ძებნის რეზულტატი:

საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ალან ჯაფარიძე თავისუფალია

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ალან ჯაფარიძე თავისუფალია. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, პირის უკანონოდ დაკავება განხორციელდა ოკუპირებული ცხინვალის მიმდებარედ. „ფაქტის შესახებ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ინფორმაცია 2021 წლის 21 აპრილს, „ცხელი ხაზის“ საშუალებით გააზიარეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ, ზემოხსენებული მექანიზმის საშუალებით, მუდმივი კომუნიკაცია მიმდინარეობდა ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმთან. პროცესში აქტიურად იყო ჩართული საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. საკითხის განხილვა მოხდა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრაზე. ინფორმაცია უკანონო დაკავების ფაქტის შესახებ, დაკავებულის საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით, მხოლოდ მისი გათავისუფლების შემდეგ გასაჯაროვდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განაგრძობს მუშაობას უკანონოდ დაკავებული სხვა პირების დაუყოვნებელი და უპირობო გათავისუფლების მიმართულებით“, – აღნიშნულია სუს-ის ინფორმაციაში.

ირაკლი ღარიბაშვილი: ანზორ ერქომაიშვილმა მთელი ცხოვრება მიუძღვნა ჩვენს ქვეყანას, ქართულ მუსიკას, ფოლკლორს

ანზორ ერქომაიშვილმა მთელი ცხოვრება მიუძღვნა ჩვენს ქვეყანას, ქართულ მუსიკას, ფოლკლორს და შექმნა უზარმაზარი, უნიკალური ბაზა, რომელიც შემოუნახა და გადაეცა ჩვენს მომავალ თაობას - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ოზურგეთის წარმომადგენლობის შენობასთან ანზორ ერქომაიშვილის მემორიალური დაფის გახსნის ცერემონიალზე განაცხადა. მთავრობის მეთაურმა ქართული კულტურის განვითარებაში ანზორ ერქომაიშვილის მიერ შეტანილ წვლილზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მემორიალური დაფის გახსნა კიდევ ერთხელ გამოხატული მადლიერებაა იმ უდიდესი ღვაწლისათვის, რაც ანზორ ერქომაიშვილმა ქართული კულტურისთვის და საქართველოს წინაშე გასწია. „მე მინდა განსაკუთრებული პატივისცემით მივესალმო ბატონი ანზორ ერქომაიშვილის მეუღლეს, ქალბატონ ლალის. ჩვენ დღეს აქ შევიკრიბეთ იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ პატივი მივაგოთ ჩვენს დიდ ქართველს, დიდ გურულს და მე ვიტყოდი, მსოფლიო დონის კულტურის მოღვაწის, ბატონი ანზორ ერქომაიშვილის ხსოვნას. ძალიან ბევრი შეიძლება ვისაუბროთ ბატონი ანზორ ერქომაიშვილის ღვაწლზე და მის საქმეზე, რომელიც მან გააკეთა ჩვენი ქვეყნისთვის და ხალხისთვის. მან პრაქტიკულად მთელი ცხოვრება მიუძღვნა ჩვენს ქვეყანას, ქართულ მუსიკას, ფოლკლორს და შექმნა უზარმაზარი, უნიკალური ბაზა, რომელიც შემოუნახა და გადაეცა ჩვენს მომავალ თაობას. მოგეხსენებათ, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ფოლკლორის ცენტრს მიენიჭა ბატონი ანზორ ერქომაიშვილის სახელი, მისი სახელის უკვდავსაყოფად. ეს ასეც არის და ასე იქნება მუდმივად. მინდა აღვნიშნო დიდი პატივისცემით, რომ საქმეს, რომელიც ანზორ ერქომაიშვილმა დაიწყო, უზარმაზარი საგანძური, რომელიც შემოგვინახა და დაგვიტოვა, ღირსეულად აგრძელებს ბატონი გიორგი დონაძე. მე მინდა მას მივესალმო განსაკუთრებით და როგორც ბატონი ანზორის გამორჩეულ მოწაფეს და მისი საქმის გამგრძელებელს, მინდა ვუსურვო დიდი წარმატებები და მადლობა ვუთხრა მას ბატონი ანზორის საქმის გაგრძელებისთვის“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. მემორიალური დაფის გახსნის ცერემონიალს ანზორ ერქომაიშვილის მეუღლე ლალი სეთურიძე, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები და საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორი გიორგი დონაძე დაესწრნენ.

ოზურგეთში ალექსანდრე წუწუნავას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი გაიხსნა

დღეს არის მართლაც დიდი ზეიმი. ოზურგეთს ამშვენებს ეს უნიკალური თეატრი, რომელიც 150 წელს ითვლის, - ამის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, სრულად რეაბილიტირებული ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, თეატრი გარემონტდა უშუალოდ ბატონი ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებით და ფონდი „ქართუს“ დახმარებით. „მე მინდა ყველას მოგესალმოთ. მთავრობის წევრებს, პარლამენტის წევრებს, თეატრის და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს, ოზურგეთის საზოგადოებას. მე მინდა დღევანდელი დღე მოგილოცოთ ყველას. დღეს არის მართლაც დიდი ზეიმი. ოზურგეთს ამშვენებს ეს უნიკალური თეატრი, რომელიც 150 წელს ითვლის. ეს სილამაზე, ეს დიდებული თეატრი, როგორც ბატონმა ვასილმა აღნიშნა, გარემონტდა უშუალოდ ბატონი ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებით და ფონდი „ქართუს“ დახმარებით. მე მინდა ასევე ვთქვა, რომ ჩვენ სულ ახლახანს მოედნის მეორე მხარეს სიმბოლურად გავხსენით სახელმწიფო ფოლკლორის ცენტრის სტელა, ბატონი ანზორ ერქომაიშვილის სახელობის. კიდევ ერთხელ მოვიგონეთ ეს დიდებული ადამიანი. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ვართ მართლაც გამორჩეული ხალხი და გურია მინდა განსაკუთრებულად გამოვყო გამორჩეული ნიჭიერებით. ბატონი ანზორ ერქომაიშვილის ფენომენი სწორედ კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, თუ რაოდენ გამორჩეული მხარეა გურია და გურული ხალხი. მე მინდა ყველას მოგეფეროთ დიდი სიყვარულით, სითბოთი და პატივისცემით. დიდი მადლობა, გილოცავთ კიდევ ერთხელ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. რეაბილიტაციის შედეგად, ოზურგეთის თეატრი ულტრათანამედროვე ხმის და განათების სისტემებით აღიჭურვა. მასში განთავსებულია ორი სრულფასოვანი სცენა, რადიო სტუდია რადიო სპექტაკლების ჩასაწერად; შენობა მორგებულია თანამედროვე სტანდარტებს, მასში ფუნქციონირებს მსახიობთათვის საგრიმიორო, სარეკვიზიტორო, სადურგლო საამქროები, აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკით. თეატრში არის სხვადასხვა სარეპეტიციო სივრცე, ხმის ჩამწერი სტუდია, ოთახები მუზეუმისთვის, სამხატვრო სადეკორაციო - სახელოსნოსთვის, მცირე დარბაზი - ექსპერიმენტული სცენა, რომელსაც დამოუკიდებლად ფუნქციონირება შეუძლია; შენობა ადაპტირებულია შშმ პირებისთვის. თეატრს მინიჭებული აქვს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი. პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავასთან, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრ თეა წულუკიანთან, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრებთან ერთად, ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის ახლად რეაბილიტირებულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში წარმოდგენას - ,,მონატრება- ნუ გააღვიძებ“ დაესწრო, რომელიც ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებების მიხედვით დაიდგა.

რუსეთში აშშ-ის საელჩომ საკონსულო მომსახურება დროებით განაახლა

რუსეთში აშშ-ს საელჩომ საკონსულო მომსახურება დროებით განაახლა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად საელჩო ავრცელებს. საელჩომ 14 მაისს განაცხადა, რომ ის დროებით, 16 ივლისამდე განაახლებს აშშ-ის მოქალაქეების მომსახურებას - პასპორტებთან, დაბადების მოწმობებსა და სანოტარო საკითხებთან დაკავშირებით. აღნიშულს საფუძვლად რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილება უდევს, რომლის მიხედვითაც, უნდა გადაიდოს უცხო ქვეყნების მოქალაქეთა სამსახურში აყვანის აკრძალვა. ცნობისთვის, 23 აპრილს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომლის მიხედვითაც, რუსეთი არამეგობრული ქვეყნების დიპლომატიურ მისიებსა და სხვა სააგენტოებში ადგილობრივი თანამშრომლების რაოდენობას შეზღუდავს. რამდენიმე კვირის წინ, მოსკოვში აშშ-ს საელჩო იტყობინებოდა, რომ 12 მაისიდან, საელჩო მომსახურებების რაოდენობასა და საკონსულო განყოფილების პერსონალს 75%-ით შეამცირებდა.

სომხეთმა რუსეთს სამხედრო დახმარების თხოვნით მიმართა

სომხეთმა რუსეთს სამხედრო დახმარების თხოვნით მიმართა. ამის შესახებ სომხეთის მოქმედმა პრემიერმა, ნიკოლ ფაშინიანმა ქვეყნის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, თხოვნა 1997 წლის მეგობრობის, თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების ხელშეკრულებას ეფუძნება. ფაშიანიანმა აღნიშნა, რომ ეს ნაბიჯი გადადგა უმაღლესი დონის შეთანხმებების შემდეგ, რომლის თანახმად, აზერბაიჯანს უნდა გაეყვანა თავისი ჯარი სომხეთის სუვერენული ტერიტორიიდან, თუმცა ბაქომ შეთანხმება მხოლოდ ნაწილობრივ შეასრულა.

რუსეთმა "არამეგობრული ქვეყნების" სია დაამტკიცა

რუსეთის მთავრობამ რუსეთისადმი არამეგობრულად განწყობილი სახელმწიფოების სია დაამტკიცა. ინფორმაციას usnews ავრცელებს. როგორც ცნობილია, ოფიციალურმა მოსკოვმა ამ სიაში აშშ და ჩეხეთი შეიყვანა. 24 აპრილს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომლის მიხედვითაც, რუსეთი არამეგობრული ქვეყნების დიპლომატიურ მისიებსა და სხვა სააგენტოებში ადგილობრივი თანამშრომლების რაოდენობას შეზღუდავს. 26 აპრილს ცნობილი გახდა, რომ რუსეთი აშშ-ს არამეგობრული ქვეყნების სიაში შეიყვანს.

ისრაელის მიმართულებით სირიიდან რაკეტები გაუშვეს

სირიის ტერიტორიიდან ისრაელის მიმართულებით სამი რაკეტა გაუშვეს. ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელის არმია ავრცელებს. ისრაელის არმიაში აღნიშნავენ, რომ ერთ-ერთი რაკეტა სირიის ტერიტორიაზე ჩამოვარდა. ინფორმაცია დაშავებულების ან დაზიანების შესახებ არ ვრცელდება.

უკრაინამ ე.წ. კანონიერ ქურდებს სანქციები დაუწესა

უკრაინის ეროვნული ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭომ 557 ე.წ. „კანონიერი ქურდის“ წინააღმდეგ სანქციები დააწესა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ე.წ. „კანონიერ ქურდებზე“ შემდეგი სახის შეზღუდვები გავრცელდება: აქტივების დაბლოკვა, უკრაინის ტერიტორიაზე შესვლის აკრძალვა, ვიზისა და ბინადრობის უფლების გაცემაზე უარის თქმა, უკრაინაში ყოფნის გახანგრძლივებაზე უარის თქმა, უკრაინის მოქალაქეობის მიღების შეუძლებლობა და ქვეყნიდან იძულებითი გაძევება. „კანონიერი ქურდების“ შესახებ კანონის მიღებისა და ცხრათვიანი მუშაობის შემდეგ, მიღებულია პერსონალური სანქციები მსოფლიოში ცნობილი 557 „კანონიერი ქურდის“ წინააღმდეგ. ბევრი მათგანი უკვე უკრაინაში არ იმყოფება, ხოლო იმ პირების რიცხვი, ვინც ახლა უკრაინაშია, უკვე განახევრდა და 17 ადამიანს შეადგენს. ჩვენ დღეს ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ეს ციფრი ნულამდე დავიდეს“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ისრაელისადმი სოლიდარობის ნიშნად, ჩეხეთის პრეზიდენტის სასახლეში ისრაელის დროშა აღიმართა

ისრაელისადმი სოლიდარობის ნიშნად, ჩეხეთის პრეზიდენტის სასახლეში ისრაელის დროშა აღიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია Twitter-ში ავრცელებს. „ჩეხეთის პრეზიდენტის, მილოშ ზემანის გადაწყვეტილებით, ისრაელის სახელმწიფოს დროშა პრეზიდენტის სასახლეში აღიმართა, როგორც ისრაელის ცალსახა მხარდაჭერისა და სოლიდარობის გამოხატულება“, - ნათქვამია ჩეხეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში. ცნობისთვის, ისრაელისადმი სოლიდარობის ნიშნად, მთავრობის შენობის თავზე ისრაელის დროშა ავსტრიამაც აღმართა.

აშშ-ის წარმომადგენელი ისრაელში ჩავიდა

აშშ-ის წარმომადგენელი, ისრაელისა და პალესტინის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ჰედი ამრი, კონფლიქტის დარეგულირების მიზნით, ისრაელში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, ჰედი ამრი ისრაელის, პალესტინისა და გაეროს ოფიციალურ წარმომადგენლებთან ერთად მოლაპარაკებებში მიიღებს მონაწილეობას, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების იმედით. ისრაელში აშშ-ის საელჩოს ცნობით, ჰედი ამრი უკვე თელ-ავივშია. "ისრაელს თავდაცვის უფლება აქვს. ისრაელისა და პალესტინის ხალხი იმსახურებს თავისუფლების, უსაფრთხოების, ღირსების და კეთილდღეობის თანაბარ უფლებებს", - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

საქართველოს სპეციალური ოპერაციების ძალებმა მრავალეროვნულ სწავლებაში „ტროას ნაკვალევი“ მონაწილეობა დაასრულა

საქართველოს სპეციალური ოპერაციების ძალებმა აშშ-ის სპეციალური ოპერაციების ევროპის სარდლობის მიერ ორგანიზებულ მრავალეროვნულ სწავლებაში „ტროას ნაკვალევი“ მონაწილეობა დაასრულა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, სპეციალური ოპერაციების ძალების წარმომადგენლებმა კულმინაციური წვრთნა გამართეს, რომელსაც ამერიკის საელჩოს წარმომადგენლები დაესწრნენ. "დასკვნით საჩვენებელ სწავლებაზე ქართველი სამხედროების მიზანს შენობის შტურმით დაკავება, მოწინააღმდეგის ცეცხლზე რეაგირება, მათი განადგურება და მძევლების უვნებლად გათავისუფლება წარმოადგენდა. სწავლების „ტროას ნაკვალევი“ ქართველ და ამერიკელ მონაწილეებს კურსის წარმატებით დასრულება საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა ზაზა ჩხაიძემ მიულოცა და შესაბამისი სერტიფიკატები გადასცა. მრავალეროვნული სწავლება „ტროას ნაკვალევი“ (Trojan Footprint) ხუთი ქვეყნის მასშტაბით ხორციელდებოდა და მასში მონაწილეობას 10 ქვეყანა იღებდა. საქართველოს სპეციალური ოპერაციების ძალების ერთმა ქვედანაყოფმა რუმინეთში გამართულ წვრთნებში მიიღო მონაწილეობა, ნაწილმა კი, ამერიკელ სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად მომზადება საქართველოში გაიარა. სწავლებას ამერიკელი ინსტრუქტორები აკვირდებოდნენ, რომლებმაც ქართველი სამხედრო მოსამსახურეების მომზადების დონეს მაღალი შეფასება მისცეს. აღსანიშნავია, რომ საქართველოს სპეციალური ოპერაციების ძალები მრავალეროვნულ სწავლებაში „ტროას ნაკვალევი“ მონაწილეობას წელს პირველად იღებდნენ. სწავლების მიზანი მონაწილე ქვეყნებს შორის ურთიერთთავსებადობის გაზრდა, გამოცდილების გაზიარება და მზადყოფნის დონის ამაღლება იყო", - ნათქვამია ინფორმაციაში.

საბერძნეთში ლოქდაუნი სრულდება: „ჩვენ ტურიზმის ინდუსტრიას მთელი მსოფლიოსთვის ვხსნით“ - საბერძნეთის ტურიზმის მინისტრი

საბერძნეთში ლოქდაუნი სრულდება. ქვეყანა მზად არის უცხოელი ტურისტების მისაღებად და საზღვრებს ხსნის. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ყოველდრიურად ინფიცირების 2000 შემთხვევა ფიქსირდება, ვაქცინაცია აქტიურად მიმდინარეობს, ამიტომ მთავრობამ არსებული შეზღუდვების უმრავლესობა გააუქმა. „ჩვენ ტურიზმის ინდუსტრიას მთელი მსოფლიოსთვის ვხსნით“, - განაცხადა საბერძნეთის ტურიზმის მინისტრმა ჰარის თეოჰარისმა. აღსანიშნავია ის, რომ საბერძნეთში ჯერ კიდევ რჩება ძალაში რამდენიმე შეზღუდვა, თუმცა, მოსახლეობას აღარ მოუწევს საცხოვრებლის დატოვების დროს გაგზავნოს სპეციალური შეტყობინება "ცხელ ხაზზე", რომ ისინი სახლიდან გასვლას და მაგალითად საყიდლებზე წასვლას აპირებენ. ასევე ნებადართულია რეგიონებს შორის გადაადგილება. "კომენდანტის საათი" კი ღამის 00:30 საათიდან დილის 5:00 საათამდე შემცირდა. ტურისტებმა გამგზავრებამდე ერთი დღით ადრე უნდა შეავსონ სპეციალური აპლიკაცია, სადაც მიუთითებენ, თუ სად აპირებენ დარჩენას და წარადგინონ ვაქცინაციის დამადასტურებელი სერტიფიკატი, PCR-ტესტის უარყოფითი პასუხი, ან ცნობა, რომელშიც ეწერება, რომ კორონავირუსი ცოტა ხნის წინ გადაიტანა და გამოჯანმრთელდა.

COVID19: ბოლო 24 საათის მონაცემები

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი 1 576 ადამიანს დაუდასტურდა, 584 გამოჯანმრთელდა, ხოლო 29 ინფიცირებული გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია Stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 44 278 კვლევა ტესტით, მათ შორის 28 539 კვლევა ანტიგენის ტესტით და 15 739 PCR ტესტით. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 329 407 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 307 918, გარდაიცვალა 4426 პაციენტი. დადებითობის მაჩვენებელი: 14 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.56 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 5.11%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 4.05%. ინფიცირების 1 576 ახალი შემთხვევიდან 868 თბილისში გამოვლინდა. აჭარა - 92, იმერეთი - 162, ქვემო ქართლი - 71, შიდა ქართლი - 51, გურია - 35, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 130, კახეთი - 77, მცხეთა-მთიანეთი - 54, სამცხე-ჯავახეთი - 15, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 21. მიმდინარე აქტიური შემთხვევა: 17 037, საიდანაც: 4 258 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 367, აჭარაში - 469, იმერეთში - 528. მძიმე პაციენტი: 912, მათ შორის, თბილისში - 441, აჭარაში - 92, იმერეთში -152. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე: 207, მათგან თბილისში - 140, აჭარაში - 4, იმერეთში - 13. 729 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 365 - თბილისში, 332- აჭარაში. 12 050 ინფიცირებული მკურნალობს ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 60 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 58, ხოლო აჭარაში - 1. სულ 6 ოქტომბრიდან - 14 მაისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 657 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 26 274 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 18 711 პირი, აჭარაში - 1 732, იმერეთში - 1 401.

ჩინეთში ტორნადოს 10-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ჩინეთის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ნაწილებს ტორნადო დაატყდა თავს, რის შედეგადაც მინიმუმ 12 ადამიანი დაიღუპა, 400-ზე მეტი კი დაშავდა, - ამის შესახებ ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს. ტორნადომ ყველაზე მეტად ჰუბეის პროვინციის დედაქალაქი უხანი დააზარალა, სადაც სტიქიას 8 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 280-ზე მეტი კი დაშავდა. ადგილობრივმა ოფიციალურმა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ტორნადო დაახლოებით 20:40 საათზე მოხდა. ქალაქში 27 სახლი დაანგრია, 130 კი დააზიანა.

2022 წლიდან შესაძლოა, პარიზის ცენტრში ავტომობილით მოძრაობა აიკრძალოს

ქალაქის საბჭომ 2022 წლისთვის საფრანგეთის დედაქალაქ პარიზის ცენტრში ავტომობილების მკვეთრი შემცირების გეგმა შეადგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, საბჭოს მიერ შედენილი გეგმა კრძალავს ავტომობილებით მოძრაობას ოთხ ცენტრალურ უბანში და უპირატესობას ანიჭებს ველოსიპედით, ფეხით და საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილებას. ახალი სქემის თანახმად, პარიზში შეიქმნება ზონა დაბალი ტრაფიკით, შედეგად გაიზრდება უსაფრთხოება და ქუჩები ბევრად ეკოლოგიური გახდება. დაბალი მოძრაობის ზონა შექმნის "ნაკლებად დაბინძურებულ, გამწვანებულ, უფრო მშვიდობიან და უსაფრთხო ქალაქს", - აცხადებს საბჭო. გამონაკლისის სახით, პარიზის ცენტრში ავტობუსები და ტაქსები იმოძრავებენ. ეს ტრანსპორტი შშმ პირებსა და ადგილობრივ მოვაჭრეებს მოემსახურებათ. სქემა კიდევ უფრო დაიხვეწება, როცა პარიზის მცხოვრებლები ქალაქის ადმინისტრაციას სათანადო წინადადებებს მიაწვდიან. პარიზის მერის მოადგილის განცხადებით, პარიზი უნდა შეიცვალოს და გაიზიაროს მადრიდის, რომის და ფრანგული ნანტის მაგალითი, სადაც ზოგიერთი რაიონი ტრანსპორტისგან დიდი ხანია თავისუფალია.

საქართველოს რკინიგზა ბათუმის მიმართულებით დამატებით რეისს ნიშნავს

16 მაისს, გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, საქართველოს რკინიგზა ბათუმის მიმართულებით დამატებით რეისს ნიშნავს, ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია სოციალურ ქსელში აქვეყნებს. კომპანიიც ცნობით, ბილეთები უკვე იყიდება.

რამდენი ადამიანი აიცრა კოვიდვაქცინით საქართველოში

15 მაისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით, ჯამში 85 286 ადამიანი აიცრა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მათივე ცნობით, სრულად ვაქცინირებულია 13 948 ადამიანი. "აცრისთვის ჯავშნის გასაკეთებლად ეწვიეთ booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 1522", - ნათქვამია ინფორმაციაში.. ქვეყანაში გასულ 24 საათში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 4 210 ადამიანი აიცრა.

ISFED: ცესკოში სტრუქტურული რეორგანიზაცია ნაჩქარევად და დაუსაბუთებლად მიმდინარეობს

"ცესკოში 2021 წელს განხორციელებული სტრუქტურული რეორგანიზაციის პროცესი სათანადოდ დასაბუთებული არ არის და აჩენს განცდას, რომ რეორგანიზაცია ნაჩქარევად მიმდინარეობს, რასაც მოწმობს 5-მარტიდან - 14 მაისის პერიოდში, რეგლამენტში ორჯერ განხორციელებული ცვლილება და ახლად შექმნილი დეპარტამენტების მოკლე ვადაში კვლავ რეფორმირება", - ''სამართლიანი არჩევნები'' (ISFED) ცესკოში მიმდინარე რეორგანიზაციის პროცესს ეხმიანება და განცხადებას ავრცელებს. 2021 წლის 4 მარტს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე, საარჩევნო კომისიის აპარატის რეორგანიზაციის პროცესი დაიწყო. 2021 წლის 5 მარტს, რეორგანიზაციის მიზნით, ცესკოს რეგლამენტში განხორციელებული ცვლილებებით, ჯამში, განისაზღვრა 11 დეპარტამენტი. ISFED-მა ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან გამოითხოვა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა სამართლებრივი საფუძვლებით დაიწყო მიმდინარე რეორგანიზაცია, თუმცა ცესკომ დასაბუთებული არგუმენტები ამ შემთხვევაშიც ვერ წარმოადგინა. "სამართლიანი არჩევნები" იმთავითვე დაინტერესდა ცესკოს აპარატში მიმდინარე რეორგანიზაციით. შესაბამისად, მიმართა ცესკოს და გამოითხოვა ინფორმაცია რეორგანიზაციის საჭიროებისა და სამართლებრივი საფუძვლების გამოკვლევის მიზნით. ასევე, დაინტერესდა საკადრო ცვლილებების საკითხით. საარჩევნო ადმინისტრაციისგან მიღებული პასუხი არ შეიცავდა სრულ ინფორმაციას დასმულ საკითხებთან დაკავშრებით და ზოგადი ფორმულირებით შემოიფარგლებოდა", - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში. ISFED-ი გავრცელებულ განცხადებაში ეხმიანება "ქართულ ოცნებასა" და ოპოზიციური პარტიების ნაწილს შორის გაფორმებულ შეთანხმებასაც, რომელიც ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეფორმირებასაც მოიცავს. ორგანიზაციაში ფიქრობენ, რომ მიმდინარე პოლიტიკური პროცესების ფონზე, შესაძლოა, ცესკოში კიდევ ერთხელ დადგეს უფრო ფართო რეორგანიზაციის საჭიროება. " საქართველოს პარლამენტში ინიცირებულია კანონპროექტი, რომელიც ცესკოს ახლებურ დაკომპლექტებასა და გარკვეული საკითხების სხვაგვარად მოწესრიგებას ისახავს მიზნად, მათ შორის ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორიც არის საარჩევნო პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვა და პილოტირება, საარჩევნო დავებთან დაკავშირებული საკითხების მოწესრიგება და სხვა. ამ ფონზე, მოსალოდნელია, რომ საარჩევნო რეფორმის კვალდაკვალ, საარჩევნო ადმინისტრაციაში უფრო ფართო სტრუქტურული ცვლილებების განხორციელების საჭიროება გაჩნდეს. გარდა ამისა, რეფორმის დასრულებამდე, ცესკოს არასრული შემადგენლობის მიერ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება მოკლებული იქნება მაღალ ლეგიტიმაციას და, შესაბამისად, საზოგადოების ნდობას, მით უფრო, ოპოზიცური პარტიების მიერ დანიშნული წევრების არარსებობის პირობებში", - აღნიშნულია განცხადებაში. როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, "სამართლიანი არჩევნები“ მიიჩნევს, რომ მიზანშეუწონელია ცესკოს აპარატის სტრუქტურული ცვლილებები. "ნებისმიერი ინსტიტუციური გარდაქმნა უნდა განხორციელდეს ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის ფორმირების შემდეგ. შესაბამისად, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, საარჩევნო რეფორმის დასრულებამდე უნდა შეაჩეროს მიმდინარე სტრუქტურული და საკადრო ცვლილებები, რადგან ეს, ერთი მხრივ, გაუგებარია მიმდინარე რეფორმის ფონზე, ხოლო მეორე მხრივ, მოკლებულია ლეგიტიმაციას ცესკოს სრულად დაკომპლექტებამდე",- ნათქვამია "სამართლიანი არჩევნების" განცხადებაში.

იტალიაში ევროკავშირის ქვეყნებიდან ჩასულებისთვის კარანტინი უქმდება

იტალიაში ევროკავშირის ქვეყნებიდან ჩასული მოქალაქეებისთვის კარანტინი უქმდება. ამის შესახებ იტალიური მედია წერს. ჯანდაცვის მინისტრმა რობერტო სპერანზამ ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის თანახმად, იტალიაში ევროკავშირის სხვა ქვეყნებიდან, შენგენის ზონიდან, დიდი ბრიტანეთიდან და ისრაელიდან ჩასულებს, 16 მაისიდან 5 დღიანი კარანტინის გავლა აღარ მოუწევთ, თუ მათ Covid19-ზე ტესტის უარყოფითი პასუხი აქვთ. იტალიაში ევროკავშირის ქვეყნებიდან ჩასულებისთვის ეს ზომა მარტიდან მოქმედებდა.

უკრაინა 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე NATO-ში უკრაინისა და საქართველოს გაწევრიანების შესახებ მიღებული დაპირების შესრულებას ითხოვს

უკრაინა დაჟინებით მოითხოვს დაპირების შესრულებას, რომელიც 2008 წელს, ბუქარესტში, NATO-ს სამიტის დროს, ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მიიღო და ელოდება, რომ ივნისის სამიტზე MAP-სთვის გზა ხსნილი ექნება. ამის შესახებ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში უკრაინის ვიცე-პრემიერმა, ოლგა სტეფანიშინამ უსაფრთხოების თემაზე ონლაინ-ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. "13 წელი გავიდა ბუქარესტის სამიტიდან, რომელზეც გადაწყდა, რომ უკრაინასა და საქართველოს მომავალში წევრობას მიანიჭებენ. ახლა, ასეთ ვითარებაში, ჩვენ დაჟინებით ვითხოვთ ამ დაპირების შესრულებას", - განაცხადა უკრაინის ვიცე-პრემიერმა. სტეფანიშინამ ხაზი გაუსვა, რომ NATO-მ უნდა მოახდინოს იმის დემონსტრირება, რომ რუსეთს ვეტოს უფლება არ აქვს ალიანსში. ოლგა სტეფანიშინა იმედს გამოთქვამს, რომ NATO-ს მომავალ სამიტზე დაპირება დადასტურებული იქნება და სამიტის განცხადება წევრობის სამოქმედო გეგმის, იგივე MAP-ის მინიჭების გზას დასახავს.