ძებნის რეზულტატი:
თბილისის 200-ზე მეტ ქუჩას წყლის მიწოდება 18 საათით შეუწყდება
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ 14 მაისისთვის ბახტრიონის სატუმბო სადგურზე დედაქალაქის სტაბილური წყალმომარაგებისთვის გადაუდებელი ტექნიკური სამუშაოების ჩატარების შესახებ ინფორმაციას ავრცლებს და აცხადებს, რომ თბილისის ნაწილს წყლის მიწოდება 18 საათით შეუწყდება. კერძოდ, კომპანიის ცნობით, GWP-ი ბახტრიონის სატუმბო სადგურზე ტექნიკურ სამუშაოებს 14 მაისის 14:00 სთ-ზე დაიწყებს და 15 მაისის დილის 08:00 სთ-ზე დაასრულებს. ამ პერიოდის განმავლობაში თბილისის 200-ზე მეტ ქუჩას წყლის მიწოდება შეუწყდება. ვაკის რაიონში ჯანაშვილის, სვანიძის, ქუთათელაძის, მცხეთის, ქობულეთის, შატბერაშვილის, მარაბდის, კეკელიძის, ტაბიძის, ცხვედაძის, აბაშელის, რაზმაძის, ბარნოვის, ფალიაშვილის, ერისთავის, ნაფარეულის, თაყაიშვილის, ბაზალეთის, ჭავჭავაძის გამზირს (გარდა N43, 45, 47, 49, 51, 53, 55, 73, 74, 75, 76, 78, 80, 82, 84), ჭავჭავძის გამზირი I შესახვევს, აბაშიძის, ამირეჯიბის, ჟვანიას, მარუხის გმირების, ბურკიაშვილის, არაყიშვილის, მზიურს, რამიშვილის, საჯაიას, ავალიანის აბულაძის, მოსაშვილის, ბერძენიშვილის, მუხაძის, ლ. ელიავას, კავსაძის, თაქთაქიშვილის, დარიალის, რადიანის, არეშიძის, ატენის, შროშის, ყიფშიძის, მიქელაძის, ვ.გაბაშვილის, ავალიშვილს, წყნეთის ქუჩებს. საბურთალოს რაიონში დოლიძის ბალანჩივაძის, იოსელიანის, ახალშენის, კეხურის, ჩაილურის, ჭიათურის, ენგურის, ქარელის, იყალთოს, და იყალთოს მთის, ბაკურიანის, ბაკურციხის, ტუსკიას, ლიხაურის, ჩიქოვანის, კოსტავას ქ, ალექსიძის, ალმასიანის, ასლანიდის, ბოჭორიშვილის, აკურის, მიროტაძის, ნატახტრის, მგალობლიშვილის, ჩერქეზიშვილის, ტაშკენტის, იმედაშვილის, ისაკაძის, გაგარინის, შარტავას, იოსებიძის, კალანდაძის, ქანთარიას, დარასელიას, ოჩამჩირის, არშბას, კანდელაკის, ფანჯიკიძის (ყოფილი ბუდაპეშტის), ონიაშვილის, ლვოვის, ოდესის, გელოვანის, ჟვანიას მოედანს, სხირტლაძის, სხვიტარიძის, ცხინვალის, აბაშიძის, ზემო ვეძისის, ლომონოსოვის, ჭაბუკიანის, ცინცაძის, ცაგარელის, მიცკევიჩის, საირმის, საირმის გორას, გამრეკელის, ბაგრატიონის, ვაჟა-ფშაველას გამზირის N1-23 (მხოლოდ კენტ ნომრებს), ბურძგლას, ბახტრიონის, პეკინის, კარტოზიას, ფანასკერტელის, შევარდენიძის, თამარაშვილის, ქუთათელის, მ. დავითაშვილის, ვ. წულაძის, ოდიშელიძის, არდაზიანის, სახოკიას, უნივერსიტეტის N2-დან N8-ის ჩათვლით, ო. ლორთქიფანიძის, აფაქიძის და ხვიჩიას ქუჩებს. კვერნაძე, ბერბუკი, ზ. ბენდელიანი, ფარსადანის, ოთხი ათასი მესხის ქუჩას და შესახვევებს, მელიქ სურხავის, როსტევანის ქ. N1, 8ა, ნინო აბაშიძე-ორბელიანის N1ა, 3-ს, 13 ასურელის ქ.N126, დავარის ქ. N1, ფარნავაზ მეფის ქ. N5-ს, ბობ უოლშის ქ. „ახალი თბილისი“, ოლიმპიური ქალაქი, აღმაშენებლის ხეივანი „თბილისი მოლი“, დიღმის წყლის ქუჩებს. მთაწმინდის რაიონში პოლიკარპე კაკაბაძის, ძმები კაკაბაძეების, ზალდასტანაშვილის, ზანდუკელის, ზ. ბოცვაძის, ე. გაბაშვილის, ვ. სარაჯიშვილის, 8 მარტის, ქიაჩელის, ჭოველიძის, მაყაშვილის, კერესელიძის, გოგებაშვილის, იაკობ ნიკოლაძის, შიო მღვიმელის, როდენის, ვარაზის ხევის, კოტე მახარაძის, ვერიკო ანჯაფარიძის, სოფიკო ჭიაურელის, მიხეილ თუმანიშვილის, შარაშიძის, მელიქიშვილის, ქუჩიშვილის, ღამბაშიძის, კოსტავას მე-2 შესახვევს, ხორავას, შანიძეს, ბაქრაძის, გაბუნიას, უმიკაშვილის, ლარსის, გალის, თერგის, რჩეულიშვილის ჯაფარიძის, ბელინსკის, ბაშალეიშვილის, გ. ახვლედიანის, ეკალაძის, ვაშლოვანის, მიმინოშვილის, კობახიძის, მ. ჯავახიშვილის, მესხიას, გრიბოედოვის, ზუბალაშვილის, რუსთაველის, გუდიაშვილის, ფურცელაძის, ჯორჯაძის, ვაჩნაძის, გრ. აბაშიძის, ალ. ჭავჭავაძის, მ. ლაღიძის, რ. ლაღიძის, აბაკელიას, ცხემის, ტარიელის, ბორბალოს, რიწის, კ. მესხის, ს. მესხის, მთაწმინდა, ყიფიანის, არსენას, ზაალ ქიქოძე, ვეძინის, გიგაურის, ლიხის, ბესიკის, შევჩენკოს, ჟორდანიას, ინგოროყვას, ზიჩის, კოტეტიშვილის, ზ. ჟვანიას, ჭიჭინაძის, ლესია უკრაინკას, ვ. აბაშიძის, ნიაღვრის, გერგეთის, ჭონქაძის, სავანელის, ვ. ბერიძის, ამაღლების, ზ.დუმბაძის, ლეონიძის, იაშვილის, ლერმონტოვის, სულხან-საბას, მაჩაბელის, გ.ტაბიძის, შ. დადიანის, ერისთავის-ხოშტარიას, გუდაურის, თარხნიშვილის, ჯანაშიას, ტატიშვილის, მილორავას, ჩირგაძეს, გურგულიას, ალ.მაჭავარიანის, ნიშნიანიძის, წავკისის, ოქროყანის, შინდისისი, შხეფის, პეტრიაშვილის, ჩიტაძის, 9 აპრილის და ჩაიკოვსკის ქუჩებს. ოქროყანას მთლიანად. თაბუკაშვილის ქ. N30-48, N25-53, ლ. ბოცვაძის, ბროსეს, ჯამბულის ქუჩას და შესახვევს, კოჯრის, გერონტი ქიქოძის, აპ. ქუთათელაძის, სანაპიროს, სულიკო ჟღენტის, ვახტანგ მოსიძის და კირილე უკლებას ქუჩებს. კრწანისის რაიონში პუშკინის, აბესაძის, ახოსპიელის, კუფტინის, ვ. ივერიელის, საიათნივას, ა. კათალიკოსის, გრ. ხანძთელის, აბოვიანის, იერუსალიმის, ლადო ასათიანის, ბეთლემის, გომის, თუმანიანის, ასკანის, ორპირის, სამღებროს, გორგასლის, აბო თბილელის, ღვინის აღმართის და გუნიას ქუჩებს. კოტე აფხაზის ქ. N1-25, N2-22, ორთაჭალის ქ. N1,2,3,4,5 და ჩიხებს. ჩუღურეთის რაიონში მარჯანიშვილის ქ N2-18; N1-21 უშანგი ჩხეიძის ქუჩას. დიდუბის რაიონში ბალანჩინის, ქართულ ამერიკული მეგობრობის გამზირს, ბელიაშვილის შესახვევის N12, დისევის, ბელიაშვილის ქ.N40, ლუბლიანას ქ. N21 (ჟვანიას სახელობის ბავსთა კლინიკას და მის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებულ კლინიკებს). "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის", - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
კელი დეგნანი: მნიშვნელოვანია, მხარეებმა იმუშაონ საარჩევნო რეფორმაზე, რომ ადგილობრივი არჩევნები ამომრჩევლის სრული ნდობის პირობებში ჩატარდეს
"მნიშვნელოვანია, რომ დოკუმენტზე ხელმოწერების შემდეგ ყველა პარტიამ, პარლამენტის ინდივიდუალურმა წევრებმა გადადგან პარლამენტში შესვლის ნაბიჯი", - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა. აშშ-ის ელჩი შარლ მიშელის დოკუმენტის შეთანხმებას და ოპოზიციური პარტიების პარლამენტში შესვლის საკითხს გამოეხმაურა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ყველა პარტიამ, პარლამენტის ინდივიდუალურმა წევრებმა გადადგან შემდეგი ნაბიჯი და შევიდნენ პარლამენტში. "ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა ნიკა მელიას გათავისუფლებით, რომელიც ერთ-ერთი ბირთვი იყო ამ შეთანხმებისა, რაც 19 აპრილს იქნა ხელმოწერილი. მნიშვნელოვანია, რომ შემდგომ განვითარდეს ეს პროცესი და ყველა პარტიამ, პარლამენტის ინდივიდუალურმა წევრებმა გადადგან შემდეგი ნაბიჯი და მიიღონ პარლამენტის წევრობა. ვიცი, რომ მიმდინარეობს მუშაობა საარჩევნო რეფორმაზე. მისასალმებელია ის, რომ გაგრძელდეს ეს პროცესი და იმუშაონ მხარეებმა, რათა ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნები ჩატარდეს ამომრჩევლის სრული ნდობის პირობებში",- განაცხადა დეგნანმა. მისივე თქმით, 19 აპრილის შეთანხმების ერთ-ერთი შემადგენელი კომპონენტი იყო სასამართლო რეფორმა. "მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებისა და პოლიტიკური პარტიების ნდობით სარგებლობდეს სასამართლო პროცესი და მთლიანობაში მართლმსაჯულება. ზუსტად ამიტომ მოვუწოდებთ პარტიებს და ეს იყო ჩვენი გზავნილი არჩევნების დღიდან მათდამი, რომ შესულიყვნენ პარლამენტში და პარლამენტის ჭერქვეშ გაეგრძელებინათ მუშაობა ესოდენ მნიშვნელოვანი სასამართლო სისტემის გაუმჯობესებაზე, საარჩევნო სისტემის გაუმჯობესდეს, რათა ეს სისტემები ყოფილიყო ნდობით მოსარგებლე პოლიტიკური პარტიებისა და საქართველოს მოქალაქეების მხრიდან",- განაცხადა კელი დეგნანმა. ამასთან, ელჩის თქმით, მათი გზავნილი იყო, რომ საქართველოს მოქალაქეების არჩევანი და ნება ყოფილიყო გამოხატული, პარტიები შესულიყვნენ პარლამენტში და იქ გაეგრძელებინათ მუშაობა. "თანმიმდევრული იყო ჩვენი გზავნილი, როდესაც მოვუწოდებდით, რომ საქართველოს მოქალაქეების მიერ არჩევანი და ნება ყოფილიყო გამოხატული, შესულიყვნენ პარტიები და მათი წევრები პარლამენტში და იქ გაეგრძელებინათ ის რთული სამუშაო, რომელიც უკავშირდება შემდგომი რეფორმების განხორციელებას, რომელიც აისახა კიდეც შეთანხმებაში. ეს უზრუნველყოფდა აგრეთვე მრავალპარტიულ პარლამენტს. ეს იყო ზუსტად ის, რაც გასული წლის ოქტომბერში საქართველოს მოქალაქეებმა აირჩიეს და მისცეს ხმას იმას, რომ საპარლამენტო მუშაობა გაგრძელებულიყო",- განაცხადა კელი დეგნანმა.
თავდაცვის მინისტრი: წლის ბოლომდე საჰაერო თავდაცვის მოდერნიზებულ სისტემებს მივიღებთ
თავდაცვის მინისტრის ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, მიმდინარე წლის ბოლომდე ქვეყანა საჰაერო თავდაცვის მოდერნიზებულ სისტემებს მიიღებს. ამის შესახებ მან საკანონმდებლო ორგანოში „მინისტრის საათის“ ფორმატში მოხსენებისას განაცხადა. ბურჭულაძემ საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერების კუთხით უწყებაში მიმდინარე პროცესები კანონმდებლებს გააცნო. მინისტრმა ყურადღება გაამახვილა საჰაერო თავდაცვის სისტემების შეძენის კონტექსტში ისრაელის უმსხვილეს სამხედრო ინდუსტრიის წარმომადგენლებთან აქტიურ მუშაობაზე. „მიმდინარე წლის ბოლომდე ჩვენ მივიღებთ საჰაერო თავდაცვის „რაფაელის“ მოდერნიზებულ სისტემას. ასევე, დაგეგმილია თანამედროვე გადასატანი საზენიტო სარაკეტო კომპლექსის შესყიდვა, რითიც სამანევრო ქვედანაყოფები აღიჭურვება. ეს, ბუნებრივია, საქართველოს თავდაცვის ძალების ტაქტიკურ ქვედანაყოფებს უფრო ეფექტიანს გახდის“. არსებული სისტემების მოდერნიზაციის მიმართულებით კი, ჯუანშერ ბურჭულაძემ ფრანგული კონტრაქტის შესახებ ისაუბრა, რომლის მეორე ფაზაც მიმდინარე წელს დასრულდება. როგორც მინისტრმა აღნიშნა, კონტრაქტის ფარგლებში თავდაცვის ძალებს უკვე აქვს ფრანგული წარმოების საჰაერო თვალთვალის რადარები, მობილური საკომანდო პუნქტი და „მისტრალი-3“ ტიპის რაკეტები საცეცხლე მანქანებით. „დავნერგავთ თანამედროვე მართვის, კონტროლისა და კომუნიკაციის (C3) სისტემას, რაც ხელს შეუწყობს მომავალში ნატო-ში ერთიანი მართვისა და კონტროლის სისტემაში ინტეგრაციას“, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობებზე საუბრისას.
იგეგმება თუ არა ისრაელიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაცია? - დავით ზალკალიანის კომენტარი
ამ ეტაპზე ჩვენი მოქალაქეების ევაკუაციის საკითხი არ დგას, ჩვენ სიტუაციას ვაკონტროლებთ, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს მოქალაქე, რომელიც გუშინ ისრაელში მცირედ დაშავდა, საავადმყოფოდან უკვე გაეწერა. "საელჩო გადასულია 24 საათიან მუშაობის რეჟიმზე და მუდმივ კომუნიკაციაში ვართ ჩვენს თანამოქალაქეებთან. გუშინ ვთქვი, რომ ისრაელში ერთმა ჩვენმა მოქალაქემ მცირე დაზიანება მიიღო, ის უკვე გაწერილია საავადმყოფოდან და მასთან მუდმივ კავშირზეა ჩვენი საელჩო. უნდა აღვნიშნო, რომ ამ ეტაპზე ჩვენი მოქალაქეების ევაკუაციის საკითხი არ დგას, ჩვენ სიტუაციას ვაკონტროლებთ" - განაცხადა დავით ზალკალიანმა. შეგახსენებთ, რომ ახლო აღმოსავლეთში ისევ უკიდურესად დაძაბული ვითარებაა. ისრაელ-პალესტინას შორის დაპირისპირება გრძელდება და იზრდება მსხვერპლი.
2021 წელს სრულდება NATO-ს მისია ავღანეთში, რომელსაც თავაწეულები დავტოვებთ
საქართველოს პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ქართველ მშვიდობისმყოფელებს ავღანეთის მისიაში გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა. „მინდა, ამ ტრიბუნიდან განსაკუთრებით მივესალმო ჩვენს მშვიდობისმყოფელებს ავღანეთში და აფრიკის კონტინენტზე, რომლებიც იცავენ გლობალურ მშვიდობას“. როგორც ჯუანშერ ბურჭულაძემ განმარტა, 2021 წელს სრულდება NATO-ს მისია ავღანეთში, ხოლო ქართული ქვედანაყოფების საქართველოში დაბრუნება NATO-სთან და აშშ-სთან კოორდინაციით განხორციელდება. „როგორც იცით, 2021 წელს სრულდება ნატოს მისია ავღანეთში, რომელსაც თავაწეულები დავტოვებთ. აღნიშნული მიმართულებით, მჭიდრო კონსულტაციებს ვაწარმოებთ როგორც ნატოსთან, ისე აშშ-სთან და თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების ავღანეთიდან საქართველოში დაბრუნება მათთან კოორდინაციით განხორციელდება. მინდა, თითოეულ სამხედრო მოსამსახურეს მადლობა გადავუხადო ავღანეთის მისიაში გაწეული სამსახურისთვის. განსაკუთრებულ პატივს მივაგებთ ავღანეთის მისიაში დაღუპულ ჩვენს გმირ სამხედროებს, ვინც თავი შესწირა მსოფლიოში მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცებას. ჩვენ მომავალშიც აქტიურად გავაგრძელებთ პარტნიორებთან ერთად, ეროვნული და გლობალური უსაფრთხოების განმტკიცებას“,- განაცხადა მინისტრმა.
ჯუანშერ ბურჭულაძე: გვაქვს ყველა საჭირო პრაქტიკული მექანიზმი NATO-ში გაწევრიანებისთვის
საქართველოს პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა სიტყვით გამოსვლისას თავდაცვის ძალების მზადყოფნის განვითარებისთვის საერთაშორისო პარტნიორების ქმედით მხარდაჭერაზე გაამახვილა ყურადღება. „ჩვენი თანამშრომლობა ნატოსთან არის მზარდი და ეფუძნება პრინციპს „მეტი ნატო საქართველოში და მეტი საქართველო ნატოში“. დღეის მოცემულობით ჩვენ გვაქვს ყველა საჭირო პრაქტიკული მექანიზმი ნატოში გაწევრიანებისთვის და საქართველო, მისი თავდაცვის ძალები ამ თვალსაზრისით სრულად არის მზად ნატოში გაწევრიანებისთვის“, - განაცხადა ბურჭულაძემ. ჯუანშერ ბურჭულაძემ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მხრიდან საქართველოსადმი მხარდაჭერაზეც ისაუბრა და ამ კუთხით ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარის საქართველოში ვიზიტი მაგალითად მოიყვანა. „ორი კვირის წინ ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა გვემასპინძლა ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარისთვის, რომელმაც ჩვენს ჯარს 30 წლის იუბილე მიულოცა. ნატოს ხელმძღვანელი პირების საქართველოსადმი და თავდაცვის ძალების ტრანსფორმაციის პროცესისადმი მხარდაჭერა გამოიხატება პრაქტიკულ დახმარებაში“, - განაცხადა მინისტრმა. ნატო-საქართველოს თანამშრომლობის კონტექსტში ჯუანშერ ბურჭულაძემ ნატო-საქართველოს განახლებულ არსებით პაკეტზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ პაკეტით 16 ინიციატივა განისაზღვრა, 2 ინიციატივის - ლოჯისტიკური შესაძლებლობებისა და სტრატეგიული და ოპერატიული დაგეგმვა დასრულდა, ხოლო პაკეტს 3 ახალი ინიციატივა დაემატა. მისივე თქმით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ჩამოყალიბდა სტანდარტიზაციისა და კოდიფიკაციის მართვის დეპარტამენტი, რომელიც ნატოს სტანდარტებისა და კოდების მინიჭების ინტეგრაციას უზრუნველყოფს. „საქართველო, თავის მხრივ, რჩება ერთგული ნატოს ერთ-ერთი მთავარი ფინანსური მოთხოვნის, მშპ-ის 2%-ის თავდაცვის მიზნებისთვის გამოყოფის შესახებ. საქართველო ასევე, იცავს ნატოს სხვა ფინანსურ მოთხოვნებს და მისი თავდაცვის ბიუჯეტის 20%-ზე მეტი შეიარაღების შეძენაზე იხარჯება, ხოლო პერსონალზე დანახარჯი რჩება დაახლოებით 50%-ის ფარგლებში“, - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა საკანონმდებლო ორგანოში მოხსენებისას.
ვაქცინაციით შეგვიძლია დავასრულოთ პანდემია - არჩილ თალაკვაძემ Sinopharm-ის ვაქცინა გაიკეთა
"ვაქცინაციით შეგვიძლია დავასრულოთ პანდემია" - პარლამენტის ვიცე-სპიერმა არჩილ თალაკვაძემ მეუღლესთან ერთად, Sinopharm-ის ვაქცინა გაიკეთა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა. თალაკვაძემ ვაქცინა ინფექციუს საავადმყოფოში გაიკეთა. "მე და ჩემმა მეუღლემ, ქეთიმ დღეს გავიკეთეთ covid19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა. მისასალმებელია, რომ Sinopharm-ის ვაქცინით ჩვენთან ერთად, ბევრი მოქალაქე აიცრა. მადლობას ვუხდი ინფექციური პათოლოგიების ცენტრს და მის სამედიცინო პერსონალს, ექიმებს და ექთნებს, ვინც თვეების განმავლობაში კოვიდ-პანდემიასთან ბრძოლის წინა ხაზზეა. მათ გასაგებად აგვიხსნეს აცრებთან დაკავშირებული აუცილებელი ინფორმაცია და წესები. ვაქცინაციით შეგვიძლია დავასრულოთ პანდემია!", - წერს არჩილ თალაკვაძე.
იტალიის პრემიერ-მინისტრმა ხელფასზე უარი თქვა
Reuters-ის ინფორმაციით, იტალიის პრემიერ-მინისტრმა მარიო დრაგიმ განაცხადა, რომ ხელფასზე უარს ამბობს. როგორც გამოცემა წერს, პრემიერმა არ დააკონკრეტა მიზეზი, რის გამოც იტალიის მთავრობის ხელმძღვანელის პოსტზე მუშაობისთვის ხელფასს არ აიღებს. დრაგის ხელფასის სახით წელიწადში 110 000 ევრო ეკუთვნოდა. Reuters-ის ცნობით, მარიო დრაგის 2020 წლის საგადასახადო დეკლარაციის თანახმად, რომელიც 12 მაისს გამოქვეყნდა, მან 2019 წელს 583 470 ევროს შემოსავალი მიიღო. აქედან 498 144 ევრო იტალიის პრემიერ-მინისტრმა სახელმწიფო პენსიის სახით მიიღო, ვინაიდან წარსულში იტალიის ხაზინის გენერალური დირექტორისა და იტალიის ბანკის მმართველის თანამდებობები ეკავა.
მოსახლეობას ასკილით, ჟოლოთი და სხვა ტყის პროდუქტებით სარგებლობა არ ეკრძალება - სამინისტრო
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, რომ, ახალი „ტყითსარგებლობის წესით”, მოსახლეობისთვის არამერქნული ტყის პროდუქტებით, როგორიცაა, ასკილი, მაყვალი, ჟოლო და სხვა, სარგებლობა დაშვებულია. ახალი რეგულაცია პირადი მოხმარებისთვის არამერქნული რესურსით სარგებლობას არ კრძალავს. როგორც სამინისტრო აცხადებს, დამატებით, კერძო სექტორის მოთხოვნის საფუძველზე, შესაძლებელი გახდა ასეთი რესურსით კომერციული საქმიანობაც, რაც, ახალი რეგულაციის მიღებამდე, აკრძალული იყო. "ქვეყანაში არ არსებობდა არამერქნული რესურსის მოპოვების ლეგალური გზა, რის გამოც, დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა არ ჰქონდათ კანონიერი ბიზნესი ეწარმოებინათ, განეხორციელებინათ რეალიზაცია, მათ შორის, ექსპორტი, რაც დამატებითი ეკონომიკური სარგებლის მომტანია ქვეყნის ეკონომიკისთვის. ახალი „ტყითსარგებლობის წესით”, კომერციული მიზნით ტყის არამერქნული რესურსებით სარგებლობის უფლება გაიცემა იურიდიულ პირებზე. აღნიშნული პირები წარადგენენ განცხადებას და სათანადო დოკუმენტაციას ტყის მართვის ორგანოში, რის შემდეგაც, განსაზღვრულ ტერიტორიაზე კონკრეტული რესურსის მოპოვების უფლებას მიიღებენ ერთი წლის ვადით. რესურსის მოპოვების უფლების მქონე პირი ვალდებულია წლის ბოლოს წარადგინოს ანგარიში მოპოვებული რესურსის შესახებ და გადაიხადოს ბუნებრივი რესურსით სარგებლობის მოსაკრებლების შესახებ კანონით განსაზღვრული მოსაკრებელი. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობამ ახალი „ტყითსარგებლობის წესი“ მიიღო. აღნიშნული კანონქვემდებარე აქტი სრულ შესაბამისობაშია 2020 წლის მაისში საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებული ახალი „ტყის კოდექსით” დადგენილ ტყის მდგრადი მართვის პრინციპებთან. ახალი „ტყითსარგებლობის წესი“ ადგენს ტყით მდგრადი მართვისა და სარგებლობის სამართლებრივ მექანიზმებს, რაც უზრუნველყოფს ჩვენი ტყეების რესურსებით მდგრად სარგებლობას ტყის ეკოლოგიური ღირებულებებისა და მახასიათებლების გაუმჯობესების, დაცვისა და შენარჩუნების პირობებში", - ნათქვამია სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ისრაელი ღაზის სექტორთან საზღვრისკენ სამხედრო ძალებს აგზავნის
BBC-ის ინფორმაციით, ისრაელი ღაზის სექტორთან საზღვრისკენ სამხედრო ძალებს აგზავნის. ამის შესახებ გამოცემას ისრაელის არმიაში განუცხადეს. როგორც თავდაცვითი ძალების წარმომადგენელმა, პოლკოვნიკმა იონათან კონრიკუსმა განაცხადა, 3 000 რეზერვისტია გამოძახებული, ხოლო საზღვარზე მყოფ სამხედროებს მთავრობამ უბრძანა, მზად იყვნენ მოვლენების ყველანაირი განვითარებისა და ესკალაციისთვი „სამხედრო ძალების ნაწილი საზღვრისკენ გადაადგილება. ეს მოსამზადებელი ნაბიჯია“, - იონათან კონრიკუსმა. მისივე თქმით, ისრაელის ყურადღება მტრის შესუსტებისკენ არის მიმართული. „ისინი ძირითადად ბრძოლისთვის ემზადებიან. ჩვენი ყურადღება მტრის შესაძლებლობების შესუსტებაზეა გამახვილებული“, - აღნიშნა მან.
ლადო კახაძე ჯარში შემოქმედებითი ჯგუფების შექმნის ინიციატივით გამოდის
ჯარს ძლიერი შემოქმედებითი კოლექტივი ჰყავდა, ხო არ დადგა დრო აღვადგინოთ ეს ტრადიცია - ლადო კახაძე ჯარში შემოქმედებითი ჯგუფების შექმნის ინიციატივით გამოდის. პარლამენტის წევრს, აინტერესებს ჯარში მოტივაციის გასაზრდელად ხომ არ იგეგმება შემოქმედებითი ჯგუფების შექმნა. ამ შინაარსის კითხვა მან თავდაცვის მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს დაუსვა, რომელიც "მინისტრის საათის" ფარგლებშია პარლამენტში მისული. "ჩვენ ქართულ ჯარს, საერთოდ ქართველებს დიდი ისტორია გვაქვს შემოქმედებითი კუთხით. თქვენთან [ჯარში] ძალიან ბევრი ახალგაზრდა იყრის უდიდესი ნიჭით შეპყრობილნი - ცეკვა იქნება, სიმღერა იქნება და... იყო ასეთი ტრადიცია, რომ ჯარს ძალიან ძლიერი შემოქმედებითი კოლექტივი ჰყავდა. ჩვენ მოტივაციაზე ვლაპარაკობთ, ახალგაზრების გაზრდაზე... რას ფიქრობთ, თავის პროფესიულ საქმიანობასთან ერთად თავისი ნიჭის გამოსამჟღავნებლად, ხომ არ დადგა დრო აღვადგინოთ ეს ტრადიცია და ის სასწაული პოტენციალი გამოვიყენოთ, რომელიც ქართულ ნიჭს და გენს ბრძოლასთან ერთად იმ ყიჟინაში და იმ რიტუალურ ცეკვაშიც ახასიათებს", - იკითხა ლადო კახაძემ. როგორც მინისტრმა აღნიშნა, იდეა მოეწონა, "საინტერესო ინიციატივაა ჩვენთან მსგავსი კულტურული ღონისძიებების აღდგენის. ამ ეტაპზე არ გვიფიქრია. შევეცდებით, რომ დავამუშაოთ ეს საკითხი", - უპასუხა ჯუანშერ ბურჭულაძემ.
სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა რელიგიური თავისუფლების შესახებ ანგარიში, რომელშიც საქართველოზეცაა საუბარი
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა რელიგიური თავისუფლების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში საქართველოზეცაა საუბარი, განსაკუთრებული ყურადღება კი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ სიტუაციაზეა გამახვილებული. ანგარიშში ნათქვამია, რომ დე ფაქტო ლიდერები ოკუპირებულ ტერიტორიებზე ზოგიერთი რელიგიური დაჯგუფების საქმიანობას კრძალავენ. „საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლება ზეწოლას ახორციელებს მართლმადიდებელ ეკლესიებზე, შეუერთდნენ რუსეთის ეკლესიას. წყაროები აცხადებენ, რომ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია ფარულად და არაოფიციალურად უჭერს მხარს ოკუპირებულ ტერიტორიებზე განთავსებულ ეკლესიებს, რომლებსაც არ აქვთ ავტოკეფალია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისგან. აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ქართველ მართლმადიდებელ სასულიერო პირებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის ნება არ დართო. რელიგიური ფიგურების ინფორმაციით, აფხაზეთში ზოგიერთი რელიგიური მოღვაწე რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან შერწყმას უჭერს მხარს“, – ნათქვამია ანგარიშში.
"ჰამასი" ისრაელის მიმართულებით "თვითმკვლელ დრონებს" უშვებს
BBC-ის ინფორმაციით,ისრაელის არმიაში აცხადებენ, რომ „ჰამასი“ ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ე.წ. თვითმკვლელ დრონებს უშვებს. ისრაელის მედია ავრცელებს ვიდეოს, სადაც ჩანს, „F-16“-ის ტიპის გამანადგურებელი როგორ აგდებს ე.წ. თვითმკვლელ დრონს. მედიის ინფორმაციით, ყველა ასეთი დრონი ისრაელის არმიამ ჩამოაგდო.
ჯუანშერ ბურჭულაძე: წვევამდელები სავალდებულო სამსახურს თავდაცვის სამინისტროში გაივლიან
საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, სამინისტრომ შეიმუშავა საქართველოს თავდაცვის კოდექსის რეფორმა, რომელიც სამხედრო სავალდებულო სამსახურის რეფორმასაც გულისხმობს. მისი თქმით, რეფორმის შედეგად, სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლა მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს სისტემაში იქნება შესაძლებელი, ასევე შემცირდება სავალდებულო სამსახურის ვადები. “ჩვენ შევიმუშავეთ თავდაცვის კოდექსის ახალი კოდექსი, რომელიც ითვალისწინებს სავალდებულო სამსახურის გავლას მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს სისტემაში, სავალდებულო სამხედრო სამსახურის ვადების შემცირებასა და სხვა მნიშვნელოვან ცვლილებებს. აღნიშნული ცვლილებების მიზანია სავალდებულო სამხედრო სამსახურის მეტი პოპულარიზაცია და ერთიანი სტანდარტით გაწვრთნილი სამხედრო მოსამსახურეებისა და რეზერვის შექმნა”, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.
თავდაცვის მინისტრი: საქართველოში M4-ის ტიპის ავტომატის წარმოება დაიწყება
საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, საქართველოში იწყება M4-ის ტიპის ავტომატების წარმოება. “ახალი ქართულ-ებრაული საწარმო დელტას ტერიტორიაზე წლის ბოლოდან ამოქმედდება (პროგრამა), რომელიც M4-ის ტიპის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის წარმოებას დაიწყებს”, – განაცხადა მინისტრმა.
ირაკლი ღარიბაშვილი: მინდა, დიდი პატივისცემითა და სიყვარულით მოგილოცოთ რამაზან-ბაირამის დღე
მინდა, დიდი პატივისცემითა და სიყვარულით მოგილოცოთ რამაზან-ბაირამის დღე, ეს არის სიყვარულის, სიკეთისა და სითბოს დღე, – ამ სიტყვებით მიულოცა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მუსლიმ სასულიერო ლიდერებს რამაზან-ბაირამის დღესასწაული. ირაკლი ღარიბაშვილი მუსლიმ სასულიერო ლიდერებს მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე. მთავრობის მეთაურის თქმით, რამაზან-ბაირამის დღესასწაული სითბოს, სიყვარულის და ერთმანეთზე ზრუნვის დღეა. საქართველოში მცხოვრებ მუსლიმებს და ქრისტიანებს ამ ქვეყნის ერთობლივი მსახურების დიდი ისტორია აქვთ, პატივს სცემდნენ ერთმანეთის რწმენას და ერთმანეთზე ზრუნავდნენ. „დღეს დიდი დღეა. მინდა, ყველას მოგილოცოთ დიდი პატივისცემით, დიდი სიყვარულით რამაზან-ბაირამის დღე, ეს დღე არის სიყვარულის დღე, სიკეთის დღე, სითბოს დღე და მე მინდა გულით ყველას მოგილოცოთ კიდევ ერთხელ თქვენთვის ეს დიდი დღესასწაული. მოგეხსენებათ, რომ კოვიდპანდემიის გამო, ჩვენ ხშირად ვერ ვიკრიბებით, მაგრამ ეს ტრადიცია ყოველთვის გვქონდა, მოგეხსენებათ, რომ ჩემი პრემიერ-მინისტრობის დროს, სისტემატიურად ვიკრიბებოდით, ვსაუბრობდით, ერთმანეთის გასაჭირს, პრობლემებს ვისმენდით, საკითხებს ვწყვეტდით და მე მინდა, რომ ამ ფორმატში გავაგრძელოთ ჩვენი ურთიერთობა. ვიცი, რომ ბატონ ზაზას აქვს ძალიან კარგი, მეგობრული ურთიერთობა თქვენთან, მეც პირადად ჩავერთვები, მექნება სისტემატიური შეხვედრები თქვენთან. საბოლოო ჯამში, ჩვენ ყველანი რა თქმა უნდა, ამ ქვეყნის შვილები და ერთი სახელმწიფოს მოქალაქეები ვაკეთებთ ყველაფერს, რათა გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყანა და რაც მთავარია, ვიზრუნოთ ერთმანეთზე სიყვარულით და პატივისცემით. კიდევ ერთხელ გილოცავთ რამაზან-ბაირამის დღესასწაულს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა მუსლიმ სასულიერო პირებთან შეხვედრაზე. დასავლეთ საქართველოს მუფთმა ადამ შანთაძემ პრემიერ-მინისტრს რამაზანის თვის განმავლობაში საღამოს ლოცვებთან დაკავშირებით მთავრობის მხრიდან ხელშეწყობისთვის მადლობა გადაუხადა. „პირველ რიგში დიდ მადლობას მოგახსენებთ მოწვევისთვის, ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ. ასევე მინდა გადმოგცეთ ჩვენი მრევლის გულთბილი სალამი. გამოვთქვამთ მადლიერებას, რომ მთელი რამაზანის თვის განმავლობაში მთავრობის მხრიდან იყო ხელშეწყობა საღამოს ლოცვებთან დაკავშირებით. ჩვენც, თავის მხრივ, ვიცავთ ყველა იმ რეგულაციას, რომელსაც გასცემს შესაბამისი, ჯანდაცვის და სახელმწიფო ორგანოები, რათა ერთიანი ძალისხმევით შევძლოთ პანდემიის დამარცხება. ჩვენი ქვეყანა ისტორიულად და დღესაც გამოირჩევა კულტურული, ეთნიკური, კონფესიური მრავალფეროვნებით და ეს მრავალფეროვნება ჩვენი ისტორიული მონაპოვარი, ეროვნული და კულტურული სიმდიდრეა. მინდა აღვნიშნო, რომ წარსულშიც და დღესაც ამ ქვეყანაში სხვადასხვა ეთნოსის, აღმსარებლობის ადამიანები ჰარმონიულად, ძმურად, მეგობრულად თანაცხოვრობდნენ და საკუთარი წვლილი შეჰქონდათ ერთიანი, ძლიერი ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში. ეს ასეა დღესაც და ამ მიმართულებით თქვენი მხრიდან ვხედავთ ხელშეწყობას, მზაობას და ინიციატივებს“,- განაცხადა დასავლეთ საქართველოს მუფთმა ადამ შანთაძემ.
აშშ-სთან თანამშრომლობით იგეგმება „ჯაველინების“ დამატებითი პარტიის შეძენა
მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-სთან თანამშრომლობით იგეგმება „ჯაველინების“ დამატებითი პარტიის შეძენა – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მინისტრმა თავდაცვის ძალების შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით განხორციელებულ მნიშვნელოვან ნაბიჯებზე ისაუბრა, მათ შორის ხაზგასმით აღნიშნა ჯავშანსატანკო და მექანიზებული ქვედანაყოფების წინააღმდეგ ეფექტური საშუალებების შესყიდვის მნიშვნელობა. „რიცხობრივად და ტექნოლოგიურად უპირატესი მოწინააღმდეგის განეიტრალებისთვის მნიშვნელოვანია, გაგრძელდეს ჯავშანსატანკო და მექანიზებული ქვედანაყოფების წინააღმდეგ ეფექტური საშუალებების შესყიდვა. ამ მიზნით, მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-სთან თანამშრომლობით იგეგმება „ჯაველინების“ დამატებითი პარტიის შეძენა“, – განაცხადა მინისტრმა. მისი თქმით, თავდაცვის ძალების მაღალი მზადყოფნის შენარჩუნებისა და მეტად ამაღლების მიზნით, კრიტიკულად მნიშვნელოვანია თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერება, განსაკუთრებით თანამედროვე, ნატო-ს სტანდარტების შეიარაღების დანერგვის გზით.
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომაზე „ევროპის საბჭო და კონფლიქტი საქართველოში“ მორიგი გადაწყვეტილება მიიღეს
12 მაისს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომაზე მიიღეს მორიგი გადაწყვეტილება „ევროპის საბჭო და კონფლიქტი საქართველოში“. ინფორმაციას სახელმწიფო მინისტრის აპარატის პრესსამსახური ავრცელებს. მინისტრთა კომიტეტი ხაზს უსვამს, რომ რუსეთის ფედერაცია განაგრძობს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესის შეფერხებას და საფრთხეს უქმნის მთელი რეგიონის უსაფრთხოებასა და სტაბილურობას. გადაწყვეტილებაში გამოთქმულია სერიოზული შეშფოთება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა კუთხით გაუარესებული მდგომარეობის და ფუნდამენტური უფლებების უხეში დარღვევის, მათ შორის სიცოცხლის ხელყოფის, ეთნიკური დისკრიმინაციის, გამყოფი ხაზის გასწვრივ მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვის, თავისუფალ გადაადგილებაზე მკაცრი შეზღუდვების დაწესების, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვის, ასევე პირადი უსაფრთხოების, ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობისა და საკუთრების უფლებების უგულვებელყოფის გამო. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებულია საქართველოს მოქალაქეთა დაკავებების უკანონო პრაქტიკაზე; კერძოდ, მინისტრთა კომიტეტი გამოხატავს ღრმა შეშფოთებას ზაზა გახელაძისთვის 12 წლით და 6 თვით უკანონო პატიმრობის მისჯის გამო და მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, როგორც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ ძალას, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს მისი და სხვა უკანონოდ დაკავებული პირების გათავისუფლება. გადაწყვეტილებაში უკიდურესი შეშფოთებით აღნიშნულია, რომ კვლავაც დაუსჯელნი რჩებიან საქართველოს ოთხი მოქალაქის - დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიას, არჩილ ტატუნაშვილისა და ირაკლი კვარაცხელიას მკვლელობაზე პასუხისმგებელი პირები. „მიესალმება რა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ 2021 წლის 21 იანვარს მიღებულ გადაწყვეტილებას საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“, მინისტრთა კომიტეტი ერთმნიშვნელოვნად განსაზღვრავს რუსეთის პასუხისმგებლობას საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ უმძიმეს მდგომარეობაზე და ხაზს უსვამს მისი საერთაშორისო სამართლებრივი ვალდებულებების შესრულების აუცილებლობას. გადაწყვეტილება აღნიშნავს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებისა და ინციდენტების პრევენციის და რეაგირების მექანიზმების მნიშვნელობას, ადგილზე უსაფრთხოების, სტაბილურობისა და ადამიანის უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად და ამ კონტექსტში მოუწოდებს გალის მექანიზმის აღდგენისკენ. აღსანიშნავია, რომ გადაწყვეტილება გამოხატავს მხარდაჭერას საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ და მისი ინსტრუმენტების მიმართ. მიღებულ გადაწყვეტილებაში მინისტრთა კომიტეტი კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას. აღსანიშნავია, რომ გადაწყვეტილებას „ევროპის საბჭო და კონფლიქტი საქართველოში“ მინისტრთა კომიტეტი 2014 წლიდან იღებს, რაც ცხადყოფს, რომ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მდგომარეობა საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღებას იპყრობს და საერთაშორისო დღის წესრიგში ერთ-ერთ მნიშვნელოვან განსახილველ საკითხს წარმოადგენს“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ილია მეორე: წმინდა მიწაზე განვითარებული საომარი მოქმედებები ადგილობრივ მცხოვრებთა და მთელი რეგიონის უდიდესი განსაცდელია
ფრიად ვწუხვართ შექმნილი დაძაბული ვითარების გამო და მოვუწოდებთ ჩვენს მოსახლეობას, ყოველდღიურ ლოცვებთან ერთად, განსაკუთრებულად შესთხოვონ ღმერთს მშვიდობა როგორც იერუსალიმისა და წმინდა მიწისთვის, ისე საქართველოსა და მთელი მსოფლიოსათვის, – ამის შესახებ აღნიშნულია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორეს მიმართვაში. „წმინდა მიწაზე განვითარებული საომარი მოქმედებები ადგილობრივ მცხოვრებთა და მთელი რეგიონის უდიდესი განსაცდელია, მაგრამ იგი, ამავე დროს, მილიონობით სხვა ადამიანის გულისტკივილია, მათ შორის, რა თქმა უნდა, საქართველოშიც, რადგან ჩვენი სულიერი ცხოვრება დიდად იყო და არის დაკავშირებული იერუსალიმთან და წმინდა მიწასთან. ამიტომაც, ბუნებრივია, ფრიად ვწუხვართ შექმნილი დაძაბული ვითარების გამო და მოვუწოდებთ ჩვენს მოსახლეობას, ყოველდღიურ ლოცვებთან ერთად, განსაკუთრებულად შესთხოვონ ღმერთს მშვიდობა როგორც იერუსალიმისა და წმინდა მიწისთვის, ისე საქართველოსა და მთელი მსოფლიოსათვის. „ღმერთი მშვიდობისა იყავნ ყოველთა თანა, ამინ“, – აღნიშნულია მიმართვაში.
ფაუჩი: თუ ვაქცინირებული ხართ, გვერდზე გადადეთ პირბადე, არ გჭირდებათ
აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორი, ენტონი ფაუჩი განმარტავს, რა შემთხვევაში უნდა ატარონ ვაქცინირებულმა პირებმა პირბადე. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. „ჩვენ უნდა განვახორციელოთ ეს გადასვლა. თუ ვაქცინირებული ხართ, გარეთ პირბადის ტარება საჭირო არ არის. თუ თქვენ ხალხმრავალ ადგილას იმყოფებით, სადაც ხალხის დიდი გროვაა, მაშინ პირბადე უნდა გაიკეთოთ. ნებისმიერ სხვა დროს, თუ ვაქცინირებული ხართ და გარეთ იმყოფებით, გვერდზე გადადეთ თქვენი პირბადე. მისი ტარება არ გჭირდებათ“, - აღნიშნა ენტონი ფაუჩიმ. 28 აპრილს აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა ახალი გაიდლაინი გამოაქვეყნა, რომლის თანახმად, სრულად ვაქცინირებულ პირებს ღია სივრცეებში პირბადის ტარება აღარ სჭირდებათ.