ძებნის რეზულტატი:
ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინის NATO-ში გაწევრიანება დონბასში ომის დასრულების ერთადერთი შესაძლებლობაა
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინის ალიანსში გაწევრიანება დონბასში ომის დასრულების ერთადერთი შესაძლებლობაა. „ბოლო კვირების განმავლობაში რუსეთის საოკუპაციო ჯარების მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევისა და დაღუპული უკრაინელი ჯარისკაცების რიცხვის მატების სახიფათო ტენდენციას ვხედავთ“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა. ზელენსკიმ NATO-ს წევრ სახელმწიფოებს მოუწოდა, უფრო მეტი ყურადღება დაუთმონ შავ ზღვაში უსაფრთხოების საკითხებს. „შავ ზღვაში ნატოს მუდმივი წარმომადგენლობა რუსეთის შეკავების ფაქტორი უნდა გახდეს, რომელიც რეგიონის მასშტაბურ მილიტარიზაციას განაგრძობს და სავაჭრო ნაოსნობას აფერხებს. ჩვენ არმიისა და თავდაცვითი სექტორის რეფორმირებისკენ მივისწრაფით, თუმცა მხოლოდ რეფორმებით რუსეთს ვერ გააჩერებ. ნატო დონბასში ომის დასრულების ერთადერთი გზაა. წევრობის სამოქმედო გეგმა რუსეთისთვის ნამდვილი სიგნალი იქნება“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
უკრაინული სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდების საქმეზე ირანის ხელისუფლებამ 10 ადამიანს ბრალი წაუყენა
Reuter-ის ინფორმაციით, თეირანის აეროპორტის მახლობლად უკრაინული სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდების საქმეზე ირანის ხელისუფლებამ ათ ადამიანს ბრალი წაუყენა. როგორც ცნობილია, ირანის სამოქალაქო ავიაციის სამსახურმა გასულ თვეს თვითმფრინავის ჩამოგდების მიზეზად რადარის ხარვეზი და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის ოპერატორის შეცდომა დაასახელა. „თანამდებობის ათ პირს უკრაინის თვითმფრინავის ჩამოგდებაში მონაწილეობისთვის ბრალი წაუყენეს. საჭირო გადაწყვეტილებები სასამართლოში იქნება მიღებული“, – განაცხადა თეირანის სამხედრო პროკურორმა, ღოლამ აბას ტორკიმ. ცნობისთვის, უკრაინული სამგზავრო თვითმფრინავი 2020 წლის იანვარში საჰაერო თავდაცვის სისტემის გამოყენებით ჩამოაგდეს, რასაც 176 ადამიანი ემსხვერპლა. თვითმფრინავის ჩამოგდების შემდეგ, ირანის მთავრობამ ინციდენტს „კატასტროფული შეცდომა“ უწოდა, რომელიც იმ დროს იქნა დაშვებული, როდესაც ქვეყნის სამხედრო ძალები აშშ-სთან რეგიონული დაპირისპირების საბრძოლო მზადყოფნაში იყო. ერაყში ირანელი გენერლის, ყასემ სოლეიმანის მკვლელობისთვის შურისძიების მიზნით, ავიაკატასტროფამდე ირანმა ერაყში არსებული ამერიკული ბაზა დაბომბა.
ხვალიდან რუსეთთან თანამშრომლობის გამო, შეერთებული შტატები თურქეთის თავდაცვის ინდუსტრიის წინააღმდეგ სანქციებს აამოქმედებს
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ფედერალური რეესტრის ინფორმაციით, რუსეთთან თანამშრომლობის გამო, აშშ თურქეთის თავდაცვის ინდუსტრიის წინააღმდეგ სანქციებს აწესებს და ის ძალაში 7 აპრილიდან შევა. როგორც გამოქვეყნებული დოკუმენტიდან ირკვევა, სახელმწიფო მდივანმა განსაზღვრა, რომ თურქეთის თავდაცვის ინდუსტრიის სამმართველომ 2017 წლის შემდეგ შეგნებულად ჩაატარა ოპერაციები პირებთან, რომლებიც არიან რუსეთის მთავრობის თავდაცვის ან დაზვერვის სექტორის ნაწილი ან მოქმედებენ მათი სახელით. „სანქციების საშუალებით ამერიკის მოწინააღმდეგეებთან დაპირისპირების“ კანონის შესაბამისად, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა სანქციები განსაზღვრა თურქეთის თავდაცვის ინდუსტრიის სამმართველოს პრეზიდენტის, ისმაილ დემირის, სამმართველოს ვიცე-პრეზიდენტის, ფარუკ იგიტის, ასევე სამმართველოს საჰაერო თავდაცვისა და კოსმოსური დეპარტამენტის უფროსის, სერჰატ გენკოღლუს და საჰაერო თავდაცვის სისტემების რეგიონალური დირექტორატის პროგრამის მენეჯერის, მუსტაფა დენიზის წინააღმდეგ. ზურაბ ბატიაშვილი: თუ თურქეთმა აშშ-ს შავი ზღვის აუზი გაუხსნა, საქართველომ ანაკლიის პორტის მშენებლობა უნდა დააჩქაროს და სამხედრო დანიშნულებაც მიანიჭოს
გურამ დოჩანაშვილი საბურთალოს სასაფლაოზე, შვილის გვერდით დაკრძალეს
გურამ დოჩანაშვილი საბურთალოს სასაფლაოზე, შვილის გვერდით დაკრძალეს. გურამ დოჩანაშვილის შვილი, ირაკლი დოჩანაშვილი 1990 წელს, 22 წლის ასაკში დაიღუპა. გურამ დოჩანაშვილი 3 აპრილს 82 წლის ასაკში გარდაიცვალა. ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების გამო, დოჩანაშვილი „ნიუჰოსპიტალში“ იყო მოთავსებული. გურამ დოჩანაშვილმა დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. 1966 წლის 7 აპრილს გამოიცა მისი პირველი წიგნი „მთის გადაღმა“. 1961 წელს დოჩანაშვილის პირველი მოთხრობები დაიბეჭდა ჟურნალ „ცისკარში“. 1962-1975 წლებში გურამ დოჩანაშვილი ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიის და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის არქეოლოგიური განყოფილების უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი იყო. ამ პერიოდში მწერალი მონაწილეობდა ქვის ხანის 30-მდე ძეგლის შესწავლაში. 1975-1985 წლებში ჟურნალ „მნათობის“ პროზის განყოფილების გამგე იყო, მწერალთა კავშირში ხელმძღვანელობდა პროზის სექციას. 1985 წლიდან კინოსტუდია „ქართული ფილმის“ მთავარ რედაქტორად მუშაობდა. გურამ დოჩანაშვილის ყველაზე გამორჩეული ნაწარმოებებია „სამოსელი პირველი“, „კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“, „ვატერ(პო)ლო ანუ აღდგენითი სამუშაოები“. ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის გურამ დოჩანაშვილს მიღებული აქვს ლიტერატურული პრემია „საბა“; ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემია რომანისთვის „ბრმადყოფილზე“. 2020 წელს დოჩანაშვილს მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება. გურამ დოჩანაშვილს ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძრიდან გამოასვენეს.
რუმინეთის ელჩმა დავით ზალკალიანს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა
რუმინეთის ახლადდანიშნულმა ელჩმა რეზვან როტუნდუმ რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა საქართველოს ვიცე-პრემიერს, საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ზალკალიანს, რის შემდეგაც გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გაიმართა. ამის შეახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ზალკალიანმა რუმინელ დიპლომატს ელჩის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და საქართველოში მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა. "შეხვედრისას ხაზი გაესვა საქართველოსა და რუმინეთს შორის არსებულ ტრადიციულად მეგობრულ ურთიერთობებს. განხილულ იქნა ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში არსებული მნიშვნელოვანი საკითხები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები. ამ კონტექსტში, მხარეები მიესალმნენ ორივე ქვეყნის მზაობას პარტნიორობის სტრატეგიულ ჭრილში გადაყვანის თაობაზე. საუბარი შეეხო საქართველოსა და რუმინეთს შორის არსებულ მჭიდრო ეკონომიკურ თანამშრომლობას, რომლის გაძლიერებაზე პოსტ-პანდემიურ პერიოდშიც გამახვილდება ყურადღება. ამ კონტექსტში, შავი ზღვის პოტენციალის სრულად ათვისების მიზნით, ხაზი გაესვა ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სფეროში თანამშრომლობას და ამ მიმართულებით ერთობლივი პროექტების აუცილებლობას. მინისტრმა ისაუბრა საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესზე. ხაზი გაესვა მიმდინარე წლის შემოდგომაზე დაგეგმილ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტს და საქართველოს მოლოდინებს. საუბარი შეეხო ნატო-ს ფარგლებში შავი ზღვის უსაფრთხოების მიმართულებით თანამშრომლობის აუცილებლობას, რეგიონში არსებულ გამოწვევებს, საერთაშორისო ორგანიზაციებში აქტიურ ინტერაქციას და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს. ელჩმა, თავის მხრივ, კიდევ ერთხელ დაადასტურა რუმინეთის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე, ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისადმი. რუმინელმა დიპლომატმა გამოხატა მზაობა ახალ პოსტზე საქმიანობისას, ორ მეგობარ ქვეყანას - საქართველოსა და რუმინეთს შორის ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცებისა და ხელშეწყობის თაობაზე", - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ვაქცინაციის მეორე დოზის გასაკეთებლად მოქალაქეებმა რეგისტრაცია თავიდან უნდა გაიარონ
ვაქცინაციის მეორე დოზის გასაკეთებლად მოქალაქეებმა რეგისტრაცია თავიდან უნდა გაიარონ. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც გაბუნიამ აღნიშნა, უკვე აცრილი მოქალაქეებისთვის ფანჯარა თავიდან გაიხსნება და რეგისტრაციის გავლას შეძლებენ. "AstraZeneca-ს შემთხვევაში, ვაქცინაციის მეორე ეტაპი ყველაზე ადრე მოქალაქეებს უწევთ 15 მაისს და ხელახალი რეგისტრაცია იქნება საჭირო, რადგან რიგი თავად უნდა აირჩიოს მოქალაქემ და ჩაეწეროს. ეს გამოცხადდება კიდეც და რეგისტრაციის პორტალიც გაიხსნება; Pfizer-ის შემთხვევაშიც ასე მოხდება“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
ოჯახური ძალადობის მსხვერპლმა ქალმა, რომელიც ფსიქიატრიულში უკანონოდ განათავსეს, კლინიკას სასამართლო დავა მოუგო
ფსიქიატრიულ დაწესებულებაში ქალის უკანონო განთავსების გამო, ორგანიზაციამ "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" (PHR) სასამართლოში მორიგი საქმე მოიგო. სასამართლომ დაზარალებული ქალის სასარგებლოდ, კლინიკას მორალური ზიანის ანაზღაურების სახით, 5000 ლარის გადახდა დააკისრა. PHR საქმის დეტალებს ასაჯაროებს და აცხადებს რომ დაზარალებულის კლინიკაში გამოკეტვის ფაქტს, წინ უძღოდა ოჯახური ძალადობის შემთხვევა. მისი ფსიქიატრიულში გადაყვანაც სწორედ ოჯახის წევრმა მოითხოვა. "დაზარალებული ი.მ.-ს გადმოცემით 2019 წლის 31 აგვისტო მისთვის ერთი ჩვეულებრივი დღე იყო. დილით საყიდლებზე წავიდა, მას შემდეგ რაც ბოსტნეული და სახლისთვის საჭირო პროდუქტები იყიდა და შინ დაბრუნდა, მის საცხოვრებელი სახლში საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა მივიდა. ყოველგვარი კონფლიქტისა და დაძაბულობის გარეშე, პოლიციის ეკიპაჟმა მას უთხრა, რომ სამედიცინო შემოწმების მიზნით მისი კლინიკაში გადაყვანა იყო საჭირო. სრულ გაურკვევლობაში მყოფი ი.მ ვერ მიხვდა რა მოემოქმედებინა და ნებაყოფლობით გაჰყვა მათ კლინიკაში. თან გზაში პოლიციელს უყვებოდა, რომ ოჯახის წევრის მხრიდან ადგილი ჰქონდა მასზე როგორც ფიზიკურ, ასევე ფსიქოლოგიურ ძალადობას. მოუყვა, რომ მისი ოჯახის წევრის მიმართ რამდენიმე დღის წინ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის გამო გამოცემული იყო შემაკავებელი ორდერი მის დასაცავად. საბოლოოდ კლინიკაში მისვლის შემდეგ ისე მოხდა რომ ი.მ ფსიქიატრიული კლინიკიდან აღარ გამოუშვეს. აღნიშნულ საქმეში ი.მ-ს მოთავსებისას არ მომხდარა ფაქტების სრული და ობიექტური გამოკვლევა: შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის მხირდან არ მომხდარა ფაქტების გადამოწმება - იყო თუ არა ქალი ოჯახში ძალადობის მსხვერპლი. ექიმ-ფსიქიატრებმა გადაწყვეტილების მიღებისას მხედველობაში არ მიიღეს ის ფაქტორები, რომლებიც წინ უსწრებდა მის სტაციონარში მოთავსებას, კერძოდ, ოჯახში ძალადობის ფაქტი. აღსანიშნავია, რომ სწორედ სწორედ ოჯახის წევრის მიერ განხორციელებული ზარის საფუძველზე მოხდა სასწრაფო სამედიცინო ბრიგადისა და საპატრულო პოლიციის მიერ მოსარჩელის გადაყვანა კლინიკაში. აღნიშნული ფაქტების გაუთვალისწინებლობა და ექიმ-ფსიქიატრთა კომისიის დაუსაბუთებელი დასკვნა გახდა სასამართლოს მხრიდან უკანონო გადაწყვეტილების გამოტანის საფუძველი - მოსარჩელის ფსიქიატრიულ კლინიკაში მოთავსების თაობაზე. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 2 სექტემბრის გადაწყვეტილება გასაჩივრდა სააპელაციო წესით. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 13 სექტემბრის გადაწყვეტილებით გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 2 სექტემბრის ბრძანება ი.მ-ს არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით სტაციონარში მოთავსების შესახებ და შპს "N5 კლინიკური საავადმყოფოს" დაევალა ი.მ-ს დაუყონებლივ გაწერა. დღეს კი თბილისის საქალაქო სასამართლომ, მორალური ზიანის ანაზღაურება დააკისრა ფსიქიატრიულ დაწესებულებას უკანონოდ არანებაყოფლობითი ფსიქიატიული მკურნალობის გამო. PHR აგრძელებს შშმ პირთა უფლებების დაცვას სასამართლოსა და ადმინისტრაციულ ორგანოებში", - აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში.
8 აპრილს, თბილისის 80-ზე მეტ ქუჩას ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება
8 აპრილს, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 8 აპრილს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ელექტროენერგიის მიწოდება თბილისის 80-ზე მეტ ქუჩა შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას თელასი ავრცელებს. გლდანის რაიონი გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის ა, II, V მიკრორაიონებს; მეტრო ახმეტელის მიმდებარე ტერიტორიას; წყაროთუბნის ქუჩას; ხევისპირის ქუჩას; ჯაბიძის ქუჩას; მწვანე ქუჩას; შულენბერგის ქუჩას; ფარსმან II ქველის ქუჩას; ხიზანიშვილის ქუჩას; მოსულიშვილის ქუჩას; ქერჩის ქუჩას; ილია ვეკუას ქუჩას; ხევძმარის ქუჩას; ხიზაბავრის ქუჩას; შეშელიძის ქუჩას; ვასაძის ქუჩას; იპოლიტოვ-ივანოვის ქუჩას; მარსელის ქუჩას; გმირ კურსანტთა ქუჩას. საბურთალოს რაიონი გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივანს (ნაწილობრივ); ქვემო ვეძისის დასახლებას; გიორგი ბრწყინვალის ქუჩას; დემეტრე თავდადებულის ქუჩას; ფარნავაზის ქუჩას; ვეფხისტყაოსნის ქუჩას; ასმათის ქუჩას; მეფე მირიანის ქუჩას; დავარის ქუჩას; შარტავას ქუჩას; გოთუას ქუჩას. გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გაზაფხულის ქუჩას; ნადარეიშვილის ქუჩას; კამანის ქუჩას; ნუცუბიძის ქუჩას; გურიელის ქუჩას. ვაკის რაიონი ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ); ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის (ნაწილობრივ); ატენის ქუჩას; ნინო რამიშვილის ქუჩას; ფალიაშვილის ქუჩას; არაყიშვილის ქუჩას; რიგის ქუჩას; თაქთაქიშვილის ქუჩას; ყიფშიძის ქუჩას; მიქელაძის ქუჩას; ირაკლი აბაშიძის ქუჩას. გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) მოსახლეობას. სამგორის რაიონი გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი — 3 IIIა მიკრორაიონის მოსახლეობას. გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი — 3 IX კვარტლის მოსახლეობას. გეგმური სამუშაოების გამო 14:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ); გარდაბნის გზატკეცილის (ნაწილობრივ); ლილოს დასახლების II მიკრორაიონს; ქვემო მელითონეთა დასახლებას; წმინდა ბარბარეს დასახლებას; ქიზიყის ქუჩას; ფრანგულიანის ქუჩას; ღლონტის ქუჩას; ჭირნახულის ქუჩას. მთაწმინდის რაიონი გეგმური სამუშაოების გამო 14:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გოგებაშვილის ქუჩას; გუნიას ქუჩას; ზალდასტანიშვილის ქუჩას; მაყაშვილის ქუჩას; ანასტასია ერისთავი-ხოშტარიას ქუჩას; ბარნოვის ქუჩას; კაკაბაძის ქუჩას; კერესელიძის ქუჩას; მესხის ქუჩას. ჩუღურეთის რაიონი გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: უზნაძის ქუჩას; აბაშიძის ქუჩას. ნაძალადევის რაიონი ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის ქუჩას; სააკაძის ქუჩას; მანჯგალაძის ქუჩას; ლეჩხუმის ქუჩას; ნიკო მარის ქუჩას; ხევსურეთის ქუჩას; რიონჰესის ქუჩას; იმერეთის ქუჩას; ჭიჭინაძის ქუჩას; სანერგის ქუჩას; ცინცაძის ქუჩას; სვანეთის ქუჩას; ბენდელიანის ქუჩას; დიდი ჯიხაიშის ქუჩას. "კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება", - ნათქვამია თელასის განცხადებაში.
პოკროვის კოლონიასთან ალექსეი ნავალნის მხარდამჭერი ექიმები დააკავეს
რუსეთში, პოკროვის მეორე კოლონიასთან ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის მხარდამჭერები დააკავეს. მათ შორის არის ორგანიზაცია „ექიმთა ალიანსის“ ხელმძღვანელი ანასტასია ვასილიევა, რომელიც პოლიტიკოსთან შეშვებას ითხოვდა. Telegram-ის არხი Avtozak Live-ი იუწყება, რომ დაკავებულთა შორის არიან CNN-ის კორესპონდენტი მეთიუ ჩენსი და Belsat TV-ის კორესპონდენტი, რომლის სახელსა და გვარს არ იტყობინებიან. რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, ალექსეი ნავალნის მხარდამჭერ აქციაზე დაკავებულია ცხრა ადამიანი. რამდენიმე ათეული აქტივისტი პოკროვში, სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან მას შემდეგ შეიკრიბა, რაც ალექსეი ნავალნის კოლონიის სამედიცინო-სანიტარულ ნაწილში გადაყვანის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია. „ჩვენ მივაღწიეთ ერთ მიზანს – ამ საშინელი პრობლემისადმი ყურადღება მივიზიდეთ. ჩვენი მიზანი იმაში მდგომარეობდა, რომ კოლონიის ხელმძღვანელობას გაეცნობიერებინა, როგორ მძიმე მდგომარეობაშია ალექსეი და შედეგად რა შეიძლება ამას მოჰყვეს. ჩვენ გვსურდა, სამედიცინო-სანიტარული ნაწილის ექიმთან დალაპარაკება, რათა გაგვეგო, რა მკურნალობა უტარდება მას“, – განაცხადა „ბიბისის“ რუსულ სამსახურთან ვასილიევამ. ინციდენტამდე „ექიმების ალიანსის“ წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ პოკროვში მიემგზავრებიან „არა პროტესტისთვის“, არამედ ნავალნის „გადასარჩენად“. 31 მარტს ალექსეი ნავალნიმ შიმშილობა გამოაცხადა და მასთან მიწვეული ექიმის შეშვება მოითხოვა. მანამდე, ის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ აცხადებდა. ალექსეი ნავალნი 17 იანვარს მოსკოვში გერმანიიდან ჩასვლისას დააკავეს.
სერბეთის პრეზიდენტი ჩინური Sinopharm-ით აიცრა
სერბეთის პრეზიდენტმა, 51 წლის ალექსანდრ ვუჩიჩიმ კორონავირუსის საწინააღმდეგო ჩინური ვაქცინა - Sinopharm-ი საჯაროდ გაიკეთა, - ამის შესახებ ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს. „ვაქცინა მივიღე და თავს მშვენივრად ვგრძნობ. მადლობა დიდებულ სამედიცინო თანამშრომლებსა და ჩვენს ჩინელ ძმებს“ - აღნიშნა სერბეთის პრეზიდენტმა ვაქცინაციის შემდეგ.
ფინანსური დავალიანების გამო, Pfizer-მა ისრაელისთვის 700 000 დოზა ვაქცინის გაგზავნა შეაჩერა
Pfizer-მა ისრაელისათვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 700 000 დოზის გადაზიდვა შეაჩერა, რადგან ქვეყანამ ფინანსური დავალიანება არ გადაიხდა. როგორც Insider-ი იტყობინება, Pfizer-ის თანამშრომლები ისრაელის პოლიტიკურ არასტაბილურობაზე საუბრობენ და "ბანანის რესპუბლიკას" უწოდებენ. მედიასაშუალება ასევე ავრცელებს ინფორმაციას, რომ Pfizer-ის ხელმძღვანელებს ეჭვი ეპარებათ, ქვეყანამ პრემიერ ბენიამინ ნეთიანიაჰუს მმართველობით ვალის გადახდა შეძლოს. ნეთანიაჰუს მთავრობამ მასობრივი ვაქცინაციის კამპანია წამოიწყო მას შემდეგ, რაც მან გადაიხადა პირველი 10 მილიონი ვაქცინისთვის და მომარაგება თებერვალში დაიწყო. აღსანიშნავია, რომ ისრაელის მოსახლეობის დაახლოებით, 5,27-მა მილიონმა, 16 წლის ზემოთ, უკვე მიიღო ვაქცინის პირველი დოზა, ხოლო ორივე დოზა მიღებული აქვს 4,84 მილიონ ადამიანს, რაც ვაქცინირებული მოსახლეობის სტატისტიკით მსოფლიო ქვეყნებს შორის Pfizer -ერთ-ერთი მაღალი მაჩვენებელია.
ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბათუმის ბულვარში 19 სართულიანი სასტუმრო „ამბასადორის“ მშენებლობა არ შეაჩერა
5 აპრილს ბათუმის საქალაქო სასამართლომ სათანადო დასაბუთების გარეშე არ დააკმაყოფილა „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ (ყოფილი EMC) და “საზოგადოება ბათომის” მოთხოვნა შეჩერებულიყო 19-სართულიანი (3 მიწის ქვეშ) სასტუმროს მშენებლობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის - ბათუმის ბულვარის - ტერიტორიაზე. ამ გადაწყვეტილებით სასამართლომ ვერ შეძლო საჯარო ინტერესის დაცვის სადარაჯოზე დადგომა და აღმასრულებელი ხელისუფლების თვითნებური გადაწყვეტილებების რეალური შეკავება და კონტროლი. - ამის შესახებ ინფორმაციას "სოციალური სამართლიანობის ცენტრი" ( ყოფილი EMC) ავრცელებს. ორგანიზაციის განცხადებაში ნათქვამია, რომ „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“, “საზოგადოება ბათომის” სახელით, მიღებულ განჩინებას ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს, რომლის ფარგლებშიც მოითხოვს მშენებლობის დაუყოვნებლივ შეჩერებასა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მაღალი ინტერესების ხელყოფის აღკვეთას. "ბათუმის საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა, რომ მშენებლობის დაუყოვნებლივ შეჩერებაზე უარის თქმით შეუქცევადი ზიანი ადგება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, რომლის მნიშვნელობა და ღირებულება ქალაქისთვის შეუფასებელია. სასამართლო განჩინებაში საერთოდ არ არის მოცემული არგუმენტები და დასაბუთება, თუ რატომ იქნა მიჩნეული, რომ არ არსებობს სადავო აქტების შეჩერების საფუძველი. განჩინება იმდენად დაუსაბუთებელია, რომ სრულიად გაუგებარი ხდება, რატომ არ იზიარებს სასამართლო მოსარჩელეთა პოზიციასა და წარდგენილ მტკიცებულებებს. ზოგადად საერთო სასამართლოების მიერ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების არგამოყენება მართლმსაჯულების პრაქტიკის სერიოზული გამოწვევაა. მნიშვნელოვან სასამართლო დავებშიც კი, სადაც აშკარაა უფლებისა და კანონიერი ინტერესების სერიოზული და შეუქცევადი დარღვევის რისკები, სასამართლოები როგორც წესი შეჩერების მექანიზმს არ იყენებენ და ამას აშკარად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებებით აკეთებენ. ამ პრაქტიკით სასამართლოები აღმასრულებელი ხელისუფლების ქმედით კონტროლსა და ადამიანის უფლებებისა და საჯარო ინტრესების ეფექტიან დაცვაზე უარს ამბობენ, რაც ზოგჯერ მართლმსაჯულების როლს მთლიანობაში მოჩვენებითსა და არარეალურს ხდის. სოციალური სამართლიანობის ცენტრი (ყოფილი EMC) უკიდურესად პრობლემურად მიიჩნევს იმასაც, რომ საზოგადოების ლეგიტიმური პროტესტის მიუხედავად, აჭარის მთავრობის წარმომადგენელები, “ამბასადორი ბათუმის” უკანონო მშენებლობის უგულებელყოფის პარალელურად, განაგრძობენ საჯარო ინტერესის დათმობას კერძო კომპანიების სასარგებლოდ სხვა სასტუმროების შემთხვევაშიც. შეგახსენებთ, რომ ერთი კვირის წინ ადგილობრივების სამართლიანი უკმაყოფილება გამოიწვია ბათუმის საკრებულოს სხდომამ, რომელზეც ერთ-ერთი მსხვილი კერძო კომპანიის მოთხოვნით, საკრებულოს ბულვარის პლაჟის ნაწილის კერძო საკუთრებაში გადაცემის საკითხზე უნდა ემსჯელა. მოქალაქეთა პროტესტის საპასუხოდ, 30 მარტს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა, რომ ძველი ბულვარის ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის საზღვრებით გათვალისწინებულ ტერიტორიაზე ახალი მშენებლობების დაწყებაზე გამოცხადდება სრული მორატორიუმი ბულვარის განაშენიანების და კონსერვაციის გეგმის დამტკიცებამდე. თუმცა, აჭარის მთავრობის ხელმძღვანელმა დამატებით განმარტა, რომ აღნიშნული მორატორიუმი არ შეეხება “ამბასადორი ბათუმის” მიმდინარე მშენებლობას. ბათუმის საქალაქო სასამართლოში ჯერ კიდევ არ დაწყებულა სარჩელის არსებითი განხილვა, რომლითაც სამშენებლო ნებართვის ბათილად ცნობაა მოთხოვნილი. ამ პირობებში ჩვენ მოვუწოდებთ ბათუმის საქალაქო სასამართლოს საქმის არსებითი განხილვა დროულად, გაჭიანურების გარეშე უზრუნველყოს და სასამართლოს კონტროლი მშენებლობის პროცესის მიმართ რეალური და ეფექტიანი გახადოს. პარალელურად სოციალური სამართლიანობის ცენტრი (ყოფილი EMC) და “საზოგადოება ბათომი” სხვა აქტივისტურ ჯგუფებთან და მოქალაქეებთან ერთად განაგრძობენ სამოქალაქო ბრძოლას საჯარო სიკეთეებისა და კულტურული სივრცეების დასაცავად.", - ნათქვამია განცხადებაში.
რუსთავის საკრებულოს წევრის დაჭრაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, რუსთავის საკრებულოს წევრის დაჭრაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და რუსთავის საკრებულოს წევრის გ.მ.-ს დაჭრაში ბრალდებულ ნ.ტ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. "შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 4 აპრილს, ქ. რუსთავში, მეზობლებს ნ.ტ.-სა და გ.მ.-ს შორის საცხოვრებელი კორპუსის ამხანაგობის თავმჯდომარის არჩევნებთან დაკავშირებით ურთიერთშელაპარაკება მოხდა, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. დაპირისპირების დროს ნ.ტ.-მ იძალადა გ.მ.-ზე და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, რის შემდეგაც ბრალდებულმა გ.მ.-ს ფეხის არეში დანით დაზიანება მიაყენა. ნ.ტ-ს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) 126-ე (ძალადობა) და 151-ე (სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა) მუხლების პირველი ნაწილებით წარედგინა. რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და ნ.ტ-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება."- ნათქვამია უწყების განცხადებაში. რუსთავის საკრებულოს წევრი დაჭრეს რუსთავის საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" წევრის დაჭრის ფაქტზე, პოლიციამ ერთი პირი დააკავა
თურქეთის პრეზიდენტი შარლ მიშელსა და ურსულა ვონ დერ ლეიენს შეხვდა
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ანკარაში ევროსაბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელსა და ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულა ვონ დერ ლეიენს შეხვდა. მხარეებმა ევროკავშირისა და თურქეთის ურთიერთობა დიპლომატიურ და ეკონომიკურ ჭრილში განიხილეს. ევროკავშირის ლიდერებმა განაცხადეს, რომ ევროკავშირი მზად არის მხარი დაუჭიროს კონკრეტულ და პოზიტიურ დღის წესრიგს თურქეთთან, განსაკუთრებით ეკონომიკური თანამშრომლობისა და მიგრაციის სფეროებში. როგორც შარლ მიშელმა აღნიშნა, პრეზიდენტ ერდოღანთან "გულწრფელი დისკუსია" ჰქონდა და ევროკავშირისა და თურქეთის ურთიერთობები განიხილეს. ვონ დერ ლეიენის თქმით, შეხვედრა მიზნად ისახავს კავშირების "ახალ იმპულსს". "ანკარაში, ვონ დერ ლეინთან ერთად, მზად ვართ პრეზიდენტ ერდოღანთან ევროკავშირი – თურქეთის ურთიერთობების შესახებ დისკუსია დავიწყოთ. უფრო კონსტრუქციული დღის წესრიგის შესაქმნელად მდგრადი დეესკალაციაა საჭირო." - წერს შარლ მიშელი Twitter-ზე. როგორც ევროკავშირის ლიდერებმა აღნიშნესმ ევროკავშირსა და თურქეთს შორის ურთიერთობა ჯერ კიდევ მყიფეა. იმისათვის, რომ თურქეთი ევროკავშირის წევრი გახდეს, ქვეყანამ ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით უნდა იმუშაოს. მხარეებმა თურქეთის საბერძნეთსა და კვიპროსთან ურთიერთობაც განიხილეს.
ამირან გამყრელიძე: შშმ პირების ვაქცინაციის საკითხი მალე დადგება
"შშმ პირების ვაქცინაციის საკითხი მალე დადგება", -ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ "რუსთავ 2-ის" ეთერში განაცხადა. მისი თქმით, შშმ პირების ვაქცინაციის საკითხი უკვე დღის წესრიგში დგას და უახლოეს მომავალში დადებითად გადაწყდება. როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, ეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის, იგეგმება ვაქცინაციის ცენტრებამდე ტრანსპორტირებაში დახმარება და მობილური ბრიგადების გამოყოფა. "მალე დადგება შშმ პირების ვაქცინაციის საკითხი. საბჭო ამ დღეებში განიხილავს დამატებითი კონტიგენტის ჩართვის საკითხს და, მათ შორის, განხილული იქნება ეს საკითხიც. ვაქცინების დეფიციტის გამო, ამ ეტაპზე, იქნებ სრულად ვერ იქნეს დაფარული, რადგან, როგორც მახსოვს, ქვეყანაში 300 ათასამდე შშმ პირია. ეს საკითხი დგას და ჩვენ შევეცდებით, მაქსიმალური კომფორტი შევუქმნათ, მობილურ ბრიგადებზეა საუბარი, დახმარებაში ტრანსპორტირებაში ვაქცინაციის ცენტრებთან და ა.შ რაც შეეხება ტესტირებას, ამ საკითხსაც დავაყენებთ საბჭოზე, რომ ამ ადამიანებს მივცეთ მეტი ხელმისაწვდომობა ტესტირებაზე, მით უმეტეს, მესამე ტალღის პერიოდში, თუ ის იქნა, ტესტირება უფრო და უფრო უნდა გაფართოვდეს,"-აცხადებს გამყრელიძე.
ამირან გამყრელიძე: არ გამოვრიცხავ რომ ჩინური ვაქცინით ავიცრა
"არ გამოვრიცხავ რომ ჩინური ვაქცინით ავიცრა, არ ავიცრები იმ ვაქცინით, რომ სალაპარაკო გახდეს",- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ "რუსთავი 2-ის" ეთერში განაცხადა. "მე, 29 დეკემბერს დამიდასტურდა კოვიდი და ორი კვირა იზოლაციაში გავატარე. შემდეგ ჩვენი რეგულაციით რაც დამტკიცებულია, კოვიდგადატანილების პირველი დადასტურებიდან 120 დღის შემდეგ, შეუძლიათ აცრა. ამიტომ, რომ გავა 120 დღე, ეს გადის თუ არ ვცდები აპრილის ბოლოს, უახლოეს დღეებში გაგაგებინებთ და პირდაპირ ეთერში ავიცრები. არ გამოვრიცხავ რომ ჩინური ვაქცინით ავიცრა, არ ავიცრები იმ ვაქცინით, რომ სალაპარაკო გახდეს", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ამირან გამყრელიძე: კორონავირუსის მესამე ტალღის დაწყების ეტაპზე ვართ
"კორონავირუსის მესამე ტალღის დაწყების ეტაპზე ვართ", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ "რუსთავი 2-ის" ეთერში განაცხადა. "მესამე ტალღის დაწყების ეტაპზე ვართ. 10 კლასტერია უკვე სხვადასხვა რეგიონში, რეალურად, შეიძლება მეტი იყოს, ჰოსპიტლები იტვირთება, 100 000 მოსახლეზე გავრცელების მაჩვენებელი, რეპროდუქციის ინდექსი, ბოლო 7 დღის დადებითობის მაჩვენებელი იზრდება. დღევანდელი დადებითობის მაჩვენებელი ყველაზე დიდია ამ ბოლო 2 თვის განმავლობაში. ეს ყველაფერი იმის ნიშანია, რომ სერიოზული შიდა გავრცელებაა დაწყებული,"-აცხადებს გამყრელიძე. მისი თქმით, თუ მესამე ტალღა დაიწყება, ქვეყანაში სერიოზული დაზიანება იქნება. მისივე თქმით, ყველა იმ კლასტერის, რაც დღეს საქართველოში გვაქვს, ინიცირება დიდი თავყრილობებიდან მოხდა. "თუ მესამე ტალღა დაიწყო, ქვეყანაში სერიოზული დაზიანება გვექნება, სერიოზული დაზიანებით გამოვალთ ამ მესამე ტალღიდან. ყველას გვახსოვს ნოემბერი-დეკემბერი. იმას ვგულისხმობ, რომ როდესაც მეტია შემთხვევა, შესაბამისად, მეტია მძიმე მიმდინარეობა, მეტი ჰოსპიტალიზაცია, მეტი რეანიმაცია და, სამწუხაროდ, მეტი სიკვდილიანობა. ჩვენ დღეს სიკვდილიანობა 5-6-ჯერ შევამცირეთ, ნოემბერ-დეკემბერთან შედარებით, მაგრამ ყოველდღიურად მაინც გვაქვს 10-მდე შემთხვევა. პატარა საქართველოსთვის ყოველდღიურად 10-მდე შემთხვევა მძიმეა, ამიტომ, ეს ყველამ უნდა გავითავისოთ, დიდი სოლიდარობაა საჭირო ახლა ყველაფერში", - განაცხადა გამყრელიძემ.
CNN: კორონავირუსის ბრიტანული შტამი აშშ-ის ყველა შტატში გავრცელდა
კორონავირუსის ახალი შტამი, რომელიც ბრიტანეთში აღმოაჩინეს და უფრო მეტად გადამდებია, აშშ-ის ყველა შტატში გავრცელდა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. როგორც CNN-ი წერს, ექსპერტები შეშფოთებულნი არიან, რომ ახალი ვარიანტის გავრცელებამ შეიძლება ინფიცირების შემთხვევები მკვეთრად გაზარდოს. როგორც ცნობილია, ამ ეტაპზე, ამერიკაში B.1.1.7 კორონავირუსის შტამის 15 000-ზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული. ის გაცილებით უფრო მომაკვდინებელია. მიუხედავად იმისა, რომ დღეს აშშ-ში მოსახლეობის ვაქცინაცია სწრაფი ტემპით მიმდინარეობს, ექსპერტები საზოგადოებას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ. მინესოტის უნივერსიტეტის ინფექციური დაავადებების კვლევისა და პოლიტიკის ცენტრის დირექტორ მაიკლ ოსტერჰოლმის განცხადებით, ვაქცინა ვირუსის ახალი შტამების წინააღმდეგ საბრძოლველად საკმაოდ ეფექტიანია, თუმცა, მისივე თქმით, ცუდი ამბავი ის არის, რომ შეერთებულმა შტატებმა ვერ შეძლო ვაქცინის პრეპარატების იმდენად სწრაფად ადმინისტრირება, რომ COVID-19-ის მორიგი ტალღა თავიდან აიცილოს.
სომხეთის ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყდა
სომხეთის ყოფილი პრეზიდენტის, რობერტ ქოჩარიანის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყდა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. აგრეთვე სისხლისსამართებლივი დევნა შეწყდა კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის ყოფილი გენერალური მდივნის იური ხაჩატუროვის, თავდაცვის ყოფილი მინისტრის სეირან ოგანიანისა და ყოფილი ვიცე-პრემიერის, არმენ გევორქიანის წინააღმდეგ. მოსამართლე ანა დანიბეკიანმა დააკმაყოფილა ადვოკატების შუამდგომლობა და საკონსტიტუციო წესრიგის დამხობასთან დაკავშირებით აღძრული საქმე დახურა. სისხლისსამართლებრივი დევნა დანაშაულის ფაქტის არარსებობის გამო შეწყდა. მოსამართლის განმარტებით, რობერტ ქოჩარიანისა და არმენ გევორქიანის წინაღმდეგ პროცესი სხვა ბრალდების საფუძველზე გაგრძელდება. ექს-პრეზიდენტს ასევე ქრთამის აღებაში ადანაშაულებენ. სასამართლოს მომდევნო სხდომა 13 აპრილს გაიმართება. სომხეთის ექს-პრეზიდენტი 2018 წელს დააკავეს. ქოჩარიანს კონსტიტუციური წესრიგის დამხობის მცდელობაში წაუყენეს ბრალი. საქმე ეხება 2008 წელს, მარტში გამართულ აქციებს, რა დროსაც, ათი ადამიანი დაიღუპა, 250 კი, დაშავდა. აღნიშნული დემონსტრაციების ერთ-ერთი ორგანიზატორი სომხეთის მოქმედი პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანიც იყო. 2020 წლის ივნისში ქოჩარიანი ოთხი მილიონი დოლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
თენგიზ ცერცვაძე: დღეს საქართველო პანდემიასთან მიმართებაში დგას გზაგასაყარზე, ცეცხლთან თამაში არ შეიძლება
დღეს საქართველო პანდემიასთან მიმართებაში დგას გზაგასაყარზე და უახლოეს დღეებში უნდა გადაწყდეს, თუ რომელი გზით წავალთ. ცეცხლთან თამაში არ შეიძლება და უახლოეს დღეებში მოსახლეობამ უნდა გააკეთოს სწორი არჩევანი, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე Facebook-ზე წერს. მისივე თქმით, თუ გვინდა, არ გვქონდეს შეზღუდვები და მალე დავუბრუნდეთ ნორმალურ ცხოვრებას - უნდა ჩავერთოთ ვაქცინაციის მასშტაბურ კამპანიაში, აუცილებლად ვატაროთ პირბადე როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში, დავიცვათ სოციალური დისტანცირება და თავი ავარიდოთ ხალხმრავალ შეკრებებს. ვიმეორებ, ეს უნდა გაკეთდეს უახლოეს დღეებშივე, თორემ შემდეგ შეიძლება გვიან იყოს. „სადღეისოდ მთელს მსოფლიოში, პირველ რიგში ევროპის და ამერიკის ქვეყნების დიდ უმრავლესობაში აღინიშნება COVID-19-ის ახალი შემთხვევების და გარდაცვალების მატება. ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში უკვე საუბრობენ ე.წ. მესამე ტალღის დაწყებაზე, ან მის მოახლოებაზე. შესაბამისად, ევროპის ქვეყნების უმრავლესობა ამკაცრებს შეზღუდვებს, ხოლო ზოგიერთმა მათგანმა უკვე გამოაცხადა ე.წ. მესამე lockdown- ი. მდგომარეობას ართულებს SARS-CoV-2-ის ახალი შტამებით (ე.წ. ბრიტანული, სამხრეთ აფრიკული და სხვ., რომლებიც მეტი გადამდებლობით ხასიათდებიან) გამოწვეული შემთხვევების ზრდა. საქართველომ ა.წ. 15 მარტამდე ვაქცინის არქონის და ევროპის ქვეყნებთან შედარებით ნაკლები შეზღუდვების მიუხედავად, COVID პანდემიის სწორი მენეჯმენტით მიაღწია იმას, რომ COVID ახალი შემთხვევების და გარდაცვალების რიცხვი ევროპის და ამერიკის ქვეყნების უმეტესობასთან შედარებით დაბალია, რამაც საშუალება მოგვცა მინიმუმამდე დაგვეყვანა შეზღუდვების რაოდენობა. სამწუხაროდ, ეპიდსიტუაციის სტაბილიზაციამ მოსახლეობის თვითდამშვიდებას შეუწყო ხელი, რაც იმაში გამოიხატა, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი არ ჩქარობს ვაქცინაციას (განსაკუთრებით რეგიონებში), უარს ამბობს პირბადეების ტარებაზე, სოციალურ დისტანცირებაზე და პირიქით - არ ამბობს უარს ხალხმრავალ შეკრებებზე. ასეთი დამოკიდებულება შეიცავს COVID შემთხვევების და მით გამოწვეული გარდაცვალების შემთხვევების მატების სერიოზულ საფრთხეს. მითუმეტეს, რომ ბოლო დღეებში ჩვენთანაც შეიმჩნევა ახალი შემთხვევების და ე.წ. დადებითობის პროცენტის მატების ტენდენცია. დღეს საქართველო COVID პანდემიასთან მიმართებაში დგას გზაგასაყარზე და უახლოეს დღეებში უნდა გადაწყდეს, თუ რომელი გზით წავალთ. ცეცხლთან თამაში არ შეიძლება და უახლოეს დღეებში მოსახლეობამ უნდა გააკეთოს სწორი არჩევანი. თუ გვინდა არ გვქონდეს შეზღუდვები და მალე დავუბრუნდეთ ნორმალურ ცხოვრებას - უნდა ჩავერთოთ ვაქცინაციის მასშტაბურ კამპანიაში, აუცილებლად ვიხმაროთ პირბადე როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში, დავიცვათ სოციალური დისტანცირება და თავი ავარიდოთ ხალხმრავალ შეკრებებს. ვიმეორებ, ეს უნდა გაკეთდეს უახლოეს დღეებშივე, თორემ შემდეგ შეიძლება გვიან იყოს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს ქვეყანას აქვს მსოფლიოში საუკეთესო ვაქცინების არჩევანის საშუალება და ძალიან კარგად გამართული ვაქცინაციის ქსელი მთელს ქვეყანაში, რაც უზრუნველყოფს ვაქცინაციის მსურველთა ნაკადების ოპტიმალურ მართვას. სხვა ქვეყნებისაგან განსხვავებით საქართველოში ვაქცინაცია ხორციელდება მხოლოდ სათანადოდ აღჭურვილ და მაღალკვალიფიციური მედპერსონალით დაკომპლექტებულ სამედიცინო დაწესებულებებში, რაც უზრუნველყოფს ვაქცინაციის პროცესის მაქსიმალურ უსაფრთხოებას”, - წერს ცერცვაძე.