ძებნის რეზულტატი:
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს პრემიერი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს პრემიერი ლი კეციანი საქართველოს პრემიერ-მინისტრს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. ინფორმაციას მთავრობს ადმინისტრაცია ავრცელებს. როგორც მისალოც წერილშია აღნიშნული, მიუხედავად COVID-19-ის პანდემიის შედეგებისა, ჩინეთი და საქართველო ინარჩუნებენ ორმხრივი ურთიერთობების განვითარების პოზიტიურ დინამიკას. „გულწრფელად გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს და გისურვებთ თქვენ და თქვენს მთავრობას ყოველივე საუკეთესოს! გასული წლიდან მოყოლებული, მიუხედავად COVID-19-ის პანდემიის შედეგებისა, ჩინეთი და საქართველო ინარჩუნებენ ორმხრივი ურთიერთობების განვითარების პოზიტიურ დინამიკას. ჩვენს თანამშრომლობაში მიღწეულია მდგრადი შედეგები სხვადასხვა მიმართულებით. გამოვთქვამ იმედს, რომ ერთობლივი ძალისხმევით ჩვენ შევძლებთ ორმხრივი ურთიერთობების და პრაგმატული თანამშრომლობის აყვანას ახალ დონეზე ჩვენი ქვეყნებისა და ერების საკეთილდღეოდ. ვუსურვებ საქართველოს და ქართველ ხალხს კეთილდღეობას და ბედნიერებას“, - აღნიშნულია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს პრემიერის მისალოც წერილში.
საქართველოს პრეზიდენტის სიტყვა გენერალ კვინიტაძის პანაშვიდზე: დღევანდელი დღე არა გლოვის, არამედ გამარჯვების და ახალი იმედების დღეა
"ბატონო გენერალი, ბატონო გიორგი, დღეს თქვენ უსაყვარლეს, მონატრებულ ქართულ მიწას მიებარებით. ამით სრულდება ჩვენი ქვეყნის 100-წლიანი ეპოპეა და მთელი ეპოქა. ეპოქა, რომელიც 1918 წლის 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობით დაიწყო და რუსული მე-11 არმიის თავდასხმითა და ოკუპაციით შეწყდა", - ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა გენერალ გიორგი კვინიტაძის სამოქალაქო პანაშვიდზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ გენერლის საქართველოში გადმოსვენება ქართული ჯარისთვის ისტორიული დღეა. „ბატონო გენერალო, ბატონო გიორგი, თქვენი საქართველოში გადმოსვენება ქართული ჯარისთვის ისტორიული დღეა, რამეთუ ამ ჯარის ღირსების, შეუპოვრობის და მამაცობის განსახიერება ბრძანდებით. საქართველოს დაუმარცხებელო მთავარსარდალო, დაუმარცხებელი ხართ, რადგან სასწავლებელში, რომელიც თქვენ სახელს ამაყად ატარებს, ახალგაზრდა კადეტები თქვენ მაგალითზე იზრდებიან და აღიზრდებიან თქვენი შემართებითა და გულანთებული მამულიშვილობით, ეს არის მტერზე ნამდვილი გამარჯვება“, - განაცხადა პრეზიდენტმა. როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, დღევანდელი დღე არა გლოვის, არამედ გამარჯვების და ახალი იმედების დღეა. „სიმბოლურია, რომ ემიგრაციის ერთ-ერთ ყველაზე გამოჩენილ შვილს, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის უკანასკნელ და ყველაზე ძლიერ მთავარსარდალს ხვდება ემიგრაციის შვილი, საქართველოს დღევანდელი უმაღლესი მთავარსარდალი და პრეზიდენტი. 100 წლის თავზე ქართულ თავისუფალ მიწაზე ჩვენი ასეთი შეხვედრა ნიშნავს, რომ გამართლდა თქვენი, მამაჩემისა და ყოველივე სხვა ქართველი ემიგრანტის რწმენა - საქართველო უკვდავია და დამოუკიდებლობის აღდგენა გარდაუვალია. ის რწმენა, რომელიც ათწლეულების განმავლობაში არ შენელებულა და დღეს გამართლებულია. ამიტომ დღეს მე აქ მოვედი არა მხოლოდ როგორც ის პატარა გოგო, რომელიც უფროსებთან ერთად თქვენს სანახავად მისული შთაბეჭდილებების ქვეშ გარინდული იდგა, არამედ როგორც უმაღლესი მთავარსარდალი და პრეზიდენტი და მაშასადამე, თქვენი ჭირისუფალი. თქვენს ირგვლივ დღეს სრულიად საქართველო ერთიანდება, ანუ აღსრულდა ის ოცნება, რომელიც თქვენ საომარი მოქმედებების დროს და მთელი ცხოვრება გამოძრავებდათ, როცა შორიდან საქართველოს გათავისუფლებისა და დამოუკიდებლობის მიზანს ემსახურებოდით. დღევანდელი დღე არა გლოვის, არამედ გამარჯვების და ახალი იმედების დღეა! ვისურვებდი, რომ ახალგაზრდა თაობებს თქვენსავით სჯეროდეთ ჩვენი ქვეყნის მომავლის და ესმოდეთ, რამდენს ნიშნავს ერთგულად სახელმწიფოს სამსახურში ყოფნა. მინდა, ყველას სახელით მადლობა მოგახსენოთ ამ ერთგულებისა და თავდადებისთვის. დაე, თქვენთვის და თქვენი მეუღლისთვის, ქალბატონი მარიამისთვის მსუბუქი ყოფილიყოს მშობლიური, ქართული მიწა. იყოს თქვენი საუკუნო ხსენება, საქართველოს დიდო მთავარსარდალო!“ - აღნიშნა ზურაბიშვილმა.
დავით ზალკალიანს უცხოელი კოლეგები დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ
პოლონეთის, ჩეხეთის, ბულგარეთის, ირანის ისლამური რესპუბლიკისა და ყირგიზეთის საგარეო საქმეთა მინისტრები, ქართველ კოლეგას, დავით ზალკალიანს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ. „საქართველო მნიშვნელოვანი პარტნიორი და მეგობარი ქვეყანაა პოლონეთისთვის, რომელთანაც ჩვენ მრავალწლიანი თანამშრომლობა და ისტორიული კავშირები გვაკავშირებს. თბილისის მიერ დამოუკიდებელი სახელმწიფოს გამოცხადების 30 წლის იუბილე სიამაყისა და რეფლექსიის საფუძველია. დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს დაბრუნებას ევროპის რუკაზე 1991 წელს შეცვალა გეოპოლიტიკური სისტემა სამხრეთ კავკასიის რეგიონში და შექმნა ხელსაყრელი პირობების ქვეყნის განვითარებისთვის. პროდასავლური კურსის არჩევამ დააახლოვა საქართველო ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან,“ - ნათქვამია პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ზბიგნევ რაუს მიმაერთვაში. ბულგარეთისა და ჩეხეთის პირველი დიპლომატები, სვეტლან სტოევი და იაკუბ კულჰანეკი რეგიონში საქართველოს მნიშვნელოვან პოზიციას უსვამენ ხაზს და კიდევ ერთხელ გამოხატავენ მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მიმართ. თავის მიმართვებში, ირანის და ყირგიზეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელები, მოჰამად ჯავად ზარიფი და რუსლან კაზაკბაევი იმედს გამოთქვამენ, რომ ურთიერთობები ირანსა და საქართველოს და ყირგიზეთსა და საქართველოს შორის გაღრმავდება და გაძლიერდება.
საქართველოსა და უკრაინის თავდაცვის მინისტრებმა შავი ზღვის, რეგიონის უსაფრთხოების და თავდაცვისუნარიანობის ამაღლების საკითხები განიხილეს
საქართველოს თავდაცვის მინისტრი უკრაინელ კოლეგას მასპინძლობს. უკრაინის თავდაცვის მინისტრი ანდრი ტარანი საქართველოში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე დასასწრებად ჩამოვიდა. საზეიმო ღონისძიებაში მონაწილეობის მიღებამდე, მას საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ თავდაცვის სამინისტროში უმასპინძლა. ორმხრივ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და უკრაინას შორის მრავალწლიან მეგობრობაზე, სტრატეგიულ პარტნიორობასა და წარმატებულ თანამშრომლობაზე გაამახვილეს ყურადღება. ჯუანშერ ბურჭულაძემ და ანდრი ტარანმა ორი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე ერთმანეთს ურყევი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურეს და კონფლიქტების მშვიდობიანად დარეგულირების მნიშვნელობა აღნიშნეს. ორმხრივ შეხვედრაზე კოლეგებმა სხვა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს, როგორებიც არის შავი ზღვისა და რეგიონის უსაფრთხოება, თავდაცვისუნარიანობის ამაღლება, NATO-სთან თავსებადობის ზრდა, სამხედრო განათლებისა და მედიცინის კუთხით თანამშრომლობა. შეხვედრის დასასრულს მინისტრებმა საქართველოსა და უკრაინის თავდაცვის სამინისტროებს შორის 2021 წლის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმას მოაწერეს ხელი. გეგმის თანახმად, ქართული და უკრაინული მხარეები ერთმანეთს სხვადასხვა სფეროში გამოცდილებას გაუზიარებენ. ეროვნული დღესასწაულისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მონაწილეობის გარდა, უკრაინის თავდაცვის მინისტრი წეროვანში, მარო მაყაშვილის სახელობის სამხედრო მოსამსახურეთა სარეაბილიტაციო ცენტრსაც ესტუმრება.
კახა კალაძე: დარწმუნებული ვარ, დღეს ხარობენ მათი სულები, ვინც დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას შეეწირა
"დარწმუნებული ვარ, დღეს ხარობენ მათი სულები, ვინც დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას შეეწირა", - თბილისის მერმა საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. მისი თქმით, ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა რთული იყო და მადლიერია ყველა იმ ადამიანის, ვინც თავისუფლებისთვის ბრძოლას შეეწირა. „ყველა მოქალაქეს ვულოცავ ამ განსაკუთრებულ და მნიშვნელოვან დღეს. ყველამ კარგად ვიცით, რამდენად რთული იყო ბრძოლა დამოუკიდებლობის მოპოვებისთვის, შენარჩუნებისთვის, შემდეგ დაბრუნებისთვის და მინდა, ყველა იმ ადამიანს გადავუხადო მადლობა, ვინც თავი დასდო ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლაში. დარწმუნებული ვარ, მათი სულები დღეს ხარობენ, რომ ჩვენი ქვეყანა დამოუკიდებელია. მინდა, დიდი სიყვარულით მივულოცო სრულიად საქართველოს, ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს დამოუკიდებლობის დღე“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, დღეს მთავარი გამოწვევა ქვეყნის ტერიტორიის ნაწილის ოკუპაციაა, რაც დროებითია და ის საქართველოს განვითარებაზეა დამოკიდებული. „სამწუხაროდ, დღეს, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი ოკუპირებულია, მაგრამ ეს ყველაფერი არის დროებითი. მომდევნო წლების განმავლობაში, გონიერებით, განათლებით, ქვეყნის ეკონომიკური განვითარებით უნდა შევძლოთ ამ ტერიტორიების დაბრუნება“, - აღნიშნა კახა კალაძემ. დედაქალაქის მერი თავისუფლების მოედანზე მიმდინარე, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას მეუღლესთან ერთად ესწრებოდა.
ტოდ უოლტერსი: აშშ-ის არმიის ევროპული სარდლობა ერთგულად განაგრძობს საქართველოს თავსებადობის გაძლიერებას ევროპაში სამხედრო ურთიერთობების გამტკიცების კვალდაკვალ
აშშ-ის არმიის ევროპული სარდლობისა და NATO-ს მოკავშირეთა ევროპის უმაღლესი მთავარსარდლის გენერალ ტოდ უოლტერსი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. ინფორმაციას საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს. ,,გილოცავთ დამოუკიდებლობის 103 წლისთავს. საქართველოს წვლილი ევროატლანტიკური თავდაცვის საქმეში, მათ შორის NATO-ს ჯარების მხარდამხარ ავღანეთის ოპერაციებში მონაწილეობა და ტაქტიკური წვრთნების მასპინძლობა კავშირისათვის მის სტრატეგიულ მნიშვნელობას ცხადად წარმოაჩენს.აშშ-ის არმიის ევროპული სარდლობა ერთგულად განაგრძობს საქართველოს თავსებადობის გაძლიერებას ევროპაში სამხედრო ურთიერთობების გამტკიცების კვალდაკვალ.გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს!", - აღნიშნულია განცხადებაში.
ირაკლი ღარიბაშვილი: გიორგი კვინიტაძის ოცნება ახდა, საქართველო თავისუფალი და დამოუკიდებელი სახელმწიფოა
ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ გიორგი კვინიტაძის ოცნება ახდა, საქართველო თავისუფალი და დამოუკიდებელი სახელმწიფოა; მე მჯერა, გიორგი კვინიტაძის კიდევ ერთი ოცნება აუცილებლად ახდება და საქართველო დიდი ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი გახდება - ამის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, გენერალ გიორგი კვინიტაძის გამოსვენების ღონისძიებაზე განაცხადა, რომელიც სამების საკათედრო ტაძარში გაიმართა. მთავრობის მეთაურის თქმით, მაშინაც კი, როდესაც საქართველოში კომუნიზმის წითელი ტერორი მძვინვარებდა, გენერალ კვინიტაძეს სწამდა და ჯეროდა, რომ მისი სამშობლო თავისუფალი იქნებოდა, რადგან თავისუფლება და თავისუფლებისკენ სწრაფვა ჩვენი ერის სისხლშია გამჯდარი. „გენერალი კვინიტაძე სამშობლოში დაბრუნდა. გიორგი კვინიტაძემ ჩვენი ქვეყანა 1921 წლის თებერვალში დაჭრილ იუნკრებთან ერთად დატოვა, და რა სიმბოლურია, რომ 100 წლის შემდეგ ჩვენ სახელოვან გენერალს სამშობლოში დამოუკიდებელ საქართველოში დაბადებული იუნკრები დახვდნენ. მას დახვდა ემიგრაციიდან დაბრუნებული საქართველოს პრეზიდენტი, მთავარსარდალი, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი. მაშასადამე, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ გიორგი კვინიტაძის ოცნება ახდა, საქართველო თავისუფალი და დამოუკიდებელი სახელმწიფოა. მაშინაც კი, როდესაც საქართველოში კომუნიზმის წითელი ტერორი მძვინვარებდა, გენერალ კვინიტაძეს სწამდა და ჯეროდა, რომ მისი სამშობლო თავისუფალი იქნებოდა, რადგან თავისუფლება და თავისუფლებისკენ სწრაფვა ჩვენი ერის სისხლშია გამჯდარი. „არმია თავისი ხალხის თვისებების ანარეკლია, რადგან პირმშოა ამ ხალხისა, მისი სისხლი და ხორცი“ - ეს არის იმ ადამიანის სიტყვები, ვინც თავად იყო ამ დამოუკიდებელი საქართველოს არმიის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი, თავისი ხალხის შინაგანი ძლიერების თვალსაჩინო მაგალითი და ჩვენი ქვეყნის ღირსეული შვილი. სამშობლოდან იძულებით გადახვეწილ გენერალს სიცოცხლის ბოლო წუთამდე ჯეროდა, რომ ქართველთა შინაგანი ბუნება, სულიერი ფასეულობები და სახელმწიფოებრივი ტრადიციები ნამდვილად მოიტანდა ჩვენს ევროპულ ოჯახში დაბრუნებას. მე მჯერა, გიორგი კვინიტაძის კიდევ ერთი ოცნება აუცილებლად ახდება და საქართველო დიდი ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი გახდება. ჩვენ გვესმის, რომ ეს გზა რთულია, რთულია მაგრამ ჩვენი ქვეყანა მტკიცედ და შეუქცევადად დგას წინაპართა გაკვალულ გზაზე. ამ ისტორიის ერთ-ერთი შემოქმედი, გენერალი გიორგი კვინიტაძე დღეს სამშობლოს დაუბრუნდა. ქედს ვიხრი მის წინაშე“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
სხვადასხვა ქვეყნის მთავრობების წარმომადგენლები საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ
სხვადასხვა ქვეყნის მთავრობის წარმომადგენლები საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ. შესაბამის ტექსტებს და ვიდეოებს საგარეო უწყება ავრცელებს. ბერნის მერი, ალეკ ფონგრაფენრიდი „საქართველოს ვულოცავ ეროვნულ დღესასწაულს და დამოუკიდებლობის დღეს. ძალიან მიხარია, რომ შვეიცარიას უკვე 30 წელია აქვს დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსთან და უნდა აღვნიშნო, რომ არაჩვეულებრივი ურთიერთობა გვაქვს ერთმანეთთან. ეს ეხება ქალაქ ბერნსაც, კარგი ურთიერთობა გვაქვს საქართველოს ქალაქებთან და განსაკუთრებით დედაქალაქ თბილისთან. მიხარია, რომ არსებული კონტაქტების წყალობით, შეგვიძლია გავაღრმავოთ ურთიერთობები და ბევრი რამ ვისწავლოთ ერთმანეთისგან. რაც მთავარია, მომავალშიც ხელი შევუწყოთ ჩვენი მეგობრობის გაღრმავებას. ლამაზ დღეს გისურვებთ და გულითადად მოგიკითხავთ ბერნიდან. შვეიცარიის კონფედერაციის ეროვნული საბჭოს პრეზიდენტი, ანდრეას აები „30 წლის წინ, 1991წლის 26 მაისს საქართველომ აღადგინა დამოუკიდებლობა. ძალიან მიხარია, რომ შესაძლებლობა მაქვს, ჩემი თანაქალაქელების სახელით საქართველოს მოქალაქეებს მივულოცო ეს ღირსშესანიშნავი თარიღი. დამოუკიდებლობის 30 წლისთავი თავის მხრივ ნიშნავს კარგი დიპლომატიური ურთიერთობების არსებობას ჩვენს ქვეყნებს შორის. საქართველოს და შვეიცარიის მეგობრობას კი ბევრად უფრო დიდი ხნის ისტორია აქვს. თითქმის 200 წლის წინ შვეიცარიელი მკვლევარი ფრედერიკ დუბუა პირველად გაემგზავრა საქართველოში. მასზე, როგორც სხვა ბევრ შვეიცარიელზე, დიდი შთაბეჭდილება მოახდინა საქართველოს ლანდშაფტმა და თვალუწვდენელი მთების სიმშვენიერემ. თქვენს ქვეყანაში შვეიცარიელები თავს როგორც სამშობლოში ისე გრძნობდნენ, მაგალითად, როგორც ტიჩინოშიანვალისსში. საქართველოში პირველი შვეიცარიული თემი 160 წლის წინ დაფუძნდა თბილისის მიდამოებში, მისი წევრები იყვნენ მასწავლებლები, სასულიერო პირები, ბიზნესმენები და ასევე ფერმერები. ცნობილია, რომ ყველის ქარხნული წარმოება საქართველოში შვეიცარიელებმა დაიწყეს. დღეს ჩვენი ქვეყნის პარლამენტებს ნაყოფიერი და ხშირი ურთიერთობა აქვთ ერთმანეთთან. შვეიცარია განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს მისთვის დაკისრებულ მედიატორის როლს რუსეთ-საქართველოს შორის. მივესალმებით წინგადადგმულ ნაბიჯებს ტურიზმის, ეკონომიკის, კულტურის და განათლების სფეროებში. მე უკვე გახლდით საქართველოში. თბილისში ყოფნის დროს ჩემზეც უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა სტუმარ-მასპინძლობამ, საქართველოს მდიდარმა კულტურამ და, რა თქმა უნდა, ღვინოც საუკეთესო მოგონებად მრჩება. ამ განსაკუთრებულ დღეს ყველა საქართველოს მოქალაქეს და განსაკუთრებით იმ ქართველებს, რომლებმაც შვეიცარიაში მეორე სამშობლო იპოვეს ვუსურვებ მშვიდობიან, ჯანმრთელ და წარმატებულ მომავალს. გულითად მოკითხვას ვუთვლი ამჟამად საქართველოში მცხოვრებ შვეიცარიის მოქალაქეებს. იტალიის პარლამენტის საგარეო და ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, პიერო ფასინო იტალიას და საქართველოს ეკონომიკის, პოლიტიკისა და კულტურის სფეროებში მჭიდრო პარტნიორობა აკავშირებთ და ეს ურთიერთობები კიდევ უფრო უნდა გაღრმავდეს. საუკეთესო სურვილებით ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს ქართველ ხალხს და საქართველოს ხელისუფლებას. წელს ჩვენ აღვნიშნავთ იტალიის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის აღიარების 100 წლისთავს. იტალიას და საქართველოს აკავშირებთ მჭიდრო პარტნიორობა ეკონომიკის, პოლიტიკისა და კულტურის სფეროში და ჩვენი სურვილია, რომ ეს ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდეს. საქართველო მნიშვნელოვანი სახელმწიფოა, რომელსაც ვუყურებთ, როგორც მეგობარ ქვეყანას და გვსურს, რომ თავის მხრივ, ქართველებმაც მიიღონ იტალია მეგობარ ქვეყნად”. აშშ-ის კალიფორნიის შტატის ვიცე-გუბერნატორი, ელენი კოუნალაკისი სან-ფრანცისკოში საქართველოს ახალგახსნილ გენერალურ საკონსულოსთან კოორდინაციით, საქართველოსთან თანამშრომლობა და მეგობრობა გაღრმავდება.მოხარული ვარ საქართველოს მთავრობას და ქართველ ხალხს მივულოცო დამოუკიდებლობის 30 წლის იუბილე. კალიფორნია ამაყობს, რომ მასპინძლობს სან-ფრანცისკოში საქართველოს ახალ გენერალურ საკონსულოს და ჩვენ სულმოუთქმელად ველით მეგობრობისა და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებას მომდევნო თვეებსა და წლებში. გილოცავთ თქვენი ქვეყნისთვის ამ განსაკუთრებულ დღეს და ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებ საქართველოს და ყველა ქართველს, ქვეყნის მასშტაბით და მთელს მსოფლიოში. საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ლატვიის საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებიც ულოცავენ. ვიდეო მიმართვაში ლატვიის პარლამენტის ვიცე-სპიკერი და დარგობრივი სალარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარები ხალხს ქართულ ენაზე მიმართავენ, პირველ რიგში აღნიშნავენ, რომ ლატვია მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და ევროპული გზაზე წარმატებებს უსურვებენ, ასევე უსურვებენ კეთდღეობას, უსაფრთხოებასა და სტაბილურობას. „ საქართველო, ლატვია შენს გვერდითაა“, - ნათქვამია ლატვიელი დეპუტატების ვიდეომილოცვაში. საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს იაპონიის საქარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ტაკაში უტო ვიდეო-მიმართვის საშუალებით ულოცავს. „მივმართავ საქართველოს საქმეთა რწმუნებულს, ძვირფას თეიმურაზ ლეჟავას და სრულიად ქართველ ხალხს. მე იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ტაკაში უტო გახლვართ. იაპონიის მთავრობის სახელით გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს! იაპონიისთვის საქართველო უმნიშვნელოვანესი პარტნიორია, რომელთანაც ისეთი საერთო ღირებულებები გვაქვს, როგორიცაა, ადამიანის უფლებები, დემოკრატია, კანონის უზენაესობა და სხვ. ბედნიერი ვარ, რომ ბოლო წლებში იაპონიასა და საქართველოს ურთიერთობები პოლიტიკის, ეკონომიკის, კულტურის, და სხვა სფეროებში გაღრმავდა ფა განვითარდა. ეკონომიკის კუთხით, იანვარში ჩვენს ქვეყნებს შორის ხელი მოეწერა ორმხრივ საინვესტიციო ხელშეკრულებასა და ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შეთანხმებას. ამჟამად პარლამენტში განხილვა მიმდინარეობს და მეც ძალ-ღონეს არ ვიშურებ, რომ საქმე ბოლომდე მივიდეს. მჯერა, რომ ამ ორი ხელშეკრულებით ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობები კიდევ უფრო გაძლიერდება. უნდა აღვნიშნო, რომ ამ ბოლო დროს შქმერული და ზოგადად ქართული სამზარეულო ძალიან პოპულარული გახდა. მეც, თავად, ქართული ღვინის დიდი მოყვარული გახლავართ. ამგვარად, საქართველოსა და იაპონიას შორის ვაჭრობა პოლიტიკურ-ეკონომიკურ სფეროს გასდა და ისე გაფართოვდა, მოსახლეობისთვის თვალშისაცემი გახდა. ბოლო წლებში, ორ ქვეყანას შორის ტურიზმი და მოქალაქეთა მიმოსვლაც გააქტიურდა. სამწუხაროდ, ამჟამად მსოფლიო პანდემიის გამო, ამგვარი აქტივობა შეჩერებულია, მაგრამ მჯერა, რომ საზღვრები მალე გაიხსნება და ტურიზმისა კულტურის მეშვეობით ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობები უწინდელზე მეტად გაღრმავდება. მომავალ, 2022 წელს, საქართველო-იაპონიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებას 30 წელი უსრულდება. იაპონიის მთავრობა მზადაა, რომ ამ ისტორიული თარიღისთვის კიდევ მეტად გაისარჯოს ორმხრივი ურთიერთობების გასაღრმავებლად. ბოლოს, კიდევ ერთხელ მინდა, რომ საქართველოს მშვიდობა და განვითარება, ხოლო ჩვენს ქვეყნებს მეგობრობის კიდევ მეტად გაღრმავება ვუსურვო. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. გაუმარჯოს!“ - ნათქვამია მიმართვაში. საგარეო უწყება ასევე ავრცელებს პოლონეთის, ჩეხეთის, ბულგარეთის, ირანის ისლამური რესპუბლიკისა და ყირგიზეთის საგარეო საქმეთა მინისტრების მილოცვებს. „საქართველო მნიშვნელოვანი პარტნიორი და მეგობარი ქვეყანაა პოლონეთისთვის, რომელთანაც ჩვენ მრავალწლიანი თანამშრომლობა და ისტორიული კავშირები გვაკავშირებს. თბილისის მიერ დამოუკიდებელი სახელმწიფოს გამოცხადების 30 წლის იუბილე სიამაყისა და რეფლექსიის საფუძველია. დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს დაბრუნებას ევროპის რუკაზე 1991 წელს შეცვალა გეოპოლიტიკური სისტემა სამხრეთ კავკასიის რეგიონში და შექმნა ხელსაყრელი პირობების ქვეყნის განვითარებისთვის. პროდასავლური კურსის არჩევამ დააახლოვა საქართველო ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან,“ - ნათქვამია პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ზბიგნევ რაუს მიმართვაში. ბულგარეთისა და ჩეხეთის პირველი დიპლომატები, სვეტლან სტოევი და იაკუბ კულჰანეკი რეგიონში საქართველოს მნიშვნელოვან პოზიციას უსვამენ ხაზს და კიდევ ერთხელ გამოხატავენ მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მიმართ. თავის მიმართვებში, ირანის და ყირგიზეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელები, მოჰამად ჯავად ზარიფი და რუსლან კაზაკბაევი იმედს გამოთქვამენ, რომ ურთიერთობები ირანსა და საქართველოს და ყირგიზეთსა და საქართველოს შორის გაღრმავდება და გაძლიერდება. პაკისტანის ისლამური რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი იმრან ხანი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მისალოც წერილში იმრან ხანი, პაკისტანის სახელით, სურვილს გამოთქვამს საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი გაფართოების შესახებ. „თქვენო აღმატებულებავ! პაკისტანის მთავრობის, ხალხისა და პირადად ჩემი სახელით, გულწრფელად გილოცავთ თქვენ, საქართველოს მთავრობას და ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს! პაკისტანსა და საქართველოს აკავშირებთ საერთო ღირებულებებზე დაფუძნებული პოზიტიური ურთიერთობები. ჩვენი სურვილია ყველა სფეროში ამ ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი გაფართოება ჩვენი ქვეყნებისა და ერების საკეთილდღეოდ. ვსარგებლობ ამ შემთხვევით, რათა ვუსურვო თქვენს აღმატებულებას ჯანმრთელობა და ბედნიერება, ხოლო ქართველ ხალხს - შემდგომი განვითარება და კეთილდღეობა,“- აღნიშნულია პაკისტანის ისლამური რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის წერილში. არაბთა გაერთიანებული საამიროების ვიცე-პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, დუბაის საამიროს მმართველი, მოჰამედ ბინ რაშიდ ალ მაკტუმი და აბუ-დაბის საამიროს უფლისწული, არაბთა გაერთიანებული საამიროების შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის მოადგილე, მოჰამედ ბინ ზაიიდ ალ ნაჰაიანი, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ. “გულწრფელად ვულოცავ თქვენს აღმატებულებას და ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს!ვუსურვებ თქვენს აღმატებულებას ჯანმრთელობას და კეთილდღეობას, ხოლო ქართველ ხალხს - წარმატებას, პროგრესს და კეთილდღეობას თქვენი ლიდერობით“, - აღნიშნულია მილოცვაში.
დავით ზალკალიანი: ძალიან მეამაყება, რომ ჩვენი ეროვნული გმირი, წინაპარი, გენერალი კვინიტაძე დღეს უბრუნდება მშობლიურ მიწას
ძალიან მეამაყება, რომ ჩვენ მოვახერხეთ, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, რომელიც მაშინ თავდაცვის მინისტრი გახლდათ, საქართველოს პრეზიდენტის ჩართულობით, თავდაცვის სამინისტროს და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად ჩვენი ღირსეული, ჩვენი ეროვნული გმირი, წინაპარი, გენერალი კვინიტაძე დღეს უბრუნდება მშობლიურ მიწას, - ამის შესახებ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, სწორედ ეს არის ფასეულობები, ღირებულებები, რომელსაც საფუძველი ჩაუყარეს ქართველმა გმირებმა და მთავარსარდლებმა. „ძალიან მეამაყება, რომ ჩვენ მოვახერხეთ, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, რომელიც მაშინ თავდაცვის მინისტრი გახლდათ, საქართველოს პრეზიდენტის ჩართულობით, თავდაცვის სამინისტროს და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად ჩვენი ღირსეული, ჩვენი ეროვნული გმირი, წინაპარი გენერალი კვინიტაძე დღეს უბრუნდება მშობლიურ მიწას. მას ღირსებით და იმ პატივით, როგორსაც ის იმსახურებდა, როგორზეც ის ოცნებობდა ასეთი პატივით მივაბარებთ მშობლიურ მიწას. სწორედ ეს არის ფასეულობები, ღირებულებები, რომელსაც საფუძველი ჩაუყარეს ჩვენმა გმირებმა, მთავარსარდლებმა“, - აღნიშნა დავით ზალკალიანმა.
სალომე ზურაბიშვილი: შესაძლოა, საარჩევნო კამპანიაში ჩარევა გარედანაც კი განხორციელდეს და ეს არ უნდა დავუშვათ
„პირველ რიგში, აუცილებელია საზოგადოებას მისცეს დამშვიდების საშუალება, უნდა შემცირდეს ყალბი ინფორმაცია და ამ კუთხით ჩვენ, ყველამ ერთად, უნდა შევიმუშაოთ თვითრეგულაციები, რათა ასეთ შემთხვევაში შესაძლოა, საარჩევნო კამპანიაში ჩარევა გარედანაც კი განხორციელდეს და ეს არ უნდა დავუშვათ“, - განაცხადა პრეზიდეტმა ზურაბიშვილმა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე. მისი თქმით, პარლამენტში აღდგა მრავალპარტიულობა და პარლამენტმა შეძლო საარჩევნო კანონპროექტზე შეთანხმების მიღწევა. ამ პირველ ეტაპს ევროკავშირის და აშშ-ის ჩართულობით მივაღწიეთ, რომელიც იმ დროისთვის აუცილებელი იყო, მაგრამ ახლა, შემდეგ ეტაპზე უნდა გადავიდეთ - თვითმმართველობის არჩევნებზე და ჩვენი ქვეყანა დემოკრატიულობისა და სახელმწიფოებრიობის ახალ საფეხურზე ავიყვანოთ. ანუ ჩვენზეა და მხოლოდ ჩვენზე დამოკიდებული რეფორმების ბოლომდე მიყვანა და ის, რომ ჩვენი სახელმწიფო სამაგალითო გავხადოთ. ნამდვილი დამოუკიდებლობა კი სწორედ ასე მყარდება! დღევანდელ დღეს ასეთია დამოუკიდებლობა, და რაც მეტი დამოუკიდებლობაა მით მეტია პასუხისმგებლობა. ეს ყველას გვეხება, პირველ რიგში, ხელისუფლებასა და პოლიტიკურ სპექტრს. მათ დისკუსიისა და პოლიტიკური დაპირისპირების გარდა, დიალოგისა და თანამშრომლობის რესურსის გამონახვაც ევალებათ. ასევე დიდია საზოგადოების პასუხისმგებლობა, რომელიც ამომრჩევლების აქტიურობით გამოიხატება - აქტიურობა, რომელიც შემდეგ პარტიებს გარკვეულ ვალდებულებას აკისრებს. ამ ვითარებაში არანაკლებია მედიის პასუხისმგებლობა. პირველ რიგში, აუცილებელია საზოგადოებას მისცეს დამშვიდების საშუალება, უნდა შემცირდეს ყალბი ინფორმაცია და ამ კუთხით ჩვენ, ყველამ ერთად, უნდა შევიმუშაოთ თვითრეგულაციები, რათა ასეთ შემთხვევაში შესაძლოა, საარჩევნო კამპანიაში ჩარევა გარედანაც კი განხორციელდეს და ეს არ უნდა დავუშვათ“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
გენერალ გიორგი კვინიტაძის ნეშტი მთაწმინდის პანთეონში დაკრძალეს
საქართველოს პირველი რესპუბლიკის ჯარების მთავარსარდალი, ეროვნული გმირი, გენერალი გიორგი კვინიტაძე მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში სამხედრო პატივით დაკრძალეს. გენერალ გიორგი კვინიტაძის ნეშტი სამების საკათედრო ტაძარში იყო დასვენებული, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა. გენერალს პატივი მიაგეს პრეზიდენტმა, პრემიერმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, მთავრობის წევრებმა. ადგილზე იმყოფებოდნენ ასევე სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები. საქართველოს პირველი რესპუბლიკის ჯარების მთავარსარდლის, ეროვნული გმირის, გენერალ გიორგი კვინიტაძის ნეშტი საფრანგეთიდან სამშობლოში 22 მაისს ჩამოასვენეს.
პრეზიდენტი: საზოგადოებისთვის მწვავედ აღქმულ ისეთ თემებზე, როგორიცაა „ნამახვანჰესი“, გვჭირდება საკუთარი ხედვა, კონკრეტული გეგმა და, რაც მთავარია, ერთობა
„საზოგადოებისთვის მწვავედ აღქმულ ისეთ თემებზე, როგორიცაა „ნამახვანჰესის“ საკითხი, გვჭირდება საკუთარი ხედვა, კონკრეტული გეგმა და, რაც მთავარია, ერთობა“, განაცხადა პრეზიდეტმა ზურაბიშვილმა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე. „ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების დასაძლევად - პანდემიის, პოლიტიკური დაპირისპირების, საზოგადოების პოლარიზაციისა და სოციალურ-ეკონომიკური კრიზისის, თუ საზოგადოებისთვის მწვავედ აღქმული ისეთი თემები, როგორიცაა „ნამახვანჰესის“ საკითხი, გვჭირდება საკუთარი ხედვა, კონკრეტული გეგმა და, რაც მთავარია, ერთობა“, - განაცხადა პრეზიდენტმა. „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით პოზიციები დიპლომატებმაც დააფიქსირეს
პრეზიდენტი: როცა საქმე ოკუპაციის დაძლევას ეხება, გვაკლია სათანადო ინსტრუმენტები კონკრეტული მიზნების მისაღწევად, მზად უნდა ვიყოთ ახალი ფორმატებისთვის
„საკუთარი მიდგომა და გეგმა ყველაზე მეტად გვჭირდება, როცა ოკუპაციის დაძლევის მიზანზე ვსაუბრობთ“, - განაცხადა პრეზიდეტმა ზურაბიშვილმა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე. „საკუთარი მიდგომა და გეგმა ყველაზე მეტად გვჭირდება, როცა ოკუპაციის დაძლევის მიზანზე ვსაუბრობთ. ქვეყანაში ამ მიმართულებით სრული კონსენსუსია, ამ მიზნის ირგვლივ ვერთიანდებით ყველა, პარტიული თუ სხვა ნიშნის მიუხედავად, თუმცა, როცა საქმე ოკუპაციის დაძლევას ეხება, გვაკლია სათანადო ინსტრუმენტები კონკრეტული მიზნების მისაღწევად, როგორებიცაა: 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების განხორციელება, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის არეალის ჯერ გაზრდა და შემდეგ, შეთანხმებისამებრ სრულ ტერიტორიაზე განთავსება, ბორდერიზაციის შეჩერება და გაუქმება, ჩვენი მოქალაქეების უფლებების დაცვა, გატაცებული ზაზა გახელაძის შინ დაბრუნება და ადამიანთა შორის ურთიერთობის გამყარება, რის გარეშეც ტერიტორიების დაბრუნება არაფერს ნიშნავს... ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ახალი მიდგომებისთვის, ახალი ფორმატებისთვის, დიალოგისა და მოლაპარაკებებისთვის. ყველა ამ მიმართულებით კი ჩვენი პარტნიორების მეტი ჩართულობა აუცილებელია“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. სალომე ზურაბიშვილი: 26 მაისი 25 თებერვალზე იმარჯვებს, გამარჯვებაა, რომ ქვეყანამ უმძიმეს გამოწვევებს - ომს, ოკუპაციას, პროვოკაციებს გაუძლო
საქართველოს პრეზიდენტმა 26 მაისს შეწყალების აქტი გამოსცა
საქართველოს პრეზიდენტმა 26 მაისს შეწყალების აქტი გამოსცა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ადმინისტრაციის ცნობით, სალომე ზურაბიშვილმა 10 თავისუფლებააღკვეთილი მსჯავრდებული შეიწყალა. "აქედან, სამი მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა თავისუფლების აღკვეთის შემდგომი მოხდისაგან, ხოლო, შვიდ მსჯავრდებულს შეუმცირდა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა. შეწყალების აქტი შეეხო ასევე, ორ პირობით მსჯავრდებულს. სულ ჯამში, 2021 წლის 26 მაისს პრეზიდენტმა შეიწყალა 12 პირი (10 თავისუფლებაღკვეთილი და ორი პირობით მსჯავრის მქონე)", - ნათქვამია ინფორმაციაში.
კელი დეგნანი: ქართველ ხალხში არასდროს გამქრალა დამოუკიდებლობის სული
„ქართველ ხალხს არასდროს დაუკარგავს დამოუკიდებლობის სული“, - განაცხადა ამერიკის ელჩმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ვიდეომიმართვაში. მისი თქმით, ქართველ და ამერიკელ ხალხს თავისუფლების სიყვარული აერთიანებთ. „ჩვენ მტკიცედ გავიმარჯვებთ, საქართველო საბოლოოდ გაიმარჯვებს. ბედნიერი დამოუკიდებლობის დღე საქართველოს“, - აღნიშნავს ელჩი. მან ტექსტი ქართული მილოცვით დაასრულა.
ქართველმა მშვიდობისმყოფელებმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ავღანეთსა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში აღნიშნეს
NATO-სა და ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე საერთაშორისო მისიებში მყოფმა ქართველმა მშვიდობისმყოფელებმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ქვეყნის საზღვრის გარეთ აღნიშნეს. საზეიმო ღონისძიებები გაიმართა ავღანეთში, ქაბულში მდებარე „მტკიცე მხარდაჭერის მისიის“ შტაბის ბაზაზე და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, ბანგიში, „მპოკოს“ ბაზაზე მოანას კემპზე. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, „მტკიცე მხარდაჭერის მისიის“ შტაბის ბაზაზე საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის შესრულების შემდეგ წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებსა და საერთაშორისო მისიებში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნას. ბანგიში კი, ჰიმნის ფონზე საქართველოს დროშა აღიმართა. ქართველ სამშვიდობოებს დამოუკიდებლობის დღე საერთაშორისო მისიებში პარტნიორი ქვეყნების კონტინგენტის წარმომადგენლებმაც მიულოცეს. მათ განსაკუთრებით აღნიშნეს საქართველოს კონტრიბუციის მნიშვნელობა გლობალური უსაფრთხოების საქმეში და მშვიდობისმყოფელებს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადეს. ავღანეთში საზეიმო ღონისძიება ქართველი და ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეების დაჯილდოების ცერემონიალით დასრულდა. ავღანეთში უფროსმა სამხედრო წარმომადგენელმა პოლკოვნიკმა ავთანდილ იოსელიანმა „მტკიცე მხარდაჭერის მისიის“ შტაბის ბაზის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი კარლოს ოკუონდო თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლით „ღირსეული პარტნიორი“ დააჯილდოვა. გაძლიერებული ასეულის მეთაურმა, მაიორმა გიორგი იაკობაშვილმა კი, პირად შემადგენლობას სამახსოვრო საჩუქრები და სერტიფიკატები გადასცა.
ილია მეორე: სრულიად საქართველოს ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს, რომელიც თაობათა ბრძოლის მონაპოვარია, მას თითოეული მოქალაქე უნდა გაუფრთხილდეს
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მოქალაქეებს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. „სრულიად საქართველოს ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს. ეს დღე არის ჩვენი ერის მეობის განმსაზღვრელი, უმნიშვნელოვანესი თარიღი. იგი თაობათა ბრძოლის მონაპოვარია, მას თითოეული მოქალაქე უნდა გაუფრთხილდეს და თავისი აგური დადოს ქვეყნის აღმშენებლობისთვის. ღმერთმა დალოცოს და აცხონოს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლნი! ღმერთმა დალოცოს ყველა, ვინც სამშობლოს კეთილდღეობისათვის იღვწის!“, – ნათქვამია პატრიარქის მილოცვაში.
ჩრდილოატლანტიკური საბჭო: ბელარუსმა დაუყოვნებლივ და უპირობოდ უნდა გაათავისუფლოს რომან პროტასევიჩი და სოფია საპეგა
ჩრდილოატლანტიკური საბჭო მკაცრად გმობს მინსკში Ryanair– ის თვითმფრინავის იძულებით დაშვებას და გამოჩენილი ბელარუსი ჟურნალისტის, რომან პროტასევიჩის და მისი მეგობრის, სოფია საპეგას დაკავებას. ამის შესახებ განცხადებას ჩრდილოატლანტიკური საბჭო ავრცელებს. "ამ მიუღებელმა ქმედებამ სერიოზულად დაარღვია სამოქალაქო ავიაციის მარეგულირებელი ნორმები და საფრთხე შეუქმნა მგზავრებისა და ეკიპაჟის სიცოცხლეს. ჩვენ მხარს ვუჭერთ სასწრაფო დამოუკიდებელ გამოძიებას, მათ შორის საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის (ICAO) მიერ ჩატარებულს. ჩვენ მხარს ვუჭერთ მოკავშირეების მიერ ინდივიდუალურად და კოლექტიურად განხორციელებულ ზომებს ამ ინციდენტის საპასუხოდ", - ნათქვამია ჩრდილოატლანტიკური საბჭოს განცხადებაში. როგორც საბჭოში აღნიშნავენ, რომან პროტასევიჩის დაპატიმრება პოლიტიკურ აზრთა სხვაობისა და პრესის თავისუფლების პრინციპების შეურაცხყოფს. "ბელარუსმა დაუყოვნებლივ და უპირობოდ უნდა გაათავისუფლოს ბატონი პროტასევიჩი და ქალბატონი საპეგა. NATO-ს მოკავშირეები მოუწოდებენ ბელარუსს, პატივი სცეს ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს და დაიცვან წესებზე დამყარებული საერთაშორისო წესრიგი. მოკავშირეები სოლიდარობას უცხადებენ ლატვიას ლატვიელი დიპლომატების გაუმართლებელი გაძევების გამო", - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ 23 მაისს, ირლანდიური ავიაკომპანია Ryanair-ის თვითმფრინავი, რომელიც ათენი-ვილნიუსის რეისს ასრულებდა, ავიაგამანადგურებლის თანხლებით მინსკში იძულებით დაეშვა. თვითმფრინავის დაშვების შემდეგ ავიალაინერში მყოფი ოპოზიციონერი ჟურნალისტი, რომან პროტასევიჩი და მისი მეგობარი სოფია საპეგა დააკავეს. ბელარუსის მთავრობის განცხადებით, ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ შეტყობინება მიიღეს, რაც ავიაკომპანიას აცნობეს. Ryanair - ის აღმასრულებელმა დირექტორმა ბელარუსში იძულებით დასმას „სახელმწიფოს მიერ გატაცება“ და ბელარუსის ხელისუფლების მხრიდან საჰაერო მეკობრეობა უწოდა. ევროპული ქვეყნები შეშფოთებას გამოთქვამენ და ბელარუსს სახელმწიფო ტერორიზმში ადანაშაულებენ. ევროპის მასშტაბით პოლიტიკურმა ფიგურებმა მოუწოდეს ევროკავშირსა და NATO-ს ჩარევისკენ. დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დომინიკ რააბმა ბელარუსი გააფრთხილა, რომ ეს „უცნაური მოქმედება" „სერიოზულ შედეგებს" გამოიწვევს. 24 მაისს, სახელმწიფო ტელევიზიამ მინსკში დაკავებული რომან პროტასევიჩის ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც აცხადებს, რომ „უსაფრთხოების ოფიცრები მას კარგად ექცევიან, თავს კარგად გრძნობს და აღიარებს, რომ საპროტესტო მიტინგების უკან დგას“. ჟურნალისტის მამა ამბობს, რომ მის შვილს ჩანაწერი ზეწოლის შედეგად ჩააწერინეს. 24 მაისს, ევროპული საბჭო ბელარუსისთვის ახალი სანქციების დაწესებაზე შეთანხმდა.
"ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეების აქცია ისევ რიონის ხეობაში გადაინაცვლებს
"ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეების აქცია ისევ რიონის ხეობაში გადაინაცვლებს. აქციის მონაწილეებმა თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე კარვები აიღეს. აქციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა, რომ აქტივისტები დღეიდან რიონის ხეობაში დაბრუნდებიან და აქციებს იქ გააგრძელებენ, თუმცა აღნიშნა, რომ თუკი საჭირო გახდება, ისინი დედაქალაქში კვლავ დაბრუნდებიან. ვარლამ გოლეთიანის თქმით, ის დარღვევები, რომლებსაც ისინი უკვე ნახევარ წელზე მეტია აპროტესტებენ, გამოჩნდა იუსტიციის სამინისტროს დასკვნაშიც. ვარლამ გოლეთიანმა რიონის ხეობაში პროტესტის ფორმებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ისინი კომპანია ენკას ტრანსპორტს ხეობაში გადაადგილების საშუალებას არ მისცემენ: "დარღვევები სახეზეა, ჩვენ რასაც ვამბობდით, იუსტიციის სამინისტროს დასკვნაშივე წერია მთელი ის ჩამონათვალი რასაც ამდენი ხანი, 212 დღეა ვაპროტესტებთ. გადაიკეტება ხეობაში შესასვლელი გზები კომპანიის მანქანებისთვის მხოლოდ. ბუნებრივია მოსახლეობას პრობლემა არ შეექმნება,"- აღნიშნა გოლეთიანმა. რიონის ხეობის მცველები დედაქალაქში 23 მაისს ჩამოვიდნენ. ისინი აქციებს რესპუბლიკის მოედანზე მართავდნენ. ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეების მოთხოვნები უცვლელია - გავიდეს კომპანია "ენკა" რიონის ხეობიდან, გაუქმდეს გაფორმებული ხელშეკრულება და ჰესის მშენებლობაზე გამოცხადდეს მორატორიუმი.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ოთხი მოსამართლე წევრი აირჩიეს
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვაკანტურ ადგილზე დასახელებული ოთხივე კანდიდატი, თემურ გოგოხია, ლევან მიქაბერიძე, ბადრი შონია და გოჩა აბუსერიძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად აირჩიეს. მათ კანდიდატურას მოსამართლეთა რიგგარეშე XXIX კონფერენციაზე მხარი მოსამართლეთა კორპუსის უმრავლესობამ დაუჭირა. ხმათა რაოდენობა ასე გადანაწილდა: აბუსერიძე გოჩა - 274 ხმა, ლევან მიქაბერიძე - 283 ხმა, ბადრი შონია - 281 ხმა, თემურ გოგოხია - 278 ხმა. ოთხივე მათგანი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლის თანამდებობაზე 4 წლის ვადით აირჩიეს. აღსანიშნავია, რომ მოსამართლეთა კორპუსი 326 მოსამართლისგან შედგება, რომელთაგან დღევანდელ კონფერენციაზე რეგისტრაცია 284-მა მოსამართლემ გაიარა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოში ოთხი ახალი მოსამართლე წევრის არჩევის აუცილეობა მას შემდეგ დადგა დღის წესრიგში, რაც მოსამართლე წევრებს: ირაკლი შენგელიას, ირაკლი ბონდარენკოს, ვასილ მშვენიერაძეს და დიმიტრი გვრიტიშვილს საბჭოში მუშაობის ვადა ამოეწურათ.