ძებნის რეზულტატი:
ბენიამინ ნეთანიაჰუ: ისრაელი "ჰამასის" წინააღმდეგ საჰაერო თავდასხმებს გააგრძელებს
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან სატელეფონო საუბრის დროს განაცხადა, რომ ისრაელი ღაზაში "ჰამასის" წინააღმდეგ საჰაერო თავდასხმებს გააგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაციას ნეთანიაჰუს ადმინისტრაციაზე დაყრდნობით Deutshe Welle ავრცელებს. პრემიერის ადმინისტრაციის ცნობით, ნეთანიაჰუმ აშშ-ის პრეზიდენტს მხარდაჭერის გამოხატვისთვის მადლობა გადაუხადა. "პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი გააგრძელებს "ჰამასისა" და ღაზას სექტორში არსებული სხვა ტერორისტული ორგანიზაციების სამხედრო შესაძლებლობების შესუსტების მიზნით მოქმედებებს", - აცხადებენ ნეთანიაჰუს ადმინისტრაციაში.
დავით ზალკალიანი: ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტზე მიღებული გადაწყვეტილება უპრეცედენტოა, პირველად აღმასრულებელ დონეზე დაფიქსირდა ტერმინი "ოკუპაცია"
საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომელიც ერთმნიშვნელოვნად განსაზღვრავს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ უმძიმეს მდგომარეობაზე რუსეთის პასუხისმგებლობას, როგორც ქვეყნის, რომელიც მის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე კონტროლს ახორციელებს. როგორც დავით ზალკალიანმა აღნიშნა, მინისტრთა კომიტეტი მოუწოდებს რუსეთს, შეასრულოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განჩინება საქმეზე - „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“. „სტრასბურგში, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტზე მიღებულია საქართველოსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება. 2014 წლის შემდეგ, ყოველწლიურად ჩვენ ამ ორგანიზაციის ფარგლებში ვიღებთ გადაწყვეტილებებს . აღსანიშნავია, რომ წლევანდელი გადაწყვეტილება განსაკუთრებული და უპრეცედენტოა, რადგან პირველად, საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში აღმასრულებელ დონეზე დაფიქსირდა ისეთი მნიშვნელოვანი ტერმინი, როგორიც არის „ოკუპაცია“. გარდა ამისა, უაღრესად მნიშვნელოვანია ეს გადაწყვეტილება იმ თვალსაზრისით, რომ მინისტრთა კომიტეტი ასევე მიესალმება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განჩინებას საქმეზე - „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“. გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, რუსეთის ფედერაცია, როგორც ეფექტური კონტროლის განმახორციელებლი სახელმწიფო, პასუხისმგებელია საქართველოს რეგიონებში, აფხაზეთსა და ცხინვალის ოკუპაციის პერიოდში ადამიანის უფლებათა სერიოზულ დარღვევებზე, კერძოდ, საქართველოს მოქალაქეების მკვლელობაში, წამებაში, არასათანადო მოყრობასა და უკანონო დაკავებაში, ქართველების სახლების ძარცვასა და დაწვაში, ქართველების მიმართ ეთნიკური ნიშნით არაადამიანურ მოყრობაში, იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების საკუთარ სახლებში დაბრუნების უფლების ხელყოფაში. როგორც ხედავთ, ძალიან მკაცრი შეფასებებია“,-განაცხადა ზალკალიანმა. მისი თქმით, მინისტრთა კომიტეტის მიერ მიღებულ დოკუმენტში შეშფოთებაა გამოხატული საოკუპაციო ძალების მხრიდან ზაზა გახელაძის უკანონო ტყვეობის 12 წელზე მეტი ვადით გახანგრძლივების გადაწყვეტილების გამო. როგორც ზალკალიანი აღნიშნავს, მინისტრთა კომიტეტი მოუწოდებს რუსეთს, ზაზა გახელაძისა და სხვა უკანონო დაკავებულთა დაუყოვნებლივი გათავისუფლებისკენ. „პირდაპირი მოწოდებაა რუსეთისადმი, მოხსნას ყველა დაბრკოლება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ეთნიკურად ქართველების მკვლელობის საქმეებზე და დამნაშავეები პასუხისგებაში მიეცნენ. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ელემენტი, რომელიც ამ გადაწყვეტილებაშია, არის ის, რომ დაუყოვნებლივ გაიხსნას ე.წ. დაბლოკილი გადასასვლელები და ხალხს მიეცეს თავისუფალი გადაადგილების უფლება. გადაწყვეტლოილებაშ ასევე ხაზგასმულია „ოთხოზორია-ტატუნაშვილის“ სიის მნიშვნელობის შესახებ“,-განაცხადა ზალკალიანმა.
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივ წარმომადგენელს შეხვდა
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივ წარმომადგენლს სელიმ ჩაკირს შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. ადმინისტრაციის ცნობითმ საუბარი პანდემიის გამო შექმნილ ვითარებას შეეხო. ირაკლი ღარიბაშვილმა სელიმ ჩაკირს პანდემიის რთული პერიოდის დაძლევის პროცესში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. აღინიშნა, რომ ქვეყანაში უკვე მიმდინარეობს ვაქცინაცია და ეკონომიკამ გამოცოცხლება დაიწყო, რაზეც პირველი კვარტლის მაჩვენებლებიც მიუთითებს და 2021 წლის ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით პოზიტიური პროგნოზის გაკეთების შესაძლებლობას იძლევა. "ყურადღება დაეთმო საერთაშორისო სავალუტო ფონდთან წარმატებით დასრულებულ ოთხწლიან გაფართოებულ პროგრამას. ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამა, რომელიც მთავრობის ეკონომიკურ გუნდს კრიზისის დაძლევის სტრატეგიის მომზადებასა და განხორციელებაში დაეხმარა. მთავრობის მეთაურმა განაცხადა, რომ პანდემიის მიუხედავად, მთავრობამ არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმა გაატარა, მათ შორის პენსიების ინდექსაცია და დღგ-ს დაბრუნების ავტომატიზირებული სისტემა და აღნიშნა, რომ ამ მიმართლებით აქტიური მუშაობა გაგრძელდება. შეხვედრისას, ასევე ისაუბრეს ქვეყნის განვითარების ათწლიანი გეგმის შესახებ, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით მუშავდება. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა გეგმის განხორციელებაში საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და განვითარების პარტნიორების აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას", - ნათქვამია ინფორმაცისში.
ნათია თურნავა: ქართული სტარტაპები ძალიან კონკურენტუნარიანები არიან საერთაშორისო ბაზარზე
ძალიან შთამბეჭდავი წარმატებაა. ვულოცავ, როგორც ჩვენს ახალგაზრდებს - „პულსარის“ დამფუძნებლებს, ასევე ამერიკულ კომპანია SpinCar-ს, ვინც შეიძინა რამდენიმე ათეულ მილიონ დოლარად ჩვენი ადგილობრივი სტარტაპი, - ამის შესახებ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, სადაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ქართული სტარტაპის, Pulsar AI-ის თანადამფუძნებლებს შეხვდა. ნათია თურნავამ ხაზი გაუსვა, რომ ადგილობრივი ქართული სტარტაპები ძალიან კონკურენტუნარიანები არიან საერთაშორისო ბაზარზე. „ჩვენთვის ორმაგად საამაყოა, იმიტომ, რომ სტარტაპი „პულსარი“ არის ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ გაცემული გრანტების ბენეფიციარი 2018-2019 წლებში. ჩვენ ვეხმარებოდით მათ, ისევე, როგორც ათობით სხვა ადგილობრივ ქართულ სტარტაპს ზრდასა და განვითარებაში. ზოგადად, ჩვენი პოლიტიკაა სტარტაპ ეკოსისტემის შექმნა საქართველოში, გაძლიერება და ეს კონკრეტული გარიგება, რაც ამერიკის ბაზარზე შედგა, „სილიკონ ველიზე“, არის იმის ნათელი მაგალითი, რომ ჩვენი ადგილობრივი ქართული სტარტაპები არიან ძალიან კონკურენტუნარიანები საერთაშორისო ბაზარზე. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ახლა უკვე 10 წლიანი გეგმის ფარგლებში გავაძლიეროთ მათთან გვერდში დგომის სტრატეგია“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.
SpinCar-ის თანადამფუძნებელი: აღფრთოვანებული ვართ ქართული კულტურით, ჩვენ შესანიშნავი პარტნიორები შევიძინეთ
ჩვენ შესანიშნავი პარტნიორები შევიძინეთ, - ამის შესახებ, ციფრული პლატფორმის, SpinCar-ის თანადამფუძნებელმა, მაიკლ ქვიგლმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, სადაც პრემიერ-მინისტრისა და ქართული სტარტაპის, Pulsar AI-ის დამფუძნებლების შეხვედრას ვიდეოკონფერენციის ფორმატში, ამერიკის შეერთებული შტატებიდან ესწრებოდა. მან ხაზი გაუსვა, რომ SpinCar-ი ინვესტირებას გააგრძელებს საქართველოში Pulsar AI-ის საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით. “ჩვენ შესანიშნავი პარტნიორები შევიძინეთ. საერთო მომხმარებელმა დაგვაკავშირა ერთმანეთს. აქ ამერიკაში ერთ-ერთი ჩვენი მომხმარებელი ქართველის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირია. ხსენებული კომპანია შეერთებული შტატების იურისდიქციაშია რეგისტრირებული. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ამ სტარტაპთან უწყვეტად გვქონდა კონტაქტი. სრულიად აღფრთოვანებული ვართ ქართული კულტურით. პარტნიორობა დავამყარეთ და ინვესტირებას გავაგრძელებთ საქართველოში ამ სტარტაპის საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით”, - აღნიშნა SpinCar-ის თანადამფუძნებელმა.
ირაკლი ღარიბაშვილი ქართული სტარტაპის, Pulsar AI-ის დამფუძნებლებს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ქართული სტარტაპის, Pulsar AI-ის დამფუძნებლებს შეხვდა, რომელიც ავტოინდუსტრიაში ციფრული გაყიდვების სისტემების გლობალურმა ლიდერმა, ამერიკულმა კომპანია SpinCar-მა შეისყიდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე Pulsar AI-ის დამფუძნებლებმა ქართული სტარტაპის ისტორიასა და წარმატების გზაზე ისაუბრეს. ირაკლი ღარიბაშვილმა მათ ქართული ინოვაციური პროექტისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე აღინიშნა, რომ Pulsar AI-ის წარმატება ნათელი მაგალითია იმისა, რომ ადგილობრივი ქართული სტარტაპები ძალიან კონკურენტუნარიანები არიან საერთაშორისო ბაზარზე. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ის პრეცედენტი, რაც Pulsar AI-მა შექმნა, დიდი სტიმული და მოტივაციაა ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც აღნიშნულ სფეროში მოღვაწეობს. „შპს „პულსარი“, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ გაცემული გრანტების ბენეფიციარია. 2017-2018 წლებში მათ მოიპოვეს 5000-ლარიანი გრანტი პროტოტიპირებისთვის და საერთაშორისო ღონისძიებაში მონაწილეობისთვის, სადაც ინვესტორებს წარუდგინეს აღნიშნული პროტოტიპი. 2018 წელს, სტარტაპერებმა დამატებით სააგენტოს 100 000-ლარიან საგრანტო პროგრამაში გაიმარჯვეს, ხოლო 2020 წელს 650 000-ლარიან საგრანტო პროგრამაში. 2019-2020 წლებში „პულსარმა“ 1.2 მილიონი აშშ დოლარის კერძო ინვესტიცია მოიზიდა აშშ-დან, სილიკონის ველიდან და საბოლოოდ, ქართული სტარტაპი რამდენიმე ათეულ მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა. Pulsar AI მუშაობს კლიენტსა და ავტომობილის დილერს შორის სრულად ავტომატიზებული კომუნიკაციის შექმნაზე ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით. კომპანიის მიზანია, შექმნას ტექნოლოგია, რომელიც მისცემს საშუალებას ავტომობილების დილერებს სწრაფად და ეფექტურად მოემსახურონ პოტენციურ კლიენტებს ელექტრონული ფოსტის, მოკლე ტექსტური შეტყობინებისა თუ ვებ-ჩეთის საშუალებით. საუბარი ასევე შეეხო საქართველოში ეკოსისტემის შექმნას, როგორც მთავრობის პრიორიტეტს. აღინიშნა, რომ მთავრობა, 10-წლიანი გეგმის ფარგლებში უფრო მეტად გააძლიერებს მსგავსი ინოვაციური სტარტაპების მხარდაჭერის სტრატეგიას. პრემიერ-მინისტრის შეფასებით, ქართული ინოვაციური პროდუქტის პოზიციონირება გლობალურ ბაზარზე უაღრესად მნიშვნელოვანია. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, მინისტრის მოადგილე, ირაკლი ნადარეიშვილი, „საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს“ ხელმძღვანელი ავთანდილ კასრაძე ესწრებოდა. შეხვედრას, ვიდეოკონფერენციის რეჟიმში, ამერიკის შეერთებული შტატებიდან შეუერთდა ციფრული პლატფორმის, SpinCar-ის თანადამფუძნებელი მაიკლ ქვიგლი“, - ნათქვამია განცხადებაში.
ნათია თურნავა: უახლოეს პერიოდში კოვიდპასპორტის კონცეფცია უკვე წარდგენილი იქნება
უახლოეს პერიოდში კოვიდ პასპორტის კონცეფცია უკვე წარდგენილი იქნება, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტებთან განაცხადა. ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, კოვიდპასპორტის დოკუმენტი მოქალაქეს, როგორც ელექტრონულად, ასევე ბეჭვდის სახით ექნება. "კოვიდ პასპორტი ძალიან საინტერესო ინიციატივაა, რომლითაც ჯანდაცვის სამინისტრო შემოვიდა და პრემიერ-მინისტრმა მხარი დაუჭირა. ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრთან ერთად ელექტრონული პლატფორმის კოვიდ პასპორტის შემუშავებაში ჩართულია სხვა უწყებებიც. უახლოეს პერიოდში კოვიდ პასპორტის კონცეფცია უკვე წარდგენილი იქნება. ეს იქნება ისეთი დოკუმენტი, რომელიც ელექტრონულ მატარებელზეც და ბეჭვდის სახით შეიძლება ვიქონიოთ. ეს იქნება კოვიდთან დაკავშირებით სრული ინფორმაცია", - განაცხადა თურნავამ.
ნათია თურნავა Sinopharm-ის ვაქცინით აიცრა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან ერთად Sinopharm-ის ვაქცინით აიცრა. მინისტრმა ვაქცინა რესპუბლიკურ საავადმყოფოში გაიკეთა. როგორც თურნავამ აღნიშნა, თავს კარგად გრძნობს და საზოგადოებას ვაქცინის გაკეთებისკენ მოუწოდა. აცრის შემდეგ მინისტრმა აღნიშნა, რომ ახლა მთავრობის პრიორიტეტია საქართველომ რაც შეიძლება სწრაფად დაიბრუნოს ტურისტულად უსაფრთხო ქვეყნის სტატუსი, იმისთვის რომ მაქსიმალურად სწრაფად დაიწყოს უცხოელი ტურისტების მიღება. "მოვალედ ჩავთვალე თავი, რომ აცრა გამეკეთებინა ტურისტის ინდუსტრიის სხვადასხვა ლიდერთან ერთად. ჩემთან ერთად იმყოფება 20-მდე სხვადასხვა ტურისტული ინდუსტრიის წარმომადგენელი. ვაქცინაციაა ერთადერთი გზა, რომ ჩვენ სწრაფად აღვადგინოთ, ჩვენი ეკონომიკა და ჩვენი ტურიზმი. თავს კარგად ვგრძნობ, Sinopharm-ით ავიცერი. შესანიშნავი ვაქცინაა! მინდა ყველას მოვუწოდო, აიცრან", - განაცხადა თურნავამ.
ამირან გამყრელიძე იმ მოქალაქეებს მიმართავს, ვინც ვაქცინის მეორე აცრაზე დარეგისტრირებას ვერ ახერხებს
"არავის შეექმნება სირთულე მეორე დოზით აცრასთან დაკავშირებით", - დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ იმ მოქალაქეებს მიმართა, ვინც ვაქცინის მეორე აცრაზე დარეგისტრირებას ვერ ახერხებს. გამყრელიძის განცხადებით, იმუნიზაციის პორტალზე სერიოზული ტექნიკური ხარვეზი დაფიქსირდა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის IT-სამსახური ინტენსიურ რეჟიმში მუშაობს, რათა დაჯავშნის პროცესი შეუფერხებლად წარიმართოს. "ვაქცინაციის პროცესი თანდათან უფრო ინტენსიური ხდება და მოსახლეობა უფრო მეტ დამყოლობას იჩენს. სამწუხაროდ, გუშინ იმუნიზაციის პორტალზე სერიოზული ტექნიკური ხარვეზი იყო, რის გამოც მოსახლეობას კიდევ ერთხელ ვუხდი ბოდიშს. გუშინ მოქალაქეები რეგისტრირდებოდნენ Sinopharm-ის მეორე აცრაზე და AstraZeneca-ს ვაქცინით აცრის მსურველები, რომლებსაც ეს შესაძლებლობა ასაკობრივი ზღვრის დაწევის შედეგად მიეცათ. ტექნიკური ხარვეზი ნაწილობრივ გამოსწორდა დილისთვის, თუმცა ახლაც, ჩემი ინფორმაციით, გარკვეული ხარვეზები არსებობს. ჩვენი IT-სამსახური ინტენსიურ რეჟიმში მუშაობს, რათა დაჯავშნის პროცესი შეუფერხებლად წარიმართოს. მინდა ვუთხრა მოსახლეობას, რომ არავის შეექმნება სირთულე მეორე დოზით აცრასთან დაკავშირებით, რამეთუ თითოეული მათგანისთვის აცრის მეორე დოზა დაჯავშნილია", - განაცხადა გამყრელიძემ.
ნათია თურნავა: უახლოესი ორი კვირის შემდეგ, შესაძლოა, გარკვეული შეზღუდვები შევამსუბუქოთ
უახლოესი ორი კვირის შემდეგ, როდესაც კიდევ ერთხელ გადავხედავთ დადებითობის მაჩვენებელს, შესაძლოა, გარკვეული შეზღუდვები შევამსუბუქოთ, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისივე თქმით, არის მოლოდინი, რომ კორონავირუსის დადებითობის მაჩვენებელი შემცირდება. "გარკვეულ დისკომფორტს ქმნის, რომ შაბათ-კვირას ჩვენი სახელმწიფო სტუმრები, თუ ჩვენი მოქალაქეები ვერ მიდიან ერთმანეთთან და ვერ სადილობენ. რა თქმა უნდა, ეს დარტყმაცაა სარესტორნო ინდუსტრიისთვის. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვფიქრობთ, უახლოესი ორი კვირის შემდეგ, როდესაც კიდევ ერთხელ გადავხედავთ დადებითობის მაჩვენებელს, რომელიც დღეს მაღალია, მაგრამ გვაქვს მოლოდინი, რომ შემცირდება, შევძლებთ, გარკვეული შეზღუდვები შევამსუბუქოთ", - განაცხადა თურნავამ.
სავარაუდოდ როდიდან იქნება ხელმისაწვდომი Sinovac-ის ვაქცინა მოსახლეობისთვის? - ამირან გამყრელიძის განმარტება
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ჩინურ ვაქცინა Sinovac-ზე „სინოვაკზე“ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის სამეცნიერო ექსპერტთა კომიტეტის პირველადი შეფასება „საკმაოდ კარგია“. მისივე თქმით, ვაქცინა უახლოეს ხანში მიიღებს ჯანმოს ავტორიზაციას და სავარაუდოდ, საქართველოს მოსახლეობისთვის ერთი კვირის ფარგლებში მისი ხელმისაწვდომობა დაიწყება. „ჩინეთმა საქართველოს ვაქცინის 100 ათასი დოზა აჩუქა. ამ ვაქცინით აცრილია ას მილიონზე მეტი ადამიანი, როგორც ჩინეთში, ისე სხვადასხვა ქვეყანაში. ამ ვაქცინით ადმინისტრირების დაწყება დაგეგმილია მომავალ კვირაში. ესეც ტრადიციულ მეთოდზე დამყარებული ვაქცინაა, რომელიც ასევე გამოიყენება 18 წლის ზემოთ მოსახლეობაში. „სინოფარმისგან“ განსხვავებით, უფრო ადრე შეიძლება მეორე დოზის გამოყენება, აქ არის 14-დან 28 დღემდე, სხვა კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინებისგან განსხვავებით შედარებთ ნაკლები გვერდითი მოვლენებით. რამდენიმე იურიდიული საკითხია მოსაწესრიგებელი და ალბათ, მისი ადმინისტრირება მომავალ კვირაში დაიწყება. ველოდებით, რომ Sinovac უახლოეს ხანში ჯანმოს ავტორიზაციას მიიღებს. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის სამეცნიერო ექსპერტთა კომიტეტის პირველადი შეფასებით, Sinovac-ს საკმაოდ კარგი შეფასება აქვს. ვფიქრობ, საქართველოს მოსახლეობისთვის 1 კვირის ფარგლებში მისი ხელმისაწვდომობა დაიწყება“, - აცხადებს გამყრელიძე. სავარაუდოდ როდიდან იქნება ხელმისაწვდომი Sinovac-ის ვაქცინა მოსახლეობისთვის? - ამირან გამყრელიძის განმარტება
ნიკა მელია: 15 მაისის აქციის ჩატარების მიზანშეწონილობა აღარ არსებობს
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, 15 მაისს ოპოზიციის მიერ დაგეგმილი აქციის გამართვის მიზანშეწონილობა აღარ არსებობს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა , ახლა ვითარება სრულიად შეცვლილია და რეალობა სხვა ძალისხმევას მოითხოვს. "ვითარება სრულიად შეცვლილია, ამ ეტაპზე რეალობა სხვა ძალისხმევას მოითხოვს. რა თქმა უნდა, 15 მაისის აქციის ჩატარების მიზანშეწონილობა აღარ არსებობს. მე მგონი, ეს ისედაც ცხადი იყო", - განაცხადა მელიამ. შეგახსენებთ, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები 15 მაისს მასშტაბურ, შემაჯამებელ აქციას გეგმავდნენ.
ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, "ჰამასის" სამხედრო დაზვერვის შენობა დაბომბეს
ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ქვეყნის სამხედრო ავიაციამ ღაზას სექტორში „ჰამასის“ სამხედრო დაზვერვის შენობა დაბომბა. ისრაელის სამხედროებმა სამიზნეები გააფართოეს და მოიცვეს ინსტიტუტები, რომლებსაც „ჰამასი“პალესტინის ანკლავის სამართავად იყენებს, განსაკუთრებით მისი ხაზინა და ბანკები. ისრაელის თავდაცვის ძალებში განაცხადეს, რომ ასევე ავიაიერიში განხორციელდა „ჰამასის“ სამხედრო ქსელზე, რომელიც ტანკსაწინააღმდეგო მართვად რაკეტებს ღაზას სექტორის ჩრდილოეთი ნაწილიდან ისრაელის მიმართულებით ისროდა.
ზაალ უდუმაშვილი: დღეს არსებული მოცემულობით, "ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში უნდა შევიდეს
პირადად ჩემი პოზიციაა, რომ დღეს არსებული მოცემულობით "ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში უნდა შევიდეს, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, დღევანდელი მოცემულობით აღარ არის ერთპარტიული პარლამენტი, რომელზეც ოპოზიცია ამბობდა, რომ მათი ერთ-ერთი მთავარი ბერკეტი ამ ბრძოლაში სწორედ ის იყო, რომ ბიძინა ივანიშვილს ჰყავდა ერთპარტიული პარლამენტი. „პარლამენტში შესვლის საკითხთან დაკავშირებით მსჯელობა მიმდინარეობს. სავარაუდოდ, კიდევ გაგრძელდება კონსულტაციები და 1-2 დღეში არ დასრულდება... არ არის გამორცხული, რომ პარლამენტს გარეთ მყოფმა პარტიამაც სერიოზულად იმუშაოს და მოიპოვოს სერიოზული მხარდაჭერა, მაგრამ ამ მოცემულობაში, რომელიც დღეს შეიქმნა ქვეყანაში, იმის შემდეგ, როცა გარკვეული პარტიების მიერ გაფორმდა შეთანხმების დოკუმენტი და დღეს უკვე აღარ გვავქს ერთპარტიული პარლამენტი. მე ვთვლი, რომ დღეს "ნაციონალურმა მოძრაობამ" უნდა მიიღოს გადაწყვეტილება პარლამენტში შესვლის შესახებ, თუმცა ეს ჩემიი პირადი პოზიციაა".- განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა. რაც შეეხება ოპოზიციის მიერ 15 მაისს დაგეგმილ აქციის გამართვას, როგორც ზაალ უდუმაშვილი აცხადებს, ჯერ არ არის გადაწყვეტილება მიღებული გაიმართება თუ არა აქცია, თუმცა მისი პირადი მოსაზრებაა, რომ 15 მაისის აქცია უნდა გადაიდოს.
,,ჰამასმა" ისრაელის მიმართულებით სარაკეტო იერიშები გაანახლა
„ჰამასმა“ თელ-ავივის, აშდოდისა და ბეერ-შევას მიმართულებით სარაკეტო დარტყმები განაახლა. როგორც Time Of Israel-ი იტყობინება, დაჯგუფებამ ისრაელის მიმართულებით 50-ზე მეტი რაკეტა გაუშვა. აღსანიშნავია, რომ ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ქვეყნის სამხედრო ავიაციამ ღაზას სექტორში „ჰამასის“ სამხედრო დაზვერვის შენობა დაბომბა. ისრაელის სამხედროებმა სამიზნეები გააფართოეს და მოიცვეს ინსტიტუტები, რომლებსაც „ჰამასი“პალესტინის ანკლავის სამართავად იყენებს, განსაკუთრებით მისი ხაზინა და ბანკები. 12 მაისს ტერორისტულმა დაჯგუფება „ჰამასმა“ ისრაელის მიმართულებით სარაკეტო დარტყმები განაახლა. დაჯგუფებამ სდეროთისა და აშკელონის მიმართულებით 180 რაკეტა გაუშვა. ბოლო დღეების განმავლობაში, ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 1 600-მდე რაკეტა ისროლეს.
არ მიაქციოთ ყურადღება მსგავს გზავნილებს - ისრაელში საქართველოს საელჩო მოქალაქეებს აფრთხილებს
არ მიაქციოთ ყურადღება მსგავს გზავნილებს - ისრაელში საქართველოს საელჩო მოქალაქეებს აფრთხილებს და განცხადებას ავრცელებს. "მეგობრებო, სატელეფფონო საკომუნიკაციო აპლიკაციებით (ძირითადად watsapp) მასიურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ შესაძლოა, თქვენთან სხვადასხვა ინდექსიდან სატელეფონო ზარი შემოვიდეს და ეს ტერორის მიზნებისთვის იქნეს გამოყენებული. ამგვარი სმს-ების ქართული თარგმანიც ვრცელდება. არ მიაქციოთ ყურადღება მსგავს გზავნილებს. ოფიციალური და საჭირო ინფორმაცია გავრცელდება საელჩოს ან/და ელჩის ოფიციალური გვერდიდან.",- ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიას უფლებამოსილების ვადა 1 თვით გაუხანგრძლივდა
2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიას უფლებამოსილების ვადა ერთი თვით გაუხანგრძლივდა. შესაბამისი დადგენილება პარლამენტმა მიიღო და მუშაობის ვადა 17 მაისიდან 1 თვის ვადით გახანგრძლივდა. საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე საგამოძიებო კომისიის უფლებამოსილების გახანგრძლივებას მხარი 75 დეპუტატმა დაუჭირა , წინააღმდეგ კი პარლამენტის 2 წევრი გამოვიდა. "ვითვალისწინებთ რა რომ ოპოზიციური სპექტრის დიდი ნაწილი შეუერთდა საპარლამენტო საქმიანობას, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია კომისიის საქმიანობის მანდატის გახანგრძლივება და მასში ოპოზიციასთან ერთად საქმიანობის განხორციელება... მოვუწოდებთ ოპოზიციური სპექტრის წარმომადგენლებს, რომ ამ პროცესში და ამ საქმიანობაში მონაწილება მიიღო", - თქვა საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელმა, "ქართული ოცნების" წევრმა, გივი მიქანაძემ. ცნობისთვის, 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგების შემსწავლელ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიას უფლებამოსილების 3-თვიანი ვადა 17 მაისს ეწურებოდა. კომისიამ პირველი საორგანიზაციო სხდომა დღეს გამართა.
კელი დეგნანი ისრაელი-პალესტინის კონფლიქტზე: დიალოგი ერთადერთი გამოსავალია
" დიალოგი არის ერთადერთი გამოსავალი ", - ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა ისრაელი-პალესტინის კონფლიქტის შეფასებისას განაცხადა. "ძალიან რთული და სერიოზულია ვითარება, პრეზიდენტ ბაიდენს და ადმინისტრაციის წამყვან წევრებს ჰქონდათ სატელეფონო ზარები, კომუნიკაცია. ჩვენი მიმართულება იმისკენაა, რომ პროცესების დეესკალაცია მოხდეს. როგორც მოგეხსენებათ, დიალოგი არის ერთადერთი გამოსავალი და ჩვენ ამას მოვუწოდებთ", - განაცხადა დეგნანმა.
რატი ბრეგაძე: მკაცრად ვგმობთ სარაკეტო თავდასხმებს, რომელიც განხორციელდა ისრაელში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ
„მკაცრად ვგმობთ სარაკეტო თავდასხმებს, რომელიც განხორციელდა ისრაელში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ“ - იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ საქართველოში ისრაელის ელჩთან შეხვედრისას წუხილი გამოთქვა ისრაელში განვითარებული მოვლენების გამო. ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, იუსტიციის მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ რეგიონში სიტუაცია განიმუხტება და მოსახლეობას მშვიდობიან გარემოში ცხოვრების გაგრძელებას შეძლებს. "აუდინეციაზე მხარეებმა თანამშრომლობის სფეროები განიხილეს და სამომავლო პარტნიორობის გეგმები დასახეს. ისრაელის ელჩმა რატი ბრეგაძეს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. რან გიდორის განმარტებით, საქართველოსა და ისრაელს შორის თანამშრომლობა სამაგალითოა", - ნათქვამია ინფორმაციაში.
თელ-ავივის მიმართულებით რამდენიმე ავიაკომპანია ფრენებს დროებით წყვეტს
The Jerusalem Post-ის ინფორმაციით, რამდენიმე ავიაკომპანია თელ-ავივის მიმართულებით ფრენებს დროებით წყვეტს. გერმანულმა ავიაკომპანია „ლუფთჰანზამ“, კონფლიქტის ესკალაციის გამო, 14 მაისს თელ-ავივში ყველა რეისი გააუქმა. „ლუფთჰანზა ყურადღებით ადევნებს თვალს ისრაელში შექმნილ ვითარებას და განაგძობს ხელისუფლებასთან, უსაფრთხოების სამსახურებთან და ადგილზე საკუთარ პერსონალთა ინფორმაციის გაზიარებას“, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში. ავიაკომპანიაში იმედოვნებენ, რომ ისრაელის მიმართულებით ფრენებს 15 მაისს განაახლებენ. თელ ავივში და თელ ავივიდან რეისები გააუქმა „ბრითიშ ეარვეისმაც“. „ჩვენი კოლეგებისა და მომხმარებლების უსაფრთხოება არის ყოველთვის ჩვენი მთავარი პრიორიტეტი. ჩვენ ვაგრძელებთ შექმნილი ვითარების მონიტორინგს“, – აღნიშნულია ბრიტანული ავიაკომპანიის განცხადებაში. 12 მაისს ტერორისტულმა დაჯგუფება „ჰამასმა“ ისრაელის მიმართულებით სარაკეტო დარტყმები განაახლა. დაჯგუფებამ სდეროთისა და აშკელონის მიმართულებით 180 რაკეტა გაუშვა. ბოლო დღეების განმავლობაში, ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 1 600-მდე რაკეტა ისროლეს.