ძებნის რეზულტატი:

ამირან გამყრელიძე: მაისში, დღიური აცრის 55 000-მდე გაზრდას ვგეგმავთ, 40-მდე ამცრელ კაბინეტს ვამატებთ

"გვინდა, რომ მომავალ კვირაში 40-მდე ამცრელი კაბინეტი დაემატოს, რათა მაისის თვეში დაახლოებით 55 000 დღიურ აცრამდე ავიდეთ, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა. "ჩვენ ვაფართოებთ აცრის მასშტაბებს, გუშინ გვქონდა 3 846 აცრა, მათ შორის 2 000 იყო „სინოფარმზე“. რა თქმა უნდა, აქ „სინოვაკიც“ გარკვეულ პერიოდში ჩაერთვება აქტიურად, რადგან ისიც შედარებით ადვილად ადმინისტრირებადია, ანუ ერთდოზიან ფლაკონებშია, დანაკარგი არ გაქვს, ისიც ინახება +2 დან +8 გრადუსამდე და სხვადასხვა კვლევით, მისის ეფექტურობაც დაახლოებით 70 პროცენტს ზევითაა“, – განაცხადა გამყრელიძემ. მისი თქმით, დაიწყება თუ არა „სინოვაკით“ ვაქცინაცია ავტორიზაციის მინიჭებამდე, ამაზე იმუნიზაციის საბჭო იმსჯელებს. „სინოვაკის“ და „სინოფარმის“ დამზადების მეთოდოლოგია იგივენაირია. ინაქტივირებული ვირუსია, სხვადასხვა კომპანია უშვებს. ავტორიზაციის მინიჭებამდე „სინოვაკით“ ვაქცინაციას დავიწყებთ თუ არა, ეს იმუნიზაციის საბჭოს გადასაწყვეტია. მოგეხსენებათ, საკმაოდ გაინტენსიურდა მოთხოვნა ჩინურ ვაქცინაზე. დღეის მდგომარეობით, დაახლოებით 28 000-29 000-მდე ადამიანი იყო ჩაწერილი „სინოფარმზე“ და 7 000-მდე აცრილია ამ ვაქცინით. მომავალ კვირაში იქნება საბჭო და ვისმჯელებთ. ამავე დროს მოგეხსენებათ, რომ ეს დოკუმენტაცია ქართულად მზადდება, ბრძანებაში დამატება უნდა გაკეთდეს ქართულად, ასევე ამცრელ კაბინეტებს ინსტრუქციები ქართულად უნდა დაეგზავნოთ „სინოვაკთან“ დაკავშირებით, ანუ ერთი-ორი კვირა ეს მოსამზადებელი პერიოდი იქნება", - აცხადებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი.

ამირან გამყრელიძე: უქმე დღეების მიუხედავად, მობილობა არ შემცირებულა

"უქმე დღეების მიუხედავად, მობილობა არ შემცირებულა, დანის პირზე გავდივართ, რომ ძლიერი ნახტომისებური ეპიდაფეთქება არ მივიღოთ " - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ პირველი არხის ეთერში განაცხადა. გამყრელიძის თქმით, ამ ეტაპზე გარკვეულწილად პიკში ვართ და შეიძლება, პიკი ორი-სამი კვირის განმავლობაში გაგრძელდეს. "არ მგონია, რომ ამ პიკში გვქონდეს და არც გვინდა, რომ გვქონდეს ისეთი მაჩვენებლები, როგორიც გვქონდა ნოემბრის ბოლოს-დეკემბერში ანუ ოთხი-ხუთი ათასი შემთხვევა დღეში და ზოგჯერ მეტი. ახლა მე ვფიქრობ, რომ ახალი შემთხვევების რიცხვმა უნდა იმერყეოს 1 000-2 000-ის ფარგლებში, სადაც ვართ ახლა. პირბადის ტარების მაჩვენებელი ბოლო მონაცემებით 76% გვაქვს, რაც არ არის ცუდი, მაგრამ კარგი იქნება, თუ ავალთ 90-95%-ზე. სამწუხაროდ, არ არის შემცირებული მობილობა, მიუხედავად იმისა, რომ უქმე დღეებია და გარკვეული შეზღუდვები დღესასწაულებზე გვქონდა. ასე რომ, დანის პირზე გავდივართ ახლა, რომ არ მივიღოთ ძლიერი ნახტომისებური ეპიდაფეთქება. ამისთვის აუცილებელია, ყველამ გავითავისოთ, რომ სერიოზულია ეპიდსიტუაცია და უნდა დავიცვათ ყველა რეკომენდაცია, მეტად დავაჩქაროთ ვაქცინაცია რაც შეეხება შეზღუდვების გახანგრძლივების საკითხს, ამირან გამყრელიძის თქმით, აკვირდებიან სიტუაციას. ვნახოთ, დავაკვირდეთ. ალბათ, სამშაბათს ან ოთხშაბათს ჩატარდება საკოორდინაციო საბჭო. მოგეხსენებათ, ამ გადაწყვეტილებას სწორედ საბჭო იღებს. არ მგონია, ახლა სიტუაცია მართვადია. კი არის ზეწოლა ჯანდაცვის სისტემაზე, მაგრამ ჯანდაცვის სისტემას საკმაო გამოცდილება აქვს მიღებული და უძლებს ამ ზეწოლას. ყველა ერთად თუ დავიცავთ წესებსა და რეკომენდაციებს, მაშინ დამატებითი შეზღუდვები არ გვინდა. როგორმე მაისი უნდა გავიაროთ ამ ფარგლებში და არ მივცეთ ბიძგი ეპიდსიტუაციის კიდევ უფრო მეტად გაუარესებას“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძე: შეზღუდვების გახანგრძლივების საჭიროებაზე საკოორდინაციო საბჭო იმსჯელებს, მანამდე დავაკვირდებით

" შეზღუდვების გახანგრძლივების საკითხის განხილვამდე, სიტუაციას დავაკვირდებით. საკოორდინაციო საბჭო სამშაბათს ან ოთხშაბათს ჩატარდება", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ საზოგადოებრივ მაუწყებელს განუცხადა "მოგეხსენებათ, ამ გადაწყვეტილებას სწორედ საბჭო იღებს. არ მგონია, ახლა სიტუაცია მართვადია. კი არის ზეწოლა ჯანდაცვის სისტემაზე, მაგრამ ჯანდაცვის სისტემას საკმაო გამოცდილება აქვს მიღებული და უძლებს ამ ზეწოლას. ყველა ერთად თუ დავიცავთ წესებსა და რეკომენდაციებს, მაშინ დამატებითი შეზღუდვები არ გვინდა. როგორმე მაისი უნდა გავიაროთ ამ ფარგლებში და არ მივცეთ ბიძგი ეპიდსიტუაციის კიდევ უფრო მეტად გაუარესებას“, – განუცხადა საქართველოს პირველ არხს ამირან გამყრელიძემ.

შოტლანდიის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პარტია გაერთიანებული სამეფოს დატოვების მომხრეა

შოტლანდიის რეგიონულ საპარლამენტო არჩევნებში, ხმათა უმრავლესობა „შოტლანდიის ნაციონალურმა პარტიამ“ მოიპოვა, რომელიც შოტლანდიის ბრიტანეთისგან გამოყოფის მომხრეა. BBC-ის ცნობით, წინასწარი მონაცემებით, შოტლანდიის 129-ადგილიან პარლამენტში დამოუკიდებლობის მომხრე პარტიას უკვე 64 მანდატი აქვს. ხმების დათვლა ამ დრომდე მიმდინარეობს. შოტლანდიის პირველმა მინისტრმა, ნიკოლა სტერჯენმა პირობა დადო, რომ პანდემიით გამოწვეული კრიზისის დასრულების შემდეგ, კვლავ აპირებს დამოუკიდებლობის რეფერენდუმის ჩატარებას. "გაერთიანებული სამეფოს დატოვების შესახებ ახალი რეფერენდუმის მომზადებას გავაგრძელებთ. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის საპასუხოდ, რომლის თქმითაც, შოტლანდიის გამოყოფასთან დაკავშირებულ კენჭისყრას დაბლოკავს. ლონდონში ნებისმიერი პოლიტიკოსის მიერ კენჭისყრის დაბლოკვა აბსურდული იქნება.ერთადერთი ხალხი, ვისაც შოტლანდიის მომავლის გადაწყვეტა შეუძლია, შოტლანდიელი ხალხია და ვესტმინსტერის არც ერთ პოლიტიკოსს არ შეუძლია და არც უნდა დადგეს ამ გზაზე“, – განაცხადა ნიკოლა სტერჯენმა.

ვლადიმერ პუტინი: ტაჯიკეთში რუსული სამხედრო ბაზის გაძლიერებაზე ვმუშაობთ

"ტაჯიკეთში რუსეთის 201-ე სამხედრო ბაზა მოქმედებს და მის გაძლიერებაზე ვმუშაობთ", - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ტაჯიკეთის პრეზიდენტთან, ემომალი რაჰმონთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. პუტინის თქმით ტაჯიკ კოლეგასთან რეგიონში არსებული უსაფრთხოების საკითხები განიხილა, ავღანეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. „ტაჯიკეთს ყველაზე გრძელი საზღვარი აქვს ავღანეთთან. მე ვიცი, რომ თქვენ ძალიან შეშფოთებული ხართ ამ სიტუაციით. რა თქმა უნდა, ეს ლეგიტიმური წუხილია. ჩვენ ვმუშაობთ რუსული სამხედრო ბაზის გაძლიერებაზე, ტაჯიკეთის შეიარაღებული ძალების გაძლიერებაზე.ამ მიმართულებით გვაქვს ერთობლივი მუშაობა, რამდენიმე წელზე გათვლილი პროგრამა. ყველაფერს გავაკეთებთ მისი დროულად შესრულებისთვის“, – განაცხადა პუტინმა. შეგახსენებთ რომ რამდენიმე კვირის წინ ტაჯიკეთს და ყირგიზეთს შორის საომარი მოქმედებები დაიწყო. სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც ორი ქვეყნის სასაზღვრო რაიონების მაცხოვრებლებს შორის წყალგამანაწილებელ ობიექტთან დაკავშირებით კონფლიქტი მოხდა. დაპირისპირების მიზეზად ტაჯიკი ჩინოვნიკების მიერ გოლოვნოის წყლის გამანაწილებელ ცენტრში სათვალთვალო მოწყობილობების დამონტაჟება სახელდება, რომელიც როგორც ყირგიზეთი ამბობს, მდებარეობს იმ ადგილას, სადაც სუვერენიტეტი ჯერ განსაზღვრული არ არის.

დღეს ფაშიზმზე გამარჯვების დღეა

დღეს 9 მაისია, ფაშიზმზე გამარჯვების დღე. 1945 წლის 8 მაისს, გერმანიის მიერ კაპიტულაციის გამოცხადების შემდეგ, მეორე მსოფლიო ომი დასრულდა. 9 მაისი კი, ფაშიზმზე გამარჯვების დღედ გამოცხადდა. მეორე მსოფლიო ომმა საქართველოზე უმძიმესი კვალი დატოვა – ჩვენმა ქვეყანამ 300 000-მდე ჯარისკაცი დაკარგა. წლების განმავლობაში, ამ დღეს ომის ვეტერანები და საზოგადოების წარმომადგენლები ტრადიციულად, ვაკის პარკში იკრიბებოდნენ და უცნობი ჯარისკაცის საფლავს პატივს მიაგებდნენ. თუმცა წელს, სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ვაკის პარკში ფაშიზმზე გამარჯვების დღის აღსანიშნავი ღონისძიება არ გაიმართება. თბილისის მერიის ინფორმაციით, მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნისთვის პატივის მიგება ვეტერანთა კულტურისა და დასვენების (კიკვიძის) პარკში იქნება შესაძლებელი.

ევროკავშირი და საქართველო ევროპის დღეს აღნიშნავენ

9 მაისს ევროკავშირი და მისი წევრი სახელმწიფოები ევროპის დღეს ზეიმობენ, რომელიც ევროპაში მშვიდობასა და ერთობას აღნიშნავს. „ამ დღეს ვიხსენებთ 1950 წლის შუმანის ისტორიულ დეკლარაციას, რომელშიც საფრანგეთის მაშინდელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა რობერტ შუმანმა ჩამოაყალიბა იდეა ევროპაში პოლიტიკური თანამშრომლობის ახალი ფორმის შესახებ, რომელიც ევროპის ერებს შორის ომს წარმოუდგენელს გახდიდა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს. ევროკავშირის წარმომადგენლობის ცნობით, ამ იდეამ საფუძველი ჩაუყარა ევროპულ თანამეგობრობას, რაც შემდგომში დღეს არსებული ევროკავშირის სახით ჩამოყალიბდა, რომელიც 27 წევრ სახელმწიფოს და 450 მილიონამდე ადამიანს აერთიანებს. წელს, ევროკავშირი ამ დეკლარაციის მიღებიდან 71-ე წელს აღნიშნავს. „ევროპის დღეს ასევე აღვნიშნავთ ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებულ მჭიდრო ურთიერთობას. საქართველოში 2021 წლის ევროპის დღის თემაა „ევროკავშირთან ერთად უფრო ძლიერები ვართ“, რაც ხაზს უსვამს ევროკავშირსა და საქართველოს ხანგრძლივ პარტნიორობას, საერთო ღირებულებებს და სოლიდარობას, განსაკუთრებით COVID-19 კრიზისის პირობებში“, – აღნიშნულია ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციაში. წელს, ევროპის დღის აღსანიშნად და საქართველო-ევროკავშირს შორის არსებული პარტნიორობის ხაზგასასმელად: საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი და ნიკოლოზ რაჭველი შეასრულებენ საქართველოს და ევროკავშირის ჰიმნებს; ევროკავშირის დროშის ფერებში განათდება ღირსშესანიშნაობები საქართველოს ყველა რეგიონში, მათ შორის: ახალციხეში, ბათუმში, გორში, ქუთაისში, მესტიაში, მცხეთაში, ონში, ოზურგეთში, რუსთავში, თელავში, თბილისსა და ზუგდიდში; საქართველოში ევროკავშირის 19 წევრი ქვეყნის წარმომადგენელი და პარტნიორები, როგორც ევროპის გუნდი, ერთობლივ ვიდეოგზავნილს გაავრცელებენ. ევროპის დღესთან დაკავშირებით საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი განცხადებას გააკეთებს. ევროკავშირის წარმომადგენლობის ცნობით, ევროკავშირის სოლიდარობა ევროკავშირის საზღვრებს გარეთაც ვრცელდება, ისეთი ახლო პარტნიორების მიმართ, როგორიც საქართველოა. ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ასევე აღნიშნულია, რომ COVID-19-ის პანდემიის დროს ევროკავშირი საქართველოს გვერდითაა: ევროკავშირმა და ევროპის გუნდმა COVID-19 პანდემიასთან ბრძოლაში საქართველოს დასახმარებლად დაახლოებით 1.5 მილიარდი ლარის მობილიზება უზრუნველყვეს, ახალი სახსრების მოზიდვისა და არსებულის გადანაწილების გზით. ამ თანხის თითქმის 2/3 გრანტის სახითაა წარმოდგენილი, დანარჩენი კი შეღავათიანი სესხია. ეს ევროკავშირის მიერ მსოფლიოს ნებისმიერი უცხო ქვეყნისთვის ერთ სულ მოსახლეზე გაწეული დახმარების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, რაც უპრეცედენტო კრიზისის დროს ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გამოხატულ მტკიცე სოლიდარობას ადასტურებს. რაც შეეხება ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომლობის პროგრამებს, ევროკავშირის წარმომადგენლობაში აღნიშნავენ: „უკვე 25 წელია ევროკავშირი საქართველოს მხარდამჭერი და უმსხვილესი დონორია. დღეს, ევროკავშირს საქართველოში 200-ზე მეტი აქტიური პროექტი აქვს, რომელთა საერთო ღრებულება 500 მილიონ ევროს აღემატება. ამ პროექტების ფარგლებში ევროკავშირი ეხმარება საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში, ინსტიტუტების გაძლიერებაში, გარემოს დაცვაში, მობილობის და ხალხთა შორის კონტაქტების გაღრმავებაში. მაგალითად, ქართულ ბიზნესს ევროკავშირის ბაზარზე წვდომის შესაძლებლობა მიეცა, 7,000-ზე მეტმა სტუდენტმა უნივერსიტეტის გაცვლითი პროგრამებით ისარგებლა, 40,000-ზე მეტმა ქართულმა ბიზნესმა ევროკავშირისგან მხარდაჭერა მიიღო. ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე. გასულ წლებში, თბილისსა და საქართველოს რეგიონებში ევროპის დღეების აღსანიშნად გამართულ ღონისძიებებში მონაწილეობა 100,000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო“. ევროკავშირის წარმომადგენლობაში ასევე აღნიშნავენ, რომ ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობა ემყარება საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმებას, რომელიც ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალ სავაჭრო სივრცესთან (DCFTA) ერთად 2016 წელს შევიდა ძალაში და რომელიც საქართველოს ევროკავშირში პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ ინტეგრაციას ითვალისწინებს. ევროკავშირსა და საქართველოს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შესახებ შეთანხმება მიღებულ იქნა 2016 წლის დეკემბერში და მას შემდეგ, შენგენის ზონის ქვეყნებში უვიზოდ გადაადგილება საქართველოს 500,000-ზე მეტმა მოქალაქემ შეძლო. ეს შეთანხმება უფრო აახლოებს საქართველოსა და ევროკავშირის ხალხს, ასევე აძლიერებს ტურიზმს და ბიზნეს კავშირებს.

კარლ ჰარცელი: ევროკავშირი საქართველოს განვითარების მთავარ პარტნიორად დარჩება

ევროკავშირი საქართველოს განვითარების მთავარ პარტნიორად დარჩება, – აღნიშნავს საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი ევროპის დღესთან დაკავშირებით. „დღეს ევროპის დღეა. დღეს ჩვენ ვზეიმობთ იმ იდეის არსებობას, რომელიც ევროკავშირის ფუნდამენტს წარმოადგენს – იდეას, რომ თანამშრომლობას შეუძლია, აჯობოს ომსა და კონფლიქტებს და შექმნას კეთილდღეობა, როგორც ევროპის კონტინენტზე, ასევე მის ფარგლებს გარეთ. იდეა, ზუსტად 71 წლის წინ გაჩნდა. დღეს ჩვენ, როგორც ევროპელებმა, ვიცით, რომ სწორედ ეს იყო ის გზა, რომელსაც უნდა გავყოლოდით, რომ თანამშრომლობა და პარტნიორობა მართლაც სარგებლის მომტანი ყოფილიყო. ჩვენ ამ ფილოსოფიას ვეყრდნობით ჩვენ საგარეო ურთიერთობებშიც, მათ შორის ისეთ ახლო პარტნიორთან, როგორიც საქართველოა. ორ ქვეყანას შორის პარტნიორობა ძალიან მნიშვნელოვანია ევროკავშირისათვის და მე ვამაყობ, რომ ევროკავშირი გვერდში ედგა საქართველოს COVID- 19 პანდემიასთან ბრძოლის დროს. ევროკავშირი ქვეყანას უწევდა ფინანსურ დახმარებას, აწვდიდა აღჭურვილობას და საჭირო ცოდნას. სამომავლოდაც, ევროკავშირი საქართველოს განვითარების მთავარ პარტნიორად დარჩება. ჩვენ ღრმად გვწამს, რომ ძლიერი, წარმატებული და დამოუკიდებელი საქართველო სარგებელს მოუტანს როგორც თავად ქართველებს, ასევე ჩვენს პარტნიორობას, ზოგადად რეგიონს და, საბოლოოდ ევროკავშირს, ვინაიდან ჩვენ ვაფასებთ ჩვენს მეგობრობას, საერთო ღირებულებებს და მზარდ თანამშრომლობას, სავაჭრო, უსაფრთხოების, კულტურის, ტურიზმის სფეროებში და განსაკუთრებით ჩვენს მოქალაქეებს შორის. ასე რომ, ნება მომეცით, ვისარგებლო ამ შემთხვევით და მადლობა გადავუხადო საქართველოს და მის ყველა მოქალაქეს სტუმართმოყვარეობისა და მეგობრობისთვის, რადგან ჩვენ 2021 წელს ერთად აღვნიშნავთ ევროპის დღეს“,- აცხადებს კარლ ჰარცელი.

საქართველოში ევროკავშირის 19 წევრი ქვეყნის წარმომადგენლები ევროპის დღესთან დაკავშირებით ერთობლივ ვიდეოგზავნილს ქართულ ენაზე ავრცელებენ

საქართველოში ევროკავშირის 19 წევრი ქვეყნის წარმომადგენლები და პარტნიორები ევროპის დღესთან დაკავშირებით ერთობლივ ვიდეოგზავნილს ქართულ ენაზე ავრცელებენ. ვიდეოგზავნილს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ფეისბუქგვერდზე ავრცელებს. „გამარჯობა, საქართველო! დღეს ჩვენ ევროპის დღეს აღვნიშნავთ. ევროპის დღე თანამშრომლობას ნიშნავს. ევროკავშირის ფარგლებში თანამშრომლობამ მოგვცა შესაძლებლობა, შეგვექმნა სტაბილური, წარმატებული ერთობა, რომელიც მსოფლიო ლიდერია ისეთ წამყვან სფეროებში, როგორიცაა ვაჭრობა, გარემოს დაცვა თუ ციფრული ტექნოლოგიები. დღეს, საქართველოში, ჩვენს მჭიდრო თანამშრომლობასაც ვზეიმობთ. საქართველო და ევროკავშირი მჭიდრო პარტნიორები არიან. ჩვენ საქართველოს მთავარი მხარდამჭერები ვართ პანდემიასთან ბრძოლაში. ჩვენ საქართველოს გადავეცით სამედიცინო აღჭურვილობა და ცოდნა, დავეხმარეთ ვაქცინების მიღებაში და ვეხმარებით ვაქცინაციის პროცესში, გავუწიეთ ფინანსური დახმარება სოციალური მხარდაჭერის და ეკონომიკის აღდგენისათვის. მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ საქართველოს ყველა სფეროს აღდგენასა და განვითარებაში. თანამშრომლობას მოაქვს სიძლიერე. ჩვენ, „ევროპის გუნდის“ წევრები, ერთად უფრო ძლიერები ვართ და ჩვენი შრომის შედეგიც უკეთესია. საქართველოსთან, როგორც პარტნიორთან ერთად, ევროკავშირი უფრო ძლიერია. საქართველო უფრო ძლიერია ევროკავშირთან ერთად! ჩვენ ვაძლიერებთ ერთმანეთს!“,- აცხადებენ ევროპის გუნდის წარმომადგენლები.

ირაკლი ღარიბაშვილი: ევროპის დღეს ვულოცავ ყველას, ქართველები ვამაყობთ, რომ ევროპული კულტურის ერთ-ერთი შემოქმედი ვართ

ევროპის დღეს ვულოცავ ყველას, ვისთვისაც ძვირფასია ევროპული ღირებულებები, ყველას, ვინც საქართველოს მომავალს ევროპის სახელმწიფოთა დიდ ოჯახში ხედავს, – ამის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ევროპის დღესთან დაკავშირებულ მიმართვაში აცხადებს. „ევროპის დღეს ვულოცავ ყველას, ვისთვისაც ძვირფასია ევროპული ღირებულებები, ყველას, ვინც საქართველოს მომავალს ევროპის სახელმწიფოთა დიდ ოჯახში ხედავს. ვულოცავ ჩვენს მეგობრებს – ევროკავშირის ელჩს – ბატონ კარლ ჰარცელს და ევროკავშირის წარმომადგენლობას საქართველოში. ქართველები ვამაყობთ, რომ ევროპული კულტურის ერთ-ერთი შემოქმედი ვართ. დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან ვისწრაფით ჩვენი ბუნებრივი გარემოს – ევროპული სივრცისაკენ. მჯერა, რომ ევროპულ ერთიანობას ისევე სჭირდება საქართველო, როგორც ჩვენ გვჭირდება ევროპა“, – აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი. პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველო-ევროპის ურთიერთობები არასოდეს ყოფილა ისეთი ძლიერი, როგორც დღესაა. „ამ ერთიანობისაკენ არაერთი ნაბიჯი გადავდგით. 2014 წელს საკვანძო მოვლენად იქცა ასოცირების ხელშეკრულება. ევროპასთან სავიზო ბარიერის მოხსნამ კიდევ უფრო დაგვაახლოვა ერთმანეთს. ევროინტეგრაციის პროცესი ჩვენი აფხაზი და ოსი ძმებისთვისაც უნიკალური შესაძლებლობაა, ისარგებლონ ყველა სიკეთით, რაც ევროპასთან დაახლოებას მოაქვს. საქართველო-ევროპის ურთიერთობები არასოდეს ყოფილა ისეთი ძლიერი, როგორც დღესაა. მადლობას ვუხდი ჩვენ ევროპელ მეგობრებსა და პარტნიორებს, ვისი უდიდესი თანადგომის გარეშეც საქართველოს ასეთი წინსვლა შეუძლებელი იქნებოდა. 2024 წელს ჩვენ გავაკეთებთ განაცხადს ევროკავშირის სრულ წევრობაზე. ბედნიერი ვარ, რომ სწორედ დღევანდელ თაობებს ხვდათ წილად, სინამდვილედ აქციონ ჩვენი წინაპრების ოცნება. ყველას გილოცავთ ევროპის დღეს!“, – აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

სოფელ ნამახვანში გაუჩინარებული ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა რამდენიმეკვირიანი უწყვეტი საძიებო-სამაშველო ოპერაციის შედეგად სოფელ ნამახვანში გაუჩინარებული ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს, – ამის შესახებ ინფორმაციას შსს-ს საგანგებო სიტუაციის მართვის სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, მოქალაქის ცხედარი წყლიდან უკვე ამოსვენებულია და ოჯახის წევრის მხრიდან იდენტიფიცირებულია. „სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში სულ ჩართული იყო 450 მეხანძრე-მაშველი, ოთხი მყვინთავი და 15 ნავი. ტერიტორიის დათვალიერება დრონების, ხოლო წყლის ფსკერის მონიტორინგი სპეციალური აპარატის ექოლოტის საშუალებით მიმდინარეობდა“,- აღნიშნულია შსს-ს საგანგებო სიტუაციის მართვის სამსახურის განცხადებაში.

ირაკლი ღარიბაშვილი: დღეს არის ფაშიზმზე გამარჯვების 76-ე წლისთავი, ეს არის უდიდესი გამარჯვების დღე

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად, „ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში“, მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ყველას ვალია, დავაფასოთ გმირი ვეტერანები და პატივი მივაგოთ მათ, ვინც თავი გასწირა ამ დიდ ომში. „დღეს ფაშიზმზე გამარჯვების 76-ე წლისთავია. პირველ რიგში, მინდა, ჩვენს გმირ ვეტერანებს მივულოცო ეს დიდებული დღე, ეს არის უდიდესი გამარჯვების დღე, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ჩვენმა გმირმა ქართველებმა, ვეტერანებმა. მინდა, მათ წინაშე კიდევ ერთხელ დიდი პატივისცემა დავადასტურო, ასევე ქედი მოვიხარო მათ წინაშე, ვინც თავი გაწირა ამ დიდი გამარჯვების მისაღწევად. მოგეხსენებათ, ქართველებმა ძალიან დიდი წვლილი შევიტანეთ ამ დიდი გამარჯვების მოპოვებაში და ფაშიზმზე გამარჯვებაში. ჩვენი ყველას ვალია, რომ ყოველთვის დავაფასოთ ჩვენი გმირი ვეტერანები, გავიხსენოთ მათი გმირული საქმეები და პატივი მივაგოთ მათ, ვინც თავი გაწირა ამ დიდ ომში", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 76 წელი გავიდა. მეორე მსოფლიო ომში საქართველოდან 700 000 ადამიანი წავიდა, აქედან ნახევარი, უკან არ დაბრუნებულა. 1945 წლის 8 მაისს, გერმანიის მიერ კაპიტულაციის გამოცხადების შემდეგ, მეორე მსოფლიო ომი დასრულდა, 9 მაისი კი ფაშიზმზე გამარჯვების დღედ გამოცხადდა.

იერჟი პომანიოვსკი: ამაყი და ბედნიერი ვარ, რომ ჩვენი ფონდი მხარს უჭერს დემოკრატიას საქართველოში

„ევროპული ფონდი დემოკრატიისთვის“ აღმასრულებელი დირექტორი იერჟი პომანიოვსკი აცხადებს, რომ ამაყი და ბედნიერია, რადგან ფონდი მხარს უჭერს საქართველოში დემოკრატიას. „ევროპულმა ფონდმა დემოკრატიისთვის“ (European Endowment for Democracy) თანხა გამოყო „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, ნიკა მელიას გირაოსთვის. „ამაყი და ბედნიერი ვარ, რომ ჩვენი ფონდი მხარს უჭერს დემოკრატიას საქართველოში. იმედი მაქვს, ეს გზას გაუხსნის უფრო ფართო რეფორმებს“, – წერს იერჟი პომანიოვსკი Tweeter-ზე. საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, ნიკა მელიას გირაოს თანხა, 40 ათასი ლარი გადახდილია.

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ბიძგები 10:27 საათზე დაფიქსირდა. როგორც დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი-სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი იუწყება, მიწისძვრის ეპიცენტრი წალკასთან, სოფელ ფარავანთან დაფიქსირდა. მათივე ცნობით, მიწისძვრის სიძლიერემ 3.1 (ML) მაგნიტუდა შეადგინა.

COVID19: ბოლო 24 საათის მონაცემები

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსის 1 089 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 1 489, ხოლო 18 ინფიცირებული გარდაიცვალა. აღნიშნული ინფორმაცია Stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 1 489 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 18 პაციენტი. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 18 622 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 8 710, პისიარტესტით – 9 952. ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 5,84%, ბოლო 14 დღის – 5,98%, ბოლო 7 დღის – 6,55%. ქვეყანაში სულ აცრილია – 61 319 ადამიანი, დღიურად აცრილია – 2 765. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 321 919 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 300 989 გამოჯანმრთელდა, 4 281 კი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმშია 72, სტაციონარში მეთვალყურეობას 4 386 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 812 პირი. ამასთან, 8 მაისის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 1 564 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 693 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

დავით ზალკალიანი: ბოლო წლების განმავლობაში ჩვენმა ქვეყანამ მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწია ევროპული ინტეგრაციის გზაზე

საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, ბოლო წლების განმავლობაში საქართველომ საკუთარი ძალისხმევის, ევროკავშირის და მისი წევრი სახელმწიფოების მხარდაჭერით მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწია ევროპული ინტეგრაციის გზაზე. „დღეს დიდი ევროპული ოჯახი ევროპის დღეს – ანუ ევროკავშირის დაფუძნების იდეას ზეიმობს! საქართველო, როგორც ისტორიულად ევროპული ოჯახის წვერი, ყოველწლიურად აღნიშნავს ამ თარიღს. ოდითგანვე საქართველოს უნიკალური წვლილი შეჰქონდა ევროპული ფასეულობების ფორმირებაში. ისტორიულად საქართველო ყოველთვის იდგა თავისუფლების, დემოკრატიის, უსაფრთხოების, თანასწორობის იდეის დამცველად. სწორედ ეს – საერთო ღირებულებები – განაპირობებს ქართველი ხალხის შეუქცევად არჩევანს გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი! ბოლო წლების განმავლობაში ჩვენმა ქვეყანამ საკუთარი ძალისხმევის, ევროკავშირის და მისი წევრი სახელმწიფოების მხარდაჭერით მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწია ევროპული ინტეგრაციის გზაზე. მხოლოდ ასოცირების შეთანხმების ფარგლებში განხორციელებული და მიმდინარე კომპლექსური რეფორმებით საქართველო ტრანსფორმირდება წარმატებულ ევროპულ დემოკრატიად; ჩვენი მოქალაქეები სარგებლობენ უვიზო მიმოსვლით ევროკავშირის/შენგენის სივრცეში; სახეზეა მზარდი დინამიკა ევროკავშირთან სავაჭრო ბრუნვაში; საქართველო ჩართულია რეგიონისთვის საკვანძო სტრატეგიულ პროექტებში და ჩვენ ევროკავშირს ვთავაზობთ ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის კიდევ უფრო აქტიურ გამოყენებას ევროპასა და აზიას შორის დაკავშირებითობის იდეის განხორციელების სახით; ჩვენი ქვეყანა გახდა ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების წევრი; ღრმავდება საქართველოს ინტეგრაცია ევროკავშირთან ეკონომიკის სხვადასხვა დარგში; გრძელდება ევროკავშირის სააგენტოებთან და პროექტებთან დაახლოება; ფართოვდება თანამშრომლობა უსაფრთხოების სფეროში; საქართველო კვლავ მოწინავე ადგილზეა განათლების სფეროში ევროკავშირთან ურთიერთობების მხრივ, კერძოდ კი ERASMUS პროგრამაში ჩართულობის თვალსაზრისით, რაც ქართველ სტუდენტებს დიდ შესაძლებლობებს უქმნის. და რა თქმა უნდა, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ევროკავშირის როლი კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისა და სტაბილურობის ხელშეწყობის პროცესში. მთავრობის სწრაფვა – 2024 წელს მზად ვიყოთ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გასაკეთებლად, კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს ამბიციურ გეგმებს- – მაქსიმალური გავაკეთოთ ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანის განხორციელებისათვის, რაც შეუქცევადს გახდის ჩვენი ქვეყნის განვითარებას, გააუმჯობესებს თითოეული ჩვენი მოქალაქის ყოველდღიურობას, განამტკიცებს ქვეყნის უსაფრთხოებას და თითოეული მოქალაქის უფლებებსა და დაცულობას. არ შემიძლია, ევროპის დღეს, განსაკუთრებით არ აღვნიშნო, ის მნიშვნელოვანი დახმარება, რომელიც ევროკავშირმა და წევრმა სახელმწიფოებმა აღმოუჩინეს საქართველოს გლობალური პანდემიის და მის შედეგებთან გამკლავების პროცესში. დღეს ევროპას სჭირდება გამოწვევების წინააღმდეგ ძლიერი და მედეგი საქართველო. საქართველოს ევროპული იდენტობის გზაზე, ჩვენი ისტორიული თავდადების, ისევე როგორც თანამედროვე საქართველოს მიერ ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში გაწეული ძალისხმევის შესახებ, ევროპის დღეების ფარგლებში, საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი უმასპინძლებს ევროპის დღეებს, რა დროსაც ვირტუალურ ფორმატში საშუალება გექნებათ მონაწილეობა მიიღოთ სხვადასხვა ხასიათის ღონისძიებაში. კიდევ ერთხელ გილოცავთ ევროპის დღეს! ევროპული იდეა უკვდავია!“,- აღნიშნულია დავით ზალკალიანის მიმართვაში.

პრეზიდენტი: ევროპამ ახლახან გვაჩვენა, რომ მისთვის საქართველოს სტაბილურობა, დემოკრატიულობა და წინსვლა თურმე ცარიელი სიტყვები კი არა, რეალური მიზანი და ამოცანა ყოფილა

ევროპამ ახლახან გვაჩვენა, რომ მისთვის საქართველოს სტაბილურობა, დემოკრატიულობა და წინსვლა თურმე ცარიელი სიტყვები კი არა, რეალური მიზანი და ამოცანა ყოფილა, – ამის შესახებ საქართველო სპრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპის დღესთან დაკავშირებით აცხადებს. „მთელს ევროპაში ევროპის დღე ევროპელ ხალხთა და ევროპის ქვეყნების ერთიანობის დღედ აღინიშნება. იგი ეფუძნება ევროპულ კულტურისა და ისტორიის შემქმნელ ფასეულობებს. ევროპის ისტორია გვაჩვენებს, რომ ყოველივე დიდ გამოწვევას, ომსა თუ ტრაგედიას მოყვება ახალი შესაძლებლობები, ახალი სიმტკიცე, ახალი ენერგია. ჩვენც ამ მშვიდობიანი მომავლის იმედს ვიზიარებთ დღეს და ყოველივე 9 მაისს. ევროპამ ახლახან გვაჩვენა, რომ მისთვისაც საქართველო მნიშვნელოვანი მოკავშირეა, მისთვის საქართველოს სტაბილურობა, დემოკრატიულობა და წინსვლა თურმე ცარიელი სიტყვები კი არა და რეალური მიზანი და ამოცანა ყოფილა და ამის ნიშნად ყოფნის ევროპის უმაღლესი ხელმძღვანელობის ჩართულობა ჩვენი პოლიტიკური კრიზისის გადასალახავად. ევროპა გვერდში დაგვიდგა. ჩვენი ევროპისკენ მიმავალი გზა არც ადვილი, არც ერთგვაროვანია, თუმცა ჩვენ, ანუ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ ვიცით, რომ ეს ჩვენი წინსვლის რეალური გზაა. ამ დღეს ვულოცავ ყველა ჩვენს ევროპელ პარტნიორს, ევროპელ ჩვენს მეგობრებს, ევროპაში მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებს. ეს დღე ჩვენი ერთობლივი დღესასწაულია. გილოცავთ!“,- აცხადებს ზურაბიშვილი.

კახა კუჭავა: მალე გავხდებით ევროკავშირის სრულფასოვანი წევრები

კულტურულად ისტორიულად და პოლიტიკურად საქართველო ყოველთვის იყო ევროპის განუყოფელი ნაწილი, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა ევროპის დღესთან დაკავშირებით აცხადებს. მისივე თქმით, დიდი ევროპული ოჯახის წევრობა ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანია „გილოცავთ ევროპის დღეს! 1950 წლის 9 მაისს საფუძველი ჩაეყარა ერთიან მშვიდობიან და ძლიერ ევროპას. კულტურულად ისტორიულად და პოლიტიკურად საქართველო ყოველთვის იყო ევროპის განუყოფელი ნაწილი. საქართველო იზიარებს საერთო ევროპულ ფასეულობებს, რომლებიც ადამიანის უფლებების და კანონის უზენაესობის პატივისცემას, მშვიდობიან განვითარებას, მოქალაქეების კეთილდღეობას, საზოგადოების ყველა სფეროს წარმომადგენლისთვის თვითრეალიზების შესაძლებლობებს გულისხმობს. დიდი ევროპული ოჯახის წევრობა ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანია. დამოუკიდებლობის აღდგენის პირველი დღიდან ევროკავშირი გვერდში უდგას საქართველოს საშინაო და საგარეო მიზნების მიღწევაში ეს მხარდაჭერა ფასდაუდებელია და ევროპული სოლიდარობის საუკეთესო მაგალითს წარმოადგენს. ევროპულ ოჯახში დაბრუნების გზაზე საქართველომ უკვე მიაღწია მნიშვნელოვან, ხელშესახებ შედეგებს. ჩვენი მიზანდასახულობით და თანმიმდევრული გეგმით მალე გავხდებით ევროკავშირის სრულფასოვანი წევრები. საქართველოს პარლამენტი ხელს შეუწყობს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს და რეფორმების გატარებით საფუძველს ჩაუყრის საქართველო ევროკავშირის ურთიერთობების ახალ ეტაპს. 2024 წელს საქართველო ევროკავშირის სრულფასოვან წევრობაზე გააკეთებს განაცხადს. კიდევ ერთხელ გილოცავთ ევროპის დღეს!“,- აცხადებს კახა კუჭავა.

ჩინეთის კოსმოსური რაკეტის ნარჩენები ინდოეთის ოკეანეში ჩაცვივდა

The New York Times ჩინეთის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით წერს, რომ ჩინეთის კოსმოსური რაკეტის Long March 5B-ის ნარჩენები ინდოეთის ოკეანეში, მალდივის კუნძულების დასავლეთით ჩამოცვივდა. როგორც გამოცემა წერს, რაკეტა long March 5B-ის დიდი ნაწილი დედამიწის ატმოსფეროში შემოსვლისას დაიწვა. BBC წერს, რომ 22-ტონიანი ჩინური რაკეტის ნაწილების ჩამოვარდნის კოორდინატებია: აღმოსავლეთი - 72.47°, ჩრდილოეთი - 2.65°. ეს ადგილი მალდივის კუნძულების დასავლეთითაა. ცნობისთვის, 4 მაისს ცნობილი გახდა, რომ დედამიწას უზარმაზარი რაკეტა უახლოვდება, რომელმაც კონტროლი დაკარგა.

გვანცას ბაბლი

ყოველკვირეული ბლოგი Europetime-ზე აბლი-ბაბლი Bubble ინგლისურად ჰაერის ბუშტუკებს ნიშნავს, მდუღარე წყალში რომ ფათიფუთობს... აბლი, ბაბლი, აბლი, ბაბლი... როდისმე დაფიქრებულხართ, რას ნიშნავს ბაბლი ქართულად? თურმე ნუ იტყვით და, ბაბლი ქართლ-კახურ დიალექტში იმ პაწია სამკუთხედ ჭრელა-ჭრულა ნაჭრებს ნიშნავს, რომლისგანაც საბანი იკერებოდა... დღეს, ინფორმაციულ საზოგადოებაში, სულ უფრო ხშირად გაიგონებთ ტერმინს „ბაბლების საზოგადოება“. გინდაც კახურად ვთქვათ და გინდაც ინგლისურად, საზოგადოება ჭრელი საბანია, და ჩვენ მისი პაწია ნაკუწი, სხვა ნაკუწების გარეშე რომ არავის ვჭირდებით... საზოგადოება მოთუხთუხე ქვაბია და ჩვენ ჰაერის ბუშტუკი, ქვაბს რომ ვათუხთუხებთ საკუთარ „ღირებულებით ბუშტში“ გამომწყვდეული... საბჭოთა ტოტალიტარიზმის შვილებს, გვენატრებოდა თავისუფალი სიტყვა და გვაწუხებდა ცენზურაგამოვლილი ინფორმაციის სიმწირე. საბჭოთა ტოტალიტარიზმის ნგრევა ციფრული რევოლუციის ხანას დაემთხვა, და უწინ სანატრელი ინფორმაცია ისე გამრავლდა, ისე აჭრელდა, ნიაღვარივით წაგვლეკა და გული გაგვიხეთქა. რომელი ვიყავით ამისთვის მზად? - ალბათ არც ერთი. ჩვენივე ნებით, ბაბლები ავაგეთ და მასში ჩავსკუპდით. კომფორტულია ბაბლში ჯდომა - შემოიკრიბავ თანამოაზრეებს და ისიამოვნებ მარტივი სოციალიზაციით; ბაბლი მტკიცე ფარია - ერთი ყველასთვის და ყველა ერთისათვის ბაბლის წესია სხვა ბაბლებისგან თავდასაცავად... ბაბლი „სამხედრო ერთეულია“ - საერთო იდეა, მტკიცე წესები და უპირობო ერთგულება... ტოტალიტარიზმი დაქუცმაცდა და ბაბლების მინი-ტოტალიტარიზმის შენებას ყველანი ხალისით შევუდექით. გონებაში აშენებული ბარიერები რეალურ ცხოვრებაშიც გადმოცოცდა ნელი-ნელ და უხილავი კედლებით დაგვყო ადამიანები. რამდენ დღეს გაძლებთ სმარტფონის სქროლვის გარეშე? სოც-მედიის მეგობრებთან, რომელთაც არც კი იცნობთ, რამდენი გრძნობთ თავს უფრო კომფორტულად, ვიდრე რეალურ ადამიანებთან, ვისთანაც ბევრი აღარაფერი გაკავშირებთ? ამერიკელმა როკ-მუსიკოსმა უეინ ქოინმა, არც მეტი, არც ნაკლები, ქორწილის თემატიკად ბაბლი შეარჩია - ცერემონიის დროს ნეფე-პატარძალი ელვა-შესაკრავიან გასაბერ ბუშტში ჩასკუპდა ტორტის მოსართავი თოჯინებივით. პანდემიის პირობებში მისი იდეა კრეატიულის გარდა სასარგებლო და მომგებიანიც აღმოჩნდა. კონცერტების აკრძალვის შემდგომ, ქოინის ჯგუფმა (The Flaming Lips) კონცერტი უსაფრთხოდ ჩაატარა - მუსიკოსები, მოცეკვავეები და მაყურებლები გასაბერ ბუშტებში ჩასვა. შოუ ნამდვილად ეფექტური აღმოჩნდა და ჩემთვის საკრალურიც - უხილავი ბაბლების გამაოგნებელი ფერადი ვიზუალიზაცია... ბაბლებს არ უყვართ დიალოგი და სტუმარ-მასპინძლობა, აქ არ არსებობს ზავი და კონსენსუსი - მხოლოდ ბრძოლა სისხლის უკანასკნელ წვეთამდე. „ბაბლების დიალოგი“ - კარგად ჟღერს არა? „სტუმრად სხვის ბაბლში“ - ეს როგორ მოგწონთ? გარეთ პანდემია მძვინვარებს და სახლის ოთხ კედელში, გაჯეტების ცისფერ ეკრანთან გამაგრებულებს სხვა რა დაგვრჩენია - ვისიამოვნოთ მივლა-მოსვლით თუ სქრინვა-სქროლვით. ყოველ კვირა დღეს მე ჩემსას ვიტყვი, თქვენ „დასინავთ“... ფინჯანი ყავის და ნატეხი შაქრის ნაცვლად ნატეხ იდეებს შემოგთავაზებთ რომელიც ტკბილიც კი არ მოგეჩვენებათ. ალბათ ვერასდროს შევთანხმდებით და ვერც ერთმანეთს შევიყვარებთ, მაგრამ ტოლერანტობა ურთიერთსიყვარულს არ ნიშნავს, ის მხოლოდ მშვიდობიანი თანაცხოვრების უნარია იმ საზოგადოებაში, სადაც ბუნების ძალამ ერთად ცხოვრება დაგვიკანონა. მე მაქვს უფლება დავრჩე ჩემს ბაბლში და ვირტუალურად გაგაცნოთ ჩემი ვირტუალური ოდაბადე. ასეთია ჩემი „ბაბლური კონსტიტუცია“. *** დღეს ჩემს ბაბლში ევროპის დღეა, იმ ევროპის, რომელმაც თავის თავში დაამარცხა ნაციზმი, ფაშიზმი და ისტორიული მტრების მშვიდობიანი თანაარსებობა რეალობად აქცია, იმ ევროპის, რომლისკენაც მივიწევთ, რათა ჩვენც გავხდეთ მშვიდობის ნაწილი და ჩვენც ვისწავლოთ, როგორ დავამარცხოთ საკუთარ თავში საბჭოთა ტოტალიტარიზმი. ნაციზმზე გამარჯვებას 8 მაისს აღნიშნავს მთელი ცივილიზებული სამყარო, იმიტომ რომ ომი 8 მაისს დასრულდა. ძველ ქართულ ფილმებში ალაგ-ალაგ შემორჩენილია როგორ გვამცნობს რადიოს ხმა ომის 8 მაისს დასრულებას. ომის შედეგები მძიმე იყო, იმდენად მძიმე, რომ მისი ზარზეიმით აღნიშვნა არ მომხდარა. 9 მაისის ფაშიზმზე გამარჯვების დღესასწაული წლების შემდეგ დამკვიდრდა, როგორც ცივი ომის პროპაგანდის დიდი ნაბიჯი - საერთაშორისო პარტნიორების შეცვლის კვალდაკვალ შეიცვალა თარიღი, ტერმინი და ომის რიტორიკა. ნაციზმთან და ფაშიზმთან ბრძოლა დიდი ტრაგედიაა საქართველოს ისტორიაში. ქართულმა საზოგადოებამ პროცენტულად იმაზე მეტი მსხვერპლი გაიღო, ვიდრე სხვა დიდმა სახელმწიფოებმა. ეს ამბავი დასაწერი და მოსაყოლია, ეს ამბავი უნდა მოვუყვეთ იმ ევროპულ საზოგადოებას, რომლის წევრობასაც ვაპირებთ. ქართველთა ნაწილი მეორე მხარეს იბრძოდა, ქართული ლეგიონებით და დამოუკიდებელი საქართველოს ატრიბუტიკით. ეს ამბავიც მოსაყოლი და დასაწერია, ეს ამბავი უნდა მოვუყვეთ ქართულ საზოგადოებას. ხვიჩას და გოჩას დიდი ტრაგედია დამოუკიდებლობის არ ქონის ფასია. *** ალბათ მკითხავთ, როგორ შედგება „ბაბლური დიალოგი“, თუ ვერ ვთანხმდებით იდეებზე, თარიღებზე, შავსა და თეთრზე... ვცადოთ ვიპოვოთ „ტკბილი ნატეხი“, რომელიც გაგვაერთიანებს და არ დაგვაპირისპირებს მიუხედავად ჩვენი „ბაბლური იდეოლოგიებისა“. დღეისთვის ამ „ნატეხად“ ფილმი შევარჩიე - რეზო და ლევან გაბრიაძეების დოკუმენტური ანიმაციური ფილმი „ჰარი-ჰარალე, დედაო!“ - ფრონტის ზურგში ცხოვრების ნამდვილი, შეულამაზებელი სევდიანი ქართული ამბავი გაბრიაძისეული ტკბილი იუმორით. ფილმი, რომელმაც მრავალი პრიზი მიიღო, „ოსკარის“ სიაში მოხვდა და „ნეთფლიქსზე“ აღმოჩნდა. ერთად ვუყუროთ და ვიამაყოთ თანამედროვე ქართული კულტურით.