ძებნის რეზულტატი:
ენტონი ბლინკენი: ისრაელს თავდაცვის უფლება აქვს. პალესტინელებს უნდა შეეძლოთ უსაფრთხოდ ცხოვრება
"ისრაელს თავდაცვის უფლება აქვს, პალესტინელებს უნდა შეეძლოთ უსაფრთხოდ ცხოვრება" - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი Twitter-ზე წერს. ბლინკენის განცხადებით, ის ტელეფონით ისრაელის პრემიერ-მინსტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ესაუბრა. "ისრაელის პრემიერ ბენიამინ ნეთანიაჰუს, ისრაელში მიმდინარე მოვლენებზე ვესაუბრე, მათ შორის ღაზას სექტორიდან გასროლილ რაკეტებზე, რითიც ისრაელის მოსახლეობას მიზანში იღებენ. ისრაელს თავდავის უფლება აქვს. პალესტინელებს უნდა შეეძლოთ უსაფრთხოდ ცხოვრება. დეესკალაცია ახლა სასიცოცხლოდ მნიშვნელვანია". - წერს ბლინკენი.
ისრაელის ქალაქ სდეროთზე განხორციელებული იერიშის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიჭრა, მათ შორის ერთი მცირეწლოვანია
ისრაელის მედიის ცნობით, ქალაქ სდეროთზე განხორციელებული იერიშის შედეგად 6 ადამიანი დაიჭრა, მათ შორის 6 წლის ბავშვია. ადგილობრივი მედიის ცნობით, ქალაქ სდეროთში საბრძოლო რაკეტა საცხოვრებელ სახლს მოხვდა, შენობაში მცხოვრები 6 წლის ბავშვი კი კრიტიკულად დაშავდა. დაშავებულია ბავშვის დედაც. როგორც ცნობილია, ტერორისტულმა დაჯგუფება "ჰამასმა" ისრაელის მიმართულებით 130 რაკეტა გაისროლა. ამის შესახებ ინფორმაციას კი ისრაელის პრემიერმინისტრის სპიკერი, ოფირ გენდელმანი Twitter-ში ავრცელებს.
ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველო მკაცრად გმობს ისრაელის ტერიტორიაზე მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ მიმართულ ძალადობას და სარაკეტო შეტევებს
საქართველო მკაცრად გმობს ისრაელის ტერიტორიაზე მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ მიმართულ ძალადობას და სარაკეტო შეტევებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიTwitter-ში წერს. მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ დაძაბულობის დაუყოვნებლივ დე-ესკალაციას ალტერნატივა არ აქვს. „ვუსამძიმრებთ მსხვერპლთა ოჯახებს და დაშავებულებს უსწრაფეს გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ. დაძაბულობის დაუყოვნებლივ დე-ესკალაციას ალტერნატივა არ გააჩნია მშვიდობიან მოსახლეობაში დამატებითი სისხლისღვრის თავიდან ასაცილებლად,“- წერს ირაკლი ღარიბაშვილი.
ისრაელის ქალაქ აშკელონში სარაკეტო იერიშის დროს ათობით ადამიანი დაიჭრა
ისრაელზე განხორციელებული სარაკეტო იერიშის შედეგად, ქალაქ აშკელონში მინიმუმ 20 ადამიანი დაიჭრა - ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის მედია სხვადასხვა წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. ისრაელის ქალაქ სდეროთზე განხორციელებული იერიშის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიჭრა, მათ შორის ერთი მცირეწლოვანია. გავრცელებული ინფორმაციით, 6 წლის ბავშვის მდგომარეობა კრიტიკულია. როგორც ცნობილია, ტერორისტულმა დაჯგუფება "ჰამასმა" ისრაელის მიმართულებით 130 რაკეტა გაისროლა. ამის შესახებ ინფორმაციას კი ისრაელის პრემიერმინისტრის სპიკერი, ოფირ გენდელმანი Twitter-ში ავრცელებს.
მაღალი აქტიურობის შედეგად, ვაქცინაზე რეგისტრაციის გვერდზე დროებითი ტექნიკური შეფერხებაა
აცრის დაჯავშნის მსურველი მოქალაქეების მაღალი აქტიურობის შედეგად ელექტრონულ სისტემაში შეიქმნა წინასწარ გაუთვალისწინებელი დროებითი ტექნიკური შეფერხება, რომელიც უმოკლეს დროში აღმოიფხვრება და აღნიშნულის თაობაზე ინფორმაცია დამატებით გავრცელდება, - ამის შესახებ ინფორმაცის დაავადებათა კონტროლის ცენტრი იუწყება. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მადლობას უხდის თანამოქალაქეებს კორონავრუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრებისადმი გამოჩენილი მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გამო. „აცრის დაჯავშნის მსურველი მოქალაქეების მაღალი აქტიურობის შედეგად ელექტრონულ სისტემაში შეიქმნა წინასწარ გაუთვალისწინებელი დროებითი ტექნიკური შეფერხება, რომელიც უმოკლეს დროში აღმოიფხვრება და აღნიშნულის თაობაზე ინფორმაცია დამატებით იქნება მოწოდებული. კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მეორე დოზით აცრისათვის საჭირო ვაქცინები შენახულია პირველი დოზით აცრილი მოქალაქეებისათვის და ყველა მოქალაქე შეუფერხებლად შეძლებს მეორე დოზით აცრის დაჯავშნას მისთვის სასურველ სამედიცინო დაწესებულებაში. ბოდიშს გიხდით წინასწარ გაუთვალისწინებელი ტექნიკური შეფერხებისთვის“, - აღნიშნულია განცხადებაში.
დღეიდან მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა განახლდა
დღეიდან, საქართველოს ქალაქებში მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა, რომელიც უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 3 მაისიდან იყო შეწყვეტილი. საზოგადოებრივი ტრანსპორტი ჩვეული გრაფიკით მუშაობს. მოსახლეობას კი მგზავრობისას ისევ მოუწევთ პირბადის გამოყენება. ავტობუსებთან ერთად, დღეიდან ამუშავდა მეტრო და სამარშრუტო ტაქსებიც. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, გადაადგილების შეზღუდვა 21:00 საათიდან 05:00 საათამდე ისევ ძალაშია.
დღეიდან სასწავლო და სააღმზრდელო დაწესებულებებმა მუშაობა განაახლეს
დღეიდან სასწავლო და სააღმზრდელო დაწესებულებები მუშაობას განაახლებენ. ამის შესახებ გადაწყვეტილება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს. მოსწავლეთა მშობლებს, ასევე რისკ-ჯგუფებში მყოფ მასწავლებლებს კვლავ ექნებათ შესაძლებლობა აირჩიონ სწავლების დისტანციური ფორმა. შეგახსენებთ, რომ საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოში 4-11 მაისი უქმე დღეებად იყო გამოცხადებული. უქმე დღეა 12 მაისიც (წმინდა ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე). შესაბამისად, სასწავლო და სააღმზრდელო დაწესებულებები დაახლოებით ორი კვირის განმავლობაში არ მუშაობდნენ.
დღეს პირველკლასელთა რეგისტრაცია დაიწყო
დღეს, 09:00 საათიდან პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი დაიწყო, რომელიც 5 ივნისს, 18:00 საათზე დასრულდება. რეგისტრაცია შესაძელებელია განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე registration.emis.ge და მას ბავშვის მშობელი ან კანონიერი წარმომადგენელი უზრუნველყოფს. ელექტრონულად რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენა 8 ივნისიდან 22 ივნისის ჩათვლით იქნება შესაძლებელი. დადგენილ ვადებში დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაში რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება.
სან მარინო „ვაქცინის ტურიზმს“ ხსნის
სან-მარინომ გამოაცხადა, რომ ტურისტებს რუსულ Sputnik Covid-19-ის ვაქცინას 50 ევროდ შესთავაზებს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს. ჯანდაცვის მინისტრმა რობერტო სიავატამ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ გადასახადი ვაქცინის ორივე დოზას მოიცავს. აცრა ხელმისაწვდომი იქნება ყველასთვის, ვინც სასტუმროში დაჯავშნის მინიმუმ სამ ღამეს და დაბრუნდება სამი ან ოთხი კვირის განმავლობაში მეორე ინექციისთვის. „სქემა, რომელიც 17 მაისიდან ამოქმედდება, სან მარინოს მისცემს რეალურ შესაძლებლობას, მოიზიდოს ისეთი სახის ტურიზმი, რომლის მოზიდვაზე აქამდე ვერც ვიფიქრებდით“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა ლუკა ბეკარმა.
ჯო ბაიდენი: ისრაელს უფლება აქვს დაიცვას საკუთარი თავი
აშშ-ის პრეზედენტი ჯო ბაიდენი ისრაელის პრემიერ-მინისტრს ბენიამინ ნეთანიაჰუს, ღაზას მხრიდან სარაკეტო შეტევების შესახებ, ტელეფონით ესაუბრა. "მოლოდინი და იმედი მაქვს, რომ ეს უფრო ადრე დასრულდება, ვიდრე გვიან. ისრაელს უფლება აქვს საკუთარი თავი დაიცვას, როდესაც მის ტერიტორიაზე ათასობით რაკეტა დაფრინავს“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა. გავრცელებული ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრმა "მადლობა გადაუხადა პრეზიდენტ ბაიდენს, რომ ამერიკამ მხარი დაუჭირა ისრაელის თავდაცვის უფლებას". როგორც ცნობილია, ისრაელის პრემიერ მინისტრს ტელეფონით ესაუბრა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი. ბლინკენის თქმით, "ისრაელს თავდაცვის უფლება აქვს. პალესტინელებს უნდა შეეძლოთ უსაფრთხოდ ცხოვრება"
სად და როდის შეხვდებიან ენტონი ბლინკენი და სერგეი ლავროვი ერთმანეთს
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს ტელეფონით ესაუბრა. სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, სატელეფონო საუბრისას მხარეებმა მომავალ კვირაში ისლანდიაში დაგეგმილი შეხვედრა განიხილეს. „მკაფიოდ ვუდგებით იმ გამოწვევებს, რასაც რუსეთი ქმნის“, - წერს ბლინკენი. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ლავროვმა და ბლინკენმა სატელეფონო საუბრისას განიხილეს საერთაშორისო და ორმხრივი ურთიერთობები.
საქართველოს სპეციალური ოპერაციების ძალები მრავალეროვნულ სწავლებაში „ტროას ნაკვალევი“ მონაწილეობს
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს სპეციალური ოპერაციების ძალების სამხედრო მოსამსახურეები აშშ-ის სპეციალური ოპერაციების ევროპის სარდლობის მიერ ორგანიზებულ ყოველწლიურ სწავლებაში მონაწილეობენ. უწყების ცნობით, მრავალეროვნული სწავლება „ტროას ნაკვალევი“ (Trojan Footprint) ხუთი ქვეყნის მასშტაბით ხორციელდება. „საქართველოს სპეციალური ოპერაციების ძალების ერთი ქვედანაყოფი რუმინეთში გამართულ წვრთნებში მონაწილეობს, ნაწილი კი, ამერიკელ სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად საქართველოში გადის მომზადებას. „ტროას ნაკვალევის“ ფარგლებში ჩატარებულ წვრთნებში მონაწილე ქართველმა და ამერიკელმა სამხედრო მოსამსახურეებმა სწრაფი რეაგირების ამოცანები შეასრულეს და ჩასაფრების, შენობის შტურმით დაკავებისა და შენარჩუნების კომპონენტები შეისწავლეს. მათ წარმატებით ჩაატარეს რეიდი და მოწინააღმდეგე ძალა გაანეიტრალეს. ქართველმა სამხედროებმა ამერიკელი ინსტრუქტორებისგან დადებითი შეფასება მიიღეს. მრავალეროვნულ სწავლებაში “ტროას ნაკვალევი” საქართველო პირველად მონაწილეობს. სწავლების მიზანი მონაწილე ქვეყნებს შორის ურთიერთთავსებადობის გაზრდა, გამოცდილების გაზიარება და მზადყოფნის დონის ამაღლებაა. „ტროას ნაკვალევი“ 3 მაისს დაიწყო და 14 მაისს დასრულდება. სწავლებას ხუთი ქვეყანა მასპინძლობს და მასში 10 ქვეყნის (აშშ, საქართველო, ბულგარეთი, გერმანია, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია, რუმინეთი, ესპანეთი, უკრაინა, გაერთიანებული სამეფო) სამხედრო მოსამსახურეები მონაწილეობენ“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
COVID19: ბოლო 24 საათის მონაცემები
ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 776 ადამიანს დაუდასტურდა, 1 329 გამოჯანმრთელდა, ხოლო 16 ინფიცირებული გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია Stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 31 982 კვლევა ტესტით, მათ შორის 20 394 კვლევა ანტიგენის ტესტით და 11 588 PCR ტესტით. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 326 441 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 306 264, გარდაიცვალა 4 379 პაციენტი. დადებითობის მაჩვენებელი: 12 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.43 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 5.56%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 4.79%. ინფიცირების 776 ახალი შემთხვევიდან 359 თბილისში გამოვლინდა. აჭარა - 79, იმერეთი - 81, ქვემო ქართლი - 56, შიდა ქართლი - 13, გურია - 20, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 84, კახეთი - 30, მცხეთა-მთიანეთი - 41, სამცხე-ჯავახეთი - 10, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 3. ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა: 15 572, საიდანაც 4 278 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 429, აჭარაში - 444, იმერეთში - 520. მძიმე პაციენტი: 903, მათ შორის, თბილისში - 448, აჭარაში - 95, იმერეთში -140. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე: 196, მათგან თბილისში - 141, აჭარაში - 3, იმერეთში - 15. 710 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 347 - თბილისში, 342 - აჭარაში. 10 584 მკურნალობს ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 73 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 71, ხოლო აჭარაში - 1. სულ 6 ოქტომბრიდან - 12 მაისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 638 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 27 821 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 20 413 პირი, აჭარაში - 1 809, იმერეთში - 1 383.
გიორგი ღიბრაძე: როგორც კი ეპიდემიოლოგიური ვითარება საშუალებას მოგვცემს, ცხადია მოხდება რეგულაციების შემსუბუქება
დღეიდან მოიხსნა ყველა ის რეგულაცია, რომელიც უქმე დღეებთან დაკავშირებით იყო დამატებით შემოღებული. ეს ეხება მუნიციპალურ ტრანსპორტს, სკოლებს, სააღმზრდელო დაწესებულებებს, ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ, ჟურნალისტებს განუცხადა. ოპერაციული შტაბის უფროსის თმით, სხვა არსებული შეზღუდვები ძალაში რჩება. „ეს საკითხი ცხადია, ყველას გვაწუხებს, როგორც მოსახლეობას, ისე იმ ადამიანებს, ვინც გადაწყვეტილებებს იღებს. სიტუაციის ანალიზი პერმანენტულ რეჟიმში ხდება. უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოზე ხდება ერთიანი ინფორმაციის გაანალიზება და როგორც კი ეპიდემიოლოგიური ვითარება საშუალებას მოგვცემს, ცხადია მოხდება რეგულაციების შემსუბუქება. ეს არ არის დამოკიდებული მხოლოდ ციფრებზე. იქ უამრავი სხვა კომპონენტია, რომლის გათვალისწინებაც ხდება გადაწყვეტილების მიღების დროს. როგორც კი კომპონენტების ერთობლიობა მოგვცემს საშუალებას, ცხადია, მოხდება რეგულაციების შემსუბუქება“, - განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.
"ლელო", სალომე სამადაშვილი, არმაზ ახვლედიანი და შალვა შავგულიძე პარლამენტში ახალ ფრაქციას ქმნიან
პარტია „ლელო“ პარლამენტში ფრაქციას ქმნის , რომელსაც სალომე სამადაშვილი, არმაზ ახვლედიანი და შალვა შავგულიძე უერთდებიან სალომე სამადაშვილმა "ნაციონალური მოძრაობა" უკვე დატოვა. შალვა შავგულიძე და არმაზ ახვლედიანი კი "ევროპული საქართველოს" სიით შევიდნენ პარლამენტში, თუმცა სამივე მათგანმა შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერის გამო პარტია დატოვა. "ლელომ" 2020 წლის არჩევნებზე 4 მანდატი მოიპოვა. "ეს ფრაქცია იქნება იმის გარანტი, რომ ჩვენი მოქალაქეების ხმა იქნას ძალიან ხმამაღლა წარდგენილი საქართველოს უმაღლეს ორგანოში; ეს ფრაქცია იქნება გარანტორი და ინიციატორი იმ ეკონომიკური საკითხების მოგვარებაში და სისტემურ გადატვირთვაში, რომელიც ასე მძაფრად დგას თითოეული ჩვენი მოქალაქის წინაშე; ეს ფრაქცია იქნება გარანტორი იმისა, რომ ევროატლანტიკური კურსი იქნება უწყვეტი და მხარდაჭერილი იმ პერსპექტივით, რომ ძალიან მალე უნდა გავხდეთ ევროატლანტიკური სტრუქტურების სრულუფლებიანი წევრი. და რაც ყველაზე მთავარია, თითოეული ჩვენთაგანი იქნება იმის გარანტორი, რომ თითოეული ჩვენი მოქალაქის, რომლის ცხოვრებაც ასე გაუარესდა ბოლო 9 წლის განმავლობაში "ქართული ოცნების" გაუაზრებელი პოლიტიკის გამო, ხმა ვიყოთ უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში", - განაცხადა "ლელოს საქართველოსთვის" პარტიის ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ. საქართველოს პარლამენტში ოპოზიციური პარტიების და დეპუტატების დიდი ნაწილი, პარლამენტში მას შემდეგ შევიდა, რაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ჩართულობით შეთანხმება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შედგა.
"ჩემი რიგიც მოვიდა" - ჯანმოს დირექტორი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორი, ტედროს ადანომ გებრეისუსი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა. ინფორმაცია მან Twitter-ზე გაავრცელა. "დღეს ჩემი რიგიც მოვიდა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით ავცრილიყავი. ვაქცინა გადაარჩენს სიცოცხლეს. მნიშვნელოვანია, ვაქცინა ძალიან სწრაფად მოხვდეს ყველა ქვეყანაში. თუ ჩემსავით ცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც ვაქცინა ხელმისაწვდომია, გთხოვთ, აიცრათ, როდესაც თქვენი რიგი მოვა". - წერს ჯანმო-ს ხელმძღვანელი.
პრემიერ-მინისტრის მრჩევლად თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში ირაკლი სესიაშვილი დაინიშნა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩევლად თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში ირაკლი სესიაშვილი დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, ახლად დანიშნულ მრჩეველთან ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს სამუშაო შეხვედრა გამართა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ თავდაცვა და უსაფრთხოება საქართველოს ხელისუფლებისთვის პრიორიტეტული სფეროებია და ირაკლი სესიაშვილს წარმატებული საქმიანობა უსურვა. "ირაკლი სესიაშვილი საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრია, 2012-2020 წლებში, იგი იყო მე-8 და მე-9 მოწვევის პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე. მას აქვს, როგორც კერძო და არასამთავრობო სექტორში, ისე - აკადემიურ სფეროში საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება. ირაკლი სესიაშვილს, სხვადასხვა სპეციალობით, უმაღლესი განათლება მიღებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ჰაიდელბერგისა და ბამბერგის უნივერსიტეტებში, არის ჰამბურგის უნივერსიტეტის მშვიდობისა და უსაფრთხოების კვლევის ინსტიტუტის უსაფრთხოების კვლევის მაგისტრი", - ნათქვამია ადმინისტრაციის განცხადებაში.
ისრაელის ბენ გურიონის აეროპორტმა რეისების მიღება დროებით შეწყვიტა
ღაზას სექტორიდან სარაკეტო თავდასხმის გამო, ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, ისრაელის ბენ გურიონის აეროპორტმა რეისების მიღება დროებით შეწყვიტა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. როგორც ცნობილია, თვითმფრინავები ბენ გურიონის აეროპორტის ნაცვლად რამონის აეროპორტში ჩაფრინდებიან. შეზღუდვა არ შეეხება გამავალ რეისებს, რამონის აეროპორტიდან ცარიელი თვითმფრინავები ბენ გურიონის აეროპორტში ჩაფრინდებიან, მგზავრებს აიყვანენ და საერთაშორისო მიმართულებებით გაემგზავრებიან. ისრაელის აეროპორტების სააგენტოს წარმომადგენლის განცხადებით, სატვირთო თვითმფრინავებისა და კერძო თვითმფრინავების დაშვება ბენ გურიონის აეროპორტში ნებადართულია.
გიორგი ღიბრაძე Sinopharm-ის ვაქცინით აიცრა
უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსი Sinopharm-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა. გიორგი ღიბრაძეს ვაქცინაცია ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში ჩაუტარდა. როგორც ოპერაციული შტაბის უფროსმა აღნიშნა, აცრა არის ეფექტური საშუალება, რომელიც შესაძლებლობას ქმნის, რომ ქვეყანა დაუბრუნდეს ცხოვრების ნორმალურ რიტმს. „თავს ვგრძნობ ძლიან კარგად. ვაქცინაციის მნიშვნელობაზე არაერთხელ აღინიშნა და კიდევ ერთხელ შემიძლია გავიმეორო, რომ ეს რის ერთ-ერთი, თუ ერთადერთი არა, ყველაზე ეფექტური საშუალება, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემს, მომავალში, დავუბრუნდეთ ცხოვრების ნორმალურ რიტმს, სხვა დანარჩენ რეგულაციებთან ერთად, როგორებიცაა სოციალური დისტანცია და პირბადე“, - განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.
რამდენი ადამიანი აიცრა კოვიდვაქცინით საქართველოში
13 მაისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით ჯამში 77 343 ადამიანი აიცრა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი აქვეყნებს. მათგან სრულად, ვაქცინის ორივე დოზა, 13 084-მა მოქალაქემ მიიღო. ქვეყანაში გასულ 24 საათში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 4 056 ადამიანი აიცრა.