ძებნის რეზულტატი:

ლიეტუვის პრეზიდენტი: საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციის ფაქტორი NATO-ში გაწევრიანების პროცესს ართულებს, თუმცა შეჩერება არ შეუძლია

საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციის ფაქტორი NATO-ში გაწევრიანების პროცესს ართულებს, თუმცა შეჩერება არ შეუძლია. ამის შესახებ უკრანულ გამოცემასთა ინტერვიუში ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ განაცხადა. ჟურნალისტის კითხვას, მიღწევადია თუ არა უკრაინისთვის NATO-ს წევრობა იმის გათვალისწინებით, რომ მისი ტერიტორიის ნაწილი რუსეთის მიერ არის ოკუპირებული, ლიეტუვას პრეზიდენტმა უპასუხა: "დიახ, ამის გამო ვითარება რთულია, შემთხვევით არ დაწყებულა აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტი და მოხდა ყირიმის ანექსია. იგივე ხდება სხვა სახელმწიფოებშიც, რომლებიც ნატო-ში გაწევრიანებისკენ მიისწრაფვიან, მე უპირველს ყოვლისა, საქართველოზე ვსაუბრობ. ეს ფაქტორი ართულებს პროცესს, თუმცა მისი შეჩერება მას არ ძალუძს. ამიტომ, ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია ყველა აუცილებელი რეფორმის განხორციელება". გიტანას ნაუსედამ ინტერვიუში ევროინტეგრაციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ევროკავშირმა უნდა შეინარჩუნოს სიმტკიცე და ასოცირებულ პარტნიორებს, კერძოდ უკრაინას, მოლდოვას და საქართველოს გაუგზავნოს მკაფიო სიგნალი, რათა მათ წინსვლის მოტივაცია მისცეს.

Facebook-მა "ქართულ მარშთან" დაკავშირებული 24 გვერდი, 12 ჯგუფი, Facebook-ის 34 და Instagram-ის 11 ანგარიში წაშალა

Facebook-მა "ქართულ მარშთან" დაკავშირებული 24 გვერდი, 12 ჯგუფი, Facebook-ის 34 და Instagram-ის 11 ანგარიში წაშალა - კომპანიამ 2021 წლის მარტის ანგარიში გამოაქვეყნა. როგორც კომპანია აცხადებს, 2021 წლის მარტში 11 ქვეყნის 14 ქსელი წაშალეს, რომელთა შორის საქართველოც მოხვდა. განცხადებაში ნათქვამია, რომ "ქართული მარშის" წევრებთან და მის ახალგაზრდულ ფრთასთან დაკავშირებული ქსელი ატლანტიკური საბჭოს ციფრული გამოძიების კვლევის ლაბორატორიის ანგარიშის შემდეგ აღმოაჩინეს.

თეთრი სახლის პრესმდივანი: NATO-ში გაწევრიანება უკრაინის მისწრაფებაა, თუმცა ეს გადაწყვეტილება ალიანსმა უნდა მიიღოს

NATO-ში გაწევრიანება უკრაინის მისწრაფებაა, თუმცა ეს გადაწყვეტილება ალიანსმა უნდა მიიღოს", - ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა ჯენ ფსაკიმ განაცხადა. ჟურნალისტის კითხვას, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა NATO-ში უნდა გაწევრიანდეს, რათა თავიდან აიცილოს რუსეთთან ომი და თუ რა პოზიცია აქვს ჯო ბაიდენს აღნიშნულ საკითხზე, თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა უპასუხა: "გარკვეული დროის განმავლობაში, NATO-ში გაწევრიანება უკრაინის მისწრაფებაა და ჩვენ ამ მისწრაფებას უკრაინასთან განვიხილავთ. მტკიცედ ვუჭერთ მათ მხარს. უკრაინასთან ერთად ვმუშაობთ, თუმცა ეს გადაწყვეტილება ნატომ უნდა მიიღოს", - განაცხადა ჯენ ფსაკიმ.

ელენე ხოშტარია კლინიკაში გადაიყვანეს

პოლიტიკოსი ელენე ხოშტარია "ნიუჰოსპიტალში" კლინიკაში გადაიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით, საავადმყოფოში გადაყვანის მიზეზი ინტოქსიკაცია და წნევაა. როგორც კლინიკაში აცხადებენ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. მას, ამ წუთებში, სამედიცინო კვლევები უტარდება. "დიდი მადლობა ყურადღებისთვის მეგობრებო. წნევამ ამიწია და კლინიკაში მოვხვდი მალე გამოვალ. კარგად ვარ უკვე", - წერს ელენე ხოშტარია Facebook-ში.

ნათია თურნავა: კორონავირუსის მესამე ტალღის ნეგატიური მოლოდინი ყველაფერზე აისახება - ბიზნესზე, დასაქმებაზე, ლარის კურსზე

კორონავირუსის მესამე ტალღის ნეგატიური მოლოდინი ყველაფერზე აისახება - ბიზნესზე, დასაქმებაზე, ლარის კურსზე, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ "რუსთავი 2-ის" ეთერში განაცხადა. "მესმის ეს ნეგატიური მოლოდინები, ჩვენ შედარებით მშვიდი პერიოდის შემდეგ სხვა ქვეყნების მსგავსად ვდგავართ მესამე ტალღის საფრთხის წინაშე. ეს ნეგატიური მოლოდინი ყველაფერზე აისახება, ბიზნესზე, მცირე თუ საშუალო მეწარმეების გეგმებზე, დასაქმებაზე, უფრო პესიმისტურად აფასებენ ინვესტორები ჩვენს ეკონომიკურ მდგომარეობას, აისახება იგივე ლარის კურსზე, რომელიც თავის მხრივ იმპორტირებული საქონლის ფასებზე აისახება. რაც შეეხება მიდგომას, ჩვენი მიდგომა არის ვითარების სრულიად ადეკვატური", - განაცხადა თურნავამ "ღამის კურიერში".

სახელმწიფო დეპარტამენტი: ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ემხრობა იმის უზრუნველყოფას, რომ NATO-ს კარი დარჩეს ღია ასპირანტი ქვეყნებისთვის

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივნის ნედ პრაისის განცხადებით, შტატები ემხრობა იმის უზრუნველყოფას, რომ ასპირანტმა ქვეყნებმა, რომლებსაც NATO-ში გაწევრიანება სურთ, დააკმაყოფილონ ორგანიზაციის სტანდარტები წევრობისთვის და ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია უზრუნველყოფს, რომ NATO-ს კარი ასპირანტი ქვეყნებისთვის ღია დარჩეს. „ეს ადმინისტრაცია ემხრობა იმის უზრუნველყოფას, რომ NATO-ს კარი დარჩეს ღია ასპირანტი ქვეყნებისთვის, როდესაც ისინი შეძლებენ წევრობის ვალდებულებების შესრულებას და ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებაში წვლილის შეტანას. ჩვენ ვადასტურებთ ჩვენს მხარდაჭერას ღია კარის პოლიტიკისადმი, რომელიც იყო გამოხატული 2008 წლის ბუქარესტის სამიტის დეკლარაციაში და ჩვენ მხარს ვუჭერთ თითოეული სუვერენული ქვეყნის უფლებას, თავად აირჩიოს, შეუერთდეს თუ არა რომელიმე ხელშეკრულებას ან ალიანსს და, რა თქმა უნდა, ეს მოიცავს NATO-საც. ჩვენ ვემხრობით იმის უზრუნველყოფას, რომ ასპირანტმა ქვეყნებმა, რომლებსაც NATO-ში გაწევრიანება სურთ, დააკმაყოფილონ ორგანიზაციის სტანდარტები წევრობისთვის. ამ მიზნით, ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ უკრაინის მთავრობას, განახორციელოს ღრმა, ყოვლისმომცველი და დროული რეფორმები, რომლებიც აუცილებელია უფრო სტაბილური, დემოკრატიული, განვითარებული და თავისუფალი ქვეყნის ასაშენებლად“, – განაცხადა პრაისმა. უწყების ოფიციალური წარმომადგენლის თქმით, აშშ მხარს უჭერს უკრაინის რეფორმებს და გააგრძელებს მის მხარდაჭერას რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში. ნედ პრაისმა აღნიშნა, რომ აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, მათ შორის თავად პრეზიდენტი, უკრაინაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე ნატოელ კოლეგებს ესაუბრნენ და მათ აქვთ მჭიდრო კონტაქტი უკრაინელ კოლეგებთან.  

COVID19: ბოლო 24 საათის მონაცემები

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 687 ადამიანს დაუდასტურდა. 327 გამოჯანმრთელდა, ხოლო 8 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია Stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 27 713 კვლევა ტესტით, მათ შორის 17 490 კვლევა ანტიგენის ტესტით და 10 223 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 687 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 285 645-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 6 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.48 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 1.98%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 2.42 %. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 327 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 275 547-მდე. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 8 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 840 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 687 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 351 შემთხვევა, აჭარა - 61, იმერეთი - 68, ქვემო ქართლი - 22, შიდა ქართლი - 41, გურია - 14, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 84, კახეთი - 18, მცხეთა-მთიანეთი - 20, სამცხე-ჯავახეთი - 4, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 4. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 6 232, საიდანაც: 1 984 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 954, აჭარაში - 304, იმერეთში - 323. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 352 პირი, მათ შორის, თბილისში - 171, აჭარაში - 36, იმერეთში -75. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 63 პირი, მათგან თბილისში - 38, აჭარაში - 3, იმერეთში - 10. 291 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 180 - თბილისში, 106 - აჭარაში. 3 957 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 169 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 96, ხოლო აჭარაში - 9. სულ 6 ოქტომბრიდან - 6 აპრილის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 077 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 10 468 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 4 788 პირი, აჭარაში - 1 552, იმერეთში - 918.

აფგან მუხთარლი საქართველოში დაბრუნდა

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი საქართველოში დაბრუნდა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად ჟურნალისტი ავრცელებს. ,,მე თბილისში ვარ", - წერს მუხთარლი Facebook გვერდზე. როგორც ცნობილია, ის თბილისამდე სტამბოლში იმყოფებოდა. აღსანიშნავია, რომ აფგან მუხთარლი თბილისში ჩამოსვლასა და მისი გაუჩინარების საქმეზე პროკურატურაში ჩვენების მიცემას რამდენიმე თვის წინ გეგმავდა, თუმცა საზღვრის გადმოკვეთა ვერ შეძლო. ქვეყანაში ჩამოსვლისთვის ხელის შეშლაში აფგან მუხთარლი საქართველოს ხელისუფლებას ადანაშაულებს. ცნობისთვის, აზერბაიჯანის ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტი თბილისიდან 2017 წლის 29 მაისს გაუჩინარდა, 30 მაისს კი ცნობილი გახდა, რომ ის აზერბაიჯანში დააკავეს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის და ვალუტის კონტრაბანდის ბრალდებით. მუხთარლი თავიდანვე აცხადებდა, რომ თბილისიდან მის გატაცებასა და აზერბაიჯანული მხარისთვის გადაცემაში მონაწილეობდნენ საქართველოს სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლები. მუხთარლის საქმეზე საქართველოში მიმდინარე გამოძიებას ჯერჯერობით არანაირი შედეგი არ მოჰყოლია.

facebook-მა ქართულ მარშთან და POSTV-სთან დაკავშირებული 24 ანგარიში, 12 ჯგუფი და Instagram-ის 11 ანგარიში წაშალა

Facebook-ის ადმინისტრაციამ ქართულ მარშთან და მის ახალგაზრდულ ფრთასთან დაკავშირებული არაავთენტური ქსელი წაშალა Facebook-ის ცნობით, მარტში საქართველოდან ჯამურად 24 ანგარიში, 12 ჯგუფი და Instagram-ის 11 ანგარიში წაიშალა, რომლებიც მიმართული იყო შიდა აუდიტორიაზე. როგორც facebook-ის განცხადებაშია აღნიშნული, "ქართულ მარშთან" დაკავშირებულ ქსელში 70 აქტივი იყო ჩართული. წაშლილია ასევე, ანგარიშები და გვერდები, რომლებიც გასართობ და სავაჭრო პლატფორმებად იყო შენიღბული. მაგალითად, საგიჟეთი, შერეკილები, ყიდვა-გაყიდვა და რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს, გათბობის სისტემა — ბეგიო. აღნიშნული გვერდები სოციალური ქსელის ადმინისტრაციამ ატლანტიკური საბჭოს ციფრული კვლევის ლაბორატორიის მკვლევარების ანგარიშების შესწავლის საფუძველზე წაშალა. წაიშალა მარში TV-ც, რომელიც საპარლამენტო არჩევნებამდე შეიქმნა. DFRLab-ის განცხადებით, ფეისბუქფეიჯის შინაარსს არეკლამებდა ბექა კვიციანი, რომელიც კრემლთან დაკავშირებული დეზინფორმაციული გამოცემის, News Front Georgia-ს ერთ-ერთი ავტორია. News Front Georgia აზიარებდა მასალას "ქართული მარშის" ოფიციალური ფეიჯიდან, ასევე, მართავდა საჯარო ჯგუფებს — "ღამურები", "საგიჟეთი", "შერეკილები და ყიდვა გაყიდვა საქართველოში. DFRLab-ის გამოძიების ობიექტივში მოხვდა სახელისუფლებო ტელევიზია POSTV-ც, რომლის რეკლამირებასაც იგივე ჯგუფი ახორციელებდა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ ქართული მარში აძლიერებდა სენტიმენტებს დავით გარეჯის საკითხზე, აქციებითა თუ მოწოდებებით და ასპონსორებდა ამ საკითხთან დაკავშირებულ პოსტებს. ასევე, წაიშალა ფოტოგრაფის და ვიდეობლოგერის, გიორგი (ჯორჯ) თორელის გვერდები, რადგან გამოძიების თანახმად, ქართული მარშისა და POSTV-ის კონტენტის პოპულარიზაციას ეწეოდა. Facebook-მა მარტში სულ 11 ქვეყნიდან წაშალა ანგარიშები და გვერდები, მათ შორის, ალბანეთიდან, ირანიდან, ესპანეთიდან, არგენტინიდან, ეგვიპტიდან, ისრაელიდან და მექსიკიდან.

დიდ ბრიტანეთში Moderna-ს ვაქცინით აცრები დაიწყო

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მდივანმა მეტ ჰენკოკმა განაცხადა, რომ ბრიტანეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო Moderna-ს ვაქცინით აცრები დაიწყო. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ჰენკოკმა ასევე თქვა, რომ დიდ ბრიტანეთში ვაქცინის, სულ მცირე, ერთი დოზა 31.6-მა მილიონმა ადამიანმა მიიღო, ხოლო 5.4 მილიონი ადამიანი სრულად აცრილია. „მოხარული ვარ, რომ დღეს დასავლეთ უელსში ვაქცინაციას Moderna-ს ვაქცინით ვიწყებთ“, - აღნიშნა დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მდივანმა. ცნობისთვის, დიდ ბრიტანეთში ვაქცინაციისთვის Pfizer-ისა და AstraZeneca-ს ვაქცინებს იყენებენ, რომელსაც ახლა ამერიკული კომპანია Moderna-ს ვაქცინაც დაემატა.

ნიკოლ ფაშინიანი: თურქეთმა უნდა შეცვალოს აგრესიული პოლიტიკა სომხეთის მიმართ

სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, თურქეთმა სომხეთის მიმართ პოლიტიკა უნდა შეცვალოს. ინფორმაციას Armenpress-ი ავრცელებს. როგორც ფაშიანიანი აცხადებს, თურქეთმა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში აზერბაიჯანს მხარდაჭერა გამოუცხადა და სწორედ ამ მიმართულებით უნდა შეცვალოს ოფიციალურმა ანკარამ პოლიტიკა, რათა რეგიონში ეკონომიკური იმიჯის აღდგენა მოხდეს. ”თურქეთმა უზრუნველყო აზერბაიჯანის პირდაპირი სამხედრო-პოლიტიკური და სამხედრო-ტექნიკური მხარდაჭერა, მან ასევე გადაიყვანა უცხოელი შეიარაღებული ტერორისტი მებრძოლები მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში. ამ კონტექსტში თურქეთმა უნდა შეცვალოს ეს აგრესიული პოლიტიკა სომხეთის მიმართ, გრძელვადიანი მშვიდობა და რეგიონში ეკონომიკური იმიჯის აღდგენა ”, - თქვა ფაშინიანმა.

ენგურში სამი ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სავარაუდოდ ოკუპირებული აფხაზეთიდან, ენგურით გადმოსვლას ცდილობდნენ

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონასთან მაშველებმა მდინარე ენგურიდან სამი ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს. დაღუპულები, სავარაუდოდ ოუკიპრებული აფხაზეთიდან არიან რადგან , ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე, ოთხი ადამიანი დაიკარგა. შსს-ს პრესსამსახურის ცნობით, დამატებით გრძელდება კიდე ერთი მოქალაქის სამძებრო-სამაშველო ღონისძიება. როგორც Europetime-ს სუს-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, მომხდარის გარემოებებთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დეტალებს აზუსტებს და მოგვიანებით განცხადებას გაავრცელებს. შსს-ს ცნობით, ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე და 115-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთასა და თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. არსებული ინფორმაციით, მოქალაქეები ოკუპირებული სოფელ თაგილონიდან შამგონაში მდინარე ენგურის გავლით გადმოსვლას ცდილობდნენ, რადგან ენგურის ხიდი ჩაკეტილია და საოკუპაციო ძალები ადგილობრივებს, საქართველოსკონტროლირებას ტერიტორიაზე გადმოსვლის უფლებას არ აძლევენ. სოფელ შამგონას ადგილობრივი მოსახლის თქმით, გალის რაიონიდან, მოქალაქეები საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, პენსიის ასაღებად და მედიკამენტების საყიდლად გადმოდიან. ენგურის ხიდის ჩაკეტვის გამო რთული სოციალური პრობლემების წინაშე რჩებიან და მდინარის გადმოლახვის მცდელობისას, საკუთარ სიცოცხლეს რისკავენ.

სუს-ი ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსვლისას სამი ადამიანის დაღუპვის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან გადმოსვლისას, სამი ადამიანის დაღუპვის შესახებ, ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს. უწყების ცნობით, საოკუპაციო ხაზის გადმოკვეთისას, სოფელ შამგონასა და სოფელ თაგილონის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ დამკვიდრებული უკანონო დაკავებებისთვის თავის არიდების მიზნით, ოკუპირებული გალის რაიონის მკვიდრი საქართველოს სამი მოქალაქე ცდილობდა, მდინარე ენგურის გავლით საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას. მდინარე ენგურის გადმოკვეთისას სამივე მათგანი დაიღუპა. „აღიშნული წარმოადგენს საოკუპაციო რეჟიმის მიერ თავისუფალ გადაადგილებაზე უკანონოდ დაწესებული შეზღუდვებისა და უკანონო დაკავებების დამაზიანებელი პრაქტიკის შედეგს. მომხდარმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ოკუპაციის თანმდევი პროცესების ანტიჰუმანური და დანაშაულებრივი არსი, რომელზეც სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას. წლების განმავლობაში თავისუფალ გადაადგილებაზე დაწესებულმა უკანონო ე.წ. რეგულაციებმა და შეზღუდვებმა მნიშვნელოვნად გაართულა ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურობა და არაერთი მათგანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ყველა ინციდენტის, თავისუფალი გადაადგილების უკანონო შეზღუდვისა და უკანონო დაკავების ფაქტზე საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით მკაცრად დადგება საოკუპაციო რეჟიმის პასუხისმგებლობის საკითხი. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ გააქტიურებულია ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშრის სადამკვირვებლო მისია და ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეები. საკთხის განხილვა მოხდება უმწვავესი ფორმით ყველა არსებული ფორმატის ფარგლებში“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაშია.

საფრანგეთი და ესპანეთი ვაქცინაციის პროცესს კიდევ უფრო აჩქარებს

საფრანგეთი და ესპანეთი კოვიდინფიცირებულების მატებასთან ერთად, ვაქცინაციის პროცესს კიდევ უფრო აჩქარებს. Euronews-ის ინფორმაციით, საფრანგეთის ეროვნული სტადიონი ,,სტად დე ფრანსი“ ახლა ვაქცინაციის უდიდესი ცენტრია, რადგან კორონავირუსის დასამარცხებლად მოქალაქეების უმეტესობა აქ ჩერდება. მსოფლიო თასის სტადიონის ცენტრში კვირაში მილიონი ადამიანის აცრა არის შესაძლებელი. როგორც ცნობილია, ექთნებსა და მეხანძრეებს უნდა შეეძლოთ კვირაში საშუალოდ 10 000 დოზის მიღება. საფრანგეთის ჯანდაცვის ორგანოებმა განაცხადეს, რომ ისინი მიზნად ისახავენ უახლოეს დღეებში 40 – მდე მასობრივი ვაქცინაციის ცენტრის გახსნას. ვაქცინაცია საფრანგეთში ამჟამად მხოლოდ 70 წელს გადაცილებულ ადამიანებს ეკუთვნით, გარდა ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემების მქონე ადამიანებისა და სამედიცინო მუშაკებისა. აღსანიშნავია, რომ ვაქცინაციის კამპანიას ესპანეთშიც აჩქარებენ, რათა აგვისტოს ბოლოსთვის ქვეყანაში აცრილი ადამიანების რაოდენობამ 33 მილიონს მიაღწიოს. ,, ჯერ ჩვენ უნდა დავიცვათ თავი და ეს არის ის, რაც მინდა ვუთხრა საზოგადოებას. ჯერ ვერ დავისვენებთ და ვერ მივცემთ ჩვენს თავს უფრო მეტ თავისუფლებას, ამიტომ უფრო მეტი ძალისხმევაა საჭირო კორონავირუსის დასამარცხებლად”,- განაცხადა ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა. მისივე თქმით, იგეგმება მასობრივი ვაქცინაციის ცენტრების გახსნაც.

გია ვოლსკი  AstraZeneca-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა

პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით AstraZeneca-თი აიცრა. მან ვაქცინაცია ინგოროყვას სახელობის კლინიკაში ჩაიტარა. როგორც ვიცე-სპიკერმა განაცხადა, ის თავს კარგად გრძნობს და მოქალაქეებს ვაქცინაციისკენ მოუწოდებს. „კარგად ვგრძნობ თავს. ყველას ვურჩევ დროულად გაიკეთოს აცრა“, - განაცხადა ვოლსკიმ. ცნობისთვის, საქართველოში AstraZeneca-თი ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, Pfizer-ით კი 30 მარტიდან.

NCDC: საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით სულ 14 207 ადამიანია აცრილი

7 აპრილის დილის მონაცემებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით სულ 14 207 ადამიანია აცრილი. მათ შორის, ბოლო 24 საათში 1 363-მა პირმა გაიკეთა აცრა. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი აქვეყნებს. ცნობისთვის, საქართველოში AstraZeneca-თი ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, Pfizer-ით კი 30 მარტიდან.

რასა იუკნევიჩიენე: მხარს ვუჭერთ ევროპარლამენტარების განცხადებას, მათ შორის ფინანსური დახმარების შესაძლო შეჩერების ნაწილზეც

ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიანეს აცხადებს, რომ სერიოზულ გზავნილს წარმოადგენს ევროპარლამენტარების განცხადება საქართველოსთვის დაფინანსების შესაძლო შეწყვეტის თაობაზე. როგორც იუკნევიჩიანემ ჟურნალისტ ეგორ კუროპტევის მიერ ორგანიზებული დისკუსიის, „სამხრეთ კავკასიის დიალოგის პლატფორმის“ ფარგლებში განაცხადა, აღნიშნულ განცხადებას, ფართო მხარდაწერა აქვს. ,,ყველა ჩვენგანი უჭერს მხარს ამ განცხადებას, მათ შორის ევროპული კომისია, ევროპული საბჭო, მათ შორის ნაწილს ფინანსურ დახმარებაზე და შემდგომი თანამშრომლობის შესაძლო შეჩერებაზე. ეს სერიოზულია, ხუმრობები არაა. ახლა ვწუხვარ, რომ საქართველო სხვა ვითარებაში შედის. დიახ, რუსეთი ოკუპანტია, მაგრამ რეალობა ისაა, რომ მართალია ქართველები არასდროს იქნებიან რუსული (ალიანსის, კავშირის) ნაწილი, რუსეთი დღევანდელ რეალობაში როლს თამაშობს, დამალულია, მაგრამ მონაწილეობს. როგორღაც, ამ მოკლევადიან პერიოდში ის გამარჯვებულია. ვფიქრობ, არც ისე ხშირად ხდება, რომ ისეთი მაღალი დონის ევროკავშირის თანამდებობის პირი, როგორიც შარლ მიშელია, ჩართულია მედიაციაში. არავინ, არც ერთი მხრიდან, არ გამოიყენა ეს შესაძლებლობა. რა თქმა უნდა, დღეს მაქვს ეჭვები, მართლაც არის თუ არა ბიძინა ივანიშვილისთვის ევროატლანტიკური გზა პრიორიტეტი“, — განაცხადა მან.

20 ივნისის საქმეზე, საია-მ და EHRAC-მ  ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში 2 ახალი საჩივარი შეიტანა

2021 წლის 07 აპრილს, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) პარტნიორ ორგანიზაციასთან - ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ ცენტრთან (EHRAC) ერთად ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში 2 ახალი საჩივარი გააგზავნა. საჩივრები 2019 წლის 20-21 ივნისს ანტისაოკუპაციო აქციის დაშლისას 22 პირის, მათ შორის, მშვიდობიანი შეკრების უფლებით მოსარგებლე 10 პირის, მედიის 11 წარმომადგენლისა და მოვლენების ეპიცენტრში შემთხვევით აღმოჩენილი 1 პირის მიმართ, სახელმწიფოს მიერ ძალის გადამეტებასა და განხორციელებულ ქმედებებზე ეფექტიანი გამოძიების ჩაუტარებლობას შეეხება. როგორც საია-ში აღნიშნავენ, 2019 წლის 20-21 ივნისს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციის დაშლის გადაწყვეტილება მიიღო, რაც აქციაზე მყოფი პირების უფლებების მასშტაბურ დარღვევაში გადაიზარდა. წარდგენილ საჩივრებში მომჩივნები ევროპული კონვენციის მე-3 (წამების აკრძალვა), მე-10 (გამოხატვის თავისუფლება - მხოლოდ მედიის წარმომადგენლების შემთხვევაში), მე-11 (შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება - მხოლოდ დემონსტრანტების შემთხვევაში), და მე-13 (სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება) მუხლების დარღვევას ასაბუთებენ. EHRAC-ი და საია 20 ივნისის ღამის საქმესთან დაკავშირებით, შემდეგ პუნქტებს ასაჩივრებს, რომლის ჩამონათვალსაც უცვლელად გთავაზობთ. გამოყენებული ძალის უკანონობა და არაპროპორციულობა: ცრემლსადენი გაზის პარალელურად, შსს-მ უკანონოდ, მათ შორის, წინასწარი გაფრთხილების გარეშე, დაიწყო აქციაზე მყოფი პირების მიმართულებით რეზინის ტყვიების სროლა. რეზინის ტყვიების გამოყენება ხდებოდა ფართო დისკრეციის პირობებში, წინასწარი თანხმობისა და ინსტრუქციის გარეშე, რაც აღნიშნული ქმედების უკანონობის კიდევ ერთ საფუძველზე მიუთითებს. რეზინის ტყვიების გამოყენება მოხდა იმ პირების მიმართ, ვისი მხრიდანაც საფრთხე არ მომდინარეობდა, მათ შორის, მედიის ცხადად იდენტიფიცირებადი წარმომადგენლების მისამართით. ასევე, დასტურდება, რომ სამართალდამცავები რეზინის ტყვიებს ახლო მანძილიდან და სასიცოცხლო ორგანოების მიმართულებით ისროდნენ. შედეგად, მათ შორის, საიას დაცვის ქვეშ მყოფმა ოთხმა პირმა თვალი / ცალ თვალში მხედველობა დაკარგა. აღნიშნული ქმედებები, თავისი არსით, არასათანადო მოპყრობას უტოლდება, და, ასევე, მიუთითებს სპეციალური დანიშნულების რაზმის შესაბამისი ინსტრუქტაჟისა და წვრთნების ნაკლებობაზე. ამასთან, წარდგენილ საჩივარში საია ასაბუთებს, რომ 20-21 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვერ მოახერხა დაძაბული ვითარების სათანადო მართვა და დეესკალაციის უზრუნველსაყოფად არ გამოიყენა კომუნიკაციის, მოლაპარაკებისა და დიალოგის რესურსი. დაკავების და შემდგომ პერიოდში არასათანადო მოპყრობა: 20-21 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მასობრივად გამოიყენა აქციის მონაწილეების ადმინისტრაციული წესით დაკავების პრაქტიკა. სამართალდამცავთა მხრიდან დაკავების და შემდგომ პერიოდში განხორციელებული ფიზიკური და სიტყვიერი ძალადობის შედეგად არასათანადო მოპყრობას დაექვემდებარნენ ის პირები, რომლებიც დაკავების დროს / შემდეგ სამართალდამცავთა ეფექტიანი კონტროლის ქვეშ იმყოფებოდნენ. ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლა: აქტიური სპეციალური საშუალებების გამოყენებისა და სამართალდამცავთა მხრიდან განხორციელებული ფიზიკური თუ სიტყვიერი ძალადობის შედეგად ადგილი ჰქონდა მედიის წარმომადგენელთა უფლებების, მათ შორის, გამოხატვის თავისუფლების, არასათანადო მოპყრობისგან დაცვის უფლების, დარღვევის მძიმე შემთხვევებს, ასევე, ჟურნალისტთათვის პროფესიული საქმიანობის ხელშეშლის ფაქტებს. გამოძიების არაეფექტიანობა: 2019 წლის 22 ივნისს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული მოხელეების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით ან იარაღით შესაძლო გადამეტების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (‘სსკ’) 333 (3) (ბ) მუხლით (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ ჩადენილი ძალადობით ან იარაღის გამოყენებით - ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე) დაიწყო. აღსანიშნავია, რომ 2019 წლის ნოემბერში საიამ ანგარიში „დაკარგული თვალის მიღმა“ გამოაქვეყნა, რომელიც 20-21 ივნისის მოვლენებს აფასებს. ანგარიშს თან ახლდა რეკომენდაციები, მათ შორის, ერთ-ერთი ჩადენილ ქმედებებზე ეფექტიანი გამოძიების ჩატარება იყო, თუმცა, გამოძიების დაწყებიდან დღემდე, 21 თვეზე მეტი დროის გასვლის მიუხედავად, საგამოძიებო პროცესი ხარვეზიანად მიმდინარეობს, არ არის სრულყოფილი და, შედეგად, არ აკმაყოფილებს ეფექტიანი გამოძიების სტანდარტს. კერძოდ: 1.დაზარალებულის სტატუსის მიუნიჭებლობა / დაზარალებულების არაეფექტიანი ჩართულობა: დღემდე, საიას დაცვის ქვეშ მყოფი 22 პირიდან 20 პირი დაზარალებულად არ არის ცნობილი, მიუხედავად იმისა, რომ ამ პირებისთვის დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანი დასტურდება საგამოძიებო ორგანოებისთვის ხელმისაწვდომი ვიდეო-მასალის, სამედიცინო დოკუმენტებისა და მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე. მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულის სტატუსი საიას დაცვის ქვეშ მყოფ ორ პირს, მაია (მაკო) გომურსა და გიორგი სულაშვილს, აქვთ, გენერალური პროკურატურა მათ არ აძლევთ საქმის სრულ მასალებზე წვდომას, და მხოლოდ უზრუნველყოფს იმ მასალების გაცნობას, რომლებიც, საგამოძიებო ორგანოს მოსაზრებით, შემხებლობაშია მომჩივნების საქმესთან. აღნიშნული ართმევს მომჩივნებს დაზარალებულისთვის საპროცესო კოდექსით გარანტირებული უფლებებით სრულყოფილი სარგებლობის შესაძლებლობას. 2. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნების მოპოვების გაჭიანურება: გენერალურმა პროკურატურამ სამხარაულის ბიუროში სამედიცინო ექსპერტიზა გამოძიების დაწყებიდან 10 დღის შემდეგ, 2019 წლის 02 ივლისს, და მხოლოდ სამედიცინო დოკუმენტაციის საფუძველზე, პირადი შემოწმების გარეშე, დანიშნა. დღემდე საგამოძიებო ორგანო, საიას დაცვის ქვეშ მყოფი პირების დაზარალებულად ცნობაზე უარს ასაბუთებს სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნების არარსებობით. ხაზგასასმელია, რომ ექსპერტიზის დანიშვნიდან 21 თვეზე მეტია გასული, ექსპერტიზის პასუხები კი ამ დრომდე პროკურატურას მოპოვებული არ აქვს, რითიც მნიშვნელოვნად ჭიანურდება პროცესი. 3. საჭირო საგამოძიებო მოქმედებების ჩაუტარებლობა: გენერალურმა პროკურატურამ არ ჩაატარა ეფექტიანი გამოძიებისთვის საჭირო გონივრული საგამოძიებო მოქმედებები, რომლებიც, მათ შორის, მოთხოვნილი იყო საიას მიერ, და რომლებიც აუცილებელია მომჩივანთა დაზიანების გარემოებებისა და დამნაშავეთა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დასადგენად. 4. ჩადენილ დანაშაულთა არასწორი კვალიფიკაცია: ხაზგასასმელია, რომ წლების განმავლობაში მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება საგამოძიებო ორგანოების მიერ არასათანადო მოპყრობის ფაქტების სწორი კვალიფიკაცია. მომჩივანთა საქმეებიც ამის ერთ-ერთი მაგალითია. მიუხედავად იმისა, რომ საქმის ფაქტობრივი გარემოებები ნათლად მოწმობს, რომ კონკრეტულ ეპიზოდებთან მიმართებით ჩადენილია არაადამიანური ან/და დამამცირებელი მოპყრობა, რომელიც, თავისი არსით, უფრო სერიოზულია, ვიდრე სსკ 333-ე მუხლით გათვალისწინებული სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, დღემდე გამოძიება მხოლოდ 333-ე მუხლით მიმდინარეობს. აღნიშნული ბადებს ეჭვს, რომ ეს, შესაძლოა, ემსახურებოდეს სამართალდამცველთათვის პასუხისმგებლობის შემსუბუქებას საგამოძიებო ორგანოების მხრიდან. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ საიას დაცვის ქვეშ მყოფ მედიის წარმომადგენლებს აქციის დაშლის დროს სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებმა ხელი შეუშალეს თავიანთი ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელებაში, გამოძიება არ მიმდინარეობს სსკ 154-ე მუხლით (ჟურნალისტებისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა). 5. დამნაშავეთა დაუსჯელობა: როგორც სახალხო დამცველის 20-21 ივნისის მოვლენების გამოძიების შუალედური ანგარიშიდან იკვეთება, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილი დირექტორის მიმართ არსებობს სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების საფუძველი, თუმცა, დევნა დღემდე არ დაწყებულა. აქტიური სპეციალური საშუალებების საკანონმდებლო რეგულირებასთან დაკავშირებული პრობლემები: წარდგენილ საჩივრებში სადავოა აქტიური სპეციალური საშუალებების (მათ შორის, რეზინის ტყვიების) გამოყენების მომწესრიგებელი საკანონმდებლო ჩარჩო, რომელიც კონკრეტულ შემთხვევებში მკაცრი სიზუსტით არ ადგენს ნორმის ადრესატებისთვის თუ რა შემთხვევაში, როდის, და რა მასშტაბით არის შესაძლებელი ძალის გამოყენება. საიას მიერ წარდგენილი საჩივრები წარმოაჩენს იმ სისტემურ პრობლემებს, რომლებსაც სახელმწიფოს მხრიდან აქციების ძალის გამოყენებით დაშლის დროს აქვს ადგილი. შედეგად, ნათელი ხდება, რომ სახელმწიფოს დღემდე არ აქვს დემონსტრაციების ეფექტიანი, ადამიანის უფლებების დაცვაზე ორიენტირებული, მართვის პოლიტიკა.

აღმოაჩინეთ 10 საუკეთესო ეროვნული პარკი ევროპაში - იმოგზაურეთ europetime-თან ერთად

გიყვართ ბუნება, ტყეები, ტბები, ფლორა და ფაუნა? - მაშინ გამოგვყევით და აღმოაჩინეთ ყველაზე ლამაზი ეროვნული პარკები ევროპაში. დაივიწყეთ ხალხმრავლობა, პლაჟები, დიდი ქალაქები, შოპინგი და დაისვენეთ ეროვნულ პარკებში 1. პლიტვიცის ტბები, ხორვატია პლიტვიცის ტბების ეროვნული პარკი მისი სპეციფიკური გეოლოგიის, გეომორფოლოგიისა და ჰიდროლოგიის გამო, ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ობიექტია მსოფლიოში. დოლომიტური კლდის გარდა, აქ დომომიტური ჩანართები და მეზოზოური კირქვები ჭარბობს. 2.შვეიცარიის ეროვნული პარკი, შვეიცარია-გერმანია შვეიცარიის ეროვნული პარკი გერმანიაში, საქსონიის თავისუფალ შტატში, დედაქალაქ დრეზდენის მახლობლად მდებარეობს. იგი მოიცავს ელბის ქვიშაქვის მთების გერმანული ნაწილის გულს 93,5 კმ 2 ფართობზე, რომელსაც საქსონიის შვეიცარია ეწოდება. 3. დოლომიტის ალპები, იტალია დოლომიტები - მთის მწკრივია, რომელიც მდებარეობს იტალიის ჩრდილო – აღმოსავლეთით. ისინი ქმნიან სამხრეთ კირქვის ალპების ნაწილს და ვრცელდებიან მდინარე ადიჟიდან დასავლეთით პიავას ხეობამდე აღმოსავლეთით. 4. ველური ტაიგა, ფინეთი Wild Taiga მოიცავს ბუნებრივი უდაბნოს ტერიტორიას, რომელსაც ადამიანის ხელები არ შეხებია. იდეალურია ცხოველების დასათვალიერებლად და ფოტოგრაფებისთვის. აქ შეგიძლიათ ნახოთ მურა დათვი, ტყის ირემი, მფრინავი ციყვი, თახვები და ზოგიერთი დიდი მტაცებელი ფრინველი. 5. ეკრინები, საფრანგეთი ეკრინის პარკი საფრანგეთის მეხუთე ეროვნული პარკია. ის ალპებში მდებარეობს და მოიცავს ეკრინის მასივის დიდ ნაწილს. 6. დურმიტორი, მონტენეგრო დურმიტორის ეროვნული პარკი — ეროვნული პარკი მონტენეგროში. შეიქმნა 1952 წელს მოიცავს დურმიტორის მთიან მასივს, მდინარე ტარის კანიონს და კომარნიცის პლატოს ზემო ნაწილს. საერთო ფართობი — 390 კმ². 1980 წელს შეიტანეს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში. 7. ტრიგლავი, სლოვენია ტრიგლავი - სლოვენიის ერთადერთი ეროვნული პარკია. პარკს ეწოდა ტრიგლავის სახელი, რომელიც უდიდესი მწვერვალია სლოვენიაში (2864 მ). სახელი ტრიგლავის წარმოშობა გაურკვეველია. ტრიგლავი - სამთავიანს ნიშნავს. 8. სოომაა, ესტონეთი სოომაას ეროვნული პარკის ფლორა და ფაუნა დაუჯერებლად ლამაზია. ქ ცხოვრობენ დიდი რაოდენობით თახვები, რომელთა ნაკვალევით თითქმის ყველგან შეგხვდებათ. თახვის გარდა, აქ საკმაოდ გავრცელებულია წყლის მოსიყვარულე კიდევ ერთი პატარა არსება - წამი. 9. ორდესა, ესპანეთი ორდესას ეროვნულ პარკში შეგიძლიათ დაათვალიეროთ ხეობები, საძოვრები და მდინარეები, რომლებიც მდებარეობს მონტე პერდიდოს ძირში, ეს გახლავთ უმაღლესი მწვერვალი (3,355 მეტრი) ესპანეთის ამ ნაწილში. საკუთარი ფეხით შეგიძლიათ მოინახულოთ კოლა დე კაბალოს ლეგენდარული ჩანჩქერი. 10. სარეკი, შვედეთი სარეკის ეროვნული პარკი შვედეთში, ლაპლანდიის პროვინციაში, იოკმოკის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. პარკი პოპულარულია მოგზაურთა და მთამსვლელთა შორის, მაგრამ არაკომფორტულია დამწყებთათვის.ეროვნულ პარკს უხეში წრიული ფორმა აქვს საშუალოდ 50 კმ დიამეტრით. პარკში ასევე არის მონიშნული ბილიკები და მხოლოდ ორი ხიდი, მაგრამ არაა არანაირი საცხოვრებელი. გარდა ამისა, ეს ტერიტორია მთელს შვედეთში ყველაზე წვიმიანია, რაც მოგზაურებს გარემო პირობებზე დამოკიდებულს ხდის. პარკში დაუთვლელი, უცნობის რაოდენობის ნაკადულია, რომლებზე გადასვლაც გამოცდილების გარეშე სახიფათოა. ზღვის დონიდან 1 800 მეტრზე მდებარეობს პორტეს ობსერვატორია, რომელიც ადრეულ 1900-იან წლებში აშენდა. საერთო კამში, პარკში სულ 100 მყინვარია.

ზოგიერთ ქვეყანაში, პანდემიასთან ბრძოლის მეთოდებს, პოლიტიკური ბრძოლის იარაღად იყენებენ - amnesty international

Amnesty International-ის მიერ, 7 აპრილს გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად,ზოგიერთი სახელმწიფოს ლიდერმა, გლობალურ პანდემიაზე რეაგირების მექანიზმები, პოლიტიკური ბრძოლის იარაღად და ადამიანის უფლებებზე ახალი თავდასხმების მიზეზად გამოიყენა. ორგანიზაციის ცნობით, COVID-19-ის პანდემიის გამო, აზიის და ევროპის თითქმის ყველა სახელმწიფომ შემოიღო საგანგებო მდგომარეობა, რაც უკავშირდება როგორც თავისუფალი შეკრებისა და აზრის თავისუფლად გამოხატვის, ისე თავისუფლად გადაადგილების უფლებათა შეზღუდვას. "ამნესტი ინტერნეშენალის“ ანგარიშის თანახმად, კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლისკენ მიმართულმა გარკვეულმა ზომებმა კიდევ უფრო გააღრმავა ხელისუფლების ბოროტად გამოყენებისა და უთანასწორობის არსებული მოდელები ევროპასა და ცენტრალურ აზიაში, სადაც ცალკეული ხელისუფლებები კრიზისს იყენებენ როგორც ერთგვარ „კვამლის საფარველს“ ძალაუფლების ხელში ჩაგდების, თავისუფლების ჩახშობისა და ადამიანის უფლებათა სფეროში არსებული ვალდებულებების იგნორირების შესანიღბად. "პანდემია აყალიბებს მასობრივ სისტემურ უთანასწორობას სამხრეთ აზიასა და მსოფლიოში, რასაც ყველაზე მწვავედ განიცდიან ეთნიკური უმცირესობები, ჯანდაცვის მუშაკები, ქალები და პატიმრები. ასევე "სამართალდამცველი ორგანოების თანამშრომლები უკანონოდ იყენებდნენ ძალას ბელგიაში, პოლონეთში, რუმინეთში, საფრანგეთში, საქართველოსა და საბერძნეთში. ხოლო აზერბაიჯანში პანდემიის შეკავების საბაბით გახშირდა დაპატიმრებები პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებების საფუძველზე, - აღნიშნულია "ამნესტი ინტერნეშენალის“ ანგარიშში.", - აღნიშნულია ანგარიშში. Amnesty International- ის "მოხსენება 2020 -2021 წწ" 149 ქვეყანაში არსებულ ვითარებას ასახავს. ანგარიშის თანახმად, ბულგარეთში, კვიპროსში, საფრანგეთში, საბერძნეთში, უნგრეთში, რუსეთში, სლოვაკეთსა და სერბეთში ადგილი ჰქონდა ბოშების, თვშესაფრის მაძიებელი დევნილებისა და მიგრანტების დისკრიმინაციულ „იძულებით კარანტინში“ მოთავსებას.