ძებნის რეზულტატი:

ნიკა მელიამ საპატიმრო დატოვა

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ საპატიმრო დატოვა. თბილისის საქალაქო სასამართლომ გირაოს მოთხოვნის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ოპოზიციის ლიდერი პატიმრობიდან გაათავისუფლა. სასამართლოს დღევანდელ პროცესს თავად მელია არ ესწრებოდა, რადგან ის მოსამართლის გადაწყვეტილებით სასამართლო სხდომებიდან გაძევებული იყო. ნიკა მელიას გირაო - 40 000 ლარი ევროკავშირმა 8 მაისს ჩარიცხა, პროკურატურამ კი აღკვეთის შეცვლის შუამდგომლობით სასამართლოს გუშინ, 9 მაისს მიმართა.

საკოორდინაციო საბჭო ხვალ გადაწყვეტს, გახანგრძლივდება თუ არა ქვეყანაში უქმე დღეები და მასთან დაკავშირებული შეზღუდვები

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, საკოორდინაციო საბჭო ხვალ გადაწყვეტს, გახანგრძლივდება თუ არა ქვეყანაში უქმე დღეები და მასთან დაკავშირებული შეზღუდვები. მინისტრის განცხადებით, უქმე დღეებისა და მასთან დაკავშირებული შეზღუდვების შენარჩუნების მიზეზი, შესაძლოა, კორონავირუსით ინფიცირების მზარდი დადებითობის მაჩვენებელი იყოს. „ხვალ გვექნება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომა, რომელიც ეხება კოვიდს და მასთან ბრძოლას. დღემდე ვახერხებთ იმას, რომ სერიოზული შეზღუდვების გარეშე ვაკონტროლოთ სიტუაცია. მესამე ტალღაა და მას ახასიათებს დადებითობის უფრო მაღალი მაჩვენებელი. პარალელურად მთავარია, რომ წავახალისოთ ვაქცინაცია. თქვენ იცით, რომ ტურიზმის ინდუსტრია ვაქცინაციის თვალსაზრისით პრიორიტეტულია. დავიწყეთ განაცხადების მიღება. საკმაოდ კარგად მიდის პროცესი, აქტიურად ერთვებიან ტურისტული ობიექტები და მე თავადაც, ამ დღეებში, მათთან ერთად ვგეგმავ ვაქცინაციას“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

როგორ აფასებენ ქართველი ექსპერტები ანდრიუს კუბილიუსის მოსაზრებას

2024 წელს საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის გაკეთებას გეგმავს. განაცხადის თარიღთან დაკავშირებით მთავრობის ამ გადაწყვეტილებას ზოგი, ეკონომიკური განვითარების დონის და კონფლიქტური რეგიონების ფაქტორების გამო სკეპტიციზმით ხვდება, თუმცა მათი ნაწილი ასევე იხსენებს კვიპროსის მაგალითს და აღნიშნავს, რომ კონფლიქტების მიუხედავად, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების რეალური შანსი არსებობს, თუმცა მთავარ გამოწვევად ქვეყნის ეკონომიკური განვითარება რჩება, რაც ევროკავშირისთვის დემოკრატიის განვითარებასთან ერთად ძალზედ მნიშვნელოვანია. ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან საქართველოს, მოლდოვის და უკრაინის სტრატეგიული კომუნიკაციის ერთიანი სამოქმედო გეგმის შემუშავებაზე ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსის მოსაზრებას ქართველი ექსპერტები Europetime-თან საუბარში აფასებენ. საგარეო ურთიერთობების საკითხებში პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი თენგიზ ფხალაძე მიიჩნევს, რომ მსგავსი იდეის განხორციელება ქვეყნისთვის აუცილებელია. მისი თქმით, კუბილიუსის ასეთ კარგ მოსაზრებას მთავრობის მხრიდან სწორი შეფასება და სწორი ქმედებები სჭირდება. „კუბილიუსის განცხადება კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ევროკავშირი, ევროპარლამენტარები, ზოგადად ევროსტრუქტურები მზად არინ, სწორი ნაბიჯების გადადგმაში დაგვეხმარონ. ევროკავშირი დიდი ყურადღებას აქცევს, როგორ თანამშრომლობენ ასოცირებული ქვეყნები ერთმანეთთან; როგორ უზიარებენ ერთმანეთს გამოცდილებას; როგორ ეხმარებიან ერთმანეთს, გადალახონ ესა თუ ის სირთულეები. ამ დროს, თავად ევროკავშირისთვის გაცილებით ადვილი ხდება ახალი პროგრამების, ახალი დაფინანსების გახსნა. ვიტყოდი, რომ ასეთი ინიციატივის განხორციელება აუცილებელია, როგორც ჩვენი ქვეყნისთვის, ასევე პარტნიორებისთვის. ევროკავშირს აქვს პრინციპი, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის დროს თავიდანვე იყო გაცხადებული, ეს არის მიდგომა „მეტი მეტისათვის“, მაგრამ თითოეულ ქვეყანასთან წინსვლა იმ წარმატებების მიხედვით, იმ კონკრეტული საშინაო დავალებების შესრულების მიხედვით განისაზღვრება, რაც მათ აქვთ. თუმცა, როდესაც ვსაუბრობთ პოლიტიკის შემუშავებაზე, რაღაც ახალი ინიციატივის შემუშავებაზე და ა.შ. აქ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ურთიერთ თანადგომას. მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირის მიმართულებით, დასავლური ინტეგრაცია, ერთობლივი ძალისხმევით განხორციელდეს. ეს მნიშვნელოვნად დაეხმარება ასოცირების ხელშეკრულების ხელმომწერ ქვეყნებს, საქართველოს, უკრაინას და მოლდოვას. ყველა ფაქტორი უნდა გავითვალისწინოთ. რა თქმა უნდა, ორმხრივი ურთიერთობის ფაქტორის ჩანაცვლება არაფერს შეუძლია. არც არის საჭირო, რომ რამემ ჩაანაცვლოს, ჩვენი ასოცირების დღის წესრიგი ჩვენი ასოცირების დღის წესრიგია, მგრამ ამასთან ერთად, მრავალმხრივი ფორმატის გააქტიურება მხოლოდ და მხოლოდ ხელს შეუწყობს ევროკავშირის მიმართულებით ქვეყნის წინსვლას. მთელი აქცენტის ანალიტიკურ ცენტრზე გადატანა არ იქნება მართებული იმიტომ, რომ ანალიტიკურ ცენტრს თავისი ფუნქცია აქვს და თითოეული ამ ქვეყნის წინაშე არსებული საშინაო დავალებები კიდევ ცალკე შესასრულებელია, თუმცა ასეთი ანალიტიკური ცენტრი ევროინტეგრაციის პროცესს სერიოზულად დაეხმარება. რაც მთავარია, დაეხმარება იმ სტრატეგიულ კომუნიკაციაში, რომელიც საჭიროა, არამხოლოდ ბრიუსელთან, არამედ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების დედაქალაქებთანაც. ასე რომ, თუ კი ეს ინიციატივა განხორციელდება, მხოლოდ მისასალმებელია“, - აღნიშნავს თენგიზ ფხალაძე. საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი, კახა გოგოლაშვილი კუბილიუსის განცხადებას მიესალმება და დასძენს, რომ იდეის განხორციელება ბრიუსელში, სხვადასხვა ფორმით, სამი ქვეყნის საელჩოების კოორდინაციით შეიძლება. „მაგალითად, აუცილებელი არ არის საქართველოს, მოლდოვას და უკრაინას ბრიუსელში საკოორდინაციოდ რაიმე ცენტრი ჰქონდეთ. სამივე ქვეყანას აქვს წარმომადგენლობა ევროკავშირში და მათ შეუძლიათ, სრული კოორდინაციისთვის, ურთიერთობის გარკვეული მექანიზმი ჩამოაყალიბონ. ისინი წარმოადგენენ თავის ქვეყნებს, თავის საგარეო საქმეთა სამინისტროებს და შეიძლებოდა მათი გაძლიერება დამატებითი, ერთი ან ორი შტატით, რომლებიც მხოლოდ ამ საკითხებზე იმუშავებდნენ, უკრაინის, მოლდოვის და საქართველოს ერთობლივ პროექტებზე, საერთო სტრატეგიაზე, ერთობლივ განცხადებებსა და ერთობლივ ლობირებაზე ევროკავშირის ინსტიტუტებში. ამისთვის ცალკე ცენტრის ჩამოყალიბება აუცილებელი არ არის. ეს შეიძლება საელჩოების კოორდინაციის დონეზე გაკეთდეს“, - აღნიშნავს კახა გოგოლაშვილი. მისივე თქმით, პანდემიამდე, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ფორუმის ფარგლებში, არასამთავრობო სექტორის დონეზე, უკრაინის და მოლდოვის დელეგაციასთან ერთად, ექვსთა პლატფორმამ თანამშრომლობასა და ერთობლივ კოორდინაციაზე მოაწერა ხელი. „მე ვიყავი ამის ინიციატორი. შეთანხმება ითვალისწინებდა, რომ თითოეული ქვეყნის არასამთავრობო სექტორი აქტიურად იმუშავებდა საკუთარი ქვეყნის მთავრობასთან, ამ ქვეყნებს შორის კოორდინაციის გაძლიერების საკითხზე ევროინტეგრაციის მიმართულებით. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის ინიციატივით, საქართველომ, მოლდოვამ და უკრაინამ ერთობლივ დეკლარაციას მოაწერეს ხელი. სხვათა შორის, ეს დეკლარაცია უკრაინის სამოქალაქო საზოგადოების ხელშეწყობით გაფორმდა. სწორედ უკრაინის ვიცე-პრემიერის ინიციატივა იყო ერთობლივი დეკლარაცია. დაიწყეს კიდეც ერთობლივი საუბრები. უკრაინის მთავრობას მართლაც ჰქონდა ასეთი აქტივობები, ჩვენი მთავრობა, სამმხრივი ფორმატის განვითარების მიმართულებით ცოტა თავს იკავებდა. ახლა ალბათ უკვე აღარ შეიკავებს თავს. წლების განმავლობაში, აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერ ქვეყნად საქართველო მიიჩნეოდა, მაგრამ უკრაინა ნელ-ნელა უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ქვეყანა გახდება, ვიდრე საქართველო. რაც არ უნდა სირთულეები ჰქონდეთ უკრაინას და მოლდოვას, გეოგრაფიულად არიან „მიწეპებული“ ევროკავშირის ტერიტორიაზე და ახლა იქ უფრო მარტივია ევროკავშირთან ინტეგრირება. ამიტომ, ჩვენს ინტერესებშია, რომ ეს სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატი ავაწყოთ და ერთად ვიაროთ ევროკავშირის მიმართულებით. რაც არ უნდა მოვინდომოთ, ჩვენ მათ ვერანაირად ვერ გადავასწრებთ, რადგან 2000 კილომეტრით ვართ დაშორებული ევროკავშირის უახლოეს ქვეყანასთან“, - აღნიშნავს Europetime-თან ინტერვიუში კახა გოგოლაშვილი. განსხვავებული მოსაზრება აქვს საერთაშორისო ურთიერთობების საკითხების სპეციალისტს თორნიკე შარაშენიძეს. როგორც Europetime-ს შარაშენიძემ განუცხადა, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში საქართველოს უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად განხილვამ, შესაძლოა, საქართველო უფრო დააზარალოს. „მსგავს ინიციატივებს ერთი მხრივ კარგად ვუყურებ, თუ იქნება ერთიანი ძალისხმევა და გამოცდილების გაზიარება. მეორე მხრივ, ეს ჩვენთვის შეიძლება დამაბრკოლებელი აღმოჩნდეს, რაც ადრე უკვე მოხდა. ყველაფრის მიუხედავად, საბოლოო ჯამში საქართველო რეალურად უფრო შემდგარი სახელმწიფოა, ვიდრე უკრაინა და მოლდოვა. მოლდოვა არის ძალიან ღარიბი სახელმწიფო, ძალიან სუსტი სახელმწიფო ინსტიტუტებით. ეს ქვეყანა კიდევ უარეს დღეში იქნებოდა, რომ არა რუმინეთის ფაქტორი. უკრაინა კი ძალიან დიდი ქვეყანაა, კორუფციის მაღალი დონით. NATO-ს მაგალითზე ვიტყვი. როდესაც საქართველო უკრაინას „მიაბეს“ NATO-ში ინტეგრაციის პროცესის დროს, საბოლოო ჯამში ამან ჩვენ დაგვაზარალა. ბუქარესტის სამიტზე მარტო საქართველოს საკითხი რომ განხილულიყო, შეიძლება MAP-ი მიგვეღო, მაგრამ უკრაინაც რომ „მოგვაწეპეს“, ამან რუსეთი უფრო გააგიჟა. საბოლოოდ, ვერცერთმა ვერ მივიღეთ MAP-ი და ორივე უფრო ცუდ მდგომარეობაში ვართ, ვიდრე 2008 წლამდე ვიყავით. გასაგებია რომ NATO-ს სჭირდება უკრაინაც, მაგრამ რუსეთი უფრო მეტად გააგიჟა ამან. რაც შეეხება კუბილიუსის მოსაზრებას, სამწუხაროდ, ეს ასე მარტივი არ არის. ამას გააზრება სჭირდება. კარგი გავერთიანდით. მერე რას ვშვრებით? პასუხი შეიძლება არ იყოს ამაზე მარტივი”, - აცხადებს თორნიკე შარაშენიძე. „კარგი იქნება თუ სამივე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები, ბრიუსელში საკუთარ ელჩებს კუბილიუსთან შეხვედრას და ამ ინიციატივის განხილვას დაავალებენ“, - აცხადებს Europetime-თან საუბრისას უკრაინაში საქართველოს ყოფილი ელჩი ვალერი ჩეჩელაშვილი. მისი თქმით, მთავრობის აქტიურობის გარეშე, მხოლოდ არასამთავრობო სექტორი, საკუთარი ძალებით მსგავს ანალიტიკურ ცენტრს ვერ შექმნის, მიუხედავად ამ სექტორში არსებული დიდი ინტელექტუალური რესურისა. „საერთოდ ნებისმიერ წინადადებას, რომლითაც ბატონი კუბილიუსი გამოდის, ძალიან დიდი ყურადღებით ვუსმენ და პატივს ვცემ, რადგან ეს არის ნიჭიერი ადამიანი, რომელმაც თავისი ქვეყნისთვის ბევრი კარგი რამ გააკეთა და ახლა ევროპარლამენტში არის ძალიან აქტიური, ასევე ჩვენი ერთ-ერთი გულწრფელი მეგობარი. ეს არის ძალიან კარგი წინადადება. სამივე ქვეყნას საელჩოები გვყავს ბრიუსელში. იქ ჩვენმა წარმომადგენლებმა უნდა გაზარდონ ურთიერთქმედების ხარისხი და უფრო ეფექტურად იმუშაონ სამ ხმაში. ამ ინიციატივის საპასუხოდ, როგორც მინიმუმ, სამი ქვეყნის დედაქალაქმა საკუთარ ელჩებს ბატონ კუბილიუსთან სამმხრივ ფორმატში შეხვედრის ინსტრუქცია უნდა მისცენ, დაელაპარაკონ და გარკვეული მოქმედების გეგმა შეათანხმონ, სად უნდა მივიდნენ, რა უნდა გააკეთონ, რა თანმიმდევრობით გამართონ შეხვედრები, სადილებზე დაპატიჟონ ხალხი და ა.შ. ეს უკვე ექნებოდა საკმაოდ ეფექტური შედეგების მომტანი. წინადადება თავისთავად კარგია, მაგრამ უფრო ეფექტური იქნება, თუ ის დაემყარება სისტემურ მიდგომას და პოლიტიკას ამ სამმხრივ ფორმატში, რომელსაც მე სამწუხაროდ ვერ ვხედავ“, - აცხადებს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელი. მისივე თქმით, შესაძლებელია, ევროპარლამენტში, ან ევროპულ ფონდში იგივე ბატონი კუბილიუსის მხარდაჭერით, ერთი ოთახი მაინც რომ გამოიყოს ანალიტიკური ცენტრისთვის. „სამი ადამიანია საჭირო, რომ ერთ ხმაში სამი ქვეყნის წარმომადგენლებმა ევროპულ სტრუქტურებთან ისაუბრონ, ყოველდღე კარზე აკაკუნონ, ხალხი შეაწუხონ. ამას ექნება მართლაც სერიოზული ეფექტი, რომელიც სერიოზულ შედეგებს გამოიღებს. ამით ჩვენ უნდა დავამტკიცოთ ის, რითაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინეს ბალტიისპირეთის და ვიშეგრადის ჯგუფის ქვეყნებმა. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ არ ვართ ევროკავშირის წევრი ქვეყნები, ვინაიდან ვართ ასოცირების პროცესის მონაწილე ქვეყნები, უნდა ვაჩვენოთ, რომ ჩვენ ჩვენს ურთიერთობებს ვამყარებთ ევროპულ ტრადიციებზე, პრინციპებზე, კრიტერიუმებსა და პრაქტიკაზე. მაგრამ ეს მარტო საუბარი არ უნდა იყოს. ევროკავშირის წარმომადგენლები, აქ ბატონი ჰარცელი, უკრაინასა და მოლდოვაში ევროკავშირის ელჩები, აკვირდებიან თუნდაც ორმხრივ ურთიერთობებს, აგერ უკრაინა-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობები სახეზეა, სირთულეების გადალახვა მოგვიწია. ელჩი არ გვყავდა კიევში. საქართველო მოლდოვას აქტიურობა მაინცდამაინც არ ჩანს. ვიზიტები არ ხორციელდება, ნაკლები კომუნიკაციაა. მოლდოვაში არჩევნებია კარზე მომდგარი, თავისი პოლიტიკური სირთულეები აქვთ. საქართველო იმყოფება სერიოზულ პოლიტიკურ კრიზისში და ჯერ არ ვიცით, კრიზისიდან ბოლომდე გამოსვლა შესაძლებელია თუ არა. უკრაინა რუსეთის სამხედრო აგრესიის პირისპირ იმყოფება. ჯერ ვერ ვხედავ რომ ამისთვის ჩვენი მთავრობები მოიცლიან. არადა ფაქტია, რომ ანდრიუს კუბილიუსის წინადადება, ჩვენს სტრატეგიულ ინტერესებთან სრულ თანხვედრაშია“, - განუცხადა Europetime-ს ვალერი ჩეჩელაშვილმა. ცნობისათვის, Europetime-თან ინტერვიუში, ლიეტუვის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარე, ევროპარლამენტარი, ანდრიუს კუბილიუსი აცხადებს, რომ საქართველოს სჭირდება მეტად ეფექტური სტრატეგიული კომუნიკაცია, როგორც ევროკავშირის ინსტიტუციებში, ასევე ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან და ამისათვის კარგი იქნება, თუკი საქართველო (შესაძლოა მოლდოვასთან და უკრაინასთან ერთად), შექმნის ერთგვარ ანალიტიკური ცენტრის/პლატფორმას, რომელიც ინსტიტუციურ, პოლიტიკურ, სამოქალაქო და ა.შ. წრეებთან თანამშრომლობით, ამ სამი ქვეყნის საგარეო მიზნებს მხარს დაუჭერს. მისი თქმით, ასევე მისასალმებელი იქნება, თუკი საქართველო ინსტიტუციურად ჩაერთვება „ევროპის მომავლის“ კონფერენციაში და ევროგაერთიანების მომავლის შესახებ ხედვას დააფიქსირებს. როგორც აფასებენ ამ იდეას ექსპერტები და ევროდეპუტატები , ასევე იხილეთ ბმულზე - რას მოუტანს საქართველოს, უკრაინას და მოლდოვას სტრატეგიული კომუნიკაციის ერთიანი სამოქმედო გეგმა ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან. ამასთან, Europetime-თან ინტერვიუში ევროკავშირი - საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი, ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე ამბობს, რომ საქართველომ და ევროკავშირმა ერთად უნდა იპოვონ რეალისტური გზები, რათა საქართველო ნაბიჯ-ნაბიჯ გახდეს ევროკავშირის ნაწილი, ან მისი უფრო ახლო პარტნიორი.

ნიკა მელია კარლ ჰარცელს, შარლ მიშელს, კელი დეგნანს და ზიგიმანტას პავილიონისს მადლობას უხდის

"მინდა გათავისუფლება ვუსურვო ყველა პატიმარს, განურჩევლად იმისა, თუ რა სასჯელს იხდიან ისინი ციხეში", - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ნიკა მელიამ საპატიმრო დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა. მან საერთაშორისო პარტნიორებს და ელჩებს მისი გათავისუფლების საქმეში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. "ყველა ადამიანს მოსდის ცხოვრებაში შეცდომა. საქართველოს ყველა ციხეში მიყურებს ახლა ბევრი პატიმარი და მათ ვუსურვებ ადრე გათავისუფლებას და საკუთარ ოჯახის წევრებთან დაბრუნებას, მიუხედავად იმისა, პოლიტიკური ნიშნით არიან ისინი დაპატიმრებული, თუ არა. თუმცა, ამ ციხეში, რომელშიც გახლდით, ძალიან ბევრი პოლიტიკური პატიმარია და განსაკუთრებით მათ ვუსურვებ გათავისუფლებას. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველა გულშემატკივარს, ვინც გულით გულშემატკივრობდა და გულშემატკივრობს ქვეყანაში სტაბილურობას. არა მძიმე სტაბილურობას, არამედ, ნორმალური ცხოვრების ფარგლებში სტაბილურობას. განსაკუთრების ხაზგასასმელია ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის ღვაწლი და მონდომება, ძალისხმევა ამ პროცესში. მადლობას ვუხდი მას როგორც დიპლომატს, როგორც ადამიანს. ამას აქვს თავისი მიზეზები, რატომაც ვუსვამ ამას ხაზს. ამიტომ ხაზგასმით მინდა მადლობა გადავუხადო მას. ბუნებრივია, მადლობა ეკუთვნის პრეზიდენტ მიშელსაც, იმ კონტრიბუციისთვის, რომელიც შეაქვს მას ამ ნიშვნელოვან პროცესში. რა თქმა უნდა, მადლობას ვუხდი ამერიკის შეერთებუილი შტატების ელჩს. თუმცა, გასაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ზიგიმანტას პავილიონისს. ეს არის ადამიანი, ლიეტუვის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, რომელმაც, გადაჭარბების გარეშე, გამოაღვიძა საერთაშორისო საზოგადოება და მაშინ, როდესაც ალბათ, ყველაზე მეტად მიჭირდა, ჩამოფრინდა ლიეტუვიდან საქართველოში და მოვიდა "ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალურ ოფისში, ერთი სოლიდარობის გამოსაცხადებლად და ამის მერე უზარმაზარი შრომა გასწია, რომ შემდეგში საერთაშორისო საზოგადოების სწორი რეაქცია ყოფილიყო 23 თებერვლის შემდეგ. რომ არა ბატონი პავილიონისი, არამგონია ეს შედეგი დამდგარიყო, რომელიც დადგა. ვგულისხმობ გამოხმაურებას ჩვენი საერთაშორისო მეგობრების მხრიდან", - განაცხადა ნიკა მელიამ .

ნიკა მელია: თუკი რამეზე ნაკლებად მიფიქრია აქ, მიფიქრია მერობის კანდიდატობაზე

"თუკი აქ რამეზე ნაკლებად მიფიქრია, მიფიქრია მერობის კანდიდატობაზე", - ამის შესახებ ნიკა მელიამ საპატიმროს დატოვების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. კითხვაზე აპირებს თუ არა იგი მისი კანდიდატურის მერად წარდგენას, ნიკა მელიამ განაცხადა, რომ ამ მომენტში ამ კითხვაზე ამომწურავი პასუხის გაცემა გაუჭირდება. მისივე თქმით, ის ყველა კითხვაზე ამომწურავ პასუხს მოგვიანებით გასცემს. "სანამ ვიქნებით ბოლომდე გულწრფელები, მართლები ვიქნებით და გავიმარჯვებთ. თუკი რამეზე ნაკლებად მიფიქრია აქ, მიფიქრია მერობის კანდიდატობაზე. ახლა არ მინდა ამ საკითხზე მოკლე კომენტარით შემოვიფარგლო, რადგან მინად-არ მინდა პოზიცია გამიმრუდდება. ჩემი აზრით, ამას სჭირდება კარგი ინტერვიუ თითოეულ თქვენგანთან და ყველა ამომწურავ კითხვაზე გაგცემთ პასუხს", - განაცხადა მელიამ.

ნიკა მელია: პარლამენტში შესვლა-არშესვლასთან დაკავშირებით, ხვალიდან გაიმართება კონსულტაციები

"პარლამენტში შესვლა-არშესვლასთან დაკავშირებით, ხვალიდან გაიმართება მჭიდრო კონსულტაციები. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, იგეგმება ბლოკ "ნაციონალური მოძრაობის" ფარგლებში, პარტიაში, მეგობრებთან შეხვედრები“, - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ საპატიმროს დატოვების შემდეგ. როგორც მან აღნიშნა, შეხვედრები გაიმართება არასაპარლამენტო პარტიებთან, მათ წარმომადგენლებთან და იმ პარტიებთან, რომლებიც პარლამენტში შევიდნენ. მისივე განცხადებით, ამ ეტაპზე, კითხვაზე, შევა თუ არა "ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში, ცალსახა პასუხი არ აქვს. "ერთ საათში რომ კენჭისყრა ჩაატარო პარტიაში, "ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში უნდა შევიდეს თუ არა, მეც ვერ გეტყვით რა შედეგით დასრულდება. პარტიასთან, ჩემს ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან, - პარტიის წევრებს არ ვეძახი, ვაპირებ ამ საკითხების დეტალურად გავლას, ამის გარდა, ყველა ჩემს კოლეგას უნდა დაველაპარაკო და ამის შემდეგ მივიღო გადაწყვეტილება. ახლა ცალსახა პასუხს ვერ გეტყვით. მგონია, რომ გადაწყვეტილება უნდა იყოს პრაგმატული და რაციონალური", - განაცხადა ნიკა მელიამ.

ამერიკული კომპანია Eachnight-ი მოხალისეებს ძილში 1 500 დოლარს გადაუხდის

ამერიკული კომპანია Eachnight-ი, რომელიც სწორი ძილის შესახებ რჩევებს აქვეყნებს, ექსპერიმენტში მონაწილეებს, 30 დღის განმავლობაში, დღისით დაძინებისთვის 1 500 დოლარს გადაუხდის. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანიაზე დაყრდნობით, CNN-ი ავრცელებს. ექსპერიმენტის მიზანია "რამდენიმე თეორიის შემოწმება დღისით ძილის სარგებლის შესახებ". ექსპერიმენტმა უნდა დაადგინოს დღისით ძილის დადებითი და უარყოფითი მხარეები და მისი ზეგავლენა მეხსიერებაზე, მოტივაციასა თუ პროდუქტიულობაზე. "30 დღის განმავლობაში ჩვენი მოხალისეები სხვადასხვა თეორიის ტესტირებაში მიიღებენ მონაწილეობას, მათ შორის დაადგენ რამდენსაათიანი ძილია საჭირო დასვენებისთვის, რა გავლენა აქვს დღისით ძილს მეხსიერებაზე, მოტივაციასა და პროდუქტიულობაზე", - აცხადებენ კომპანიაში. ექსპერიმენტში მონაწილეობა ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეებს შეუძლიათ. თუმცა, მათ კარგად უნდა იცოდნენ ინგლისური, რათა კომპანიას თავისი ძილის შესახებ სწორი ინფორმაცია მიაწოდონ. აპლიკანტის ასაკი 18 წელს უნდა აღემატებოდეს. განაცხადის შევსება 31 მაისის ჩათვლით კომპანიის ვებგვერდზე არის შესაძლებელი.

23 წლის იტალიელს შეცდომით Pfizer-ის 6 დოზა გაუკეთეს

23 წლის იტალიელი ქალი დაკვირვების ქვეშ იმყოფება მას შემდეგ, რაც იტალიის საავადმყოფოში, Pfizer ვაქცინის ექვსი დოზა შეცდომით გაუკეთეს. ტოსკანაში, ქალი გუშინ, ინექციის შემდეგ, თავს კარგად გრძნობდა. მას სითხეები და პარაცეტამოლი მიაღებინეს. კვლევებით ცნობილია, რომ Pfizer-ის ვაქცინის ჭარბი დოზის ლიმიტი 4 დოზამდეა..

პავილიონისი მელიას გათავისუფლებაზე: მიუხედავად იმისა, რომ ჩემი პრეზიდენტისგან მივიღე კრიტიკა, თავისუფლება დაცულია. ყველას ვულოცავ

"მიუხედავად იმისა, რომ ჩემი პრეზიდენტისგან მივიღე კრიტიკა, თავისუფლება დაცულია. ყველას ვულოცავ", - ლიეტუვის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ზიგიმანტას პავილიონისი ნიკა მელიას გათავისუფლებას Facebook-ზე ეხმიანება. "ბოლოს და ბოლოს, საქართველოს ოპოზიციის ლიდერი ნიკა მელია თავისუფალია. მადლობა ევროკავშირსა და აშშ-ს ჩართულობისთვის და პირადად მე. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი პრეზიდენტისგან მივიღე კრიტიკა, თავისუფლება დაცულია. ყველას ვულოცავ !!!", - წერს პავილიონისი. სასამართლომ ნიკა მელიას პატიმრობიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო ნიკა მელიამ საპატიმრო დატოვა

შეტაკებების პარალელურად, ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტა ისროლეს

ისრაელსა და პალესტინელებს შორის დაძაბულობის ფონზე ღაზიდან იერუსალიმის მიმართულებით რაკეტები ისროლეს. ინფორმაციას BBC ავრცელებს. პალესტინელებს და ისრაელის პოლიციას შორის რამდენიმე დღეა, შეტაკებები იერუსალიმში და ღაზის სექტორის საზღვართან მიმდინარეობს. ესკალაციის მიზეზი პალესტინელთა 70-ზე მეტი ოჯახის გასახლების შესახებ გეგმაა. ისრაელის პოლიციასთან დაპირისპირების დროს აღმოსავლეთ იერუსალიმში, ალ-აქსას მეჩეთის წინ 300-ზე მეტი პალესტინელი დაიჭრა.

30 ივლისის შემდეგ პირველად, დიდ ბრიტანეთში COVID19-ით გარდაცვალების არც ერთი შემთხვვეა არ დაფიქსირებულა

30 ივლისის შემდეგ პირველად, დიდ ბრიტანეთში COVID19-ით გარდაცვალების არც ერთი შემთხვვეა არ დაფიქსირებულა. ამის შესახებ ბრიტანული მედია იტყობინება. დაფიქსირდა 2,357 ახალი შემთხვევა. ბრიტანეთი შეზღუდვების შემსუბუქებას გეგმავს და სავარაუდოდ, რესტორნებს, მუზეუმებსა და კინოთეატრებსაც გახსნის. დიდ ბრიტანეთში ვაქცინაცია 7 აპრილიდან ამერიკული Moderna-თითაც დაიწყო, მანამდე კი, ასევე იყენებდნენ Pfizer-ს და Astrazeneca-ს. სულ აღრიცხულია 4 მილიონზე მეტი შემთხვევა. გარდაიცვალა 127 609 ადამიანი.

მალაიზია 12 მაისიდან 7 ივნისის ჩათვლით მკაცრ შეზღუდვებს აწესებს

კორონავირუსის მე-3 ტალღის თავიდან აცილების მიზნით, მალაიზიის პრემიერ-მინისტრმა 12 მაისიდან 7 ივნისის ჩათვლით მკაცრი შეზღუდვები დააწესა. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, "მალაიზია პანდემიის მესამე ტალღის წინაშე დგას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ეროვნული კრიზისი". მისი თქმით, ქვეყანაში კოვიდინფიცირების ყოველდღიურმა შემთხვევებმა 4000-ს გადააჭარბა. მკაცრი შეზღუდვების პირობებში, ქვეყნის მასშტაბით ყველა სოციალური შეკრება აიკრძალება. აიკრძალება ასევე მოგზაურობა, როგორც ქვეყნის ფარგლებს გარეთ, ასევე ქვეყნის შიგნით. მოგზაურობა დასაშვებია მხოლოდ აუცილებლობის შემტხვევაში. აიკრძალება ყველა სოციალური აქტივობა, ღონისძიება და რესტორანებში სიარული. "ქვეყანაში მოგზაურობის შეზღუდვის შესახებ გადაწყვეტილება ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომის შემდეგ გახდა ცნობილი. გარდა ამისა, ყველა საგანმანათლებლო დაწესებულება დაიხურება. გამონაკლისი დაიშვება მხოლოდ იმ პირებისთვის, რომლებიც საერთაშორისო გამოცდებს აბარებენ", - განაცხადა ქვეყნის მეთაურმა. პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ დამსაქმებლებმა ოფისებში დასაქმებულთა არა უმეტეს 30% უნდა დატოვონ. მისი თქმით, ასევე გაიხსნება სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები მშობლების დასახმარებლად. მალაიზიის პრეზიდენტმა დასძინა, რომ ქვეყანაში ერთი მანქანით გადაადგილება მხოლოდ 3 პირს შეეძლება, ხოლო მოძრაობა ქალაქებს, რეგიონებსა და შტატებს შორის მხოლოდ პოლიციის სპეციალური ნებართვით იქნება შესაძლებელი. მეჩეთში, სადაც 1000 ადამიანი ეტევა, მათი რიცხვი 50-მდე შემცირდება.

სალომე ზურაბიშვილი: ჩრდილოეთ მაკედონია NATO-ში წარმატებული ინტეგრაციის კუთხით შთამაგონებელი მაგალითია საქართველოსათვის

ჩრდილოეთ მაკედონიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, პრეზიდენტებმა სალომე ზურაბიშვილმა და სტევო პენდაროვსკიმ „სვეტი სპას“ ტაძრის ეზოში გოცე დელჩევის მემორიალი გვირგვინით შეამკეს და ცერემონიის შემდეგ „სვეტი სპას“ ტაძარი და სამარხები დაათვალიერეს. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, საქართველოს პრეზიდენტი სკოპიეში ვიზიტისას ასევე შეხვდა ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის ასამბლეის პრეზიდენტს, ტალატ ჯაფერის და რესპუბლიკის პირველი ვიცეპრემიერ არტან გრუბის. "ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის ასამბლეის პრეზიდენტთან შეხვედრისას კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი ორი ქვეყნის პარლამენტებს შორის ურთიერთობების გააქტიურებას, გაღრმავებისა და ასევე, გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას. შეხვედრებზე კიდევ ერთხელ აღინიშნა ჩრდილოეთ მაკედონიის მიერ საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერა. ხაზი გაესვა, რომ საქართველო ჩრდილოეთ მაკედონიის პარტნიორი და მეგობარია, რაც არა მხოლოდ საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებებს შორის ურთიერთობებით, არამედ ორი ქვეყნის ხალხებს შორის მეგობრობითაც დასტურდება. ასამბლეის პრეზიდენტთან და ვიცეპრემიერთან შეხვედრებზე საუბარი შეეხო ასევე, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებს, კოვიდპანდემიის პირობებში არსებულ განსაკუთრებით მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობას, ბორდერიზაციის პროცესსა და ადამიანის გატაცებების ფაქტებს. საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ნატო-ში წარმატებული ინტეგრაციის კუთხით ჩრდილოეთ მაკედონია კონკრეტული და შთამაგონებელი მაგალითია საქართველოსათვის, რომელიც აჩვენებს, რომ ნატო-ს ღია კარის პოლიტიკა რეალურია", - ნათქვამია ინფორმაციაში.

ჯანმოს განმარტება ვაქცინაციასა და ალკოჰოლს შორის კავშირზე

ერთის მხრივ, კვლევები იმაზე, რომ ალკოჰოლი ანტისხეულების შექმნას ამცირებს, არ არსებობს. მეორე მხრივ, იქიდან გამომდინარე, რომ ვაქცინაციის ზოგიერთი გვერდითი მოვლენა, როგორიცაა თავის ტკივილი, სისუსტე, თავბრუსხვევა, შეიძლება ნაბუხუსევის შეგრძენებებში აგერიოთ, ვაქცინაციის შემდგომ დღეებში ალკოჰოლის ჭარბი მიღება არ არის რეკომენდირებული. ამ განმარტებას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისი ავრცელებს. მისივე თანახმად, ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება მავნებელია ორგანიზმისთვის ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ასაკში და ის წარმოადგენს მრავალი ქრონიკული დაავადების, როგორიცაა გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, დიაბეტი, სიმსივნე და ა.შ. რისკფაქტორს. ცნობისათვის, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ მას ხშირად ეკითხებიან, როდის შეიძლება დალევა ვაქცინაციის შემდეგ. მისი თქმით, ვაქცინაციის შემდეგ ალკოჰოლური სასმლის მიღება რეკომენდებული არ არის.

სომხეთის პარლამენტმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ნიკოლ ფაშინიანის კანდიდატურას მხარი არც მეორედ დაუჭირა

დღევანდელ საგანგებო სხდომაზე, სომხეთის პარლამენტმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ნიკოლ ფაშინიანის კანდიდატურას მხარი არც მეორედ დაუჭირა. ფაშინიანის კანდიდატურას მხარი მხოლოდ ერთმა დეპუტატმა დაუჭირა. ერთმა დეპუტატმა ხმა მის წინააღმდეგ მისცა, ხოლო 76-მა დეპუტატმა თავი შეიკავა. ამრიგად, სომხეთში რიგგარეშე არჩევნების პროცესი დაიწყო და ეროვნული ასამბლეა კანონის ძალით დაიშალა . ახალი პარლამენტის ჩამოყალიბებამდე დეპუტატები დროებით გააგრძელებენ თავიანთი მოვალეობების შესრულებას და უფლებამოსილების განხორციელებას. ცნობისთვის, თანამდებობიდან გადადგომისას, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ პრემიერის თანამდებობას ტოვებს, რათა ქვეყანაში ჩატარდეს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები. მან მაშინ განაცხადა, რომ არჩევნები 20 ივნისს გაიმართება. მიუხედავად ამისა, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პარლამენტის დაშლის შემდეგ უნდა გამოაცხადოს არჩევნების საბოლოო თარიღი.

შემოდგომაზე, ჩრდილოეთ მაკედონიის პარლამენტის თავმჯდომარე, ოფიციალური ვიზიტით საქართველოს ეწვევა

შემოდგომაზე ჩრდილოეთ მაკედონიის პარლამენტის თავმჯდომარე, მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი და თანმხლები დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით საქართველოს ეწვევა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის წევრმა, ჩრდილოეთ მაკედონიასთან მეგობრობის საპარლამენტო ჯგუფის ხელმძღვანელმა, გივი მიქანაძემ განაცხადა. როგორც მიქანაძემ აღნიშნა, ჩრდილოეთ მაკედონიის პარლამენტის თავმჯდომარესთან გამართული მოლაპარაკებების ფარგლებში, ინიციატივა დააყენეს, რომ საქართველოში ვიზიტის დროს ორმხრივი სტრატეგიული თანამშრომლობისა და პარტნიორობის მემორანდუმს მოეწეროს ხელი. „ამ შეხვედრაზე მხარეებს შორის გაიცვალა ინფორმაცია მიმდინარე საკანონმდებლო პროცესებზე და იმ პოლიტიკურ რეალობებზე, რომელიც ჩვენს ქვეყნებში არის. ასევე, განვიხილეთ შესაძლებლობა, რომ ეს ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდეს და დაახლოვდეს, სწორედ ამ მიზნით, საქართველოს პარლამენტმაც და ჩრდილოეთ მაკედონიის პარლამენტმაც შექმნეს მეგობრობის ჯგუფები, რომლის ფორმატშიც მე მქონდა შესაძლებლობა, ამ ვიზიტის ფარგლებში, ერთი-ერთზე, პირისპირ შევხვედროდი ჩემს კოლეგას ჩრდილოეთ მაკედონიის პარლამენტიდან. ჩვენ დავისახეთ გეგმები, რომლის მიხედვითაც მიმდინარე წლის შემოდგომაზე, ჩრდილოეთ მაკედონიის პარლამენტის თავმჯდომარე, მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი და თანმხლები დელეგაცია საქართველოს ეწვევიან ოფიციალური ვიზიტით. ამავდროულად, პარლამენტის თავმჯდომარესთან გამართული მოლაპარაკებების ფარგლებში, ჩვენ დავაყენეთ ინიციატივა, რომ საქართველოში მისი ვიზიტის დროს ხელი მოეწეროს ორმხრივი სტრატეგიული თანამშრომლობისა და პარტნიორობის მემორანდუმს, რაზეც პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან დადებითი შეფასება მოჰყვა. მან თქვა, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რომ ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოები კიდევ უფრო დაუახლოვდნენ ერთმანეთს და უფრო ინტენსიური გახდეს საკანონმდებლო ორგანოებს შორის კომუნიკაცია და ამ ვიზიტის განხორციელებამდე, მეგობრობის ჯგუფები ინტენსიურად იმუშავებენ ამ დოკუმენტის საბოლოო ტექსტის მოსამზადებლად და პოზიციების შესაჯერებლად. ჩვენ ვფიქრობთ, რომ წელს როდესაც ეს ვიზიტი განხორციელდება, რაც იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო მაღალ დონეზე აყვანის თვალსაზრისით და განსაკუთრებით საპარლამენტთაშორისო ურთიერთობების განსავითარებლად, აუცილებლად ეს დოკუმენტი იქნება ხელმოწერილი, რაც შესაძლებელს გახდის, რომ ორ ქვეყანას შორის საკანონმდებლო დონეზე კიდევ უფრო ინტენსიური გახდეს თანამშრომლობა”,- განაცხადა გივი მიქანაძემ.

ელჩი რიჩარდ ნორლანდი ლიბიაში აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელიც იქნება

რიჩარდ ნორლანდი ლიბიაში დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის გარდა, აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი იქნება. სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ ელჩი ნორლანდი, როგორც აშშ-ის სპეციალური უხელმძღვანელებს აშშ-ის დიპლომატიურ მცდელობებს, რომელიც ხელს შეუწყობს კონფლიქტის პოლიტიკურ გადაჭრას გაეროს მეშვეობით. როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა განაცხადა, ელჩი ნორლანდი ასევე მჭიდროდ ითანამშრომლებს ვაშინგტონის უწყებათაშორის კოლეგიასთან, სამოქალაქო საზოგადოებასა და ჰუმანიტარულ პარტნიორებთან, რომლებიც ლიბიელი ხალხის აქტიური მხარდაჭერის მიზნით, აშშ-ის როლის გაღრმავებას ითვალისწინებს. რიჩარდ ნორლანდი (2009-2012) წლებში აშშ-ის ელჩი იყო საქართველოში.

რუმინეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ აღმოსავლეთ ევროპაში NATO-ს წარმომადგენლობის გაზრდაა საჭირო

აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს, რომლებიც NATO-ს წევრები არიან, აღმოსავლეთ ფლანგზე უფრო მეტი მოკავშირე სჭირდებათ, განაცხადა რუმინეთის პრეზიდენტმა კლაუს იოჰანისმა ორშაბათს ვირტუალური სამიტის შემდეგ, რომელსაც შეერთებულ შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა შეუერთდა. ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება. „ჩვენ, როგორც აღმოსავლეთის ფლანგზე მოკავშირეები, უნდა გავაგრძელოთ კონსოლიდაცია შეკავებისა და თავდაცვის კუთხით. ახლახან ყველა მოწმე გავხდით რუსეთის მიერ შემაშფოთებელი სამხედრო მობილიზაციის ახლო სამეზობლოში, შავ ზღვაში, უკრაინასა და მის გარშემო", - განაცხადა იოჰანისმა. „ამიტომაც მოვითხოვდი, მათ შორის პრეზიდენტ ბაიდენთან დისკუსიების დროს, მოკავშირეთა სამხედრო ყოფნის გაზრდას რუმინეთში და... აღმოსავლეთ ფლანგზე, სამხრეთით“, - აღნიშნა რუმინეთის პრეზიდენტმა.

12 მაისს, საქართველოს რკინიგზა ბათუმის მიმართულებით დამატებით რეისს ნიშნავს

12 მაისს, საქართველოს რკინიგზა ბათუმის მიმართულებით დამატებით რეისს ნიშნავს, - ამის შესახებ ინფორმაციას "საქართველოს რკინიგზა" ავრცელებს. მათივე ცნობით, ბილეთების შეძენა უკვე შესაძლებელია. "გაზრდილი მგზავრთა ნაკადის გამო, საქართველოს რკინიგზა 12 მაისს ბათუმის მიმართულებით დამატებით რეისს ნიშნავს. გაითვალისწინეთ, რომ ბილეთები უკვე იყიდება", - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფრანგი სამხედროები მთავრობას სამოქალაქო ომის შესახებ აფრთხილებენ

ფრანგი სამხედროები მთავრობას ღია წერილით მიმართავენ და მორიგი სამოქალაქო ომის შესახებ აფრთხილებენ. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. როგორც ცნობილია, წერილს 130 000-ზე მეტი პირი აწერს ხელს. წერილის ავტორები ქვეყნის ხელისუფლებას ისლამიზმთან პოზიციების "დათმობაში" ადანაშაულებენ. "ეს ეხება ჩვენი ქვეყნის გადარჩენას. სამოქალაქო ომის დაწყების შემთხვევაში, საფრანგეთის ჯარი საკუთარ მიწაზე წესრიგს უზრუნველყოფს. საფრანგეთში სამოქალაქო ომი მწიფდება და თქვენ ეს მშვენივრად იცით", - ნათქვამია ტექსტში, რომელიც ჯარისკაცებმა ანონიმურად გამოაქვეყნეს და საზოგადოების დახმარების თხოვნით მიმართავენ. საფრანგეთის მთავრობამ დაგმო აღნიშნული, ისევე როგორც მსგავსი წერილი გასულ თვეში. შინაგან საქმეთა მინისტრმა ჯერალდ დარმანინმა ანონიმური ხელმომწერები "გამბედაობის" უქონლობაში დაადანაშაულა.