია, რომ ავუხსნათ საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს, რომ ეს არ არის მხოლოდ შიდა საკითხი, ეს უფრო ფართოა - საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობის მომავალია, ეს არის ტრანსატლანტიკური კავშირისთვის დიდი მისწრაფების მომავალი, ეს საქართველოს მომავალია. ვიცი, სლოგანივით ჟღერს, მაგრამ ეს სიმართლეა. ევროპის პარლამენტში და ევროკავშირში აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხი დღის წესრიგში მთავარი საკითხი არ არის, მერწმუნეთ, ჩვენ ბევრი სხვა მნიშვნელოვანი საკითხი გვაქვს დაწყებული პანდემიით, ეკონომიკით, მიგარციის კრიზისით, კლიმატის საკითხით და ა.შ. და სამწუხაროა, რომ ცოტა ხნის წინ განვიხილეთ აღმოსავლეთ პარტნიორობა, როცა რაღაც ცუდი ხდება ან კრიზისია. ევროპა დაიღალა, დაღლილია აღმოსავლეთ პარტნიორობით და ამიტომ ევროპა უსასრულოდ არ შემოგთავაზებთ მაღალი დონის შეხვედრებს, მედიაციას. თქვენ ვერ გექნებათ უფრო დიდი მხარდაჭერის მოლოდინი ვიდრე ახლაა, ეს პირადი მხარდაჭერაა პრეზიდენტ შარლ მიშელის, უფრო დიდი ვერ იქნება. ამიტომ, ვფიქრობ მნიშვნელოვანია ქართველმა ხალხმა გაიგოს, თუ როგორაა ჩართული ევროპა, როგორი მზაობა აქვს მხარდაჭერის... რაც შეეხება დახმარების პირობითობას. მე ღია და გულწრფელი უნდა ვიყო, ყველა პოლიტიკური ჯგუფი თანხმდება რომ დროა წარმოვადგინოთ პირობითობის პრინციპი. თუ ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს რეფორმებს, თუ ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს გზას და ინტეგრაციას და ვერ ვხედავთ პოლიტიკურ თავდადებას ქართული მხარისგან, ჩვენ უნდა წარვადგინოთ პირობითობა", - განაცხადა კალიურანდიმ.

მამუკა მდინარაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა

მამუკა მდინარაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ მან სოცილურ ქსელში დაწერა. "მეგობრებო, ეს წუთია შემატყობინეს, რომ ჩემი ტესტის პასუხი კოვიდზე დადებითია. ეს ამბავი მხოლოდ ერთმა შეცდომამ განაპირობა, რამდენიმე თვის განმავლობაში ასეთი არ დამიშვია. მოკლედ, როდესაც ვინმეს ესაუბრებით, ერთი წუთითაც კი არ მოიხსნათ პირბადე, არცერთი წუთით! ეს არის ჩემი, უკვე პირად გამოცდილებაზე დამყარებული რჩევა. ბოლო დღეებია ირგვლივ ძალიან ბევრი შემთხვევა დაგროვდა, რისკები ძალიან გაიზარდა. ყველას უმორჩილესად გთხოვთ, ზედმიწევნით დაიცავით რეგულაციები, ყველგან ატარეთ პირბადე, რითაც, გარდა ქვეყნის ეკონომიკისა, მინიმუმ რამდენიმე ასეულ თუ ათასობით ჩვენი მოქალაქის სიცოცხლეს გადაარჩენთ", - წერს მდინარაძე.

უკრაინა  Pfizer-ის ვაქცინის 10 მილიონ დოზას მიიღებს

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა Pfizer-ის ვაქცინის10 მილიონ დოზას მიიღებს. აღნიშნული სიახლის შესახებ, ზელენსკიმ twitter-ზე დაპოსტა. “უკრაინამ ვაქცინის 10 მილიონი დოზის მიღებასთან დაკავშირებით ხელი მოაწერა მნიშვნელოვან კონტრაქტს ფაიზერთან. მე ალბერტ ბოურლას [ფაიზერის დირექტორი] მადლიერი ვარ, რადგან ჩვენ შორის გამართული საუბრის შემდეგ მან შეასრულა თავისი სიტყვა და პანდემიის ამ რთულ დროს გააკეთა ყველაფერი უკრაინის მოქალაქეების დასახმარებლად”, – ნათქვამია პრეზიდენტის პოსტში.

ჯანმო: პანდემიის გამო, ევროპასა და აზიაში, დაბალანაზღაურებადი დასაქმებულების 70%-მა შემოსავალი დაკარგა

მსოფლიო ჯანდაცვიის ორგანიზაციის ცნობით, პანდემიის გამო, ევროპასა და აზიაში, დაბალანაზღაურებადი დასაქმებულების 70%-მა შემოსავალი დაკარგა. ჯანმო-ს ევროპის რეგიონული ოფისი, პანდემიით გამოწვეულ ცვლილებებზე განცხადებას ავრცელებს, სადაც საქართველოს შესახებაც არის საუბარი. “საქართველოში ქალები ექიმების უმრავლესობასა და ჯანდაცვის მუშაკთა 62%-ს შეადგენენ, რაც მათ კოვიდინფიცირების, სტრესისა და შფოთვის უფრო მაღალი რისკის ქვეშ აყენებს. მსოფლიო მასშტაბით, ქალები ჯანდაცვისა და სოციალური სექტორის მუშახელის 70% -ს შეადგენენ და უფრო დიდია ალბათობა იმისა, რომ ისინი პანდემიასთან წინა ხაზზე იბრძოდნენ. გერმანიის, იტალიისა და ესპანეთის ბოლოდროინდელი მონაცემები ცხადჰყოფს, რომ COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევები ქალ ჯანდაცვის მუშაკებში 2-3-ჯერ მეტია, მათ მამაკაც კოლეგებთან შედარებით. საქართველოში ქალები ექიმების უმრავლესობასა და ჯანდაცვის მუშაკთა 62%-ს შეადგენენ, რაც მათ კოვიდინფიცირების, სტრესისა და შფოთვის უფრო მაღალი რისკის ქვეშ აყენებს“, -აღნიშნულია განცხადებაში. ჯანმო-ს განცხადებით, სახელმწიფომ და საზოგადოებამ უნდა უზრუნველყონ ღირსეული საცხოვრებელი და სამუშაო პირობები, რათა ყველას ჰქონდეს ჯანსაღი ცხოვრებისა და განვითარების საშუალება. ”რატომ არის, რომ ზოგიერთ ადამიანზე, სხვებისგან განსხვავებით, COVID-19-მა კიდევ უფრო უარყოფითი ზეგავლენა მოახდინა? ამ ადამიანებს არ ჰქონდათ იგივე შესაძლებლობები სამუშაო ადგილების, საცხოვრებლის, თემის, სოციალური დახმარების და ჯანმრთელობის დაცვის თვალსაზრისით. დროა აღვადგინოთ სამართლიანობა, ჩვენ უნდა შევძლოთ პანდემიიდან გამოსვლა, მათი სიცოცხლის გადარჩენა და ყველა ადამიანისთვის ღირსეული ცხოვრების გარანტიის მიცემა“ - განაცხადა ჯანმოს ევროპის რეგიონალური ოფისის დირექტორმა ჰანს კლუგემ. როგორც ჯანმო აღნიშნავს, საქართველოში პანდემიამ ბიძგი მისცა პირველადი ჯანდაცვის რეფორმას, რომლის მიზანია უთანასწორობის აღმოფხვრა ჯანდაცვის მუშაკთა აღჭურვით, დისტანციური სერვისების ხელმისაწვდომობის გაფართოებითა და ფინანსური დაცვის გაუმჯობესებით. „ამასთან ერთად, საქართველოს პარლამენტმა გამოხატა სურვილი გადახედოს სამკურნალო საშუალებების მარეგულირებელ სამართლებრივ ჩარჩოს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ფასების უკეთესი რეგულირება, ხარისხის უზრუნველყოფა და აუცილებელ მედიკამენტებზე უფრო სამართლიანი წვდომა. შედეგად, შესაძლებელია შემცირდეს ჯანდაცვასთან დაკავშირებული ჯიბიდან გადახდების წილი და მედიკამენტები უფრო ხელმისაწვდომი გახდეს. ერთად აღებული ეს ინიციატივები ადასტურებს სწრაფვას საქართველოში სამედიცინო სერვისებთან დაკავშირებული უთანასწორობის შემცირებისკე. COVID-19-ის გავრცელების შეჩერებაზე მიმართული ღონისძიებების შედეგები არათანაბრად ნაწილდება მოსახლეობაში, ამასთან დაბალ შემოსავლიან ჯგუფებში სამუშაო ადგილების დაკარგვის რისკი უფრო მაღალია. შეფასებების თანახმად, პანდემიის მხოლოდ პირველი თვის განმავლობაში არაფორმალურმად დაქირავებულმა მუშაკებმა, მათ შორის საწყობებისა და ქოლ-ცენტრების თანამშრომლებმა, შინა მოსამსახურეებმა, სეზონურმა მუშაკებმა და ჯანდაცვისა და სოციალურ სექტორებში დასაქმებულმა დაბალ ანაზღაურებადმა მუშაკებმა ევროპასა და ცენტრალურ აზიაში დაკარგეს შემოსავლის 70%.“, - აღნიშნულია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. დღეს 7 აპრილს ჯანმრთელობის მსოფლიო დღე აღინიშნება. ჯანმო მოუწოდებს მსოფლიო ლიდერებს უფრო სამართლიანი და ჯანმრთელი სამყაროს შესაქმნელად დააყენონ ინკლუზიურობისა და სამართლიანობის პრინციპები პანდემიით გამოწვეული შედეგების აღდგენითი ღონისძიებები სცენტრში.