ძებნის რეზულტატი:
კელი დეგნანი ნათია თურნავას შეხვდა
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ნათია თურნავას შეხვდა და ენერგეტიკული ბაზრის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ინფორმაციას საელჩო ავრცელებს. როგორც შეხვედრის შემდეგ კელი დეგნანმა განაცხადა, საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოება ძალიან მნიშვნელოვანია და ეს დამოკიდებულია მრავალფეროვანი და კარგად განვითარებული ენერგეტიკული ბაზრის არსებობაზე. მისივე თქმით, მინისტრთან შეხვედრა იყო კარგი შესაძლებლობა იმისათვის, რომ რამდენიმე პროექტთან დაკავშირებით ესაუბრათ, ასევე იმ გზებზე თუ როგორ შეიძლება ამერიკის შეერთებული შტატები დაეხმაროს საქართველოს ამ მნიშვნელოვანი სექტორის განვითარებაში. ,,ეს იყო შესანიშნავი შესაძლებლობა განგვეხილა საქართველოს ენერგეტიკული ბაზრის დივერსიფიკაციის მნიშვნელობა. საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოება ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს დამოკიდებულია მრავალფეროვანი და კარგად განვითარებული ენერგეტიკული ბაზრის არსებობაზე. ვფიქრობ, რომ საჭიროა კარგი დიალოგი თემებთან, რომლებზეც გავლენას ახდენს სხვადასხვა ენერგეტიკული პროექტები და ეს არის USAID– ის ერთ – ერთი მნიშვნელოვანი ახალი პროგრამის – „საქართველოს ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფა “ – რომელიც დაიწყება უახლოეს თვეებში. პროგრამის იდეაა დავრწმუნდეთ, რომ საზოგადოებას ესმის, თუ რამდენად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოს ენერგეტიკული ბაზრის განვითარება და დივერსიფიკაცია, მაგრამ ასევე დავრწმუნდეთ, რომ საზოგადოებას კარგად აქვს გააზრებული და გათავისებული საკითხი, და ჩართულია ამ პროცესში. შეხვედრა ძალიან კარგი შესაძლებლობა იყო იმისთვის, რომ მე და მინისტრს გვესაუბრა რამდენიმე პროექტის და ინიციატივის შესახებ, რომელთა განხორციელებას საქართველო განიხილავს, ასევე გვესაუბრა იმ გზებზე თუ როგორ შეიძლება ამერიკის შეერთებული შტატები დაეხმაროს საქართველოს ამ მნიშვნელოვანი სექტორის განვითარებაში", - განაცხადა დეგნანმა.
ირაკლი ღარიბაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, გეგმური ტესტირების შედეგად, კორონავირუსი დაუდასტურდა. თავად პრემიერის განცხადებით, ის თავს კარგად გრძნობს, თვითიზოლაციაში იმყოფება და მუშაობას დისტანციურ რეჟიმში განაგრძობს. ,,ტესტირების შედეგად დამიდასტურდა კორონავირუსი. თავს კარგად ვგრძნობ, ვიმყოფები თვითიზოლაციაში და ვაგრძელებ მუშაობას დისტანციურ რეჟიმში", - წერს ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში.
ფილიპინელი მამაკაცი, რომელიც კარანტინის დარღვევის გამო, პოლიციამ 300 ბუქნით დასაჯა, გარდაიცვალა
ფილიპინელ მოქალაქეს, ადგილობრივმა სამართალდამცველებმა, კარანტინის წესების დარღვევის გამო, 28 წლის მამაკაცს, 300-ჯერ "ჩაჯდომის" ე.წ ბუქნის ვარჯიში მიუსაჯა. პოლიციელებმა მას, სასჯელის შესრულება ქალაქის მერიის შენობის წინ აიძულეს. მეორე დღეს კი 28 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას The guardian-ი ავრცელებს. შემთხვევა პროვინცია კავიტეში მოხდა. ფილიპინებში კომენდანტის საათი 18:00 -დან დილის 06:00 საათამდე მოქმედებს. დაღუპული იმ კონკრეტულ დღეს, ქალაქ ტრიასის მერიის შენობის წინ, წყალს ყიდიდა 18:00 საათის შემდეგ, რის გამოც ადგილობრივმა პოლიციელებმა ის აღნიშნული ფორმით დასაჯეს. გარდაცვლილის, დარენ მანაოგ პენარედონდოს, ახლობლების განცხადებით, სასჯელის შემდეგ, მამაკაცმა სიარული ვეღარ შეძლო და რამდენიმე საათში გარდაიცვალა. ადგილობრივი პოლიციის ხელმძღვანელის მტკიცებით, რეგულაციების დარღვევის გამო, პოლიციის ოფიცრები სასჯელის მსგავს მეთოდებს არ მიმართავენ და მხოლოდ ახსნა-განმარტებით შემოიფარგლებიან. ამიტომ ამ კონკრეტულ ფაქტს მკაცრად გამოიძიებენ. ქალაქ ტრიასის მერი ანტონიო ფერერი, მომხდარზე გამოძიების დაწყებას ადასტურებს.
ამირან გამყრელიძე: აპრილის ბოლოს შესაძლოა ჩინური ვაქცინით ავიცრა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, შესაძლოა მან ჩინური ვაქცინა გაიკეთოს. მისი თქმით, კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრას, რამდენიმე კვირაში გაიკეთებს. „დეკემბერში გადავიტანე კორონავირუსი. აპრილის ბოლოს მომიწევს აცრის გაკეთება და აუცილებლად ავიცრები", რაც შეეხება კითხვას, თუ რომელი ვაქცინით ავიცრები, დამიტოვეთ ეს საიდუმლოდ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში იმით არ ავიცრები, რომ სალაპარაკო გავხდე მერე. შეიძლება, ავიცრა სწორედ ჩინური ვაქცინით", - განაცხადა TVპირველის ეთერში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა. საქართველომ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 000 დოზა 3 აპრილს მიიღო. მისი გამოყენება დაიწყება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისგან ავტორიზაციის მიღების შემდეგ. გარდა ამისა, ჩინეთი საქართველოს უსასყიდლოდ გადასცემს „სინოვაკის“ ვაქცინებს. საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო. 4 აპრილის ჩათვლით, „ასტრაზენეკას“ და „ფაიზერის“ ვაქცინებით უკვე აიცრა 11 603 ადამიანი.
საქართველო მედიისა და ინფორმაციის საკითხებზე ცნობიერების შესახებ გაეროს გენასამბლეის რეზოლუციის თანაავტორი და მთავარი სპონსორია
გაეროს გენერალურმა ასამბლეამ კონსენსუსით მიიღო რეზოლუცია მედიისა და ინფორმაციის საკითხებზე ცნობიერების შესახებ - Global Media and Information Literacy Week, რომლის თანაავტორი და მთავარი სპონსორი საქართველოა. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, აღიშნულ რეზოლუციაში განხილულია არასწორი ინფორმაციისა და დეზინფორმაციის გავრცელების წინააღმდეგ მიმართული გზები,მათ შორის პანდემიის პირობებში და ყურადღება გამახვილებულია სოციალური ქსელების როლზე აღნიშნულ გამოწვევებთან გამკლავების თვალსაზრისით. რეზოლუციის ტექსტში ასევე ხაზგასმულია მედიისა და ინფორმაციის საკითხებზე ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობა და აღნიშნულია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების, მედიის დამოუკიდებლობისა და პლურალიზმის დაცვის აუცილებლობა. ყურადღება ასევე გამახვილებულია ახალგაზრდობის აქტიური ჩართულობის გზით ინფორმაციის სწორი შეფასების საკითხში ცნობიერების ამაღლების როლზე. ამ პრობლემატიკასთან გამკლავებისთვის მიზნით ნახსენებია, როგორც თითოეული ქვეყნის მხრიდან შესაბამისი პოლიტიკის გატარების და ერთობლივი თანამშრომლობის, ასევე კერძო სექტორისა და არასამთავრობო სექტორის ჩართულობის მნიშვნელობა. აღნიშნული რეზოლუციის მიღების შედეგად,მედიისა და ინფორმაციის საკითხებზე ცნობიერების ამაღლების კვირეული ყოველ წლიურად 26-31 ოქტომბრის პერიოდში გაიმართება. საყურადღებოა, რომ საქართველოს მხრიდან რეზოლუციის ინიციატორ ქვეყნებს შორის ყოფნა ხაზს უსვამს საქართველოსთვის დეზინფორმაციასთან ბრძოლის მნიშვნელობას და მედია თავისუფლებისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვის პრიორიტეტულობას.
"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" სასამართლო სისტემის ხარვეზებზე ანგარიშს აქვეყნებს
"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" სასამართლო სისტემის ხარვეზებზე ანგარიშს აქვეყნებს. ანგარიში, რომელიც საია-მ დღეს გამოაქვეყნა, ოთხ წლიან პერიოდს მოიცავს. დოკუმენტში ძირითადად საუბარია სისხლის სამართლის საქმეებზე აღკვეთი ღონისძიების შეფარდებასა და საპროცესო შეთანხმებებზე. "პატიმრობის მოთხოვნა არის გაზრდილი, შუამდგომლობით შესვლა პატიმრობასთან და არა აღკვეთის სხვა ღონისძიებებთან დაკავშირებით. საგულისხმოა ის, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებები ნაკლებად არის დასაბუთებული და ხშირ შემთხვევაში არის შაბლონური. პატიმრობისა და გირაოს გარდა, სხვა აღკვეთის ღონისძიებების გამოყენება ძალიან იშვიათად ხდება და ძალიან იშვიათია ისეთი შემთხვევები, როდესაც აღკვეთის ღონისძიების გარეშე ტოვებს სასამართლო პირებს.გადაუდებელი ჩხრეკა-ამოღების დაკანონებაზე როდესაც მიდგება საქმე და სასამართლომ უნდა დააკანონოს ჩხრეკა-ამოღება, ძირითადად დადებითი გადაწყვეტილებით სრულდება ხოლმე და ეს განჩინებები ხშირ შემთხვევაში არის დაუსაბუთებელი და შაბლონურად გამოიყურება ხოლმე. მეტ-ნაკლებად დადებითად გამოიკვეთა, რომ გამამართლებელი განაჩენების რაოდენობამ იმატა ბოლო წლებში,"- აცხადებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილი. საია-ს განცხადებით, პარლამენტს მიმართავენ შემდეგი რეკომენდაციებით: აღკვეთის ღონისძიებების სახეები გაფართოვდეს, რაც გულისხმობს, რომ მხოლოდ პატიმრობა და გირაო არ იყოს გამოყენებული. "ჩვენი მოწოდებაა, რომ სადაც შესაძლებელია ჩხრეკა-ამოღების თუ დაკავების ვიდეო-აუდიო გადაღება, დავაზღვიოთ ყველა რისკი. მნიშვნელოვანია ნარკოტიკულ დანაშაულთან ცვლილებების შეტანა კანონმდებლობაში, მეტი ჰუმანიზება, რომ არ იყოს არათანასწორი, არასამართლიანი, არაპროპორციული სასჯელები.
ირანი და აშშ იწყებენ ირიბ მოლაპარაკებებს ბირთვული შეთანხმების აღსადგენად
Reuters-ის ინფორმაციით, ირანი და აშშ იწყებენ ირიბ მოლაპარაკებებს ბირთვული შეთანხმების აღსადგენად. გამოცემის ცნობით, ირანი და შეერთებული შტატები ვენაში ირიბ მოლაპარაკებებს იწყებენ, რომლის მიზანია ორივე ქვეყანამ სრულად შეასრულონ 2015 წლის ბირთვული შეთანხმება, რომელიც ვაშინგტონმა სამი წლის წინ დატოვა. აღსანიშნავია, რომ თეირანმა არაერთხელ უარყო შტატებთან პირდაპირი და არაპირდაპირი მოლაპარაკებების შესაძლებლობა. ვაშინგტონში კი განაცხადეს, რომ ირანთან ირიბი მოლაპარაკებების გამართვა რთული იქნებოდა. ,,ჩვენ არ ვართ ოპტიმისტები და არც პესიმისტები ამ შეხვედრის შედეგების მიმართ, მაგრამ დარწმუნებულნი ვართ, რომ სწორ გზაზე ვართ, და თუ ამერიკის ნება, სერიოზულობა და პატიოსნება დადასტურდება, ეს შეიძლება იყოს უკეთესი ნიშანი უკეთესი მომავლისთვის. შეთანხმება და საბოლოოდ მისი სრული განხორციელება, ”- განუცხადა ჟურნალისტებს ირანის მთავრობის სპიკერმა. აღსანიშნავია, რომ ოფიციალური პირები იწყებენ არაპირდაპირი მოლაპარაკებებს ავსტრიის დედაქალაქში, სადაც პაქტი თავდაპირველად 2015 წელს იქნა მიღწეული. სავარაუდოდ, ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის ოფიციალური პირები შუამავლის როლს შეასრულებენ. ასევე დაესწრებიან რუსეთი და ჩინეთი, როგორც 2015 წლის პაქტის მონაწილე ქვეყნები. დასავლეთის დიპლომატმა Reuter-ს განუცხადა, რომ საფრანგეთი იქნება ორივე მხარის მთავარი თანამოსაუბრე. მათივე ცნობით, გარიგების დარჩენილი მხარეები თავდაპირველად, ვენის სასტუმროში, მოსამზადებელი მოლაპარაკებების ფარგლებში შეხვდებიან. აშშ-ს დელეგაცია, სპეციალური დესპანის რობ მალის ხელმძღვანელობით, განთავსდება ახლომდებარე სასტუმროში. ირანელმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა Reuters განუცხადა, რომ შეხვედრის დროს ირანის დღის წესრიგში იქნება აშშ-ს ყველა სანქციის მოხსნა და ასევე ხაზი გაუსვა, რომ ირანის უმაღლესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეის აზრით თეირანი ამაზე ნაკლებ საკითხს არ მიიღებს. ევროკავშირის ოფიციალურმა წარმომადგენელმა თქვა, რომ შეიქმნება სამუშაო ჯგუფები იმ სანქციების სიების განსასაზღვრად, რომლებიც შეერთებულმა შტატებმა შეიძლება მოხსნას და რომლის სანაცვლოდ ირანმა ბირთვული ვალდებულებები უნდა შეასრულოს. დიპლომატებმა განაცხადეს, რომ მოლაპარაკებები შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე დღე. პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას სურს შეთანხმების აღორძინება, მაგრამ აღნიშნეს, რომ ეს მოლაპარაკებებს მოითხოვს.
ევროკავშირის ლიდერები თურქეთში ჩავიდნენ
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი და ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი თურქეთს ეწვივნენ. ვიზიტის ფარგლებში, ევროკავშირის ლიდერები დღეს, თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეპ ტაიპ ერდოანს შეხვდებიან. ოფიციალური ინფორმაციით, შეხვედრის მთავარი თემები იქნება: მიგრანტთა საკითხი და ევროკავშირ-თურქეთს შორის ურთიერთობების გაუმჯობესების გზები. ევროპელი ლიდერების განცხადებით, ევროკავშირი დაინტერესებულია რომ თურქეთმა „პოზიტიური წვლილი შეიტანოს“ ლიბიის, სირიისა და მთიანი ყარაბაღის კონფლიქტების გადაჭრაში. გასულ თვეში ევროკავშირის ლიდერებმა თურქეთთან თანამშრომლობის განახლების ახალი გეგმა შეიმუშავეს, თუმცა ოფიციალური ბრიუსელის თქმით, ურთიერთობებში პროგრესისათვის აუცილებელია ერდოღანის მხრიდან იმის დემონსტრირება, რომ თურქეთის ხელისუფლება მზადაა ევროკავშირთან ურთიერთობაში ახალი ფურცლის გადაშალოს. ანკარა, თავის მხრივ, დაჟინებით მოითხოვს ევროკავშირისგან, რათა ბრიუსელმა განაახლოს იმ შეთანხმების რეალიზება, რომელიც ევროპისკენ მიმავალი მიგრანტთა ნაკადის თურქეთის ტერიტორიაზე განთავსების სანაცლოდ მიალიარდობით ევროს კომპენსაციის გამოყოფას ითვალისწინებს. მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ ამ შეთანხმების დარღვევაში. თურქეთი აცხადებს, რომ ბრიუსელისგან სრულად ვერ მიიღო დაპირებული დაფინანსება. ევროკავშირი კი ანკარისაგან მოითხოვს ნაკისრი ვალდებულების შესრულებას, რაც ევროკავშირიდან გაბრუნებულ მიგრანტთა მიღებას ითვალისწინებს.
თამარ გაბუნია ბაღებისა და სკოლების დახურვაზე: უკიდურესი აუცილებლობა თუ არ იქნება, სასწავლო პროცესი გაგრძელდება
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ბაღების და სკოლების დახურვა ძალიან რთული გადაწყვეტილებაა, ამის უკიდურესი აუცილებლობა თუ არ იქნება, სასწავლო პროცესი გაგრძელდება „ზოგადად, ბაღების და სკოლების დახურვა ძალიან რთული გადაწყვეტილებაა. ამდენად, უკიდურესი აუცილებლობა თუ არ დადგა, ვეცდებით, დიდხანს შევინარჩუნოთ. ეპიდემიის გავრცელების რისკი მაღალია, თუმცა ბაღების და სკოლების დახურვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ძალიან რთულია, ამდენად ამის უკიდურესი აუცილებლობა თუ არ იქნება, სასწავლო პროცესი გაგრძელდება, აქტიური ტესტირების და სხვა წესების დაცვის ფონზე“, – განაცხადა გაბუნიამ.
თამარ გაბუნია: შესაძლოა ქვეყანა შეზღუდვების ძველ მენიუს დაუბრუნდეს
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ეპიდემიური სიტუაცია უარესდება და თუ დადებითობის მაჩვენებელი ისევ გაიზრდება, შესაძლოა ქვეყანა, უკვე მოხსნილ შეზღუდვებს დაუბრუნდეს. "თუ ტენდენციები ამგვარი მატებით გაგრძელდა, მოგვიწევს დავუბრუნდეთ ისევ შეზღუდვების იმ მენიუს, რაც გამოვიარეთ და მობილობის შეზღუდვის მექანიზმები ისევ გამოვიყენოთ. ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, რამდენად დაიცავს მოსახლეობა წესებს. ბოლო ორი კვირის განმავლობაში, თუ გადასცდება დადებითობის მაჩვენებელი 2 პროცენტს, ჩარევა გახდება საჭირო. "ნებისმიერი მატება და ესკალაცია ეპიდემიური სურათის, არის ახალი ტალღის წინა პერიოდი", - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ. ბოლო 24 საათის მონაცმეებით, 24 592 ტესტიდან კორონავირუსის 897 ადამიანს დაუდგინდა, რაცდ 26 იანვრის შემდეგ ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია. სამთავრობო საიტ stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, დადებითობის მაჩვენებელია: დღიური - 3,65%;ბოლო 7 დღის - 2,32%;ბოლო 14 დღის - 1,94 %.
ისრაელის პრეზიდენტმა ქვეყნის ახალი მთავრობის ფორმირება ბენიამინ ნეთანიაჰუს დაავალა
The time of israel-ის ინფორმაციით, პრეზიდენტმა რუვენ რივლინმა ქვეყნის ახალი მთავრობის ფორმირება ბენიამინ ნეთანიაჰუს დაავალა. ნეთანიაჰუს სამთავრობო კოალიციის ფორმირებისთვის 28 დღე აქვს. პრეზიდენტის თქმით, ნეთანიაჰუს წინააღმდეგ დაწყებული სასამართლო პროცესის მიუხედავად, ქვეყნის კანონის შესაბამისად, ბრალდებულ პრემიერ-მინისტრს უფლებამოსილების გაგრძელება შეუძლია. ცნობისთვის, ისრაელში ბოლო ორ წელიწადში საპარლამენტო არჩევნები მეოთხედ ჩატარდა, თუმცა უმრავლესობის მოპოვება ვერც ერთმა პარტიამ ვერ შეძლო.
თამარ გაბუნია: კორონავირუსის მესამე ტალღის დატვირთვის გადატანა სამედიცინო სექტორს გაუჭირდება
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, მესამე ტალღისთვის ჯანდაცვის სისტემა ტექნიკურად მზადაა, თუმცა დიდი დატვირთვის გადატანა სამედიცინო სექტორს გაუჭირდება. „სისტემა ტექნიკურად მზადაა, თუმცა მორალურად რამდენად გაუძლებს იმას, რაც სისტემამ ნოემბერსა და დეკემბერში გადაიტანა, რთული სათქმელია. ექიმების დატვირთვის მაჩვენებელი ბოლო პერიოდში უკიდურესად მაღალი იყო. საწოლფონდი მზად არის, ასევე მზად არის პირველადი ჯანდაცვა და კოვიდსასტუმროები, მაგრამ მაღალ სტრესულ გარემოს, რომელიც პიკურ პერიოდში გვქონდა, სამედიცინო სფერო, ვფიქრობ, ძალიან რთულად გადაიტანს. გვესმის უკვე სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების მოწოდება, რომ საზოგადოება ფრთხილად იყოს, რათა შემთხვევების ესკალაცია არ მივიღოთ. ტექნიკური მზაობა არის, მაგრამ დიდი დატვირთვის გადატანა სამედიცინო სექტორს გაუჭირდება“,- განაცხადა თამარ გაბუნიამ.
იენს სტოლტენბერგი: NATO შეშფოთებულია უკრაინასა და მის გარშემო რუსეთის სამხედრო ქმედებების გამო
NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ალიანსი შეშფოთებულია უკრაინასა და მის გარშემო რუსეთის სამხედრო ქმედებებისა და ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევის გამო. როგორც სტოლტენბერგი აცხადებს, მას სატელეფონო საუბარ ჰქონდა უკრაინის პრეზიდენტთან ვოლოდიმირ ზელენსკისთან, სადაც აღნიშნული საკითხი განიხილეს. „მე დავურეკე პრეზიდენტ ზელენსკის, რათა გამომეხატა სერიოზული შეშფოთება უკრაინასა და მის გარშემო რუსეთის სამხედრო ქმედებებისა და ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევის გამო. NATO მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ ვრჩებით ჩვენი მჭიდრო პარტნიორების ერთგულნი“, – წერს სტოლტენბერგი Tweeter-ზე. ცნობისთვის, აღმოსავლეთ უკრაინაში ვითარება დაახლოებით ორი კვირის წინ გამწვავდა, როდესაც პრორუსი მებრძოლების მხრიდან გახსნილ ცეცხლს ოთხი უკრაინელი სამხედრო ემსხვერპლა. უკრაინის ხელისუფლება თავის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო ძალისა და ტექნიკის მობილიზების შესახებ საუბრობს. გასული დღე-ღამის განმავლობაში დონბასში დაიღუპა კიდევ ორი უკრაინელი სამხედრო.
ილია მეორე: ქვეყანას გურამ დოჩანაშვილის სახით კიდევ ერთი ბუმბერაზი ადამიანი დააკლდა
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მწერალ გურამ დოჩანაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. „გურამ დოჩანაშვილი, – სიმბოლო სულიერი სიდიადის, უბრალოების, სათნოების, თავმდაბლობის, ბავშვური გულუბრყვილობის, სიყვარულის, ეროვნულობის, ღვთისმოსაობის, – ამიერიდან ზესთასოფელში გადასახლდა. ბედნიერებაა, რომ ასეთი პიროვნება არის უდიდესი მწერალი და ამ სიკეთეთ სხვათაც უნაწილებს, – მკითხველს თავისი აზროვნების გულითად თანაზიარად ხდის და, ამასთან, ცხოვრების ჭეშმარიტი გზისა და სიცოცხლის არსის შესახებ აფიქრებს. აღვავლენთ ლოცვებს, რათა უფალმან, შვილთან ერთად, სავანესა მართალთასა დააწესოს მისი უკვდავი სული, ხოლო ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, ყველა მის თაყვანისმცემელს მოანიჭოს მშვიდობა, ამინ. დიდად ვწუხვართ, ქვეყანას კიდევ ერთი ბუმბერაზი ადამიანი დააკლდა“, – ნათქვამია სამძიმრის წერილში. გურამ დოჩანაშვილს დღეს დაკრძალავენ.
უვადოდ არჩეული ქართველი მოსამართლე აშშ-ში შვილის მოსანახულებლად გაემგზავრა და საცხოვრებლად დარჩა
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, მაია სვიანაძე, რომელიც მოსამართლის პოსტზე უვადოდ აირჩიეს, აშშ-ში შვილის მოსანახულებლად გაემგზავრა და საცხოვრებლად დარჩა. სვიანიძემ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს გათვაისუფლების მოთხოვნის შესახებ განცხადება, აშშ-დან გამოუგზავნა. იუსტიციის უმაღლესი საბჭო ადასტურებს, რომ მოსამართლე მაია სვიანაძე პირადი განცხადების საფუძველზე თანამდებობიდან 5 აპრილს გაათავისუფლეს. "მაია სვიანაძე უფლებამოსილების შეწყვეტამდე შვებულებაში იმყოფებოდა. ის ამჟამად ამერიკის შეერთებულ შტატებში შვილთან ერთად ცხოვრობს. მისი შვილი წლებია შტატების მოქალაქეა და ნიუ იორკის პოლიციის დეპარტამენტში მუშაობს. მაია სვიანაძის გადაწყვეტილების შესახებ, მოსამართლის თანამდებობის დატოვების თაობაზე, წინასწარ იყო ცნობილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის", - აღნიშნულია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განცხადებაში. როგორც მედიასთან საუბრისას მოსამართლე მაია სვიანაძე აღნიშნავს, მისი შვილი ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტში მუშაობს და მას აშშ-ში ლეგალურად ცხოვრების უფლება აქვს.
ჯანმო მოგზაურობისთვის ვაქცინაციის პასპორტების მოთხოვნას მხარს არ უჭერს
Reuters-ის ინფორმაციით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მოგზაურობისთვის ვაქცინაციის პასპორტების მოთხოვნას მხარს არ უჭერს. ჯანმოს პრესპიკერმა მარგარეტ ჰარისმა განმარტა, რომ აღნიშნულის გადაწყვეტილების მიზეზი გახდა ის, რომ ჯერჯერობით არ არის დამტკიცებული, აღკვეთს თუ – არა აცრა ვირუსის გადაცემას. ამას გარდა, მარგარეტ ჰარისის განცხადებით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია Covid19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების Sinopharm-ისა და Sinovac საგანგებო მოხმარებისთვის დამტკიცების საკითხს დაახლოებით აპრილის ბოლოსთვის განიხილავს.
საქართველოს პრეზიდენტი თვითიზოლაციაში გადადის
საქართველოს პრეზიდენტი თვითიზოლაციაში გადადის. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. „რისკების თავიდან აცილების მიზნით, საქართველოს პრეზიდენტი თვითიზოლაციაში გადადის, მიუხედავად იმისა, რომ ის Covid19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზით უკვე აცრილია. აღნიშნული პროცესის პარალელურად, პრეზიდენტი PCR-ტესტს არსებული პროტოკოლის შესაბამისად იკეთებს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში. ცნობისთვის, დღეს, კორონავირუსი პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს დაუდასტურდა.
კამპანია "სპორტი მშვიდობისთვის" ფარგლებში სპორტსმენები სამშვიდობო მესიჯებს გაგზავნიან
დღეს, კამპანია "სპორტი მშვიდობისთვის" საერთაშორისო დღეა. კამპანია "სპორტი მშვიდობისთვის" ფარგლებში, აქტიური სპორტსმენები სამშვიდობო მესიჯებს აჟღერებენ. სპორტის თითქმის ყველა სფეროდან შეირჩა სპორტსმენი, რომელიც მშვიდობის ერთგვარ სიმბოლოს - ხელთნაკეთ თვითმფრინავს აგზავნის, როგორც სამშვიდობო მესიჯს. 6 აპრილი არის საერთაშორისო დღე „სპორტი მშვიდობისთვის“ და სწორედ ამას მიძღვნა ICA-ს ფოტო-ვიდეო კამპანია. "ამ კამპანიით ყველას სპორტსმენსა და სპორტის ქომაგს მოვუწოდებთ ჩაერთონ კამპანიაში და გახდნენ მშვიდობის ელჩები. სპორტი მდგრადი განვითარებისა და მშვიდობის ძლიერი ელემენტია და სპორტსმენებს ნამდვილად შეუძლით სამყარო უკეთესობისკენ შეცვალონ. კამპანიაში ჩართული სპორტსმენები", - აღნიშნულია კამპანიის ორგანიზატორების განცხადებაში.
საია: სასამართლოებში გამამართლებელი განაჩენების რაოდენობა, ოჯახურ დანაშაულებზე ბრალდებულთა გამართლების ხარჯზე იზრდება
ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, სასამართლოებში გამამართლებელი განაჩენების რიცხვი გაზრდილია. ამის შესახებ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ანგარიშშია აღნიშნულუი. საია-ს მტკიცებით, აღნიშნული სტატისტიკა ძირითადად, გამოწვეულია ოჯახური დანაშაულების საქმეთა ბრალდებულების სასარგებლოდ დასრულებით. „კერძოდ, როდესაც დაზარალებული სარგებლობს კანონით მისთვის მინიჭებული უფლებით და ჩვენებაზე უარს ამბობს, საქმეზე აღარ რჩება შესაბამისი სტანდარტის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა პირის ბრალეულობას დაადასტურებდა. ეს კი, საბოლოოდ, ბრალდებულთა სასარგებლოდ საქმის გადაწყვეტას იწვევს. პროკურატურა სასამართლოს, უმეტესწილად, პატიმრობის შუამდგომლობით მიმართავს, როდესაც საქმე ოჯახში ძალადობისა ან ოჯახურ დანაშაულში ბრალდებულს ეხება. ამ კატეგორიის დანაშაულის საქმეები, ძირითადად, გამამტყუნებელი განაჩენით სრულდება“, - ვკითხულობთ ანგარიშში საია-ს ცნობით, სხვადასხვა მონაცემით, ოჯახური ძალადობისა და ქალთა მიმართ ძალადობის გამოვლენის მაჩვენებელი ბოლო წლებში გაზრდილია. ანგარიშის მიხედვით, ბოლო 4 წლის განმავლობაში ყოველწლიურად იზრდება პროკურატურის მიერ წარმოებული ამგვარი საქმეების რაოდენობა და მნიშვნელოვნადაა გაზრდილი დისკრიმინაციის მოტივის გამოკვეთა.
შესაძლოა, სოციალური ღონისძიებებისთვის ფართების გაქირავება აიკრძალოს, გამქირავებელი 10 000 ლარით დაჯარიმდება
შესაძლოა, სოციალური ღონისძიებებისთვის ფართების გაქირავება აიკრძალოს, გამქირავებელი 10 000 ლარით დაჯარიმდება. აღნიშნული გადაწყვეტილება ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების სამსახურმა პრევენციული ღონისძიებების მიზნით მას შემდეგ მიიღო, რაც ერთ კვირაში დაახლოებით 20-მდე ობიექტში დარღვევები გამოვლინდა. ამის შესახებ შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსმა ბექა ფერაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. "ბოლო პერიოდში ძალიან გახშირდა შემთხვევები, როდესაც ფორმალურად, ფართის მესაკუთრე იჯარის ხელშეკრულებით გადასცემს მესამე პირს ფართს ღონისძიების ორგანიზებისთვის. მედიის საშუალებით მოქალაქეებმა ნახეს, თუ რა ხდებოდა ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, სადაც დაახლოებით 20-მდე ობიექტი დავაჯარიმეთ ღამის კლუბებისა და სხვადასხვა სოციალური ღონისძიების ორგანიზებისთვის. შესაბამისად, ვინაიდან ამ გარემოებამ მეტად ფორმალური სახე მიიღო და ხშირ შემთხვევაში, წინასწარ განზრახვით ხორციელდება ფართის გაქირავება სოციალური ღონისძიებისა და სხვადასხვა ღამის კლუბის ორგანიზების მიზნით, მიმდინარეობს მსჯელობა და საბოლოო კონსულტაციებს გავდივართ უწყებები. უახლოეს პერიოდში დაგეგმილი გვაქვს, რომ ავკრძალოთ ან შევზღუდოთ ფართის გაქირავება სოციალური ღონისძიების ორგანიზების მიზნით, რომელიც არის წინასწარ განზრახული", - განაცხადა ბექა ფერაძემ. მისი თქმით, ფართის მესაკუთრე იმ შემთხვევაში გათავისუფლდება პასუხისმგებლობისგან, თუ ხელშეკრულებაში მიუთითებს, რომ არ შეიძლება სოციალური ღონისძიების ორგანიზებისთვის ფართის გადაცემა და ასეთი ფაქტის არსებობის შემთხვევაში, ინფორმაციას საზედამხედველო უწყებებს მიაწვდის. მისი თქმით, აღნიშნულ საკითხზე მონიტორინგი მთელი ქვეყნის მასშტაბით განხორციელდება.