ძებნის რეზულტატი:

ალაზნის არხში მანქანა გადავარდა, დაღუპულია ერთი ადამიანი

ახმეტის მუნიციპალიტეტში ალაზნის არხში მანქანა გადავარდა. შემთხვევის დროს მანქანაში სამი ადამიანი იმყოფებოდა, 6 წლის ბავშვმა და მძღოლმა წყლიდან ამოსვლა შეძლეს, 65 წლამდე ქალი კი დაიღუპა. ინციდენტი სოფელ საკობიანოს მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, “ტოიოტას” მარკის ავტომობილის მძღოლი მანქანის მობრუნებას ცდილობდა, რა დროსაც საჭე ვერ დაიმორჩილა და ალაზნის არხში გადავარდა

ევროკავშირი სომხეთსა და აზერბაიჯანს თავშეკავებისა და დაძაბულობის განმუხტვისკენ მოუწოდებს

"ევროკავშირი ყურადღებით აკვირდება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის მონაკვეთზე შექმნილ „საგანგაშო“ ვითარებას და მოუწოდებს ორივე მხარეს მაქსიმალური თავშეკავებისა და დაძაბულობის განმუხტვისკენ, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჟოზეპ ბორელმა განაცხადა . რადიო თავისუფლების სომხური სამსახურის ცნობით, ბორელის დავალებით ევროკავშირის საგარეო უწყების გენერალურმა მდივანმა, სტეფანო სანინომ, სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებთან მოლაპარაკება გამართა. სომხეთის ხელისუფლების განცხადებით, 12 მაისს დაახლოებით 250-მა აზერბაიჯანელი სამხედრო სომხეთის კონტროლირებად ტერიტორიაზე გადავიდა და 3,5 კილომეტრით შეიჭრა სიუნიქის რაიონის სიღრმეში, სევ ლიჩის (სევის ტბის) მახლობლად. სომხეთის ხელისუფლებამ 14 მაისს ოფიციალურად მიმართა რუსეთის ლიდერობით მოქმედ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას (ОДКБ), რომ დაიწყოს კონსულტაციები აზერბაიჯანთან შექმნილი სასაზღვრო დაძაბულობის განმუხტვის მიზნით, რაც ორ ქვეყანას შორის პირველი სერიოზული დაპირისპირებაა შარშანდელი შემოდგომის 44-დღიანი მასშტაბური ბრძოლების შემდეგ. ერევანმა სასაზღვრო დაპირისპირების თავიდან არიდების მიზნით აზერბაიჯანელ სამხედროებთან მოსალაპარაკებლად გაგზავნა მთავრობის ვიცე-პრემიერი და პარალელურად აამოქმედა დიპლომატიური კავშირები.

ისრაელის ცნობით, დაბომბილია შენობა, რომელსაც "ჰამასი" "ცოცხალ ფარად იყენებდა"

"ისრაელის საავიაციო იერიშის შედეგად ღაზის სექტორში განადგურდა მრავალსართულიანი შენობა, რომელშიც განთავსებული საერთაშორისო მედიის ოფისებს დაჯგუფება „ჰამასი“ „ცოცხალ ფარად“ იყენებდა , -ამის შესახებ განცხადებას ისრაელის თავდაცვის არმია ავრცელებს. სანამ საჰაერო დარტყმას მიიტანდნენ, ისრაელის ძალებმა კორპუსში მყოფები გააფრთხილეს, შენობა დაეტოვებინათ. აფეთქების შედეგად კორპუსი მთლიანად დაინგრა. უკვე რამდენიმე დღეა პალესტინა ისრაელის ქალაქებს განუწყვეტლივ ბომბავს. "ჰამასის" და პალესტინელთა სხვა დაჯგუფებებს სარაკეტო იერიშების საპასუხოდ, ისრაელმა ღაზას სექტორზე საჰაერო იერიში მიიტანა.

ამირან გამყრელიძე: მაინც არის დიდი სუფრები, თავყრილობები და შესაბამისად ინფექციაც ვრცელდება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ბევრი საუბრის მიუხედავად, მაინც არის დიდი სუფრები, თავყრილობები და შესაბამისად, ინფექცია უფრო მეტად ვრცელდება. „საკოორდინაციო საბჭოზე იქნება მსჯელობა რეგულაციების შემსუბუქებასთან დაკავშირებით. სიტუაცია მარტივი არ გახლავთ. დღეს 29 გარდაცვლილი ადამიანი გვყავდა. ამიტომ ყველაფერი უნდა აიწონოს ძალიან მისხალ-მისხალ. ეპიდსიტუაციის სტაბილიზაციის გარკვეული ელემენტი გამოჩნდა ბოლო ოთხი დღის განმავლობაში, ანუ არ იზრდება დადებითობის მაჩვენებელი ქვეყანაში. საკმაოდ მაღალი ტესტირების ფონზეც კი, ბოლო ოთხი დღის განმავლობაში, დადებითობის მაჩვენებლის დაღმასვლა შენარჩუნდა. ეს კარგია, მაგრამ უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად, ძალიან დეტალური ანალიზი გაკეთდეს ეპიდსიტუაციის და იმისდა მიხედვით იყოს გადაწყვეტილება მიღებული ყველა შემდგომ შემსუბუქებასთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, შემსუბუქება უფრო სწრაფი ტემპით შესაძლებელია, როდესაც მოსახლეობის გარკვეული ნაწილი აიცრება. დღევანდელი მონაცემებით, ქვეყანაში ჩატარებულია 85 000 აცრა. მაისში აცრის საშუალო მაჩვენებელი დღეში 3 600 გვაქვს, რაც 2.5-ჯერ მეტია, ვიდრე იყო მარტსა და აპრილში. მაგრამ გვინდა, რომ ეს საშუალო დღიური მაჩვენებელი მაისის ბოლოსთვის იყოს 5 000-ის ფარგლებში და თანდათან აცრების ტემპი იყოს უფრო ინტენსიური. ვნახოთ, ეს ბევრ რამეზეა დამოკიდებული. მოგეხსენებათ, მოსახლეობაში მოთხოვნა ბევრად იმატებს, ვიდრე ეს იყო მარტ-აპრილში და შესაბამისად, საჭიროა ვაქცინების სოლიდური მარაგების შექმნა, რათა ტემპი დავიჭიროთ, 5 000-6 000 აცრა ჩავატაროთ დღის განმავლობაში“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბრისას.

ამირან გამყრელიძე: ვირუსის მესამე ტალღას არ გაუვლია და ახლა პიკში ვართ

"ვირუსის მესამე ტალღას არ გაუვლია და ახლა პიკში ვიმყოფებით", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. როგორც საზოგადოებრივ მაუწყებელს გამყრელიძემ განუცხადა, 3-4 დღეა სიტუაცია ოდნავ სტაბილიზაციისკენ მიდის, თუმცა ეს ძალიან მცირეა. „როდესაც იზრდება ახალი შემთხვევების რიცხვი, გარდაცვალების მაჩვენებლის მატება დაახლოებით ორკვირიანი ჩანაცვლებით აგვიანებს. სამწუხაროდ, მოსალოდნელია, რომ ამ რაოდენობის ფარგლებში შეიძლება, შენარჩუნდეს გარდაცვალება. ყველამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა დავიცვათ რეკომენდაციები. მესმის, რთულია, ცხელა და ადამიანებს უჭირთ პირბადის ტარება, მაგრამ სხვა გამოსავალი არ არის. პირბადე, აცრები და თავის შეკავება დიდი თავშეყრებისგან. მიუხედავად ბევრი საუბრისა, ეს დიდი თავშეყრები მაინც არის, მაინც არის დიდი სუფრები, დიდი თავყრილობები და შესაბამისად, გავრცელებაა ინფექციის. მესმის, რთულია, მოსახლეობას უჭირს, მაგრამ მეორე პინაზე დევს ადამიანთა სიცოცხლე“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძე: საქართველოში ინდური შტამი ჯერ არ დაფიქსირებულა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის ცნობით, საქართველოში ინდური შტამი ჯერ არ არის დაფიქსირებული. „ჯერჯერობით, არ გვაქვს ლაბორატორიულად დადასტურებული, მაგრამ გამორიცხული არაფერია. ჩვენი მონაცემებითაც და სიეტლის უნივერსიტეტის მონაცემებითაც, ქვეყანაში ძირითადად ბრიტანული შტამი ცირკულირებს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში საუბრისას.

ამირან გამყრელიძე: Sinovac-ი ავტორიზაციას, სავარაუდოდ, მაისში მიიღებს

"ვფიქრობ, მაისში „სინოვაკის“ ვაქცინა ავტორიზაციას მიიღებს, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მისი თქმით, იმუნიზაციის საბჭომ ავტორიზაციამდე მისი გამოყენების რეკომენდაცია გასცა, თუმცა ამ საკითხზე მსჯელობა კიდევ ერთხელ იქნება. „სინოვაკი“ გახლავთ მეორე ჩინური ვაქცინა, რომელიც საკმაოდ პოპულარობით სარგებლობს მსოფლიოს 32 ქვეყანაში, მათ შორის ევროპის დაახლოებით ექვს ქვეყანაში. უკვე 100 მილიონზე მეტი დოზაა ადმინისტრირებული სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის ჩვენს მეზობელ ქვეყნებში. უახლოესი ნაშრომები გამოქვეყნდა „სინოვაკთან“ დაკავშირებით, სადაც მისი საკმაოდ მაღალი ეფექტურობა დასტურდება, დაახლოებით 90 პროცენტამდე ეფექტურობა. „სინოვაკთან“ დაკავშირებით იმუნიზაციის საბჭომ გასულ კვირას იმსჯელა და მიიღო რეკომენდაცია სამინისტროს მიმართ, რომ შესაძლებელია, დაიწყოს მისი ადმინისტრირება ჯანმოს ავტორიზაციის მიღებამდე. ჯანმოს ავტორიზაციისთვის საბოლოო ფაზაში იმყოფება. მოგეხსენებათ ჯანმოს სამეცნიერო ექსპერტთა კომიტეტის ერთ-ერთი პირველი პუბლიკაცია, რომელსაც ეყრდნობა შემდეგ ავტორიზაციის პროცესი, საკმაოდ დადებითი „სინოვაკთან“ მიმართებაში იყო. ამავე დროს მნიშვნელოვანია, რომ „სინოვაკს“ავტორიზაციაზე განაცხადი შეტანილი აქვს ასევე ევროპის წამლის სააგენტოში. ამიტომ, დიდი ალბათობით, მაისში ის მიიღებს ავტორიზაციას. აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, ეს კიდევ ერთხელ იქნება განხილული ჯანდაცვის სამინისტროში, ასევე საკოორდინაციო საბჭოზე და მიღებული იქნება გადაწყვეტილება მისი ადმინისტრირების დაწყებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა პირველი არხის ეთერში ამირან გამყრელიძემ.

დავით ზალკალიანი ოფიციალური ვიზიტით უკრაინას ეწვევა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი 16-17 მაისს ოფიციალური ვიზიტით მიემგზავრება კიევში, სადაც გაიმართება ორმხრივი შეხვედრები უკრაინის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან. უკრაინაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საუბარი შეეხება საქართველო-უკრაინის სტრატეგიულ პარტნიორობას, თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებებს და ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების პერსპექტივებს. ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი მონაწილეობას მიიღებს სამი ასოცირებული ქვეყნის – მოლდოვას, საქართველოსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში. მინისტრები განიხილავენ სამი ქვეყნის შემდგომი მჭიდრო თანამშრომლობის საკითხებს ევროკავშირთან პოლიტიკური დიალოგის, ეკონომიკური და სექტორული ინტეგრაციის გასაძლიერებლად, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მომავალი სამიტისთვის სამზადისს, ასევე იმსჯელებენ რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემოსა და გამოწვევებზე.

ისრაელის პრემიერი ქვეყნებს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის, მათ შორის საქართველოსაც

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ მადლობა გადაუხა ქვეყნებს, რომლებმაც ისრაელს მხარდაჭერა გამოუცხადა, მათ შორის საქართველოსაც. „მადლობას გიხდით იმისთვის, რომ ისრაელის გვერდით მტკიცედ დგახართ და მხარს უჭერთ ჩვენს უფლებას თავი დავიცვათ ტერორისტული თავდასხმებისგან“, - დაწერა ისრაელის პრემიერმა Twitter-ზე.

ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინა აუცილებლად იქნება ევროკავშირში

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინა აუცილებლად იქნება ევროკავშირში. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა Tweeter-ზე ევროპის დღესთან დაკავშირებით დაწერა. „უკრაინა ევროპაა, ჩვენ კი ევროპელები. ჩვენ ევროპის ცენტრი და გული ვართ, გეოგრაფიით, სულისკვეთებით, ღირებულებებითა და მისწრაფებებით. ეს დავამტკიცეთ მაიდანზე და ყოველდღიურად ვაკეთებთ ამას ჩვენი სახელმწიფოს შეცვლით, დამოუკიდებლობისა და მომავლის შენებით, ევროპის აღმოსავლეთ საზღვრის დაცვით. უკრაინა აუცილებლად იქნება ევროკავშირში“, – წერს ზელენსკი.

COVID19: ბოლო 24 საათის მონაცემები

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი 968 ადამიანს დაუდასტურდა, 903 გამოჯანმრთელდა, ხოლო 16 ინფიცირებული გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია Stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 23 742 კვლევა ტესტით, მათ შორის 12 308 კვლევა ანტიგენის ტესტით და 11 434 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 968 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 330 375-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 15 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.08 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 4.96%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 3.90%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 903 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 308 821-მდე. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 16 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 442 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 968 ახალი შემთხვევიდან:თბილისში გამოვლენილია 527 შემთხვევა, აჭარა - 71, იმერეთი - 95, ქვემო ქართლი - 58, შიდა ქართლი - 28, გურია - 27, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 75, კახეთი - 49, მცხეთა-მთიანეთი - 21, სამცხე-ჯავახეთი - 11, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 6. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 17 086, საიდანაც: 4 331 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 378, აჭარაში - 518, იმერეთში - 537. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 912 პირი, მათ შორის, თბილისში - 438, აჭარაში - 96, იმერეთში -154. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 214 პირი, მათგან თბილისში - 140, აჭარაში - 6, იმერეთში - 13. 668 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 368 - თბილისში, 267- აჭარაში. 12 087 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 67 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 57, ხოლო აჭარაში - 9. სულ 6 ოქტომბრიდან - 15 მაისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 660 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 25 597 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 17 233 პირი, აჭარაში - 1 599, იმერეთში - 1 719.

Sinopharm-ის ვაქცინის კიდევ რამდენ დოზას მიიღებს საქართველო

საქართველო წითელი ჯვრის მეშვეობით Sinopharm-ის ვაქცინის 100 ათას დოზას მიიღებს, ხოლო ჩინეთში საელჩოს მიერ წარმოებული მოლაპარაკების შედეგად, 500 ათას დოზას შეიძენს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. „გიდასტურებთ, რომ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრს ჰქონდა შეხვედრა წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციასთან. წითელი ჯვრიდან მყარი დაპირება არის, რომ საქართველო მათი საშუალებით, დონაციის სახით და არა შესყიდვით, მიიღებს 100 000 დოზა Sinopharm-ის ვაქცინას. თუმცა თარიღი არ არის ჯერ დაზუსტებული, როდის იქნება მოწოდება. რაც შეეხება დანარჩენ 500 000 დოზას, ასევე გიდასტურებთ, რომ დიახ, საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით, მიმდინარეობს მოლაპარაკება Sinopharm-ის ხელმძღვანელობასთან პეკინში ჩვენი საელჩოს საშუალებით და მიღწეულია შეთანხმება, რომ 500 000 დოზას საქართველო იყიდის Sinopharm-სგან. ვაქცინა ქვეყანაში ივნისის მეორე ნახევარში შემოვა“, - განაცხადა საქართველოს პირველ არხთან საუბრისას ამირან გამყრელიძემ.

ჯო ბაიდენსა და მაჰმუდ აბასს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

თეთრი სახლი აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენისა და პალესტინის ავტონომიის ლიდერის, მაჰმუდ აბასის სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. თეთრი სახლის ცნობით, ჯო ბაიდენმა ხაზგასმით აღნიშნა ჰამასის მიერ ისრაელის მიმართულებით რაკეტების გაშვების შეწყვეტის საჭიროება. „მათ განიხილეს ამჟამინდელი დაძაბულობა იერუსალიმში და დასავლეთ სანაპიროზე და გამოთქვეს საერთო სურვილი, რომ იერუსალიმი იყოს ყველა აღმსარებლობისა და წარმომავლობის ხალხის მშვიდობიანი თანაცხოვრების ადგილი. პრეზიდენტმა ბაიდენმა აცნობა პრეზიდენტ აბასს მიმდინარე კონფლიქტში აშშ-ის დიპლომატიური ჩართულობის შესახებ და ხაზი გაუსვა „ჰამასის“ მიერ ისრაელის მიმართულებით რაკეტების გაშვების შეწყვეტის საჭიროებას. მათ გამოხატეს საერთო შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ მიმდინარე ძალადობის შედეგად დაიღუპნენ უდანაშაულო მოქალაქეები, მათ შორის ბავშვები. პრეზიდენტმა მხარდაჭერა გამოუცხადა ნაბიჯებს, რომლებიც პალესტინელ ხალხს აძლევს საშუალებას გამოიყენონ ღირსება, უსაფრთხოება, თავისუფლება და ეკონომიკური შესაძლებლობა, რომელსაც ისინი იმსახურებენ. ამ მხრივ, მან ხაზი გაუსვა აშშ-ის ბოლოდროინდელ გადაწყვეტილება, განაახლოს პალესტინელი ხალხის დახმარება, მათ შორის ეკონომიკური და ჰუმანიტარული დახმარება დასავლეთ სანაპიროსა და ღაზაში პალესტინელთა სასარგებლოდ“, – ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში. თეთრი სახლის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტმა ბაიდენმა მხარდაჭერა გამოუცხადა ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებულ გამოსავალს, როგორც ისრაელსა და პალესტინელებს შორის კონფლიქტის სამართლიანი და გრძელვადიანი დარეგულირების საუკეთესო გზას. ამასთან, ჯო ბაიდენმა მაჰმუდ აბასს ამერიკულ-პალესტინური პარტნიორობის გაძლიერებისადმი მხარდაჭერა დაუდასტურდა.

ისრაელმა ღაზის სექტორში „ჰამასის“ მეთაურის სახლი დაბომბა

Reuters-ის ინფორმაციით, ისრაელის სამხედრო ძალებმა ღაზის სექტორში დაჯგუფება „ჰამასის“ მეთაურის სახლი დაბომბეს. პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ იერიშის შედეგად სულ მცირე 4 ადამიანი დაიღუპა. კონფლიქტის მეშვიდე დღეს „ჰამასმა“ თელ-ავივის მიმართულებით გაუშვა რაკეტები. ისრაელში აცხადებენ, 10-მდე ადამიანი დაშავდა მაშინ, როდესაც თავშესაფრებისკენ გაქცევას ცდილობენ. როგორც ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, ისრაელი სამხედრო ოპერაციას გაგრძელდება ვიდრე, ეს საჭირო იქნება. მოგვიანებით კონფლიქტის შესახებ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე იმსჯელებენ.

NATO-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში დამკვირვებელ-მაკონტროლებელთა მომზადების საერთაშორისო კურსი დასრულდა

Nato-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) დამკვირვებელ-მაკონტროლებელთა მომზადების საერთაშორისო კურსი დასრულდა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მონაწილეებს კურსის წარმატებით დასრულება თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლელა ჩიქოვანმა და თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ირაკლი ჭიჭინაძემ მიულოცეს. მათ ყურადღება საერთაშორისო კურსის მნიშვნელობაზე გაამახვილეს და საერთაშორისო პარტნიორებს ჩართულობისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს. კურსდამთავრებულებს სიტყვით მიმართა საქართველოში ლიეტუვას რესპუბლიკის ელჩმა, ანდრიუს კალინდრამ. ღონისძიების ფარგლებში მსმენელებმა სერტიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები მიიღეს. დამკვირვებელ-მაკონტროლებელთა მომზადების საერთაშორისო კურსი ხუთი დღის განმავლობაში JTEC-სა და ნორიოს საწვრთნელ ბაზაზე მიმდინარეობდა და თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებს მოიცავდა. სწავლებას ქართველი და ლიეტუველი ინსტრუქტორები ხელმძღვანელობდნენ და მასში ქართველ სამხედროებთან ერთად, ამერიკელი, ლიეტუველი და უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეები მონაწილეობდნენ.

კახა კუჭავა ვიზიტით ბრიუსელს ეწვევა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა, პარლამენტის თავმჯდომარის რანგში პირველი ოფიციალური ვიზიტით, 16-20 მაისს ბრიუსელს ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში, კახა კუჭავა შეხვედრებს ევროპარლამენტის პრეზიდენტთან, დავიდ მარია სასოლისთან, ევროპარლამენტის კომიტეტების ხელმძღვანელებსა და პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლებთან, ასევე, ბელგიის პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის პრეზიდენტ ელიან ტილიოსთან და ბელგიის პარლამენტის წევრებთან გამართავს. ასევე, დაგეგმილია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შეხვედრა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისართან, ოლივერ ვარჰეისთან, ნატოს გენერალური მდივნის მოადგილესთან, ჯოანა მირჩეასთან, Think Tank-ებისა და ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებთან. საქართველოს პარლამენტის დელეგაციაში ვიცე სპიკერი, ლევან იოსელიანი და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი შედიან.

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები  ისრაელ-პალესტინის საკითხზე იმსჯელებენ

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 18 მაისს ვიდეოკონფერენციის ფორმატში ისრაელსა და პალესტინელებს შორის გამწვავებულ ვითარებაზე იმსჯელებენ. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჟოზეპ ბორელმა განაცხადა. „ისრაელსა და პალესტინას შორის ესკალაციასა და სამოქალაქო მსხვერპლის მიუღებელ რიცხვთან დაკავშირებით, მე ვიწვევ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საგანგებო ვიდეოკონფერენციას სამშაბათს. განვიხილავთ თუ როგორ შეუძლია ევროკავშირს წვლილი შეიტანოს მიმდინარე ძალადობის დასრულებაში“, – წერს ბორელი.

თეიმურაზ შარაშენიძე: საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი უკრაინაში იქნება მძლავრი იმპულსი ჩვენს სტრატეგიულ ურთიერთობებში

უკრაინაში საქართველოს ელჩის თეიმურაზ შარაშენიძის განცხადებით, საგარეო საქმეთა მინიტრის ვიზიტი უკრაინაში ახალი და მძლავრი იმპულსი იქნება ქვეყნებს შორის სტრატეგიულ ურთიერთობებში. მისი თქმით, შეხვედრებისას არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი განიხილება. ,,საკითხები ეხება დეოკუპაციას, ევროპულ და ატლანტიკურ ინტეგრაციას და განსაკუთრებით რეგიონული უსაფრთხოების საკითხები იქნება მნიშვნელოვანი და ამ კუთხით შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხი. ასევე, განხილული იქნება ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთთანამშრომლობის სხვა მნიშვნელოვანი საკითხები. მეორე მნიშვნელოვანი მიზეზი გახლავთ ის, რომ უკრაინის ირგვლივ არსებული დაძაბული სიტუაცია ჯერ არ არის ბოლომდე დამთავრებული და ბატონი დავით ზალკალიანის ვიზიტი ერთგვარი მხარდაჭერისა და სოლიდარობის გამომხატველი აქტი იქნება. ბოლო ცხრა წლის განმავლობაში ეს პირველი ვიზიტია ოფიციალური საგარეო საქმეთა მინისტრის. ეს ვიზიტი იქნება უფრო ახალი და მძლავრი იმპულსი ჩვენს სტრატეგიულ ურთიერთობებში“, – განაცხადა შარაშენიძემ. ცნობისთვის, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი 16-17 მაისს ოფიციალური ვიზიტით მიემგზავრება კიევში, სადაც გაიმართება ორმხრივი შეხვედრები უკრაინის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

ახდენს თუ არა ვაქცინა რეპროდუქციულ ფუნქციაზე გავლენას  - ბიძინა კულუმბეგოვის განმარტება

არავითარი მინიშნება, რომ ვაქცინას რეპროდუქციულ ფუნქციაზე გავლენის ქონა შეუძლია არ არსებობს, - ამის შესახებ ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა. მისივე თქმით, ასეთი კითხვა პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მიმართაც არ ისმის, ეს ვირუსი კი საშვილოსნოს ყელის კიბოს იწვევს. „ამიტომ, არავითარი თეორიული შანსი, რომ რეპროდუქციაზე იმოქმედოს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინამ, არ არსებობს. მაგრამ აუცილებლად უნდა განვუმარტოთ მოსახლეობას, განსაკუთრებით სკეპტიკურად განწყობილ ადამიანებს, რომ კორონავირუსი თავისთავად უზარმაზარი რისკია ნებისმიერი ასეთი სიტუაციის დროს, განსაკუთრებით ორსულობის დროს. ამიტომ, თუ ადამიანები ორსულობას გეგმავენ, იმისთვის რომ პროცესი უსაფრთხოდ წავიდეს, ბოლომდე მივიდეს და დაგვირგვინდეს ახალშობილი მოვლენით ქვეყანაზე, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ასეთმა ადამიანებმა წინასწარი პრევენცია გაიკეთონ. “, - განაცხადა კულუმბეგოვმა ,,იმედის" ეთერში.

ილია მეორე: ახალგაზრდებს მიაქციეთ ყურადღება, მათ სჭირდებათ სითბო მშობლებისა

არ უნდა შეგეშინდეთ, სიკეთე მუდამ იმარჯვებს. გილოცავთ დღევანდელ დღეს, დღეს არის მენელსაცხებლე დედების დღე. იმ დედებისა, რომელთაც არ შეეშინდათ იმ დროს, როცა ჯვარზე გააკრეს უფალი ჩვენი იესო ქრისტე. მოციქულები დაიფანტნენ და მენელსაცხებლე დედები კი იდგნენ და დასტიროდნენ ჯვარცმულ მაცხოვარს. მათთან ერთად იყო იოანე ღვთისმეტყველი, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ სამებაში ქადაგებისას განაცხადა. პატრიარქმა მრევლი დალოცა და დღესასწაულები მიულოცა. „დღეს მენელსაცხებლე დედებთან ერთად ვდღესასწაულობთ ნიკოდიმოსის ხსენებას, რომელმაც დაუთმო თავისი საფლავის ადგილი უფალს და ასევე – იოსებისას. ჩვენ აგრეთვე ვიხსენებთ დღეს თამარ მეფეს, იმდენად დიდი იყო და არის თამარ მეფის ღვაწლი, რომ მენელსაცხებლე დედებს ედრება. დღეს აგრეთვე არის ხსენება დავით წინასწარმეტყველისა. დავით წინასწარმტყველი გამეფდა 30 წლისა და იმეფა 40 წელი. მან მთელი თავისი ცხოვრება დაუთმო ხალხის სულიერ ამაღლებას. ჩვენ ვცხოვრობთ რთულ დროს, როცა ძლიერდება ცოდვა, მაგრამ, ამავე დროს, ძლიერდება კეთილი საქემე და რწმენა. კეთილი გაიმარჯვებს, არ უნდა შეგეშინდეთ, სიკეთე მუდამ იმარჯვებს. ჯვარი გეწეროთ. მე ვლოცავ თქვენს ოჯახებს, თქვენს შვილებს, ახალგაზრდებს მიაქციეთ ყურადღება, მათ სჭირდებათ სითბო მშობლებისა. ჩვენთან არს ღმერთი“, – განაცხადა პატრიარქმა.