ძებნის რეზულტატი:

აშშ-ში, მე-6 კლასელმა გოგომ სამი ადამიანი დაჭრა, მათ შორის 2 თანაკლასელია

აშშ-ში, მე-6 კლასელმა გოგომ სამი ადამიანი დაჭრა, მათ შორის 2 თანაკლასელია, ერთი კი სკოლის თანამშრომელი. ამის შესახებ ინფორმაციას Nbcnews-ი ავრცელებს. შემთხვევა აიდაჰოს შტატში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მოზარდისთვის იარაღის ჩამორთმევა და პოლიციის მისვლამდე მისი განეიტრალება მასწავლებელმა მოახერხა. ამჟამად გოგო დაპატიმრებულია. მას ბრალი მკვლელობის მცდელობაში ედება. მიმდინარეობს გამოძიება. ოფიციალური პირების განცხადებით, დაჭრილების მდგომარეობა სტაბილურია. მათ ტყვია კიდურებში მოხვდა. თუმცა, შესაძლოა მათ ოპერაცია დასჭირდეთ.

ჯანმომ ჩინური Sinopharm-ის ვაქცინა გადაუდებელი გამოყენებისთვის დაამტკიცა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ჩინური Sinopharm-ის ვაქცინა გადაუდებელი გამოყენებისთვის დაამტკიცა. დამტკიცების საფუძველზე Sinopharm-ის ვაქცინა შედის Covax-ის პლატფორმაში, რომელიც მიზნად ისახავს ვაქცინების სამართლიან განაწილებას მთელ მსოფლიოში. ცნობისთვის, Sinopharm-ი კორონავირუსის საწინააღმდეგო მეექვსე ვაქცინა გახდა, რომელმაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია მიიღო. Sinopharm-ის ვაქცინა 45-მდე ქვეყანაშია აღიარებული. შეგახსენებთ, რომ საქართველომ ჩინური Sinopharm-ის ვაქცინით იმუნიზაციის პროცესი 4 მაისს დაიწყო. იმუნიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, Sinopharm-ით ვაქცინაციის შესაძლებლობა აქვთ 18 წლის ზემოთ მოქალაქეებს.

ხვალიდან გერმანიაში სრულად აცრილი მოქალაქეები სხვადასხვა შეღავათით ისარგებლებენ

ამ შაბათ-კვირას გერმანიაში ძალაში შევა ახალი კანონმდებლობა, რომელიც მეტ თავისუფლებას მისცემს სრულად ვაქცინირებულებს და მათ, ვინც უკვე გამოჯანმრთელდა კოვიდისგან. ამის შესახბე ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. გერმანიის მთავრობა აღნიშნავს, რომ სრულად აცრილი პირები თავისუფლად შეძლებენ ეწვიონ მაღაზიებს, სილამაზის სალონებს და ბოტანიკურ ბაღებს. მათ აღარ დასჭირდებათ კოვიდტესტის უარყოფითი პასუხის წარდეგნა. მათ ასევე შეეძლებათ ერთმანეთს დახურულ სივრცეში შეხვდნენ. ამასთან, საზღვარგარეთ წასვლის შემთხვევაში კარანტინის გავლა არ მოუწევთ. გერმანიის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, გერმანიაში "კორონავირუსული პანდემიის მესამე ტალღა, როგორც ჩანს, დასასრულს უახლოვდება". კორონავირუსული ინფექციების სიხშირე ყველა ასაკობრივ ჯგუფში იკლებს, - განაცხადა რობერტ კოხის სახელობის ინფექციური დაავადებების ინსტიტუტის ხელმძღვანელმა და დაამატა, რომ "ინფექციის რიცხვის შემცირება, ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში კოვიდიანი პაციენტების შემცირება და დაჩქარებული ვაქცინაციის კამპანია ძალიან პოზიტიურია და იმედი გვაქვს, რომ პანდემიას მალე გავაკონტროლებთ".

სალომე ზურაბიშვილმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესულ ცვლილებებს ვეტო არ დაადო

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესულ ცვლილებებს ვეტო არ დაადო. ოპოზიციამ პრეზიდენტს ვეტოს უფლების გამოყენება ამ საკითხზე ერთი კვირის წინ სთხოვა. "ამ დღეებში საზოგადოების საყურადღებო გახდა, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილი ცვლილებების საკითხი. პარლამენტში, ახალშესული ოპოზიციის მხრიდან პრეზიდენტის მისამართით გაჟღერდა ვეტოს გამოყენების მოთხოვნა. შესაბამისად, შევხვდი საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს და მმართველი გუნდიდან კანონპროექტის ინიციატორებს. გადაწყვეტილების მიღებამდე მოვისმინე ყველა მხარის არგუმენტი... ამ კონკრეტულ შემთხვევაში ვეტოს გამოყენების სამართლებრივი საფუძველი არასაკმარისი აღმოჩნდა, თუმცა სამომავლოდ ასეთი პროცესი, რომელიც გულისხმობს ყველას პოზიციის გაცნობას და შეჯერებას, აძლევს პრეზიდენტს საშუალებას, რომ ეს ინსტრუმენტი საჭიროების შემთხვევაში ეფექტურად გამოყენებული იყო" - განაცხადა ზურაბიშვილმა. პარლამენტმა წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცავთა დაუმორჩილებლობაზე ადმინისტრაციული პატიმრობის გამკაცრების შესახებ ცვლილებები მიიღო ცვლილებები შევა სამ მუხლში: 116-ე, 173-ე და 247-ე. 166-ე მუხლი წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს. მოქმედი კანონმდებლობით აღნიშნულ მუხლს ემატება მე-2 ნაწილი, რომლითაც განისაზღვრება, რომ წვრილმანი ხულიგნობის ხელმეორედ ჩადენა გამოიწვევს სამართალდამრღვევის დაჯარიმებას 1500 ლარიდან 2000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 7 დღიდან 15 დღემდე ვადით. ახალი რედაქციით ყალიბდება ასევე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლი, რომლითაც განისაზღვრება, რომ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის მოთხოვნისადმი ერთხელ დაუმორჩილებლობა, ან ამ პირის სიტყვიერი შეურაცხყოფა ან/და მის მიმართ სხვა შეურაცხმყოფელი ქმედების ერთხელ ჩადენა გამოიწვევს სამართალდამრღვევის დაჯარიმებას 2000 ლარიდან 3000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, ხოლო ამავე ქმედების განმეორებით ჩადენა - სამართალდამრღვევის დაჯარიმებას 3500 ლარიდან 4500 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 10 დღიდან 15 დღემდე ვადით. რაც შეეხება 247-ე მუხლს, რაც ადმინისტრაციული დაკავების ვადებს გულისხმობს, ცვლილებით დგინდება, რომ დაკავებული პირი პირველი შესაძლებლობისთანავე, მაგრამ არაუგვიანეს 24 საათისა, წარედგინება სასამართლოს.

პროკურატურამ გაუპატიურების და თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ გაუპატიურების და თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე ბ.თ.-ს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 5 მაისს, თბილისში, ბ.თ. -მ ფსიქოლოგიური ზემოქმედებით და სიცოცხლის მოსპობის მუქარით ა.ა. გააუპატიურა. ბ.თ.-ს ქმედების შედეგადაც მძიმე ფსიქო-ტრამვულ მდგომარეობაში მყოფი ა.ა. მერვე სართულიდან გადახტა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. "სამართალდამცველებმა ბ.თ. 6 მაისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 115-ე მუხლის პირველი ნაწილით (გაუპატიურება, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია და თვითმკვლელობამდე მიყვანა, მსხვერპლისადმი მუქარით მისი პატივის და ღირსების სისტემატური დამცირებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 8-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალდების მხარე ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება", - ნათქვამია ინფორმაციაში.

სალომე ზურაბიშვილი: კომუნიკაციის ნაკლებობა ასეთ საკითხებში, რომელიც ადამიანის უფლებებსა და სამართალდამცავ ორგანოებთან მოქალაქეების ურთიერთობას ეხება, ყველას დამაზიანებელია

პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე არ გამოვრიცხავდი ვეტოს ინსტურმენტის გამოყენებას, თუმცა, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ვეტოს გამოყენების სამართლებრივი საფუძველი არასაკმარისი აღმოჩნდა , - ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" შესატანი ცვლილებების კანონპროექტის გაზიარების შემდეგ განაცხადა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, კანონპროექტის ირგვლივ მეტი კომუნიკაცია იყო საჭირო. მისივე თქმით, კომუნიკაციის ნაკლებობა ასეთ საკითხებში, რომელიც ადამიანის უფლებებს და სამართალდამცავ ორგანოებთან მოქალაქეების ურთიერთობას ეხება, ყველასათვის დამაზიანებელია. "ამ დღეებში, საზოგადოებისთვის საყურადღებო გახდა „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების“ შეტანის საკითხი. პარლამენტში ახლადშესული ოპოზიციიდან პრეზიდენტის მისამართით გაჟღერდა ვეტოს გამოყენების მოთხოვნა. შესაბამისად, შეხვედრები გავმართე პირველ რიგში, საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებთან და მმართველი პარტიის მხრიდან კანონპროექტის ინიციატორებთან. გადაწყვეტილების მიღებამდე მოვისმინე, ყველა მხარის არგუმენტი. ვეთანხმები ოპოზიციის არგუმენტებს იმის შესახებ, რომ ასეთი კანონის გამოტანა პირველივე სხდომაზე, რომელშიც ოპოზიცია მონაწილეობდა, არ შეესაბამებოდა ახალმიღწეული შეთანხმების სულისკვეთებას. ვიზიარებ ასევე იმ აზრს, რომ მას შემდეგ, რაც პარლამენტში ოპოზიციის წარმომადგენლები შევიდნენ მაქსიმალურად უნდა მიეცეთ საშუალება, რომ სრულყოფილად მიიღონ მონაწილეობა საკანონმდებლო მუშაობაში. ეს პროცესი მოითხოვდა, ჩემი აზრით, მეტ კომუნიკაციას საზოგადოებასთან, რათა კანონში ცვლილებები ბოლომდე გაგებული და გაზიარებული ყოფილიყო ჩვენი მოქალაქეების მიერ. კომუნიკაციის ნაკლებობა ასეთ საკითხებში, რომელიც ადამიანის უფლებებს და სამართალდამცავ ორგანოებთან მოქალაქეების ურთიერთობას ეხება, ყველასათვის დამაზიანებელია, რამეთუ უნდობლობას ბადებს. ასეთი სენსიტიური საკითხი მოითხოვს სწორედ ყველას ჩართულობას და ფართო დისკუსიას. ამდენად, დაჩქარებული წესით ცვლილებების მიღების არჩეული პროცედურა ნაკლებად იძლეოდა არგუმენტების წარდგენისათვის ყველასთვის ერთნაირ შესაძლებლობას. ვიზიარებ იმასაც, რომ როდესაც საზოგადოება, 19 აპრილის შეთანხმების თანახმად ელოდება სამი მთავარი კანონის ინიცირებას: ამნისტიის, საარჩევნო კოდექსის და სასამართლო რეფორმის, ამ ფონზე, არსებული კანონპროექტის დაჩქარებული წესით მიღება შეიძლება პოლიტიკურად უდროოდ იყოს მიჩნეული. ამდენად, პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, არ გამოვრიცხავდი ვეტოს ინსტრუმენტის გამოყენებას, თუმცა მეორე მხრივ, ვეტოს გამოყენება უნდა ეფუძნებოდეს მკაფიოდ ჩამოყალიბებულ სამართლებრივ არგუმენტებსაც. ამ კუთხით, ახალი ცვლილებები წინააღმდეგობაში არ მოდის ჩვენს კონსტიტუციასთან, ვერ მიიჩნევა ვერც რომელიმე სამართლებრივი პრინციპის დარღვევად და ვერც რომელიმე საერთაშორისო სტანდარტის უგულებელყოფად. ამდენად, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ვეტოს გამოყენების სამართლებრივი საფუძველი არასაკმარისი აღმოჩნდა. თუმცა სამომავლოდ ასეთი პროცესი, რომელიც გულისხმობს ყველას პოზიციის გაცნობას და შეჯერებას აძლევს პრეზიდენტს საშუალებას, რომ ეს ინსტრუმენტი საჭიროების შემთხვევაში ეფექტურად გამოიყენოს. დაბოლოს, როგორც ქვეყნის პრეზიდენტმა, არ შეიძლება ხაზი არ გავუსვა იმასაც, რომ სამართალდამცავი ორგანოები წარმოადგენენ იმ სახელმწიფო ინსტიტუტებს, რომლებზეც ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყნის წესრიგი და სტაბილურობა დგას. მათ მიმართ პატივისცემა აუცილებელი სამოქალაქო ვალია, თუმცა ეს არ მიიღწევა მხოლოდ სანქციებით და ჯარიმებით, არამედ მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნებითაც", - განაცხადა ზურაბიშვილმა. სალომე ზურაბიშვილმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესულ ცვლილებებს ვეტო არ დაადო

ამირან გამყრელიძე: ჯანმოს ავტორიზაციით Sinopharm-ის ვაქცინის უსაფრთხოება და ეფექტურობა მეტად მტკიცდება

ავტორიზაციის შემდეგ Sinopharm-ი მეტი ქვეყნისთვის ხდება ხელმისაწვდომი, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. "ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია ე.წ. გადაუდებელი მდგომარეობის დროს გამოყენებაზე ამ ეტაპამდე ჰქონდა ხუთ ვაქცინას, ესენია: Pfizer-ი, ახლა მიიღო Moderna-მ, AstraZeneca-ს ორ ვაქცინას ჰქონდა ინდური და კორეული წარმოებისას, ასევე Johnson&Jhonson-ი. Sinopharm-ი არის მეექვსე ვაქცინა, რომელმაც მიიღო ჯანდაცვის მსოფლიო ავტორიზაცია. დიდი ხანია, ჩინეთს წარდგენილი ჰქონდა Sinopharm-ი, ისევე როგორც Sinovac-ი აქვს წარდგენილი ავტორიზაციაზე. Sinopharm-ი გამოიყენება 45-მდე ქვეყანაში და აქვს ამ ქვეყნების ავტორიზაცია. ახლა მიიღო ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისგანაც ავტორიზაცია. ეს ნიშნავს, რომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციით ამ ვაქცინის უსაფრთხოება და ეფექტურობა მეტად მტკიცდება. ამავდროულად, ის ხელმისაწვდომი ხდება მეტი ქვეყნისთვის, რადგან ნდობა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციისადმი არის ისეთივე მაღალი, როგორიც გახლავთ ევროპის წამლის სააგენტოს თუ ამერიკის საკვებისა და წამლის სააგენტოს მიმართ", - განაცხადა გამყრელიძემ. მისი თქმით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია ერთ-ერთი უმაღლესი რანგის ავტორიზაციაა. „ამ ეტაპზე Sinopharm-ის 100 ათასი დოზაა შემოტანილი ქვეყანაში. ის ორჯერადად კეთდება 3-4 კვირის გამოშვებით. ეს არის განსაზღვრული 50 ათასი ადამიანისთვის. ასევე, საგარეო საქმეთა სამინისტრო აქტიურად მუშაობს ჩინეთის შესაბამის უწყებებთან და როგორც ვიცი, არის დასტური კიდევ მაისის ბოლოს, ივნისის დასაწყისში ეტაპობრივად ნახევარი მილიონი დოზის Sinopharm-ის მოწოდებაზე. ამავე დროს, რადგან მან მიიღო უკვე მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისგან ავტორიზაცია, დიდი ალბათობით ის განთავსდება Covax-პლატფორმაზე, რომელიც უკვე Covax-ის წევრ ქვეყნებს, რომელშიც საქართველოც შედის, მიეწოდება ისევე, როგორც სხვა ვაქცინები, რომლებიც Covax-პლატფორმაზე იქნება განთავსებული“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ. შეგახსენებთ, რომ დღეს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ჩინური Sinopharm-ის ვაქცინა გადაუდებელი გამოყენებისთვის დაამტკიცა.

ვაზილ ჰუდაკი: ვფიქრობ, საქართველოში ინვესტიციების მოზიდვის ძალიან კარგი შესაძლებლობები არსებობს

"ძალიან კარგი შეხვედრა გვქონდა ეკონომიკის მინისტრთან, რომელზეც განვიხილეთ სხვადასხვა პრიორიტეტები საქართველოს ეკონომიკური განვითარებისათვის, განსაკუთრებული ყურადღება მივაქციეთ უცხოურ ინვესტიციებს და უცხოური ინვესტიციების მოზიდვას", – განაცხადა უცხოური ინვესტიციების მიმართულებით საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა მრჩეველმა​, ვაზილ ჰუდაკმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში შეხვედრის შემდეგ. "ვფიქრობ, რომ საქართველოში ძალიან კარგი შესაძლებლობები არსებობს. ასევე, ეკონომიკის განვითარების ახალმა სტრატეგიამ, რომელიც ახლა შემუშავების პროცესშია, ჩემი აზრით, უნდა უზრუნველყოს ახალი შესაძლებლობები უცხოური ინვესტიციებისა და ინიციატივებისთვის. მოხარული ვიქნები, მხარი დავუჭირო ამ ძალისხმევას და ვითანამშრომლო ეკონომიკის სამინისტროსა და მთავრობასთან, რათა მეტი პერსპექტივა შევქმნათ საქართველოსთვის", - განაცხადა ჰუდაკმა. ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, ვაზილ ჰუდაკმა და ნათია თურნავამ შეხვედრაზე განიხილეს უცხოური ინვესტიციების სტრატეგია და მიმდინარე პროექტები ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ტურიზმის, უძრავი ქონების განვითარებისა და მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის მიმართულებით. ​ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი და სლოვაკეთის ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ვაზილ ჰუდაკი, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით სპეციალურ მრჩევლად წარადგინა. '

ამირან გამყრელიძე: ივნისში Sinopharm-ის 500 000 დოზა შემოვა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული ცენტრის (NCDC) ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ივნისში საქართველოში ჩინური Sinopharm-ის ვაქცინის 500 000 დოზა შემოვა. ამის შესახებ მან "რუსთავი2-ის" ეთერში განაცხადა. ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ამ დროისთვის სინოფარმის მარაგში არსებული სინოფარმის 100 000 დოზიდან ბოლო 2 დღის განმავლობაში უკვე 6 000 დოზა გამოიყენეს, მაისის ბოლომდე კი 25 000-ზე მეტ ადამიანს აქვს დაჯავშნილი ვაქცინის პირველი დოზა. "სინოფარმის მარაგი ამჟამად არის დაახლოებით 100 000 დოზა და უფრო და უფრო მეტი, თუ არ ვცდები 25 ათასზე მეტი ადამიანია ჩაწერილი და დაჯავშნილი აქვს ადგილები მაისის ბოლომდე. ეს 100 000 არის 50 000 ადამიანისთვის, ორჯერადი აცრისთვის. ასევე, უკვე დადასტურებულად შემიძლია გითხრათ, რომ ჩინურ მხარესთან საქართველოს აქვს მოლაპარაკება და 500 000 დამატებითი დოზა ივნისში ორჯერადად შემოვა. გარდა ამისა, მოგეხსენებათ, რომ ველოდებით ჩვენ სხვა ვაქცინებსაც. უკვე დღეს ინფორმაციაა, რომ Covax-ზე განთავსდება Novavax და Johnson & Johnson, პირდაპირი მოლაპარაკებები გვაქვს Pfizer-თან, დაახლოებით, მილიონ დოზაზე. ასე რომ, თუ ჩვენ ყველა სერიოზულად ვიმუშავებთ ერთად, ეს ჩვენი მთავარი მიზანი, რომ მოზრდილი მოსახლეობის 60%, 1 700 000 ადამიანი აიცრას ორჯერ და თუ Johnson & Johnson-ი გვექნება, მაშინ ერთჯერადი იქნება აცრა. ეს თეორიულადაც და პრაქტიკულადაც მისაღწევია, მაგრამ სამუშაო ძალიან დიდია", - განაცახდა ამირან გამყრელიძემ.

ბრიუსელში ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა 10 მაისს გაიმართება

ბრიუსელში ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრთა შეხვედრა 10 მაისს გაიმართება.ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის საბჭო ავრცელებს. როგორც ცნობილია, მინისტრთა შეხვედრაზე ტრანსატლანტიკური ურთიერთობებისა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან დაკავშირებული საკითხების განხილვა იგეგმება. გარდა ამისა, დღის წესრიგში დგას რუსეთთან ურთიერთობების, ავღანეთში აშშ-ის მიერ ჯარების გამოყვანის პროცესის დაწყების შედეგად შექმნილი სიტუაციის, ვენაში მიმდინარე ირანის ატომურ შეთანხმებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებებისა და პალესტინაში გაუქმებული არჩევნების საკითხების განხილვა, ამასთანავე, საგანგაშო სიტუაცია ლიბანში და კორონავირუსის პანდემია. შეხვედრაზე იგეგმება კლიმატის საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, ჯონ კერის ჩართვაც. შეხვედრას წარუძღვება საგარეო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჟოზეფ ბორელი.

ნათია თურნავა: ჩვენი მთავარი ამოცანაა ეკონომიკის სწრაფი აღდგენა და რაც შეიძლება მეტი დასაქმება

უცხოური ინვესტიციების მოზიდვის ნაწილში პრემიერ-მინისტრის ახალ მრჩეველს, ვაზილ ჰუდაკს გავაცანით ჩვენი პროგრამები, განსაკუთრებით „აწარმოე საქართველოში“ და ის პოლიტიკა და სტრატეგია, რაც გვაქვს უცხოური ინვესტიციების მოზიდვის ნაწილში, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ვაზილ ჰუდაკთან შეხვედრის შემდეგ. ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, შეხვედრაზე ასევე ყურადღება გამახვილდა პროექტებზე ტრანსპორტის, ენერგეტიკის, უძრავი ქონების განვითარებისა და ტურიზმის კუთხით. „აღნიშნულ სექტორებში ჩვენი სურვილია, ძირითადად, დასავლური ტიპის ინვესტორების მოზიდვა. ასევე ვისაუბრეთ მცირე ბიზნესის განვითარების სტრატეგიაზე, რომელსაც ჩვენი სამინისტრო უცხოურ პარტნიორებთან და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან ერთად ახორციელებს. ამ კუთხით, ჩვენ ნამდვილად გვჭირდება ბატონი ჰუდაკის გამოცდილება, მისი კავშირები ევროპელ ინვესტორებთან ევროპელ ფონდებთან, დონორებთან“, – განაცხადა ნათია თურნავამ. ნათია თურნავას განცხადებით, „მცირე ბიზნესი ყველაზე მეტად მოწყვლადია ეკონომიკური კრიზისის დროს და ჩვენი მთავარი ამოცანაა ეკონომიკის სწრაფი აღდგენა, მცირე საწარმოების სწრაფი დახმარება და რაც შეიძლება მეტი დასაქმება“.

ნორვეგია COVID-პასპორტებს ივნისიდან შემოიღებს

ნორვეგიაში COVID-პასპორტებს ივნისის დასაწყისში შემოიღებენ, რომელიც საწყის ეტაპზე, მხოლოდ შიდა გამოყენებისთვის იქნება განკუთვნილი, თუმცა ქვეყანა მის დანერგვას მიმდინარე წლის ივნისის ბოლოდან ნორვეგიის საზღვრებს გარეთაც განიხილავს და მოქალაქეებს საერთაშორისო მოგზაურობის საშუალებას მისცემს. ამის შესახებ ნორვეგიის ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა. ინფორმაცას CNN-ი ავრცელებს. ნორვეგიის ჯანდაცვის უწყების განცხადებით, აღნიშნული დოკუმენტი პოტენციურად ეკუთვნის ყველა ვაქცინირებულ მოქალაქეს, რომელმაც უკვე მიიღო კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ორი დოზა. "სერთიფიკატი იქნება უსაფრთხო დოკუმენტი სახელითა და დაბადების თარიღით, ხართ თუ არა ვაქცინირებული, ხომ არ გაქვთ ნეგატიური ტესტი და ხართ თუ არა იმუნური კორონავირუსის შემდეგ", - განუცხადა CNN- ს პრეს-ოფიცერმა. როგორც ცნობილია, სრულად ვაქცინირებულ მოქალაქეებს ივნისიდან ექნებათ უფლება შეუფერხებლად გადაადგილდნენ ქვეყნის მასშტაბით, ასევე შეძლებენ შიდა სივრცეებში შეკრებას სოციალური დისტანცირების ნორმების დაცვის გარეშე, თუმცა მათ ისევ უნდა დაიცვან მინიმუმ ერთმეტრიანი დისტანცია არავაქცინირებულ პირებთან კომუნიკაციისას. „საჯარო სივრცეში და საზოგადოებრივ სივრცეში მათ ისევ მოუწევთ სოციალური დისტანცირების და ჰიგიენური ნორმების დაცვა, მათ ასევე უნდა გამოიყენონ ნიღბები“, - აღნიშნულია ნორვეგიის ჯანდაცვის უწყების განცხადებაში. ნორვეგიის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის მონაცემების თანახმად, ნორვეგიის მოსახლეობის 26% -მა მიიღო ვაქცინის პირველი დოზა და 7% -ზე მეტმა მიიღო ორივე დოზა.

დღეს წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო დღე აღინიშნება

8 მაისს, წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის (World Red Cross and Red Crescent Day) მსოფლიო დღე აღინიშნება. ამ დღეს დაიბადა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დამაარსებელი, შვეიცარიელი ჰუმანისტი და საზოგადო მოღვაწე, ნობელის მშვიდობის პრემიის პირველი ლაურეატი ანრი დიუნანი (Henri Dunant, 1828-1910). 1864 წლის 22 აგვისტოს ჟენევაში, შვეიცარია, ანრი დიუნანის წინადადებით ხელი მოეწერა კონვენციას ბრძოლის ველზე დაჭრილთა და დასახიჩრებულთა პირველადი დახმარების თაობაზე. ამავე კონვენციაში მითითებული იყო, რომ ექიმებს და სამედიცინო პერსონალს უნივერსალური განმასხვავებელი ნიშანი ჰქონოდათ. სიმბოლოდ შერჩეულ იქნა წითელი ჯვარი თეთრ ფონზე (შვეიცარიის დროშის ფერების ინვერსია). ასე ჩაეყარა საფუძველი წითელი ჯვრის საერთაშორისო მოძრაობას, რომელიც საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციაა და რომლის მისიაა ადამიანების დახმარება ყველაზე რთულ წუთებში და ყველაზე ცხელ წერტილებში. საქართველოში წითელი ჯვრის საზოგადოება 1918 წელს შეიქმნა.

ირაკლი ღარიბაშვილი: წითელ ჯვარს უნიკალური წვლილი შეაქვს ქვეყანაში არსებული გამოწვევებისა და კრიზისების გადაჭრაში

ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო დღეს სოციალურ ქსელ Facebook- ში ეხმაურება. მთავრობის მეთაური საქართველოს მთავრობის სახელით, მადლობას უხდის საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების თითოეულ თანამშრომელსა და მოხალისეს მათი ფასდაუდებელი შრომისათვის. „დღეს მთელი მსოფლიო წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. საუკუნენახევარზე მეტია ყველაზე აღიარებული ჰუმანიტარული ორგანიზაციის საქმიანობა უცვლელ პრინციპებს - ჰუმანურობასა და მიუკერძოებლობას ეფუძნება. მისი თანამშრომლები, მოხალისეები და მხარდამჭერები პირველები მიდიან ადამიანების დასახმარებლად ყველაზე რთულ მომენტებში, ყველაზე ცხელ წერტილებში. საქართველოში წითელი ჯვრის საზოგადოება ჯერ კიდევ პირველი რესპუბლიკის პერიოდში, 1918 წელს დაარსდა. დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ორგანიზაციას უნიკალური წვლილი შეაქვს ქვეყანაში არსებული გამოწვევებისა და კრიზისების გადაჭრაში. განსაკუთრებით მსურს აღვნიშნო წითელი ჯვრის როლი შეიარაღებული მოქმედებებისას უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიებისა და ნეშტების ოჯახებისთვის გადაცემის საკითხში, რომელსაც იგი სახელმწიფო კომისიასთან აქტიური თანამშრომლობით ახორციელებს. საქართველოს მთავრობის სახელით, მადლობას ვუხდი საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების თითოეულ თანამშრომელსა და მოხალისეს მათი ფასდაუდებელი შრომისათვის, ვულოცავ დღევანდელ დღეს და შემდგომ წარმატებებს ვუსურვებ”,-წერს ირაკლი ღარიბაშვილი. დღეს, 8 მაისს, წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო დღე აღინიშნება

საქართველოს რკინიგზა 9 მაისს ბათუმის მიმართულებით დამატებით რეისს ნიშნავს

საქართველოს რკინიგზა 9 მაისს ბათუმის მიმართულებით დამატებით რეისს ნიშნავს, - ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს რკინიგზა“ ავრცელებს. მათივე ცნობით, ბილეთები უკვე გაყიდვაშია. „გაზრდილი მგზავრთა ნაკადის გამო, საქართველოს რკინიგზა 9 მაისს ბათუმის მიმართულებით დამატებით რეისს ნიშნავს. გაითვალისწინეთ, რომ ბილეთები უკვე გაყიდვაშია“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

"წითელი ჯვარი" საქართველოს Sinopharm-ის ვაქცინის 100 000 დოზას გადასცემს

„წითელი ჯვარი“ საქართველოს 100 000 დოზა Sinopharm-ს გადმოსცემს. აღნიშნული ინფორმაცია ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესა და ჰუმანიტარული ორგანიზაციის წარმომადგენლებს შორის გამართულ შეხვედრაზე გახდა ცნობილი. როგორც მინისტრის პირველი მოადგილე განმარტავს, ვაქცინის გადმოცემასთან დაკავშირებული დეტალები უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი. „საქართველოს წითელი ჯვარი“, ასევე წითელი ჯვრის საერთაშორისო ფედერაცია აქტიურად გვეხმარება პანდემიის მართვის პროცესში, ეპიდემიის დაწყების პირველივე დღეებიდან. დღევანდელი შეხვედრა შეეხებოდა სამომავლო თანამშრომლობის ძირითად სფეროებს და რაც ძალიან მნიშვნელოვანია ვაქცინის მოზიდვის პროცესში წითელი ჯვრის დახმარებას. იგეგმება კონკრეტულად „სინოფარმის“ ვაქცინის დონაცია „წითელი ჯვრის საერთაშორისო ფედერაციისა“ და ასევე, ჩინეთის წითელი ჯვრის საშუალებით. რაც იქნება დიდი დახმარება ჩვენი ვაქცინაციის პროგრამისთვის. დეტალები უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი, იმასთან დაკავშირებით თუ როდის იქნება ხელმისაწვდომი ის 100 000 დოზა, რასაც „წითელი ჯვარი“ შემოგვთავაზებს“, - აღნიშნავს თამარ გაბუნია. ჰუმანიტარული ორგანიზაციის მხრიდან, შეხვედრას „წითელი ჯვრის საზოგადოების“ პრეზიდენტი, ნათია ლოლაძე და „წითელი ჯვრისა“ და „წითელი ნახევარმთვარის“ საზოგადოებათა საერთაშორისო ფედერაციის ოფისის ხელმძღვანელი სამხრეთ კავკასიაში, ოლგა ჯუმაევა ესწრებოდნენ. „ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ჩინეთის წითელ ჯვართან, ისინი საქართველოს წითელ ჯვარს გადმოსცემენ ვაქცინას, ჩვენ კი სამინისტროს გადავცემთ. პირველ ეტაპზე საუბარია 100 000 დოზაზე“, - აღნიშნა ნათია ლოლაძემ. შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ „სინოფარმის“ ვაქცინას ავტორიზაცია გუშინ მიანიჭა. საქართველომ „სინოფარმის“ ვაქცინით იმუნიზაციის პროცესი 4 მაისს დაიწყო და ვაქცინაციაზე რეგისტრაცია 18 წელს ზემოთ ასაკის ადამიანებისთვის არის შესაძლებელი. მსურველებს რეგისტრაცია სპეციალურად შექმნილ პორტალზე შეუძლიათ.

იერუსალიმში, ალ-აქსას მეჩეთთან მომხდარი შეტაკებისას 163 პალესტინელი და 6 პოლიციელი დაშავდა

იერუსალიმში, პალეტინელებსა და სამართალდამცველებს შორის მომხდარი დაპირისპირების დროს, სულ მცირე, 163 პალესტინელი და 6 პოლიციელი დაშავდა. ამის შესახებ პალესტინელმა ექიმებმა და ისრაელის პოლიციამ განაცხადა. ინფორმაციას BBC ავრცელებს. უმეტესობა მათგანი დაშავდა ალ-აქსას მეჩეთთან, მას შედეგ, რაც შეკრებილებმა პოლიციელებს ქვები და ბოთლები დაუშინეს, პოლიციელებმა კი მათ დასაშლელად რეზინის ტყვიები და ხმოვან-მანათობელი ყუმბარები გამოიყენეს. ალ-აქსას მეჩეთის კომპლექსი ერთ-ერთი წმინდა ადგილია როგორც ისლამის, ისე, იუდაიზმის აღმსარებელთათვის. არსებული ინფორმაციით, პოლიციამ პალესტინელებს მეჩეთში შესვლის უფლება არ მისცა. დაშავებულთა სამკურნალოდ საველე ჰოსპიტალის მოწყობა გახდა საჭირო.

COVID19: ბოლო 24 საათის მონაცემები

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსის 1 564 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 693, ხოლო 18 ინფიცირებული გარდაიცვალა. აღნიშნული ინფორმაცია Stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 320 830 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 299 500, გარდაიცვალა 4 263 პაციენტი. ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 27 384 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით 15 341, ხოლო, PCR-ით — 12 043. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5,71%, ბოლო 14 დღის — 5,84%, ხოლო 7 დღის — 6,71% ინფიცირების 1 564 ახალი შემთხვევიდან 900 თბილისში გამოვლინდა, აჭარა - 105, იმერეთი - 162, ქვემო ქართლი - 72, შიდა ქართლი - 52, გურია - 36, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 115, კახეთი - 64, მცხეთა-მთიანეთი - 31, სამცხე-ჯავახეთი - 18, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 9. ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა: 17 041, საიდანაც: 4 284 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 470, აჭარაში - 493, იმერეთში - 443. მძიმე პაციენტი: 912, მათ შორის, თბილისში - 485, აჭარაში - 83, იმერეთში -114. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე: 186, მათგან თბილისში - 126, აჭარაში - 11, იმერეთში - 12. 788 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 427 - თბილისში, 332 - აჭარაში. 11 969 ინფიცირებული მკურნალობს ბინაზე. საკარანტინე ივრცეებში მოთავსებულია 69 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 61, ხოლო აჭარაში - 7. სულ 6 ოქტომბრიდან - 7 მაისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 618 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 35 534 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 27 324 პირი, აჭარაში - 2 135, იმერეთში - 1 080.

ცნობილია, რა გადაწყვეტილებები მიიღეს კულტურის სამინისტროში გელათთან დაკავშირებით

მიმდინარე წლის ივნისში საქართველოში იუნესკოს მაღალი დონის ექსპერტი ჩამოვა, რომელიც გელათის ტაძარზე 2008 წელს შედგენილი პროექტის მიხედვით ჩატარებული ძირითადი ტაძრის გადახურვის სამუშაოების დროს დაშვებული ხარვეზების შედეგად შექმნილ მდგომარეობას შეისწავლის. ამის შესახებ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა, მინისტრის პირველ მოადგილე კახა სიხარულიძესთან და მოადგილე იოსებ ბაღათურიასთან ერთად არქიტექტორ-რესტავრატორთა ჯგუფთან მორიგ შეხვედრაზე განაცხადა, სადაც გელათის სამონასტრო კომპლექსთან დაკავთშირებით გადაწყვეტილებები მიიღეს. სამინისტროს ინფორმაციით, ერთ-ერთი გადაწყვეტილება, რაც შეხვედრაზე მიიღეს, სწორედ ექსპერტისთვის გასაგზავნი დოკუმენტაციის ნუსხის შედგენაა. გელათის სამონასტრო კომპლექსის შესახებ დოკუმენტაცია ექსპერტს საქართველოში ჩამოსვლამდე გასაცნობად და საქართველოში ვიზიტისთვის მოსამზადებლად გაეგზავნება. უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე ასევე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ შეიქმნას სპეციალისტთა სამუშაო ჯგუფი, რომელიც გელათის ტაძრის დაზიანებული მხატვრობის პრევენციულ კონსერვაციას მოახდენს. „შეხვედრაზე ასევე გადაწყდა, რომ სხვადასხვა ენებიდან ითარგმნოს და ქართულად გამოიცეს უცხოური, ან ხელახლა გამოიცეს ქართული წიგნები, რომლებიც მოძველებულია ან ბიბლიოგრაფიულ იშვიათობას წარმოადგენს და რომლებიც შეიძლება გამოყენებული იყოს სახელმძღვანელოებად არქიტექტორ-რესტავრატორებისთვის. ასევე, შეხვედრაზე მიღებული გადაწყვეტილებით, სამინისტროსთან არსებული არქიტექტორ-რესტავრატორთა ჯგუფიდან (რომელიც უკვე რამდენიმე კვირაა გელათის საკითხზე მუშაობს) შეირჩევა რამდენიმე სპეციალისტი, რომელთაგან შედგება შესაბამისი კომისია და სწორედ ამ კომისიასთან გასაუბრებას გაივლიან ოსტატები, რომელთა განაცხადების მიღება სამინისტრომ 6 მაისს დაიწყო და 15 ივნისს დასრულდება“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ჯო ბაიდენი: დარწმუნებული ვარ, პუტინს მალე შევხვდები

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი, აცხადებს, რომ მას იმედი აქვს, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს მალე შეხვდება. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ჟურნალისტის კითხვაზე, პუტინთან ივნისში შესაძლო შეხვედრის შესახებ, ჯო ბაიდენი პასუხობს: "მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ამას შევძლებთ. ჩვენ არ გვაქვს კონკრეტული თარიღი თუ ადგილი. ამაზე ვმუშაობთ". ბაიდენმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მიუხედავად, უკრაინის საზღვართან რუსეთის სამხედრო ძალების გაძლიერებისა, მას პუტინთან შეხვედრა სურს. ”ეს გავლენას არ ახდენს ჩემ სურვილზე ინდივიდუალურად შევხვდე მას და თქვენ შეამჩნევდით, რომ მანამდე უფრო მეტი ჯარი ჰყავდა (უკრაინის საზღვართან). მან გაიყვანა ჯარი", - თქვა ბაიდენმა.