ძებნის რეზულტატი:
თამარ გაბუნია: სკოლების დისტანციურ რეჟიმზე გადაყვანა არის ყველაზე ნაკლებად სასურველი გადაწყვეტილება
"სკოლების დისტანციურ რეჟიმზე გადაყვანა არის ყველაზე ნაკლებად სასურველი გადაწყვეტილება", - ამის შესხებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, თუ ეპიდემიური სიტუაცია მძიმე იქნება, დისტანციურ რეჟიმზე გადასვლა საჭირო გახდება. "სკოლებში დღესაც მოდელი არის ჰიბრიდული, რიგ შემთხვევაში, როდესაც სკოლაში დგინდება კორონავირუსი, სკოლები გადადიან დისტანციურ მოდელზე, ეს მოდელი მათ საშუალებას აძლევს, მეტი მოქნილობა ჰქონდეთ და შეინარჩუნონ საკლასო გარემოში სწავლის შესაძლებლობა და გააგრძელონ სასწავლო პროცესი. სკოლების დისტანციურ რეჟიმზე გადაყვანა არის ყველაზე ნაკლებად სასურველი გადაწყვეტილება და, უმჯობესია, ბავშვებმა გააგრძელონ საკლასო გარემოში მეცადინეობა, თუმცა, თუკი ეპიდემიური სურათი ამის საშუალებას არ მოგვცემს, რა თქმა უნდა, მეტად მოგვიწევს ჰიბრიდული, დისტანციური რეჟიმის გამოყენება", - განაცხადა გაბუნიამ.
ზურაბ ბატიაშვილი: რუსეთის არ გაღიზიანების პოლიტიკა, უსაფრთხოების გარემოს რეალურად გაუმჯობესებას ხელს არ უწყობს
Europetime-თან საუბრისას, ანალიტიკოსი ზურაბ ბატიაშვილი საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების საგარეო პოლიტიკის კუთხით არსებულ გამოწვევებს მიმოიხილავს და აცხადებს, რომ რუსეთის არ გაღიზიანების პოლიტიკა, სირაქლემას პოზიციას ჰგავს. „რუსეთის „არ გაღიზიანების პოლიტიკა“, უსაფრთხოების გარემოს რეალურად გაუმჯობესებას ხელს არ უწყობს. ეს სირაქლემის პოზაში ჩადგომაა, რაც საბოლოო ჯამში იწვევს იმას, რომ მხეცი მიდის და ჭამს ამ სირაქლემას. ასე რომ რუსეთის „არ გაღიზიანების პოლიტიკა“ თავის მოტყუებაა და მეტი არაფერი. თუ გადარჩენა გსურს, უნდა იბრძოლო. ჩვენს გარშემო მიმდინარე მნიშვნელოვან პროცესებში, თამაშგარე მდგომარეობაში რომ არ აღმოვჩნდეთ, პირველ რიგში არ უნდა გადავუხვიოთ პროდასავლურ პოლიტიკას, რასაც სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში თვალნათლივ ვხედავთ. რაზეც ბოლო დროს, ჩვენი დასავლელი პარტნიორები მუდმივად გვაფრთხილებენ. ევროკავშირისგან და აშშ-დან, არის მკაფიო სიგნალები იმისა, რომ საქართველოს დასავლური ორიენტაციის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. საჭიროა ქვეყანა დაუბრუნდეს არჩეულ გზას, რომელიც დასავლეთთან ურთიერთობების ინტესიფიკაციას გულისხმობს“, - განუცხადა Europetime-ს ანალიტიკოსმა ზურაბ ბატიაშვილმა. აშშ-ში საქართველოს ყოფილი ელჩის და ატლანტიკური საბჭოს“ ვიცე-პრეზიდენტის ბათუ ქუთელიას განცხადებით, „დემოკრატიულმა სამყარომ ამერიკის ლიდერობით 12-წლიანი დაცვის თამაშის შემდეგ, რუსეთთან შეტევაზე გადასვლა გადაწყვიტა. "ახალი ევროპული უსაფრთხოება საქართველოს და უკრაინის გარეშე წარმოუდგენელია. შესაბამისად, ჩვენი შანსი არის ის, რომ „შეტევაზე გადასვლის პოლიტიკიდან გამომდინარე, უსაფრთხოების ახალ არქიტექტურაზე გადასვლა ჩვენს გარეშე არ მოხდეს. პირველი, შავი ზღვის აუზის უსაფრთხოების კონტექსტში, მეორე იმიტომ, რომ ეს ორი ქვეყანა არის სწორედ ის წერტილი, სადაც რუსეთმა საერთაშორისო წესრიგის მოშლის პირველი ორი დარტყმა განახორციელა. 2008-ში საქართველოში, 2014-ში უკრაინაში და დღემდე გრძელდება. ძველი საერთაშორისო წესრიგის რღვევა რეალურად 2008 წლიდან დაიწყო, როდესაც რუსეთი საქართველოში შემოიჭრა, გაგრძელდა უკრაინაში და დღემდე გრძელდება, სამწუხაროდ. ახლა უკვე მიმდინარეობს მუშაობა, რომ ეს ძველი უსაფრთხოების არქიტექტურა ახლით ჩანაცვლდეს, რუსული ჰიბრიდული ომიდან და აგრესიული რევიზიონიზმიდან გამომდინარე. აქ სხვა ფაქტორებიც შემოდის, ჩინეთი , ირანი და ა.შ. ამიტომ, ახლა როცა ჩვენ, მხოლოდ შიდა პოლიტიკურ პრობლემებზე ვსაუბრობთ, სწორედ ამ დროს, დანარჩენ მსოფლიოში ახალი წესრიგი ლაგდება“, - აღნიშნავს Europetime-თან საუბარისას ბათუ ქუთელია. პოლიტოლოგის, კორნელი კაკაჩიას აზრით, „ქართული ოცნების“ საგარეო პოლიტიკური ხედვა რაიმე სიახლის შემცველი არ არის. ძირითადად, ეს არის რეაგირებაზე ორიენტირებული საგარეო პოლიტიკა - რაღაც რომ მოხდება და მხოლოდ რეაგირება უნდა მოახდინოს "ზოგჯერ, ეს რეაგირებაც დაგვიანებულია. ჩვენ რაც გვჭირდება, ეს არის არა რაღაც რეაგირებაზე აგებული პოლიტიკა, არამედ, წინასწარ გაწერილი, ფასეულობებზე დაფუძნებული საგარეო პოლიტიკური კონცეფცია, რომელიც შეთანხმებულია ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობთან, ანუ ერთიანი ახალი ხედვა, რომელიც თანამედროვე მსოფლიო რეალობას მოერგება. იმის გათვალისწინებით, თუ რა მოხდა ჩვენს რეგიონში გასულ წელს, ასევე საჭიროა ეროვნული უსაფრთხოების ფუძემდებლური დოკუმენტების განახლება. ეს ხელისუფლება მოსვლის დღიდან ამბობდა, რომ დაბალანსებული საგარეო პოლიტიკის მომხრეა. გვახსოვს ივანიშვილის განცხადებები, დასავლეთს და რუსეთს გეოპოლიტიკური ჭიდილში არ უნდა ვიყოთ ჩათრეულიო. სწორედ ამ პოლიტიკის გატარებას ცდილობდნენ, რაშიც შედიოდა რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზაციის პოლიტიკა, რომელზეც თვითონაც მიხვდნენ, რომ არ გაამართლა. ეგონათ, რომ თუ განსხვავებული პოლიტიკა ექნებოდათ რუსეთთან ურთიერთობაში, რუსეთი შეცვლიდა საგარეო პოლიტიკას საქართველოსთან დაკავშირებით, რაც აღმოჩნდა აბსოლუტური ილუზია და ამას მგონი, თვითონაც კარგა ხანია, მიხვდნენ", - აღნიშნავს Europetime-თან საუბარში კორნელი კაკაჩია. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებით, ვაშინგტონი NATO-ს ქვეყნებთან კონსულტაციას გადის და იმ ზომებს განიხილავს, რაც შესაძლოა მოსკოვის წინააღმდეგ მიიღონ. იენს სტოლტენბერგის განცხადებით, NATO-ს გაფართოება რუსეთისთვის საფრთხეს და პროვოკაციას არ წარმოადგენს. ჟენევაში, ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ანდრეი რუდენკომ განაცხადა, რომ ქართველმა პოლიტიკოსებმა თავად უნდა გადაწყვიტონ, რა სურთ, სტაბილურობასა და პროგნოზირებად სიტუაციაში ცხოვრება, თუ მუდმივად შეჯახება არასანდოობასთან, რომელიც უფრო განმტკიცდება საქართველოს NATO-ში გაწევრიანების შემთხვევაში. „ჩვენ ვიცით, როგორ ვითარდებოდა მოვლენები 2008 წელს, როცა ბუქარესტის სამიტზე საქართველომ და უკრაინამ მიიღეს სიგნალები NATO-ს წევრობის თაობაზე. ჩვენ ვთვლით, რომ იმ დროს, სააკაშვილმა ეს მიიღო როგორც გარკვეული სიგნალი, კარტ-ბლანში ძალისმიერი ოპერაციებისთვის. რითი დამთავრდა ეს, ჩვენ ყველამ კარგად ვიცით და დღემდე ამაზე ვმუშაობთ“, - განაცხადა სერგეი ლავროვის მოადგილემ. უკრაინის საზღვარზე რუსული სამხედრო მანევრების შესახებ გავრცელებული ცნობების გამო, ოფიციალურ კიევსა და მოსკოვს შორის დაძაბულობა იზრდება. რუსმა სამხედროებმა და დონბასელმა სეპარატისტებმა დონბასში არაერთხელ დაარღვიეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. ევროპარლამენტი რუსეთს მოუწოდებს, შეწყვიტოს სამხედრო პროვოკაციები და უკრაინის დაშინება. იენს სტოლტენბერგის განცხადებით, NATO შეშფოთებულია უკრაინასა და მის გარშემო რუსეთის სამხედრო ქმედებების გამო. უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმერ ზელენსკის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა სატელეფონო საუბრისას ის დაარწმუნა, რომ უკრაინა რუსეთის აგრესიის წინაშე არასდროს დარჩება მარტო. მიისვე თქმით, უკრაინის NATO-ში გაწევრიანება დონბასში ომის დასრულების ერთადერთი შესაძლებლობაა. "აშშ და ევროკავშირი შეთანხმდნენ, კოორდინირებულად გაუმკლავდნენ რუსეთის რთულ ქცევას, მათ შორის უკრაინისა და საქართველოს წინააღმდეგ მიმდინარე აგრესიას“, - ამის შესახებ კი ევროკავშირის უმაღლესი კომისრის, ჟოზეფ ბორელის და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენისა ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი. „ჩვენ ყველგან ვხედავთ რუსული აგრესიის სხვადასხვა მაგალითს. ერთ-ერთი ასეთია აღმოსავლეთ უკრაინის ტრაგიკული მოვლენები. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ნათლად განაცხადა, რომ ამ ქმედებებს შედეგები მოჰყვება. ჩვენ დავასრულებთ კომპანია „სოლარ ვინდისის“ საშუალებით კიბერშეტევის მიმოხილვას, ასევე არჩევნებში ჩარევაზე, ალექსეი ნავალნის მკვლელობის მცდელობისას ქიმიური იარაღის გამოყენებაზე, ჯილდოებზე ავღანეთში ამერიკული ჯარისკაცების მკვლელობისთვის. ამას ექნება შედეგები და გადახდილი იქნება ფასი“, – განაცხადა ბლინკენმა. თენგიზ ფხალაძე: დასავლეთმა იცის სად შეიძლება მიიყვანოს კრემლის ამბიციებმა, ამიტომ რუსეთს მძიმე პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს ბათუ ქუთელია: დღეს ისე ახლოს ვართ NATO-ში გაწევრიანებასთან, როგორც არასდროს, თუ სწორ გზას ავირჩევთ თენგიზ ფხალაძე: შეიძლება NATO-ს წევრობის „შესაძლებლობის ფანჯარა“ ახლა გაიხსნას და თუ მზად არ ვიქნებით, ისევ დიდხანს მოგვიწევს ლოდინი იენს სტოლტენბერგი: NATO-ს კარი ღიაა და რუსეთს არ აქვს უფლება, დაბლოკოს საქართველოს ალიანსში გაწევრიანება
"მე მიყვარს ჩემი პატრიარქი" - საპატრიარქოსთან ილია მეორის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
"მე მიყვარს ჩემი პატრიარქი" - საპატრიარქოში სინოდის წევრების ნაწილის კრების პარალელურად, შესასვლელთან პატრიარქის მხარდამჭერი აქცია იმართება. აქციის მონაწილეთა თქმით, ისინი ამ ფორმით ილია მეორეს მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ ამბოხებული ნაწილისგან იცავენ. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ეს არის საქრისტიანო ომი და ამ ომში პატრიარქის ღირსება უნდა იყოს დაცული.
სოციალური ღონისძიებებისა და მასობრივი გასართობი ღონისძიების გამართვის მიზნით ფართის გადაცემა იკრძალება
საზოგადოებაში დამკვიდრებული სოციალური ღონისძიებებისა (მაგ.: ქორწილი, ნებისმიერი იუბილე, ქელეხი და ა.შ.) და მასობრივი გასართობი ღონისძიების გამართვის მიზნით ფართის გადაცემა/დათმობა იკრძალება, - შესაბამისი ცვლილება „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში შევიდა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. დადგენილება ფართის მფლობელს ავალდებულებს, მიიღოს ყველა გონივრული ზომა, მათ შორის, ხელშეკრულებით კონკრეტული შეზღუდვის დაწესების გზით, რათა თავიდან იყოს აცილებული ფართის გამოყენება დადგენილებით აკრძალული მიზნებისთვის. ამასთან, ფართის მესაკუთრე ვალდებულია, დარღვევის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე დაუყოვნებლივ აცნობოს შესაბამის სამსახურებს. გარდა ამისა, თუ აკრძალული ღონისძიების გამართვას ახლავს კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული მოთხოვნების დარღვევა, შრომის ინსპექციის სამსახური, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით, უფლებამოსილია, დროებით შეზღუდოს გარეშე პირთა შესვლა ობიექტზე. ობიექტზე უნებართვოდ შესვლა, ლუქის ახსნა ან შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ ამ ობიექტზე დაწესებული მოთხოვნების უგულვებელყოფა დაუშვებელია. როგოც ცნობილია, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ქვეყანაში შეზღუდულია 10-ზე მეტი ფიზიკური პირის ისეთი თავშეყრა, რომელიც დაკავშირებულია საზოგადოებაში დამკვიდრებულ სოციალურ ღონისძიებებთან, როგორიცაა მათ შორის ქორწილი, ნებისმიერი იუბილე, ქელეხი და ა.შ. „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში ცვლილებებს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი უკვე მოაწერა.
ბავარია კორონავირუსის საწინააღდეგო ვაქცინის Sputnik V-ის შესყიდვას გეგმავს
გერმანიის ერთ-ერთი რეგიონი, ბავარია კორონავირუსის საწინააღდეგო ვაქცინის Sputnik V-ის შესყიდვას გეგმავს. ბავარიის ადგილობრივი ხელისუფლება Sputnik V-ის 2,5 მილიონი დოზის მაშინ შეისყიდის, როცა ე ევროპის წამლების სააგენტო, (EMA) Sputnik V-ის დაამტკიცებს. ბავარიის მმართველმა მარკუს ზიოდერმა 7 აპრილს განაცხადა, რომ ბავარიამ ხელი მოაწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს Sputnik V-ის მიწოდების შესახებ. "EMA Sputnik V-ის შესწავლის პროცესშია და, გავრცელებული მოლოდინით, ის მიმდინარე თვეში რუსეთში ექსპერტებს გაგზავნის. რუსეთმა ეს პრეპარატი გამოსაყენებლად აგვისტოში დაამტკიცა. აღსანიშნავია რომ რამდენიმე დღის წინ არტგენტის პრეზიდენტს, რომელიც რუსული ვაქცინით იყო აცრილი, კორონავირუსი დაუდასტურდა. .
8 აპრილის მონაცემებით, საქართველოში ჯამში 15 693 ადამიანი აიცრა
8 აპრილის მონაცემებით ჯამურად აიცრა 15 693 ადამიანი. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი სოციალურ ქსელ Facebook-ზე ავრცელებს. საქართველოში AstraZeneca-ს პრეპარატით ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, Pfizer-ით კი 30 მარტიდან.
თამარ გაბუნია: საქართველოში AstraZeneca-ს ვაქცინის შემოტანა გაგრძელდება
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ვაქცინაციის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქართველოში AstraZenecat-ი ვაქცინაცია 55 წელს ზემოთ მოქალაქეებში გაგრძელდება და ვაქცინა კიდევ შემოვა ქვეყანაში. ამის შესახებ მან საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. „AstraZeneca-ს ვაქცინის შემოტანა გაგრძელდება, რადგან 55 წლის ზემოთ ასაკობრივი ჯგუფი საკმაოდ ფართოა და დოზების დღეს არსებული მარაგი საკმაოდ მცირეა. ხანდაზმულებში AstraZeneca-ს საკმაოდ მაღალი შედეგი აქვს, ამიტომ ამ ვაქცინას კიდევ შემოვიტანთ“, - განაცხადა გაბუნიამ. ცნობისთვის, საქართველოში AstraZeneca-თი ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, Pfizer-ით კი 30 მარტიდან.
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი: ვადასტურებთ საქართველოს მტკიცე მხარდაჭერას უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერას ადასტურებს. ამის შესახებ კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძე ჟურნალისტებს განუცხადა. კომიტეტი საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს, გააგრძელოს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ძლიერი მხარდაჭერა რუსეთის აგრესიისა და დესტრუქციული ქმედებების წინააღმდეგ "ღრმად ვართ შეშფოთებული აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის ფედერაციის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მუდმივი დარღვევით, ყირიმსა და უკრაინის აღმოსავლეთ საზღვრებთან რუსეთის სამხედრო ძალის მასშტაბური მობილიზებით და კრემლის აგრესიული რიტორიკით. საფრთხის შემცველია რუსი მაღალჩინოსნების საჯარო განცხადებები, რომლებიც ძირს უთხრის როგორც უკრაინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე მის უსაფრთხოებასა და სტაბილურობას. საქართველოს და უკრაინას განსაკუთრებული მეგობრობა და სტრატეგიული პარტნიორობა აკავშირებთ და, შესაბამისად, კიდევ ერთხელ ვადასტურებთ საქართველოს მტკიცე მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. მივესალმებით ურთიერთობის გაღრმავებას ნატო-სა და უკრაინას შორის და მხარს ვუჭერთ შავი ზღვის რეგიონში ალიანსის გაზრდილ ჩართულობას, რომელსაც სტაბილურობის გარანტად მივიჩნევთ. მიგვაჩნია, რომ მიმდინარე მოვლენები სერიოზულ საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ უკრაინას, არამედ, შავი ზღვის რეგიონს და მთლიანად ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურას. მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, გააგრძელოს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ძლიერი მხარდაჭერა რუსეთის აგრესიისა და დესტრუქციული ქმედებების წინააღმდეგ". - წერია განცხადებაში.
პენტაგონის წარმომადგენელმა უკრაინის საკითხი NATO-ელ პარტნიორებთან განიხილა
აშშ-ის თავდაცვის უწყების ცნობით, პენტაგონის წარმომადგენელმა NATO-ელ პარტნიორებთან ერთად უკრაინაში არსებული ვითარება განიხილა. მოლაპარაკებების მონაწილეთა აზრით, რუსეთის დესტაბილიზაციური ქმედებები ძირს უთხრის დეესკალაციას, რომელიც მიღწეული იყო ეუთო-ს შუამავლობით 2020 წლის ივლისში. აშშ-ის, კანადის, დიდი ბრიტანეთის, პოლონეთისა და ლიეტუვის წარმომადგენლებმა დაადასტურეს მზადყოფნა, გააგრძელონ უკრაინის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების ხელშეწყობა. ვიდეოკონფერენციის ფორმატში გამართულ მოლაპარაკებებში აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი ამანდა დორი, ასევე კანადის, დიდი ბრიტანეთის, პოლონეთისა და ლიეტუვის თავდაცვის უწყებების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. პენტაგონი აღნიშნავს, რომ სწორედ ეს ქვეყნები არიან უკრაინის უსაფრთხოების მთავარი კონტრიბუტორები.
ბიძინა კულუმბეგოვი: ვაქცინაციასთან დაკავშირებულ კითხვარს სისხლის შედედების პრობლემებზე რამდენიმე კითხვა დაემატება
ალერგოლოგ იმულოგო ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, ვაქცინაციასთან დაკავშირებულ კითხვარს სისხლის შედედების პრობლემებზე რამდენიმე კითხვა დაემატება. მისივე თქმით, ვაქცინის გასაკეთებლად მისულ ადამიანს კითხვარის საშუალებით გარკვეული რისკ-ფაქტორი თუკი დაუდგინდება, მის აცრასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას, ექიმი მიიღებს. „ე.წ. ჩეკ-ლისტში, რომელსაც იმუნიზაციაზე მისული ყველა ადამიანი ავსებდა, შევიტანთ ასევე ცვლილებებს, სადაც რამდენიმე უფრო სიღრმისეული კითხვა იქნება, რომლებიც სისხლის შედედების სისტემის პრობლემებთან ასოცირებულ უკვე ცნობილ დაავადებებს ან სხვა რისკ-ფაქტორების გათვალისწინებას შეეხება. ასეთი რამ თუ დაფიქსირდება, ექიმი გადაწყვეტს, გაუკეთოს აცრა ამ ადამიანს იმ დღეს, თუ გაუშვას სპეციალისტთან და შემდგომ ანალიზებით დაბრუნდეს უკან, რათა კიდევ უფრო უსაფრთხო გავხადოთ იმუნიზაციის პროცესი“, – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.
თამარ გაბუნია: დედიმერის ან რომელიმე სხვა გამოკვლევის ჩატარება ვაქცინაციის წინ საჭირო არ არის
"დედიმერის ან რომელიმე სხვა გამოკვლევის ჩატარება ვაქცინაციის წინ საჭირო არ არის", - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ პაციენტს მიმდინარე სერიოზული დაავადება აქვს ან მედიკამენტურ მკურნალობას გადის, უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს. „აცრის წინ არანაირი გამოკვლევის ჩატარება არც ერთი პროტოკოლით რეკომენდებული არ არის, თუმცა თუ რაიმე განსაკუთრებული მდგომარეობაა, თუ არის მიმდინარე სერიოზული დაავადება ან მედიკამენტური მკურნალობა, ჩვენ პაციენტს ვურჩევთ, რომ გაიაროს კონსულტაცია თავის მკურნალ ექიმთან. რუტინულად დედიმერის ან რომელიმე სხვა გამოკვლევის ჩატარება ვაქცინაციის წინ საჭირო არ არის“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
თამარ გაბუნია: ვინც AstraZeneca-თი ვაქცინაცია უკვე ჩაიტარა, უსაფრთხოდ შეუძლია მიიღოს ვაქცინის მეორე დოზაც
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ვინც AstraZeneca-თი ვაქცინაცია უკვე ჩაიტარა, უსაფრთხოდ შეუძლია მიიღოს ვაქცინის მეორე დოზაც, შესაბამისი ინტერვალის გასვლის შემდეგ და ეს ეხება ნებისმიერი ასაკობრივი კატეგორიის წარმომადგენელს. „რაც შეეხება პირველი ვაქცინაციის ჩატარებას და მომდევნო ვაქცინაციას ისევ AstraZeneca-თი, ამ შემთხვევაში, რეკომენდაცია რაიმე ცვლილების შესახებ საჭირო არ არის და არ არსებობს, ამდენად, ის, ვინც უსაფრთხოდ ჩაიტარა პირველი დოზა ვაქცინაციის, ნებისმიერ ასაკობრივ ჯგუფში, ასევე შეუძლია ჩაიტაროს მეორე დოზა ვაქცინის, როცა მას მოუწევს 8 -დან 12 -კვირიანი ინტერვალით,“- განაცხადა გაბუნიამ. ცნობისთვის, EMA-ში აცხადებენ, რომ AstraZeneca-ს ვაქცინასა და თრომბოზის იშვიათ შემთხვევებს შორის შესაძლო კავშირი აღმოაჩინეს, თუმცა ვაქცინის სარგებელი მის შესაძლო რისკებს აჭარბებს.
არჩილ თალაკვაძე: მზად ვართ, კანონი „საერთო სასამართლოების შესახებ“ საბოლოო რევიზიისთვის ვენეციის კომისიას გადავუგზავნოთ
"ჩვენ მზად ვართ, მხედველობაში მივიღოთ პარტნიორების მოწოდება და კანონი საბოლოო რევიზიისთვის ვენეციის კომისიას გადავუგზავნოთ", - არჩილ თალაკვაძე საქართველოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესის შესახებ ევროკავშირის განცხადებას გამოეხმაურა. შესაბამისი განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ Facebook-ზე გამოაქვეყნა. „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონი, რომელშიც ცვლილებები ორი წლის წინ მივიღეთ, ადგენს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის ღია და გამჭვირვალე წესს, რომელიც, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საუკეთესო სტანდარტს შეესაბამება და რიგ შემთხვევაში უფრო ამომწურავადაც არეგულირებს ამ მნიშვნელოვან პროცესს. ამასთან, ერთი კვირის წინ, საქართველოს პარლამენტმა მიიღო ცვლილებები ორგანულ კანონში, რომელშიც აისახა ვენეციის კომისიის სამი დამატებითი რეკომენდაცია პროცედურასთან დაკავშირებით: 1. ვენეციის კომისიის რეკომენდაციის თანახმად, პროცედურა უნდა ყოფილიყო სრულად ღია და საჯარო. ეს რეკომენდაცია სრულად აისახა ორგანულ კანონში. კერძოდ, ახალი ნორმების თანახმად, მყისიერად გამოქვეყნდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თითოეული წევრის ყველა შეფასება და გადაწყვეტილება თითოეულ კანდიდატთან მიმართებით, საბჭოს შესაბამისი წევრების ვინაობის მითითებით; 2. ვენეციის კომისიის რეკომენდაციის თანახმად, კანდიდატებს უნდა მინიჭებოდათ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების ორჯერ გასაჩივრების შესაძლებლობა. ახალი ნორმების თანახმად, კანდიდატმა განმეორებით შეიძლება გაასაჩივროს როგორც საბჭოს წევრების მიერ დაწერილი ქულები, ისე საბოლოო გადაწყვეტილება წარდგენასთან დაკავშირებით. შესაბამისად, ვენეციის კომისიის აღნიშნული რეკომენდაციაც ზედმიწევნით არის გათვალისწინებული; 3. ბოლოს, ვენეციის კომისიის რეკომენდაციის თანახმად, გადაწყვეტილება კანდიდატის წარდგენის შესახებ მკაცრად უნდა შეესატყვისებოდეს მის მიერ მიღებულ ქულებს. ორგანულ კანონში აღნიშნული რეკომენდაციაც სრულად აისახა. კერძოდ, ახალი ნორმები პროცედურის ყველა ეტაპზე სრულად გამორიცხავს უპირატესობის მინიჭებას შედარებით დაბალქულიანი კანდიდატისთვის შედარებით მაღალქულიან კანდიდატთან მიმართებით. კანონპროექტის საკომიტეტო განხილვას ესწრებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებსაც კანონპროექტის მიმართ არსებითი შენიშვნები არ გამოუთქვამთ. მიუხედავად იმისა, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციებთან კანონის ახალი რეგულაციების თანხვედრა უმარტივესი დასადგენია, ბუნებრივია, ჩვენ მზად ვართ, მხედველობაში მივიღოთ პარტნიორების მოწოდება და კანონი საბოლოო რევიზიისთვის ვენეციის კომისიას გადავუგზავნოთ. დემოკრატიული რეფორმები ჩვენი ქვეყნის, ხელისუფლების და საზოგადოების საერთო მიღწევაა და საქართველო წინსვლას განაგრძობს! “ - წერს თალაკვაძე.
ჯორჯ კენტი საქართველოზე: პოლიტიკური კლასი, გეოპოლიტიკურ გამოწვევებზე კონცენტრირებისა და ეკონომიკური აღდგენის ნაცვლად, ფოკუსირებულია შიდაპოლიტიკურ დრამაზე
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილის ჯორჯ კენტის განცხადებით, საქართველოს პოლიტიკური კლასი, გეოპოლიტიკურ გამოწვევებზე კონცენტრირებისა და ეკონომიკურ აღდგენაზე მუშაობის ნაცვლად, მეტად ფოკუსირებულია შიდაპოლიტიკურ დრამაზე. ამის შესხებ კენტიმ ,,Turkish Heritage Organization"-ის მიერ გამართულ დისკუსიისას განაცხადა. მისივე თქმით, აღნიშნულის საკითხი იმდენად რეზონანსულია ვაშინგტონში, რომ პირველი სხდომა, რომელიც სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტში ბაიდენის ადმინისტრაციის პიროებებში გაიმართა, სწორედ საქართველოს საკითხზე გაიმართა. არა ავღანეთზე და ერაყზე, არამედ საქართველოს საკითხზე. „საქართველოში, რომელიც დიდი ხანია, არის აშშ-ის უახლოესი სტრატეგიული პარტნიორი კავკასიაში, რომელსაც წვლილი შეაქვს რეგიონულ უსაფრთხოებაში, მათ შორის, იბრძვის NATO-ს ხელმძღვანელობით მომუშავე მისიებში ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ავღანეთი, ნაცვლად კავკასიაში შეცვლილ გეოპოლიტიკურ გამოწვევებზე კონცენტრირებისა, რომელიც საქართველოს წინაშე დგას და ნაცვლად „კოვიდ-19“-ის პანდემიის შემდგომ ეკონომიკურ აღდგენაზე მუშაობისა, საქართველოს პოლიტიკური კლასი უფრო მეტად არის ფოკუსირებული შიდაპოლიტიკურ დრამაზე. ჩვენ მკაფიოდ ვუთხარით ქართველ მეგობრებს, როგორც მთავრობაში, ისე ოპოზიციაში, რომ ახლა დროა, საქართველოს პოლიტიკურმა ლიდერებმა ყურადღება გაამახვილონ იმ გამოწვევებზე, რომლებიც საქართველოს, როგორც ქვეყანას აქვს. დღეს საქართველოში არსებული შიდაპოლიტიკური კრიზისი პროვოცირებული იყო და შეიქმნა ორივე მხარის ქმედებების გამო, როგორც მმართველი პარტიის, ისე ოპოზიციის. თითოეულმა მხარემ უნდა გადადგას ნაბიჯები კომპრომისისკენ და შეთანხმდნენ თამაშის წესებზე წინ წასაწევად, რათა საქართველო იყოს ფოკუსირებული ეროვნულ გამოწვევებზე, ნაცვლად პარტიული საკითხებისა, რაც საქართველოს პროგრესს აფერხებს და აჩენს კითხვებს პოლიტიკური კულტურისა და ელიტის მიმართ, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში ისწრაფვოდა ევროატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანებისკენ, იქნება ეს ევროკავშირის თუ NATO, ახლა კი გამოდის, რომ პოლიტიკური ლიდერები დემოკრატიული ღირებულებების მოდელს არ მიჰყვებიან, რაც თავის მხრივ წარმოადგენს მთავარ წინაპირობას ევროატლანტიკურ სივრცესთან დაახლოებაზე სერიოზული დიალოგის გასამართად. ვფიქრობ, ახლა საქართველოს პოლიტიკური ელიტისთვის ჭეშმარიტების მომენტი დადგა და კითხვა საით სურთ მათ ქვეყნის წაყვანა, რაც ხუთი წლის წინ საერთოდ არ იყო ისეთი ინტენსიური სასაუბრო თემა, როგორც ახლა არის. აქვე, იმის საჩვენებლად რამდენად დიდია ამ საკითხის რეზონანსი ვაშინგტონში, პირველი სხდომა, რომელიც სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტში ბაიდენის ადმინისტრაციის პიროებებში გაიმართა, სწორედ საქართველოს საკითხზე გაიმართა. არა ავღანეთზე და ერაყზე, არამედ საქართველოს საკითხზე. ეს 2009 წლის შემდეგ არ მომხდარა, მას შემდეგ, რაც რუსეთი შეიჭრა საქართველოში და იყო ომი“, – განაცხადა ჯორჯ კენტმა.
ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრს ანზორ ერქომაიშვილის სახელი მიენიჭება
ქართული კულტურის განვითარებაში ფასდაუდებელი წვლილის აღსანიშნავად, მთავრობის გადაწყვეტილებით, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრს ანზორ ერქომაიშვილის სახელი მიენიჭება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომელიც ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა. „სულ ახლახან მივაბარეთ მიწას ჩვენი დიდი ქართველი მუსიკოსი, ბატონი ანზორ ერქომაიშვილი. ქართული კულტურის განვითარებაში ფასდაუდებელი წვლილის აღსანიშნავად, მთავრობის გადაწყვეტილებით, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრს ანზორ ერქომაიშვილის სახელი მიენიჭება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე ხელმისაწვდომობის პროგრამას აფართოვებს
დღეს მთავრობის სხდომაზე განვიხილავთ და დავამტკიცებთ ძალიან მნიშვნელოვან ინიციატივას, რომელიც შეეხება სასოფლო-სამეურნეო მიწებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომელიც ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა. „ჩვენი გადაწყვეტილებით, აღნიშნული პროგრამა კიდევ უფრო ფართოვდება, კერძოდ: გამოსყიდვის უფლება იჯარით გაცემული „სახნავი“კატეგორიის მიწების გარდა, ამ ცვლილებით გავრცელდება „სათიბ“ კატეგორიაზეც. ასევე, უქმდება მიწის ფართობებზე დაწესებული ზედა ზღვარი – თუ აქამდე ნებადართული იყო მხოლოდ 10-ჰექტრამდე იჯარით გაცემული სასოფლო მიწის ნაკვეთის შესყიდვა, ახლა ეს შეზღუდვა საერთოდ მოიხსნება. ასევე მნიშვნელოვანია, რომ მოიჯარეებს შეეძლებათ სახელმწიფოსგან გამოისყიდონ 2021 წლის 31 მარტის მდგომარეობით იჯარით გაცემული სახნავი და სათიბი მიწის ნაკვეთები (აქამდე ეს უფლება ვრცელდებოდა მხოლოდ 2020 წლის 23 იანვრამდე იჯარით გაცემულ ნაკვეთებზე)“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა, ვინაიდან, ყველა მოიჯარეს თანაბარ პირობებში აყენებს. „ამავე დროს, ხაზი მინდა, გავუსვა, რომ ამ ინიციატივით საქართველოს მოქალაქეებს საშუალება ექნებათ, კერძო საკუთრებაში დაირეგისტრირონ დაახლოებით 11 ათას ჰექტრამდე სახნავი მიწა, რომლის ჯამური ღირებულება შეადგენს დაახლოებით 100 მილიონ ლარს. პროგრამის ეფექტიანობისა და მისდამი ინტერესის ზრდაზე ორიენტირებული ეს ცვლილება დამატებითი შესაძლებლობაა სოფლის მეურნეობაში დასაქმებული ადამიანებისთვის, რათა მიწა, როგორც აქტივი, უფრო მეტად ჩართონ, მაგალითად, სახელმწიფო პროგრამებში, მოიზიდონ საბანკო დაფინანსება; ზოგადად, მიწის საკუთრებაში ფლობითა და ეკონომიკურ საქმიანობაში ჩართულობით მეწარმეც და სახელმწიფოც უფრო მეტ სარგებელს მიიღებს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ირაკლი ღარიბაშვილი: ყველა ინციდენტის და უკანონო დაკავების ფაქტზე საოკუპაციო რეჟიმის პასუხისმგებლობის საკითხი მკაცრად დადგება
ყველა ინციდენტის, თავისუფალი გადაადგილების უკანონო შეზღუდვისა და უკანონო დაკავების ფაქტზე მკაცრად დადგება საოკუპაციო რეჟიმის პასუხისმგებლობის საკითხი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომელიც ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა. მთავრობის მეთაურმა მდინარე ენგურის გადმოკვეთისას დაღუპულთა ოჯახებს და ახლობლებს მთავრობის სახელით მიუსამძიმრა. „მინდა, გამოვეხმაურო გუშინ მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევას, რომელსაც ოკუპირებული გალის რაიონის მკვიდრი ჩვენი ოთხი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა. მინდა, მთელი გულით მივუსამძიმრო დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს, ვიზიარებ მათ მწუხარებას. მინდა აღვნიშნო, რომ ეს ადამიანებიც სწორედ ამ მჩაგვრელი ოკუპაციის მსხვერპლი გახდნენ, რადგან წლების განმავლობაში სწორედ ამ უკანონო შეზღუდვებმა არათუ დაამძიმა მათი ყოველდღიურობა, არამედ ჩვენი არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეიწირა. ეს წინა წლებშიც მომხდარა, საუბედუროდ, რუსეთის საოკუპაციო ძალები დღემდე უხეშად არღვევენ ჩვენი მოქალაქეების ძირითად უფლებებს და სრული პასუხისმგებლობაც სწორედ მათ ეკისრებათ, რაც უკვე სამართლებრივადაც არის აღიარებული ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. მინდა, მკაფიოდ ვთქვა, რომ ყველა ინციდენტის, თავისუფალი გადაადგილების უკანონო შეზღუდვისა და უკანონო დაკავების ფაქტზე, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით, მკაცრად დადგება საოკუპაციო რეჟიმის პასუხისმგებლობის საკითხი“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
გერმანიის მთავრობის ინფორმაციით, ანგელა მერკელმა ვლადიმერ პუტინს უკრაინის გარშემო ჯარების რაოდენობის შემცირება მოსთხოვა
Reuter-ის ინფორმაციით, გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ვლადიმერ პუტინს სატელეფონო საუბრისას უკრაინის გარშემო ჯარების რაოდენობის შემცირება მოსთხოვა. მედიის ინფორმაციით, სატელეფონო საუბრისას ანგელა მერკელმა ასევე დააყენა საკითხი ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის შესახებ, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა კოლონიაში გაუარესდა. „სხვა საკითხებს შორის, საუბარი შეეხება რუსეთის სამხედრო წარმომადგენლობის გაძლიერებას აღმოსავლეთ უკრაინის მიმდებარედ. კანცლერმა მოითხოვა ძალების გაძლიერების შემცირება ვითარების დეესკალაციისთვის“, – ნათქვამია გერმანიის მთავრობის განცხადებაში.
მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულ 3 პირს აღკვეთის ღონისძიებად გირაო შეეფარდათ
მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე, გამოძიებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე ბრალდებულ ახალციხის კლინიკა „იმედის“ ორ ექიმსა და ერთ ექთანს აღკვეთის ღონისძიების სახით, თითოეულს 3 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნატო ხუჯაძემ მიიღო, რითაც პროკურატურის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა. მომდევნო სასამართლო სხდომა 31 მაისს 12:00 საათისთვის ჩაინიშნა. ცნობისთვის, მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით 19 მარტს დაიწყო. გამოძიების ინფორმაციით, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე მოწმის სახით გამოიკითხნენ ბ.ლ., ვ.ი. და თ.გ, რომლებმაც ხელი შეუშალეს მართლმსაჯულებას და პირადი მოტივით, რათა არ გამჟღავნებულიყო, რომ ვ.ი. არ იმყოფებოდა პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის დროს პაციენტთან, გამოძიებას ცრუ ინფორმაცია მიაწოდეს.
აფგან მუხთარლი: პროკურატურამ თურქულენოვანი თარჯიმანი მოიყვანა, გამოკითხვა ვერ შედგა
პროკურატურაში აზერბაიჯანელ ჟურნალისტს აფგან მუხთარლის აზერბაიჯანული ენის თარჯიმნის ნაცვლად, თურქულენოვანი დაახვედრეს. როგორც მუხთარლიმ პროკურატურის დატოვების შემდეგ ჟურნალისტებს უთხრა, ენობრივი ბარიერის გამო გამოკითხვა ვერ შედგა. "კითხვები არ ყოფილა, თარჯიმანი არ იყო, რომ აზერბაიჯანულიდან ქართულად ეთარგმნა. ჯერ იყო თარჯიმანი თურქულიდან, მასზე უარი ვთქვი. 1.5 საათში მეორე თარჯიმანი მოვიდა - აზერბაიჯანული არც მან იცოდა. 4 საათს ტყუილად ვიჯექი. თქვეს, რომ ხვალ სხვა თარჯიმანს იპოვიან. ვფიქრობ, აზერბაიჯანულიდან ქართულად ბევრი თარჯიმანი უნდა იყოს", -განაცხადა მუხთარლიმ.