ძებნის რეზულტატი:

CDC: სრულად ვაქცინირებულებს შეუძლიათ ცხოვრების ნორმალურ რეჟიმს დაუბრუნდნენ

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ახალ გაიდლაინის მიხედვით, სრულად ვაქცინირებულებს შეუძლიათ ცხოვრების ნორმალურ რეჟიმს დაუბრუნდნენ. როგორც გამოცემა The Hill-ი CDC-ზე დაყრდნობით წერს, თუ პირი სრულად აცრილია, მას არ სჭირდება პირდაბის ტარება შენობაში ან გარეთ, ასევე ფიზიკური დისტანციის რეგულაციის დაცვა. „მეცნიერება მკაფიოა ამ საკითხზე: თუ თქვენ სრულად ხართ აცრილი, თქვენ დაცული ხართ და შეგიძლიათ დაიწყოთ ისეთი საქმის გაკეთება, რისი გაკეთებაც პანდემიის გამო შეწყვიტეთ”, - განაცხადა აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ხელმძღვანელმა, როშელ ვალენსკიმ. აღსანიშნავია, რომ ახალი გაიდლაინი არ ვრცელდება ჯანდაცვის დაწესებულებებზე, გამოსასწორებელ დაწესებულებებსა და უსახლკაროთა თავშესაფრებზე. გარდა ამისა, სრულად ვაქცინირებულმა პირებმა კვლავ უნდა ატარონ პირბადე, თუ ამას მოითხოვს კანონი, რეგულაციები და წესები, მათ შორის თვითმფრინავებში, მატარებლებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში. ასევე, აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა ენტონი ფაუჩიმაც განმარტა, რა შემთხვევაში უნდა ატარონ ვაქცინირებულმა პირებმა პირბადე. „ჩვენ უნდა განვახორციელოთ ეს გადასვლა. თუ ვაქცინირებული ხართ, გარეთ პირბადის ტარება საჭირო არ არის. თუ თქვენ ხალხმრავალ ადგილას იმყოფებით, სადაც ხალხის დიდი გროვაა, მაშინ პირბადე უნდა გაიკეთოთ. ნებისმიერ სხვა დროს, თუ ვაქცინირებული ხართ და გარეთ იმყოფებით, გვერდზე გადადეთ თქვენი პირბადე. მისი ტარება არ გჭირდებათ“, - აღნიშნა ენტონი ფაუჩიმ.

ლიბანიდან ისრაელის მიმართულებთ რაკეტები გაუშვეს

ლიბანის სამხრეთ ნაწილიდან ისრაელის მიმართულებით სულ მცირე სამი რაკეტა ისროლეს. შესაბამის ინფორმაციას ტელეკომპანია Al Jaazera ლიბანის უსაფრთხოების ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს. ამასთან, ისრაელის სამხედრო მეთაურობის ცნობით, ლიბანიდან გასროლილი რაკეტები ხმელთაშუა ზღვაში ჩამოვარდა. „ალ ჯაზირა“ ლიბანურ მედიაზე დაყრდნობით იტყობინება, რომ რაკეტების გაშვებასთან დაკავშირებით ლიბანის სანაპირო ქალაქ ტირში დაკავებულია რამდენიმე ადამიანი. ამასთან, ლიბანური მედიის ცნობით, სარაკეტო დარტყმების უკან პალესტინური დაჯგუფებები დგას.

ფატუ ბენსუდა: ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის მხარეები შესაძლოა, საერთაშორისო სამართლის სამიზნე გახდნენ

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის ფატუ ბენსუდას განცხადებით, ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის გამოძიების ფარგლებში, შესაძლოა, ახლო აღმოსავლეთში ძალადობის მონაწილეები სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) სამიზნე გახდნენ. როგორც ბენდუსამ განაცხადა, ისინი აღნიშნულ საკითხს სერიოზულად უყურებენ. ”ეს არის მოვლენები, რომლებსაც ჩვენ ძალიან სერიოზულად ვუყურებთ”, - განაცხადა მან. აღსანიშნავია, რომ ისრაელმა უარი თქვა გამოძიებასთან თანამშრომლობაზე და ბენსუდას ოფისი ანტისემიტურ მიკერძოებულობაში დაადანაშაულა.

"ვრცელდება მუქარა" - ისრაელში საქართველოს საელჩო მოქალაქეებს მიმართავს

საქართველოს საელჩო ისრაელში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ მორიგ ინფორმაციას ავრცელებს და კიდევ ერთხელ მოუწოდებს მათ, რომ დაიცვან უსაფრთხოების ზომები. საელჩოს ინფორმაციით, ვრცელდება მუქარა თელ ავივის და შესაბამისად, გარშემო ქალაქების მიმართულებაზე. „საქართველოს მოქალაქეებს კვლავ მოგიწოდებთ, დაიცავით უსაფრთხოების ზომები. მიმდინარე სამიზნე აშკელონი, აშდოთი, შდეროთი, აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაა. ვრცელდება მუქარა თელ ავივის (შესაბამისად, გარშემო ქალაქების) მიმართულებაზე“, - ნათქვამია საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აშშ-მა ისრაელიდან პენტაგონის 120-მდე თანამშრომელი გაიყვანა

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა ისრაელიდან 120-მდე თანამშრომელი გაიყვანა. ამის შესახებ ინფორმაციას Timesofisrael-ი ავრცელებს. აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ, პენტაგონის პრესმდივანმა ჯონ კირბიმ განაცხადა. მისი თქმით, ამერიკელი პერსონალი სამშობლოში ხუთშაბათს, 13 მაისს გაემგზავრა, აშშ-ის საჰაერო ძალების C-17-ის სატრანსპორტო თვითმფრინავით. მისივე განმარტებით, პენტაგონის წარმომადგენლები ისრაელში მომავალი ორმხრივი წვრთნების დასაგეგმად იმყოფებოდნენ. კონფერენცია ამ კვირაში უნდა დასრულებულიყო, თუმცა ქვეყანაში განვითარებულმა მოვლენებმა სიტუაცია დააჩქარა.

ბენიამინ ნეთანიაჰუ: ღაზის სექტორში ოპერაცია მანამ გაგრძელდება, სანამ ისრაელში მშვიდობა და უსაფრთხოება არ აღდგება

"ბოლო სიტყვა ჯერ არ თქმულა და ეს ოპერაცია გაგრძელდება იმდენ ხანს, რამდენიც საჭიროა ისრაელის სახელმწიფოში მშვიდობისა და უსაფრთხოების აღსადგენად", - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა. "მე განვაცხადე, რომ "ჰამასს" და სხვა ტერორისტულ ორგანიზაციებს ძალიან დიდ საფასურს გადავახდევინებთ. ჩვენ ამას ვაკეთებთ და გავაგრძელებთ დიდი ძალით. ბოლო სიტყვა ჯერ არ თქმულა და ეს ოპერაცია გაგრძელდება იმდენ ხანს, რამდენიც საჭიროა ისრაელის სახელმწიფოში მშვიდობისა და უსაფრთხოების აღსადგენად", - განაცხადა ნეთანიაჰუმ.

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში ერთი ადამიანი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1994 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ნ.ა., განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, თბილისში დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინს“. სამართალდამცველებმა ნარკოტიკული საშუალება ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს“, - ნათქვამია განცხადებაში.

ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრში ანზორ ერქომაიშვილის მემორიალი გაიხსნება

დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გურიის რეგიონს ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. ადმინისტრაციის ცნობით, ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრში ანზორ ერქომაიშვილის მემორიალი გაიხსნება. მემორიალურ დაფას, 15:00 საათზე, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ანზორ ერქომაიშვილის მეუღლესთან, ლალი სეთურიძესთან ერთად გახსნის. "მთავრობის მეთაური, 13:30 საათზე, სოფელ ზედა ბახვის საჯარო სკოლაში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავასა და მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორ სებასტიან მოლინეუსთან ერთად, ინტერნეტიზაციის პროექტის პრეზენტაციას გახსნის. როგორც ცნობილია, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრს ანზორ ერქომაიშვილის სახელის მიენიჭა. ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრში ანზორ ერქომაიშვილის მემორიალი გაიხსნება. მემორიალურ დაფას, 15:00 საათზე, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ანზორ ერქომაიშვილის მეუღლესთან, ლალი სეთურიძესთან ერთად გახსნის. 16:30 საათზე, მთავრობის მეთაური, პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავასა და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრ თეა წულუკიანთან ერთად, ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრს დაათვალიერებს, რომელსაც, ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით, სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულებამ 20 მილიონი ლარი შეადგინა. ხელისუფლების წარმომადგენლები ასევე დაესწრებიან ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებების მიხედვით დადგმულ წარმოდგენას", - ნათქვამია ადმინისტრაციის განცხადებაში.

ამირან გამყრელიძე: ვფიქრობ, ერთხელ მაინც უნდა შევთანხმდეთ, როგორი ჯანდაცვის სისტემა გვინდა

"ვფიქრობ, ერთხელ მაინც უნდა შევთანხმდეთ, როგორი ჯანდაცვის სისტემა გვინდა", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ Forbes Taltk-ში სტუმრობისას განაცხადა. "ამაზე ყველა ვსაუბრობთ, რომ ერთხელ მაინც ყველა შევთანხმდეთ და ჯანდაცვის სფერომ, როგორც სამაგალითომ, ქვეყნის პოლიტიკოსებს უჩვენოს მაგალითი, რომ ჩამოვყალიბდეთ, რა ტიპის ჯანდაცვის სისტემა გვინდა. აღარ გვინდა წარსულზე ლაპარაკი; ყველაფერი ახალგაზრდებზეა დამოკიდებული. განათლება და ჯანმრთელობა ამ ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, ამიტომ ჯანდაცვამ უნდა მისცეს მაგალითი ყველას, უნდა შევთანხმდეთ, რომ მომავალი 10-15 წლის მანძილზე ამა თუ იმ გზით უნდა წავიდეს. ბევრი განათლებული ადამიანია საქართველოშიც და მის ფარგლებს გარეთაც, რომლებსაც შეუძლიათ ქვეყნის სწორ რელსებზე დაყენება. ეს იქნება მაგალითი ბევრი სფეროსთვის", - განაცხადა გამყრელძემ.

COVID19: ბოლო 24 საათის მონაცემები

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი 1 390 ადამიანს დაუდასტურდა, 1 070 გამოჯანმრთელდა, ხოლო 18 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია Stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 38 468 კვლევა ტესტით, მათ შორის 27 651 კვლევა ანტიგენის ტესტით და 10 817 PCR ტესტით. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 327 831 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 307 334, გარდაიცვალა 4 397 პაციენტი. დადებითობის მაჩვენებელი: 13 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.61 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 5.35%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 4.40%. ინფიცირების 1 390 ახალი შემთხვევიდან 790 თბილისში გამოვლინდა. აჭარა - 117, იმერეთი - 168, ქვემო ქართლი - 54, შიდა ქართლი - 41, გურია - 39, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 73, კახეთი - 42, მცხეთა-მთიანეთი - 19, სამცხე-ჯავახეთი - 16, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 31. ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა: 16 074, საიდანაც: 4 253 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 373, აჭარაში - 467, იმერეთში - 502. მძიმე პაციენტი: 896, მათ შორის, თბილისში - 433, აჭარაში - 92, იმერეთში -141. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე: 198, მათგან თბილისში - 137, აჭარაში - 4, იმერეთში - 13. 730 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 363 - თბილისში, 338 - აჭარაში. 11 091 ინფიცირებული მკურნალობს ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 65 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 63, ხოლო აჭარაში - 1. სულ 6 ოქტომბრიდან - 13 მაისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 644 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 27 071 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 19 452 პირი, აჭარაში - 1 831, იმერეთში - 1 401.

ირაკლი კობახიძემ Sinopharm-ის ვაქცინა გაიკეთა

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით პირდაპირ ეთერში აიცრა. ირაკლი კობახიძემ ჩინური Sinopharm-ის ვაქცინა გაიკეთა. მან ვაქცინაცია ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში (რესპუბლიკური საავადმყოფო) ჩაიტარა.

ზურაბ ადეიშვილს  საქართველოს მოქალაქეობა ჩამოერთვა

ყოფილ გენერალურ პროკურორს, ზურაბ ადეიშვილს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა. ადეიშვილმა აღნიშნული მოთხოვნით იუსტიციის სამინისტროს რამდენიმე კვირის წინ მიმართა, რაც საქართველოს პრეზიდენტმა დააკმაყოფილა. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ყოფილმა მაღალჩინოსანმა 4 მარტს საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა მოითხოვა, ვინაიდან უკრაინის მოქალაქეობა მიიღო. „მიმდინარე წლის 4 მარტს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს განცხადებით მომართა ზურაბ ადეიშვილმა (წარმომადგენლის მეშვეობით) და მოითხოვა საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა, რადგან უკრაინის მოქალაქეობა მიიღო. სააგენტომ თავად განმცხადებლის მიერ მოთხოვნილ 80-დღიან ვადაში განიხილა და შეისწავლა ზურაბ ადეიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის სამართლებრივი საფუძველი, რის შემდეგაც, საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის თაობაზე მომზადებული დასკვნა, მოქმედი კანონმდებლობისა და პროცედურების შესაბამისად, მიმდინარე წლის 7 მაისს გაეგზავნა საქართველოს პრეზიდენტს. საქართველოს პრეზიდენტის 2021 წლის 13 მაისის № 204 ბრძანებულებით, „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, უკრაინის მოქალაქეობის მოპოვებასთან დაკავშირებით, ზურაბ ადეიშვილს მისივე მოთხოვნით შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა“, - ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში.

აშშ-ის საელჩო: "ტროას ნაკვალევი" კიდევ ერთხელ ადასტურებს აშშ-სა და საქართველოს შორის არსებულ ძლიერ კავშირს უსაფრთხოებისა და თავდაცვის კუთხით

მრვალეროვნული სწავლება "ტროას ნაკვალევი" კიდევ ერთხელ ადასტურებს აშშ-სა და საქართველოს შორის არსებულ ძლიერ კავშირს უსაფრთხოებისა და თავდაცვის კუთხით. აღნიშნულ განცხადებაშ აშშ-ის საელჩო ავრცელებს. როგორც საელჩოს ინფორმაციაშია აღნიშნული, წვრთნების მიზანია NATO-ს მოკავშირეებს შორის თავსებადობის გაზრდა. "ათი ქვეყნა, ხუთი ქვეყნის ტერიტორიაზე ერთიანი გუნდით მშვიდობის, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის მხარდასაჭერად მსოფლიოში. "ტროას ნაკვალევი" (Trojan Footprint) სპეციალური ოპერაციების სარდლობის ყოველწლიური სამხედრო წვრთნებია, რომელიც ევროპაში ტარდება. წელს საქართველო პირველად იყო ერთ-ერთი მონაწილე მასპინძელი. წვრთნების მიზანია ნატოს მოკავშირეებს შორის თავსებადობის გაზრდა, სპეციალური ოპერაციების ძალების შესაძლებლობების გაზრდა რიგ საფრთხეებთან გამკლავებაში და შეიარაღებულ ძალებთან ინტეგრაციის გაღრმავება. ეს წვრთნები კიდევ ერთხელ ადასტურებს აშშ-სა და საქართველოს შორის არსებულ ძლიერ კავშირს უსაფრთხოებისა და თავდაცვის კუთხით.", - ნათქვამია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.

საქსტატი: საარსებო მინიმუმი გაიზარდა

აპრილში "შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი" წინა წელთან შედარებით 3,2 ლარით გაიზარდა და 202,8 ლარით განისაზღვრა - ინფორმაციას ამის შესახებ საქსტატი ავრცელებს. კვლევაში, ასევე, აღნიშნულია, რომ აპრილის თვეში "საშუალო მომხმარებლის" საარსებო მინიმუმი წინა წელთან შედარებით 2,8 ლარით გაიზარდა და 179,6 ლარი შეადგინა. რაც შეეხება მიმდინარე წლის მარტის თვესთან შედარებას, აპრილში, წინა თვესთან შედარებით, არსებობისთვის საჭირო მინიმალური თანხის ოდენობა "შრომისუნარიანი მამაკაცისთვის" 1,8 ლარით, ხოლო "საშუალო მომხმარებლისთვის" 1,5 ლარით არის გაზრდილი. ცნობისთვის, საქსტატი საარსებო მინიმუმის მაჩვენებლებს 2004 წლიდან იმ მინიმალური სასურსათო კალათის მიხედვით ანგარიშობს, რომელიც განსაზღვრულია და დადგენილია "საკვებ ნივთიერებებსა და ენერგიაზე ორგანიზმის ფიზიოლოგიური მოთხოვნილებებისა და საარსებო მინიმუმის განსაზღვრისათვის საჭირო სასურსათო კალათის შემადგენლობის ნორმებისა და ნორმატივების დამტკიცების შესახებ" საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების შესაბამისად.

ისრაელის ელჩი: ძნელია იმის პროგნოზირება, როგორ და როდის დასრულდება კონფლიქტი

სამწუხაროდ, ძნელია იმის პროგნოზირება, როგორ და როდის დასრულდება კონფლიქტი, - ამის შესახებ საქართველოში ისრაელის ელჩმა, რან გიდორმა რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ განაცხადა. ელშის შეფასებით, „ჰამასი“ გაჩერდება მაშინ, როდესაც პალესტინელებისგან მხარდაჭერას ვეღარ იგრძნობს. „ჰამასთან“ წინა სამი ომის გამოცდილებიდან, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მაშინ წყნარდება სიტუაცია, როდესაც „ჰამასი“ მიიღებს საკმარის ზიანს, საკმარის დარტყმას, როდესაც ის მზად იქნება კომპრომისისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენც დიდი ზიანი მოგვადგა, ისრაელი გაცილებით ძლიერია, ვიდრე „ჰამასი“ და პალესტინის მხარე მეტად ზარალდება ხოლმე მსგავსი კონფლიქტების დროს. ასე რომ, როდესაც „ ჰამასი“ ნამდვილად იგრძნობს, რომ მას აღარ აქვს პალესტინელების მხარდაჭერა, რადგან სწორედ მათ გამო ზიანდება, მაშინ გაჩერდება. უკვე მიმდინარეობს საერთაშორისო მედიაცია, რომელსაც სათავეში უდგას ეგვიპტე, ისევე როგორც წინა სამი ომის დროს და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს კომპრომისი და შეთანხმება დადგება მალე“, - აღნიშნა რან გიდორმა „დილის საუბრებში“.

საქართველოს ელჩი ჩინეთში Sinopharm-ის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

2021 წლის 14 მაისს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, არჩილ კალანდიამ საელჩოში გამართა შეხვედრა “China Sinopharm International Corporation“-ის ვიცე-პრეზიდენტთან, იენ პინგთან. ინფორმაციას საგარეო საქმეთა საინისტრო ავრცლებს. "შეხვედრისას, ელჩმა მადლიერება გამოხატა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობისა და კომპანია “Sinopharm”-ის ხელმძღვანელობის მიმართ, კოვიდ პანდემიის დროს საქართველოსთან წარმატებული თანამშრობლობის, ქვეყნის მხარდაჭერისა და საქართველოსთვის ვაქცინების გადმოცემის გამო. ამასთან, მან ვიცე-პრეზიდენტს მიულოცა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მხრიდან აღიარება, რამაც კიდევ უფრო მოთხოვნადი გახადა “სინოფარმ“-ის ვაქცინა მსოფლიო მასშტაბით. თავის მხრივ, იენ პინგმა ხაზი გაუსვა, ქართულ მხარესთან თანამშრომლობის მნიშვნელობას. მხარეები შეთანხმდნენ კოორდინირებული მუშაობის გაგრძელებაზე", - ნათქვამია ინფორმაციაში.

ევროკავშირი საქართველოს საბანკო და საგადახდო მომსახურების სფეროში ზედამხედველობის მექანიზმების გაძლიერებაში დაეხმარა

საქართველო მზადაა, საბანკო და საგადახდო მომსახურების სფეროში არსებული კანონმდებლობა სრულად მოარგოს ევროკავშირის სტანდარტებსა და ფინანსური ზედამხედველობის მექანიზმებს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, ეს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული და პოლონეთის ფინანსური ზედამხედველობის უწყების მიერ განხორციელებული Twinning-ის ორწლიანი პროექტის, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესაძლებლობების გაძლიერება საბანკო და საგადახდო მომსახურების სფეროში“, მუშაობის მთავარი შედეგია. პროექტის მიღწევები 6 მაისს გამართულ ონლაინ კონფერენციაზე შეჯამდა. "პროექტის დასრულების შემდეგ განახლებული კანონები ევროკავშირის წესებს მოერგება. საქართველოს ეროვნული ბანკი კი თავისი ფინანსური ზედამხედველობის მექანიზმების რეორგანიზებას მოახდენს და საბანკო და საგადახდო მომსახურების სფეროში საკუთარ ინსტიტუციურ შესაძლებლობებს გააძლიერებს. გაუმჯობესებული კანონმდებლობა, გაძლიერებული საზედამხედველო მექანიზმები და ევროკავშირის წესებისა და პრაქტიკის შესაბამისად მიღებული სტანდარტები უკეთ დაიცავს საბანკო სერვისების მომხმარებლებს და განავითარებს საქართველოს ფინანსურ ბაზარს. ეს კი, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას, სტაბილურობას და ფინანსური ბაზრის მონაწილეების უსაფრთხოებას. Twinning-ის პროექტი 2019 წლის მარტიდან 2021 წლის მაისამდე გაგრძელდა და მისმა ბიუჯეტმა 1.75 მილიონი ევრო შეადგინა. ამ პერიოდის განმავლობაში პოლონეთისა და საქართველოს საზედამხედველო უწყებებმა არაერთი ერთობლივი ღონისძიება განახორციელეს", - ნათქვამია ინფორმაციაშია.

ისრაელისადმი სოლიდარობის ნიშნად, ავსტრიამ მთავრობის შენობის თავზე ისრაელის დროშა აღმართა

ისრაელისადმი სოლიდარობის ნიშნად, ავსტრიის მთავრობის შენობაზე ისრაელის დროშა აღიმართა. ამის შესახებ ავსტრიის კანცლერმა, სებასტიან კურცმა Twitter-ში განაცხადა. "დღეს, ისრაელის მიმართ სოლიდარობის ნიშნად დროშა აღიმართა ფედერალური კანცელარიის შენობის სახურავზე. ისრაელზე ტერორისტული თავდასხმები უმკაცრეს დაგმობას იმსახურებს. ჩვენ ერთად ვდგავართ ისრაელის გვერდით“, - წერს ავსტრიის კანცლერი.

ლიეტუვა საქართველოს  კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 15 000 დოზას გამოუყოფს

ლიეტუვას საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, ლიეტუვას მთავრობა აღმოსავლეთის პარტნიორობის სამ ქვეყანას, საქართველოს, უკრაინას და მოლდოვას ვაქცინის 200 000 დოზას გამოუყოფს. ლიეტუვა საქართველოს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 15 000 დოზას გამოუყოფს. ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი Twitter-ში წერს. "ლიეტუვას მთავრობამ ახლახან დაამტკიცა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის 200 000 ვაქცინა. 100 000 ვაქცინა უკრაინას, 15 000 ვაქცინა საქართველოს, 11 000 ვაქცინა მოლდოვას. ეს ლიეტუვას რესპუბლიკისგან პატარა ნაბიჯია. იმედი მაქვს, რომ ევროპაში ჩვენი პარტნიორები სოლიდარობას შემოუერთდებიან". - წერს ლანდსბერგისი. გავრცელებული ინფორმაციით, ლიეტუვას მთავრობა აღნიშნულ ქვეყნებს ვაქცინებს სექტემბრამდე გამოუყოფს. "დღეს ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა ვაჩვენოთ ლიეტუვას სოლიდარობა. განსაკუთრებით მინდა ხაზი გავუსვა უკრაინაში შექმნილ ვითარებას. ქვეყანა ერთდროულად გაუმკლავდა ორ გამოწვევას: პანდემიას და კრემლის სამხედრო აგრესიას. ვაქცინაციის პროცესი ევროკავშირის ქვეყნებში არის სწრაფი და შეუფერხებელი, მაგრამ ჩვენ არ ვართ დაცულები, სანამ ჩვენი მეზობლებიც არ იქნებიან უსაფრთხოდ", - თქვა ლანდსბერგისმა. ამ გადაწყვეტილებით ლიეტუვა მონაწილეობას მიიღებს Team Europe პაკეტში, რომელიც მიზნად ისახავს პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერას კორონავირუსის პანდემიისა და მის შედეგების წინააღმდეგ ბრძოლაში.

განგაშის სიგნალისას ზუსტად წუთნახევარი გაქვს, რომ თავი შეაფარო - ისრაელში მცხოვრები ქართველი არსებულ ვითარებას Europetime-თან აღწერს

ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, მიმდინარე კვირას ღაზის სექტორიდან ნასროლია 1750-ზე მეტი რაკეტა, დაღუპულია 7 და დაჭრილია 523-ზე მეტი ადამიანი. რაკეტები საცხოვრებელ სახლებს, სკოლას, ჰოსპიტალსა და ავტობუსს დაეცა. ამავე ინფორმაციით, საპასუხო ავიაიერიშებისას ღაზის სექტორში განადგურებულია 650-ზე მეტი ტერორისტული სამიზნე და მოკლულია „ჰამასის“ და „ისლამური ჯიჰადის“ 100-ზე მეტი წევრი. პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ისრაელის საჰაერო იერიშებმა სამოქალაქო პირები, მათ შორის ოცამდე ბავშვი იმსხვერპლა. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ გუშინ საღამოს განაცხადა, რომ სამხედრო ოპერაცია გაგრძელდება, ვიდრე ისრაელში სიმშვიდე და უსაფრთხოება არ აღდგება. მისივე თქმით, „ჰამასს“ და სხვა ტერორისტულ ორგანიზაციებს ისრაელზე თავდასხმა ძვირად დაუჯდებათ. ისრაელში განვითარებულ მოვლენებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრიც გამოეხმაურა. დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა ყურადღებით ადევნებს თვალყურს ისრაელში მიმდინარე მოვლენებს და გმობს ძალადობას. მისი თქმით, რეგიონში დაძაბულობის განმუხტვა უალტერნატივოა. რაც შეეხება ქართველების მდგომარეობას, ამ დრომდე ოფიციალურად ცნობილია, რომ ერთი მოქალაქე დაშავდა მსუბუქად. ბენიამინ ნეთანიაჰუ: ღაზის სექტორში ოპერაცია მანამ გაგრძელდება, სანამ ისრაელში მშვიდობა და უსაფრთხოება არ აღდგება ისრაელში მცხოვრებ ქართველს Europetime ესაუბრა. ნატალია იაკობაშვილი აღნიშნავს, რომ მის გარშემო ყველა თანამემამულის მდგომარეობა ნორმალურია და მათ დაზიანებები არ მიუღიათ. Europetime-თან საუბარში იმ დღეს იხსენებს, როდესაც ვითარება პირველად დაიძაბა: სამარშრუტო ტაქსით მივდიოდი ქალაქ ლუდში, აეროპორტის მიმართულებით... პირველი განგაშის სიგნალი რომ ჩაირთო, ქალაქ ხულონში ვიყავი, რაც ზოგადად ამ ქალაქისთვის და ასევე ბათიამისთვის და თელ-ავივისთვის ხშირი მოვლენა არ არის. შესაბამისად, დავტოვეთ სამარშრუტო ტაქსი. ადამიანები ტრასაზე იწვნენ, მათ შორის ბავშვები... ჩვენ შენობა-ნაგებობას შევაფარეთ თავი.. წელიწადნახევარია, რაც ისრაელის მოქალაქე ვარ და ასეთი მოვლენის წინაშე პირველად აღმოვჩნდი. ნამდვილად არ არის მარტივი მოსასმენი...განგაშის სიგნალი ძალიან შემზარავია, ამ სირენის განმავლობაში ზუსტად წუთნახევარი გაქვს, რომ თავი შეაფარო დაცულ ტერიტორიას და თუ ამ დროს ტრასაზე ხარ, უნდა დაწვე, ხელები აიფარო და ორი მეტრით მოშორდე სამარშრუტო ტაქსს ან ავტომობილს. მოკლედ, ძალიან სწრაფი და ძლიერი უნდა იყო“, - განუცხადა ნატალია იაკობაშილმა Europetime-ს. ისრაელის ელჩი: ძნელია იმის პროგნოზირება, როგორ და როდის დასრულდება კონფლიქტი რა მდგომარეობაა ახლა ადგილზე „გუშინდელი დღის შემდეგ განგაშის სიგნალი არ ჩართულა. საღამოს საათებში შეინიშნებოდა არაბების მოძრაობა, მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმები. ამ ეტაპზე სიმშვიდეა. რამდენიმე საათში რა იქნება, ეს არავინ იცის, რადგან არც თუ ისე მარტივია პროგნოზი. რა თქმა უნდა, დაძაბულობა არის და ვცდილობთ, არ ავყვეთ პანიკას და დავიცვათ დაწესებული უსაფრთხოების ნორმები. გაოცებული ვარ ებრაელი ხალხის სიძლიერით, როგორ უძლებენ ამ ყველაფერს ბევრი წლის განმავლობაში. ზუსტად ვიცით, რომ ისრაელი გაიმარჯვებს, რადგან ეს არის გმირების და ღმერთის ქვეყანა“, - განუცხადა ნატალია იაკობაშვილმა Euriopetime-ს. ისრაელში საქართველოს საელჩო მოქალაქეებს მიმართავს