ძებნის რეზულტატი:

აშშ-ის არმიის სპეცდანიშნულების ნაწილის ყოფილ ოფიცერს რუსეთის დაზვერვასთან თანამშრომლობისთვის 15 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

აშშ-ს არმიის სპეცდანიშნულების ნაწილის ყოფილ ოფიცერს, „მწვანე ბერეტს“ რუსეთის დაზვერვასთან თანამშრომლობისთვის 15 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. ინფორმაციას France24 ავრცელებს. 46 წლის პიტერ ძიბინსკიმ დანაშაული აღიარა. გამოძიების ვერსიით, ყოფილი „მწვანე ბერეტი“ რუსეთთან 1995-დან 2011 წლის დასაწყისამდე თანამშრომლობდა და რუსეთის დაზვერვას აშშ-ის ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ გასაიდუმლოებულ მონაცემებს, მათ შორის აშშ-ის სოცდაცვის ჯარებსა და სპეცდანიშნულების შენაერთებზე ინფორმაციას გადასცემდა.

კონოლის განცხადებით, NATO-მ უნდა განაგრძოს რუსული ოკუპაციის დაგმობა და მხარი დაუჭიროს საქართველოს დამოუკიდებლობას და ტერიტორიულ მთლიანობას

14 – 17 მაისს შვედეთის ორგანიზებით, NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესია ონლაინ ფორმატში იმართება. სესიაში საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, ირაკლი ბერაიას ხელმძღვანელობით მონაწილეობს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, პირველ დღეს, სესიას სიტყვით მიმართა ასამბლეის პრეზიდენტმა, ამერიკელმა კონგრესმენმა ჯერალდ კონოლიმ, სადაც საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიულ ქმედებებზე ისაუბრა. "კონგრესმენის განცხადებით, NATO-მ უნდა განაგრძოს რუსული ოკუპაციის დაგმობა, მხარი დაუჭიროს ქართველ მეგობრებს, საქართველოს დამოუკიდებლობას და ტერიტორიულ მთლიანობას. საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით, მან აღნიშნა, რომ მიესალმება მნიშვნელოვან პროგრესს, რომელიც ასრულებს პოლიტიკურ კრიზისს საქართველოში და კიდევ ერთხელ მოუწოდა მხარეებს სრულად შეასრულონ მიღწეული შეთანხმება. მან ასევე ისაუბრა ალიანსის „ღია კარის“ პოლიტიკაზე და ხაზგასმით აღნიშნა, რომ NATO-ს სამიტისგან საქართველოს და უკრაინას აქვთ დიდი მოლოდინი. გამოთქვა იმედი, რომ NATO-ს მოკავშირეების ლიდერები აღიარებენ საქართველოსა და უკრაინის პროგრესს, მიღწევებს და საბოლოოდ, ორივე ქვეყანა გახდება ალიანსის სრულუფლებიანი წევრი. დისკუსიის ფარგლებში, საპარლამენტო დელეგაციის წევრმა გიორგი ხელაშვილმა, ასამბლეის პრეზიდენტ დაუსვა კითხვა შავი ზღვის რეგიონის ქვეყნების - საქართველოსა და უკრაინის ალიანსის მოკავშირეებთან თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით პრაქტიკული ნაბიჯების შემუშავების შესახებ. ქართველი პარლამენტარის კითხვაზე პასუხად, კონგრესმენმა კონოლიმ განაცხადა, რომ იგი საქართველოს, უკრაინასა და ალიანსს შორის ინსტიტუციონალური ინტეგრაციის მომხრეა, რომ საქართველო აქტიურად მონაწილეობს NATO-ს ოპერაციებში და წვრთნებში და შესაბამისად, მოელის მეტ ინტეგრაციას NATO-სთან. მისი თქმით, NATO-ს საპარლამენტო ასამბლეა შეძლებს საქართველოსთან ერთად იმუშაოს იდეებზე, რომლებიც ხელს შეუწყობს შავი ზღვის რეგიონში NATO-ს წევრ და პარტნიორ სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას. საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოვიდა შვედეთის თავდაცვის მინისტრი პეტერ ჰულტკვისტი, რომელმაც ასევე მხარდამჭერი განცხადება გააკეთა საქართველოს მიმართ", - ნათქვამია განცხადებაში.

ნათია თურნავა: მაისი-ივნისში ბათუმში ფრენებს ყაზახური, პოლონური, უკრაინული და არაბული ავიაკომპანიები განაახლებენ

ბათუმის განახლებულ საერთაშორისო აეროპორტში დღეს პირველი რეისი შეასრულა ყაზახურმა ავიაკომპანიამ „ეარ ასტანა“, რომელმაც რეგულარული რეისების შესრულება განაახლა ალმათი-ბათუმი-ალმათის მიმართულებით. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, პირველ რეისს 115 მგზავრი ჩამოყვა. ფრენები კვირაში სამი სიხშირით ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათსა და შაბათს შესრულდება. „ყაზახეთი საქართველოს ტურიზმისთვის ერთ-ერთი ყველაზე მზარდი მიმართულებაა. 2019 წელს ამ ქვეყნიდან 103,611 ვიზიტორს უმასპინძლა და ზრდამ წინა წელთან შედარებით 75.7 პროცენტი შეადგინა. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ჩვენი სტუმრები ყაზახეთიდან უსაფრთხოდ შეძლებენ საქართველოში, მათ შორის, აჭარაში დასვენებას. საქართველოს ტურისტული სექტორი მზადაა, კოვიდ-რეგულაციების მკაცრი დაცვით მოემსახუროს ვიზიტორებს,“ – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ. მისი თქმით, ტურიზმი საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი სექტორია და მისი აღორძინება უმნიშვნელოვანესია ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფისთვის. „პანდემიამ ეს დარგი ყველაზე მეტად დააზარალა. დღეს ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, სწორი მარკეტინგით, მიზნობრივი პროგრამებითა და მასობრივი ვაქცინაციით, ხელი შევუწყოთ დარგის აღორძინებას,“ – აღნიშნა მინისტრმა. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი უკვე 17 მაისიდან მიიღებს პირველ რეისს საუდის არაბეთიდან. ავიაკომპანია Flynas-ი საქართველოს მიმართულებით რეგულარულ ოპერირებას განაახლებს და თბილისთან ერთად, საქართველოში საუდის არაბეთიდან ტურისტებს ბათუმშიც ჩამოიყვანს. ივნისიდან ბათუმში რეგულარულ ფრენებს შეასრულებენ ავიაკომპანია LOT Polish Airlines-ი ვარშავა – ბათუმი – ვარშავის და ავიაკომპანია Ukraine International Airlines კიევი – ბათუმი – კიევის მიმართულებით.

კახა კუჭავა პირველი ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა პირველი ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრება. კახა კუჭავას თქმით, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ევროპარლამენტის პრეზიდენტთან შეხვედრაც. „ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პირველი ოფიციალური ვიზიტი თავმჯდომარის რანგში ბრიუსელში გაიმართება. პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, რომ დელეგაციას გვექნება შეხვედრა ევროპარლამენტის პრეზიდენტთან, ბატონ სასონისთან. დარწმუნებული ვარ, იმ საინტერესო საუბრის შედეგებს, რომელსაც გამოვიტანთ, თქვენთვისაც და მოსახლეობისთვისაც იქნება საინტერესო. ასევე ვხვდებით სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენლებს, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს. დეტალებს ვიზიტიდან დაბრუნების შემდეგ მოგახსენებთ“, – განაცხადა კახა კუჭავამ.

ჯო ბაიდენმა ტრამპის მიერ გამოცემული რამდენიმე აღმასრულებელი ბრძანება გააუქმა

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდში გამოცემული რამდენიმე აღმასრულებელი ბრძანება გააუქმა. ამის შესახებ განცხადება თეთრი სახლის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. ბაიდენის გადაწყვეტილებით, გაუქმებულ გადაწყვეტილებებს შორის მოხვდა საიმიგრაციო საკითხები, ძეგლთა დაცვისა და ინტერნეტ-პლატფორმებისთვის დაწესებული შეზღუდვები. გაუქმდა ბრძანებულება, რომლის თანახმადაც ყველა პოტენციურ ემიგრანტს ევალებოდა მტკიცებულების წარმოდგენა, რომ მათ ამერიკის სამედიცინო დაზღვევის მისაღებად საჭირო პირობები აქვთ. როგორც თეთრი სახლის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაშია მითითებული, რომ ტრამპის გადაწყვეტილება ამ საკითხთან დაკავშირებით "არ აკმაყოფილებდა შეერთებული შტატების ინტერესებს". ტრამპის მიერ 2019 წლის ოქტომბერი გამოცემული ბრძანების თანახმად, შეერთებულ შტატებში საიმიგრაციო ვიზით ჩასულ პირებს უწევდათ დაედასტურებინათ, რომ მათ სამედიცინო ხარჯებისთვის საკმარისი სახსრები ჰქონდათ. ასევე გაუქმდა დადგენილება "ინტერნეტში ცენზურის აღკვეთის შესახებ". გაუქმდა "ძეგლებისა და ქანდაკებების დაცვის შესახებ" ბრძანებაც, რომელსაც დონალდ ტრამპმა ხელი 2020 წლის 26 ივნისს მოაწერა და რომლის მიხედვითაც ვანდალური ქმედება სამართლებრივი დევნის საკითხი იყო. ბაიდენმა ასევე უარი თქვა ამერიკელი გმირების ეროვნული ბაღის შექმნის იდეაზეც.

ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინა აუცილებლად იქნება ევროკავშირში

"უკრაინა ევროპაა... უკრაინა აუცილებლად იქნება ევროკავშირში", - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი Twitter-ში წერს. "უკრაინა ევროპაა. ჩვენ ვართ ევროპელები, ევროპის ცენტრი და გული გეოგრაფიით, სულისკვეთებით, ღირებულებებითა და მისწრაფებებით. ჩვენ ეს დავამტკიცეთ მეიდანზე და ამას ვამტკიცებთ ყოველდღე, როდესაც ჩვენ ვცვლით ჩვენს სახელმწიფოს, ვქმნით დამოუკიდებლობას და ჩვენს მომავალს, ვიცავთ ევროპის აღმოსავლეთ საზღვარს. უკრაინა აუცილებლად იქნება ევროკავშირში", - წერს ზელენსკი.

რან გიდორი: ისრაელი საომარი მოქმედებების სრულად შეწყვეტისკენ ისწრაფვის

„ისრაელი საომარი მოქმედებების სრულად შეწყვეტისკენ ისწრაფვის და ეფექტური შეკავების აუცილებელი მექანიზმის შექმნაზე ზრუნავს“. „ისრაელსა და საქართველოს ყოველთვის შესანიშნავი ურთიერთობები ჰქონდათ და ამას ამტკიცებს ის აშკარა უზარმაზარი მხარდაჭერაც, რომელსაც დღევანდელი კონფლიქტის დაწყებიდან ვგრძნობთ ქართული საზოგადოებისგან“. ამ საკითხებზე Europetime-თან ინტერვიუში საქართველოში ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, რან გიდორი საუბრობს. დიპლომატმა ასევე უპასუხა Europetime-ის შეკითხვებს საქართველოსთან ეკონომიკურ ურთიერთობებსა და პანდემიასთან ბრძოლის მიმართულებით მხარდაჭერაზე. მისი თქმით, მთავარი პრიორიტეტია ისრაელის გამოცდილების გამოყენება, რომ ხელი შევუწყოთ ორმხრივ სავაჭრო ურთიერთობებს და ინვესტიციებს“. ელჩის განცხადებით, პანდემიის დასაწყისიდან ისრაელის საელჩომ და MASHAV-მა დიდი დახმარება გაუწიეს ყველა შესაბამის ორგანოს, რომელიც საქართველოში COVID19-ის გავრცელებას ებრძვის“. _გაერო ახლო აღმოსავლეთში „სრულმასშტაბიანი ომის“ საშიშროებაზე მიუთითებს. თქვენ ერთ-ერთ ინტერვიუში საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან „ჰამასზე“ ზეწოლის აუცილებლობაზე მიუთითეთ, კონკრეტულად რაში უნდა გამოიხატოს ეს აქტიურობა? „ჰამასმა“ უნდა გააცნობიეროს, რომ საერთაშორისო საზოგადოებაში „ნულოვანი ტოლერანტობა“ არსებობს ტერორიზმის, მშვიდობიანი მოსახლეობის ხელაღებით დაბომბვისა და ძალადობის მიმართ. უფრო მეტიც, ზოგიერთი მოძალადე ქვეყნის (მაგალითად, ირანი), რომელიც განაგრძობს „ჰამასის“ მხარდაჭერას (რომელიც აშშ - ში, ევროკავშირში, კანადაში, ავსტრალიაში ოფიციალურად მოიხსენიება როგორც „ტერორისტული ორგანიზაცია“), ამ არჩევანს მათთვის მძიმე შედეგები უნდა მოჰყვეს. _საერთაშორისო ლიდერები დეესკალაციის აუცილებლობაზე საუბრობენ და შესაბამისი მოწოდებებით გამოდიან, როგორ ხედავთ გზებს და ნაბიჯებს დეესკალაციისკენ? ბუნებრივია, ისრაელი საომარი მოქმედებების სრულად შეწყვეტისკენ ისწრაფვის. ორივე მხარეს, მშვიდობიან მოსახლეობას მშვიდობა სურს. ამასთან, ისრაელის მთავრობა ეფექტური შეკავების აუცილებელი მექანიზმის შექმნაზე ზრუნავს. ეს კონფლიქტი ისრაელს არ დაუწყია. პირიქით, გაკვირვებულია მის ტერიტორიაზე რაკეტების მოულოდნელი და არაპროვოცირებული გაშვებით. ამიტომ, უნდა ვეცადოთ და დავრწმუნდეთ, რომ „ჰამასს“ აღარასდროს ექნება ასეთი კატასტროფული თავდასხმების ცდუნება. სხვაგვარად, ძალადობის დაუსრულებელი ციკლის შემთხვევაში, განწირულები ვართ. _რაც შეეხება საქართველოსთან ურთიერთობებს, თანამშრომლობის სფეროები მოიცავს რეგულარულ ორმხრივ და მრავალმხრივ პოლიტიკურ დიალოგს, საკანონმდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობას, შექმნილია საპარლამენტთაშორისო მეგობრობის ჯგუფები, როგორ შეაფასებთ ამ ურთიერთობებს და რას მიიჩნევთ მთავარ პრიორიტეტად საქართველოსთან ამ ურთიერთობებში? ისრაელსა და საქართველოს ყოველთვის შესანიშნავი ურთიერთობები ჰქონდათ და ამას ამტკიცებს ის აშკარა უზარმაზარი მხარდაჭერაც, რომელსაც დღევანდელი კონფლიქტის დაწყებიდან ვგრძნობთ ქართული საზოგადოებისგან. ამასთან, ჩემი აზრით, ძირითადი ყურადღება ეთმობა ჩვენს ბრწყინვალე 26 საუკუნოვან წარსულ, თანაარსებობის ისტორიას და კარგი იქნება, უფრო მეტი ძალისხმევა იქნას მიმართული, რომ ახალი ბიძგი მიეცეს ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებს. დიალოგები, მეგობრობის ჯგუფები და ორმხრივი ვიზიტები თავისთავად მნიშვნელოვანია, მაგრამ საბოლოო ჯამში, მათ პრაქტიკულ შედეგებამდე მიყვანა სჭირდებათ. ამჟამად, საქართველოსა და ისრაელს შორის სავაჭრო ბრუნვა (42 მილიონი აშშ დოლარი 2019 წელს) შემცირებულია და ინვესტიციების დონე საკმაოდ დაბალია. ამიტომ, ჩემთვის მთავარი პრიორიტეტია ისრაელის გამოცდილების გამოყენება, რათა ხელი შევუწყოთ საქართველოს მაღალტექნოლოგიურ ეკოსისტემას, ჩამოვაყალიბოთ შეთანხმებები, რომლებიც ხელს შეუწყობს ორმხრივ სავაჭრო ურთიერთობებს და ინვესტიციებს, სოფლის მეურნეობის, სამეცნიერო და სამრეწველო ერთობლივი საწარმოების შექმნას. გასულ თვეში (2021 წლის აპრილი) ისრაელიდან საქართველოში (თურქეთის შემდეგ) ყველაზე მეტი ვიზიტორი შემოვიდა. 2019 წელს ამ ქვეყანას 200,000-ზე მეტი ჩემი თანამემამულე ეწვია - ეს შემოსავლისა და სამუშაო ადგილების უზარმაზარი წყაროა საქართველოს ეკონომიკისთვის და ჩვენ უნდა გავაგებინოთ ისრაელელებს, რომ საქართველოს გაცილებით მეტი პოტენციალი აქვს, ვიდრე მხოლოდ ხაჭაპური, ხინკალი და კარგი ღვინო. _ისრაელი ვაქცინაციის კუთხით წამყვანი ქვეყანაა, გამოცდილების გაზიარების კუთხით ხომ არ იგეგმება დამატებით რაიმე პროგრამის/პროექტის განხორციელება. ვიცით, რომ ისრაელის საელჩომ და საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (MASHAV) დიდი ძალისხმევა გასწიეს, რათა დაეხმარონ საქართველოს COVID19-თან ბრძოლის პროცესში. პანდემიის დასაწყისიდან ისრაელის საელჩომ და MASHAV-მა დიდი დახმარება გაუწიეს ყველა შესაბამის ორგანოს, რომელიც საქართველოში COVID19-ის გავრცელებას ებრძვის. ჩვენ მხარი დავუჭირეთ NCDC (დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს), საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას და WHO (ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის) საქართველოს ოფისს. ჩვენ ასევე მოვიწვიეთ საზოგადოების ჯანდაცვის წამყვანი ქართველი ექსპერტები, რათ მონაწილეობა მიეღოთ MASHAV– ის მიერ ჩატარებულ საერთაშორისო ფორუმში, რაც ყოველკვირეულად, საუკეთესო გამოცდილების გაზიარებას ემსახურება. დამატებით, MASHAV– მა (რომელიც საქართველოში 1992 წლიდან საქმიანობს) ამ დროისთვის, 1500 - ზე მეტი ქართველის პროფესიულად გადამზადება უზრუნველყო, მათ შორის სოფლის მეურნეობის, ინოვაციების, მეწარმეობის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროების მიმართულებით. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი ქართველი მეგობრებისა და პარტნიორების მხარდაჭერას ამ რთულ პერიოდში.

მანქანების იდუმალი სასაფლაო ფასანაურში - შთამბეჭდავი ფოტოები ქართველი ფოტოგრაფის ობიექტივში

ალბათ ძალიან ცოტაა ადამიანი, რომელსაც გაუგია, რომ ფასანაურთან მდებარეობს ადგილი, სადაც ერთი შეხედვით, თითქოს დროა გაჩერებული. აქ მანქანების სასაფლაო მდებარეობს. ეს უცნაური ადგილი ფოტოგრაფებისთვის ერთგვარი თავგადასავალია, სადაც შეუძლიათ შთამბეჭდავი ფოტოები გადაიღონ. ადგილზე ნახავთ გასული საუკუნის მოდურ მოდელებს. მანქანებს ერთი რამ აქვთ საერთო, მათი გამოყენება უკვე შეუძლებელია. მანქანების რაოდენობა ასეულს აღწევს, მათ ყველას ერთი მფლობელი ექიმი ჯიმშერ პატაშურია. წლების წინ დაწყებული ჰობი, სერიოზულ კოლექციად აქცია. მის კოლექციაში ნახავთ 1938 წელს გამოშვებული ოპელს, ბე-ემ-ვეს - ეს მანქანები უკვე ანტიკვარად ითვლება. ამჯერად მანქანების იდუმალი სასაფლაო, ფოტოგრაფ დავით თაბაგარის ფოტოობიექტივში მოხვდა.

Tbilisi Pride: „დედაენის ბაღში“ ლგბტქ აქტივისტების მიერ მომზადებული ინსტალაცია გურამ ფალავანდიშვილმა დაარბია

„დედაენის ბაღში“ ლგბტქ აქტივისტების მიერ მომზადებული ინსტალაცია გურამ ფალავანდიშვილმა დაარბია, - ამის შესახებ განცხადებას „თბილისი პრაიდი“ სოციალურ ქსელში ავრცელებს. ორგანიზაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს ფალავანდიშვილის დაკავებისკენ მოუწოდებს. „რამდენიმე წუთის წინ, „დედაენის ბაღში“, ლგბტქ აქტივისტების მიერ მომზადებული ინსტალაცია „welcome to the closet“ გურამ ფალავანდიშვილმა დაარბია. როგორც ვიცით, ფალავანდიშვილი თავს დაესხა აქტივისტებსაც. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, შინაგან საქმეთა სამინისტროს და შესაბამის უწყებებს, დაუყონებლივ დააკავეთ გურამ ფალავანდიშვილი; დაიცავით ადამიანების ჯანმრთელობა და შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება!“- აღნიშნულია „თბილისი პრაიდის“ განცხადებაში.

Reuters: ღაზას სექტორში დაჭრილები სამკურნალოდ ეგვიპტეში გადაჰყავთ

ღაზას სექტორში დაჭრილები სამკურნალოდ ეგვიპტეში გადაჰყავთ, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, ეგვიპტემ ღაზას სექტორში დღეს 10 სასწრაფო დახმარების მანქანა გაგზავნა, რომლითაც ისრაელის ავიაერიშის შედეგად დაზარალებულები სამკურნალოდ ეგვიპტეში გადაიყვანეს. ღაზას სექტორიდან დაჭრილთა გამოსაყვანად ეგვიპტიდან კიდევ 5 სასწრაფო დახმარების მანქანა გაიგზავნება. სამედიცინო დახმარების გასაწევად ეგვიპტის 3 საავადმყოფო გაამზადეს. ამის შესახებ წყაროებმა და ადგილობრივმა სამედიცინო წარმომადგენლებმა განაცხადეს.

შარლ მიშელი: აშშ-ს და ჩეხეთის არამეგობრული ქვეყნების სიაში დასახელება, რუსეთის მიერ ესკალაციისკენ გადადგმული მორიგი ნაბიჯია

აშშ-ისა და ჩეხეთის „არამეგობრულ სახელმწიფოთა“ სიაში შეყვანის შესახებ, რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებას, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი აკრიტიკებს და „ესკალაციისკენ გადადგმულ მორიგი ნაბიჯს“ უწოდებს. როგორც შარლ მიშელი twitter-ზე წერს, რუსეთის ასეთი გადაწყვეტილება დიპლომატიურ ურთიერთობებს ძირს უთხრის. ცნობისთვის, რუსეთის მთავრობამ რუსეთისადმი არამეგობრულად განწყობილი სახელმწიფოების სია დაამტკიცა. ინფორმაციას usnews ავრცელებს. 24 აპრილს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომლის მიხედვითაც, რუსეთი არამეგობრული ქვეყნების დიპლომატიურ მისიებსა და სხვა სააგენტოებში ადგილობრივი თანამშრომლების რაოდენობას შეზღუდავს. დოკუმენტის მიხედვით, ჩეხეთს ახლა ნება ეძლევა, თავის დიპლომატიურ წარმომადგენლობაში 19 ადამიანი აიყვანოს, აშშ-ს - არცერთი. ეს შეზღუდვა არ ეხება აკრედიტებულ დიპლომატებს. შეგახსნებეთ, რომ ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა, ანდრეი ბაბიშმა რამდენიმე კვირის წინ ევროკავშირის ქვეყნებს მოუწოდა,ჩეხეთის მიმართ სოლიდარობის ნიშნად თითო რუსი დიპლომატი გააძეონ. აღნიშნულ განცხადებას წინ უძღოდა ჩეხეთში იარაღის საწყობის აფეთქებასთან დაკავშირებული დიპლომატიური სკანდალი. ჩეხეთის პროკურატურის ცნობით, აფეთქებაში ბრალი რუსეთის სპეცსამსახურებს ედებათ. აფეთქება 2014 წელს მოხდა. ინციდენტს ორი ადამიანი ემსხვერპლა. პრემიერმა ანდრეი ბაბიშმა განაცხადა, რომ რუსი დიპლომატების გაძევება დასაბუთებულია „არაორაზროვანი მტკიცებულებით“, რომელიც წარმოადგინეს ჩეხმა გამომძიებლებმა.19 აპრილს 18 რუსი დიპლომატი, რომლებიც ჩეხეთმა მიიჩნია რუსეთის დაზვერვის თანამშრომლებად, ქვეყნიდან გააძევეს. კრემლმა საპასუხოდ მოსკოვის დატოვება მოსთხოვა 20 ჩეხ დიპლომატს.

ისრაელში საქართველოს საელჩო მოქალაქეებს აფრთხილებს

ისრაელში საქართველოს საელჩო ქვეყანაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს და მოუწოდებს, დაიცვან უსაფრთხოების შესაბამისი ზომები. საელჩომ შესაბამისი განცხადება საელჩოს Facebook-ზე გამოაქვეყნა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საელჩოში მოქმედებს ცხელი ხაზი. „შეგახსენებთ ადრე გამოქვეყნებულ მითითებებს, როგორ იმოქმედოთ განგაშის დროს. სირენის/განგაშის სიგნალის ან აფეთქების ხმის გაგონებისთანავე უნდა განხორციელდეს შემდეგი ქმედებები, რაც დამოკიდებულია თქვენს ადგილმდებარეობაზე, კერძოდ: თუ იმყოფებით შენობაში, უნდა შეხვიდეთ დაცულ სივრცეში, თავშესაფარში ან სპეციალურ დაცულ ოთახში, დაკეტოთ კარები და ფანჯრები. შენობის გარეთ ყოფნისას, შედით უახლოეს შენობაში იმ შემთხვევაში, თუ ახლოს არ მდებარეობს სპეციალური თავშესაფარი. თუ თქვენს ახლოს არ არის არც ერთი შენობა, დაწექით და თავზე დაიფარეთ ხელები. თუ ავტომობილში იმყოფებით, გადმოდით ავტომობილიდან და შედით უახლოეს შენობაში ან თავშესაფარში. თუ თქვენს ახლოს შენობა ან თავშესაფარი არ მდებარეობს, გადმოდით მანქანიდან დაწექით და თავზე დაიფარეთ ხელები. რაც შეეხება სამ ან მეტსართულიან შენობის ბოლო სართულზე მცხოვრებ პირებს, თუ შენობაში არ არის დაცული სივრცეები (თავშესაფარი, სპეციალური ოთახი), უნდა დაეშვან ორი სართულით ქვემოთ; სამსართულიან შენობაში ბოლო სართულზე მცხოვრები პირები – თუ შენობაში არ არის დაცული სივრცეები (თავშესაფარი, სპეციალური ოთახი), უნდა დაეშვან ერთი სართულით ქვემოთ. დაუშვებელია შენობის შესასვლელში, სადარბაზოებში მოქალაქეების გაჩერება. სხვა ინსტრუქციის არ არსებობის შემთხვევაში სირენის/განგაშის სიგნალის დასრულებიდან 10 წუთის შემდეგ შეგიძლიათ დატოვოთ შენობა; დაუშვებელია ჩამოგდებულ რაკეტასთან ან სხვა ობიექტთან მიახლოება. ასეთ შემთხვევაში, მოუწოდეთ მოქალაქეებს, არ მიუახლოვდნენ ობიექტს/ჩამოგდებულ რაკეტას და აცნობეთ პოლიციას. თვალყური ადევნეთ მედიას შემდგომი ინსტრუქციების მისაღებად. დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით ისრაელის საგანგებო სიტუაციების სამსახურს ვებგვერდს – www.oref.org.il, სოციალური მედიით (Facebook) ან შემდეგ ტელეფონზე: 104, თვალი ადევნეთ საელჩოს ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე განთავსებულ ინფორმაციას. შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით, საქართველოს მოქალაქეებისთვის საელჩოში ასევე მოქმედებს ცხელი ხაზი: +972526919092; +972528888513; +972524440385; +972548620270“, – ნათქვამია ისრაელში საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საუდის არაბეთის ეროვნული ავიაკომპანია Flynas საქართველოს ავიაბაზარზე ბრუნდება

საუდის არაბეთის ეროვნული ავიაკომპანია Flynas საქართველოს ავიაბაზარზე ბრუნდება, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს. მათივე ცნობით, 17 მაისიდან ავიაკომპანია თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში 3 მიმართულებით, კვირაში 21 სიხშირით იფრენს. ფრენები შესრულდება რიადი, ჯედა, დამამის მიმართულებით.

შსს-მ „დედაენის ბაღში“ ლგბტქ აქტივისტების მიერ მომზადებული ინსტალაციის დარბევის საქმეზე გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ „დედაენის ბაღში“ ლგბტქ აქტივისტების მიერ მომზადებული ინსტალაციის დარბევის საქმეზე გამოძიება დაიწყო. უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ძალადობით ან ძალადობის მუქარით ადამიანის დევნას სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობის, რწმენის ან მრწამსის გამო, ანდა მის პოლიტიკურ, საზოგადოებრივ, პროფესიულ, რელიგიურ ან მეცნიერულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით. „თბილისი პრაიდის“ ინფორმაციით, „დედაენის ბაღში“ ლგბტქ აქტივისტების მიერ მომზადებული ინსტალაცია გურამ ფალავანდიშვილმა დაარბია.

სტიქიის გამო, ინდოეთში საფრთხის უმაღლესი, წითელი დონე გამოცხადდა

შტორმის გამო, ინდოეთში საფრთხის უმაღლესი, წითელი დონე გამოცხადდა. ძლიერმა ქარიშხალმა და კოკისპირულმა წვიმამ განსაკუთრებით კერალას შტატი დააზარალა. ქარმა სახლებს სახურავები ახადა, ხეები მოგლიჯა და ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა. უამინდობის შედეგად ათობით ადამიანი უსახლკაროდ დარჩა.

მოსკოვში, რადიო თავისუფლების საბანკო ანგარიშები დააყადაღეს

მოსკოვში, რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების საბანკო ანგარიშები დააყადაღეს. ამის შესახებ ინფორმაციას რადიო თავისუფლების რუსული ბიურო ავრცელებს. მათივე ცნობით, აღსრულების გადაწყვეტილება სასამართლოს 10 ვერდიქტის თაობაზე აღიძრა, მას შემდეგ, რაც სასამართლოს მიერ დაკისრებული ჯარიმების გადახდის ორთვიანი ვადა ამოიწურა. ჯარიმების საერთო თანხა 5 მილიონ რუბლს შეადგენს. მედიაკორპორაციამ არაერთგზის აღნიშნა, რომ არ მიიჩნევს თავს რომელიმე უცხო ქვეყნის „აგენტად“, ვინაიდან მისი სარედაქციო პოლიტიკა სრულიად დამოუკიდებელია და, ამასთანავე, სრულად იცავს რუსეთის კანონმდებლობის ყველა მოთხოვნას. წლის დამდეგიდან რუსეთის მედიის სამეთვალყურეო უწყებამ, „როსკომნადზორმა“ სასამართლოს გაუგზავნა 520-მდე ოქმი რთე/რთ-ის მიერ „უცხოეთის აგენტის“ შესახებ კანონის დარღვევის თაობაზე. რთე/რთ უარს ამბობს თავისი მასალის აღნიშვნაზე „უცხოეთის აგენტის“ იარლიყით. რთე/რთ-მ გაასაჩივრა „როსკომნადზორის“ ოქმები, მაგრამ რუსეთის სასამართლოებმა ჯერჯერობით 250-ზე მეტი საჩივარი უკუაგდეს. საერთო ჯამში, მაუწყებლის მიმართ დღემდე გამოწერილი ჯარიმები 70 მილიონ რუბლს (950 000 აშშ დოლარი) შეადგენს. მედიაკორპორაციამ ადამიანის უფლებების ევროპულ სასამართლოს სთხოვა, რუსეთს ხელი შეუშალოს ამ ჯარიმების შესახებ გადაწყვეტილებების აღსრულებაში. მათი თქმით, ჯარიმების მიზანი დამოუკიდებელი მედიის ჩაჩუმებაა. რუსეთში 2017 წლის შემოდგომაზე მიიღეს კანონი, რომლის მიხედვითაც რუსეთში მომუშავე უცხო ქვეყნის მედიას უცხო ქვეყნის აგენტის სტატუსი ენიჭებოდა. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც Russia Today-ს აშშ-ში მოსთხოვეს უცხო ქვეყნის აგენტად დარეგისტრირებულიყო. რუსეთის ხელისუფლებამ მსგავსი მოთხოვნა არხზე ზეწოლად მიიჩნია. რუსეთის კანონის ქვეშ ხვდება როგორც საზღვარგარეთ რეგისტრირებული მედია, ისე რუსეთში რეგისტრირებული, რომელიც დაფინანსებას უცხოეთიდან იღებს. დეკემბერში რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ უცხო ქვეყნის აგენტების სიაში შეიყვანა: ამერიკის ხმა, რადიო თავისუფლება, ტელეარხი Настоящее время და რადიო თავისუფლების რამდენიმე ბიურო. მედიაზე ისეთივე შეზღუდვები ვრცელდება, როგორც უცხო ქვეყნის აგენტ არასამთავრობო ორგანიზაციებზე. პუბლიკაციებში მათ უნდა მიუთითონ, რომ უცხო ქვეყნის აგენტები არიან. კვარტალურად კი დაფინანსების შესახებ დოკუმენტაცია უნდა წარადგინონ. აქამდე უცხო ქვეყნის აგენტის სტატუსის დარღვევისთვის არასამთავრობო ორგანიზაციები არაერთხელ დაუჯარიმებიათ.

ბელარუსში Deutsche Welle-ს ჟურნალისტს პატიმრობა მიუსაჯეს

ბელარუსში „დოიჩე ველეს“ ჟურნალისტს, ალექსანდრ ბურაკოვს 20 დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ბურაკოვს ბრალად წაუყენეს, ქალაქ მოგილიოვში „მასობრივი ღონისძიების ჩატარების წესის ხელმეორედ დარღვევა". ამის შესახებ ინფორმაციას Mayday ავრცელებს, უფლებათდამცველი ტელეგრამის არხი. Mayday-ის ცნობით ჟურნალისტის წინააღმდეგ პროკურატურის მოწმედ სასამართლოში შინაგან საქმეთა სამინისტროს ადგილობრივი ქვედანაყოფის თანამშრომელი გამოიყვანეს. დაცვის მხარე ამტკიცებდა, რომ არავითარ არასანქცირებულ ღონისძიებას სასამართლოსთან ადგილი არ ჰქონია. სასამართლო პროცესზე ბურაკოვი მოჰყვა წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაზე, რასაც იზილატორის თანამშრომელთა მხრიდან მის მიმართ ჰქონდა ადგილი. "დოიჩე ველეს“ ჟურნალისტი 12 მაისს, 6tv.by-ის კორესპონდენტთან, ულაძიმირ ლაპცევიჩთან ერთად დააკავეს. პროტესტის ნიშნად ორივე დაკავებულმა შიმშილობა გამოაცხადა.

ჩინეთი მსოფლიოში მესამე ქვეყანა გახდა, რომელმაც მარსის ზედაპირზე ხომალდის დასმა შეძლო

ჩინური მედიის ცნობით, ჩინეთი მსოფლიოში მესამე ქვეყანა გახდა, რომელმაც მარსის ზედაპირზე ხომალდის დასმა შეძლო. როგორც ჩინეთის სახელმწიფო ტელეარხი CCTV იუწყება, დღეს, ჩინური მარსზე მავალი „ჟურონგი“ მარსის ზედაპირზე წარმატებით დაჯდა. მისია Tianwen-1, რომელმაც მარსმავალი წაიღო, ჩინეთმა 2020 წლის ივლისში გაუშვა და მარსის ორბიტაზე 2021 წლის თებერვალში გავიდა.

კახეთში ხანძრის შედეგად 89 წლის ქალმა მძიმე დამწვრობა მიიღო

კახეთში ხანძრის შედეგად 89 წლის ქალი დაიწვა.შემთხვევა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კურდღელაურში მოხდა. არსებული ინფორმაციით, ხანძრის დროს სახლში მარტოდ მყოფმა ქალმა ოთახიდან გამოსვლა ვერ მოახერხა. ადგილზე მობილიზებულმა სახანძრო სამაშველო ჯგუფმა ხანძრის ლოკალიზება დროულად მოახერხა, ქალი კი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა სხეულის მძიმე დამწვრობით ჯერ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში, შემდეგ კი, რეანომობილით თბილისის დამწვრობის ცენტრში გადაიყვანა. ხანძრის გამომწვევ მიზეზს გამოძიება დაადგენს.

ბათუმის აეროპორტიდან ვარშავის მიმართულებით ავიარეისები დაინიშნება

7 ივნისიდან, პოლონური ავიაკომპანია LOT Polish Airlines, ვარშავა - ბათუმის მიმართულებით, რეგულარულ ავიარესიებს ნიშნავს. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ცნობით, ავიარეისი ვარშავა - ბათუმი - ვარშავა, 7 ივნისიდან 27 სექტემბრამდე, ყოველ ორშაბათს შესრულდება. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანიას საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა მიმდინარე წლის 13 მაისს მიენიჭა. „გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შესაბამისად, სახელმწიფოების მიერ პერიოდულად იცვლება სასაზღვრო შეზღუდვები და სანიტარული მოთხოვნები, რაც ასახვას ჰპოვებს ავიაკომპანიების გადაწყვეტილებებზე ამა თუ იმ მიმართულებით საჰაერო მიმოსვლის დაწყების, გაგრძელების ან განახლების კუთხით. მოქალაქეებს მოვუწოდებთ, გამოიჩინონ სიფრთხილე მგზავრობის დაგეგმვის დროს, ყურადღებით გაეცნონ დანიშნულების ქვეყნის მიერ დაწესებულ სასაზღვრო და სანიტარულ რეგულაციებს, ავიაკომპანიების შეტყობინებებს, ოფიციალურ წყაროებზე განთავსებულ განცხადებებს და განრიგებს”, – ნათქვამია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.