ძებნის რეზულტატი:

ამირან გამყრელიძე კორონავირუსით რეინფიცირებაზე, კოვიდგადატანილებსა და ბავშვების აცრაზე

საქართველო კოვიდინფექციის გავრცელების პიკურ ეტაპზეა და სპეციალისტების რჩევაა, 2-3 კვირის განმავლობაში განსაკუთრებით დავიცვათ რეკომენდაციები. გარდა ამისა, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ დღევანდელ ვებინარზე რამდენიმე მნიშვნელოვან დეტალზე ისაუბრა. Europetime-მა ეპიდემიოლოგის დღევანდელი გზავნილები შეკრიბა: რეკომენდაციები კოვიდგადატანილებისთვის პოსტკოვიდური სინდრომი გახლავთ სერიოზული პრობლემა და მას სჭირდება მეტი ყურადღება. ჩემი რეკომენდაცია გახლავთ, რომ კოვიდის გადატანის შემდეგ ადამიანი მჭიდრო კონტაქტში იყოს თავის ოჯახის ექიმთან. სულ მცირე 6 თვის განმავლობაში. ასევე, თუ საჭიროდ ჩათვლის ოჯახის ექიმი, შესაბამისი გამოკვლევებიც ჩაიტაროს. კოვიდი თავდაპირველად მიიჩნეოდა საკმაოდ მსუბუქ დაავადებად, არ ტოვებდა ხანგრძლივვადიან გართულებებს. ბევრი კვლევით უკვე დადგენილია და უკვე დამკვიდრდა ტერმინი - "პოსტკოვიდური სინდრომი". ის ყველა შემთხვევაში და უმრავლეს შემთხვევაში არ გვხვდებოდა". რეინფიცირება განმეორებით ინფიცირება გახშირდა და ასეთი შემთხვევები მსუბუქად არ მიმდინარეობს ვაქცინის გვერდითი მოვლენები საქართველოში ვაქცინაციის შემდგომი გართულება 120 ადამიანს დაუფიქსირდა, ანაფილაქსიური შოკი კი ერთ პაციენტს გამოუვლინდა. ეს არის მსუბუქი და საშუალო სიმძიმის გართულება. სიცხის აწევა არ ფიქსირდება. აუთვისებელი დოზები? „ბოლო 3 დღის განმავლობაში Sinopharm-ით აცრილია 3941 ადამიანი, Astrazeneca-თი სულ - 28 190. 7 მაისიდან 10 ივნისამდე Sinopharm-ით ჯავშანი აქვს გაკეთებული 25 771 ადამიანს, ხოლო Astrazeneca-ზე ჯავშანი აქვს გაკეთებული 17 216 ადამიანს. ვფიქრობ, Astrazeneca-ზე არავითარი აუთვისებელი დოზა არ იქნება, რადგან საკმაოდ ინტენსიურია აცრები, ამის საშიშროება არ არის. ბავშვების აცრა ამის გარეშე პანდემიას კაცობრიობა ვერ დაამარცხებს აცრის შემდეგ დაინფიცირება კოვიდვაქცინის პირველი დოზით აცრის შემდეგ 300-მდე ადამიანი დაინფიცირდა. ცნობისათვის, ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 547 ადამიანს დაუდასტურდა, 1 131 გამოჯანმრთელდა, ხოლო 18 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.

კინორეჟისორი ბუბა ხოტივარი გარდაიცვალა

კინორეჟისორი ბუბა ხოტივარი 74 წლის ასაკში გარდაიცვალა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია EUROPETIME-ს ეროვნულ კინოცენტრში დაუდასტურეს. ცნობისთვის, ბუბა ხოტივარმა დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის თეატრმცოდნეობის ფაკულტეტი; მოსკოვის კინემატოგრაფიის საკავშირო ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი. სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართველოს ტელეფილმების სტუდიისა და კინოსტუდია „ქართული ფილმის“ კინორეჟისორად. 1986-1991წწ. ხელმძღვანელობდა „ქართული ფილმის“ ახალგაზრდულ შემოქმედებით გაერთიანება „ადამ და ევას“. 1988-1992წწ. იყო საქართველო-ინგლისის ერთობლივი ფირმა „მთვარის გლობუსის“ გამგეობის წევრი და დირექტორი, ხოლო 2004-2006წწ. კინოსტუდია „მემატიანეს“ დირექტორი. როგორც დამდგმელ რეჟისორს, გადაღებული აქვს დოკუმენტური და მხატვრული ფილმები: „ისლამი საქართველოში“, „ლეხაიმ!“, „მარკოზის სახარება“, „ლაზარეს თავგადასავალი“(ქართლოს ხოტივართან ერთად), „დიმიტრი II“, „ჩირიკი და ჩიკოტელა“.

ლუის ნავარო: აშშ-მა და ევროპამ რუსეთის საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის უფრო მეტი სურვილი გამოავლინეს

„აშშ-მა და ევროპამ რუსეთის საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის უფრო მეტი სურვილი გამოავლინეს მას შემდეგ, რაც ჯო ბაიდენი პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას შეუდგა“, - მიიჩნევს ლუის ნავარო, საგარეო პოლიტიკის კვლევითი ინსტიტუტის ანალიტიკოსი. ლუის ნავაროს განცხადებით, თუ ქართული პოლიტიკური კლასი ვერ შეძლებს, უფრო მეტი რეაგირება მოახდინოს მათი ამომრჩევლის ნებაზე და მიაღწიოს სახელმწიფოებრივი საკითხების გადაწყვეტას, საბოლოოდ დასავლეთის მთავრობებში შემცირდება ინტერესი, რომ მათ უფრო მეტი პოლიტიკური და მატერიალური დახმარება გასწიონ. „საქართველოს დემოკრატიული გზა, ქვეყნის მთავარი აქტივია აშშ-ისა და ევროპისთვის, რაც უფრო შემცირდება დემოკრატია, მით უფრო დიდია გამოწვევა დასავლეთისკენ გზაზე“, - განაცხადა მან Europetime-თან საუბრისას. კრიზისების დროს შექმნილი ვითარებით რუსეთის მიერ სარგებლობაზე, საერთაშორისო პარტნიორების რიგი განცხადებების შემდეგ, რუსეთის გავლენის ზრდასა და რუკის ახალი გადანაწილების საფრთხეზე ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა მიანიშნა. გაბრიელიუს ლანდსბერგისმა საქართველო რამდენიმე დღის წინ დატოვა, საკუთარ შთაბეჭდილებებზე კი გუშინ, მისივე პოსტში გაამახვილა ყურადღება. ის მიიჩნევს, რომ სამხრეთ კავკასიის ქვეყნები სხვადასხვა პრობლემის წინაშე დგანან, ერთი იდენტური ფენომენით - რუსეთის გავლენა რეგიონში იზრდება. „სამივე ქვეყანაში ექსპერტები ერთსულოვნად თანხმდებიან, რომ გეოპოლიტიკური არეალიდან აშშ-ის უკან დახევა, ევროკავშირის სიფრთხილე და რუსეთის სამხედრო ძალების ზრდა, რუკის ახალი გადანაწილების საფრთხეს ქმნის. სწორედ ამიტომ, სამხრეთ კავკასიას ქვეყნებს მეტი ევროპა სჭირდებათ“, - გაბრიელიუს ლანდსბერგისის ეს სიტყვები სამხრეთ კავკასიაში ვიზიტის შემდეგ, მინისტრის ოფიციალურ Facebook გვერდზე გამოქვეყნდა.

შუშა აზერბაიჯანის კულტურულ დედაქალაქად გამოცხადდა

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლის მიხედვით, ქალაქი შუშა ქვეყნის კულტურულ დედაქალაქად გამოცხადდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. დოკუმენტის მიხედვით, შუშამ უნდა დაიბრუნოს არა მხოლოდ ისტორიული იერსახე, არამედ იქცეს მდიდარი კულტურის, არქიტექტურული და ურბანული დაგეგმარების თვალსაჩინო ნიმუშად.

თამარ გაბუნია: წამლის ხარისხის ლაბორატორიის შექმნა სახელმწიფო ხარჯებით მოხდება

"წამლის ხარისხის ლაბორატორიის შექმნა, პირველ ეტაპზე, სახელმწიფო ხარჯებით მოხდება" - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, მინიმალური ინვესტიცია, რომელიც ბაზისური ლაბორატორიისთვის არის საჭირო, 3 მილიონი დოლარით არის შეფასებული. "წელს წამლის ხარისხის ლაბორატორია არის ჩვენი მთავარი პრიორიტეტი, რომლის შექმნა სახელმწიფო ხარჯებით მოხდება, პირველ ეტაპზე და, რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, რომ გამოვიყენოთ სხვა რესურსიც. საუბარი მაქვს სასესხო ხელშეკრულებებზე, ევროპის საინვესტიციო ბანკთან თანამშრომლობის ფარგლებში შესაძლებელია აღჭურვილობის შესყიდვის ნაწილში ეს საკითხი განვიხილოთ, თუმცა პირველ ეტაპზე, ჩვენ რეაბილიტაციის და აღჭურვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში განვიხილავთ ინფრასტრუქტურის ინვესტიციის საკითხს, რათა წამლის ხარისხის ლაბორატორია უმოკლეს ვადებში იყოს გამართული. ვფიქრობ, ამას არ დასჭირდება დიდი დრო და მომავალი წლისთვის უკვე გვექნება გამართული. საწყისი მინიმალური ინვესტიცია, რომელიც ბაზისური ლაბორატორიისთვის არის საჭირო, შეფასებულია 3 მილიონი დოლარით - ეს არის ბაზისური აღჭურვილობის ჩათვლით, ინფრასტრუქტურული საჭიროებისთვის მისი ნაწილი, რა თქმა უნდა, უფრო ნაკლებია", - განაცხადა გაბუნიამ.

ივნისში, გელათის მონასტერში არსებული ვითარების შესასწავლად UNESCO-ს ექსპერტი ჩამოვა

საქართველოს კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, გელათის სამონასტრო კომპლექსში არსებული ვითარების შესასწავლად ივნისში საქართველოში იუნესკოს ექსპერტი ჩამოვა. ამის შესახებ წულუკიანმა "პირველი არხის" ეთერში ისაუბრა. მინისტრის ინფორმაციით, ხარვეზების გამოსწორებას საკმაოდ დიდი ადამიანური და ფინანსური რესურსი დასჭირდება. მაგრამ, მისივე თქმით, ხარვეზების გამოსწორება შესაძლებელია. "გელათს ნამდვილად სჭირდება იმ ხარვეზების გამოსწორება, რომელიც გადახურვის პროცესში დაშვებულმა შეცდომებმა გამოიწვია... ჩემმა პირველმა მოადგილემ, ბატონმა კახა სიხარულიძემ, მთელი თავისი წარსული დიპლომატიური გამოცდილება მოახმარა იმას, რომ ამ მოკლე ვადაში, მიუხედავად პანდემიისა, მივიღეთ UNESCO-სგან თანხმობა და ივნისში გვეწვევა ცნობილი ექსპერტი, რომელიც ძეგლების გადახურვის სპეციალისტია და გააკეთებს შეფასებას. სწორედ ის გვეტყვის, თუ რამხელაა ზიანი. შეიძლება, მქონდეს ჩემი წარმოდგენა და ვარაუდები, როგორც ერთ ადამიანს, რომელიც არ არის ამ საქმის პროფესიონალი, თუმცა, ჩემი ვარაუდიც დოკუმენტებს ეყრდნობა და შემიძლია გითხრათ, რომ ზარალი არის საკმაოდ დიდი და ხარვეზების გამოსწორებასაც საკმაოდ დიდი ადამიანური და ფინანსური რესურსი დასჭირდება, მაგრამ ხარვეზების გამოსწორება შესაძლებელია. ძალიან დიდი შრომა იქნება ამისთვის საჭირო. უფრო კონკრეტულად კი, ჩვენ გვჭირდება კვალიფიციური უცხოელი ექსპერტი. უცხოელი სწორედ იმიტომ, რომ ჩვენი საქმე დადგა ისე, რომ გვჭირდება უცხოელის ჩართულობა. მადლობა UNESCO-ს, რომ დღევანდელი სტანდარტებით ძალიან სწრაფად, ივნისში მოავლინა ერთ-ერთი საუკეთესო ექსპერტი, რომელიც იტალიის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე მუშაობს", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

საქართველოსა და უკრაინის პრემიერებმა სტრატეგიულ პარტნიორობასა და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში თანამშრომლობის გააქტიურებაზე ისაუბრეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, უკრაინის პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალს ვიდეოკონფერენციის ფორმატში შეხვდა. შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოსა და უკრაინას შორის არსებულ მეგობრობასა და სტრატეგიულ პარტნიორობაზე, რომელიც მრავალსაუკუნოვან ისტორიულ და კეთილმეზობლურ ურთიერთობებს ემყარება. ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და უკრაინის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და ამ მიმართულებით კიდევ უფრო ეფექტური თანამშრომლობის მნიშვნელობაზე. უკრაინის პრემიერ-მინისტრმა ქართველ კოლეგას, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში, საერთაშორისო არენაზე უკრაინის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. უკრაინის საზღვრებთან და დროებით ოკუპირებულ ყირიმში ბოლო დროს რუსეთის სამხედრო გააქტიურებაზე საუბრისას, საქართველოს მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ გამოხატა ქართული მხარის შეშფოთება მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით და დაადასტურა საქართველოს მტკიცე მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. საუბარი ასევე შეეხო საქართველოსა და უკრაინას შორის არსებულ სავაჭრო- ეკონომიკურ ურთიერთობებს. აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია ერთობლივი ძალისხმევა, რათა უფრო მეტად განვითარდეს და გაღრმავდეს ორ ქვეყანას შორის არსებული ეკონომიკური თანამშრომლობა. მხარეებმა იმსჯელეს ნატოში ინტეგრაციის პროცესში მიღწეულ პროგრესზე და აღნიშნეს, რომ ალიანსში გაწევრიანება ორი ქვეყნის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ამ კონტექსტში ხაზი გაესვა შავი ზღვის უსაფრთხოების კუთხით თანამშრომლობას და შავი ზღვის უსაფრთხოების მნიშვნელობას საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უკრაინელი კოლეგა, მისთვის ხელსაყრელ დროს, ოფიციალური ვიზიტით თბილისში მოიწვია.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ბუნდესტაგის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდნენ

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ირაკლი კობახიძე და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე გერმანიაში ვიზიტის ფარგლებში, ბუნდესტაგის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეს, ნორბერტ როდგენს შეხვდნენ. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები შეაფასეს და დემოკრატიული რეფორმების მნიშვნელობა აღნიშნეს. საუბრის თემას ასევე წარმოადგენდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე - აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებული ვითარება რუსეთის მხრიდან მომდინარე პროვოკაციული ქმედებები.საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციის პროცესებზე საუბრისას, ნორბერტ როდგენმა საქართველოს მიმართ გერმანიის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ აღნიშნა. შეხვედრაზე მხარეები შეტანხმდნენ, რომ აუცილებელია ევროკავშირის კიდევ უფრო მეტი ინსტრუმენტის და მექანიზმის ჩართულობა, რათა საქართველოსმ მაქსიმალურად სწრაფად შეძლოს ევროკავშირთან დაახლოება და ინტეგრაცია. გერმანელი კანონმდებლის განცხადებით, გერმანია მზად არის აღნიშნული საკითხები ევროკავშირის წინაშე დააყენოს და მხარი დაუჭიროს საქართველოს მისწრაფებებს. უსაფრთხოების საკითხებზე მსჯელობისას, ბუნდესტაგის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ საქართველო რეგიონში ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც ბოლო ათწლეულია ურყევად აგრძელებს დასავლურ კურსს და არის მისი პრინციპების ერთგული. მისივე შეფასებით, ეს დამოკიდებულება გერმანიის მხრიდან სათანადოდ ფასდება და შესაბამისად, გერმანიის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ნებისმიერი პარტიის გამარჯვების შემთხვევაში, საქართველოს მიმართ დამოკიდებულება და მხარდაჭერა უცვლელი დარჩება.

ეს "სინოფარმიც" შევიშხაპუნე -  გიგი უგულავამ კორონავირუსის საწინაღმდეგო ვაქცინა გაიკეთა

გიგი უგულავამ კორონავირუსის საწინაღმდეგო ჩინური ვაქცინა Sinopharm-ი გაიკეთა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა. "ეს სინოფარმიც შევიშხაპუნე. ქარელის "გორმედის" კლინიკაში. მადლობა პერსონალს. აცრა სრულიად უგრძნობი. ასე რომ ავიცრათ, გავხსნათ ქვეყანა და ჩვენი ცხოვრება" - წერს გიგი უგულავა.

ირაკლი ღარიბაშვილი: ბუბა ხოტივარი ერთგულად ემსახურა ქართულ კულტურას და თავისი სიტყვა თქვა ქართული კინოს განვითარებაში

"დიდ გულისტკივილს გამოვთქვამ ცნობილი ქართველი რეჟისორის ბუბა ხოტივარის გარდაცვალების გამო", - საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ქართველი რეჟისორის, ბუბა ხოტივარის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და ოჯახს სამძიმარს უცხადებს. "დიდ გულისტკივილს გამოვთქვამ ცნობილი ქართველი რეჟისორის ბუბა ხოტივარის გარდაცვალების გამო. იგი მრავალი წლის განმავლობაში ერთგულად ემსახურა ქართულ კულტურას და თავისი სიტყვა თქვა ქართული კინოს განვითარების საქმეში. თანავუგრძნობ ბუბა ხოტივარის ოჯახს, მეგობრებსა და ახლობლებს",- წერს ირაკლი ღარიბაშვილი Facebook- ში. კინორეჟისორი ბუბა ხოტივარი გარდაიცვალა

ვაქცინაციის შესახებ ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით, საქართველოს მთავრობამ სპეციალური ვებ საიტი შექმნა

ვაქცინაციის შესახებ ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით, საქართველოს მთავრობამ სპეციალური ვებ საიტი შექმნა ვაქცინაციის შესახებ ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით, საქართველოს მთავრობამ სპეციალური ვებ საიტი https://Provax.ge შექმნა. ვებ - გვერდზე ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია მიიღოს პასუხები მისთვის საინტრესო კითხვებზე, მათ შორის, თუ რატომ უნდა ჩაიტაროს COVID19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, ასევე, როგორ უნდა დარწმუნდეს ვაქცინის უსაფრთხოებაში, რა შემთხვევაში არ შეიძლება ვაქცინაციის ჩატარება, როგორია კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინების ეფექტურობა, უნდა აიცრან თუ არა ბავშვები და ორსულები, საჭიროა თუ არა სპეციალური მომზადება ვაქცინაციის პროცესისთვის. ვებ-გვერდზე აგრეთვე შესაძლებელია ვაქცინაციის პროცესის სტატისტიკის შესახებ ინფორმაციის მიღება, განთავსებულია ასევე შემეცნებითი ვიდეორგოლები და საქართველოში COVID-19-ის ვაქცინის დანერგვის ეროვნული გეგმა.

თბილისში, კორონავირუსით ინფიცირებული ახალნამშობიარები ქალი გარდაიცვალა, დაიღუპა ჩვილიც

თბილისში, ბოკერიას სახელობის სამედიცინო ცენტრში კორონავირუსით ინფიცირებული ახალნამშობიარები, 34 წლის ქალი გარდაიცვალა. ექიმებმა ვერც ჩვილის გადარჩენა მოახერხეს არსებული ინფორმაციით, 7 თვის ორსული ნაადრევად ამშობიარეს და ბავშვმა მხოლოდ რამდენიმე დღე იცოცხლა. 34 წლის ქალი, სუნთქვის უკმარისობით, ბოკერიას სახელობის ჰოსპიტალში 19 აპრილს შევიდა. ჰოსპიტლის კლინიკური დირექტორის, ალექსი ვაჩაძის თქმით, სუნქთვის სერიოზული უკმარისობის მიუხედავად, მდგომარეობა არ იყო სარეანიმაციო ამიტომ, პაციენტი თავდაპირველად სამეანო განყოფილებაში გადაიყვანეს, თუმცა რამდენიმე დღეში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. „34 წლის, 30 კვირის ორსული ქალი 19 აპრილს შემოიყვანეს კლინიკაში. მას აღენიშნებოდა სუნთქვის გაძნელება, 3 დღის მერე მდგომარეობა გართულდა და პაციენტი რეანიმაცია საჭირო გახდა. გოგონას რეანიმაციაში სასწრაფო საკეისრო ჩაუტარდა. მშობიარობის შემდეგ ნაყოფსაც სუნთქვის პრობლემები აღენიშნებოდა და დაახლოებით 10 დღის შემდეგ გარდაიცვალა. ორსულს ფილტვისა და თირკმებლის ძლიერი დაზიანება არენიშნებოდა, რის შემდეგაც სხვა ორგანოებიც დაზიანდა და 34 წლის ქალი 6 მაისს გარდაიცვალა“, - განაცხადა ბოკერიას კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა ალექსი ვაჩაძემ.

ისრაელში ჩატარებული კვლევების მიხედვით, Pfizer-ის ვაქცინა სიკვდილიანობის წინააღმდეგ 96.7%-ით ეფექტიანია

The Time Of Israel-ის ინფორმაციით, უახლესი კვლევის თანახმად, Pfizer-ის კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის მეორე დოზის მიღებიდან ერთ კვირაში ვირუსით გამოწვეული სიკვდილიანობის წინააღმდეგ აცრა 96.7%-იანი ეფექტიანობით გამოირჩევა. გამოცემა წერს, რომ Pfizer-ის ვაქცინას 97.5%-იანი ეფექტიანობა აქვს Covid-19-ით გამოწვეული მძიმე გართულებების წინააღმდეგ. "Pfizer-ის ვაქცინის ორი დოზა ძალზე ეფექტურია ყველა ასაკობრივ ჯგუფში სიმპტომური და ასიმპტომური ინფექციებისა და Covid-19-თან დაკავშირებული ჰოსპიტალიზაციის, მძიმე გართულებებისა და სიკვდილის თავიდან ასაცილებლად, მათ შორის ბრიტანული ვარიანტის წინააღმდეგაც". – წერია კვლევის დასკვნით ნაწილში.

წელს, ფაშიზმზე გამარჯვების დღის აღსანიშნავი ღონისძიება კიკვიძის პარკში გაიმართება

სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ვაკის პარკში, წელს, ფაშიზმზე გამარჯვების დღის აღსანიშნავი ღონისძიება არ გაიმართება.- ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. "აღნიშნული ვითარებიდან გამომდინარე, წელს, მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნისათვის პატივის მიგება ვეტერანთა კულტურის და დასვენების (კიკვიძის) პარკში იქნება შესაძლებელი", -ნათქვამია მერიის განცხადებაში. ცნობისთვის, 1945 წლის 8 მაისს ვერმახტის კაპიტულაციის შემდეგ, ევროპაში მეორე მსოფლიო ომი დასრულდა. საბჭოთა კავშირში 9 მაისი ფაშიზმზე გამარჯვების დღედ გამოცხადდა.

გიორგი ბოტკოველი: ნიკა მელია მზად არის ევროკავშირის გირაოს დათანხმდეს

"მელია თანახმაა ევროკავშირის გირაოზე, ეს იქნება ცივილიზებული სამყაროს მხრიდან პოლიტპატიმრის გამოსასყიდი, ნიკა, ძალიან მალე თავისუფალი იქნება", - ამის შესახებ, "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გიორგი ბოტკოველმა ნიკა მელიას მონახულების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, მელიასთან საპატიმროში შეხვედრაზე საერთო პოლიტიკური საკითხები განიხილეს. როგორც ბოტკოველმა აღნიშნა, ამნისტიის პროექტთან დაკავშირებით ნიკა მელიას პოზიცია უცვლელია. "ძალიან ბევრი, კონკრეტული საკითხი გავიარეთ, რაც ჩვენს დღევანდელ, სამომავლო საქმიანობას ეხება, ბევრ საკითხზე შევჯერდით. ამ დღეების განმავლობაში ბევრი სიახლე იქნება... დარწმუნებული ვარ, ცოტა დროა დარჩენილი, რომ ნიკა მელია გარეთ გამოვიდეს, ამის შემდეგ თვითონ განაცხადებს თავის გეგმებზე, თუნდაც, ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით. რაც შეეხება გირაოს, ის თანახმაა ევროკავშირის გირაოზე, მაგრამ ეს არ არის გირაო, ეს იქნება გამოსასყიდი ცივილიზებული სამყაროს მხრიდან პოლიტიკური პატიმრის და დარწმუნებული ვარ, ეს ძალიან მალე მოხდება და ნიკა მელია თავისუფალი იქნება, ეს შეიძლება იყოს 3, 5 დღე, ერთი კვირა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ეს მალე იქნება. ამნისტიის პროექტთან დაკავშირებით მისი პოზიცია უცვლელია",- განაცხადა ბოტკოველმა.

ირაკლი კობახიძე: მერობის 64 კანდიდატია წარსადგენი და სათანადო დროს საზოგადოება მიიღებს ინფორმაციას

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მერობის 64 კანდიდატია წარსადგენი და სათანადო დროს საზოგადოება მიიღებს ინფორმაციას. „მერობის კანდიდატების დასახელება როგორც წესი ხდება 2-3 თვით ადრე. ჯერ არის საკმარისი დრო დამატებით ვიმსჯელოთ გადაწყვეტილებებზე. მერობის 64 კანდიდატია წარსადგენი და სათანადო დროს საზოგადოება მიიღებს ინფორმაციას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები შემოდგომაზე ჩატარდება.

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით ჯამში 54 687 ადამიანი აიცრა

7 მაისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯამში 54 687-მა ადამიანმა გაიკეთა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მათივე ცნობით, სრულად ვაქცინირებულია 8700 ადამიანი. "აცრისთვის ჯავშნის გასაკეთებლად ეწვიეთ booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 1522. გისურვებთ ჯანმრთელობას", - ნათქვამია ინფორმაციაში.

BBC - ბრიტანეთი 40 წელს ქვემოთ მოქალაქეებს ,,ასტრაზენეკას" ალტერნატიულ ვაქცინას შესთავაზებს

BBC-ის ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთის მედიკამენტების უსაფრთხოების მარეგულირებლის გადაწყვეტილებით, 40 წელს ქვემოთ, 18-დან 39 წლამდე მოქალაქეებს, რომელთაც ჯანმრთელობის თანმდევი პრობლემები აქვთ, ვაქცინის არჩევის შესაძლებლობას მისცემენ და ალტერნატიული ვაქცინით აცრიან. როგორც ცნობილია, მარეგულირებლის განმარტებით, გადაწყვეტილების მიზეზი „ასტრაზენეკას“ ვაქცინასა და თრომბის განვითარების რისკს შორის გამოვლენილი კავშირია. დიდი ბრიტანეთის მედიკამენტების უსაფრთხოების მარეგულირებელში აცხადებენ, რომ ვაქცინაციის 28.5 დოზის გამოყენების შემდეგ, 242 შემთხვევაში განვითარდა თრომბი. რისკი შედარებით მაღალია ახალგაზრდა ასაკობრივ ჯგუფში.

ბრიუსელში ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრთა შეხვედრა 10 მაისს გაიმართება

ბრიუსელში ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრთა შეხვედრა 10 მაისს გაიმართება. ინფორმაციას ევროკავშირის საბჭო ავრცელებს. მინისტრთა შეხვედრაზე ტრანსატლანტიკური ურთიერთობებისა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან დაკავშირებული საკითხების განხილვა იგეგმება. გარდა ამისა, დღის წესრიგში დგას რუსეთთან ურთიერთობების, ავღანეთში აშშ-ის მიერ ჯარების გამოყვანის პროცესის დაწყების შედეგად შექმნილი სიტუაციის, ვენაში მიმდინარე ირანის ატომურ შეთანხმებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებებისა და პალესტინაში გაუქმებული არჩევნების საკითხების განხილვა. შეხვედრაზე იგეგმება კლიმატის საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, ჯონ კერის ჩართვაც. შეხვედრას წარუძღვება საგარეო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჟოზეფ ბორელი.

Twitter​-მა დონალდ ტრამპის ახალ ვებგვერდთან დაკავშირებული ანგარიშები დაბლოკა

Twitter​-მა დონალდ ტრამპის ახალ ვებგვერდთან დაკავშირებული ანგარიშები დაბლოკა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. როგორც ცნობილია, ანგარიშები აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ახალ ვებსაიტზე გამოქვეყნებული განცხადებების გასაზიარებლად იყო შექმნილი. ჯერჯერობით უცნობია, ვინ დგას დაბლოკილი ანგარიშის უკან. დონალდ ტრამპის წარმომადგენელი აცხადებს, რომ ანგარიში ექსპრეზიდენტის ან მასთან დაკავშირებული პირების მიერ არ შექმნილა. შეგახდენებთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საკუთარი ვებგვერდი შექმნა 45office.com. დონალდ ტრამპის პირადი ანგარიში Twitter​-მა ​რამდენიმე თვის წინ კაპიტოლიუმზე თავდამსხმელების მხარდაჭერის გამო სამუდამოდ დაბლოკა.