ძებნის რეზულტატი:

The Wall Street Journal-ი: აშშ ავღანეთიდან გაყვანილი ჯარების ნაწილის უზბეკეთსა და ტაჯიკეთში განთავსებას განიხილავს

The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, აშშ ავღანეთიდან გაყვანილი ჯარების ნაწილის უზბეკეთსა და ტაჯიკეთში განთავსების შესაძლებლობას განიხილავს. როგორც გამოცემა წყაროზე დაყრდნობით წერს, აშშ-ის ხელმძღვანელობა, რომელიც ავღანეთიდან შეიარაღებული ძალების გაყვანას შეუდგა, ჯარების ნაწილის მეზობელ ქვეყნებში განთავსების შესაძლებლობას სწავლობს, რათა საჭიროების შემთხვევაში, ავღანეთის მთავრობას მხარდაჭერა გაუწიოს და რადიკალური მოძრაობა „თალიბანისა“ და სხვა ექსტრემისტების საქმიანობა გააკონტროლოს. The Wall Street Journal-ის წყაროები აღნიშნავენ, გეოგრაფიული თვალსაზრისით, ყველაზე შესაფერის ვარიანტად უზბეკეთი და ტაჯიკეთი განიხილება, თუმცა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, აშშ-ის ხელმძღვანელობას ტაჯიკეთისა და უზბეკეთისთვის ჯერ არ მიუმართავს.

ვაქცინაციაზე რეგისტრაცია გამარტივდა

ვაქცინაციის რეგისტრაციისთვის შექმნილ ვებგვერდზე თავისუფალი ადგილების ძიება გამარტივდა. შესაბამის პლატფორმაზე ახლა მხოლოდ თავისუფალ ადგილებს აჩვენებს. მისი მიხედვით, Sinopharm-ზე რამდენიმე ადგილი მხოლოდ რეგიონებშია დარჩენილი. „სინოფარმის დამატებითი დოზები იქნება. ჩვენ უკვე გვაქვს დამატებით 100 000 დოზაზე ხელმისაწვდომობა, ივნისში დამატებით 250 000 დოზას ველით, თუმცა მოლაპარაკება კიდევ დამატებით 250 000 დოზაზეა, რაც იმას ნიშნავს, რომ საერთო ჯამში, იმ რაოდენობის გარდა, რომელიც დღეს სრულიად დაჯავშნილია, ჩვენ კიდევ ხელმისაწვდომი 600 000 დოზა გვექნება“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ. Sinophar-ით აცრა 4 მაისს დაიწყო.

ხელისუფლება მოიჯარეებს ახალ შეღავათს სთავაზობს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, ხელისუფლება მოიჯარეებს ახალ შეღავათს სთავაზობს. ამის შესახებ თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „იმისთვის, რომ გავზარდოთ სასოფლო-სამეურნეო მიწის ხელმისაწვდომობა და საშუალება მივცეთ მოიჯარეებს, უფრო ეფექტიანად გამოიყენონ საკუთარი უფლება და პირდაპირი წესით შეიძინონ მიწები, გადავწყვიტეთ, რომ ამიერიდან, შესაძლებელი იქნება ამის გაკეთება 25%-იანი ფასდაკლებით. სამხარაულის ბიუროს მიერ შეფასებული ფასიდან იქნება 25%-იანი „დისქაუთი“, რომლითაც მოიჯარეები ისარგებლებენ“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

სალომე სამადაშვილი პარტნიორებად „ლელოს“ და „სტრატეგია აღმაშენებელს“ მოიაზრებს

„ჩემს პოლიტიკურ პარტნიორებად მოვიაზრებ როგორც „ლელოს“, ასევე „სტრატეგია აღმაშენებელს“ და იმ პროდასავლურ პოლიტიკურ აქტორებს, ვინც შეთანხმებას ხელი მოაწერეს. ვიზიარებ მოსაზრებას, რომ შევხედოთ ჩვენს რეალობას, საარჩევნო ფორმულას”, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში. მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან დოკუმენტზე ხელის არმოწერა საერთაშორისო თვალსაზრისით „მაინცდამაინც პოპულარული ნაბიჯი“ არ იყო. „ჩემთვის არ უთქვამს, რომ ნაწყენია. ნიკამ იცის კარგად, რომ შეთანხმების მოტივაცია იყო, რომ ნიკას და გიორგის საპატიმრო დაეტოვებინათ“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

სასამართლომ ნიკა მელიას პატიმრობიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო

ნიკა მელია საპატიმროს ევროკავშირის მიერ გირაოს თანხის გადახდის შემდეგ, დღეს დატოვებს. აღკვეთის ღონისძიება 40 000-ლარიანი გირაოთი შეიცვალა. სასამართლომ ნიკა მელიას პატიმრობიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ მიიღო და როგორც ადვოკატები აცხადებენ, ის ციხეს რამდენიმე წუთში დატოვებს. სხდომას თავად ბრალდებილი არ ესწრებოდა. თანხა „ევროპულმა ფონდმა დემოკრატიისთვის“ (European Endowment for Democracy) გამოყო და ხელისუფლებას „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" 8 მაისს გადასცა. ნიკა მელიასთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის გირაოთი შეცვლის შუამდგომლობით პროკურატურამ სასამართლოს 9 მაისს მიმართა. ის ბრალდებულია 2019 წლის 20-21 ივნისს, პარლამენტთან გამართული ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქციისას პარლამენტის შენობაში შეჭრის მცდელობის საქმეზე, ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის მუხლით. ნიკა მელია 23 თებერვალს დილით, „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარ ოფისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს. რამდენიმეკვირიანი მოლაპარაკებების შემდეგ შედგა შეთანხმების დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც პოლიტიკოსი პარლამენტის მიერ მიღებული „ამნისტიის კანონით“ უნდა გათავისუფლებულიყო.

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი: უნდა ვაღიაროთ, რომ რუსეთი უფრო აგრესიული ხდება

„უნდა ვაღიაროთ ის ფაქტი, რომ რუსეთი უფრო აგრესიული ხდება“, - განაცხადა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ბრიუსელში, საგარეო საქმეთა მინისტრების შეკრების დაწყებამდე. „დღევანდელი დისკუსია მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა, რუსეთი და ბელარუსი. რუსეთთან დაკავშირებული ძალიან შემაშფოთებელი მოვლენები ვითარდება, ჩვენ უნდა ვაღიაროთ ის ფაქტი, რომ რუსეთი აშკარად უფრო აგრესიული ხდება. ამის მაგალითია არამხოლოდ ის, რაც ხდება უკრაინასთან, საქართველოსთან, სომხეთთან და აზერბაიჯანთან დაკავშირებით, არამედ ევროკავშირის შიგნით. ჩეხეთში მომხდარი ფაქტი შესაბამისი პასუხის გარეშე არ უნდა დარჩეს. ჩვენ ასევე განვიხილავთ ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებს. მე ვფიქრობ, ახალი ფურცელი გადაიშალა ევროკავშირსა და აშშ-ს ურთიერთობებში. ეს მომენტი არის დიდი შესაძლებლობა ურთიერთობების გასაძლიერებლად, რომელიც ცოტა შერყეული იყო ბოლო 4 წლის განმავლობაში. არსებობს უამრავი შესაძლებლობა, რომ ვიმუშაოთ ერთად აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებთან, მეტი დემოკრატიისთვის, მეტი კანონის უზენაესობისთვის საბრძოლველად, ადამიანის უფლებების მეტი დაცვისთვის რეგიონში“, - განაცხადა ლიეტუველმა დიპლომატმა. საქართველოს დემოკრატიული გზა, მთავარი აქტივია აშშ-ისა და ევროპისთვის - ანალიტიკოსი

ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი „სინოფარმის“ ვაქცინით აიცრა

ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი (შიოლაშვილი) კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით ,,სინოფარმით" აიცრა. მან ვაქცინაცია ხელვაჩაურის სამედიცინო ცენტრში ჩაიტარა. მიტროპოლიტი თავს კარგად გრძნობს. მისივ თქმით, პანდემიის დასასრულებლად ერთადერთი გზა ვაქცინაციაა. აღსანიშნავია, რომ მეუფე დიმიტრი მაღალი იერარქიის პირველი სასულიერო პირია, რომელიც კოვიდზე საჯაროდ აიცრა. „სინოდის გადაწყვეტილებით, ვაქცინაცია ნებაყოფლობითია და ასეც არის სხვადასხვა ქვეყანაშიც. ყოველდღიურად, როცა განიცდი ამდენი ადამიანის, მეგობრის, ახლობლის დაღუპვას, როდესაც ეს იცი, ისტორიულად პანდემიის დამარცხების ერთადერთი გზაა, ყოველდღიურად უფალს ევედრები, რომ გვიხსნას სიკვდილისაგან. ზედმეტი ფიქრის დრო აღარ არის და კიდევ ერთხელ, ვსარგებლობ შემთხვევით და მინდა, ექიმებს მადლობა გადავუხადო“, - აცხადებს მიტროპოლიტი. .

მთავრობამ ტყით სარგებლობის ახალი წესი მიიღო

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ტყით სარგებლობის ახალი წესი მიიღეს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული კანონქვემდებარე აქტი სრულ შესაბამისობაშია 2020 წლის მაისში საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებული ახალი „ტყის კოდექსით” დადგენილ ტყის მდგრადი მართვის პრინციპებთან. სამინისტროს ცნობით, ტყით სარგებლობის ახალი წესი ადგენს ტყით მდგრადი მართვისა და სარგებლობის სამართლებრივ მექანიზმებს, რაც უზრუნველყოფს ჩვენი ტყეების რესურსებით მდგრად სარგებლობას ტყის ეკოლოგიური ღირებულებებისა და მახასიათებლების გაუმჯობესების, დაცვისა და შენარჩუნების პირობებში. „მოსახლეობისთვის, საჯარო და ბიზნეს სექტორისთვის გაუმჯობესდება ხელმისაწვდომობა ტყის რესურსებზე – როგორც მერქნული (სამასალე, შეშა), ისე არამერქნული და, ასევე, ხეტყის ნარჩენის სახით, რომელიც აქტიურად გამოიყენება ალტერნატიული და ეკოლოგიური ენერგიის წყაროების საწარმოებლად (ბრიკეტები, პელეტები) და მნიშვნელოვანი რგოლია ტყეზე ზეწოლის შემცირებისთვის. გარდა ამისა, ტყის რესურსებზე წვდომა დაეფუძნება სრულიად ღია და გამჭვირვალე პროცესს – საშეშე და სამასალე მერქანის დამზადებას მხოლოდ ტყის მართვის ორგანოები უზრუნველყოფენ, შესაბამისი წესით დაახარისხებენ და განათავსებენ დასაწყობების ადგილებზე, ე.წ. „საქმიანი ეზოებში, რომლებიც საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში იფუნქციონირებს. ტყის რესურსების რეალიზაცია მოხდება როგორც აუქციონის წესით (ძირითადად, მაღალი ხარისხის, ე.წ., სამასალე მერქანი), ისე პირდაპირი მიყიდვის გზით (შეშა და ხე-ტყის ნარჩენი). განსაკუთრებით აღსანიშნავია ტყით სარგებლობის წესით დადგენილი სპეციალური ტყითსარგებლობის სახეები – ტყის არამერქნული რესურსების, მერქნიანი მცენარეების პროდუქტებისა და ხის მეორეხარისხოვანი მასალების დამზადება“,- აღნიშნულია სამინისტროს ინფორმაციაში. როგორც სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, ტყით სარგებლობის ახალი წესის მიღებამდე, ასეთი რესურსებით სარგებლობა კომერციული მიზნებისთვის აკრძალული იყო. „ახალმა კანონმა და წესმა, ბაზარზე არსებული მოთხოვნის გათვალისწინებით, შესაძლებელი გახადა ასეთი რესურსის კომერციალიზაცია; ასევე, საკურორტო, რეკრეაციული, სპორტული და სხვა კულტურულ-გამაჯანსაღებელი მიზნებით ტყითსარგებლობა, რაც კიდევ უფრო გაზრდის ჩვენი ქვეყნის და მისი უნიკალური ველური ბუნების ეკოტურისტულ პოტენციალს და შესაძლებელს გახდის, რომ სარეკრეაციო-ტურისტული საქმიანობები განხორციელდეს არა მხოლოდ დაცული ტერიტორიების ფარგლებში, არამედ საქართველოს ტყის ყველა ნაწილში. მთავრობის მიერ მიღებული ტყით სარგებლობის ახალი წესი პრაქტიკაში ამკვიდრებს ტყის კოდექსით დადგენილ პრინციპებს და ჩვენ მოქალაქეებს შესაძლებლობას აძლევს, ტყის რესურსებით მდგრადად ისარგებლონ მრავალფუნქციური მიმართულებით“,- ნათქვამია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციაში.

გერმანიაში Johnson & Johnson-ის ვაქცინა ყველა ზრდასრული ადამიანისთვის ხელმისაწვდომი იქნება

The Guardian-ის ინფორმაციით, გერმანიაში Johnson & Johnson-ის ვაქცინა ყველა ზრდასრული ადამიანისთვის ხელმისაწვდომი იქნება. როგორც გერმანიის ჯანდაცვის მინისტრმა იენს შპანმა განაცხადა, აღნიშნული ნაბიჯი გერმანიას საშუალებას მისცემს ვაქცინაციის კამპანია უფრო სწრაფად და პრაგმატულად ჩაატაროს. „Johnson & Johnson-ის ვაქცინაზე პრიორიტეტულობას ვაუქმებთ, ისევე როგორც ეს AstraZeneca-ს შემთხვევაში გავაკეთეთ. ყველას ექნება ვაქცინაციის გავლის შესაძლებლობა ექიმებთან კონსულტაციისა და ინდივიდუალური გადაწყვეტილებების საფუძველზე“, - აღნიშნა გერმანიის ჯანდაცვის მინისტრმა.

ქალაქ სკოპიეში საქართველოს პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა

ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკაში საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტისას დახვედრის ოფიციალური ცერემონია ქალაქ სკოპიეში, „ვილა ვოდნოს“ საპრეზიდენტო სასახლეში გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ადმინისტრაციის ცნობით, ცერემონიაზე შესრულდა საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის სახელმწიფო ჰიმნები და პრეზიდენტებმა პატივი მიაგეს ჩრდილოეთ მაკედონიის სახელმწიფო დროშას, რის შემდეგაც სალომე ზურაბიშვილმა სტევო პენდაროვსკის საქართველოს ოფიციალური დელეგაცია წარუდგინა, რომლის შემადგენლობაშიც შედიან: პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ნათია სულავა, საქართველოს პარლამენტის წევრი, ჩრდილოეთ მაკედონიასთან მეგობრობის საპარლამენტო ჯგუფის ხელმძღვანელი გივი მიქანაძე, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი, საქართველოს ელჩი ჩრდილოეთ მაკედონიაში თამარ ლილუაშვილი, პრეზიდენტის მრჩეველი განათლების, კულტურისა და მეცნიერების საკითხებში კონსტანტინე ნაცვლიშვილი და საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპის დეპარტამენტის დირექტორი ნინო ბარათაშვილი. საქართველოს პრეზიდენტმა ჩრდილოეთ მაკედონიაში ოფიციალური ვიზიტი დაიწყო ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია შეხვედრები ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის უმაღლესი თანამდებობის პირებთან: პრეზიდენტ სტევო პენდაროვსკისთან, ასამბლეის პრეზიდენტ ტალატ ჯაფერისთან და ვიცეპრემიერ არტან გრუბისთან. საქართველოს პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონიის შემდეგ, რომელიც „ვილა ვოდნოს“ პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება, დაგეგმილია ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის პრეზიდენტთან პირისპირ და გაფართოებული შემადგენლობით შეხვედრები. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ხელი მოეწერება ორ დოკუმენტს – შეთანხმებას „საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის მთავრობებს შორის ვიზის მიღების ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ“ და მემორანდუმს „ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკასთან კულტურის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“. დაგეგმილია ასევე, შეხვედრები ჩრდილოეთ მაკედონიაში მოღვაწე სპორტსმენებთან და კულტურის სფეროს წარმომადგენლებთან. პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი ჩრდილოეთ მაკედონიაში 11 მაისს დასრულდება.

საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის პრეზიდენტებმა ორ ქვეყანას შორის უვიზო მიმოსვლის შესახებ ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი

ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკაში საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის პრეზიდენტებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას „საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის მთავრობებს შორის ვიზის მიღების ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ“. „საქართველოს მთავრობასა და ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის მთავრობას შორის ვიზის მიღების ვალდებულებისგან გათავისუფლების შესახებ“ შეთანხმება მიზნად ისახავს ორი ქვეყნის მოქალაქეებისთვის ურთიერთმიმოსვლის ხელსაყრელი პირობების შემოღებას. შეთანხმება ითვალისწინებს ბიომეტრიული პასპორტის მქონე პირთათვის ვიზის გარეშე ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლის, გაჩერებისა თუ ტრანზიტული გადაადგილების უფლების მინიჭებას. ხოლო საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა და ჩრდილოეთ მაკედონიის კულტურის მინისტრმა, ირენა სტეფოსკამ მემორანდუმი გააფორმეს კულტურის სფეროში ურთიერთთანამშრომლობის შესახებ. „საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს შორის კულტურის სფეროში თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი“ მიზნად ისახავს ორი ქვეყნის უწყებას შორის ურთიერთობების გაღრმავებას, ასევე, კულტურული კავშირების განვითარებას, რაც შესაბამის ინსტიტუციებსა და ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას გულისხმობს, მათ შორის, კვლევითი საქმიანობის წახალისებას, ინფორმაციის ურთიერთგაცვლას, სემინარებში, კონფერენციებსა თუ სხვა კულტურულ ღონისძიებებში მონაწილეობის ხელშეწყობას. მემორანდუმი ასევე ითვალისწინებს პირდაპირი კონტაქტების დამყარების წახალისებას კულტურის სფეროს სხვადასხვა მიმართულებით, კერძოდ: ლიტერატურა და საგამომცემლო საქმიანობა, საბიბლიოთეკო საქმიანობა, ვიზუალური ხელოვნება, მუსიკა, კინო, თეატრი და კულტურული მემკვიდრეობის დაცვა.

სალომე ზურაბიშვილი: ევროკავშირსა და NATO-ში ინტეგრაცია საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის მიერ არჩეული გზაა

ევროკავშირსა და NATO-ში ინტეგრაცია საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის მიერ არჩეული გზაა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ჩრდილოეთ მაკედონიის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, დღეს საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ქვეყნებს შორის ურთიერთობებში ისტორიული დღეა, რადგან საქართველოს პრეზიდენტი სკოპიეს ოფიციალური ვიზიტით პირველად ეწვია. "საქართველოს და მაკედონიას უამრავი რამ აქვს საერთო. მათ შორის ევროკავშირსა და NATO-ში ინტეგრაცია საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის არჩეული გზაა. იმ მიზნით, რომ ამ მიმართულებით წარმატებას მივაღწიოთ, ჩვენ ვაფასებთ ჩრდილოეთ მაკედონიის მზადყოფნას, გაგვიზიაროს თავისი გამოცდილება. დასავლეთ ბალკანეთის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი ასევე სამაგალითოა საქართველოსთვის", - განაცხადა ზურაბიშვილმა.

ჩრდილოეთ მაკედონიაში სალომე ზურაბიშვილის ოფიციალური ვიზიტისას ორ დოკუმენტს მოეწერა ხელი

ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკაში საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის პრეზიდენტებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას „საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის მთავრობებს შორის ვიზის მიღების ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ“. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, „საქართველოს მთავრობასა და ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის მთავრობას შორის ვიზის მიღების ვალდებულებისგან გათავისუფლების შესახებ“ შეთანხმება მიზნად ისახავს ორი ქვეყნის მოქალაქეებისთვის ურთიერთმიმოსვლის ხელსაყრელი პირობების შემოღებას. შეთანხმება ითვალისწინებს ბიომეტრიული პასპორტის მქონე პირთათვის ვიზის გარეშე ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლის, გაჩერებისა თუ ტრანზიტული გადაადგილების უფლების მინიჭებას. ხოლო საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა და ჩრდილოეთ მაკედონიის კულტურის მინისტრმა, ირენა სტეფოსკამ მემორანდუმი გააფორმეს კულტურის სფეროში ურთიერთთანამშრომლობის შესახებ. „საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს შორის კულტურის სფეროში თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი“ მიზნად ისახავს ორი ქვეყნის უწყებას შორის ურთიერთობების გაღრმავებას, ასევე, კულტურული კავშირების განვითარებას, რაც შესაბამის ინსტიტუციებსა და ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას გულისხმობს, მათ შორის, კვლევითი საქმიანობის წახალისებას, ინფორმაციის ურთიერთგაცვლას, სემინარებში, კონფერენციებსა თუ სხვა კულტურულ ღონისძიებებში მონაწილეობის ხელშეწყობას. მემორანდუმი ასევე ითვალისწინებს პირდაპირი კონტაქტების დამყარების წახალისებას კულტურის სფეროს სხვადასხვა მიმართულებით, კერძოდ: ლიტერატურა და საგამომცემლო საქმიანობა, საბიბლიოთეკო საქმიანობა, ვიზუალური ხელოვნება, მუსიკა, კინო, თეატრი და კულტურული მემკვიდრეობის დაცვა.

ჩრდილოეთ მაკედონიის პრეზიდენტი - მხარს ვუჭერთ საქართველოს უფლებას, დაამყაროს ყველაზე მჭიდრო ურთიერთობა NATO-სთან

გასული ათწლეულების განმავლობაში, ჩვენ პერიოდულად ვთანამშრომლობდით საერთაშორისო ორგანიზაციებში, დადგა დრო, გავზარდოთ ჩვენი ურთიერთობები საერთაშორისო ფორუმებიდან უმაღლეს დონემდე, – ამის შესახებ ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის პრეზიდენტმა სტევო პენდაროვსკმა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობის განვითარების საკითხები განიხილეს. „დღეს ჩვენ გვაქვს პატივი, მივესალმოთ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს. ეს პირველი, ისტორიული ვიზიტია უმაღლეს დონეზე, 2019 წლის 16 თებერვალს, ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შემდეგ. სიმბოლურად ჩვენ დაკავშირებული ვართ ძალიან მნიშვნელოვანი იუბილით. წელს, ჩრდილოეთ მაკედონია და საქართველო დამოუკიდებლობის 30 წელს აღნიშნავს. ჩვენ დამოუკიდებლობის მიღებიდან, საქართველო კი, აღდგენიდან. ასევე გასული ათწლეულების განმავლობაში, ჩვენ პერიოდულად ვთანამშრომლობდით საერთაშორისო ორგანიზაციებში. დადგა დრო, გავზარდოთ ჩვენი ურთიერთობები საერთაშორისო ფორუმებიდან, უმაღლეს დონემდე. დღეს ქალბატონ ზურაბიშვილთან განვიხილეთ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობის წინსვლა უახლოეს მომავალში. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ეს მომენტი და მტკიცე საფუძველი ჩავუყაროთ ორმხრივ ურთიერთობებს, ამ მიმართულებით პირველი ნაბიჯი სამართლებრივი ჩარჩოს რეგულირება და ხელშეწყობაა. ჩრდილოეთ მაკედონიასა და საქართველოს ძალიან მდიდარი ბუნებრივი და კულტურული ისტორიული მემკვიდრეობა გააჩნიათ. აქედან მნიშვენლოვანი დოკუმენტები, რომლებსაც ხელი მოვაწერეთ, ერთი – სავიზო რეჟიმის გაუქმებაა, რათა გამარტივდეს ჩრდილოეთ მაკედონიისა და საქართველოს მოქალაქეების მოგზაურობა. მეორე დოკუმენტი კულტურის სფეროში მემორანდუმია, ჩვენსა და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროებს შორის. ეს ორი დოკუმენტი უნდა გახდეს სამართლებრივი საფუძველი ორ ქვეყანას შორის ტურიზმის განვითარებისა და საერთო კულტურული თანამშრომლობისთვის. ჩვენი შეთანხმებები პროცესშია“, – განაცხადა სტევო პენდაროვსკმა. მან მოუწოდა ბიზნესმენებს ჩრდილოეთ მაკედონიასა და საქართველოში, დაამყარონ კონტაქტები და იმუშავონ ბიზნესპარტნიორობაზე. „მინდა, მოვუწოდო ბიზნესმენებს ჩრდილოეთ მაკედონიასა და საქართველოში, დაამყარონ კონტაქტები და იმუშაონ ბიზნესპარტნიორობაზე ორმხრივი სარგებლისთვის. დღეს, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა და მე გავცვალეთ შეხედულებები ჩვენს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტულ საკითხებთან დაკავშირებით და ევროპის კონტინენტის სტაბილურობის, უსაფრთხოების კონტექსტში. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ტერიტორიულად პატარა ქვეყნები ვართ და სხვადასხვა რეგიონული მდებარეობა გვაქვს, გვაქვს საერთო სტრატეგიული, საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები“, – განაცხადა ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის პრეზიდენტმა სტევო პენდაროვსკმა. სტევო პენდაროვსკის განმარტებით, როგორც ნატო-ს წევრი, მხარს უჭერენ საქართველოს უფლებას, დაამყაროს ყველაზე მჭიდრო ურთიერთობა ალიანსთან. „ქართველი ხალხის სუვერენული არჩევანია და ამ თვალსაზრისით ჩვენ მზად ვართ, გავაღრმავოთ თანამშრომლობა პარტნიორულ მექანიზმებში. ამავდროულად, როგორც როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა, მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ამავდროულად, მხარს ვუჭერთ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებს, რომელიც ერთადერთი მექანიზმია, სადაც ყველა მხარეა ჩართული გადაუჭრელი შიდა კონფლიქტის პროცესში წარმოქმნილი გამოწვევების აღმოსაფხვრელად“, – განაცხადა სტევო პენდაროვსკმა.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი Sinopharm-ის ვაქცინით აიცრა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ირაკლი ქარსელაძე Sinopharm-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა. როგორც ცნობილია, ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში, მინისტრთან ერთად, ვაქცინაცია ჩაუტარდათ მის მოადგილეებს, საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელებსა და სამინისტროს 50-მდე თანამშრომელს.

ჰაიკო მაასი რუსეთს მოუწოდებს, ევროკავშირთან დიალოგს დაუბრუნდეს

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაიკო მაასმა რუსეთს მოუწოდა "დაუბრუნდნენ დიალოგს" ევროკავშირთან. ამის შესახებ მან ბრიუსელში კოლეგებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. მაასმა ასევე განაცხადა, რომ ევროკავშირმა არ უნდა შეცვალოს თავისი კურსი, რომელიც რუსეთში სამოქალაქო უფლებების დაცვაზეა მიმართული. „მზად ვართ დიალოგისთვის და დროა მოსკოვიც დაუბრუნდეს დიალოგს“, - აღნიშნა გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა. 30 აპრილს რუსეთმა ევროპარლამენტის პრეზიდენტს, დავიდ სასოლის ქვეყანაში შესვლა აუკრძალა. რუსეთის საგარეო უწყებაში აღნიშნავენ, რომ ევროკავშირი რუსეთის მოქალაქეებისა და ორგანიზაციების მიმართ არალეგიტიმური ცალმხრივი სანქციების პოლიტიკას განაგრძობს. ევროპარლამენტის პრეზიდენტის გარდა, რუსეთის ხელისუფლებამ სასანქციო სიაში კიდევ 7 პირი შეიყვანა, მათ შორის ბერლინის პროკურატურის ხელმძღვანელი, იორგ რაუპახი.

სალომე ზურაბიშვილი: 14 ივნისს, NATO-ს სამიტის გზავნილები უნდა იყოს მკაფიო, ეს იქნება მნიშვნელოვანი უკრაინისთვის და საქართველოსთვის

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ჩრდილოეთ მაკედონიაში ვიზიტის ფარგლებში, ქვეყნის პრეზიდენტ სტევო პენდაროვსკის შეხვდა. პრეზიდენტის თქმით, კოლეგასთან შეხვედრისას ისაუბრა რეგიონში არსებულ გამოწვევებსა და რუსეთის მხრიდან ესკალაციაზე. „საქართველოს პირველი პრეზიდენტი ვარ, რომელიც ესტუმრა სკოპიეს და ეს ჩემთვის დიდი პატივია. ჩვენი ქვეყნების დიპლომატიური ურთიერთობები მხოლოდ 2 წელიწადს ითვლის, თუმცა ამ მოკლე დროში ვნახეთ, რომ არსებობს ურთიერთობის გაღრმავების და განმტკიცების საჭიროება. მსოფლიო დადგა უპრეცედენტო გამოწვევის წინაშე პანდემიის გამო. უკვე წელზე მეტია, რაც მსოფლიო უხილავ მტერს ებრძვის. პანდემიამ გააჩერა საერთაშორისო ურთიერთობები. ჩვენ ვიაზრებთ, რომ მხოლოდ სოლიდარობით და თანამშრომლობით არის შესაძლებელი, რომ გადაიჭრას გლობალური კრიზისი. სოლიდარობა ასევე უნდა აისახებოდეს ვაქცინებზე წვდობის კუთხით. საქართველოს და მაკედონიას უამრავი რამ აქვს საერთო. მათ შორის ევროკავშირსა და NATO-ში ინტეგრაცია საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის არჩეული გზაა. იმ მიზნით, რომ ამ მიმართულებით წარმატებას მივაღწიოთ, ჩვენ ვაფასებთ ჩრდილოეთ მაკედონიის მზადყოფნას, გაგვიზიაროს თავისი გამოცდილება. დასავლეთ ბალკანეთის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი ასევე სამაგალითოა საქართველოსთვის. ბატონ პრეზიდენტთან საუბარი გვქონდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ოკუპაციაზე, ბორდერიზაციის პროცესზე, გატაცებებზე, ზაზა გახელაძის უკანონო დაკავებაზე. ასევე ვისაუბრეთ ესკალაციასა და დაძაბულობაზე. ასევე განვიხილეთ რეგიონსა და უკრაინაში არსებული სიტუაცია, ასევე რუსეთის მიერ შავი ზღვისა და კავკასიის რეგიონში მილიტარიზაციის პროცესი. აღნიშნულ ესკალაციაზე რეაგირების ერთადერთი გზა არსებობს. 14 ივნისს NATO-ს სამიტის გზავნილები უნდა იყოს მკაფიო, ეს იქნება მნიშვნელოვანი უკრაინისთვისა და საქართველოსთვისაც. ესკალაციაზე ერთადერი პასუხი არაკონფრონტაციული ნაბიჯები უნდა იყოს. ჩემი ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი მიზანია, ჩვენს ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობის გაღრმავება. ხელი მოვაწერეთ შეთანმხებას, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს, საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიაში შესვლისას ვიზის მიღების ვალდებულებისგან ათავისუფლებს. ეს შეთანხმება ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის მოქალაქეების ურთიერთმიმოსვლას, გავაძლიერებთ ურთიერთობას ტურიზმის, ეკონომიკისა და სხვა მნიშვნელოვანი სფეროების მიმართულებით. დღეს ასევე ოფიციალურად გაფორმდა მნიშნელოვანი მემორანდუმი კულტურის სფეროში, რომელსაც ხელი მოაწერეს საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის კულტურის მინისტრებმა. ეს არის ჩვენს ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობების ახალი ეტაპის დაწყების სიმბოლო. შეხვედრისას ბატონ პრეზიდენტს შევთავაზე, გავაერთიანოთ ჩვენი პატარა სახელმწიფოები, რათა მოვახდიოთ ჩვენი ხედვების კონსოლიდაცია გლობალური გამოწვევების წინაშე, როგორიცაა კლიმატის ცვლილება, გარემოს დაცვა. პატარა სახელმწიფოებმა უნდა გააერთიანონ ძალისხმევა, რათა მსოფლიომ მათი ხმის გაგება შეძლოს. ვისაუბრეთ საკითხებზე, რომელიც ორივე სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანია და გააღრმავებს ჩვენს ურთიერთობებს, როგორიცაა კიბერუსაფრთხოება, ყალბი ახალი ამბების პრობლემა. ვისურვებ, რომ ჩვენი ორმხრივი ურთიერთბები გაძლიერდეს ჩვენი პირველი ვიზიტის შემდეგ და იმედი მაქვს, ბატონო პრეზიდნენტო, უახლოეს მომავალში ჩვენს ქვეყანას ესტუმრებით“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ხელი მოეწერა ორ დოკუმენტს - შეთანხმებას „საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის მთავრობებს შორის ვიზის მიღების ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ“ და მემორანდუმს „ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკასთან კულტურის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“. როგორც ზურაბშვილმა ჩრდილოეთ მაკედონიის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ეს შეთანხმება ხელს შეუწყობს ჩრდილოეთ მაკედონიასთან ტურისტული და ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავებას.

შსს: ასპინძის მუნიციპალიტეტში მწყემსმა მწყემსი მოკლა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუზმარეთის მიმდებარე ტერიტორიაზე 60 წლის კაცმა, რომელიც არსებულ ფერმაში მწყემსად მუშაობს, ურთიერთშელაპარაკებისას, ამავე ფერმაში მომუშავე 38 წლის მწყემსი სასიკვდილოდ დაჭრა. დაჭრილი მამაკაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. "ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1961 წელს დაბადებული ვ.კ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, რომელიც ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუზმარეთის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ფერმაში მწყემსად მუშაობს, ურთიერთშელაპარაკებისას, ამავე ფერმაში მომუშავე მწყემსს - 1983 წელს დაბადებულ ს.ს.-ს ცივი იარაღის გამოყენებით გულ-მკერდის არეში ჭრილობები მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული მწყემსი მომხდარიდან მალევე, ასპინძის მუნიციპალიტეტში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო. დაკავებული დანაშაულს აღიარებს", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში. განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით ჯამში 62 447 ადამიანი აცრა

10 მაისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით, ჯამში 62 447ადამიანი აცრა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მათივე ცნობით, სრულად ვაქცინირებულია 10 852 ადამიანი. "აცრისთვის ჯავშნის გასაკეთებლად ეწვიეთ booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 1522", - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვიოლა ფონ კრამონი: ნიკა მელიას გათავისუფლებით 19 აპრილის შეთანხმების მნიშვნელოვანი ეტაპი შესრულდა

„ნიკა მელიას გათავისუფლებით 19 აპრილის შეთანხმების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი შესრულდა“, ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი Twitter გვერდზე წერს, რომ ახლა გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება სხვა საკითხებზე ყურადღების გამახვილებას. „მელიას გათავისუფლებით 19 აპრილის შეთანხმების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი შესრულდა. ახლა გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება სხვა საკითხებზე ყურადღების გამახვილებას, რომლებიც მოითხოვს მხარეებს შორის თანამშრომლობას, რამაც ხელი უნდა შეუწყოს უფრო სამართლიან და გამჭვირვალე პარლამენტს საქართველოში“, - წერს ევროპარლამენტარი. სასამართლომ ნიკა მელიას პატიმრობიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო.