ძებნის რეზულტატი:
ლანდსბერგისი: ევროკავშირის ქვეყნებში ვაქცინაცია შეუფერხებელია, მაგრამ ჩვენ არ ვართ დაცულები, სანამ ჩვენი მეზობლებიც არ იქნებიან უსაფრთხოდ
"ევროკავშირის ქვეყნებში ვაქცინაცია შეუფერხებელია, მაგრამ ჩვენ არ ვართ დაცულები, სანამ ჩვენი მეზობლებიც არ იქნებიან უსაფრთხოდ", - ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა განაცხადა. "დღეს ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა ვაჩვენოთ ლიეტუვას სოლიდარობა. განსაკუთრებით მინდა ხაზი გავუსვა უკრაინაში შექმნილ ვითარებას. ქვეყანა ერთდროულად გაუმკლავდა ორ გამოწვევას: პანდემიას და კრემლის სამხედრო აგრესიას. ვაქცინაციის პროცესი ევროკავშირის ქვეყნებში არის სწრაფი და შეუფერხებელი, მაგრამ ჩვენ არ ვართ დაცულები, სანამ ჩვენი მეზობლებიც არ იქნებიან უსაფრთხოდ", - თქვა ლანდსბერგისმა. ლიეტუვას საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, ლიეტუვას მთავრობა აღმოსავლეთის პარტნიორობის სამ ქვეყანას - საქართველოს, უკრაინას და მოლდოვას ვაქცინის 200 000 დოზას გამოუყოფს. ამ გადაწყვეტილებით ლიეტუვა მონაწილეობას მიიღებს Team Europe პაკეტში, რომელიც მიზნად ისახავს პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერას კორონავირუსის პანდემიისა და მის შედეგების წინააღმდეგ ბრძოლაში.
26 მაისს, გენერალ გიორგი კვინიტაძეს მთაწმინდაზე, ქაქუცა ჩოლოყაშვილის გვერდით დაკრძალავენ
გენერალ გიორგი კვინიტაძის ნეშტს საფრანგეთიდან საქართველოში გადმოასვენებენ და 26 მაისს ქვეყნის ეროვნული გმირის, ქაქუცა ჩოლოყაშვილის გვერდით მთაწმინდის პანთეონში დაკრძალავენ. ამის შესახებ ინფორმაციას ჟან შარდენის ქართულ-ფრანგული აკადემია ავრცელებს. "ჟან შარდენის ქართულ-ფრანგული აკადემია სიხარულით გაცნობებთ, რომ საქართველოს ოკუპაციიდან 100 წლის შემდეგ, საქართველოს ჯარების მთავარსარდალი, გენერალი გიორგი კვინიტაძე საქართველოში ბრუნდება! 18 მაისს, 17 საათზე, პარიზის წმინდა ნინოს ეკლესიაში ეკლესიის წინამძღოლი მამა არჩილ დავრიშაშვილი გიორგი კვინიტაძის სულის მოსახსენებელ პანაშვიდს გადაიხდის, საფრანგეთის ემიგრაცია გამოემშვიდობება გენერალს, რომლის ნეშტს საქართველოში გადმოასვენებენ. საქართველოში ჩაბრძანდებიან გენერალ გიორგი კვინიტაძის შთამომავლები, რომლებიც გენერლის ქამარ-ხანჯალს გადასცემენ საქართველოს სახელმწიფოს. ჟან შარდენის ქართულ-ფრანგული აკადემიისთვის ცნობილია, რომ 24-25 მაისს, სამების საკათედრო ტაძარში გაიმართება სამოქალაქო პანაშვიდები, ხოლო საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ოკუპაციიდან ზუსტად 100 წლის შემდეგ, გენერალი გიორგი კვინიტაძე ქაქუცა ჩოლოყაშვილის გვერდით დაიკრძალება მთაწმინდის პანთეონში", - წერია განცხადებაში.
ლიეტუვა აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ 3 ქვეყანას COVID19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებს გადასცემს
ლიეტუვას საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, ლიეტუვას მთავრობა აღმოსავლეთის პარტნიორობის 3 ქვეყანას - საქართველოს, უკრაინას და მოლდოვას ვაქცინის 200 000 დოზას გამოუყოფს. როგორც ცნობილია, ლიეტუვა 100 000 ვაქცინას უკრაინას, 15 000 ვაქცინას საქართველოს, 11 000 ვაქცინას კი მოლდოვას გადასცემს. აღნიშნულ გადაწყვეტილებას საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი სოციალურ ქსელში ეხმაურება. „ძალიან დიდი მადლობა ჩვენს ნამდვილ მეგობარსა და მტკიცე მხარდამჭერს, ლიეტუვას, კოვიდ პანდემიის პერიოდში თანამშრომლობისა და 15 ათასი დოზა ვაქცინისთვის, რომელიც საქართველოში უნდა გამოიგზავნოს. ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს პარტნიორებთან მუშაობას ვაქცინების დამატებითი დოზებისთვის. ასეთ რთულ დროს სოლიდარობა უმნიშვნელოვანესია," - წერს მინისტრი Twitter-ის პირად გვერდზე. ლიეტუვა საქართველოს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 15 000 დოზას გამოუყოფს ლანდსბერგისი: ევროკავშირის ქვეყნებში ვაქცინაცია შეუფერხებელია, მაგრამ ჩვენ არ ვართ დაცულები, სანამ ჩვენი მეზობლებიც არ იქნებიან უსაფრთხოდ
მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი: საქართველომ დაიწყო შესანიშნავი მოგზაურობა ციფრულ სამყაროში
საქართველომ დაიწყო შესანიშნავი მოგზაურობა ციფრულ სამყაროში, - ამის შესახებ, მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსმა, გურიაში, ბახვის საჯარო სკოლაში, ინტერნეტიზაციის პროექტის პრეზენტაციაზე განაცხადა. სებასტიან მოლინეუსის თქმით, ეს არის ფასდაუდებელი პროექტი, განსაკუთრებით კოვიდის პანდემიის პირობებში, რადგან ინტერნეტის საშუალებით ძალიან ბევრი შესაძლებლობა იქმნება. „მიმაჩნია, რომ ეს ნამდვილად დაეხმარება ქვეყანას ფანჯრების გახსნაში და მომავალში გაიხსნება ფანჯარა, შეიქმნება ახალი შესაძლებლობები, პირველ ეტაპზე, ძირითადად სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის. მე გილოცავთ მეგობრებო, მოსწავლეებო, პედაგოგებო ამ შესანიშნავი სკოლის კოლექტივო და გურიის მოსახლეობავ იმ მიღწევას, რომ ასეთი სწრაფი, ხელმისაწვდომი, სანდო და დაცული ფართოზოლოვანი ინტერნეტი გექნებათ. ვულოცავ მთავრობასაც, ამ ნამდვილად ძლიერ პარტნიორს მსოფლიო ბანკისთვის, რომ ეს საპილოტე პროექტი კარგად დავასრულეთ ერთად. ეს არის ფასდაუდებელი პროექტი, განსაკუთრებით კოვიდის პანდემიის პირობებში, იმიტომ, რომ ძალიან ბევრი შესაძლებლობა იქმნება ინტერნეტის საშუალებით. ქალბატონმა ნათიამ ახლა ბრძანა, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია და ვადასტურებ, რომ „ოუფენნეტის“ პროექტი, რომელსაც მხარს უჭერს მსოფლიო ბანკი და ასევე ევროპის საინვესტიციო ბანკი, დააკავშირებს მეტ ადამიანებს, საწარმოებს, დაწესებულებებს, მთელს ქვეყანაში ძალიან სწრაფ, უკეთეს და სანდო ინტერნეტ მომსახურებით მთელ სამყაროს. ეს პროექტი, რომელიც Log in Georgia-ს პროექტის ფარგლებში ხორციელდება, 500 000 ადამიანის სასარგებლოდ კეთდება სოფლად, ათასზე მეტ სოფელში. ეს არის ნამდვილად თვალსაჩინო დასტური იმისა, რომ ჩვენ, მსოფლიო ბანკი, ძალიან დიდი სიხარულით ვერთვებით ამ პროექტში და მხარს ვუჭერთ ამ პროექტს. ბატონო პრემიერ-მინისტრო, მინისტრებო, მადლობას გიხდით ნაკისრი ვალდებულებისთვის და ერთგულებისთვის ამ პროექტის მიმართ“, - განაცხადა სებასტიან მოლინეუსმა. მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა ასევე ისაუბრა იმ შესაძლებლობებზე, რაც ბავშვებს ექნებათ აღნიშნული პროექტით. „მე ძალიან მახარებს ის ფაქტი, რომ ვფიქრობ იმ შესაძლებლობებზე, რომელსაც ეს პროექტი ბავშვებს მოუტანს. ბავშვები მონაწილეობას მიიღებენ „ონლაინ“ სწავლების პროგრამებში, განსაკუთრებით მიუვალ რეგიონებში, სადაც რთულია ინტერნეტზე წვდომა. წარმოიდგინეთ, რა სარგებელს მიიღებს ადგილობრივი წარმოება, სოფლის მეურნეობის სფეროში, ტურიზმში, რომლებიც „ონლაინ“ პლატფორმებზე გაყიდიან თავიანთ ნაწარმს. ასევე მოსახლეობას, ზოგადად, ისინი სარგებელს მიიღებენ ციფრული ფინანსური მომსახურებით, საჯარო მომსახურებით, უშუალოდ მოხდება ურთიერთობა ინტერნეტის საშუალებით, ტელემედიცინის საშუალებით ისარგებლებენ ამ პროექტის ფარგლებში. ნამდვილად მინდა ყველამ თვალსაჩინოდ წარმოიდგინოს. არ იყო დიდი ხნის წინ, როდესაც შატილში ვიზიტით ვიყავი და თუ შეხედავთ, სოფლად რა პირობებია, ბავშვები ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ფეხით მიდიან იმ ადგილამდე, სადაც სიგნალს კარგად იჭერს ხელსაწყო, კომპიუტერი იქნება, თუ ტელეფონი. ამ პროექტის ფარგლებში, ეს ნაკლოვანება აღმოიფხვრება. ბავშვები თავისუფლად შეძლებენ სახლიდან გაუსვლელად ისწავლონ და ჩაერთონ ინტერნეტში“, - აღნიშნა მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში. სებასტიან მოლინეუსმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ რომ მსოფლიო ბანკი საქართველოს მთავრობის ძლიერი პარტნიორია. „მე მახარებს ის ფაქტი, რომ მსოფლიო ბანკი არის ძლიერი პარტნიორი საქართველოს მთავრობის, მახარებს ის ფაქტი, რომ მხარს ვუჭერთ ამ ინიციატივას, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც ჩვენ დიდი პროექტი გაგვაჩნია, საქართველოს ვეხმარებით ადამიანური კაპიტალის განვითარებაში, ინოვაციების განვითარებაში, ინსტიტუციონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მშენებლობაში, როგორც რეგიონებში, ასევე დიდ ქალაქებში. ასევე მახარებს, რომ კერძო სექტორსაც ვეხმარებით, ტურიზმს, სოფლის მეურნეობას. ყველა ეს ინიციატივა, მიმაჩნია, რომ საქართველოს, უფრო კონკურენტულს გახდის, როგორც ქვეყანას, შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები და ხალხს ექნება მეტი და უკეთესი შესაძლებლობა. საბოლოო ჯამში, მინდა ვთქვა, რომ პირადად ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, რომ ბახვში ვიმყოფები, გურიაში მანქანით მოვდიოდი, ულამაზესი ბუნებაა. ეს 300 წლიანი ხე რად ღირს მეგობრებო, მის ჩრდილში ახლა ვსხედვართ და ეს არის ისტორია, რომელიც საქართველოს გააჩნია და ბევრია ასეთი მაგალითი. ასეთი მდიდარი კულტურა, ისტორია, განვითარება კიდევ უფრო მეტად ამ ფართოზოლოვანი ინტერნეტით და დიდი შესაძლებლობები შეიქმნება ქვეყანაში და დაეხმარება მთელს ქვეყანას, რომ ინტერნეტით ჩაერთოს მთელს მსოფლიოს. ბატონო პრემიერ-მინისტრო, მინისტრებო, პედაგოგებო, მოსწავლეებო, მეგობრებო, გულწრფელად გილოცავთ ამ დიდ მიღწევას და მადლობას გიხდით ძლიერი პარტნიორობისთვის“, - აღნიშნა სებასტიან მოლინეუსმა.
ჯო ბაიდენმა ამერიკულ ნავთობსადენზე თავდასხმაში რუსი ჰაკერები დაადანაშაულა
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ამერიკულ ნავთობსადენზე თავდასხმაში რუსი ჰაკერები დაადანაშაულა. ამავე დროს, აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ჰაკერები არ არიან დაკავშირებული რუსეთის ხელისუფლებასთან. ბაიდენის განცხადებით, აშშ-ის აქვს მყარი მტკიცებულებები, რომ კიბერდამნაშავეები რუსეთში ცხოვრობენ. ცნობისთვის, ნავთობსადენ „ქოლონიალ ფაიფლაინზე“ კიბერთავდასხმა 8 მაისს განხორციელდა, რის გამოც აშშ-ის უდიდესი საწვავის მილსადენი - რომელიც საწვავს აღმოსავლეთის სანაპიროს დაახლოებით ნახევარს აწვდის - იძულებული გახდა მთელი ქსელის მუშაობა შეეჩერებინა. ამერიკული სპეცსამსახურები ამტკიცებენ, რომ ნავთობსადენს თავს ჰაკერული დაჯგუფება „დარქსაიდის“ წევრები დაესხნენ თავს. ჰაკერებმა დაბლოკეს ინფორმაცია და მისი გახსნის სანაცვლოდ გამოსასყიდი მოითხოვეს. სააგენტო „ბლუმბერგი“ იუწყება, რომ ნავთობსადენის მფლობელმა კომპანიამ ჰაკერებს ხუთი მილიონი დოლარი გადაუხადა. აშშ-ის ხელისუფლება ამ ინფორმაციაზე კომენტარს არ აკეთებს. ამჟამად ნავთობსადენმა მუშაობა უკვე განაახლა. „ქოლონიალ ფაიფლაინი“ ნავთით ამარაგებს აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარე შტატების ნახევარს. როგორ ხორციელდება კიბერთავდასხმა მილსადენზე
განათლების სამინისტრო: 51-ე სკოლის ყოფილი პედაგოგი, რომელიც, კორონავირუსით გარდაიცვალა, სკოლაში 2 წელია აღარ მუშაობდა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განმარტებით, 51-ე საჯარო სკოლის ყოფილი პედაგოგი, რომელიც გარდაიცვალა, განათლების სისტემაში 2 წელია აღარ მუშაობდა. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, 51-ე საჯარო სკოლა 14 აპრილიდან, ანუ, უქმე დღეების დაწყებამდე 2 კვირით ადრე სრულად დისტანციურ ფორმატში სწავლობდა. “საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ეხმაურება სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებში შეგნებულად გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას თბილისის 51-ე საჯარო სკოლის შესახებ, რომელიც სამინისტროს დისკრედიტაციასა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად. განვმარტავთ, რომ ეპიდემიოლოგების დასკვნის საფუძველზე, 51-ე საჯარო სკოლა 14 აპრილიდან, ანუ, უქმე დღეების დაწყებამდე 2 კვირით ადრე სრულად დისტანციურ ფორმატში სწავლობდა. ამ პერიოდში და უქმე დღეებშიც მასწავლებლებსა და სკოლის პერსონალს არაერთგზის ჩაუტარდა სავალდებულო ტესტირება. ხოლო 13 მაისს სასწავლო პროცესის საკლასო ოთახში განახლებამდე, სკოლის შენობას ჩაუტარდა დეზინფექცია”,-აღნიშნულია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადებაში. ცნობისთვის, 51-ე საჯარო სკოლის ხელმძღვანელობა უარყოფს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ კორონავირუსს ბიოლოგიის მასწავლებელი ემსხვერპლა და სკოლაში მძიმე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობაა.
არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა Pfizer-ის ვაქცინის 12-დან 15 წლამდე მოზარდებში გამოყენების ნებართვა გასცა
არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა კორონავირუსის საწინააღმდეგო, Pfizer/BioNTech-ის ვაქცინა 12-დან 15 წლამდე ბავშვებში საგანგებო გამოყენებისათვის დაამტკიცა. ჯანდაცვის სამინისტრომ უკვე დაუშვა აღნიშნული ვაქცინის გამოყენება 16 წლის და ზემოთ მოქალაქეებში. ცნობისთვის, აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ სამშაბათს დაამტკიცა ვაქცინის გამოყენება 12 წლამდე ბავშვებში.
რამდენი ადამიანი აიცრა კოვიდვაქცინით საქართველოში
14 მაისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯამში 81 076-მა ადამიანმა გაიკეთა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მათივე ცნობით, სრულად ვაქცინირებულია 13 507 ადამიანი. ქვეყანაში გასულ 24 საათში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 3 733 ადამიანი აიცრა. "აცრისთვის ჯავშნის გასაკეთებლად ეწვიეთ booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 1522", - ნათქვამია ინფორმაციაში.
კატარინა ბიორლინ ჰანსენი: საქართველომ უნდა განავითაროს შიდა ენერგიის წარმოება
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) რეგიონული დირექტორი კავკასიაში კატარინა ბიორლინ ჰანსენი აცხადებს, რომ საქართველომ უნდა განავითაროს შიდა ენერგიის წარმოება, რაც მზისა და ქარის ელექტროსადგურებთან ერთად, ჰესებსაც ითვალისწინებს. ამის შესახებ მან ვიდეოპოსტში განაცხადა, რომელიც სოციალურ ქსელში გვერდმა ,,ენერგომომავალი" გამოაქვეყნა. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის რეგიონული დირექტორის განცხადებით, ძალზე მნიშვნელოვანია საქართველოს მზარდი ენერგეტიკული მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, რადგან საქართველოში მატულობს ელექტროენერგიის მოხმარება როგორც საყოფაცხოვრებო, ასევე კერძო სექტორში. კატარინა ბიორლინ ჰანსენის განცხადებით, საქართველომ უნდა განავითაროს შიდა ენერგიის წარმოება, რაც მზისა და ქარის ელექტროსადგურებთან ერთად, ჰესებსაც ითვალისწინებს. „ამჟამად, საქართველოში წარმოებული ენერგიის დაახლოებით 75 პროცენტს ჰესები გამოიმუშავებს, მაგრამ დანარჩენი 25 პროცენტი, რაც საქართველოს სჭირდება, განსაკუთრებით კი ზამთარში, მეტწილად იმპორტირებული ბუნებრივი აირის გამოყენებით არის მიღებული. იმისათვის, რომ საქართველომ გააგრძელოს სუფთა ენერგიის გამოყენება, აუცილებელია, შეამციროს იმპორტირებულ საწვავზე დამოკიდებულება და გაზარდოს შიდა სუფთა ენერგიის წარმოება, რაც ნიშნავს ჰესების შემდგომ განვითარებას,“ – აღნიშნავს კატარინა ბიორლინ ჰანსენი თავის ვიდეოპოსტში. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოს ენერგეტიკის ერთ-ერთი მსხვილი ინვესტორია. ბანკის რეგიონული დირექტორის განცხადებით, დიდია ადგილობრივი და საერთაშორისო ინვესტორების ინტერესი, იმუშაონ საქართველოს სუფთა ენერგიის წარმოების სექტორში. მისი თქმით, როგორც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს, ასევე სხვა საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებს დიდი სურვილი აქვთ, მხარი დაუჭირონ საქართველოში მდგრადი ჰესებისა და განახლებადი ენერგიის სხვა წყაროების განვითარებას. „რატომ სჭირდება საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოება და ენერგეტიკული დამოუკიდებლობა. საქართველოს ძალიან სტრატეგიული მდებარეობა აქვს, შესაბამისად, აქვს დიდი წვდომა რეგიონალურ ენერგეტიკულ ბაზრებზე. საქართველო თუ გახდება უფრო მდგრადი შიდა წარმოების თვალსაზრისით, მას აქვს პოტენციალი, ენერგია გაიტანოს ექსპორტზე მეზობლებთან, რაც რეგიონალური ბაზრების კარგი ინტეგრაცია იქნება. ენერგეტიკული უსაფრთხოება ასევე კარგია საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტისთვის, რადგან ახლა გაზის იმპორტი სუბსიდირდება და, რა თქმა უნდა, ენერგიის შიდა წარმოების გაძლიერებით, ეს ხარჯები სახელმწიფოსთვის შემცირდება,“ – განაცხადა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის რეგიონულმა დირექტორმა. კატერინა ბიორლინ ჰანსენის თქმით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი მზადაა, მხარი დაუჭიროს ჰესების და სხვა განახლებადი ენერგოპროექტების განვითარებას საუკეთესო პრაქტიკის დანერგვის მიმართულებით. მისი თქმით, ბანკში ენერგეტიკული პროექტების შერჩევის მკაცრი კრიტერიუმები არსებობს. „ჰესების განვითარების უმაღლესი სტანდარტების დანერგვით, ვფიქრობთ, რომ ჩვენ შეგვიძლია მნიშვნელოვნად გავაუმჯობესოთ საქართველოს ენერგო დამოუკიდებლობა და უსაფრთხოება,“ – აღნიშნავს კატარინა ბიორლინ ჰანსენი ვიდეოპოსტში.
შეიძლება თუ არა საქართველოში სრულად ვაქცინირებულებმა პირბადე აღარ გამოიყენონ
დღეისათვის საქართველოში უკვე საკმაოდ არიან ორჯერადად ვაქცინირებული ადამიანები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან ამ ადამიანებს უკვე აქვთ შესაძლებლობა, გარკვეულად შეამცირონ ის შეზღუდვები, რაც ქვეყანაში მოქმედებს, – ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ივანე ჩხეიძემ აღნიშნა, აუცილებელია ვაქცინირებული ადამიანების წახალისება და ეს სისტემა ბევრ ქვეყანაში მოქმედებს. „დღეისათვის საქართველოში უკვე საკმაოდ არიან ორჯერადად ვაქცინირებული ადამიანები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ამ ადამიანებს უკვე აქვთ შესაძლებლობა, გარკვეულად შეამცირონ ის შეზღუდვები, რაც ქვეყანაში მოქმედებს, ეს ეხება პირველ რიგში გადაადგილებას, ასევე კონტაქტებს. დაშვებულია ადამიანების წრეში, რომლებიც არიან ვაქცინირებული ან რომლებმაც გადაიტანეს უახლოესი პერიოდის განმავლობაში „კოვიდ-19“, მოიხსნან ნიღაბი და მაქსიმალურად ხელი უნდა შევუწყოთ ასეთ ადამიანებს სხვადასხვა აქტივობის განხორციელებისთვის. ეს წახალისების სისტემა ძალიან ბევრ ქვეყანაში მოქმედებს. შესაძლოა, ადამიანს ჰქონდეს უფლება მიიღოს ისეთი სერვისები, როგორიცაა მაგალითად, კინო, თეატრი, რესტორანი, მიიღოს შეუზღუდავი შესაძლებლობა ქვეყნებს შორის გადაადგილების. ეს არის ერთ-ერთი ხელშემწყობი მექანიზმი, რათა უფრო მეტი ადამიანი ჩაერთოს იმუნიზაციის პროგრამაში. აშშ-ში უკვე გამოცხადდა ოფიციალურად, რომ ორჯერადად ვაქცინირებულებისთვის ნიღბის ტარების აუცილებლობა არ არის. საქართველოშიც იგეგმება უახლოეს პერიოდში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის მიერ წარდგენილი ინიციატივის განხილვა, რა წახალისება შეიძლება განვიხილოთ იმ ადამიანებში, რომლებმაც ორჯერ ჩაიტარეს ვაქცინაცია. შესაძლებელია, ამ ადამიანებს ჰქონდეთ უფრო მეტი ხანგრძლივობის შვებულება და ა.შ. ასე რომ, ძალიან ბევრი განსხვავებული კომპონენტია და ვფიქრობთ, რომ წახალისების სისტემის ელექტრონული, ციფრული, „მწვანე პასპორტის“ ამოქმედება ქვეყანაში იქნება ძალიან მნიშვნელოვანი“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.
საფრანგეთის პრეზიდენტმა აზერბაიჯანს სომხეთიდან ჯარის გაყვანისკენ სომხურ ენაზე მოუწოდა
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა აზერბაიჯანს სომხეთიდან ჯარის გაყვანისკენ სომხურ ენაზე მოუწოდა. მან Facebook-ზე სომხურ ენაზე განცხადება გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნავს, რომ აზერბაიჯანის ჯარები სომხეთში შეიჭრნენ. "აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები შეიჭრნენ სომხეთის ტერიტორიაზე. ისინი დაუყოვნებლივ უნდა გაიყვანონ. მე სომეხ ხალხს კვლავ ვეუბნები, რომ საფრანგეთი გაერთიანებულია თქვენთან და ასეთად დარჩება," - წერს მაკრონი.
თამარ გაბუნია: გადაადგილების შეზღუდვის გადაწევაზე აქტიურად ვმსჯელობთ
ღამის საათებში გადაადგილებაზე შეზღუდვის გადაწევაზე აქტიურად მსჯელობენ - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა. „პირბადესთან დაკავშირებული შეზღუდვის შემსუბუქებას ჩვენ ჯერ კიდევ კარგა ხანს ვერ მოვახერხებთ, ეს პირდაპირ უკავშირდება ვაქცინირებულთა რაოდენობას. ჩვენ რაც არ უნდა ეფექტურად გადავლახოთ პიკი მაისის ბოლომდე, პირბადე თავდაცვის საშუალებაა. აქტიური მსჯელობა მიდის ღამით მოძრაობის შედარებით შემსუბუქებაზე, საუბარია დროის გადაწევაზე. ყველას გვესმის, რომ პიკის პერიოდში ამის რესურსი არ გაგვაჩნია", - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
პროკურატურამ გაუპატიურების ორი ეპიზოდის ფაქტზე ყაზახეთის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ გაუპატიურების ორი ეპიზოდის ფაქტზე ყაზახეთის მოქალაქე მ.მ.-ს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 28-29 აპრილს, რუსთავში, მ.მ. -მ ფიზიკური ძალადობითა და ძალადობის გამოყენების მუქარით ა.ა.-სთან ორჯერ დაამყარა არანებაყოფლობითი სქესობრივი კავშირი. "მ.მ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის პირველი ნაწილის ორი ეპიზოდისთვის (გაუპატიურება) დაუსწრებლად წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალდების მხარე ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. ასევე, ა.ა.-ს გაუპატიურების და თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე, 2021 წლის 7 მაისს, ბრალი წარედგინა ბ.თ.-ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 115-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად 8-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, მას აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული აქვს პატიმრობა.", - ნათქვამია ინფორმაციაში. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი დანიას, ისლანდიასა და გრენლანდიას ეწვევა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი 16 მაისიდან 20 მაისამდე პერიოდში დანიას, ისლანდიასა და გრენლანდიას ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაზე დაყრდნობით Reuters-ი ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, რეიკიავიკში ყოფნისას ენტონი ბლინკენი 19-20 მაისს არქტიკული საბჭოს მინისტერიალს დაესწრება.
კელი დეგნანმა წმინდა ნინოს საფლავი მოინახულა
ამერიკის ელჩმა კელი დეგნანმა წმინდა ნინოს საფლავი მოინახულა. შესაბამისი ინფორმაცია აშშ-ის საელჩომ Facebook გვერდზე გაავრცელა. "ამერიკელი და ქართველი ხალხი იზიარებენ ღირებულებებს, რომლებიც მორწმუნე ადამიანთა პატივისცემასა და რელიგიის თავისუფლების დაცვის ერთგულებას გულისხმობს. დღეს ელჩმა დეგნანმა სიღნაღში, ბოდბის მონასტერში წმინდა ნინოს საფლავი მოინახულა. ვიზიტისას ელჩი შეხვდა მეუფე იაკობს, იღუმენია თეოდორასა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სხვა ლიდერებს შეხვდა", - აღნიშნულია საელჩოს ტექსტში.
UNICEF-ის წარმომადგენელი კოვდვაქცინით ახალციხეში აიცრა
გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში, ღასან ხალილი იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით ახალციხეში აიცრა. "ვაქცინაცია კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ დავამარცხოთ პანდემიას, რომელიც ყველა ჩვენგანზე, და მათ შორის, ბავშვებზე ახდენს გავლენას, არავინ არ იქნება დაცული, სანამ ყველა არ იქნება დაცული." - ამბობს დოქტორი ხალილი.
20 ივნისს დაზარალებულები კარლ ჰარცელსა და კელი დეგნანს ღია წერილით მიმართავენ
20 ივნისს დაზარალებულები საქართველოში ევროკავშირის ელჩს, კარლ ჰარცელსა და ამერიკის ელჩს, კელი დეგნანს ღია წერილით მიმართავენ. როგორც წერილის ხელმომწერები აცხადებენ, ამნისტიის კანონპროექტი მოემსახურება მხოლოდ ხელისუფლების პასუხისმგებლობის ნიველირებას, რაც დემონსტრანტებისთვის პრინციპულად მიუღებელია. ისინი მზადყოფნას გამოთქვამენ, ელჩების სურვილის შემთხვევაში მონაწილეობა მიიღონ ამ საკითხთან დაკავშირებულ თემატურ შეხვედრებსა და დისკუსიებში. „პირველ რიგში მადლობას მოგახსენებთ იმ ძალისხმევისთვის, რომელიც საქართველოში პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად გაიღეთ. ჩვენთვის განსაკუთრებულად ფასეულია უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პარტნიორების, აშშ-სა და ევროკავშირის მხარდაჭერა და დახმარება ასეთ კრიზისულ პერიოდში ჩვენი სახელმწიფოსთვის. მოგმართავთ საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც 2019 წლის 20 ივნისს ჩვენი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში ჩვენი სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მტრულად განწყობილი ოკუპანტი ქვეყნის პოლიტიკოსის მიერ სხდომის წაყვანას პატრიოტული მოტივით ვაპროტესტებდით და გარდა ეროვნული უსაფრთხოებისა მიგვაჩნდა, რომ ეს ფაქტი შეუთავსებელი იყო და საფრთხეს უქმნიდა ჩვენი ქვეყნის ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებსაც. ჩვენი, როგორც მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ გამოყენებული იქნა უხეში არაპროპორციული ძალა საქართველოს ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლების მიერ უკანონო ბრძანების საფუძველზე. საათების მანძილზე გრძელდებოდა დამიზნებით სროლა და სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემქმნელი ზიანის მიყენება დემონსტრანტებისთვის. ამის შედეგად დაშავდა ასეულობით ადამიანი, მათ შორის 38 ჟურნალისტი. ხელისუფლების ცნობით, 20 ივნისის ღამეს საავადმყოფოში მიიყვანეს 240 ადამიანი. დემონსტრანტების ნაწილმა მიიღო სხეულის მძიმე დაზიანება, რომლის არასრული ჩამონათვალი მოიცავს მრავლობით ნატყვიარებს, სხეულის სხვადასხვა მოტეხილობას, სახისა და თავის ქალის მსხვრევით დაზიანებებს, თვალისა და მხედველობის დაკარგვის მრავლობით შემთხვევას. დემონსტრანტების ნაწილი დღემდე აგრძელებს მკურნალობის კურსს. აღსანიშნავია, რომ მძიმედ დაშავებულ ადამიანებს ექმნებათ პრობლემები ხელისუფლების მხრიდან, არასათანადო ყურადღების და დახმარების გამო. სახელმწიფომ მხოლოდ 7 დემონსტრანტი ცნო დაზარალებულად. 50 დემონსტრანტზე მეტი ცდილობს ადგილობრივი და საერთაშორისო სასამართლოებში დაზარალებულის სტატუსის მიღებას და ფიზიკური და მორალური ზიანის კომპენსირებას. მშვიდობიანი დემონსტრანტების დიდი ნაწილი იქნა დაკავებული იმავე ღამეს და ასეულობით აქტივისტს მოუწია რამდენიმე დღის გატარება საპატიმროში შეთითხნილი ადმინისტრაციული ბრალდების გამო. ასევე 20-მდე დემონსტრანტის წინააღმდეგ აღძრულ იქნა სისხლის სამართლის საქმეები და მათ თვეების გატარება მოუწიათ საპატიმროში. ამ ფონზე პროკურატურამ სამართალდამცავი ორგანოების მხოლოდ 3 თანამშრომლის წინააღმდეგ დაიწყო სისხლის სამართლებრივი დევნა. ხოლო უკანონო ბრძანების გამცემი ვერცერთი პირის იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა ბოლო 2 წლის მანძილზე. აქედან გამომდინარე მიგვაჩნია, რომ 19 აპრილის შეთანხმების საფუძველზე მმართველი პარტიის და საპარლამენტო ოპოზიციის მიერ 19-21 ივნისის მოვლენების ამნისტიაზე დარეგისტრირებული კანონპროექტები, რომლებიც ფაქტობრივად აქციის დამრბევ ყველა ხელმძღვანელ და ამსრულებელ პირზე ავრცელებენ ამნისტიას, მოემსახურება მხოლოდ ხელისუფლების პასუხისმგებლობის ნიველირებას, რაც ჩვენთვის პრინციპულად მიუღებელია. მიგვაჩნია, ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევაზე თვალის დახუჭვა დამატებით მძიმე შედეგებს გამოიღებს და დააზარალებს საქართველოში დასავლეთის რეპუტაციას, როგორც დემოკრატიული ღირებულებების დამცველის, ასევე წაახალისებს დაუსჯელობის სინდრომს და მწვანე შუქს მისცემს მორიგ მძიმე დარღვევებს. გთხოვთ დაეხმაროთ ჩვენ ქვეყანას პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლაში ისე, რომ დაზარალებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს შეუნარჩუნდეთ შელახული უფლებებისთვის სამართლებრივი ბრძოლისა და ჯანმრთელობის რეაბილიტაციის სახელმწიფო გარანტიების მიღების უფლება. მზადყოფნას გამოვთქვამთ მონაწილეობა მივიღოთ თქვენი სურვილის შემთხვევაში ამ საკითხთან დაკავშირებულ თემატურ შეხვედრებსა და დისკუსიებში“, - აღნიშნულია წერილში. წერილს ხელს აწერენ: მაკო გომური, ირაკლი ფავლენიშვილი, კობა ლეთოდიანი, გიორგი სულაშვილი, ირაკლი ხვადაგიანი, ვახტანგ ბერიკაშვილი, გელა ჭიღლაძე, ზაზა მღებრიშვილი, გიორგი ბულისკერია, ლუკა პეტრიაშვილი, თამარ ბაღაშვილი, დავით შეყილაძე, ბესიკ თამლიანი, ვატო გელაშვილი, დავით ხვადაგიანი, დემეტრე ნაყოფია, დავით ქურდოვანიძე.
თელ-ავივის მიმართულებით Wizz Air–მა ავიარეისები დროებით გააუქმა
Reuters-ის ინფორმაციით, Wizz Air–მა თელ-ავივის მიმართულებით დღეს და ხვალ დაგეგმილი ყველა რეისი გააუქმა. როგორც გამოცემა წერს, დღეს რეისები გაუქმნდა აბუ–დაბიდან, კვიპროსის ლარნაკადან და ვარნადან. ცნობისთვის, ისრაელში მიმდინარე პროცესების გამო, რამდენიმე ავიაკომპანიამ ფრენები დროებით შეაჩერა.
მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩი: დემოკრატია გასაჭირშია
ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა, მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩმა დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის მდგომარეობის შესახებ თავის ყოველწლიურ მოხსენებაში დემოკრატიის უკუსვლის შემაშფოთებელ ხარისხზე მიუთითა. მისი თქმით, არსებობს საშიშროება, რომ ჩვენი დემოკრატიის კულტურა სრულად ვერ აღდგება. "წევრი ქვეყნები ახლა არჩევანის წინაშე დგანან. მათ შეუძლიათ, დაუშვან დემოკრატიის უკუსვლა, ხელი შეუწყონ მას, ან ერთობლივად იმოქმედონ ვითარების მკვეთრად შეცვლაზე, განამტკიცონ და განაახლონ ევროპული დემოკრატია და შექმნან გარემო, რომელშიც ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა დაცულია“, - ნათქვამია ანგარიშში. ევროპის საბჭოს სხვადასხვა ორგანოს, მათ შორის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დასკვნებზე დაყრდნობით, გენერალური მდივნის მოხსენება აფასებს ბოლოდროინდელ მოვლენებს ისეთ სფეროებში, როგორიცაა პოლიტიკური ინსტიტუტები და სასამართლო დამოუკიდებლობა, გამოხატვის თავისუფლება, ადამიანის ღირსება, ანტიდისკრიმინაცია და დემოკრატიული ჩართულობა. „ეროვნული მთავრობები უნდა დაუბრუნდნენ ფუნდამენტურ დემოკრატიულ პრინციპებს, ევროსაბჭოს სტანდარტებს, მათ შორის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების შესრულების ჩათვლით. წევრმა სახელმწიფოებმა სრულად უნდა გამოიყენონ მულტილატერალიზმი, რომელიც 70 წელზე მეტია, ევროპის საბჭოს აქვს ჩამოყალიბებული. ეროვნულმა მთავრობებმა უნდა უზრუნველყონ დემოკრატიის კულტურა, გააცნობიერონ, სად შეასუსტა ეს კულტურა მათმა სიტყვებმა, საქმიანობამ ან კანონმდებლობამ სამოქალაქო სივრცის შემცირებით, ინდივიდების, ორგანიზაციების და არასამთავრობო ორგანიზაციების დაშინების ან მათთვის სიტყვისა და შეკრების თავისუფლების, ან საზოგადოებრივ საქმიანობაში ხალხის სრულფასოვანი მონაწილეობის აკრძალვით“, - აღნიშნულია ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის ანგარიშში. ევროპის საბჭო წარმოადგენს ადამიანის უფლებათა წამყვან ორგანიზაციას ევროპის კონტინენტზე. ის აერთიანებს 47 წევრ სახელმწიფოს, რომელთა შორის 28 ევროკავშირის წევრია. ევროპის საბჭოს ყველა წევრ ქვეყანას ხელი მოწერილი აქვს ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციაზე, რომელიც შექმნილია ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის დასაცავად. საქართველო ევროპის საბჭოს 41-ე წევრი ქვეყანა 1999 წლის 27 აპრილს გახდა.
ჯანმო ვაქცინების დიდი მარაგის მქონე ქვეყნებს ახალი რეკომენდაციით მიმართავს
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ მდიდარმა ქვეყნებმა ბავშვების ვაქცინაციის დაწყების ნაცვლად დაბალი შემოსავლების მქონე ქვეყნებს ვაქცინები უნდა მიაწოდონ. მისივე თქმით, დაბალი შემოსავლების მქონე ქვეყნებმა ვაქცინების მხოლოდ 0.3% მიიღეს. „ზოგიერთ მდიდარ ქვეყანაში, რომლებსაც ვაქცინების მარაგის დიდი რაოდენობა აქვთ, ახლა დაბალი რისკის ჯგუფების აცრა იწყება. მესმის, რატომ სურს ზოგიერთ ქვეყანას ბავშვებისა და მოზარდების აცრა. მოვუწოდებ მათ, გადახედონ ამ გადაწყვეტილებას და ამის ნაცვლად ვაქცინები COVAX-ის მექანიზმს გაუზიარონ. დაბალი და საშუალოზე დაბალი შემოსავლების მქონე ქვეყნებში ვაქცინების მარაგი საკმარისი არ არის ჯანდაცვის მუშაკების იმუნიზაციისთვისაც კი და საავადმყოფოები გადატვირთულია იმ ადამიანებით, რომლებსაც სასწრაფოდ სჭირდებათ დახმარება“, - განაცხადა გებრეიესუსმა.