ძებნის რეზულტატი:
მდინარე ენგურში მეოთხე ადამიანის ცხედარი იპოვეს
საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ორსანტიაში, მდინარე ენგურში, დაკარგული მეოთხე ადამიანის ცხედარი იპოვეს. დღეს, 3 ცხედრის აღმოჩენის შემდეგ, მაშველები მეოთხე პირსაც ეძებდნენ. ის ერთ-ერთი დაღუპული ახალგაზრდა ქალის მეუღლეა. ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე სამძებრო სამუშაოები დილიდან მიმდინარეობდა. გარდაცვლილები ოკუპირებული გალის რაიონიდან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, ფარულად გადმოსვლას ცდილობდნენ, რა დროსაც, სავარაუდოდ, წვიმების გამო ადიდებულმა ენგურმა წაიღო. ცნობისთვის, დღეს, ენგურში სამი ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სავარაუდოდ ოკუპირებული აფხაზეთიდან, ენგურით გადმოსვლას ცდილობდნენ. სუს-ი ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსვლისას სამი ადამიანის დაღუპვის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს ენგურში დაღუპული სამი ადამიანიდან, ორი ახალგაზრდა ქალია
დავით სერგეენკო AstraZeneca-ს ვაქცინით აიცრა
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, დავით სერგეენკო, რესპუბლიკურ საავადმყოფოში AstraZeneca-ს ვაქცინით საჯაროდ აიცრა. პარლამენტის წევრის განცხადებით, კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ ერთადერთი სწორი გზა ვაქცინაციაა და ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობა, ექიმთან კონსულტაციების შემდეგ, ვაქცინაციის პროცესში ჩაერთოს. „კოვიდ საწინააღმდეგო ვაქცინაციის კამპანია, რომელიც საქართველოში დაიწყო, უფრო და უფრო ფართოვდება და რამდენიმე დღის წინ ახალი ჯგუფის ჩართვა გახდა შესაძლებელი. კერძოდ, ვაქცინის გაკეთება უკვე შესაძლებელი გახდა 55 წლის ზევით ასაკის მოქალაქეებისთვის და ამჯერად, მეც აღმოვჩნდი ამ კატეგორიაში. დღეს ჩავიტარე „ასტრაზენეკას“ ვაქცინაცია და მინდა კიდევ ერთხელ ავღნიშნო, რომ ვაქცინაცია ერთადერთი ინსტრუმენტია, რასაც ბოლო 200 წლის განმავლობაში იყენებს კაცობრიობა ინფექციური სნეულებების დასამარცხებლად. ასე, რომ ეს არის ერთადერთი სწორი გზა და ყველას მინდა ვთხოვო, რომ გაიარონ ექიმთან კონსულტაცია და ჩაიტარონ ვაქცინაცია“, - განაცხადა დავით სერგეენკომ. დღეს, 7 აპრილს, AstraZeneca-ს ვაქცინით აიცრა პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერია გია ვოლსკიც.
დავით ზალკალიანი: მაქსიმალურად მოვახდენთ საერთაშორისო თანამეგობრობის ინფორმირებას, რომ გაიხსნას დაბლოკილი გადასასვლელი პუნქტები
"მაქსიმალურად მოვახდენთ საერთაშორისო თანამეგობრობის ინფორმირებას იმისათვის, რომ აუცილებლად გაიხსნას დაბლოკილი გადასასვლელი პუნქტები და ადამიანებს ჰქონდეთ წვდომა მიიღონ შესაბამისი სამედიცინო დახმარება", - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლ ტოივო კლაარისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, დღევანდელი შემთხვევა რუსეთის ფედერაციის უკანონო ოკუპაციის შედეგია. "ეს არის რუსეთის ფედერაციის მიმდინარე უკანონო ოკუპაციის შედეგი. სწორედ ის ფაქტი, რომ გადასასვლელი პუნქტები დაკეტილია, იწვევს ასეთ კატასტროფას. ამიტომ, უახლოეს პერიოდში ყველა ეს შემთხვევა დეტალურად იქნება განხილული ყველა საერთაშორისო ფორმატში. ამ საკითხის აქტუალიზაციას ვგეგმავთ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მოადგილეების სხდომაზე, ასევე, მომავალ კვირას ეუთო-ში დაგეგმილ განხილვებზე. მაქსიმალურად მოვახდენთ საერთაშორისო თანამეგობრობის ინფორმირებას იმისათვის, რომ აუცილებლად გაიხსნას დაბლოკილი გადასასვლელი პუნქტები და ადამიანებს ჰქონდეთ წვდომა მიიღონ შესაბამისი სამედიცინო დახმარება, რომელსაც ჩვენ ვთავაზობთ ოკუპირებული ტერიტორიის მეორე მხარეს მყოფ ჩვენს თანამოქალაქეებს. ამიტომ, მე ვთხოვე ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს კიდევ ერთხელ, განსაკუთრებით გააძლიეროს ძალისხმევა ჟენევის მოლაპარაკების ფარგლებში ყევლა აქტორთან, მათ შორის, რუსეთის დედერაციასთან მიმართებაში. სწორედ ის არის პასუხისმგებელი დღევანდელ ტრაგიკულ შემთხვევაზე. გაძლიერდეს ზეწოლა იმისათვის, რომ დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს ყველა გადასვლელი პუნქტი და ადამიანებს ჰქონდეთ თავისუფალი გადაადგილების უგფლება", - განაცხადა დავით ზალკალიანმა. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონაში, მდინარე ენგურმა ოკუპირებული გალის რაიონის სამი მკვიდრის ცხედარი გამორიყა. მოგვიანებით მეოთხე ადამიანის ცხედარი დინებამ სოფელ ორსანტიაში გამორიყა.
ვლადიმერ პუტინის თქმით, ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხი ყარაბაღის კონფლიქტია
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს ხვდება. როგორც შეხვედრის დაწყებამდე ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, ყველაზე აქტუალურ საკითხს მთიან ყარაბაღში ვითარების ნორმალიზება წარმოადგენს. ინფორმაციას Armenpress-ი ავრცელებს. ,,რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს სალაპარაკო ორმხრივი ურთიერთობების ჩამოყალიბების თვალსაზრისით. ყველაზე მწვავე პრობლემას წარმოადგენს მთიანი ყარაბაღი და მის გარშემო სიტუაციის ნორმალიზება”, - აღნიშნა პუტინმა. პუტინის თქმით, ასევე მნიშვნელოვანი ამოცანა არის რეგიონში სავაჭრო-ეკონომიკური კავშირებისა და სატრანსპორტო გზების აღდგენა. ,,ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანაა რეგიონში სავაჭრო-ეკონომიკური კავშირებისა და სატრანსპორტო გზების აღდგენა, რათა სომხეთმა ქვეყნის განვითარების ახალი შესაძლებლობები მიიღოს. ჩემი აზრით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი რამ არის. იმედი მაქვს, რომ ყველა ამ საკითხის, ასევე არსებული ვითარებისა და განვითარების პერსპექტივების განხილვას შევძლებთ ”, - განაცხადა მან.
"გაუქმდეს 5 დღიანი კარანტინი!" - სამოქალაქო აქტივისტები ჯანდაცვის სამინისტროსთან აქციას მართავენ
"გაუქმდეს 5 დღიანი კარანტინი!", - სამოქალაქო აქტივისტები და "სირცხვილიას" წევრები ჯანდაცვის სამინისტროსთან აქციას მართავენ. აქციის მონაწილეები იმ რეგულაციებს აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც, ოკუპირებული რეგიონებიდან გადმოსვლის შემთხვევაში, საქარველოს მოქალაქეები 5 დღიან კარანტინს გადიან. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
დავით ზალკალიანი უკრაინელ კოლეგას, დმიტრო კულებას ტელეფონით ესაუბრა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი უკრაინელ კოლეგას, დმიტრო კულებას ტელეფონით ესაუბრა. ამის შესახებ დავით ზალკალიანმა Twitter-ზე დაწერა. „სატელეფონო საუბარი მქონდა ჩემს უკრაინელ კოლეგა დმიტრო კულებასთან. გამოვხატე შეშფოთება აღმოსავლეთ უკრაინაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო. გავცვალეთ ინფორმაცია საქართველოსა და უკრაინაში არსებული ვითარებისა და რუსეთის მიერ ოკუპაციის შესახებ. ყურადღება გავამახვილეთ დაძაბულობის დეესკალაციაში საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობის მნიშვნელობას“, - წერს ზალკალიანი.
ომბუდსმენი: მოვუწოდებთ ხელისუფლებას, იმსჯელოს 5 დღიანი სავალდებულო კარანტინის ალტერნატიულ ღონისძიებებზე
სახალხო დამცველი მდინარე ენგურზე მომხდარი ტრაგედიის შესახებ განცხადებას ავრცელებს და ხელისუფლებას მოუწოდებს, საერთაშორისო თანამეგობრობის დახმარებით გააძლიეროს ზეწოლა საოკუპაციო ძალებზე ე.წ. გამშვები პუნქტის მთლიანი მოსახლეობისათვის გასახსნელად. "2021 წლის 7 აპრილს მდინარე ენგურიდან მაშველებმა 3 გარდაცვლილი ადამიანის ცხედარი ამოიტანეს. არსებული ინფორმაციით, ისინი ოკუპირებული გალიდან საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას ცდილობდნენ. სახალხო დამცველი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარი ფაქტის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახებს. როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, 2021 წლის 11 თებერვლიდან ოკუპირებული აფხაზეთის მოსახლეობის გარკვეულ კატეგორიას (მრავალშვილიან ოჯახებს, სოციალურად დაუცველებს, შშმ პირებს) ენგურის ხიდზე არსებული ე.წ. გამშვები პუნქტის გავლით ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის საშუალება მიეცა. თითქმის ერთწლიანი გადაადგილების თავისუფლების სრული შეზღუდვის შემდეგ, აღნიშნული გადაწყვეტილება ჩვენი გალელი თანამოქალაქეებისთვის გარკვეული შეღავათი იყო. თუმცა, ამან არსებითად ვერ შეცვალა უმძიმესი ჰუმანიტარული მდგომარეობა, ვინაიდან გადაადგილების შესაძლებლობა, მხოლოდ საზოგადოების მცირე ნაწილს შეეხო. ამავდროულად, მოსახლეობას სირთულეებს უქმნის 5 დღიანი სავალდებულო კარანტინის დაცვა, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ ოკუპირებული ტერიტორიიდან კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსულ მოქალაქეებს დაუწესა. დაწესებული შეზღუდვების გამო, აფხაზეთის მაცხოვრებლები საკუთარი სიცოცხლის ფასად სხვადასხვა შემოვლით გზას მიმართავენ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მოსახვედრად. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ 2020 წლის განმავლობაში ასევე დაფიქსირდა, 2 უბედური შემთხვევა, როცა ადამიანები საქართველოს სახელმწიფოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მოხვედრას მდინარე ენგურის გადაცურვით ცდილობდა. გადაადგილების თავისუფლების კუთხით არსებულ გამოწვევებს ადასტურებს, ენგურის ხიდზე არსებულ ე.წ. გამშვებ პუნქტზე რადიკალურად შემცირებული გადაადგილების დღიური სტატისტიკაც. როდესაც ზემოაღნიშნული გადასასვლელი სრულად არის გახსნილი, დღიურად დაახლოებით 1400-1500 ადამიანი სარგებლობს . ხოლო დღესდღეობით ეს რიცხვი 20-30-მდე შემცირდა . უნდა აღინიშნოს, რომ ოკუპირებული გალის მაცხოვრებლებისთვის, ენგურის ხიდი განათლებასთან, სამედიცინო სერვისებთან, უფრო იაფ პროდუქტებთან, პენსიასთან, ნათესავებთან და ოჯახის სხვა წევრებთან დამაკავშირებელი ხიდია და მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, საერთაშორისო თანამეგობრობის დახმარებით გააძლიეროს ზეწოლა საოკუპაციო ძალებზე ე.წ. გამშვები პუნქტის მთლიანი მოსახლეობისათვის გასახსნელად. ასევე, კიდევ ერთხელ იმსჯელოს 5 დღიანი სავალდებულო კარანტინის ალტერნატიულ ღონისძიებებზე, რაც ოკუპირებული გალის მოსახლეობას გადაადგილებაზე დამატებით ბარიერს შეუმსუბუქებს", - ნათქვამია განცხადებაში.
ანდრიუს კუბილიუსი: ასე ვერ გაგრძელდება, საქართველო ან პოლიტიკურ კრიზისს გადაწყვეტს, ან გარკვეულ ფასს გადაიხდის
"ასე ვერ გაგრძელდება, საქართველო ან გადაწყვეტს საკუთარ პოლიტიკურ კრიზისს დანიელსონის მიერ შემოთავაზებული ევროკავშირის ლიდერშიპის რჩევების თანახმად, ან გარკვეულ ფასს გადაიხდის", - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებული ვირტუალური მრგვალი მაგიდის, სახელწოდებით: „ევროპარლამენტარების განცხადება საქართველოს შესახებ: ღია დისკუსია სამოქალაქო საზოგადოებასთან და მედიასთან“ მიმდინარეობისას განაცხადა. „ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ევროკავშირის ჩართულობა ასეთი კრიზისის გადაწყვეტისთვის, შარლ მიშელისა და მისი სპეციალური წარმომადგენლის დონეზე, ყველაზე მეტია, რისი შემოთავაზებაც ევროკავშირს შეუძლია საქართველოსთვის ამგვარ კრიზისში. არ მახსოვს არც ერთი მსგავსი მაგალითი, სადაც რაიმე სახის მსგავს შიდა პოლიტიკურ კრიზისში ევროკავშირი ასეთი ჩართული ყოფილიყო. ჩემი აზრით, პრობლემა ახლა საქართველოს შიგნითაა, პირველ რიგში, პოლიტიკური პარტიები ორივე მხარეს გარკვეული სახის პოლიტიკური ლიდერშიპის შიდა კრიზისს განიცდიან, რადგან პარტიებში არიან ფორმალური ლიდერები, მაგრამ ასევე არიან არაფორმალური ყოფილი ლიდერები, რომლებიც სინამდვილეში შორს არ არიან პარტიების საქმიანობაში მონაწილეობის მიღებისგან. ეს სიტუაციას ალბათ, უფრო ართულებს, რომ პოლიტიკურმა პარტიები შეთანხმდნენ იმაზე, თუ რა ნაბიჯების გადადგმაა საჭირო კრიზისის დასამთავრებლად. ასევე, მეორე, რასაც ვხედავ, და ესეც შეიძლება ისევ ამ პოლიტიკური ლიდერობის კრიზისის გამოა, ჩემი აზრით, ორივე პოლიტიკური ჯგუფის შიგნით გარკვეული სახის გაუგებრობაა იმაზე, თუ რა არის ევროკავშირის დამოკიდებულება ამ კრიზისის გადაწყვეტის მიმართ. როგორც მესმის, ორივე მხარეს ზოგიერთი ფიქრობს, რომ ევროკავშირი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს საქართველოს, და ამის გამო შეუძლიათ, ეს დამოკიდებულება საკუთარი სარგებლისთვის გამოიყენონ. ვფიქრობ, ამან გარკვეული მცდარი წარმოდგენა, გაუგებრობა შექმნა. ამიტომაც უნდა გამოვსულიყავით ძალიან მკაფიო მესიჯით - ეს ყველაფერი ასე ვერ გაგრძელდება: ან საქართველო გადაწყვეტს საკუთარ პოლიტიკურ კრიზისს დანიელსონის მიერ შემოთავაზებული ევროკავშირის ლიდერშიპის რჩევების თანახმად, ან გარკვეულ ფასს გადაიხდის, რადგან პოლიტიკური პარტიები და ლიდერები ვერ ახერხებენ კრიზისის გადაჭრას“, - აღნიშნა ანდრიუს კუბილიუსმა.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი: მადლიერნი ვართ საქართველოს ძლიერი სოლიდარობისთვის
"მადლიერნი ვართ საქართველოს ძლიერი სოლიდარობისთვის", - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ Twitter-ზე დაწერა. 2021 წლის 7 აპრილს, შედგა სატელეფონო საუბარი საქართველოს ვიცე პრემიერ- მინისტრ, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ, დმიტრო კულებას შორის. „დღეს ვესაუბრე დავით ზალკალიანს და მივაწოდე ინფორმაცია რუსეთის მიერ უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებსა და ჩვენს საზღვრებთან განხორციელებული და დესტაბილიზაციისკენ მიმართული ღონისძიებების შესახებ. მადლიერნი ვართ საქართველოს ძლიერი სოლიდარობისა და მზადყოფნისთვის, რომ ერთად ვიმუშაოთ უკრაინის მიმართ საერთაშორისო კონსოლიდაციის მიმართულებით,“ - აღნიშნულია უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელის მიმართვაში.
ვიოლა ფონ კრამონი: საქართველო იმაზე უფრო შორსაა ევროკავშირის წევრობისგან, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია
"საქართველო იმაზე უფრო შორსაა ევროკავშირის წევრობისგან, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია", - ამის შესახებ ევროპარლამენტარმვიოლა ფონ კრამონმა საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებული ვირტუალური მრგვალი მაგიდის, სახელწოდებით: "ევროპარლამენტარების განცხადება საქართველოს შესახებ: ღია დისკუსია სამოქალაქო საზოგადოებასთან და მედიასთან“ მიმდინარეობისას განაცხადა. "ვისურვებდი უფრო ახლოს ვიყოთ, გულწრფელად, საქართველო იმაზე უფრო შორსაა ევროკავშირის წევრობისგან, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია. მას შემდეგ, რაც ბევრჯერ ვესტუმრე საქართველოს, დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ყველაფერი მნიშვნელოვნად შეიცვალა გასული წლების განმავლობაში. გადაწყვეტილებების მიღების პროცესი ხელისუფლებასა და პარლამენტში გაუგებარია, ამიტომ ბევრი სტრუქტურა არ არის ისეთივე ცხადი, როგორიც იყო ადრე. ევროკავშირში გაწევრიანების მიზანი რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, მაგრამ არ არის იმის აღქმა და კონცეფცია, თუ როგორ უნდა იქნას ეს მიზანი მიღწეული. [...] ყველას გვაქვს სურვილი, რომ საქართველო სხვა მიმართულებაზე დამდგარი გვენახა, მაგრამ ამჟამინდელი მდგომარეობით, ძალაუფლების და პასუხისმგებლობის განაწილების მზაობით, და ა.შ. უნდა ვთქვა, მაქვს ჩემი ეჭვები იმასთან დაკავშირებით, რომ იმ ეტაპზე ვართ, როცა წევრობაზე განაცხადის გაკეთება სერიოზულად იქნებოდა აღქმული მინიმუმ, ევროპული პარლამენტის მხრიდან. მაგრამ ეს ჩემი ძალიან პირადი შეფასებაა", - განაცხადა ევროპარლამენტარმა.
ვიოლა ფონ კრამონი: ვუთხარი ოპოზიციურ პარტიებს, თუ გარეთ დარჩებიან, უარს იტყვიან პარლამენტში შესვლაზე და გადაწყვეტენ ქუჩის რევოლუციებს, ჩვენ დიალოგი ვერ გვექნება
"ვუთხარი ოპოზიციურ პარტიებს, რომ თუ გარეთ დარჩებიან, უარს იტყვიან პარლამენტში შესვლაზე და გადაწყვეტენ ქუჩის რევოლუციებს, ჩვენ დიალოგი ვერ გვექნება", - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ვიოლა ფონ კრამონმა „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ ონლაინკონფერენციაზე განაცხადა. ევროპარლამენტარის თქმით, ოპოზიციამ არჩევნების ღამეს მიიღო გადაწყვეტილება ბოიკოტის შესახებ და ეს მიუღებელია. "ვფიქრობ, დიდი ხნის განმავლობაში ძალიან მომთმენები ვიყავით და პრინციპში, ეს განცხადება და ჩვენი იმედგაცრუების ახსნა, ცოტა დავაგვიანეთ კიდეც. ჩვენ გვსურს, მხარი დავუჭიროთ საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე, თუმცა, ჩვენ გვჭირდება პარტნიორები საქართველოში, რომლებიც მზად იქნებიან, მიიღონ ჩვენი მხარდაჭერა და მზად იქნებიან, გააანალიზონ, რაც შევთავაზეთ ფინანსური მხარდაჭერის, კავშირების, პროექტების თვალსაზრისით და ა.შ. საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა ელოდება პოლიტიკური კრიზისის, არეულობის რაც შეიძლება მალე მოგვარებას. მე არ ვიყავი ბედნიერი ოპოზიციური პარტიების ბოიკოტით პირველივე წუთებიდან. ისინი არც კი დაელოდნენ საბოლოო შედეგებს. არჩევნების ღამესვე გადაწყვიტეს ბოიკოტირება. ეს ჩემთვის მიუღებელია. პარტნიორები გვჭირდება პარლამენტში. სწორედ ეს ვუთხარი ოპოზიციურ პარტიებს, რომ თუ გარეთ დარჩებიან, უარს იტყვიან პარლამენტში შესვლაზე და გადაწყვეტენ ქუჩის რევოლუციებს, ჩვენ დიალოგი ვერ გვექნება. ვერ შევძლებთ ერთად მუშაობას, ვერ შევძლებთ დანიელსონის მიერ რეკომენდებული შეთანხმების იმპლემენტაციას. ჩვენ გვჭირდება ძლიერი ოპოზიცია, ჩვენ გვჭირდება ჩვენი პარტნიორები, კოლეგები, პარლამენტის წევრები პარლამენტში და არა მის გარეთ. ჩვენი განცხადების ადრესატი ორივე მხარეა. ორივე მხარემ უნდა შეასრულოს თავისი საქმე სათანადოდ. მე ვთხოვე ოპოზიციას, რომ დაიკავონ საკუთარი ადგილები პარლამენტში და ბოლოს და ბოლოს დაიწყონ მუშაობა საკანონმდებლო ორგანოდან,"- აცხადებს ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი.
პროკურატურამ მეგი ბაქრაძის საქმეზე, გამოძიებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე, 2 ექიმს და 1 ექთანს ბრალი წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე, გამოძიებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე „ახალციხის კლინიკა იმედის“ ექიმებს ბ.ლ.-ს, ვ.ი-ს და ექთანს თ.გ.-ს ბრალი წარუდგინა. - აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. პროკურატურის ცნობით, ბრალდებულები წაყენებულ ბრალს აღიარებენ. "საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში მ.ბ.-ს სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის ფაქტზე, გამოძიება საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით 19 მარტს დაიწყო. გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 18 მარტს ქ. ახალციხეში, შპს „ახალციხის კლინიკა იმედში“ მ.ბ.-ს ჩაუტარდა „კოვიდ 19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, რის შემდეგაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. მ.ბ.-ს თავდაპირველად გადაუდებელი სამედიცინო მომსახურება აღნიშნულ კლინიკაში გაეწია, ხოლო შემდგომ იგი სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის მიერ გადაყვანილ იქნა თბილისში, „თსსუ პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში“, სადაც 19 მარტს გარდაიცვალა. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე მოწმის სახით გამოიკითხნენ ბ.ლ., ვ.ი. და თ.გ, რომლებიც გამოკითხვის დაწყებამდე გამომძიებლის მიერ გაფრთხილებულ იქნენ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ. მიუხედავად ამისა, მათ ხელი შეუშალეს მართლმსაჯულებას და პირადი მოტივით, რათა არ გამჟღავნებულიყო, რომ ვ.ი. არ იმყოფებოდა პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის დროს პაციენტთან, გამოძიებას ცრუ ინფორმაცია მიაწოდეს. კერძოდ, ვ.ი.-ს ჩვენების მიხედვით, 18 მარტს, ახალციხის კლინიკაში, იმუნიზაციის შემდგომი დაყოვნების ოთახში მყოფი მ.ბ.-ს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემდეგ, გართულების დაწყებისთანავე, თითქოს მის მიერ და ასევე მისი ხელმძღვანელობით, პაციენტს ჩაუტარდა შესაბამისი სამედიცინო პროცედურები. აღნიშნული ფაქტი ჩვენებებით დაადასტურეს ასევე ბ.ლ-მ და თ.გ-მ. თუმცა გამოძიებით დადგინდა, რომ იმუნიზაციის შემდეგ ვ.ი-ს მ.ბ-ს მიმართ რაიმე მედიკამენტი არ გამოუყენებია და იმ დროს, როცა მ.ბ-ს გაუწიეს გართულების შემდგომი გადაუდებელი სამედიცინო დახმარება, ვ.ი. დაყოვნების ოთახში საერთოდ არ იმყოფებოდა. ბ.ლ-ს, თ.გ-ს და ვ.ი-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის მე-2 ნაწილით (მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლა, რაც გამოიხატა გამოძიების დროს გამოსაკითხი პირის მიერ ცრუ ინფორმაციის მიწოდებით, ჩადენილი სხვა პირადი მოტივით) წარედგინათ. ბრალდებულები წაყენებულ ბრალს აღიარებენ. პროკურატურა თბილისის საქალაქო სასამართლოს ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. შინაგან საქმეთა სამინისტროში ,სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები, გარდაცვალების მიზეზის დასადგენად", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
მარინა კალიურანდი: თუ შენ გინდა ცვლილებები და რეფორმები შენს ქვეყანაში, შენ უნდა იყო პარლამენტში
"თუ შენ გინდა ცვლილებები და რეფორმები შენს ქვეყანაში, შენ უნდა იყო პარლამენტში" - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მარინა კალიურანდმა განაცხადა. მისი თქმით, კომპრომისს ვერ შეათანხმებს ევროკავშირი, დანიელსონი ვერ გადაწყვეტს საქართველოს მომავალს და ქართველი პოლიტიკოსების სახელით ვერ მიიღებს გადაწყვეტილებებს, ეს უნდა გააკეთონ ქართველებმა. "ჩვენ პატივს ვცემთ და ვაღიარებთ ოდირის დასკვნას. ოდირი თავის ანგარიშში მკაფიო იყო. ორგანიზაციამ თქვა, რომ ადგილი ჰქონდა პრობლემებს, თუმცა მთლიანობაში არჩევნები სამართლიანი და დემოკრატიული იყო. ქართველმა ხალხმა თავისი სათქმელი თქვა. ხალხმა პოლიტიკურ ლიდერებს მანდატები მისცა. ძალიან სამწუხაროა, რომ ყველა პოლიტიკოსმა არ ისარგებლა ამ მანდატით. თუ შენ გინდა ცვლილებები და რეფორმები შენს ქვეყანაში, შენ უნდა იყო პარლამენტში. საკანონდებლო ორგანოს სჭირდება ოპოზიცია, ძლიერი ოპოზიცია. ეს არის ერთადერთი გზა დემოკრატიული რეფორმებისკენ,"- აღნიშნა ევროპარლამენტარმა. მისი თქმით, "ევროპა დაიღალა" და ასე დაუსრულებლად ვერ შესთავაზებს საქართველოს მაღალი დონის ვიზიტებს. "ეს არ არის მხოლოდ საქართველოს შიდა პოლიტიკური პრობლემა, ეს უფრო ფართო საკითხია და საქართველო-ევროკავშირის მომავალ ურთიერთობას ეხება, ტრანსატლანტიკური მისწრაფების მომავალს, ეს ეხება ქართველი ხალხის მომავალს. სლოგანივით ჟღერს, მაგრამ ეს სიმართლეა. ევროპარლამენტში და ევროპაში აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხი არ არის უმაღლეს პოლიტიკურ დღის წესრიგში. მერწმუნეთ, ჩვენ ძალიან ბევრი სხვა მნიშვნელოვანი საკითხი გვაქვს. მათ შორის მიგრაცია, პანდემია, ეკონომიკური კრიზისი და ა.შ. ევროპა დაიღალა. ევროკავშირი ასე დაუსრულებლად ვერ შემოგთავაზებთ მაღალი დონის ვიზიტებს, მის მედიაციას, თქვენ არ უნდა გქონდეთ ამაზე მეტი ძალისხმევის მოლოდინი ვიდრე ახლა, ამ მომენტშია. ეს არის პრეზიდენტ შარლ მიშელი პერსონალური ძალისხმევა, უმაღლესი დონეა. ძალიან მნიშველოვანია, რომ ქართველმა ხალხმა გაიგოს, რა დონეზეა ევროპა ჩართული ამ პროცესში. რა ძალისხმევას დებს ევროპა, და ამის გათვალისწინებით მიიღოს გადაწყვეტილება,"- აცხადებს მარინა კალიურანდი.
ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი: ვადამდელი არჩევნების დანიშვნა და დანიშვნისკენ მოწოდება ევროკავშირის საქმე და გადასაწყვეტი არ არის
"ვადამდელი არჩევნების დანიშვნა და დანიშვნისკენ მოწოდება ევროკავშირის საქმე და გადასაწყვეტი არ არის", - ამის შესახებ ლატვიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედგარს რინკევიჩსმა „ქრონიკასთან“ ინტერვიუში განაცხადა. მისივე თქმით, საქართველოსთან მიმართებაში საერთაშორისო დამკვირვებლებმა თქვეს, რომ ხარვეზების მიუხედავად არჩევნები იყო კონკურენტუნარიანი და დაცული იყო ფუნდამენტური თავისუფლებები. „დასახელებული ხარვეზების გამოსწორება კანონმდებლობის დახვეწით და რეფორმების გაგრძელებით უნდა მოხდეს. ასევე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ვადამდელი არჩევნების დანიშვნა და დანიშვნისკენ მოწოდება ევროკავშირის საქმე არ არის და ევროკავშირის გადასაწყვეტი არ არის. ბოლო 10 წლის მანძილზე აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლებთან არა ერთი საუბარი მქონია. ხანდახან ვფიქრობ, პოლიტიკოსებს ჰგონიათ, რომ ევროპელმა მეგობრებმა და პარტნიორებმა რომელიმე მხარე უნდა დაიჭირონ. ეს ასე არაა. ჩვენს ინტერესშია სახელმწიფოების დემოკრატიული , ეკონომიკური განვითარება, ადამიანის უფლებების პატივისცემა და ვისაც ამის მისწრაფება აქვს ხელშეწყობა მომავალში გახდნენ ევროკავშირის წევრები. მე მჯერა, რომ აუცილებლად დადგება ის დღე, როდესაც საქართველო ევროკავშირის და ნატოს წევრი გახდება. პოლიტიკურმა გამოცდილებამ და ისტორიამ ევროკავშის ძალიან კარგად გვაჩვენა, რომ მხარის დაკავება ჩვენი ამოცანა არ არის. ჩვენი მიზანი დახმარება და მხარდაჭერაა. ჩვენი მიზანი საქართველოს მხარეს ყოფნაა“, - განაცხადა ედგარს რინკევიჩსმა.
იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ახალი მოადგილეები წარადგინა
იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ორი ახალი მოადგილე წარადგინა. იუსტიციის მინისტრს დღეიდან ოთხი მოადგილე ეყოლება. იუსტიციის მინისტრის მოადგილეებად ვალერი (ბუბა) ლომუაშვილი და თორნიკე ჭეიშვილი დაინიშნენ. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. "ვალერი (ბუბა) ლომუაშვილი საერთაშორისო ურთიერთობებისა და პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორია. ის ამ დრომდე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის უფროსის პოზიციაზე მუშაობდა. იუსტიციის სამინისტროში ბუბა ლომუაშვილი დანაშაულის პრევენციის, პრობაციის და ადამიანური რესურსების მიმართულებების კურატორი იქნება. თორნიკე ჭეიშვილი განათლებით იურისტია. დღემდე ის საქართველოს პარლამენტში მუშობდა; მონაწილეობდა საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესში. თორნიკე ჭეიშვილი არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, კავკასიის უნივერსიტეტისა და საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი. თორნიკე ჭეიშვილი იუსტიციის სამინისტროში კურირებას გაუწევს სამართალშემოქმედებითი და ანალიტიკური დეპარტამენტების, აგრეთვე, იუსტიციის სასწავლო ცენტრის მუშაობას. ის იქნება იუსტიციის სამინისტროს საპარლამენტო მდივანი. რაც შეეხება მინისტრის მოადგილეებს – ბექა ძამაშვილსა და აკაკი საღირაშვილს, ისინი აგრძელებენ მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობას. მინისტრის მოადგილეების წარდგენას იუსტიციის სამინისტროს ცენტრალური აპარატის თანამშრომლები ესწრებოდნენ", - ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე ახალგაზრდა ქალის ცხედარი იპოვეს
თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, კომაროვის სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტომანქანაში ახალგაზრდა ქალი გარდაცვლილი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, ქალი მანქანით გადაადგილდებოდა, რა დროსაც შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები. შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ნიკოლ ფაშინიანი: მთიან ყარაბაღში რუსი სამშვიდობოების ყოფნა რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების მნიშვნელოვანი ფაქტორი ხდება
მთიან ყარაბაღში რუსი სამშვიდობოების ყოფნა რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების მნიშვნელოვანი ფაქტორია. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისას განაცხადა. "პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ მთიან ყარაბაღში რუსი სამშვიდობოების ყოფნა რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების მთავარი ფაქტორი ხდება. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო თქვენი პირადი წვლილი ჩვენს რეგიონში სიტუაციის სტაბილიზაციაში, განსაკუთრებით ომის შემდეგ, თქვენთან და აზერბაიჯანის პრეზიდენტთან ერთად ჩვენი ერთობლივი განცხადების ხელმოწერის შემდეგ. მინდა აღვნიშნო, რომ ამ კონტექსტში არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ჯერ კიდევ არ არის მოგვარებული - ეს არის სამხედრო ტყვეების, მძევლებისა და სხვა დაკავებულების საკითხი. როგორც არაერთხელ განვიხილეთ, 9 ნოემბრის განცხადების თანახმად, მძევლები, სამხედრო ტყვეები და სხვა დაპატიმრებულები სამშობლოში უნდა დაბრუნდნენ, მაგრამ, სამწუხაროდ, აზერბაიჯანში ჯერ კიდევ გვყავს დაკავებული პირები. მოხარული ვარ, რომ ამ საკითხის მოგვარებასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა არ გვაქვს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი თვალსაზრისის განხილვა მთიანი ყარაბაღის პრობლემის მოგვარების საკითხზე, რადგან, სამწუხაროდ, პრობლემა არ მოგვარებულა და ამაზეც უნდა ვისაუბროთ, განვიხილოთ ჩვენი შეხედულებები მომავლის შესახებ", - განაცხადა ფაშინიანმა. სომხეთის პრემიერ მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ერევანი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებს. "მსურს განვიხილო სომხეთის რესპუბლიკაში ახალი ბირთვული ელექტროსადგურის მშენებლობის შესაძლებლობა”, - განაცხადა ფაშინიანმა პუტინთან შეხვედრისას.
"თავისუფლება გავრილოვის პირად პატიმარს" - რუსთავის ციხესთან ნიკა მელიას მხარდასაჭერი აქცია მიმდინარეობს
"თავისუფლება გავრილოვის პირად პატიმარს" - სასამართლო პროცესამდე რამდენიმე საათით ადრე, სამოქალაქო აქტივისტები და მოძრაობა "საქართველოსთვის" წევრები რუსთავის ციხესთან ნიკა მელიას მხარდასაჭერ აქციას მართავენ. აქტივისტები ციხესთან პარლამენტის შენობიდან ავტომანქანების მსვლელობით მივიდნენ. ადგილზე იმყოფება პოლიცია.
თემურ ჭყონია: 10 წელიწადში ილონ მასკმა შეიძლება ისე შეცვალოს მსოფლიო, რომ ჩვენი 10-წლიანი განვითარების გეგმა მთვარეზე განხორციელდეს
„10 წელიწადში ილონ მასკმა შეიძლება ისე შეცვალოს მსოფლიო, რომ ჩვენი 10-წლიანი განვითარების გეგმა მთვარეზე განხორციელდეს“, - ასე უპასუხა ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ გადაცემა „გიორგი თარგამაძის ფორმულაში“ წამყვანის კითხვას, რომელიც საქართველოს განვითარების 10-წლიან გეგმის შეფასებას ეხებოდა. „10 წელიწადში ილონ მასკმა შეიძლება ისე შეცვალოს მსოფლიო, რომ ჩვენი 10-წლიანი განვითარების გეგმა მთვარეზე განხორციელდეს. დღეს პანდემიის პირობებში, მსოფლიოში დიდ და ხანგრძლივ გეგმებს არცერთი ბიზნესმენი არ ადგენს. დღეს იმდენად სხვა სიტუაციაა, რომ ყოველდღიური გეგმა გვჭირდება. 10-წლიანი გეგმის საბოლოო მიზანი რა გვაქვს? ანუ მე-10 წელიწადს რა გვინდა? - ამის განსაზღვრა არის მთავარი და ამ მიზანს რომ დავწერთ, მერე შეიძლება ეს მიზანი განხორციელდეს 2 წელიწადშიც, გააჩნია რა მიზანი გვაქვს; თუ 10 წლის გადავადება გინდა რაღაც მიზნისთვის, ეს სხვა თემაა", - განაცხადა თემურ ჭყონიამ. შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, იქმნება სახელმწიფო კომისია, რომელიც ეკონომიკის განვითარების გრძელვადიან გეგმაზე იმუშავებს.
ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახური საქართველოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
საქართველოს პარლამენტის მიერ 1 აპრილს მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლებიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევისა და პარლამენტისთვის წარდგენის პროცედურას ეხება,ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახური გამოეხმაურა. ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის პრესსპიკერი, ნაბილა მასრალი საქართველოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესზე განცხადებას ავრცელებს. ევროკავშირი იმედგაცრუებას გამოთქვამს საქართველოს პარლამენტის მიერ მოსამართლეთა შერჩევის წესში საკანონმდებლო ცვლილებების ნაჩქარევი წესით მიღების გამო. ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას უმოკლეს დროში მიმართოს ვენეციის კომისიას მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების შესაფასებლად. "1 აპრილს საქართველოს პარლამენტმა მიიღო საკანონმდებლო ცვლილებები, რომელშიც განხილულია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესი. ევროკავშირმა მრავალჯერ გამოთქვა შეშფოთება ამ შერჩევის პროცესში არსებული ხარვეზებისა და არსებული წესების გამო. მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირი მიესალმება ამ ინიაციტივას, რომ შეიცვალოს შესარჩევი პროცესის სამართლებრივი ჩარჩო, სამწუხაროა, რომ საქართველოს პარლამენტმა ნაჩქარევად შეიმუშავა და მიიღო ცვლილებები, ინკლუზიური კონსულტაციის პროცესის გარეშე. ვწუხვართ, რომ საქართველომ ნაჩქარევად შეიტანა ცვლილებები ამ კანონმდებლობაში, ვენეციის კომისიისადმი დროულად მიმართვის და კომისიის საბოლოო დასკვნის გარეშე. ამიტომ, ევროკავშირის დაჟინებით ურჩევს საქართველოს, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოითხოვოს ვენეციის კომისიისგან შეფასება, იმის შესახებ, თუ რამდენად შეესაბამება მიღებული ცვლილებები ვენეციის კომისიის წინა რეკომენდაციებს. ახალი საკანონმდებლო წესები, მას შემდეგ, რაც მათ ვენეციის კომისია დაადასტურებს, კონკურსის ყველა მონაწილეზე თანასწორად უნდა გავრცელდეს. მნიშვნელოვანია, რომ უზენაესი სასამართლო, რომელიც საქართველოს უმაღლესი სასამართლო ინსტანციაა, დაკომპლექტებული იყოს უმაღლესი პროფესიული კომპეტენციის და პატიოსნების მქონე მოსამართლეებით. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესის გადახედვა ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად, ასევე არის პირობა მოქმედი პროგრამის ფარგლებში მაკროფინანსური დახმარების მეორე ტრანშის გაცემის", - ნათქვამია განცხაებაში. ცნობისთვის, 1-ელ აპრილს საქართველოს პარლამენტმა სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებული ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა. პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა მმართველი გუნდის მიერ საერთო სასამართლოების შესახებ კანონში მომზადებული ცვლილებები. 86-მა დეპუტატმა ცვლილებებს დაუჭირა მხარი.