ძებნის რეზულტატი:
ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველო მუდამ იყო სამხრეთ კავკასიაში მშვიდობიანი თანამშრომლობისა და თანაცხოვრების მომხრე და ასე გაგრძელდება
„საქართველო მუდამ იყო სამხრეთ კავკასიაში მშვიდობიანი თანამშრომლობისა და თანაცხოვრების მომხრე და ეს კურსი მომავალშიც გაგრძელდება", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ერევანში ოფიციალური ვიზიტისას, მოქმედ პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. „ჩემთვის სასიხარულოა მორიგი სტუმრობა სომხეთის რესპუბლიკაში. ჩვენს ქვეყნებს აკავშირებთ მრავალსაუკუნოვანი ისტორიულ-მეგობრული ურთიერთობა. დარწმუნებული ვარ, რომ სამომავლო თანამშრომლობაც სწორედ ამ სულისკვეთებით გაგრძელდება. საქართველო და სომხეთი გამორჩეულია დიდი ისტორიით, თვითმყოფადი კულტურით და საინტერესო ტრადიციებით. სწორედ ამ ფასეულობებზე უნდა აშენდეს ჩვენი ქვეყნების მომავალიც, რომელსაც ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტები, დემოკრატია, ღია და გამჭირვალე მმართველობა, ეკონომიკური პროგრესი და ინოვაციები განამტკიცებს. ვთანხმდებით, რომ ეს ყველაფერი მიიღწევა მხოლოდ მშვიდობის და რეგიონული სტაბილურობის პირობებში. ერთის მხრივ, კოვიდ-19-ით გამოწვეულმა პანდემიამ და მეორეს მხრივ, ომმა ყარაბაღში, მნიშვნელოვანი სირთულეების წინაშე დააყენა მთელი რეგიონი. ვფიქრობთ, რომ მშვიდობას, მოლაპარაკებებს, დიალოგს ალტერნატივა არ აქვს. საქართველო მუდამ იყო სამხრეთ კავკასიაში მშვიდობიანი თანამშრომლობისა და თანაცხოვრების მომხრე და ეს კურსი მომავალშიც გაგრძელდება. ჩვენ ვართ მზად, რომ ხელი შევუწყოთ რეგიონული დიალოგის წარმართვას ისეთ საკითხებში, როგორიცაა ეკონომიკა, ვაჭრობა, კულტურა, სხვა ჰუმანიტარული საკითხები. სწორედ სტაბილურობის, მშვიდობის, დემოკრატიული ფასეულობების განმტკიცების მიზნით აირჩია ქართველმა ხალხმა ევროპული და ევროატლანტიკური გზა“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
კრისტიან დანიელსონი: ევროკავშირის დახმარება უპირობო არ არის და ის დაკავშირებულია რეფორმების განხორციელებაში მიღწეულ კონკრეტულ პროგრესზე
„შეთანხმების განხორციელება უკიდურესად მნიშვნელოვანია. უახლოეს პერიოდში უნდა შეთანხმდეს ამნისტიის შესახებ კანონი. პარალელურად უნდა გაგრძელდეს მუშაობა საარჩევნო რეფორმაზე. საჭიროა, რომ ამბიციური სასამართლო რეფორმა წინ წავიდეს”, - განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადმა წარმომადგენელმა, კრისტიან დანიელსონმა ღია საზოგადოების ფონდების ბრიუსელის და საქართველოს ოფისების ინიციატივით და ევროპარლამენტარ პეტრას ოსტრიავიჩუსის პატრონაჟით გამართულ ონლაინ-დისკუსიაზე “როგორ შეიძლება საქართველომ აღადგინოს პოლიტიკური სტაბილურობა და შეუდგეს რეფორმებს?!” მისი თქმით, ევროკავშირი ყურადღებით მიადევნებს თვალს შარლ მიშელის შეთანხმების სრულად იმპლემენტაციის პროცესს. „ეს შეთანხმება მნიშვნელოვანია მისი პოტენციალის გამოც, საფუძველი ჩაუყაროს ამბიციურ დემოკრატიულ დღის წესრიგს. შეთანხმება შეიცავს არაერთ მნიშვნელოვან წინადადებას, რომელსაც შეიძლება გრძელვადიანი გავლენა იქონიოს ქართული დემოკრატიის ჩამოყალიბებაში”, - განაცხადა კრისტიან დანიელსონმა კრისტიან დანიელსონის განცხადებით, არანაკლებ მნიშვნელოვანია მართლმსაჯულების სისტემის რეფორმირების მიმართულებით შემოთავაზებული წინადადებები. დემოკრატია ვერ შედგება კანონის უზენაესობის მყარი საფუძვლის გარეშე. ნათელია, რომ შეთანხმება წარმოადგენს კარგ საფუძველს, მართლმსაჯულების რეფორმის პროცესში კიდევ ერთი ნაბიჯის გადასადგმელად”, - განაცხადა დანიელსონმა. „19 აპრილის შეთანხმება უდავოდ მნიშვნელოვანია. მან შექმნა რეალური შესძლებლობა საქართველოში კრიზისის დასრულებისთვის“, - აღნიშნა კრისტიან დანიელსონმა. მისი თქმით, საქართველოს შეუძლია, ევროკავშირის დახმარების იმედი ჰქონდეს, როგორც პოლიტიკური, ასევე კონკრეტული დახმარების სახით. მან ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის უკვე გამოყოფილ დახმარებასაც გაუსვა ხაზი. „ევროკავშირის დახმარება უპირობო არ არის და დაკავშირებულია ადგილზე რეფორმების განხორციელებაში მიღწეულ კონკრეტულ პროგრესზე და ეს ასეც უნდა იყოს ახლო პარტნიორებს შორის”, - აღნიშნა კრისტიან დანიელსონმა.
კრისტიან დანიელსონი: შეთანხმება უნდა მოხდეს ამნისტიის კანონზე, უნდა განხორციელდეს ამბიციური სასამართლო რეფორმა
„შეთანხმება უნდა მოხდეს ამნისტიის კანონზე, პარალელურად, უნდა მოხდეს მუშაობა საარჩევნო კანონზე, ასევე უნდა განხორციელდეს ამბიციური სასამართლო რეფორმა“, - განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადმა წარმომადგენელმა, კრისტიან დანიელსონმა ღია საზოგადოების ფონდების ბრიუსელის და საქართველოს ოფისების ინიციატივით და ევროპარლამენტარ პეტრას ოსტრიავიჩუსის პატრონაჟით გამართულ ონლაინ-დისკუსიაზე “როგორ შეიძლება საქართველომ აღადგინოს პოლიტიკური სტაბილურობა და შეუდგეს რეფორმებს?!” მისი თქმით, ევროკავშირი ყურადღებით მიადევნებს თვალს შარლ მიშელის შეთანხმების სრულად იმპლემენტაციის პროცესს. „ეს შეთანხმება მნიშვნელოვანია მისი პოტენციალის გამოც, საფუძველი ჩაუყაროს ამბიციურ დემოკრატიულ დღის წესრიგს. შეთანხმება შეიცავს არაერთ მნიშვნელოვან წინადადებას, რომელსაც შეიძლება გრძელვადიანი გავლენა იქონიოს ქართული დემოკრატიის ჩამოყალიბებაში”, - განაცხადა კრისტიან დანიელსონმა კრისტიან დანიელსონის განცხადებით, არანაკლებ მნიშვნელოვანია მართლმსაჯულების სისტემის რეფორმირების მიმართულებით შემოთავაზებული წინადადებები. დემოკრატია ვერ შედგება კანონის უზენაესობის მყარი საფუძვლის გარეშე. ნათელია, რომ შეთანხმება წარმოადგენს კარგ საფუძველს, მართლმსაჯულების რეფორმის პროცესში კიდევ ერთი ნაბიჯის გადასადგმელად”, - განაცხადა დანიელსონმა.
ექთანი კორონავირუსით რეინფიცირების შემდეგ გარდაიცვალა
48 წლის ექთანი, ირმა თოფურია კორონავირუსით რეინფიცირების შემდეგ გარდაიცვალა. ის ფოთში ცხოვრობდა. ირმა თოფურიას COVID-19 მეორეჯერ 8 თვის შემდეგ დაუდასტურდა. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, ექთნის მდგომარეობა უეცრად დამძიმდა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. როგორც ცნობილია, მას კორონავირუსი პირველად 5 ოქტომბერს დაუდასტურდა. "როგორც კი ვირუსი ხელმეორედ დაუფიქსირდა, მალევე გააგრძელა იქ მკურნალობა, მაგრამ ორ დღეში უეცრად დამძიმდა. მერე გადავიყვანეთ თბილისში ლევან რატიანთან, სადაც დღემდე ათი დღე მკურნალობდა", – განაცხადა საგანგებო სიტუაციების კოორდინირებისა და გადაუდებელი დახმარების ფოთის ცენტრის დირექტორმა, კესო გელენიძემ.
გაერთიანებული სამეფო კიბერ უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად $30 მლნ-ზე მეტს გამოყოფს
გაერთიანებული სამეფო მოწყვლადი ქვეყნების კიბერ უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად 22 მილიონ გირვანქა სტერლინგს გამოყოფს. ამის შესახებ დღეს გამართულ CYBERUK კონფერენციაზე გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობის და განვითარების მინისტრმა დომინიკ რააბმა ისაუბრა. გაერთიანებულ სამეფოსა და საქართველოს შორის კიბერ უსაფრთხოების მიმართულებით თანამშრომლობა გრძელდება. „მოხარულები ვართ, რომ საქართველოს მთავრობასთან ერთად ვმუშაობთ მტრული სახელმწიფოების მიმართ მედეგობის გაძლიერების კუთხით. ჩვენი მიზანი კვლავ რჩება თავისუფალი, ღია, მშვიდობიანი და უსაფრთხო კიბერ სივრცის შექმნა“, - აღნიშნულია საელჩოს ტექსტში.
ისრაელის ელჩი: ჩვენ მაქსიმალურად ვერიდებით დაპირისპირებას, თუმცა გვიწევს თავდაცვა
"ჩვენ მაქსიმალურად ვერიდებით დაპირისპირებას, თუმცა გვიწევს თავდაცვა", - ასე გამოეხმაურა ისრაელში განვითარებულ მოვლენებს ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში რან გიდორი. მან აღნიშნულის შესახებ რუსთავი 2-ის ეთერში განაცხადა. ელჩის თქმით, ისრაელს არ სურს დაპირისპირება, თუმცა ორგანიზაცია ჰამასის ქმედებების გამო იძულებულები არიან თავი დაიცვან და საპასუხო ზომები მიიღონ. "არაბებსა და ებრაელებს შორის დაპირისპირების მიზეზი, ძირითადად, საარჩევნო პროცესები ხდება. ამას თან ერთვის რამადანის დღესასწაული, რა დროსაც ღაზას მოსახლეობა დიდი ხნის განმავლობაში საკვებს შეზღუდულად იღებს, რაც მათში, არსებული ვითარებიდან გამომდინარე, აგრესიას ზრდის. აგრესიის გაღვივებას ხელს უწყობს ღაზას სექტორში მოქმედი ტერორისტული ორგანიზაცია "ჰამასი". მათი ხელმძღვანელობით ხორციელდება თავდასხმები ებრაული დასახლებების მიმართულებებით. ჩვენ ეს არ გვსურს, თუმცა გვიწევს საპასუხო ზომების მიღება ჩვენი მოსახლეობის დასაცავად. უამრავი ფაქტორია პალესტინელების მხარეს, რაც მათ აგრესიას ზრდის, თუმცა ისრაელის მიმართულებით სარაკეტო იერიშის განხორციელება სრულიად მიუღებელია. ჩვენ არ გვსურს შეტევა ღაზას მიმართულებით. ეს განპირობებულია "ჰამასის" ქმედებებიდან. არაერთი ქვეყანა და ორგანიზაცია აცხადებს, რომ "ჰამასი" ტერორისტული ორგანიზაციაა. ჩვენ მაქსიმალურად ვერიდებით დაპირისპირებას, თუმცა გვიწევს თავდაცვა," - განაცხადა რან გიდორმა.
ზალკალიანი: ისრაელში განვითარებული მოვლენების შედეგად საქართველოს მოქალაქე მსუბუქად დაშავდა
„საქართველოს საელჩო 24 საათიან სამუშაო რეჟიმში იმყოფება ,მუდმივ კომუნიკაციაში ვართ ჩვენს თანამოქალაქეებთან, ამოქმედებულია ცხელი ხაზი“, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე- პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, ისრაელში შეიარაღებული დაპირისპირების შესახებ განაცხადა. საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, საქართველოს მთავრობის სურვილია რეგიონში სიტუაციის განმუხტვა, რათა მოსახლეობას მიეცეს შესაძლებლობა, მშვიდობიან გარემოში გააგრძელოს ცხოვრება. მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ისრაელში განვითარებული მოვლენების შედეგად საქართველოს მოქალაქე მსუბუქად დაშავდა. „მან მიიღო ძალიან მცირე დაზიანება, მაგრამ მინდა დავამშვიდო ყველა, მათ შორის მისი ოჯახის წევრები, საელჩო არის მასთან კომუნიკაციაში, არანაირი გართულება არ არის და მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება, ის უკვე გამოწერილია საავადმყოფოდან და უსაფრთხოდ გრძნობს თავს“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა „ძალიან გვაღელვებს ის სიტუაცია, რომელიც შექმნილია ახლო აღმოსავლეთში. რა თქმა უნდა ვგმობთ სარაკეტო თავდასხმებს, რომელიც განხორციელდა ისრაელში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. პირველ რიგში გვაღელვებს ჩვენი თანამოქალაქეების ბედი, რომლებიც ამჟამად ისრაელის ტერიტორიაზე იმყოფებიან“, - აღნიშნა მინისტრმა. ისრაელისა და ღაზის სექტორის საზღვარზე ვითარება 10 მაისს დაიძაბა, როდესაც ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაუშვეს.
ამირან გამყრელიძე: ეკონომიკა რომ იძლეოდეს საშუალებას, 4-6 კვირა ქვეყანაში მძიმე ლოკდაუნი უნდა გამოცხადდეს
,,ჩვენი ეკონომიკა რომ იძლეოდეს საშუალებას, დღეს ყველანაირი საფუძველია იმისა, რომ დაახლოებით 4-დან 6 კვირამდე შემოიღო ძლიერი ლოკდაუნი ქვეყანაში", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ FORBES HEALTH-თან საუბრისას განაცხადა. ,,დღევანდელი ეპიდსიტუაცია, რაც დღეს ქვეყანაშია, დამოუკიდებელმა ექსპერტებმა რომ შეაფასონ და ჩვენი ეკონომიკა იძლეოდეს საშუალებას, დღეს ყველანაირი საფუძველია იმისა, რომ დაახლოებით 4-დან 6 კვირამდე შემოიღო ძლიერი ლოკდაუნი ქვეყანაში და ზაფხულში შეხვიდე საკმაოდ კარგი მაჩვენებლით. დამეთანხმებით, რომ დღეს ამის გაკეთება ძალიან რთული იქნება, ყველა განზომილების გათვალისწინებით, ამას უკვე დღევანდელი ეკონომიკა ვერ გაუძლებს, განსხვავებით გაზაფხულისა, როცა იყო რეზერვები, იყო დახმარების მეტი მოლოდინი და ხალხის დამყოლობა მეტად ძლიერი იყო. დღეს ეს სამივე კომპონენტი სამწუხაროდ ვერ იმუშავებს, ამიტომ ახლა არის ე.წ. ოქროს შუალედი და დანის პირზე სიარული იმიტომ, რომ რა არის ეს ღამის გადაადგილების შეზღუდვა?! მისი ერთადერთი მიზანი არის, რომ მოსახლეობის მობილობა მაქსიმალურად დააგდოს. ნებისმიერი ეპიდემიისა და პანდემიის დროს, განსაკუთრებით რესპირაციული ინფექციებით გამოწვეული ეპიდემიის დროს, მობილობის დაგდება გახლავთ ერთ-ერთი მთავარი იარაღი პანდემიასთან ბრძოლის, ამიტომ, მხოლოდ ამისთვის არის ღამის საათებში შემოღებული გადაადგილების შეზღუდვა. იგივე შაბათ-კვირას რესტორნების დახურვა, ეს არის რამდენიმე კომპონენტი მობილობის დაგდებისა, მეტი სხვა ამ შეზღუდვებს ახსნა არ აქვს", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. თენგიზ ცერცვაძემ კომენდანტის საათის გაუქმების სავარაუდო დრო დაასახელა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი განმარტავს, რა შემთხვევაში იქნებოდა შესაძლებელი ქვეყანაში პანდემიის გამო დაწესებული რეგულაციების მოხსნა. გამყრელიძე განმარტავს, რომ იმ ეპიდემიოლოგიური მოცემულობით რაც დღეს ქვეყანაშია, დაავადებათა კონტროლის ცენტრი შეზღუდვების შემსუბუქებას მხარს ჯერ ვერ დაუჭერს. ,,დაახლოებით, ჩვენ რომ ახლა სამიზნე აცრების 10% გვქონდეს გაკეთებული და ეს არის სადღაც 350 000-მდე, შესაძლებელია გარკვეულ შემსუბუქებებზე წახვიდე, მაგრამ დღეს, როდესაც 24 საათში 31 ადამიანია გარდაცვლილი ქვეყანაში, ძალიან მაღალი მაჩვენებელია საქართველოსთვის. უკვე მილიონ მოსახლეზე 8-ს ავცდით. ეს 8 არის ძალიან მძიმე. ამ დროს ნებისმიერ შემსუბუქებაზე ლაპარაკი რთულია, ყოველ შემთხვევაში დაავადებათა კონტროლის ცენტრი ამას მხარს ვერ დაუჭერს იმიტომ, რომ სასწორის ორ პინაზე ადამიანის ჯანმრთელობა დევს. მესმის ადამიანებს უნდა საღამოს გავლა, ზაფხულია, რესტორნებში დაჯდომა, მაგრამ ეს ისევ მიგვიყვანს 4 000-5 000-მდე ინფიცირებულამდე. ძალიან მინდა მაისი დაახლოებით ამ ეპიდსიტუაციით გავიაროთ, თუ ასე ვივლით, მონაცემები დაახლოებით ორ კვირაში წამოვა ქვემოთ და შედარებით უკეთესი მდგომარეობა გვექნება", - ამბობს ცენტრის ხელმძღვანელი.
დავით ზალკალიანი: საქართველო მზად არის, რომ ჩვენს პარტნიორებს სამხრეთ კავკასიაში შევთავაზოთ თბილისი, როგორც დიალოგის პლატფორმა
"ჩვენი სომეხი მეგობრები მოწადინებული არიან იმისთვის, რომ თანამშრომლობა კიდევ უფრო მეტი დინამიზმით განვითარდეს", - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სომხეთში ვიზიტის შეფასებისას განაცხადა. მისი თქმით, ახალი გეოპოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი ერევანში ძალიან მნიშვნელოვანია. როგორც ზალკალიანმა აღნიშნა, საქართველო მზად არის, რომ პარტნიორებს სამხრეთ კავკასიაში შესთავაზოს თბილისი, როგორც დიალოგის პლატფორმა. “ეს არის პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის პირველი ვიზიტი პრემიერ-მინისტრის რანგში და ვფიქრობ, რომ უაღრესად სასარგებლოა იმისთვის, რომ მოხდეს პოზიციების შეჯერება, გაცვლა შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით და ასევე, იმისთვის, რომ ვიმსჯელოთ ორმხრივი ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებაზე და განვითარებაზე. რა თქმა უნდა, უკვე პირველი დიალოგი, რომელიც უმაღლეს დონეზე შედგა და ჩემი შეხვედრა საგარეო საქმეთა სამინისტროში მაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ჩვენი სომეხი მეგობრები მოწადინებული არიან იმისთვის, რომ თანამშრომლობა კიდევ უფრო მეტი დინამიზმით განვითარდეს, არის გამოუყენებელი შესაძლებლობები ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების თვალსაზრისით. მოგეხსენებათ, რომ ასევე ძალიან დაინტერესებული ვართ მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული და სატრანსპორტო პროექტების განვითარებით, ასევე ჩვენი სომეხი კოლეგებიც დაინტერესებულები არიან და ჩვენ დეტალურად ვისაუბრეთ იმ შესაძლებლობებზე, რა შესაძლებლობებიც ამჟამად არის რეგიონში. რა თქმა უნდა, უსაფრთხოების სიტუაცია იყო განხილვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი. ჩვენ დაინტერესებული ვართ, რომ რეგიონში დამკვიდრდეს გრძელვადიანი მშვიდობა და ყველა არსებული პრობლემა მოგვარდეს მხოლოდ და მხოლოდ დიალოგის და მოლაპარაკების გზით. ამ მიმართულებითაც ჩვენი ინიციატივები ცნობილია. ის გაჟღერდა როგორც აზერბაიჯანში ვიზიტის დროს, ასევე ერევანში ვიზიტის დროსაც. საქართველო მზად არის, რომ ჩვენს პარტნიორებს სამხრეთ კავკასიაში შევთავაზოთ თბილისი, როგორც დიალოგის პლატფორმა. რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვაქვს იმის ილუზია, რომ იმის რესურსი არის, რომ მნიშვნელოვან პოლიტიკურ თემებზე გასწიოს მედიაცია საქართველომ, მაგრამ შესაძლებელია ისეთ თემებზე, რაც არის დაკავშირებული ეკონომიკურ თანამშრომლობასთან, მცირე და საშუალო ზომის ბიზნეს პარტნიორებს შორის თანამშრომლობაზე, ხალხთა შორის ურთიერთობაზე, ჰუმანიტარული კუთხით თანამშრომლობაზე, სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყანას შორის დიალოგი შედგეს. ამისთვის ჩვენ მზად ვართ და ეს მზაობა დავაფიქსირეთ ორივე დედაქალაქში, როგორც ბაქოში, ისე ერევანში. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ მიმართულებით თუ პოლიტიკური ნება იქნება, შესაძლებელია მნიშვნელოვანი ხელშესახები შედეგები დაიდოს”,-განაცხადა დავით ზალკალიანმა.
საქართველოს საელჩო ისრაელში მოქალაქეებს მოსალოდნელი საფრთხის შესახებ აფრთხილებს
საქართველოს საელჩო ისრაელში მოქალაქეებს მოსალოდნელი საფრთხის შესახებ აფრთხილებს. საელჩო მოუწოდებს მოქალაქეებს, თავი შეიკავონ ღია სივრცეში ყოფნისგან. „18:00 სთ-დან შესაძლებელია დაიწყოს სარაკეტო შეტევა ისრაელის ცენტრის მიმართულებით. აშკელონი; აშდოთი; ბეერ-შევა; შდეროთის გარდა, საფრთხის ქვეშაა იავნე, გადერა, ხოლონი, ბათ იამი, რიშონ ლეციონი, თელ ავივი, ბნეი ბრაკი, გივატაიმი, რამათ განი, რამათ ავივი, ლოდი, რამლე, ჰერცელია, კფარ შმარიაჰუ.გთხოვთ, დაბრუნდეთ საცხოვრებელ ადგილებში. თავი შეიკავეთ ღია სივრცეში ყოფნისგან; განგაშის დროს შედით თავშესაფარში ან საცხოვრებელი შენობის კიბის უჯრედში. გაუფრთხილდით თავს“, - წერს საელჩო.
ზალკალიანმა სომეხ კოლეგასთან შეხვედრაზე რეგიონში შექმნილი ვითარება და თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილა
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა გამართა ოფიციალური შეხვედრა სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან, არა აივაზიანთან. საგარეო უწყების ცნობით, მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგის ფართო სპექტრი მიმოიხილეს. მათ შორის, იმსჯელეს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე. შეხვედრის ფარგლებში საუბარი შეეხო რეგიონში შექმნილ ვითარებასა და Covid19-ის პანდემიის შედეგად წარმოქმნილ გამოწვევებთან გამკლავების შესაძლებლობებს.
სამგორის რაიონში ძლიერი ხანძარია
სამგორის რაიონში,აფრიკის დასახლებაში, ძლიერი ხანძარია. გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი ყოფილი 31 ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ პლასტმასის საამქროს გაუჩნდა. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ბრიგადები. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
ისრაელში ქალაქი ლოდი სრულად ჩაიკეტება
ისრაელში ქალაქი ლოდი სრულად ჩაიკეტება. ამ ინფორმაციას საქართველოს საელჩო ავრცელებს. „ლოდში 20:00 სააათიდან ცხადდება სრული ჩაკეტვა - კომენდანტის საათი! არ გახვიდეთ ქუჩაში, საჯარისო დანაყოფები გამოიყენებენ ყველაზე მკაცრ ზომებს“, - იუწყება საელჩო.
ბენიამინ ნეთანიაჰუ "ჰამასზე": ჩვენ მათ ისეთ დარტყმებს მივაყენებთ, როგორიც არც კი დასიზმრებიათ
მას შემდეგ, რაც IDF-ისა (ისრაელის თავდაცვითი ძალები) და Shin Bet-ის (ისრაელის უსაფრთხოების სამსახური) ერთობლივი ოპერაციების შედეგად, ჰამასის რამდენიმე უფროსი მეთაური მოკლეს, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ სამხედრო ოპერაციები ღაზის სექტორში მალე არ დასრულდება. "ჩვენ გავანადგურეთ "ჰამასის" უფროსი მეთაურები და ეს მხოლოდ დასაწყისია. ჩვენ მათ ისეთ დარტყმებს მივაყენებთ, როგორიც არც კი დასიზმრებიათ", - განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ. როგორც პრემიერ-მინისტრი აცხადებს, ისრაელი "აგრესიას მზარდი ძალით პასუხობს და უპასუხებს".
Reuters-ი: ისრაელმა ტერორისტული დაჯგუფება "ჰამასის" 16 წევრი მოკლა
ისრაელის განცხადებით, ღაზას სექტორზე საჰაერო თავდასხმის დროს "ჰამასის" სამხედრო ფრთის 16 წევრი მოკლეს. როგორც Reuters-ი წერს, პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ისრაელის მხრიდან ძალის გამოყენების შედეგად, ღაზაში მინიმუმ 53 ადამიანი დაიღუპა. მათივე განცხადებით, 6 ადამიანი მოკლეს ისრაელში. ისრაელის უშიშროების სამსახურის თქმით, ტერორისტული დაჯგუფების ჰამასის სამხედრო ფრთის მაღალი რანგის წევრი, ღაზაში ალ-ქასემის ბრიგადის მეთაური, ბასემ ისა მოკლეს. გარდა ამისა, მოკლულია "ჰამასის" დაჯგუფების კიდევ რამდეიმე მაღალი რანგის წევრი.
სალომე სამადაშვილმა „ნაციონალურ მოძრაობას" პარტიის დატოვების შესახებ ოფიციალურად აცნობა
სალომე სამადაშვილმა „ნაციონალურ მოძრაობას" პარტიის დატოვების შესახებ ოფიციალურად აცნობა. „ჩვენ გვქონდა გრძელი სატელეფონო საუბარი. ნიკა მელიასთვის გასაგებია ჩემი პოზიცია, ჩემთვის გასაგებია მისი პოზიცია. ჩვენ ვრჩებით, რა თქმა უნდა, მეგობრებად, მაგრამ პარტიულად დღეს ჩვენი გზები იყრება... ისეთ უხეშ პოლიტიკურ შეცდომად მიმაჩნია, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელი არ მოაწერა „მიშელის დოკუმენტს“, რომ ამან შეუძლებელი გახადა ჩემი თანამშრომლობა პარტიასთან", - აცხადებს სალომე სამადაშვილი. მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან დოკუმენტზე ხელის არმოწერა საერთაშორისო თვალსაზრისით „მაინცდამაინც პოპულარული ნაბიჯი“ არ იყო. „ჩემთვის არ უთქვამს, რომ ნაწყენია. ნიკამ იცის კარგად, რომ შეთანხმების მოტივაცია იყო, რომ ნიკას და გიორგის საპატიმრო დაეტოვებინათ“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა. 20 აპრილს გახდა ცნობილი, რომ სამადაშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ დატოვებდა.
სამგორში, ბოგდან-ხმელნიცკის ქუჩაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია
თბილისში, ბოგდან-ხმელნიცკის ქუჩაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ამის შესახებ ინფრომაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. მათივე განცხადებით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. "შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ თბილისში, ბოგდან-ხმელნიცკის ქუჩაზე შეინიშნებოდა ხანძარი და საჭირო იყო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ჯგუფების დახმარება. ადგილზე უმოკლეს დროში გამოცხადდნენ სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. მორეაგირე ჯგუფების გადმოცემით, ცეცხლი გავრცელებული იყო პლასტმასის ნივთების ერთსართულიან სასაწყობე შენობაში. გარდა ამისა, არსებობდა შენობის გვერდით არსებულ საწარმოზე ხანძრის გავრცელების საშიშროება. მეხანძრე-მაშველების ოპერატიული რეაგირების შედეგად მოხერხდა შენობის ნახევარზე მეტი ფართობის გადარჩენა და სხვა შენობებზე გავრცელების საფრთხის სწრაფად აღკვეთა. ამ დროისთვის ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია და მიმდინარეობს ცალკეული მხრჩოლავი კერების წერტილოვანი დამუშავება. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მუშაობდა 13 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი", - ნათქვამია განცხადებაში.
პენტაგონი: აშშ ურყევ მხარდაჭერას უცხადებს ისრაელის ლიეგიტიმურ უფლებას დაიცვას თავისი თავი და მოსახლეობა
ამერიკის თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი, ისრაელის თავდაცვის მინისტრს ესაუბრა. ამის შესახენ პენტაგონის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. როგორც ცნობილია, ოსტინმა ბენჯამინ განცს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა. "თავდაცვის მდივანმა ოსტინმა ამერიკის ურყევი მხარდაჭერა გამოუცხადა ისრაელის ლეგიტიმურ უფლებას დაიცვას თავისი თავი და თავისი ხალხი თავდასხმებისგან. მან მკაცრად დაგმო ჰამასის და სხვა ტერორისტული ჯგუფების მიერ ისრაელზე მიტანილი სარაკეტო იერიში, რომელმაც მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა გამოიწვია. მან კიდევ ერთხელ დაადასტურა ყველა ჩართული მხარის მნიშვნელობა სიმშვიდის აღსადგენად."- წერია განცხადებაში რომელიც ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტმა გაავრცელა.
ისრაელის ელჩი: გვეამაყება ქართული წარმოშობის ყველა ის ქალი და კაცი, ვინც ისრაელის ძალებში მსახურობს
"გვეამაყება ქართული წარმოშობის ყველა ის ქალი და კაცი, ვინც ისრაელის ძალებში მსახურობს", - ამის შესახებ ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში რან გიდორი Twitter-ში წერს. ელჩი იმ ქართველების სურათებს აქვეყნებს, ვინც ისრაელში მსახურობენ. "ჩვენ გვეამაყება საქართველოში დაბადებული და ქართული წარმოშობის ყველა ის ქალი და მამაკაცი, რომელიც ისრაელის თავდაცვის ძალებში მსახურობს", - წერს ისრაელის ელჩი.
ევროკავშირი: "ჰამასისა" და სხვა დაჯგუფების მიერ ისრაელის მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართულებით რაკეტების გაშვება დაუშვებელია
"ჰამასისა" და სხვა დაჯგუფებების მიერ ისრაელის მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართულებით რაკეტების გაშვება დაუშვებელია", - ევროკავშოროს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესი წარმომადგენელი, ჟოზეფ ბორელი ისრაელში დაპირისპირების ესკალაციის შესახებ განცხადებას ავრცელებს. როგორც ბორელის განცხადებაშია ნათქვამი, ევროკავშირი შეშფოთებულია ისრაელში განვითარებული მოვლენებით. ევროკავშირი მოითხოვს ძალადობის დაუყოვნებლივ დასრულებას. "ევროკავშირი შეშფოთებულია სამოქალაქო პირებს შორის დაღუპულთა და დაშავებულთა დიდი რაოდენობით, ბავშვების ჩათვლით. პრიორიტეტი სამოქალაქო პირების დაცვა უნდა იყოს. ყველა ძალისხმევა უნდა იყოს მიმართული სამოქალაქო მსხვერპლის თავიდან ასაცილებლად და დეესკალაციის მხარდაჭერისკენ. დაუშვებელია "ჰამასიდან" და სხვა დაჯგუფებიდან რაკეტების გაშვება ისრაელის მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ ისრაელის ლეგიტიმური მოთხოვნილებაა, დაიცვას თავისი მშვიდობიანი მოსახლეობა, ეს პასუხი უნდა იყოს პროპორციული და ძალის გამოყენება მაქსიმალური თავშეკავებულობით უნდა მოხდეს. ევროკავშირი მოითხოვს ძალადობის დაუყოვნებლივ დასრულებას. ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ არ მოხდეს უფრო ფართო კონფლიქტი, რომელიც, პირველ რიგში, გავლენას მოახდენს ორივე მხარის მშვიდობიან მოსახლეობაზე. იერუსალიმში პატივი უნდა სცენ სტატუს ქვოს წმინდა ადგილებში და გარანტირებული უნდა იყოს ღვთისმსახურების თავისუფლება. მე მაქვს კონტაქტი რეგიონის შესაბამის მხარეებთან და საერთაშორისო საზოგადოებასთან, მათ შორის ახლო აღმოსავლეთში, განიხილონ სიტუაციის დეესკალაცია, როგორც პრიორიტეტული საკითხი, და მხარი დაუჭირონ ძალისხმევას, რომელიც მიზნად ისახავს ძალადობის დასრულებას", - ნათქვამია ბორელის განცხადებაში.